Tag Archives: დავით გურამიშვილი

რა გველის კენწეროში, როცა სწავლის ძირი მწარე არაა?

რეზო შატაკიშვილი

ქართული უნივერსიტეტი აგრძელებს ციკლს ქართულ ლიტერატურასა და პუბილიცისტიკაში გაბნეული სწავლა-აღზრდის მეთოდების დღეს გამოყენების შესახებ. ამჯერად დავით გუარმიშვილის “დავითიანში” დაუნჯებულ სიბრძენეზე ვისაუბრებთ. დავით გურამიშვილი იმდენად გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის განსწავლულობას რომ სწავლების პროცესში წკეპლის გამოყენებასაც არ გამორიცხავს – “ნუ გენაღვლების სწავლაზე ყრმის წკეპლის ცემით კივილი”.

გურამიშვილისთვის “სწავლაზე ურჩი და მორცხვი თვალით არ დასანახია”. მისი თქმით, გაუწვრთნელი ძაღლის ყოლა სჯობს, უსწავლელი შვილის ყოლას, რადგან გაუწვრთნელი ძაღლი პატრონს იმდენს არაფერს ავნებს, რამდენსაც ბრიყვი შვილი. გურამიშვილთან ცოდნა განიხილება როგორც ინსტრუმენტი ჭკუის მოსახმარებლად, როგორც ხელშეუვალი საუნჯე _ სიკვდილამდე მცოდნელთან მყოფი; სწავლების პროცესი ყრმის “მომშვიდების” საშუალებად, მწარედ მიიჩნევა, რომელიც კენწეროში ტკბილდება “სწავლის ძირი მწარე არის კენწეროში გატკბილდების”.

ამ შეხედულებებისა და სწავლებისას მკაცრი მეთოდების გამოყენების თაობაზე,”`ქართული უნივერსიტეტი” ესაუბრება ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ

რუსუდან მირცხულავას:                                                                                                                    

მე იმ ფსიქოლოგთა რიცხვს მივეკუთვნები, რომელთაც რამდენიმე წლის წინ პირველებმა აღიარეს რომ ეფქეტური და კარგი იქნებოდა სწავლების პროცესში თამაშის მეთოდის აქტიური გამოყენება. გავიდა წლები, თამაშის მეთოდი აქტიურად დამკვირდდა, თან არა მარტო საშუალო სკოლაში. ფაქტობრივად, სკოლამ მთლიანად უარი თქვა მკაცრი მეთოდების გამოყენებაზე. ვერ გეტყვით რომ აღფრთოვანებული ვარ მიღებული შედეგებით. როგორც ჩანს, თამაშის მეთოდი გარკვეულ ფარგლებში ამართლებს და მისი უნივერსალური გამოყენება კონტიგენტის როგორობის გათვალისწინების   გარეშე, ზოგჯერ  საზიანოც კია. თამაშის მეთოდის გამოყენება უპრიანია დაწყებით კლასებში. მაგრამ როდესაც შემდეგ არ გადადიან სხვა მეთოდებზე, მით უფრო, როდესაც იგივე მეთოდებს იყენებენ უმაღლეს სასწავლებელშიც, ეს მეთოდი უკვე საზიანოდ მოქმედებს ახალგაზრდების ნებისყოფაზე და საზოგადოდ მის ფსიქიკაზე. დღეს უმაღლეს სასწავლებლებში ლექტორი თავად უმაზდებს თავისი ლექციების კონსპექტებს 7-10 წიგნიდან და მზა სახით, დაღეჭილ მასალას აძლევს სტუდენტს. ფაქტობრივად, თანამედროვე სტუდენტი მთლიანად დისტანცირებულია წიგნიდან, მეორეც მას დაკარგული აქვს აზროვნების უნარი უმეტესწილად. რაც პირდაპირ აისახება ხოლმე კოლოკვიუმის შედეგებში, კარგავენ წაკითხული ტექსტის შინაარსის გაგების უნარს, საკუთარი აზრის გადმოცემაზე ხომ ლაპარაკიც არაა. ეს მეთოდი უარყოფითად მოქმედებს ნებისყოფაზე, დიახაც სწავლის ძირი მწარე არის და კენწეროში უნდა გატკბილდეს. ანუ თუ ამ დროს ახალგაზრდამ არ დახარჯა ენერგია, დრო, ძალისხმევა და ყველაფერი მიიღო მზარზარეული სახით, მას არ გამოუმუშავდება არათუ სწავლისთვის, საერთოდ ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები. იცით რომ პედაგოგი ვალდებულია სტუდენტს ზუსტად მიუთითოს ელექტრონული მისამართები, როცა წიგნს უთითებ, გვერდებიც ზუსტად უნდა მიუთითო. ნუთუ ახალგაზრდამ თვითონ მითითებულ წიგნშიც არ უნდა მოძებნოს რომელ გვერდზეა მისთვის საჭირო მასალა? უმაღლეს სასწავლებლებში ძალიან დიდი აქცენტი კეთდება მასალის ვიზუალირებაზე, სლაიდების ჩვენებაზე. სლაიდზე მთელ წიგნს ხომ ვერ დაწერ? მინიმალურ ინფორმაციას ათავსებ, სტუდენტი კი სწავლობს იმას რაც სლაიდზეა წარმოდგენილი, თავად განსაჯეთ რა შედეგი გვექნება ასეთი სწავლების შედეგად. სწავლის ძირი მართლაც მწარე უნდა იყოს. მე არ ვგულისხმობ წკეპლის გამოყენებას პირდაპირი მნიშვნელობით, ეს მეტაფორაა და წკეპლაში იგულისხმება სწავლის მეთოდების სიმკაცრე, მომთხოვნელობა. ახლა, თუ მოზარდი ჩამოყალიბებულია, თუ მას აქვს ნებისყოფა, თუ აქვს შეგნება, მაშინ დემოკრატიულ სტილს რა ჯობს…

რაც არ უნდა ჩამოყალიებებული პიროვნება იყოს, თუ არ სთხოვენ, ის მაინც იმ ასაკშია, რომ უჩნდება ერთგვარად ფონს იოლად გასვლის, “გახალტურების” სურვილი.

იმიტომ რომ ახალაგზრდა მოქმედებს ძირითადში სიამოვნების პრინციპით. მე ვლაპარაკობ მასაზე, ერთეულები სულ სხვა პრინციპებით ხელმძღვანელობენ, მაგრამ განათლების სისტემა ერგება მასას და არა ერთეულებს. თუ ახალგაზრდას მივცემთ თავისუფლებას, იგი ამ თავისუფლებას თავისი სიამოვნებისთვის გამოიყენებს და იყენებენ კიდეც. თუ ახალგაზრდა არ იმუშავებს წიგნთან, ის ვერ მიხვდება რა სიტკობა აქვს ამ სიმარწეს: ახალი მასალის ათვისება, მისი გააზრება, უდიდეს სიამოვნებასთანაა დაკავშირებული, მაგრამ ეს სიამოვენება აბსოლუტურად დახშული და დახურული მათთვის ვისაც არა აქვს ელემენტარულად წიგნთან მუშაობის საშუალება. სტუდენტები რომ ფსიქოლოგიით დავაინტერესო, ვაჩვენებ ბუნუელის ფილმს და ვაწერინებ ესეს, რაც ჩემს სტუდენტობაში აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო, პედაგოგი გვითითებდა ლიტერატურას, სადაც ჩვენ თავად ვეძებდით, სკრუპულოზურად ვსწავლობდით და ვაბარებდით. მოთხოვნები ძალიანაა შეცვლილი. ძალიან ცოტას ვითხოვთ.

როდესაც სწავლის ძირი მწარე კი არა ასეთი ლაითია“, ბოლოში რა გვექნება?

რაც გვაქვს, რაც დღესაა საქართველოში. ანუ აზროვნების საეჭვო დონე, ნებისყოფის ატროფია. თუ არ არის აზროვნების დომინანტი, თუ ატროფირებულია წარმოსახვა, საერთოდ ცნობიერება, გამოდის რომ ადამიანი დაყვანილია ბიორობოტის დონეზე. ასეთი ადამიანი მეორეხარისხოვანი არსებაა, რომელსაც შეუძლია მხოლოდ მომსახურება და მოსმსახურების სფეროში მოღვაწეობა. თუკი არ მოხდება სწორი აქცენტების გაკეთება სწავლების პროცესში, ჩვენ აქამდე მივალთ, თუ არა ვართ უკვე მისულები, ეს კიდე ცალკე თემაა.

როგორ მოიქცეს მშობელი თუ ბავშვი ჯიუტობს და არ საწვლობს? მიჰყვეს დავითის მცენებას და სცემოს ბავშვს?

არა, მე საერთოდ წინააღდეგი ვარ ფიზიკური და საერთოდ შეურაცხყოფის. გაცილებით რბილი და მისაღები მეთოდები არსებობს. ბავშვს თავიდანვე სწორი ორიენტირები უნდა შევუქმნათ, ინტელქტუალური ორიენტირები. თუ ბავშვს ოჯახში ეყოლება ინტელქტუალი, როგორც ეტალონი და ბავშვი დაინახავს რომ მის გარშემო ფასდება ცოდნა და სწავლა სოციალურად, ფსიქოლოგიურად და გარკვეულილწად მატერიალურადაც, მაშინ მას შეექმნება შესაბამისი განწყობა და ბავშვი მართლაც იქნება წიგნიერი. ცემით როგორც წესი წარუმატებელ, ოროსან მოსწავლეებს სცემენ, მაგრამ როგორც წესი ისინი უკეთესად სწავლას არ იწყებენ. იმიტომ რომ ადრეულ ბავშვობაშია დაშვებული შეცდომა, რომელმაც ეს ადამიანი ჩამოაყალიბა ისეთი როგორიცაა და უკვე სულ ერთია, დაგვიანებულია.

ანუ შეცდომა გაცილებით ადრეა დაშვებული?

დიახ, თუკი 2-3 წლიდან არ ხდება სწორი ზემოქმედება ბავშვზე, მერე დაგვიანებულია. გადამწყვეტია ინფორმაციის მრავალფეროვნება, ბავშვი არ უნდა იყოს მიჯაჭვული ტელევიზორს, ან კომპიუტერს, მხოლოდ ოჯახის წევრებთან არ უნდა ჰქონდეს ურთიერთობა და ეს ოჯახის წევრები ერთი და იგივეს არ უნდა უმეორედნენ მას ყოველდღიურად. ბავშვს უნდა ჰქონდეს გარკვეული სპექტრი ინფორმაციის, უნდა გამოვიყენოთ ამ ასაკისთვის საგანგებოდ შექმნილი წიგნები, ვატაროთ ეკლესიაში, ვატაროთ მუზეუმებში, თუნდაც სამი წლის ბავშვი. ეს იმას არ ნიშნავს რომ მუზეუმში შეყვანისთანავე გაიგებს ფიროსამნის გენიალობას, მაგრამ გარკვეული ნიადაგი ამისთვის მომზადდება, რა დონეზეც საჭიროა, ის იმ დონეზე აღიქვამს. ამავე ასაკიდან ვატაროთ თეატრში. როდესაც მისთვის რიტუალური გახდება თეატრში წასვლა, თანდათან ჩამოუყალიბდება დამოკიდებულება თეატრის მიმართ. რაც უფრო ადრე მოხდევბა ზიარება სულიერების სფეროებთან, მით უკეთესია.

საქართველოში 90-იანი წლებიდან ცოდნის გაუფასურების პროცესი დაიწყო, პროფესორებს გული მისდიოდათ შიმშილისგან. გასაცოდავებული ადამიანი ვერ გახდება ახალგაზრდისთვის მისაბაძი მაგალითი. შინ რაც არ უნდა ინტელექტუალური გარემო შექმნა, როცა მოზარდი ასეთ საზოგადოებაში გამოვა, რას იზამ? ამის გარდა, როცა მოზარდი ხედავს რომ მისი განათლებული და წიგნიერი დედ-მამა, ოჯახს განათლებით კი არა,  კვალიფიკაციის შეუსაბამო სამსახურით არჩენენ…

სხვათაშორის, ეგ მარტო ქართული კი არა, მთელი მსოფლიოს პრობლემაა. გლობალურად მოხდა ღირებულებების გადაფასება. მე პირადად აპოკალიფსური განცდა მეუფლება როცა ვხედავ რომ გაუფასურებულია ინტელექტი, ხელოვნება, მეცნიერება, რწმენაც სხვათაშორის, იმიტომ რომ იქ სადაც შემეცნება და მშვენიერება სათანადო დონეზე არაა, ძალიან საეჭვოა როგორია რწმენისადმი დამოკიდებულება. თუ გწამს, მშვენიერებაც უნდა გწამდეს და ჭეშმარიტებაც უნდა გიყვარდეს, ეს ყველაფერი ლოგიკურადაა ურთიუერთდაკავშირებული. საზოგადოებაში უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება სწავლისა და განათლებისადმი. უნდა მოხდეს განათლების რეაბილიტირება. უნდა შეიცვალოს სწავლების მეთოდები, უნდა გამოვიყენოთ მკაცრი მეთოდებიც, რომელიც ბავშვს აიძულებს ისწავლოს. შეიძლება იგივე თმაშის მეთოდის ისე ვარირება, რომ ის შეიცავდეს იძულების მექანიზმებსაც. მოხდეს წახალისება სხვადასხვა მეთოდებით.

ბევრი მშობელი მიმართავს მატერიალური წახალისების მეთოდებს, კარგად სწავლის შემთხვევაში პირდება და ყიდულობს მობილურ ტელეფონს, კომპიუტერის, ტანსაცმელს. და პირიქით, ამას იძულების მეთოდადაც იყენებნ, პრინციპით თუ არ ისწავლი არ გიყიდი. ხშირად მიზანს აღწევენ კიდეც, ბავშვები სწავლობენ, მაგრამ ასე მივდივართ ბავშვის გაწუწკებამდე, ის სწავლობს არა იმისთვის რომ ისწავლოს, არამედ სწავლობს იმისთვის რომ მობილური, კომპიუტერი უყიდონ.

ანუ ფსიქოლოგის ენაზე რომ ვთქვათ მათ არა აქვთ შინაგანი მოტივაცია. როდესაც შინაგანი მოტივაცია კარგადაა ჩამოყალიბებული ბავშვი სწავლობს სწავლისთვის და ეს სწავლა მისთვის უდიდესი სიამოვნების წყაროა. ეს მშობელზეა დამოკიდებული, როდესაც ბავშვს დაანახვებ რომ სამყარო ძალიან საინტერესოა წმინდა შეცნობის თვალსაზრისით, მაშინ ამ ბავშვისგან თანდათან ყალბდება ის პიროვნება, როიმელიც ისწავლის კიდეც და სხვისი სწავლების უნარიც ექნება მომავალში. ახალგაზრდისთვის თვითონ სწავლა უნდა იყოს მიზანი და არა საშუალება რაიმე გარეშე შედეგის მისაღებად. იმიტომ კი არ უნდა ისწავლო რომ რაიმე მატერიალური, სოციალური სარგებელი ნახო, უნდა ისწავლო თუ გინდა იყო ადამიანი, ამ სიტყვის მაღალი გაგებით, ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელიც თავისი შეგნებით სწავლობს. ჩენთან თვითონ სწავლების პროცესი გაუფასურებულია და ამიტომაც ირჩევენ ისეთ პროფესიებს, რომელიც მატაერიალურ მოგებასთანაა დაკავშირებული, იურისპრუდენცია, ბიზნესი… ამ ლოგიკით ხელოვნება საერთოდ უნდა ჩაკვდეს, ქიმია, ფიზიკა მოისპოს, საშინელებაა. თვითმიზანი თუ არ გახდა თვითონ სწავლა და შემეცნება, ჭეშმარიტების ძიება, მშვინერების წვდომა, მანამდე ჩვენ ისევ და ისევ ამ უფსკურლში ვიქნებით. სხვათაშორის ხანდახან ისეთ ცუდ აზრამდეც მივივარ რომ სწავლებისას მასისადმი უნდა იქნეს გამოყენებული იძულების წესები, და მხოლოდ ერთეულები იმსახურებენ სხვაგვარ მოყრობას.

ნამდვილად. ვინც არ სწავლობს, აწყენს ცემა. 

არა… ცემით შეიძლება ბავშვს დააზაპირებინო ლექსი, მაგრამ ამ ცემით ისე ზიანდება მისი ფსიქიკა, რომ ისმის კითხვა ღირდა კი ყველაფერი ამად?

გურამიშვილი გვეუბნება ნუ გენაღვლებისო.

მე პირარად მაინც მენაღვლება, იმიტომ რომ ყალიბდება კომპლექსები, სხვადასხვა სახის ფობიები, ნეკროფილია და მტრული დამოკიდებულება სამყაროსადმი. ერთ-ერთ ლექციაზე სტუდენტებმა მითხრეს რომ აქვთ საშინელი ანტაგონიზმი რუსთაველის მიმართ, იმიტომ რომ ძალიან მკაცრი მეთოდებით გვაზეპირებინებდნენ „ვეფხისტყაოსანსო“. ამიტომ აქაც შეიძლება მოვიფიქროთ როლური თამაში, ბავშვებს დავაზეპირებინოთ იმიტომ რომ მერე გაითამაშონ ეს ეპიზოდები სკოლის სცენაზე. თუმცა მე მინდა ხაზგასმით ვთქვა, მარტო თამაშით შორს ვერ წავალთ. უნდა იყოს იძულებაც, უნდა იყოს ნებისყოფის ტრენინგი და ტრენაჟი, თუ ადამიანმა თავისი თავი არ აიძულა, თუ არ შეზღუდა საკუთარი თავი, ფაქტობრივად ნებისყოფის ატროფია დაემართება ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

დაიბეჭდა “ქართულ უნივერსიტეტში”.

„სევდის ლახვარი“ (რეზო შატაკიშვილი უცხო მხარეში უშვილძიროდ გადაგებულ ერის მამაზე დავით გურამიშვილზე)

ფიქრების ჯაჭვი სამშობლოდან გადახვეწილ და არდაბრუნებულ  პოეტზე

გოდებდა – „ცოცხალი არვის ვახსონვარ, მკვდარს ვინღა მამიგონებსა“.

თუ ის არ გახსოვს – უკვე ან მკვდარი ხარ, ან ქართველი არ ხარ…

უცხო მხარეში უშვილძიროდ გადაგებული, მაგრამ მშობელი მარადიული ძის – „დავითიანის“…

ერთადერთი საერო პოეტი, რომლის ჰიმნი („ვაი რა კარგი საჩინო“) იგალობება ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ჯვარცმის დღეს.

ავტორი, ფრიად ეროტიკული პოემის – „ქაცვია მწყემისის“…

დავით გურამიშვილი.

პოეტი, რომელიც მიქელანჯელოს ჟინით „აქანდაკებდა“ თავის დავითს – „დავითიანს“– ქართული აზროვნების, პოეზიის, ცნობიერების მწვერვალს, მართლაც მიქელანჯელოს დავითივით ჰარმონიულად აღნაგს, ტანადსა და ძლიერს. ერთად რომ აერთიანებს დავითისეულ ჰარმონიულობას, ლაოკონისებურ ავბედით ტრაგიზმსა და ზეციური მადლით გასხივოსნებულ ტრაგიზმს –  პიეტას რომ ახასიათებს. და განა მიქალანჯელოს პიეტას ტრაგიზმს ვერ ეტოლების და არ ესადაგება გურამიშვილისეული

„მოდით, ყოველნო შვილმკვდარნო დედანო, შეიყარენით!

შემწყნარებელი აწ თქვენი მარიამ შეიწყნარენით…“

განა არ ესადაგება მიქელანჯელოს მიერ ქვაში მოხელთებულ ტრაგიზმს, გურამიშვილის მიერ სიტყვაში მოხელთებული ტრაგიკული „ვაი რა კარგი საჩინო, რა ავად მიგიჩნიესო?“

დავით გურამიშვილის სახისმეტყველება

„დავითიანში“ ერთმანეთს ორგანულად ერწყმის პირუთვნელი მემატიანის მიერ ლექსად ნაამბობი ქართლის ისტორია და თავად პოეტის თავგადასავალი, დიდაქტიკური ლექსები. „ქაცვია მწყემისც“ კი ეს მეტად ეროტიკული პოემა ისევ და ისევ დიდაქტიკურია და ახალგაზრდების დამოძღვრას ემსახურება – როგორ შეიკავონ მოზღვავებული ვნება ჯვრისწერამდე…

„… დავით გურამიშვილის დიდაქტიური პოეზია პირს არ შეირცხვენს თუნდა ლუკრეცის, ვერგილის და ჰორაციოს დიდაქტიურ პოეზიას დაუყენო პირისპირ და რომლის სარწმუნოებრივი ღაღადება დავიტ წინასწარმეტყველის ფსალმუნების სიმაღლემდეა ასული“ – წერდა ილია ჭავჭავაძე.

სწორედ რელიგიური ლექსები განსაზვღვრავენ „დავითიანის“ რაობას და საერთოდ პოეტის სახისმეტყველებას. პოეტის ლირიკული ლექსები მეტწილად ლოცვითი ხასიათისაა და ფსალმუნურ-ჰიმნოგრაფიულ ტრადიციას უკავშირდება.

მეტაფორებით, სიმბოლოებით, მხატვრული სახეებითაა დანაღმული მისი ყოველი სტრიქონი. მზის სახეში პოეტი სამების სიმბოლიკას ჭვრეტს – „მზე და სხივი და ნათელი ვით სამად გალექსილია, აქ სამივ ერთი მზე არის, არ ცალკე დაქსაქსულია“. უკიდურესად პოეტურია სამების მზედ, სხივად და ნათელად წარმოდგენა და ამავდროულად ფრიად თვალსაჩინოც – თუ როგორაა ყოვლადწმინდა სამება ერთი. ჯვარცმული მაცხოვრის ხატებას ვხედავთ „ზუბოვკაში“ – ჯერ მშვენიერი ქალი წარმოუდგება, რომელსაც მწველი ალის დანელებას შესთხოვს, ქალი არ თანაუგრძნობს უჩინარდება და მას ენაცვლება სულიერი საყვარელი, რომელსაც როგორც პოეტი ამბობს „ჩემის სიყვარულისთვის სცემეს ხელშეკრულსო, სახით ვხედავ ჩემთვის მკვდარსა…“

ასეთი უეცარი მონაცვლეობანი ერთობ კანონზომიერია დავით გურამიშვილის ლირიკაში…

გურამიშვილის გატაცება

დიდგვაროვანი ზედგენიძეები მე-15 საუკუნის დამლევს გადმოსულან ქართლში სამცხე-ჯავახეთიდან, როცა იქ უკიდურესად გაძლიერებულა თურქთა ექსპანსია. გადმოსულან და რამდენიმე გვარად დაშლილან. მე-15 საუკუნის „მცხეთის გუჯარში“ იხსენიება გურამ ზედგენიძე, რომელიც სათავეს უდებს ახალ საგვარეულოს, მათი სამკვიდრო კი იწოდება საგურამოდ.

სწორედ საგურამოში დაიბადება 1705 წელს დიდი პოეტი… სწორედ მის განაპირა, შემაღლებულ ადგილას გაშენებულ უბანში – გორისუბანში გაატარებს ბავშვობას… – „მე ვიყავ ერთი თავადი, მოსახლე გორისუბანსა“…

22 წლის ასაკში კი გარაყანიძის ქალზე დაქორწინებული პოეტი, უკვე მოყვრებთან – ლამისყანაშია გახიზნული. სწორედ ლამისყანიდან, ქსნის ჭალიდან გაიტაცებენ მას ლეკები – გარაყანიძეები იმ დღეს პურს იმკიდნენ, მამითადის თადარიგი დავითს მიანდეს, ისიც დილაადრიან შესდგომია თადარიგს ქსნის ჭალაში, მუშახელის მომლოდინეს, იარაღი აუყრია, მუხის ძირს მიუყუდებია, ის იყო პირი უნდა დებანა წყაროზე, ბუჩქნარებში მიმალული კბილებამდე შეიარაღებული ლეკების რაზმი რომ დასხმია თავს და დაღესტნისკენ გაუტაცნიათ.

ტყვეობიდან გაიპარება. დაიჭერეენ. „გავეპარე. დამიჭირეს, რად წახველო დამპაღურეს“. გაყიდვაც უცდიათ. რწმენის შეცვლაც მოუთხოვიათ.

კიდე გაიპარება. მშიერი და განადგურების პირას მისული, მხოლოდ მეთორმეტე დღეს გააწევს თავს „სარუსეთოს“…

რატომ გაიტაცეს გურამიშვილი?

გურამიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების მკვლევარები, საგურამოდან ლამისყანაში გახიზვნის მიზეზად რატომღაც, გახშირებულ ლეკიანობას ასახელებენ, არადა, ლამისყანაც რომ ისევე იყო „დაცული“ ლეკებისგან, როგორც საგურამო, ამას გურამიშვილის გატაცების ფაქტიც ცხადყოფს.

თავად გურამიშვილი ძალზედ ძუნწად გვიხსნის ლამისყანაში გადახვეწის მიზეზს – „ქვეყნის წახდენის მიზეზით ვცხოვრობდი სხვის ქვეყანასა“.

მეტს არას ეუბნება მამა – შვილობილ „დავითიანს“. ასეა, ხანდახან მამები კიდევ უფრო ძუნწად გვიხსნიან შვილებს, ხან საერთოდაც არ გვიმხელენ რატომ გადადგეს ოდესღაც ესა თუ ის ნაბიჯი…

„ქვეყნის წახდენად“ მხოლოდ გახშირებული ლეკიანობის მიჩნევა, ქართლის ჭირის ერთობ ზედაპირული გააზრებაცაა და, მეტიც გაუგებარი ხდება, ნუთუ მხოლოდ ლეკთა თარეშის გამო ამბობდა პოეტი – მაჟრჟოლებს და ტანში მზარავსო? პოეტს ის ზარავდა რაც თავად ქართველბს სჭირდათ – რაც დამართეს ერთმანეთს მამლებივით წაკიდებულებმა…

გასათვალისწინებელია ისიც რომ პოეტის გატაცებას წინ უძღვოდა ვაქხტანგ მეექვსის რუსეთში გადახვეწა, შემდეგ ცნობილი ბრძოლა ზედაველაზე, სადაც ტახტზე ასული იესე ოსმალების მეშვეობით ებრძოდა აჯანყებულ ქართველებს. ამ ბრძოლაში 19 წლის ჭაბუკი დავით გურამიშვილიც მონაწილეობდა, იბრძოდა ოსმალების და გამყიდველ იესეს წინააღდეგ.

„… არ იმართვოდა ლაშქარი ზედაველაზე დატევით;

მათ ჩვენმან ჯარმან აჯობა პირველ მისვლაზე შატევით,

მაგრამ ბოლოს კი დამარცხდა შინათვე ნაღალატევით“.

„მათ ჩვენმა ჯარმან“ – ამ სტრიქონით კარგად საცანურდება ბარიკადების რომელ მხარეს იდგა პოეტი – სულაც რომ არ ებრძოლა უშუალოდ ხმლით.

სწორედ მოღალატე იესესთან დაპირისპირების გამო ხომ არ მოუწია მას და მის

ოჯახს გადამალვა და გახიზვნა ლამისყანაში? ერთმანეთზე ძვირის თქმა სხვა ხომ არაფერია თუ არა დასმენა? და სად დაასმენდნენ თუ არა იესესთან, რომელიც მაშინ ზეობდა? აკი ამბობდა კიდეც პოეტი „ჩემი ცოდვაც მისცემია, ჩემს ამომგდებს, ამამბზარავს“…

რატომ არ დაბრუნდა საქართველოში?

თუ ამ ფიქრთა ჯაჭვს გავყვებით უფრო გასაგები გახდება, რატომ არ დაბრუნდა უკანასკნელ ამოსუნთქვამდე სამშობლოს მეტრფე პოეტი სამშობლოში, როცა თავი დააღწია ლეკების ტყვებას? რატომ წავიდა მოსკოვს, ვახტანგ მეექვსის კარზე? როცა ბევრად ახლო იყო სამშობლო? განა არა ჰგავს ეს ყოველივე იმას რომ დიდი პოეტი სამშობლოდან პოლიტიკური ნიშნით იყო დევნილი?

იმ ხანად ჯერ ისევ მისდამი მტრულად განწყობილი ძალები განაგებდნენ ქართლს და ამიტომ ვერ დაბრუნდა სამშობლოში და არა იმიტომ რომ მის სამშობლოში უბრალოდ ანარქია სუფევდა… მხოლოდ ანარქიას რომ გაჰქცეოდა პოეტი, რა განსხვავება იქნებოდა „დავითიანის“ მამასა და იმ ათიათასობით ქართველს შორის რომლებმაც ამ ბოლო წლებში მიატოვეს ქვეყანა?

ამ ყველაფერზე დავითი დუმს „დავითიანში“. მხოლოდ ირიბად თუ ფანტავს მინიშნებებს აქა-იქ… არადა, ერთი შეხედვით გასაკვირია, ის ხომ თავის თავგადასავალს გვიამბობს და რატომ უნდა მალავდეს ამ ფაქტს?

თუ დავაკვირდებით, მივხდებით რატომაც, ამით მისი თავგადასვალი იქნებიოდა ერთი კონკრეტული, კერძო შემთხვევა, და არა ტიპიური და განსაზოგადებლად ვარგისი. დავით გურამიშვილმა თავისი თავი პერსონაჟად გამოიყვანა იმისთვის რომ ეჩვენებინა, თუ რა გადახდებოდა ხოლმე ქართველ კაცს საზოგადოდ იმ ეპოქაში და არა იმისთვის რომ თავისი ბიოგრაფია მოეყოლა მხოლოდ და გადაეტვირთა კონკრეტული, მხოლოდ მისი ბიოგრაფიის კუთვნი დეტალებით…

ლეკიანობა ლეკიანობად, მაგრამ იქნებ, პოეტის ლეკების მიერ გატაცებაც იესეს ბანაკის მხრიდან ანგარიშსწორების შედეგი იყო? თორემ, თუ ლეკებს მხოლოდ ჯიბის გასქელება სურდათ, როგორც სხვა ყველა შემთხვევაში, რატომ არ ან ვერ მიჰყიდეს ყირიმიელ და ყუბანელ თათრებს? რა დაუწუნეს ყირიმელმა თარებმა დავით გურამიშვილს – ჯანღონე? გურამიშვილი ხომ შემდეგ ჰუსართა პოლკში ჩაირიცხა და იბრძოდა ხან თურქების, ხან შვდების და ხანაც პრუსიელთა წინააღდეგ? განა წარმატებული ჰუსარი და პენსიაში პორუჩიკის ჩინით გაშვებული გურამიშვილი მუშახელად მაინც არ ივარგებდა? ან რატომ სთხოვდნენ რწმენის შეცვლას, ქრისტეს სჯულზე უარის თქმას?

აკი ამბობს კიდეც, ირიბად გვანიშნებს კიდეც „ავ კაცს კარგი ვით ვუძებნო, ორმოს ჩამსვა თავს დამარქო?“ – ის რომ უბრალოდ ლეკებს გაეტაცათ, განა ამხელა ამხელა მარაქაში გარევდა ლეკების ბრბოს? ისიც ხომ ცხადია, რომ პოეტი, თავის პოეტურ, „ქართლის ჭირად“ სახელდებულ ქართლის ცხოვრებაში პირუთვნელად აღგვიწერს იესეს როლს? განა რადიკალიზმს ასაკში მყოფი ჭაბუკი უფრო ხმამაღლა არ ამხელდა მას და განა  მაშინ დამალავდა თავის პირუთვნელ პოზიციას, არ დასძრახავდა მის საძრახ საქციელს, როგორც პოემაში სძრახავს?

ხომ ამბობს კიდეც, „სჯობს ტყუილით ქვე ყოფნასა, ზე სიმართლით ავიბარგო, ვაზის მრგველთან ის არ ვაქო, ვინც მის ნაცვლად ძეძვი დარგო“-ო, „მე თუ გინდა თავიც მომჭრან, ტანი გახდეს გასაბერად, ვინც არა ჰგავს კახაბერსა მე ვერ ვიტყვი კახაბერად“-ო?!

ხომ იცის მან რომ მძრახველს ძრახვა თვით რომ ავად მოუხდება, მაგრამ სიავის ფარვა რომ არ მოუხდება ქვეყანას?

გურამიშვილს, თავის დროზე რომ კახაბერი დარექმია ძეძვისმრგველ იესესთვის, იქნებ არც გაეტაცათ ლეკებს („ლეკებს გამოძახებით“…), იქნება შვილებშიც გაფუფუნებულიყო საგურამოში, მაგრამ ეხსომებოდა დღეს ვინმეს? ან მის „დავითიანს“ ექნებოდა ეს ფასი? ან დაწერდა კი საერთოდ იმ კომპრომისზე წამსვლელი ამ მართლაც შემზარავ და ტანში ჟრჟოილვის ამტეხ სტრიქონებს, ინებოდა კი მისი ჰიმნოგრაფია ასე რიგად განათებული ღვთიური მადლით და ნათელით?..

და კიდევ

დამაფიქრებელია ერთი რამეც – თუ გურამიშვილი პოლიტიკურ პერიპეტიებში იყო ჩართული, რატომ 1724 წელსვე არ გაჰყვა ვახტანგ მეექვსეს? ნუთუ მისთვის ერთი ადგილი ვერ გამოიძებნა 1 200 კაციან ამალაში? იქნებ იმიტომაც არ გაჰყვა, რომ ის არც იყო რომელიმე პოლიტიკური ბანაკის წევრი. და ის როგორც მამულიშვილი ისე დაუპრისპპირდა იესეს ავკაცობას და ოსმალთა გაბატონებას? ეს გარემოება მაღლა აყენებს პოეტს, თორემ ის რომ ვახტანგის ბანაკის წევრი ყოფილიყო და მხოლოდ ამიტომ დაპირისპირებოდა მათ, ვისაც ვახტანგი უპირისპირდებოდა, მის ნათქვამი სიმართლე ორშაურიანი იქნებოდა, როგორც ყველა სიმართლე, რომელიც პოზიციური აზროვნების ღვიძლი შვილია და არა ჭეშმარიტების მაძიებელი აზროვნებისა.

გურამიშვილი ვინმეს მხარეს კი არაა და იქიდან იმ სამრეკლოდან კი არ რეკავს, იმის მხარესაა ვის მხარესაცაა ჭეშმარიტება.

ისტორიამ თავის სახელი დაარქვა ვაზის მრველებსაც და ძეძვის მრგველებსაც.

ისტორია მოგვიანებით ამბობს სიმართლეს, ისეთი პოეტები და მამულიშვილნი კი, როგორიცაა გურამიშვილი იმწუთიერად სვამს უტყუარ დიაგნოზს.

და განა ბევრს დაუსვამს აგრე რიგად უტყუარი დიაგნოზი ქართლისთვის და მისი ჭირისთვის? თითქოს საპოერაციო სარეცელზე ეწვინოს პოეტს ქართლი  – გაკვეთილი და ისე გვესაუბრებოდეს მისი ჭირის გამომწვევ მიზზეზებზე…

ვახტანგის კარიდან ისევ ტყვეობაში

ვახტანგის კარზე დავითი დიდი პატივით მიიღეს, ჯაბადარბაშის საკმაოდ მაღალი თანამდებობა უბოძეს, იარაღის საწყობები ჩაბარარეს. აქ იგი პოეტურ შეჯიბრებებშიც იღებს მინაწილეობას და პოეტის სახელსაც იხვეჭს.

ვახტანგი და მისი მრავალრიცხოვანი ამალა რუსეთის დახმარებით საქართველოში დაბრუნების და ტახტის დაბრუნების იმედს არ კარგავდა. მაგრამ ამაოდ, გეოპოლიტიკური ამინდი კიდევ უფრო გაუარესდა და ვახტანგი იმედგაცრულებული მიებარა ასტრახანის მიწას.

რუსეთი არჩევანის წინაშე დააყენებს ვახტანგის ამალას – დაბრუნდნენ სამშობლოში, ან აღიარონ რუსეთის ქვეშევრდომობა და ჩადგნენ მეფის შეთავაზებულ სამსახურში. სანაცვლოდ მიწებს პირდებოდნენ სხვადასხვა გუბერნიებში. დავით გურამიშვილმა ქართველთა კოლონიის უმრავლესობის მსგავსად აღიარა რუსეთის ქვეშევრდომობა. თუმც კი ეს შემდეგ მწარედ ინანა:

„შევსცდი და მწყემსსა წაუველ, გაუდექ მრუდათ ძოვნასა“..

დავით გურამიშვილს მამულები ერგო უკრაინაში, მირგოროდსა და იქვე ზუბოვკაში, 30 კომლი ყმით. მაგრამ არც ამჯერად ეღირსა მშვიდი ცხოვრება, ჩაირიცხა ქართველ ჰუსარა პოლკში, პოლკში, რომელიც 1739 წლიდან მონაწილებდა ხანგრძლივ, დამქნცველ ყირიმის ომში, თურქეთის მრავალრიცხოვანი არმიის წინააღდეგ. ამ ომში რუსის ჯარმა შეუსვენებლივ ე.წ მარშბრასოკით გაიარა ათას კილომეტრამდე. ეს ომი დასრულდა რუსეთის გამარჯვებით. ამ ომში თავი ისახელეს ქართველმა ჰუსარებმა, მათ შორის დავით გურამიშვილმა. იგი ჯერ კაპრალად, შემდეგ კი ასეულის კვარტირმეისტრად დაუწინაურებიათ. 1740 წლიდან კი იგი უკვე ასეულის ვახტმისტრი გამხდარა. მალე ქართველები ჩრდილოეთში გადაისროლეს და პოეტი 1741-42 წლებში ფინეთში შვედების წინააღდეგ იბრძვის.

მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდება უკრაინაში, გაპატრახებული მამულის მოწესრიგებას დაიწყებს და ისევ ომში გაიწვიეს.

„ფეტვი ბევრი მოვიყვანე, მაგრამ ვერა ვშჭამე ჭადი,

მე მომითხრეს მანდედამე ახლა ადექ, სხვაგან წადი.

ძალ-უნებრივ წამიყვანეს, სადაც არა ვიყავ მწადი,

ვამე ტკბილო სიცოცხლეო, შენ რომ ასე გამიმწარდი!“

ამჯერად პოეტი პრუსიელების წინააღდეგ იბრძვის. კისტრინის სახელგანთქმულ ბრძოლაში, რუსთა და ქართველთა კავალერიამ საშინელი სისწრაფით შეუტია მტერს, პრუსიელები შედრკნენ და უკუიქცნენ. მტერს დავითიც მისდევდა. მაგარმ მისი ცხენი ჭაობში ჩაიფლო, ცხენიდან ჩამოვარდა და… მხარდაშავებული, თითქმის უგონო მდგომარეობაში მყოფი პრუსიელებს ჩაუვარდა ხელში ტყვედ. წელიწადზე მეტხანს იყო სხვა ტყვეებთან ერთად მაგდებურგის ციხე-ბასტიონში.

უკრაინაში

ტყვეობიდან დასნეულებული გამოვიდა, აღარც დაზიანებული მხარი აღუდგა და 54 წლის დავით გურამიშვილი, როგორც მძიმე ავადმყოფი სამხედრო სამსახურიდან პატივით და პორუჩიკის ჩინით გააცილეს პენსიაში.

უკრაინაში დაბრუნებულ პოეტს მამული მთლიანად გაპარტახებული დახვდა, კვლავ მოიკრიბა ძალა და ახალგაზრდა მეუღლესთან ტატიანა ვასილის ასულთან ერთად მოაწესირგა გაჩანაგებული სახლ-კარი, სადაც გაატარა დარჩენილი ცხოვრება. სწორედ აქ და სწორედ ამ პერიოდში იღებს საბოლოო სახეს „დავითიანი“… 1787 წლს შეიტყობს, რომ უკრაინაში, პოტიომკინის კარზე იმყოფებოდა ქართველთა ელჩობა – ერეკლეს ვაჟის მირიან ბატონიშვილის მეთაურობით, მოაწსრიგებს, გადასწერს და სასოებით გადასცემს მას თავის პირმშოს – „დავითიანს“. სწორედ ამ ბედნიერი შემთხვევის წყალობით გამოიკვლევს „დავითიანი“ გზას საქართველოში… თავად მხცოვან პოეტს კი სულ რამოდენიმე წელიწადში – 1792 წელს მიიბარებს უკრაინის მიწა…

ბოლო წლებამდის არ დაუკარგავს მას ღვთის რწმენა და სულიერი მხნეობა, მაშინაც კი როცა უკვე დავრომილი, ცალი თვალით ბრმა და მეორითაც ცუდად მხედველი იყო, გულს უკოდავდა „სევდის ლახვარი“ და აღარც სამშობლოში დაბრუნების იმედი ჰქონდა.

%d bloggers like this: