
მას ხშირად უწევდა თეატრების ცვლა, მაგრამ ყველგან ახერხებდა ადგილის დამკვიდრებას.
ის იყო მუდამ რისკიანი და არასოდეს აშინებდა ახლის ძიება.
იყო გულწრფელი ცხოვრებაში და მეტად თბილი და თან ელვარე არტისტი სცენასა თუ ეკრანზე. მიუხედავად იმისა რომ მასაც, ისევე როგორც სხვა არაჩევეულებრივი გარეგნობის მსახიობ ქალებს, დიდად არ სწყალობდა ქართული კინო, რამდენიმე როლით მაინც მოახერხა აღბეჭდილოყო ჩვენს მეხსიერებაში.
ის იყო თბილი არტისტი –– ამართლებდა ფსევდონიმს.
ის იყო მარინა თბილელი.

ყმაწვილქალობა…
მარინა თბილელი თელავში დაიბადა 1920 წელს. თელავშივე მიაბარეს პედაგოგიურ ტექნიკუმთან არსებულ ნიჭიერთა ოთხწლედში. ახტაჯანა მარინე, ჯოხის ცხენით რომ დააჭენებდა თელავიდან ნადიკვარამდე, ერეკლეს სასახლის ქონგურებს რომ ცვეთდა გარშემო სირბილით, სკოლაში ბეჯითად სწავლობდა, ცეკვავდა, მღეროდა, ლექსებს კითხულობდა.
მის აღზრდაში დიდი როლი ითამაშეს პედაგოგებმა თამარ და ეკატერინე შიუკაშვილებმა – ეკატერინე შიუკაშვილი ბავშვებისთვის პიესებს წერდა, შემდეგ თელავის თეატრში დგამდა. სწორედ ეკატერინე შიუკაშვილი აძლევდა მარინე თბილელს პირველ როლებს. სწორედ ეკატერინე შიუკაშვილი იტყვის ამაყად: “დაიხსომეთ ჩემი სიტყვები, ამ ბავშვისგან უეჭველად მსახიობი გამოვა!”
ათი წლის იყო, მარინეს ოჯახი თბილისში რომ გადმოვიდა საცხოვრებლად. მალე მამაც დაეღუპა… უკან დარჩა უდარდელი ბავშვობა, კახეთი და… სცენაც.
ნანდახან თუ გაახსენდებოდა ბავშვობის გატაცება, როცა ვინმეს გამოჯავრება–მიბაძვისთვის რომ შექებდნენ – მსახიობის ნიჭი გაქვსო. მარინეს 16 წელი უსრულდებოდა, შვიდწლედის დამთავრების შემდეგ პედაგოგიურ ტექნიკუმში სწავლობდა, პედაგოგობისთვის ემზადებოდა, გახდებოდა კიდეც, მაგრამ შემთხვევითობამ…
ჯერ იყო სასწავლებლის წინ “ლენფილმის” რეჟისორები გადაეყარნენ და სტუდიაში სინჯებზე დაიბარეს, კინოში უნდა გადაგიღოთო, მაგრამ ფილმი ჩაიშალა… მერე იყო და მეგობარმა რომელიც ქორეოგრაფიულ სასწავლებელში აბარებდა, მარინეს ცეკვისას პარტნიორობის გაწევა სთხოვა, გამომცდელები აღაფრთოვანა მარინეს ცეცხლოვანმა ცეკვამ, გახარებულებმა დაიწყეს კიდეც მისი გამოკითხვა, მერეღა გაიგეს რომ ის იქ მხოლოდ მეგობრის დასახმარებლად იყო მისული…
მერე თბილისში სამწლიანი კინოსამსახიობო სასწავლებელი გაიხსნა.
მარინეს თვითონ არ მიუკითხებია. მარინეს მიაკითხეს…
სამსაონ სულაკაურმა, ვისი თაოსნობითაც გაიხსნა სასწავლებელი, მარინეს შემთხვევით მოჰკრა თვალი და თავითან უხმო კაბინეტში.
“15–16 წლის მშვენიერი, ტანადი გოგონა იდგა ჩემ წინ, ბავშვური, უმანკო, ლამაზი სახით, ანთებული ცეცხლოვანი თვალებით, შესანიშნავი ტუჩებით და ბროლივით თეთრი კბილებით. ინსტიქტით მივხვდი რომ ნამდვილად კინომსახიობი აღმოვაჩინე.” – იხსენებდა სულაკაური, რომელმაც ძლივს დაითანხმა მარინე სასწავლებელში რომ ესწავლა. მარინემ დაიწყო კინოსამსახიობოზე სწავლა. მაგრამ ოჯახს უმალავდა. მარინეს ყოველ საღამოს სადღაც გაუჩინარებით მისი ძმა დაინტერესდა, ჩუმად აედევნა და მარინეს საიდუმლოც გაიხსნა. მეორე დღეს, სასწავლებელში მისული, ატირებული მარინეს დედა ძლივს დაამშვიდეს, დაიყოლიეს…
სასწავლებელი რომ დაამთავრა, თბილისში თეატრალური ინსტიტუტიც გაიხსნა და მარინე მალიკო მრევლიშვილისა და დოდო ალექსიძის რეკომენდაციით თეატრალურ ინსტიტუტში გააგრძელა სწავლა – მესამე კურსზე ჩაირიცხა. სწორედ თეაორალური ინსტიტუტის ახლაგდახსნილ
სცენაზე ითამაშა თავისი პირველი როლი, ტაჯიკი გოგონა მირ–ახმედოვა აკაკი ვასაძის მიერ დადგმულ “პავლე გრეკოვში”. 1940 წელს მარინემ დაამთავრა ინსტიტუტი და ჩაირიცხა რუსთაველის თეატრში.
აკაკი ვასაძე
რუსთაველის თეატრში მისულ ახალბედა მსახიობს მფარველად აკაკი ვასაძე მოევლინა. დღეს უკვე საქვეყნოდ აღიარებული სცენური გვარი “თბილელი” სწორედ აკაკი ვასაძემ დაანათლა მას და ამ გვარით აკურთხა ქართულ სეცნაზე. მარინემ სწორედ ამ ფსევდონიმით დაიმკვიდრა ადგილი სცენაზე და ამ ფსევდონიმითვე შევიდა ქართული თეატრის ისტორიაში. “მარინე მართლაც რომ თბილი მსახიობია, მან გაამართლა ჩემს მიერ მიცემული ფსევდონიმი – თბილელი. თეატრალური ინსტიტუტიდან მარინე დამბროვსკაიას გვარით მოვიდა ქართულ თეატრში და გადავწყვიტე, ქართულად მომენათლა. ასე მგონია შესაფერად მოვნათლე თბილელად. მიხარია რომ მარინეს სამსახიობო პროფერსიული კულტურის გამოჭედვაში მეც მიმიძღვის წვლილი. ხოლო ჩემი გვარისა და სახელის გამგრძელებელი, აკაკი ვასაძე–უმცროსი რომ “მაჩუქა” ამისთვის კი მადლობის მეტი რა მეთქმის” – წერდა აკაკი ვასაძე, მარინე თბილელი კი მუდამ მთელი ცხოვრება ემადლიერებოდა მას…
რუსთაველის თეატრში
მარინე თბილელმა წარმატებით ითამაშა რამოდენიმე დიდი და პატარა როლი. “კრწანისის გმირებში” მის მიერ განსახიერებული თეკლა ბატონიშვილი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა რომ პიესის ავტორს სიკვდილამდე არ ავიწყდებოდა. “83 წლისა ვარ და დღემდე გონებიდან არ მშორდება მის მიერ განხორციელბული თეკლა” – ამბობდა სანდრო შანშიაშვილი. მარინე წარმატებით თამაშობდა მასზე დაკისრებულ მოზრდილ თუ პაწაწუნა როლებს, მფარველიც ჰყავდა თეატრში, მაგრამ… თეატრში მისვლიდან 4 წლის შემდეგ თეატრს ჩამოაშორეს. ახალგაზრდა მსახიობი მტკივნეუყლად განიცდიდა თეატრიდან ჩამოშორებას. იმდენად მტკივნეულად რომ ეს ჩამოშორება მას ახსენებდა ედიტ პიაფის ტკივილს შვილის დაკრძალვისას.
მარინე თბილელს ზუსტად 30 წელი დასჭირდა იმისთვის რომ უკან ოცნება აეხდინა და უკან – რუსთაველის თეატრში დაბრუნებულიყო.
თეატრი დატოვა 24 წლისამ, დაბრუნდა 54 წლის…
მანამდე კი იყო მთელი ცხოვრება…

სოხუმი, ვახტანგ ბოჭორიშვილი…
“ფაქტიურად უმუშევარი დავრჩი. ომის წლები, არც ჯამაგირი, არც პურის წიგნაკი, არც მომარაგება. მყავდა პატარა ბავშვი და მოხუცი დედა, უთეატროდ მტკივნეულად, ტანჯვით განვიცდიდი. მაგრამ ერთ დღეს თბილისში ჩამოვიდა გიორგი გულია, რომელიც აფხაზეთის ხელოვნების სამმართველოს უფროსად მუშაობდა და მიმიწვია სოხუმის თეატრში. შემპირდა კარგ ბინას, უმაღლეს ჯამაგირს, საქმე არ ითმენს, უნდა დამთანხდეთო, ასეთმა ყურადღებამ თვალებში სინათლე დამიბრუნა. ავიბარგე და მეორე დღესვე სოხუმს გავემგზავრე” – წერდა მარინე თბილელი. მარინე თბილელმა სოხუმის თეატრში 2 წელი დაჰყო, მხოლოდ ერთ სეზონში 7 როლი განასახიერა. სწორედ სოხუმის თეატრში შეხვდა მაშინ სრულიად ახალგაზრდა რეჟისორს ვახტანგ ბოჭორიშვილს. მომავლაში სახელგანთქმული ინფექციონისტი და საზოგადო მოღვაწე, ვახტანგ ბოჭორიშვილი 21 წლისაც არ იყო რუსთაველის თეატრიდან სოხუმის თეატრში რომ გადავიდა რეჟისორად, რათა იქ დამოუკიდებლად ეძებნა საკუთარი თეატრი, საკუთარი ხელწერა, დამოუკიდებლად განეხორციელებინა თავის ჩანაფიქრი. დგამდა შანშიაშვილის “ხევისბერ გოჩას”, მარინე თბილელს ძიძიას როლი მიანდო.
“მანცვიფრებდა მარინე აგრეგნობა, რაღაც განუმეორებელი ელფერი დაჰკრავდა სახზე, ხავერდოვანი ატმის ფერი. გამოხედვაში სიცოცხლის დამამკვიდრებელი მუხტები ამოიცნობოდა, როდესაც ვუყურებდი მას სულში გაზაფხული ჩამისახლედბოდა ხოლმე”– გაიხსენებს მოგვიანებით უკვე აღიარებული ინფექციონისტი ვახტანგ ბოჭორუიშვილი.
ისინი სამუდამოდ მეგობრებად დარჩნენ. თავის ყველაზე საუკეთესო ლექსი ვახტანგ ბოჭორიშვილმა მიუძღვნა მარინა თბილელს…
“ხევისბერი გოჩა” პრინციპული სპექტაკლი იყო ვახტანგ ბოჭორიშვილისთვის, ამ სპექტაკლში იგი იმ თეატრისკენ მიილტოვოდა, როგორზეც ოცნებობდა და როგორც ამბობენ შემიჩნეოდა კიდეც კონტურები იმ თეატრის. ბოჭორიშვილმა უარყო “ხევისბერის” შანშიაშვილისეული ინტერპრეტაცია, გადააკეთა პიესა, დაუახლოვა ყაზბეგის პირველწყაროს,
სპექტაკლი მოიწონეს, მაგრამ ვინც სპოექტაკლს იბარებდნენ, პიესის ახალ ვარიანტს ეჭვით შეხვდნენ და რეჟისორს გადაკეთება მოსთხოვეს. შეიქმნა მწვავე კონფლიქტური სიტუაცია, ბოჭორიშვილი დათმობაზე არ წავიდა, წავიდა თეატრიდან –– მედიცინაში…
მარჯანიშვილის თეატრში
1946 წელს მარინე თბილელი თბილისში დაბრუნდა, მაგრამ არა საოცნებო რუსთაველის თეატრში, არამედ მარჯანიშვილის თეატრში, სადაც არაერთი ვარსკვლავი ბრწყინავდა. მიუხედავად ამისა, მან მაინც მოახერხა საკუთარი ადგილის გამონახვა არტისტულ ოლიმპოზე. თუმცა არც ეს გზა იყო უმტკივნეულო…


“ომისშემდგომ წლებში, ყველას და განსაკუთრებით ახალგაზრდა მსახიობებს გვიჭირდა. ხშირად მშივრებს გვიხდებოდა სცენაზე თამაში. წარმოდგენის შემდეგ ხშირად ფეხით დავდგომივარ გზას შინისკანენ და შურით გამიყოლებია თვალი ტრამვაისთვის. მაგრამ მეორე დღეს ისევ სიხარულითა და სიყვარულით მივისწრაფვოდი თეატრში” – იხსენებდა მსახიობი….

როლებთან დაკავშირებითაც ხშირად სტკენია გული…
“ მარიამ სტიუარტში” მარიამის როლზე დანიშნული ვიყავით 2 მსახიობი – ვერიკო ანჯაფარიზე და მე, ვინაიდან ვერიკოს არ უყვარს დიდხანს მუშაობა ტექსტზე და მიზანსცენების გამართვის პროცესი, მთელი რეპეტიციები ვასო ყუშიტაშვილმა მაგიდასთან ჩაატარა ჩემთან, და პირველი მოქმედების მიზანსცენებიც გამართა. მოვიდა ვერიკო, მოეწონა და განაგრძო მუშაობა. მე როლი აღარ მითამაშია, მაგრამ ეს რეპეტიციები დიდი გაკვეთილი იყო, დღესაც ვგრძნმობ მათ ძალას. ბატონი ვასო (ყუშიტაშვილი) იყო მდიდარი ბუნების ადამიანი. კეთილი, იუმორით სავსე, მომეფერა მაკოცა და მაჩუქა ყვავილების ქილა, რომელიც დღესაც ამშვენებს ჩემს მაგიდას…”

აკაკი, ბაია…
1957 წელს მარინე თბილელმა იქორწინა ცნობილ რეჟისორსა და კულტურის მოღვაწეზე აკაკი დვალიშვილზე. შეეძინათ ქალიშვილი ბარბარე – იგივე ბაია, დღეს უკვე საკმაოდ ცნობილი მსახიობი ბაია დვალიშვილი.
მოგვიანებით, მარინე თბილელი ანკეტაში ერთობ უშუალოდ ჩაწერს:
“30 წელიწადია მე და ჩემი ძვირფასი მეუღლე სიამტკბილობით ვუქცევთ ერთმანეთს ღრანჭს”…

საერთოდ, გულწრფელობა მისთვის ბუნებრივი მდგომარეობა იყო, აბა ვინ უპასუხებს ასე უშუალოდ, და ვინ იტყვის კაპარჩახანა ვარო, როგორც ეს მას შეეძლო? ანკეტაში კითხვაზე “ტქვენი ხასიათი”, მარინე თბილელი პასუხობდა “კაპარჩხანა”.
არც იმას მალავდა რომ ეშინოდა სიბერის და სცენის მიტოვების, არც იმას რომ მისი სისუსტე იყო კაკლის მურაბა, ვარდის მურაბა და ლობიო. ნაკლსაც მეტად გულწრფელად აღიარებდა “მაქვს მიხვედრილობა, მაგრამ მაკლია განათლება”.
აღაფრთოვანებდა კარგი სპექტაკლი, ლიანა ისაკაძე, ვახტანგ ჭაბუკიანი, რიხტერი. აკვირვებდა ტელევიზორი, ტელეფონი, გაფრენა კოსმოსში.
სურდა ქალიშვილში გაგრძელებულიყო მისი სცენიური სიცოცხლე…

ბაია დვალიშვილი:
“ძალზე აქტიური, მომთხოვნი, პრინციპული და ამავე დროს ძალზე მზრუნველი დედა იყო. არც მე, არც ჩმს ძმას და არც მამაჩემს არასოდეს მოგვკლებია მისი ყურადღება. მასავით დაკავებული ბევრი არ იყო, მაგრამ სუპერდიასახლისი იყო და ყველაფერს ასწრებდა – ბაზარში სიარულსაც, შინ დიასახლისობასაც და სცენაზე დგომასაც. არ მახსოვს მას რამე დაზარებოდეს…
დღემდე მაინც მარინა თბილელის გოგო ვარ. მე კი არა მამაჩემს, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქართულ კულტურაში, წავიდოდნენ, წამოგვიდოდნენ და როგორც მარინა თბილელის ქმარს, ისე იხსენიებდნენ, რაზეც მამა ბევრს იცინოდა ხოლმე.
მისი ფაქტორი მაკომპლექსებდა? როგორ გითხრა ეს მართლა არ იყო იოლი, პროტესტებიც მოქნდა, შინაგანი ბრძოლებიც, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემში ფარულად ხდებოდა და არა ღიად, საჯაროდ. მადარებდნენ ყველაფერში, გარეგნობით, სცენაზე, მაგრამ ამ ყველაფერს ეგუები. მე მაგალითად ძალიან იოლად ვიტანდი, იუმორი მშველოდა. მახსოვს ერთ ქალს რომ გაიგო რომ მარინა თბილელის გოგო ვიყავი, პირდაპირ გულყრა დაემართა. რაღაც ქაღალდი მივიტანე სახლმმართველობაში, დახედა თუ არა სახელს და გვარს, ამომხედა და დაიწყო, “დედაააა, არ გეწყინოს, დედაშენი შენს ასაკშიიიი” თან მოთქვამდა და თან აყოლებდა “არ გეწყინოს, არ გეწყინოს”, ისეთ დღეში იყო იქით ვამშვიდებდი, არ მწყინს, ვიცი, შეჩვეული ვარ, ბავშვობიდან ამას მეუბნებიან–მეთქი… ასევე იყო სცენაზეც. შენ იწყებ, ჯერ არაფერი არ იცი და უკვე გადარებენ დედას – წარმატებულ და ჩამოყალიბებულ არტისტს. კი რთულია ეს, მაგრამ მეორეს მხრივ კარგიცაა, უფრო მობილიზებნული ხარ და უფრო ცდილობ თვითდამკვიდრებას. ეძებ შენს გზას რომ არ გავდე მას. კი არ შეეჯიბრო, შენი თავი იპოვო…
ვუყურებ დედის ფილმებს, მაგრამ ძალიან გულდაწყვეტილი. დედაჩემს სტერეოტიპულად ერთ ქალს ათამაშებდნენ, რატომრაც ყველგან ბურჟუაზიული წარმოშობის ქალს ანსახიერებდა, ფილმიდან ფილმში ერთი და იგივე სახით გადადიოდა…”




ოცნების ახდენა
მარინე თბილელმა ოცნება მაინც აიხდინა, 1974 წელს, უკვე მაშინ როცა ტავისი ადგილი მყარად ჰქონდა დამკვიდრებული მარჯანიშვილის თეატრში, როცა ჰქონდა საკმაოდ მკვეთრად ჩამოყალიბებული ხელწერა, სტილი, ამ ყველაფერს ზურგი აქცია და რუსთაველის თეატრს მიაშურა. უკვე სარეცელს მიჯაჭვული ვასო გოძიაშვილი დაჟინებით ითხოვდა მარინა თბილელიოს დაბრუნებას მარჯანიშვილის თეატრში. იმ ეტაპზე მარინე თბილელი შორს იდგა სტურუას თეატრის სტილისტიკისგან, მაგრამ ვაბანკზე წასვლამ გაამართლა.



იგი სტურუას არტისტად იქცა. მოგვევლინა ნათელა აბაშვილად ლეგენდარულ “კავკასიურ ცარცის წრეში”, იორკის მთავრის მეუღლედ “რიჩარდ მესამეში”…
მისი სცენიური სიცოცხლე დღესაც გრძელდება – ბაია დვალიშვილში…

გამოყენებულია ეროვნულ ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკა “ივერიელში” დაცული ფოტომასალა.






ნარკვევი გამოქვეყნებულია გაზეთში “პრაიმტაიმი”.