Tag Archives: ლია ელიავა

სკანდალური არტისტები

რეზო შატაკიშვილი

სკანდალი თეატრის თანამდევია, მეტიც თეატრი არც არსებობს სკანდალების გარეშე. თეატრში უსკანდალოდ ვერც ძლებენ.

ჯერ კიდევ ტოვსტონოგოვი ამბობდა, სკანდალი სკანდალის შემდეგ და სკანდალი სკანდალამდე… ეს სცენაზე.

სკნადალებია სცენის მიღმაც. თეატრსა თუ თეატრს გარეთ – სადაც კი არტისტები არიან. „რა არის სულ კონფლიქტებში ხართ, არ მოგბეზრდათ“? – უკითხავს ვერიკო ანჯაფარიძისთვის ვასილ კიკნაძეს.

„მსახიობს თეატრი მობერზრდება? თეატრი კონფლიქტია, სადაც კონფლიქტი არ არის, იქ არც თეატრია“ – იყო ვერიკოს პასუხი.

ვერიკო ანჯაფარიძე

ვერიკო ანჯაფარიძე – მუდამ სკანდალური, მუდამ სკანდალებში…

ვერიკო ანჯაფარიძის ხელმოწერა ამშვენებს „დურუჯის“ სკანდალურ მანიფესტს. თუმცა შემდეგ სწორედ მისგან დაიწყო „დურუჯის“ დაშლა…

სკანდალით დაიწყო ვერიკო ანჯაფარიძისა და კოტე მარჯანიშვილის ურთიერთობა. საქართველოში დაბრუნებული ვერიკო ანჯაფარიძე მარჯანიშვილთან მიდის და სვამს კითხვას: „მიმიღებთ უკან?“

მარჯანიშვილი ეტყვის რომ მასზე ზღაპრებს ჰყვებიან, რომ ვალდებულია დააბრუნოს. ვერიკო იგრძნობს რა ირონიას მიახლის პირში: „თქვენს შესახებაც ჰყვებიან“! მარჯანიშვილი დაინტრიგდება – „რას ჰყვებიან?“

ვერიკო მიახლის – რომ თქვენ დიდქტატორი ხართ, თრგუნავთ მსახიობს!

მარჯანიშვილი განრისხდება – „გაეთრიეთ აქედან“!

სკანდალით დასრულდება ვერიკო ანჯაფარიძისა და სანდრო ახმეტელის ურთიერთობაც. ახმეტელი „ლატავრას“ დგამს. გაივლიან „ლატავრას“ მეორე აქტს. ვერიკო კორიდორში გავა. ახმეტელი მესამე აქტს იწყებს, ვერიკო არ ჩანს. ეძებენ, ელიან. როგორც იქნა გამოჩნდება, ახმეტელი იყვირებს – „ჩქარა, ჩქარა!“ ვერიკო მიუტრიალდება – რა გაყვირებს? შეჰყვებიან, არც ერთი არ თმობს, ახმეტელი დაატოვებინებს რეპეტიციას. მერე მათ „შეარიგებენ“, ვერიკო ითამაშებს კიდეც ლატავრას, მაგრამ მას ვეღარავინ იხილავს ახმეტელის შემდეგ დადგემბში. ვერიკო მარჯანიშვილის რუსთაველის თეატრიდან წასვლამდე დასტოვებს რუსთაველის თეატრს. ვერიკო ახმეტელის სიკვდილის შემდეგაც გააგრძელებს ახმეტელის წინააღდეგ ბრძოლას…

ლეილა აბაშიძე


ლეილა აბაშიძე სკანდალურად პოპულარული იყო, მის ფოტოებს ნახავდით ყველგან – „ცეკაშიც“ და „საპოჟნიკებთანაც“. ამ პოპულარობას მის წარმატებულ როლებთან და ნიჭთან ერთად, ხელს უწყობდა მისი ბობოქარი და სკანდალური პირადი ცხოვრებაც. მუდამ მამაკაცთან ყურადღების ცენტრში იყო, ვიღა არ სთხოვდა ცოლობას ჩვენებული რეზო ჩხეიძე თუ ეგვიპტელი და მექსიკელი მულტიმილიონერები… მოსკოვის მეცხრე საერთაშორისო კინოფესტივალზე ლეილა აბაშიძე ჩალმამოხვეული გამოცხადდა, მისით ისე მოიხიბლულა ეგვიპტელი მულტიმილიონერი რომ კინოსტუდიის გახსნა შესთავაზა, სანაცვლოდ ლეილას მისი სარეცელი უნდა გაეზიარებინა იმ ეგვიპტელის ორ ცოლთან ერთად. თავის მილიონებს ლეილას მექსიკელი  მსახიობი და რეჟისორი, სიმპატიური (თუმც კი 70-ს მიტანებული) ემილიო ფერნანდესიც სთავაზობდა… თბილისში დღემდე ახსოვთ მისი სკანდალური რომანი მსახიობ გოჩა აბაშიძესთან. გოჩა აბაშიძესთან, რომელმაც ტრაგიკულად – თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ბევრი, მის თვითმკვლელობაში ლეილა აბაშიძესაც ადანაშაულებს.

გოჩა აბაშიძე

ალბათ ყველაზე სკანდალურ არტისტად მაინც გოჩა აბაშიძე უნდა ჩაითვალოს.

სწორედ მან დაასრულა სიცოცხლე ყველაზე სკანდალურად – თავი მოიკლა.

როგორც უკვე ვთვქით, მაშინ მის სიკვდილში ლეილა აბაშიძეს ადანაშაულებდნენ. მაგრამ ამ ბურუსით მოცულ ისტორიას ფარდა წლების შემდეგ გოჩა აბაშიძის მეუღლემ – კოპოზიტორმა ნუნუ გაბუნიამ ახადა. ნუნუ გაბუნია არ უარყოფს რომ იმ პერიოდისთვის გაცილებული იყო გოჩა აბაშიძესთან სწორედ ამ გახმაურებული რომანის გამო, მაგრამ ნუნუ გაბუნია გოჩა აბაშიძის სიკვდილში არ ადანაშაულებს ლეილა აბაშიძეს.

ნუნუ გაბუნიას თქმით, არსებობდა მრავალი მიზეზი, რომელიც მის ცხოვრებას ამუქებდა და ეს ნაბიჯი გადაადგმევინა.

გოჩას მამა გარდაეცვალა, დედამისს სხვა ოჯახი ჰქონდა. გოჩამ თავისი პობედაგაყიდა, ვინც იყიდა, ფული გადაუხადა, მაგრამ ვერ გადაიფორმა და უკან დაუბრუნა და ფული მოსთხიოვა. ფული ოჯახს უკვე დახარჯული ჰქონდა, მოვალე ყოველდღე აწუხებდა, დილიდან ურეკავდა, უკაკუნებდა, სადარბაზოსთან ელოდებოდა, სახლში ვერ შედიოდა და აივნიდან გადადიოდა. თეთრ ქარავანშიავარი როლი უნდა ეთამაშა, კინოსტუდიაში ავანსის ასაღებად მივიდა, სთხოვა ელდარ შენგელაიას ავანსი, მან უთხრა რომ მოხსნილი იყო როლიდან… გაცეცხლებული შევიდა დირეტორთან, კობახიძესთან, მდივანმა გაიგონა კობახიძის სიტყვები შავგულიძე მოვდა, თან არავინ გადაყოლია, შენ ვინ გადაგყვებაო. გამოვარდა გარეთ, ამ დროს მისაღებში ისხდნენ ლეილა აბაშიძე და დევი აბაშიძე, დევიმ ლეილას სთხვა, გაჰყევი ამ ბიჭს თავს არაფერი აუტეხოსო. ლეილა აედევნა გოჩას. გოჩაჯდა მანქანაში და გავრდა, დალია საწამლავი და მიაკითხა ლეილამაც… გოჩა ხელებში ჩააკვდა და ეს რომ დაინახეს ყველაფერი ლეილას დააბრალეს.. (ნუნუ გაბუნია).

ოთარ მეღვინეთუხუცესი

ის ხან მშვიდია და ხანაც მძვინვარე, შეუძლია დედა აგინოს თეატრის დირექტორ-განმკარგულებელს, როგორც ეს რუსთავში მოხდა, „ჰამლეტის“ დადგმისას, შეუძლია ტრიბუნიდან ლანძღვის ნიაღვარი მიუშვას კრიტიკოსზე, როგიორც ეს მოხდა დათო ბუხრიკიძის შემთხვევაში როცა მან მეფე ლირი– მეღვინეთხუცესი გააკრიტიკა. შეუძლია ზღვაში ჩასახრჩობად გაიმეტოს რუსი, როგორც ეს მოხდა ბიჭვინათაში, აფხაზეთის დაკარგვამდე, როცა ერთ რუს დამსვენებელს ცესფერთვალება მეღვინეთხუცესი რუსი ეგონა და „ძმაკაცურად“ გაუმხილა, რა კარგი იქნებოდა აქურობა, ეს ქართველები რომ მოისპობოდნენ აქედანო. მეღვინეთუხუცესმა იმ რუსს ზღვაში უკრა თავი, ძლივს გამოგლიჯეს ხელიდან… მისი სკანდალების აქტივში იტალიური სკანდალიცაა. მარჯანიშვილის თეატრი პირველად გავიდა საგასტროლოდ, წავიდა იტალიაში, მაგრამ გასტროლი მიზეზთა გამო წარუმატებელი იყო. მილანში, გამომგზავრების წინ, სასტუმროს წინ ჩასხდომამდე, გიგა ლორთქიფანიძე და ოთარ მეღვინეთუხუცესი წყნარად, ინტელიგენტურად არკვევდნენ მარცხის მიზეზებს, მაგრამ უცებ იფეთქა ვულკანმა… გავარვარებული ლავასავით წამოვიდა ურთიერთბრალდებების, საყვედურების, დაყვედრების, ლანძღვის ნიაღვარი… თავზარი დამცა ამ ჩხუბმა და ლამის ერთმანეთზე გაწევგამოწევამ – გაიხსენებს ნოდარ გურაბანიძე…

ელენე ყიფშიძე


ელენე ყიფშიძიე თავის სკანდალებით, ბოჰემური ცხოვრებით და რაღა თქმა უნდა ელვარე ნიჭის წყალობით, მუდამ ყურადღების ცენტრში იყო.

მან გადადგა თამამი ნაბიჭი – უმამოდ გააჩინა შვილი. მის გზიდან ჩამოშორებას და თეატრიდან გაძევებასაც ლამობდნენ, ისევდ და ისევ ბოჰემური ცხოვრების გამო, ვითომცდა „საბჭოთა მოქალაქისთვის შეუფერებელი საქციელების“ გამო…

ის იყო ფეთქებადი სცენაზეც და ცხოვრებაშიც. მას შემდეგ რაც ელენე ყიფშიძემ წარმატებით ითამაშა მაია წყნეთელი თეატრში და ფილმის გადაღებაც დაიწყეს, რეზო ჩხეიძე მას პირდებოდა მაია წყნეთელის როლში გადაღებას. არადა, სხვა ხმები დადიოდა… ელენე ყიფშიძე სთხოვდა ჩხეიძეს, ნუ დამიმალავ თუ მე არ გადამიღებო. რეჟისორი ეუბნებოდა შენ გიღებო. ლენას კი უთხრეს რომ მაია წყნეთელის როლზე უკვე ლეილა აბაშიძე იყო დამტკიცებული, ყიფშიძე ისევ მივიდა რეზო ჩხეიძესთან, ისევ ჰკითხა, ისევ პასუხი – შენ გიღებ. ელენე ყიფშიძემ შვილი დააფიცა. რეჟისორმა დაიფიცა. ელენემ აიღო და წყვიტა სახეში…

ზურაბ ყიფშიძე

ზურა ყიფშიძე დაბადებიდან სკანდალური იყო. დაბადებისთანავე დაიბადა მითი რომ ეროსის ბიჭი იყო. ბავშვობაც იმდენად ჰქონდა სკანდალებით და აყალმაყალით გაჯერებული, რომ დეიდებმა ავლიპ ზურაბაშვილთანაც წაიყვანეს – გიჟიაო. რომ წამოიზარდა მერეც საკმაოდ სკანდალური იყო. იმდენად რომ ელენე ყიფშიძესაც აბნევდა თავისი ექსტრავაგანტულობით. იყო ქუჩის ბიჭი და უცებ გახდა ჰიპი – მოშვებული თმა, ჯინჯილები, ბეჭდები, გაქუცული ჟინსები, შეშინებულმა ლენა ყიფშიძემ მილიცია დააყენა თავზე, ჩემი შვილი სექტანტი გახდაო. მერე ზურა უცებ ელეგანტურ მანეკენეად მოევლინა თბილისს. მთელ საბჭოეთში თუ არა, საქართველოში იგი ნამდვილად პირველი მოდელი მამაკაცი იყო. მერე ჩხუბში მოჰყვა, უფრო სწორად მისი ფეხი მოჰყვა ფანჯარაში – აქილევსის მყესი გადაეჭრა და წელიწადნახევარი სახლში იწვა…

თეატრალური ინსტიტუტიდან ორჯერ გააგდეს ბობოქარი ცხოვრების გამო. რექტორმა თავაძემ ელენე ყიფშიძეს შეურაცხყოფა მიაყენა, აქ რა უნდა, წაგიყვანოს სოფელში და თოხი გარაკუნებინოსო. 17 წლის ზურას ცრემლები წასკდა, დაავლო ხელი სამელნეს და შიგ თავში სთხლიშა რექტორს. გააგდეს. ისევ ჩააბარა. ისევ გააგდეს – გაცდენების გამო – უკვე „როცა აყვავდა ნუშში“ იღებდნენ. მერე მოსკოვში რომ წავიდა და „გიკში“ ჩაირიცხა, იქაც არ ასვენებდნენ საქართველოდან – მანდ რა უნდა, ჯარში უნდა იყოსო. დეიდები დატრიალდნენ, ის გაყვითლებული ცნობა ააფრიალეს, ბალღობაში ავლიპ ზურაბიშვილთან რომ ჰყავდათ და ზურა ჯარს გადარჩა, მაგრამ საგიჟეთში გამოკვლევებზე დააწვინეს…

ზურა ყიფშიძეს სკანდალები არც შემდეგ აკლდა და არც თავად ერიდება რაიმე სკანდალურის თქმას, როდესაც საამისო განწყობა აქვს. მას შეუძლია თამამად და სკნადალურად მიახალოს ყველას სათქმელი.

ვასო გოძიაშვილი


ვასო გოძიაშვილი მუდამ სკანდალებში იყო გახვეული. სკანდალის აპოთეოზი იყო მაშინ როცა იგი მარჯანიშვილის თეატრში დაუპირისპირდა გიგა ლორთქიფიანიძეს და საერთოდ ახალგაზრდებს. „თქვენ გენიალური მსახიობი ხართ, ხვალ რომ პიესა დავდგა, მაინც თქვენ დაგაკავებთ, მაგრამ თქვენი ჭკუით ჩემმა მტერმა იარა, თქვენ ისეთი მსახიობი ხართ, მედეა ჯაფარიძე რომ ჭრიჭინას თამაშობს, ისიც თქვენ გინდათ ითამაშოთ“ – მიახალა გიგა ლორთქიფანიძემ. ვასო გოძიაშვილს იმჟამად როლი კი არა თეატრის დირექტორობა უნდოდა. იმ სხდომაზე კი ერთმანეთს სკანდალურად დაუპირისპირდნენ ყოფილი ცოლ-ქმარი – ვასო გოძიაშვილი და სესილია თაყაიშვილი. სესილია თაყაიშვილი მხარს ახალგაზრდებს უჭერდა. საქმე იქამდე მივიდა რომ სესილიამ და ვასომ თავიანთი ოჯახური ამბების წაძახება დაიწყეს სხდომაზე…

იზა გიგოშვილი

ქართული თეატრის მარადიული გრუშე – იზა გიგოშვილი მუდამ სკანდალური პერსონა იყო, თავისი არტისტული გაქანებითაც, არაორდინალური ქმედებებითაც, პირადი ცხოვრებითაც. მასზე ლაპარაკი უყვარდათ სკანდალის მოყვარულებსაც და არც თავად სძულდა სკანდალები. როდესაც თეატრის ერთ-ერთმა მსახიობმა ქალმა კრებაზე კენჭი იზას პირადში სტყორცნა და უთხრა, რა, არის სულ შენზე უნდა ლაპარაკობდნენო? იზა ლაღად გაეპასუხა – აბა შენზე ვინ ილაპარაკებსო… სკანდალები ახლდა მის პირად ცხოვრებას, სკანდალები ახლდა მის პოლიტიკურ პოზიციას – როდესაც ის მხარს ზვიად გამსახურდიას უჭერდა. სკანდალების რეჟიმში აარსებდა იგი სამეფო უბნის თეატრს…

დოდო აბაშიძე

 

დოდო აბაშიძე ჯერ კიდევ ბავშვი იყო, საკნადალი რომ მოაწყო თეატრში –  ახმეტელის „ლამარას“ თამაშობდნენ, ხევსურებმა ხმლები იშიშვლეს და პატარა დოდო წამოხტა და წკრიალა ხმით ისე ისროლა რეპლიკა, რომ მსახიობებმა ხმლები დაუშვეს… სკანდალები არც ქუჩაში აკლდა, „მაგარი ბიჭი“ იყო და გაუთავებლად ჩხუბობდა. არაერთხელ დაიხსნა ხორავამ მილიციის კლანჭებისგან.

დოდო აბაშიძემ რუსთაველის თეატრში მხოლოდ 7 წელი გასძლო და სკანდალურად და ერთობ უჩვეულოდ დასტოვა. დოდო ალექსიძეს მეოთხე ოიდიპოსად უნდოდა ხორავას, ვასაძის და ეროსი მანჯგალაძის შემდეგ, დოდოს არ ეპიტნავა: „რად მინდა მე ოიდიპოსი?“, თან რომ ნახა რომ უზარმაზარი ტექსტი ჰქონდა სასწავლი, დაჰკრა ფეხი და გაიქცა თეატრიდან…

დოდო აბაშიძეს არც პირად ცხოვრებაში აკლდა სკანდალები და სკანდალური რომანები. „დიდი მწვანე ველის“ გადაღებისას მძნივარე რომანი ჰქონდა ლია კაპანაძესთან – თავისი კონფლიქტებით, ბობოქარი წიაღსვლებით…

სანდრო ჟორჟოლიანი

 

სანდრო ჟორჟოლიანი რომ სკანდალური არტისტი იყო, ამაზე თუნდაც ის მეტყველებს რომ მან პირადად მისწერა წერილი პროლეტარიატის ბელადს – ლენინს. ჟორჟოლიანი აქტიუარდ იყო ჩაბმული ახმეტელის წინააღდეგ ბრძოლაში, მხარს მარჯანიშვილს უჭერდა….

პირადი ცხოვრებაც არანაკლებ სკანდალური ჰოქნდა, უყვარდა ახალგაზრდა ქალები, იმდენად რომ ცოლიც კი 23 წლით უმცროსი შეირთო 42 წლის ასაკში…

კოტე მახარაძე


ქართველ მსახიობთა შორის მას ალბათ ვერავინ შეეცილება რომანების რიცხვით. არც ამ რომანების „ხარისხი“ იყო ურიგო, თუ თვალს გადავავლებთ იმ ქალბატონების ვრცელ ჩამონათვალს, ვისთანაც მას მგზნებარე რომანები ჰქონდა. ბევრი მათგან საზოგადოებისთვის ცნობილია, ბევრი მხოლოდ ვიწრო წრისთვის… ის ხშირად აგვაინებდა რეპეტიციაზე, ან ქრებოდა რეპეტიციიდან და მერეღა აღმოაჩენდნენ რომ მასთან ერთად ქრებოდა კიდევ ერთი, რომელიმე არტისტი ქალი… მის პირად ცხოვრებას არც გატაცებები აკლდა და არც სერიოზული გრძნობები – მედეა ჩახავასთან, სოფიკო ჭიაურელთან…

სიცოცხლის ბოლო წლებში ის სხვა სახის სკანდალში გაეხვია – ქეთევან წამებულის შესახებ ინტერვიუში ისაუბრა და უჩივლეს ქეთევან წამებულისთვის შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისთვის…

ოთარ კობერიძე


ოთარ კობერიძე არ გამოირჩეოდა სკანდალურობით და კონფლიქტურობით, მაგრამ ცხოვრებაში მაინც ვერ ასცდა სკანდალებს. იტალიელმა პაპარაცებმა მაშინ გადაუღეს ფოტო როცა ატირებულ ორნელა მუტის იხუტებდა და ამშვიდებდა – როგორც კობერიძე ამბობს, მას ორნელა მუტი შესჩიოდა თუ როგორ არ აძლევდა მეუღლე ბავშვის ნახვის უფლებას და როგორ სძალავდა ფულს. მეორე დღეს კი ტაბლოიდებმა ყდაზე გამოაჭენეს ჩახუტებულები „ორნელა თავის თეთრწვერა სიყვარულთან“…

ეს სკანდალი მეტისმეტად კეთილშობილი იყო, იმ სკანდალისგან განსხვავებით, რომელშიც იგი საბჭოურმა „კაგებემ“ გახვია, საქმე სასამართლომდეც კი მივიდა, ბრალს სდებდნენ…. გოგოებთან საბჭოთა მოქალაქისთვის შეუფერებელი საქციელის ჩადენაში. იყო შეთითხნილი კომპრომატებიც, მაგრამ მას უკან არ დაუხევია….

ლია ელიავა

იყო პრინციპული და მისი ეს პრინციპულობა ხდებოდა უპრინციპო გარემოში სკანდალური. სკანდალურად მიიღო თბილისურმა ელიტამ მისი პოლიტიკური პოზიცია – იგი მხარს ზვიად გამსახურდიას უჭერდა.

დღეს რომ პრიმაკოვს უმღერიან ვართალალოებს და მაშინ ზვიადისტებს „სუნიანებს“ ეძახდნენ, მათ მინდა ვკითხო ერთი რამ – ქალბატონო ნანი, როდის შეგაწუხათ ლია ელიავას სუნმა?

მინდა ვკითხო იმიტომ რომ ქალბატონ ლიას გულს უკლავდა ამგვარი შეფასებები…

ლია ელიავა იყო პირველი ქართველი მსახიობი, რომელიც სიგარეტით ხელში გამოჩნდა ფოტოებზე…

70-იანი წლებში, ლია ელიავას ფოტო ამშვენებდა პოლონურ ჟურნალ „ეკრანის“ საახალწლო ნომრის გარეკანს და ლია ელიავა წლის ულამაზეს ევრპელ მსახიობ ქალად, წლის სახედ იყო დასახელებული…

მარინა კახიანი


მარინა კახიანს ჰქონდა დიდი სკანდალური რომანი. და ეს რომანი ინსტიტუტში დაიწყო – მარინა კახიანს თავისი პედაგოგი, მასზე 20 წლით უფროსი ცოლიანი კაცი შეუყვარდა – გია მატარაძე. უფრო სწორად ერთმანეთი შეუყვარდათ.

ამ ფაქტმა მაშინ დიდი მითქმა-მოთქმა, შოკი გამოიწვია საზოგადოებაში, იყო სკანდალები, ჭორები… მაგრამ შეყვარებული მარინა კახიანი ვაჟკაცურად დადგა, არ დაიხია უკან, დაუპირისპირდა საზოგადოებრივ აზრს და ცოლად გაჰყვა გია მატარაძეს…

გია ფერაძე


გია ფერაძე ერთობ კოლორიტული და სკნადალური პერსონა იყო, თავისი შარმის და იუმორის წყალობით. დღემდე ახსოვთ მისი სკანდალური ხუმრობები, შაყირი პროზად თუ სკრაბეზული ლექსები.

სადაც ერთად ფიგურიებდნენ, თეკლე და სოფი ლორენი: „მიხო გინდა, ლორენი, ეგ რომელი სოფია? მაგი მე არ მომცემს და თეკლა მ…. ჯობია…“.

თეატრში გია ფერაძე ფეხმოტეხილი მისულა – უტუფლოდ, ფეხზე თაბაშირი ედო. ნანული სარაჯიშვილს შეუცხადებია, უი, გია ფეხი მოიტეხე? აბა როდის იყო, რო ნასკით დავდიოდი თეატრში? – უპასუხია გიას.

ეს მხიარული და ლაითი სკანდალები მოგვიანებით მის თავს დამტყდარმა ტრაგიკულმა სკანდალმა გადაფარა სამუდამოდ… ახალგაზრდა ცოლი, მისი ნასროლი ტყვიით მოკვდა…

ნუგზარ შარია


ნუგზარ შარია ნამდვილად სკანდალური არტისტია. მან მოახერხა თავი დაეღწია საბჭოეთისთვის და საზღვარგარეთ წასულიყო საცხოვრებლად. მისი გქცევა ნამდვილად იყო დიდი სკანდალი მთელ საბჭოეთში.

დაიბეჭდა “პრაიმტაიმში”

 

 


 

 


 

 


 

 

რეზო შატაკიშვილი სინატიფის ჟანდარმერიიდან მოგზავნილ ლია ელიავაზე

უკვე ათ წელიწადზე მეტია, რაც გარდაიცვალა მეოცე საუკუნის ეშხი და ლაზათი – ლია ელიავა. მიწამ უკან მოითხოვა მისგან ნაძერწი მშვენიერება.
ლია ელიავა – ნამდვილი ვარსკვლავი, ნამდვილი მოქალაქე, ნამდვილი ინტელიგენტი, ნამდვილი ქართველი, საოცრად რაფინირებული და ელეგანტური ქალბატონი… ქალბატონი, რომელიც პირველად გამოჩნდა ქართულ სინამდვილეში ფოტოებზე სიგარეტით ხელში…
ლია ელიავას გმირს თიკო ორბელიანს დათა თუთაშხია ეტყვის, – “ეს მხოლოდ ქალს შეეძლო თანაც თქვენისთანას.. მე მაინც მოგზავნილი მგონიხართ, ქალბატონო.”
ის მართლაც მოგზავნილი იყო, ოღონდ სინატიფის ჟანდარმერიიდან.
მე ვამაყობ – ამ დიდი ქალბატონის უმცროსი მეგობარი ვიყავი.
მან მასწავლა საკუთარ წარსულთან ურთიერთობა. საოცრად თბილად, ნათელი სევდით იხსენებდა ტკივილებით სავსე წარსულს. მას ვერ მოიერია წუთისოფელი, ვერ გააბოროტა, არც იმ ხალხისთვის უქცევია ზურგი, ვინც გასაჭირისას გვერდში ედგა, რომ მათი დავიწყებით თავის ტრაგიკული ბავშვობა დავიწყებინა. იგი იყო მაგალითი იმის, თუ როგორ არ უნდა გაბოროტდე, თავსდატეხილი ტრაგედიების მიუხედავად. და მაინც როგორ გადაადნო მისი სულის ბრძმედმა ცხოვრების გზაზე შევეხრილი ათასი სიავე, ტკივილი იმ სიკეთედ?
განუმეორებელი სიცილი, იუმორი – განუყრელი მეგობარი – იარაღი ამ წუთისოფელთან საომრად, საოცარი სინათლე და სიმსუბუქე, შემთბარი ნაღველი თვალებიდან. ჰაეროვანი სევდა ათბობდა მის სილამაზეს…
აი, მოკლედ, დაუხვეწავად დახვეწილ ქალბატონზე.
მე ვამაყობ – ამ დიდი ქალბატონის უმცროსი მეგობარი ვიყავი…
ერთი წვეთი ინგლისური სისხლი
ლია ელიავას ძარღვებში ცოტაოდენი ინგლისური სისხლიც სჩქეფდა.
ინგლისელმა ქალბატონმა ანა შელიმ კახელი თავადი ტუსიშვილი თეირანში გაიცნო და იქვე შეეძინათ ქალიშვილი – მასაც ანა დაარქვეს. საქართველოში ჩამოსულმა ანა ტუსიშვილმა კი ცნობილი საზოგადო მოღვაწე, “ცისკრის” დამაარსებელი ივანე კერსელიძე შვა. ივანე კერესელიძე კი ლია ელიავას დედის _ ეკატერინე კერესელიძის ბაბუა იყო… ეს ისე, ცნობისათვის. ისე კი ლია ელიავას სილამაზე შორს იყო აზიურისგან და ალბათ ამიტომაც იყო რომ 70-იანი წლებში, პოლონურ ჟურნალ “ეკრანის” საახალწლო ნომრის გარეკანს სწორედ ლია ელიავას ფოტო ამშვენებდა და წლის ულამაზეს ევრპელ მსახიობ ქალად, წლის სახედ იყო დასახელებული.
მშობლები
ლია ელიავას მამამ, შალვა ელიავამ გერმანიაში დაამთავრა ეკონომიკის ფაკულტეტი, კარგა ხანს გერმანიაშივე მოღვაწეობდა, საქართევლოში სრულიად ახალგაზრდა დაბრუნდა, 34 წლისა ფინასთა მინისტრად დანიშნეს, მაგრამ 1937-ში 37 წლის ასაკში დაიჭირეს, ბრალად წაუყენეს გერმანიის შპიონობა, დივერსიების მოწყობა… და დახვრიტეს. აქვე თბილისში. პაწაწინა ლიას კი მალე დედაც დაუჭირეს. დედამ 9 წელიწადი გაატარა პატიმრობაში. ლიას ბებია და ბაბუა ზრდიდნენ.
ნანა კობერიძე: “დედაჩემი ამაყი იყო თავის მშობლებით, ისევე როგორც მე ვარ ამაყი ჩემი მშობლებით. იმით რომ ვარ ლია ელიავას და ოთარ კობერიძის შვილი, არა მარტო როგორც ორი კინოვარსკვლავის, არამედ როგორც ადამიანების, როგორც თავისი ქვეყნის საოცარი პატრიოტების”.
ბავშვობა მართლაც რთული ჰქონდა. ყოველგვარ ზარზეიმს და ბრწყინვალებას მოკლებული. მის ბავშვობას მხოლოდ კეთილი ადამიანები და ჰანგები ალამაზებდნენ. “გავიზარდე სოლოლაკში, ქუჩებში ჟღერდა მუსიკა, ვიღაცა კლასიკურ მუსიკას უკრავდა, მეცადინეობდა, ვითღაცა მღეროდა, უბრალოდ იმიტომ რომ ემღერებოდა. საღამოობით დადიოდნენ ახალაგაზრდები და რამდენიმე ხმაში მღეროდნენ. ზოგჯერ მეძინა და ძილშიც მესმოდა სიმღერა ქუჩიდან, რომ წამოვიზარდე ჩემს ფანჯრებთანაც კი მღეროდნენ როგორც სადღაც სევილიაში…” _ იხსენებდა ლია ელიავა.
**
ლია ელიავამ სწავლა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში დაიწყო, პირველ კურსზევე შეამჩნია დავით რონდელმა და ეპიზოდურ როლში გადაიღო ფილმში “მწვერვალთა დამპყრობნი”. მალე ცნობილმა საოპერო მომღერალმა ვერა დავიდოვამაც შეამჩნია და სარძლოდ ისურვა. გათხოვების გამო, ლია ელიავას მოსკოვის თეატრალურ ინსტიტუტში მოუწია გადასვლა. მაგრამ პირველი ქორწინება ხანმოკლე და უიღბლო აღმოჩნდა. მალევე დაშორდნენ. ინსტიტიუტის ამთავრებდა რომ “ბაში-აჩუკში” მიიწვიეს გადასაღებად. ოთარ კობერიძემ ლია ელიავა სწორედ “ბაში-აჩუკის” გადაღებაზე ნახა პირველად და დააბრმავა მისმა სილიამაზემ. ნახა და როგორც თავად უყვარს ოტელოს სიტყვების მოშველიება _ “ჩეგან გამოვლილი ჭირისათვის მან მე შემიყვარა, მე შევიყვარე ჭითა ჩენთა თანაგრძნობისთვის”…
აი, ლია ელიავამ კი ოთარ კობერიძე გაცილებით ადრე ნახა. ლიას დედის მეგობარი ნინა სტიპანოვა სამსახიობო სტუდიაში ცეკვას ასწავლიდა, გამოსაშვებ საღამოზე პატარა ლიაც წაიყვანა, ოთარ კობერიძე იმ სტუდიაში სწავლობდა… “მაშინ ვნახე პირველად. იგი ცეკვავდა ესპანურს, ეს ცეკვა დღესაც მახსოვს” _ იხსებდა ლია ელიავა.
ლია ელიავას და ოთარ კობერიძის ქალიშვილი _ ნანა კობერიძე მხატვარია. შვილიშვილი ანკა მანჯგალაძე, 14 წლის იყო ბებია რომ გარდაეცვალა, პროფესისიით არიქტექტორია, ახლა მილანში სწავლობს მარკეტინგს…
**
ლია ელიავას ეკრანული გმირები გამოირჩეოდნენ ზომიერებით და გემოვნების ერთგულებით. მართლაც ძნელია, გემოვნებას უერთგულო უგემოვნო ფილმებში. ის მაინც ახერხებდა. მის საოცნებო როლებად დარჩა ქეთევან წამებულის და ნინო ჭავჭავაძის როლები.
დიდი გულისტკივილით იხსენებდა ხოლმე იმას, თუ როგორ უნოდათ კინომსახიობებს საკუთარი თეატრის გახსნა, მაგრამ როცა ამ თეატრის შექმნა რეალური გახდა, ახლაგაზრდები მიიყვანეს და მათ უგანეს:
“ჩვენთვისაც მოეცათ საშუალება, რომ ქართველ კინომსახობებსაც შეგვექმნა რამდენიმე სპექტაკლი და განგვეცადა სცენის სიხარული”.
რატომღაც მოხდა ისე რომ ლია ელიავას ბედმაც და ადამიანებმაც გზა გადაუკეტეს სცენისკენ.
ოფელია უნდა ეთამაშა ლილი იოსელიანის “ჰამლეტში”, მაგრამ კონფლქიტის გამო, რეჟიოსრი თაეტრიდან წავიდა. ლია ელიავას ოფელიაც წავიდა, ოღონდ არა მონასტერში, არამედ შეუმდგარ როლთა სიაში.
რანევსკაია უნდა ეთამაშა მიხეილ თუმანიშვილთან, ჩეხოვის “ალუბლის ბაღში”. არც ეს სპექტაკლი შედგა.
ქეთევან ბარათელი უნდა ეთამაშა “მონანიებაში”, ფილმი შედგა, მაგრამ მის გარეშე. მისთვის მიცემული როლი ზეინაბ ბოცვაძეს მისცეს.
ლია ელიავა თავად დახვრეტილი მამის და დაპატიმრებული დედის შვილი იყო, და გასაგებიცაა რამდენადაც ენდომებოდა ამ როლის თამაში, მაგრამ როცა ზეინაბ ბოცვაძის ქეთევანი ნახა, აღტაცება არ დაუმალავს.
ინფარქტი
მხარს უჭერდა პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას. სამოქალაქო ომი იმდენედ მტკივნეულად განიცადა რომ ჯანმრთელობა შეერყა _ ინფარქტი მიიღო. გულმა უღალატა სამშობლოს და მრწამისის ერთგულ ქალბატონს.
ნანა კობერიძე: “ძალიან ბევრმა ახლობელმა ატკინა გული, იყო ძალიან ბევრი ცუდი ზარი, ძალიან ბევრი ახლობელი განუდგა. რაღაც პერიოდის მერე თვითონ მოვიდნენ, აღადგინეს ურთიერთობა. დედა დიდსულოვანი ადამიანი იყო არ ახსენბდა…”.
**
აკომპლექსებდა თუ არა დედის სილამაზე ლია ელიავას ერთადერთ ქალიშვილს? ამბობს რომ არა. “პირიქით მე მქონდა მუდმივი აღფრთოვანება. ყოველთვის იყო ძალიან ლამაზი, ყოველთვის იყო ფორმაში… იცით რას ვერ ვიტანდი? რომ მათვალიერებდნენ, მაკვირდებოდნენ და რომ მეკითხებოდნენ, “დედას გავხარ თუ მამას”… მითუმეტეს რაღაც პერიოდი, ლიას კი არა, საერთოდ არაფერს არ ვგავდი, მძიმე გარდატეხის პერიოდი მქონდა. არ მომწონდა ჩემი თავი საშინლად. არადა, მართლა მინდოდა ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც ლია იყო… მაგრამ დედა ყოველთვის ჩემს გვერდით იდგა, უსიტყვოდ ესმოდა ჩემი. მიადვილებდა ყველაფერს. არ მჭირდებოდა თქმა, როდის ვიყავი შეყვარებული. ყოველთვის ყველაფერს მატყობდა, მაგრამ ძალიან კორექტული ადამიანი იყო და არ ერეოდა უხეშად ჩემს ცხოვრებაში. სანამ გავთხოვდებოდი, რამდენიმე წელი ვხვდებოდი ჩემს მეუღლეს. ლია წინააღდეგი იყო ამ ურთიერთიობის, იმიტომ რომ მიტოს ჰყავდა ოჯახი, შვილი, მიუხედავად ამ წინააღდეგობისა, დედა მაინც ინარჩუნებდა სოაცარ კორექტულობას. არაჩვეულებრივი, ძალიან მასშტაბური ადამიანი იყო. სახლში იყო ძალიან ემოციური ადამიანი, ექსცენტრიული, ესეც მომწონდა და ესეც უხდებოდა, არ იყო მონოტონური, სულ “ექშენ” ჰქონდა გაუთავებელი. საინტერესო ადამინი იყო ძალიან…”

%d bloggers like this: