
საქართველოში უბედურება ტრიალებს, აფხაზეთში ომია. არც ახლადომგამოვლილ თბილისში დგას მშვიდობა. უშუქობა, სროლები ქუჩაში… და მაინც – ცხოვრება გრძელდება. პაემანი ოპერასთან.
ბიჭი 27 წლისაა, გოგო – 23 წლის. ბიჭმა ეს-ესაა დაამთავრა სარეჟისორო ფაკულტეტი და უკვე პედაგოგია თეატრალურ ინსტიტუტში. სწორედ იქ გაიცნო გოგონა – ჯერ კიდევ სტუდენტი. თუმცა, გოგონას ის არაერთხელ ჰყავდა სცენაზე ნანახი. ეს მაშინ, როცა ბიჭი ჯერ კიდევ სამსახიობოზე სწავლობდა, აი, იმ გახმაურებულ ჯგუფში, გიზო ჟორდანიას ჯგუფში, სადაც სწავლობდნენ მერაბ ნინიძე, ნანუკა ხუსკივაძე, გოჩა კაპანაძე და ა.შ. ამ ჯგუფის სპექტაკლებზე, მაშინ მთელი თბილისი დაიარებოდა. დადიოდა ეს გოგონაც. ბიჭი ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა რომ მაყურებელთა დარბაზში იჯდებოდა გოგონა, რომელსაც მოგვიანებით გაიცნობდა და ცოლადაც შეირთავდა. ვერც გოგონა ვერ წარმოიდგენდა მაშინ, რომ სცენაზე მომავალ ქმარს უყურებდა, ის კი არა, დაახლოებემდე ცოტა ხნით ადრე, როცა ქუჩაში მიმავალ ახალგაზრდა რეჟისორს უყურებდა, ფიქრობდა კიდეც, ასეთი კარგი ბიჭი როგორ დადის ეულად, როგორ უშვებენ გოგოები ამ ბიჭს ხელიდან? გოგოებს რომ კითხო, სადღა არიან კარგი ბიჭებიო, ეს ბიჭი კი მარტოა…

და აი, მათი პაემანიც. გოგონა – მანანა კაზაკოვა შავ პალტოში. ბიჭი – ლევან წულაძე, იგივე ჭოლა, მოგვიანებით გაარკვევს რომ ის შავი პალტო, მანანასი კი არა, დედამისისაა. გაარკვევს მაშინ, როცა მანანას დედა უკვე სიდედრი იქნება… შეყვარებულობის ხანა გასტანს…. სულ რამოდენიმე დღეს – ერთ კვირას. მათი სიყვარულის ისტორია სწორედ ამითაა გამორჩეული – ხანმოკლე შეყვარებულობის პერიოდით და მრავალწლიანი ცოლ-ქმრობით…
მრავალწლიანი ცოლ-ქმრობის შემდეგ მანანა იტყვის რომ ლევანის მხრიდან ის ერთი კვირაც გმირობის ტოლფასი იყო: „ლევანი საერთოდ არ არის აქტიური ადამიანი, არადა, იცით, როგორ აქტიურობდა? ეტყობა, მართლა ძალიან შევუყვარდი ან მოვეწონე, პაემანზეც მოდიოდა ყვავილებით, ტელეფონზეც კი მირეკავდა! აი, რაც ცოლ-ქმარი ვართ, შემიძლია, თითებზე ჩამოვთვალო, რამდენჯერ აქვს ჩემთან დარეკილი!“ …
ან როგორ უნდა გაგრძელებულიყო მათი რომანი? არც კინო იყო, არც თეატრი, ვერც კაფეში წავიდოდნენ, ვერც ბარში, ესეირნათ? ქუჩაშიც ისროდნენ. ამიტომაც სეირნობდნენ მეტროში – ყველაზე უსაფრთხო ადგილას, მაგრამ რამდენ ხანს ისეირნებ მეტროში?
მოკლედ, ჭოლას საცივივით შეუყვარდა მანანა… საცივივით რატომ? მას არაფერი ისე არ უყვარს, როგორც საცივი…

ჭოლამ ცოლობა შესთავაზა მანანას. მანანა დათანხმდა. დაქალები კამიკაძეს ეძახდნენ, – ასე დაუფიქრებლად როგორ მიყვებიო, მაგრამ მანანა ასე არც მაშინ ფიქრობდა და არც დღეს არ მიიჩნევს, რომ გარისკა. ლევანს მანამდეც იცნობდა, ამის გარდა, რაც მისთვის მთავარი იყო, იმას ხედავდა ლევანში – ისინი ერთ ენაზე საუბრობდნენ, უთქმელად ესმოდათ ერთმანეთის…
მანანას უეცარი გადაწყვეტილება, არც მამამისს – მიშა კაზაკოვს გაჰკვირვებია. ან მანანას უეცარი გათხოვება, რას გააკვირვებდა რუს არტისტებში ნიჭის გარდა, ქორწინების სიმრავლით გამორჩეულ მიშა კაზაკოვს?
მანანა კაზაკოვა: „თან ისე დაემთხვა, რომ ზუსტად ერთი თვით ადრე დამირეკა და ტრაგიკული ხმით მითხრა, ცოლს გავშორდი და მარტო ვარო. რომ ვთხოვდებოდი, დავურეკე, ვთხოვდები-მეთქი. მამამ მითხრა, მეც ვქორწინდებიო… ასე რომ, სინქრონში ვიქორწინეთ და მე და მამაჩემს ტოლი შვილები გვყავს, იმისი ჩემს თინათინზე ნახევარი წლით უმცროსიც კი არის…“
მოკლედ, ლევანი შესთავაზებს ცოლობას. მივა ხელის სათხოვნელად. მიუტანს ფრანგულ კონიაკს. რომელსაც მერე უკან წამოიღებენ – უკვე ერთად და ერთადვე დალევენ… მივლენ ლევანის სახლში მეგობრებთან ერთად და… დედამთილს სხვა გოგო ეგონება რძალი. მიზეზი? შუქი არ იყო… შუქი არც მაშინ ჰქონდათ, როცა შინ 30 კაციანი ქორწილისმაგვარი ქორწილი ჰქონდათ.
ქორწილი: სუფრაზე სანთლები, ბლომად ბუტერბროდები – ბევრნაირი. თამადა – ლევან ბერიკაშვილი და სადღეგრძელოები – სულ წასულების, იმდენად რომ ვერ გაიგებდი ქორწილი იყო თუ ქელეხი…
მას შემდეგ ერთად არიან, აგერ უკვე ამდენი წელიწადია. მათ სახლში არავინ ამბობს – სამსახურში მივდივარ. უმუშევარი არც ერთია, არც ყოფილან – უბრალოდ, მათ სულ თეატრში ეჩქარებათ. თან ერთ თეატრში. ჯერ სარდაფში მიიჩქაროდნენ, ახლა, აგერ უკვე ამდენი წელია მარჯანიშვილის თეატრში. თუმცა, როგორც მანანა ამბობს, რეჟისორის ცოლობა მისთვის პრივილეგია არასოდეს ყოფილა. „ლევანთან პრივილეგიებით კი არ ვსარგებლობ, პირიქით, ვიჩაგრები, შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვს, პირველ რიგში, მე მაძლევს ხოლმე შენიშვნებს. მახსოვს, თინათინი სამი თვის მყავდა, რეპეტიციებიდან სიგარეტის მოსაწევ შუალედებში მოვრბოდი ბავშვთან. ლევანი არანაირ შეღავათს არ მიწევდა და ამბობდა – „თუ გყავთ შვილი, დაჯექით სახლში“.
კომედიების დადგმის ოსტატი ჭოლა, შინ სულ სხვანაირი ყოფილა – „აქვს იუმორი, კი არ ვამბობ რომ „ბაბაიაგაა“, მაგრამ ნაკლებად… ხომ სჭირდება ადგილი, სადაც ცოტა მოეშვება და არ იფიქრებს, რომ ვიღაცას მოაწონოს თავი. ლევანი თვლის, რომ რახან რეჟისორია, უნდა იქცეოდეს განსაკუთებულად, მაგალითად, როცაა თამადა, უნდა აიღოს ყველაფერი თავის თავზე, მოყოლაც, იუმორიც… სახლში კი გაცილებით სხვა ტიპია, იმდენად, რომ არც სჯერათ ხოლმე და როცა დასასვენებლად ვართ, ყველას უკვირს და მეკითხებიან – ცუდ ხასიათზეა ლევანი? მეც ვპასუხობ – არა, სახლში ასეთია! ლევანს შინ ნაკლებად უყვარს ლაპარაკი, სერიოზული, გულჩათხრობილია. როცა ახალ სპექტაკლზე იწყებს მუშაობას, დანა კბილს არ უხსნის. იფიქრებ, რომ რაღაც დაუშავე…“
ისინი დიდ დროს ატარებენ სამსახურში ერთად და ამიტომ მათ სახლში თეატრის ადგილი აღარაა – თეატრის ამბებს შინ აღარ იხილავენ. შინ მათ სხვა საერთო ინტერესები აერთიანებთ – კინო, ლიტერატურა. ჭოლას უყვარს, როცა მანანა ხმამაღლა უკითხავს წიგნებს… მანანას უყვარს, როცა ჭოლა ამბობს, რომ იმ დღეს თავად მოამზადებს კერძს. როცა ჭოლა ამას ამბობს – შინ ყველა მოუთმენლად ელის მის მომზადებულ საჭმელს. სამზარეულოში ტრიალი მანანასაც უყვარს და ეხერხება და სიცილით ამბობს კიდეც – რომ შედეგი ჭოლას ეტყობა კიდეც… ისინი ერთად ცხოვრობენ უკვე ამდენი წელია და მანანა ამბობს, რომ ლევანი არა მხოლოდ უყვარს, მასთან ცხოვრებაც აინტერესებს – „ლევანი საინტერესოა ადამიანია“ – ამბობს იგი და არც იმას მალავს, რომ ხშირად უხსნის მას ჭოლა სიყვარულს, უხსნის სცენიდან – დიახ, ამა თუ იმ სცენაში, ისეთ ეპიზოდს აქვსოვს, მანანამ რომ ზუსტად იცნოს მათი ისტორია…

დაიბეჭდა გაზეთ “ქრონიკა+”-ში.