Tag Archives: გიორგი შენგელაია

„გრელკის“ ამარა დარჩენილი ქართული კინო

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა “პრაიმტაიმში”).

გადაეხვეოდნენ, ის-ის იყო უნდა ეკოცნათ და კამერა „თვალს ხუჭავდა“ – კადრი იცვლებოდა. საბჭოთა კინოში ამას „დიაფრაგმაში კოცნა“ ერქვა. აბა მაშ როგორ? საბჭოეთში სექსი „არ არსებობდა“. ეს დიაფრაგმაში კოცნაც ყველაზე პიკანტური რამ იყო მაშინ. შესაბამისად ქართული კინოც ყარაულაანთ ქეთოსავით „გრელკის“ ამარა იყო დარჩენილი.

მერმე ავიწყვიტეთ ბაბულასავით – ბოლო დროს გადაღებული ფილმები უხვადაა გაჯერებული სექსუალური სცენებით, მაგრამ რა გინდა აჟრიალებს კი ვინმეს ამ „თივის ზვინის“ დანახვაზე? ფრიად საეჭვოა. ისევეა საეჭვოა, როგორც ეს სცენებია საეჭვო გემოვნების.

რატომ არ გვაქვს ქართველებს ხეირიანი ეროტიკული ფილმები (უფრო სწორად ამგვარი სცენები ფილმებში) და რატომ ვართ დარჩენილი ვენახში სიყვარულის ამარა?

უფრო სწორად რატომ ვერ ვიღებთ ქართველები ხეირიანად ეროტიკულ სცენებს? ხეირიანად რომ ვერ ვიღებთ ესაა საქმე, თორემ, ეროტიკული სცენებით უხვადაა გაჯერებული ბოლოს დროს შექმნილი ფილმები. ალბათ იმიტომ რომ სათანადო გამოცდილება არ გვაქვს. კამერასთან სექსის, თორემ ისე შინაურობაში ვინ  რას ახლაფორთებს, ეს მათი შინაური საქმეა.

გამოცდილების არქონა ალბათ მაინც უმთავრესია.

თუმცა, იგივე საბჭოთა პერიოდში შეიქმნა მართლაც დიდი ფილმი – „დიდი მწვანე ველი“, რომელიც დღემდე ყველაზე ეროტიკული ფილმია.

რომ არ ვიდაოთ, აქვე შევთანხდეთ რა არის ეროტიკა, გატიტვლებული ხალხის ჯაჯგური თუ ვნების ნიაღვრის წამოსვლა ეკრანიდან…

კინოსაც რომ მოვეშვათ, უნდა შევთანხმდეთ რომელი უფრო ეროტიულია ცნობილი კადრი – წითელკაბიანი სოფი ლორენი მანქანიდან რომ გადმოდის იმის ჭვრეტა თუ საერთო აბანოში გატიტვლებული კუპატივით ჩასუქებული ქსენიას ჭვრიტინი კედელში ჩაყოლებული ჭუჭრუტანიდან…

ახლა ხომ გახდა გადახდის პირდაპირპროპორციულია – იხდის შორენა ბეგაშვილი? იხდის მაყურებელი – ოღონდ სალაროში – ცხადია ფულს და არა ტანსაცმელს, მაგრამ ალბათ ეროტიკა მაშინაა ეროტიკა, მაყურებელი ნახვის მერე რომ თვითონაც დაიწყებს გახდას – ვნებამორეული.

ვახტანგ კოტეტიშვილის „ანემია“ 1987 წელს გამოვიდა ეკრანებზე. ამ ფილმში ლევან აბაშიძის გმირს უფროსი ასაკის ქალი უყვარდებოდა და მასთან ეძლეოდა თავდავიწყებას. ამ ქალის როლს მსახიობი ხათუნა იოსელიანი ანსახიერებდა. ხათუნა იოსელიანი 44 წლის იყო, ლევან აბაშიძე – 24 წლის. მოგვიანებით თვალცრემლიანი ხათუნა იოსელიანი იხსენებდა რომ ლევან აბაშიძე მას გადაღებების დროს, როგორც გადაღებებამდე, „ხათუნა დეიდას“ ეძახდა, რაც მას უკვე ყურს ჭრიდა და სიცილის ხასიათზე აყენბდა. „გადასაღებ მოედანზე „ხათუნა დეიდა, ხათუნა დეიდას“ მეძახდა, იმ სცენების მერე ყურს მჭრიდა ეს „დეიდა“ და ვუთხარი კიდეც, ბიჭო რა ამბებში ხარ და დეიდას როგორღა მეძახი-მეთქი…“ – იხსენებდა ხათუნა იოსელიანი, თუმცა, იქვე დასძენდა რომ მთლად შიშვლები არც ყოფილან… სხვათაშორის, ხათუნა იოსელიანი ერთ-ერთი იმ გამონაკლისთაგანია, ვინც იხდის კამერის წინ და ამის გამოცდილებაც აქვს – სწორედ იგია გადაღებული ჯორჯაძის

„შეყვარებულ კულინარში“, სადაც ხათუნა იოსელიანი – მადამ კალანტაი პიერ რიშარის გმირს უწვება ლოგინში. სხვათაშორის, დღემდე ჰყვებიან იმას რომ პიერ რიშარი ჭირვეულობდა – ხელი წამიცდებაო. ჰყვებიან იმასაც რომ ამ სცენის გადაღებისას იოსელიანმა იაქტიურა…

ხათუნა იოსელიანი: „ნანა ჯორჯაძე რომ პიერ რიშარის გადაღებას აპირებდა, დიდი ხნით ადრე ვიცოდი, მაგრამ მე მოგვაინებით მიმიწვიეს ამ როლზე, ვიღაც ბალტიისპირელის ნაცვლად. ნანამ და ირაკლი კვირიკაძემ ნახეს „სახლი ძველ უბანში“ და გადაწყვიტეს ჩემი გადაღება მადამ კალანტაის როლში. მანანა ანასაშვილმა დამირეკა, შენს გადაღებას ვაპირებთო, სიხარულისგან სავარძელში ჩავარდი. შევხვდი ნანას და ირაკლის, მითხრეს რა სცენები უნდა გადაგვეღო. პირველი სცენა იყო ჩემი და პიერ რიშარის სასიყვარულო სცენა ლოგინში. მეორე დღეს, გადასაღებ მოედანზე რომ მივედი, ვხედავ ფრეანგები იქით გაცვივდნენ, ქართველები – აქეთ. მოდის ნანა და კვდება სიცილით, მაგასთან ლოგინის სცენას ვერ გადავიღებ, თავს ვერ გავაკონტროლებო. „ბიუტიფულს აის, ბიუტიფულ ფეის“ – იძახდა თურმე. ჩემთან დაწოლის შეეშინდა, ხელი არ წამიცდესო. ბევრი ვიცინეთ. მერე დავმეგობრდით, მერე კი დაწვა, აბა, სად წავიდოდა. ისე, ძაან კი შეეშინდა…“

ხათუნა იოსელიანმა კიდევ რამდენიმე ფილმში გაიხადა, მაგრამ მისი გახდა რეჟისორებმა უკვე სათანდადოდ ვერ გამოიყენეს. უფრო სწორედ ის სცენები არ იყო ნაკარნახევი ლოგიკური აუცილებლობით და არც მხატვრულად წარმოადგენდა ღირებულ სცენებს და არც ესთეტიურობით დაიკვეხნიდა.

სწორედ ეს უბედურება სჭირს ქართულ ფილმებს ეროტიკულ სცენებთან დაკავშირებით. ეროტიკულ სცენებს არანაიარი დატვირთვა არ გააჩნიათ, არც ფილმს სძენენ რამეს, არც სათქმელის გამოკვეთას ემსახურებიან, არც გმირების წარმოჩენას, უბრალოდ ესაა, ცუდად გაგებული კომერციალიზმი რომ ამგვარი სცენებით მაყურებელი მიიზიდნონ. იქნებ მიეზიდათ კიდეც, ეს სეცენები რომ თუნდაც ელემენტარულ მოთხოვნებს პასუხობდნენ, მაგრამ უბედურებაც ამაშია რომ ამგვარი სცენები არანაირ მოთხოვნებს არ პასუხობს და მეტიც საერთოდ დაცლილია ყოველგვარი ეროტიზმისგან.

ავიღოთ თუნდაც „სიყვარული ვენახში“…

ამჯერად ია ფარულავამ გაიხადა…. კი, შიშვლდებიან კიდეც, ტიტვლდებიან კიდეც, „ისიც“ ხდება, მაგრამ რა? მახსოვს, როდესაც „სიყვარული ვენახში“-ს პრემიერა იყო, კინოს სახლიდან გამოსულმა ერთმა ენამოსწრებულმა ისიც კი თქვა, ჩააცვით მარინა კახიანს წყვილი „შუბა“, ერთი გამოახედეთ და უფრო ეროტიკული იქნებაო.

არც ცდებოდა, მარიანა კახიანს ჰქონდა კიდეც სცენა თეატრში, „მარიამ სტიუარტში“, სადაც მისი ეროტიზმი წამლეკავი იყო. მაგრამ გამოხდა ხანი, მარინა კახიანს არ უთქვამს უარი სერიალ „მტვრის გემოზე“, მაგრამ გამოიყენეს კი მისი ეროტიზმი ხეირიანად? თუმცა, აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ „მტვრის გემოში“ რიგ კადრებში, მარინა კახიანს დუბლი სცვლიდა. მინდა გითხრათ, არც თუ სათანადოდ შერჩეული…

„სიყვარული ვენახში“ გიორგი შენგელაიას გადაღებულია. მაგრამ ეს ფილმი დიდი რეჟისორის პატარა ცუღლუტობას უფრო ჰგავს. მე თუ მკითხავთ, ის ბევრად უფრო ეროტიულია როცა „სიყვარული ყველას უნდაში“  „გრელკასთან“ რომ წვება ყარაულაანთ ქეთო, ვიდრე ან სექსაობანი ვენახში, ანდა სექსუალური სცენები მის ბოლო ფილმში „მიდიოდა მატარებელი“. „მატარებელშიც“ ისევე როგორც „ვენახში“ სექსით ზაზა პაპუაშვილია დაკავებული. ამ ფილმში მისი სექსი მატარებელში, ფასრულ-კომიკურია და ისევ ზაზა პაპუაშვილის მაღალი არტისტიზმი შველის საქმეს – გეცინება მაინც, აი ერთი სცენა კი, სადაც განსვენებული მიშა ჯოჯუა ეძელევა განცხრომას, საერთოდ არაფერში არ ჯდება. ესაა სცენა სახელად ჯაჯგური.

ზოგ ფილმში ამგვარი სცენები რაღაც დოზით მაინც მისაღებია, მაგრამ არ პასუხობს მთავარ მოთხოვნას, რა მიზანს ემსახურება? რას გვაჩვენებს? უკვე ვთქვით, რომ ეს უკბილო მცდელობაა ფილმის გაკომერციულების. ესაა ცუდად გაგებული კომერციალიზაცია.

ასეთი სცენები არავის არ იზიდავს, თორემ დასაძხრახი იქნებ არცაა, მაყურებლის მისაზიდად ამ ხერხის გამოყენება, მაგრამ ერთიცაა, თუ ეს მიზანი გაქვს, სცენარის შექმნიდანვე უნდა გქონდეს, და ისეთი სცენარი შეიქმნას, სადაც ამგვარი სცენნები ნაკარნახევი იქნება აუცილებლობიდან გამომდინარე. მაგრამ მარტო ესეც არ კმარა. რომც საჭირო იყოს ფილმში ასეთი სცენა, შეგვიძლია კი მისი სათანადო დონეზე გადაღება?

გვაქვს კი ამგვარი სცენების გადაღების გამოცდილება? ან სათანადო სითამამე და საერთო პროფესიონალიზმი, რომ გამოცდილების უქონლობა გადაიწონოს? ან რეჟისორებს, ან მსახიობებს, ან ოპერატორებს?

კინომცოდნეები ხშირად მიუთითებენ რომ ქართველი მსახიობები კამერის წინ ამგვარი სცენების გადაღებისას საოცრად დაკომპლექსებულები არიან. რისკავენ, შიშვლდებიან, მაგრამ ამ კომპლექსებისგან ვერ თავისუფლდებიანო. იგივე ეხებათ რეჟისორ-ოპერატორებსაც. კამერა კი, ეს მეტად მგზნობიარე არსება, ყველაფერს ირეკლავს და შედეგიც სახეზეა.

მე თუ მკითხავთ, მსახიობების შემთხვევაში, მათი კომპლექსების სათავე, სულაც არაა მარტო მათ აღზრდაში თუ შინაგან არსებაში საძიებელი. ხშირად მათ კომპლექსებს განაპირობებს მათივე სხეული, რომელიც შიშველ მდგომარეობაში არც თუ სახარბიელო მდგომარეობაშია…

ფაქტია რომ ასეთი სცენები ესთეტური უნდა იყოს, რაც იმტავითვე ითხოვს ლამაზ სხეულს. რაც ქართველი მსახიობებისთვის აქილევსის ქუსლია.

ერთხელ ერთ კინომცოდნეს რომ ვკითხე, რატომ არ გვივარგა ქართველებს ეროტიკული სცენები-თქო, ასეთი რამ მითხრა, რამდენი მსახიობი კაცი და რამდენი მსახიობი ქალი გეგულება, რომელიც გახდილ მდგომარეობაში საყურებელი იქნებოდაო? (იმ კინომცოდნემ შარმიანი, სიმპატიური ქალები და მამაკაცები იგულისხმა, თორემ ზოგი გაუხდელადაც ქვაზე დახატულ ეშმაკს ჰგავს… )

არ ვიცი, ნამდვილად არ დამითვლია, თუმცა მართლაც ფაქტია, რომ ქართველი მსახიობების უმეტესობა არც იხდის, და რომც გაიხადონ, მათი მონაწილეობით გადაღებული სექსი, ვერაფერი საყურებელი ვერ იქნება.

ვის ღიპი ადევს, ვინ ჩირივით გამომხმარია, ვინ – ფერხორციანია, მაგრამ არაჰარმონიულად განვითარებული ტანით, ვიღაცას ტანი აქვს, მაგრამ ვნების ნატამალი არ მოეპოვება და მიდი და გადაიღე ეროტიკული სცენები!

რას იზამ? ამ ნიშნით აარჩევ არაპროფესიონალებს? კი ბატონო, სექსის სცენებში იქნება და ივარგონ კიდეც, მაგრამ დანარჩენ სცენებში რა ჯანდაბას გააკეთებენ? თუ იმ ერთი გატიტვლებისა თუ „სექსაობისა“ გამო, ყველაფერი მივუტევოთ?

გინდაც პროფესიონალებს აარჩევ ამ ნიშნით? უფრო სწორად უბრალოდ თეატრალურ განათლება მიღებულებს? სულ არ ვლაპარაკობ, ჩვენი კოლმეუნეობის თავჯდომარის პრინციპით, შორენაზე მოგახსენებდით, არა, არა, კოლონკელიძე და იმის ხოხბისყელისფერი საწმერთული რამ გაგახსენათ, ბეგაშვილზე მოგახსენებდით. „კსტატი“ ამასწინათ, „პლეიბოის“ კონტექსტში, შორენა ბეგაშვილმაც გამოაცხადა, აღარ გავიხდიოო… არადა, ხომ ყველამ ვიცით რომ სწორედ ამ ჩაცმა-გახდის წყალობით აღმოჩნდა ბოლო დროს გადაღებულ რამოდენიმე ფილმში.

მარტო სხეული ეროტიკისთვის, კინოსთვის არ კმარა.

ასე მსოფლიოს პორნოინდუსტრიას მილიონობით ლამაზი ხორცი ჰყავთ ნაყიდი, მაგრამ მათ მსახიობობის ნიშანწყალიც არ სცხიათ.

მოკლედ, ქართული კინო ისევ გრელკის ამარაა დარჩენილი.

მართლაც სულ რამოდენიმე მსახიობია, რომელიც გახდას თანხდება, ვიზუალურადაც მომხიბვლელია და ნიჭიერიცაა.

ასეთად ნანკა კალატოზიშვილი უნდა ჩაითვალოს. სხვათაშორის ერთობ სიმბოლური იყო „სიმართლის დროში“ მისი და ვინმე „მულატკას“ შეხვედრა, აი, სწორედ ის მულატკა, „ჯეობარში“ პირდაპირ ლაივში რომ მიეცა კამერების წინ თავდავიწყებას. ჯერ ერთი, იგივე „სიმართლის დროში“ ისიც გაირკვა რომ ეგ სცენაც დადგმულ-შეკვეთილი ყოფილა… შეკვეთილი რომ იყო, თორემ ისე ყველა სექსი „დადგმულია“ – ქალი და კაცი იმპროვიზირებულად „რეჟისორობენ“, თავადვე „არტისტობენ“ ყოველგვარი მაყურებლისა და ოპერატორის გარეშე. ისე, არის ხალხი, ვისაც მეტად ხიბლავთ სხვისი სექსის „ლაივში“ ყურება, „გრუპავუხებშიც“ ამიტომ ერთვებიან ახუტრუცებულები და არა მარტო იმიტომ რომ იქიდან შეუმჩნევლად გაიპარონ… სხვათაშორის, სტალინის დედას, ქალბატონ კეკეს ჰყვარებია ასეთი რამ… უკვე მხცოვანს, დიდ თეატრში ახალგაზრდა წყვილი დაჰყავდა, მათთან ერთად შედიოდა სამტავრობო, დახურულ ლოჟაში, ხან წარმოდგენას უყურებდა და ხანაც ამ ახალგაზრდების სექსს გვერდით ოთახში…

კეკეს მოვეშვათ. არის კიდევ რამდენიმე გამონაკლისი არტისტი, რომელნიც გაიხდიან იმ შემთხვევაში, თუკი ეცოდინებათ რომ შემდეგ საკუთარი თავის ეკრანზე ხილვის რომ არ შერცხვება. ამისთვის კი საჭიროა კარგი რეჟისორი იღებდეს კარგ ფილმში და არა ხალტურაში – ვაირეჟისორი. საჭიროა რომ კარგი ოპერატორი იღებდეს, არც მონტაჟის ეშინოდეს…

ამგვარი მსახიობების პოზიცია აბსოლუტურად გასაგებია. ისინი თავსაც პატივს სცემენ და მაყურებელსაც.

ისინიც კარგ რეჟისორს და კარგ ფილმს ელიან და მაყურებელიც.

იმედია ამაო არ იქნება ეს მოლოდინი და გამოჩდება ასეთი რეჟისორიც და ასეთი ფილმებიც. იმედია ქართველი მსახიობების ახალი თაობა მაინც მიხედავს საკუთარ ტან-ფეხს, გააცნობიერებს რომ სხეულსაც მოვლა უნდა რომ მათი სხეული გარკვეულწილად მაყურებელსაც ეკუთვნის, რომ მისი მოუვლელობით მაყურებელს აყენებენ შეურაცხყოფას.

ექიმი თუ გინდ 120 კილო იყოს, მწერალი თუგინდ ცალფეხა, ჩვენ მისი გარეგნობა დისკომფორტს არ გვიქმნის.

მსახიობის გარეგნობა კი მისი პროფესიის ნაწილია. თავის დროზე, სანდრო ახმეტელი წარმოსადეგ ხალხს არჩევდა თეატრისთვის.

ეს ახლა აღარავის ახსოვს. ამ პროფესიაში არც თუ იშვიათად მოდის ხალხი, რომელიც არც ბრწყინვალე გარეგნობით დაიკვეხნის და არც დიდი ნიჭით. ასეთს გინდა გახადე, გინდა ჩააცვი…

არადა, იყო დრო, როდესაც არნახული სილამაზე ბრწყინავდა ქართულ ეკრანზე. მშვენიერი სხეულების მთელი გალერეა იყო – ნატო ვაჩნაძე, თამარ ციციშვილი, გიორგი შავგულიძე, ოთარ კობერიძე, ლია ელიავა, მედეა ჯაფარიძე, მედეა ჩახავა, ლეილა აბაშიძე, თენგიზ არჩვაძე, ლიანა ასათიანი, და სხვა მრავალი, შემდეგ ლიკა ქავჟარაძე, ლევან აბაშიძე…

მაგრამ მაშინ ამგვარ სცენების გადაღების უფლებას არ იძლეოდნენ. ახლა არავინ გიშლის, მაგრამ ისინი აღარ არიან…

კი, ლიკა ისევაა, მაგრამ….

მოკლედ: ქართული კინო ისევ „გრელკის“ ამარაა…

რეზო შატაკიშვილი ქართული გენის მშვენებაზე – ლევან აბაშიძეზე

ის მუდამ ახალგაზრდად და მუდამ ულამაზეს, ელეგანტურ მამაკაცად დარჩება, მას არასოდეს შეევერცხლება თმა, მით უმეტეს – არ გამელოტდება, არ დაუშნოვდება.
მას ვერ გარყვნის დრო, ვერ დაამხობს ჩვენს წარმოდგენებში. ის გმირია და გმირად დარჩება – რომანტიკულ გმირად. გმირად, რომელიც ამშვენებდა ქვეყანას, კინოს და რომელმაც თავი გასწირა სამშობლოსთვის.
დრო უძლურია მასთან, დროს ერთადერთი რამ შეუძლია – ჩვენ დაგვავიწყოს ის…

რომ არა ავბედითი 1992 წელი და აფხაზეთის ომი, წელს, 22 მაისს, ლევან აბაშიძეს 47  წელი უნდა შესრულებოდა…
ის კაცი იყო და იცოდა, რომ არც მარტო ეკრანს ეკუთვნოდა, არც სიგიჟემდე შეყვარებულ ქალებს, იცოდა, რომ ის სამშობლოს ეკუთვნოდა უპირველესად… და თავიც სწორედ ამ უპირველესს შესწირა.

1987 წელს ფრანგულმა პრესამ კანის ფესტივალის მიმოხილვაში, ლიკა ქავჟარაძე მონიკა ვიტის შეადარა, ლევან აბაშიძე – მარლონ ბრანდოს. ისე, თავად ლევანმაც, როდესაც სამი მსახიობის დასახელება სთხოვეს, ჟერარ ფილიპთან და ლიუბშინთან ერთად, სწორედ ბრანდო დაასახელა სამ საუკეთესო მსახიობს შორის. ფრანგები იმედოვნებდნენ, რომ ლევან აბაშიძეც მალე ავიდოდა ასეთ სიმაღლეზე.
ლევანს ეს არ დასცალდა. ის მხოლოდ ქართული კინოს ჟერარ ფილიპად დარჩა.

“გადასაღებ მოედანზე პირველად მეშვიდეკლასელი მოვხვდი, როგორც ამბობენ, “ნაცნობობით”. ვმეგობრობდი ლანა ღოღობერიძის ქალიშვილთან, ნუცა ალექსი-მესხიშვილთან. ქალბატონი ლანა იღებდა ფილმს “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”. ჰოდა, აი, ამ ფილმში, მე შევასრულე მთავარი გმირის შვილის როლი. ფილმის გადაღებისას ახლოს გავიცანი კინო, რომელიც თეატრთან ერთად ძალიან უყვართ ჩვენს ოჯახში. თუმცა პროფესიონალი მხოლოდ პაპაა – სოლიკო ვირსალაძე, დიდი თეატრის მხატვარი. ბავშვობაში მეხანძრეობა მინდოდა, რადგან სახანძროს ახლოს ვცხოვრობდი. ცოტა რომ წამოვიზარდე, ექიმობა მომინდა. ალბათ, იმიტომ, რომ ამ დროისთვის გატაცებული ვიყავი ცხენოსნობით, მოტოციკლით, თხილამურებით და ხშირად საავადმყოფოში დამტვრეული ვხვდებოდი. საბოლოოდ გადავწყვიტე, თეატრალურ ინსტიტუტში ჩამებარებინა. ბატონმა მიხეილ თუმანიშვილმა აიყვანა კურსი. მე განგების მადლიერი ვარ, რომ მასთან მოვხვდი. მთელი კურსი თეატრის ცხოვრებით ვცხოვრობდით. ბატონი მიშა, კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლებში გვათამაშებდა. უკვე მეორე კურსზე შევასრულე მთავარი როლი სპექტაკლში “ჩვენი პატარა ქალაქი”.

ბატონმა გიორგი შენგელაიამ ფილმ “ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობის” გადაღებამდე რამდენიმე ხნით ადრე მირჩია, წამეკითხა ოთარ ჩხეიძის რომანი “ბორიაყი”. მერე სცენარსაც გავეცანი და მივხვდი, მთავარ როლს ვითამაშებდი… გადაღების დაწყებამდე, უკვე მერამდენედ, ფეხი მოვიტეხე და ტრავმატოლოგიურ ცენტრში ამოვყავი თავი. ექიმს ვკითხე, დიდხანს მომიწევს წოლა-მეთქი? – ორი თვე მაინცო… მთელი ფილმის გადაღების მანძილზე ნატკენი ფეხით მომიწია თამაში… მაყურებელი, ალბათ, ვერც ხვდება, ზოგს შეიძლება უკვირს კიდეც, როგორ დადის ეს კაციო…” – ჯერ კიდევ 1985 წელს უამბობდა 22 წლის ლევან აბაშიძე “სოვეტსკაია კინოს”.

ლევან აბაშიძეს კინოში მართლაც დაქალმა “ჩაუწყო” საქმე. ნუცა ალექსი-მესხიშვილმა ულტიმატუმი წაუყენა დედას – თუ ლევანს არ გადაიღებ, ნურც მე გადამიღებო. და აი, ლევანს იღებენ ფილმში, დანიშნულია გადაღების დღეც, და როგორც დედამისი იხსენებს, გადაღების წინა ღამეს თეთრად ათენებს ფანჯარასთან. თურმე იცით რატომ? ეშინოდა, ამინდი არ გაფუჭებულიყო.
ლევანის ბავშვობა სავსე იყო ტრავმატოლოგიურ-რომანტიკული თავგადასავლებით. ერთხელ შეყვარებულისთვის იჩხუბა და თითიც მოიტეხა, მერე ეს თაბაშირი შეინახა და თურმე საკონტროლო წერების დროს მშვენივრად იყენებდა.

ერთხელ ფეხმოტეხილი წავიდა ბიჭვინთაში და შეყვარებულის გამო მეშვიდე სართულზე ავიდა თაბაშირიანი ფეხით, მხოლოდ იმიტომ, რომ ყვავილები დაეტოვებინა კართან. ერთხელ ჟანგიანი მილით ამძვრალა შეყვარებულის აივანზე… დანჯღრეული მოტოციკლით ბაკურიანში მეგობრებთან ჩასვლაც ლევან აბაშიძის სტილი იყო. ერთხელ “ნივით” ორმოში ჩავარდნილა და იქვე დაუტოვებია…
ქეთუსია იგნატოვა გაიხსენებს, რომ მხოლოდ მან იცოდა ერთი ყვავილის განსაკუთრებული ელეგანტურობით მირთმევა და მხოლოდ მას შეეძლო ნებისმიერი ასაკის ქალის მოხიბვლა, მონუსხვა. ლევან აბაშიძის გვერდით მუდამ ლამაზი ქალები იყვნენ. და ეს ქალები ხშირად იცვლებოდნენ… ლევანის დედა, ქალბატონი მანანა ხიდაშელი თვალცრემლიანი მიყვება:
“რომ მოვდიოდი, სულ სხვადასხვა გოგოები გამოდიოდნენ სახლიდან… მაგრამ არასოდეს უსინდისობა არ ჩაუდენია, ყოველთვის იცოდა, ვისთან როგორ მოქცეულიყო… გაუთავებელი რომანები ჰქონდა…”

და ამ გაუთავებელ რომანებს შორის იყო ერთი დიდი და გამორჩეული რომანი – ლევანის და მოლდაველი მსახიობი გოგონას, მიკას რომანი…
მანანა ხიდაშელი:
“მიკა მოლდაველია, აქ სწავლობდა თეატრალურ ინსტიტუტში, აქ გაიცნეს ერთმანეთი და დაიწყო დიდი რომანი. თავიდან ჩუმად დადიოდა ჩვენთან, მერე ლევანმა მთხოვა, დედა, მე ცოლს არასოდეს არ შევირთავ (რატომღაც ასე ამბობდა ყოველთვის…), მაგრამ ძალიან გთხოვ, მიკამ ჩვენთან იცხოვროსო. აქ ცხოვრობდა… მერე მიკამ დაამთავრა და წავიდა, რეკავდა, ლევანის დაღუპვა საშინლად განიცადა,
ჩამოვიდა, დღემდე მეხმიანება, მირეკავს, ახლაც არ თხოვდება, მე სულ აქედან ვუკიჟინებ, გათხოვდი-მეთქი…”

ლევან აბაშიძის განუმეორებელი სილამაზე აჯადოებდა ყველას, დიდსა და პატარას. ნატა მურვანიძე და ლევან აბაშიძე ერთ ეზოში იზრდებოდნენ.
ნატა მურვანიძე:
“პირველად რომ ვნახე, ალუბლის ხეზე იჯდა და იქიდან გადმომძახა: ეი, ალუბალი არ გინდაო?! იმდენად ლამაზი იყო იმ ალუბლებში, გული შემეკუმშა… ჩვენს ეზოში ბროწეულის ხე დგას, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დარგეს, მაგრამ ის არასოდეს ყვაოდა. ვიღაცამ გვითხრა, ხე შეაშინეთ და აუცილებლად მოისხამს ნაყოფსო. ლევანმა ცული მოუქნია ხეს, მე ვეხვეწებოდი, არ მოჭრა, წელსაც ვაცალოთ-მეთქი. ბროწეული მართლაც აყვავილდა… ლევანი ჩვენთან აღარაა, მაგრამ ხე ყოველ წელს ყვავილობს…”

რეჟისორ გოგი ქავთარაძის დისშვილმა, იმ პერიოდისთვის პატარა გოგონამ, მაცაცომ, როგორც იყო, ნახა თავისი კერპი – ლევან აბაშიძე. ლევანმა ალუჩა შესთავაზა გოგონას. გოგონას ალუჩის შენახვა უნდოდა. მაგრამ ლევანი უყურებდა და სხვა რა გზა ჰქონდა, ჩაკბიჩა. მაგრამ კურკა მაინც გადაინახა. ლევანისგან ნაჩუქარი ალუჩის კურკა… სამახსოვროდ. სახლში დაბრუნებულმა დედის ძვირფასთვლიანი ბეჭედი აიღო, ბუდიდან თვალი ამოიღო, იქ კურკა ჩადო და ყველას გამოუცხადა, ეს უფრო ძვირფასიაო. მერე მიწაშიც დარგო, ალუჩა უნდა გავახაროო. და… ელოდა. იმ შემოდგომაზე ლევანიც დაიღუპა… მხოლოდ გოგონა კი არა, ოჯახის ყველა წევრი მოუთმენლად ელოდა ლევანის ალუჩის ამოსვლას. მაგრამ ამაოდ.

1992 წელს, დაიწყო თუ არა აფხაზეთის ომი, ლევანი ომში წასასვლელ გზებს ეძებდა. არადა, ერთდროულად სამ ფილმში იღებდნენ. როგორც მშობლები იხსენებენ, ლევანი ნერვიულობდა, აფხაზეთში ომია და რა დროს თამაშიაო. ომში წასვლა უნდოდა ლევანს და გიორგი გაჩეჩილაძეს (შემდგომში ეკონომიკის მინისტრი). კომისარიატსაც მიაკითხეს. შეიკრიბნენ ბიჭები – ლევანი, გიორგი გაჩეჩილაძე, გია ნადირაშვილი, სულხან სულხანიშვილი, გიორგი ნიჟარაძე… წასვლას დღე-დღეზე ელოდნენ, ლევანს ყველა ერიდებოდა, რადგან ბათუმში გადაღებები ეწყებოდა, არადა გემი დაქირავებული იყო, ფულიც გადახდილი, ლევანის გარეშე კი გადაღებები ჩაიშლებოდა. ლევანი ბათუმში გადაღებებზე ისე წავიდა, რომ იცოდა – აფხაზეთში ჯერჯერობით ვერ მიდიოდნენ. წასვლისას ბიჭებს დაუბარა, თუ უჩემოდ მოგიწიათ წასვლა, მე კოორდინატებს გავიგებ და ადგილზე პირდაპირ ბათუმიდან ჩამოვალო. მაგრამ აფხაზეთში წასული ბიჭები ზუსტ კოორდინატებს არ ტოვებდნენ თბილისში. საახლობლოს აიმედებდნენ, შტაბის სამუშაოებს ვასრულებთ, საბრძოლო მოქმედებებში არ ვმონაწილეობთო. არადა, პირველივე დღიდან იარაღი ეჭირათ ხელში.


ბათუმში გადაღებები დასრულდა. 5 სექტემბერს ლევან აბაშიძე თბილისში დაბრუნდა და ნახა აფხაზეთიდან რამდენიმე დღით ჩამოსული გია ნადირაშვილი. რომელიც მეორე დღეს, გამთენიისას, აფხაზეთში ბრუნდებოდა. ლევანმა ისიც გაიგო, რომ ვერტმფრენში ერთი ადგილი იყო. ლევან აბაშიძემ თბილისი 6 სექტემბერს დატოვა. სოხუმში 3-4 საათზე ჩაფრიდნენ. შტაბში ბიჭები ტელევიზორს უყურებდნენ. შედის გია ნადირაშვილი და მებრძოლებს ეუბნება: ნახეთ, ბიჭებო, ვინ მოგიყვანეთო და შედის ლევანი. მეგობრებსა და ნაცნობებზე ლაპარაკიც არაა, ყველას გაუხარდა მისი დანახვა, ეს ხომ მსახიობია, ამას ხომ ჩვენც ვიცნობთ… იმ საღამოსვე გავიდნენ პოზიციაზე. ის ღამე და მეორე დღეს, 7 სექტემბერს, ნაშუადღევს, ერთად არიან ბიჭები – სულხან სულხანიშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, გია ნადირაშვილი და ლევან აბაშიძე. ბრძოლის ველი. სანგარი. საბედისწერო ყუმბარა და ოთხი ბიჭიდან მხოლოდ გიორგი გაჩეჩილაძე დარჩა ცოცხალი.

ამ ტრაგიკულმა შემთხვევამ ქართულ (და არამარტო ქართულ) კინოს ხელიდან გამოსტაცა ახალგაზრდა, 28 წლის ულამაზესი მამაკაცი. ლევან აბაშიძე ლანა ღოღობერიძემ ფრესკიდან გადმოსულს შეადარა.

ლევან აბაშიძე გადავიდა მოგონებებში, ჩვენს უახლოეს წარსულში და როგორც ლანა ღოღობერიძე იტყოდა, ჩვენ, ქართველებს, ერთადერთი რამ გვევალება, არ დავივიწყოთ ქართული გენის ეს მშვენება.
ლევან აბაშიძის მშობლები – მანანა ხიდაშელი და აგი აბაშიძე მთელს თბილისში სილამაზით განთქმული წყვილი იყო. ჩამომავლობით კი ლევანი ერეკლე მეორის პირდაპირი შთამომავალი იყო – თეკლა ბატონიშვილის შტოდან.
ლევანის პანაშვიდზე პატარა, 12-13 წლის ბიჭების გუნდი მივიდა, ქალბატონმა მანანამ ჰკითხათ, ვინ ხართ, ბიჭებოო? ჩვენ ლევანის ძმაკაცები ვართო, უპასუხეს ბავშვებმა…


%d bloggers like this: