Tag Archives: ლანა ღოღობერიძე

დაანებეთ კახის თავი

 

რეზო შატაკიშვილი

ხმაური და მძვინვარება. არა, ფოლკნერი რა შუაშია, მე იმ ხმაურსა და მძვინვარებაზე ვწერ, რაც კახი კალაძის ენერგეტიკის მინისტრად დანიშვნას მოჰყვა. ეს ხმაური და მძვინვარება ბევრწილად ცინიზმსა და ირონიაში გატარდა, მაგრამ მაინც ვერ იფარებოდა არსი – ამ ფაქტით გაღიზიანება. არადა, ენერგეტიკის მინისტრად რომ კახი კალაძე წარადგინეს, თავიდან მეც იგივე რეაქცია მქონდა, რაც ყველას. მეც გავღიზიანდი – სად აფრიკა, სად პინგვინი… მეც გამეცინა, ნეტა, რა ესმის ენერგეტიკის-მეთქი. ეს საღლაბუცო დონეზე, სერიოზულად კი, მისთვის გატანილ პოლიტიკურ გოლად მეჩვენა უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძის ენამოსწრებული შენიშვნა პარლამენტში, მთავრობის წარდგენა-დამტკიცებისას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მეც ამიტანა უშუქობის შიშმა. არა, ამ შიშს, მინდა გითხრათ, არც ახლა გაუვლია, მაგრამ იმ ხმაურმა და მძვინვარებამ, იმ ცინიზმმა და ირონიამ, რაც კახის გამინისტრებას მოჰყვა, ჩემში უკვე უკურეაქცია გამოიწვია. ისე დაესხნენ თავს კახის, გეგონება, ამ ქვეყანაში სხვა არავინ დანიშნულიყოს შესაბამისი ცოდნა-განათლებისა და კვალიფიკაციის გარეშე. რომელი ერთი ფაქტი გავიხსენოთ უახლოესი თუ მთლად გუშინდელი წარსულიდან?

ზურაბ ნოღაიდელი? მისგან დავიწყებ. ზურაბ ნოღაიდელსა და კახი კალაძეს თუ დიდი იდეალები არა, კაპიტალი და ბიზნესინტერესები მაინც ჰქონდათ საერთო, და არცთუ უხსოვარ დროში. ნოღაიდელი ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს დაინიშნა ფინანსთა მინისტრად, ვარდების რევოლუციის შემდეგაც იჯდა იგივე პოსტზე, შემდეგ პრემიერ-მინისტრიც იყო. ფინანსისტი იყო ბატონი ნოღაიდელი? როგორც სააკაშვილი იტყოდა, – „ნურას უკაცრავად“ – ფიზიკოსი ბრძანდებოდა. ფიზიკოსი კი იყო, მაგრამ მე თქვენ გეტყვით და მაიკლ ფარადეი მყავდა, ანუ ცნობილი გამოთქმის არ იყოს, „ტოჟე მნე მაიკლ ფარადეი“. ნოღაიდელი ნამდვილად არ არის იმ რანგის ფიზიკოსი, რა რანგის ფეხბურთელიც კახი კალაძე იყო. რომც გითხრათ, იყო-მეთქი, დამიჯერებს ვინმე? მოკლედ, ნოღაიდელსაც არაფერი აკავშირებდა ფინანსებთან, გარდა იმისა, რომ ფინანსები და ფიზიკა, ორვე „ფი“-ზე იწყება. მაგრამ რატომღაც არავინ აღშფოთებულა ამ ფაქტით. არც შალვა ნათელაშვილს დაურქმევია მისთვის „დაღლილი ვირი“ ფიზიკოსობის გამო. აქ თავად ნოღაიდელის ფიზიკა იყო შუაში და არა მეცნიერება ფიზიკა.
წინა ხელისუფლების, დღეს კი უკვე ოპოზიციის აღშფოთება ერთი მხრივ გასაგებია, მაგრამ რა ვუყოთ იმ კითხვას, რომელიც ავტომატურად გებადება: დიდი ბოდიში და მომღერალი გოგა ხაჩიძე გარემოს დაცვის სპეციალისტი იყო? ფრიად განსწავლული ბუნებრივ რესურსებში? კი, ახლა თუ მის ბიოგრაფიაში არქეოლოგიურ გათხრებს ჩავატარებთ, აღმოვაჩენთ, რომ ოდესღაც უნივერსიტეტში ბიოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა და მცენარეთა ფიზიოლოგია შეისწავლა, მაგრამ ამ განათლებამ რა კონკრეტული შედეგი მისცა ქვეყანას, ან თვითონ იმ ხელისუფლებას? ხაჩიძესაც რომ მოვეშვათ, შევარდნაძისდროინდელი ნინო ჩხობაძე რომ მართლა გარემოს დაცვის სპეციალისტი იყო, რა ხეირი? დავდგეთ და გავიხსენოთ მის დროს მიღებული ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც არა თუ იცავდა, არამედ თავს ესხმოდა ბუნებას. არ ვიცი, რას იცავდა, ვკითხოთ კრწანისში გამაგრებულ შევის, რას იცავდა ჩხობაძე? იქნებ შევარდნაძის გარემოს?
ან ამერიკაში განსწავლულმა ხათუნა კალმახელიძემ (საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრმა) რა კალმახებიც დააჭერინა წინა ხელისუფლებას, არ ვნახეთ? ან მას ჰქონდა პენიტენცურ სისტემაში მუშაობის გამოცდილება? შესაბამისი განათლება ვერა ქობალიასაც ჰქონდა, მაგრამ ვინმეს სჯერა, რომ ამ ელეგენტურ ქალს რაიმე აკავშირებდა ქვეყანის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებთან? გნებავთ პოზიტიურთან, გნებავთ ნეგატიურთან?
ან შაშკინი რომ დავლურს უვლიდა მთავრობაში, ხან განათლების მინისტრი იყო, ხან სასჯელაღსრულებისა და ხანაც თავდაცვის, რომელი სფეროს წარმომადგენელი იყო, რომელი განათლების? „ტოჟე მნე დავით გამყრელიძე“ – „ექიმი, მეწარმე, ლიდერი“…

 

ან თვითონ ამ ხელისუფლებაში მარტო კახია „ნიპრიჩომ“? ფინანსისტი ღარიბაშვილი იყო ძალოვანი სფეროს წარმომადგენელი, ან იურიდიული განათლებით დაიკვეხნის? მაგრამ მოიცათ, ვანო მერაბიშვილს თუ „გეპეი“ ჰქონდა დამთავრებული (სამთო ფაკულტეტი), ბევრს დამისახელებთ ვანოსნაირ შს მინისტრს? ბევრმა მინისტრმა ააწყო და დატოვა სისტემა?
ან წინა, ან თვითონ ამ ხელისუფლებაში ვინმე მარტო იმიტომაა მოსაწონი, რომ დარგის თუ სფეროს წარმომადგენელია? „ლაიქ-დისლაიქზეც“ არაა საქმე. გურამ ოდიშარია კულტურის მინისტრია, ნამდვილად ამ სფეროს წარმომადგენელია, არცთუ ურიგო, მაგრამ კითხულობს ვინმე, რამდენ ხანს გაეწელა მოადგილეების დანიშვნა? როგორ უჭირს გადაწყვეტილებების მიღება? კარგ და ცუდ, კანონიერ და უკანონო გადაწყვეტილებებზე არაა საუბარი, საუბარია გადაწყვეტილების მიღებაზე, საერთოდ. დღემდე არ მიუღია გადაწყვეტილება თეატრისა და კინოს უნივერსიტეტთან დაკავშირებით. უნივერსიტეტში დღემდე ორმეფობაა – ცალკე გოგი მარგველაშვილია რექტორი, აკადემიური საბჭოს არჩეული, და ცალკე რექტორობას არ თმობს და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებას არ ცნობს გადარჩეული რექტორი ჩხაიძე. მინისტრი ან უნდა დაეთანხმოს აკადემიურ საბჭოს, ან არ დაეთანხმოს. ამ შემთხვევაში, როგორც უკვე მოგახსენეთ, განხილვის საგანს არ წარმოადგენს, რომელი გადაწყვეტილებაა კანონიერი და რომელი – უკანონო, საუბარია საერთოდ გადაწყვეტილების მიღებაზე. ან ასე, ან ისე. და არა ისე, როგორც დღესაა – გაურკვევლობა და ორმეფობა.
და საერთოდ, რა ნიშნით უნდა ინიშნებოდეს კონკრეტული დარგის მინისტრი?
იმ სფეროს წარმომადგენელი უნდა იყოს, რომელსაც განაგებს? მხოლოდ ეს კმარა წარმატებისთვის? დავით მირცხულავა რომ ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენელი იყო და განათლებით ენერგეტიკოსიც, ძალიან გაანათა ქვეყანა და ააყვავა ენერგეტიკა?
რა არის აუცილებელი, მინისტრს იმ სფეროს შესაბამისი დიპლომი ედოს უბრალოდ ჯიბეში, როგორც ბევრ მინისტრს ედო და უდევს? ოდესღაც, ნადეჟდა კრუპსკაიას ქალწულობის ჟამს რომ ვინმე რამე ფაკულტეტს ამთავრებდა, ნიშნავს კი ეს რამეს? ან ქვეყნისთვის, ან თვითონ ამ პირისთვის?
თუ, უბრალოდ, მინისტრად პოლიტიკური პერსონა უნდა ინიშნებოდეს, როგორც არაერთი დანიშნულა? ან ამას მოუტანია რაიმე შედეგი? სანამ დარგის სპეციფიკაში გარკვეულა, მოუხსნიათ და გაუგზავნიათ კიდეც პოლიტიკურ მოუსავლეთში.
ან იქნებ, უბრალოდ, გამოცდილი მენეჯერი სჯობს, რომელიც შესაძლოა, არ არის დარგის, სფეროს წარმომადგენელი, მაგრამ კარგად ფლობს მართვის ხელოვნებას?
ყველა ჩამოთვლილ ვარიანტს აქვს თავისი პლუსი და მინუსი. ეფექტს მხოლოდ იმ ვარიანტთა კომბინაციები იძლევა, როცა ადამიანი სფეროს წარმომადგენელიცაა, პოლიტიკური ნებაც გააჩნია, კარგი ორგანიზატორული უნარებითაცაა აღჭურვილი და მართვაც ეხერხება.
საქართველოში ეს ყველაფერი მაინც გარტყმასა და გამართლებაზე – ცალკეულ პიროვნებაზეა დამოკიდებული, რა უნარს გამოავლენს და რა მარიფათს გამოიჩენს, წინასწარ რაიმეს განჭვრეტა ხშირად შეუძლებელიცაა. ისიც გვახსოვს, რა ზარ-ზეიმით აღმოუჩენიათ ახალი სახე, ღრუბლებში აუყვანიათ და იქიდან უპარაშუტოდ გადმოუგდიათ, თუნდაც ირაკლი რეხვიაშვილი. ან დიპლომატი სალომე ზურაბიშვილის ტრიუმფით ჩამოყვანა გახსოვთ? მერე რომ პოლიტიკური შეუთავსებლობა დაეწყო მმართველ პოლიტიკურ გუნდთან, თავი რომ ნესტან-დარეჯანად წარმოიდგინა და ყველას ქაჯები ეძახა?
ასე რომ, თითქმის აბსურდია ამ ქვეყანაში რაიმე გარანტიის ძიება, ამ ფხვიერ ქვიშაში საყრდენის მოძებნა, იმ საყრდენის, რომელიც დედამიწას თუ არა, ამ ერთი ბეწო ქვეყნის პოლიტელიტას დაძრავს და წინ წასწევს. ისევ ალალბედზე ვართ, ვინ გაამართლებს და ვინ – არა.
მით უმეტეს, მთელ ამ ფონზე კიდევ უფრო გამაღიზიანებელია ასეთი შტურმი მაინცდამაინც კახი კალაძეზე. თუმცა კი საინტერესოა, ასე რატომ აღიზიანებს საზოგადოებას ერთ საქმეში წარმატებული ადამიანის სხვა სფეროში გადანაცვლება? ამ შემთხვევაში მარტო კახიზე არაა საუბარი, საერთოდ ფენომენზეა ლაპარაკი. თავის დროზე, ლანა ღოღობერიძეზეც ატყდა გნიასი, რა უნდა პოლიტიკაში, გადაიღოს კინოო… რატომ არ ვეკითხებით თვითონ შემოქმედს, უნდა თუ არა ის სამოღვაწეო ასპარეზი, რომელსაც უსაზღვრავ? ლანა ღოღობერიძემ არცთუ ურიგო როლი ითამაშა თავის დროზე საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანებაში.
ან ახლა რას ერჩით კახის? თქვენი არ ვიცი და მე კახი მირჩევნია ბევრ ვითომ დარგის გამოლელეტებულ სპეციალისტს და სფეროს წარმომადგენელს. კახი კალაძეს გოლი მაინც აქვს გატანილი. ვიცი, მეტყვით, „ავტოგოლიო“ და მეც გიპასუხებთ, – დიახ, გოლი აქვს გატანილი თუნდაც საკუთარ კარში, თქვენ ან სხვებმა – თქვენგან „დალაიქებულმა“ „სფეროშნიკებმა“ სად რა გაიტანეთ, ან რა გამოიტანეთ?
ანდა მხოლოდ მინისტრებზე რომაა საუბარი, პარლამენტი, კანონშემოქმედება, ქვეყნის ბედის გაწყვეტა ხელწამოსაკრავია?
გიორგი ასანიძემ ციცერონი ჩამოიტოვა მჭევრმეტყველებაში თუ იუსტინიანე – კანონმდებლობაში?
ან ამ პარლამენტშია დეფიციტი სპორტსმენების, ხელოვნების წარმომადგენლების, ან საერთოდ სხვა დარგის წარმომადგენლების, რომელთაც კანონშემოქმედებასთან ისეთივე შეხება აქვთ, როგორც კონდოლიზა რაისს საცივთან?
არ ვიცი, ვინ რაში ჩამითვლის ამ აზრებით „მატაობას“, მაგრამ ერთ რამ კი ვიცი – ამოჩემება იწვევს უკურეაქციას…

  დაიბეჭდა “პრაიმტაიმში”

ბავშვი არტისტები ქართულ კინოში

რეზო შატაკიშვილი

ალბათ არ არსებობს ბავშვი, ჩუმად თავისთვის რომ მაინც არ ეოცნებოს კინოში გადაღებაზე. გიამბობთ მათზე – ვისაც ეს ოცნება აუხდა…. ბევრმა ამ ოცნების ახდენის შემდეგ მსახიობობა პროფესიად აირჩია, ბევრმა – არა და მაინც იღებდნენ კინოში, ბევრი ერთი როლის ამარა დარჩა…

ლეილა აბაშიძე

კინოსტუდია „ქაჯანას“ იღებდა და პატარა გოგონებს არჩევდა ქაჯანას დის – კატოს როლზე. მამით ობოლი პატარა ლეილა აბაშიძე (მამა 1937 წელს გადაუსახლეს და დაუხვრიტეს) კინოსტუდიაში „კასტინგზე“ მარტო წავიდა.

იქ კი ასობით პატრონიანი გოგონა დახვდა, კულულებით, დიდი ბაფთებით.

რეჟისორის ასისტენტებმა პატარა ლეილა „დაბრაკეს“ – უარით გამოისტუმრეს. პატარა ლეილა დახვეულ კიბეს ბიჭურად მოახტა და მეოთხე სართულიდან ძირს დაეშვა, დაეშვა და ერთი მამაკაცი კინაღამ ამოაყირავა. პატარა ლეილამ წაბორძიკებულ მამაკაცს, დავარდნილი ქუდი მიაწოდა.

– აქ რა გინდოდა გოგონა? – ჰკითხა მამაკაცმა.

– მე კინოში მინდოდა გადაღება, მაგრამ უარი მითხრეს – უპასუხა ლეილამ.

– ძალიან გინდა გადაღება?

– ძალიან, ძალიან. – გამოუტყდა გულდაწყვეტილი ლეილა.

– აბა წამოდი! – უთხრა მამაკაცმა… ის კინაღამ ამოყირავებული მამაკაცი ფილმის რეჟისორი კონსტანტინე პიპინაშვილი აღმოჩნდა…

პატარა ლეილა ნატა ვაჩნაძის, ვერიკო ანჯაფარიძისა და სპარტაკ ბაღაშვილის გვერდით აღმოჩნდა. დედის როლს ნატა ვაჩნაძე თამაშობდა და პატარა ლეილამაც დედასავით შეიყვარა ნატა ვაჩნაძე. ნატა ვაჩნაძე პატარა მსახიობს არც გადაღებების დამთავრების შემდეგ აკლებდა მზრუნველობას, საჩუქრებით ხელდამშვენებული ხშირად აკითხავდა ღარიბულ ბინაში… სხვათაშორის, ბინა პატარა ლეილამ სწორედ „ქაჯანაში“ აღებული ჰონორარით შეიძინა – 12 კვადრატულ მეტრიანი პატარა ოთახი ვერის ბაღთან, იმიტომ რომ მამის დამაპტიმრების შემდეგ ოჯახს კონფისკაცია გაუკეთეს და უსახლკაროდ იყვნენ…

როგორც ჩანს, კონსტანტინე პიპინაშვილი თავისი არჩევანით კმაყოფილი დარჩა, რადგან შემდეგ 15 წლის ლეილა „ოქროს ბილიკშიც“ გადაიღო, შემდეგ „აკაკის აკვანშიც“ – ნაზიბროლას როლში. მოგვიანებით კი უკვე აღიარებული კინოვარსკვლავი მთავარ როლში გადაიღო ფილმში „სად არის შენი ბედნიერება, მზია“…

ლეილა აბაშიძემ რომ თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა, უკვე გამოცდილი მსახიობი იყო – სამ ფილმში გადაღებული….

ლიანა ასათიანი

ლიანა ასათიანი მსახიობობაზე მას შემდეგ ოცნებობდა, რაც 6 წლისა ოპერაში წაიყვანეს…. ბედნიერმა შემთხვევამ კი მოგვიანებით ნატვრა აუსულა – 15-იოდე წლისას შემთხვევით ქუჩაში გადააწყდნენ და კინოში გადასაღებად მიიწვიეს – „გიორგი სააკაძეში“ თეკლას როლზე დაამტკიცეს.

პატარა გოგონა უცებ ტიტანების გარემოცვაში აღმოჩნდა

„აკაკი ხორავა, სპარტაკ ბაღაშვილი, ჟორა შავგულიძე, აკაკი ვასაძე, ვერიკო ანჯაფარიძეზე ხომ აღარაფერს ვამბობ – გვაბოდებდა, ფეხდაფეხ დავყვებოდით ბავშვობაშიც და მერეც, ეტყობა ადამიანის წრაფად ეჩევა ყველაფერს, ამ პატარა კურკა გოგომ ისე მივიღე ეს ყველაფერი – თითქოს ასეც უნდა მომხდარიყო“ – იხსენებს ლიანა ასათიანი.

მაგრამ… ვერც კამერამ, ვერც დიდებულმა გარემოცვამ და ვერც მოსალოდნელმა წარმატებამ თავბრუ ვერ დაახვია ლიანა ასათიანს. ვერ დაახვია, რადგან იცოდა რომ ვერასოდეს მივიდოდა ვერავისთან და ვერ სთხოვდა კინოში გადამიღეთ, მიჭირსო… არადა ამ თხოვნით მიხეილ ჭიაურელთან მისული არაერთი მსახიობი ნახა… ის მსახიობები, ვის სურათებსაც დიდი რუდუნებით აგროვებდა… ამიტომ მყარი და შეუდავებელი პროფესია ამჯობინა – სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარა…

„როდესაც „გიორგი სააკაძე“ ეკრანზე გამოვიდა, მეორე კუსრზე გადავდიოდი სამედიცინო ინსტიტუტში, ხალხს რომ ხშირად არ შევჩეხებოდი აკადემიური ავიღე, სულ ვფქირობდი, აი სახურავებით სიარული რომ შეიძლებოდეს – აკადემიურს არ ავიღებდი და წელს არ დავკარგავდი მეთქი. ახლა აღარავინ აქცევს ყურადღებას, თორემ მაშინ ნიშა ძაღლივით ყველა გვცნობდა, ჯერ ამდენი არ მესმოდა, მაგრამ ქვეშეცნეულად ვგრძნობდი, რომ სულ არენაზე ვიყავი ცხოვრებაში და გამუდმებით ფორმაში უნდა ვყოფილიყავი… შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ იმ სახელის ღირსად არ ვთვლიდი თავს, რაც მე ამ ფილმებმა მომცა გარეგნობის თვალსაზრისით და არ მინდოდა რომ ასე ვიზუალურად შევხვედროდი მაყურებელს…“ – ამბობს ლიანა ასათიანი.

ლიანა ასათიანი თვალის ექიმი გახდა, მაგრამ კინო მაინც დარჩა მისი ცხოვრების ნაწილად – მეტიც კინოვარსკვლავი გახდა.

ნანული სარაჯიშვილი

 

10 წლის იყო ნანული სარაჯიშვილი ეკრანებზე რომ „მანანა“ გამოვიდა და უცებ სუპერ-პოპულარული გოგო გახდა საქართველოში. აგერ უკვე ლამის ნახევარი საუკუნეც გავიდა „მანანას“ გადაღებიდან და ნანული სარაჯიშვილს დღემდე ისევ მანანად იცნობენ, მიუხედავად იმისა რომ მას შემდეგ ოცამდე ფილმში გადაიღეს.

პატარა ნანული კინოში რეზო ჩხეიძის წყალობით მოხვდა – რეზო ჩხეიძემ ერთ-ერთ ოჯახში სუფრაზე ნახა და ცალკე მშობლებს ურჩია ბავშვის კინოსინჯებზე მიყვანა, ცალკე კიდევ რეჟისორებს – ამ როლისთვის ზედგამოჭრილი იქნებაო.

ნანული 1500 პოტენციურ მანანას შორის აარჩიეს. აარჩიეს და პატარა გოგომ თავი ზღაპარში ამოყო – სესილია თაყაიშვილის, სანდრო ჟორჟოლიანის, მედეა ჩახავას, იპოლიტე ხვიჩიას გვერდით. სწორედ სესილიას დაჟინებული რჩევით ჩააბარა ნანული სარაჯიშვილმა თეატრალურ ინსტიტუტში. „ნივკოემ სლუჩი“, შენ სხვაგან არ უნდა ჩააბარო – უთქვამს სესილიას თავის ეკრანული „შვილიშვილისთვის“. ნანული სარაჯიშვილს „მანანას“ შემდეგ სრული 15 წლიანი პაუზა ჰქონდა, მერე კი… ახტაჯანა მანანა ახტა და პირდაპირ „ბოზობაზე“ გადახტა – გიორგი შენგელაიამ „ვერის უბნის მელოდიებში“ ტურფა ათამაშა…

ზურაბ ყიფშიძე

 

აი, ზურა ყიფშიძეს კი არც მეტი არც ნაკლები კინოში საქმე ცხენმა „ჩაუწყო“. პატარა ზურა მთელ დღეებს იპოდრომზე ატარებდა და ასაკის კვალობაზე საკმაოდ კარგად დაჯირითობდა. იმ ხანად გიორგი შენგელაია „მაცი ხვიტიას“ იღებდა და სწორედ ისეთ ბიჭუნას ეძებდა, ვინც ცხენს დააქროლებდა. პატარა ზურა იპოდრომზე იპოვეს და პატარა კოჭოიას როლზე აიყვანეს.

„მაცი ხვიტია“ რომ ეკრანებზე გამოვიდა ზურა უკვე 13 წლის იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა, მაგრამ გამოაგდეს, ბოჰემური ცხოვრებისა და ბევრი გაცდენების გამო – შოთა და ნოდარ მანაგაძეები „წუთისოფელში“ იღებდნენ, კომკავშირელი აფრასიონის როლში. მაშინ თეატრალური ინსტიტუტის რეაქტორი კაგებეს პოლკოვნიკი თავაძე იყო, დაიბარა ზურა და ზურას დედა – ქალბატონი ელენე ყიფშიძე. როგორც ზურა იხსენებს, თავაძეს შეურაცხყოფაც მიუყენებია ლენასთვის. ზურას ვერ მოუთმენია და სამელნე უსვრია რექტორისთვის. ჰოდა, გამოაგდეს. მეორე წელს თავიდან ჩააბარა, მიშა თუმანიშვილმა აიყვანა, მაგრამ ისევ კინო „აუძღვა“ – ამჯერად უკვე ლანა ღოღობერიძე იღებდა „როცა აყვავდა ნუშში“ – თან მთავარ როლში და ისევ აცდენდა და აცდენდა ინსტიტუტს და ისევ მოუწია ინსტიტუტის დატოვება. მესამედ უკვე მოსკოვის კინოინსტიტუტში ჩააბარა გერასიმოვთან, მალე კი ეკრანებზე „როცა აყვავდა ნუში“ გამოვიდა და ზურა ყიფშიძე 19 წლის ასაკში ნამდვილი კონოვარსკვლავი გახდა. ამ ეტაპისთვის მას ვარსკვლავობის 38 წლიანი სტაჟი აქვს…

ნანი ჩიქვინიძე და მიხო ბორაშვილი

„მაგდანას ლურჯა“ რომ ეკრანებზე გამოვიდა, ნანი ჩიქვინიძე სულ 5 წლის იყო, მიხო ბორაშვილი – 7 წლის. ფილმის გადაღება რომ დაიწყეს – მიხო ახალი მისული იყო სკოლაში, ნანი კი ჯერ ოთხიწლინახევრის იყო.

კატოს როლის შემსრულებელს თენგიზ აბულაძე და რეზო ჩხეიძე საბავშვო ბაღებში დაეძებდნენ. ასე მოხვდნენ ერთ-ერთ ბაღში, სადაც ნანის ნათესავი მუშაობდა. რეჟისორებმა იმ ბაღში ნანახი გოგოები დაიწუნეს, ნანის ნათესავმა რეჟისორებს შებედა, ჩემი ნათესავი ნახეთო. შებედვით კი შებედა, მაგრამ მისამართი შეცდომით მისცა და რეჟისორებმა ნანის ვერ მიაგნეს… ნანის დედამ ეს ამბავი ერთი თვის დაგვიანებით გაიგო. დაინტერესდა და მხატვარ რეზო თარხან-მოურავს კინოსტუდიაში გაატანა. როლზე უკვე სხვა გოგონა იყო დამტკიცებული, მაგრამ დიდად კმაყოფილები არ იყვნენ, ნანიც გასინჯეს – ამღერეს, ლექსი ათქმევინეს და შინ გაუშვეს. შინ მისულმა ნანიმ დაიტრაბახა – იქ ჩემზე ასე თქვეს – რა შედარებააო. ერთ საათში მიაკითხეს, პატარა ნანი წაიყვანეს და როლზე დაამტკიცეს. გადაღებები დაიწყო, თენგიზ აბულაძემ და რეზო ჩხეიძემ ნანი და მიხო „გაინაწილეს“ –  ნანი აბულაძეს აეწეპა, მიხო – რეზო ჩხეიძეს.

პატარა არტისტები იღლებოდნენ მაგრამ მუშაობა საოცრად სიამოვნებდათ.

არავის ეგონა რომ პატარა ნანი და პატრა მიხო თავად შესძლებდნენ გახმოვანებას და გახმოვანებისთვის მოზარდმაყურებლთა თეატრიდან მიიყვანეს მსახიობები. მერე ბავშვები სინჯეს და აღარავინ დაასჭირდათ, პატარა მსახიობები პირველივე ცდაზე სვამდნენ ტექსტს. ერთადერთხელ გაწვალდნენ – პატარა მიხოს ვერ ატირებდნენ, მერე რაღაც უთხრეს მშობლებზე და აატირეს… პატარა ნანის კი ერთხელაც რომ უთხრეს ეს წინადადება გაიმეორეო, „მსახიობმა“ იკითხა – ამას ვფიქრობ თუ ვამბობ?..

პატარა ნანის და მიხოს არტისტობით რომ ნამდვილად მოიხიბლნენ თენგიზ აბულაძე და რეზო ჩხეიძე, ეს შემდგომი ფილმებიდანაც ჩანს.

თენგიზ აბულაძეს საერთოდ ნანის და მიხოს მონაწილეობით უნდოდა ახალი ფილმის გადაღება და გადაიღო კიდეც – „სხვისი შვილები“, ფილმისთვის სიუჟეტს „კომსომპლასკაია პრავდაში“ გადააწყდა. „სხვისი შვილების“ გადაღების დროს ნანი უკვე 7 წლის გოგონა იყო, მიხო ბორაშვილი – 9 წლის.

„სხვისი შვილების“ გადაღებამდე ნანი რეზო ჩხეიძემ „ჩვენს ეზოში“ გადაიღო.

თენგიზ აბულაძემ თავისი არტისტი ნანი არც შემდეგ დაივიწყა „მე, ბებია ილიკო და ილარიონს“ რომ იღებდა და 13 წლის ნანის მოწაფის როლი ათამაშა. აბულაძემ არც მიხო ბორაშვილი დაივიწყა და რომული ათამაშა.

მიხო ბორაშვილი არც რეზო ჩხეიძემ დაივიწყა – „ღიმილის ბიჭების“ გადაღებისას. 21 წლის მიხო ბორაშვილს თავიდან თემურის როლზე სინჯავდნენ, მერე კახა ქორიძე იპოვეს, მიხოსთვის რომ გული არ დაეწყვიტა, ბაადურის როლი მისცა…

ნანი ჩიქვინიძემ სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტს მიაშურა. თუმანიშვილის სტუდენტი გახდა, შემდეგ თუმანიშვილის ასისტენტის – თემურ ჩხეიძის ცოლი და რაც მთავარია ქართული თეატრის წამყვანი მსახიობი… მიხო ბორაშვილი დოკუმენტური კინოს რეჟისორი – გადაღებული აქვს ათზე მეტი დოკუმენტური ფილმი…

ლევან აბაშიძე და ნუცა ალექსი-მესხიშვილი

ლევან აბაშიძე 15 წლის იყო, როდესაც ეკრანებზე გამოვიდა ლანა ღოღობერიძის ფილმი „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, სადაც ლევანი სოფიკო ჭიაურელის გმირის შვილს ანსახიერებდა.

ვინ აღმოაჩინა ლევან აბაშიძე? ქართული კინო მის აღმოჩენას ლანა ღოღობერიძის უმცროს ქალიშვილს ნუცა ალექსი-მესხიშვილს უნდა უმადლოდეს – ლევანზე სამი წლით უმცროსმა ნუცამ დედას პირდაპირ ულტიმატუმი წაუყენა – თუ ლევანს არ გადაიღებ, ნურც მე გადამიღებო.

ამ დროს, ნუცა უკვე „გამოცდილი“ მსახიობი იყო – გივი ვეფხვაძეს უკვე გადაღებული ჰყავდა მოკლემეტრაჟიანი ფილმ „ბავშვებში“, სადაც ის პარტნიორობას უწევდა ეროსი მანჯგალაძეს. მოკლედ, ლევან აბაშიძეს დაქალმა „ჩაუწყო“ საქმე კინოში.

„გადასაღებ მოედანზე პირველად მეშვიდეკლასელი მოვხვდი, როგორც ამბობენ „ნაცნობობით“, ვმეგობრობდი ლანა ღოღობერიძის ქალიშვილთან, ნუცა ალექსი-მესხიშვილთან. ქალბატონი ლანა იღებდა ფილმს „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“. ჰოდა, აი ამ ფილმში, მე შევასრულლე მთავარი გმირის შვილის როლი…“ – მოგვიანებით იხსენებდა ლევან აბაშიძე.

რიგორც დედამისი, მანანა ხიდაშელი იხსენებს, გადაღების წინა რამე ლევანს თეთრად გაუთენებია ფანჯარასთან. თურმე იცით რატომ? ეშინოდა ამინდი არ გაფუჭებულიყო…

ლევან აბაშიძე შემდეგ დევი აბაშიძემ გადაიღო ფილმში „ყველა კომეტა როდი ქრება“, იქ უკვე თენგიზ არჩვაძის ვაჟს თამაშობდა, შემდეგ „სკაპენის ოინებში“ გადაიღეს, შემდეგ „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობაში“ გიორგი შენდეგალაიამ მთავარი როლი მიანდო. იმ დროს ლევანი უკვე თეატრალურ ინსტიტუტში მიხეილ თუმანიშვილის სტუდენტი იყო და მეორეკურსელი უკვე კინომსახიობთა თეატრში თამაშობდა „ჩვენს პატარა ქალაქში“. ლევან აბაშიძე ქართული კინოს კაშკაშა ვარსკვლავი გახდა – აფხაზეთის ომში ტრაგიკულად დაღუპვამდე 14 ფილმში გადაიღეს…. კინოში გამოჩნდა 15 წლის, დაიღუპა 29 წლის…

ნუცა მესხიშვილი დედამ – ლანა ღოღობერიძემ „ორომტრიალშიც“ გადაიღო, მაგრამ იმ დროს ნუცა უკვე სამხატვრო აკადემიის სტუდენტი იყო. ქალბატონმა ლანამ რომ „ვალსი პეჩორაზე“ გადაიღო, ნუცა ფილმის მხატვრის ამპლუაში იყო. შემდეგ კი მთლად კინოს დაუკავშირა ბედი – პარიზში მიიღო კინოსარეჟისორო განათლება და სულ ახლახანს მისმა გადაღებულმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა „ბედნიერებამ“ სპეციალური პრიზიც დაიმსახურა ვენეციის ფესტივალზე.

სერგო ორჯონიკიძე და მანანა აბაზაძე

ზურიკელას როლის შემსრულებელს (ფილმისთვის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“) დიდხანს ეძებდა თენგიზ აბულაძე. ბოლოს მას უნივერისტეტის „ბირჟაზე“ მიაკვლიეს. 14 წლის სერგო ორჯონიკიძე უნივერსიტეტის წინ იდგა და ფიქრობდა, სკოლაში წასულიყო თუ უნივერსიტეტში შესულიყო და ევარჯიშა? _ ტანაშოტილი ბიჭი იყო უკვე – 183 სანტიმეტრი და კალათბურთში ვარჯიშობდა. სწორედ ამ დროს მივიდნენ მასთან თენგიზ აბულაძის ასისტენტი თამაზ გომელაური და თანაშემწე ალიკა რონდელი, კინოში გადაღება შესთავაზეს და კინოსტუდიაში დაიბარეს. სერგოს ერთი მეზობელი კინოში ჰყოლიათ მიწვეული და სერგოც იმ წამს იმასთან გავარნილა, გამოუკითხავს, იქ რა ხდება ხოლმეო? მეზობელს უთქვამს, ლექსს წაგაკითხებენო და სერგოც სახლში გაქცეულა, გადაუმეორებია გურამიშვილის „ისმინე სწავლის მძებნელო“ და კინოსტუდიაში გავარდნილა… გავარდა და წაუკითხა გადამღებ ჯგუფს ლექსი. იცინოდნენ. მერე ფილმის მხატვარმა დამწვარი ასანთით ულვაშები მიახატა, სურათები გადაუღეს. მეორე დღისთვის დაიბარეს, თან გააფრთხილეს ჯერ სახლში ნურაფერს იტყვიო. სერგომ გაიგო რომ მთავარ გმირს ეძებდნენ „მე, ბებია, ილიკო და ილარიონისთვის“ და ყურები ჩამოყარა, აბა მე ვინ გადამიღებსო. მას სხვანაირად წარმოედგინა – სადმე კადრში გაირბენდა და მერე ძმაკაცებში იტრაბახებდა – აი მე ვარო… აქ კი მთავარი როლი… მეორე დღეს მისულს მაგიდაზე უამრავი „ზურიკელას“ ფოტო დახვდა… მაგრამ მოხდა მისთვის სასწაული – თენგიზ აბულაძემ მისი ფოტო გულის ჯიბიდან ამოიღო… სახლში სცენარიც გამოატანეს – ზურიკელას ეგზემპლარი… სერგო სახლში გაფრინდა, მაგრამ ჯერ წინ სინჯები იყო.

გადაიღეს რამდენიმე სცენაში, იღებდნენ სხვებსაც. ბოლოს სამხატვრო საბჭოზე სერგოს და გოგი ქავთარაძის სინჯები გაიტანეს. გოგი ქავთარაძე უკვე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო და ბევრად გამოცდილიც, მაგრამ აბულაძემ სერგო ორჯონიკიძე აირჩია… მაისის თვეში გადაღებაზე ლეჩხუმის სოფელ ლაილაშში გავიდნენ. სერგო-ზურიკელამ გაილაღა. აბულაძე განწყობის შესაქმნელად პატარა ბიჭს ანეგდოტებს უყვებოდა. გადაღების დაწყებისას კი ახსენებდა ის ანეგდოტი ხომ გახსოვსო… ერთხელ სერგო-ზურიკელას კადრში დროზე ვერ გაურბენია და აბულაძეს საჯაროდ დაუძახია – „ზურიკელა დურაკ“. რასაც პატარა არტისტზე ისე უმოქმედია, გაქცეულა და ტირილი დაუწყია…

ფილმს კი იღებდნენ, მაგრამ მერი ისევ არ ჰყავდათ… ლამის თბილისში ვინც კი გოგო იყო 12 წლიდან 20 წლამდე ყველა მივიდა და ყველა დაიწუნეს. თავიდან თინიკო მგალობლიშვილს სინჯავდნენ, მაგრამ ეკრანზე სამხრეთამაერიკელს გავდა, როლზე ლია სიხარულიძე დაამტკიცეს, მაგრამ უკმაყოფილო იყვნენ, ბოლოს მერის – მანანა აბაზაძეს ბიჭვინთაში გადასაღებ მოედანზე მიაგნეს. რუსი რეჟისორი ფილმ „შავ თოლიას“ იღებდა კუბის რევოლუციაზე, 12 წლის მანანა აბაზაძე კუბელ გოგონას თამაშობდა. გამოკითხეს გვარი, სახელი, მისამართი, სურათი გადაუღეს და მაშინვე შესთავაზეს ჩვენთან წამოდი გადაღებაზეო. მანანამ „კინოზვეზდასავით“ იუარა, არა, ჯერ ეს ფილმი უნდა დავამთავროო… მაგრამ აბულაძე მანანას მშობლებს მოელაპარაკა და მანანა ბუზღუნ-ბუძღუნით წამოიყვანეს ბიჭვინთიდან… მანანა აბაზაძე დედით რუსია, 9 წლამდე რუსეთში ცხოვრობდა და ქართულიც არ იცოდა, აბულაძემ მასთან რუსულად დალაპარაკება ყველას სასტიკად აუკრძალა და 2 წელიწადში მანანა ქართულად ალაპარაკდა…

მანანა აბაზაძემ სერგო ორჯონიკიძე რომ ნახა – არ მოეწონა, როგორც თავად გაიხსენებს ძაღლი და კატასავით იყვნენ. აბულაძე კი მათ ცოლ-ქმრობისთვის ამზადებდა. სერგოს ეუბნებოდა – შენ მანანას მოიყვან ცოლად! მანანას ეუბნებოდა – ზურიკელას გაჰყვები ცოლად!

თენგიზ აბულაძე სერგოს არასოდეს ეძახდა სერგოს, მუდამ ზურიკელას ეძახდა და ტიტრებშიც ასე ჩაუწერა… იმ დროს ეს რასაც ნიშნავდა, ხვდებით ალბათ…

ზურიკელასთვის ყველაზე რთული ფილმის ბოლო სცენები იყო, სადაც ზურიკელა უკვე სტუდენტია. ამ სირთულის დაძლევაში მას თენგიზ აბულაძე დაეხმარა – ფილმს ქრონოლოგიური პრინციპით იღებდა და სერგოც ზურიკელასთან ერთად იზრდებოდა… აბულაძე „ზურიკელას“ და „მერის“ გვერდიდან არ იშორებდა და ყველას აცნობდა, ესენი ჩემი გმირები არიან, მომავალი ცოლ-ქმარი არიანო. არადა, ბავშვები არაფერს აპირებდნენ – მანანას სხვა ბიჭები მოსწონდა.

მანანა აბაზაძეს ზურიკელა მაშინღა მოეწონა როცა ეკრანზე ნახა, მაშინღა უფიქრია უი რა კარგი ბიჭიაო, ატირებულა და ჩახვევიან ერთმანეთს „ზურიკელა“ და „მერი“… და საბოლოოდ შესრულდა კიდეც აბულაძის ვერდიქტი – ისინი დაქორწინდნენ…

აბულაძე თავის ზურიკელას და მერისთვის ფილმის გადაღებას აპირებდა, როგორც თავის დროზე გადაიღო ნანი ჩიქვინიძისთვის და მიხო ბორაშვილისთვის „სხვისი შვილები“… ზურიკელას კინორეჟისორობისთვისაც ამზადებდა… მაგრამ ზურიკელამ საბოლოოდ ექიმის პროფესია აირჩია… მანანა აბაზაძე მოცეკვავე გახდა… აბულაძე თავის ნაპოვნ მსახიობებს სხვა რეჟისორებისთვის ვერ იმეტებდა და არ უშვებდა რომ სხვასთან გადაეღოთ. 4 წლის შემდეგ მანანა აბაზაძე გიორგი შენგეალაისთან წავიდა – „მაცი ხვიტიაში“ ეკა ითამაშა, რამაც ბზარი გააჩინა მათ ურთიერთობაში…

ლიკა ქავჟარაძე და სოსო ჯაჭვლიანი

ლიკა ქავჟარაძე 12 წლის იყო, საშა მაიოროვმა რომ შენიშნა ქუჩაში და კინოში გადასაღებად დაიბარა. პირველად ლიკა ქავჟარაძე მოკლემეტრაჟიან ფილმ „შადრევანში“ იხილა მაყურებელმა. შემდეგ ლანა ღოღობერიძის ფილმში „როცა აყვავდა ნუშშიც“ გაიელვა თაიგულით ხელში. 13 წლის ლიკა ლიანა ელიავამ კომედია „მშვენიერ კოსტუმში“ გადაიღო ელისოს როლში, შემდეგ მუსიკალურ ფილმში „სიყვარული ივერია და…“ – გადაიღეს, შემდეგ „ნატვრის ხეში“ გადაიღო აბულაძემ და… 16-იოდე წლის ლიკა ქავჟარაძე იქცა ხატებად – თაობების ნატვრის ქალად…

 

ლიკა ქავჟარაძის მარიტაზე შეყვარებულ გედიას მისი თანატოლი სოსო ჯაჭვლიანი თამაშობდა. სხვათაშორის, სოსო ჯაჭვლიანი და ლიკა ქავჟარაძე შემდეგ „კავკასიურ რომანსშიც“ გადაიღეს (ეს ფილმი „ნატვრის ხეზე“ ადრე გამოვიდა ეკრანებზე), სოსო ჯაჭვლიანის გმირი იაქც უგონოდაა შეყვარებული ლიკა ქავჟარაძის გმირზე, ერთხელ მოიტაცებს, წაართმევენ, მეორედაც მოიტაცებს, მაგრამ ხელში შეყვარებულის ნაცვლად ბებიამისი შერჩება… ჯაჭვლიანის გმირი თავის მოკვლას გადაწყვეტს, მაგრამ ისევ სატრფო იხსნის – „ბაბუშკას“ გაკოჭავს და შეყვარებულთან ერთად გაიპარება…

სოსო ჯაჭვლიანი გადასაღებ მოედანზე 15-16 წლის მოხვდა, შემდეგ თეატრალური ინსტიტიტი დაამთავრა, დღემდე 20-ზე მეტ ფილმშია გადაღებული, 21-ე საუკუნეში კინორეჟისორობასაც მოჰკიდა ხელი, ბოლოს „სვანი“ გადაიღო.

ლიკა ქავჟარაძეს კი წარმატებული კინოკარიერის მიუხედავად, არ ჩაუბარებია თეატრალურ ინსტიტუტში – ნიჭიერთა ათწლედის დასრულების შემდეგ კონსევატორია დაამთავრა. მუსიკას ასწავლიდა და თავად იყო ქალი – მუსიკა… გადაღებულია 20-ზე მეტ ფილმში.

გელა ჭიჭინაძე – სოსოსია

გელა ჭიჭინაძე გია ფერაძესთან მეგობრობდა, გიამ პიონერთა სასახლეში დრამწრეში წაიყვანა. მთავარი როლი მისცეს, მერე რეჟისორმა ანზორ ქუთათელაძემ მარჯანიშვილის თეატრში მიიწვია – „ჯარისკაცის ქვრივში“ ზურიას თამაშობდა – დოდო ჭიჭინაძის სცენური შვილი იყო წელიწადზე მეტხანს და აი, მის კარზე კინომაც დააკაკუნა.

სკოლაში ლანა ღოღობერიძის ასისტენტი მივიდა, „სოსოიას“ ეძებდა – „მე ვხედავ მზისთვის“. ასისტენტს გელაზე მიასწავლეს – არტისტობსო. 15 წლის გელა კინოსტუდიაში სინჯებზე დაიბარეს, უღეს და უღეს სინჯები, ხან რა გრიმს უკეთებდნენ, ხან რა გრიმს, ხან რას აცმევდნენ, ხან რას, ხან რის გაკეთებას ავალებდნენ, ხან რისას, ისიც გულმოდგინედ აკეთებდა – კინოში მოხვედრის დიდი სურვილით. 2 თვე არაფერი იცოდა, მერე დაურეკეს და უთხრეს დამტკიცებული ხარ როლზეო. ბრახ და გადასაღებ მოედანზე აღმოჩნდა და… და დაატყვევა ეკრანული „მამიდის“ – ლია ელიავას სილამაზემ. ფილმში მთელი ქართული კინოს ელიტა იყო დაკავებული – სესილია თაყაიშვილი, თენგიზ არჩვაძე, სპარტაკ ბაღაშვილი, იპოლიტე ხვიჩია, კაკო კვანტალიანი, ელენე ყიფშიძე, დუდუხანა წეროძე, სანდრო ჟორჟოლიანი, გოგი გეგეჭკორი…

გადასაღებ მოედანზე აღარავის არც მსახიობებს და რეჟისორს და აღარც თავად გელას აღარ ახსოვდათ რომ გელა ერქვა, ყველა სოსოიას ეძახდა.

პირველად არაყიც გადასაღებ მოედანზე „ახუხინეს“ –  თევზაობის სცენას სოხუმთან იღებდნენ, წყალი გაყინული იყო და პატარა ბიჭს სციოდა, თენგიზ არჩვაძის და „სოსოსიას რუსის“ – რუსი მსახიობ გლებ სტრიჟენოვის მოთხოვნით გელას არაყი დაალევინეს…

ხატიას როლის შემსრულებელი ლეილა ყიფიანი ჯერ კიდევ სინჯებისას გაიცნო და დანახვისთანავე შეუყვარდა, ახალციხეში გადაღებების დროს სიყვარულიც აუხსნა, ლეილამ სიტყვა ბანზე აუგდო – სიცილში „გაუტარა“… ნახევარი ფილმი ისე გადაიღეს „სოსოია“ და „ხატია“ ერთმანეთს ხმას არ სცემდნენ… მხოლოდ მოსკოვის ფესტივალზე, ფილმის პრემიერის დროს შერიგდნენ…

„სოსოიას“ მერეც იწვევდნენ ფილმებში, მაგრამ უარს ამბობდა – სოსოიად დარჩა და აღარც მსახიობობა გააგრძელა – სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტი დაამთავრა. მთელი ახალგაზრდობა თბილისის ხატვას შეალია…

ღიმილის ბიჭები

კახა ქორიძე პირველად კინოში რეზო ესაძემ გადაიღო, მაგრამ ის ფილმი  („ერთხელ“), ანტიეროვნულ ნამუშევრად გამოაცხადეს და კადრიც კი არ დატოვეს მისგან. მაშინ კახა ქორიძე ათიოზე წლის ბიჭუნა იყო. მერე კი, რეზო ჩხეიძემ „ღიმილის ბიჭებში“ – თემურის როლზე…

ამ ერთი ფილმით შევიდა ის ქართულ კინოში. მიუხედავად იმისა რომ მას ხშირად იწვევდნენ კინოში… შემდეგ კინოში ორი ფილმის დამდგმელი მხატვარი იყო, კინომსახიობთა თეატრშიც მოღვაწეობდა გარკვეული პერიოდი მხატვრად…

„ჭკუისკოლოფა“ – ნუგზარ ბაგრატიონი თეატრალურ ინსტიტუტში აბარებდა რეზო ჩხეიძემ რომ როლზე აიყვანა. ეს როლი მისი ერთადერთი კინოროლი აღმოჩნდა – მიუხედავად იმისა რომ სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ნუგზარ ბაგრატიონმა სარეჯისოროზე განაგრძო სწავლა და თეატრის რეჟისორი გახდა.

მის ცხოვრებაში „ღიმილის ბიჭები“ გადამწყვეტი აღმოჩნდა – სწორედ მაშინ შეუყვადათ ერთმანეთი ლეილა ყიფინას და ნუგზარ ბარგატიონს… თუმცა, ნუგზარ ბაგრატიონი ჯერ კიდევ 51-ე სკოლაში სწავლობდა, იქვე მცხოვრებ ლეილა ყიფიანი რომ შეამჩნია, მერე ლეილა ყიფიანი ლანა ღოღობერიძემ „მე ვხედავ მზეში“ გადაიღო, მერე ერთ ფილმში აღმოჩნდნენ… ნუგზარ ბაგრატიონს თვალი მამამისმა პეტრე გრუზინსკიმ აუხილა – ნახე რა ლამაზი გოგოა, ყურადღებას რატომ არ აქცევო… მერეც პეტრე გრუზინსკიმ გამოიტანა ვერდიქტი – ეს გოგო ჩემი რძალი უნდა გახდეს! გახდა კიდეც – „ღიმილის ბიჭების“ გამოსვლიდან 2 წელიწადში, ლეილა ყიფიანმა და ნუგზარ ბაგრატიონმა ჯვარი დაიწერეს სვეტიცხოველში…

ბიძინა ჩხეიძე 16 წლისაც არ იყო, მამამ – რეზო ჩხეიძემ ბეთხოვენას როლზე რომ დაამტკიცა „ღიმილის ბიჭებში“… თუმცა, ბიძინა ჩხეიძის გადაღება მამის ინიციატივა არ ყოფილა – სცენარის ავტორმა სულიკო ჟღენტმა უთხრა რეზო ჩხეიძეს – ბეთხოვენა ასეთად წარმომიდგენიაო. მსახიობი მოგვიანებით იტყვის, რომ მამა ძალიან დაეხმარა როლის შექმნაში – უხსნიდა, აჩვენებდა, როგორ უნდა ებღავლა… ბიძინა ჩხეიძე კინოს მსახიობი და რეჯისორი გახდა. გადაღებულია ათზე მეტ ფილმში, გადაღებული აქვს ათი ფილმი…

გოჩა ლომია კინოში ჭიჭყინმა მოახვედრა. იდგა და კალათბურთის მოედანზე ჭიჭყინებდა როცა „ღიმილის ბიჭების“ გადამღები ჯგუფის წევრებმა შეამჩნიეს.

უკითხავთ რა უნდა გამოხვიდეო და 14 წლის ბიჭს სხარტად უპასუხნია – მე? კონტრრაზვეტკა!

გოჩა ლომიას გამოჩენამდე ბოლოკას როლისთვის თაზო თოლორაიას ამზადებდნენ. ლომია რომ გამოჩნდა, თაზო თოლორაია ლევანის როლზე დაამტკიცეს. თაზო თოლორაიას რეზო ჩხეიძე ბავშვობიდან იცნობდა და ამ ნაცნობობით მოხვდა კინოში. ფილმის გადაღება რომ დაიწყო თაზო თოლორაია მეცხრე კლასში იყო და ბოლო ორი წელი სკოლაში არც უვლია – სულ გადაღებებზე იყო… „ღიმილის ბიჭებამდე“ თაზო თოლორაია გუგული მგელაძემ „ცისკრის ზარებში“ გადაიღო, „ღიმილის ბიჭების“ გამოსვლამდე ეკრანებზე „ბზიანეთი“ გამოვიდა, სადაც თაზო თოლორაია თამაშობდა…

„ღიმილის ბიჭების“ ეკრანებზე გამოსვლიდან მალე კი ეკრანებზე გამოვიდა „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“. თაზო თოლორაია თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი გახდა, 20-ზე მეტ ფილმშია გადაღებული და დაღუპვამდე საყვარელ საქმეს მისდევდა… გოჩა ლომია კი რამდენიმე ფილმში კიდევ გადაიღეს, შემდეგ იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა და კინოს ჩამოშორდა…

 

თამაზ ჩხენკელი – მეათე ხერხეულიძე

2010 წლის ნოემბერში 83 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი პოეტი,  მწერალი, ლიტერატორი და მთარგმნელი – თამაზ ჩხენკელი…

მკითხველს ვთავაზობ ნარკვევს – თამაზ ჩხენკელის პორტრეტს, რომელიც გამოქვეყნდა „დილის გაზეთში“ 2001 წლის 26 მაისს.

მეათეს პორტრეტი

“სისხლში ნაფერი ხმლები ელავდნენ,

ცხრა ძმაც გასჩეხეს, როგორც

ნაძვნარი…

მე ვარ მეათე, –

ხმლით ნაკოდი და მარაბდული მზით

გადამწვარი!”

ამ ლექსს 1946 წელს 19 წლის თამაზ ჩხენკელი დაწერს, მერე და მერე, მეათე ხერხეულიძის ენერგიას შემოქმედებაში გახარჯავს. მაშინ, როცა კომუნიზმს და პარტიას რწყავდნენ რითმებით, ის მზეს, სამზეოს და სამზეოს მზიან მხარეს რუჯავდა თავისი ლირიკით. ამიტომაც მის ლექსებს გვიანობამდე არ დასცემიათ მზის სხივები. ის თარგმნიდა, გენიოსთა ქმნილებებით იოხებდა დარდს.

მან ბავშვობიდან იცოდა, რომ დაპყრობილი ქვეყნის შვილი იყო, იცოდა როგორ დაიპყრეს მისი ქვეყანა, იცოდა მაშინ, როცა ეს ბევრმა არც იცოდა.

“ბიძაჩემი სოსო ასლანიშვილი ცნობილი კაცი იყო, ყოფილი ოფიცერი, ექიმი, “შევარდენის” წევრი, ცნობილი მთამსვლელი, ჟურნალ “შევარდენის” რედაქტორი. მანამდე ორი ჟურნალი ჰქონდა დაარსებული – “თეატრი და მუსიკა”, “ხელოვნება”. 1924 წლის შემდეგ სამედიცინო ჟურნალს რედაქტორობდა. მამაჩემი ადრე გარდაიცვალა, მასთან ვცხოვრობდი, არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკა ჰქონდა, რაღას არ ნახავდი იქ, არჩილ ჯორჯაძის წიგნებს, რევოლუციამდე გამოცემულ ივანე ჯავახიშვილის ტომებს, “ქართლის ცხოვრებას”, მიხეილ ჯავახიშვილის თხზულებებს, 1920 წელს გამოცემულ კოლაუ ნადირაძის “ბალდახინს”. შინ გვქონდა “მეოცნებე ნიამორების” ცამეტივე რვეული, “ცისფერი ყანწები”, “ილიონი”, “მშვილდოსანი”, სხვა ძველი ჟურნალები. ყველაფერი ეს წაკითხული მქონდა, მათ შორის არჩილ ჯორჯაძის კამათი ნოე ჟორდანიასთან. ვიცოდი კოჯრის ამბები, ტაბახმელასთან ბრძოლის ამბები. 18 წლის ვიყავი, “აზეულა” რომ დავწერე.

“ქედებმა მითხრეს გულის ვარამი,

შენ კრთი, შემხვდი სხვებზე ჯიუტი, –

გქონდა ნაღველი – გულში მალავდი,

მარტო იდექ და არას ჩიოდი.

სიმწრისგან ახლაც კბილით

ხრავ დუღაბს,

თავს გეხვევიან თეთრი ღრუბლები.

ო, კოჯრის ციხევ, მხოლოდ შენ დუმხარ,

მხოლოდ შენ არას არ მეუბნები.

მაგრამ მე ეს მზე დამემოწმება –

თუმცა არ იცი კვნესა და ოხვრა,

გავიგე შენი დიდი ოცნება

და მობჯენილი ყელამდე ბოღმა!”

სწორედ ბიძაჩემთან ვნახე ზურაბ ტატიშვილი, რომელიც იუნკერი იყო. ერთ მშვენიერ დღეს, ჩვენთან სტუმრად მოვიდა ვიღაც ტანადი კაცი. გაიშალა სუფრა, ერთი სადღეგრძელოს თქმის უფლება მეც მომცეს. დავლიე იუნკრების სადღეგრძელო. ზურაბ ტატიშვილმა მაჩვენა თავისი ჭრილობა – ხიშტით ჰქონდა მკერდი გაგლეჯილი. იმ ნაჭრილობევზე ვაკოცე. მერე ძველ გაზეთში წავიკითხე, ზურაბ ტატიშვილი რომ ჩამოუყვანიათ დაჭრილი, ჯერაც შეუხორცებელ ჭრილობაზე უკოცნია კათალიკოს ამბროსი ხელაიას.

თამაზ ჩხენკელი საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას ყმაწვილობიდან განიცდიდა, იცოდა რა, რომ ეს იმ პარტიის კისერზე იყო, რომელსაც ხელთ ეპყრა მართვის სადავეები. იცოდა ისიც, რომ 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადება იძულებით იყო განპირობებული და არ ყოფილა თავისუფლებისადმი სწრაფვის კულმინაცია. რასაც მაშინ განიცდიდა, დღესაც განიცდის. ბოლოდროინდელ წერილში “განვემზადოთ ახალი საუკუნისათვის”, იგი წერს:

“ჩვენი დღევანდელი მენტალიტეტით – არქაულ-საბჭოური ტვინით და რუტინული ყოფის წეს-ჩვეულებებით ვერ შევაბიჯებთ მომავალ საუკუნეში.

საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მაგრამ დამოუკიდებლობას არ მოუტანია ჩვენთვის მოსალოდნელი სიხარული და ენთუზიაზმი. თვითონ “დამოუკიდებლობა”, გარკვეული აზრით, გადმოგდებული იყო: მიზნის მისაღწევად თავად ჩვენ უაზრო მსხვერპლის გარდა არაფერი გაგვიღია. იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომელთაც ითავეს სახელმწიფოს გაძღოლა, ძალაუფლებისადმი პათოლოგიური ლტოლვა უფრო გამოამჟღავნეს, ვიდრე პოლიტიკური შორსმჭვრეტელობა და შედეგმაც არ დააყოვნა: საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი უცხო სახელმწიფოს კონტროლს ექვემდებარება, ზღვისპირეთის ნახევარზე მეტი მიტაცებულია. ხაზინა ცარიელია, მოსახლეობა – გაღატაკებული და ხელჩაქნეული. ხელისუფლება კორუფციაშია ჩაფლული, რეგიონები ცენტრისადმი და ურთიერთისადმი გაუცხოებულნი, ხოლო ზოგჯერ დაპირისპირებულებიც არიან. გამეფებულია ცხოველური ეგოიზმი, მოხვეჭის ველური ჟინი. უწიგნური, გადაგვარებული ნუვორიშების და უნიათო, “აბულიით სნეული” ფუნქციონირების ხელშია ქვეყანა. ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობა შელახულია. ნაციონალური ინტერესებისადმი სუფევს გულგრილობა და აპათია. ხალხის სახელმწიფოებრივი ცნობიერება მოდუნებულია (ამ მხრივ, სრულ უმოქმედობაშია ტელევიზია). ანტიქართულ ძალებს ხსნილი აქვთ გზა. ფაქტობრივად, მეორდება ის, რაც ძლიერ გვაგონებს ხელისუფლებაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის მოსვლის წინა პერიოდს.

ხსენებულმა პარტიამ, ვისაც “ქართველი ერის სადავეები ეპყრა ხელთ, ქართულ მიწაზე ორიენტაცია ვერ მოახერხა”, მან “ქართველ ერს გზა-კვალი აუბნია ქიმერიული იდეალებით” და ეს მოხდა იმიტომ, რომ მის ლიდერს “ქართული სული არ ედგა სხეულში” (კ. გამსახურდია, 1921, 26 მაისი). რას ნიშნავს ამ შემთხვევაში, “ქართული სული”? ეს ნიშნავს ქართველი ხალხის სწრაფვების გამოცნობას, მისი მეტაფიზიკური სიღრმის საცნაურყოფას, მისი ხასიათისა და იდუმალი სულისკვეთების გაგებას და ბოლოს, მისი ნაციონალური ინტერესების უზენაესობის აღიარებას. მაგრამ ქართველი ხალხის არც სულისკვეთება და არც მიზნები დამალული არ ყოფილა და მათ მისაღწევად ილია ჭავჭავაძეს ჯერ იმპერიის ფარგლებში ავტონომიის მოპოვება მიაჩნდა მიზანშეწონილად. სწორედ ამიტომ დაუპირისპირდა ილიას რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ქართული “ფილიალი” და მისი ლიდერი, რომლის ცნობიერებაში საერთოდ არ არსებობდა “საქართველოს დამოუკიდებლობა” არც აწმყოში და არც მომავალში. მან შეძლო ერის ენერგიის უტოპიური, ილუზორული მიზნების კალაპოტში გადაგდება და გამარჯვებასაც მიაღწია. ქართველი “მენშევიკების” პარტია, აშკარადმოქმედი ანტიქართული პოლიტიკით, პირველი უძღები შვილია ქართულ სინამდვილეში. “მამათა და შვილთა” ფუნდამენტური გათიშვა სწორედ აქ მოხდა და არა იქ, სადაც გვასწავლიდნენ. ამ გათიშვის ტრაგიკული წერტილია ილიას მკვლელობა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქართველი ერი ასცდა სწორ გზას, რომ მისი ტვინი დაიბანგა, რომ ის აცდუნეს. სხვათა ჭკუაზე აღზრდილი ლიდერის ორწლიანმა დაბრუნებამ “მამის წიაღში” ვერ ზღო ოცწლიანი დაპირისპირება. ამ ოცწლიანმა ანტინაციონალურმა პროპაგანდამ შეამზადა ნიადაგი ბოლშევიკურ საქართველოში იმ უმაგალითო დახვრეტებისათვის, რომელიც აგრეთვე ოცი წელი გრძელდებოდა”.

იმ დახვრეტებს ბევრი ემსხვერპლა თამაზ ჩხენკელის გარემოცვიდან.

“1924 წელს დახვრიტეს ბიძაჩემი ვანიჩკა ჩხენკელი, 1937 წელს – მამაჩემის დეიდაშვილი ლეჟავა, ქუთაისის მიტროპოლიტი, დახვრიტეს დედაჩემის ბიძა დონ გაბრიელ ასლანიშვილი, რომელიც იყო კათოლიკე მღვდელი, საფრანგეთში ჰქონდა განათლება მიღებული, ოთხი ენა იცოდა, თარგმნიდა კიდეც. ზაქარია ჭიჭინაძეს უწერია, რომ დონ გაბრიელ ასლანიშვილი იყო შესანიშნავი მამულიშვილი. 1931 წელს დახვრიტეს, იმიტომ, რომ არც ანაფორა გაიხადა, არც მათ ჭკუაზე არ გადავიდა. გააქრეს, არავინ იცის, სად დახვრიტეს. მისი ნათლული ვარ, რომ მიხვდა, ცუდად მიდიოდა მისი საქმე, მე მომნათლა. თუმცა, მე არც კათოლიკე ვარ, არც მართლმადიდებელი, ღმერთი მწამს, მაგრამ ეკლესიურ ცხოვრებას არ ვეწევი. როგორც იასპერსი ამბობს, ფილოსოფიური ღმერთის მაღიარებელი ვარ. ჩვენს სახლში ორჯერ იღებებოდა კვერცხი, გვიხაროდა ბავშვებს.

დიდედაჩემს დავყავდი ხოლმე კათოლიკურ ტაძარში. ქუთაისში სახლი გვქონდა, კათოლიკური ტაძრისგან პატარა ქუჩა გვყოფდა. ტაძარში იყო ორღანი, არაჩვეულებრივი რამ…

მეშვიდე კლასში ჩემით ვისწავლე ასომთავრული და ნუსხახუცური. სკოლიდან შატალოებზე ქაშვეთსა და სიონში დავდიოდით. ერთხელ, ქაშვეთში, მომსახურე ქალს ვუთხარი, ნუსხახუცურ ტექსტს წავიკითხავ-მეთქი. ვერ წაიკითხავო. წავიკითხე, მითხრა, აბა ხმამაღლა წაიკითხეო. ხმამაღლაც წავიკითხე. გაგიჟდა ქალი, ომის დროს სკოლის მოსწავლე წყალივით კითხულობს ნუსხახუცურს. მკითხა, მონათლული თუ ხარო, კი, კათოლიკურად-მეთქი. დაბეჯითებით მითხრა, სასწრაფოდ მოინათლე მართლმადიდებლადო. მაშინ მივხვდი, რაღაცაში რომ იყო საქმე, მერე და მერე, ცხადია, ნათელი გახდა ყველაფერი.

პიროვნული თავისუფლება და სახელმწიფო მანქანა. დღეს მთავრობა იმდენად გვაწუხებს, რამდენადაც ვერ არის მთავრობა, მაგრამ პიროვნული თავისუფლების მოსისხარი მტერი არცთუ იშვიათად ყოფილა საზოგადოებაც. როგორც თამაზ ჩხენკელი ამბობს, საზოგადოებასთან დაპირისპირებული არ ყოფილა. მას ჰყავდა სამეგობრო, რომელსაც საერთო ინტერესები, სულისკვეთება აერთიანებდა. ერთ ჭაჭაზე იყვნენ დაღვინებულნი. ამ სამეგობრომ 1945 წელს დააარსა ხელნაწერი ჟურნალი “პატარა ეჟვანი”. ოჯახი, მშობლების გარემოცვა, საკუთარი მეგობრები, მათი ოჯახები და ყველა ერთად ერთი მენტალური ველი იყო.

საოცრად ინტელიგენტური ატმოსფერო იყო, სადაც ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ ამაზე მაინცდამაინც არავინ ლაპარაკობდა. პირდაპირ ცნობდა ეს ხალხი ერთმანეთს. ასეთი ოჯახები ბევრი იყო, არა ერთი ოჯახი იყო დახვრეტილ-რეპრესირებული. ცხადია, იყო გარეშე საზოგადოება, რომელმაც არც იცოდა 26 მაისი, მაგრამ კარგი ხალხი იყო, თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგიერთი ჩვენი მეგობარი ცეკაშიც მსახურობდა, მაგრამ მათი მენტალიტეტი არ იყო ჩვენისაგან დიდად განსხვავებული. დანარჩენი რა, შინაგან ემიგრაციაში ვიყავით-მეთქი რომ ვთქვა, ნამეტანი იქნება, მაგრამ არ ვაქცევდით ბევრ რამეს ყურადღებას. ვიყავით ჩვენთვის.

თამაზ ჩხენკელი. ფოტო ცირა ბარბაქაძის

– ბატონო თამაზ, ამბობენ, რომ თქვენი სამეგობროდან ზოგი ღიად, ვთქვათ, რეზო თაბუკაშვილი, ზოგიც ფარულად ლანა ღოღობერიძეს ეტრფოდაო.

– ჰო, ეს იყო… დღეს ამის გაგება ცოტა ჭირს. ეს იყო ძალიან რომანტიკული ამბავი, ჩვენი დრო საერთოდ ასეთი იყო. კითხულობდნენ ხოლმე, ვისთან დადის ის, იტყოდნენ, ის დადის იმ ბიჭთან. რამდენიმე წელიწადი ასე დადიოდნენ, არაფერი ხდებოდა. ახლა რომ იტყვიან, იმასთან დადის… რეზოს და ლანას ტრფობა მხოლოდ ლექსებში გამოიხატებოდა, ეს იყო მაღალფარდოვანი რომანტიკა, გნებავთ, რომანტიკული ეროტიკა, რომელიც გამოიხატებოდა მხოლოდ პოეზიით, მეტი არაფრით. მეც ვეტრფოდი ლანას…

მე შენ გიწოდებ ოაზისს, სადაც

დაღლილი ფიქრი ისვენებს მუდამ,

ზღვასავით ვრცელს და ზღვასავით

სადას

უსასრულობას დაგარქმევ თუნდა.

მე შენ გიწოდებ წყაროს საირმეს,

სიცოცხლეს – შენდა სულის მოცემად

და კიდევ (თუკი ფასობს რაიმედ),

ჩემთვის ყველაზე წმინდა ოცნებას.

მერვეკლასელი თამაზ ჩხენკელი პიონერთა სასახლეში მიიტანს ოცგვერდიან შრომას, რომელიც ეხებოდა მოსწავლის მიერ თავისთვის აღმოჩენილ პარალელს, მსგავსებას ყუთლუ არსლანის დასსა და ინგლისურ პარლამენტს შორის. ამ ყმაწვილს რვა ორიანს გამოაყოლებენ და, როგორც სუსტ მოწაფეს, 31-ე ქარხანაში ზეინკლის შეგირდად გაამწესებენ.

“გასამხედროებული ქარხანა იყო, მე, რა თქმა უნდა, არ ვიარე იქ. გადამცეს სასამართლოს, ციხე მელოდა. არაფერმა მიშველა. ცეკას ერთ-ერთ მდივანთან მივიდა დეიდაჩემი, ვერ მიშველეს, არც სასამართლოში მივდიოდი, ბოლოს, იქამდე მივიდა საქმე, ოჯახშიც მითხრეს, უნდა წახვიდე ქარხანაშიო. მე ვთქვი – ციხეში წავალ, ქარხანაში – არა. მერე, დედაჩემის ერთი ნათესავი იყო, გენერალი, შვებულებით საქართველოში ჩამოსული, მას სთხოვა დედამ. ის კაცი მივიდა კანდიდ ჩარკვიანთან, რომელმაც გადამარჩინა ციხეს და ქარხანას”.

ამ კრიზისულ პერიოდში თამაზ ჩხენკელს გაიტაცებს ინდოეთი. რამდენიმე წერილი არჩილ ჯორჯაძესთან წაიკითხა ინდურ ფილოსოფიაზე, ხელში ჩაუვარდა რომენ როლანის ოცტომეული. ვივეკანანდა მასზე უდიდეს გავლენას მოახდენს, ინდური ფილოსოფია მოედო მის მსოფლშეგრძნებას. იგი ვერ გაიტაცა ევროპულმა ფილოსოფიამ. “მე წავიკითხე ჰეგელის შრომები, მაგრამ იქ არ იყო ცოცხალი სული ჩემთვის”. 22 წლის თამაზ ჩხენკელი თარგმნის ვივეკანანდას ლექციებს.

უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, კარგა ხანს, უსამსახუროდ ივლის. მამის მეგობარი “საკდესში” მთარგმნელად მოაწყობს.

“საკდესის” დირექტორი იყო ვინმე შატბეროვი, ძველი მფრინავი, ცხადია, კგბ. სულ ოთხი დღე ვიმუშავე იქ. ყოველდღე საათობით მელაპარაკებოდა – ჩვენ გვინდა საბჭოთა ხალხი… ჩემი დაბმა უნდოდა. მეოთხე დღეს პირდაპირ მითხრა, თუ არ მოგეწონა, რასაც ილაპარაკებენ თანამშრომლები, მოდი და მითხარიო. იმ დღესვე წამოვედი. ბევრს დააბამდა, კარგი ჯამაგირი იყო – ოთხ დღეში 450 მანეთი მომცეს. ამისადმი მქონდა ალერგია და შიში, ამიტომ დიდხანს ვერც ვიშოვე სამსახური. 30 წლის ვიყავი, ლიტერატურის ინსტიტუტში რომ მივედი, დღემდე იქ ვარ.

– ბატონო თამაზ, შეიძლება თუ არა, პიროვნულად სრულიად თავისუფალი იყო იმ ქვეყანაში, რომელიც დაპყრობილია?

– შეიძლება. მე ყოველთვის თავისუფალი ვიყავი. ჰერმეტივიზმი – ასეთი ლიტერატურული მიმართულება არსებობდა ფაშისტურ იტალიაში. იყვნენ მწერლები, რომლებიც არ ემსახურებოდნენ იმდროინდელ იდეოლოგიას, არ მონაწილეობდნენ იმ ვითარებაში, რაც მაშინ იყო. ჰერმეტივისტები წერდნენ განყენებულ თემებზე, ამდენად, თავისუფლები იყვნენ.

– ეს შემოქმედებაში, მაგრამ პიროვნულად?

– პიროვნული თავისუფლებაა შემოქმედებითი თავისუფლება. მე ვწერდი ლექსებს, რა თქმა უნდა, ეს ლექსები არ იბეჭდებოდა, მაგრამ რადგანაც ლიტერატურაში მსურდა მუშაობა, ვთარგმნიდი. ჰერმეტივიზმს სწორედ მთარგმნელობით ვინარჩუნებდი. ვთარგმნიდი მიცკევიჩის სონეტებს, ლორკას, თაგორს, ჩინურ ლირიკას. ამიტომ თავისუფლად ვგრძნობდი თავს.

– რომ არა ის რეჟიმი, თქვენი შემოქმედებითი ენერგია ხომ საკუთარ ლირიკას, შემოქმედებას მოხმარდებოდა?

– მერე რა. საკუთარი რა არის? ისიც საკუთარია. ხანდახან ვფიქრობ, რომ შესანიშნავი ამბავი მოხდა. რუსული მთარგმნელობითი ლიტერატურა, განსაკუთრებით პოეზია, სწორედ ამის გამოა ბრწყინვალე. შესანიშნავი თარგმანები დატოვეს უდიდესმა ოსტატებმა – პასტერნაკმა, ზაბოლოცკიმ, მანდელშტამმა, ცვეტაევამ, სხვებმა. ისინი იძულებულნი იყვნენ, ეს ეკეთებინათ. არ უნდოდა პასტერნაკს ამის ბეჭდვა, იმის ბეჭდვა და თარგმნიდა ქართულ პოეზიას, კლასიკურ ლიტერატურას. მოკლედ, მთარგმნელობითი მოღვაწეობა სტიმულირებული იყო იმით, რომ შეზღუდული იყო საკუთარი სათქმელის თავისუფლად გამოხატვა, იდეოლოგია ტოტალურად იყო გამეფებული. ამისგან თავის დახსნის ერთადერთი საშუალება იყო თარგმნა. თარგმნიდი გოეთეს, შილერს, შექსპირს, ამაზე არავინ მოგედავებოდა, იმიტომ, რომ ლენინს ჰქონდა ნათქვამი, “ეს უნდა შევითვისოთ”. თუმცა 30-იან წლებში აკრძალეს ლათინურ-ბერძნული კულტურის შეთვისება, ეს იყო შემზარავი რამ. დოსტოევსკის წიგნებს არ ბეჭდავდნენ, მისი ბეჭდვა დაიწყეს სტალინის სიკვდილის შემდეგ. დოსტოევსკის ვერ წაიკითხავდი. 26 წლისამ წავიკითხე პირველად რევოლუციამდე გამოცემული.

– ბატონო თამაზ, თარგმნა იდუმალებით მოცული პროცესია, თქვენეული თარგმანები ძარღვიანი ქართულით გამოირჩევა. ლორკას თქვენეულ თარგმანებში ბოშურ-ესპანური მგზნებარება ჩქეფს.

– ეს ერთი მთლიანობაა, ლორკა ნაცნობი სამყაროა ქართული ტემპერამენტისათვის, მაგრამ ჩინური სამყარო სრულიად უცხოა. ამდენად, ჩინური ლირიკის თარგმნა გაცილებით ძნელია, უნდა იყოს უცხო, თან ქართული ენისათვის ორგანული, ისეთი შრეები უნდა მოინახოს ენაში, რომ შთაბეჭდილება იყოს უცხოურის. მთელი საიდუმლო ამაშია, ამის დოზირება, რა და როგორ, ძალიან ძნელია. ვინც თარგმნის და როგორც თარგმნის ისეთი იქნება.

ახლა არის სასაცილო ტენდენცია, ძალიან გაქართულება არ შეიძლებაო. რას ნიშნავს ეს? სწორედაც ძალიან გაქართულებული უნდა იყოს, ქართული ლექსი უნდა იყოს, ქართული უნდა იყოს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს საქართველო, ეს უნდა იყოს ქართული ესპანეთი, ქართული ჩინეთი, ქართული ინდოეთი.

სხვათა შორის, ლანა ღოღობერიძის შთაგონებით ვთარგმნე ლორკას “სოლედად”. “სხვისი ცოლის” ბწკარედი ბაჩანა ბრეგვაძემ გამიკეთა. ახალგაზრდობისას ღორჯომში ვიყავი, სოფელია ხულოს ზემოთ. იქ მნახა ერთმა კაცმა, გრიშა ცეცხლაძემ, თქვენ ხართ თამაზ ჩხენკელი თქვენ თარგმნეთ ლორკას ლექსებიო. დიახ, მეთქი. სამივე ლექსი კარგია, სამივე ზეპირად ვიცი, მაგრამ “სხვისი ცოლი” ყველაზე უკეთესიაო. 20 წლის შემდეგ, 80-იანი წლების დასაწყისში, შეხვედრა მომიწყვეს უნივერსიტეტში, ერთმა პირველკურსელმა ბიჭმა მომწერა, ღორჯომელი ყოფილა, “მე დავიბადე იმ წელს, როცა თქვენ იყავით ღორჯომში”…

თამაზ ჩხენკელი ყმაწვილკაცობისას წერდა – “მე ვარ ჭრილობა იმ მიწისა, რომელსაც ჰქვია ღალატი, შური, და მდუმარე ჭაბუკთა ჟინი”. ის ისევ იმ მიწის ჭრილობაა, კალამიც ჭაბუკურად ერჩის და ჯემპრესაც მკლავებზე კვლავინდებურად იკაპიწებს.

ავტორი: რეზო შატაკიშვილი

“დილის გაზეთი”, 2001 წელი, 26 მაისი.

 



 

 

რეზო შატაკიშვილი ქართული გენის მშვენებაზე – ლევან აბაშიძეზე

ის მუდამ ახალგაზრდად და მუდამ ულამაზეს, ელეგანტურ მამაკაცად დარჩება, მას არასოდეს შეევერცხლება თმა, მით უმეტეს – არ გამელოტდება, არ დაუშნოვდება.
მას ვერ გარყვნის დრო, ვერ დაამხობს ჩვენს წარმოდგენებში. ის გმირია და გმირად დარჩება – რომანტიკულ გმირად. გმირად, რომელიც ამშვენებდა ქვეყანას, კინოს და რომელმაც თავი გასწირა სამშობლოსთვის.
დრო უძლურია მასთან, დროს ერთადერთი რამ შეუძლია – ჩვენ დაგვავიწყოს ის…

რომ არა ავბედითი 1992 წელი და აფხაზეთის ომი, წელს, 22 მაისს, ლევან აბაშიძეს 47  წელი უნდა შესრულებოდა…
ის კაცი იყო და იცოდა, რომ არც მარტო ეკრანს ეკუთვნოდა, არც სიგიჟემდე შეყვარებულ ქალებს, იცოდა, რომ ის სამშობლოს ეკუთვნოდა უპირველესად… და თავიც სწორედ ამ უპირველესს შესწირა.

1987 წელს ფრანგულმა პრესამ კანის ფესტივალის მიმოხილვაში, ლიკა ქავჟარაძე მონიკა ვიტის შეადარა, ლევან აბაშიძე – მარლონ ბრანდოს. ისე, თავად ლევანმაც, როდესაც სამი მსახიობის დასახელება სთხოვეს, ჟერარ ფილიპთან და ლიუბშინთან ერთად, სწორედ ბრანდო დაასახელა სამ საუკეთესო მსახიობს შორის. ფრანგები იმედოვნებდნენ, რომ ლევან აბაშიძეც მალე ავიდოდა ასეთ სიმაღლეზე.
ლევანს ეს არ დასცალდა. ის მხოლოდ ქართული კინოს ჟერარ ფილიპად დარჩა.

“გადასაღებ მოედანზე პირველად მეშვიდეკლასელი მოვხვდი, როგორც ამბობენ, “ნაცნობობით”. ვმეგობრობდი ლანა ღოღობერიძის ქალიშვილთან, ნუცა ალექსი-მესხიშვილთან. ქალბატონი ლანა იღებდა ფილმს “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”. ჰოდა, აი, ამ ფილმში, მე შევასრულე მთავარი გმირის შვილის როლი. ფილმის გადაღებისას ახლოს გავიცანი კინო, რომელიც თეატრთან ერთად ძალიან უყვართ ჩვენს ოჯახში. თუმცა პროფესიონალი მხოლოდ პაპაა – სოლიკო ვირსალაძე, დიდი თეატრის მხატვარი. ბავშვობაში მეხანძრეობა მინდოდა, რადგან სახანძროს ახლოს ვცხოვრობდი. ცოტა რომ წამოვიზარდე, ექიმობა მომინდა. ალბათ, იმიტომ, რომ ამ დროისთვის გატაცებული ვიყავი ცხენოსნობით, მოტოციკლით, თხილამურებით და ხშირად საავადმყოფოში დამტვრეული ვხვდებოდი. საბოლოოდ გადავწყვიტე, თეატრალურ ინსტიტუტში ჩამებარებინა. ბატონმა მიხეილ თუმანიშვილმა აიყვანა კურსი. მე განგების მადლიერი ვარ, რომ მასთან მოვხვდი. მთელი კურსი თეატრის ცხოვრებით ვცხოვრობდით. ბატონი მიშა, კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლებში გვათამაშებდა. უკვე მეორე კურსზე შევასრულე მთავარი როლი სპექტაკლში “ჩვენი პატარა ქალაქი”.

ბატონმა გიორგი შენგელაიამ ფილმ “ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობის” გადაღებამდე რამდენიმე ხნით ადრე მირჩია, წამეკითხა ოთარ ჩხეიძის რომანი “ბორიაყი”. მერე სცენარსაც გავეცანი და მივხვდი, მთავარ როლს ვითამაშებდი… გადაღების დაწყებამდე, უკვე მერამდენედ, ფეხი მოვიტეხე და ტრავმატოლოგიურ ცენტრში ამოვყავი თავი. ექიმს ვკითხე, დიდხანს მომიწევს წოლა-მეთქი? – ორი თვე მაინცო… მთელი ფილმის გადაღების მანძილზე ნატკენი ფეხით მომიწია თამაში… მაყურებელი, ალბათ, ვერც ხვდება, ზოგს შეიძლება უკვირს კიდეც, როგორ დადის ეს კაციო…” – ჯერ კიდევ 1985 წელს უამბობდა 22 წლის ლევან აბაშიძე “სოვეტსკაია კინოს”.

ლევან აბაშიძეს კინოში მართლაც დაქალმა “ჩაუწყო” საქმე. ნუცა ალექსი-მესხიშვილმა ულტიმატუმი წაუყენა დედას – თუ ლევანს არ გადაიღებ, ნურც მე გადამიღებო. და აი, ლევანს იღებენ ფილმში, დანიშნულია გადაღების დღეც, და როგორც დედამისი იხსენებს, გადაღების წინა ღამეს თეთრად ათენებს ფანჯარასთან. თურმე იცით რატომ? ეშინოდა, ამინდი არ გაფუჭებულიყო.
ლევანის ბავშვობა სავსე იყო ტრავმატოლოგიურ-რომანტიკული თავგადასავლებით. ერთხელ შეყვარებულისთვის იჩხუბა და თითიც მოიტეხა, მერე ეს თაბაშირი შეინახა და თურმე საკონტროლო წერების დროს მშვენივრად იყენებდა.

ერთხელ ფეხმოტეხილი წავიდა ბიჭვინთაში და შეყვარებულის გამო მეშვიდე სართულზე ავიდა თაბაშირიანი ფეხით, მხოლოდ იმიტომ, რომ ყვავილები დაეტოვებინა კართან. ერთხელ ჟანგიანი მილით ამძვრალა შეყვარებულის აივანზე… დანჯღრეული მოტოციკლით ბაკურიანში მეგობრებთან ჩასვლაც ლევან აბაშიძის სტილი იყო. ერთხელ “ნივით” ორმოში ჩავარდნილა და იქვე დაუტოვებია…
ქეთუსია იგნატოვა გაიხსენებს, რომ მხოლოდ მან იცოდა ერთი ყვავილის განსაკუთრებული ელეგანტურობით მირთმევა და მხოლოდ მას შეეძლო ნებისმიერი ასაკის ქალის მოხიბვლა, მონუსხვა. ლევან აბაშიძის გვერდით მუდამ ლამაზი ქალები იყვნენ. და ეს ქალები ხშირად იცვლებოდნენ… ლევანის დედა, ქალბატონი მანანა ხიდაშელი თვალცრემლიანი მიყვება:
“რომ მოვდიოდი, სულ სხვადასხვა გოგოები გამოდიოდნენ სახლიდან… მაგრამ არასოდეს უსინდისობა არ ჩაუდენია, ყოველთვის იცოდა, ვისთან როგორ მოქცეულიყო… გაუთავებელი რომანები ჰქონდა…”

და ამ გაუთავებელ რომანებს შორის იყო ერთი დიდი და გამორჩეული რომანი – ლევანის და მოლდაველი მსახიობი გოგონას, მიკას რომანი…
მანანა ხიდაშელი:
“მიკა მოლდაველია, აქ სწავლობდა თეატრალურ ინსტიტუტში, აქ გაიცნეს ერთმანეთი და დაიწყო დიდი რომანი. თავიდან ჩუმად დადიოდა ჩვენთან, მერე ლევანმა მთხოვა, დედა, მე ცოლს არასოდეს არ შევირთავ (რატომღაც ასე ამბობდა ყოველთვის…), მაგრამ ძალიან გთხოვ, მიკამ ჩვენთან იცხოვროსო. აქ ცხოვრობდა… მერე მიკამ დაამთავრა და წავიდა, რეკავდა, ლევანის დაღუპვა საშინლად განიცადა,
ჩამოვიდა, დღემდე მეხმიანება, მირეკავს, ახლაც არ თხოვდება, მე სულ აქედან ვუკიჟინებ, გათხოვდი-მეთქი…”

ლევან აბაშიძის განუმეორებელი სილამაზე აჯადოებდა ყველას, დიდსა და პატარას. ნატა მურვანიძე და ლევან აბაშიძე ერთ ეზოში იზრდებოდნენ.
ნატა მურვანიძე:
“პირველად რომ ვნახე, ალუბლის ხეზე იჯდა და იქიდან გადმომძახა: ეი, ალუბალი არ გინდაო?! იმდენად ლამაზი იყო იმ ალუბლებში, გული შემეკუმშა… ჩვენს ეზოში ბროწეულის ხე დგას, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დარგეს, მაგრამ ის არასოდეს ყვაოდა. ვიღაცამ გვითხრა, ხე შეაშინეთ და აუცილებლად მოისხამს ნაყოფსო. ლევანმა ცული მოუქნია ხეს, მე ვეხვეწებოდი, არ მოჭრა, წელსაც ვაცალოთ-მეთქი. ბროწეული მართლაც აყვავილდა… ლევანი ჩვენთან აღარაა, მაგრამ ხე ყოველ წელს ყვავილობს…”

რეჟისორ გოგი ქავთარაძის დისშვილმა, იმ პერიოდისთვის პატარა გოგონამ, მაცაცომ, როგორც იყო, ნახა თავისი კერპი – ლევან აბაშიძე. ლევანმა ალუჩა შესთავაზა გოგონას. გოგონას ალუჩის შენახვა უნდოდა. მაგრამ ლევანი უყურებდა და სხვა რა გზა ჰქონდა, ჩაკბიჩა. მაგრამ კურკა მაინც გადაინახა. ლევანისგან ნაჩუქარი ალუჩის კურკა… სამახსოვროდ. სახლში დაბრუნებულმა დედის ძვირფასთვლიანი ბეჭედი აიღო, ბუდიდან თვალი ამოიღო, იქ კურკა ჩადო და ყველას გამოუცხადა, ეს უფრო ძვირფასიაო. მერე მიწაშიც დარგო, ალუჩა უნდა გავახაროო. და… ელოდა. იმ შემოდგომაზე ლევანიც დაიღუპა… მხოლოდ გოგონა კი არა, ოჯახის ყველა წევრი მოუთმენლად ელოდა ლევანის ალუჩის ამოსვლას. მაგრამ ამაოდ.

1992 წელს, დაიწყო თუ არა აფხაზეთის ომი, ლევანი ომში წასასვლელ გზებს ეძებდა. არადა, ერთდროულად სამ ფილმში იღებდნენ. როგორც მშობლები იხსენებენ, ლევანი ნერვიულობდა, აფხაზეთში ომია და რა დროს თამაშიაო. ომში წასვლა უნდოდა ლევანს და გიორგი გაჩეჩილაძეს (შემდგომში ეკონომიკის მინისტრი). კომისარიატსაც მიაკითხეს. შეიკრიბნენ ბიჭები – ლევანი, გიორგი გაჩეჩილაძე, გია ნადირაშვილი, სულხან სულხანიშვილი, გიორგი ნიჟარაძე… წასვლას დღე-დღეზე ელოდნენ, ლევანს ყველა ერიდებოდა, რადგან ბათუმში გადაღებები ეწყებოდა, არადა გემი დაქირავებული იყო, ფულიც გადახდილი, ლევანის გარეშე კი გადაღებები ჩაიშლებოდა. ლევანი ბათუმში გადაღებებზე ისე წავიდა, რომ იცოდა – აფხაზეთში ჯერჯერობით ვერ მიდიოდნენ. წასვლისას ბიჭებს დაუბარა, თუ უჩემოდ მოგიწიათ წასვლა, მე კოორდინატებს გავიგებ და ადგილზე პირდაპირ ბათუმიდან ჩამოვალო. მაგრამ აფხაზეთში წასული ბიჭები ზუსტ კოორდინატებს არ ტოვებდნენ თბილისში. საახლობლოს აიმედებდნენ, შტაბის სამუშაოებს ვასრულებთ, საბრძოლო მოქმედებებში არ ვმონაწილეობთო. არადა, პირველივე დღიდან იარაღი ეჭირათ ხელში.


ბათუმში გადაღებები დასრულდა. 5 სექტემბერს ლევან აბაშიძე თბილისში დაბრუნდა და ნახა აფხაზეთიდან რამდენიმე დღით ჩამოსული გია ნადირაშვილი. რომელიც მეორე დღეს, გამთენიისას, აფხაზეთში ბრუნდებოდა. ლევანმა ისიც გაიგო, რომ ვერტმფრენში ერთი ადგილი იყო. ლევან აბაშიძემ თბილისი 6 სექტემბერს დატოვა. სოხუმში 3-4 საათზე ჩაფრიდნენ. შტაბში ბიჭები ტელევიზორს უყურებდნენ. შედის გია ნადირაშვილი და მებრძოლებს ეუბნება: ნახეთ, ბიჭებო, ვინ მოგიყვანეთო და შედის ლევანი. მეგობრებსა და ნაცნობებზე ლაპარაკიც არაა, ყველას გაუხარდა მისი დანახვა, ეს ხომ მსახიობია, ამას ხომ ჩვენც ვიცნობთ… იმ საღამოსვე გავიდნენ პოზიციაზე. ის ღამე და მეორე დღეს, 7 სექტემბერს, ნაშუადღევს, ერთად არიან ბიჭები – სულხან სულხანიშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, გია ნადირაშვილი და ლევან აბაშიძე. ბრძოლის ველი. სანგარი. საბედისწერო ყუმბარა და ოთხი ბიჭიდან მხოლოდ გიორგი გაჩეჩილაძე დარჩა ცოცხალი.

ამ ტრაგიკულმა შემთხვევამ ქართულ (და არამარტო ქართულ) კინოს ხელიდან გამოსტაცა ახალგაზრდა, 28 წლის ულამაზესი მამაკაცი. ლევან აბაშიძე ლანა ღოღობერიძემ ფრესკიდან გადმოსულს შეადარა.

ლევან აბაშიძე გადავიდა მოგონებებში, ჩვენს უახლოეს წარსულში და როგორც ლანა ღოღობერიძე იტყოდა, ჩვენ, ქართველებს, ერთადერთი რამ გვევალება, არ დავივიწყოთ ქართული გენის ეს მშვენება.
ლევან აბაშიძის მშობლები – მანანა ხიდაშელი და აგი აბაშიძე მთელს თბილისში სილამაზით განთქმული წყვილი იყო. ჩამომავლობით კი ლევანი ერეკლე მეორის პირდაპირი შთამომავალი იყო – თეკლა ბატონიშვილის შტოდან.
ლევანის პანაშვიდზე პატარა, 12-13 წლის ბიჭების გუნდი მივიდა, ქალბატონმა მანანამ ჰკითხათ, ვინ ხართ, ბიჭებოო? ჩვენ ლევანის ძმაკაცები ვართო, უპასუხეს ბავშვებმა…


%d bloggers like this: