Tag Archives: დავით ნარმანია

„აი, თითი“! „აი ხე“!

5

გამოქვეყნდა გაზეთ “ქრონიკა+”-ში, 2012 წლის 15 ივლისს, საავტორო რუბრიკაში “მეცამეტე გვერდი”.

რეზო შატაკიშვილი

ხელისუფლება გამარჯვებას ზეიმობს. არადა, საზეიმო არც არაფერია. ან არ უწყიან, ან თავს არ უტყდებიან, ან კიდევ – ამომრჩეველს, ამ გამარჯვებაში რაოდენი დამარცხებაა. კი, რიხით გვიცხადებენ, რომ ნარმანიას 72%-მა მისცა ხმა. ფრთხილად, ფრთხილად, ე, მანდ, ზვიად გამსახურდიად არ შემოგვასაღოთ! დააყოლეთ, ბატონებო, რომ არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 72%-მა მისცა ხმა ნარმანიას და ისიც არ დაგავიწყდეთ, თბილისელი ამომრჩევლის რა პროცენტი გეწვიათ არჩევნებზე – 34,3%. რეალურად, თბილისის ამომრჩევლის ორმა მესამედმა ზურგი გაქციათ თქვენც და ნაციონალურ მოძრაობასაც. როგორ ფიქრობთ, ესაა უფრო მნიშვნელოვანი მარცხი თუ ის გამარჯვება – ერთი მესამედი რომ მოვიდა არჩევნებზე და იმ ერთი მესამედის 72%-მა მოგცათ ხმა? თბილისის ბედი 222 000-მა კაცმა გადაწყვიტა.

არადა, რა არ იღონეს, თუნდაც ეს 34% რომ მიეყვანათ საარჩევნო ურნებთან? ისტორიაში ჯერ არ გაგონილი „სეილებიც“ კი მოიგონეს. მარკირებული თითით დედებს ბალღების „მაკდონალდსა“ და „ვენდისში“ 20%-იანი ფასდაკლებით წაყვანა შესთავაზეს, გაჩანაგებულ პენსიონერებს წამლების 22%-იანი ფასდაკლებით ყიდვა აფთიაქებში, „გუდვილი“ და „სმარტი“ 15%-იან სეილზე ეპატიჟებოდა ხალხს, „გალფი“ და „ვისოლი“ კი 5 თეთრით ნაკლებად უსხამდა ბენზინს. ეს მამაძაღლი, ამ ერთი დღით მაინც გექციათ რეალობად თქვენი წინასაარჩევნო ბოდვა-ლეგენდა და ლარით ნაკლებად ჩაგესხათ ბენზინი. აი, იმ ლარით, მიშა რომ ლიტრ ბენზინზე იდებდა ჯიბეში. რა იყო, 5 თეთრით მეტზე ვერ დაიყოლიეთ მიშა? არ გითმობთ? მოკლედ, რა მსუნაგია ეს მიშა, ძალაუფლება უდრტვინველად დათმო და ლიტრ ბენზინზე ლარს არ ელევა.

ლიტრი ბენზინი და მიშას ჯიბეში „მდინარი“ ლარი იქით იყოს და რაც თქვენ მოიმოქმედეთ, ცხადია, ჯდება კანონის ფარგლებში, მაგრამ რა არის, თუ არა ხვეწნა-მუდარა, რომ ამომრჩეველი არჩევნებზე მიგეყვანათ და მეტიც – მათი მიტყუება არჩევნებზე? და ვის დააჯერებთ, რომ ან ამ აფთიაქებს, ან სხვა კომპანიებს ასე აღელვებდათ ამომრჩევლის აქტივობა, ამხელა ხარკი რომ გაიღეს? ეს რომ მიშას დროს მომხდარიყო, ქოშებს ხომ წაღმა-უკუღმა გაისროდით და ერთ ამბავს ატეხდით, რომ მიშა ბიზნესზე ძალადობს? რაც მიშას დროს ბიზნესზე ძალადობა იყო, ახლა იმას კეთილი ნება დაარქვით? კი დაარქვით, მაგრამ რატომ არ კითხულობთ, სჯერა ეს ვინმეს თუ არა? თუ სულაც არ გაინტერესებთ, რას ფიქრობს ან არჩევნებზე მოსული ის 27%, ვინც ხმა მელიას მისცა, ან მეტიც – საერთოდ, ამომრჩევლის 66%, ვინც საერთოდ ზურგი აქცია არჩევნებს და თითის მარკირების ნაცვლად, თითების სულ სხვა კომბინაცია დაგანახვათ? ხომ არ გგონიათ, რომ ამ 66%-მა საერთოდ ხელი აიღო ყველაფერზე? არ დაგავიწყდეთ, რომ მომავალი არჩევნების ბედს სწორედ ეს 66% გადაწყვეტს. თავს ნუ დაიმშვიდებთ, რომ ეს 66% თქვენიანები არიან, რომლებიც ბრმად გენდობიან, ისე ბრმად, რომ თავსაც არ იწუხებენ და არჩევნებზეც არ მოდიან. არც ის დაგავიწყდეთ, ან ეგ 72% როგორ მოაგროვეთ. კარგად გაიხსენეთ პირველი ტურის შედეგები. დათონორ ნარმანიამ 46% ძლივს აიღო, სულ 151 807 კაცმა მისცა ხმა. ახლა 46% 72%-ზე ავარდა და 151 807 კაცის ნაცვლად, 222 066-მა მისცა ხმა. ნამდვილი და არა ღარიბაშვილისეული არითმეტიკით, ნარმანიას პირველ ტურთან შედარებით 70 259 კაცით მეტმა მისცა ხმა. ამ 70 000-ს კაცს ახლა გაახსენდა არჩევნებში მონაწილეობა? ამ „სეილებით“ მიიზიდეთ, თუ ეს ის 70 ათასი ადამიანია, ვინც პირველ ტურში სხვა კანდიდატებს მისცა ხმა? დაიხ, დიახ! დიმიტრი ლორთქიფანიძეს 42 208 კაცმა მისცა ხმა, ირმა ინაშვილს – 17 684-მა, კახა კუკავას – 7 642-მა, ანუ ჯამში 67 534 კაცმა და სწორედ ამათ ხომ არ მისცეს ხმა ახლა ნარმანიას? და ნეტა, რით მიიზიდეთ? „სეილებით“? თუ გიგი უგულავას დაჭერით? დიახ, ბატონებო, ამჯერად, სწორად გათვალეთ – გიგი უგულავასთვის ბორკილების დადებით – თანაც კამერების წინ სწორედ ამ აგრესიულად განწყობილი ელექტორატის გული მოიგეთ. მით უფრო იმ ბაკქანალიით, რაც შემდეგ სასამართლოს ეზოში დაატრიალეთ თუ ვერ აღკვეთეთ! წინასაარჩევნოდ მოწყობილმა ჰიჩკოკმა გაჭრა. შურისძიებას მოწყურებული ელექტორატის გული მოიგეთ და ხმებიც მოიზიდეთ, მაგრამ ვერ ატყობთ, რომ პროცესი „ჩიტო, ჩიტო, ჩიორას“ ზღაპარს ემსგავსება? როდემდე გადაუგდებთ ამგვარ ელექტორატს „ბარტყებს“? წინ კიდევ 2 წელი გაქვთ, 2 წლის შემდეგ არჩევნები და როგორ ფიქრობთ, გეყოფათ ნაციონალები? თუ მერე ხადურს „გადაუგდებთ“ და ამით მოიგებთ მათ გულს? არ ფიქრობთ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ეს აგრესიული ელექტორატი ისევ იმათ მისცემს ხმას, ვისაც აძლევდა? ვისაც მისცა პირველ ტურში?

სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ამომრჩევლის ორი მესამედი არც მივიდა არჩევნებზე, საზოგადოებაში უკვე აჩენს მესამე ძალის მოლოდინს. უკვე ჩნდება ვარაუდები, რომ ეს ორი მესამედი ახალი პოლიტიკური ძალის მოლოდინშია. გარკვეულ თუ გაურკვეველ პირებს უკვე ესახებათ კიდეც ლევან ვასაძე ამ მესამე ძალად, მაგრამ სულ ტყუილად. რატომ? იმიტომ, რომ ამ არჩევნებზეც, სწორედ ამ მეორე ტურზეც, შეგეწიათ ეკლესია ამბიონიდან – სამებაში ქორეპისკოპოსმა იაკობმა პირდაპირ მოუწოდა მრევლს ნარმანიას მხარდასაჭერად. აბა, სხვა რანაირად უნდა იქნეს გაგებული მისი ქადაგება, სადაც ის ნაციონალებს გვერდზე განდგომისკენ მოუწოდებს? თავისთავად ცხადია, ქორეპისკოპოსის ძალისხმევამ ხელი შეუწყო და, გარკვეულწილად, განსაზღვრა კიდეც თქვენი გამარჯვება ამ მეორე ტურში, გამორიცხული არ არის, რომ შემდგომ საპარლამენტო არჩევნებში ეკლესიამ სწორედ ვასაძეს დაუჭიროს მხარი, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეკლესიის მოწოდებასაც აღარ აქვს ის ძალა, რაც ჰქონდა 2012 წლის არჩევნებზე. ფაქტია, რომ მათი მოწოდების მიუხედავად, აქტივობა აქამდე არსებულ ყოველგვარ ნიშნულს ჩასცდა. საერთოდ კი რა ამის პასუხია და, ვინმე დაფიქრებულა, რომ, საერთოდ, ეკლესიის, თუნდაც პატრიარქის რეიტინგები რბილად, რომ ვთქვათ, გაზვიადებულია? დიახ, იმ მაღალ პროცენტებზე მოგახსენებთ, სხვადასხვა დროს რომ ფიქსირდებოდა კვლევებში, ხან 93%-იანი ნდობა, ხან 86%-იანი. კი მაგრამ, ამ მრავალეროვან საქართველოში 300 ათასამდე აზერბაიჯანელი ცხოვრობს, ისინი საქართველოს მოსახლეობის 6,6%-ს შეადგენენ, ამ ქვეყანაში ცხოვრობს 250 ათასამდე სომეხი (5,7%), დამეთანხმებით, რომ იშვიათი გამონაკლისების გარდა, ამ ერის წარმომადგენლები საერთოდ არ არიან მართლმადიდებლები. ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოს 9,9% მუსლიმანია, 3,9% სომხური წმინდა სამოციქულო ეკლესიის მრევლია, 0,8% კათოლიკეა, ახლა ამ ყველაფერს დაუმატეთ სხვადასხვა კონფესიები – იეღოვას მოწმეები, ბაპტისტები და ა. შ. და ამიხსენით, რანაირად აქვს პატრიარქს 93%-იანი ნდობა? არც ის დაივიწყოთ, რომ მართლმადიდებელთა გარკვეული ნაწილი ეკლესიას და რწმენას სულაც აღარ აიგივებს, კიდევ უფრო დიდი ნაწილი კი სულაც არ ენდობა სამღვდელოებას, რაც გასაკვირი სულაც არაა, მწამდეს ღმერთი, დავდიოდე ეკლესიაში, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვენდობი მათ, ვინც იქ ქადაგებს. მით უმეტეს, ვენდობოდე ისე ბრმად, რომ ვისზეც მეტყვის, ის შემოვხაზო არჩევნებზე. არავინ დაობს, რომ ეკლესიას დიდი ძალა აქვს, იქნებ, საბედისწეროც, მაგრამ როცა ნდობა პროცენტებში გადაგვყავს, პროცენტებით ვილაპარაკოთ – როცა ტარანს ვითვლით, ტარანი ვთვალოთ. ფაქტია, რომ ქორეპისკოპოსის მოწოდებამ – არჩევნებზე მისულიყვნენ, დიდად ვეღარ გაზარდა აქტივობა და მცირეა ალბათობა, რომ ასპარეზზე მათი ხელდასხმით გამოსული ვასაძე ეგულებოდეს მესამე ძალად ელექტორატის იმ 66%-ს, რომელმაც ყური არ ათხოვა ქორეპისკოპოსის ქადაგებას. ამომრჩევლის ამ ნაწილის განწყობებში რომ დიდი გადალაგება ხდება ფაქტია, ხომ ფაქტია, რომ საპარლამენტო არჩევნებზე დედაქალაქში „ოცნებას“ ხმა მისცა 433 700-მა კაცმა და ახლა, მეორე ტურში – 222 000-მა და, ლამის, ამდენივემ, – 211 000-მა კაცმა აღარ მოგცათ ხმა? თავს იმით ნუ დაიმშვიდებთ, რომ მაშინ ნაციონალებს დედაქალაქში 172 494 კაცმა მისცა ხმა და ახლა, ამ მეორე ტურში, 84 350-მა კაცმა, ანუ ხმები მათაც გაუნახევრდათ. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს რადარებიდან „გამქრალი“ ძალაა, თან ოპოზიციური და თქვენს ხელისუფლებაში მყოფი ძალა. და რომ ყველა უკეთურებაზე, პრობლემაზე თქვენ მოგეთხოვებათ პასუხი და არა მათ. კი, ეჭვიც არ მაქვს, კვლავაც სარფიანად გადააბრალებთ მათ ყველა უბედურებას, „9 წელი“ კვლავაც აქტუალური იქნება, ამ „კოზირს“ თქვენგან ხელდასხმული ნარმანიაც არაერთხელ გამოიყენებს, ყინჩად გამოაცხადებს იმას, რომ გიგი-მაჰმად-ხანის აოხრებული თბილისი ჩაიბარა, რომ ამ ქალაქში არც შუქი იყო, არც წყალი და არც ის ყბადაღებული ასფალტი, 9 წელი რომ არავის უნდოდა ჭამა, მაგრამ იცოდეთ, ეს დიდხანს ვერ გასტანს. რომ ვერ გასტანს, სწორედ ამის დასტურია ეს დაბალი აქტივობა და ნუ გგონიათ, რომ ამ ორ წელიწადში ეს აქტივობა სათქვენოდ აიწევს. დამიჯერეთ, ამ საქმეს არც მილიონი ხე უშველის, ჯერ ერთი, რომ „ასი ქარხნის“ არ იყოს, ეგ მილიონი ხეც შეუსრულებადია და რომც შეასრულოთ, ეს თქვენი დარგული ხეები 2 წლის შემდეგ ჯერაც ნერგები იქნება – კოჭებსაც ვერ გაუნიავებს ელექტორატს და შედეგად არც ჩაგეთვლებათ. არც ის დაგავიწყდეთ, რომ დიდად არც არავის ხიბლავს უსიერ, დაბურულ ტყეში ცხოვრების პერსპექტივა. მერწმუნეთ, არც იმ 222 ათას ამომრჩეველს მოეწონება „კრასნაია შაპოჩკასავით“ ტყეში ცუნცული. ნურც მესამე ძალის გამოჩენის და მისი სისუსტის იმედი გექნებათ. თუ ეს მოხდა, მით უფრო სავალალო შედეგი დადგება თქვენთვის, ხალხი ისევ ნაციონალური მოძრაობისკენ იბრუნებს პირს. ინერტულობა, გულგრილობა დროებითი მდგომარეობაა, ახლა არ ჰქონდათ იმედი თქვენი დამარცხებისა და წაგებულ არჩევნებზე მისვლით თავი არ შეიწუხეს. როგორც კი ძალას იგრძნობენ, როგორც კი თქვენი მარცხის სურნელი დატრიალდება, სწორედაც რომ არ დაეზარებათ არჩევნებზე მოსვლა და თქვენი შემოხაზვა კი არა – თქვენთვის მოხაზვა. განა, ასე არ იყო ოქტომბრის არჩევნებზე? ნუ გგონიათ, რომ მაშინ თქვენ გამოგყვნენ. არა, ბატონებო, მათ სჯერათ, რომ ფულს დიდი ძალა აქვს და დაიჯერეს, რომ ეს დიდი ფული დაამარცხებდა წინა ხელისუფლებას და ამაში არც შემცდარან. მერე რა, რომ იმაში შეცდნენ, რომ ეს ფული მათზე განაწილდებოდა? ხოდა, ამ თავის შეცდომასაც თქვენ გადენენ ძმრად, აბა, თავის თავს ხომ არ დასჯიან? ლომის არ იყოს, აბა, ჩემს შვილს ხომ არ დავსჯიო?.. დიახ, თავის შეცდომაზეც თქვენ გაგებინებენ პასუხს და თქვენს უნიათობაზე და შეცდომებზეც. „მაკდონალდსში“ შეღავათიან ფასად მოხვედრით ვეღარ მოიტყუებთ ურნებთან, აღარც დაგჭირდებათ ხვეწნა-მუდარა, ისე მოვლენ და გაგისტუმრებენ პოლიტიკური საიქიოს გზას. მერე თქვენგან გარიყული პრეზიდენტიც კიდევ უფრო მიეცემა სევდას და ვეღარც მოგილოცავთ გამარჯვებას. მას ხომ ეს ფუნქციაღა დაუტოვეთ. ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი არ მოაწერინეთ, ექსპრეზიდენტი შევარდნაძე არ დაატირებინეთ, მადლობა ღმერთს, ნარმანიასთვის მაინც მიალოცინეთ გამარჯვება, მაგრამ იქნება და სჯობდა ახლაც დაგებრიყვებინათ? ხანდახან მგონია, რომ ღარიბაშვილი არც ტყუის მასთან, გასაქანს რომ არ აძლევს. მგონია კი არა, დარწმუნებულიც ვიქნებოდი, თავად ღარიბაშვილი რომ უარესი „სიბრძნეებით“ არ გვიმასპინძლდებოდეს. ახლა კი ბატონმა პრეზიდენტმა რა ბრძანა? თურმე, ეს ყოფილა ისტორიული მომენტი, რომლიდანაც საქართველოში რეალურად იწყება პოლიტიკური კულტურისა და თვითმმართველობის განვითარება. „ამ არჩევნებით ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთი დამაჯერებელი ნაბიჯი გადადგა ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ და ისე, როგორც არასდროს, მიუახლოვდა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს“, – ბრძანებს ბატონი პრეზიდენტი, მაგრამ, იქნებ, განგვიმარტოს, „დემოკრატიის კონსოლიდაცია“ სადაური ხურმაა? ინდის? ან რომელ ისტორიულ მომენტზე საუბრობს? ერთი მისი არჩევა იყო ისტორიული მომენტი და მეორე ახლა გვიდგას ეს ისტორიული მომენტი. ისე, მეტი ისტორიული მომენტი რა გინდა, ავირჩიეთ (უფრო სწორად – აირჩიეთ, კიდევ უფრო სწორად – ბიძინამ აირჩია) პრეზიდენტი, რომელიც ქსოვით იქცევს თავს და იქარვებს მარტოობით მოგვრილ კაეშანს და საინტერესოა, მერი ნარმანია რით შეიქცევს თავს, თუკი მასაც დაუქნევენ თითს? სწავლა სიბერემდეო და, ალბათ, ბატონი პრეზიდენტი არ დაზარდება, შეასწავლის ქსოვას. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ამომრჩეველი მათაც და მათთვის თითის დამქნევსაც ერთად არ დაუქნევს მარკირებულ თითს, ან მეტიც – არ აჩვენებს სამი თითის კომბინაციას.

ზურაბ ჭიაბერაშვილი: „არც საპროტესტო აქციებზე დავიხევთ უკან!“

„ბეჟაშვილის საქმე აუცილებლად წავა სტრასბურგში!“

zurab

ინტერვიუ დაიბეჭდა გაზეთ “ქრონიკა+”-ში.

რეზო შატაკიშვილი

ნაციონალურ მოძრაობას ცემა, ძალადობა, მით უფრო, საარჩევნო პერიოდში – კარგად აქვს დაცდილი. როგორც წესი, ეს ხელისუფლებაში მისი მოსვლით მთავრდება. ასე იყო 2003 წელს, გავიხსენოთ ბოლნისი, ბათუმი… ის, რაც დღეს ხდება, შეიცავს თუ არა მოვლენების იმგვარად განვითარების საფრთხეს?

 „ქრონიკა+“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჭიაბერაშვილს ესაუბრება.

 ზურაბ ჭიაბერაშვილი: ამ ხელისუფლების ჩატარებულ ორ არჩევნებს, საპრეზიდენტოსა და ადგილობრივს თუ შევადარებთ, ეს მოგვცემს საშუალებას დავინახოთ, გვაქვს თუ არა ის ტენდენცია, რაც იყო 2003 წელს. უნდა ითქვას, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს დიდი დრო არ იყო გასული და მოლოდინი ჯერ კიდევ არსებობდა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის ფულს დახარჯავდა. აშკარა იყო „ქართული ოცნების“ საარჩევნო უპირატესობა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც იყო ძალადობის ფაქტები წინასაარჩევნო პერიოდში, იგივე ზუგდიდში, ბათუმში, პრაიმერისის ჩატარების დროს, საპრეზიდენტო არჩევნებმა მაინც შედარებით ნორმალურად ჩაიარა, მაგრამ ხელისუფლების დემოკრატიულობა ფასდება იმის მიხედვით, რამდენად რჩება წესების ერთგული და რამდენად იცავს თამაშის წესებს კონკურენტულ გარემოში. აქედან გამომდინარე, ახლა, ადგილობრივ არჩევნებზე, როცა მაღალი იყო კონკურენცია, დავინახეთ, რაც მოხდა – მასობრივი ძალადობა, დაპატიმრებების ტალღა ადგილობრივ დონეზე, გამგებლობის სამი კანდიდატი წინასწარ პატიმრობაშია, იყო ფიზიკური ძალადობის, შანტაჟისა და ზეწოლის ტალღა. ამ არჩევნებზე უპრეცედენტოდ მაღალი იყო კანდიდატურების მოხსნა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყველა კანდიდატმა ზეწოლის გამო მოხსნა კანდიდატურა, იყვნენ კანდიდატები, რომლებმაც, უბრალოდ, საარჩევნო კანონმდებლობის ნორმები ვერ დაიცვეს, მაგრამ მინიმუმ 50-მა კანდიდატმა ზეწოლის გამო მოხსნა კანდიდატურა.

– სხვა ოპოზიციური პარტიებიც აცხადებდნენ, რომ მათ კანდიდატურებს აიძულებდნენ მოხსნას.

– რა თქმა უნდა. მაგალითად, დმანისში ცესკოს ჩარევა გახდა საჭირო, რომ მთლიანად ჩვენი სია არ მოხსნილიყო, ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა ბურჯანაძის სია. ვანო მერაბიშვილის სოფელში მაჟორიტარად დარჩა ერთადერთი კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“, სხვა ყველა მოიხსნა. იცოდნენ, თუკი ვინმე იქნებოდა სხვა კანდიდატი, ის გაიმარჯვებდა და სოფელს თავზე მოახვიეს თავისი „ოცნების“ კანდიდატი. ღარიბაშვილისთვის იყო პრინციპული, რომ ვანო მერაბიშვილის სოფელშიც კი „ოცნებიდან“ გასული მაჟორიტარი ყოფილიყო. ეს რაც ხდებოდა წინასაარჩევნოდ. არჩევნების დღეს კი ჩვენ ვნახეთ იარაღით ხელში დარბეული უბნები, პოსტსაარჩევნო პერიოდშიც ვხედავთ, რაც ხდება. საბოლოო ჯამში, სურათი საკმაოდ მძიმეა. ხელისუფლებამ აჩვენა, რომ როდესაც ემუქრება ხელისუფლებიდან წასვლის საშიშროება, იქცევა ძალადობრივად და როცა უფრო დაემუქრება (ღრმად ვარ დარწმუნებული, 2016 წელს სწორედ ასე იქნება), ის კიდევ უფრო ძალადობრივად მოიქცევა. ობიექტური ვიქნები და ვიტყვი, რომ არჩევნების გაყალბების თვალსაზრისით, ამ არჩევნებზე არ ყოფილა იმდენად ტრაგიკული მდგომარეობა, როგორიც იყო 2003 წელს, მაგრამ ამ ხელისუფლებას ზედვე ეტყობა, რომ იქამდეც აუცილებლად მივა.

– საპრეზიდენტო არჩევნები იქნებ იმიტომაც ჩატარდა მეტ-ნაკლებად დემოკრატიულად, რომ მარგველაშვილი, ასე თუ ისე, მაინც აკმაყოფილებდა ხალხის მოთხოვნებს, რასაც ვერანაირად ვერ აკმაყოფილებს ნარმანია?

– ერთიც და მეორეც პირადად ივანიშვილის შერჩეულია და ორივეს მიმართ თვითონ ქართულ „ოცნებაშია“ უკმაყოფილება. მიაჩნიათ, რომ გაცილებით არჩევადი კანდიდატურის წამოყენება შეეძლო ბიძინა ივანიშვილს. მარგველაშვილი გადაარჩინა იმან, რომ მაშინ თვითონ „ოცნებას“ და ივანიშვილს ჰქონდათ უფრო მაღალი ნდობის მანდატი და მარგველაშვილმა აიღო ის ხმები, რასაც აიღებდა თვითონ კოალიცია. ნარმანიამაც ასევე, რაც აიღო კოალიციამ, ზუსტად ის აიღო და ერთი ზედმეტი ხმაც არ აუღია. სხვა კანდიდატი რომ შეერჩიათ, შეიძლება ცოტა უფრო არჩევადი ტიპი ყოფილიყო. მე მარგველაშვილის ადვოკატად ვერ გამოვდგები, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც მისი პრეზიდენტობის სტილი, ვერც მოქმედება და ვერც მისი გაუბედაობა ივანიშვილის მიმართ, მას ის გონიერება მაინც ჰყოფნის, რომ რაღაც საზღვრებს არ გადავიდეს, ნარმანიასგან განსხვავებით. მას ძალიან გაუჭირდება მეორე ტურში. ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებისთვის! ისინიც კი, რომლებიც მას აძლევენ ხმას, არათუ გულში, ღიად აღიარებენ, რომ ეს არ არის ის ადამიანი, ვინც თბილისს გამოადგება მერად, მასში ვერ ხედავენ ვერც გამოცდილებას, ვერც კომპეტენციას, ვერც გაბედულებას, რაც ნამდვილად სჭირდება ამხელა ქალაქის მართვას.

– სწორედ სამსხვერპლოზე ხომ არ მიიტანეს ზვარაკად გიგი უგულავა, რომ დაეკმაყოფილებინათ შურისძიებას მოწყურებული ელექტორატის მუხტი? თორემ აუცილებლობას წარმოადგენდა მისი დაჭერა მაინცდამაინც ახლა? მით უმეტეს, იმავე ღამეს დაიჭირეს თბილისის მეორე ექსმერიც…

– მესამე ექსმერი კი ვარ გასამართლებული… გიგის დაჭერა ბიძინა ივანიშვილის დიდი ხნის ოცნება და გადაწყვეტილება იყო. ივანიშვილს არაერთხელ განუცხადებია, რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა განადგურდეს, მისი ლიდერები უნდა იყვნენ ციხეში, რომ ჩვენ არ გვაქვს პოლიტიკური მოღვაწეობის უფლება და ა. შ. ქართველი ხალხის არჩევანი სხვაგვარია. საზოგადოების უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში აუცილებელია ძლიერი ოპოზიციის არსებობა და საზოგადოება ხედავს, რომ ჩვენ სწორედ ასეთი, ძლიერი ოპოზიცია ვართ. ვინც ჩვენ ხმას არ გვაძლევს, მიიჩნევენ, რომ ნაციონალური მოძრაობა არის ძირითადი ოპოზიციური პარტია და ეს კვლევებშიც ნათლად ჩანს. ამდენად, ბიძინა ივანიშვილის გეგმებში ცვლილება შეიტანა ჩვენმა სიძლიერემ და ქართველი ხალხის არჩევანმა. რაც შეეხება გიგის უშუალოდ ახლა, ამ ვითარებაში დაჭერას, აბსოლუტურად მართალია, ეს უკავშირდება მეორე ტურს: იმდენად რთულია ნარმანიას გაყვანა, რომ აუცილებლად სჭირდებათ აგრესიული ელექტორატის მობილიზება, ეს ელექტორატი შესაძლოა, დიდი არ არის, 8-10%-ია, მაგრამ მაინც ელექტორატია.

– ეს სწორედ ის ელექტორატი ხომ არაა, რომელიც სამართლიანობის არაღდგენის გამო “ოცნებას” ბურჯანაძესთან გაექცა? 

– რა თქმა უნდა, ვინც ხმა მისცა ბურჯანაძეს და პატრიოტთა ალიანსს, სწორედ იმ ელექტორატზე ვსაუბრობ. ეს არის რადიკალური, რუსეთზე ორიენტირებული და რევანშიზმით განმსჭვალული ელექტორატი, რომლის ხმებიც დასჭირდა „ოცნებას“, რომ ნარმანია რამენაირად გაიყვანონ მერად, რადგან საკუთარი ამომრჩევლის მობილიზების არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. ივანიშვილისა და ღარიბაშვილის ამოცანა იყო სწორედ ამ რადიკალურად განწყობილი ადამიანების გულის მოგება, მათი მობილიზაცია. გიგის დაჭერა, პრაქტიკულად, მათთვის გადახდილი ხარკი იყო. ამის გარდა, არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ივანიშვილი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას ელოდებოდა, მას მიაჩნია, რომ მთავარი ხელმოწერაა, ახლა უკვე გზა ხსნილია და შეუძლია აიხდინოს თავისი წელიწადნახევრის „ოცნება“ – ნაცმოძრაობის კიდევ რამდენიმე ლიდერი ჩასვას ციხეში. იგი ფუნდამენტურად ცდება ყველა იმ განცხადებაში, რაც კი საერთაშორისო არენაზე გაკეთდა, მკაფიოდ მიუთითებენ სწორედ ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებზე და კანონის უზენაესობაზე. გიგი უგულავამ განაცხადა კიდეც სასამართლოზე, რომ „სამართლიანობის აღდგენამ“ ჩაანაცვლა კანონის უზენაესობა, რაც სახელმწიფოს მოწყობისა და ჩვენი ევროპული განვითარების ფუნდამენტია. მინდა, დავეთანხმო ბაჩო ახალაიას, რომელმაც სასამართლოზე მოიყვანა პლატონის სიტყვები, რომ უსამართლობის ყველაზე დიდი გამოხატულება მისი სამართლიანობად წარმოჩინებაა. დიახ, „სამართლიანობის აღდგენის“ ფარდის უკან ხდება უზარმაზარი უსამართლობები და უკანონობა. მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, რომ ადამიანს მეათეჯერ შეუფარდო აღკვეთის ღონისძიება, თან აბსოლუტურად მოგონილ და ხელოვნურ საქმეებზე, რომელზეც მოგვიანებით მართლდება. ან როდესაც სასამართლო არ უფარდებს უგულავას აღმკვეთ ღონისძიებას, არ უზღუდავს გადაადგილებას და, პრაქტიკულად, იმავე დღეს, გამთენიისას, მას მაინც აკავებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილმა უთხრა სასამართლოს, – არ აინტერესებს მათი გადაწყვეტილება, ეს კაცი უნდა იჯდეს ციხეში! ეს, რა თქმა უნდა, კეთდება ნარმანიას გასაყვანად, მაგრამ შორსმიმავალი გეგმებიც აქვს – დარტყმა ოპოზიციაზე, პარტიის დაზიანება, რადგან უგულავა პარტიის გამოკვეთილი ლიდერია და მისი დაპატიმრება, გარკვეულწილად, პარტიაზე დარტყმაა. სასამართლოს მიმართ ასეთი დამოკიდებულებით ჩვენ ვკარგავთ სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტიტუტს, სასამართლოს, იმიტომ რომ აქამდე ხელისუფლება, პროკურატურა, ასე თუ ისე, ცდილობდა სახის შენარჩუნებას, ამჯერად კი აბსოლუტურად ყველანაირი მოჩვენებითი სამართლისა და კანონის ფარდაც ჩამოიხსნეს. სრულიად გაშიშვლებულად ითქვა, რომ ეს კაცი უნდა იჯდეს ციხეში. ამ გზას ღრმა კონფრონტაციამდე მივყავართ, საიდანაც გამოსვლა ძალიან რთული იქნება.

– უგულავას ამ ფორმით დაპატიმრება ცხადია, მოეწონა აგრესიულ ელექტორატს, მაგრამ აღაშფოთა საზოგადოების ნეიტრალური ნაწილი. მე არ ვსაუბრობ თქვენს მხარდამჭერებზე, მათთვის უგულავას დაჭერა ყველანაირი ფორმით იქნებოდა მიუღებელი, მე ვსაუბრობ ნეიტრალურ ელექტორატზე, რომლისთვისაც მიუღებელია ძალადობა და რომელსაც სისხლი კი არა, მშვიდობა სწყურია. არაა გამორიცხული, რომ უგულავას დაჭერით, როგორც მოხდა აგრესიული ელექტორატის მობილიზება ნარმანიას სასარგებლოდ, ასევე მოხდეს ძალადობით აღშფოთებული ნეიტრალური ელექტორატის მობილიზაცია მელიას სასარგებლოდ.

– მეც ვფიქრობ, რომ ასეთი ნაბიჯები ამ ხელისუფლებას უფრო აკლებს მხარდამჭერებს, ვიდრე ჰმატებს. 2012 წლის არჩევნებზე, როცა ხალხმა არჩევანი გააკეთა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, ამას ჰქონდა საფუძველი. მე ვსაუბრობ არა იმ რადიკალურ ნაწილზე, რომელსაც, უბრალოდ, სისხლი სწყურია, არამედ საზოგადოების დიდ ნაწილზე, რომელსაც უნდა მშვიდობა, უკეთესი ცხოვრება. რა თქმა უნდა, ისინი ხედავდნენ პროგრესს, მაგრამ ჩათვალეს, რომ ეს არ იყო საკმარისი და თავისი იმედი დაუკავშირეს იმას, რომ აგერ მილიარდერი კაცია, თავის ფულს დახარჯავს და უფრო უკეთესად ვიცხოვრებთ. საზოგადოების ამ ნაწილს შურისძიება კი არა, უკეთესი ცხოვრება უნდოდა, მაგრამ ცხოვრება არ გაუმჯობესდა. ნაცვლად იმისა, რომ სამუშაო ადგილები შექმნილიყო, სამუშაო ადგილები იკარგება. აღმოჩნდა, რომ არც ბენზინი იაფდება, არც ელექტროენერგია, არც გაზი, არც პენსია მატულობს, ცხოვრება ძვირდება. ცხადია, ამომრჩეველი უკმაყოფილოა და ჩვეულებრივ ადამიანს რომ ჰკითხო, დაჭერების გარდა ეს ხელისუფლება არაფერს აკეთებს და ეს დაჭერები არავითარ კავშირში არ არის იმასთან, რასაც კეთილდღეობა მოაქვს თითოეული ადამიანისთვის. ეს რომ პოლიტიკური დევნაა, ამაში ეჭვი არავის ეპარება, რაც კარგად გამოჩნდა იმ რეაქციებშიც, რომელიც მოჰყვა გიგის აბსოლუტურად უკანონო დაპატიმრებას. ვგულისხმობ მანანა კობახიძის რეაქციას, რომელიც სიხარულით შეხვდა ამ ფაქტს, კულტურის მინისტრის მოადგილეს, რომელმაც დააანონსა რეპრესიების ახალი ტალღა. პოლიტიკური დევნაა, როდესაც ხელისუფლება წინასწარ აანონსებს, რომ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს ამას და ამას ვუზამთ და შემდეგ პროკურატურა მიდის და იმ ადამიანებს იჭერს. სამწუხაროდ, სრულ არაკომპეტენტურობას ავლენენ მინისტრები და პარლამენტარები „ქართული ოცნებიდან“, როდესაც ამ სიტუაციას ადარებენ სარკოზის დაკითხვას. ღარიბაშვილმა მოიტყუა, რომ სარკოზი დააკავეს, ის უბრალოდ მიიყვანეს დაკითხვაზე და გაუშვეს, არავის სარკოზი არ დაუპატიმრებია. გარდა ამისა, ძალიან დიდი განსხვავებაა, როდესაც სარკოზი ან ბერლუსკონი მიჰყავთ სასამართლოში, იმასთან, რაც ჩვენს თავს ტრიალებს. კოლის წინააღმდეგაც იყო საქმე პარტიულ ფინანსებთან დაკავშირებით, მაგრამ არც სარკოზის, არც ბერლუსკონის და არც კოლის საქმეს წინ არ უძღოდა პოლიტიკური ოპონენტების, ხელისუფლებაში მყოფი პირების განცხადებები, რომ მათ აუცილებლად დაიჭერდნენ, წინ არ უძღოდა მათი თანაპარტიელების დაჭერები და დაკითხვებზე ტარება, წინ არ უძღოდა განცხადებები ოპონენტების რადარებიდან გაქრობაზე, განადგურებაზე. გარდა ამისა, იქ გამოძიება იწყებს კონკრეტული დანაშაულის ძიებას და შემდეგ ჩნდება, რომ რომელიღაც თანამდებობის პირი, შესაძლოა იყოს ამ საქმეში დამნაშავე. ჩვენთან კი ჯერ განისაზღვრება დამნაშავე და მერე ხდება საქმეების აწყობა. ამიტომაც არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ეს პოლიტიკური დევნაა და სარკოზიზე და ევროპაზე აპელირება უადგილოა. გარდა ამისა, დღეს ვინც სარკოზიზე აპელირებს, სწორედ ისინი საქართველოს პროკურატურასა და სასამართლოს მუდმივად აძაგებდნენ და აგინებდნენ თუნდაც 1 წლის წინათ. ახლა კი, როდესაც მთლიანად დაიმორჩილეს ეს ორი სისტემა და იყენებენ პოლიტიკური დევნის იარაღად, მიაჩნიათ, რომ კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგშია და უბრალოდ ებრძვიან დამნაშავეობას, რასაც, ბუნებრივია, ვერავის დააჯერებენ.

– მეორე ტური ნაცმოძრაობისთვის ეს არის ბრძოლა ბრძოლისთვის, რეიტინგისთვის, ასე ვთქვათ, მზადება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, თუ რეალური ბრძოლა ნიკა მელიას მერად გასაყვანად? მეეჭვება, იმის იმედი გქონდეთ, რომ მას გასაქანი ექნება. პირიქით, ხელისუფლებას საბაბს მისცემს, კიდევ ილაპარაკოს ის, რასაც ლაპარაკობდა, რომ მერი ნაციონალია, რომ ადგილებზე ნაციონალები არიან და ა. შ.

– „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 3 თვეში ძალადობის ტალღამ გადაუარა მთელ ქვეყანას, ყველა საკრებულო ხელში ჩაიგდეს, ადგილი ჰქონდა საკრებულოებში შეჭრას, სკამების ფანჯრებიდან სროლას, დეპუტატების ფიზიკურ შეურაცხყოფას. ამოიღონ და ნახონ ის კადრები. ადგილობრივი არჩევნების გარეშეც მათი იყო უკვე ყველა გამგებელი. ერთადერთი თბილისის მერი იყო დარჩენილი და ისიც უკანონოდ გადააყენეს. ამიტომ ეს არგუმენტი, რომ ამის გამო ვერ აკეთებდნენ საქმეს, აბსოლუტურად უსუსურია. სადაც გამარჯვების შანსი გვაქვს, სადაც მეორე ტურია, თბილისი იქნება ეს, ხონი, თერჯოლა, ყვარელი, თუ სხვა, ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებისთვის, იმისთვის, რომ ხალხს რეალური საქმით ვაჩვენოთ ალტერნატივა. ვაჩვენოთ, რომ საქმის კეთება შეიძლება იმ პირობებშიც კი, როცა გებრძვიან. ყველამ დაინახა, რომ „ქართული ოცნება“ ცენტრალურ დონეზე არაკომპეტენტურია და ასეთივე არაკომპეტენტურები იქნებიან ისინი თბილისშიც. ნარმანია ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო და ჰქონდა შესაძლებლობა უამრავი საქმის კეთებისა. წელიწადნახევრის მანძილზე მას საქმე არ გაუკეთებია. ჩვენ ამ პირობებშიც შევძლებთ მუშაობას. ჩვენი ხელისუფლების დროს ადგილობრივმა თვითმმართველობამ შეიძინა საკმარისი ფინანსური დამოუკიდებლობა, ანუ განსაზღვრულია ფორმულა ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტის მოცულობისა და თუ ამ კანონსაც არ შეცვლიან, ნიკა მელიას, როგორც ქალაქის მერს, ექნება კარგი საფუძველი საიმისოდ, რომ მნიშვნელოვანი საქმეები გააკეთოს ქალაქში.

– დავუბრუნდეთ უგულავას სასამართლოს, გასაგებია, რომ მისი დაპატიმრება დიდი ხანია უნდოდათ და დააპატიმრეს კიდეც, მაგრამ რით ხსნით იმ ფაქტს, რაც მოხდა სასამართლოს შემდეგ, როდესაც დააპატიმრეს კოტე გაბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აქტივისტები?

– ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა დაინახეს, რომ დაჭერების, ზეწოლის მიუხედავად, არათუ ვერ გაგვაქრეს რადარებიდან, პირიქით – მატულობს ჩვენი მხარდაჭერა. თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე თბილისში, საშუალოდ, 19% გვქონდა, ახლა გვაქვს 26% და ეს ზრდა შემაშფოთებელი აღმოჩნდა მათთვის. მათ დაინახეს, რომ თუ ასე გაგრძელდა, პრაქტიკულად, აღარ ექნებათ წარმატება მომავალში და ამიტომაც ცდილობენ, კიდევ უფრო ძალადობრივ სიტუაციაში გადაიყვანონ მდგომარეობა.

– ანუ ის ყველაფერი, რაც სასამართლოს ეზოში მოხდა, ძალის დემონსტრირება იყო?

– დიახ, ძალის ჩვენება. პოლიციის ოპერმუშაკებს პირდაპირი დავალება ჰქონდათ, რომ გამოეწვიათ ქაოსი, არეულობა და მერე ამ მოტივით დაეპატიმრებინათ აქტივისტები, პარტიის წარმომადგენლები. ჩემი თვალით ვხედავდი, როგორ ქმნიდნენ ამ ქაოსს. სასამართლოს გადაწყვეტილება იყო უსამართლო, უკანონო, პირდაპირ ვიტყვი, მოსამართლე გოგინაშვილმა იმ დღეს არა გიგი უგულავას, არამედ საკუთარ განაჩენს მოაწერა ხელი, მიუხედავად ამისა, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას შევხვდით მშვიდობიანად. გიგა ბოკერიამ მიმართა იქ შეკრებილ საზოგადოებას, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. ხალხმა ნელ-ნელა დაიწყო დაშლა, ქაოსი და არეულობა გამოიწვია თავად პოლიციის ქმედებამ, როდესაც მათ მოინდომეს თავისუფალი ზონის ერთ-ერთი ოპერატორისთვის კამერის წართმევა. უკვე კოტე გაბაშვილი ცდილობდა ამ ახალგაზრდების გამოხსნას ძალადობრივი კლანჭებიდან, ამაზე დააპატიმრეს, რაც შეეხება ლევან ბეჟაშვილს, აქ მოხდა უპრეცედენტო რამ საქართველოში: კონსტიტუცია დაირღვა, დააკავეს პარლამენტარი!

– თინა ხიდაშელმა განაცხადა, ლევან ბეჟაშვილი ჯორჯ ქლუნი არაა, რომ ყველა პოლიციელმა სახეზე იცნოსო.

– რა არსებითი მნიშვნელობა აქვს, რას ლაპარაკობს ხიდაშელი? კადრებში ისმის: „პარლამენტარია, რას აკეთებთ?!“ თვითონ ბეჟაშვილმაც განუცხადა პოლიციელებს, რომ პარლამენტარია. სასამართლომ ყველა დანარჩენი დაკავებულის მიმართ გამოიტანა გადაწყვეტილება, ლევან ბეჟაშვილზე მოსამართლემ გადაწყვეტილება ვერ გამოიტანა და გადადო. შევდივარ იმ მოსამართლის მდგომარეობაში, რა უნდა დაწეროს? დეპუტატი დააპატიმრეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, ჯერ ერთი, არც ჩაუდენია და რომც ჩაედინა, დეპუტატის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო დაპატიმრება არ შეიძლება, კონსტიტუციის დარღვევაა. ეს რომ გონიერი ხელისუფლება იყოს, აღიარებდნენ, რომ პოლიციელის მხრიდან ჩადენილია უფლებამოსილების გადამეტება, დასჯიდნენ იმ პოლიციელს, თუნდაც საყვედურით და საერთოდ არ წაიღებდნენ საქმეს სასამართლოში. ახლა გამოვიდა, რომ სასამართლოს ხელში შეაჩეჩეს ცხელი კარტოფილი და სასამართლო ვერ იკავებს ხელში ამ ცხელ კარტოფილს, ფიქრობს, რა ვქნა, რა დავწეროო? რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს, ამას მოჰყვება ყველა შემდგომი ინსტანცია და ბეჟაშვილის საქმე აუცილებლად წავა სტრასბურგში, იმიტომ რომ ეს არის ნაწილი იმ დიდი პოლიტიკური დევნისა, რაც ჩვენ მიმართ ხორციელდება.

– იყო საუბარი, რომ შემოდგომიდან დაიწყება საპროტესტო აქციები. ამ მიმართულებით რას აპირებს ნაციონალური მოძრაობა?

– ისეთი დესტრუქციული და რადიკალური ოპოზიცია, როგორიც ჩვენ გვყავდა, ნამდვილად არ ჰყავს დღევანდელ ხელისუფლებას, ჩვენ გვყავდა ოპოზიცია, რომელიც, პრაქტიკულად, ყოველ 6 თვეში ერთხელ ჩვენ ჩამოგდებას და დამხობას აანონსებდა და ყველაფერს აკეთებდა ამისთვის. მათგან განსხვავებით, ჩვენ არანაირად არ ვფიქრობთ მიზანმიმართულად საპროტესტო აქციებზე და დესტრუქციაზე. ჩვენ თუ საპროტესტო აქცია გაგვიმართავს, ყოველთვის იყო დაკავშირებული კონკრეტულ საკითხთან და ცხადად ვეუბნებოდით ხელისუფლებას, რა არ მოგვწონს. ამიტომ წინასწარ რამე ტიპის აქციებზე არ ვფიქრობთ, ჩვენ ნამდვილად გაგვიხარდებოდა, რომ ამ ხელისუფლებას წინ წაეწია საქმე, მაგრამ რასაც ვუყურებთ, ვხედავთ, ერთი მხრივ, იმას, რომ მათ საქმის კეთება არ შეუძლიათ და, მეორე მხრივ, ვხედავთ საშიშ ტენდენციას, რომ მათ კანონის ყველა ზღვარი გადალახეს და, პრაქტიკულად, კონფრონტაციაში შედიან საზოგადოების ძირითად სურვილთან და მოთხოვნასთან, რომ ქვეყანაში იყოს კანონის უზენაესობა და ჩვენ ვიაროთ ევროპისკენ. ჯერ არ ვიცით, რით უპასუხებს ამას საზოგადოება. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს. ახლა კონკრეტულად კონცეტრირებული ვართ მეორე ტურზე, იმაზე, რომ გავიმარჯვოთ იმ ადგილებში, სადაც მეორე ტურში ვართ და ვაჩვენოთ კარგი შედეგი. ამის შემდეგაც ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ პარლამენტში, ველაპარაკოთ საზოგადოებას მედიის საშუალებით. რა თქმა უნდა, თუ ამის საჭიროება დადგება, არც საპროტესტო აქციებზე დავიხევთ უკან. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენ არ ვართ ჯიბრიანი, ვიღაცის დესტრუქციაზე მომართული ოპოზიცია.

 

თინას ფეხბურთი, მანანას ლეკური და ირაკლის გასაჭირი

gigiiiiiiiiiii

დაიბეჭდა “ქრონიკა+”-ში, მეცამეტე გვერდზე. 

რეზო შატაკიშვილი

დააკავეს სარკოზი და ატყდა კუნტრუში საქართველოში. მერე რა, რომ იმ უმძიმეს წუთებში, როცა თბილისი დაბომბვის საფთხის ქვეშ იდგა და ბევრი თბილისელი კუდამოძუელბული გარბოდა თბილისდან, ეს დაკავებული სარკოზი, აქ ჩამოვიდა და საუკთარი უსაფრთხოების, სიცოცხლის ფასად გარანტად ედგა თბილისს.

მერე რა, რომ სარკოზი დააკვეს, დაკითხეს და შემდეგ გაუშვეს. აქ დაკავება აწყობდათ, აწყობდათ პარალელებისთვის. ამბის გაგრძელება ხელს არ აძლევდათ და არც აპელირებდნენ. აკუტრუშდა აგრესიული ელეტორატიც და აკუნტრუშდნენ მინისტრებიც და ეს სიხარული ცუკენბერგის სივრცეში, საკუთარ აივნებზეც გადმოფინეს. მერე რა რომ ჩვენ მინისტრებს და მათ მოადგილეებს, „ფეისბუკი“ და „ტვიტერი“ „ქუხნა“ ჰგონიათ და იმდენს ჯერ ვერ ხვდებიან, რომ სოცქსელებში გაკეთებული განცხადება საჯარო განცხადებაა. ამას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარი ისაა, რომ გაუხარდათ სარკოზის დაჭერა, ცხელი ზაფხულის სურნელი ეცათ, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილისგან დაანონსებული. ცხადია, მათაც და აგრესიულ ელექტორატსაც მიხეილის დაჭერა უფრო გაახარებდათ, მაგრამ გიგი უგულავას დაჭერაც „ნიჩევოდ“ ჩათვალეს და მას მერე, რაც უგულავას პატიმრობა შეუფარდეს, ახლა ამაზე ატყდა სიხარულის აპოთეოზი. ეს ამბავი ქალბატონმა მანანამ, კობახიძემ ინგა გრიგოლიასთან პირდაპირ ეთერში შეიტყო. როცა ინგამ გამოაცხადა, რომ უგულავას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, კობახიძემ სიხარულისგან ტაში დასცხო და „აი ასე, დიახაცო“  შესძახა. პრაქტიკულად ლეკური დაუარა სიხარულისგან.

მანანას ლეკური პირდაპირ ეთერში ვნახეთ. იმ ღამეს პოლიტიკისთვის სად ეცალა თინა ხიდაშელს. ფეხბურთი იყო. აკი გაგვიზიარა კიდეც განცდილ-გადატანილი? „როგორც ჩვენში ამბობენ, გერმანიის გამარჯვება დავით ლუიშმა გადამატანინა ))) დედა რა იყო ეს )))“.

ახლა ამიხსენით ან მანანას ლეკური რა ფენომენია, ან თინას ფეხბურთი? როდესაც ქვეყანა დუღს, როგორც შემდეგ „ნიუ იორკ თაიმსმა“ დაწერა ქვეყანაში პოლიტიკური ქარიშხალია და ქვეყნის წამყვანი პოლიტიკოსი ფეხბურთის ყურებით იქცევს თავს? თუ ამ პოსტით, ხაზს უსვამს, რომ უგულავას დაპატიმრება-არ დაპატიმრება, ან ის რაც შემდეგ სასამართლოს ეზოში ხდებოდა, სრულიად უმნიშვნელოა? თუ ასეა, რა უხაროდა მანანას? ამის მერეც იტყვის მანანა კობახიძე, რომ არანაირი პოლიტიკური დევნა არაა? მისი ეს აღტაცება არანაირ ზეგავლენას არ მოახდენს გამოძიებაზე? მანანას ლეკური რა არის იმასთან, რაც კულტურის მინისტრის მოადგილემ შემოგთვავაზა. „ფეისბუკიდან“ მოსალოდნელი რეპრესიები დაანონსა: „ეს მოფერებად მოგეჩვენებათ, როდესაც მორატორიუმი დასრულდება და მართლმსაჯულების მანქანა ამოიქოქება ახალი საწვავით. უგულავა ვის გაგახსენდებათ“. კულტურის მინისტრის მოადგილეს, ალექსნადრე მარგიშვილს, რომ ის საწვავი არ აქვს მხედველობაში, საიდანაც ლიტრზე ლარი მიშას ჯიბეში მიდიოდა და უნდა გაეიაფებინათ, ფაქტია. მაგრამ საინტერესოა რას ეძახის მორატორიუმს? იმას რომ სასამართლომ გირაოც არ შეუფარდა დედაქალაქის უფლებამოსილება შეჩერებულ მერს  და მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მიუხედავად ამისა, გამთენიისას მაინც დააკავეს და დააპატიმრეს და თან არჩევნები დამკვრელური ვახტით გადმოწიეს და 12 ივლისს დანიშნეს? რას ეძახის მოფერებას, გიგი უგულავა წიხქვეშ რომ არ გაიგდეს დააკავებისას, ან ლევან ბეჟაშვილივით ტანზე ყველაფერი რომ არ შემოახიეს? და საერთოდ, რას ნიშნავს, როცა ქვეყნის კულტურის მინისტრის მოადგილე ამას აცხადებს? თურმე ნუ იტყვით და როგორც მეორე დღეს, კულტურის სამინისტრო გამოაცხადებს – მარგიშვილი შვებულებაში ყოფილა და მისი განცხადებები აინუნში ჩასაგდები არაა. აი, კულტურის მინისტრ ოდიშარიას აზრით კი ეს მარგიშვილის მრწამსი და მოქალაქეობრივი ხედვა ყოფილა და როგორ შეიძლება ამაზე გააკრიტიკოო. ნუ გააკრიტიკებთ გურამ ბატონო, ცივი ყავა მიართვით, ეამაება – ცხელი ზაფხულია. მაგრამ გახსოვდეთ, მუდამ მინისტრი არავინაა, არც მოადგილე, თქვენი ხელისუფლებაც წავა ოდესღაც, მოვლენ სხვა მინისტრები, მათაც ეყოლებათ მოადგილეები და ისინი თქვენზე ნადირობის სეზონს ამცნობენ ასეთი რიხით და აღმაფრენით საზოგადოებას და არა მგონია გეამოთ.

არა მგონია, ან ამ პროცესებმა, რაც ახლა ხდება ხეირი მოუტანოს თქვენს ხელისუფლებას. ვგონებ ნაადრევია მანანას ლეკური და თქვენი მოადგილის აღმაფრენა. ეს არც მართმსაჯულების ზეიმია, როგორც თქვენი – აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური ბრძანებს. ამ ნარმანიას გადამკიდე, პრემიერი ღარიბაშვილი კლდიაშვილის დარისპანს მაგონებს. გათხოვება და მერის ჯვრისწერა არაფერ შუაშია. როგორც დარისპანი ცდილობდა, კაროჟნას გასაღებას, ისე ცდილობს ნარმანიას მეორე ტურში როგორმე გაყვანას. მეტი რა ქნას, ერთ ღამეში 2 ექსმერი დაიჭირეს. რა შუაშია ექს-მერის დაჭერა ნარმანიას მერად გაყვანასთან? მართლაც არაფერ შუაშია. თავშია. ფაქტია რომ იმის გამო, რომ ახალმა ხელისუფლებამ ცოტა ნაციონალი დაიჭირა, აგრესიული, შურისძიების წყურვილით ანთებული ელექტორატი გაანაწყენა და მათ ადგილობრივ არჩევნებში ბურჯანაძეს და პატრიოტთა ალიანსს მისცეს ხმა. ახლა მეორე ტურია, ტატამზე მარტო ნაციონალი ნიკანორი და მეოცნებე დათონორი დარჩნენ. ვის მისცემდნენ ხმას ისინი, ვინც პირველ ტურში ლორთქიფანიძეს ან ინაშვილს მისცეს ხმა? ფაქტია რომ ისინი მელიას ხმას არ მისცემდნენ, მაგრამ ისიც საკითხავია – მივიდოდნენ კი საერთოდღა მეორე ტურზე? სწორედ მათი გულის მოგებას შეეცადა ეს ხელისუფლება ჯერ გიგის დაჭერით და შემდეგ იმით, რაც მოხდა სასამართლოს ეზოში. იქნებ ვინმემ გიგის მაინცდამაინც არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე დაჭერა გადაუდებელი აუცილებლობით ახსნას, მაგრამ რით ახსნით იმას რაც დატრიალდა სასამართლოს ეზოში? ვის საამებლად იყო ის ჰიჩკოკი? კოტე გაბაშვილის დაპატიმრება ან აგვისტოს გმირის ლაშა რუხაიას ცემა? ან შემდეგ ღუდუშაურის კლინიკიდან მისი ძალით წაყვანა განყოფილებაში? თუ რუხაიას არაფერი სჭირდა, ის ვაჟბატონი და ქალბატონი თეთრხალათიანები რატომ სთხოვდნენ თანხის გადახდას? აკი, თანხის გადახდამდე დახმარებაც არ აღმოუჩინეს? და თუ არაფერი სჭირდა, რას ეხმარებოდნენ? ან პარლამენტარ ლევან ბეჟაშვილის დაპატიმრება რას ემსახურებოდა? თინა ხიდაშელმა კი ბრძანა, ბეჟაშვილი ჯორჯ ქლუნი არაა, რომ ყველა პოლიციელმა იცნოსო, მაგრამ მაინც? ისე, საინტერესოა, ქალბატონი თინა დარწმუნებულია რომ ყველა პოლიციელი იცნობს ჯორჯ ქლუნს? კარგი, არ იცოდნენ რომ ბეჟაშვილი პარლამენტარი იყო, დაყრუვდნენ და ვერ გაიგეს რომ ეძახდნენ „პარლამენტარია“, მერე რაღას არკვევდნენ სამი საათი? იმას რომ პარლამენტარია? თუ იმას რომ ბეჟაშვილი იყო თუ ქლუნი?

ხომ ფაქტია, რომ ეს ყველაფერი სწორედ აგრესიული ელექტორატის გულის მოსაგებად გაკეთდა და როგორც ერთ-ერთმა ფეისბუკმომხმარებელმა მახვილგონიერად შენიშნა უგულავას დაპატიმრება ეს იყო რომის იმპერიისდროინდელ საშუალოსტატსიტიკურ პლებეიზე გათვლილი ტრიუკი. დიახ, ტრიუკი, რომელმაც შესანიშნავად იმუშავა და აღაგზნო აგრესიული ელეტორატი. თუ ტრიუკი არ იყო, რას აპატიმრებდნენ აეროპორტში, სადაც იცოდნენ რომ ტელეკამერების ჯარი იქნებოდა? რატომ არ დააპატიმრეს სახლში, ან თუნდაც სახლიდან გამოსული? ხომ გადაუდებელი ინფორმაცია ჰქონდათ? მაგრამ ასე რომ ექნათ, როგორღა მიანიჭებდნენ სიამოვნებას იმ ელქტორატს, რომელიც არჩევნებზე უნდა მივიდეს და ნარმანიას მისცეს ხმა გულანთებულმა? გაჩნდება კითხვა, თავად უგულავას რად ამშვენებდა პირს ღიმილი? თქვენ თუ იცით როგორ ასიამოვნოთ თქვენს მხარდამჭერებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ სხვასთან გაგექცნენ, ან თუნდაც თქვენთან დარჩნენ, როგორ გგონიათ, უგულავამ არ იცის, როგორ არ გაუტეხოს საკუთარ ელექტორატს? მან ზუსტად იცოდა, რომ დღეს თუ არა ხვალ, მას დაიჭერდნენ, და ისიც იცის, როგორ დაიჭიროს თავი. ან იქნებ უხაროდა კიდეც? პოლიტიკოსისთვის დაპატიმრება, მით უფრო ასეთ ვითარებაში, როცა წინა ღამით სასამართლო უშვებს და მაინც იჭერ, პირდაპირ მანტიაა პოლიტიკური ნიშნით დევნილის, რაც ერთობ მსუყე პოლიტიკურ კაპიტალს წარმოადგენს, რომელიც უახლოეს მომავალში შესაძლოა კვლავ ძალაუფლებად კონვერტირდეს?

ამ ხელისუფლებამ მთელი ამ მიეთ-მოეთით აგრესიული ელეტორატის გული მოიგო და ალბათ მიიღებს კიდეც მათ ხმებს. თუ ეს ასეა, მაშინ რატომ არ მოუტანს ხეირს ამ ხელისუფლებას? მეტი ხეირი რა უნდა იყოს, ნარმანია გამერდება. საქმე ის გახლავთ, რომ ამ ყველაფერმა როგორც გაახარა ამომრჩევლის ნაწილი, ისევე აღაშფოთა საზოგადოების სხვა ნაწილი, რომელსაც სძულს ძალადობა, რომლისთვისაც მიუღებელია ადამიანის ამ ფორმით დაპატიმრება და მთელი ის ორომტრიალი რაც იყო სასამართლოს ეზოში და რაც გაგრძელდა ღუდუშაურის კლინიკაში. ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებზე სულაც არ მოგახსენებთ. მოგახსენებთ, იმ ნეიტრალურ ნაწილზე, რომელიც არჩევნებზე სულაც არ წასულა, ან იმათზე, რომელმაც ინერციიით ხმა ჯერაც ქართულ ოცნებას მისცეს. ამგვარი დაჭერობანით ოცნება სწორედაც რომ კარგავს მათ მხარდაჭერას. ამგვარი დაჭერობანით და საერთოდ დაჭერობანით. დაჭერობანა მთელი საზოგადოების დაკვეთა სულაც არაა, ხალხს შია, შურისძიება კი არ სწყურია. არც მერაბიშვილი იჭმევა, და ვერც უგულავას ჩაასხამ ბენზინის ნაცვლად. თვალახვეულ თემიდას შეიძლება თვალები დააჭყეტინო და ხალხსაც აუხვიო თვალები ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით, მაგრამ დროებით. მერე გაახელს თვალს და დაინახავს, რომ ევროპაში კი არა, იმ ქვეყანაშია, სადაც პინგვინები ბალალაიკაზე უკრავენ და ეულ, ვაკელ აქლემს სულ ცალ კუზზე ჰკიდია კანონიც და სამართალიც.

P.S: ძველ „ახკომელებს“ ლეგენდასავით აქვთ მოყოლილი, როგორ მიიტანა ერთმა სრულიად უნიჭო, ვითომ პოეტმა ქალმა „ახალგაზრდა კომუნისტში“ თავისი უნიჭო ლექსები და როგორ არ აძლევდა გასაქანს პაატა ნაცვლიშვილს დაბეჭდეო და პაატა ნაცვლიშვილმა როგორ მოიფიქრა გამოსავალი რომ მისი ლექსები არ დაებეჭდა, ჩვენ „ახალგაზრდა კომუნისტი“ ვართ და მხოლოდ ახალგაზრდების ლექსების ბეჭდვის უფლება გვაქვსო. იმ ქალბატონს კარი გაუჯახუნებია, კარის გაჯახუნებამდე კი დაუხეთქებია – ასე მოკლეს ვაჟა-ფშაველაცო. მაშინვე ეს გამახსენდა როცა ითქვა – სარკოზიც დააკავესო. 🙂

მილიონი ხე ჩვენს ერამდე და გაფუფქული პინგვინი

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა გაზეთ “ქრონიკა+”-ში, “მეცამეტე გვერდზე”). 

narmaniaaa

ნარმანია გვპირდება – მილიონი ხის დარგვას თბილისში! რას უპირებს კონკურენტ მელიას? იმ უსიერ, დაბურულ ტყეში, რომლადაც თბილისს უპირებს ქცევას, იცხოვროს არა როგორც გვარად მელიამ, არამედ როგორც ნამდვილმა მელიამ? თუ თეთრ მელას უმზადებს მწვანე, შრიალა ნავსაყუდარს? იმ თეთრ მელას, რომელიც წლების წინ, ზუსტად ნარმანიას სტილში დაგვპირდა მილიონ სამუშაო ადგილს? მერე რომ უტიფრად გამოგვიცხადა, ეს პირობა შევასრულეო. დიახ, „შეასრულა“ – კანონის ძალით დასაქმებულად გამოაცხადეს ყველა, ვისაც ნახევარ ჰექტარ მიწაზე მეტი ჰქონდა. უკვე დასაქმებული (ვაი, ამ დასაქმებას!) გამოაცხადა დასაქმებულად. ეს ნარმანიაც ასე აპირებს მილიონი ხის დარგვას? უკვე დარგულებზე იტყვის, ხომ დარგულიაო? თორემ რომც დარგოს, სად უნდა დარგოს ეს მილიონი ხე? როგორც მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ამტკიცებს, მილიონი ხე თბილისში ვერც ტექნიკურად და ვერც ფიზიკურად ვერ დაირგვება, ვერ დაირგვება იმიტომ, რომ ხეს ჯანსაღად ზრდისთვის 4-5 კვადრატული მიწა სჭირდება და რა გამოდის, – რაცაა, ისინი უნდა მოჭრას და ახალი დარგოს?

ვინც ამწვანებულ-აღაღანებულ თბილისზე ოცნებობს, ცხადია, იტყვის, ეგ უგულავას ნარჩენიაო და ოცნებას განაგრძობს და უფრო დაუჯერებს სხვისი ხელისუფლების მონარჩენ ნინო ჩხობაძეს, რომელიც ამტკიცებს, რომ მილიონი ხის დარგვა შესაძლებელიაო, მეტიც, თბილისს 2 მილიონი ხეც არ ეყოფაო. თუ ეს ასეა და მიჩნდება კითხვა, მაშინ როცა ქალბატონი ჩხობაძე გარემოს დაცვის მინისტრი ბრძანდებოდა, რატომ არ დარგო ეს 2 მილიონი ხე, გნებავთ, ერთი? ახლა, თუ ოცნებას ატანილი ჰყავახარ, ცხადია, დაუჯერებ ნარმანიასაც, ჩხობაძესაც და ოცნებებში ჰამაკსაც გაჭიმავ ნარმანიას დარგულ 2 ხეს შუა, მაგრამ ეგ თქვენი ნაოცნებარი მწვანე ოაზისი ისეთივე მირაჟია, როგორც აგუგუნებული ქარხნები. და რომც გაშენდეს მილიონი ხე, ჩვენი ადგილი დარჩება ამ ქალაქში? თუ, რა უნდა ნარმანიას, – თბილისის ისტორია უკან შეაბრუნოს იმ წიაღში, საიდანაც იშვა? ისევ ატეხილ ტყედ იქცეს თბილისი, რათა შემდეგ კვლავ ხოხბები გაუშვას, მერმე ინადიროს და ალიევის პარკთან მოკლას ხოხობი, გაფუფქოს გოგირდებში და თავიდან დაგვიარსოს თბილისი? თუმცა თუ მილიონი ხე დაირგო, ვინ იცის, ისე შეიცვალოს კლიმატი, ბიძინას პინგვინებმაც უპრობლემოდ იცხოვრონ და ხოხბების გაშვება აღარც გახდეს საჭირო და ნადირობის სეზონი პინგვინებზე გამოცხადდეს და ახალ თბილისს გაფუფქულმა პინგვინმა დაუდოს დასაბამი?
ოცნებას კაცი არ მოუკლავსო, უთქვამთ ჩვენს წინაპრებს, მაგრამ, მე მგონი, ის ჟამი დგება, როცა ამ გაქვავებულ გამოთქმას დაფშვნის ჟამი უდგება.
ბერნარდ შოუს აქვს სადღაც ნათქვამი, – კაცს ორი უბედურება შეიძლება შეემთხვესო, ერთი როცა ოცნება არ უსრულდება და ერთი როცა უსრულდებაო. რა იცოდა დიდმა შოუმ, რომ ჩვენ ეს ორივე უბედურება ერთად დაგვატყდებოდა თავს?! ელექტორატის დიდ ნაწილს, რომელმაც არჩევნებზე 41 შემოხაზა, ოცნებად ჰქონდა სააკაშვილის თავიდან მოშორება, სააკაშვილს სახავდნენ უბედურებად და აიხდინეს ეს ოცნება – თავიდან მოიშორეს სააკაშვილი. სხვა მხრივ, პირში ჩალაგამოვლებულები დარჩნენ – ასფალტის ჭამა არ უნდოდათ და ნარმანიამ აგერ მწვანილი შესთავაზა – მილიონი ხე საკვებად. არადა, რაზე არ ოცნებობდნენ – დარიგებულ ფულებზე, განულებულ საბანკო ვალებზე, კარგ ცხოვრებაზე… კახი კალაძე კი გამოვიდა და ბრძანა: „წელიწადნახევრის წინ ჩვენ დავიბრუნეთ ქვეყანა, აღვადგინეთ ძალადობა და უსამართლობა“.
სამართლიანობის აღდგენა უნდოდათ და ეს მიიღეს – „აღდგენილი ძალადობა და უსამართლობა“. ვინმე იტყვის, რომ კალაძეს ეს შემთხვევით გამოუვიდა, ისევე როგორც ყბადაღებული ავტოგოლები? მაგრამ ფსიქოლოგიაში ამას სხვა სახელი ჰქვია – წამოცდენა. ეს რომ ასეა და ეს რომ უფრო ალალი განცხადებაა, ვიდრე ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირებები, ორი რამითაც დასტურდება.
პირველი: როდესაც ამბობდნენ და ახსენებდნენ „სამართლიანობის აღდგენას“, რას გულისხმობდნენ? დავუშვათ, სააკაშვილის დროს იყო ტრიუმფი უსამართლობის, მაგრამ როდის იყო სამართლიანობა? გამოდის, რომ შევარდნაძის დროს. აბა, სხვანაირად თუ არასოდეს ყოფილა, მაშინ კი არ უნდა აღადგინო, უნდა დაამკვიდრო. სამართლიანობის დამკვიდრება არავის უხსენებია, ამბობდნენ აღდგენას. შევარდნაძის დროს იყო სამართლიანობა? როცა შსს-ს სართულებიდან ხალხი ცვიოდა? როცა საჯაროდ, უცერემონიოდ კლავდნენ დათო ვაშაყმაძეს „პესკებზე“? როცა მიტინგები იხვრიტებოდა? როცა მცოდნე გარეთ რჩებოდა და მაყუთა მამის უვიცი ძენი სტუდენტები ხდებოდნენ? როდის იყო სამართლიანობა? შევარდნაძემდე? ზვიად გამსახურდიას დროს? კი მაგრამ, იმ გამსახურდიას დამამხობლები რომ ყინჩად იყვნენ და არიან წარმოდგენილი „ოცნების“ კოალიციაში? ეს როგორ გავიგო? იმ სამართლიანობას თვითონ მოუღეს ბოლო და ახლა ისევ თვითონ უნდა აღედგინათ? თვითონ ცეკვავენ, თვითონ მღერიან და ბილეთებსაც ყიდიან? თუ უფრო მანამდე იყო სამართლიანობა? კომუნისტების დროს? ეს მამაძაღლი, გეთქვათ, თუ საბჭოთა წიაღში გვაბრუნებდით. მე თუ გული გამისკდებოდა, იმათ ხომ მაინც გაახარებდით, ვინც დღე და ღამ იმ საბჭოთა დროს და მოსკოვში 37-მანეთიან ფრენას მისტირის?
ახლა მეორე: კახიმ ძალადობა აღვადგინეთო და ამ დღეებში ილუსტრაციაც დაიდო – დათო კოდუას დღისით, მზისით სცემეს. იმ უსიერ ტყეში კი არა, ნარმანია რომ გვპირდება გაშენებას, აგერ – ვაკეში!
ახლა მითხარით, არის ვინმე ამ ხელისუფლებაში უფრო ალალი, ვიდრე კახი კალაძეა?
ესეც თქვენი ახდენილი ოცნება და აუხედენელი რომელი ერთი ჩამოგითვალოთ? დაგებული ასფალტი ნერვებს გიშლიდათ და ახლა როგორ ხართ, ორმო-ორმო რომ დახტიხართ? თუ ყინვაც მიშამ და გიგა ბოკერიამ გამოიწერეს მათი დაგებული ასფალტის დასახეთქად? საღოლ, გიგას, მარტო დასავლურ პრესას კი არა, თურმე, სტიქიებსაც აკონტროლებს. ზევსი გვყოლია ქართულ პოლიტიკურ ოლიმპოზე და ვერ გაგვიგია! მარტო იმიტომ არ შევიცანით ზევსად, დანჯღრეული, უსიკვდილოდ გამოსაცვლელი მანქანით რომ დაიარებოდა. თამარ ჩერგოლეიშვილი ჰერა ყოფილა და ვერ გაგვიგია.
როგორც ჩანს, ჩვენ ბევრი რამ ვერ გავიგეთ და ახლაღა ვაცნობიერებთ, ანდა ვერც ვაცნობიერებთ როგორ დაგვატყდა თავს უბედურება წყვილად – ოცნებების ახდენით და არახდენით. სამღვდელოებასაც ეგონა, რომ უკუეთუ კურთხევას გასცემდნენ 41-ის შემოხაზვაზე და მიშას ანათემას გადასცემდნენ, დასწყევლიდნენ, მიშას და მის ხროვას უსურვებდნენ მზის დაბნელებას, მიწის ნაყოფის შხამად შერგებას, წყლის გამწარებას და მარილის განქარებას, მოვიდოდა მათგან კურთხეული “ოცნება” და მათ დაკრულზე იცეკვებდა მზის დაუბნელებლად. რა იცოდნენ, მუქარა თუ მოუწევდათ ლოცვაში არმოხსენიებით? რა იცოდნენ, რომ ამის გამო მაინც მიიღებდნენ ანტიდისკრიმინაციულ კანონს? ისე, რაღა დაგიმალოთ და მათი წყევლა თუ უშველის საქმეს და ამ ხელისუფლებას მყარად დააყენებს პროგრესის ლიანდაგებზე.
თუმცა ისიც ფაქტია, რომ ეკლესიის ზოგიერთ წარმომადგენელს ლოცვაზე და წყევლაზე უკეთ თვალებში ნაცრის შეყრა უფრო ეხერხება. „17 მაისის აქციის დროს არც ერთი „ელგებეტე“ ადამიანის ფიზიკური შეურაცხყოფა იქ არ მომხდარა, და ხდება მუდმივი აპელირება ამ 17 მაისთან დაკავშირებით“, – სიტყვასიტყვით ასე განაცხადა მამა დავითმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ნინო შუბლაძესთან. რა ჰქვია ამას, თუ არა უტიფრობა და თვალებში ნაცრის შეყრა? ვის თვლიან სკლეროტიკებად? მათ ჰგონიათ, რომ ვინმეს (და ეს ვინმე მთელი საზოგადოებაა) წყევლას შეუთვლიან და ეს წყევლა მასობრივ სკლეროზს გამოიწვევს? უცებ დაგვავიწყდება, რა ამბები დაატრიალეს „ტაბურეტკებით“ ერთი წლის წინათ? და ახლა რას აპირებენ? რაკიღა „ელგებეტეები“ არ ატარებენ აქციას, თვითონ ატარებენ! ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს აწყობენ სუპერჰომოფობიურ აქციას და მერე კიდე ამტკიცებენ, – აქ არავის უფლებები არ ილახებაო. თურმე, ნუ იტყვით და ფოტომასალა უნდა გამოფინონ ჰომოსექსუალიზმის, ფემინიზმის, ათეიზმისა და ტრანსსექსუალური ურთიერთობების ამსახველი. ეს ფოტოგამოფენა ვის რად უნდა? ვინმე დაობს, რომ ეს ყველაფერი ბუნებაში, თუნდაც, ქართულ სინამდვილეში არ არსებობს, თუ რა უნდა თქვან ამ ფოტომასალით?
მოკლედ, ისეთ რეჟიმში გადავდივართ, „ოცნებაც“ კი საოცნებო გაგვიხდება, თუ ჭკუით არ ვიქნებით. ჯანი გავარდეს, მიუშვით ნარმანია ბუხართან, დარგოს მილიონი ხე! იმედია, ბიძინა მილიარდებს თუ არა, 1 ცალ პინგვინს მაინც გაიმეტებს ახალი თბილისის დასაარსებლად!

 

 

%d bloggers like this: