Tag Archives: კოტე მარჯანიშვილი

რეზო შატაკიშვილი დიდ ელენე ახვლედიანზე

 

ელენე ახვლედიანი

1898 წლის 18 აპრილს თელავში გაუგონარი რამ მოხდა – თოვლი მოვიდა. თოვლით შეეგება თელავი მომავალში სახელგანთქმული მხატვრის – ელენე ახვლედიანის დაბადებას. თითქოს თოვლმა იგრძნო, რომ იბადებოდა მხატვარი, რომელიც არაერთხელ, არაერთ ტილოზე უკვდავყოფდა მას – თოვლს იოლადდნობადს, წარმავალზე წარმავალს…

ის იყო დიდი ქართველი მხატვარი – ევროპული მასშტაბის. ქართული ეროვნული პეიზაჟის დიდოსტატი.

ის მუდამ ხატავდა, ხატავდა ყველგან, ხატავდა, როცა საუბრობდა ტელეფონზე, ხატავდა, როცა სუფრასთან იყო – ხელსახოცებზე… და უყვარდა ყველაფერი, ყველა საგანი, ყველა ნივთი, ყველა ხე, ყვავილი – რასაც ხატავდა…

„თბილისი ჩემთვის არის ელენე ახვლედიანი“, – იტყვის მხატვრის წლისთავზე პატარა ცხვრითა და ძველ თბილისზე მომღერალი მეზურნეებით მისული ფარაჯანოვი.

ელენე ახვლედიანი დაიბადა კრაკოვისა და ოსესის უნივერსიტეტებში განსწავლული დიმიტრი ახვლედიანის ოჯახში. დედა ერისთავის ქალი იყო, ბებია – ჩიქოვანის. თავად მთელი ცხოვრება ხაზგასმული არისტოკრატი გახლდათ. მოიხვევდა შალს და უმალ ხდებოდა ქალბატონი, ანდა საამისოდ საკმარისი იყო საყელოს ყალყზე შეყენება…

„გარეგნულად არაჩვეულებრივი იყო. მაღალი, წარმოსადეგი, ჰქონდა არაჩვეულებრივი ხელები, არა მარტო ლამაზი და დახვეწილი, არამედ მეტყველი… როგორ ნატიფადაც კლავიატურაზე იღებს პირველ ნოტს პიანისტი, ასევე იღებდა ის ფუნჯსა და ფანქარს“, – იტყვის ნათელა ურუშაძე.

1907 წლამდე ახვლედიანების ოჯახი კახეთში ცხოვრობდა, შემდეგ თბილისში გადმოვიდნენ. მიაბარეს გიმნაზიაში, ბავშვობიდან ხატავდა. უყვარდა მუსიკა და ხატვა. საბოლოოდ ხატვას გაჰყვა, მაგრამ მუსიკა დარჩა მის მარადიულ თანამგზავრად, მის სახლში მუდამ ჟღერდა კლასიკური მუსიკა. დაამთავრა სკლიფასოვსკისა და ფოგელის სამხატვრო სტუდია. სწავლობდა ახლად გახსნილ სამხატვრო აკადემიაში, გიგო გაბაშვილის წარჩინებული სტუდენტი 1922 წელს მიავლინეს ევროპაში. სწავლობდა იტალიაში, 1924 წელს გადავიდა პარიზში კოლოროსის აკადემიაში. სწორედ პარიზში დაიწყო მისი აღიარება, სწორედ იქ იყო მისი პირველი გამოფენები, სწორედ იქ დაიწერა პირველი რეცენზიები, იქ შეასხეს ხოტბა. სწორედ პარიზში, კაფე „როტონდაში“ გადაეყარა ულამაზესი ქალბატონის უჩვეულოდ ლამაზ იისფერ თვალებს და არაჩვეულებრივ გამოხედვას. შემდეგში დიდხანს ოცნებობდა კვლავ ეხილა ეს თვალები. ეს ქალი იყო გრეტა გარბო… ელენე ახვლედიანი ხშირად არ დადიოდა კინოში, მაგრამ ყოველთვის მიდიოდა, თუ გადიოდა „ქალი კამელიებით“… სწორედ გრეტა გარბოს გამო. და როგორც თავად დაითვლის, ის ამ ფილმს 118-ჯერ ნახავს…

ელენე ახვლედიანი პარიზიდან დედის ავადმყოფობის გამო დაბრუნდება 1927 წელს, დედა გარდაიცვლება, ელენე დარჩება საქართველოში. დაიწყება მისი გამოფენები თბილისში, ქუთაისში…

თბილისში მემარცხენე, კუბიზმით გატაცებული მხატვრები დიდის ამბით ელიან პარიზიდან დაბრუნებული მხატვრის გამოფენას, იმ იმედით, რომ იხილავენ პიკასოსებურ კუბისტურ სურათებს. იმედი გაუცრუვდებათ, ობსტრუქციის მოწყობასაც დააპირებენ, მაგრამ… ელენეს ნამუშევრების თვალისმომჭრელი სილამაზე, ფერადოვნება, შესრულების მაღალი ტექნიკა მათ დაატყვევებს და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებად აქცევს.

ქუთაისური გამოფენის შემდეგ, ელენე ახვლედიანს თეატრში მიიწვევს კოტე მარჯანიშვილი და დაიწყება ახალი ეტაპი ელენე ახვლედიანის შემოქმედებაში – სიცოცხლის ბოლომდე ის გააფორმებს 72 სპექტაკლს, როგორც თბილისში, საქართველოში, ასევე მოსკოვში, ლენინგრადში, კიევში, ხარკოვში…

ელენე ახვლედიანი

ელენე ახვლედიანი

გამორჩეული გარეგნობის მხატვარ ქალს არაერთი თაყვანისმცემელი ჰყავდა, ბევრი სთხოვდა ხელს. მხატვარი ცოლად გაჰყვა აგრონომ აპოლონ კაკაბაძეს – პომპეზური ქორწილიც გადაიხადეს. ქმარს ძალიან ჰყვარებია, იმდენად რომ ყველასა და ყველაფერზე ეჭვიანობდა თურმე, რაც გამხდარა კიდეც მათი გაყრის მიზეზი. ელენე ახვლედიანი აღარ გათხოვილა, არც შვილი გაუჩენია.

მას სიგიჟემდე უყვარდა ბავშვები. უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა ბავშვებთან ურთიერთობა, მათთვის საჩუქრების შეძენა. არც კედლებიდან საკუთარი ნამუშევრების ჩამოხსნა ეზარებოდა – იქ რომ ბავშვების ნამუშევრები დაეკიდა და გამოფენა მოეწყო.

იყო პირდაპირი. შეუვალი და ხშირად უხეშიც კი. სხვანაირად არც შეეძლო. როცა იცოდა, რომ კონკრეტული ადამიანი სიცოცხლეს უმწარებდა ერთ-ერთ მხატვარს, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ჭირისუფლებში დადგა, ელენე ახვლედიანი მივიდა და საპატიო ყარაულიდან გამოათრია.

მისი სახლი იყო სალონური თავშეყრის ადგილი, სადაც იკრიბებოდა ნაღები საზოგადოება, მისი სახლი არასოდეს იკეტებოდა, მას სტუმრობდნენ მხატვრები, მწერლები, მსახიობები, კომპოზიტორები, მუსიკოსები, მის სახლში უკრავდნენ რიხტერი და ნეიგაუზი.

ელენე ახვლედიანი

„ხშირად ვესტუმრები ხოლმე სტუდიაში. კარს რომ გამიღებს, რამდენიმე სიტყვას წაიბურტყუნებს, ხეირიანად ვერც გავიგებ ხოლმე, რას ამბობს და მანიშნებს, სადაც გენებოს, იქ დაჯექი, ან იდექი, თუ გინდა, დაწექი, თუ გინდა, ყირამალა დადექიო. თვითონ კი თავის საქმეს უბრუნდება. თუ მალე მოათავა, ხომ კარგი, მასთან საუბარი უაღრესად სასიამოვნოა, ხოლო თუ სამუშაო გაუგრძელდა, შენ შენი თავის განკარგულებაში ხარ, რაც გინდა, ის გააკეთე“, – წერდა ალექსი მაჭავარიანი.

დიდი მხატვარი მარტოობას განიცდიდა და იქნებ ამიტომაც მართავდა უსასრულო სალონურ საღამოებს, იყო თავყრილობა, კითხულობდნენ ლექსებს, უკრავდნენ, მღეროდნენ და მაინც – მხატვარი ამ ხალხმრავლობაშიც მარტო იყო…

ელენეს სახლის კარი ღია იყო ყველასთვის, მაგრამ იგივე ელენე ახვლედიანს უკმეხად შეეძლო ეპასუხა კარზე მიმდგარი გავლენიანი პირისთვის, – კი მაგრამ, რატომ მობრძანდით, მე ხომ თქვენ არ დამიპატიჟებიხართ?

როცა შევარდნაძემ ხუმრობით შესთავაზა თავისი პოსტი, ელენემ უკმეხად მიუგო – ცხოვრებაში არ შევსულვარ და არც შევალ მაგ შენობაში.

იგივე შევარდნაძეს, როცა თავისი ნამუშევარი აჩუქა და შევარდნაძემ ჰკითხა, რა შეგისრულოთო, ელენემ მკვახედ მიუგო, – იცით ასეთი მხატვარი, ბაიახჩირი? შევარდნაძემ არ იცოდა. „იცით, სად ცხოვრობს? სარდაფში“. იმ მხატვარს 2 დღეში მიაკითხეს და ბინა მისცეს…

როცა დაურეკეს და აკადემიკოსობა შესთავაზეს, ახარხარდა და თავი ამოაშლევინა.

ელენე ახვლედიანი
იცოდა საკუთარი თავის, საკუთარი შემოქმედების ფასი და მაინც თავმდაბალი იყო. სრულიად ახალგაზრდამ უარი უთხრა ლეგენდარულ პიკასოს – სურათი არ მიჰყიდა, ეს ნახატი მეც ძალიან მიყვარსო… იგივე ელენე ახვლედიანი უშურველად ჩუქნიდა თავის ნამუშევრებს ახლობლებსაც, მეგობრებსაც და მათაც, ვისაც მისი შეძენა არ შეეძლო. გამოფენაზე უნახავს, როგორ იჩხრეკდა ცოლ-ქმარი ჯიბეს, როგორ იღებდნენ ბოლო კაპიკებს და მაინც არ ჰყოფნიდათ, ელენე ახვლედიანის ნამუშევარი რომ ეყიდათ. უკითხავს, – რა იყო, მოგწონთო? ცოლ-ქმარმა უპასუხა, რომ მოსწონთ, მაგრამ ფული არ ჰყოფნით. ელენე ახვლედიანმა საერთოდ უფასოდ აჩუქა, რაკიღა ნახა, რომ ისინი მზად იყვნენ, ბოლო კაპიკი გაეღოთ ნამუშევარში.

საერთოდ, ძალზე იაფად ყიდდა თავის ნამუშევრებს, მიაჩნდა – მთავარია, ხალხმა იყიდოს და დაკიდოს შინ. ყიდდა კაპიკებში და სხვა მხატვრებს საგონებელში აგდებდა, – ელენე რომ მაგ ფასად ყიდის, ჩვენ რაღა ფასი დავადოთ? მისთვის მთავარი არასოდეს ყოფილა ფული.

ელენე ახვლედიანი

ჰყვარებია ბაზარში სიარული. დადიოდა ბაზარში ქურთი მზიდავების თანხლებით, უმზერდა გლეხების მიერ შექმნილ ვეება ნატურმორტებს, ყიდულობდა აურაცხელ პროდუქტს, მოჰქონდა შინ და ახლა თავად იწყებდა ნატურმორტების შეთხზვას.

დიდი გურმანი არასოდეს ყოფილა, მაგრამ, როგორც ამბობენ, არაჩვეულებრივად, გემრიელად ამზადებდა ლობიოს. გემრიელთან ერთად, კერძი იმდენად ლამაზი იყო, რომ სტუმრებს ეჭვიც კი ეპარებოდათ, რომ იქ საღებავი ერია…

ის იყო ლეგენდარული მხატვარი, მხატვარი, რომელიც ასხივებდა სიკეთეს და პარიზიდან ჩამოყოლილ ბოჰემურ იდუმალებას, ჩურჩულით რომ გადაურბენდა თბილისს მრავალგვარი ისტორიები მის პირად ცხოვრებაზე…

დაიბეჭდა “პრაიმტაიმში”

ელენე ახვლედიანი

ელენე ახვლედიანი

ელენე ახვლედიანი

ელენე ახვლედიანიელენე ახვლედიანი

ელენე ახვლედიანი

ელენე ახვლედიანი

ელენე ახვლედიანი

ელენე ახვლედიანი

ელენე ახვლედიანი

 

საბედისწერო შედევრი სახელად „ლამარა“

ლამარა – თამარ წულუკიძე

ლამარა – თამარ წულუკიძე

სპექტაკლი „ლამარა“ – სცენის ბობოქარი მხატვრის – ახმეტელის შედევრი, შედევრი, რომელიც ხუთი წლის მანძილზე მიდიოდა ანშლაგებით, ტაშის გრიალში, თუმცა ტაშის გრიალს თან ახლდა  ლანძღვის ღვარცოფი. „ლამარამ“ მთელი ხუთი წელი მქუხარე ტაშსა და დამცინავ სტვენაში გაატარა, აღფრთოვანებული შეძახილებისა და მის ჩასაქოლად ნასროლ ქვების რახარუხში“. (ვასილ კიკნაძე).

ახმეტელს ეს შედევრი საბედისწეროდ ექცა. სწორედ ამ სპექტაკლის გამო გაითიშა მისი და მარჯანიშვილის შემოქმედებითი გზები, სწორედ ამ სპექტაკლის გამო გაანაწყენა ლადო გუდიაშვილი, სწორედ „ლამარა“ გახდა ბაქოს კონფლიქტის მიზეზი, იმ კონფლიქტის მიზეზი, რომელიც სარფიანად გამოიყენა სულძღლმა ბერიამ დიდი რეჟისორის წინააღდეგ…

თავად ახმეტელს მიაჩნდა რომ მწვერვალს სწორედ „ლამარაში“ მიაღწია. მიაღწია სიტყვის და პლასტიკის სრულ ჰარმონიას, ფორმის სიზუსტეს, სულის რომანტიკულ ამაღლებას, რაზედაც მუდამ ოცნებობდა.

„ის ბევრად უფრო მეტი იყო, ვიდრე ერთი სპექტაკლი. ის იყო მისი სულის მესაიდუმლე, მისი თეატრალური ოცნებების აკვანი, მისი განწყობილებების საყრდენი. სწორედ აქ შეძლო ღრმად ჩაძირულიყო სამყაროს სიღრმეებში, რათა მარგალიტები ეპოვნა და გამარჯვების ზეიმით მიეტანა ხალხისთვის, ამ სამყაროში ჩაძირვის მთელი ეს პროცესი მისთვის ისევე ღვთაებრივი იყო, როგორც მინდიას მიერ ბუნების განცდა… სანდრო ახმეტელის „ლამარა“ ნაადრევი იასავით იყო მოსული. იმ დროს როცა ყველაფერი კლასობრივი ბრძოლის პოზიციებიდან ფასდებოდა, როცა პროლეტარული მწერლები სულ; სხვას მოითხოვდნენ თეატრისგან, „ლამარა“ ამ ქვეყნად მართლაც ნაადრევი ყვავილივით იყო მოსული. სანდრო ახმეტელს შეეძლო „ლამარაზე“ დაუსრულებლად ელაპარაკა. ის მისი სულის ნაწილად ქცეულიყო. უკვირდა რატომ ესხმოდნენ თავს სპექტაკლს…“ – დაწერს ახმეტელის შემოქმედების მკვლვარი ვასილ კიკნაძე.

გრიგოლ რობაქიძის „ლამარა“ რუსთაველის თეატრში პირველად 1926 წელს დაიდგა. „ლამარას“ ერთად დგამდნენ კოტე მარჯანიშვილი და სანდრო ახმეტელი და სწორედ აქ გაიყარა მათი გზები. მარჯანიშვილმა დადგა პირველი ორი მოქმედედება, იგი „ლამარას“ ლირიკულ დრამად ხედავდა და დგამდა კიდეც ასე, შემდეგ საავადმყოფოში დაწვა, დაგმა ახმეტელმა გააგრძელა და იგი დადგა როგორც გმირული დრამა. ახმეტელის სტიქიაში მოექცა „ლამარა“ გასაქანი ჰპოვა მისმა გმირულმა სულმა, მგზნებარე ტემპერამენტმა. აკაკი ვასაძის მოგონებით, როცა მარჯანიშვილმა „ლამარა“ პირველად ნახა, ახმეტელს უთხრა: „თავისუფლად შეგიძლია აფიშიდან ჩემი გვარის მოშლა“. მარჯანიშვილი და ახმეტელი უკანასკნელად 1926 წლის 6 აგვისტოს შეხვდნენ ერთმანეთს. მას შემდეგ არათუ ერთმამნეთი ერთმანეთის სპექტაკლებიც აღარ უნახავთ…

სანდრო ახმეტელმა 1930 წელს თავიდან დადგა „ლამარა“. თუ 1926 წელს სპექტაკლის მხატვარი ლადო გუდიაშვილი იყო, ამჯერად სპექტაკლის მხატვარი ახმეტელის თანამოაზრე, გენიალური სცენოგრაფი ირაკლი გამრეკელი  იყო.

„შესაძლოა ფსიქოლოგიურ მომენტსაც ჰქონდა მნიშვნელობა. ჩანს, უნდოდა სრულიად დაშორებოდა 1926 წლის „ლამარას“, იმას, რასაც მარჯანიშვილის ხელი აჩნდა. სურდა შეექმნა ახალი, დამოუკიდებელი წარმოდგენა“ (ვასილ კიკნაძე).

სცენა სპექტაკლიდან "ლამარა"

სცენა სპექტაკლიდან “ლამარა”

„ლამარა“ ისევე როგორც „ანზორი“ ხალხის წიაღში დაფარული თეატრალობის მიკვლევის ჟინით იყო შთაგონებული. საარქივო მასაკლა ცხადჰყოფს, თუ რა გატაცებით მუშაობდა სანდრო ახმეტელი თავის საბედისწერო შედევრზე.

„ერთხელ რეპეტიციაზე სამაიას ცეკვავდნენ, ვერაფრით ვერ აეწყო ცეკვა. ჟინმა მომიარა, ავირბინე და ვაჩვენე როგორ უნდა ეცეკვათ, საერთოდ ასეთი ჩვენების მომხრე არ ვიყავი, მაგრამ რაღაც ძალამ წამომაგდო ადგილიდან მერე ჩავხტი საორკესტროში, ჯოხი გამოვართვი დირიჟორს და ვუდირიჟორე…“ – წერდა ახმეტელი.

ახმეტელის „ლამარა“ ერთად იგემებს მხურვალე ტაშს და ბინძურ ლაფს. „ლამარა“ „თეთნულდთან“ და „ლატავრასთან“ ერთად, საბედისწერო როლს ითამაშებს ახმეტელის ბიოგრაფიაში, სწორედ ამ სპექტაკლების გამო შერაცხავენ ახმეტელს ბურჟუაზიულ-ნაციონალისტად. ყველაფერი ილექება „სუკის“ ბინძურ არქივში… ისიც, ახმეტელს რომ ჰქონდა ერთიანი კავკასიის იდეა, მის შემოქმედებაში რომ იგრძნობოდა კავკასიის ფენომენის როლის წარმოჩენის ტენდენცია. აკი ამისთვის დადგა კიდეც „ანზორი“, აკი გაუწია კიდეც დიდი დახმარება ჩეჩნებს რომ შექმნილიყო გროზნოს თეატრი? აკი, მიავლინა კიდეც ამისთვის გროზნოში არჩილ ჩხრატიშვილი?…

„ცდილობდა აეხსნა საიდან მოდის ქართველ კაცში ყოვლისმომცველი ჰუმანიზმის შუქი, იგონებდა „ვეფხისა და მოყმის“ ამბავს. განა საოცარი არ არის ის ფაქტი რომ ვეფხის მიერ მოკლული ვაჟის დედა ვეფხის დედასთან მიდის სამძიმრის სათქმელად? აი, ასეთი სულისკვეთების ქვეყანაში არ უნდა გაგიკვირდეს როცა უმშვენიერესი ლამარას სიკვდილმა ხევსური და ქისტი შეარიგა…“ (ვასილ კიკნაძე).

მოსკოვში გასტროლებისას ქებით ცაში აიყვანეს „ლამარა“. კრიტიკოსი ფელდმანი ამბობდა რომ ადგილობრივი თქმულება ზოგადსაკაცობრიო სიმაღლეზე არის აყვანილი, თავისი დაძაბულობითა და ასახვის სისადავით შექსპირული სპექტაკლიაო. „ლამარა“ ქართულ „რომეო და ჯულიეტად“ გამოცხადდა. და ამ დროს, „კომუნისტი“ წერდა: „ლამარა“ ნაბიჯია უკან, ის ვერაფერს მისცემს მუშათა კლასს“. აგორდა ბინძური ტალღა. „ლამარა“ მოხსნეს რეპერტუარიდან.

ახმეტელი დაწერს: „ადამიანი ფიზიკურ დარტყმას უფრო ადვილად გაუძლებს, ვიდრე სულიერს. ასე ნაცემ-ნაგვემი წავედი სახლში. განცხადება დავწერე, თუ ლამარას არ გაუშვებთ, მე თეატრში დამბრუნებელი არა ვარ მეთქი. კომისია გამოიყო. ღმერთო ჩემო! როგორ ვერ ვიტან გაუთავებელ კომისიებს. მათი გაკეთებული სამქე ვის უნახავს. ვინ იცის რამდენი ცოცხალი იდეა მოუკლავთ. რას ვიზამდი დავემორჩილე. თეატრში მივბრუნდი იმ იმედით, რომ კომისიაში წარმოდგენას მომხრეებიც ეყოლებოდა. გასინჯეს წარმოდგებნა, იყო აზრთა სხვადასხვაობა. მაინც შეაჩერეს. ავდექი და აფიშები გამოვაკარი, წარმოდგენა გავუშვი. საყვედური მითხრეს, მაგრამ სპექტაკლი ვეღარ მოხსნეს“….

ახმეტელი გააფთრებით ვაჟკაცურად იცავდა „ლამარას“, ბავშვივით გაიხარებს როცა ამ სპექტაკლს მოსკოვში გასტროლებისას სტალინი მოუწონებს.

გახარებული ახმეტელი თავის მეგობარს, სანდრო შანშიაშვილს მოსწერს მოსკოვიდან: „მთელი ჩვენი მეთოდი მუშაობისა თეატრში აღიარებულია საუკეთესო მეთოდად და ამ მეთოდს უპირისპირებენ სამხატვრო თეატრის, სტანისლავსკის მეთოდს… გუშინწინ ჩვენს წარმოდგენაზე მოვიდნენ ამხანაგები სტალინი და ორჯონიკიძე…“

დაწვრილებით უამბობს ყველა დეტალს, იმასაც თუ როგორ გადაიღო სტალინთან ერთად ფოტო, მაგრამ ვერც ეს ფოტო და ვერც ეს ტრიუმფი ვერ წამლობს მის მოკლულ გულს: „არა, ჩემო სანდრო, მე ვერ ვგრძნობ ჯერ კიდევ გამარჯვებას. მეტად სასტიკნი იყვნენ საქართველოში ჩემდამი და ძალიან ღრმად ჩაუკლავთ ჩემში რისიმე იმედი…“

ახმეტელს გაუთავებლად თავს ესხმოდნენ, ლანძღავდნენ, სთათხავდნენ, დღეს მათი ვინაობაც კი აღარავის ახსოვს, არა თუ მათი ნაწერები, დრომ თავისი ცოცხი მოუსვა მათ და თან გაიყოლა ისტორიის ურანაში, თან უსახელოდ. თუ სადმე მათი გვარ-სახელი ფიგურირებს, ისევ ახმეტელის წყალობით – როგორც მისი დაუძინებელი ავყია მტრების… ეს ახლა, მაშინ კი გაუთავებლად უკლავდნენ გულს. ულანძღავდნენ „ლამარას“, კლავდნენ ყველაზე პოპულარულ სპექტაკლს. ლანძღავდნენ „ლამარას“, მთელი თბილისი კი ზეპირად იმეორებდა ტექსტებს სპექტაკლიდან…

„არც ერთ ქართველ რეჟისორს ისე ძლიერად და დაჟინებით არ გამოუხატავს ქართველი ხალხის ერთიანი ზეაწეული გრძნობები, როგორც ეს ახმეტელმა გააკეთა.“ (ვასილ კიკნაძე).

ახმეტელის მთელს შემოქმედებაში ნათლადაა გამოკვეთილი მებრძოლი, ძლიერი ადამიანის იდეა. ახმეტელი  დაჟინებით ეძებდა მტკიცე ნებისყოფის გმირს. ეძებდა იმას, რაც მისი აზრით დაიკარგა – ცხოვრებაშიც და სცენაზეც. ახმეტელი ღრმად განიცდიდა დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ უნებისყოფო ქართველის ტიპის ჩამოყალიბებას. თეატრში გადაიტანა თავის ბრძოლის ასპარეზი. პოლიტიკდან თეატრში. მაგრამ ისევ პოლიტიკური თეატრის შეასაქმნელად… მის სპექტაკლებში, დაგუბებული კაშხალივით იფეთქა ეროვნული ენერგიამ, აკაშკაშდა მისი იდეალები, აღეზარდა ხალხი გმირული სულით, რათა ხალხს ყოველთვის შესძლებოდა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა. სწორედ ამ მიზანს დაუქვემდებარა თავისი თეატრის ერთიანი ესთეტიკურ გააზრება – ძლიერი ვაჟკაცური სტილი, ქართული მქუხარე ტემპერამენტი, ვნებიანი განცდები გადმოცემული უშუალობით, არტისტული სილამაზით… აკი ამბობდა კიდეც „დურუჯის“ ორი წლისთავზე „ჩვენ ვეძიებთ ქართული თეატრის სახეს და ქართული არტისტის კონტურს. ყველა ეროვნებათა თეატრების განსხვავება მხოლოდ  ამაშია. საქართველოს უნდა ჰქონდეს თავისი საკუთარი დამოუკიდებელი თეატრი. ანთებული ქართული გულით და აღგზნებული ქართული სულით….“

ამ ყველაფერს აფიქსირებდა სუკი თავის არქივში და ელოდა ხელსაყრელ დროს, ახმეტელის გასანადგურებლად. და ეს დღეც დადგა. ბაქოს გასტროლები.

საღამოს „ლამარაა“ დანიშნული. ხორავა მეგობრებთან წაიქეიფებს. უმალ ამბავს მიუტანენ ახმეტელს. დღეს უკვე ყველაფერი ალუფხულ-დალუფხულია, ტყუილ-მართალში ვერ გაერკვევი, ახლა კი არა, მაშინვე ძნელი იყო გარკვევა. ხორავამ იქეიფა, მაგრამ გაუვარდა კი ხელიდან ხორავა –იჩოს ხელიდან თამარ წულუკიძე – ლამარა? ზინაიდა რაიხმა, საშუალო ნიჭის არტისტმა, მთელი თეატრი გადაჰკიდა ტავის გენიოს ქმარს ვსევოლდ მეიერჰოლდს. უნიჭიერესმა ალისა კოონენიმ თავისი გაუტავებელი პრეტენზიებით სიციოცხლე გაუმწარა გენიოს ქმარს ალექსანდრე თაიროვს. არც თამარ წულუკიძემ დააკლო ხელი გენიალურ ახმეტელს. ყოველდღიურად შხამს აწვეთებდა ახმეტელს ხორავას წინააღდეგ… არადა, თამარ წულუკიძის გარეშე სიცოცხლე ვერც წარმოედგინა ახმეტელს. გააფთრებით უყვარდა, მკაცრი და თავნება ახმეტელი საოცრად მორჩილი და ნაზი ხდებოდა თამარ წულუკიძესთან, რაც არ უნდა ეთქვა მას, ყველაფერს სიმართლედ მიიჩნევდა… ალბათ ასე მოხდა მაშინაც, წულიკიძემ საწადელს მიაღწია, ახმეტელი ხორავას წინააღდეგ განაწყო. ახმეტელმა დისციპლინის დარღვევის გამო ხორავა თეატრიდან გაუშვა და ბერიაც ამოქმედდა, სწორედ ეს წმინდა თეატრალური კონფლიქტი გამოიყენა, ვერაგულად მისცა პოლიტიკური ელფერი და… გენიოსი დახვრიტეს…

 რეზო შატაკიშვილი, თეატრალური ხელოვნების მაგისტრი

P.S.  2010 წელს, გაზეთ „პრაიმტაიმში“ განვახორციელე, ჩემივე ინიცირებული პროექტი „მეოცეს ოცეული“. ამ პროექტის მიზანი იყო, გამოვლენილიყო მეოცე საუკუნის 20 საუკეთესო ქართული სპექტაკლი. ეს ოცეული გამოვლინდა კომპეტენტური პირების – თეატრმცოდნეების, კრიტიკოსების გამოკითხვის შედეგად: ვთხოვეთ თავად დაესახელებინათ მეოცე საუკუნეში, ქართულ თეატრში დადგმული ის 20 სპექტაკლი, რომელსაც ისინი მიიჩნევდნენ საუკეთესოდ – საუკუნის სპექტაკლებად. შეფასების კრიტერიუმიც მათვე მივანდეთ – თითოეულს ეს სპექტაკლები უნდა დაესახელებინათ იმ კრიტერიუმების დაცვით, რომლითაც ისინი საერთოდ ხელმძღვანელობენ სპექტაკლების შეფასებისას. მათ უნდა დაესახელებინათ როგორც ის სპექტაკლები, რომელიც მათ უშუალოდ ნანახი აქვთ სცენაზე, ასევე ის სპექტაკლები რომლებსაც იცნობდნენ აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით, იმროინდელი რეცენზიებით და ამ სპეტქკლებზე არსებული ყველანაირი საარქივი მასალით. გამოკითხვის მონაწილეებს სპექტაკლების ჩამონათვალის შედგენისას არ უნდა ეხელმძღვანელათ ქრონოლოგიური პრინციპით, ჩამონათვალი რეიტინგული უნდა ყოფილიყო. მათ მიერ პირველ პოზიციაზე დასახელებულ სპექტაკლს დაეწერებოდა 20 ქულა, მეორე პოზიციაზე დაწერილს – 19, მესამეზე – 18, მეოთხეზე – 17 დ ასე შემდეგ ბოლომდე – მეოცე პოზიციაზე დაწერილს – ერთი ქულა. შემდეგ ოცივე გამოკითხულის მიერ მინიჭებული ქულები დაჯამდებოდა და დაგროვილი ქულების შესაბამისად გამოვლინდებოდა საუკეთესო ოცეული.

გამოკითხვაში მონაწილეობდნენ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები: ნათელა ურუშაძე, ნოდარ გურაბანიძე, ნათელა არველაძე, დალი მუმლაძე, ლევან ხეთაგური, ირინა ღოღობერიძე, თამარ ბოკუჩავა, ლელა ოჩიაური, მარინე ხარატიშვილი, გიორგი ცქტიშვილი, მანანა გეგეჭკორი. ნინო მაჭავარიანი. დოქტორანტები: ლაშა ჩხარტიშვილი, თამარ მუქერია, მარიამ ჩუბინიძე.ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრები: თამარ კიკნაველიძე, ნიკა წულუკიძე, ანანო მირიანაშვილი. ჟურანალ „თეატრი და ცხოვრების“  მთავარი რედაქტორი გურამ ბათიაშვილი, არტ-კრიტიკოსი დავით ბუხრიკიძე.

ამ გამოკითხვის შედეგად გამოვლენილ ოცეულში, სანდრო ახმეტელის „ლამარამ“  მე–8 ადგილი დაიკავა – საუკუნის ერთ–ერთ საუკეთესო სპექტაკლად დაასახელა 11–მა გამოკითხულმა, მიიღო 172 ქულა. საერთოდ, ამ გამოკითხვისას, საუკეთესო სპექტაკლებს შორის სანდრო ახმეტელის  6 სპექტაკლი იქნა დასახელებული. მისმა სპექტაკლებმა ჯამში 512 ქულა დააგროვა და ამ თვალსაზრისით მესამე ადგილი დაიკავა, რობერტ სტურუასა და მიხეილ თუმანიშვილის შემდეგ (საუკეთესო სპექტაკლებს შორის დასახელებული იყო სტურუას 11 სპექტაკლი – ჯამში 1 112 ქულა და თუმანიშვილის 9 სპექტაკლი – ჯამში 896 ქულა). ახმეტელის 6 სპექტაკლიდან ოცეულში მოხვდა  სამი სპექტაკლი – „ყაჩაღები“ (მესამე ადგილი), „ლამარა“ (მე–8 ადგილი), „ანზორი“ (მე–17 ადგილი).

 

 

მარჯანიშვილის პირველი შედევრი საქართველოში

1922 წლის 25 ნოემბერი ქართული თეტრის ახალ ათვლის წერტილად იქცა. რუსთაველის თეატრში მისულმა მაყურებელმა კოტე მარჯანიშვილის მიერ დადგმული ლოპე დე ვეგას ფუენტე ოვეხუნა (ცხვრის წყარო) იხილა. თბილისელ მაყურებელს მანამდე არასოდეს ენახა ამგვარი წარმოედგენა თეატრი დღესასწაული. გამოხდება ხანი და იტყვიან რომ სწორედ ეს სპექტაკლი იყო პირველი ქართული საბჭოთა სპექტაკლი, რომ ამ სპექტაკლით დაიწყო ქართული საბჭოთა თეატრის ისტორია. ისტორია დააჟანგებს საბჭოეთს და იტყვიანრომ ცხვრის წყარო იყო პირველი, ჭეშმარიტად ევროპული სპექტაკლი ქართულ სცენაზე.

ნოდარ გურაბანიძე აღნიშნავს რომ რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა გვეჩვენოს, არც ერთ, არც მეორე შემთხვევაში არ ვღალატობთ სიმართლეს.

ცხვრის წყაროიყო პირველი საბჭოთა სპექტაკლიც და პირველი ევროპული დონის სპექტაკლიც ქართულ სცენაზე.

გენიალურ რეჟისორს სრულებითაც არ აკნინებს ის ფაქტი, რომ თავის დროზე ის გულმხურვალედ შეხვდა რევოლუციას, (თუნდაც პრინციპითზოგჯერ ბრძენიც შეცდება). მეტიც, მან ცხვრის წყაროსწორედ რევოლუციური პათოსის სპექტაკლად აქცია.

თბილისამდე ეს სპექტაკლი მარჯანიშვილს ორჯერ ჰქონდა დადგმული. პირველად კიევში დადგა 1919 წელს (უგი უკრაინის თეატრების კომისარი იყო), სპექტაკლს არანახული წარმატება ხვდა წილად. კიევში განხორციელებული ეს დადგმა შესულია მეოცე საუკუნის მსოფლიოს ას საუკეთესო სპექტაკლში. ამ სპექტაკლზე კინორეჟისორი კოზინცევი წერდა: ეს იყო რომანტიკული ხელოვნება ამ ცნების ყველაზე მაღალი გაგებითეს იყო თეატრის არნახული აყვავებამარჯანიშვილმა შექმნა რევოლუციური ვნების თეატრი

ფუენტე ოვეხუნამარჯანიშვილმა ერთი წლის შემდეგ პეტროგრადში დადგა, კვლავ წარმატება, კვლავ შეფასება საბჭოტა თეატრის ისტორიაში ფუენტე ოვეხუნაშევიდა როგორც პირველი ჭეშმარიტი რევოლუციური სპექტაკლი.

და აი, 1922 წელი. მარჯანიშვილი საქართველოში ბრუნდება და აქაც ცხვრის წყაროსდგამს და ამ ერთი სპექტაკლით ამარცხებს იმ ნიჰილიზმს,რაც სუფევდა იმდროინდელ ქართულ თეატრში.და რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა გვეჩვენოს, ამარცხებს სრულიად გამოუცდელი მსახიობის მეშვეობით.

თამარ ჭავჭავაძე – ლაურენსია

თამარ ჭავჭავაძე – ლაურენსია

თამარ ჭავჭავაძე 26 წლის იყო, თბილისის წმინდა ნინოს სასწავლებლის დამთავრების შემდეგ კერძო ისტორიულფილოლოგიურ კურსებზე სწავლობდა, შემდეგ ხარკოვის უნივერსიტეტში ისტორიაფოლოლოგიის ფაკულტეტზე შევიდა და მშობლებისგან ფარულად ლებედინსკის დრამატულ სტუდიაშიც დადიოდა, შემდეგ სცენაზეც გამოდიოდა, პირდაპირ ფრონტის ხაზზე თამაშობდა. მშობლების დაჟინებული თხოვნით უკან საქართველოში დაბრუნდბულმა რუსთაველის თეატრშიც დაიწყო მუშაობა, სტუიდიებშიც დადიოდა, მაგრამ 1922 წლის ზაფხულის მიწურულს, გაზეთში ამოკითხულმა ცნობამ შესძრა  თბილისის თეატრალურ სტუდიაში დანიშნულია მისაღები გამოცდაგამომცდელთა შორის კოტე მარჯანიშვილიიმავე საღამოს წამოვიდა თბილისში რუსიპირიდან სადაც შვებულებას ატარებდა. მეორე დილით უკვე გამოცდაზე იყო. მარჯანიშვილმა ღიად მოიწონა თამარ ჭავჭავაძე და შესთავაზა შეესწავლა ლაურენსიას როლი ლოპე დე ვეგას ცხვრის წყაროდან, რომლის დადგმასაც იწყებდა. არადა როლები უკვე განაწილებული იყო

პირველმა რვა რეპეტიციამ ჩემს გარეშე ჩაიარა. რეპეტიციებს გადიოდა ჩემი უფროსი კოლეგა, რომელმაც ადრევე მიიღო ლაურენსიას როლი. მე უკვე ვიცოდი ჩემი ტექსტი და ხარბად ვისრუტავდი მარჯანიშვილის ყველა შენიშვნას. გულში კი შიში მზარავდა, ვაითუ მას დაავიწყდა რომ მეც დამავალა ეს როლი და აღარასოდეს მომიწევს მისი შესრულება მეთქი.

მიშველა ბედნიერმა შემთხვევამ. მსახიობმა, რომელიც ამზადებდა ლაურენსიას როლს, მოულოდნელად განაცხადა, რომ მიემგზავრება თბილისიდან. მარჯანიშვილი თავდაპირველად საშინლად გაბრაზდა და შეუთვალა რომ შეძლებს მის გაშვაბას მხოლოდ პრემიერის შემდეგ, მაგრამ მსახიობი თავისას არ იშლიდა. მაშინ მარჯანიშვილმა გადაწყვიტა მე გამოვეცადე. პირველივე სცენის შემდეგ, მან კმაყოფილების ნიშნად თავი დამიქნია. კარგიაგაბრწყინებული თვალებით თქვა მან, შეწყვი რა წუთით რეპეტიცია, თავის მომხიბლავი, ოდნავ ირონიული ღიმილით მიუბრუნდა დამსწრეთ: გადაეცით რომ შეუძლია გაემგზავროს სადაც უნდა! მე ვიპოვე ის რაც მჭირდებოდა გაიხსენებს თამარ ჭავჭავაძე.

მრავალი გენიის აღმომჩენი გენიოსი მარჯანიშვილი არც ამჯერად შეცდება. გამოუცდელი, დებიუტანტი თამარ ჭავჭავაძე აღმოჩნდება ის იყო ბობოქარი ვნებების არტისტი, ვინც ავაზის ნახტომით ავა ქართული თეატრის ოლიმპოზე და სამარადისოდ დაიკავებს იქ ადგილს. ქართული თეატრის ისტორია ვერასოდეს აუვლის გვერდს მის  ლაურენსიას ლოპე დე ვეგას მარჯანიშვილისეულ ცხვრის წყაროში.

თამარ ჭავჭავაძეს წილად ხვდა ყოფილიყო ქართულ თეატრში პირველი დადგმის ბაირახტარი. გამარჯვების ბაირაღი მან ღირსეულად მიიტანა იმ მწვერვალამდე, რომელსაც მიაღწია ქართულმა თეატრმა მაშინ 1922 წლის 25 ნოემბერს.წერდა უშანგი ჩხეიძე. უშანგი ჩხეიძისავე თქმით, თამარ ჭავჭავაძემ იმდენად ძლიერი სახე შექმნა, რომ ამ სახის ზეგავლენა აჩნდა შემდეგში თითქმის ყველა მსახიობის მიერ შექმნილ მხატვრულ სახეებს.

თამარ ჭავჭავაძემ ერთბაშად დაიპყრო სცენა და მაყურებელი. მისი ლაურენსია ჰგავდა აბობოქრებულ ნიაღვარს წერდა ვერიკო ანჯაფარიძე

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მარჯანიშვილმა ეს შედევრალური სპექტაკლი 1 თვეში დადგა რეპეტიციები ოქტომბრის მიწურულს დაიწყო, პრემიერა 25 ნოემბერს გაიმართა

საგულისხმოა ისც რომ ლოპე დე ვეგას პირწმინდად მონარიქსტული, მეფის სადიდებლად დაწერილი პიესით, მარჯანიშვილმა რევოლუციური პათოსის სპექტაკლი შექმნა.

სცენა სპექტაკლიდან "ცხვრის წყარო", რეჟისორი – კოტე მარჯანიშვილი

სცენა სპექტაკლიდან “ცხვრის წყარო”, რეჟისორი – კოტე მარჯანიშვილი

კითხვაზე „როგორ აამეტყველეთ ეს პიესა საბჭოთა ენით“, მარჯანიშვილმა უპასუხა: ყოველგვარი პიესის დადგმა შეიძლება სხვადასხვაგვარად, შეიძლება ისე დადგა რომ იგი სრულიად სხვანაირად აღიქმებოდეს. როგორ მოვიქეცი მე ამ შემთხვევაში? ეს პიესა წმინდა ინდივიდუალისტურადაა დაწერილი. აქ ყოველივე მეფის პიროვნების, სხვადასხვა ფეოდალთა და მათ მსგავსთა ირგვლივაა კონცეტრირებული. უპირველეს ყოვლისა, მე ყველაფერი ეს ფანქრით ამოვშალე პიესიდან და პირიქით გავაძლიერე და გამოვავლინე ისეთი ადგილები, სადაც კოლექტივი მოქმედებს… ჩვენ შევძელით ერთ მთლიანობად შეკავშირებული მასის  ჩვენება“.

პიესის მიხედვით, ესპანეთის გაერთიანების მოწინააღდეგე, მამაცი, მაგრამ სრულიად გარყვნილი კომანდორი, რომელმაც მრავალ ქალს ახადა ნამუსი სოფელ ფუენტე ოვეხუნაში, თვალს ახალგაზრდა ლაურესნიას დაადგამს, მაგრამ ვერაფრით მოიხელთებს, ვერც საჩუქრებით, ვერც შემდეგ ძალით როცა ტყეში გადაეყრება, სადაც ლაურესიას მისი სატრფო გამოესარჩლება. გარყვნილი კომანდორი ქორწილს ჩაუშლის წყვილს, უშუალოდ ქორწილზე აპატიმრებს ნეფეს, პატარზალი თავისთან მიკჰყვას. აბობოქრებული სოფელი ბჭობს რა გზას დაადგეს, როცა კომანდორის სასახლიდან გამოქცეული კაბაშემოხეული, დალურჯებული ლაურესია გამოჩნდება და მრისხანებით, სიძულვილით სავსე მონოლოგით აღანთებს საბრძოლველად თანასოფლელებს. გახელებული სოფლელები კომანდორს კარს შეუმტვრევენ. ლაურესია თავად განგმირავს მტარვალს. ესპანეთის მეფე და დედოფალი ხალხს აპატიებს მტარვალის მკვლელობას, მაგრამ მარჯანიშვილს ეს პატიება არაფერში არ სჭირდებოდა.

როგორც დ. ანთაძესთან ვკითხულობთ („დღენი ახლო წარსულისა“) მარჯანიშვილი მსახიობებს მიმართავდა: ვის რად აინტერესებს ის, რომ ესპანეთის კეთილმამეფეებმა იზაბელმა და ფერდინანდმა არ დასაჯეს და შეიწყალეს ერთი მიყრუებული სოფლის  მცხოვრებლები, რომლებმაც ვერ აიტანეს კალატავრას ორდენის კომანდორის ტირანია და მოკლეს იგი? მაგრამ თუ ცხვრის წყაროსდადგმისას აქცენტს გავუკეთებთ იმ ფაქტს, რომ კომანდორის ჩაგვრამ ხალხში გააღვიძა მთვლემარე გრძნობა ადამიანური ღირსებისა, დარაზმა იგი დესპოტის წინააღდეგ, გააერთიანა ერთი ნება-სურვილით, მაშინ ლოპე დე ვეგას ეს უკვდავი ქმნილება სულ სხვაგვარად აჟღერდება სცენაზე, აივსება რელიგიური პათოსით და მღელვარე ემოციით, მაყურებელიც სპექტაკლში ჩვენი თანამედროვე რევოლუციური ეპოქის გამოსახულებას დაინახავს“.

სცენა სპექტაკლიდან "ცხვრის წყარო"

სცენა სპექტაკლიდან “ცხვრის წყარო”

ნოდარ გურაბანიძის განცხადებით, მარჯანიშვილისთვის მთავარი იყო ეჩვენებინა უბრალო, მშრომელი ადამიანების, სოფელ ფუენტე ოვეხუნას მცხოვრებთა სულისკვეთება, მათი „დღესასწაულებრივი ენერგია“, ეჩვენებინა თუ რა ძალა აქვს ხალხის ერთიანობას, როცა იგი ვერ ითმენს უსამართლობას და თავსიი უფლებების, ღირსებების დასაცავად ერთსულოვნად ილაშქრებს ტირანიის წინააღდეგ. საამისოდ, მარჯანიშვილმა მიმართა პიესის მონტაჟს, პიესას მოაგლიჯა მონარქისტული საბურველი, სიღრმეებიდან ამოწია ის მოტივები, რომელიც ეპოქის თანხმიერად მიაჩნდა.

ცხვრის წყაროსმარჯანიშვილისეული ეგზემპლარი, რომელიც საფუძვლად დაედო ქართულ სპექტაკლს, სავსებით ნათლად ცხადყოფს რეჟისორის კონცეფციას, მის მსოფლმხედველობრივ პრინციპებს. პიესაში შეტანილი სტრუქტურული ცვლილებებით მან გამოავლინა მისი ხალხური ხასიათი და სულისკვეთება. მხოლოდ ეს ეგზემპლარიც კი საბოლოოდ ასამარებს იმ მოსაზრებას, თითქოს მარჯანიშვილი ძირითადად რეპეტიციებზე, შემოქმედებითი აღმაფრენის დროს პოულობდა სპექტაკლის ძირითად, განმსაზღვრელ ტენდენციას და მხატვრულ ფორმას. ამ მონტირებული ტექსტისგადაკითხვაც კი დღევანდელ მკითხველს შეუქმნის  მიზანსწრაფული სახალხო აჯანყების ემოციურ სურათს(ნოდარ გურაბანიძე).

მარჯანიშვილის სინთეზური სპექტაკლი, სადაც ყველაფერი ამოქმედებული და ჰარმონიაში იყო მოყვანილი – მსახიობთა თამაში, მასობრივი სცენები, სიტყვა და მოძრაობა, მუსიკა და მხატვრობა, სპექტაკლის რიტმი, ტონალობა, აგებული იყო შუქჩრდილების, ტრაგიკულისა კომიკურის მონაცვლეობაზე, სპექტაკლის მნახვედლტა, მონაწილეთა გადმოცემით, ყველაფერს მსჭვალავდა ემოციური  და აზრობრივი სისავსე, სანახაობის დღესასწაულებრივი ხასიათი, ფერადოვნება. „დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ნათელ-ჩრდილების შენაცვლებას, არა მხოლოდ განათების, არამედ გრძნობათა ცვალებადობის, გრძნობათა დაპირისპირების თვალსაზრისით. ეს ყველაფერი ცალ-ცალკე, ცხადიაცნობილი იყო კოტეს წინამორბედი რეჟისორებისთვისაც (ა. წუწუნავა, მ. ქორელი, ა. ფაღავა), მაგრამ ასეთი ინტენსივობა, პოლისემიურობა, ყველა თეატრალური კომპონენტის ასეთი ორგანული შერწყმა 1922 წლის 25 ნოემბრამდე უცხო იყო ქართული თეატრისთვის. კ. მარჯანიშვილი ჭეშმარიტად ნოვატორად მოევლინა ჩვენს სცენას – წერს ნოდარ გურაბანიძე.

ამ შედევრის დადგმიდან ზუსტად 90 წელი გავიდა…

რეზო შატაკიშვილი, თეატრალური ხელოვნების მაგისტრი

დაიბეჭდა გაზეთში „ქართული სიტყვა“, რუბრიკაში – „ქართული შედევრები“.

P.S.  2010 წელს, გაზეთ „პრაიმტაიმში“ განვახორციელე, ჩემივე ინიცირებული პროექტი „მეოცეს ოცეული“. ამ პროექტის მიზანი იყო, გამოვლენილიყო მეოცე საუკუნის 20 საუკეთესო ქართული სპექტაკლი. ეს ოცეული გამოვლინდა კომპეტენტური პირების – თეატრმცოდნეების, კრიტიკოსების გამოკითხვის შედეგად: ვთხოვეთ თავად დაესახელებინათ მეოცე საუკუნეში, ქართულ თეატრში დადგმული ის 20 სპექტაკლი, რომელსაც ისინი მიიჩნევდნენ საუკეთესოდ – საუკუნის სპექტაკლებად. შეფასების კრიტერიუმიც მათვე მივანდეთ – თითოეულს ეს სპექტაკლები უნდა დაესახელებინათ იმ კრიტერიუმების დაცვით, რომლითაც ისინი საერთოდ ხელმძღვანელობენ სპექტაკლების შეფასებისას. მათ უნდა დაესახელებინათ როგორც ის სპექტაკლები, რომელიც მათ უშუალოდ ნანახი აქვთ სცენაზე, ასევე ის სპექტაკლები რომლებსაც იცნობდნენ აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით, იმროინდელი რეცენზიებით და ამ სპეტქკლებზე არსებული ყველანაირი საარქივი მასალით. გამოკითხვის მონაწილეებს სპექტაკლების ჩამონათვალის შედგენისას არ უნდა ეხელმძღვანელათ ქრონოლოგიური პრინციპით, ჩამონათვალი რეიტინგული უნდა ყოფილიყო. მათ მიერ პირველ პოზიციაზე დასახელებულ სპექტაკლს დაეწერებოდა 20 ქულა, მეორე პოზიციაზე დაწერილს – 19, მესამეზე – 18, მეოთხეზე – 17 დ ასე შემდეგ ბოლომდე – მეოცე პოზიციაზე დაწერილს – ერთი ქულა. შემდეგ ოცივე გამოკითხულის მიერ მინიჭებული ქულები დაჯამდებოდა და დაგროვილი ქულების შესაბამისად გამოვლინდებოდა საუკეთესო ოცეული.

გამოკითხვაში მონაწილეობდნენ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები: ნათელა ურუშაძე, ნოდარ გურაბანიძე, ნათელა არველაძე, დალი მუმლაძე, ლევან ხეთაგური, ირინა ღოღობერიძე, თამარ ბოკუჩავა, ლელა ოჩიაური, მარინე ხარატიშვილი, გიორგი ცქტიშვილი, მანანა გეგეჭკორი. ნინო მაჭავარიანი. დოქტორანტები: ლაშა ჩხარტიშვილი, თამარ მუქერია, მარიამ ჩუბინიძე.ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრები: თამარ კიკნაველიძე, ნიკა წულუკიძე, ანანო მირიანაშვილი. ჟურანალ „თეატრი და ცხოვრების“  მთავარი რედაქტორი გურამ ბათიაშვილი, არტ-კრიტიკოსი დავით ბუხრიკიძე.

ამ გამოკითხვის შედეგად გამოვლენილ ოცეულში მარჯანიშვილის „ცხვრის წყარომ“ მე–12 ადგილი დაიკავა – საუკუნის ერთ–ერთ საუკეთესო სპექტაკლად დაასახელა 10–მა გამოკითხულმა, მათგან სამმა – პირველ პოზიციაზე. მიიღო 142 ქულა. საერთოდ, ამ გამოკითხვისას, საუკეთესო სპექტაკლებს შორის კოტე მარჯანიშვილის  5 სპექტაკლი დასახელდა. ოცეულში მოხვდა ორი სპექტაკლი „ურიელ აკოსტა“ (მეორე ადგილზე) და „ცხვრის წყარო“ („ფუენტე ოვეხუნა“) (მე–12 ადგილზე).

 

კომუნისტებზე გულაცრუებული მარჯანიშვილის „ჰამლეტი“

სცენა სპექტაკლიდან "ჰამლეტი", რეჟისორი – კოტე მარჯანიშვილი

სცენა სპექტაკლიდან “ჰამლეტი”, რეჟისორი – კოტე მარჯანიშვილი

საქართველოში დაბრუნებული დიდი მაესტრო მარჯანიშვილი, ლეგენდარული ცხვრის წყაროს წარმოდგენის შემდეგ, კომპოზიტორ თამარ ვახვახიშვილს ეტყვის: ეს ჭაბუკი ღვთის ნაბოძები ტრაგიკოსია, მე მას ჰამლეტს ვათამაშებ. ეს ჭაბუკი უშანგი ჩხეიძეა, ცხვრის წყაროშისრულიად უმნიშვნელო როლს თამაშობს ერთი წელიწადიც არაა, რაც რუსთაველის თეატრშია  ჯერ მხოლოდ 24 წლისაა, სულ 3 წელია რაც ქუთაისის გიმნაზიის მერხიდან წამოდგა და თბილისში წამოვიდა უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად, მაგრამ გულმა თეატრისკენ გაუწიაჯერ ჯაბადარის სტუდიაში იყო მცირე ხანს, შემდეგ ავჭალის აუდიტორიაში გამოდიოდა სცენისმოყვარეებთან და ახლა რუსთაველის თეატრშიაცხადია არ იცის რისთვის ამზადებს დიდი მაესტრო. არც სხვებმა იციან. მეტიც, 1925 წელს, რუსთაველის თეატრის ფოიეში გამოკრული განცახდება დასს ამცნობს კოტე მარჯანიშვილი მუშაობას იწყებს შექსპირის ჰამლეტზედა 1 ივნისს მთელი დასი უნდა გამოცხადდეს პიესის წაკითხვაზე.

ამ დროსაც არავინ იცის ვინ ითამაშებს ჰამლეტს. მაესტროს გადაწყვეტილება მხოლოდ რამდენიმე პირმა იცის და მკაცრად გასაიდუმლოებულია. ოდნავ ახადა ფარდთავის რეჟისორულ ჩანაფიქრს და ჰამლეტის როლის შემსრულებელი დაასახელამცირე პაუზაუშანგი ჩხეიძე. უშანგი თითქოს სკამიანად გაწითლდა“ –დაწერს ათეული წლების შემდეგ აკაკი ვასაძე, მაგრამ როგორც უშანგი ჩხეიძის მოგონებებიდან ირკვევა, ჩხეიძე იმ შეკრებაზე არც ყოფილა, მეტიც მას უკვე სცოდნია მაესტროს გადაწყვეტილება. მაესტროს სეზონის ბოლო სპექტაკლის შემდეგ დაუბარებია და უთქვამს, ჰამლეტ უნდა ითამაშოო. მსახიობს ჯერ ხუმრობა ჰგონებია, სწყენია. მარჯანიშვილს განუმარტავს, რომ არ ხუმრობდა. მე, ბატონო, სადაური ჰამლეტი ვარყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მე გარეგნულად სრულიად არ ვუდგები ჰამლეტსამბობდა მსახიობი. მარჯანიშვილი მალე დააჯერებს 27 წლის უშანგი ჩხეიძეს, რომ სწორედ მან უნდა ითამაშოს ჰამლეტი. ბედნიერებისგან გაბრუებული და აღგზნებული უშანგი 5 ღამეს ვერ დახუჭავს თვალს

სცენა სპექტაკლიდან "ჰამლეტი", რეჟისორი – კოტე მარჯანიშვილი, ჰამლეტი – უშანგი ჩხეიძე

სცენა სპექტაკლიდან “ჰამლეტი”, რეჟისორი – კოტე მარჯანიშვილი, ჰამლეტი – უშანგი ჩხეიძე

მარჯანიშვილის ექსპერიმენტი გაამართლებს მას მერე ბევრჯერ დაიდგმება ქართულ სცენაზე ჰამლეტი, მაგრამ ვერავინ გადაჩრდილავს 27 წლის ბიჭის ნათამაშებ ჰამლეტს. მარჯანიშვილი მიქელანჯელოს ჟინით გამოაქანდაკებს არა მხოლოდ ჰამლეტს, არამედ ლეგენდასუშანგი ჩხეიძეზე. მაგრამ მარჯანიშვილის ექსპერიმენტს იმთავითვე ჰყავდაკატეგორიული მოწინააღმდეგე სანდრო ახმეტელი. ახმეტელი თვლიდა, რომ უშანგი ჩხეიძისთვის ადრე იყო ჰამლეტის თამაში, რომ უშანგი ჩხეიძე ნიჭიერი იყო, მაგრამ არ ფლობდა სათანადო ტექნიკას, გამოცდილებას, რომ მას გადაწვავდა ჰამლეტი. ახმეტელმა პირადადაც უთხრა უშანგი ჩხეიძეს, რომ ადრე იყო მისთვის ჰამლეტი, რომ  მაგის დროც მოვიდოდაუშანგი ჩხეიძეს სჯეროდა ახმეტელის გულწრფელობისა, მაგრამაცდუნა ჰამლეტმაჯერ შეთავაზებამ, შემდეგ კი უკვე დიდმა ტრიუმფმამაგრამ გავა წლები და თავის მოგონებებში, ახმეტელის ხსენების გარეშე დაწერს, რომ იმ მეგობარი რეჟისორის რჩევისთვის არ უნდა წაეყრუებინა, მეტი წინდახედულება და სულგრძელობა უნდა გამოეჩინა, ჰამლეტის თამაშზე არ უნდა დათანხმებულიყო და ჰამლეტი 1925 წელს კი არა, 1930 წელს უნდა ეთამაშა

ჩემი მოღვაწეობა საინტერესოა და მშვენიერი მაგალითია იმისთვის, თუ როგორ არ უნდა იცხოვროს და როგორ არ უნდა იმუშაოს მსახიობმა, თუკი მას სურს ნაყოფიერი და ხანგრძლივი მუშაობის უნარიანობა შეინარჩუნოს ბოლომდეჩემი რკინისებური ჯანმრთელობა მე გავტეხე, უსისტემო მუშაობითა და უსისტემო, დაუდევარი ცხოვრებით. მე გადავწვი ჩემი ენერგია და ხანმოკლე, ბედნიერ დღეებს თან მოჰყვა დაუკმაყოფილებელი და ჩემთვის უაღრესად ტრაგიკული დასასრულიწერდა უშანგი ჩხეიძე. გალაკტიონი მის სამარესთან იტყვის: – მიწაში ჩაესვენა ტრაგედიის ცეცხლისგან გადამწვარი, ჩვენი დროის დიდი მსახიობი, უშანგი ჩხეიძე

სცენა სპექტაკლიდან "ჰამლეტი".

სცენა სპექტაკლიდან “ჰამლეტი”.

კოტე მარჯანიშვილი 1910 წელს, მოსკოვის სამხატვრო თეატრში თანარეჟისორად მუშაობდა გენიალურ ინგლისელ რეჟისორთან და სცენოგრაფთან – გორდონ კრეგთან, სწორედ „ჰამლეტის“ დადგმაზე. იმ დროიდან მოყოლებული, რეჟისორი გამუდმებით ფიქრობდა „ჰამლეტის“ დადგმაზე. მაგრამ რატომ გადაწყვიტა დაედგა მაინცდამაინც 1925 წელს? მით უმეტეს რომ რუსთაველის თეატრში 1923 წელს დაიდგა „ჰამლეტი“ (რეჟისორი აკაკი ფაღავა, ჰამლეტი – გიორგი დავითაშვილი) და წინა სეზონში თეატრის რეპერტუარშიც იყო? თანამდროვეთა მოგონებებიდან ირკვევა რომ მარჯანიშვილი 1924 წელს ძალიან ხშირად ლაპარაკობდა „ჰამლეტის“ დადგმაზე. ქართული თეატრის აღიარებული მკვლევარის ნოდარ გურაბანიძის საფუძვლიანი ვარაუდით, მარჯანიშვილის არჩევანი უშუალოდ უკავშირდება როგორც იმდროინდელ ისტორიულ ქარტეხილებს, ისე თავად რეჟისორის დიდი იმედგაცრუებას. ცნობილი ფაქტია, რომ კოტე მარჯანიშვილი დიდი ენთუზიზმით შეხვდა რუსეთში ოქტომბრის რევოლუციას, შეხვდა ისევე იმედით, როგორც მეიერჰოლდი, ეიზენშტეინი, ბლოკე, მაიაკოვსკი. იგი კვლავ კომუნისტური ილუზიების ტყვეობაში იყო მაშინაც როცა საქართველოში დაბრუნდა და „ცხვრის წყარო“ დადგა. ნოდარ გურაბანიძის ღრმა რწმენით, რეჟისორისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა 1924 წელი, როდესაც კომუნისტებმა სისხლში ჩაახშვეს ქართველი მამულიშვილების აჯანყება. საგულისხმოა, რომ ამ სისხლიან ჩახშობამდე, იყო ასევე თავზარდამცემი ფაქტი – შეხვედრა სერგო ორჯონიკიძესთან. სანდრო ახმეტელი „სამხედრო ცენტრის“ წევრებთან ერთად დააპატიმრეს და მალე დახვრეტაც გადაწყვიტეს. როგორც ა. ვასაძის მოგონებებიდან ირკვევა, ახმეტელის თავზადაცემული მეუღლე, ტასო როსტომაშვილი თეატრში მივარდნილა და მსახიობებისთვის დახმარება უთხოვია: ბიჭებო მიშველეთ, სანდრო ახმეტელს დახვრეტა გადაუწყვიტეს, გადაეცით კოტეს, იქნებ სთხოვს სერგო ორჯონიკიძეს, მაგას დიდ პატივს სცემენ“. კოტე მარჯანიშვილმა მართლაც მიიღო ზომები. სასწრაფოდ შედგა დელეგაცია და სერგო ორჯონიკიძეს შეხვდნენ დაპატიმრებულთა განთავისუფლების მოთხოვნით. სერგო ორჯონიკიძემ მართლაც აჩუქა ახმეტელის სიცოცხლე მარჯანიშვილს, მაგრამ იმავე შეხვვედრაზე უარი თქვა კოტე აფხაზის განთავისუფლებაზე.

„კოტე მარჯანიშვილის თვალწინ გადაწყდა გამოჩენილ ქართველთა ბედი. შეუძლებელია მასზე დამთრგუნველად არ ემოქმედა ს. ორჯონიკიძის ფრაზას: „კოტე აფხაზი ჭკვიანი კაცია, ჩვენზე ბევრად განათლებული, არასოდეს შეგვირიგდება და მის განთავისუფლებას ვერ შეგპირდებით“. ე.ი. გამოდის: ჭკვიანი, ბევრად განათლებული, პრინციპული ადამიანი უნდა განადგურდეს? და ქვეყანა დარჩეს უჭკუო, გაუნათლებელ, უპრინციპო ადამიანებს? ამას ელოდა კ. მარჯანიშვილი ოქტომბრის რევოლუციისგან, რომელსაც იგი გულმხურვალედ ეხმაურებოდა თავისი შემოქმედებით? უეჭველია ს. ორჯონიკიძესთან ამ შეხვედრამ მას საბოლოოდ გაუტეხა გული „ახალი ქვეყნის შემოქმედნზე“. შემდგომ განვიტარებულმა მოვლენებმა კი საბოლოოდ დაანახეს მას ნიღაბჩამოხსნილი ბოლშევიზმის სისხლიანი სახე… ის რაც უყვარდა და რისი რწმენაც ჰქონდა მარჯანიშვილს, ფეხქვეშ გათელილი აღმოჩნდა, ეს გენიალური ადამიანი ხედავდა და გრძნობდა თავისი ხალხის ტრაგიზმს, ერი ისტორიის გზაჯვარედინზე იდგა, მორალურად განადგურებული, სულის სიღრმემდე შეძრული და დაბნეული. ერთი ისტყვით, აშკარაა, რომ ქართველი ხალხის მოწინავე ნაწილი „ყოფნა–არ ყოფნის“ დილემის პირისპირ აღმოჩნდა. ასეთ ატმოსფეროში კ. მარჯანიშვილის წინაშე, ბუნებრივია განსაკუთრებული სიმწვავით წამოიჭრა ჰამლეტის „ყოფნა– არყოფნის“, უსამართლობასთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის თემა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, შეიძლება დავასკვნათ (თუნდაც ვარაუდის დონეზე), რომ „ჰამლეტის“ დადგმის  გადაწყვეტილება სწორედ 1925 წელს, კ. მარჯანიშვილმა 1924 წლის ამბების ზეგავლენით მიიღო… მისი „ჰამლეტი“ ყველაზე პოლიტიკრი დად ა ყველაზე მამხილებელი პათოსით განმსჭვალული ქმნილება იყო“ – წერს ნოდარ გურაბანიძე.

ჰამლეტი – უშანგი ჩხეიძე

ჰამლეტი – უშანგი ჩხეიძე

უშანგი ჩხეიძის მოგონებებიც ცხადყოფს, რომ რეჟისორის გააზრებით: ჰამლეტ გაადამიანდა, გახდა უბრალო და დაუახლოვდა თანამედროვე ინტელლიგენტ ადამიანს, რომელიც მაშინ ჰამლეტივით ორ ეპოქათა მიჯნაზე იდგა.მასვე ადასტურებს აკაკი ვასაძის მოგონებები. მე მინდა შენი ჰამლეტ, უპირველეს ყოვლისა ადამიანი იყოსმიმართავდა მარჯანიშვილი ჩხეიძეს. მარჯანიშვილის გააზრებით: ჰამლეტ უაღრესად წმინდა ადამიანია, ადამიანური სინდისის განსახიერება, რომელიც მოჯადოებულ წრეში მოხვდა და მოწამეობრივად იტანჯებოდა, მაგრამ როდესაც უმაღლესი მსაჯულის თავისი სინდისის მეოხებით ბოლომდე შეიცნობს მის გარშემო არსებულ სიბინძურეს, ებრძვის ამ ჭუჭყს, ჭაობს და ამოაშრობს კიდეც, ოღონდ საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე (აკაკი ვასაძის მოგონებებიდან). გურაბანიძის თქმით, ჰამლეტის სახის ამგვარი გაგება ედო საფუძვლად მთელი სპექტაკლის კონცეფციას, დაწყებულს მსახიობთა შესრულებით, მუსიკით (გამოყენებული იყო ჩაიკოვსკის მუსიკა) დამავრებული ირაკლი გამრეკელის სცეოგრაფიით, რომელიც აკაკი ფაღავას თქმით ცისარტყელად მოევლინა სპექტაკლის გარეგნულ მხარეს. წორედ ჰამლეტის სახის ამგვარი გააზრებიდან გამომდინარე, მთლიანად იყო მოხსნილი ჰამლეტის ნევრასტენიული ბუნების საკითხი. მარჯანიშვილის ჰამლეტამდე ერთი წლით ადრე, ჰამლეტ ითამაშა სახელგანთქმულმა მიხეილ ჩეხოვმა, რომლის შესახებაც ლუნაჩარსკი წერდა: ეს იყო საშინლად ნერვული ბუნების ადამიანი, სულიერად იმდენად დაცემული, რომ თქვენ სრულიადაც არ გაგაოცებდათ არც აჩრდილის გამოჩენა, არც ის სიტყვები, რომელსაც თითქოს წარმოსთქვამს აჩრდილი. სინამდვილეში ჰამლეტ ამ სიტყვებს თავის თავს ეუბნება, რადგან მისი წინათგრძნობა ხილვებშია განსხეულებული. იგი ჰალუცინაციებს შეუპყრია, რადგან გონებიდანაა გადამცდარი. ჩეხოვის ჰამლეტი თუ გონებიდან იყო გადამცდარი, უშანგი ჩხეიძის ჰამლეტ გიჟობანას თამაშობდა მისტიფიკაციას მიმართავდა, შეშლილი ადამიანის ნიღაბს იყენებდა, რათა თავისი ფიქრები და განზრახვანი უკეთ შეენიღბა. მან დაასწრო თავის მტრებს, სულ ერთია სასახლის კარი, მაინც შეშლილად გამოაცხადებდა (. გურაბანიძე).

სცენა სპექტაკლიდან "ჰამლეტი". რეჟისორი – კოტე მარჯანიშვილი

სცენა სპექტაკლიდან “ჰამლეტი”. რეჟისორი – კოტე მარჯანიშვილი

მარჯანიშვილმა ჰამლეტის სახის გააზრებას დაუქვემდებარა პიესის მონტაჟი – გადააგილა სცენები, მეტი დინამიკურობა შესძინა სპექტაკლს, თეატრის ისტორიას კი კიდევ ერთი მონტაჟი დაუტოვა – ვირტუოზული. ჰამლეტ სცენაზე ჩნდებოდა ცნობილი მონოლოგით „რად არ მეშლება ეს სხეული“. „ეს მონოლოგი, როგორც ცნობილია, პიესის მეორე სურათშია, იგი სწორედ კლავდიუსის მეფედ კურთხევას მოსდევს. კ. მარჯანიშვილმა კი წინ გადმოიტანა და ანუ სცენურ ვარიანტში, ის წინ უსწრებს კლავდიუსის ინტრონიზაციას. ამით რეჟისორმა დინამიკურობა მიანიჭა მოქმედებას და, რაც მთავარია იმთავითვე საცნაური გახადა ჰამლეტის სულიერი მდგომარეობა“ (ნ. გურაბანიძე). თუ შექსპირთან მეფე-დედოფალი და ამალა გადის სცენიდან და ჰამლეტი მარტო რჩება, აქ პირიქით, კლავდიუსისა და გერტრუდას ზარზეიმით სასოწარკვეთილი ჰამლეტ გარბოდა სცენიდან, სწორედ ამ დროს ატყობინებდა ჰორაციო აჩრდილის ამბავს და კვლავ მონტაჟი – თუ პიესაში სხვა სცენები მოსდევს ამ შეტყობინებას, სპექტაკლში უკვე მამის აჩრდილთან შეხვედრის სცენა იყო, ამ მანიპულაციას მორიგი მოჰყვა – პიესის მესამე მოქმერდებიდან გადმოიტანა ყოფნა-არყოფნის მონოლოგი. თუ პიესაში ეს მონოლოგი მსახიობებთან შეხვედრის შემდეგაა, მარჯანიშვილმა, მცირე, უმნიშვნელო ეპიზოდის შემდეგ პირდაპირ მიადევნა აჩრდილთან შეხვედრის სცენას  და ეს მონოლოგი წარმოათქმევინა სასახლის სამლოცველოში. ამ სვლას მოჰყვა მორიგი მონტაჟური სვლა – ჰამლეტს დამთავრებული არ ჰქონდა აღსარება, რომ სამლოცველოში კლავდიუსი შეიყვანა და პირისპირ შეახვედრა ჰამლეტს. პიესაში კლავდიუსის ლოცვა მესამე მოქმედების ბოლოსაა – მსახიობების მიერ გათამაშებული გონზაგოს მკვლელობის შემდეგ, ანუ როცა უკვე მხილებულია ძმის მკვლელობაში, მარჯანიშვილთან კი ეს ლოცვა-აღსარება წინ უსწრებდა მხილებას და პირდაპირ მოსდევდა ჰამლეტის ლოცვას. მარჯანიშვილი მსახიობებს უნმარტავდა: „ჰამლეტ იმიტომ მისულა ეკლესიაში, რომ ღმერთს შეეკითხოს, რა გზით შეებრძოლოს მოზღვავებულ ბოროტებას. აქ სამლოცველოში იმიტომ მოვუყარე თავი მსაჯულსაც და დამნაშავესაც, აქ დავუპირისპირე ერთმანეთს აღსარება  ბრალმდებლისაც და ბრალდებულისაც… ეს ახალი სცენური პირობები უფრო შეეფერება „ყოფნა –არ ყოფნის“ მონოლოგს და კლავდიუსის ლოცვის ეპიზოდებს, რომელიც პიესაში ცალკე სცენებადაა მოცემული“… დიდმა მაესტრომ ამგავრი სვლებით, კლავდიუსისგან ჰამლეტის სრულყოფილი მხატვრული ატიპოდი შექმნა. კლავდიუსის როლის შემსრულებელი აკაკი ვასაძე (რომელიც მაშინ მხოლოდ 26 წლის იყო) წერს: „კლავდიუსის სახემ ისეთი მნიშვნელობა, ისეთი ღირებულება მოიპოვა ჩვენს სპექტაკლში, როგორც არც ერთ სხვა თეატრში არ მოუპოვებია – კლავდიუსის სახეში აქცენტირებული იყო ბოროტების ტრაგიკულობა ჰამლეტის სიკეთის ტრაგიკულობასთან ტოლფასოვანი შეპირისპირებით“.

ვერიკო ანჯაფარიძე – ოფელია

ვერიკო ანჯაფარიძე – ოფელია

ოფელიას როლზე ოთხი მსახიობი იყო დანიშნული, მაგრამ საბოლოოდ ვერიკო ანჯაფარიძე აღმოჩნდა ყველაზე შესაფერისი. სწორედ ვერიკოს ოფელია აკმაყოფილებდა გენიოსი რეჟისორის მოთხოვნებს და სწორედ ვერიკო იყო იდეალური პარტნიორი უშანგი ჩხეიძისთვის. ჰამლეტშივერიკოს შესრულების მწვერვალად განიხილება ოფელიას შეშლილობის სცენა. 25 წლის ვერიკო ანჯაფარიძე მართლაც მწვერვალზე ავიდა, როგორც წერდნენ ქართული თეატრი მანმადე არ იცნობდა მსახიობის თითოეული ბგერისადმი, თითოეული მოძრაობისადმი აუდიტორიის სრული მორჩილების, მასზე მსახიობის თითქმის მაგიური ზემოქმედების სხვა მაგალითს. ვერიკო ანაჯაფარიძე მაყურებელზე განუზმომელ ზემოქმედებას აღწევდა, მოძრაობა ძალიან ძუნწიაფიორიაქებული გრძნობები ინტონაციას მოჰქონდა წერდა მოგვიანებით თავად ვერიკო ანჯაფარიძე. შეშლილობის სცენა განსაკუთრებით ჰყვარებია მარჯანიშვილს. მოახლოვდა ოფელიას სიგიჟის სცენა. მარჯანიშვილმა თვითონ დაათვალიერა მარცხენა კულისი, საიდანაც მე უნდა გამოვსულიყავი. კამი მომაწოდადაჯექი, ნუ იღლები, შემიმკო თმები ბალახებითა და ყვავილებით. ომეფერა და ისე გამიშვა სცენაზე. ან იცოდა რომ ეს სცენა მთლიანად იყო დამოკიდებული ჩემს განწყობაზე. ალბათ გრძნობდა რომ მისი ხელის შეხება მამშვიდებდა და შთაგონების ძალას მმატებდაიგონებდა ვერიკო ანჯაფარიძე. ნობილია ის ფაქტიც, რომ შემდეგ მარჯანიშვილი ყოველთვის აკითხავდა ვერიკოს სიგიჟის სცენის წინ და თავისი ხელით უმკობდა თმას ყვავილებით. ვერიკოს მოგონებებიდან ცნობილია ისიც რომ ერთერთ წარმოდგენაზე მარჯანიშვილი თეატრში არ ყოფილა, ისე გასულა სცენაზე ვერიკო ამ სცენის სათამაშოდ, როგორც თავად წერს არაფერი გამოსდიოდა, მანამსანამ ლოჟაში თვალი არ მოჰკრა თეატრში დაგვიანებით მოსულ რეჟისორს

რეზო შატაკიშვილი, თეატრალური ხელოვნების მაგისტრი

დაიბეჭდა გაზეთში „ქართული სიტყვა“ – რუბრიკაში „ქართული შედევრები“.

ვერიკო ანჯაფარიძე – ოფელია

ვერიკო ანჯაფარიძე – ოფელია

P.S.  2010 წელს, გაზეთ „პრაიმტაიმში“ განვახორციელე, ჩემივე ინიცირებული პროექტი „მეოცეს ოცეული“. ამ პროექტის მიზანი იყო, გამოვლენილიყო მეოცე საუკუნის 20 საუკეთესო ქართული სპექტაკლი. ეს ოცეული გამოვლინდა კომპეტენტური პირების – თეატრმცოდნეების, კრიტიკოსების გამოკითხვის შედეგად: ვთხოვეთ თავად დაესახელებინათ მეოცე საუკუნეში, ქართულ თეატრში დადგმული ის 20 სპექტაკლი, რომელსაც ისინი მიიჩნევდნენ საუკეთესოდ – საუკუნის სპექტაკლებად. შეფასების კრიტერიუმიც მათვე მივანდეთ – თითოეულს ეს სპექტაკლები უნდა დაესახელებინათ იმ კრიტერიუმების დაცვით, რომლითაც ისინი საერთოდ ხელმძღვანელობენ სპექტაკლების შეფასებისას.

მათ უნდა დაესახელებინათ როგორც ის სპექტაკლები, რომელიც მათ უშუალოდ ნანახი აქვთ სცენაზე, ასევე ის სპექტაკლები რომლებსაც იცნობდნენ აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით, იმროინდელი რეცენზიებით და ამ სპეტქკლებზე არსებული ყველანაირი საარქივი მასალით.

გამოკითხვის მონაწილეებს სპექტაკლების ჩამონათვალის შედგენისას არ უნდა ეხელმძღვანელათ ქრონოლოგიური პრინციპით, ჩამონათვალი რეიტინგული უნდა ყოფილიყო.

მათ მიერ პირველ პოზიციაზე დასახელებულ სპექტაკლს დაეწერებოდა 20 ქულა, მეორე პოზიციაზე დაწერილს – 19, მესამეზე – 18, მეოთხეზე – 17 დ ასე შემდეგ ბოლომდე – მეოცე პოზიციაზე დაწერილს – ერთი ქულა. შემდეგ ოცივე გამოკითხულის მიერ მინიჭებული ქულები დაჯამდებოდა და დაგროვილი ქულების შესაბამისად გამოვლინდებოდა საუკეთესო ოცეული.

გამოკითხვაში მონაწილეობდნენ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები: ნათელა ურუშაძე, ნოდარ გურაბანიძე, ნათელა არველაძე, დალი მუმლაძე, ლევან ხეთაგური, ირინა ღოღობერიძე, თამარ ბოკუჩავა, ლელა ოჩიაური, მარინე ხარატიშვილი, გიორგი ცქტიშვილი, მანანა გეგეჭკორი. ნინო მაჭავარიანი. დოქტორანტები: ლაშა ჩხარტიშვილი, თამარ მუქერია, მარიამ ჩუბინიძე.ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრები: თამარ კიკნაველიძე, ნიკა წულუკიძე, ანანო მირიანაშვილი. ჟურანალ „თეატრი და ცხოვრების“  მთავარი რედაქტორი გურამ ბათიაშვილი, არტ-კრიტიკოსი დავით ბუხრიკიძე.

ამ გამოკითხვის შედეგად გამოვლენილ ოცეულში მარჯანიშვილის მიერ დადგმული „ჰამლეტი“ ვერ მოხვდა, 29 ქულით 29–2 ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა მიერ, საუკუნის საკუეთესო სპექტაკლებს შორის  კოტე მარჯანიშვილის 5 სპექტაკლი დასახელდა. ოცეულში მოხვდა ორი სპექტაკლი „ურიელ აკოსტა“ (მეორე ადგილზე) და „ცხვრის წყარო“ („ფუენტე ოვეხუნა“) (მე–12 ადგილზე).

 

 

უბერებელი „ურიელ აკოსტა“

მეოცეს ოცეული

გენიოსებთან ჭიდილში დამარცხებული დრო და… ივდითები, ურიელები…

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა „პრაიმტაიმში“)

„პრაიმტაიმის“ გამოკითხვაში კოტე მარჯანიშვილის დადგმული კარლ გუცკოვის „ურიელ აკოსტა“ მეოცე საუკუნის საუკეთეშო ქართულ სპექტაკლად დაასახელა 20–დან 18–მა გამოკითხულმა, მათგან 5–მა პირველ პოზიციაზე და დაგროვილი 291 ქულით „ურიელ აკოსტამ“ მეორე ადგილი დაიკავა მეოცეს ოცეულში.

რელიგიური დოგმების წინააღდეგ ამხედრებული ფილოსოფოსი ურეილ აკოსტა.

რაბინებისგან დაწყევლილი ურიელ აკოსტას ტრაგიკული სიყვარულის ისტორია…

ამ ტრაგიკულ ისტორიას აგერ 82–ე წელიწადია თამაშობენ მარჯანიშვილის თეატრში და ამ სიყვარულის ისტორიას თან სდევს შლეიფი – სწორედ „ურიელ აკოსტას“ რეპეტიციებისას შეუყვარდათ ერთმანეთი სოფიკო ჭიაურელსა და კოტე მახარაძეს…

სოფიკო ჭიაურელი: „ურიელმა“ დაგვღუპა… ყველაფერი სპონტანურად მოხდა, მას ცოლი ჰყავდა, მე – ქმარი… ამ ყველაფერს უფრო კრიმინალური შარავანდედი ადგა, ვიდრე რომანტიკული…“

კრიმინალური შარავადედი არ დასდგმია უშანგი ჩეიძის ტრფობას ვერიკო ანჯაფარიძისადმი… მაგრამ ეტრფოდა…

„როდესაც მე მოვიხედე ივდითისკენ, ასე მეგონა რაღაც შუქი ამოდიოდა მისი სახიდან… ივდითის მომღიმარი სახიდან მოედინებოდა ნათელი, რაც ავსებდა მთელ სცენას, მისი თვალები ბრწყინავდნენ, გეალერსებოდნენ და მისგან წამოსული სხივი გიზიდავდა…“ – იხსენებდა უშანგი ჩხეიძე…

ბედისწერად იქცა – მარჯანიშვილის და ოცხელის შეკრულ „კარკასში“ უნებლიედ იბადებოდა სიყვარული – ურიელის და ივდითის შემსრულებელ მსახიობებს შორის, ალბათ სწორედ ამას ითვალისწინებდა სოფიკო ჭიაურელი, როდესაც ბოლო აღდგენისას ამ როლებზე ცოლ–ქმარი გაანწილა – ნატა მურვანიძე და ნიკა თავაძე…

სადაცაა „ურიელ აკოსტა“ 82 წლის გახდება. დაიბადა ქუთაისში 1929 წლის 2 თებერვალს, 2 წლისაც არ იყო თბილისში რომ „ჩამოიყვანეს“ და მას შემდეგ თბილისში ცხოვრობს… 1928 წელს მარჯანიშვილმა დაარსა ქუთაის–ბათუმის თეატრი, 1930 წელს თბილისში საგასტროლოდ ჩამოსული დასი თბილისში დარჩა და სახალხო სახლში დაიდო ბინა. 1933 წელს თეატრს მარჯანიშვილის სახელი ეწოდა…

როგორ იქმნებოდა შედევრი სახელად „ურიელ აკოსტა“, რომელიც დღემდე ახდენს ზემოქმედებას მაყურებელზე?

შედევრის ავტორთაგან მხოლოდ კოტე მარჯანიშვილი იყო შემოქმედებითი სიმწიფის, 56 წლის ასაკში, კომპოზიტორი თამარ ვახვახიშვილი 35 წლის იყო, ურიელი – უშანგი ჩხეიძე – 30 წლის, ივდითი – ვერიკო ანჯაფარიძე – 28 წლის, გენიალური სცენოგრაფი პეტრე ოცხელი კი მხოლოდ 21 წლის…

სწორედ  21 წლის ჭაბუკის შექმნილი დეკორაციები და კოსტიუმებია, აგერ დღემდე რომ შოკში აგდებს და ანცვიფრებს მნახველს. განგებამ მის შემოქმედებას  უფრო ხანგრძლივი ქრონომეტრაჟი უბოძა, ვიდრე თავად მას. სასცენო მხატვრობის რევოლუციონერი ავბედით 37-ში, სრულიად ახალგაზრდა, 30 წლის დახვრიტეს, როგორც კონტრევოლუციონერი… მისმა შემოქმედებამ კი მოინელა თავად კომუნისტური, პირსისხლიანი რეჟიმი. უყურებ ოცხელის უკიდეგანო ფანტაზიის ნაყოფს – უჩვეულო სცენიურ გარემოს, იხსენებ მის ასაკს და სულაც აღარ გიკვირს, თუ როგორ შექმნა იმავე ასაკში შილერმა „ყაჩაღები“…

20 წლის იყო პეტრე ოცხელი მარჯანიშვილმა რომ მისი გაფორმებული „ცეცხლის გამჩაღებელნი“ ნახა მუშათა თეატრში. ოცხელის ესკიზებმა მარჯანიშვილი აღაფრთოვანა – გენიამ იცნო მომავალი გენია და თავისთან წაიყვანა და სულ მალე ოცხელის გენია აელვარდა კიდეც… თუმცა, როგორც თეატრის ისტორიის ანალებიდან ირკვევა, მარჯანიშვილს არ მოსწონებია  ესკიზები, რომელიც თავიდან მიუტანა ოცხელმა, არ მოეწონა რადგან იქ ზდანევიჩისა და გამრეკელის გავლენა იგრძნობოდა. მარჯანიშვილი არ აჩქარებდა ოცხელს… და აი, ოცხელმა მაკეტი მიიტანა მარჯანიშვილთან…

მარჯანიშვილი დიდხანს ათვალიერებდა მაკეტს…. ხელჯოხი მთელი ძალით დასცხო მაგიდას, მსახიობები გაინაბნენ, ეგონათ მაკეტი არ მოეწონა და ყველას ჯოხით დაერეოდა. „გენიალურია, შესანიშნავი, ყოჩაღ პეტრე! სადაა ის ბიჭი“ – იყვირა მარჯანიშვილმა… პეტრე ოცხელი სცენის სიღრმეში იდგა თავჩაქინდრული, გაწითლებული…

მაყურებელს დღესაც აჯადოვებს მარჯანიშვილის რეჟისორული გადაწყვეტისა და ოცხელის მხატვრობისა საოცარი სინქრონულობა.მარჯანიშვილის შედევრმა დაამარცხა დრო – „ურიელ აკოსტა“ დღესაც მარჯანიშვილის თეატრის რეპერტუარშია.

რა ხდება, რატომ აღელვებს მაყურებელს ოდესღაც დადგმული სპექტაკლი, მხოლოდ იმიტომ რომ შედევრია, მხოლოდ იმიტომ რომ არქეტიპად ქცეულ მარჯანიშვილის დადგმულია?  იქნებ იმიტომაც რომ ქადაგებს აზრის თავისუფლებას? იქნებ იმიტომ რომ გვიამობს რელიგიურ დოგმების, ფანატიზმის, გარემომცველი სამყაროს წინააღდეგ ამხედრებული ურიელ აკოსტას ტრაგიკული სიყვარულის ისტორიას, ნათელისა და ბნელის ჭიდილს. ბნელისა და ნათლის, შუქ-ჩრდილების, შავისა და თეთრის მონაცვლეობა უდევს აქ საფუძვლად ყველაფერს, ოცხელის დეკორატიული მონასმები ორგანულად ერწყმის მარჯანიშვილის მეტყველ მიზანსცენებს, ულამაზეს კომპოზიციებს. მსახიობები ქანდაკებებივით არიან ნაკვეთი, არსად არიან სტატიკურნი, ყველაფერს ყველაფერს შინაგანი რიტმი და სულიერიო ექსპრესია  აერთიანებს. ცხადია, დღევანდელი „ურიელის“ ზემოქმედება ალბათ ბევრად ჩამოუვარდება 80 წლის წინანდელ ზემოქმედებას, ისევე როგორც აღდგენილი სპექტაკლი ორიგინალს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმასაც რომ მას შემდეგ არათუ თეატრმა, საერთოდ სამყარომ იცვალა ნირი, რიტმი, დღევანდელი ზემოქმდების ძალა მაინც შთამბეჭდავია. სწორედ ამ „მაინც შთამბეჭდავობითაა“ „ურიელ აკოსტა“ გენიალური, ამ თეატრალურ მკვეთრ, პირობით ფორმებს, საერთოდ ზეაწეულ განცდებს გადაჩვეულ, გაუცხოებულ მაყურებელსაც რომ უთრთოლებს სულს. ცხადია, უხვად არიან ისინიც ვინც მყარადაა დამიწებული და არანაირად რომ არ ეპიტნავებათ ეს „ზეაწევა“ და თეატრისგანაც რომ მიწაზე გორაობას ითხოვენ, მაგრამ ეს სპექტაკლი მათთვის არაა…

მარჯანიშვილის „ურიელ აკოსტამ“ დროზე გაიმარჯვა, მაგრამ დროზე გამარჯვებამდე მესხიშვილის „ურიელ აკოსტაზე“ – სწორედ ქუთაისის სცენაზე დადგა მეოთხედი საუკუნით ადრე ლადო მესხიშვილმა კარლ გუცკოვის ეს ტრაგედია, ურიელს თავად ასრულებდა, ივდითს – ქართული თეატრის სინდისად აღიარებული ნუცა ჩხეიძე. ლადო მესხიშვილის ტრიუმფალური ურიელის შემდეგ ამ პიესას აღარავინ ეკარებოდა… აღარავინ – მარჯანიშვილამდე.

წარმატებულ პრემიერას წინ ასევე წარმატებული ჩვენება უძღოდა – თბილისდან ჩასულ მწერლებს, საზოგადო მოღვაწეებს „ურიელი“ დეკემბრის მიწურულს ანახეს.

ამ ჩვენების წინ კი იყო… ჩავარდნილი გენერალური რეპეტიცია.

რეპეტიცია ცუდად მიდიოდა, მსახიობები ვერაფრით ვერ პოულობდნენ საჭირო ტონს. „ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, თითქოს ყველაფერი დაიკარგა, რაც კი რეპეტიციებზე ვიპოვე. მუსიკაც მიშლის ხელს, გამძვინვარებული მარჯანიშვილიც მბოჭავს, სინათლე თვალს მჭრის. ყურადღების მოკრება მიჭირს. მონოლოგს წარმოვთქვამ მექანიკურად. ვერაფერს ვგრძნობ, სიცივე და სიცარიელე მაქვს გულში. უშანგი – ურიელიც ჩამქრალია, არა აქვს სითბო, სიცოცხლე, ცეცხლი – და ასე რეპეტიციის დამთავრებამდე ყველაფერი დაიკარგა, წაიშალა. სად გაქრა დაუვიწყარი რეპეტიციების სიხარული? როგორი ზეშთაგონებით ქმნიდა მარჯანიშვილი ამ სპექტაკლს – როგორი აღფრთოვანებით ვიჭერდით მის ყოველ აზრს ჩვენ, მსახიობები… ჩვენ ვგრძნობდით, რომ ამ სპექტაკლში კიდევ უფრო ძლიერად, უფრო სრულყოფილად გადაიშალა მარჯანიშვილის გენია. და ეს ყველაფერი ჩვენ, მსახიობებმა, დღეს დავკარგეთ, დავანგრიეთ, გავაცამტვერეთ“ – იხსენებდა ვერიკო ანჯაფარიძე…

მარჯანიშვილი ყვიროდა, ცეცხლს ყრიდა, ცდილობდა ეხსნა თავის შედევრი, მსახიობები რომ უნადგურებდნენ, მაგრამ ამაოდ… „დამღუპეთ მე თქვენ, დამტანჯეთ, დამასამარეთ“ – ეუბნებოდა მსახიობებს.

„ასეთი განადგურებული მარჯანიშვილი მე არ მინახავს“ – იტყვის ვერიკო ანჯაფარიძე, სწორედ ვერიკოს უხმო თეატრიდან გამოსულმა და სასტუმროსკენ ლასლასით მიმავალმა მარჯანიშვილმა. „ მივუახლოვდი და ვხედავ, თვალები ნათელი აქვს, სხივჩამდგარი, სიხარული გამოკრთის, ეშმაკური ღიმილი დასთამაშებს სახეზე და მეუბნება: წადი დაიძინე, კარგად დაისვენე, საღამოს მოხდება გრანდიოზული რამ, გენერალური ჩაგვივარდა – ეს ხომ შესანიშნავია!…“

– გაიხსენებს ვერიკო და სწორედ ამის შემდეგ დამკვირდა ქართულ თეატრში რწმენა – რომ ჩავარდნილი გენერალური რეპეტიცია წარმატებული პრემიერის გარანტიაა. მაგრამ ეს რწმენა ხშირად ცრურწმენაა – ვინ მოსთვლის რამდენი გენერალური რეპეტიცია ჩაფლავებულა და მერე პრემიერაც ჩაფლავებულა…

ვერიკოს გარდა მარჯანიშვილის „ურიელ აკოსტას“ კიდევ ბევრი ივდითი ახსოვს.

სესილია თაყაიშვილი, სოფიკო ჭიაურელი, მედეა ჯაფარიძე, დოდო ჭიჭინაძე, ნინო დუმბაძე, ნატო მურვანიძე…

ახალგაზრდა სესილია თაყაიშვილი ჯერ კიდევ მაშინ შეიყვანეს სპექტაკლში, როცა სცენაზე ვერიკო იდგა. გარკვეული წარმატებების მიუხედავად სესილიას ივდითი ვერ იქცა სპექტაკლის ნაწილად. სესილია ვერ ჰგუობდა უჩვეულო ფორმის სავარძელს, არანაკლებ უჩვეულო კოსტიუმს, საერთოდ გარემოს. იგი ეთაყვანებოდა ვერიკოს ივდითს, თვითონ კი ვერ იქცა ივდითად. იმდენად მწარე იყო მისთვის მარცხი, რომ სიკვდილის წინ მიცემულ ინტერვიუში, ცხოვრების ყველაზე უბედურ დღედ, „ურიელში“ თამაშის დღე დაასახელა…

ვერიკომ „ურიელ აკოსტა“ პირველად 1962 წელს აღადგინა. ურიელს პიერ კობახიძე თამაშობდა, ივდით თავად – უკვე 60–ს გადატანებული, მაგრამ იგი კვლავინდებურად აჯადოებდა მაყურებელს. 1972 წელს ვერიკომ ხელმეორედ აღადგინა „ურიელ აკოსტა“, ამჯერად ურიელს კოტე მახარაძე თამაშობდა, ივდითს – სოფიკო ჭიაურელი. „არ მინდოდა ივდითის თამაში, დედამ მაიძულა… ვცდილობდი გავქცეოდი მის აჩრდილს, მაგრამ ვერ მოვახერხე… დედასთან დავმარცხდი და დავმარცხდი რომელია…“ (სოფიკო ჭიაურელი).

მესამედ უკვე სოფიკო ჭიაურელმა აღადგინა სპექტაკლი 1991 წელს, ზურაბ სტურუას და ნინო დუმბაძის მონაწილეობით. 15 წლის შემდეგ, 2006 წელს კვლავ სოფიკომ აღადგინა „ურიელ აკოსტა“. ამჯერად ივდითად ურიელის – კოტე მახარაძის შვილიშვილი – ნატა მურვანიძე მოგვევლინა, ურიელად – ნიკა თავაძე.

ვერიკოსთან მარცხდებოდნენ მაშინ როცა ის სცენაზე იდგა, ვერიკოსთან მარცხდებოდნენ მაშინ როცა იგი პარტერში იყო რესტავრატორის ამპლუაში და მაშინაც – როცა იგი მთაწმინდაზე განისვენებს.

ნატა მურვანიძე: „ერთი წამითაც არ ვედრები სესილია თაყაიშვილის მონაცემებს და შესაძლებლობებს, მაგრამ ახლა ვერიკო ანჯაფარიძე რომ ცოცხალი იყოს და სცენაზე იდგეს, ჩემთვისაც ყველაზე უბედური დღე 2006 წლის 30 სექტემბერი იქნებოდა, როცა პირველად ვითამაშე ივდითი…“

მარჯანიშვილის თეატრს „ურიელ აკოსტას“ ბოლო აღდგენა 8 900 ლარი დაუჯდა. ეს თანხა ძირითადად დეკორაციის რესტავრაციას და კოსტიუმების ხელახლა შეკერვას მოხმარდა.

ყვითელი დეტალი: ახალ ივდითს – ნატა მურვანიძეს არც ერთი წინამორბედი ივდითის კოსტიუმი არ ჩაეტია კოჭებამდე დაშვებული კაბები წვივებსაც ვერ უფარავდა, ყველა კაბა მკლავებამდე წვდებოდა.

„ვიცოდი მაღალი ვიყავი, მაგრამ სულ მეგონა რომ თავი პატარა მქონდა, მაგრამ არც თავსბურავი მომერგო, ისიც პატარა მქონდა. დეკორაციაც კი პატარაა ვინც დააკვირდება“ – ამბობს ნატა მურვანიძე.

ნატა მურვანიძე: „ მართლაც უძლიერესი კონსტრუქცია აქვს ამ სპექტაკლს, ქორეოგრაფია, მუსიკა, პრინციპში ნახატივითაა, ერთი დიდი ტილოა.

ჩვენ ხელში გვქონდა შედეგი – მიზანსცენები, ჟესტები და თავად უნდა მივსულიყავით ამ შედეგამდე. მიხეილ ჩეხოვს აქვს ფსიქოლოგიური ჟესტით სავარჯიშო. ფსიქოლოგიურ ჟესტს რომ აკეთებ ერთხელ, ორჯერ, ათჯერ, ოცჯერ… ამ ჟესტს მიჰყავხარ იმ ემოციამდე, რომელმაც ეს ჟესტი შვა. ამ პრინციპით ვმუშაობდით და მინდა მჯეროდეს რომ ამ გზით ვიწვევდით იმ საწყის ემოციას, თავდაპირეველი შემსრულებლები რომ განიცდიდნენ. ყოველშემთხვევაში ეს ჟესტები ჩემში აშკარად იწვევს რაღაცას, შეიძლება იმ დოზას არა რასაც ქალბატონ ვერიკოში, ან შემდეგ აღიარებულ, ლეგენდარულ მსახიობებში… იმდენად მაგარია, იმდემად აწყობილია ეს ყველაფერი, მე არ მეგულება მსახიობი ქალი, რომელიც ამას ისე ვერე იგრძნობს, როგორც მე ვგრძნობდი. გული მწყდება სხვებს რომ არ აქვთ საშუალება რომ განიცადონ ის, რაც იქ ხდება, რომ იმ მონახაზში იცხოვროს, ამ სპექტაკლს აქვს კიდე რაღაც განსაკუთრებული მაგია… მე არ ვიცი ეს გარედან როგორ ჩანს, მაგრამ შიგნით აშკარად მონუსხული და მოჯადოებული ხარ 80 წლის წინანდელი რაღაცით, რომელსაც სახელი არა აქვს… სახელი აქვს კოტე მარჯანიშვილი, გენიოსი. რომელიც სათავეა ამ ყველაფერის…“

 

 

 


 

გრიგალი, რომელიც აღარ ამოვარდება – სანდრო ახმეტელი

ის იყო კაცი, რომელმაც მოიტანა და შემდეგ სამარეში ჩაიტანა თეატრი – ბობოქარი

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა წლის გამოცემაში  “სახე(ლ)ები – 2006”)

1886 წლის 14 აპრილს სიღნაღის მაზრაში, სოფელ ანაგის თომა მოციქულის სამრევლო ეკლესიის დიაკვანს ვასილ ახმეტელაშვილს და მის მეუღლეს მარიამს შეეძინათ ვაჟი – ალექსანდრე…

18 აპრილს მღვდელი ზაქარია სინჯიკაშვილი მას მართმადიდებელ ქრისტიანად მონათლავს…

რას წარმოიდგებნენ რომ გავა დრო და მას ხან ბურჟუაზიულ-ნაციონალისტად „მონათლავენ“, ხან ანტისაბჭოთა სპექტაკლების ავტორად, კოტრევოლუციონერად, ხალხის მტრად, მავნებლად და ბოლოს მაინც გენიოსად… რა იციან რომ გავა თითქმის 120 წელი და მის მიერ დადგმულ

შილერის „ყაჩაღებს“ მსოფლიოს ას საუკეთესო სპექტაკლს შორის მოიხსენიებენ…

(2004 წელს რუსეთის ხელოვნებადმცოდნეობის სახელმწიფო ინსტიტუტი გამოსცემს „მეოცე საუკუნის სპექტაკლებს“, სადაც შესულია მეოცე საუკუნეში, მთელს მსოფლიოში დადგმული 100 საუკეთესო სპექტაკლი. ას სპექტაკლს შორის ქართული მხოლოდ ორია – ახმეტელის „ყაჩაღები“ და რობერტ სტურუას „კავკასიური ცარცის წრე“… )

კოშმარულ 37-ში ახმეტელს ბრალდებად წაუყენებენ რომ ის იყო ბურჟუაზიულ-ნაციონალისტი, ანტისაბჭოთა ელემენტი, დიქტატორი, მავნებელი, ხალხის მტერი… იგი არ ყოფილა ხალხის მტერი. პირიქით მან შეუქმნა ქართველ ხალხს ჭეშმარიტად ეროვნული, ქართული თეატრი. შექმნა იმ დისციპლინის წყალობით, რომელიც დიქტატურად გამოცხადეს, მაგრამ სულძაღლი ბერია მთლად არ ტყუოდა – ახმეტელი მართლაც იყო ნაციონალისტი (საუკეთესო გაგებით), მართლაც იყო ანტისაბჭოთა ელემენტი და ამას მთელი მისი მოღვაწეობა ადასტურებს, მთელი მისი შეხედულებები, შემოქმედება. ეს მერე, ისევ მისი რეაბილიტაციისათვის შეეცდებიან რომ საწინააღმდეგო უმტკიცონ მოსკოვს, მაგრამ ახმეტელს თუ ეროვნულობა, ნაციონალისტობა წაართვი, ფასი ეკარგება მთელ მის გენიალობას…

… 1903 წელს, 16 წლის სანდრო ახმეტელი განჯაში ჩასულ ნატო გაბუნიასა და ვასო აბაშიძის გვერდით გამოჩნდება სცენაზე – „ხანუმაში“ თავად ფანტიაშვილის მსახურ ტიმოთეს ითამაშებს ლეგენდარული არტისტების გვერდით. რა იციან ქართული თეატრის იმდროინდელმა ლეგენდებმა რომ მათ გვერდით არათუ ქართული, საერთოდ თეატრის მარადუკვდავი ლეგენდა თამაშობს…

1906 წელს სანდრო ახმეტელი თბილისის ქართულ გიმაზიას დაამთავრებს, 1907 წლის იანვარში ტასო როსტომაშვილზე დაიწერს ჯვარს. იმავე წელს პეტერბურგს მიაშურებს – უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე შევა… საქართველოში 1916 წელს დაბრუნდება, მაგრამ სტუდენტობის დროს ხშირად ჩამოვა საქართველოში, იმ პერიოდში ჟურნალისტობს, მისი ფიქრები დასტრიალებს უცხოეთში სასწავლად წასული ქართველ სტუდენტობას, ქართული თეატრის ბედს… სტუდენტობის წლებშივე შედგება სანდრო ახმეტელის რეჟისორული დებიუტი.

1910 წელს, 24 წლის სანდრო ახმეტელი ქვემო მაჩხაანის სცენისმოყვარეებთან

დგამს სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატს“…

„… წარმოდგენამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამსწრე საზოგადოებაზე, ესთეტიკურად დაატკბო იგი და ნასიამოვნები გაგზავნა შინ….. განსაკუთრებული მადლობის ღირსისა პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტი და ამ წარმოდგენის რეჟისორი ა. ახმეტელაშვილი, რომელმაც არ დაზოგა თავისი შრომა, რათა ადგილობრივი სცენისნმოყვარეები ჯეროვნად მოემზადებინა.“ – დაწერს „სახალხო გაზეთი“.

„პიესისთვის სულ ახალი ტანისამოსი და დეკორაციები მოამზადეს, მთელი 2 თვე ემზადებოდნენ და პიესამაც შესანიშნავად ჩაიარა, კარგი შთაბეჭდილება მოახდინა დიდძალ დამსწრე საზოგადოებაზე“ – დაწერს „თეტრი და ცხოვრება“…

იმ პერიოდიდან გაისმის ქართულ თეატრში ახმეტელის სახელი, მაგრამ ჯერ ადრეა, გრიგალი სახელად „ახმეტელი“ ცოტასაც მოიცდის და მერე ამოვარდება… ამოვარდება და თან მოიტანს თეატრს ჯერარნახულს, და შემდეგშიც განუმეორებელს.

მანამდე კი ის ჯერ პრესაში ლაპარაკობს ქართულ თეატრში გამეფებულ კრიზისზე, განახლების აუცილებლობაზე.

გვაქვს თეატრი მძიმე, დინჯი, უსახო, გაუბედავი იგი უნდა დაიმსხვრეს… გვყავს მსახიობები მოუხეშავი, ტლანქი, ზანტი, იგი უნდა მოიზნიქოს რომ გახდეს რბილი, ცეცხლოვანი და შუშპარიანი და თეატრი გვექნება აღგზნების, ემოციის, რიხიანი, გაბედული, გმირული – იტყვის ახმეტელი 1915-ში და იმავე წელს დასვამს საკითხს – არის თუ არა ქართული თეატრი ქართული?

პასუხსაც თავად გასცემს – არა და არა!

არის თუ არა ქართული თეატრი გამომხატველი ქართველისა, როგორც სპეციფიკური ნაციონალური ფსიქოლოგიის და რელიგიის მატარებელი ადამიანისა? გვყავს ეს ქართველი ქართულ სცენაზე? შეგვიძლია გადაჭრით ვაღიაროთ რომ ხელოვნურის სხივით შექმნილი ქართველი, იდეური გაგრძელებაა ნამდვილ არსებული ქართველისა? გვითხრა ჩვენმა თეატრმა, თუ ვინ არის ქართველი? როგორია მისი სულისკვეთება? როგორია მისი ვნება? ძალა? რითი საზრდოობს? რით სულდგმულობს? ვიცნობთ ჩვენ ქართული ადამიანის სულის დრამას? ვინ არის ქართველი? ვიცნობთ მას ჩვენ, როგორც თავისებურ მსოფლიო ინდივიდუმს? რით განირჩევა იგი სხვისგან? ვიცნობთ ჩვენ მის რელიგიურ ლტოლვილებას, რელიგიურ ექსტაზს? შეგვიძლია ვთქვათ, განვმარტოთ, თუ რა ფორმებში ხატავს იგი თავის ექსტაზს?

გენიოსმა დოსტოევსკიმ სავსებით განმარტა რუსული ინტელიგენციის სულისკვეთება. ჩეხოვმა ნათელჰყო რუსული ინტელიგენციის საუკეთესო და ძვირფასი რელიგიური ჰანგები. მოსკოვის სამხატვრო თეატრმა საუცხოოდ ჩამოაქანდაკა რუსის სული, მისი გულის ცემა. ტირის, სევდით გული ევსება რუს მაყურებელს სამხატვრო თეატრში, როდესაც იგი ჩეხოვის პიესების წარმოდგენას უცქერის… მოსკოვის სამხატვრო თეატრი ნამდვილი, ეროვნული, რუსული თეატრია რუსეთისთვის. სამხატვრო თეატრმა ჩეხოვის მეოხებით ჰპოვა ნამდვილი რუსი თავისი სპეციფიკური ფსიქოლოგიით და რელიგიით. სტანისლავსკიმ შემოსა ეს ნამდვილი რუსი ერთგვარი სცენური პრინციპით მხატვრულ რელიგიური ფორმებით და მით ჩეხოვცის დრამები რუსეთის ინტელიგენციისათვის მისტერიად იქცა…

შეიძლება ყველა ეს ითქვას ჩვენს ქართულ თეატრზეც? შეიძლება გადაჭრით, გულახდილად იმის აღიარება, რომ ქართულ თეატრში სუფევს ნამდვილი სული ქართული ერისა? რომ ქართულ თეატრში ჩვენი რელიგიური ექსტაზით აღტყინდებით, რომ მხოლოდ აქ, ქართულ სცენაზე ჰპოვებთ თქვენს გულის ცემას და სულისკვეთებას? უწოდებთ თქვენ ჩვენს თეატრს იმ ტაძარს, სადაც ერი ხარობს, ერი იტანჯვის თავისი საკუთარი ფორმით, საკუთარი თავისებური რელიგიური სტიქიით? შექმნა თეატრმა სიცილი და ხარხარი ფორმად, ფერად ჩვენი ისტორიული სიდუხჭირისა და ტანჯვისა? ჰპოვეთ თქვენ რომელსამე დრამაში ქართველი ტიპი _ ორჭოფი, გამოურკვეველი, დაულაგებელი ფსიქოლოგიით? შეგიძლიათ მიმითითოთ ისეთ დრამაზე, სადაც ბრძოლის აღელვებული ტალღები ნეტარების ისრებით ესობოდეს თქვენს ბუნებას, ზნესა და ჩვეულებას?… მთელი ჩვენი ისტორია ტრაგედიაა პატარა საქართველოსი, ქართველი მხოლოდ შვილია ტრაგედიისა. მერე შექმნა ქართულმა თეატრმა ისეთი დრამა, რომელიც ქართველი ხალხის მისტერიად უნდა ქცეულიყო?

არა და არა! ქართულმა თეატრმა ვერ ჰპოვა ქართველთა სულის გრგვინვის ხმა.

ვერ შემოსა იგი საკუთარ ფორმებში და ამიტომ იგი არ არის ქართული, ნამდვილი ქართული მხატვრული თეატრი.

პირიქით თუ შორს წავალთ, არ არის იგი ქართული თეატრი თვით სცენიური საშუალებითაც კი. დღევანდელ დღეს გამეფებული პლასტიკა, კილო, ინტონაცია, სტილი არ არის ქართულ დედა-ძარღვზე ასხმული. ქართულმა სცენამ ვერ შესძლო ქართველი ადამიანის სხეულის მოძრაობის შესწავლა. ამ მოძრაობის ძირითადი რიტმის განხილვა-გამოცნობა და ქართული ელფერით მოცხული პლასტიკის შექმნა სცენაზე. მერე ეს მოხდა ჩვენში, საქართველოში, სადაც ქართველ კაცზე ლამაზ მოსიარულეს, ბუნებრივი პროპორციით შემკულ მოძრაობის მქონეს ჯერჯერობით ბადალი არ ჰყავს დედამიწის ზურგზე. დადის ქართველი საუცხოვოდ, ფეხს დგამს გაბედულად და არა ჩლუნგად, მოშვებულად… მთელი კორპუსი გადააქვს თავისუფლად, სწორად, ოდნავი რხევით… ქართველს ფეხი გაშლილი დააქვს… მე მყავს სახეში მდაბიო ხალხი, ჩვენი გლეხკაცობა, მიგიქცევით ყურადღება ჩვენი ჩვენი გლეხკაცისთვის, როცა ის მაგალითად ხელს გართმევთ, ტანს რა მოძრაობას აძლევს? ქართველი წელს მხრებში კი არ ხრის, ე.ი. კი არ იკუზება, როგორც ჩრდილოეთის მცხოვრებლებმა იციან. წელგაშლილი სრულიად მთელ კორპუსს იდნავ თქვენსკენ ხრის ფეხები გაშლილი, გაჭიმული უდგას და კისერი ხერხემალთან პერპენდიკუკულარულად უჭირავს. ქართველის მოძრაობა ბუნებრივად ესთეტიკურ კანონებს ემორჩილება. ლერწამივით ახოვანი ქართველის მოძრაობა _ წმინდა რიტმული მუსიკაა.

სულ სხვაა თეატრში ჩვენი მსახიობის მოძრაობა უგემოა. სიტყვა-გამოთქმულებას მოუფიქრებელ პლასტიკას უდებს… აიღეთ იგივე ინტონაცია, ვის არ ეჩოთირება ის ყრუდშეთვისებული ხმაწყობილება რომელსაც მსახიობი ხმარობს. ჩვენს სცენაზე გაბატონებული ინტონაცია უფრო ცრუკლასიკურს წააგავს. ოდნავ მომღერი, იგი აგებული აქვს უსულო ტემპზე… ცხოვრებაში კი, ქართველის ინტონაცია ჰიმნია ქართველთ სიტყვა-პასუხის მშვენიერებისა..

თეატრის განახლებისთვის იმჟამად სხვებიც იბრძვიან, მსახიობთა თეატრს რეჟისურა უტევს, მოსკოვში განსწავლული რეჟისორები – წუწუნავა, ქორელი, …. ისინი ჯიქურ ამკვიდრებენ სამხატვრო თეატრის პრინციპებს, რეჟისორთაგან განზე მხოლოდ ახმეტელი დგას – მისთვის მიუღებელია რეალისტურ-ნატურალისტური თეატრი. მიუღებლად და არა ქართულად მიიჩნევს.

ჩვენ ბანს ვაძლევთ ყოველთვის და ყველაფერში რუსეთის თეატრს. და კიდევ ყველაფერში მხოლოდ ვბაძავთ. არ მინახავს ქართულ სცენაზე ნამდვილი ჩვენი სულისკვეთებით დადგმული დრამა. იგი ყოველთვის ტრაფარეტულად გაზეპირებულ ჩონჩხზედაა აგებული, რომელსაც მხოლოდ მოსკოვის სამხატვრო თეატრის უგემური სუნი უდის. მას ქართულ თეატრთან საერთო არაფერი აქვს, ის მთლიანად სამხატვრო თეატრის ფილიალია მთელი თავისი მეთოდოლოგიით. მთელი სისტემით“.

ახმეტელს კი ჭეშმარიტად ეროვნული თეატრი სურდა, თეატრი ქართული ტემპერამენტით, სულისკვეთებით, ფორმით. მას ღრმად სწამდა რომ ხელოვნება მხოლოდ ნაციონალურია, რომ ნაციონალური ხელოვნება უმაღლეს გენიოსურ ფორმებში შემოსილი კოსმოპოლიტურია. მაგრამ კოსმოპოლიტურია მხოლოდ შემეცნებით. ყველა, რა ერის ადამიანიც არ უნდა იყოს, ყველა ტკბება მისი სიმშვენიერით. როდესაც მას უმზერს. ვერაფერი გვიხსნის გადაგვარებისგან, გარდა ეროვნული ხელოვნებისა და ამასთან უპირველესად, ეროვნული თეატრისა“ – ამბობდა ახმეტელი და გამოსავალს ინტელიგენტური თეატრის დააარსებაში ხედავდა, რომელიც იქნებოდა ერთგვარად სტუდია, ლაბორატორია, სადაც ჩამოყალიბდებობდა ქართველი ადამიანის სულის დრამის ფორმები. სადაც შეიქმნებოდა ახალი სახე ქართველი კაცისა. აქვე უნდა დაკავშირდეს რიტმი ფერადობასთან, მოქმედების ექსტაზი ქართული პლასტიკის ფორმებთან – აი, ამ იდეური საგზლით მოდიოდა სანდრო ახმეტელი ქართულ თეატრში. მოდიოდა შეუპოვრად…

თმა ინგლისურად შუაზე გაყოფილი… პირმოპარსული, დიდრონი თვალებით და არწივისებური გამოხედვით თითქოს ვიღაცის გაპობა სურს… გარეგნობით, ინგლისელი ტლანქი ჯელტმენი, ხოლო შავი მაყვალივით თვალები ეჭვს ბადებს: იტალიელი ხომ არ არის? ჯერ კიდევ როდესაც გიორგი ჯაბადარის სტუდია ყველა თეატრალმა სასიკვდილოდ დასერა, ეს იტალიელი თუ ინგლისელი ქართველ მსახიობთა კავშირის ყრილობაზე დასაცავი სიტყვით გამოვიდა… სითბო ვიგრძენ… მომეწონა… გავეცანი, მაგრამ მისი გვარი ბუნდოვნად დამამახსოვრდა, თუმცა მისი სიტყვები ჩემს მახსოვრობაში ღრმად აღიბეჭდა – ამას ახმეტელზე აკაკი ვასაძე დაწერს, სამიოდ წელში „ბერდო ზმანია“-ზე მუშაობისას კი ის ამ ინგლისელსა თუ იტალიელში, სანდრო ახმეტელს ამოიცნობს…

„ბერდო ზმანიამდე“ ახმეტელი 1919 წელს საოპერო სტუდიაში დიმიტრი არაყიშვილის ოპერას „თქმულება შოთა რუსთაველზე“ დადგამს. პრესა მადლობას გადაუხდის ორიგინალური დადგმისთვის.

1920 წელს მენშევიკურმა მთავრობამ ქართულ დრამას რუსთაველის თეატრის ამჟამინდელი შენობა გადასცა. თეატრს ფაღავა ჩაუდგა სათავეში. რეჟისორებად მიიწვიეს ლადო მესხიშვილი, ალექსანდრე წუწუნავა, მიხეილ ქორელი, ალექსანდრე ახმეტელი.

და აი, 34 წლის ახმეტელი თავის პირველ სპექტაკლს დგამს პროფესიული თეატრის სცენაზე. დასადგმელად ირჩევს სანდრო შანშიაშვილის სიმბოლისტურ დრამას „ბერდო ზმანია“.

ახმეტელმა პირდაპირ ამოხოცა მსახიობები მუშაობაში – წერდნენ ახმეტელის ოპონენტები. ახმეტელი მოშლის რამპას ისე რომ სცენას და პარტერს გააერთიანებს. სცენას ზემოდან გაანათებს, პირველად შემოიყვანს სიმფონიურ ორკესტრს დრამაში. გრიგიოლ რობაქიძე მაშინვე იტყვის – ახმეტელი გრძნობს თეატრის ნერვს!

სცენა პირველად ამღერდა მუსიკით, არტისტმა პირველად იგრძნო თავისი სხეული, როგორც შემოქმედებითი მასალა. ამ სპექტაკლში ახმეტელმა პირველად შეამზადა ნიადაგი ჩვენში სინთეზური თეატრის შექმნისთვის. იგი გამოჩნდა როგორც მონუმენტური თეატრის ანსამბლის და არა ინდივიდუალური თეატრის ვიზიონერი – დაწერენ მოგვიანებით. ასევე მოგვიანებით აკაკი ვასაძე დაწერს რომ ამგვარი ტემპით, რიტმით აგებულ სხვა სპექტაკლს ქართულ თეატრში მაშინ ვერ ნახავდით“.

წარმატება თავბრუდამხვევია, მერე რა რომ აზრთა სხვადასხვაობა ბობოქრობს.

სხვანაირად წარმოუდგენელიცაა – „ბერდო ზმანია“ სათავეს უდებს პირობით რეჟისორულ აზროვნებას, „მხატელებისგან“ განსახვავებულ სათეატრო ესთეტიკას. თანადროული ევროპული ავანგარდისტუილი სათეატრო მიმდინარეობებთან თანაზიარი წარმოდგენა მოულოდნელობის შოკს იწვევს რეალისტური თეატრის მიმდევრებში. ახმეტელი ეძებს ძლიერ, ამბოხებულ გმირს, აღელვებს თავისუფლების თემა.

ახმეტელიო იბრძვის თეატრის გარეთაც – ის დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტის წევრია და ოპოზიციაში უდგას ჟორდანიას და მის მთავრობას. მეტიც, ახმეტელი ჟორდაინიას საქართველოს მტრად, მოღალატედაც გამოაცხადებს როცა ის კახეთში დიდ თანამდებობაზე სომეხს დანიშნავს. ახმეტელი მიიჩნევს რომ ჟორდანიას მთავრობა უნებისყოფოა და მასში არ ცოცხლობს ძლიერი ეროვნული სული. რითაც იგი ნიადაგს უმზადებს რეაციქას – ბოლშევიკური რუსეთის შემოსვლას საქართველოში.

ასეც მოხდება, საქართველოს რუსეთი დაიპყრობს. ოკუპაციამდე ორი კვირით ადრე, თეატრში ახმეტელის ახალი სპექტაკლის „რაც გინახავს ვეღარ ნახვ“ პრემიერა შედგება.

ახმეტელის ცდას რომ შეექმნა ნაციონალური ხალხური სცენები, დაცინვით შეხვდნენ – ამას თავად ახმეტელი დაწერს თავის თავზე…. ახმეტელი იძულებული გახდება წავიდეს თეატრიდან, მაგრამ ეს წასვლა დროებითია და ამას ყველა გრძნობს. ახმეტელი რის ახმეტელია რომ ვინმეს რამე დაუთმოს.

იგი გააფთრებით იბრძვის თვითმყოფადი ქართული თეატრის შესაქმნელად და აქტიურად ილაშქრებს ნატურალისტური თეატრის წინააღდეგ.

ახმეტელი დროებით ჩინოვნიკი ხდება – თეატრალური განყოფილების უფროსი შალვა დადიანი მას თავის მოადგილედ წაიყვანს. შალვა დადიანი მერე გამოტყდება რომ ახმეტელი ვერ იყო მაინცდამაინც კარგი ჩინოვნიკი, ახმეტელის ამბოხებული სული ვერ ჰგუობდა ჩინოვნიკობას.

და აი, საქართველოში ჩამოდის სახელგანთქმული კოტე მარჯანიშვილი. იგი გვერდით სწორედ ახმეტელს ამოიყენებს, რადგან მის თეატრალურ პრენიციპებთან ახმეტელის ძიებები უფრო ახლოს იყო, ვიდრე ქართველი „მხატელების“ შემოქმედება.

„თქვენთან ერთად გავწყვიტოთ კავშირი, მასთან (სამხატვრო თეარტრთან) და ვეძებოთ თეატრი ვაჟკაცური“ – ამას მარჯანიშვილი ახმეტელს „სალომეას“ დადგმის შემდეგ ეტყვის, როცა ახმეტელს თავს დაესხმიან. „სალომეას“ გამო, ახმეტელს მეორე მოუწევს თეატრიდან წასვლა (ისევ დროებით), მიზეზი მარტივია – თეატრში კვლავ მოშლილია დისციპლინა – ერთ რეპეტიციოაზე ერთი მსახიობის მეტი არავინ მივა, სხვა რეპეტიციიის დროს მსახიობები დაადებენ თავს და გასტროლიორთა სპექტაკლში ათამაშდებიან. აქეთ აკაკი ვასაძე დააგვიანებს რეპეტიციაზე, იქით უშანგი ჩხეიძე უარს იტყვის რეპეტიციის გავლაზე, ხომ გავიარეო? ვერიკო ანჯაფარიძე ადგება და მიატოვებს რეპეტიციას… სხვა რეპეტიციაზე მსახიობები თავის ადგილებს ტოვებენ, ახმეტელი რეპეტიციას ხსნის. სხვა რეპეტიციაზე ვინმე მჟავია მთვრალი მივა და გინებას ატეხავს, ახმეტელი გაბრუჟულ მთვრალს რეპეტიციიდან გაიბურთავებს…

თეატრს დატოვებს წუწუნავა, ქორელი, ლადო მესხიშვილი გარდაიცვლება,

თეატრში მარჯანიშვილი და ახმეტელი რჩებიან და ერთად იწყებენ ახალი თეატრის შენებას. მარჯანიშვილი ახმეტელს მთავარ რეჟისორად დანიშნავს, თავად სამხატვრო ხელმძღვანელად დარჩება. თეატრში დისციპლინა ისევ მოშლილია, წარმატებებს ჩრდილავს ნაუცბათევად მომზადებული ბენეფისები, გასტროლები, ამღვრეული რეპერტუარი.

ახმეტელი ახალ იერიშზე გადადის – საბჭოთა კავშირს ლენინი გამოგლოვილი არ ჰყავდა, ახმეტელმა და მისმა თანამოაზრეებმა რომ 1924 წლის 29 იანვარს „დურუჯის“ მანიფესტი დააგუგუნეს რუსთაველის თეატრის სცენიდან.

საგულისხმო დეტალი: ახმეტელი ამ პერიოდში სხვა ასპარეზზეც იბრძვის – აქტიურად მონაწილეობს 1924 წლის აჯანყების მზადებაში.  როგორც სამხედრო ცენტრის აქტიური მონაწილე პასუხისგებაშიც მისცეს და სიკვდილიც მიუსაჯეს, მაგრამ მარჯანიშვილის და სხვათა დახმარებით გადარჩა…

ამჯერად გადარჩება და თეატრში  ხდება გადატრიალება. გადატრიალების მთავარი იდეოლოგი ახმეტელია.

პირველად 1924 წლის 5 იანვარს იკრიბებიან და კორპორაციის შექმნას გადაწყვეტენ. სხდომას მარჯანიშვილიც შეესწრება, შეუერთდება. გაიზიარებს მათ შეხედულებებს. კორპორაცია ახალი თეატრის ფუძე უნდა გახდეს, უნდა განიდევნოს არაპროფესიონალიზმი, შევქმნათ კულტი ახალი არტისტისა“.

მანიფესტში უკვე ახალი არტისტის იდეალსაც გამოაცხადებენ: არტისტი შუშპარიანი… არტისტი გიჟი… არტისტი ცეცხლოვანი… არტისტი შფოთი… არტისტი-გოროზი… არტისტი-ფაფარაყრილ რაშზე… არტისტი-კადნიერი… არტისტი-რიხიანი…ახმეტელი უკვე პრაქტიკულად იბრძვის იმისთვისმ რასაც ათი წლის წინ ითხოვდა თეორიულად. წესდებაშიც ჩაწრენ: ძიება თეატრალური განსახიერებისთვის ქართველთა რასის და ტემპერამენტის გამომსახველობათა თეატრალური ფორმებით. რიტმის, მეტყველების, ემოციურობის“.

ახმეტელის მთელი მოღვაწეობა აქეთკენ იქნება მიმართული.

ქართველი აქტიორის პლასტიკური სიმდიდრისა და სილამაზის პრობლემა მუდამ აღელვებდა ახმეტელს და მუდამ უდიდეს მნიშვნელობას მიანიჭებს მსახიობის ფიზიკურ მონაცემებს. მუდამ საგანგებოდ შეარჩევს ათლეტურ, ძლიერ და მშვენიერი სხეულის ადამიანებს სცენისთვის. საგანგებოდ ასწავლის რიტმს, მუსიკას ტანვარჯიშს… ახმეტელისთვის პლასტიკური, დახვეწილი, ძლიერი და ლამაზი აღნაგობის მსახიობი გმირული თეატრის ესთეტიკურ იდეალს წარმოადგენდა.

არც ერთი ქართველი რეჟისორი არც მანამდე და არც შემდეგ ისე ძლიერად და დაჟინებით ვერ გამოხატავს ქართველი ხალხის ერთიან, ზეაწეულ გრძნობებს, როგორც ამას ახმეტელი გააკეთებს.

მისი მასობრივი სცენები განცვიფრებაში მოიყვანს მაყურებელს.

ახმეტელის მთელ რეპერტუარში მკაფიოდ გამოიკვეთება მებრძოლი, ძლიერი ადამიანის იდეა. ახმეტელი ეძებს მტკიცე ნებისყოფის გმირს. ე.ი. ეძებს იმას რაც მისი აზრით დაიკარგა – ცხოვრებაშიც და სცენაზეც. ახმეტელი ღრმად განიცდის დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ უნებისყოფო ქართველის ტიპის ჩამოყალიბებას. თეატრში გადააქვს თავის ბრძოლის ასპარეზი. პოლიტიკდან თეატრში. მაგრამ ისევ პოლიტიკური თეატრის შეასაქმნელად….

მის სპექტაკლებში, დაგუბებული კაშხალივით იფეთქებს ეროვნული ენერგია,

აკაშკაშდება მისი იდეალები, მცდელობა ქართველ ხალხში გააღვიძოს მებრძოლი სული. მისი მთავარი მოწოდებაც ხომ ესაა – აღზარდოს ხალხი გმირული სულით, რათა ხალხს ყოველთვის შესძლებოდა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა. ახმეტელი ხომ სიჭაბუკიდანვე ამაზე ოცნებობს – ეპოვა ქართველი კაცის იდეალი გარდასულ ისტორიულ მოვლენებში, როგორც ეროვნული ორიენტირი. ვერ იპოვის, მაგრამ მთელი თავისი თეატრის ერთიან ესთეტიკურ გააზრებას ამ მიზანს დაუქვემდებარებს – ძლიერი ვაჟკაცური სტილი, ქართული მქუხარე ტემპერამენტი, ვნებიანი განცდები გადმოცემული უშუალობით, არტისტული სილამაზით…

ამას ყველაფერს დააფიქსირებს „სუკი“ თავის არქივში და გამოიყენებს მის გასანადგურებლად.

ის დადგამს არაერთ წყალწყალა საბჭოთა პიესას, მაგრამ იქაც დაჟინებით ეძიებს ქართულ თეატრალურ ფორმებს. მისი საუკეთესო სპექტაკლები

„ანზორი“, „ლამარა“ – ხალხის წიაღში დაფარული თეატრალობის მიკვლევის

ჟინით იქნება შთაგონებული…

მისი მასობრივი სცენები განცვიფრებაში მოიყვანს მაყურებელს.

ახმერტელი როგორც მასობრივი სცენების ვირტუოზი  გამოჩნდება

„ლამარაში“, „რღვევაში“, „ანზორში“, „თეთნულდში“…. და რა თქმა უნდა „ყაჩაღებში“. მტრებიც კი ვეღარ უარყოფენ რომ ახმაეტელი უდიდეს წარმატებებს აღწევს მასობრივი სცენების გადაწყვეტაში.

„თეთნულდში“ ახალ აზრობრივ შინაარსს მიანიჭებს ქოროს, სვანური ხალხური მუსიკის რიტმზე ააგებს ბაპების სცენას, მუსიკა იქცევა მათ სამოქმედო ენად.

ქოროს მუსიკალური გადაწყვეტის პლასტიკა და რიტმი აღიბეჭდება ქართული ხასაიათით. აქ და საერთოდ ქართულ თეატრში ახმეტელი შექმნის ქოროს ახალ ფორმას და მისი მასობრივი სცენების პრინციპს თეატრის ისტორია მეოცე საუკუნის ქართული ეროვნული თეატრალური ქოროს პრინციპად აღიარებს.

ეს ყველაფერი წინაა, მანამ დიდი ბრძოლებია. სწორედ ამისთვის აყალიბებს ახმეტელი „დურუჯს“, რომლის წესდებაშიც ხაზგასმით ჩაწრენ:

კორპორანტი საუბრობს ქართველებთან აუცილებლად ქართულად, სხვებთან კი მათთვის გასაგებ ენაზე“… საქმის წარმოება ქართულ ენაზე“….

რა ხდება, ახმეტელი უკვე უტევს მარჯანიშვილს, რომელიც კორპორაციის საპატიო წევრად მიიღეს, მარჯანიშვილი რომელმაც ცუდად იცის ქართული და რეპეტიციებს რუსულად ატარებს?!…

წესდებაში ყველაფერი მკაცრადაა რეგლამენტირებული, ყველაფერი ერთი მიზანს ექვემდებარება – შეიქმნას ჭეშმარიტად ეროვნული თეატრი…

ჯერ ისევ მხარდამხარ იბრძვიან მარჯანიშვილი და ახმეტელი. „დურუჯში“ იმთავითვე იკვეთება ორი ლიდერი – ახმეტელი და მარჯანიშვილი.

„დურუჯის“ ხელმძღვანელობას პირსისხლიანი ბერია მოგვიანებით ავბედითად შეუტრიალებს ახმეტელს, 1930 წელს დაწერილ მოხსენებაში „დურუჯს“ ანტისაბჭოთა, ფაშისტურ ორგანიზაციად მოიხსენიებს.

ბერიამდე „დურუჯის“ ხმაურიანი მანიფესტის გამო, ახმეტელს და მის თანამოაზრეებს არაერთი დაესხმევა თავს. ძველებს ახალგაზრდების აგდებული ტონი აღიზიანებთ, ტონი მართლაც გამომწვევია – ბებერი კამეჩები საგასტროლოდ შოთას პროსპექტზე…–  წერენ მანიფესტში ამას და კიდევ უარესებს. ამბოხებულ ახალგაზრდებს თავგამოდებით იცავს მარჯანიშვილი…

„დურუჯი“ ხელთ იგდებს თეატრის მხატვრული და ორგანიზაციული სადავეებს.

ახმეტელი და მისი თამამოაზრე არტისტები მიზნისკენ მიიწევენ, აკი იტყვის კიდეც ახმეტელი „დურუჯის“ ორი წლისთავზე ჩვენ ვეძიებთ ქართული თეატრის სახეს და ქართული არტისტის კონტურს. ყველა ეროვნებათა თეატრების განსხვავება მხოლოდ ამაშია. საქართველოს უნდა ჰქონდეს თავისი საკუთარი დამოუკიდებელი თეატრი. ანთებული ქართული გულით და აღგზნებული ქართული სულით…

„დურუჯი“ შეიქმნა, დაიწყო ბრძოლა თანამოაზრეთა თეატრისათვის.

ახმეტელს კვლავახც ამბოხებული გმირის თემა აღელვებს – დგამს შანშიაშვილის „ლატავრას“. ეს მესამე შეხვედრაა სანდრო შანშიაშვილის დრამატურგიასთან. „ლატავრამდე“ „როდამი“ აქვს დადგმული. მათი თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება, გაგრძელდება ახმეტელის დახვრეტამდე… „ლატავრას“ დადგმისას კი საბოლოოდ გაიყრება სანდრო ახმეტელის და ვერიკო ანჯაფარიძის გზები. ვერიკო ანჯაფარიძე „დურუჯის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია, მოგვიანებით ის პირველი დატოვებს „დურუჯს“, მანამდე კი კონფლიქტია. დიდი კონფლიქტი. გაივლიან „ლატავრას“ მეორე აქტს. ვერიკო კორიდორში გავა. ახმეტელი მესამე აქტს იწყებს, ვერიკო არ ჩანს. ეძებენ, ელიან. როგორც იქნა გამოჩნდება, ახმეტელი იყვირებს – „ჩქარა, ჩქარა!“ ვერიკო მიუტრიალდება – რა გაყვირებს? შეჰყვებიან, არც ერთი არ თმობს, ახმეტელი დაატოვებინებს რეპეტიციას. მერე მათ „შეარიგებენ“, ახმეტელი იტყვის: მე ვერასოდეს ვერ დავსდებ პირობას, რომ ეს არ განმეორდეს. არასდროს ჩემს თავს ამ მხრივ ჩემს თავს დამნაშავედ არ ჩავთვლი“. არც იმ ინციდენტში ჩაუთვლია თავი ახმეტელს დამნაშავედ, ხაზს უსვამდა რომ მისი ყვირილი საერთო ხასიათისა იყო და ყველას უყვირებდა, ვინც არ უნდა ყოფილიყო ის. ახმეტელი იმსაც არ დაივიწყებს რომ ვერიკო ანჯაფარიძე დასში პრივილეგიების მოპოვებას ცდილობს.

მოხდება ისე რომ ვერიკო ანჯაფარიძე ლატავრას კი ითამაშებს, მაგრამ შემდეგ მას ვეღარავინ იხილავს ახმეტელის შემდეგ დადგმებში. მერე კი იგი მარჯანიშვილის წასვლამდე დასტოვებს „დურუჯსაც“ და თეატრსაც.

ურთიერთობები იძაბება მარჯანიშვილსა და „დურუჯელებს“ შორისაც. მარჯანიშვილი ნელ-ნელა „დურუჯის“ ალყაში ექცევა.

მალე ახმეტელის და მარჯანიშვილის გზებიც გაიყრება.

ყველაფერი რობაქიძის „ლამარას“ ირგვლივ დატრიალდება. „ლამარას“ ერთად დგამენ მარჯანიშვილი და ახმეტელი. მარჯანიშვილი დადგამს პირველ ორ აქტს,

იგი „ლამარას“ ლირიკულ დრამად ხედავდა და ასეც დგამდა, შემდეგ საავადმყოფოში მოუწევს დაწოლა. დადგმას ახმეტელი განაგრძობს და ლირიკულის ნაცვლად მას დადგამს როგორც გმირულ-რომანტიკულ დრამას.

ასარსარდება ენები, დაიძაბება სიტუაცია. მარჯანიშვილი ნახავს „ლამარას“ და

ახმეტელს ეტყვის თავისუფლად შეგიძლია აფიშიდან ჩემი გვარის მოშლა“.

მარჯანიშვილი და ახმეტელი უკანასკნელად 1926 წლის 6 აგვისტოს შეხვდებიან ერთმანეთს, მოწმეთა თანდასწრებით. შედგება შეხვედრის სტენოგრამა. ჩაიწერება მარჯანიშვილის შემდეგი სიტყვები „დურუჯზე“:

ეს არის ჯგუფი ჩემს გარშემო თავმოყრილი და მაიძულებენ ვაკეთო არა ის, რასაც ჩემი მხატვრული თვალსაზრისი მკარნახობს“… ირკვევა ისიც რომ მარჯანიშვილი ახმეტელს ართმევს მთავარ რეჟისორობას:

სრულუფლებიანი ვარ მარტო მე. დასსა და რეპერტუარს ვადგენ მე. შენ გექნება რამდენიმე დადგმა, მაგრამ როლების დამოუკიდებლად განაწილების ნებას არ გაძლევ. ეს ერთად უნდა გავაკეთოთ.

კარგი ასე იყოს“ – ასეთია ახმეტელის პასუხი. მარჯანიშვილი კი კვლავ ხაზგასმით გაუმეორებს რომ არც მას ენდობა და არც „დურუჯელებს“…

მარჯანიშვილი წავა. ახმეტელი თეატრში რჩება და დიდხანს ელის მარჯანიშვილის დაბრუნებას. მოგვიანებით წერილსაც მისწერს. მარჯანიშვილი არც წაიკითხავს, კონვერტში ისე ჩადებს და უკან გაუგზავნის ახმეტელს.

იმ წერილს, სადაც ახმეტელი წერს: ძვირფასო კოტე, რაც არ უნდა მოხდეს ჩვენს შორის, იცოდე რომ გარდა შენდამი უღრმესი სიყვარულისა და ერთგულებისა, მე გულში არაფერს ვფარავ. მე ვიცი სპეტაკ მეგობრად დარჩენა ბრძოლის დროსაც კი. მე დავიკავე შენი ადგილი მხოლოდ იმ აზრით, რომ ადრე თუ გვიან დაგაბრუნო შენს საყვარელ თეატრში, ოღონდ კი შენ ეს მოისურვე“.

ამ პერიოდში, კოტე მარჯანიშვილი თავის ვაჟს მისწერს წერილს, სადაც ის სიხარულს არ მალავს თეატრი ფლავდებაო, ვერ მალავს ვერც ზიზღს ახმეტელის და მისი თანამოაზრეების მიმართ. იმასაც წერს, ბოლომდე ჩაფლავდნენ და მერე ვნახოთ, შეიძლება დავბრუნდე კიდეცო.

მარჯანიშვილის გარდა, ახმეტელის ჩაფლავებას ალბათ მარჯანიშვილის მოწაფეები – უშანგი ჩხეიძე და თამარ ჭავჭავაძეც ელოდნენ, ან ყოველშემთხვევაში იმას რომ ნაკლებსახელოვან ახმეტელს თავის ნებაზე დაატრიალებდნენ… თამარ ჭავჭავაძეს ხომ უკვე ნათამაშები ჰქონდა ლაურენსია, უშანგი ჩხეიძეს – ჰამლეტი… სასტიკად შეცდნენ.

ახმეტელი დადგამს „რღვევას“, სახელს მოიხვეჭს ახმეტელიც და აკაკი ხორავაც. მარჯანიშვილისტები სიტუაციის შემობრუნებას მოინდომებენ.

თამარ ჭავჭავაძის დაბადების დღეზე, მარჯანიშვილის თანდასწრებით, დაიგეგმება შეთქმულება ახმეტელის წინააღდეგ.

ოთხი არტისტი (დაიმახსოვრეთ ეს რიცხვი) – უშანგი ჩხეიძე, თამარ ჭავჭავაძე, სანდრო ჟოირჟოლიანი, შალვა ღამბაშიძე მთავრობას მისწერენ, მარჯანიშვილი დააბრუნეთ, თორემ თეატრიდან წავალთ, ახმეტელს არასწორი გზით მიჰყავს თეატრიო. ჩვენ ვარჩევთ დავრჩეთ სრულიად უმუშევრად, ვიდრე გავხდეთ მოწმენი ქართული თეატრის დაშლისა და გახრწნისა– წრდნენ ისინი და განზრახული ჰქონდათ თუ ამას ვერ მიაღწევდნენ, თეატრიდან წასულიყვნენ და მარჯანიშვილთან ერთად ახალი თეატრი დაეარსებინათ.

რუსთაველის თეატრს კომისია მიადგა.

მსახიობები ყოველთვის მართლები არიან. ყველა კონფლიქტში რეჟისორია დამნაშავე. ოთხი ეღთის წინააღმდეგ, რაღგაქვთ გამოსაკვლევი, გადაწყვიტეთ.“ – ეტყვის ახმეტელი მათ. შემდეგ კი დეტალურად გაშიფრავს, რატომ ერჩის ოთხეული მას, შალვა ღამბაშიძეს ოტელოს როლს პირდებოდა მარჯანიშვილი და ალბათ ახლაც პირდებაო. (ღამბაშიძე მართლაც ითამაშებს ოტელოს მარჯანიშვილთან), თამარ ჭავჭავაძე თურმე კონკურენტის – მესხიშვილის ქალის თეატრში მოყვანის გამო ჩასდგომია ოპოზიციაში ახმეტელს. ორჯერ უცდია კიდეც წასვლა, მაგრამ გადაუფიქრია, როცა ჯამაგფირი მოუმატეს. უშანგი ჩხეიძემ ის ვერ მოინელა რომ ახმეტელი წინააღდეგი იყო რომ მას ჰამლეტი ეთამაშა, ნიჭი კი აქვს, მაგრამ ჯერ საამისო ტექნიკა არ აქვს, დაიღუპებაო.

თავადვე აღიარებდა, რომ „ჰამლეტმა დაღუპა“, ვერ გამოდიოდა ჰამლეტის გავლენიდან, მაგრამ მაინც მარჯანიშვილისკენ იწევდა – „მარჯანიშვილისგან ის კვლავ მოელის ჰამლეტისნაირ როლებსო“ – ეტყვის კომიაის ახმეტელი. ახმეტელს მსახიობთა თავდასხმისგან ისევ მსახიობები იხსნიან – აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, ვასო გოძიაშვილი… ახმეტელი თუ წავა მე თეატრში არ დავრჩები – იტყვის ხორავა, მე უეჭველად ავირჩევდი ახმეტელს, მარჯანიშვილან ვერ ვიმუშავებ“ – იტყვის ვასაძე, ახმეტელის ხელში მსახიობის ტვინიც კი მორაობს… ახმეტელთან ერთად, თეატრიდან მეც წავალ… – იტყვის ვასო გოძიაშვილი…

ახმეტელი დარჩება, ოთხეული წავა, მარჯანიშვილის მეთაურობით შეიქმნება ახალი თეატრი, მაგრამ მარჯანიშვილს 4 წელსაც არ აცლიან, როგორც მეტასტაზები ისე შემოეხვევიან მარჯანიშვილს, კაცს რომელმაც მსოფლიო სტანდარტების თეატრი შექმნა, მუშაობას დაუწუნებენ, კრებებს გაუმართავენ მაშინაც კი როცა ის უმძიმესად იქნება ავად. მარჯანიშვილი მოსკოვს მიაშურებს, არც იქ მოასვენებენ, წერილს წერილზე წერენ, შეურაცხყოფენ, გულს უკლავენ… მერე 4 არტისტი მთავრობას მიადგება, მარჯანიშვილის თეატრში ღრმა კრიზისია, რუსთაველის თეატრთან შეგვაერთეთო. მთავრობაში ახმეტელს დაიბარებენ.

მე განვუცხადე რომ უკან არავის დავიბრუნებ, ვიცოდი ეგენი მარჯანიშვილს რა დღეშიც ჩააგდებდნენ – იტყვის ახმეტელი….

ლამარა

1930 წელს ახმეტელი ხელმეორედ დადგამს „ლამარას“. თუ 1926 წელს მხატვარი ლადო გუდიაშვილი იყო, მას ახლა ახმეტელის დიდი თანამოაზრე, გენიალური ირაკლი გამრეკელი შეცვლის. „ლამარა“ „თეთნულდთან“ და „ლატავრასთან“ ერთად, საბედისწერო როლს ითამაშებს ახმეტელის ბიოგრაფიაში, სწორედ ამ სპექტაკლების გამო შერაცხავენ ახმეტელს ბურჟუაზიულ-ნაციონალისტად.

ყველაფერი ილექება „სუკის“ ბინძურ არქივში… ისიც, ახმეტელს რომ ჰქონდა ერთიანი კავკასიის იდეა, მის შემოქმედებაში რომ იგრძნობოდა კავკასიის ფენომენის როლის წარმოჩენის ტენდენცია. აკი ამისთვის დადგა კიდეც „ანზორი“, აკი გაუწია კიდეც დიდი დახმარება ჩეჩნებს რომ შექმნილიყო გროზნოს თეატრი? აკი, მიავლინა კიდეც ამისთვის გროზნოში არჩილ ჩხრატიშვილი?…

და ისევ  „ლამარა“… ახმეტელი სწორედ „ლამარას“ მიიჩნევს თავის მწვერვალად, სადაც მიაღწია სიტყვისა და პლასტიკის სრულ ჰარმონიას, ფორმის სიზუსტეს, სულის რომანტიკულ ამაღლებას, რაზედაც მუდამ ოცნებობდა.

ერთხელ რეპეტიციაზე სამაიას ცეკვავდნენ, ვერაფრით ვერ აეწყო ცეკვა. ჟინმა მომიარა, ავირბინე და ვაჩვენე როგორ უნდა ეცეკვათ, საერთოდ ასეთი ჩვენების მომხრე არ ვიყავი, მაგრამ რაღაც ძალამ წამომაგდო ადგილიდან მერე ჩავხტი საორკესტროში, ჯოხი გამოვართვი დირიჟორს და ვუდირიჟორე… – დაწერს ახმეტელი…

ახმეტელის „ლამარა“ ერთად იგემებს მხურვალე ტაშს და ბინძურ ლაფს. „ლამარას“ ქართულ რომეო და ჯულიეტად გამოაცხადებენ. უცხოური კრიტიკა შექსპირულ სპექტაკლად მიიჩნევს, „კომუნისტი“ კი დაწერს, ეს რა არის, ნაბიჯია უკან, „ლამარა“ მუშათა კლასს ვერაფერს მისცემსო. აგორდება ტალღა,

„ლამარას“ მოხსნიან რეპერტუარიდან. ახმეტელი დაწერს:

ადამიანი ფიზიკურ დარტყმას უფრო ადვილად გაუძლებს, ვიდრე სულიერს. ასე ნაცემ-ნაგვემი წავედი სახლში. განცხადება დავწერე, თუ ლამარას არ გაუშვებთ, მე თეატრში დამბრუნებელი არა ვარ მეთქი. კომისია გამოიყო. ღმერთო ჩემო! როგორ ვერ ვიტან გაუთავებელ კომისიებს. მათი გაკეთებული სამქე ვის უნახავს. ვინ იცის რამდენი ცოცხალი იდეა მოუკლავთ. რას ვიზამდი დავემორჩილე. თეატრში მივბრუნდი იმ იმედით, რომ კომისიაში წარმოდგენას მომხრეებიც ეყოლებოდა. გასინჯეს წარმოდგებნა, იყო აზრთა სხვადასხვაობა. მაინც შეაჩერეს. ავდექი და აფიშები გამოვაკარი, წარმოდგენა გავუშვი. საყვედური მითხრეს, მაგრამ სპექტაკლი ვეღარ მოხსნეს“….

ახმეტელი გააფთრებით ვაჟკაცურად იცავს „ლამარას“, ბავშივით გაიხარებს როცა ამ სპექტაკლს მოსკოვში გასტროლებისას სტალინი მოუწონებს.

გახარებული ახმეტელი თავის მეგობარს, სანდრო შანშიაშვილს მოსწერს მოსკოვიდან: მთელი ჩვენი მეთოდი მუშაობისა თეატრში აღიარებულია საუკეთესო მეთოდად და ამ მეთოდს უპირისპირებენ სამხატვრო თეატრის, სტანისლავსკის მეთოდს… გუშინწინ ჩვენს წარმოდგენაზე მოვიდნენ ამხანაგები სტალინი და ორჯონიკიძე…

დაწვრილებით უამბობს ყველა დეტალს, იმასაც თუ როგორ გადაიღო სტალინთან ერთად ფოტო, მაგრამ ვერც ეს ფოტო და ვერც ეს ტრიუმფი ვერ წამლობს მის მოკლულ გულს: არა, ჩემო სანდრო, მე ვერ ვგრძნობ ჯერ კიდევ გამარჯვებას. მეტად სასტიკნი იყვნენ საქართველოში ჩემდამი და ძალიან ღრმად ჩაუკლავთ ჩემში რისიმე იმედი…

ახმეტელს გაუთავებლად თავს ესხმოდნენ, ლანძღავდნენ, სთათხავდნენ,

დღეს მათი ვინაობაც კი აღარავის ახსოვს, არა თუ მათი ნაწერები, დრომ თავისი ცოცხი მოუსვა მათ და თან გაიყოლა ისტორიის ურანაში, თან უსახელოდ. თუ სადმე მათი გვარ-სახელი ფიგურირებს, ისევ ახმეტელის წყალობით – როგორც მისი დაუძინებელი ავყია მტრების…

ტრიუმფალური მოსკოვური გასტროლების შემდეგ, აქტიურდება თეატრის საზღვაგარეთ გასტროლების საკითხიც. მაგრამ არ ისვენებს ბერია.

მოხსენებას წერს, რომ ახმეტელი ეწევა ძირგამომთხრელ საქმიანობას, რომ 1924 წლიდან ხელმძღვანელობს ანტისაბჭოთა ორგანიზაცია „დურუჯს“, რომ თეატრის მუშაკები გასტროლების ანტისაბჭოთა მიზნებისთვის გამოყენებას აპირებენ, რომ კავშირს გააბამენ ემიგრაციასთან, დარჩებიან საზღვაგარეთ.

ბერია ჯერ კიდევ 1930 წელს ითხოვს გათავხედებული რეჟისორის პასუხისგებაში მიცემას. იგი იბრძვის ხორავას და ვასაძის წინააღდეგაც, მისი სამიზნე „დურუჯია“, მაგრამ პირველ რიგში ახმეტელი უნდა ჩამოიშოროს გზიდან, უახმეტელოდ ყველას მიხედავს, ყველას მოუგრეხს კისერს…

ახმეტელის ირგვლივ შავბნელი წრე იკვრება. თუმცა, ჯერ დრო აქვს, წინ მთავარი ტრიუმფია – შილერის „ყაჩაღები“…

„ყაჩაღებამდე“ ახმეტელი ერიდებოდა კლასიკის დადგმას. რამდენჯერმე მოსინჯა კიდეც, „მეფე ლირსაც“ მოკიდა ხელი, მაგრამ ბოლომდე არ მიიყვანა. არც თავის თავს თვლიდა საამისოდ მზად და არც დასს. ახლა, კი შილერს მოკიდებს ხელს რომ თეატრის სიჭაბუკის ხანა დაასრულოს და ახალი ეტაპი დაიწყოს. თეთნულდიეს იყო ეტაპი, რომლის საშუალებითაც ჩვენ უნდა მივსულიყავით ყაჩაღებამდედა ეს მიგვიყვანდა ერთ პრინციპამდე, ერთ მთლიან ქართულ თეატრამდე – იტყვის ახმეტელი და მართლაც ახმეტელი მიუახლოვდა თავის ესთეტიკურ იდეალს – შეექმნა ადამიანის სულისა და გულის ძვრაზე აგებული თეატრი. ღრმა აზრის და ემოციის, დიდი სოციალური და პოლიტიკური პლატფორმის ეროვნული პოლიტიკური თეატრი.

სპექტაკლს საფუძვლად დაუდო ქართული ნერვი, რიტმი, გმირების ოჯახური ტრაგედია აიყვანა სახელმწიფოებრივ დონეზე, შილერის პიესას მიანიჭა შექსპირული მასშტაბი. პიესის სახელწოდებამ „ყაჩაღები“ – უკანა პლანზე გადაიწია, წინ წამოვიდა მინაწერი „ტირანების წინააღდეგ“ (ინტირანოს).

სპექტაკლი, რომელშიც გერმანიის ცხოვრებაა ასახული ჟღერდა ჭეშმარიტად ქართულ სპექტაკლად.

ისევ მოსკოვი, ისევ გასტროლები, ფელდმანი ახმეტელს ბობოქარ მხატვრად გამოაცხადებს – მსოფლიოში ცნობილი ტრაგედია გახსნა ახლებურად, სულითა და გრძნობით ქართულად აქცია. – დაწერს ფელდმანი.

ახმეტელის გახელებული თეატრალობა, მისი ძლიერი, ენერგიული, მგზნებარე და უკომპრომისო ბუნება ვლინდებოდა გამრეკელის გამაოგნებელ სცენოგრაფიაშიც. ირაკლი გამრეკელმა ბოჰემიის ტყე სიმბოლურად გამოსახა ვეებერთელა, ფესვებგატოტილ, შავი მუხის ხით, რომელიც უცნაურ ურჩხულს წააგავს. უკან ფორთოხლისფერი ფონი… ამ ხის ტოტებზე, ამ ხის ძირას ჩამოსხდარიყვნენ ყაჩაღები…

დღეს, „ყაჩაღების“ ირაკლი გამრეკლისული მაკეტის, ესკიზების მიხედვით ამერიკაში ასწავლიან მომავალ სცენოგრაფებს…

და მაინც რატომ „ინტირანოს“? რატომ დააწინაურა ახმეტელმა მინაწერი? რომელ ტირანებს გულისხმობდა? ფაშისტებს? იმხანად რომ გაიმარჯვეს გერმანიაში? კი მაგრამ ახმეტელი ხომ ჰიტლერს ხშირად მოიხსენიებდა ნიჭიერ, ჭკვიან პერსონად? ისიც ხომ მიაჩნდა რომ ჰიტლერმა ბევრი რამ ბოლშევიკებისგან გადაიღო, განსაკუთრებით იდეოლოგიურ და ორგანიზაციულ დარგში? აკი ეს დახვრეტის წინაც გაიმეორა სუკში? თუ ბოლშევიკებს და ფაშისტებს ამდენი საერთო ჰქონდათ, რა გამოდის? გამოდის ის რომ ის მხოლოდ გერმანელი ტირანების წინააღდეგ კი არა, ბოლშევიკების ტირანიის წინააღდეგაც გამოდიოდა…

შეუძლებელიც იყო რომ მის შემოქმედებით გენიას არ ეგრძნო, რა სისხლიან კოშმარს დაატრიალებდნენ ბოლშევიკები სულ მალე ქვეყანაში….

ფინალი

გენისოსი მალე უნდა აღესრულოს. პირსისხლიანი ბერია გადამწყვეტი იერიშისთვის ემზადება. საბედისწერო აღმოჩნდება ახმეტელის კონფლიქტი ხორავასთან, რომელიც ბაქოში გასტროლებისას მოხდება 1935 წელს.

საღამოს „ლამარაა“ დანიშნული. ხორავა მეგობრებთან წაიქეიფებს. უმალ ამბავს მიუტანენ ახმეტელს. დღეს უკვე ყველაფერი ალუფხულ-დალუფხულია, ტყუილ-მართალში ვერ გაერკვევი, ახლა კი არა, მაშინვე ძნელი იყო გარკვევა. ხორავამ იქეიფა, მაგრამ გაუვარდა კი ხელიდან ხორავა –იჩოს ხელიდან თამარ წულუკიძე – ლამარა?

ზინაიდა რაიხმა, საშუალო ნიჭის არტისტმა, მთელი თეატრი გადაჰკიდა თავის გენიოს ქმარს ვსევოლდ მეიერჰოლდს.

უნიჭიერესმა ალისა კოონენიმ თავისი გაუთავებელი პრეტენზიებით სიცოცხლე გაუმწარა გენიოს ქმარს ალექსანდრე თაიროვს.

არც თამარ წულუკიძემ დააკლო ხელი გენიალურ ახმეტელს. ყოველდღიურად შხამს აწვეთებდა ახმეტელს ხორავას წინააღდეგ…

არადა, თამარ წულუკიძის გარეშე სიცოცხლე ვერც წარმოედგინა ახმეტელს.

გააფთრებით უყვარდა, მკაცრი და თავნება ახმეტელი საოცრად მორჩილი და ნაზი ხდებოდა თამარ წულუკიძესთან, რაც არ უნდა ეთქვა მას, ყველაფერს სიმართლედ მიიჩნევდა…

ალბათ ასე მოხდა მაშინაც, წულიკიძემ საწადელს მიაღწია, ახმეტელი ხორავას წინააღდეგ განაწყო. ახმეტელმა დისციპლინის დარღვევის გამო ხორავა თეატრიდან გაუშვა. ხორავა არ გაახმაურებს ამ ამბავს. იცის თავის ძმადნაფიცის ხასიათი – გაბრაზება გადაუვლის და დამაბრუნებსო. აკი, უთხრა კიდეც სანდრო შანშიაშვილს  ახმეტელმა, ახლა უნდა დაისაჯოს, სხვებმა რომ არ მიბაძონ და მერე აღვადგენო? სანდრო შანშიაშვილმა გააფრთხილა კიდეც ახმეტელი ხომ იცი ზემოთ იმას ჭირივით ეზარები“. ის ბერიაა. იცის ახმეტელმა და ისიც იცის რატომ ეზიზღება ბერიას არ ველაქუცები და იმიტომ…

მაგრამ ახმეტელმა ჯერ არ იცის, როგორ გამოიყენებს ამ წმინდა თეატრალურ კონფლიქტს ბერია. როგორ ვერაგულად ისარგებლებს ამ კონფლიქტით და როგორ მისცემს მას პოლიტიკურ სახეს… არც სხვები დააკებენ ხელს. აასარსარებენ ენებს…

ხორავას გვერდით მეგობრები დაუდგებიან – თუ ხორავას გაუშვებ ჩვენც წავალთო. მარტო ვასაძის წასვლაც სკანდალი იყო. იგი მარტო სახელმოხვეჭილი არტისტი კი არა, რეჟისორიც იყო, სტუდიის ხელმძღვანელიც.

ულტიმატუმს მიყენებთ? ეს როგორ? შეთქმულებას მიწყობთ?! – იკითხავს ახმეტელი და ვასაძეს მარტო მსახიობად დატოვებს, სტუდიის ხელმძღვანელობიდანაც გაათავისუფლებს და სარეჟისორო კოლეგიიდანაც.

ახმეტელი არ გაუშვებს ვასაძეს თეატრიდან, არადა მას უკვე დაწერილი აქვს განცხადება წასვლაზე. ვასაძე ისევ მოითხოვს, თუ ხორავას არ აბრუნებ, მსახიობობიდანაც გამათავისუფლეო. ახმეტელიც ადგება და გაათავისუფლებს..

ბერიამ კი იცის რაც უნდა ქმას, ადგება და ცეკას გადაწყვეტილებით დაავალებს ახმეტელს მათ თეატრში აღდგენას. იცის მტარვალმა რომ ახმეტელს უარესად გააცეცხლებს ცეკას დადგენილებების ენაზე ლაპარაკი შეუპოვარ ახმეტელს. იცის რომ არ დაემორჩილება, რაც შესანიშნავი საბაბი გახდება მის დასასჯელად. ჰოდა, დაავალებს. სანდრო შანშიაშვილი დღიურში ჩაწერს:

ახმეტელი ამ ბრძანებას არ დაემორჩილა და შეუთვალა: თეატრის შინაურ სამქეებში ნუ ერევით. მე უკეთ ვიცი რა უნდა გავაკეთოო. ერთი სიტყვით არ წაუწვა“.

ბერია მიზანთან ახლოსაა, კომისიას უგზავნის თეატრში. კომისიაც იგივეს ავალებს ახმეტელს. ახმეტელი კვლავ უარს ამბობს. ეს მისი ბოლო გაბრძოლებაა. ყველა სხვადასხვას ჩასძახის, ვეღარა გაუგია რა, ვინ მართალია, ვინ მტყუანი, იცის მხოლოდ ერთი – დათმობდა და აღარ იქნებოდა სანდრო ახმეტელი…

1935 წლის 13 სექტემბერს იგი მოხსნეს….

შავბნელი „სუკის“ არქივებში კი ჩაწერენ:

სანდრო ახმეტელის მოხსნას სამუშაოდან საქართველოს საზოგადოებრიობა უდიდესი კმაყოფილებით შეხვდა. განდიდების მანია, უტიფრობა, ხალხისა და ზოგჯერ ხელმძღვანელი ორგანოებისადმი თავხედური დამიკიდებულება, საბჭოთა ხალხისათვის ბშეიფერებელი დიქტატურა აი, ყოველივე რაც 20 წლის განმავლობაში მეფობდა მის თეატრში“…

20 წელი…. 20 წლის წინ ახმეტელი ჯერაც არ იყო საქართველოში დაბრუნებული, თეატრის ხელმზღვანელობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ…

„პარტიის გადაწყვეტილება ფასდება როგორც ნაციონალისტურ-ფაშისტური ტენდენციების ლეგალური გამოვლენებისადმი დარტყმა“ – ამასაც ჩაწერენ სუკის არქივში. სუკმა ისიც იცის რომ ახმეტელი მოსკოვში შეეცდება რევანშის აღებას და სტალინამდე ხმის მიწვდენას.

იგი აპირებს მოსკოვში ჩასვლას და ჩივილს. თუ გავითავლისწინებთ იმას რომ ეს ნაბიჯი მიმართულია ამხანაგ ბერიას წინააღდეგ. (ამას მიიჩნევს გადამწყვეტი დარტყმის ინიციატორად). ყველაფერი ძალზე კონსპირაცვიულად ტარდება, როგორც ჩანს მიღებული უქნება ყოველი ღონე რათა წერილი გადაეცეს ამხანაგ სტალინს. ან უკიდირეს შემთხვევაში შესაფერის სიტუაციაში რამდენიმე სიტყვით შეეწიოს უცოდველ მსხვერპლს“. ამ მიზნით როგორც ჩანს ახმეტელს მოსკოვში მოღვაწე ქართველი ბოლშევბიკების იმედი აქვს, რომნლებიც ბერიასადმი მტრულად არიან განწყობილნი და ბერიას მიერვე არიან მხილებულნი. რასაკვიორველია, შესაძლოა ამ ამხანაგებს შორის ისეთი ვინმე მოიოპოვებოდეს, რომელიც დაზარალებულისდახმარებას შეეცდება“.

ახმეტელს კი ვეღარაფერი უშველის, ბრალდებების ნიაღვარი გადალეკავს ყველაფერს.

1936 წლის 19 ნოემბერს დააპატიმრებენ. დაიწყება წამების 229 დღე.

1937 წლის 28 ივნისს ახმეტელი სიცოცხლის შენარჩუნებას ითხოვს…

განაჩენი გამოუტანეს – დახვრეტა. განაჩენი სისრულეში მოიყვანეს 1937 წლის 29 ივნისს…

მის დაჭრასა და დახვრეტაში ხალხი აკაკი ხორავას და აკაკი ვასაძეს დაადანასაულებს. მიაბამენ რა ყველაფერს ბაქოს კონფლიქტს, თან იმ დაპირისპირების შემდეგ ხომ ხორავა და ვასაძე აღზევდნენ, ახმეტელი კი… დახვრიტეს… მაგრამ ეს ბრალდება სულს გაუწმაებს აკაკი ხორავას, სიკვდილის წინ მოგონებებსაც დაწერს, მისი ბოლო სიტყვები აგონიის ჯამს იქნება : „მოიცა, საშა, მოვდივარ…“

გავა დრო,  გაიხსნება სუკის არქივები, ახმეტელის შემოქმედების მკვლევარი, ახმეტელის რეაბილტაციისთვის თავდაუზოგავად მებრძოლი, თეატრმცოდნე ვასილ კიკნაძე დეტალურად გაეცნობა ახმეტელის საქმის 11 ტომს და გადაჭრით იტყვის რომ არც აკაკი ხორავას და არც აკაკი ვასაძეს ბრალი არ მიუძღვით ახმეტელის დაჭერასა და დახვრეტაში…

კი, სუკმა მართლაც დაკითხა აკაკი ვასაძე, თან სამჯერ, აკაკი ვასაძემ მოინანია კიდეც მენშევიკობა, 1936 წლამდე ჟორდანიას დაბრუნების იმედი მქონდაო, მაგრამ იგი სუკში პირველად 1937 წლის 4 მასისის დაკითხეს, როცა ახმეტელი უკვე დაჭერილი იყო და მისი ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილი….

ვასაძის დაკითხვებს აღაფარის შეცვლა აღარ შეეძლოთ ახმეტელის ბედში.

ვასილ კიკნაძის მტკიცებით, ბაქოს კონფლიქტი რომც არ მომხდარიყო,

ახმეტელს მაინც დაიჭერდნენ და დახვრეტდნენ კიდეც. მაგრამ შესაძლოა სწორედ ბაქოს კონფლიქტმა იხსნა ხორავა და ვასაძე ახმეტელის ბედისგან. (ბერია ხომ 1930 წელს შედგენილ დოკუმენტში ხორავასა და ვასაძესაც ამზადებდა დასახვრეტად), ვინც მაშინ ახმეტელის მხარე დაიჭირა ყველა საბრალდებო სკამზე აღმოჩნდა, და თითქმის ყველა გადარჩა, ვინც ახმეტელის მხარე არ დაიჭირა… „იქნებ სული მიჰიყდეს ბერიას, იქნებ არც მიჰყიდეს და რეზერვისტებად შემოინახეს, იქნებ მათი დაშინება იკმარეს დასათრგუნად“ – იკითახვს ვასილ კიკნაძე მათზე ვინც მაშინ სიკვდილს გადაურჩა…

ჩაესვენება ბერიას მზეც, სტალინის მზეც. დაიწყება 37-ში დახვრეტილთა რეაბილიტაციის პროცესი, ახმეტელის ძველი მტრები კი კვლავ გააფთრებით გააგრძელებენ მკვდარი ახმეტელის წინააღდეგ ბრძოლას. განსაკუთრებით ისინი, ვისაც თავის დროზე კონფლიქტი ჰქონდათ დიდ რეჟისორთან. ადრე ცოცხალი გენისოსს ებრძოდნენ და ახლა არ უნდათ გარდაცვლილის გრანდიოზული სახელის ჩრდილქვეშ აღმოჩენა. ისტორია მაინც თავისას იტყვის. ახმეტელი დაბრუნდება. გაწი-გაწევს ყველას და დადგება თავის ადგილას.

მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლამდე მაინც არ მოხდება მისი პოლიტიკური რეაბილიტაცია. ამ დროსაც დაელოდება ახმეტელი და ჩვენი გადასახედიდან უკეთ გამოჩნდება ბევრი რამ – როგორ მოკლეს და ვერც მოკლეს გენიოსი, ვინც ჯიქურად, შეუპოვრად ქმნიდა ქართულ, ეროვნულ თეატრს რუსეთისგან ოკუპირებულ, ბოლშევიკების ტოტალიტარიზმის ზეობის ხანაში.

როგორ მოიტანა მან ეს თეატრი და როგორ ჩაიყოლა თან უცნობ სამარეში.

ეროვნული, გრირულ-რომანტიკული თეატრი, თეატრი რომელიც უახმეტელოდ ნელ-ნელა იმად იქცა რასაც ჯერ კიდევ ჭაბუკობისას ებრძოდა ახმეტელი _ თეატრი ცრუკლასიკური ინტონაციის, თეატრი ფსევდორომატიკული…

მეოცე საუკუნის 20 საუკეთესო ქართული სპექტაკლი

მეოცეს ოცეული

რეზო შატაკიშვილის პროექტი “პრაიმტაიმში”

„პრაიმტაიმი“ მკითხველს ახალ პროქეტს სთავაზობს – „მეოცეს ოცეული“, რომლის მიზანიცაა მეოცე საუკუნის ოცი საუკეთესო ქართული სპექტაკლის – ასე ვთქვათ საუკუნის სპექტაკლების გამოვლენა და მკითხველისთვის იმის შეხსენება, თუ როგორ იქმნებოდა  ეს შედევრები.

„პრაიმტაიმმა“ ამ ოცეულის გამოვლენა კომპეტენტურ პირებს – თეატრმცოდნეებს, კრიტიკოსებს მიანდო და ამ მიზნით გამოიკითხა 20 პირი, როგორც ღვაწლმოსილი და აღიარებული პროფესიონალები, ისე ახალგაზრდა თეატრმცოდნეები.

ვთხოვეთ თავად დაესახელებინათ მეოცე საუკუნეში, ქართულ თეატრში დადგმული ის 20 სპექტაკლი, რომელსაც ისინი მიიჩნევდნენ საუკეთესოდ – საუკუნის სპექტაკლებად. შეფასების კრიტერიუმიც მათვე მივანდეთ – თითოეულს ეს სპექტაკლები უნდა დაესახელებინათ იმ კრიტერიუმების დაცვით, რომლითაც ისინი საერთოდ ხელმძღვანელობენ სპექტაკლების შეფასებისას.

მათ უნდა დაესახელებინათ როგორც ის სპექტაკლები, რომელიც მათ უშუალოდ ნანახი აქვთ სცენაზე, ასევე ის სპექტაკლები რომლებსაც იცნობდნენ აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით, იმ დროინდელი რეცენზიებით და ამ სპეტქკლებზე არსებული ყველანაირი საარქივი მასალით.

გამოკითხვის მონაწილეებს სპექტაკლების ჩამონათვალის შედგენისას არ უნდა ეხელმძღვანელათ ქრონოლოგიური პრინციპით, ჩამონათვალი რეიტინგული უნდა ყოფილიყო.

მათ მიერ პირველ პოზიციაზე დასახელებულ სპექტაკლს დაეწერებოდა 20 ქულა, მეორე პოზიციაზე დაწერილს – 19, მესამეზე – 18, მეოთხეზე – 17 დ ასე შემდეგ ბოლომდე – მეოცე პოზიციაზე დაწერილს – ერთი ქულა. შემდეგ ოცივე გამოკითხულის მიერ მინიჭებული ქულები დაჯამდებოდა და დაგროვილი ქულების შესაბამისად გამოვლინდებოდა საუკეთესო ოცეული.

მეტი ობიექტურობისთვის, გამოკითხულებს განემარტათ რომ მათი შედგენილი ჩამონათვალი დეტალურად არ გაიშიფრებოდა – ანუ არ გამოქვეყნდებოდა ვინ რა სპექტაკლები მიიჩნია საუკუნის სპექტაკლებად და რა ადგილები (და შესაბამისად ქულები) მიანიჭა მათ რეიტინგულ ჩამონათვალში.

გამოკითხვაში მონაწილეობდნენ

გამოკითხვაში მონაწილეობდნენ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები:

ნათელა ურუშაძე, ნოდარ გურაბანიძე, ნათელა არველაძე, დალი მუმლაძე, ლევან ხეთაგური, ირინა ღოღობერიძე, თამარ ბოკუჩავა, ლელა ოჩიაური, მარინე ხარატიშვილი, გიორგი ცქტიშვილი, მანანა გეგეჭკორი. ნინო მაჭავარიანი.

დოქტორანტები:

ლაშა ჩხარტიშვილი, თამარ მუქერია, მარიამ ჩუბინიძე.

ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრები:

თამარ კიკნაველიძე, ნიკა წულუკიძე, ანანო მირიანაშვილი.

ჟურანალ „თეატრი და ცხოვრების“  მთავარი რედაქტორი გურამ ბათიაშვილი, არტ-კრიტიკოსი დავით ბუხრიკიძე.

შედეგები

გამოკითულებმა დაასახელეს 27 სხვადასხვა რეჟისორის 81 სპექტაკლი, ამ 81 სპექტაკლიდან 42 რუსთაველის თეატრშია დადგმული, 23 – მარჯანიშვილის თეატრში, 7 – კინომსახიობთა თეატრში, 3 – რუსთავის თეატრში, 2 – მოზარდმაყურებელთა თეატრში, 2 – თეატრალურ სარდაფში, 1 – სოხუმის და 1 – ბათუმის თეატრში.

ამ 81 სპექტაკლიდან 11 სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი რობერტ სტურუაა, 10 სპექტაკლის – თემურ ჩხეიძე, ამ სპექტაკლების გარდა, დასახელებულ სპექტაკლებში შევიდა მათი ერთობლივი დადგმა „სამანიშვილის დედინაცვალი“.

ამ 81 სპექტაკლიდან 9 მიხეილ თუმანიშვილის დადგმულია, 6 სანდრო ახმეტელის, 5 – კოტე მარჯანიშვილის, ჩამონათვალშია მარჯანიშვილისა და ახმეტელის ორი ერთობლივი დადგმაც („ჰამლეტი“, „მზეთამზე“).

დასახელებულ სპექტკლებშია გიგა ლორთქიფანიძის 6 სპექტაკლი, დიმიტრი ალექსიძის 6 სპექტაკლი, არჩილ ჩხარტიშვილის 3 სპექტაკლი, ვასო ყუშიტაშვილის, ვახტანგ ტაბლიაშვილის, შალვა გაწერელიას, მედეა კუჭუხიძის ორ-ორი სპექტაკლი, ასევე გიზო ჟორდანიას, გოგი ქავთარაძის, გოგი მარგველაშვილის, აკაკი ვასაძის, ნუგზარ ლორთქიფანიძის, შოთა აღსაბვაძის, შალვა ღამბაშიძის, ვასო გოძიაშვილის, ბორის გამრეკელის, აკაკი დვალიშვილის, ნანა ხატისკაცის, ლევან წულაძის, დავით ანდღულაძის, ავთო ვარსიმაშვილისა და დავით დოიაშვილის თითო სპექტაკლი.

რეკორდსმენი რეჟისორები

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, სტურუა ლიდერობს როგორც დასახელებული სპექტაკლების რიცხვით (11), ისე ამ სპექტაკლების მიერ დაგროვებული ქულების ჯამით, მისმა 11 სპექტაკლმა 1 112 ქულა დააგროვა, მეორე პოზიციაზეა მიხეილ თუმანიშვილი, მისმა 9 სპექტაკლმა 896 ქულა დააგროვა. მესამე ადგილზე სანდრო ახმეტელია, ახმეტელის 6 სპექტაკლმა 512 ქულა დააგროვა. მეოთხე ადგილზე თემურ ჩხეიძეა, ჩხეიძის 10 სპექტაკლმა 509 ქულა დააგროვა. მეხუთე ადგილზე კოტე მარჯანიშვილია, მარჯანიშვილის 5 სპეექტაკლმა 460 ქულა დააგროვა. აქვე უნდა აღვნიშნოთ რომ დასახელებულ შედეგებში არ შედის როგორც ჩხეიძე-სტურუას, ისე მარჯანიშვილი-ახმეტელის ერთობლივი დადგმების ქულები.

ამ ხუთეულის შემდეგ, დაგროვებულ ქულათა რაოდენობა მკვეთრად ეცემა, ასე მაგალითად, დიმიტრი ალექსიძის 6 სპექტაკლმა დააგროვა 113 ქულა, მკვეთრი ვარდნაა შემდეგაც _ გიგა ლორთქიფანიძის 6 სპექტაკლმა ჯამში 42 ქულა მიიღო, არჩილ ჩხარტიშვილის სპექტაკლებმა 40, მედეა კუჭუხიძისამ – 33, შოთა აღსაბაძის სპექტაკლმა 30, შალვა გაწერელიას სპექტაკლებმა – 29, აკაკი ვასაძემ – 21, ვასო ყუშიტაშვილმა – 19, შალვა ღამბაშიძემ – 15, ბორის გამრეკელმა – 14, გიზო ჟორდანიამ – 13, ვახტანგ ტაბლიაშვილმა – 13, ნუგზარ ლორთქიფანიძემ – 10, ვასო გოძიაშვილმა – 7, გოგი მარგველაშვილმა – 6, ლევან წულაძემ – 5, ავთო ვარსიმაშვილმა – 4, აკაკი დვალიშვილმა – 4, დავით დოიაშვილმა – 3, გოგი ქავთარაძემ – 2, ნანა ხატისკაცმა – 1, დავით ანდღულაძემ – 1.

გამარჯვებული ოცეული

დაგროვილი ქულების მიხედვით გამოვლენილ 20 საუკეთესო სპექტაკლიდან 15 სპექტაკლი რუსთაველის თეატრშია დადგმული, 3 – მარჯანიშვილის თეატრში, 2 – კინომსახიობთა თეატრში.

20 საუკეთესო ქართული სპექტაკლიდან 11-ს საფუძვლად უცხოური დრამატურგია უდევს, კიდევ 2 უცხოურიდანაა გადმოქართულებული, 4 სპექტაკლი ქართული დრამატურგიის მიხედვითაა შექმნილი, 3 – ქართული პროზისდ მიხედვით…

მეოცე საუკუნის ოც საუკეთესო სპექტაკლში მოხვდა რობერტ სტურუას ხუთი სპექტაკლი, მიხეილ თუმანიშვილის 5 სპექტაკლი, სანდრო ახმეტელის 3 სპექტაკლი, თემურ ჩხეიძის სამი სპექტაკლი, კოტე მარჯანიშვილის 2 სპექტაკლი, ასევე დიმიტრი ალექსიძის ერთი სპექტაკლი და ჩხეიძე-სტურუას ერთობლივი სპექტაკლი („სამანიშვილის დედინაცვალი“).

ოცეულს „კავკასიური ცარცის წრით“ ხსნის და „სეილემის პროცესით“ ხურავს რობერტ სტურუა.

აღსანიშნავია რომ გამარჯვებული 20 სპექტაკლიდან ყველაზე „ახალგაზრდა“ რობერტ სტურუას მიერ 1987 წელს დადგმული „მეფე ლირია“. გამოიკითხვამ გამოკვეთა ის ტენდენცია რაც საუკუნის ბოლოს სუფევდა ქართულ თეატრში – კრიზისი… თუმცა, აქვე, მკითხველი რომ შეცდომაში არ შევიდეს, უნდა განმარტოთ რომ გამოკითხვა ეხება მხოლოდ მეოცე საუკუნეს, და შესაბამისად აქ არ იგულისხმება 2001 და შემდგომ, ანუ ბოლო ათ წელიწადში დადგმული სპექტაკლები…

ცხადია, ამ გამოკითხვის შედეგებს გამოუჩნდებიან ოპონენტები, მიიჩნევენ მიკერძოებულად, სუბიექტურად, ვიტყვით მხოლოდ იმას რომ ეს შედეგები აჩვენა 20 პროფესიონალის გამოკითხვამ, თითოეული მათგანი ცალ-ცალკე რაც უნდა მიკერძოებული ყოფილიყო, ოცივეს აზრი ერთად უკვე შეიცავს ობიექტურობის საკმაო დოზას, ამასთან – ეს მხოლოდ ერთი კონკრეტული გამოცემის „პრაიმტამის“ დადებული ოცეულია…

ოცეული…

1. “კავკასიური ცარცის წრე”

ბერტოლტ ბრეჰტი. რეჟისორი რობერტ სტურუა. რუსთაველის თეატრი. 1975 წელი.  მიიღო 310 ქულა. დაასახელა 20-ვე გამოკითხულმა, მათგან 7-მა პირველ პოზიციაზე.

2. “ურიელ აკოსტა”

კარლ გუცკოვი. რეჟისორი – კოტე მარჯანიშვილი, მარჯანიშვილის თეატრი. მიიღო 291 ქულა. დაასახელა 18-მა გამოკითხულმა, მათგან 5-მა პირველ პოზიციაზე.

3. “ყაჩაღები” (“ინ ტირანოს”)

ფრიდრიხ შილერი. რეჟისორი სანდრო ახმეტელი. რუსთაველის თეატრი. 1933 წელი. მიიღო 282 ქულა. დაასახელა 19-მა გამოკითხულმა.

4.”ყვარყვარე”

პოლიკარპე კაკაბაძე. რეჟისორი რობერტ სტურუა. რუსთაველის თეატრი. 1974 წელი. მიიღო 271 ქულა. დაასახელა ოცივე გამოკითხულმა. მათგან ერთმა პირველ პოზიციაზე.

5. “რიჩარდ მესამე”

უილიამ შექსპირი. რეჟისორი რობერტ სტურუა. რუსთაველის თეატრი. 1979 წელი. მიიღო 262 ქულა. დაასახელა 18-მა გამოკითხულმა. მათგან 2-მა პირველ პოზიციაზე.

6. “ანტიგონე”

ჟან ანუი. რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი. რუსთაველის თეატრი, მცირე სცენა. 1968 წ. მიიღო 239 ქულა. დაასახელა ოცივე გამოკითხულმა. მათგან ერთმა პირველ პოზიციაზე.

7.”ჭინჭრაქა”

გ. ნახუცრიშვილი. რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი. რუსთაველის თეატრი. მცირე სცენა. 1963 წელი. მიიღო 193 ქულა. დაასახელა – 15-მა გამოკითხულმა.

8. “ლამარა”

გრიგოლ რობაქიძე. რეჟისორი სანდრო ახმეტელი. რუსთაველის თეატრი. 1930 წ. მიიღო 172 ქულა. დაასახელა 11-მა გამოკითხულმა.

9. “გუშინდელნი”

შალვა დადიანი. რეჟისორი თემურ ჩხეიძე. რუსთაველის თეატრი. 1972 წელი. მიიღო 164 ქულა. დაასახელა 16-მა გამოკითხულმა.

10. “ჯაყოს ხიზნები”

მიხეილ ჯავახიშვილი. რეჟისორი თემურ ჩხეიძე. მარჯანიშვილის თეატრი. 1984 წელი. მიიღო 156 ქულა. დაასახელა 16-მა გამოკითხულმა. მათგან ერთმა პირველ პოზიციაზე.

11. “სამანიშვილის დედინაცვალი”

დავით კლდიაშვილი. რეჟისორები თემურ ჩხეიძე, რობერტ სტურუა. რუსთაველის თეატრი. მცირე სცენა. 1969 წელი. მიიღო 144 ქულა. დაასახელა 15-მა გამოკითხულმა.

20. “ცხვრის წყარო” (“ფუენტე ოვეხუნა”)

ლოპე დე ვეგა. რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი. რუსთაველის თეატრი. 1922 წელი. მიიღო 142 ქულა. დაასახელა ათმა გამოკითხულმა, მათგან სამმა პირველ პოზიციაზე.

13. “ჩვენი პატარა ქალაქი”

თ. უაილდერი, (გადმოქართულებული რეზო გაბრიაძის მიერ). რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი. თუმანიშვილის თეატრი. 1983 წელი. მიიღო 133 ქულა, დაასახელა 17-მა გამოკითხულმა.

14. “მეფე ლირი”

უილიამ შექსპირი. რეჟისორი რობერტ სტურუა. რუსთაველის თეატრი. 1987 წელი. მიიღო 104 ქულა. დაასახელა 11-მა გამოკითხულმა.

15. “დონ ჟუანი”

ჟან ბატისტ მოლიერი. რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი. თუმანიშვილის თეატრი. 1981 წელი. მიიღო 96 ქულა. დაასახელა 10-მა გამოკითხულმა.

16. “ესპანელი მღვდელი”

ჯ. ფლეტჩერი. რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი. რუსთაველის თეატრი. 1954 წელი. მიიღო 93 ქულა. დაასახელა 9 გამოკითხულმა.

17. “ანზორი”

სანდრო შანშიაშვილი, (ვს. ივანოვის მიხედვით), რეჟისორი სანდრო ახმეტელი. რუსთაველის თეატრი, 1928 წელი. მიიღო 76 ქულა, დაასახელა 5-მა გამოკითხულმა.

18. “ოიდიპოს მეფე”

სოფოკლე. რეჟისორი დიმიტრი ალექსიძე. რუსთაველის თეატრი. 1956 წელი. მიიღო 71 ქულა, დაასახელა 10-მა გამოკითხულმა.

19. “ჰაკი აძბა”

ლეო ქიაჩელი. რეჟისორი თემურ ჩხეიძე. მარჯანიშვილის თეატრი. მიიღო 69 ქულა. დაასახელა 8 გამოკითხულმა.

20. “სეილემის პროცესი”

რტურ მილერი. რეჟისორი რობერტ სტურუა. რუსთაველის თეატრი. 1965 წელი. მიიღო 53 ქულა. დაასახელა 5-მა გამოკითხულმა.

ოცეულს მიღმა

21. „როცა ასეთი სიყვარულია“ (რეჟ: მ. თუმანიშვილი, 49 ქულა);

22. „ბაკულას ღორები“ (მ.თუმანიშვილი, 48 ქულა);

23. „არტ-ხელოვნება“ (თ. ჩხეიძე, 39 ქულა);

24. „მაკბეტი“ (რ. სტურუა, 38 ქ.);

25. „ხანუმა“ (რ.სტურუა, 37 ქ.);

26. „მამა“ (თ. ჩხეიძე 33.);

27. „ბერდო ზმანია“ (ს. ახმეტელი, 33 ქ.);

28. „ოტელო“ (შ.აღსაბაძე, 30 ქ.);

29. „ჰამლეტი“ (კ. მარჯანიშვილი, 29 ქ.);

30. „ზაფხულის ღამის სიზმარი“ (მ. თუმანიშვილი, კინომსახიობთა თეატრში. 28 ქ. );

31. „თეთნულდი“ (ს. ახმეტელი, 27 ქ.);

32. „რღვევა“ (ს. ახმეტელი 22 ქ);

33. „მარადი ქმარი“ (თ. ჩხეიძე, 21 ქ).

34. „დიდი ხელმწიფე“ (ა. ვასაძე, 21 ქ);

35. „ირინეს ბედნიერება“ (შ. გაწერელია, 19 ქ.);

17 ქულა დააგროვეს: „პროვინციული ამბავი“ (მ. კუჭუხიძე );

„ადამიანებო, იყავით ფხიზლად“ (მ. თუმანიშვილი);

16 ქულა: „შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე“ (მ. კუჭუხიძე). „ბერნარდა ალბას სახლი“ (თ. ჩხეიძე); „კახაბერის ხმალი“ (გ. ლორთქიფანიძე);

15 ქულა: „ბახტრიონი“ (დ. ალექსიძე); „კოლმეურნის ქორწინება“ (შ. ღამბაშიძე);

14 ქულა: „ლამარა“ (რ.სტურუა); „მედეა“ (ა. ჩახარტიშვილი); „მარგარიტა გოტიე“ (ბ. გამრეკელი); „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ“ (კ. მარჯანიშვილი);

13 ქულა: „ჰამლეტი“ (გ. ჟორდანია); „ქალი გველი“ (რ. სტურუა); „ოიდიპოს მეფე“ (ა. ჩხარტიშვილი); „მოკვეთილი“ (ა. ჩხარტიშვილი); „ფიროსმანი“ (გ. ლორთქიფანიძე);

12 ქულა: „სამგროშიანი ოპერა“ (დ. ალექსიძე); „კაცია ადამიანი“ (ვ. ყუშიტაშვილი);

10 ქულა: „შპიგელმანი“ (კ. მარჯანიშვილი); „ანტიგონე“ (თ. ჩხეიძე);  „წუთისოფელი“ (ნ. ლორთქიფანიძე); „ქამუშაძის გაჭირვება“ (შ. გაწერელია);

10 ქულაზე ნაკლები მიიღეს: „სასტუმროს დიასახლისი“ (დ. ალექსიძე),  „ამჰერსტის მშვენება“ (რ. სტურუა). „მზეთამზე“ (მარჯანიშვილი-ახმეტელი),  „ანტონიოს და კლეოპატრა“ (ვ. ტაბლიაშვილი), „ძველი ვოდევილები“ (ვ. გოძიაშვილი), „მარიამ სტიუარტი“ (ვ. ყუშიტაშვილი), „საპატარძლო აფიშით“. (დ. ალექსიძე), „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (გ. ლორთქიფანიძე), „სოლომონ ისაკიჩ მეჯრანუაშვილი“ (ვ. ტაბლიაშვილი), „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“  (გ. მარგველაშვილი), „ასი წლის შემდეგ“ (გ. ლორთქიფანიძე), „ფაუსტი“ (ლ. წულაძე), „ჩვენებურები“ (ა. დვალიშვილი), „სიკვდილის როკვა“ (ა. ვარსიმაშვილი), „მზის დაბნელება საქართველოში“ (კ. მარჯანიშვილი),  „ცხოვრება იდიოტისა“ (დ. დოიაშვილი), „დიდოსტატის მარჯვენა“ (გ. ქავთარაძე),

„მოჩვენებანი“ (თ. ჩხეიძე), „სიბრძნე სიცრუისა“ (ნ. ხატისკაცი), „იაკობის სახარება“ (რ. სტურუა), „მეტეხის ჩრდილში“ (გ. ლორთქიფანიძე), „გრაალის მცველნი“ (დ. ანდღულაძე), „სირანო დე ბერჟერაკი“ (გ.ლორთქიფანიძე), „ჩემო კალამო“ (გ. საღარაძე, თ. ჩხეიძე)…


პ.ს. გამოკითხვის შედეგად გამოვლენილ 20 საუკეთესო ქართულ სპექტაკლზე ვრცლად გიამბობთ “მეოცეს ოცეულში” – თითოეულ სპექტაკლზე ცალ–ცალკე…

რეზო შატაკიშვილი დიდ სესილია თაყაიშვილზე

მოდი და წავიდეს ხელოვნება იმის ზევით, რასაც სესილია თაყაიშვილმა მიაღწია ოლღა ბებიას სახის შექმნით

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა “პრაიმტაიმში”).

თავის დროზე ილია ჭავჭავაძე ნატო გაბუნიაზე წერდა: ამის ზევით ხელოვნება ვერ წავაო. მოდი და წავიდეს ხელოვნება იმის ზევით, რასაც სესილია თაყაიშვილმა მიაღწია ოლღა ბებიას სახის შექმნით.
სესილია თაყაიშვილი – ყველას ბებია ოლღა, ასინეთა, მარადია, მოხუცი ბუღალტერი. ყველას, ვისაც ნახევარი საუკუნისთვის არ გადაგვიბიჯებია, ის მხოლოდ კინოდან გვახსოვს, რადგან სცენა მან თითქმის ნახევარი საუკუნის წინათ მიატოვა – მაშინ, როცა დიდების ზენიტში იყო.

მეოცე საუკუნის დასაწყისის ბათუმი. თაყაიშვილების ოჯახი. სტუმრები ბლომად. ლეგენდარული ექვთიმე თაყაიშვილიდან – სოფლელ ნათესავებამდე. მათი გამოჩენა და თაყაიშვილების ანცი გოგონა სესილია – ისუსება. აკვირდება სტუმრებს. მათ  მზერას, სახეებს, მიმიკას, ჟესტებს, დაკოჟრილ ხელებს, ღიმილს… სტუმრები მიდიან და იწყება თეატრი სარკესთან. ხან ერთ სტუმარს განასახიერებს, ხან – მეორეს. მაყურებლის წინაშე 7 წლის ასაკში წარდგება – შინაური წარმოდგენა, როლი? – ყვავილის. სარკის წინ დაოსტატებული სესილია საშინლად ღელავს. კარგავს მადას. თავს ანებებს თამაშსა და გართობას. თვალსაც არ მოხუჭავს სპექტაკლის წინაღამეს. იმდენად აგზნებულია, რომ დასახმარებლად ექიმს უხმობენ… მალე კი სესილია უკვე ნამდვილ სცენაზე დგება. ბათუმის თეატრში ჰაუპტმანის “ჰანელე” იდგმება, სესილია სხვა ექვს ბავშვთან ერთად ანგელოზს თამაშობს. დავალება თან მარტივი, თან რთული – ბავშვები გაუნძრევლად უნდა იდგნენ ჰანელეს მინის კუბოსთან.
ფარდა გაიხსნა და ძლივს შეკოწიწებული დეკორაცია სესილიასთვის ზღაპრულ სამყაროდ იქცა. დასრულდა სპექტაკლი, იყო ტაში, ყვავილები… დარბაზი დაცარიელდა, სესილია კი ისევ ანგელოზის ქანდაკებასავით გაუნძრევლად დგას სცენაზე…
სესილია 8 წლისაა. ოჯახი თბილისში გადმოდის საცხოვრებლად. თეატრი. სპექტაკლი “ღალატი” – შთაბეჭდილება გრანდიოზული და ამიერიდან თეატრისთვის ღალატი წარმოუდგენელია სესილიასთვის. 16 წლისა ფაღავას სტუდიაში ჩააბარებს. ამ სტუდიას ცოტა მოგვიანებით სტუმრად სტანისლავსკი ეწვევა – სამხატვრო თეატრი თბილისშია საგასტროლოდ. სტუდიელები სტანისლავსკის აწონებენ თავს – უკითხავენ ლექსებს, იგავ-არაკებს, უჩვენებენ პანტომიმებს. სტანისლავსკის ყველაზე მეტად ის პანტომიმა მოეწონება, სადაც სესილია შინაბერას ასახიერებს. თავისთან მიიხმობს, შეაქებს, თავზე ხელს გადაუსვამს… თუმცა, სესილია არასოდეს არ ჩათვლის თავს სტანისლავსკის სისტემის მიმდევრად. მას ერთის სწამდა – კოტე მარჯანიშვილის. მოგვიანებით, სწორედ ამიტომაც მიატოვებს რუსთაველის თეატრს და სანდრო ახმეტელს. სხვა არტისტებისგან განსხვავებით, მას არც კონფლიქტი ჰქონია ახმეტელთან, არც მის დაღუპვაში გასვრილა და არც სიკვდილის შემდეგ ულანძღია. სიცოცხლის ბოლომდე, პედაგოგებად მარჯანიშვილსა და ახმეტელს მიიჩნევდა, მაგრამ მაინც წავიდა ახმეტელისგან. წავიდა იმიტომ, რომ მისთვის, როგორც არტისტისთვის, მარჯანიშვილის ესთეტიკა უფრო ახლობელი იყო, ვიდრე ახმეტელის გმირულ-რომანტიკული სულისკვეთება და დაუოკებელი ლტოლვა მონუმენტურისკენ. მარჯანიშვილთან ის სხვა რამის გამოც წავიდა. წავიდა იმიტომ, რომ მარჯანიშვილთან წავიდა მისი მეუღლე ვასო გოძიაშვილი. ისინი ჯერ სცენაზე იყვნენ ცოლ-ქმარი. ჯერ კიდევ სტუდიაში. გორგო ფულდის “ვირის ჩრდილში” ვასო გოძიაშვილი მევირეს თამაშობდა, სესილია – მის ცოლს. მერე ცხოვრებაშიც მისი ცოლი გახდა, მაგრამ მალევე დაშორდნენ. სესილიამ მარტო გაზარდა ბიჭი. აღარ გათხოვილა. იმ დიდი სიყვარულის ერთგული დარჩა. თბილისში ფეხს აიდგამს ლეგენდები სესილიას პატიოსნებასა და ზნეობრივ სისპეტაკეზე.

სესილია თაყაიშვილი, დათო გოძიაშვილი, ვასო გოძიაშვილი

სესილია თაყაიშვილი, დათო გოძიაშვილი, ვასო გოძიაშვილი

თუმცა, იგი არც ციციკორედ მოევლინება ვინმეს, არც პურიტანად. მეტიც, დღემდე იხსენებენ, თუ როგორ იხილავდნენ თეატრში ერთი ბოჰემური ცხოვრების მქონე უკიდურესად ნიჭიერი მსახიობი ქალის თეატრიდან გაშვების საკითხს და იმასაც, რაც მაშინ თქვა სესილიამ – თეატრში უნიჭო “მასეთების” (ბოზების) მეტი რაა, მაინცდამაინც ნიჭიერი რომ არ გააგდოთო?! გაგდებას რაც შეეხება, თვითონ სესილია ერთხელ მარჯანიშვილმა რეპეტიციიდან გააგდო – “უნიჭო-უნიჭოს” ძახილით. სესილია ვერ გუობდა მაგიდასთან მუშაობას, თავს შებოჭილად გრძნობდა. აი, სცენაზე ასვლის შემდეგ კი… მას სხვადქცევის სხვა გზა ჰქონდა. გმირი გარედან უნდა დაენახა – როგორ დადიოდა, როგორ საუბრობდა. ხელი ჩაევლო მისი ხასიათის არტერიისთვის და ჩაებერა სული. შთამბეჭდავი და დაუვიწყარი სახე შეექმნა. როლები ძირითადად ეპიზოდური ჰქონდა, თან უმეტესად წყალწყალა პიესებში, მაგრამ რა? მაყურებელთან ხომ არ დაიწყებდა წუწუნს დრამატურგის უნიჭობაზე, ან რეჟისორზე, ეს როლი რომ მისცა? ამიტომაც მთელი გატაცებით ქმნიდა სხვადასხვა სახეებს და მისი “პაიკი” როლები იმ “პაიკად” გვევლინებოდნენ – ლაზიერი რომ ხდება მაყურებლის წინ.

ძიძა შექსპირის "რომეო და ჯულიეტაში"

ძიძა შექსპირის "რომეო და ჯულიეტაში"

ბახუ მესუდუ "შამილი"

ბახუ მესუდუ "შამილი"

აი, წუწუნით კი ამბობენ, რომ ძალიან ბევრს წუწუნებდა, იმდენად ბევრს, რომ სხვა მსახიობებს ხან საერთოდ უკარგავდა მუშაობის ყოველგვარ ხალისს. წუწუნებდა როლის მიცემისას, ცდილობდა “როლიდან დათესვას” – ითხოვდა შეცვლას, მინიმუმ დუბლიორის დანიშვნას მაინც. მერე წუწუნებდა რეპეტიციებზე, ამუნათებდა დრამატურგს, ვიშვიშებდა, რომ როლი არ გამოსდიოდა… ბოლოს კი სცენაზე სასწაულებს ახდენდა…
ცხოვრებაშიც უყვარდა წუწუნი, სულ უძილობაზე წუწუნებდა – გემრიელად გამოძინებულიც კი. უყვარდა ტელეფონზე ჭუკჭუკი, მაგალითად, კაკო კვანტალიანთან.
სესილია წუწუნებდა, მაგრამ განა არ ჰქონდა საწუწუნო? მისი ნათამაშევი როლების ჩამონათვალს რომ თვალი გადაავლო, გული მოგიკვდება, თუ რა ხარახურა დრამატურგების სქემატურ როლებს ალევდა უდიდეს ტალანტს… წუწუნა იყო, მაგრამ რატომღაც არ უწუწუნია, როცა გიგა ლორთქიფანიძემ ოლღა ბებიას როლი მისცა, არც მაშინ, როცა ვასო ყუშიტაშვილმა დედოფალი ელისაბედი ათამაშა შილერის “მარიამ სტიუარტში”.

ელისაბედ ტიუდორი "მარიამ სტიუარტი"

ელისაბედ ტიუდორი "მარიამ სტიუარტი"

“მარიამ სტიუარტში” სცენაზე ქართული სცენის ორი დედოფალი იდგა – ვერიკო და სესილია. სწორუპოვარ კაბიან ჩაპლინად აღიარებულმა სესილიამ კიდევ ერთხელ და საბოლოოდ დაამტკიცა, რომ ის ასევე სწორუპოვარი იყო, როგორც ტრაგიკოსი. ვიზუალურადაც საოცრად გავდა სესილია ელისაბედ ტიუდორს. სესილიას ფოტოდან ინგლისის ძლევამოსილი დედოფალი გვიყურებს მკაცრად. ისევ ფოტოები გვიამბობს, რომ სესილია ადრეული ახალგაზრდობიდან გარდასახვის დიდოსტატი იყო. სრულიად ახალგაზრდა თამაშობდა ხნიერ ქალებს, 26 წლისამ ითამაშა ცხოვრებისგან გაუბედურებული მოხუცი ქალი ამალია კარლოვნა ა. აფინოგენოვის “შიშში”, 29 წლისამ – შამილის მოხუცი დედა, 31 წლისამ – პარასკევა (შ. დადიანის “ნაპერწკლიდან”). 42 წლისამ ჯულიეტას მოხუცი ძიძა.
ამ გარდასახვის სასწაულს, დიდ ტალანტთან ერთად, იგი კიდევ ერთი დიდი ტალანტით ახერხებდა – უბადლო გრიმით. რითაც ყოველთვის აცვიფრებდა ვერიკო ანჯაფარიძესაც კი. გრიმის საიდუმლოს რომ ჩასწვდომოდა, სესილია ახალგაზრდობაში “ასინეთობასაც” არ თაკილობდა, როცა საგასტროლოდ ჩამოსული რომელიმე სახელგანთქმული მსახიობის გრიმი ააღელვებდა, მასთან საგრიმიოროში მატაჰარივით იპარებოდა და თვალს ადევნებდა ამ პროცესს.

ის მოხუცების თამაშის დიდოსტატი იყო და ამ ფონზე რაღა გასაკვირია ის, რომ ოლღა ბებია 54 წლისამ ითამაშა თეატრში, 56 წლისამ კი – კინოში. ზურიკელას ბებიობამდე კი მანანას ბებია იყო “მანანაში” – 52 წლის ასაკში. 70-ს იყო გადაცილებული, კინომწვერვალებს რომ მიაღწია. მისი ბოლო როლი მოხუცი ბუღალტერია “ცისფერ მთებში”. სასწაულს 77 წლის სესილია ახდენს – ეკრანზე სულ რამოდენიმე გაელვებით, რამდენიმე ფრაზით და ერთი ნაწნავით…
ფილმის გადაღებიდან ერთი წლის შემდეგ სესილია გარდაიცვალა, გარდაცვალებამდე იწერება სადა და უკიდურესად ამაღელვებელი ანდერძი:
“ვგრძნობ, ძალიან ცუდად ვარ, არ მცილდება ნახველში სისხლი. უსაშველო ხველა, ვიხრჩვები. რა კარგია, კაცი რომ დიდი სიცხით არის ავად, გრძნობა ეკარგება და კვდება. რა ცუდია, ყველაფერი გტკივა, დადიხარ ძლივს და არ კვდები.
ვთხოვ ჩემიანს ყველას, შემისრულონ თხოვნა. არავითარ შემთხვევაში თეატრში არ გადამიყვანონ, ჩემი არგადაყვანით შეწყდება თეატრში ხშირი სიკვდილი. მერწმუნეთ, არავითარ შემთხვევაში, მუხლმოდრეკილი გეხვეწებით.
დიდუბე არ მიყვარს და გთხოვთ, ნუ გამომიძებნით ადგილს. საბურთალოში თუ შეძლებთ, მაგრამ გთხოვთ ორ ადგილს იმიტომ, რომ ჩემს გვერდით მოხვდება, ვინც ჩემს შემდეგ წავა ოჯახიდან და არ ვიქნები მარტო. იწამეთ თხოვნა.
რა საჭიროა საპატიო ყარაული, ნუ დაღლით ხალხს, არავითარი სიტყვები!
ვიყავი, ვშრომობდი და დასრულდა ჩემი ცხოვრება!
იმედია, ასე მშვიდად და წყნარად მიაბარებთ ჩემს ნეშტს ცივ მიწას”.
ვიყავი, ვშრომობდი და დასრულდა ჩემი ცხოვრება…

რეზო შატაკიშვილი მარადუკვდავ პეტრე ოცხელზე

პეტრე ოცხელი – ვუნდერკინდი ხელოვნებაში.
სცენოგრაფი რომელიც დღესაც გნუსხავს თავის ხელოვნებით – “ურიელ აკოსტას” ლაკონური დეკორაციით, ნატიფი კოსტიუმებით – ერთად რომ ქმნიან მარადუკვდავ ცოცხალ ტილოს.
გნუსხავს და გაოგნებს – რადგან ეს საოცარი სამყარო შექმნილია 22 წლის ბიჭის მიერ… ის 30 წლისა გამოასალმეს წუთისოფელს, მაგრამ გენიები არ კვდებიან. მას არ აცალეს, მაგრამ მან შექმნა ეპოქა არათუ სცენოგრაფიაში, საერთოდ ქართულ კულტურაში.
კვდებიან ჯალათები, სისხლისმსმელები. ჯალათები თავის ნაშიერთაც აღარ ახსოვთ, გენიები კი რჩებიან ერს, კაცობრიობას.

ის არ ძველდება, დრო გადის და ოცხელის შემოქმედება უფრო და უფრო თანამედროვე ხდება – ეს სცნოგრაფიის სპეციალისტთა აზრია.

პეტრე ოცხელი კონსტრუქტივიზმის მიმდევარი იყო მაშინ, როცა ეს მიმდინარეობა საბჭოეთში ფორმალიზმად გამოაცხადეს და ჩაკლეს. მაგრამ ოცხელი თეატრის მხატვარი იყო და მხოლოდ გამფორმებლად “აღიქმებოდა”, ფონის შექმნელად და მეტი თავისუფლება ჰქონდა. მაგრამ ის ფონს კი არა, აბსტრაქტულ-კონსტრუქტივისტული ფორმებით, იმ მეტა-ფიზიკურ გარემოს ქმნიდა, რომელიც მსახიობებს კარნახობდა ქმედების, ჟესტიკულაციის და მეტყველების სტილს.

მას იერსახეები აჰყავდა მარადიულ სიმბოლებამდე, იყო ფორმის და სივრცის განზოგადების დიდოსტატი.

“დავით კაკაბაძის პარალელურად პეტრე ოცხელი ქართული ზოგადი, აბსტრაქტული აზროვნების გამომავლინებელი და ჩამომყალიბებელია. ის რომ დღევანდელი ახალგაზრდა მხატვრები ნეოპრიმიტივისტული გეზით მუშაობენ და ამ გეზს ორგანულ ქართულ მიმართებად აღიქვამენ, ფიროსმანს უნდა უმადლოდნენ, რადგან იგი იყო ქართულ სახვით ხელოვნებაში ახალი მხატვრული ეპოქის ფუძემდებელი და ახალი ქართული ესთეტიკური განცდის ჩამომყალიბებელი. ის რომ თანამედროვე მხატვრები უკომპლექსოდ მიმართავენ აბსტრაქტულ სახვით ენას და არ მიაჩნიათ იგი უცხო, არაქართულ მოვლენად, უნდა უმადლოდნენ პეტრე ოცხელს და დავით კაკაბაძეს” (თემო ჯაფარიძე).

პეტრე ოცხელი 1907 წელს, ქუთაისში დაიბადა _ კომერსანტის ოჯახში.

7 წლის იყო პეტრე ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში რომ გადავიდა, სადაც მამამ კაკვკასიური მაუდის ფაბრიკა გახსნა. ბავშვები მოსკოვის კათოლიკურ ეკლესიასთან არსებულ ფრანგულ გიმნაზიაში მიაბარეს.

სწორედ იქ გააფორმა პირველად 11 წლის პეტრემ სპექტაკლი…

მას ხომ თეატრი ბავშვობიდან იტაცებდა, სულ პატარა იყო, თავის ძმასთან ერთად რომ ხატავდა, ჭრიდა, აწყობდა მოძრავ ფიგურებს… თამაშობდა სპექტაკლებს… ასე იქმნებოდა “კურდღლის საცოლე”, “ღამე ტყეში”…

დედას ხშირად დაჰყავდა ბავშვები თეატრში.. პატარა პეტრე მთელი არსებით შეჰყურებდა სცენას, განიცდიდა, უხაროდა და… და იქმნებოდა ნანახი სპექტაკლების ჩანახატები…

მალე უზრუნველი ცხოვრება დამთავრდა. მამამისს მატერიალურად გაუჭირდა, ბავშვები საბავშვო სახლში მიაბარეს, 13 წლის იყო პეტრე ოცხელი ოჯახი თბილისში რომ დაბრუნდა. მაგრამ თბილისშიც გაუჭირდათ თავის რჩენა, ქუთაისს დაუბრუნდნენ. პეტრე ქუთაისის სასწავლებელში მაიბარეს. პეტრე ოცხელი უჩვეულო სისწრაფით, გამუდმებით ხატავდა რვეულების ყდებზე, ფურცლებზე თუ მის ნაგლეჯებზე – სისხლს უშრობდა ამ გაუთავებელი ხატვით, პარალელურად თანასკოლელებს სპექტაკლებს უფორმებდა.

ოცხელის გატაცება კვლავ თეატრია.

მამას კი სურს რომ შვილი კომერსანტი გახდეს.

შვილი რეალურ სასწავლებელს ამთავრებს, მოდის თბილისში და სამხატვრო აკადემიაში აბარებს. პროფესორ შარლემანის სტუდენტი ხდება. მაგრამ არც აკადემიას ამთავრებს. ან რაღად უნდა აკადემია, როცა მას თვით კოტე მარჯანიშვილი იწვევს?

1927 წელს, 20 წლის პეტრე ოცხელმა მუშათა თეატრში ლუნაჩარსკის “ცეცხლის გამჩაღებელნი” გააფორმა. ესკიზებმა კოტე მარჯანიშვილი აღაფრთოვანა – გენიამ იცნო მომავალი გენია.

თავისთან წაიყვანა. არ გაუვლია ორ წელსაც კი და უკვე შედევრი, მარადუკვდავი “ურიელ აკოსტა”.

მარჯანიშვილი ოცხელის შესრულებულ თავდაპირველ ესკიზებს არ დაუკმაყოფილებია, რადგან ზდანევიჩის და გამრეკელის დეკორაციების გავლენა იგრძნობოდა. სამუშაო დროებით გადაიდო. მარჯანიშვილი არ აჩქარებდა ოცხელს.

ოცხელმა მიიტანა მაკეტი მარჯანიშვილთან…

“პეტრემ მოიტანა მაკეტი. კოტე დიდხანს ათვალიერებდა, აიღო თავის განუყრელი ჯოხი და მთელი ძალ-ღონით დაარტყა მაგიდას… ყველას გვეგონა რომ ეს-ეს არის ჯოხით დაგვერევა, ალბათ არ მოსწონსო. ამ დროს კოტემ შეჰყვირა “გენიალურია, შესანიშნავია, ყოჩაღ პეტრე. სად არის ის ბიჭი!” და დაინახა, რომ პეტრე სცენის სიღრმეში, თავჩაქინდრული და გაწითლებული დგას” (ალექსანდრე ბურთიკაშვილის მოგონებიდან).

პეტრე ოცხელს უყვარდა თეატრი და გრძნობდა თეატრს, ამიტომაც დაუკავშირა ამ უდიდესმა მხატვარმა თავის ბედი მხოლოდ თეატრს. მას უყვარდა თეატრი და უყვარდა არტისტები, რომლებიც იქცნენ მის ნატურებად. მათი შინაგანი ტემპერამენტი და პლასტიკა გადმოჰქონდა ესკიზებში, შემდეგ სცენაზე…

ვერიკო ანჯაფარიძე პეტრე ოცხელის საყვარელი ნატურა იყო…

ვერიკო მას იხსენებდა სრულიად უბრალოდ, სადად ჩაცმულ ჭაბუკად –

“გიკვირს ამ პატარა ტანმორჩილ კაცში, რამდენი ნიჭი, რამდენი ტალანტი და ფანტაზია ყოფილა დაფარული. ეს სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა ყველას განუზომლად უყვარდა. ის იყო ჩვენი მეგობარი, წამომწყები ყველა სახალისო საქმისა, ადამიანი, რომელსაც უხაროდა სიცოცხლე და როდესაც მძიმე ავადმყოფობამ შეიპყრო, მაშინაც კი თუმცა ძლივს დადიოდა, სიცოცხლის წყურვილი, ცხოვრების ინტერესი არ ჩაქრობია”…

პეტრე ოცხელს ხერხემლის დაავადება შეეყარა და იძულებული იყო კორსეტით ევლო…

მალე კი… მალე აღსასრულის დღეც დადგა…

სერგო ამაღლობელმა, რომელიც მოსკოვის მცირე თეატრის დირექტორად მუშაობდა, მოსკოვში მიიწვია პეტრე ოცხელი, ვახტანგ აბაშიძე, გიორგი ჟორდანია. მისცა მათ ფართო ასპარეზი შემოქმედებისათვის. სწორედ ამ პერიოდში აფორმებს ოცხელი შილერის “ვერაგობა და სიყვარულს”, ლოპე დე ვეგას “ცხვირს წყაროს”, იმარჯვებს სტანისლავსკის მიერ ოპერა “რიგოლეტოს”გასაფორმებლად გამართულ კონკურსში – ოც მხატვარს შორის, სტანისლავსკი იწვევს ოპერა “მესაზღვრების” გასაფორმებლად.

ოცხელი მუშაობს თავდავიწყებით, გამალებით – ისე რომ პაპიროზის მოსაწევი დროც არ რჩება. მაგრამ მუშაობს “კაგებეც” (სტილის რედაქტორს უმორჩილესად ვთხოვ, `კაგებეს~ ნაცვლად ნუ ჩამიწერს `სუკს~ და შეურაცხყოფას ნუ მიაყენებს ღორს – ამ მეტად კეთილშობილ ცხოველს და მის ხორცს ნუ უწოდებს იმ პირსისხლიან სულაძაღლებულებს– რ.შ.) – იჭრერენ სერგო ამაღლობელს – ბრალდებით:

რომ ის იყო ტროცკისტი, კოტრევოლუციურ-ტერორისტულ ორგანიზაციის ერთ-ერთი შექმნმენლი, რომ ის სათავეში ედგა მოსკოვის ქართულ ნაციონალისტურ საზოგადოებას.

21 სექტემბერს ამ ტროცკისტულ-ტერორისტულ-ნაციონალისტური ჯგუფის წევრობის ბრალდებით დააკავეს უკვე – პეტრე ოცხელი, გიორგი ჟორდანია, ვახტანგ აბაშიძე.

დანაშაული არც ერთმა აღიარა. მაგრამ არაღიარებას არაფერი შეუცვლია. საბრალდებო დასკვნაში წერია: “დაიხვრიტოს”.

სამივე 1937 წლის 2 დეკემბერს დახვრიტეს.

დახვრიტეს, მაგრამ ოცხელის ოჯახმა კარგა ხანს არ იცოდა რომ პეტრე ოცხელი ამ ქვეყნად აღარ იყო. მამა სწერდა პროკურატურას, პასუხობდნენ რომ მას მიესაჯა 10 წელი და გადასახლებაშია, მამა ითხოვდა განაჩენის გადახედვას, სტალინსაც კი მისწერა წერილი…

1939 წელს, პეტრე ოცხელი უკვე დახვრეტილი იყო, როდესაც მისმა ესკიზებმა ლონდონში, თეატრის მხატვრების გამოფენაზე, დიდი ოქროს მედალი დაიმსახურა…

დახვრეტიდან 63 წლის შემდეგ კი, 2000 წელს მისმა ნამუშევრები გამოიფინა ლონდონის ნაციონალური თეატრში. გამოფენამ გადაინაცვლა ედინბურგში, ბრისტოლში… მოიარა მსოფლიო, მისი ნამუშევრები შეირაცხა შედევრებად…

პეტრე ოცხელი – თეატრში მოღვაწეობდა ცხრა სეზონი. გააფორმა 28 სპექტაკლი, მათგან 21 განხორციელდა…

პეტრე ოცხელი. გენიები არ კვდებიან. გენიები მარადიულ აღფრთოვანებას ბადებენ. ჯალათები მარადიულ ზიზღს.

დაიბეჭდა “პრაიმ თაიმში”.

რეზო შატაკიშვილი ქართული სცენის მარადიულ დედოფალზე – ვერიკო ანჯაფარიძეზე

ქუთაისის ინტელიგენცია საღორიის ტყეში აღნიშნავდა მეოცე საუკუნის შემობრძანებას, აკაკი წერეთელმა რომ იქვე მდელოზე მორბენალი სამიოდე წლის გოგონა ხელში აიყვანა, ახალი საუკუნის კეთილ ფერიად შერაცხა და უთხრა – “შენ უნდა ასახელო ჩვენი საყვარელი სამშობლო მეოცე საკუკუნეში, კარგად დაიხსომე”.
და იმ გოგონამ მართლაც ასახელა საქართველო მეოცე საუკუნეში.
ის შესულია მეოცე საუკუნის მსოფლიოს ათ საუკეთესო მსახიობ ქალთა შორის.
იმ გოგონას დღეს აკაკის დარად მხოლოდ სახელითაც იხსენებენ – ვერიკო.
ვერიკო ანჯაფარიძე – შემოქმედი უთვალავი სასწაულის.
უკვდავი დიდოსტატი სცენაზე სიკვდილის.
ფირმა შემოინახა მისი მარიამ სტიუარტის სვლა ეშაფოტისკენ და გიჩნდება ეჭვი რომ მან კი არ გაიამეორა სტიაურტის სვლა, არამედ პირუკუ – სწორედ მარიამ სტიუარტი მიბაძავდა მისეულ სვლას…
ვერიკო ანჯაფარიძე – სასწაულმოქმედი რომელიც მაყურებელის თვალწინ ლამაზდებოდა და ავიწყებდა ასაკს…
ასე იყო სცენაზე და ასე იყო ცხოვრებაშიც.
გიგა ლორთქიფანიძე მიამბობდა, რომ ვერიკო ანჯაფარიძემ თბილისში სტუმრად მყოფი რუსი მსახიობები წვეულებაზე დაპატიჟა ფიქრის გორაზე და ულამაზესი რუსი მსახიობი ქალებისთვის რომ ღირსეული კონკურენცია გაეწია, იმ წვეულებაზე მიიწვია ულამაზესი ქალბატონები – ლიანა ასათიანი, მედეა ჯაფარიძე, დოდო ჭიჭინაძე, ლია ელიავა… თავად 60-ს გადაშორებული ვერიკო იმ საღამოს კლეოპატრას თამაშობდა თეატრში. სტუმრები შეიკრიბენენ, ულამაზეს ქალთა კოფორტა იყო წარმოდგენილი, თავად ვერიკოს აგვიანდებოდა მისვლა. მივიდა ვერიკო, ახალგრიმ მოხსნილი, გადაღლილი, დადგა თამადად და… ათიოდე წუთში ის იქცა ყველაზე ლამაზ ქალად… ყველა დაატყვევა ქალიან-კაციანად…
60-ს მიტანებულმა ითამაშა მარიამ სტიუარტი, 65 წლის იყო კოლხი მედეა რომ ითამაშა, 60-ს იყო გადაცილებული ოთარაანთ ქვრივი რომ განსახაიერა ეკრანზე და… და შეძლო ის რომ ყველა ჩვენგანის მეხსიერებაში ოთარაანთ ქვრივი დარჩა მოხუც ქალად და არა 40 წლის ქალად, როგორც ილია ჭავჭავაძეს ეწერა…
მას შეეძლო სცენაზე თუ ეკრანზე ერთი გამოხედვით თავზარი დაეცა მაყურებლისთვის, იქნებოდა ეს ოთარაანთ ქვრივში თუ “დიდოსტატის მარჯვენაში” – ფინალში არსაკიძის დედის გაელვება.
მას შეეძლო ერთი ინტონაციით, ერთი რეპლიკით “რაბინო სტყუი” ეთქვა ყველაფერი და ეთქვა ის რომ ასჯერ ბუნებრივი ინტონაცია მისეულ ინტონაციასტან ისევე ტყუოდა როგორც რაბინი “ურიელ აკოსტაში”…
ის იყო ვერიკო და დარჩება ვერიკოდ.
მან იცოდა თავის ფასი. ამბობდა რომ არც ერთი როლი არ ჩავარდნია. ამბობდა რომ შეეძლო მაშინ გამოეწვია როლისთვის საჭირო სილიერი მდგომრეობა, როცა მოუნდებოდა.
ამბობდა რომ სცენიდან გამოსვლისთანავე ისევ ვერიკო ხდებოდა, თავისი ხასიათით, ჩვევით, სახით, ხმით…
ათი წლის იყო, ნოტარიუსმა მამამ დაბადების დღეზე რომ თეატრი აჩუქა –ერთ ღამეში შინ, დიდ სადარბაზო ოთახში სცენა აუშენეს ფარდებით და დეკორაციებით, სადაც პატარა ვერიკო სპექტაკლებს დგამდა.
“ჩემს მიერ დადგმულ წარმოდგენებში ვთამაშობდი უეჭველად ბიჭს, რომელიც ამარცხებს დევს ან ვეშაპს. როცა წამოვიზარდე, უკვე ვთამაშობდი გმირებს, რომლებიც თავგანწირვით იბრძვიან და იმარჯვებენ”.
სწორედ იმ თეატრში დადგამს ვერიკო “დარისპანის გასაჭირს” და თავად ითამაშებს დარისპანის როლს…
შემდეგ ნახა ალექსანდრე იმედაშვილის ოტელო და მისი არსება სამუდამოდ შეიპყრო თეატრმა. ყოველ წარმოდგენაზე, იმედაშვილის ოტელოს სიკვდილის შემდეგ, შეძრწუნებული ვერიკო უარს ამბობდა შინ წასვლაზე, და მხოლოდ შემდეგღა მიჰყვებოდა როცა იმედაშვილს ცოცხალსა და უვნებელს აჩვენებდნენ.
ვერიკო ანჯაფარიძეს ბავშვობიდან ხიბლავდა ტრაგიკული ვითარებების წარმოდგენა. “ძილის წინ ხელებს გულზე დავიკრეფდი და წარმოვიდგენდი ვითომ მოვკვდი. სასტუმრო ოთახის კედელზე დიდი ხალიჩა გვეკიდა, მის უკან თახჩა იყო. იქ შევძვრებოდი ხოლმე, საათობით ვიჯექი სიბნელეში, რაღაც საშინელებებს წარმოვიდგენდი და როცა მართლა შემეშინდებოდა, კივილით გამოვარდებოდი. მსიამოვნებდა თუ გარშემომყოფთ ვებრალებოდი, საღამიოობით როცა ყველა შინ იყო როიალს მივუჯდებოდი, სამგლოვიარო მარშს ვუკრავდი, ვტიროდი და მინდოდა რომ სხვებსაც ეტირათ ჩემთან ერთად”.
შეშფოთებული მშობლები ვერიკოს ამგვარი განწყობილებების მიზეზს ეძებდნენ. მერეღა გამოტყდა ვერიკო, რადგან ულამაზო ვიყავი თავს აყვანილ შვილად ვთვლიდიო…
1916 წელს 18 წლის ვერიკო მოსკოვში მიდის. ლადო მესხიშვილის ქალიშვილს ვარიას იგი მცირე თეატრის მსახიობ აიდაროვის სკოლაში მიჰყავს.
მისი წაკითხული ლექსი უმალ დაატყვევებს სუმბათაშვილ-იუჟინს, რომელიც ეტყვის “სკოლა? იგი თქვენ არაფერს მოგცემთ, მოდით ერთად გავაკეთოთ “ნორა” ან “ტენტაჟილის სიკვდილი”…
“რისთვის სწავლობთ? მსხაიობობას სკოლაში ვერავინ ისწავლის” – ეს სიტყვები კი ვერიკოს თვით მიხეილ ჩეხოვმა უთხრა, როდესაც ვერიკო თავის კლასელებთან ერთად მოსკოვის სამხატვრო თეატრში “მეთორმეტე ღამის” რეპეტიციებს ესწრებოდა.
მას მერე ვერიკოს სამხატვრო თეატრის პირველი სტუდიის არც ერთი სპექტაკლი არ გამოუტოვებია. სწორედ მაშინ მოიხიბლა ილარიონ პევცოვით და როცა გაიგო რომ პევცოვი ჯგუფს იყვანდა, გადაწყვიტა მიეტოვებინა აიდაროვის სტუდია და პევცოვის სტუდიაში ჩააბარა. ჩაირიცხა. მაგრამ აიდაროვის სტუდიის მიტოვება არც მოუწია – თვით აიდაროვმა მიიწვია პევცოვი თავის სტუდიაში ვერიკოს ჯგუფის პედაგოგად.
პევცოვმა ჯგუფის წლიური გამოცდის ნახვა მოითხოვა.
გამოცდაზე ვერიკოს და მის თანაკურსელს პედაგოგის დადგმული აივნის სცენა უნდა წარმოედგინათ “რომეო და ჯულიეტადან”. ვერიკოს არ მოსწოდა პედაგოგის დადგმული სცენა, ვერიკომ “რომეოც” აიყოლია რომ გამოცდაზე არა პედაგოგის, არამედ ვერიკოს ვარიანტი ეჩვენებინათ.
ვერიკოს ვარიანტში ჯულიეტა ხალიჩაზე დიდ თოჯინას უმჟღავნებდა სიყვარულს, რომეოს მოულოდნელად გამოჩენისას კი ამ თოჯინას იფარებდა სახეზე და იქმნებოდა შთაბეჭდილება რომ რომეოს პასუხს ჯულიეტა კი არა თოჯინა აძლევდა…
მაგრამ გამოცდაზე როცა პედაგოგმა აივნის ნაცვლად ხალიჩა და თოჯინა დაინახა, განირისხებულმა ფარდის დახურვა ბრძანა., მაგრამ პევცოვმა მოითხოვა ენახვებინათ ნამუშევარი…
იქვე მოსკოვშივე იჩინა თავი ვერიკოს ხასიათმა – მას არ შეეძლო მორჩილება…
ვერიკო მოსკოვში შეხვდა რევოლუციას. საქართველოში 1918 წელს დაბრუნდა.
სწორედ იმ წელს დაბრუნდა საფრანგეთიდან ანტუანის მოწაფე გიორგი ჯაბადარი. ჯაბადარმა დაარსა სტუდია. მეცადინეობები საგარეჯოში მიმდიანრეობდა. სტუდიას მალე ვერიკო ანჯაფარიძეც შეუერთდა.
“მოდიოდა ქალი დიდი ნაბიჯით. ეცვა აბრეშუმის გრძელი კაბა… არაჩვეულებრივად მაღალი ყელი. ვერ გაიგებდი თვალებით ვის უყურებდა, ოდნავ მოზრდილი ცხვირი, უწესრიგოდ, ფაფარივით გადმოყრილი თმა, ყველას მოგვესალმა და მომეჩვენა რომ რომ განსაკუთრებული ყურდღებით მე შემომხედა. მე მას პირველად ვხედავდი… და ვხედავდი მხოლოდ მას!… ეზოში მწვანეზე ჩამოვსხედით ყველა. მოხდა ისე რომ ვერიკო ჩემთან ახლოს დაჯდა. რა ბედნიერებაა!.. ბედნიერებას განვიცდიდი და არ მესმოდა, რას ნიშნავდა ეს… ჯაბადარმა ახალგაზრდა მსახიობ ქალს სთხოვა რაიმე წაეკითხა. ვერიკომ სასტიკი უარი განაცხადა, სთხოვდნენ ჩვენი მსახიობებიც. “ვთხოვ იქნებ დამიჯეროს” – გავიფიქრე და თითქმის ჩურჩულით ვთქვი: მეც ძალიან გეხვეწებით მეთქი, მან ერთი შემომხედა და დაუყოვნებლივ დაიწყო… რატომ დაიწყო მაინცდამაინც მაშინ, როცა მე ვთხოვე? არ ვიცი…
საოცარი მუსიკალური ხმა გაისმა. ეს იყო ძლიერი ექსპრესიით, იდუმალებით წაკითხული ლექსი. ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, მეჩვენებოდა რომ ეს ყველაფერი ჩემთვის იყო!.. ვატყუებდი ჩემს თავს. რატომ? რატომ? რა ახლოს იყო მისი ხელი დაბლა ხალიჩაზე. ვეღარაფერს ვგრძნობდი… მე ტაში არ დავუკარი, დავიხარე და ხელზე ვაკოცე…”
– ასე იხსენებდა ვერიკოსთან პირველ შეხვედრას მიხეილ ჭიაურელი…
მათ შორის გაიბა დიდი გრძნობის ძაფები…
ვერიკო ანჯაფარიძე სცენაზე პირველი გამოჩენისთანავე აღიარეს…
და აი, ვერიკო ანჯაფარიძე ცოლად მისდევს არა მიხეილ ჭიაურელს, არამედ _ სახელოვან შალვა ამირეჯიბს, გამოჩენილ პოლიტიკურ მოღვაწეს, ეროვნულ-დემოკრატს, პოეტსა და ჟურანლისტს, ნამდვილ ვაჟკაცს.
ჯერ კიდევ წმინდა ნინოს სასწავლებელში სწავლობდა შალვა ამირეჯიბს რომ იცნობდა. სწორედ შალვა ამნირეჯიბის მეშვეობით დაუახლოვდა იგი ცისფერყანწელებს. შალვა მასზე 11 წლით უფროსი იყო…
ვერიკო ანჯაფარიძემ და შალვა ამირეჯიბმა ჯვარი ქვიშხეთში, პატარა ეკლესიაში დაიწერეს. ეკლესიიიდან გამოსულ პატარძალს გული შეუღონდა… მას უკვე მიხეილ ჭიაურელი უყვარდა, მიხეილ ჭიაურელი უკვე ცოლ-შვილიანი იყო იმ დროს…
ამბობენ რომ მამამ სთხოვა ვერიკოს სიკვდილის წინ – ცოლად გაჰყოლოდა შალვა ამირეჯიბს. ალბათ ვერიკოც ფიქრობდა რომ სხვისი ცოლი თუ გახდებოდა, უფრო დაიმორჩილებდა საკუთარ გულს…
მათ ქალიშვილიც შეეძინათ, მაგრამ მალევე გარდაეცვალათ.
“ამბობენ რომ ჯერ ბავშვი ხარ,
არ შემრჩები დიდხანს ცოლად.
მე არ მინდა დავიჯერო,
ნათქვამია ჭორის ტოლად” – ვკითხულობთ შალვა ამირეჯიბის მიერ ვერიკოსთვის მიძღვნილ ლექსში.
ის რისი დაჯერებაც არ სურდა ამირეჯიბს, მალე დასაჯერებელი გახდა _ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.
მაგრამ ამირეჯიბს ის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე უყვარდა. ემიგრაციაში წასულსასც არ შეურთავს ცოლი…
“თქვენ სიყვარულზე მითხარით “არა”
და მომიხურეთ გულის კარები,
მაგრამ მე მაინც ტკბილ არმაღანად
მოგართვით ლურჯი მინანქარები” – წერდა შალვა ამირეჯიბი…
ვერიკო ცოლად გაჰყვა მიხეილ ჭიაურელს…
კოტე მარჯანიშვილი რომ საქართველოში ჩამოვიდა ის მიხეილ ჭიაურელთან ერთად იყო გერმანიაში, სადაც მიხეილ ჭიაურელი ქანდაკების ხელოევნებას ეუფლებოდა.
ვერიკო რომ თბილისში დაბრუნდა, მარჯანიშვილს უკვე დადგმული ჰქონდა “ცხვრის წყარო”. უკვე გაისმოდა ხმები მარჯანიშვილის დიქტატურაზე და აი, ვერიკო მიდის რუსთაველის თეატრში მარჯანიშვილთან შესახვედრად.
თამამად შედის მასთან და სვამს კითხვას “მიმიღებთ უკან?”
მარჯანიშვილი ეტყვის რომ მასზე ზღაპრებს ჰყვებიან, რომ ვალდებულია დააბრუნოს. ვერიკო იგრძნობს რა ირონიას მიახლის პირში:
“თქვენს შესახებაც ჰყვებიან”!
მარჯანიშვილი დაინტრიგდება – “რას ჰყვებიან?”
ვერიკო მიახლის – რომ თქვენ დიდქტატორი ხართ, თრგუნავთ მსახიობს!
მარჯანიშვილი განრისხდება – გაეთრიეთ აქედან!
მაგრამ მალე თავად მარჯანიშვილის ინიციატვით შერიგდებიან და სწორედ ვერიკო მოგვევლინება მისი თეატრის პრიმად – ოფელიად, ივდითად…
ვერიკო იყო ქართული სცენის დედოფალი და იქცა მარადიულ დედოფლად. მაგრამ დედოფლებსაც მისდევთ ოცნებანი იმ ქვეყნად…
მას გული წყდებოდა რომ ვერ ითამაშა ჯულიეტა, ჰედა გაბლერი, ლედი მაკბეტი…

%d bloggers like this: