Tag Archives: თეა წულუკიანი

ჰერაკლე მარგველაშვილი

2

გამოქვეყნდა გაზეთ “ქრონიკა+”-ში, 2014 წლის 22 ივლისს, საავტორო რუბრიკაში “მეცამეტე გვერდი”. 

რეზო შატაკიშვილი

პრემიერ-მინისტრობის რა მოგახსენოთ და ღარიბაშვილი ურიგო სინოპტიკოსი არ ყოფილა – ზაფხული მართლაც ცხელი გვაქვს – ასეც და ისეც. ქვეყანაში საზარელი „სმესი“ დუღს – „სმესი“ ტრაგიზმის, დრამატიზმის, მასთან ერთად ზეობს ცინიზმი, ფარსი და ამ ჩვენს მიწიერ ტრაგიკომიკურ თუხთუხს კიდევ უფრო ამძაფრებს ის უბედურება, რაც უკრაინის ცაზე დაატრიალა პირსისხლიანმა პუტინმა.

„საზარელი მკვლელობა“ – ზუსტად ეს შეფასება იხმარა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. ეს მაშინ, როცა მთელი ხელისუფლება თვითმკვლელობაზე საუბრობდა და საუბრობს. თუნდაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც უაპელაციოდ „საკუთარი სიცოცხლის მოსპობაზე“ საუბრობს. და მეტიც, მოძღვრავს კიდეც საზოგადოებას, რომ თავი შეიკავონ წინასწარი სპეკულაციებისგან. სპეკულაციებისგან თავშეკავების მოწოდება მართლაც მართლზომიერი იქნებოდა, ამას რომ სხვა პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი ამბობდეს და არა იმ გუნდის, რომელმაც რაფალიანცის საქმეზე პოლაროიდის სისწრაფით დაიწყო ვერდიქტების გამოტანა. ესეც რომ არ ჰქონდეთ აქტივში, საინტერესოა, რას სთხოვენ საზოგადოებას, როცა მათი რჩეული პრეზიდენტის განცხადება ძირშივე სპობს იმის საშუალებას, რომ საზოგადოება მშვიდად დაელოდოს გამოძიების შედეგებს? როდესაც პრეზიდენტი ხმარობს შეფასებას „საზარელი მკვლელობა“, რა უნდა იფიქროს საზოგადოებამ? მხოლოდ ის, რომ პრეზიდენტი გათამამდა? თუ ის, რომ იგი ფლობს გარკვეულ ინფორმაციას, რიგით მოკვდავთათვის ხელმიუწვდომელს და მასზე დაყრდნობით ამბობს ამას? რაც ისედაც აძლიერებს იმ დიდ ეჭვს, რაც გაჩნდა საზოგადოებაში ამ ფაქტთან დაკავშირებით? ან რა გასაკვირია, რომ საზოგადოებამ უყოყმანოდ არ მიიღოს ის ვერსია, რასაც აწვდიან? როდესაც საქმე აღიძრა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, ამაში სამართლებრივად გაუმართლებელი არაფერია. საქმე აღიძვრება ამ მუხლით და თუ გამოიკვეთება სხვა რამ, მოხდება გადაკვალიფიცირება. ამაში ტრაგიკული არაფერია, მაგრამ საზოგადოებას განუმარტა ვინმემ ხეირიანად, რომ სამართალდამცველებმა მხოლოდ საქმე აღძრეს ამ მუხლით და უაპელაციოდ არ ამტკიცებენ იმას, რომ კიწმარიშვილმა თავი მოიკლა? თუ არაა საჭირო ასეთი განმარტებები და საზოგადოებამ თვითონ უნდა იგულისხმოს? მით უფრო მაშინ, როცა პრეზიდენტი „საზარელ მკვლელობაზე“ საუბრობს და იუსტიციის მინისტრი და სხვები – თვითმკვლელობაზე? თვითონ ჩქარობენ და აკეთებენ ხმაურიან დასკვნებს, თან ერთი გაღმა, მეორე – გამოღმა და საზოგადოების რაღა უკვირთ? და საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები რას აკეთებენ? „ვინც ეროსის პირადად იცნობდა, თვითმკვლელობა კატეგორიულად გამორიცხულია!“ – ძირითადად ასეთია მათი შეფასება. არადა, ასეთ დროს, თეორიულად, თან კატეგორიულად არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, არც თვითმკვლელობის, არც უბედური შემთხვევის, არც ვინმე ბიზნესპარტნიორისგან შურისძიების და არც ამ პროცესში ხელისუფლებისა თუ სპეცსამსახურების მონაწილეობის. კი, თავისთავად ცხადია, ადამიანის ფსიქოტიპიდან გამომდინარე, მცირდება თვითმკვლელობის ალბათობა, მაგრამ მისი უაპელაციოდ გამორიცხვა ნამდვილად არ წაადგება საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას. მეტიც, ეს კიდევ უფრო მუხტავს საზოგადოებას, აძლიერებს უნდობლობას და ხელისუფლება შეჰყავს ჩიხში. დიახ, ბატონებო, ეს სწორედ ის ჩიხია, სადაც თქვენ ოსტატურად გყავდათ ატუზული წინა ხელისუფლება, მაშინაც როცა ისინი ხელისუფლებაში იყვნენ და ახლაც, როცა ხელისუფლებაში აღარ არიან და გაუთავებლად აპელირებთ გამოძიებულ და გამოუძიებელ საქმეებზე. „ეროსი თავს არ მოიკლავდა“ შესაძლოა გექცეთ ისეთივე ლოდად, რაც იყო და არის „ჟვანია გაზით არ გაიგუდებოდა“. არადა, ეროსიც ადამიანია და გარდაცვლილი პრემიერიც – ერთმაც შეიძლება თავი მოიკლას და მეორეც გაზით გაიგუდოს. და როცა თავად თესდით უნდობლობას გამოძიების მიმართ, ახლა იგივე გიბრუნდებათ ბუმერანგად და შედიხართ ტრაგიკომიკურ ჩიხში: „აბა, გამოიძიე“. იმედი მაქვს, გამოიძიებთ კიდეც. ალბათ დადგინდება კიდეც ჭეშმარიტება, მაგრამ ყველაზე მწარე იცით, რა იქნება? მის ჭეშმარიტებას რომ არავინ ირწმუნებს, ან, ყოველ შემთხვევაში, საზოგადოების დიდი ნაწილი და ყველას დარჩება ეჭვი, ეჭვი იმისა, რომ ეროსი კიწმარიშვილი ხელისუფლებამ მოიშორა გზიდან. რაც უფრო ტყუილი იქნება ეს, მით უფრო მწარე იქნება თქვენი ხვედრი.

პარადოქსული იცით, რა არის? ისინი, ვისაც არანაირი ეჭვი არ გამოუთქვამს ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტთან და დედის რძესავით შეირგო მაშინდელი სამართალდამცველების მიწვდილი ინფორმაცია, რომ ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა, ახლა ხელებს აქტიურად ასავსავებენ და ამტკიცებენ, რომ ეროსი მებრძოლი იყო და თავს არ მოიკლავდა. უკაცრავად და ზვიად გამსახურდია მებრძოლი არ იყო? თუ როგორაა თქვენი საქმე?

ისე არ გამიგოთ, წულუკიანის დარიგებულივით ვიჯდე და მშვიდად ველოდო გამოძიების შედეგებს და თავში არანაირი ეჭვი არ ტრიალებდეს, უბრალოდ, მე საუბარი მაქვს იმაზე, რომ კატეგორიულად რამის გამორიცხვა, კატეგორიულად რამის მტკიცება, სწორედაც რომ კატეგორიულად მიუღებელია ამგვარ ვითარებებში. დიახ, ისევე კატეგორიულად მიუღებელი, როგორც იმ საქმეებზე კატეგორიული განცხადებების კეთება და ყველაფრის წინა ხელისუფლებაზე შეწმენდა, რითაც ამ ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ აქტიურად დაკავებულები და არც დღეს ეშვებიან და ჟამიდან ჟამზე ახსენდებათ.

პრეზიდენტმა თქვა „საზარელი მკვლელობა“ და რამდენიმე დღის შემდეგ რა მოაყოლა – თვითმკვლელობაც მკვლელობააო. „ქართული სიტყვა მკვლელობა ნიშნავს ცოცხალი ორგანიზმისთვის სიცოცხლის მოსპობას. იქნება ეს მკვლელობა, რომელსაც თვითონ ადამიანი სჩადის თავის თავზე, თუ სხვაზე ახორციელებს, ყველაფერი ეს მკვლელობაა. მე ამით იმის თქმა მინდა, რომ იურიდიული კვალიფიკაცია იმ მომენტში არ მიმინიჭებია“, – ბრძანა პრეზიდენტმა… დიდი ილია ასეთ დროს იტყოდა: „აგანგალა-განგალა“.

თუ აქამდე ექსპრემიერის განცხადებებს სჭირდებოდა განმარტებები და განმმარტებელი, ახლა უკვე პრეზიდენტსაც სჭირდება. მოკლედ, დიდი მოთხოვნაა „იოანე ოქროპირებზე“ ნაოცნებარ ხელისუფლებაში. თუმცა არც ის უნდა დაგავიწყდეთ, ეს განცხადება მას მერე გაკეთდა, რაც იგი პარლამენტს ეწვია დაუპატიჟებლად…

ეს ცალკე თემაა. მართლაც ტრაგიკომიკური. მართლაც გაურკვეველია, რა სურს ამ ხელისუფლებას – პრეზიდენტის ინსტიტუტის საბოლოოდ მიჯირყვნა და გაფარჩაკება? თუ პირადად მარგველაშვილზე ახორციელებენ შტურმს? ხომ გავიგეთ, რომ მიაღწიეს წარმატებას და ლამის გიორგი გარიყულად აქციეს? ხომ ფაქტია, რომ არც ასოცირების ხელშეკრულებაზე მოაწერინეს ხელი, მეტიც „პაეზდკიდანაც“ მოტეხეს და არც წაიყვანეს? დატუქსვასაც აქვს ზომა და წონა! რას ნიშნავს: „ეს შენობა ყველას ვერ დაიტევს ფიზიკურად“? გამაგებინეთ, ვისი ადგილია იქ, სადაც არ არის ქვეყნის პრეზიდენტის ადგილი? თუ მარგველაშვილი პრეზიდენტად არ გინდოდათ, რას აირჩიეთ, რა ასკილივით უქნევდით თავს ყველა ბიძინა ივანიშვილს?! ამოგეღოთ ხმა, თუ ახლაც ისევ თავკანტურის რეჟიმში ხართ ჩარჩენილი?! თუ საერთოდ პრეზიდენტი არ გინდოდათ და არ გინდათ? იქნებ, სცადოთ და ცოტა გვერდიდან შეხედოთ თავს? თუ ამას მოახერხებთ, ნამდვილად დაინახავთ, რასაც ჰგავს ეს ყველაფერი…

დღის მთავარ ინტრიგად გამოცხადდა პრეზიდენტ მარგველაშვილის გამოჩენა პარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებისას. ის გამოჩნდა და ხურდა დააბრუნა: „ხომ ყველა დავეტიეთ?“. ეს შემდეგ გასაღდა მის ფანტასტიკურ იუმორად და შამპანურებით ხელში ინციდენტი ამოწურულად კი არა, საერთოდ უარყოფილი იქნა, მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ იგი საერთოდ არ იყო სიაში? მისი იქ გამოჩენა კი ლამის ჰერაკლეს გმირობად იქნა მიჩნეული. თუ, ახლა, მითოსს გავიხსენებთ, მარგველაშვილი კაი ხანია დგას გზაჯვარედინზე – იმ გზაჯვარედინზე, სადაც ჰერაკლეს ორი მანდილოსანი გამოეცხადა, ერთი ნეტარებას, ხორციელ სიამენს აღუთქვამდა, მეორე გმირობას და დიდებას, მაგრამ მას, მარგველაშვილს, ჯერაც არ აურჩევია, დაადგეს სათნოების გზას და გახდეს მართლა პრეზიდენტი, თუ, უბრალოდ, იცხოვროს საპრეზიდენტო განცხრომაში? ახლა ის ფაქტი, რომ პარლამენტში მივიდა, ჯერაც ვერ ჩაითვლება იმად, რომ იგი საგმირო საქმეების გზას დაადგა,  ლომი ჯერ არ დაუხრჩვია და, შესაბამისად, ვერც ლომის ტყავი მოსავს მას. დრამატული, კულმინაციური მომენტი კვლავ გალაითდა და იმ შამპანურივით აშუშხუნდა, რომელიც იქ შეისვა. მით უმეტეს, რომ სწორედ ამის შემდეგ მოხდა სკანდალური განცხადების ჩანეიტრალება.

„მარგველაშვილი არის ტრეფიკინგის მსხვერპლი“, – დაწერა ბექა მინდიაშვილმა „ფეისბუკში“.

ამ გაგანია ზაფხულში ისევ აქტიურდება პრეზიდენტის სასახლის თემა: მარგველაშვილს უტრიალებენ იმ განცხადებას, სადაც ამბობდა, რომ ეს სასახლე პრეზიდენტისთვის დიდი იყო და სტუდენტებს უნდა გადასცემოდა. მედიაში ჩნდება ცნობები მისი კომპრომატების თაობაზე, ქმედება იწვევს უკუქმედებას… საზოგადოებაშიც და დავიჯერო, ამ გზით აპირებთ, საზოგადოება კეთილად განაწყოთ პრეზიდენტ მარგველაშვილის მიმართ? რაღაც არ მგონია, საკუთარ იმიჯს სწირავდეთ მის სამსხვერპლოზე. რა არის თქვენი ამოცანა? ქრონიკულად „ტომი და ჯერის“ თამაში? ისედაც გარიყული პრეზიდენტის უარესად გარიყვა? ბარემ რობინზონ კრუზოსავით უკაცრიელ კუნძულზე გარიყეთ! ვიდრე პრეზიდენტს ჯირყვნიან, რა ხდება იმ ქალაქში, სადაც ოდესღაც უღრანი ტყე იყო და გორგასალმა ქალაქი გააშენა? დავით ნარმანია ისევ ტყეს გვიშენებს. ოღონდ, არ იკითხავთ, ვის ხარჯზე? – ბიზნესმენების ხარჯზე! არჩევნებამდე დაგვპირდა მილიონი ხის დარგვას, ახლა რა გაირკვა? თურმე, ბიზნესმენები, სამშენებლო კომპანიები, ვალდებულები ხდებიან, დარგონ ეს ხეები. აქამდე ვიცოდით სხვისი ხელით ნარის გლეჯა. ახლა გავიგეთ, სხვისი ხელით (და ფულით) ხეების დარგვა. მერე რა, რომ თვითონ დაგვპირდა? ხო დაარგვეინებს რაც მთავარია? აა, ეს მათი „კეთილი ნებით“ მოხდება? ამ კეთილ ნებას მიშას დროს ბიზნესზე ძალადობა ერქვა. დროც იცვლება, ლექსიკონიც… მერე რა, რომ ეს „კეთილი ნება“ ისევ მოსახლეობას შემოუტრიალდება და ბინები გაძვირდება? ამდენ ხლაფორთს, ბარემ, ჩვენ დაგვავალეთ და ჩვენი ხარჯით დავრგავთ თითო ხეს და კიდეც გამოვა მილიონი ხის დარგვა. თქვენ, უბრალოდ, წამოგორდით და დაითვალეთ, როგორც ლუარსაბი ითვლიდა ბუზებს…

 

აქლემი და თეა

6

გამოქვეყნდა გაზეთ “ქრონიკა+”-ში, 2014 წლის 10 ივნისს, საავტორო რუბრიკაში “მეცამეტე გვერდი”. 

რეზო შატაკიშვილი

მადამ „რამეთუ“ ახალ რეჟიმში გადადის – ამჯერად „მიუხედავად ყველაფრისას“ იყენებს ფარად და მახვილად, ცხადია, ნაციონალების წინააღმდეგ ბრძოლაში.   გამობრძანდა და გვამცნო, – უპრეცედენტოდ მშვიდიაო წინასაარჩევნო გარემო, ისეთი კი არააო, ქარაფებიდან გადაეშვასო შორენა, არამედ ისეთიაო – ლაითიო – უპრეცედენტოდ მშვიდიო, ლამისაა ხიდან ხეზე გადმოფრინდეს ჩიორაო.

მიუხედავად ყველაფრისაო, – თქვა თეამან არაკი, – მე, როგორც უწყებათშორისი კომისიის თავმჯდომარე, ვაცხადებ, რომ საარჩევნო გარემო იყოო თავისუფალი, არ ხდებოდაო ძალადობა სახელმწიფოს მხრიდან, როგორც ეს ადრე ხდებოდაო. ჩვენ შევძელით – სახელმწიფო არ ძალადობსო საკუთარ მოქალაქეებსა და საკუთარ ოპოზიციაზეო. სხვა „ყველაფერი“ კი რაც ხდება – „რაიმე ტიპის იციდენტები“ – მიაწერა კერძო პირებს…

რაი არს საფუძველი სიამაყისა მისისაი?

რას ეძახის ნეტარ სიმშვიდეს, ხალხი რომ უცვივდება კანდიდატს ამომრჩეველთან შეხვედრაზე? კანდიდატი რომ ამ მივარდნილ ვითომ „ადგილობრივებში“ „ოცნების“ აქტივისტებს რომ ამოიცნობს? ეს სახელმწიფოს მხრიდან ძალადობა არაა, თუ მაინცდამაინც შესაბამისმა უწყებებმა უნდა დააწიოკონ ხათუნა ბერძენიშვილი ფონიჭალაში და მაშინ ჩაითვლება ძალადობად? თუნდაც უპარტიო ხალხი რომ ტეხდეს დებოშს და აყალ-მაყალს, როცა პოლიცია არ ანძრევს ხელს, რა ჰქვია ამას?

თურმე უპრეცედენტო სიმშვიდეა, როცა ზუგდიდში ნაციონალების ოფისს ქვებს უშენენ, ოფისში შეჭრას ცდილობენ და ნაციონალები ამ აქციის მეთაურებში „ქართული ოცნების“ ადგილობრივ აქტივისტებს და კონკრეტულ ლიდერებს, მეტიც, თვითმმართველობის სპეციალისტს ამოიცნობენ.

თურმე უპრეცედენტო სიმშვიდეა, როცა ბათუმში ამომრჩეველთან შეხვედრაზე მიუცვივდებიან გიგა ბოკერიას, გია ბარამიძეს და უგულავას. თურმე ეს სიმშვიდეა, თანაც უპრეცედენტო, აბა, რა, კერძო პირები მიუცვივდნენ, ვოლსკი და ღარიბაშვილი ხომ არა?

თურმე უპრეცედენტო სიმშვიდეა ის, რაც განვითარდა მარნეულში. გამგებლობის კანდიდატი იმამკულიევი არჩევნებიდან მოხსნეს. რეგისტრაცია საოლქო კომისიამ გააუქმა, თითქოსდა იმ მოტივით, რომ იმამკულიევს ბოლო 2 წელი საქართველოში არ უცხოვრია. ეს გააკეთეს მიუხედავად იმ დოკუმენტებისა, საიდანაც დასტურდება, რომ იგი ცხოვრობდა. ამ ყველაფრის შემდეგ ხათუნა გოგორიშვილმა ფარდა ახადა სკანდალურ კულისებს და განაცხდა, რომ 12 ივნისს შეხვედრა ჰქონდა უსუფაშვილთან, რომელმაც მას გადასცა მთავრობის გზავნილი, რომ მოეხსნათ იმამკულიევის კანდიდატურა. უსუფაშვილი ეკრანებზე არ გამოჩენილა, ხათუნა გოგორიშვილის სკანდალურ ბრალდებას ეპისტოლარულად გამოეხმაურა, გოგორიშვილთან შეხვედრის ფაქტი ვერ უარყო, მაგრამ თურმე იმ შეხვედრაზე გვარები და სახელები არ ყოფილა ნახსენები. თურმე, მათ „ქვეყნის ეროვნული ინტრერესების საზიანო შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილების მოდელებზე“ უსაუბრიათ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ხათუნა გოგორიშვილი წარმოადგენს ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო არტილერიას, ცოტა ძნელი დასაჯერებელია, მას ამ გაგანია წინასაარჩევნო პერიოდში მოდელებზე სასაუბროდ მოეცალა ვინმესთან, თუნდაც ეს პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილიყო. ხათუნა გოგორიშვილთან წინასაარჩევნოდ შეხვედრა იმთავითვე ნიშნავს იმას, რომ შეხვედრა არჩევნებს შეეხებოდა და არა გეოპოლიტიკურ პერიპეტიებს თუ მოდელებს. ფაქტია ისიც, რომ სწორედ ეს იმამკულიევი არჩევნებიდან მოხსნა ჯერ საოლქო კომისიამ, შემდეგ ამ გადაწყვეტილებაზე კვერი დაუკრა „ცესკომ“. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ხელისუფლება სისხლხორცეულად იყო დაინტერესებული, არჩევნებიდან ჩამოეშორებინათ „ნაციონალური“ კანდიდატი იმამკულიევი, რომელსაც გამარჯვების დიდი შანსები ჰქონდა?

არის თუ არა ეს ძალადობა? რა მნიშვნელობა აქვს, საბოლოო რეზულტატს ვინ დადებს – პარლამენტის თავმჯდომარე კულუარული შეხვედრებით თუ საარჩევნო ადმინისტრაცია რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციის აწეული „ტოპკით“? ამ ყველაფერს კი ვერანაირად ვერ გაანიორწყლებს წულუკიანის განცხადება, რომ თურმე გოგორიშვილი „არ ისვენებს“.

იმამკულიევი გამოდგა კერკეტი კაკალი, თორემ ხათუნამდე, ცხადია, მას შესთავაზებდნენ კანდიდატურის მოხსნას, როგორც ეს არაერთ კანდიდატთან გააკეთეს, მეტიც – კანდიდატურების მოხსნის გზით, საერთოდ, სიების განულებაც დაამუღამეს. ამის შესახებ, თავის დროზე, გიგი უგულავაც წერდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ასეთი ილეთებით მარტო ნაციონალებს არ უსწორდებიან, როგორც გაირკვა, იგივეს აკეთებენ არასაპარლამენტო ოპოზიციის მიმართაც. როგორც ფიქრია ჩიხრაძემ მიამბო, მათი კანდიდატები თერჯოლაში, ხულოში, ქობულეთში, უბრალოდ, გაქრნენ – ვეღარც პოულობენ, სად წავიდნენ. ფიქრია ჩიხრაძე მისტიკაზე ან მკვლელობებზე კი არა, იმ ზეწოლაზე საუბრობს, რომელსაც ამ კანდიდატებმა ვერ გაუძლეს და არჩევნებს საერთოდ გაერიდნენ, ვერც ის გაიგეს, რა პირითღა ელაპარაკათ საკუთარ პარტიასთან და საერთოდ გავიდნენ მომსახურების ზონიდან, თორემ მართლაც რას ნიშნავს, როცა ადამიანები არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ, ავსებენ დოკუმენტაციას, იღებენ სურათებს, ირჩევენ ოლქებს, იწყებენ მუშაობას და ერთი კვირის მერე უსიტყვოდ ილალებიან? ეს ძალადობა არაა? დიდი მიხვედრა უნდა, ვის აქვს დაშინების ბერკეტები? რაკი ეს დაშინებულები არ გაჰკივიან, სიმშვიდეა?

რას ვიზამთ? ყველას ის მოხერხება არ ექნება, რაც ნაციონალების დმანისელ კანდიდატს, კურბან მამედოვს ჰქონია. ვერანაირად რომ ვერ ათქმევინეს უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, ღამით სახლში მიადგნენ, საკუთარი კანდიდატურა მოხსენიო. ისიც ამდგარა და განცხადებაზე ხელი უკუღმა მოუწერია – მემედ კურბანოვი და მეტიც, მეორე დღეს ამ უკუღმას წაღმა განცხადებაც დაადევნა – წინა წერილი სისულელეა, ძალით დამაწერინესო.

ესაა უპრეცედენტო სიმშვიდე?

ან სახელმწიფოსგან მეტი რა ძალადობა გინდა, როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საჯაროდ აცხადებს, რომ „არ დაუშვებს“ სხვების გამარჯვებას? გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთო კი არ ამბობს, არ დავუშვებთ სხვების გამარჯვებასო. მადამ „რამეთუ“, როგორ ფიქრობთ, როგორ იქნება პრემიერის ეს განცხადება აღქმული დაბალ რგოლებში? როგორ უნდა უზრულველყონ, როგორ არ უნდა დაუშვან მათ სხვა პოლიტიკური ძალების გამარჯვება?

პრემიერის სტილში პლანტაციებში მუშაობით დაემუქრონ ყველას, ვინც კი არ „იოცნებებს“? პლანტაციებზე გამახსენდა, პრემიერი ბჭობდა და ღმერთი დასცინოდა – კაცს, რომელსაც პლანტაციებში გზავნიდა, ობამა მომდევნო დღეებში დიდის ამბით ხვდებოდა. ჯო ბაიდენზე და რასმუსენზე აღარ მაქვს ლაპარაკი. მიშას თქმისა არ იყოს, იქნებ, მართლა აღარაა ლანზღანდარობისა და „შპილკაობის“ დრო და იქნებ, მართლა დროა, დაღვინების, დასერიოზულების? ისევ თქვენთვის გეუბნებით, თორემ ისევ თქვენ იწვევთ ღიმილს ამ უკბილო ხუმრობებით.

და კიდევ, თქვენი ასტრონომიული ხელფას-პრემიებით ისე წყდებით რეალობას, ვერც ხვდებით! დიახ, ვერც ხვდებით და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ტანში გამაჟრჟოლებელ თანხებს პრემიას დაარქმევთ, ალასანიასავით სარგოს თუ მარგოს! ისევე წყდებით რეალობას, როგორც ნანული შევარდნაძე მოსწყდა რეალობას, როცა გამოაცხადა, რომ 14-ლარიანი პენსიით კარგი დიასახლისი ოჯახს დააპურებდა! აგერ, თქვენი პაატა ზაქარეიშვილი „ვერსიასთან“ ინტერვიუში ყინჩად აცხადებს, რომ თურმე როცა ხელფასამდე 800 ლარი რჩება, ოჯახის წევრებს ეუბნება, – გვეყო ფულის ხარჯვა, ხელფასს დაველოდოთო. იცით თუ არა, რომ ამ ქვეყანაში მაგ თანხაზე, რომელზეც თქვენ ხარჯვას „ასტოპებთ“, ოჯახები თვეობით ცხოვრობენ? ხელფასები კი, რომელიც თქვენ გაქვთ, მართლაც ღირს დალოდებად – თვის ბოლომდე კი არა, წლის ბოლომდეც სიამოვნებით დაელოდებოდა ამ ქვეყნის ყველა მოქალაქე! იქნებ, ერთხელ მაინც გადაგეკითხათ სულხან-საბას „სიბრძნე სიცრუისა“? იქნებ, იქ მაინც ამოგეკითხათ „თუცა შიმშილით არ მომყმარიყო, რამცა იცის გლახაკთა და უღონოთა შიან“. თუ „სიბრძნე სიცრუისას“ წაკითხვა გესქელტანიანებათ, მოკლედ გეტყვით ანდაზით: მაძღარს ყველა მაძღარი ეგონაო! ეგრეა თქვენი ამბავი. რატომ გგონიათ, რომ ეს ნაკლებ რისხვას იწვევს და ეს რისხვა არ დაგატყდებათ თავს ამ არჩევნებზე თუ არა, შემდეგ არჩევნებზე? თუმცა მანამ ალბათ იმდენს დააგროვებთ, კარგა ხანს მსუყედ იქნებით, მაგრამ ნურც ის დაგავიწყდებათ, მიხეილმა მობრუნებაც იცის და ხელის შემობრუნებაც – ბადალი არ ჰყავს ფულების დაყრევინებაში. „ასტაროჟნად“, ემანდ უკან არ დაგაყრევინოთ ეგ თქვენი ხელფას-პრემია-სარგო-მარგოები. იქნებ, სწორედ ამას გრძნობთ და იმიტომაც მიდის სმა-ჭამა დიდად შესარგი. მთელ ქვეყანას – თქვენ მომხრესაც და თქვენ მოწინააღმდეგესაც, შეგრძნება აქვს, რომ მოსწრებაზე ხართ. დამშვიდდით, გადმოდით ჩემოდნებიდან და მიხედეთ ქვეყანას, თორემ არც იმის ძახილი გარგებთ, რომ დანგრეული ქვეყანა ჩაიბარეთ, თან პირდაპირი მნიშვნელობით, რომ თურმე 9 წელი გვატყუებდნენ ჩვენც და მსოფლიოსაც, რომ თურმე რაღაც რამდენიმე ათი შენობა ააშენეს… მაინც, რა მოგატყუეს, თუ ქვეყანას ანგრევდნენ, როგორ გაუსწრო ქვეყნის წლიურმა ბიუჯეტმა იმის ქონებას, ვინც პირადად თქვენ დაგნიშნათ? თუ ქვეყანა დანგრეული დატოვეს, აბა, რას ჰპირდება თქვენი მინისტრი პეტრიაშვილი უკრაინელებს რეფორმების გამოცდილების გაზიარებას, უკაცრავად და რომელი რეფორმა გაატარეთ, რომ თქვენი გატარებული რეფორმა გაუზიაროთ? ვის გატარებულ წარმატებულ რეფორმებს უზიარებთ? ვისი აშენებული იუსტიციის სახლების გამოცდილებით მოაქვს თავი საზღვარგარეთ წულუკიანს? ვის განახლებულ რაბათს ათვალიერებინებს ფანჯიკიძე უცხოელ დიპლომატებს? ან რომელ წყალზე და შუქზე გაიძახით, – აბა, სადააო? მაინც რა გეგონათ, რომ მიშამ მარადიული ნათელი დაგიტოვათ და თქვენ ზრუნვა არ მოგიწევდათ?

თქვენი მინისტრი ხადური კი აპრილში დაფიქსირებულ დაბალ ეკონომიკურ მაჩვენებელს იმით ხსნის, რომ კაზინოებში ბრუნვა შემცირებულა. ჩვენ გვაპატიეთ, ჩვენ მოგვიტევეთ, რომ კაზინოში არ დავიარებით. ვალებს არ ვიღებთ და არ ვფლანგავთ კაზინოებში, რომ მაჩვენებელი მაღალი გქონდეთ და მერმე პაატას, ზაქარეიშვილს, 800-ის ნაცვლად 8000 გაჰყვეს ხელფასიდან ხელფასამდე.

ისევ ჩვენ გვაპატიეთ, რომ 9 წლის გაპარტახებულ ქვეყანაში გიწევთ მუხლჩაუხრელი შრომა,

ჩვენ გვაპატიეთ, რომ არ ვაფასებთ იმ სიმშვიდეს, რომელმაც თქვენი ხელმწიფებისას დაისადგურა ამ ქვეყანაში, სადაც მხოლოდ აქლემი ესხმის თავს მოქალაქეს და სხვა არავინ და ჩვენ კიდე ასე ინერციით რა აღარ გველანდება, – ხან გახშირებული კრიმინალი, ხან წინასაარჩევნო მიეთ-მოეთი. მოგვიტევეთ ეს ფობიები, ეჭვიანობები, მოჩვენებანი, ეს ყველაფერი სულ იმ ავბედითი ცხრა წლის ბრალია. დავბრმავდით, პოზიტივს ვერ ვხედავთ, თორემ განა ის პოზიტივი არაა, იპოდრომზე აქლემი რომ გამოგიდგება და არა ზებრა?

განცხრომა ოცნებებში!!! – „ეგონა“, „გეგონა“, „მეგონა“…

 

15 ოქტომბერი, 2012 წელი, გაზეთი “პრაიმტაიმი”

რეზო შატაკიშვილი

„ეგონა“, „გეგონა“, „მეგონა“… ამ ზმნის უღლება სწორედაც რომ უპრიანია ბოლო ხანს განვითარებული მოვლენების გადამკიდე.

ყველას რაღაც ეგონა. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილს ეგონა, რომ პარლამენტი აირჩევდა პრემიერ-მინისტრად და არ დასჭირდებოდა სააკაშვილის წარდგინება. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეგონა, სააკაშვილი არ აღიარებდა მარცხს, მეტიც, არ გააყალბებდა არჩევნებს… მას საერთოდ სხვაგვარი ეგონა იმ ქვეყნის კონსტიტუცია, რომელიც უნდა მართოს. ეს უკვე აღმოაჩინა და ახლა უკვე სხვა რამ ჰგონია – „ჭკუაზეა მოსაყვანი კონსტიტუციაო“. ქვეყნის უმთავრეს კანონს რომ ახალი მმართველი ასე უყურებს, ხომ წარმოგიდგენიათ რას უპირებს სხვა, რიგით კანონებს. და კიდევ: მას ჰგონია, რომ ჭკუაზე მოიყვანს კონსტიტუციას. მაგრამ როგორ ახლებს ხელს კონსტიტუციას, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა არა ჰყავს? მას ისევ ჰგონია, რომ უმრავლესობას შექმნის. უმრავლესობას იმ ნაციონალი დეპუტატების ხარჯზე, რომელიც განუდგება სააკაშვილს. ვნახოთ, აოცნებდებიან თუ არა ნაციონალი დეპუტატები და აუნთებენ თუ არა მწვანეს ბიძინას კონსტიტუციის „მოსაჭკვიანებლად“. ცალკე თემაა, რისთვის სურს ბიძინას.

მე რატომღაც მართლა კვალიფიციური იურისტი მეგონა თეა წულუკიანი, მაგრამ  ისეთი რამ თქვა „იმედის“ ეთერში – გამაოგნა. არ ვიცი, რა ეგონა და რა ფუნქციების ჰგონია იუსტიციის სახლები. ჰკითხეს, იუსტიციის სახლის სერვისით თუ გისარგებლიათო და რა უპასუხა? „მე არ მისარგებლია, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ჩემთვის საქართველოში დაბრუნებისას ვერ მოასწრო მოქალაქეობის ჩამორთმევა…“

რა ჰგონია, იუსტიციის სახლებში მხოლოდ მოქალაქეობაჩამორთმეულნი დაიარებიან?

ირაკლი ალასანიასაც ბევრი რამ ეგონა. ეგონა, საპრეზიდენტო კანდიდატი იყო, მივიდა ბრიფინგზე და აღმოაჩინა, რომ არ იყო –  ივანიშვილმა ვახტანგ ხმალაძე მოიხსენია ამ კონტექსტში, ისიც სამარქაფოდ, უფრო იმისთვის, რომ გაენელებინა ის ტკივილი, რომელიც ხმალაძეს მიადგა – მას უკვე თავი მთელი პარლამენტის თავმჯდომარე ეგონა და გაიგო, რომ მარტო იურიდიული კომიტეტი შერჩა ხელში.

ალასანია პრეზიდენტობის კანდიდატი ვერ იქნება – ეს პირველი შოკი იყო მისთვის იმ დღეს, მეორე შოკმაც არ დაახანა – გაიგო, რომ შს მინისტრი ვერ იქნება, მესამე შოკი – გენშტაბს პრეზიდენტი ნიშნავს… არადა, რამდენი რამ ეგონა? ერთ დღეში სამი შოკი მართლაც მეტისმეტია. ბატონ ბიძინას იქნებ დაენდო ეს მუდამ ღიმილიანი ალასანია.

მხოლოდ ალასანია იდგა ბადრი მთვარესავით სააკაშვილი-ივანიშვილის შეხვედრის შემდეგ რომ გამოეფინენ პრეზიდენტის რეზიდენციის წინ. ალასანია რომის პაპზე მეტი კათოლიკე გამოდგა – ბიძინას არ ეწერა სახეზე კმაყოფილება, ალასანია კმაყოფილი იყო. იხუმრეს კიდეც, ალასანია იმდენად ნაწყენია და იმდენად შოკშია – გაბმულად იღიმის წყენის დასამალადო.

მას ბევრი რამ ეგონა. არ ეგონა ის, თუ მისი საუბრები იწერებოდა და ეს საუბრები თუ ამდენს დააკარგვინებდა, თორემ ასე უხამსად არ მოიხსენიებდა ბიძინას, თავს აარიდებდა იმ მეტაფორებს, რომელიც სტყორცნა ლიდერს „აუ ეს რა ყ…“. ძვირი დაუჯდა ეს ყ..-ური მეტაფორა.

არც გუბაზს დაუჯდა იაფი, რომ გაიძახოდა მილიონები უნდა ვიშოვოო. ბიძინა ივანიშვილის ოჯახზე საუბარი, ემანდ ისე არ დაუჯდეს, საოცნებო არ გაუხდეს კარაქიანი პური. თუმცა, თუ ივანიშვილის მიერ წამოწეულ კადრებს გადავხედავთ, გამორიცხული არაა, კვლავ ის არნახული ინფლაცია დაიწყოს და გუბაზი უბიძინოდაც გახდეს მილიონერი. ემანდ ყველა არ გაგვითანაბროს ბატონმა ბიძინამ, ემანდ ყველას არ გვქონდეს 5 მილიარდი…

ჯერჯერობით, მხოლოდ ღარიბაშვილს შერჩა გინება. პირიქით, ლიდერმა მოუწონა კიდეც – „ეს რა გინება სცოდნიაო“. გინება მოუწონა? ეს თქვენ გეგონათ, თორემ მან ის მოუწონა – ღარიბაშვილმა ის რომ იცის, ვის აგინოს…

ივანიშვილმა იმდენი ვინმე წამოაყენა პოლიტიკური სასაფლაოდან, გეგონება მაიკლ ჯექსონის „triller“ უყურებ – ჯექსონი რომ მიდის და გვამები რომ საფლავებიდან დგებიან. მიდის „ბიძო“ და დგებიან ყორღანებიდან, ცოტაც და გოგლას წაგვიკითხავენ – „ისევ აღვსდექი, მუხრანის ბოლოს, ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს…“.

„იარაღს სინჯავენ“, შურისძიების, ანგარიშსწორების ჟამი დგას. ასლანი მოდისო, ლევან მამალაძეო, კახა თარგამაძე, თენგიზ კიტოვანი… კინაღამ უნებურად ჯაბა იოსელიანიც დავწერე, მაგრამ ბატონი ჯაბაც რომ გამოგვეცხადოს, ლამის ეგეც აღარ გამიკვირდება.

ის გვპირდებოდა მთავრობას „ჯერარნახულს“ და გვიბოძა მთავრობა – ასჯერ ნანახი – ამირან გამყრელიძე ადრეც იყო მინისტრი, მინისტრი იყო დათო კირვალიძეც, მთავრობაში მუშაობა არც სოზარ სუბარისთვის არის უცხო, არც ირაკლი ალასანიასთვის… რევაზ შავიშვილი,  ნოდარ ჯავახიშვილი…

ვინც უკვე წარადგინა, ხომ წარადგინა და დარჩენილ პოსტებზე ისეთი კანდიდატურები გაჯაზდა, (ალეკო კარტოზია, მირცხულავა, ჩხობაძე), რომ ხალხს შიში გაუჩნდა პრეზიდენტის კანდიდატურად ალასანია-ხმალაძე კი არა, ემანდ ედუარდი არ წამოაყენოსო.

არადა, ხალხს ვინ ეგონა?

წინასაარჩევნო პერიოდში ერთმა მეოცნებემ „გამანდო“ – ვანო მერაბიშვილი ჩვენიანია, არჩევნების მერე გაიგებო. მაშინ მეგონა, რომ ეს მათი მორიგი ცალფეხა ოცნება იყო. თურმე მეგონა. მეგონა, იმიტომ, რომ ეს უბრალოდ ცალფეხა ოცნება კი არა, კარგად შორს გამიზნული მანევრი ყოფილა. ბევრმა, ვინც ხმა მისცა „ოცნებას“, არჩევნების შემდეგ, მას მერე, რაც ბიძინა ივანიშვილის კომენტარი მოისმინა, რომ ვანო მერაბიშვილიც გამოეთხოვებოდა პოსტს, გაიკვირვა, როგორ, ვანო აღარ იქნებაო? როგორც გაირკვა, მათთვის „მეოცნებეებს“ სწორედ ისევე გაუნდვიათ „ვანო ჩვენიაო“, როგორც მე გამანდეს. თუ კარგად გადავხედავთ მოვლენებს, გაირკვევა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა კარგა ხნის წინ დაიწყო. დაიწყო თავად ბიძინა ივანიშვილმა – საქართველოში დაბრუნებულმა „ჩაუფინა“ ერთი ორი კეთილი სიტყვა ვანო მერაბიშვილზე. უკვე ციხის კადრების შემდეგ, ვანო ახსენა ბედუკაძემ, ახსენა ირმა ინაშვილმა… ეს ყველაფერი დამაჯერებლობას მატებდა „მეოცნებე“ აქტივისტების რიგით ამომრჩეველთან მუშაობას ამ მიმართულებით. რატომ ვანო? მიზეზი მარტივია, თუკი რამ ეძვირფასება მოსახლეობას, ეს სწორედ ის უსაფრთხოებაა, რომელიც სწორედ ვანო მერაბიშვილის დამსახურებაა. გასათვალისწინებელია ის მზარდი რეიტინგი, რაც ვანო მერაბიშვილს არჩევნებამდე ჰქონდა. როგორც ჩანს, ეს კარგად გათვალეს „ოცნებაში“ და რიგ შემთხვევებში იხეირეს კიდეც ვანოს ფაქტორით.

ეს, რაც აქ გვეგონა… მაგრამ რა ეგონა პუტინს? ის, რომ აქ პოსტსაარჩევნო არეულობა დაიწყებოდა, კარს მომდგარ ჯარს შემოიყვანდა და საბოლოოდ მოუღებდა ბოლოს ნატოზე ოცნებას. მაგრამ მგონი პირიქით ხდება, ყოველ შემთხვევაში ამას მოწმობს პრეზიდენტ სააკაშვილისა და რასმუსენის სატელეფონო საუბარი. მე მგონი, ნატოს ეშინია, ქვეყნის ახალმა მეოცნებე ლიდერმა არ უგანოს და პირიქით აჩქარებენ კიდეც საქართველოს ნატოში მიღებას, რომ ეს 2014 წელს კი არ მოხდეს, როგორც აქამდე ამბობდნენ, არამედ 2013 წელს, სანამ აქ პრეზიდენტად სააკაშვილია. წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ უბრალოდ უმცროს სტრატეგიულ პარტნიორს კი არა, რეგიონს კარგავს.

ეს რომ ვთქვი, ჩემმა ერთ-ერთმა კოლეგამ დაუვიწყარი რეპლიკით მიპასუხა: ისინი რეგიონს კარგავენ, ჩვენ მომავალს.

ბიზნესმენებსაც ბევრი რამ ეგონათ, ასე მაგალითად, ბიზნესმენებს ეგონათ, რომ მოგების გადასახადისგან განთავისუფლდებოდნენ – როგორც ჰპირდებოდნენ. როცა ეს შეახსენეს, უპასუხა, გასარკვევია, რამდენი შედის მოგების გადასახადიდან ბიუჯეტში, მე მგონი 30 მილიონი და შეიძლება ამაზე ვიფიქროთო. როცა უთხრეს, რომ 600 მილიონამდე შედისო, დაფიქრდა, უი, არაო და ოცნებაც „კაპუტ“.

ბიზნესმენებს ბევრი რამ ეგონათ, ახლა ინაღვლონ, როცა ფასების დაწევა მოსთხოვეს. აბა, რაიმე ხომ უნდა მოიმოქმედოს „ოცნებამ“ ოცნებების ინფლაციის შესაჩერებლად? ამას ემსახურება მგონი ის განცხადებაც – უმუშევრებისთვის შემწეობების დანიშვნას რომ აპირებენ, მაგრამ არ ასახელებენ რამდენი იქნება ეს შემწეობა. ჯერ ერთი, ხალხს დასაქმებას ჰპირდებოდნენ. ხალხს ეგონა დაასაქმებდნენ – ახლა გაარკვიეს, რომ ამას დიდი დრო და დიდი ფული უნდა (!), ჰოდა, ახლა შემწეობებს ჰპირდებიან – გაურკვეველი ოდენობით. ბევრს ჰგონია, ნაოცნებარი ხანა დაუდგა – არ იმუშავებს, მხართეძოზე წამოწვება და იცხოვრებს. მხართეძოზე წამოწოლას ვინმე ვინმეს უშლის? ცხოვრების და განცხრომის რა მოგახსენოთ. განცხრომა? კვლავ ოცნებებში. სხვა რას ითხოვთ პარტიისგან, რომელმაც სათაურად ეგზომ არაპრაგმატული რამ დაირქვა?

ესეც ჩვენი სულელური, ინფანტილური „მეგონა“, „ეგონა“ „გეგონა“

აინშტაინი ბრძანებდა: „ორი რამ არის უსასრულო, სამყარო და ადამიანის სისულელე, თანაც სამყაროსთან დაკავშირებით დარწმუნებული არ ვარ“.

%d bloggers like this: