Tag Archives: ეროსი კიწმარიშვილი

ჰერაკლე მარგველაშვილი

2

გამოქვეყნდა გაზეთ “ქრონიკა+”-ში, 2014 წლის 22 ივლისს, საავტორო რუბრიკაში “მეცამეტე გვერდი”. 

რეზო შატაკიშვილი

პრემიერ-მინისტრობის რა მოგახსენოთ და ღარიბაშვილი ურიგო სინოპტიკოსი არ ყოფილა – ზაფხული მართლაც ცხელი გვაქვს – ასეც და ისეც. ქვეყანაში საზარელი „სმესი“ დუღს – „სმესი“ ტრაგიზმის, დრამატიზმის, მასთან ერთად ზეობს ცინიზმი, ფარსი და ამ ჩვენს მიწიერ ტრაგიკომიკურ თუხთუხს კიდევ უფრო ამძაფრებს ის უბედურება, რაც უკრაინის ცაზე დაატრიალა პირსისხლიანმა პუტინმა.

„საზარელი მკვლელობა“ – ზუსტად ეს შეფასება იხმარა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. ეს მაშინ, როცა მთელი ხელისუფლება თვითმკვლელობაზე საუბრობდა და საუბრობს. თუნდაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც უაპელაციოდ „საკუთარი სიცოცხლის მოსპობაზე“ საუბრობს. და მეტიც, მოძღვრავს კიდეც საზოგადოებას, რომ თავი შეიკავონ წინასწარი სპეკულაციებისგან. სპეკულაციებისგან თავშეკავების მოწოდება მართლაც მართლზომიერი იქნებოდა, ამას რომ სხვა პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი ამბობდეს და არა იმ გუნდის, რომელმაც რაფალიანცის საქმეზე პოლაროიდის სისწრაფით დაიწყო ვერდიქტების გამოტანა. ესეც რომ არ ჰქონდეთ აქტივში, საინტერესოა, რას სთხოვენ საზოგადოებას, როცა მათი რჩეული პრეზიდენტის განცხადება ძირშივე სპობს იმის საშუალებას, რომ საზოგადოება მშვიდად დაელოდოს გამოძიების შედეგებს? როდესაც პრეზიდენტი ხმარობს შეფასებას „საზარელი მკვლელობა“, რა უნდა იფიქროს საზოგადოებამ? მხოლოდ ის, რომ პრეზიდენტი გათამამდა? თუ ის, რომ იგი ფლობს გარკვეულ ინფორმაციას, რიგით მოკვდავთათვის ხელმიუწვდომელს და მასზე დაყრდნობით ამბობს ამას? რაც ისედაც აძლიერებს იმ დიდ ეჭვს, რაც გაჩნდა საზოგადოებაში ამ ფაქტთან დაკავშირებით? ან რა გასაკვირია, რომ საზოგადოებამ უყოყმანოდ არ მიიღოს ის ვერსია, რასაც აწვდიან? როდესაც საქმე აღიძრა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, ამაში სამართლებრივად გაუმართლებელი არაფერია. საქმე აღიძვრება ამ მუხლით და თუ გამოიკვეთება სხვა რამ, მოხდება გადაკვალიფიცირება. ამაში ტრაგიკული არაფერია, მაგრამ საზოგადოებას განუმარტა ვინმემ ხეირიანად, რომ სამართალდამცველებმა მხოლოდ საქმე აღძრეს ამ მუხლით და უაპელაციოდ არ ამტკიცებენ იმას, რომ კიწმარიშვილმა თავი მოიკლა? თუ არაა საჭირო ასეთი განმარტებები და საზოგადოებამ თვითონ უნდა იგულისხმოს? მით უფრო მაშინ, როცა პრეზიდენტი „საზარელ მკვლელობაზე“ საუბრობს და იუსტიციის მინისტრი და სხვები – თვითმკვლელობაზე? თვითონ ჩქარობენ და აკეთებენ ხმაურიან დასკვნებს, თან ერთი გაღმა, მეორე – გამოღმა და საზოგადოების რაღა უკვირთ? და საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები რას აკეთებენ? „ვინც ეროსის პირადად იცნობდა, თვითმკვლელობა კატეგორიულად გამორიცხულია!“ – ძირითადად ასეთია მათი შეფასება. არადა, ასეთ დროს, თეორიულად, თან კატეგორიულად არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, არც თვითმკვლელობის, არც უბედური შემთხვევის, არც ვინმე ბიზნესპარტნიორისგან შურისძიების და არც ამ პროცესში ხელისუფლებისა თუ სპეცსამსახურების მონაწილეობის. კი, თავისთავად ცხადია, ადამიანის ფსიქოტიპიდან გამომდინარე, მცირდება თვითმკვლელობის ალბათობა, მაგრამ მისი უაპელაციოდ გამორიცხვა ნამდვილად არ წაადგება საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას. მეტიც, ეს კიდევ უფრო მუხტავს საზოგადოებას, აძლიერებს უნდობლობას და ხელისუფლება შეჰყავს ჩიხში. დიახ, ბატონებო, ეს სწორედ ის ჩიხია, სადაც თქვენ ოსტატურად გყავდათ ატუზული წინა ხელისუფლება, მაშინაც როცა ისინი ხელისუფლებაში იყვნენ და ახლაც, როცა ხელისუფლებაში აღარ არიან და გაუთავებლად აპელირებთ გამოძიებულ და გამოუძიებელ საქმეებზე. „ეროსი თავს არ მოიკლავდა“ შესაძლოა გექცეთ ისეთივე ლოდად, რაც იყო და არის „ჟვანია გაზით არ გაიგუდებოდა“. არადა, ეროსიც ადამიანია და გარდაცვლილი პრემიერიც – ერთმაც შეიძლება თავი მოიკლას და მეორეც გაზით გაიგუდოს. და როცა თავად თესდით უნდობლობას გამოძიების მიმართ, ახლა იგივე გიბრუნდებათ ბუმერანგად და შედიხართ ტრაგიკომიკურ ჩიხში: „აბა, გამოიძიე“. იმედი მაქვს, გამოიძიებთ კიდეც. ალბათ დადგინდება კიდეც ჭეშმარიტება, მაგრამ ყველაზე მწარე იცით, რა იქნება? მის ჭეშმარიტებას რომ არავინ ირწმუნებს, ან, ყოველ შემთხვევაში, საზოგადოების დიდი ნაწილი და ყველას დარჩება ეჭვი, ეჭვი იმისა, რომ ეროსი კიწმარიშვილი ხელისუფლებამ მოიშორა გზიდან. რაც უფრო ტყუილი იქნება ეს, მით უფრო მწარე იქნება თქვენი ხვედრი.

პარადოქსული იცით, რა არის? ისინი, ვისაც არანაირი ეჭვი არ გამოუთქვამს ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტთან და დედის რძესავით შეირგო მაშინდელი სამართალდამცველების მიწვდილი ინფორმაცია, რომ ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა, ახლა ხელებს აქტიურად ასავსავებენ და ამტკიცებენ, რომ ეროსი მებრძოლი იყო და თავს არ მოიკლავდა. უკაცრავად და ზვიად გამსახურდია მებრძოლი არ იყო? თუ როგორაა თქვენი საქმე?

ისე არ გამიგოთ, წულუკიანის დარიგებულივით ვიჯდე და მშვიდად ველოდო გამოძიების შედეგებს და თავში არანაირი ეჭვი არ ტრიალებდეს, უბრალოდ, მე საუბარი მაქვს იმაზე, რომ კატეგორიულად რამის გამორიცხვა, კატეგორიულად რამის მტკიცება, სწორედაც რომ კატეგორიულად მიუღებელია ამგვარ ვითარებებში. დიახ, ისევე კატეგორიულად მიუღებელი, როგორც იმ საქმეებზე კატეგორიული განცხადებების კეთება და ყველაფრის წინა ხელისუფლებაზე შეწმენდა, რითაც ამ ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ აქტიურად დაკავებულები და არც დღეს ეშვებიან და ჟამიდან ჟამზე ახსენდებათ.

პრეზიდენტმა თქვა „საზარელი მკვლელობა“ და რამდენიმე დღის შემდეგ რა მოაყოლა – თვითმკვლელობაც მკვლელობააო. „ქართული სიტყვა მკვლელობა ნიშნავს ცოცხალი ორგანიზმისთვის სიცოცხლის მოსპობას. იქნება ეს მკვლელობა, რომელსაც თვითონ ადამიანი სჩადის თავის თავზე, თუ სხვაზე ახორციელებს, ყველაფერი ეს მკვლელობაა. მე ამით იმის თქმა მინდა, რომ იურიდიული კვალიფიკაცია იმ მომენტში არ მიმინიჭებია“, – ბრძანა პრეზიდენტმა… დიდი ილია ასეთ დროს იტყოდა: „აგანგალა-განგალა“.

თუ აქამდე ექსპრემიერის განცხადებებს სჭირდებოდა განმარტებები და განმმარტებელი, ახლა უკვე პრეზიდენტსაც სჭირდება. მოკლედ, დიდი მოთხოვნაა „იოანე ოქროპირებზე“ ნაოცნებარ ხელისუფლებაში. თუმცა არც ის უნდა დაგავიწყდეთ, ეს განცხადება მას მერე გაკეთდა, რაც იგი პარლამენტს ეწვია დაუპატიჟებლად…

ეს ცალკე თემაა. მართლაც ტრაგიკომიკური. მართლაც გაურკვეველია, რა სურს ამ ხელისუფლებას – პრეზიდენტის ინსტიტუტის საბოლოოდ მიჯირყვნა და გაფარჩაკება? თუ პირადად მარგველაშვილზე ახორციელებენ შტურმს? ხომ გავიგეთ, რომ მიაღწიეს წარმატებას და ლამის გიორგი გარიყულად აქციეს? ხომ ფაქტია, რომ არც ასოცირების ხელშეკრულებაზე მოაწერინეს ხელი, მეტიც „პაეზდკიდანაც“ მოტეხეს და არც წაიყვანეს? დატუქსვასაც აქვს ზომა და წონა! რას ნიშნავს: „ეს შენობა ყველას ვერ დაიტევს ფიზიკურად“? გამაგებინეთ, ვისი ადგილია იქ, სადაც არ არის ქვეყნის პრეზიდენტის ადგილი? თუ მარგველაშვილი პრეზიდენტად არ გინდოდათ, რას აირჩიეთ, რა ასკილივით უქნევდით თავს ყველა ბიძინა ივანიშვილს?! ამოგეღოთ ხმა, თუ ახლაც ისევ თავკანტურის რეჟიმში ხართ ჩარჩენილი?! თუ საერთოდ პრეზიდენტი არ გინდოდათ და არ გინდათ? იქნებ, სცადოთ და ცოტა გვერდიდან შეხედოთ თავს? თუ ამას მოახერხებთ, ნამდვილად დაინახავთ, რასაც ჰგავს ეს ყველაფერი…

დღის მთავარ ინტრიგად გამოცხადდა პრეზიდენტ მარგველაშვილის გამოჩენა პარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებისას. ის გამოჩნდა და ხურდა დააბრუნა: „ხომ ყველა დავეტიეთ?“. ეს შემდეგ გასაღდა მის ფანტასტიკურ იუმორად და შამპანურებით ხელში ინციდენტი ამოწურულად კი არა, საერთოდ უარყოფილი იქნა, მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ იგი საერთოდ არ იყო სიაში? მისი იქ გამოჩენა კი ლამის ჰერაკლეს გმირობად იქნა მიჩნეული. თუ, ახლა, მითოსს გავიხსენებთ, მარგველაშვილი კაი ხანია დგას გზაჯვარედინზე – იმ გზაჯვარედინზე, სადაც ჰერაკლეს ორი მანდილოსანი გამოეცხადა, ერთი ნეტარებას, ხორციელ სიამენს აღუთქვამდა, მეორე გმირობას და დიდებას, მაგრამ მას, მარგველაშვილს, ჯერაც არ აურჩევია, დაადგეს სათნოების გზას და გახდეს მართლა პრეზიდენტი, თუ, უბრალოდ, იცხოვროს საპრეზიდენტო განცხრომაში? ახლა ის ფაქტი, რომ პარლამენტში მივიდა, ჯერაც ვერ ჩაითვლება იმად, რომ იგი საგმირო საქმეების გზას დაადგა,  ლომი ჯერ არ დაუხრჩვია და, შესაბამისად, ვერც ლომის ტყავი მოსავს მას. დრამატული, კულმინაციური მომენტი კვლავ გალაითდა და იმ შამპანურივით აშუშხუნდა, რომელიც იქ შეისვა. მით უმეტეს, რომ სწორედ ამის შემდეგ მოხდა სკანდალური განცხადების ჩანეიტრალება.

„მარგველაშვილი არის ტრეფიკინგის მსხვერპლი“, – დაწერა ბექა მინდიაშვილმა „ფეისბუკში“.

ამ გაგანია ზაფხულში ისევ აქტიურდება პრეზიდენტის სასახლის თემა: მარგველაშვილს უტრიალებენ იმ განცხადებას, სადაც ამბობდა, რომ ეს სასახლე პრეზიდენტისთვის დიდი იყო და სტუდენტებს უნდა გადასცემოდა. მედიაში ჩნდება ცნობები მისი კომპრომატების თაობაზე, ქმედება იწვევს უკუქმედებას… საზოგადოებაშიც და დავიჯერო, ამ გზით აპირებთ, საზოგადოება კეთილად განაწყოთ პრეზიდენტ მარგველაშვილის მიმართ? რაღაც არ მგონია, საკუთარ იმიჯს სწირავდეთ მის სამსხვერპლოზე. რა არის თქვენი ამოცანა? ქრონიკულად „ტომი და ჯერის“ თამაში? ისედაც გარიყული პრეზიდენტის უარესად გარიყვა? ბარემ რობინზონ კრუზოსავით უკაცრიელ კუნძულზე გარიყეთ! ვიდრე პრეზიდენტს ჯირყვნიან, რა ხდება იმ ქალაქში, სადაც ოდესღაც უღრანი ტყე იყო და გორგასალმა ქალაქი გააშენა? დავით ნარმანია ისევ ტყეს გვიშენებს. ოღონდ, არ იკითხავთ, ვის ხარჯზე? – ბიზნესმენების ხარჯზე! არჩევნებამდე დაგვპირდა მილიონი ხის დარგვას, ახლა რა გაირკვა? თურმე, ბიზნესმენები, სამშენებლო კომპანიები, ვალდებულები ხდებიან, დარგონ ეს ხეები. აქამდე ვიცოდით სხვისი ხელით ნარის გლეჯა. ახლა გავიგეთ, სხვისი ხელით (და ფულით) ხეების დარგვა. მერე რა, რომ თვითონ დაგვპირდა? ხო დაარგვეინებს რაც მთავარია? აა, ეს მათი „კეთილი ნებით“ მოხდება? ამ კეთილ ნებას მიშას დროს ბიზნესზე ძალადობა ერქვა. დროც იცვლება, ლექსიკონიც… მერე რა, რომ ეს „კეთილი ნება“ ისევ მოსახლეობას შემოუტრიალდება და ბინები გაძვირდება? ამდენ ხლაფორთს, ბარემ, ჩვენ დაგვავალეთ და ჩვენი ხარჯით დავრგავთ თითო ხეს და კიდეც გამოვა მილიონი ხის დარგვა. თქვენ, უბრალოდ, წამოგორდით და დაითვალეთ, როგორც ლუარსაბი ითვლიდა ბუზებს…

 

ერო(ს)ტიკული არდადეგები – ცივ გუდაურში გაცხელებული გვერდები

(პუბლიკაცია შარშანდელია, იმედი მაქვს მაინც იხალისებთ…)

რეზო შატაკიშვილი

დიდძალ ფულს ვიშოვიდით – ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ამბების მსოფლიო სააფთიაქო ქსელში გატანა და გაყიდვა რომ შეიძლებოდეს. რას ამბობთ, უებარი საშუალება იქნებოდა – გულის ასარევად.

მოდი და ნუ აგერევა გული, როცა ეროსი კიწმარიშვილი გამოვა და ქადაგად დავარდება – „პოლიტიკური პროსტიტუცია ჟურნალისტური ნორმა გახდა საქართველოში“-ო, ანდა „ჟურნალისტიკა არის მეორე უძველესი პროფესია და დღეს ეს პროფესია პირველ უძველეს პროფესიასთან ძალიან ახლოს დადგა“-ო.

სწორედ ამ განცხადებების გამო იყო, ნანუკა ჟორჟოლიანის მამამ რომ კარგად გაუცხელა გვერდები ცივ გუდაურში. გამოხტა და იძახდა, პოლიტიკურად მომდესო. მერმე გვმოძღვრავდა, მიაქციეთ ამ იციდენტს ყურადღება, რადგან ამ წვეთში ჩანს ზღვაო. ამ წვეთში ჩანს ყველაფერი, როგორ ექცევა ხელისუფლება დაუცველ მოქალაქეებსო. ჯერ ერთი, გაუგებარია რომელი დაუცველი მოქალაქე ეგაა, და მეორეც – კაცს რომ შვილს და იმის სინდისნამსუსს უთათხ-უგინ-ულანძღუნებ, და ის რომ მოგდებს, ან პოლიტიკა რა შუაშია და ან იმის სიძის ჩინოვნიკობა?

გარდა ამისა, მეტი ცინიზმი რა გინდა, როცა ჟურნალისტების პოლიტიკური პროსტიტუაციაზე ეროსი კიწმარიშვილი ლაპარაკობს, თან ისე ლაპარაკობს, გეგონება ახლა დაწყებულიყოს ეს ამბავი და აქამდე ქალწული ბატკნები მუშაობდნენ ტელე თუ ბეჭდურ მედიაში.  უკაცრავად და როდის დამკვიდრდა მედიის თამაშის წესები და ვინ იყო მაშინ მედიის ფლაგმანი არხის პატრონი?

თუ ჟურნალისტიკაში პოლიტიკური პროსტიტუცია მძვინვარებს, თავად ვინ იყო, „მამაშა“?

უკაცრავად და ვინ იყო „რუსთავი2“-ის პატრონი მაშინ, 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, არხი რომ „ააღორძინა“? და აბაშიძის ორბიტის სამსახურში ჩადგა უეცრად?

დღეს რომ ნანუკა ჟურჟოლიანს ეძახის სააკაშვილის კარის ჟურნალისტს და რომ გაიძახის, ის მონაწილწეობს ყველა იმ პროცესში, რომელსაც ახორციელებს სააკაშვილიო, რა, თვითონ დიდი ხანია გამოვიდა ამ სამსახურიდან? ეროსი კიწმარიშვილი არ იყო, თავს რომ იწონებდა ჟვანია-სააკაშვილთან და ბურჯანაძესთან ერთად, მე ვიყავი ვარდების რევოლუციის ავტორიო? პოლიტიკური გეომეტრიის წიგნი რო გვირახუნა თავში, თქვენ რომ სამკუთხედი გეგონათ, კვადრატი ვიყავითო?

უკაცრავად და რატომ ჰგონია რომ ხალხს დაავიწყდა როგორ და ვისი პატრონობით აახია „რუსთავი2“ ფიქრია ჩიხრაძეს, თედო ისაკაძეს და ნიკო ნიკოლოზიშვილს? ნათელ-მირონების საქმიდან მოტეხვა, თქვენთან ბოდიში და პოლიტიკურ სათონებათა კატეგორიაში გადის?

ამ საზოგადოებას სენად აქვს მორალის კითხვა დანარჩენებისთვის.

იმას არავინ დაგიდევს აქვთ თუ არა თავად ამის მორალური უფლება. საზოგადო მორალურ უფლებას ვინ ჩივის, კიდევ რა უჭირდა ნარკომანი რომ  გამოდიოდეს და მექრთამეობას ან მეძავეობას სძრახავდეს, მეძავი – ნარკომანიას, ან ლოთობას. აქ ნარკომანები გამოიდიან ეთერით და ჩვენ გვმოძღვრავენ რომ არ უნდა გავიჩხიროთ, ბოზები გამოდიან და პატიონსების მასტერკლასს გვაძლევენ. ვიწროსპეციალიზაცია მაინც დაიცავით, მამაძაღლი.

დავუბრუნდეთ კიწმარიშვილს.

კი, არავინ დაობს იმაზედ რომ ბატონი კიწმარიშვილი ნაწილობრივ სიმართლეს ბრძანებს, გნებავთ იგივე ჟურნალისტიკასთან დაკავშირებითაც. თავად განსაჯეთ, ამ დღეებში უცნობმა გრანდიოზული კონცერტი გამართა რიყეზე და „რუსთავი2“-მა „ნივიჟუ“ დაურტყა. საერთოდ არც ახსენა. ამას რა ჰქვია? კაი ბატონო, ნუ დაუთმობ დიდ დროს, ნუ გახსნი ამით გამოშვებას, ბოლო-ბოლო ჭვარტლიან ტრუბაში გააძვრინე, მაგრამ საერთოდ რომ არ ახსენებ რა უბედურებაა?

ან ის რა უბედურება იყო, რაც ბატონმა ყუბანეიშვილმა ბრძანა, გრიგოლიას ოქრუაშვილი იმიტომ არ ჩავართვევინეთ რომ ძებნილია და მერე სხვა ძებნილებსაც მოუნდებათო. ჩვენი ჯიბეებიდან დაფინანსებულ ყუბან-ნოინს ალბათ არ გაუგია ისეთი არხის არსებობა, როგორიცაა „ალჯაზირა“, ბინლადენს რომ აჩვენებდა წამდაუწუმ, ეტყობა არ გაუგია, თორემ ამას როგორ იტყოდა. ანდა, მერე სხვასაც მოუნდებაო რა ლოგიკაა? ამ ლოგიკით, ბოზს ინტერვიუ არ უნდა ჩამოართვა, ვაიდა მერე ყველა ბოზს მოუნდეს ინტერვიუ? სად მიდის მერე ყუბანეიშვილი?

არც მორიგი მედია-სკანდალია ატიპიური. „ჯორჯიან-თაიმსმა“ ბერეზოვსკის და ლევან გაჩეჩილაძის შეხვედრის ამბავი ამცნო საზოგადოებას. ატყდა ერთი აცქა-ცუცქა, გაზეთის პატრონმა მალხაზ გულაშვილმა, ხელები რედაქციას შეაწმინდა, მე საზღვარგარეთ ვარ, მათი გამოუცდელობით ისარგებლეს და ინფორმაცია შეუგდეს, მე არ ვიცოდიო. რედაქტორი ამბობს გადამოწმებული მქონდაო. ამ ისტორიის ფინალს ნაკლებად აქვს მნიშვნელობა, მთავარია ტაშტი გატყდა და ხმა გავარდა – გრეჩიხა ბერეზოვსკის შეხვდაო. ბერეზოვსკი კიდე გულუხვია – ყველას დავაფინანსებ ვინც სააკაშვილს შაებრძოლებაო.

ქართულ პოლიტიკურ არენაზე ბოსხის კიდე ერთი პერსონაჟი ბრუნდება – თენგიზა კიტოვანი. კიტოვანი აქამდეც არ ინახავდა ჯიბეში თავის განწყობებს, მაგრამ ახლა უკვე სხვანაირად ლაპარაკობს – აპრილში აპირებს ჩამოსვლას თურმე.

ამ ვაჟბატონის დაბრუნება კარგად უნდა გააცნობიეროს ქართულმა საზოგადოებამ – უნდა მიიღოს როგორც „ხადიაში“ მეტაფორა – შავბნელი 90-იანი წლების, მისგან აფეთქებული თბილისის და საერთოდ ჩვენი ცხოვრების.

მისი ტანფეხით იმ წლების აჩრდილი ბრუნდება საქართველოში. თან როგორ იმუქრება? ჩემი ბიჭები იმას დაუჭრენ მხარს, ვინც სამართლანი იქნებაო.

ბოლოს მისი სახელი ბადრი ბიწაძეს დაუკავშირეს, თავად უარყო ბიწაძე-ბურჯანაძესთან კონტაქტი და საჯაროდ ალასანიას და დათო უსუფაშვილს აუხსნა სიყვარული. კიტოვანმაც და მისმა გამომგზავნმაც კარგად იცის, რაც ემართება საზოგადოებას მისი გვარსახელის ხსენებაზე, რა ემოციებსაც და ასოციაციებსაც აღძრავს და ამიტომაც ასახელებს ალასანიას, თორემ ეგ რომ მართლა ალასანიას უჭერდეს მხარს, გამოვიდოდა და შალვა ნათელაშვილს გაეჯიბრებოდა ირაკლი ალასანიას ლანძღვაში, იმიტომ რომ როცა კიტოვანისნაირები გლანძღავენ – უკვე მარტო ამიტომ ხარ კაი ტიპი.

ასე რომ, მედიით გავრცელებული ვერსია – ბურჯანაძე-ბიწაძის კავშირზე კიტოვანთან, ბევრად უფრო სარწმუნოა, ვიდრე კიტოვანის მიერ აღიარებული სიყვარული ალასანია-უსუფაშვილის.

მოკლედ, აპრილში საქართველოს მორიგი განსაცდელი ელის. კბილებს აკრაჭუნებს ყველა, აქაური ოპოზიციაც და გარე ძალებიც. საქართველოსკენ მოიწევს კიტოვანი, ოქრუაშვილი. ხელისუფლება თან პანიკურ შიშს ჰყავს ატანილი და თან მათ თავხედობას არა აქვს ბოლო. ხალხი რომ უცნობის კონცერტზე არ წასულიყო, მზაგვრობის უფასო ბარათები დაურიგესო, აფრთხილებდნენ არ წახვიდეთო, ამ პანიკური შიშის პარალელურად კი, გირგვლიანის ამბავზე დაჭერილ მაღალჩინოსნებს დარჩენილი სასჯელი გაუნახევრეს, თან შეწყალების კომისიის გვერდის ავლით.

თურმე ნუ იტყვით და მარტო მათ კი არა, აგვისტოს ომის შემდეგ საერთოდ გადაუწყვეტიათ სამხედრო წოდების მქონეთათვის სასჯელის შემსუბუქება და ალანიასთვის და დანარჩენებისთვის ამ ამბავში და გაგებაში შეუმცირებიათ სასჯელი. არადა, ყველაფერი რომ პირიქითაა, ყველა ხვდება _ დანარჩენ სამხედრო წოდებიანებს სწორედ იმიტომ შეუმქსუბუქეს სასჯელი, რომ ამათთვის შეემსუბუქებინათ. ისევე როგორც თავის დროზე, ცვლილებებები შეიტანეს სისხლის სამართლის კოდექსში რომ მათთვის ნაკლები მიესაჯათ.

ამ გაგანია აპრილის მოლოდინში ეს ხელისუფლება ისევ ცეცხლზე ნავთს ასხამს, აგიჟებს საზოგადოებას. აგერ ეროსი გვეუბნება, ოპოზიციამ რომც მოახერხოს ამ 9 აპრილიდან გამოძრომა, რყევები მაინც გაგრძელდება და გაძაღლებული მმართველობის პირობებში ვიცხოვრებთო. ვისთვის მმართველობაა გაძაღლებული და ვისთვის კიდე ცხოვრება.

საზოგადოებას კიდე ცალკე ოპოზიცია აბნევს. „კსტატი“ ოპოზიციას ჩვენი სტატიის ნომერ პირველი გმირი ეროსიც ემდურება, „24 საათს“ 24 საათიანი ინტერვიუ მისცა, სადაც ამბობს, ამ ოპოზიციას არც ვეტენები რომ მერიდებოდნენო. შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი სააკაშვილს არ აქვს და არ ვარ დარეწმუნებული რომ ეს ოპოზიციამ იცისო. ნაწყენია ეროსი, წინადადებები შეუთავაზებია სააკაშვილისა და ოპოზიციისთვის, სააკაშვილს სთავაზობს სპეცწარმომადგენლის ინსტიტუტი შემოიღე რუსეთის ამბებშიო, დანიშნე ნეიტრალური პირებიო _ ირაკლი მენაღარაშვილიო, თედო ჯაფარიძეო, რეზო ადამიაო. კიდე, შექმენი საბჭო სადაც შევლენ ოპოზიციის წარმომადგენლები – მაგალითად ზურაბიშვილი, ბურჯანაძე, ალასანია, ნოღაიდელი, სახელმწიფოებრივი მართვის გამოცდილება აქვთო.

აგანგალა-განგალა… რომელი მართვის გამოცდილება? გაძაღლებულის?

ან რომ დამდგარა ეროსი და გაიძახის, ყველა უნდა შევთანხდეთ რომ რუსეთი არის ჩვენი მტერი და ვიქმომედოთო, ან თვითონ ვის წისქვილზე ასხა წყალი აგვიტოს ომის მერე თავის ბლადუნით და ან ახლა რანაირად გაერთიანდება ყველა ანტირუსული სულისკვეთებით, როცა უმეტესობას თუ არა, გარკვეულ ნაწილს მაინც რუსეთიდან მოსდის ფული აქ სიტუაციის ასარევად?

ეროსი კიდე ნაღვლობს. ამ ინიციატივებზე სააკაშვილმაც წიხლი მიკრა და ოპოზიციამაცო. ოპოზიციამ ასე მითხრა ეს კაცი მალე წავა და მერე დავიწყებთ მუშაობასო. ეროსის კიდე მიშას წასვლის არც სჯერა და არც უნდა _ მტავარია ბერკეტები წავართვათო. თორემ ზუსტად იცის რომ სააკაშვილის წასვლის შემთხვევაში ქონების ხელახალი გადანწილება წავა, თან აგრესიული და ცხადია მასაც წაართმევენ ბევრ რამეს, (მაგას წაართმევენ, თორემ მე ფლოტი არ ჩამიძირონ შავ ზღვაში) ჰოდა შენ ხარ ჩემი ბატონი, არ ურჩევნია თავად წაართვას სააკაშვილს რამე-რუმეები, ვიდრე სააკაშვილი გადააყირავონ და თვითონ ეროსიც ამოაყირაონ?

ისე კაცმა არ იცის, გადამწყვეტ მომენტში ვინ რას იზამს. და რა პროცესები განვითარედება ქვეყანაში. ფაქტია რომ საზოგადოებას კვლავ კატასტროფის მოლოდინით უწევს ცხოვრება. ეროსი კიდ ეარ ცხრება და თირმე ნუ იტყვით და იცით რაზე მუშაობს? ეროვნული განვითარების გეგმაზე. მოიხადე ეგ მონომახის ქუდი ეროსი ბატონო, სანამ ისევ უბეგვიხარ ნანუკას მამას. თორემ ერთი ნანული ქაჩიბაიამ განავითარა ვაკე გონებრივად და მეორე თქვენ განავიათრებთ – ქვეყანას ეროვნულად.

 

%d bloggers like this: