Tag Archives: მარჯანიშვილის თეატრი

ქუთათელაძეების ოჯახი

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა “საერთო გაზეთში”).

ანზორ და ეკა ქუთათელაძეები

ინტელიგენტურობა, ზომიერება და კეთილშობილება – აი, თვისებები, რაც გამოარჩევდა ანზორ ქუთათელაძეს ქართველ რეჟისორთა შორის…
ეს თვისებები თითქმის პირწმინდად აირეკლა მისი ქალიშვილის – ეკა ქუთათელაძის ხასიათშიც…


ანზორ ქუთათელაძე 1933 წლის 5 იანვარს დაიბადა. ბაბუა – დედის მამა – კოლია ასათიანი ზესტაფონის თეატრის მსახიობი იყო და ამიტომ არავის გაჰკვირვებია, არც მაშინ 13 წლის ანზორმა პიონერთა სასახლის დრამწრეს რომ მიაშურა და არც შემდეგ – 1951 წელს, სკოლის დამთავრებისთანავე რომ თეატრალურ ინსტიტუტს მიაშურა და სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
1956 წელი მნიშვნელოვანი იყო ანზორ ქუთათელაძისთვის – შეეძინა ქალიშვილი ეკა… ანზორ ქუთათელაძესა და ლია ლეკიშვილს ერთმანეთი რომ შეუყვარდათ ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდნენ – ანზორი ვაჟთა, ლია კი – ქალთა სკოლაში. ფარულად ხვდებოდნენ ერთმანეთს. ერთობ უჩვეულო მიმოწერაც ჰქონიათ – ეკა ქუთათელაძე მამის არქივის მოწესრიგებისას გადააწყდა ამ წერილებს. ანზორი ლიას სწერდა წერილებს, მაგრამ თავის გვარსა და სახელს კი არ აწერდა, აწერდა „შენი ლამარა“, „შენი თინა“… ლია მიიღებდა წერილს და ხვდებოდა, ვინც იყო „ლამარა“… როცა შეუღლდნენ, ანზორი თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი იყო, ლია – სამედიცინო ინსტიტუტის…
1956 წელს ანზორ ქუთათელაძემ თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა – სადიპლომო სპექტაკლი სოხუმის თეატრში დადგა – რეზო თაბუკაშვილის „რას იტყვის ხალხი“.
„სოხუმის ქართულ თეატრში სადიპლომო სპექტაკლის დასადგმელად სრულიად ახალგაზრდა, ელეგანტური შესახედაობის ვაჟი ჩამოვიდა. დადგა სპექტაკლი და წავიდა… წავიდა, მაგრამ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა, როგორც ნიჭიერმა, პერსპექტიულმა შემოქმედმა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მისი ადამიანური თვისებები და აი, რვა წლის შემდეგ ეს კაცი თეატრში მოვიდა უკვე როგორც მთავარი რეჟისორი…“ –  იხსენებდა ვიქტორ ნინიძე.
ის რვა წელი კი ანზორ ქუთათელაძე მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობდა.
მარჯანიშვილის თეატრში ანზორ ქუთათელაძის დებიუტიც 1956 წელს შედგა…
23 წლის ახალგაზრდა რეჟისორი მარჯანიშვილის თეატრში ტიტანების გარემოცვაში აღმოჩნდა. მარჯანიშვილის სცენაზე მისი დებიუტი გურამ მაცხონაშვილთან ერთად დადგმული „სამი ბულბულის ქუჩა #17“ იყო. დებიუტანტი რეჟისორების სპექტაკლში სცენის აღიარებული ოსტატები იყვნენ დაკავებული – აკაკი კვანტალიანი, მარინე თბილელი, ელენე ყიფშიძე…

მარინა თბილელი

მარინა თბილელის მოგონებიდან: „ჩემთვის სპექტაკლი „სამი ბულბულის ქუჩა #17“ არაჩვეულებრივი იყო და აი რატომ! სპექტაკლი დადგეს დებიუტანტმა რეჟისორებმა ანზორ ქუთათელაძემ და გურამ მაცხონაშვილმა. ისინი საოცარი გატაცებით მუშაობდნენ. სარეპეტიციო დარბაზში მხიარული ატმოსფერო სუფევდა. ჩვენც ვცდილობდით, ავყოლოდით ახალგაზრდა რეჟისორების მჩქეფარე ფანტაზიას. რეჟისორებმა მოიწვიეს საფრანგეთიდან ახლად ჩამოსული ქორეოგრაფი გულბაათ დავითაშვილი – სარეპეტიციო დარბაზში აჟღერდა უცხოური თანამედროვე მუსიკა. ქორეოგრაფმა დადგა იმ დროისათვის მეტად მოდური ცეკვა „ბუგი-ბუგი“, რომელსაც მე და მერაბ თაბუკაშვილი დიდი აზარტით ვასრულებდით. ეს ეპიზოდი ყოველთვის ტაშის გრიალში მიდიოდა.
სპექტაკლი იწყებოდა მსუბუქი, მხიარული რიტმით. აკაკი კვანტალიანის ენერგიული ნაბიჯით შემოსვლა საწინადარი ხდებოდა სპექტაკლის მთლიანი განწყობილებისა. სცენაზე იდგა პირობითი დეკორაცია – მშენებარე ბინა ხარაჩოებში, რომლის ბინადარნი მთელი ღამე ყარაულობდნენ ნაჯახებით შეიარაღებულნი, რომ ახალი მოსახლე არ შემოესახლებინათ. მე –  ლულა –  ჩამოვდიოდი დეიდა პოლისთან სტუმრად, რომელსაც ფუმფულა და კეთილი გენრიეტა ლეჟავა თამაშობდა. მოდურად მეცვა, მოკლე მოტკეცილ შავ კაბაზე მწვანეფოთლებიანი დიდი სტაფილო მქონდა მიხატული, თავზე მედო ტაფასავით ქუდი დიდი ფრთით. დეიდასთვის საჩუქრად ჩამომყავდა თხა. მსახიობებს ეს თხა ძალიან შეგვეჩვია. ყველას გვცნობდა. სპექტაკლის დასასრულს აკაკი კვანტალიანი თხას რქაში ხელს წაავლებდა, ავანსცენაზე მიჰყავდა და მაყურებლისთვის მადლობას ახდევინებდა, ეს პროცესი თხასაც უყვარდა და თავს აქიცინებდა, ტაშს აყოლებდა… სიცოცხლით სავსე სპექტაკლი იყო, მსახიობებიც დიდი სიამოვნებით ვთამაშობდით. მთელი საქართველო მოვიარეთ ამ სპექტაკლით, ყველგან უდიდესი წარმატება ჰქონდა…“

1959 წელს ანზორ ქუთათელაძემ გურამ მაცხონაშვილთან ერთად მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე „შავთვალა გოგონა“ დადგა, „შავთვალა გოგონას“ „ჩარლის დეიდა“ მოჰყვა. შემდეგ კი, 1962 წელს დადგა „ბაფთიანი გოგონა“ –  სპექტაკლი, რომელშიც განსახიერებულ როლს – ჰარას – სოფიკო ჭიაურელი თავის არტისტულ პასპორტად მიიჩნევდა…

„რეჟისორი ანზორ ქუთათელაძე და მხატვარი ოთარ ლითანიშვილი დასაწყისშივე ქმნიან სპექტაკლის პლასტიკურ ხატს. სცენაზე თითქოს ძალიან შორიდან დანახული დედამიწის სფეროს გლუვი ნახევარია, რომელზედაც ერთადერთი შიშველი ხის ელასტიური, გადაზნექილი ტანია აღმართული. იგი თითქოს სივრცეებში – უღრუბლო ბერძნული ცისკენ ლამობს გაფრენას“, –  წერდა ნოდარ გურაბანიძე.

სოფიკო ჭიაურელი

„თითქოს გუშინ იყო ის დაუვიწყარი დღეები, თეთრად ნათევი ღამეები, როდესაც ჩვენ „ბაფთიან გოგონაზე“ ვმუშაობდით. ჩვენს სპექტაკლს წინ უძღვოდა ევრიპიდეს „მედეა“ ბატონ არჩილ ჩხარტიშვილის დადგმით და ვერიკოს მონაწილეობით. ეს მართლაც შესანიშნავი სპექტაკლი მაყურებელმა ზარ-ზეიმით მიიღო, ეს იყო მარჯანიშვილის თეატრის და მთელი დასის დიდი გამარჯვება. და აი, რიგშია ჩვენი „გოგონა“. შენ სრულიად ახალგაზრდა რეჯისორი, მე ახალბედა მსახიობი და მახსოვს, რომ თეატრში არავის სჯეროდა (ალბათ ჩვენს გარდა), რომ გამოვიდოდა კარგი წარმოდგენა და წარმოდგენა გამოვიდა, გამოვიდა უპირველეს ყოვლისა შენი პოეტური ბუნების, შენი თავდავიწყების, შენი ტალანტის გამო… არც მანამდე და არც მას შემდეგ, არასოდეს მქონია ის საოცარი შეგრძნება, რომელიც დამეუფლა „ბაფთიანი გოგონას“ პრემიერის დღეს, წარმოდგენის დღეს მე ვიგრძენი სრული შერწყმა მაყურებელთან…“ –  ასე გაიხსენებს სოფიკო ჭიაურელი იმ წლებს მოგვიანებით, როცა რეჟისორს დაბადებიდან 60 წელი შეუსრულდება…
„ბაფთიან გოგონას“ დიდი წარმატება ხვდა მოსკოვსა და რიგაში გასტროლებისას. ჟურნალი „თეატრი“ წერდა:
„ქორწილის სცენა ერთ-ერთი საუკეთესოა სპექტაკლში. დადგმულია იგი თითქოსდა ვახტანგოვისეული, არა, უფრო ზუსტად, მარჯანიშვილისეული ხერხით. თავისი მღელვარე რიტმით და ნათლად აღსაქმელი მეორე პლანით, იგი დრამატულიცაა და თითქოსდა სასაცილოც… მხიარულიც, მაგრამ ღრმად ჩამალული, სევდიანი ინტონაციების მქონეც… „ბაფთიანი გოგონას“ ტრაგიკული ფინალი თავისი სახიერი გადაწყვეტით თამამად შეიძლება თეატრალური ხელოვნების ბოლო წლების ყველაზე საუკეთესო მიღწევათა გვერდით დავაყენოთ“…

ანზორ ქუთათელაძემ 1963 წელს „უსახელო ვარსკვლავი“ დადგა, 1964 წელს კი „ჯარისკაცის ქვრივი“, სადაც ჯარისკაცის ქვრივს –  ხათუნას დოდო ჭიჭინაძე ანსახიერებდა…
1964 წელსვე ანზორ ქუთათელაძე სოხუმის ქართულ თეატრში გადაიყვანეს მთავარ რეჟისორად. სწორედ იქ დადგა სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“ და სწორედ ამ სპექტაკლში გამოვიდა პირველად სცენაზე ანზორ ქუთათელაძის ქალიშვილი – ეკა ქუთათელაძე.

ეკა ქუთათელაძე

ეკა მაშინ მხოლოდ ათი წლის იყო. მაშინ იქ, სოხუმში ბებიასთან ისვენებდა.
ეკას ბაბუას – კოტე ქუთათელაძეს, ჯანმრთელობის შერყევის შემდეგ, ექიმებმა ურჩიეს თბილისიდან საცხოვრებლად ზღვისპირას გადასულიყო. ეკას ბებია-ბაბუა სოხუმში გადავიდნენ საცხოვრებლად. ეკას ბებია –  ნორა ასათიანი სოხუმის თეატრალური საზოგადოების დასასვენებელ სახლს ხელმძღვანელობდა. ეკა ყოველ ზაფხულს ბებიასთან ატარებდა და იმ წელსაც იქ იყო…
მამიკომ ჰკითხა –  გინდა სცენაზე გამოხვიდე?
როგორ არ უნდა? ამას კითხვა უნდა?
პირველ რეპეტიციაზე დიდის ამბით წავიდა. ხუმრობა ხომ არაა, ანტიგონეს თამაშობს. ცხადია, ყველას იცნობდა თეატრში, ყველა სიყვარულით შეეგება, პრემიერაზე დიდი თაიგულიც მიართვეს, ის კი ადგა და ყველას ჩამოურიგა ყვავილები…
მერე სოხუმის თეატრთან ერთად გასტროლებზეც წავიდა ოდესაში, თანაც გემით. მსახიობები გემის ერთ-ერთ სალონში უკრავდნენ, ერთობოდნენ, პატარა ეკამ ვერ მოითმინა და…

ეკა ქუთათელაძე – კადრი ფილიმიდან "მევლუდი"

ეკა ქუთათელაძე: „ყველამ იცოდა ჩემი ზღვარგადასული სიყვარული ცეკვისადმი, იმ სალონში მეც შევიჭყიტე, მუსიკის ხმაზე ავცმუკდი, ბოლოს ვეღარ მოვითმინე, წამოვხტი და ბოშურის ცეკვა დავიწყე, გრძელი თმა მქონდა ხვეული, გავიშალე ეს თმა და ამ ცეკვა-თამაშში შეგროვდა უცხო ხალხი, ისე ამაყად გამოვედი იქიდან, თითქოს მთელი ცხოვრება სცენაზე მქონდა გატარებული“.
ცეკვა მართლაც ძალიან უყვარდა, ის კი არა ბალერინობაზეც ოცნებობდა…
„7-8 წლის ვიქნებოდი, მამამ ოპერაში წამიყვანა, ჭაბუკიანი ადიოდა კიბეებზე. მამამ გაუმხილა –  ეკას ძალიან უნდა ბალერინობაო. ცეკვის ჯადოქარმა შემომხედა –  კი, კი ძალიან კარგი იქნება, ოღონდ ცოტა ნაკლები უნდა ჭამოს და გახდესო. ეს ჩემთვის ძალზე რთული იყო, ასე გამოვემშვიდობე ნალოლიავებ ოცნებას… მერე მამამ ქართული ცეკვის ანსამბლში მიმიყვანა. უნდა გენახათ, მუსიკის ხმაზე რა ამაყად მოვემზადე საცეკვაოდ, მეგონა, რომ აი, ახლავე ჩამოვუვლი და ვიცეკვებ მეთქი. თურმე რამდენი შრომა და წვალება ყოფილა საჭირო…“
ეკა 47-ე სკოლაში სწავლობდა, დადიოდა ლიტერატურულ წრეზე, სადაც სპექტაკლებსაც დგამდნენ, სწორედ იქ ითამაშა მომავალმა მსახიობმა ეკამ –  ეკატერინე ჭავჭავაძე „ბარათაშვილში“… ოცნებობდა მსახიობობაზე, მაგრამ უფროს კლასებში ცოტა შეშინდა კიდეც –  მსახიობის ცხოვრების დაძაბულმა რიტმმა შეაშინა –  რეპეტიციები, სპექტაკლები… გადაწყვიტა, მხატვარი გამოსულიყო, მაგრამ მარჯანიშვილის თეატრის ტრიუმფულმა გასტროლებმა მოსკოვში გეგმები შეუცვალა –  როგორც მაყურებელმა ირწმუნა თეატრის სასწაულებრივი ძალა და მსახიობობის ჭიას, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა –  გასაქანი მისცა და საბოლოოდ გადაწყვიტა, მსახიობი გამოსულიყო.

ბატონ ანზორს არაფრით სურდა, მისი ქალიშვილი მსახიობი გამოსულიყო, მაგრამ ვერაფრით გადაათქმევინა. ვერ გადაათქმევინა და განზე გადგა, დაემუქრა, არ მოგეხმარებიო, ის კი არა, იმის თქმაც კი აუკრძალა, რომ მისი შვილი იყო. არადა, თქმა რად უნდოდა, ისედაც ყველა იცნობდა – კომისიაში – ეთერ გუგუშვილი, დოდო ალექსიძე და მამის სხვა მეგობრები ისხდნენ.
„დოდო ალექსიძე მეკითხება – თქვენ გოგონა ვისი შვილი ხართ? – თქვენ არ იცნობთ მეთქი – ეშმაკურად დავიძვრინე თავი. გაეცინათ. ტურის წინ ფეხი გადამიბრუნდა, ძლივს დავდიოდი, მაგრამ მაინც მივედი. მომცეს ეტიუდი, ვითომ ცეკვის პირველი გაკვეთილია, მოდის ჩემთან ბიჭი და ცეკვის დროს მიხსნის სიყვარულს. მაშინ აბიტურიენტებს სტუდენტები ეხმარებოდნენ ეტიუდის მომზადებაში, მახსოვს ალეკო მახარობლიშვილი „გამომიყვეს“. ცეკვა უნდა მესწავლებინა. ბოლოს, მე შენ მიყვარხარო – შეთანხმებისამებრ მითხრა ალეკომ. ჩემი რეაქცია არ დამავიწყდება –  პირველად გხედავ, რა სიყვარული აგიტყდა?! ისე ბუნებრივად გამომივიდა, ყველას სიცილი აუტყდა…“
ეკა ქუთათელაძე თეატრალურ ინსტიტუტში ჩაირიცხა –  გიზო ჟორდანიას ჯგუფში. სწორედ ინსტიტუტში ეწვია სიყვარული.
შემდეგ ამ გრძნობას დაარქმევს –  ნამდვილ სიყვარულს. მანამდე კი ეგონა, რომ ადრეც უყვარდა…
“ბავშვობაში მეგონა, რომ ყველა მიყვარდა და ყველას ვუყვარდი. კი, ვუყვარდი… ვუყვარდი… ბევრს… ერთი ჩემი თანაკლასელი ბიჭი გრძნობებს ასე გამოხატავდა – თმას მაწიწკნიდა. სახლში აღშფოთებული მოვდიოდი, რა გამიჭირა საქმე-მეთქი. ერთხელაც, მწყერი მომიყვანა პარკში ჩასმული. სასხვათაშორისოდ მითხრა _ ეს შენო… პარკში რაღაც ფხაჭუნობდა, შემეშინდა, გავხსენი –  ერთი ციცქნა მწყერი იყო. იატაკზე ისე საცოდავად დარბოდა… მერე კატამ შემიჭამა, ძალიან განვიცადე…
ჩემი მეუღლე ვაჟა მინდიაშვილი პირველ კურსზევე გავიცანი. მე ბატონ გიზოსთან ვსწავლობდი, ის – რეზო მირცხულავასთან. თავიდან მეგობრები ვიყავით. იანვარში გამოცდები რომ დაიწყო, ერთად ვმეცადინეობდით. ერთხელ, ჩვენთან ვმეცადინეობდით, მამაჩემი და კოტე მახარაძე მოვიდნენ. დედაჩემმა, მახსოვს, გამოაცხო ნამცხვარი „მაკოცე“. ოთახში ნამცხვარი რომ შემოვიტანე, ჯერ მამას მივაწოდე, მერე ბატონ კოტეს, ვაჟას კი ეშმაკურად შევეკითხე: ვაჟა, „მაკოცე“ არ გინდა-მეთქი? ვაჟას ჩემს კითხვაზე ისე შერცხვა და დაიბნა, რომ აღარ იცოდა, სად წასულიყო… სიყვარული ზამთარშივე ამიხსნა. მახსოვს, იანვარში ხელსახოცში გახვეული მარწყვები მომიტანა და სიყვარულიც მაშინ ამიხსნა, 8 მარტს კი მომიტაცა… მე წავიყვანე 8 მარტს ჩემს თანაკლასელებთან ქეიფზე, იქიდან რომ წამოვედით, თავის მამიდაშვილთან წასვლა შემომთავაზა, რაღაც ვიეჭვე, მანქანაში არ ჩავუჯექი, ავტობუსით წავედით..“
ეკა ბედისწერას ვერც ავტობუსით გაექცა – მივიდნენ სტუმრად, მოილხინეს, გვიანღა შენიშნა ეკამ, საათი სულ ერთსა და იმავე დროს რომ აჩვენებდა… შინ წასვლა რომ დააპირა, უკვე ღამის პირველი საათი იყო, ვაჟამ აღარ გამოუშვა, აღარც ეკას გაუგიჟებია თავი… მერე? მერე იყო 300-კაციანი ქორწილი – კოტე მახარაძის თამადობით… ეკა მაისში გახდა 17 წლის, ვაჟა კი – 18-ის…

ეკა ქუთათელაძე და ვაჟა მინდიაშვილი

ვაჟა მინდიაშვილი ათი წელი რუსთავის თეატრში მუშაობდა, არაერთი როლი განასახიერა, შემდეგ რუსთაველის თეატრში გადმოვიდა… შემდეგ კი მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ეკას თავიდან არ მოეწონა, შემდეგ კი გვერდით დაუდგა… ვაჟა მინდიაშვილი 9 აპრილის ტრაგედიის უშუალო მონაწილე იყო. სწორედ იმ ღამეს შეხედა ცხოვრებას სხვა თვალით, შემდეგ ჩააბარა სასულიერო აკადემიაში, მღვდლად ეკურთხა _ მამა ნიკოლოზი გახდა.  რამდენიმე წლის შემდეგ, სწორედ 9 აპრილს რუსი ჯარისკაცისგან ზურგში მოხვედრილი ნიჩაბი გახდა საბოლოოდ მისი გარდაცვალების მიზეზი – ნიჩაბმა ხერხემალი დაუზიანა… გარდაცვალებამდე ხერხემალზე სამჯერ გაუკეთეს ოპერაცია…  ეკამ და მამა ნიკოლოზმა (ერისკოცობაში ვაჟა მინდიაშვილმა) ერთად 30 წელი იცხოვრეს, მამა ნიკოლოზი 6 წელია, რაც გარდაიცვალა… ეკას დღემდე ახსოვს და არც არასოდეს დაავიწყდება, როგორ ახვედრებდა დილით სასთუმალთან პატარა წაკამათებების შემდეგ ეკასთვის ასე საყვარელ თეთრ ვარდებს…

ეკა ქუთათელაძე და ვაჟა მინდიაშვილი შვილებთან – აჩიკოსთან და ნატოსთან ერთად

 

მამა-შვილი რუსთავის თეატრში

ანზორ ქუთათელაძემ სოხუმის თეატრში სამი სეზონი დაჰყო, დადგა „ოთარაანთ ქვრივი“, ედუარდო დე ფილიპოს „აჩრდილები“ ოთარ ჩხეიძის „ძველი რომანსები“, გ. ბერძენიშვილის „მთაში ნათქვამი“, სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“… სოხუმში მუშაობისას სოხუმში სამუშაოდ მიიწვია იმ დროს უთეატროდ დარჩენილი დიდი მსახიობები ნინო ლაფაჩი და თამარ ჭავჭავაძე…
შემდეგ კვლავ მარჯანიშვილის თეატრს დაუბრუნდა. დადგა „ყარამან ყანთელაძე“, „მოსამართლე“… 1975 წლიდან კი რუსთავის თეატრის დირექტორი და მთავარი რეჟისორი გახდა. იმ დროს რუსთავის თეატრი მართლაც მძიმე მდგომარეობაში იყო – მარჯანიშვილის თეატრიდან წასული მსახიობები – ვინც რუსთავში გაჰყვა გიგა ლორთიქიფანიძეს ახალი თეატრის დასაარსებლად, იმ პერიოდისთვის უკან – მარჯანიშვილის თეატრში იყვნენ უკვე დაბრუნებული. ახალგაზრდა თეატრი ყოფნა-არყოფნის პირას იდგა. ანზორ ქუთათელაძემ თეატრი ახალბედა მსახიობების მიზიდვით გადაარჩინა –  რუსთავის თეატრში მიიწვია თეატრალურ ინსტიტუტის ახლად კურსდამთავრებულები. მათ შორის იყო რეზო ჩხიკვიშვილი და თავად რეჟისორის ქალიშვილი –  ეკა ქუთათელაძე…
სწორედ რეზო ჩხიკვიშვილი და ეკა ქუთათელაძე ითამაშებენ რუსთავის თეატრის სახელგავარდნილ სპექტაკლში – „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“…
ნინიკო ლაშა თაბუკაშვილის პიესაში „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ –  ეკასთვის სულ მეორე როლი იყო რუსთავის თეატრში.
სპექტაკლის რეჟისორი –  მიშა ბუკია და მთავარი როლების შემსრულებლები –  რეზო ჩხიკვიშვილი და ეკა ქუთათელაძე სულ 21-21 წლისანი იყვნენ…

რეზო ჩხიკვიშვილი და ეკა ქუთათელაძე, სცენა სპექტაკლიდან "დარაბებს მიღმა გაზაფხულია"

ეკა ქუთათელაძე: „საოცარი ენთუზიაზმით ვმუშაობდით. 9 თვე ვწვალობდით, ვჩხირკედელაობდით. ბოლოს საჩვენებელი რეპეტიცია გავმართეთ ლაშა თაბუკაშვილისთვის. მაშინ სპექტაკლი სხვანაირად იწყებოდა – კოკას უკვე გავლილი აქვს ყველაფერი, ზის და იხსენებს, რაც გადახდა თავს. ბინდბუნდი იყო, მე შემოვდიოდი როგორც აჩრდილი –  ეტყობა, რაღაც საშინელება იყო, ლაშამ თავს ძალა დაატანა, სპექტაკლის ბოლომდე, როგორც იქნა, გაძლო და დამთავრებისთანავე გავარდა –  თავი დამანებეთ, ეს არ არის ჩემი პიესაო. მართლაც ასე იყო, რაღაცები ამოვიღეთ, მივჭერ-მოვჭერით, შემდეგ ჩავამატეთ კიდეც. ეს სიურპრიზი ლაშას დიდად არ მოეწონა, გაგვებუტა. შემდეგ შემორიგებაზე ვზრუნავდით. მაშინ სამხატვრო ხელმძღვანელი მამა იყო, ლაშას სთხოვა, ერთი კვირა აცალე, მერე მიდი და ნახე, რას გააკეთებენო… ერთი კვირაც გავიდა და ლაშა თაბუკაშვილი აღტაცებული დარჩა…“

სპექტაკლს არნახული წარმატება ხვდა წილად. თბილისდან კვლავ დაიძრა მაყურებელთა ლეგიონები რუსთავისკენ… სპექტაკლი იქცა დიდ მოვლენად.
აგორდა ჭორების კორიანტელიც…
ეკა ქუთათელაძე:
„მეორე ბავშვზე ვიყავი ფეხმძიმედ, უკვე შინ ვიყავი, გარეთ აღარ გავდიოდი, ჩემი მული მოვიდა და სიცილით კვდებოდა –  ახალი ჭორი გავიგე, თურმე შენ და რეზო სოჭის მატარებელს გაჰყოლიხართ ჩუმადო. ჩემი თანდასწრებით ყვებოდა ვიღაცა ქალი, თან მარწმუნებდა, მე თვითონ ვნახე სადგურშიო… ჩვენი სიყვარული სცენაზე რჩებოდა, ცხოვრებაში კი ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით…“

ანზორ ქუთათელაძემ რუსთავის თეატრში მოღვაწეობისას არაერთი სპექტაკლი დადგა. ყველაზე წარმატებული ჩეხოვის „თოლია“ აღმოჩნდა.
საგულისხმოა, რომ სწორედ მან დადგა ქართულ სცენაზე პირველად ჩეხოვის „თოლია“.
სპექტაკლში არკადინას ლეილა შოთაძე თამაშობდა, ტრეპლიევს –  რეზო ჩხიკვიშვილი, ნინა ზარეჩნაიას – ეკა ქუთათელაძე…

ეკა ქუთათელაძე, სცენა სპექტაკლიდან "თოლია"

მოსკოვში გასტროლებისას სპექტაკლს დიდი წარმატება ხვდა წილად.
„სპექტაკლი „თოლია“ სრულად პასუხობს ავტორის ჩანაფიქრს და ეს დადგმა თეატრის ჭეშმარიტი წარმატებაა“ (მარი სტრუევა).
„როდესაც „თოლია“ ვნახე, მე გამაოგნა მსახიობთა ინდივიდუალობამ… ყოველი მათგანი მოსკოვის ნებისმიერ თეატრს დაამშვენებდა..“ (ანდრეი დუნევი).
„ჩეხოვის პიესის არჩევისას, ანზორ ქუთათელაძეს არ განუზრახავს უარი ეთქვა იმაზე, რაც ქართული სცენის არსს წარმოადგენს. მან დადგა რომანტიკული სპექტაკლი, რომელშიც ჩეხოვის ტექსტი, გაჟღენთილი უიშვიათესი სურნელით, ქართულად ჟღერს, როგორც კეთილშობილებით აღსავსე პოეზია, სადაც ყველა ილტვის მოსწყდეს მიწას, რათა ერთი წამით მაინც შეიგრძნოს ტრეპლევისეული შთაგონება და აღმაფრენა…“ (სვეტლანა ოვჩინნიკოვა).
„ანზორ ქუთათელაძემ თითქოსდა შემოგვთავაზა –  შეგვეჩერებინა ახალმოდური სცენური ხერხების უსასრულო დემონსტრაცია და მეხსიერებაში აღგვედგინა სრულიად სხვაგვარი თეატრი –  დინჯი, საზრიანი, უხმაურო, ჩეხოვისეული!“ (ვიქტორ პოტაპოვი)…
ანზორ ქუთათელაძე სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა კულტურის სამინისტროში –  თეატრების სამმართველოს უფროსად. 1988-2000 წლებში იყო თეატრის მოღვაწეთა კავშირის პირველი მდივანი. ჯერ კიდევ 70-იანი წლებიდან გარდაცვალებამდე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თეატრალურ ინსტიტუტში, მსახიობების არაერთი თაობა გამოზარდა…
გარდაიცვალა 2002 წელს… მისი მეუღლე –  ლია ლეკიშვილი მეუღლის გარდაცვალებიდან ორ წელიწადში გარდაიცვალა… დარჩათ ორი ქალიშვილი –  მსახიობი ეკა ქუთათელაძე და კინომცოდნე თეონა ქუთათელაძე…

დახურული დარაბები

ეკა ქუთათელაძემ არნახული, თავბრუდამხვევი წარმატებით დაიწყო სამსახიობო კარიერა, მაგრამ… მისთვის ორჯერ დაიხურა სცენის დარაბები…
ჰქონდა 12-წლიანი პაუზა… შემდეგ ელექტრა ითამაშა… მას მერე კიდევ გავიდა 12 წელი… ჟამიდან ჟამზე იყო კინოროლები (ოცამდე ფილმშია გადაღებული), ბოლოს მაყურებელმა ლევან კოღუაშვილის „ქუჩის დღეებში“ იხილა. ასევე ტელესერიალში „ჟამი ყვავილობისა“.
დღეს ეკა ქუთათელაძე სასცენო მეტყველებას ასწავლის მომავალ მსახიობებს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. ასევე მუშაობს უნარშეზღუდულ ბავშვებთან…

ეკა ქუთათელაძე, კადრი ფილმიდან "წინამორბედი", 1988 წ.

ეკა ქუთათელაძე, კადრი ფილიმიდან "წინამორბედი", 1988 წ.

ეკა ქუთათელაძე, კადრი ფილმიდან "ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი". 1989წ.

კადრი ფილმიდან "ჟამი მოქცევისა", 1982 წ.

კადრი ფილმიდან "მევლუდი", 1985 წ.

კადრი ფილმიდან "მევლუდი", 1985 წ.

კადრი ფილმიდან "მევლუდი", 1985 წ.

სცენა სპექტაკლიდან "შემოსავლიანი ადგილი"

ეკას შვილები და შვილიშვილები

ეკა ქუთათელაძეს სამი შვილი და ექვსი შვილიშვილი ჰყავს.უფროსი გოგონანატო მინდიაშვილი მხატვარია. სამი შვილის დედაა, ახლა მეოთხე ბავშვს ელოდება. ნატოს მეუღლეფეხსაცმლის ცნობილი დიზაინერი ირაკლი ბოჭორიშვილია. ეკას შუათანა ვაჟიარჩილ მინდიაშვილი განათლებით აღმოსავლეთმცოდნეა, არაბული ენის და არაბული ქვეყნების ისტორიის სპეციალისტია, ეგვიპტეში დაამთავრა უნივერსიტეტი, მაგრამ დღეს თავის სპეციალობით არ მუშაობს –  „ბიპისთანამშრომელია. არჩილის მეუღლეთეა ლეჟავა განათლებით ჟურნალისტია, ამჟამადპროკრედიტბანკშიმუშაობს მარკეტინგის სპეციალისტად. ჰყავთ სამი შვილი. უფროსი გოგონაეკატერინეპროკრედიტბანკისსახეაგადაღებულია ოთარ იოსელიანის ბოლო ფილმშიც...

ეკა შვილებთან ერთად

ეკა ქუთათელაძე ვაჟებთან და რძალთან ერთად

ეკა ქუთათელაძე შვილიშვილებთან ერთად

ეკა ქუთათელაძე შვილიშვილებთან ერთად

ეკა ქუთათელაძის უმცროსი ვაჟი – ალექსანდრე, ანუ სანდრო სულ პატარა, ხუთიოდე წლის ბიჭუნა იყო, ეკა ქუთათელაძესთან ინტერვიუზე მისულმა რომ გავიცანი. არ ეზარებოდა სტუმრებისთვის მონოსპექტაკლების ჩატარება, თუ ძალიან მოეწონებოდი, მალაყებსაც გადავიდოდა, მასპინძლობაც კაცური იცოდა, თავისი „საწყობი“ ჰქონდა და სასურველ სტუმრებს გადანახული პროდუქტით უმასპინძლდებოდა… დღეს კი უკვე რაგბისტია. თამაშობდა „ყოჩებში“. ერთი წელია, სამხრეთ აფრიკაში, ქალაქ დურბანში სწავლობს რაგბის აკადემიაში –  შარქსის აკადემიაში. გადაღებულია ლევან კოღუაშვილის „ქუჩის დღეებში“, ასევე ოთარ იოსელიანის ბოლო ფილმში…

სანდრო მინდიაშვილი

სანდროს დაბადების დღე სამხრეთ აფრიკაში

დედა–შვილი: ეკა ქუთათელაძე და სანდრო მინდიაშვილი


თბილი და ელვარე არტისტის – მარინა თბილელის ოჯახი

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა “საერთო გაზეთში”).

მარინა თბილელი ამართლებდა თავის სცენურ ფსევდონიმს – „თბილელს“. იყო თბილი და ელვარე არტისტი და… ახლაც აგრძელებს სცენურ სციცოცხლეს – თავის ქალიშვილში – ბაია დვალიშვილის სცენურ ცხოვრებაში… ასე ეწადა და ახდა კიდეც მისი ოცნება…

მარინე თბილელი 1920 წელს დაიბადა თელავში. მარინეს დედის პირველი მეუღლე თბილისელი პოლონელი დამბროვსკი იყო. დამბროვსკის აფთიაქი ჰქონდა წითელწყაროში, იქ ცხოვრობდნენ, მაშინ შეეძინა მარინეს დედას მარინეს უფროსი და-ძმა, შემდეგ მეუღლე გარდაეცვალა, შემდეგ მეორედ გათხოვდა –  თურქეთიდან გადმოსულ სომეხ ექიმზე – კარაპეტიანზე, სწორედ მისგან შეეძინა მარინე, მაგრამ მარინე, უფროსი და-ძმის მსგავსად, დამბროვსკაიას გვარს ატარებდა…
ახტაჯანა მარინე, ჯოხის ცხენით რომ დააჭენებდა თელავიდან ნადიკვარამდე, ერეკლეს სასახლის ქონგურებს რომ ცვეთდა გარშემო სირბილით, სკოლაში ბეჯითად სწავლობდა, ცეკვავდა, მღეროდა, ლექსებს კითხულობდა.
მის აღზრდაში დიდი როლი ითამაშეს პედაგოგებმა თამარ და ეკატერინე შიუკაშვილებმა; ეკატერინე შიუკაშვილი ბავშვებისთვის პიესებს წერდა, შემდეგ თელავის თეატრში დგამდა. სწორედ ეკატერინე შიუკაშვილი აძლევდა მარინე თბილელს პირველ როლებს. სწორედ ეკატერინე შიუკაშვილი იტყვის ამაყად: „დაიხსომეთ ჩემი სიტყვები, ამ ბავშვისგან უეჭველად მსახიობი გამოვა!“
ათი წლის იყო, მარინეს ოჯახი თბილისში რომ გადმოვიდა საცხოვრებლად. მალე მამაც დაეღუპა, უკან დარჩა უდარდელი ბავშვობა, კახეთი და სცენაც.
ხანდახან თუ გაახსენდებოდა ბავშვობის გატაცება, როცა ვინმეს გამოჯავრება-მიბაძვისთვის შეაქებდნენ – მსახიობის ნიჭი გაქვსო. მარინეს 16 წელი უსრულდებოდა, შვიდწლედის დამთავრების შემდეგ პედაგოგიურ ტექნიკუმში სწავლობდა, პედაგოგობისთვის ემზადებოდა, გახდებოდა კიდეც, მაგრამ…

ჯერ იყო და, სასწავლებლის წინ „ლენფილმის“ რეჟისორები გადაეყარნენ და სტუდიაში სინჯებზე დაიბარეს, კინოში უნდა გადაგიღოთო, მაგრამ ფილმი ჩაიშალა… მერე თბილისში სამწლიანი კინოსამსახიობო სასწავლებელი გაიხსნა.
მარინეს თვითონ არ მიუკითხებია. მარინეს მიაკითხეს. სამსონ სულაკაურმა, ვისი თაოსნობითაც სასწავლებელი გაიხსნა, მარინეს შემთხვევით მოჰკრა თვალი და თავისთან დაიბარა.

„15-16 წლის მშვენიერი, ტანადი გოგონა იდგა ჩემ წინ, ბავშვური, უმანკო, ლამაზი სახით, ანთებული ცეცხლოვანი თვალებით, შესანიშნავი ტუჩებით და ბროლივით თეთრი კბილებით. ინსტინქტით მივხვდი, რომ ნამდვილად კინომსახიობი აღმოვაჩინე“, იხსენებდა სულაკაური, რომელმაც ძლივს დაითანხმა მარინე, სასწავლებელში რომ ესწავლა. კინოსამსახიობოზე კი დაიწყო სწავლა, მაგრამ ოჯახს უმალავდა. მარინეს ყოველ საღამოს სადღაც გაუჩინარებით მისი ძმა დაინტერესდა, ჩუმად აედევნა და მარინეს საიდუმლოც გაიხსნა. მეორე დღეს, სასწავლებელში მისული, ატირებული მარინეს დედა ძლივს დაამშვიდეს, დაიყოლიეს.

სასწავლებელი რომ დაამთავრა, თბილისში თეატრალური ინსტიტუტიც გაიხსნა და მარინემ, მალიკო მრევლიშვილისა და დოდო ალექსიძის რეკომენდაციით, თეატრალურ ინსტიტუტში გააგრძელა სწავლა – მესამე კურსზე ჩაირიცხა. სწორედ თეატრალური ინსტიტუტის ახლაგდახსნილ სცენაზე ითამაშა თავისი პირველი როლი, ტაჯიკი გოგონა მირ-ახმედოვა აკაკი ვასაძის დადგმულ „პავლე გრეკოვში“. 1940 წელს მარინემ დაამთავრა ინსტიტუტი და ჩაირიცხა რუსთაველის თეატრში.
რუსთაველის თეატრში მისულ ახალბედა მსახიობს მფარველად აკაკი ვასაძე მოევლინა. დღეს უკვე საქვეყნოდ აღიარებული სცენური გვარი „თბილელი“ სწორედ აკაკი ვასაძემ დაანათლა მას და ამ გვარით აკურთხა ქართულ სეცნაზე.
მარინემ სწორედ ამ ფსევდონიმით დაიმკვიდრა ადგილი სცენაზე და ამ ფსევდონიმითვე შევიდა ქართული თეატრისა და კინოს ისტორიაში.

„მარინე მართლაც რომ თბილი მსახიობია, მან გაამართლა ჩემ მიერ მიცემული ფსევდონიმი – თბილელი. თეატრალური ინსტიტუტიდან მარინე დამბროვსკაიას გვარით მოვიდა ქართულ თეატრში და გადავწყვიტე, ქართულად მომენათლა. ასე მგონია, შესაფერად მოვნათლე თბილელად. მიხარია, რომ მარინეს სამსახიობო პროფერსიული კულტურის გამოჭედვაში მეც მიმიძღვის წვლილი. ხოლო ჩემი გვარისა და სახელის გამგრძელებელი, აკაკი ვასაძე-უმცროსი რომ „მაჩუქა“, ამისთვის კი მადლობის მეტი რა მეთქმის“, – წერდა აკაკი ვასაძე.
მარინე თბილელის პირველი მეუღლე აკაკი ვასაძის ვაჟი – გოგი ვასაძე იყო. შეეძინათ ვაჟი – აკაკი ვასაძე-უმცროსი. მაგრამ მალე მარინე თბილელის და ვასაძის ოჯახი დაინგრა – კონფლიქტის გამო წავიდა ვასაძეების სახლიდან, დაბრუნდა დედასთან, თუმცა მამამთილს და მფარველს – აკაკი ვასაძეს მუდამ ემადლიერებოდა…
მარინე თბილელმა რუსთაველის თეატრში წარმატებით ითამაშა რამდენიმე დიდი და პატარა როლი. „კრწანისის გმირებში“ მის მიერ განსახიერებული თეკლა ბატონიშვილი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ პიესის ავტორს სიკვდილამდე არ ავიწყდებოდა.
„83 წლისა ვარ და დღემდე გონებიდან არ მშორდება მის მიერ განხორციელბული თეკლა“, – ამბობდა სანდრო შანშიაშვილი.

მარინე წარმატებით თამაშობდა მასზე დაკისრებულ მოზრდილ თუ პაწაწუნა როლებს, მფარველიც ჰყავდა თეატრში, მაგრამ თეატრში მისვლიდან 4 წლის შემდეგ თეატრს ჩამოაშორეს. ახალგაზრდა მსახიობი მტკივნეულად განიცდიდა თეატრიდან ჩამოშორებას; იმდენად მტკივნეულად, რომ ეს ჩამოშორება მას ახსენებდა ედიტ პიაფის ტკივილს შვილის დაკრძალვისას.
მარინე თბილელს ზუსტად 30 წელი დასჭირდა იმისთვის, რომ ოცნება აეხდინა და უკან – რუსთაველის თეატრში დაბრუნებულიყო.
თეატრი დატოვა 24 წლისამ, დაბრუნდა 54 წლის…
მანამდე კი იყო მთელი ცხოვრება.

„ფაქტიურად უმუშევარი დავრჩი. ომის წლები, არც ჯამაგირი, არც პურის წიგნაკი, არც მომარაგება. მყავდა პატარა ბავშვი და მოხუცი დედა, უთეატროდ მტკივნეულად, ტანჯვით განვიცდიდი. მაგრამ ერთ დღეს თბილისში ჩამოვიდა გიორგი გულია, რომელიც აფხაზეთის ხელოვნების სამმართველოს უფროსად მუშაობდა და მიმიწვია სოხუმის თეატრში. შემპირდა კარგ ბინას, უმაღლეს ჯამაგირს, საქმე არ ითმენს, უნდა დამთანხდეთო, ასეთმა ყურადღებამ თვალებში სინათლე დამიბრუნა. ავიბარგე და მეორე დღესვე სოხუმს გავემგზავრე“, – წერდა მარინე თბილელი.
მსახიობმა სოხუმის თეატრში 2 წელი დაჰყო, მხოლოდ ერთ სეზონში შვიდი7 როლი განასახიერა. სწორედ სოხუმის თეატრში შეხვდა მაშინ სრულიად ახალგაზრდა რეჟისორს ვახტანგ ბოჭორიშვილს. მომავალში სახელგანთქმული ინფექციონისტი და საზოგადო მოღვაწე, ვახტანგ ბოჭორიშვილი 21 წლისაც არ იყო, რუსთაველის თეატრიდან სოხუმის თეატრში რომ გადავიდა რეჟისორად, რათა იქ დამოუკიდებლად ეძებნა საკუთარი თეატრი, საკუთარი ხელწერა, დამოუკიდებლად განეხორციელებინა თავის ჩანაფიქრი. დგამდა შანშიაშვილის „ხევისბერ გოჩას“… მარინე თბილელს ძიძიას როლი მიანდო.

„მანცვიფრებდა მარინეს გარეგნობა, რაღაც განუმეორებელი ელფერი დაჰკრავდა სახეზე, ხავერდოვანი ატმის ფერი. გამოხედვაში სიცოცხლის დამამკვიდრებელი მუხტები ამოიცნობოდა. როდესაც ვუყურებდი მას, სულში გაზაფხული ჩამისახლედბოდა ხოლმე“, – გაიხსენებს მოგვიანებით უკვე აღიარებული ინფექციონისტი ვახტანგ ბოჭორიშვილი.
ისინი სამუდამოდ მეგობრებად დარჩნენ. თავისი საუკეთესო ლექსი ვახტანგ ბოჭორიშვილმა მიუძღვნა მარინე თბილელს…
„ხევისბერი გოჩა“ პრინციპული სპექტაკლი იყო ვახტანგ ბოჭორიშვილისთვის, ამ სპექტაკლში იგი იმ თეატრისკენ მიილტოვოდა, როგორზეც ოცნებობდა და როგორც ამბობენ, შეიმჩნეოდა კიდეც კონტურები იმ თეატრისა. ბოჭორიშვილმა უარყო „ხევისბერის“ შანშიაშვილისეული ინტერპრეტაცია, გადააკეთა პიესა, დაუახლოვა ყაზბეგის პირველწყაროს,
სპექტაკლი მოიწონეს, მაგრამ ისინი, ვინც სპექტაკლს იბარებდა, პიესის ახალ ვარიანტს ეჭვით შეხვდნენ და რეჟისორს გადაკეთება მოსთხოვეს. შეიქმნა მწვავე კონფლიქტური სიტუაცია, ბოჭორიშვილმა არ დათმო, წავიდა თეატრიდან – მედიცინაში. მარინე თბილელი კი 1946 წელს თბილისში დაბრუნდა, მაგრამ არა საოცნებო რუსთაველის თეატრში, არამედ მარჯანიშვილის თეატრში, სადაც არაერთი ვარსკვლავი ბრწყინავდა. მიუხედავად ამისა, მან მაინც მოახერხა საკუთარი ადგილის გამონახვა არტისტულ ოლიმპოზე. თუმცა არც ეს გზა იყო უმტკივნეულო.

„ომისშემდგომ წლებში, ყველას და განსაკუთრებით ახალგაზრდა მსახიობებს გვიჭირდა. ხშირად მშივრებს გვიხდებოდა სცენაზე თამაში. წარმოდგენის შემდეგ ხშირად ფეხით დავდგომივარ გზას შინისკანენ და შურით გამიყოლებია თვალი ტრამვაისთვის. მაგრამ მეორე დღეს ისევ სიხარულითა და სიყვარულით მივისწრაფვოდი თეატრში“ იხსენებდა მსახიობი.
როლებთან დაკავშირებითაც ხშირად სტკენია გული:
„მარიამ სტიუარტში“ მარიამის როლზე დანიშნული ვიყავით ორი მსახიობი – ვერიკო ანჯაფარიძე და მე. ვინაიდან ვერიკოს არ უყვარს დიდხანს მუშაობა ტექსტზე და მიზანსცენების გამართვის პროცესი, მთელი რეპეტიციები ვასო ყუშიტაშვილმა მაგიდასთან ჩაატარა ჩემთან, და პირველი მოქმედების მიზანსცენებიც გამართა. მოვიდა ვერიკო, მოეწონა და განაგრძო მუშაობა. მე როლი აღარ მითამაშია, მაგრამ ეს რეპეტიციები დიდი გაკვეთილი იყო, დღესაც ვგრძნობ მათ ძალას. ბატონი ვასო (ყუშიტაშვილი) იყო მდიდარი ბუნების ადამიანი. კეთილი, იუმორით სავსე, მომეფერა მაკოცა და მაჩუქა ყვავილების ქილა, რომელიც დღესაც ამშვენებს ჩემს მაგიდას…“

1957 წელს მარინე თბილელმა იქორწინა ცნობილ რეჟისორსა და კულტურის მოღვაწეზე აკაკი დვალიშვილზე.
აკაკი დვალიშვილი მიხეილ თუმანიშვილთან ერთად მივიდა რუსთაველის თეატრში. ჩართული იყო იმ პროცესებში, რასაც რუსთაველის თეატრის განახლება მოჰყვა. მეტიც, იგი იყო ერთ-ერთი სულისჩამდგმელი მთელი იმ პროცესის. შემდეგ, რატომღაც, თეატრს ჩამოაშორეს დაწინაურების გზით – კულუტურის სამინისტროში გადაიყვანეს. წლების მანძილზე კულტურის მინისტრის მოადგილე იყო, შემდეგ – კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარე.
მიხეილ თუმანიშვილი ყოველთვის განსაკუთრებული აზრის იყო აკაკი დვალიშვილის, როგორც რეჟისორის, შემოქმედებაზე.
„თეატრში მუშაობდა რეჟისორი აკაკი დვალიშვილი, რომელიც ცდილობდა, თავის სპექტაკლებში მართალი ხასიათები და მართალი ცხოვრება ეჩვენებინა, სცენა უფრო ინტიმური, უფრო რეალური გაეხადა…“ წერდა თუმანიშვილი.
სწორედ აკაკი დვალიშვილის, როგორც კინემატოგრაფიის მინისტრის აქტიური მხადაჭერის შედეგად იშვა ახალი თეატრი – კინომსახიობთა თეატრი…
მარინე თბილელს და აკაკი დვალიშვილს 1960 წელს შეეძინათ ქალიშვილი ბარბარე – იგივე ბაია, დღეს უკვე საკმაოდ ცნობილი მსახიობი ბაია დვალიშვილი.
მოგვიანებით, მარინე თბილელი ანკეტაში ერთობ უშუალოდ ჩაწერს:

„30 წელიწადია მე და ჩემი ძვირფასი მეუღლე სიამტკბილობით ვუქცევთ ერთმანეთს ღრანჭს“.

საერთოდ, გულწრფელობა მისთვის ბუნებრივი მდგომარეობა იყო, აბა ვინ უპასუხებს ასე უშუალოდ, და ვინ იტყვის კაპარჩახანა ვარო, როგორც ეს მას შეეძლო? ანკეტაში კითხვაზე – „თქვენი ხასიათი“, მარინე თბილელი პასუხობდა: „კაპარჩხანა“.
არც იმას მალავდა, რომ ეშინოდა სიბერისა და სცენის მიტოვების, არც იმას, რომ მისი სისუსტე იყო კაკლის მურაბა, ვარდის მურაბა და ლობიო. ნაკლსაც მეტად გულწრფელად აღიარებდა: „მაქვს მიხვედრილობა, მაგრამ მაკლია განათლება…“
აღაფრთოვანებდა კარგი სპექტაკლი, ლიანა ისაკაძე, ვახტანგ ჭაბუკიანი, რიხტერი… აკვირვებდა ტელევიზორი, ტელეფონი, გაფრენა კოსმოსში.

ოცნებობდა რუსთაველის თეატრში დაბრუნებაზე და აიხდინა კიდეც ოცნება –
1974 წელს, უკვე მაშინ როცა თავისი ადგილი მყარად ჰქონდა დამკვიდრებული მარჯანიშვილის თეატრში, როცა ჰქონდა საკმაოდ მკვეთრად ჩამოყალიბებული ხელწერა, სტილი, ამ ყველაფერს ზურგი აქცია და რუსთაველის თეატრს მიაშურა. უკვე სარეცელს მიჯაჭვული ვასო გოძიაშვილი დაჟინებით ითხოვდა მარინე თბილელის დაბრუნებას მარჯანიშვილის თეატრში. იმ ეტაპზე მარინე შორს იდგა სტურუას თეატრის სტილისტიკისგან, მაგრამ ვაბანკმა გაამართლა.
იგი სტურუას არტისტად იქცა. მოგვევლინა ნათელა აბაშვილად ლეგენდარულ „კავკასიურ ცარცის წრეში“, იორკის მთავრის მეუღლედ „რიჩარდ მესამეში“…
მას ხშირად უწევდა თეატრების ცვლა, მაგრამ ყველგან ახერხებდა ადგილის დამკვიდრებას.

ის იყო მუდამ რისკიანი და არასოდეს აშინებდა ახლის ძიება.
იყო გულწრფელი ცხოვრებაში და მეტად თბილი და თან ელვარე არტისტი სცენასა თუ ეკრანზე. მიუხედავად იმისა, რომ მასაც, ისევე როგორც არაჩევეულებრივი გარეგნობის სხვა მსახიობ ქალებს, დიდად არ სწყალობდა ქართული კინო, რამდენიმე როლით მაინც მოახერხა, აღბეჭდილოყო ჩვენს მეხსიერებაში.


მიუხედავად ამისა, მარინე თბილელი თავს ყოველთვის იღბლიან მსახიობად და იღბლიან ქალად მიიჩნევდა. მაგრამ… სიბერე გაუმწარდა… გარდაეცვალა უფროსი ვაჟი – აკაკი ვასაძე-უმცროსი… აკაკი დვალიშვილი იხსენებდა, რომ დედა-შვილს საოცარი ურთიერთობა ჰქონდათ, საოცრად უყვარდათ ერთმანეთი და იცოდნენ საოცარი… კამათი…
„იცით რაზე კამათობდნენ? ლიტერატურაზე, თეატრზე, საერთოდ, ხელოვნებაზე… მოვიდოდა, მანქანას დააყენებდა, „დედილო!“ – დაუძახებდა, ამოვიდოდა და ერთად ატარებდნენ მთელ დროს“ იხსენებდა აკაკი დვალიშვილი.

მარინე თბილელს ისიც გულს უკლავდა, რომ თავის ვაჟს თავის დროზე არ დართო ნება მსახიობი გამხდარიყო, რასაც მუდამ მტკივნეულად განიცდიდა შემდეგ აკაკი ვასაძე-უმცროსი.
სწორედ ამიტომ აღარ შეუშალა ხელი ბაიას, გამხდარიყო მსახიობი. თანაც ბაიას ასე დაჟინებით არც სდომნია მსახიობობა.
მიხეილ თუმანიშვილმა ურჩია, გამოუშვი ჩემთან რეპეტიციებზე, იაროს, მოსინჯოს, თუ არ მოეწონება, აღარ დაგაყვედრის მაინც, მსახიობობაში ხელი შემიშალეო. მარინე თბილელმა დაუჯერა მიხეილ თუმანიშვილს.
ბაიას თეატრში მოეწონა. ჩააბარა თეატრალურ ინსტიტუტში, მიხეილ თუმანიშვილთან სარეჟისოროზე და… ბაიამ მეოთხე კურსიდან მიატოვა სარეჟისორო და გადავიდა შალვა გაწერელიასთან სამსახიობო ჯგუფში… შვილში თავი იჩინა დედის უნიკალურმა უნარმა – ყველაფრის ნულიდან დაწყების და ადგილის დამკვიდრების.
მარინე თბილელს სურდა, ქალიშვილში გაგრძელებულიყო მისი სცენური სიცოცხლე. გაგრძელდა კიდეც – სცენური სიცოცხლე და თითქოს მისი ბედისწერაც.

ბაია დვალიშვილი სერგო ფარაჯანოვის ფილმში "აშიკ–ქერიბი"

ბაია დვალიშვილი ამბობს, რომ არასოდეს ყოფილა ფანატიკოსი და არც მიიჩნევს სწორად ფანატიზმს, კერპების ყოლას.
ნანობდა, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ შალვა გაწერელიასთან რომ არ გააგრძელა მუშაობა მოზარდმაყურებელთა თეატრში და რუსთაველის თეატრში მივიდა….

თუ დედა თავის დროზე გამოუშვეს რუსთაველის თეატრიდან და ნულიდან მოუხდა ყველაფრის დაწყება, ბაია – თვითონ წამოვიდა რუსთაველის თეატრიდან ერთ მშვენიერ დღეს. დღეს მიიჩნევს, რომ ზედმეტად დიდხანსაც შერჩა რუსთაველის თეატრს. „ასაკით არ ვბერდებოდი, მაგრამ ჩემში რაღაც მყაყდებოდა…“, – ამბობს ბაია დვალიშვილი. ბაია მაშინ ახლად გახსნილ თეატრალურ სარდაფში წავიდა და რუსთაველის სარდაფში გატარებულ ათ წელიწადს ყველაზე საინტერესო წლებად მიიჩნევს., შემდეგ იყო ვაკის სარდაფი და ისევ წავიდა… პაუზის შემდეგ მარჯანიშვილის თეატრში მივიდა…

მუდამ წასვლა და მუდამ ახლის დაწყება მისი სტილია.
„რამდენჯერაც დავიწყე ნულიდან ცხოვრება, იმდენჯერ გამიმართლა და იმდენჯერ მივხვდი, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი. როცა ასე არ მოვიქეცი, ვინანე – პირად ცხოვრებაშიც და ისეც. არსებობს იმპულსი, რომელიც გიბიძგებს, როგორ უნდა მოიქცე სწორად…“
მისმა მუდამ მებრძოლმა ხასიათმა სხვა ასპარეზზეც იჩინა თავი. 90-იანი წლების დასაწყისში, ფუფუნებაში გაზრდილმა, მინისტრის შვილმა ერთობ საინტერესო უნარი აღმოაჩინა საკუთარ თავში – თოჯინების კეთება დაიწყო ნინო არსენიშვილთან ერთად.
ნაჭრებისგან, მძივებისგან შექმნილი ფიგურები გალერეა „შარდენში“ სულ იაფად – 5-8 დოლარად მიაბარეს, არც ეგონათ, თუ გაიყიდებოდა, მაგრამ გაიყიდა, აზარტში შევიდნენ, პაწია ფიგურების ნაცვლად, დიდი ლამაზი თოჯინების კეთება დაიწყეს ყველაფრისგან – მეგობრებს ფუთებით მიჰქონდათ ძველი მაქმანები, დამტვრეული ბიჭუტერია, თვლები, ფერადი ნაკუწები… შემდეგ შემკვეთიც გამოჩნდა ავსტრიიდან, შემკვეთის გამოგზავნილი 400-500 დოლარით იმ წლებში იოლი იყო ცხოვრება… იყო გამოფენები ვენაში, პოლონეთში…

ბაია დვალიშვილი: „იმ დროს, როცა ქუჩაში გამოსვლა არ შეიძლებოდა და არანაირი პერსპექტივა არ იყო, თოჯინების კეთებით ვიყავი გატაცებული. ვყიდდი კიდეც და ჩემს მეგობარ ნინო არსენიშვილთან ერთად გამოფენებიც მქონდა. ამით ვცხოვრობდით ფინანსურადაც და სულიერადაც. ბოლო წლებში ვეღარ ვეკარები, თითქოს იმ მძიმე წლებთან დამთავრდა ეს ყველაფერი…“

მარინე თბილელი „კავკასიურ ცარცის წრეში“ თამაშობდა ნათელა აბაშვილს – გულგრილ დედას, რომელსაც კრიტიკულ წუთებში ტანისამოსი უფრო ახსოვდა, ვიდრე შვილი. ცხოვრებაში როგორი დედა იყო „ნათელა აბაშვილი“?
ბაია: „ასეთი ის მხოლოდ სცენაზე იყო, როლში… სახლში კი ძალზე აქტიური, მომთხოვნი, პრინციპული და ამავე დროს ძალიან მზრუნველი და მოსიყვარულე იყო. არც მე, არც ჩემს ძმას და არც მამას არასოდეს მოგვკლებია მისი ყურადღება. არ მახსოვს, მას რაიმე დაზარებოდეს. მიუხედავად ამისა, დედა იყო სცენისთვის გაჩენილი ქალი. ამიტომ ძალიან ჰარმონიულად ვიზრდებოდი – მყავდა არაჩვეულებრივი დედა, რომელიც იყო ასევე არაჩვეულებრივი კარგი მსახიობი. და მე ვუყურებდი, როგორ შეიძლება შეუთავსო ასე იოლად ეს ორი რამ – ოჯახი და საკუთარი პროფესია…“

არცთუ იოლია, მით უმეტეს გოგონასთვის, იყოს ისეთი ნიჭიერი და ლამაზი ქალბატონის შვილი, როგორიც მარინა თბილელი იყო და არ დაკომპლექსდეს…
ასეთი ნიჭიერი და ლამაზი დედის შვილებს, მით უმეტეს გოგონებს, ყოველთვის დედის „არშინით“ ზომავენ, ადარებენ, მისგან ყოველთვის მეტს მოელიან.
ბაია:
„თვითონ არ მაკომპლექსებდა, პირიქით… მაგრამ დღემდე მაინც მარინა თბილელის გოგო ვარ. მე კი არა, მამაჩემს, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქართულ კულტურაში, წავიდოდნენ, წამოგვიდოდნენ და როგორც მარინა თბილელის ქმარს, ისე იხსენიებდნენ, რაზეც მამა ბევრს იცინოდა ხოლმე. მისი ფაქტორი მაკომპლექსებდა? როგორ გითხრა, ეს მართლა არ იყო იოლი, პროტესტებიც მქონდა, შინაგანი ბრძოლებიც, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემში ფარულად ხდებოდა და არა ღიად, საჯაროდ. მადარებდნენ ყველაფერში, გარეგნობით, სცენაზე, მაგრამ ამ ყველაფერს ეგუები. მე, მაგალითად, ძალიან იოლად ვიტანდი, იუმორი მშველოდა. მახსოვს, ერთ ქალს, რომ გაიგო მარინა თბილელის გოგო ვიყავი, პირდაპირ გულყრა დაემართა. რაღაც ქაღალდი მივიტანე სახლმმართველობაში, დახედა თუ არა სახელს და გვარს, ამომხედა და დაიწყო: „დედაააა, არ გეწყინოს, დედაშენი შენს ასაკშიიიი“, თან მოთქვამდა და თან აყოლებდა: „არ გეწყინოს, არ გეწყინოს“… ისეთ დღეში იყო, იქით ვამშვიდებდი, არ მწყინს, ვიცი, შეჩვეული ვარ, ბავშვობიდან ამას მეუბნებიან-მეთქი… ასევე იყო სცენაზეც. ცოტა ძნელია. შენ იწყებ, ჯერ არაფერი არ იცი და უკვე გადარებენ დედას – წარმატებულ და ჩამოყალიბებულ არტისტს. კ, რთულია ეს, მაგრამ მეორე მხრივ კარგიცაა, უფრო მობილიზებული ხარ და უფრო ცდილობ თვითდამკვიდრებას. ეძებ შენს გზას, რომ არ ჰგავდე მას. კი არ შეეჯიბრო, შენი თავი იპოვო… შეჯიბრება სისულელეა, არასოდეს მომსვლია თავში…“

კადრი ფარაჯანოვის ფილმიდან "აშიკ–ქერიბი"

მას არასოდეს ავიწყდებოდა, რომ იყო მარინე თბილელის გოგო, რომ იყო აკაკი დვალიშვილის გოგო… მაგრამ აი, სცენაზე კი დაავიწყდა ერთხელ, ვის თამაშობდა….
„სარდაფში ვთამაშობდით გოგოლის „ცხვირს“, მე ვიყავი ოთხნაქმარევი მამიდა, ძალიან გამოპრანჭული და მიზანდასახული, რომელსაც უნდოდა, თავისი ძმისშვილი მიეთხოვებინა შეძლებული კაცისთვის. მოკლედ, მიდის ამ ავანტიურაზე და ეცნობა მამაკაცს. მე მერქვა მარი აფრიკანოვნა ბრანდახლიცკოვა. ვთამაშობთ მორიგ სპექტაკლს. მოვიდა იმ კაცის გაცნობის სცენა, გავუშვირე ხელი, იმ ყმაწვილმაც გამომიშვირა ხელი, უნდა წარვადგინო ჩემი თავი, ვუთხრა ვინ ვარ, მაგრამ… დაიწყო უსაშველოდ დიდი პაუზა, რომელსაც ბოლო არ უჩანდა… დამავიწყდა რა მერქვა. ყველა გამოვიდა კულისებში, მიყურებენ, მაგრამ არ მკარნახობენ ვინ ვარ და სეირობენ ჩემზე. მე რაც შემეძლო, ვიკვანწე, ავდექი, დავჯექი, მეორედ გავუშვირე ხელი. ბიჭი დაიბნა, ვერ მიხვდა, რა მჭირდა. ბოლოს ისევ იმან მიშველა, ვისაც „ვათხოვებდი“ – მანანა კაზაკოვამ უთხრა: ეს მამიდაჩემია, მარი აფრიკანოვნა ბრანდახლიცკოვა“.

17 წლის იყო ბაია დვალიშვილი, პირველად რომ გათხოვდა თავისზე 13 წლით უფროს მურმან ჯინორიაზე…
ბაია: „ეს იყო ძალიან დიდი ხნის წინათ და ეს იყო ჩემი პირველი სიყვარული და ძალიან მალე მოხდა ის, რაც მოხდა – დავცილდით. მე მგონი, წარსულში ძიება აღარ არის საინტერესო… მე ამ მხრივ ნამდვილად არ ვარ საინტერესო, არც დიდი გატაცებები მქონია და არც რომანები…“

1991 წელს კი, 31 წლის ბაიამ ნანა ხატისკაცის 60 წლის იუბილეზე გაიცნო ნანა ხატისკაცის ბიძაშვილი რეზო ხატისკაცი.
ბაია: „ჩემი ასეთი კონსერვატული ხასიათის მიუხედავად, გაცნობიდან ორ კვირაში გავთხოვდი და ეს იყო აბსოლუტური შოკი ჩემი მეგობრებისთვის. ალბათ ბედი იყო, რატომღაც მოხდა ასე. არ ვიცი, რამდენად დამახვია ჩემმა ქმარმა თავბრუ, მაგრამ ასე მოხდა, უცებ გავთხოვდი. უცნაური ის იყო, არც ხელოვნების წარმომადგენელია, მეც ნაკლებად მიცნობდა სცენიდან, თითქმის არანაირი შეხების წერტილი არ გვქონდა, არც სამეგობრო, არც პროფესია… რეზო ოკეანოლოგია, თუმცა, დღევანდელი ცხოვრებიდან გამომდინარე, რამდენჯერმე მოუხდა პროფესიის შეცვლა, გვყავს პატარა მაკრინე… ძალიან ხალისიანი, აქტიური, მუდამ ყურადღების ცენტრში ყოფნას რომ ითხოვს. სადღაც წავიკითხე: ანებივრეთ თქვენი ბავშვები, რადგან არ იცით, ცხოვრებაში რა ელოდებაო. გული მომეწურა: ღმერთმა ყველაფერი კარგად დაუხვედროს და იღბალიც მისცეს, მაგრამ, ხომ არ ვიცი, რა მოხდება მის ცხოვრებაში? იქნებ ახლა მაქვს შანსი და რატომ არ ვანებივრო?!.“

ბაია დვალიშვილს ამ 4-5 წლის წინათ კიდე ერთი „ოჯახი“ ჰყავდა – „დიესელის ოჯახი“: „ქმარი“ – დიმა ტატიშვილი, „გოგონა“ – ნინუცა მაყაშვილი, „ბიჭი“ ორი ჰყავდა, ჯერ ერთი, მერე „გამოუცვალეს“ _ მეორით. ისედაც პოპულარული მსახიობი ბაია დვალიშვილი ასმაგად პოპულარული გახდა თავისი „კმაყოფილებით“ – „დიესელის“ რეკლამით – მთელ საქართველოს რომ გვამცნობდა, მეც კმაყოფილი ვარ და ჩემი ოჯახიცო.
ბაია:
„მახსოვს ატელიეში შევედი, შარვალი მინდოდა გადამეკეთებინა. მკერავმა უკმაყოფილოდ გამომართვა შარვალი. არ ვიცი, კმაყოფილი დარჩებით თუ არა ჩემი ნამუშევრით, მაგრამ ისე სულ კმაყოფილი ხართ, ტელევიზორში რომ გამოდიხართო. თქვენი ოჯახიც კმაყოფილია, თქვენც კმაყოფილი ხართ და რითი ხართ ერთი კმაყოფილი, ამიხსენითო. მე ვიდექი და ვუხსნიდი, იცით რა, ეგ ჩემი ოჯახი არაა, და საერთოდ მე ფული გადამიხადეს, ეგ რომ მეთქვა-მეთქი…“

ბაია დვალიშვილის ოჯახი, თქვენ წარმოიდგინეთ, მართლა კმაყოფილია, ოღონდ „დიესელით“ კი არა – ბაია დვალიშვილით.
ბაია:
„კონდოლიზა რაისს მეძახიან, უჩემოდ არაფერი წყდება ამ სახლში. როგორც კონდოლიზა რაისი, ისე განვაგებ ამ სახლს და ძალიან მიხარია, ყველაფერს ვასწრებ… დიასახლისობა დედაჩემმა ბავშვობიდან გამიჯინა სისხლში. ბავშვობიდან მასაქმებდა, სადილებსაც ვაკეთებდი, სახლსაც ვალაგებდი, ასე რომ, ეს ჩემთვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. პირიქით, ხალისითაც ვაკეთებ ამ ყველაფერს. მე საერთოდ არ მესმის, რას ნიშნავს – „არ ვიცი, არ მცალია და ვერ ვაკეთებ…“. არც მესმის და საერთოდ არც ვცემ პატივს ასეთ ქალებს. ეს არის ტყუილი და მატრაკვეცობა. რას ჰქვია „არ იცი“. უნდა იცოდე! ყოველ შემთხვევაში, თუ არ იცი და ხელთუპყარი ხარ, რაღას ამაყობ?! ეს სამარცხვინოა და არა საამაყო. დედასნაირი დაკავებული ბევრი არ იყო, მაგრამ სუპერდიასახლისი იყო და ყველაფერსაც ასწრებდა – ბაზარში სიარულსაც, შინ დიასახლისობასაც და სცენაზე დგომასაც…“

„მე ლამაზი არასდროს ვყოფილვარ. უბრალოდ, ვცდილობდი, ყველაფერი ლამაზად მეკეთებინა. ძალიან მიყვარდა ცეკვა, ყოველთვის ვცეკვავდი. გინახავთ, იპოდრომზე ცხენი რომ გამოჰყავთ, რა გრაციოზულად, ამაყად გამოდის თავლიდან? ასე გამოვდიოდი მეც სცენაზე… მინდოდა, ყველაფერი კარგად, მომხიბვლელად გამომსვლოდა და, როგორც ჩანს, გამომდიოდა კიდეც, ამიტომ ამბობდნენ, ალბათ, ჩემზე, ლამაზიაო…“ ამბობდა მარინე თბილელი…
ბაია:
„სპექტაკლის წინ, როცა გრიმს ვიკეთებ, ზოგჯერ მგონია, რომ სარკიდან დედა მიყურებს. რაღაცით უკვე გარეგნულადაც ვამსგავსებ ჩემს თავს და ხანდახან დამიჭერია, რომ ხმის ტონიც მიგავს, სცენაზე რაღაც ჟესტსაც მისებურად ვაკეთებ და ასე შემდეგ… ერთხელ, დედას ნივთებში რაღაც ანკეტას წავაწყდი, ეკითხებიან – რისი გეშინიათო? სიბერის და სცენის მიტოვებისო, – უპასუხია… თქვენი ცხოვრების გაგრძელებას რაში ხედავთო? – ჩემი ცხოვრების გაგრძელებას ჩემს შვილში ვხედავ, ის განაგრძობს ჩემს სცხოვრებასო და, მინდა, რაღაცნაირად ავუხდინო ეს ოცნება, ღირსეულად გავაგრძელო მისი გზა სცენაზე…“

უბერებელი „ურიელ აკოსტა“

მეოცეს ოცეული

გენიოსებთან ჭიდილში დამარცხებული დრო და… ივდითები, ურიელები…

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა „პრაიმტაიმში“)

„პრაიმტაიმის“ გამოკითხვაში კოტე მარჯანიშვილის დადგმული კარლ გუცკოვის „ურიელ აკოსტა“ მეოცე საუკუნის საუკეთეშო ქართულ სპექტაკლად დაასახელა 20–დან 18–მა გამოკითხულმა, მათგან 5–მა პირველ პოზიციაზე და დაგროვილი 291 ქულით „ურიელ აკოსტამ“ მეორე ადგილი დაიკავა მეოცეს ოცეულში.

რელიგიური დოგმების წინააღდეგ ამხედრებული ფილოსოფოსი ურეილ აკოსტა.

რაბინებისგან დაწყევლილი ურიელ აკოსტას ტრაგიკული სიყვარულის ისტორია…

ამ ტრაგიკულ ისტორიას აგერ 82–ე წელიწადია თამაშობენ მარჯანიშვილის თეატრში და ამ სიყვარულის ისტორიას თან სდევს შლეიფი – სწორედ „ურიელ აკოსტას“ რეპეტიციებისას შეუყვარდათ ერთმანეთი სოფიკო ჭიაურელსა და კოტე მახარაძეს…

სოფიკო ჭიაურელი: „ურიელმა“ დაგვღუპა… ყველაფერი სპონტანურად მოხდა, მას ცოლი ჰყავდა, მე – ქმარი… ამ ყველაფერს უფრო კრიმინალური შარავანდედი ადგა, ვიდრე რომანტიკული…“

კრიმინალური შარავადედი არ დასდგმია უშანგი ჩეიძის ტრფობას ვერიკო ანჯაფარიძისადმი… მაგრამ ეტრფოდა…

„როდესაც მე მოვიხედე ივდითისკენ, ასე მეგონა რაღაც შუქი ამოდიოდა მისი სახიდან… ივდითის მომღიმარი სახიდან მოედინებოდა ნათელი, რაც ავსებდა მთელ სცენას, მისი თვალები ბრწყინავდნენ, გეალერსებოდნენ და მისგან წამოსული სხივი გიზიდავდა…“ – იხსენებდა უშანგი ჩხეიძე…

ბედისწერად იქცა – მარჯანიშვილის და ოცხელის შეკრულ „კარკასში“ უნებლიედ იბადებოდა სიყვარული – ურიელის და ივდითის შემსრულებელ მსახიობებს შორის, ალბათ სწორედ ამას ითვალისწინებდა სოფიკო ჭიაურელი, როდესაც ბოლო აღდგენისას ამ როლებზე ცოლ–ქმარი გაანწილა – ნატა მურვანიძე და ნიკა თავაძე…

სადაცაა „ურიელ აკოსტა“ 82 წლის გახდება. დაიბადა ქუთაისში 1929 წლის 2 თებერვალს, 2 წლისაც არ იყო თბილისში რომ „ჩამოიყვანეს“ და მას შემდეგ თბილისში ცხოვრობს… 1928 წელს მარჯანიშვილმა დაარსა ქუთაის–ბათუმის თეატრი, 1930 წელს თბილისში საგასტროლოდ ჩამოსული დასი თბილისში დარჩა და სახალხო სახლში დაიდო ბინა. 1933 წელს თეატრს მარჯანიშვილის სახელი ეწოდა…

როგორ იქმნებოდა შედევრი სახელად „ურიელ აკოსტა“, რომელიც დღემდე ახდენს ზემოქმედებას მაყურებელზე?

შედევრის ავტორთაგან მხოლოდ კოტე მარჯანიშვილი იყო შემოქმედებითი სიმწიფის, 56 წლის ასაკში, კომპოზიტორი თამარ ვახვახიშვილი 35 წლის იყო, ურიელი – უშანგი ჩხეიძე – 30 წლის, ივდითი – ვერიკო ანჯაფარიძე – 28 წლის, გენიალური სცენოგრაფი პეტრე ოცხელი კი მხოლოდ 21 წლის…

სწორედ  21 წლის ჭაბუკის შექმნილი დეკორაციები და კოსტიუმებია, აგერ დღემდე რომ შოკში აგდებს და ანცვიფრებს მნახველს. განგებამ მის შემოქმედებას  უფრო ხანგრძლივი ქრონომეტრაჟი უბოძა, ვიდრე თავად მას. სასცენო მხატვრობის რევოლუციონერი ავბედით 37-ში, სრულიად ახალგაზრდა, 30 წლის დახვრიტეს, როგორც კონტრევოლუციონერი… მისმა შემოქმედებამ კი მოინელა თავად კომუნისტური, პირსისხლიანი რეჟიმი. უყურებ ოცხელის უკიდეგანო ფანტაზიის ნაყოფს – უჩვეულო სცენიურ გარემოს, იხსენებ მის ასაკს და სულაც აღარ გიკვირს, თუ როგორ შექმნა იმავე ასაკში შილერმა „ყაჩაღები“…

20 წლის იყო პეტრე ოცხელი მარჯანიშვილმა რომ მისი გაფორმებული „ცეცხლის გამჩაღებელნი“ ნახა მუშათა თეატრში. ოცხელის ესკიზებმა მარჯანიშვილი აღაფრთოვანა – გენიამ იცნო მომავალი გენია და თავისთან წაიყვანა და სულ მალე ოცხელის გენია აელვარდა კიდეც… თუმცა, როგორც თეატრის ისტორიის ანალებიდან ირკვევა, მარჯანიშვილს არ მოსწონებია  ესკიზები, რომელიც თავიდან მიუტანა ოცხელმა, არ მოეწონა რადგან იქ ზდანევიჩისა და გამრეკელის გავლენა იგრძნობოდა. მარჯანიშვილი არ აჩქარებდა ოცხელს… და აი, ოცხელმა მაკეტი მიიტანა მარჯანიშვილთან…

მარჯანიშვილი დიდხანს ათვალიერებდა მაკეტს…. ხელჯოხი მთელი ძალით დასცხო მაგიდას, მსახიობები გაინაბნენ, ეგონათ მაკეტი არ მოეწონა და ყველას ჯოხით დაერეოდა. „გენიალურია, შესანიშნავი, ყოჩაღ პეტრე! სადაა ის ბიჭი“ – იყვირა მარჯანიშვილმა… პეტრე ოცხელი სცენის სიღრმეში იდგა თავჩაქინდრული, გაწითლებული…

მაყურებელს დღესაც აჯადოვებს მარჯანიშვილის რეჟისორული გადაწყვეტისა და ოცხელის მხატვრობისა საოცარი სინქრონულობა.მარჯანიშვილის შედევრმა დაამარცხა დრო – „ურიელ აკოსტა“ დღესაც მარჯანიშვილის თეატრის რეპერტუარშია.

რა ხდება, რატომ აღელვებს მაყურებელს ოდესღაც დადგმული სპექტაკლი, მხოლოდ იმიტომ რომ შედევრია, მხოლოდ იმიტომ რომ არქეტიპად ქცეულ მარჯანიშვილის დადგმულია?  იქნებ იმიტომაც რომ ქადაგებს აზრის თავისუფლებას? იქნებ იმიტომ რომ გვიამობს რელიგიურ დოგმების, ფანატიზმის, გარემომცველი სამყაროს წინააღდეგ ამხედრებული ურიელ აკოსტას ტრაგიკული სიყვარულის ისტორიას, ნათელისა და ბნელის ჭიდილს. ბნელისა და ნათლის, შუქ-ჩრდილების, შავისა და თეთრის მონაცვლეობა უდევს აქ საფუძვლად ყველაფერს, ოცხელის დეკორატიული მონასმები ორგანულად ერწყმის მარჯანიშვილის მეტყველ მიზანსცენებს, ულამაზეს კომპოზიციებს. მსახიობები ქანდაკებებივით არიან ნაკვეთი, არსად არიან სტატიკურნი, ყველაფერს ყველაფერს შინაგანი რიტმი და სულიერიო ექსპრესია  აერთიანებს. ცხადია, დღევანდელი „ურიელის“ ზემოქმედება ალბათ ბევრად ჩამოუვარდება 80 წლის წინანდელ ზემოქმედებას, ისევე როგორც აღდგენილი სპექტაკლი ორიგინალს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმასაც რომ მას შემდეგ არათუ თეატრმა, საერთოდ სამყარომ იცვალა ნირი, რიტმი, დღევანდელი ზემოქმდების ძალა მაინც შთამბეჭდავია. სწორედ ამ „მაინც შთამბეჭდავობითაა“ „ურიელ აკოსტა“ გენიალური, ამ თეატრალურ მკვეთრ, პირობით ფორმებს, საერთოდ ზეაწეულ განცდებს გადაჩვეულ, გაუცხოებულ მაყურებელსაც რომ უთრთოლებს სულს. ცხადია, უხვად არიან ისინიც ვინც მყარადაა დამიწებული და არანაირად რომ არ ეპიტნავებათ ეს „ზეაწევა“ და თეატრისგანაც რომ მიწაზე გორაობას ითხოვენ, მაგრამ ეს სპექტაკლი მათთვის არაა…

მარჯანიშვილის „ურიელ აკოსტამ“ დროზე გაიმარჯვა, მაგრამ დროზე გამარჯვებამდე მესხიშვილის „ურიელ აკოსტაზე“ – სწორედ ქუთაისის სცენაზე დადგა მეოთხედი საუკუნით ადრე ლადო მესხიშვილმა კარლ გუცკოვის ეს ტრაგედია, ურიელს თავად ასრულებდა, ივდითს – ქართული თეატრის სინდისად აღიარებული ნუცა ჩხეიძე. ლადო მესხიშვილის ტრიუმფალური ურიელის შემდეგ ამ პიესას აღარავინ ეკარებოდა… აღარავინ – მარჯანიშვილამდე.

წარმატებულ პრემიერას წინ ასევე წარმატებული ჩვენება უძღოდა – თბილისდან ჩასულ მწერლებს, საზოგადო მოღვაწეებს „ურიელი“ დეკემბრის მიწურულს ანახეს.

ამ ჩვენების წინ კი იყო… ჩავარდნილი გენერალური რეპეტიცია.

რეპეტიცია ცუდად მიდიოდა, მსახიობები ვერაფრით ვერ პოულობდნენ საჭირო ტონს. „ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, თითქოს ყველაფერი დაიკარგა, რაც კი რეპეტიციებზე ვიპოვე. მუსიკაც მიშლის ხელს, გამძვინვარებული მარჯანიშვილიც მბოჭავს, სინათლე თვალს მჭრის. ყურადღების მოკრება მიჭირს. მონოლოგს წარმოვთქვამ მექანიკურად. ვერაფერს ვგრძნობ, სიცივე და სიცარიელე მაქვს გულში. უშანგი – ურიელიც ჩამქრალია, არა აქვს სითბო, სიცოცხლე, ცეცხლი – და ასე რეპეტიციის დამთავრებამდე ყველაფერი დაიკარგა, წაიშალა. სად გაქრა დაუვიწყარი რეპეტიციების სიხარული? როგორი ზეშთაგონებით ქმნიდა მარჯანიშვილი ამ სპექტაკლს – როგორი აღფრთოვანებით ვიჭერდით მის ყოველ აზრს ჩვენ, მსახიობები… ჩვენ ვგრძნობდით, რომ ამ სპექტაკლში კიდევ უფრო ძლიერად, უფრო სრულყოფილად გადაიშალა მარჯანიშვილის გენია. და ეს ყველაფერი ჩვენ, მსახიობებმა, დღეს დავკარგეთ, დავანგრიეთ, გავაცამტვერეთ“ – იხსენებდა ვერიკო ანჯაფარიძე…

მარჯანიშვილი ყვიროდა, ცეცხლს ყრიდა, ცდილობდა ეხსნა თავის შედევრი, მსახიობები რომ უნადგურებდნენ, მაგრამ ამაოდ… „დამღუპეთ მე თქვენ, დამტანჯეთ, დამასამარეთ“ – ეუბნებოდა მსახიობებს.

„ასეთი განადგურებული მარჯანიშვილი მე არ მინახავს“ – იტყვის ვერიკო ანჯაფარიძე, სწორედ ვერიკოს უხმო თეატრიდან გამოსულმა და სასტუმროსკენ ლასლასით მიმავალმა მარჯანიშვილმა. „ მივუახლოვდი და ვხედავ, თვალები ნათელი აქვს, სხივჩამდგარი, სიხარული გამოკრთის, ეშმაკური ღიმილი დასთამაშებს სახეზე და მეუბნება: წადი დაიძინე, კარგად დაისვენე, საღამოს მოხდება გრანდიოზული რამ, გენერალური ჩაგვივარდა – ეს ხომ შესანიშნავია!…“

– გაიხსენებს ვერიკო და სწორედ ამის შემდეგ დამკვირდა ქართულ თეატრში რწმენა – რომ ჩავარდნილი გენერალური რეპეტიცია წარმატებული პრემიერის გარანტიაა. მაგრამ ეს რწმენა ხშირად ცრურწმენაა – ვინ მოსთვლის რამდენი გენერალური რეპეტიცია ჩაფლავებულა და მერე პრემიერაც ჩაფლავებულა…

ვერიკოს გარდა მარჯანიშვილის „ურიელ აკოსტას“ კიდევ ბევრი ივდითი ახსოვს.

სესილია თაყაიშვილი, სოფიკო ჭიაურელი, მედეა ჯაფარიძე, დოდო ჭიჭინაძე, ნინო დუმბაძე, ნატო მურვანიძე…

ახალგაზრდა სესილია თაყაიშვილი ჯერ კიდევ მაშინ შეიყვანეს სპექტაკლში, როცა სცენაზე ვერიკო იდგა. გარკვეული წარმატებების მიუხედავად სესილიას ივდითი ვერ იქცა სპექტაკლის ნაწილად. სესილია ვერ ჰგუობდა უჩვეულო ფორმის სავარძელს, არანაკლებ უჩვეულო კოსტიუმს, საერთოდ გარემოს. იგი ეთაყვანებოდა ვერიკოს ივდითს, თვითონ კი ვერ იქცა ივდითად. იმდენად მწარე იყო მისთვის მარცხი, რომ სიკვდილის წინ მიცემულ ინტერვიუში, ცხოვრების ყველაზე უბედურ დღედ, „ურიელში“ თამაშის დღე დაასახელა…

ვერიკომ „ურიელ აკოსტა“ პირველად 1962 წელს აღადგინა. ურიელს პიერ კობახიძე თამაშობდა, ივდით თავად – უკვე 60–ს გადატანებული, მაგრამ იგი კვლავინდებურად აჯადოებდა მაყურებელს. 1972 წელს ვერიკომ ხელმეორედ აღადგინა „ურიელ აკოსტა“, ამჯერად ურიელს კოტე მახარაძე თამაშობდა, ივდითს – სოფიკო ჭიაურელი. „არ მინდოდა ივდითის თამაში, დედამ მაიძულა… ვცდილობდი გავქცეოდი მის აჩრდილს, მაგრამ ვერ მოვახერხე… დედასთან დავმარცხდი და დავმარცხდი რომელია…“ (სოფიკო ჭიაურელი).

მესამედ უკვე სოფიკო ჭიაურელმა აღადგინა სპექტაკლი 1991 წელს, ზურაბ სტურუას და ნინო დუმბაძის მონაწილეობით. 15 წლის შემდეგ, 2006 წელს კვლავ სოფიკომ აღადგინა „ურიელ აკოსტა“. ამჯერად ივდითად ურიელის – კოტე მახარაძის შვილიშვილი – ნატა მურვანიძე მოგვევლინა, ურიელად – ნიკა თავაძე.

ვერიკოსთან მარცხდებოდნენ მაშინ როცა ის სცენაზე იდგა, ვერიკოსთან მარცხდებოდნენ მაშინ როცა იგი პარტერში იყო რესტავრატორის ამპლუაში და მაშინაც – როცა იგი მთაწმინდაზე განისვენებს.

ნატა მურვანიძე: „ერთი წამითაც არ ვედრები სესილია თაყაიშვილის მონაცემებს და შესაძლებლობებს, მაგრამ ახლა ვერიკო ანჯაფარიძე რომ ცოცხალი იყოს და სცენაზე იდგეს, ჩემთვისაც ყველაზე უბედური დღე 2006 წლის 30 სექტემბერი იქნებოდა, როცა პირველად ვითამაშე ივდითი…“

მარჯანიშვილის თეატრს „ურიელ აკოსტას“ ბოლო აღდგენა 8 900 ლარი დაუჯდა. ეს თანხა ძირითადად დეკორაციის რესტავრაციას და კოსტიუმების ხელახლა შეკერვას მოხმარდა.

ყვითელი დეტალი: ახალ ივდითს – ნატა მურვანიძეს არც ერთი წინამორბედი ივდითის კოსტიუმი არ ჩაეტია კოჭებამდე დაშვებული კაბები წვივებსაც ვერ უფარავდა, ყველა კაბა მკლავებამდე წვდებოდა.

„ვიცოდი მაღალი ვიყავი, მაგრამ სულ მეგონა რომ თავი პატარა მქონდა, მაგრამ არც თავსბურავი მომერგო, ისიც პატარა მქონდა. დეკორაციაც კი პატარაა ვინც დააკვირდება“ – ამბობს ნატა მურვანიძე.

ნატა მურვანიძე: „ მართლაც უძლიერესი კონსტრუქცია აქვს ამ სპექტაკლს, ქორეოგრაფია, მუსიკა, პრინციპში ნახატივითაა, ერთი დიდი ტილოა.

ჩვენ ხელში გვქონდა შედეგი – მიზანსცენები, ჟესტები და თავად უნდა მივსულიყავით ამ შედეგამდე. მიხეილ ჩეხოვს აქვს ფსიქოლოგიური ჟესტით სავარჯიშო. ფსიქოლოგიურ ჟესტს რომ აკეთებ ერთხელ, ორჯერ, ათჯერ, ოცჯერ… ამ ჟესტს მიჰყავხარ იმ ემოციამდე, რომელმაც ეს ჟესტი შვა. ამ პრინციპით ვმუშაობდით და მინდა მჯეროდეს რომ ამ გზით ვიწვევდით იმ საწყის ემოციას, თავდაპირეველი შემსრულებლები რომ განიცდიდნენ. ყოველშემთხვევაში ეს ჟესტები ჩემში აშკარად იწვევს რაღაცას, შეიძლება იმ დოზას არა რასაც ქალბატონ ვერიკოში, ან შემდეგ აღიარებულ, ლეგენდარულ მსახიობებში… იმდენად მაგარია, იმდემად აწყობილია ეს ყველაფერი, მე არ მეგულება მსახიობი ქალი, რომელიც ამას ისე ვერე იგრძნობს, როგორც მე ვგრძნობდი. გული მწყდება სხვებს რომ არ აქვთ საშუალება რომ განიცადონ ის, რაც იქ ხდება, რომ იმ მონახაზში იცხოვროს, ამ სპექტაკლს აქვს კიდე რაღაც განსაკუთრებული მაგია… მე არ ვიცი ეს გარედან როგორ ჩანს, მაგრამ შიგნით აშკარად მონუსხული და მოჯადოებული ხარ 80 წლის წინანდელი რაღაცით, რომელსაც სახელი არა აქვს… სახელი აქვს კოტე მარჯანიშვილი, გენიოსი. რომელიც სათავეა ამ ყველაფერის…“

 

 

 


 

მეოცე საუკუნის 20 საუკეთესო ქართული სპექტაკლი

მეოცეს ოცეული

რეზო შატაკიშვილის პროექტი “პრაიმტაიმში”

„პრაიმტაიმი“ მკითხველს ახალ პროქეტს სთავაზობს – „მეოცეს ოცეული“, რომლის მიზანიცაა მეოცე საუკუნის ოცი საუკეთესო ქართული სპექტაკლის – ასე ვთქვათ საუკუნის სპექტაკლების გამოვლენა და მკითხველისთვის იმის შეხსენება, თუ როგორ იქმნებოდა  ეს შედევრები.

„პრაიმტაიმმა“ ამ ოცეულის გამოვლენა კომპეტენტურ პირებს – თეატრმცოდნეებს, კრიტიკოსებს მიანდო და ამ მიზნით გამოიკითხა 20 პირი, როგორც ღვაწლმოსილი და აღიარებული პროფესიონალები, ისე ახალგაზრდა თეატრმცოდნეები.

ვთხოვეთ თავად დაესახელებინათ მეოცე საუკუნეში, ქართულ თეატრში დადგმული ის 20 სპექტაკლი, რომელსაც ისინი მიიჩნევდნენ საუკეთესოდ – საუკუნის სპექტაკლებად. შეფასების კრიტერიუმიც მათვე მივანდეთ – თითოეულს ეს სპექტაკლები უნდა დაესახელებინათ იმ კრიტერიუმების დაცვით, რომლითაც ისინი საერთოდ ხელმძღვანელობენ სპექტაკლების შეფასებისას.

მათ უნდა დაესახელებინათ როგორც ის სპექტაკლები, რომელიც მათ უშუალოდ ნანახი აქვთ სცენაზე, ასევე ის სპექტაკლები რომლებსაც იცნობდნენ აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით, იმ დროინდელი რეცენზიებით და ამ სპეტქკლებზე არსებული ყველანაირი საარქივი მასალით.

გამოკითხვის მონაწილეებს სპექტაკლების ჩამონათვალის შედგენისას არ უნდა ეხელმძღვანელათ ქრონოლოგიური პრინციპით, ჩამონათვალი რეიტინგული უნდა ყოფილიყო.

მათ მიერ პირველ პოზიციაზე დასახელებულ სპექტაკლს დაეწერებოდა 20 ქულა, მეორე პოზიციაზე დაწერილს – 19, მესამეზე – 18, მეოთხეზე – 17 დ ასე შემდეგ ბოლომდე – მეოცე პოზიციაზე დაწერილს – ერთი ქულა. შემდეგ ოცივე გამოკითხულის მიერ მინიჭებული ქულები დაჯამდებოდა და დაგროვილი ქულების შესაბამისად გამოვლინდებოდა საუკეთესო ოცეული.

მეტი ობიექტურობისთვის, გამოკითხულებს განემარტათ რომ მათი შედგენილი ჩამონათვალი დეტალურად არ გაიშიფრებოდა – ანუ არ გამოქვეყნდებოდა ვინ რა სპექტაკლები მიიჩნია საუკუნის სპექტაკლებად და რა ადგილები (და შესაბამისად ქულები) მიანიჭა მათ რეიტინგულ ჩამონათვალში.

გამოკითხვაში მონაწილეობდნენ

გამოკითხვაში მონაწილეობდნენ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები:

ნათელა ურუშაძე, ნოდარ გურაბანიძე, ნათელა არველაძე, დალი მუმლაძე, ლევან ხეთაგური, ირინა ღოღობერიძე, თამარ ბოკუჩავა, ლელა ოჩიაური, მარინე ხარატიშვილი, გიორგი ცქტიშვილი, მანანა გეგეჭკორი. ნინო მაჭავარიანი.

დოქტორანტები:

ლაშა ჩხარტიშვილი, თამარ მუქერია, მარიამ ჩუბინიძე.

ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრები:

თამარ კიკნაველიძე, ნიკა წულუკიძე, ანანო მირიანაშვილი.

ჟურანალ „თეატრი და ცხოვრების“  მთავარი რედაქტორი გურამ ბათიაშვილი, არტ-კრიტიკოსი დავით ბუხრიკიძე.

შედეგები

გამოკითულებმა დაასახელეს 27 სხვადასხვა რეჟისორის 81 სპექტაკლი, ამ 81 სპექტაკლიდან 42 რუსთაველის თეატრშია დადგმული, 23 – მარჯანიშვილის თეატრში, 7 – კინომსახიობთა თეატრში, 3 – რუსთავის თეატრში, 2 – მოზარდმაყურებელთა თეატრში, 2 – თეატრალურ სარდაფში, 1 – სოხუმის და 1 – ბათუმის თეატრში.

ამ 81 სპექტაკლიდან 11 სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი რობერტ სტურუაა, 10 სპექტაკლის – თემურ ჩხეიძე, ამ სპექტაკლების გარდა, დასახელებულ სპექტაკლებში შევიდა მათი ერთობლივი დადგმა „სამანიშვილის დედინაცვალი“.

ამ 81 სპექტაკლიდან 9 მიხეილ თუმანიშვილის დადგმულია, 6 სანდრო ახმეტელის, 5 – კოტე მარჯანიშვილის, ჩამონათვალშია მარჯანიშვილისა და ახმეტელის ორი ერთობლივი დადგმაც („ჰამლეტი“, „მზეთამზე“).

დასახელებულ სპექტკლებშია გიგა ლორთქიფანიძის 6 სპექტაკლი, დიმიტრი ალექსიძის 6 სპექტაკლი, არჩილ ჩხარტიშვილის 3 სპექტაკლი, ვასო ყუშიტაშვილის, ვახტანგ ტაბლიაშვილის, შალვა გაწერელიას, მედეა კუჭუხიძის ორ-ორი სპექტაკლი, ასევე გიზო ჟორდანიას, გოგი ქავთარაძის, გოგი მარგველაშვილის, აკაკი ვასაძის, ნუგზარ ლორთქიფანიძის, შოთა აღსაბვაძის, შალვა ღამბაშიძის, ვასო გოძიაშვილის, ბორის გამრეკელის, აკაკი დვალიშვილის, ნანა ხატისკაცის, ლევან წულაძის, დავით ანდღულაძის, ავთო ვარსიმაშვილისა და დავით დოიაშვილის თითო სპექტაკლი.

რეკორდსმენი რეჟისორები

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, სტურუა ლიდერობს როგორც დასახელებული სპექტაკლების რიცხვით (11), ისე ამ სპექტაკლების მიერ დაგროვებული ქულების ჯამით, მისმა 11 სპექტაკლმა 1 112 ქულა დააგროვა, მეორე პოზიციაზეა მიხეილ თუმანიშვილი, მისმა 9 სპექტაკლმა 896 ქულა დააგროვა. მესამე ადგილზე სანდრო ახმეტელია, ახმეტელის 6 სპექტაკლმა 512 ქულა დააგროვა. მეოთხე ადგილზე თემურ ჩხეიძეა, ჩხეიძის 10 სპექტაკლმა 509 ქულა დააგროვა. მეხუთე ადგილზე კოტე მარჯანიშვილია, მარჯანიშვილის 5 სპეექტაკლმა 460 ქულა დააგროვა. აქვე უნდა აღვნიშნოთ რომ დასახელებულ შედეგებში არ შედის როგორც ჩხეიძე-სტურუას, ისე მარჯანიშვილი-ახმეტელის ერთობლივი დადგმების ქულები.

ამ ხუთეულის შემდეგ, დაგროვებულ ქულათა რაოდენობა მკვეთრად ეცემა, ასე მაგალითად, დიმიტრი ალექსიძის 6 სპექტაკლმა დააგროვა 113 ქულა, მკვეთრი ვარდნაა შემდეგაც _ გიგა ლორთქიფანიძის 6 სპექტაკლმა ჯამში 42 ქულა მიიღო, არჩილ ჩხარტიშვილის სპექტაკლებმა 40, მედეა კუჭუხიძისამ – 33, შოთა აღსაბაძის სპექტაკლმა 30, შალვა გაწერელიას სპექტაკლებმა – 29, აკაკი ვასაძემ – 21, ვასო ყუშიტაშვილმა – 19, შალვა ღამბაშიძემ – 15, ბორის გამრეკელმა – 14, გიზო ჟორდანიამ – 13, ვახტანგ ტაბლიაშვილმა – 13, ნუგზარ ლორთქიფანიძემ – 10, ვასო გოძიაშვილმა – 7, გოგი მარგველაშვილმა – 6, ლევან წულაძემ – 5, ავთო ვარსიმაშვილმა – 4, აკაკი დვალიშვილმა – 4, დავით დოიაშვილმა – 3, გოგი ქავთარაძემ – 2, ნანა ხატისკაცმა – 1, დავით ანდღულაძემ – 1.

გამარჯვებული ოცეული

დაგროვილი ქულების მიხედვით გამოვლენილ 20 საუკეთესო სპექტაკლიდან 15 სპექტაკლი რუსთაველის თეატრშია დადგმული, 3 – მარჯანიშვილის თეატრში, 2 – კინომსახიობთა თეატრში.

20 საუკეთესო ქართული სპექტაკლიდან 11-ს საფუძვლად უცხოური დრამატურგია უდევს, კიდევ 2 უცხოურიდანაა გადმოქართულებული, 4 სპექტაკლი ქართული დრამატურგიის მიხედვითაა შექმნილი, 3 – ქართული პროზისდ მიხედვით…

მეოცე საუკუნის ოც საუკეთესო სპექტაკლში მოხვდა რობერტ სტურუას ხუთი სპექტაკლი, მიხეილ თუმანიშვილის 5 სპექტაკლი, სანდრო ახმეტელის 3 სპექტაკლი, თემურ ჩხეიძის სამი სპექტაკლი, კოტე მარჯანიშვილის 2 სპექტაკლი, ასევე დიმიტრი ალექსიძის ერთი სპექტაკლი და ჩხეიძე-სტურუას ერთობლივი სპექტაკლი („სამანიშვილის დედინაცვალი“).

ოცეულს „კავკასიური ცარცის წრით“ ხსნის და „სეილემის პროცესით“ ხურავს რობერტ სტურუა.

აღსანიშნავია რომ გამარჯვებული 20 სპექტაკლიდან ყველაზე „ახალგაზრდა“ რობერტ სტურუას მიერ 1987 წელს დადგმული „მეფე ლირია“. გამოიკითხვამ გამოკვეთა ის ტენდენცია რაც საუკუნის ბოლოს სუფევდა ქართულ თეატრში – კრიზისი… თუმცა, აქვე, მკითხველი რომ შეცდომაში არ შევიდეს, უნდა განმარტოთ რომ გამოკითხვა ეხება მხოლოდ მეოცე საუკუნეს, და შესაბამისად აქ არ იგულისხმება 2001 და შემდგომ, ანუ ბოლო ათ წელიწადში დადგმული სპექტაკლები…

ცხადია, ამ გამოკითხვის შედეგებს გამოუჩნდებიან ოპონენტები, მიიჩნევენ მიკერძოებულად, სუბიექტურად, ვიტყვით მხოლოდ იმას რომ ეს შედეგები აჩვენა 20 პროფესიონალის გამოკითხვამ, თითოეული მათგანი ცალ-ცალკე რაც უნდა მიკერძოებული ყოფილიყო, ოცივეს აზრი ერთად უკვე შეიცავს ობიექტურობის საკმაო დოზას, ამასთან – ეს მხოლოდ ერთი კონკრეტული გამოცემის „პრაიმტამის“ დადებული ოცეულია…

ოცეული…

1. “კავკასიური ცარცის წრე”

ბერტოლტ ბრეჰტი. რეჟისორი რობერტ სტურუა. რუსთაველის თეატრი. 1975 წელი.  მიიღო 310 ქულა. დაასახელა 20-ვე გამოკითხულმა, მათგან 7-მა პირველ პოზიციაზე.

2. “ურიელ აკოსტა”

კარლ გუცკოვი. რეჟისორი – კოტე მარჯანიშვილი, მარჯანიშვილის თეატრი. მიიღო 291 ქულა. დაასახელა 18-მა გამოკითხულმა, მათგან 5-მა პირველ პოზიციაზე.

3. “ყაჩაღები” (“ინ ტირანოს”)

ფრიდრიხ შილერი. რეჟისორი სანდრო ახმეტელი. რუსთაველის თეატრი. 1933 წელი. მიიღო 282 ქულა. დაასახელა 19-მა გამოკითხულმა.

4.”ყვარყვარე”

პოლიკარპე კაკაბაძე. რეჟისორი რობერტ სტურუა. რუსთაველის თეატრი. 1974 წელი. მიიღო 271 ქულა. დაასახელა ოცივე გამოკითხულმა. მათგან ერთმა პირველ პოზიციაზე.

5. “რიჩარდ მესამე”

უილიამ შექსპირი. რეჟისორი რობერტ სტურუა. რუსთაველის თეატრი. 1979 წელი. მიიღო 262 ქულა. დაასახელა 18-მა გამოკითხულმა. მათგან 2-მა პირველ პოზიციაზე.

6. “ანტიგონე”

ჟან ანუი. რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი. რუსთაველის თეატრი, მცირე სცენა. 1968 წ. მიიღო 239 ქულა. დაასახელა ოცივე გამოკითხულმა. მათგან ერთმა პირველ პოზიციაზე.

7.”ჭინჭრაქა”

გ. ნახუცრიშვილი. რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი. რუსთაველის თეატრი. მცირე სცენა. 1963 წელი. მიიღო 193 ქულა. დაასახელა – 15-მა გამოკითხულმა.

8. “ლამარა”

გრიგოლ რობაქიძე. რეჟისორი სანდრო ახმეტელი. რუსთაველის თეატრი. 1930 წ. მიიღო 172 ქულა. დაასახელა 11-მა გამოკითხულმა.

9. “გუშინდელნი”

შალვა დადიანი. რეჟისორი თემურ ჩხეიძე. რუსთაველის თეატრი. 1972 წელი. მიიღო 164 ქულა. დაასახელა 16-მა გამოკითხულმა.

10. “ჯაყოს ხიზნები”

მიხეილ ჯავახიშვილი. რეჟისორი თემურ ჩხეიძე. მარჯანიშვილის თეატრი. 1984 წელი. მიიღო 156 ქულა. დაასახელა 16-მა გამოკითხულმა. მათგან ერთმა პირველ პოზიციაზე.

11. “სამანიშვილის დედინაცვალი”

დავით კლდიაშვილი. რეჟისორები თემურ ჩხეიძე, რობერტ სტურუა. რუსთაველის თეატრი. მცირე სცენა. 1969 წელი. მიიღო 144 ქულა. დაასახელა 15-მა გამოკითხულმა.

20. “ცხვრის წყარო” (“ფუენტე ოვეხუნა”)

ლოპე დე ვეგა. რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი. რუსთაველის თეატრი. 1922 წელი. მიიღო 142 ქულა. დაასახელა ათმა გამოკითხულმა, მათგან სამმა პირველ პოზიციაზე.

13. “ჩვენი პატარა ქალაქი”

თ. უაილდერი, (გადმოქართულებული რეზო გაბრიაძის მიერ). რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი. თუმანიშვილის თეატრი. 1983 წელი. მიიღო 133 ქულა, დაასახელა 17-მა გამოკითხულმა.

14. “მეფე ლირი”

უილიამ შექსპირი. რეჟისორი რობერტ სტურუა. რუსთაველის თეატრი. 1987 წელი. მიიღო 104 ქულა. დაასახელა 11-მა გამოკითხულმა.

15. “დონ ჟუანი”

ჟან ბატისტ მოლიერი. რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი. თუმანიშვილის თეატრი. 1981 წელი. მიიღო 96 ქულა. დაასახელა 10-მა გამოკითხულმა.

16. “ესპანელი მღვდელი”

ჯ. ფლეტჩერი. რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი. რუსთაველის თეატრი. 1954 წელი. მიიღო 93 ქულა. დაასახელა 9 გამოკითხულმა.

17. “ანზორი”

სანდრო შანშიაშვილი, (ვს. ივანოვის მიხედვით), რეჟისორი სანდრო ახმეტელი. რუსთაველის თეატრი, 1928 წელი. მიიღო 76 ქულა, დაასახელა 5-მა გამოკითხულმა.

18. “ოიდიპოს მეფე”

სოფოკლე. რეჟისორი დიმიტრი ალექსიძე. რუსთაველის თეატრი. 1956 წელი. მიიღო 71 ქულა, დაასახელა 10-მა გამოკითხულმა.

19. “ჰაკი აძბა”

ლეო ქიაჩელი. რეჟისორი თემურ ჩხეიძე. მარჯანიშვილის თეატრი. მიიღო 69 ქულა. დაასახელა 8 გამოკითხულმა.

20. “სეილემის პროცესი”

რტურ მილერი. რეჟისორი რობერტ სტურუა. რუსთაველის თეატრი. 1965 წელი. მიიღო 53 ქულა. დაასახელა 5-მა გამოკითხულმა.

ოცეულს მიღმა

21. „როცა ასეთი სიყვარულია“ (რეჟ: მ. თუმანიშვილი, 49 ქულა);

22. „ბაკულას ღორები“ (მ.თუმანიშვილი, 48 ქულა);

23. „არტ-ხელოვნება“ (თ. ჩხეიძე, 39 ქულა);

24. „მაკბეტი“ (რ. სტურუა, 38 ქ.);

25. „ხანუმა“ (რ.სტურუა, 37 ქ.);

26. „მამა“ (თ. ჩხეიძე 33.);

27. „ბერდო ზმანია“ (ს. ახმეტელი, 33 ქ.);

28. „ოტელო“ (შ.აღსაბაძე, 30 ქ.);

29. „ჰამლეტი“ (კ. მარჯანიშვილი, 29 ქ.);

30. „ზაფხულის ღამის სიზმარი“ (მ. თუმანიშვილი, კინომსახიობთა თეატრში. 28 ქ. );

31. „თეთნულდი“ (ს. ახმეტელი, 27 ქ.);

32. „რღვევა“ (ს. ახმეტელი 22 ქ);

33. „მარადი ქმარი“ (თ. ჩხეიძე, 21 ქ).

34. „დიდი ხელმწიფე“ (ა. ვასაძე, 21 ქ);

35. „ირინეს ბედნიერება“ (შ. გაწერელია, 19 ქ.);

17 ქულა დააგროვეს: „პროვინციული ამბავი“ (მ. კუჭუხიძე );

„ადამიანებო, იყავით ფხიზლად“ (მ. თუმანიშვილი);

16 ქულა: „შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე“ (მ. კუჭუხიძე). „ბერნარდა ალბას სახლი“ (თ. ჩხეიძე); „კახაბერის ხმალი“ (გ. ლორთქიფანიძე);

15 ქულა: „ბახტრიონი“ (დ. ალექსიძე); „კოლმეურნის ქორწინება“ (შ. ღამბაშიძე);

14 ქულა: „ლამარა“ (რ.სტურუა); „მედეა“ (ა. ჩახარტიშვილი); „მარგარიტა გოტიე“ (ბ. გამრეკელი); „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ“ (კ. მარჯანიშვილი);

13 ქულა: „ჰამლეტი“ (გ. ჟორდანია); „ქალი გველი“ (რ. სტურუა); „ოიდიპოს მეფე“ (ა. ჩხარტიშვილი); „მოკვეთილი“ (ა. ჩხარტიშვილი); „ფიროსმანი“ (გ. ლორთქიფანიძე);

12 ქულა: „სამგროშიანი ოპერა“ (დ. ალექსიძე); „კაცია ადამიანი“ (ვ. ყუშიტაშვილი);

10 ქულა: „შპიგელმანი“ (კ. მარჯანიშვილი); „ანტიგონე“ (თ. ჩხეიძე);  „წუთისოფელი“ (ნ. ლორთქიფანიძე); „ქამუშაძის გაჭირვება“ (შ. გაწერელია);

10 ქულაზე ნაკლები მიიღეს: „სასტუმროს დიასახლისი“ (დ. ალექსიძე),  „ამჰერსტის მშვენება“ (რ. სტურუა). „მზეთამზე“ (მარჯანიშვილი-ახმეტელი),  „ანტონიოს და კლეოპატრა“ (ვ. ტაბლიაშვილი), „ძველი ვოდევილები“ (ვ. გოძიაშვილი), „მარიამ სტიუარტი“ (ვ. ყუშიტაშვილი), „საპატარძლო აფიშით“. (დ. ალექსიძე), „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (გ. ლორთქიფანიძე), „სოლომონ ისაკიჩ მეჯრანუაშვილი“ (ვ. ტაბლიაშვილი), „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“  (გ. მარგველაშვილი), „ასი წლის შემდეგ“ (გ. ლორთქიფანიძე), „ფაუსტი“ (ლ. წულაძე), „ჩვენებურები“ (ა. დვალიშვილი), „სიკვდილის როკვა“ (ა. ვარსიმაშვილი), „მზის დაბნელება საქართველოში“ (კ. მარჯანიშვილი),  „ცხოვრება იდიოტისა“ (დ. დოიაშვილი), „დიდოსტატის მარჯვენა“ (გ. ქავთარაძე),

„მოჩვენებანი“ (თ. ჩხეიძე), „სიბრძნე სიცრუისა“ (ნ. ხატისკაცი), „იაკობის სახარება“ (რ. სტურუა), „მეტეხის ჩრდილში“ (გ. ლორთქიფანიძე), „გრაალის მცველნი“ (დ. ანდღულაძე), „სირანო დე ბერჟერაკი“ (გ.ლორთქიფანიძე), „ჩემო კალამო“ (გ. საღარაძე, თ. ჩხეიძე)…


პ.ს. გამოკითხვის შედეგად გამოვლენილ 20 საუკეთესო ქართულ სპექტაკლზე ვრცლად გიამბობთ “მეოცეს ოცეულში” – თითოეულ სპექტაკლზე ცალ–ცალკე…

%d bloggers like this: