
იშვიათად ნახავ მასავით გაწონასწორებულ ადამიანს თეატრალურ სამყაროში. მისი მთელი რეჟისურა კი იმ ზამოცანითაა შეპყრობილი, რომ თქვენ, მაყურებელს დაგაკარგინოთ წონასწორობა – დაგაფიქროთ, აგაფორიაქოთ, გაგაბრაზოთ თუნდაც… უნდა ითქვას ახერხებს კიდეც – თუნდაც გრძელი პაუზებით და კიდევ უფრო გრძელი სპექტაკლებით… დიახ, ის იშვიათად დგამს, მაგრამ როცა დგამს – გრძელ სპექტაკლებს დგამს, რასაც გადაჩვეულია თანამედროვე მაყურებელი – გართობაზე ორიენტირებული, თან სხაპა-სხუპით, სწრაფად გართობაზე ორინეტირებული…
მისი ცხოვრების ყველა მონაკვეთი თეატრთანაა დაკავშირებული. მეტიც, ის თეატრში იყო ამ ქვეყანდ დაბადებამდეც – ის არის ვაჟი სახელგანთქმული ქართველი ტრაგიკოსის – ზინაიდა კვერენჩხილაძის. შემდეგ იყო ბავშვობა – ასევე თეატრში გატარებული, შემდეგ თეატრალური ინსტიტუტი, სადაც გაიარა ყველა საფეხური – სტუდენტობიდან რექტორობამდე.
გოგი მარგველაშვილი. დღევანდელი რეგალია: საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, სრული პროფესორი. გრიბოედოვის თეატრის მთავარი რეჟისორი…
(შენიშვნა – ინტერვიუ ჩაწერილი და გამოქვეყნებულია 2014 წელს).
– თქვენი ცხოვრების რომელი პერიოდი გახსენდებათ ყველაზე ტკბილად, და საერთოდ, ცხოვრების რომელი პერიოდი მიგაჩნიათ საუკეთესო დროდ ადამიანისთვის? – როგორც წესი, იხსენებენ ბავშვობას, ახალგაზრდობას… ადამიანი, 50 წელს რომ გადააბიჯებს, განსაკურებული ნოსტალგიით იხსენებს ახალგაზრდობას.


ახლაგაზრდობა ძალიან სასიამოვნოა – როდესაც არის და სასიამოვნოა მისი გახსენებაც, მაგრამ მე არ ვიტყოდი, რომ ეს არის საუკეთესო პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში. საუკეთესო პერიოდი არის ალბათ მაინც 40 წლის შემდეგ, როდესაც უკვე გაქვს გაქვს ცხოვრებისეული გამოცდილება, პროფესიული გამოცდილება, უკვე გაქვს გამოცდილება ადამიანებთან ურთიერთობის, რაც ყველაზე რთულია და რაც ყველაზე დამღლელია ამ ცხოვრებაში.

ადამიანებთან ურთიერთობა, ეს იქნება პირადი, თუ პროფესიული, არის ყველაზე რთული, რაც შეიძლება იყოს ადამიანის ცხოვრებაში. ადამიანს არაფერი არ ხვდება ადამიანზე რთული. სარტრს აქვს მშვენივრად ნათქვამი, ჯოჯოხეთი, ეს არის სხვები.
– სარტრი მუქ ფერებში ხედავდა და ხატავდა სამყაროს, აი, კეთილი კაცი, ეკზიუპერი კი წერდა რომ ადამიანებთან ურთიერთობა ფუფუნებაა.
– ეკზიუპერის ნათქვამი უფრო ოცნებაა, კეთილი სურვილია, რომ ეს ასე იყოს, სარტრის ნათქვამი კი უფრო ჰგავს სიმართლეს. ყოველ შემთხვევაში ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, სარტრის ნათქვამი უფრო ჰგავს სიმართლეს. და არა მარტო სარტრის… სხვებთან ურთიერთობა არის არა მხოლოდ ყველაზე დამღლელი, არამედ ყველაზე აუტანელი, რაც შეიძლება ადამიანს შეხვდეს ამ ცხოვრებაში. რატომრაც მგონია რომ ყველაზე მძიმე დაავადებაზე რთულია…
– ვის ღლის, ვის არა, ცალკე თემაა, მაგრამ ფაქტია რომ სწორედ ადამიანებთან ურთიერთობას მიაქვს ყველაზე დიდი ენერგია ადამიანის. – მიაქვს მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მოზომილი აქვს ადამიანს, უბრალოდ ადამიანმა არ იცის, ეს მოზომილი რამდენია მის შემთხვევაში – მიაქვს დრო. დრო, რომელსაც ადამიანი ვერ იბრუნებს ვერასოდეს… არ ვამბობ იმას, რომ ადამიანებთან ურთიერთობა მხოლოდ დამღლელი და აუტანელია, მაგრამ ამ ურთიერთობის პარადოქსულობა სწორედ იმაშია, რომ როცა სასიამოვნოა და არ ჰგავს ჯოჯოხეთს, მაშინაც კი რთული და დამღლელია, დროის წამღებია… მაგრამ ეს არის ის, რაც ავსებს შენს ცხოვრებას.

– ანუ, ადამიანისთვის პრაიმტაიმი 40 წლის ასაკის შემდეგ იწყება, როცა მან იცის ლავირება ადამიანებთან, უმკლავდება ამ სირთულეებს? – ლავირება და გამკვალვება იმდენად არა, უბრალოდ თუ ამ ასაკში ადამიანმა არ ისწავლა განსაზღვრა იმის, რა არის უფრო მნიშვნელოვანი, რა მნიშვნელოვანი და რა უმნიშვნელო, ესე იგი ვეღარასოდეს ისწავლის… ამიტომ 40 წლის შემდეგ, ეს ყველაფერი სახეს იცვლის. უკვე ახერხებ რაღაცნაირად შერჩევას, ვისთან გქონდეს ეს ურთიერთობები. თუმცა, ეს ჩვენს პროფესიაში რთულია. არის ურთიერთობები, რომელსაც ვერ აცდები პროფესიიდან გამომდინარე. თან, თეატრალურ სამყაროში ეს ურთიერთობები კიდევ უფრო სპეციფიკურია, ალბათ ყველა პროფესიას ამ მხრივ თავისი სპეციფიკა აქვს, მაგრამ მე სხვა პროფესიებზე ვერ ვილაპარაკებ, არ ვიცი, მაგრამ კარგად ვიცი, როგორია თეატრალურ სამყაროში და ერთი რამ შემიძლია ვთქვა – ის აბსოლუტურად არ გავს იმას, რაც ჩანს გარედან… თეატრალურ სამყაროში, ადამიანებთან ურთიერთობის სირთულეს ემატება აბსოლუტური აბსურდულობა და გამოირჩევა ზღვარგადასული სისასტიკით. შედგება ბევრი რამისგან – სისასტიკისგან, დაუნდობლობისგან, უმადურობისგან, სიკეთისგან, სილამაზისგან, ყველაფრისგან, რაც შეიძლება ადამიანს შეხვდეს ამ ცხოვრებაში. ეს ურთიერთობები მხოლოდ ადამიანისთვის დამახასიათებელი ვნებებით კი არაა სავსე, პროფესიული ელფერის მქონეა ეს ვნებები. თამაშით ნებისმიერი ადამიანი თამაშობს, მაგარამ მსახიობებს პროფესიად აქვთ ქცეული ეს თამაში და ეს გარკვეულ დაღს ასვამს მათ შორის ურთიერთობებს.

ხშირად ისინი ერთმანეთთან იქცევიან მათ მიერ ნათამაშევი გმირებივით, მათი ლოგიკით, მათი თვისებების გამოყენებით. მეტიც, არის კიდევ ერთი საშინელი რამ – ძალიან ხშირად, მსახიობები, ნებისმიერ კონფლიქტში, იქცევიან ისე, როგორც მოიქცეოდა გმირი, რომელიც მათ არც უთამაშიათ. ყველა მსახიობს ჰყავს საოცნებო პერსონაჟები, „ენ“ რაოდენობა გმირების, რომლის თამაშიც უნდათ და თუ სცენაზე არ ეძლევათ ეს საშუალება, ცხოვრებაში, ადამიანებთან ურთიერთობაში ასახიერებენ იმ პერსონაჟს, ასახიერებენ თავისი კონცეფციით, ისე, როგორც მათ ჰყავთ წარმოდგენილი ეს გმირი და უცებ, შენ წინ დადგება რიჩარდ მესამე, ან ჰამლეტი, ან ლედი მაკბეტი, ან თვითონ მაკბეტი, ან ალქაჯი მაკბეტიდან, ან კიდევ ვინმე… მსახიობების დიდი ნაწილი, მათთვის საოცნებო როლებს ამზადებენ თავისთვის, თამაშობენ, გიჟობენ თავისთვის, ეს თავისთავად ძალიან საინტერესოა და სევდიანია, მაგრამ ეს სადღაც აუცილებლად იჩენს თავს. ხშირად, ადამიანებს, ვინც ამაში ვერ ერკვევა, რატომ იქცევა ესა თუ ის მსახიობი ასე და მე ვაწყნარებ ხოლმე, ეს თვითონ არ არის ახლა, ეს შენ გელაპარაკებოდა ის, ვისი თამაშიც უნდა… ოღონდ იმ გმირის ტექსტით არ ლაპარაკობს, თვისებებს ავლენს, ხან ფრაზას მოიშველიებს მისას… არტისტები განსხვავებული არიან სხვა პროფესიიის ადამიანებისგან და ამ განსხვავებულეობას ბადებს მათი პროფესია, მუდმივად სხვისი ცხოვრებით ცხოვრება, ან სხვისი ცხოვრებით ცხოვრების სურვილი… რაც დაღს ასვამს მათ ქცევას, დამოკიდებულებას გარე სამყაროსადმი, ცხოვრებისადმი, განაპირობებს მის პრეტენზიებს, მის ურთიერთობებს არა მარტო სხვა მსახიობებთან, რეჟისორებთან თუ მხატვრებთან, საერთოდ ადამიანებთან და მეტიც, თუ ის მორწმუნეა, იმასთანაც ვისიც სწამთ… მსახიობები, როგორც წესი მორწმუნეები არიან, ყოველშემთხვევაში ასეთებად იცნობენ მათ უმერტესობას… რბილად რომ ვთქვათ მსახიობები უცნაური ხალხია, თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ არიან ძალიან კარგები, კეთილები და საინტერესონი… ძალიან საინტერესოა მათთან ურთიერთობა, მაგრამ ეს ურთიერთობა აღსავსეა სირთულეებით.

– თქვენ მსახიობების ოჯახში გაიზარედეთ, რამდენად იმოქმედა ამ ფაქტმა თქვენს პროფესიულ არჩევანზე? – მსახიობის ოჯახში გაზრდილი ადამიანის პრობლემები, გარკვეულწილადად სპეციფიკურია, რთულია, იმიტომ რომ მსახიობის პროფესია დაწყევლილი პროფესიაა, ძალიან დიდი დრო მიაქვს მისი ცხოვრებიდან თეატრს და მაშინაც კი, როცა ადამიანი ძალიან ორგანიზებულია, მომართული, არასოდეს არაფერზე არ რჩებათ დრო. ხშირად ბავშვს ვერავის უტოვებენ და მიჰყავთ თეატრში, მსახიობების შვილების უმეტესობა იზრდება თეატრში. ცხადია, ექიმებსაც მიჰყავთ შვილები სამსახურში, როცა ვერავის ვერ უტოვებენ და სხვა პროფესიის ადამიანებსაც, მაგრამ განსხვავება იწყება მერე, რა სამყაროში ხვდება ის ბავშვი, რომელიც მიჰყავთ თეატრში და რომელიც მიჰყავთ ლაბორატორიაში. რა თქმა უნდა ლაბორატორიაც საინტერესოა, მაგრამ ის რაც ხდება მერე თეატრში… ბავშვს არავინ არ ერიდება თეატრში და მთელი ის ურთიერთობები, თავისი სიმალაზით და სიმახინჯით, მის წინაშეა გაშლილი.
– თქვენ თეატრში იზრდებოდით და ფაქტია რომ მოგეწონათ, თორემ რეჟისორი არ გახდებოდით…
– რა თქმა უნდა… მე ვერ ვიტყვი იმას, როდის იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. ის რომ დავჯექი და გადავიწყვიტე, მე ვაბარებ თეატრალურში, ასეთი რამ არ ყოფილა. თავისთავად მოხდა. არც ყოფილა მსჯელობა ან კამათი ამაზე ჩვენს ოჯახში, აქეთ თუ იქით, იქნებ ან ამაზე ჩააბარო, ან იმაზე, არაფერი უთქვამს არც დედაჩემს, არც მამაჩემს. ასე გადაწყვიტე? მორჩა.


– ბავშვი როცა იყავით, არ გიჭირდათ დედის ყურება სცენაზე?
– კი, ძალიან რთულია. კვდები ნერვიულობით, განსაკუთრებით როცა პატარა ხარ – გეშინია, ღელავ, ღელავ ათჯერ მეტად ვიდრე სხვა, სხვა განიცდის პერსონაჟის ამბავს, შენ განიცდი დედას და მხოლოდ შემდეგ პერონაჟს…,
– მაგ ასაკში, რა როლში გახსოვთ დედა ყველაზე შთამბეჭდავათ? ანტიგონეს როლში?
– არა, ანტიგონეს დროს, ბავშვი აღარ ვიყავი უკვე, მერვე, მეცხრე კლასში ვიყავი უკვე. მე ნანახი მაქვს „ჭინჭრაქას“ თითქმის ყველა წარმოდგენა. არა მარტო მე, გიას, კიტიას და კიდევ რამოდენიმე ბავშვს, ვისაც გვიწევდა მუდმივად ყოფნა თეატრში. ბევრმა არ აირჩია რეჟისორობა, ან მსახიობობა, მაგრამ მაშინ ყველა თეატრში ვიყავით და დავრბოდით დერეფნებში, ხშირად, ჩვენს მშობლებს რეპეტიციები ჰქონდათ და ჩვენ შევდიოდი სხვა სპექტაკლებზე. სასიამოვნო გასახსენებელია ეს ყველაფერი. თვითონ რუსთაველის თეატრიც სხვანაირი იყო მაშინ, გადასასვლელებით, გვირაბებით, სადაც გამოფენილი იყო იყო ძველი მაკეტები, ზოგი გარედან, ზოგი შიგნიდან განათებული, უამრავი რამ გაგახსენდება, სარეკვიზიტოები, საგრიმიოროები, გარდერობი, საამქროები… როცა ბავშვია, ყველა ეფერება, პატიჟებს, შეჰყავს…

– რა როლს თამაშობენ ჩვენ ცხოვრებაში შეხვედრილი ადამიანები, რომელთაც გვახვედრებს ბედი, სიტუაცია თუ პროფესია? რომ არ შეხვედროდით მიხელ თუმანიშვილს, არ ყოფილიყავით მისი ჯერ სტუდენტი, შემდეგ ასისტენტი, როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება? ისეთი, როგორიც არის?
– არა, რა თქმა უნდა არა, სხვანაირად იქნებოდა ბევრი რამ… თუმცა, მე ინსტიტუტში სწავლა არ დამიწყია ბატონ მიშასთან. ჩვენი ჯგუფი აიყვანა ბატონმა შალვა გაწერელიამ, მაგრამ ერთი წლის შემდეგ, არც თუ ისე სასიამოვნო გასახსენებელი მოვლენების შემდეგ, ბატონი შალვა წავიდა ინსტიტუტიდან და ჩვენ აღმოვჩნდით ბატონ მიშასთან. თუმანიშვილი ისეთი მასშტაბის ფიგურაა საერთოდ, არა მხოლოდ ჩემს ცხოვრებაში, არამედ საერთოდ ქართული თეატრის ისტორიაში, რომ ძნელია ვინმეს შეადარო. თუმანიშვილთან ურთიერთობა არასოდეს არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ სწავლის, პიესის გახილვის ან რეპეტიციების პროცესით. თუ ის ახლოს მიგიშვებდა, ეს ურთიერთობა უფრო ჰგავდა აღორძინების ხანის მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობას, რომელსაც ჰქონდა პერმანენტული ხასიათი, ნონსტოპი იყო. ეს ურთიერთობა იყო უწყვეტი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუდმივად ერთად ვიყავით, მაგრამ არ იყო შემოსაზღვრული გარკვეული დროით. ნებისმიერ საკითხზე, პრობლემაზე შეგეძლო მიგეღო მისგან კონსულტაცია, როგორც თეატრალურ პრობლემაზე, ისე არათეატრალურზე – ცხოვრებისეულზე, გემსჯელა მასთან ნებისმიერ საკითხზე, პოლიტიკაზეც ზოგჯერ და ა.შ. უბრალოდ, იგი ნებისმიერ საკითხს, რა ხასიათისაც არ უნდა ყოფილიყო და რა შინაარსისაც, აუცილებლად ჩაატრიალებდა პროფესიული თვალსაზრისით, თუ დავუშვათ ეს იყო რაიმე ცხოვრებისეული კონფლიქტი, ამ კონლქიტის განხილვა გადაჰქონდა ქმედითი ანალიზის სიბრტყეში – რა მოხდა, სად არის ამოცანა, სად ზეამოცანა, ჰყოფდა ეპიზოდებად და ა.შ. ცხოვრებისეულ საკითხების განხილვა ხდებოდა ისე, როგორც ხდება პიესის განხილვა. და ამას ახერხებდა ისეთი ფილიგრანული სიმსუბუქით რომ ვერც ამჩნევდი და მიჰყვებოდი. მასთან არა მარტო სწავლა, ურთიერთობა იყო ძალიან საინტერესო და მრავლის მომცემი. პროფესიული თვალსაზრისით, უამრავი ადამიანისთვის აქვს ყველაფერი მიცემული. ის არ იყო უბრალოდ რეჟისორი და არც უბრალოდ პედაგოგი, ის იყო მოვლენა ქართულ თეატრში და აქვე მინდა გითხრა, რომ მასთან ურთიერთობა ძალიან რთული იყო, ეს არ იყო ადვილად საურთიერთო კაცი, არც თუ ისე მსუბუქი ხასიათი ჰქონდა. საკმაოდ ეჭვიანი იყო, საკმაოდ კი არა, ძალიან ეჭვიანი ადამიანი იყო, წყენია იყო, გაბუტვა იცოდა, ოღონდ ზოგჯერ იბუტებოდა მართლა, ზოგჯერ ეს იყო თამაში. მასთან ურთიერთობის გამოცდილებით უნდა მიმხვდარიყავი, მართლა გაგებუტა თუ ეს იყო პატარა თამაში შენ გამოსაცდელად. ყველაფერი ახასიათებდა რაც ახასიათებს ადამიანს… განსაზღვრაც კი ძნელია იმ მასშტაბის ერუდიცია ჰქონდა პროფესიაში. რაც შეეხება მსახიობთან მუშაობას, სპექტაკლის ხერხემლის აგებას, პიესის ქმედით ანალიზს და ატმოსფეროს შექმნას, აბსოლუტში ჰქონდა აყვანილი, სრულად ფლობდა ამ საიდუმლოს. ზოგჯერ რეპეტიციებზე ისეთი ენერგეტიკა იბადებოდა, უკვე რაღაც მისტიურ პროცესში გადადიოდა ეს ყველაფერი… განსაკუთრებით მაშინ როცა აგებდა პერსონაჟებს შორის ურთიერთობას და იმ სცენისთვის საჭირო ატმოსფეროს შექმნას. ატმოსფეროს შექმნა ძალზე რთულია და ცოტა რეჟისორი თუ აღწევს, თუმანიშვილი ამას ყოველთვის აღწევდა.

– გარკვეული ასაკის შემდეგ რეჟისორებს ხშირად ეწყებათ შემოქმედებითი კრიზისი, მეტიც, ხშირად შემოქმედებით მარაზმშიც გადადიან, რაც საერთოდ არ მომხდარა თუმანიშვილის შემთხვევაში. არათუ კრიზისი, მან ცხოვრება დაასრულა შედევრებით. ფაქტობრივად მას ასაკმა ვერაფერი წაართვა პროფესიული თვალსაზრისით.
– მან ეს ყველაფერი შეინარჩუნა თავისი პროფესიული დონით და სამყაროსადმი დამოკიდებულებით.
– ანუ ის არ დაბერდა. – არ დაბერდა იმიტომ რომ ის რამოდენიმეჯერ იყო დაბადებული… რაც მან გადაიტანა ცხოვრებაში – ომი, ტყვეობა, დაჭრა, კონტუზია, დახვრეტაზე გაყვანა… იმდენჯერ დაიბადა თავიდან… მან ამ ცხოვრებაში გაიარა რამოდენიმე რეინკარნაცია, ოღონდ მუდმივად ბრუნდებოდა თავის სხეულში…

მის მიმართ დაუნდობელი იყო ცხოვრება, მათ შორის პროფესიაშიც. იშვიათად თუ ნახავთ ქართველ რეჟისორს, რომელსაც იმდენი ლანძღვა შეხვედროდეს, რამდენიც მას შეხვდა თავის სპექტაკლების გამო, რომელიც შემდეგ შედევრებად აღიარეს, ლამის იჭერდნენ და სხვა დრო რომ ყოფილიყო დახვრეტდნენ კიდეც… მაგალითად „ჭინჭრაქას“ გამო, მაგალითად „ზაფხულის ღამის სიზმარის“ პირველი ვარიანტის გამო და ა.შ. სხვა დრო რომ ყოფილიყო, ალბათ „ანტიგონეს“ გამოც დახვრეტდნენ… იგი არასოდეს არ სარგებლობდა ძლიერთა ამა ქვეყნისათა განსაკუთრებული სიყვარულით და პატივისცემით. თავად განსაჯეთ, თუმანიშვილი ისე გარდაიცვალა, რომ არც რუსთაველის პრემია აუღია, არც ახმეტელის. მხოლოდ მარჯანიშვილის პრემია მისცეს, ისიც სპექტაკლში კი არა, – წიგნში…. ძალიან მძიმე ცხოვრება გამოიარა და ისე გამოიწრთო, რომ პრაქტიკულად გარდაცვალებამდე შეინარჩუნა საოცარი ჟინი, უნარი იმის, რომ შექმნას ის, რაც ყველაზე კარგად შეუძლია – დადგას სპექტაკლი და ის ამისთვის აკეთებდა ყველაფერს, მიუხედავად იმისა სიცხიანი იყო თუ წნევიანი. ცოტა მშიშარაც იყო ამ მხრივ, მაგრამ რეპეტიციის გაცდენაზე დიდი ტრაგიკული მოვლენა მისთვის არც არსებობდა. მას სპექტაკლზე მუშაობის გარეშე არ შეეძლო ცხოვრება. 70-ს გადაცილებულმა დადგა „ზაფხულის ღამის სიზმარი“, შემდეგ დადგა სპექტაკლი სიყვარულზე, სიყვარულის ჰიმნი დადგა – „ამფიტრიონი 38“. ამ ასაკში ადამიანები ხშირად ბოროტდებიან, აგრესიულები ხდებიან, უფრო და უფრო მუქ ფერებში ხედავენ სამყაროს, თუმანიშვილი ხედავდა მხოლოდ კარგს, მხოლოდ კეთილს, ნათელს და ამაზევე დგამდა სპექტაკლებს…

– თქვენი შემოქმედებიდან რომელ სპექტაკლს გამოარჩევთ, როგორ მიგაჩნიათ, სად, რომელ სპექტაკლში უფრო მოხერხდა თქვენი ჩანაფიქრის რეალიზაცია?
– ირონიულად მეღიმება, როდესაც ლაპარაკია ჩემს შემოქმედებაზე… ძალიან ცოტა სპექტაკლი მაქვს დადგმული. ასე წარიმართა ცხოვრება, ამაში მეც მიმიძღვის ბრალი და ამას აქვს თავისი სხვა მიზეზებიც… იშვიათად ვდგამ, მაგრამ როცა ვდგამ, ვცდილობ რომ ეს იყოს პროფესიულ დონეზე და რომ სპექტაკლის შემდეგ მაყურებელი იყოს შეწუხებული, დაფიქრებული, ან გაბრაზებული, ან გახარებული, მოკლედ – წონასწორობა დაკარგული. თუ სპექტაკლმა წონასწორობა ვერ დააკარგვინა მაყურებელს, უბრალოდ იხალისა, გავიდა და დაავიწყდა იქვე, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სპექტაკლი არ შედგა. რაც შეეხება იმას, რომელ სპექტაკლს გამოვარჩევ, მე უფრო ავტორებს გამოვარჩევდი. მე მიმუშავია სამი გენიოსის – შექსპირის, პირანდელოს, ჩეხოვის პიესებზე. ჩემთვის ეს სამი ავტორი ყველაზე მდიდარია თავისი მსოფლმხედველობით, დრამატურგიული შინაარსით და იმ უზარმაზარი კოსმოსით. დამდგმელსაც და მასაც, ვინც თამაშობს, საშუალებას გაძლევენ მოქმედება ააგო სხვადასხვა ფორმაში, სხვადასხვა საშუალებებით. როდესაც მუშაობ შექსპირის, პირანდელოს, ან ჩეხოვის პიესებზე, ძალიან ბევრ რამეში ერკვევი, პირველ რიგში – ბევრ ნიუანსსა და დეტალში შენივე ცხოვრების, შენი და ადამიანებს შორის ურთიერთობის, შენი და სამაყროს ურთიერთობის. ერკვევი და შედიხარ საკმაოდ სახიფათო ლაბირინთში – ადამიანის ქცევის სხვადასხვა მოტივების, სხვადასხვა მიზნების, ამ მიზნების განხიორციელების გზების, სურვილების, ამოცანების…. იმდენად მდიდარია ამ სამი დრამატურგის პიესები ამით, რომ გაძლევს საშუალებას შექმნა მართლა სამყარო. ყველა პიესა, ყველა დრამატურგი სამყაროს შექმნის საშუალებას არ იძლევა. ზოგჯერ ძალიან პოპულარული პიესებიც კი. განსაკუთრებით თანამედროვე პიესები. შექსპირზე ლაპარაკიც არაა საჭირო, აბსოლუტური გენიოსია, მასზე დიდი და მასზე მნიშვნელოვანი მსოფლიო დრამატურგიაში არაფერი შექმნილა. არანაკლებ რთული ლაბირინთში შედიხარ, როდესაც მუშაობ ჩეხოვის პიესაზე და თუ ცოტა იღბალიც არ დაგეხმარა, ვერც გამოხვალ. მხოლოდ ოსტატობა და პროფესიის ფლობა არ კმარა.


– როდესაც რექტორი გახდით, ამბობდით რომ თქვენი უმთავრესი ამოცანა იყო ქართული თეატრალური სკოლის შენარჩუნება, განვითარება. რა მოხერხდა და რა ვერ მოხერხდა?
– სანამ მართვის სადავეებთან მიხვალ, ბევრი რამ სხვანაირად გეჩვენება და პრობლემები უფრო ადვილად მოგვარებადი გგონია. მაგრამ შემდეგ ძალიან რთულია. განსაკუთრებით რთულია ჩვენთან. ქართველები რთული ხალხი ვართ, არის ისეთი რაღაცეები, რასაც ვერ გავექცევით, ესაა ზღავრს გადასული ამბიციები და საკუთარი თავის და პროფესიაში საკუთარი ადგილის არაადექვატურად აღქმა.რაც ართულებს ურთიერთობებს და ამ სირთულეს ემატება კიდე სხვადასხვა სუბიექტური და ობიექტური მიზეზები. ბევრი რამ უფრო სწრაფად განხორციელდებოდა, მაგრამ ამას სჭირდებოდა გარკვეული სახსრები დროულად, ასევე მზადყოფნა არა მხოლოდ შენი და შენი კოლეგების, არამედ იმ სამთავრობო სტრუქტურებისაც, რომელზედაც ყოველთვის არის დამოკიდებული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი. ბევრი რამაა დამოკიდებული სამთავრობო უწყებების გადაწყვეტილებებზე, ამა თუ იმ საკითხის დროულად ან საჭირო კუთხით გადაწყვეეტაზე… საქართველოში კი სწრაფად და მიზანმიმართულად ბევრი რამ არ კეთდება, საბოლოოდ ბევრი რამ კეთდება, უბრალოდ ის დროში ბევრად უფრო დიდ მონაკვეთს იკავებს, ვიდრე სასურველია, ამიტომ ამ წლების მანძილზე, რა თქმა უნდა არის შედეგები, ძალიან უნდა დაიბრმაოს ადამიანემა თავლები, რომ ეს შედეგები ვერ დაინახოს, მაგრამ დაგეგმილი ბევრად მეტი იყო, და მიღწევადიც ბევრად მეტი იყო…


– რექტორობას დრო მიაქვს და ამანც ხომ არ ითამაშა გარკვეული როლი იმაში, რომ ცოტა სპექტაკლები გაქვთ დადგმული?
– არა, მარტო მაგაშიც არ არის საქმე, მე დიდი ხანია დავიწყე პედაგოგობა, უკვე 30 წელი გავიდა, 1983 წელს დავიწყე პედაგოგიური საქმიანობა, როგორც ბატონ მიშას ასისტენტმა… თუ გულით, პასუხისმგებლობით ეკიდები ამ საქმეს, ისედაც დიდი დრო მიაქვს. მაგრამ ეს იმდენად საინტერესო პროცესია, გარკვეულ ეტაპზე გადავიწყვიტე რომ ყოფილიყო ნაწილი ჩემი ცხოვრების და როცა ცხოვრების ნაიწლია, რა თქმა უნდა გარკვეულ დროს იკავებს. ამას დაემატა ის რომ აღმოვჩნდი რექტორის თანამდებობაზე, რა თქმა უნდა ამასაც თავისი დრო მიაქვს, მაგრამ ეს არ არის მთავარი მიზეზი იმისა რომ ხშირად არ ვდგამ, თვითონ ამ იშვიათად დადგმაში, თუ ვინმეა დამნაშავე, მე ვარ დამნაშავე. რაღაცნაირად ასე აეწყო, ჯერ ერთი არ ვთვლი რომ ხშირი დადგმა, რაიმეს ცვლის თვისობრივად, თუმცა არიან რეჟისორები, ჩემი უახლოესი მეგობრები, კოლეგები, რომლებიც ძალიან ბევრს დგამენ, და ძალიან კარგ სპექტაკლებს აკეთებენ. ერთი რამეცაა, იგივე ჩემი მეგობარი ავთო ვარსიმაშვილი ძალიან სწრაფად დგამს, მე ასე სწრაფად ვერ ვდგამ. ასევე ლევან წულაძე, დათო დოიაშვილი, გიორგი შალუტაშვიული, ანდრო ენუქიძე, ეს ბიჭები სულ ყველა, ჩემ გარშემო ვინც არიან, ბევრად უფრო სწრაფად დგამენ, რაღაცნაირად დაოსტატდნენ ამაში, ესეც უნარია. მე ამას ვერ ვახერხებ, ასე აეწყო, ალბათ სიზარმაცე მიშლის ხელს, არც ამას გამოვრიცხავ…
