Tag Archives: მედეა ჩახავა

ქვიშაზე ნახატი შედევრი – „ესპანელი მღვდელი“

„ეროსი ამ როლს ბრწყინვალედ ასრულებდა! მე მისით ვამაყობდი, ასე, ალბათ, მხატვრები და მუსიკოსები ამაყობენ თავიანთი ნაწარმოებებით. ეს იყო აბსოლუტური გარდასახვა, მთელი არსებით „გადართვა“ როლზე. ასეთი რამ იშვიათად ხდება და რატომ არ უნდა შეიძლებოდეს წამის შეჩერება, რომ ამის ნახვა ყველას შეეძლოს, ასეთი ბრწყინვალე სახე რატომ უნდა ქრებოდეს? რა უბედურნი ვართ და უსამართლოდ განწირულნი, რომ ჩვენს სურათებს ქვიშაზე ვხატავთ   – წერდა მიხეილ თუმანიშვილი წლების შემდეგ, როცა ეს ქვიშაზე ნახატი შედევრი – სპექტაკლი „ესპანელი მღვდელი“ მხოლოდ მნახველთა ხსოვნასღა იყო შემორჩენილი.

ფლეტჩერის კომედია „ესპანელი მღვდელი“ მიხეილ თუმანიშვილმა 1954 წელს დადგა. მაესტრო თუმანიშვილი მაშინ 33 წლის იყო. მანამდე რუსთაველის თეატრში უკვე დადგმული ჰქონდა ხუთი სპექტაკლი – კარსანიძის „მარადმწვანე ქედები“, ვიშნევსკის „დაუვიწყარი 1919 წელი“, ფუჩიკის „ადამიანებო იყავით ფხიზლად“, გოგოლის „შეშლილის წერილები“ მალიარევსკის „ქარიშხლის წინ“… „მარადმწვანე ქედებიც“, „დაუვიწყარი 1919“-იც, „ქარიშხლალიც“ –  წყალწყალა დრამატურგიაზე შექმნილი ის სპექტაკლები იყო, თეატრს რომ სჭირდებოდა იდეოლოგიური ხაზის გასატარებლად და არაფერს რომ არ აძლევდა არც მაყურებელს და არც თავად თუმანიშვილს. წერდა კიდეც გულისტკივილით „მე უმეტეს შემთხვევაში იმას ვდგამდი, რაც თეატრს სჭირდებოდა და არა მე, გულით რაც მინდოდა სულ რამდენჯერმე დავდგი“. „ესპანელი მღვდელი“ სწორედ ისაა, რისი დადგმაც გულით უნდოდა. თუმცა, როგორც ირკვევა მაინცდამაინც კონკრეტულად „ესპანელი მღვდელი“ არ სდომნია. ზეიმი ეწადა – სპექტაკლი დღესასწაული. „ფლეტჩერის „ესპანელ მღვდელს“ შემთხვევით მოვკიდე ხელი. ასეთივე წარმატებით შემეძლო დამედგა „ორი ბატონის მსახური“ ან „ძაღლი თივაზე“. მინდოდა შემექმნა რაღაც დღესასწაულებრივი, საზეიმო სანახაობა, რომელიც ჩემს არსებაში მწიფდებოდა ბავშვობიდან, საოჯახო თოჯინების თეატრიდან მოკიდებული. მინდოდა დამედგა ის, რისი ნახვაც მენატრებოდა  – წერდა თუმანიშვილი. სპექტაკლი მართლაც იქცა დიდ თეატრალურ დღესასწაულად, თავად თუმანიშვილის შემოქმედების ერთ-ერთ ბრწყინვალე ნიმუშად. თეატრის მემატიანეთა თქმით, ეს სპექტაკლი მისი ყველაზე ფერადოვანი, მხიარული, „კარნავალური სულისკვეთებით აღსავსე სანახაობა“ იყო. თავად მაესტროც ბრძანებდა რომ მის სპექტაკლებში განსაკუთრებული ელვარებით ბრწყინავდა „ესპანელი მღვდელი“. თუმანიშვილმა 68 სპექტაკლი დადგა, მაგრამ აცხადებდა რომ 6-7 სპექტაკლი ჰქონდა დადგმული. ამ შვიდეულში , პირველ რიგში ასახელებდა „ესპანელ მღვდელს“, ამბობდა იმასაც რომ ძალიან უყვარდა… ნოდარ გურაბანიძის განცხადებით, იშვიათად რგებია მაყურებელთა ამგვარი აღფრთოვანება რომელიმე სხვა სპექტაკლს. „მსახიობები თამაშობდნენ ლაღად, შინაგანი თავისუფლებით, აღორძინების ხანის კომედიანტებისთვის დამახასიათებელი გროტესკულობით, ანუ თეატრალური ფორმის სიმკვეთრით… მიხეილ თუმანიშვილის „ესპანელ მღვდელში“ იყო რაღაც ისეთი, რაც გვიანდელი შუასაუკუნეების მოედნის თეატრს გვახსენებდა“ – წერს ნოდარ გურაბანიძე.

მაყურებელიც, თეატრალური კრიტიკაც, თეატრის მოღვაწენიც – ყველა ერთხმად ლაპარაკობდა რეჯისორის ტრიუმფზე და მსახიობების წარმატებაზე – ეროსი მანჯგალაძის ლოპესზე, ემანუელ აფხაიძის დიეგოზე, მედეა ჩახავას ამარანტასა თუ რამაზ ჩხიკვაძის ლეანდროზე…

საგულისხმოა რომ სწორედ ამ სპექტაკლში აელვარდა პირველად რამაზ ჩხიკვაძე. რამაზ ჩხიკვაძე მაშინ მხოლოდ 26 წლის იყო… ეროსი მანჯგალაძე – 29 წლის…

„ესპანელი მღვდელი“ – სპექტაკლი, რომელიც ქადაგებდა სიყვარულს და თავისუფლებას.

პიესის მიხედვით, რამაზ ჩხიკვაძის გმირს, საძაგელი ბებრის – ბართოლუსის ახალგაზრდა მშვენიერი ცოლი – ამარანტა უყვარდება და მთელი კოლიზია ამაზეა აგებული, თუმანიშვილისთვის ეს მიუღებელი აღმოჩნდა და ქმარი მეურვედ აქცია. „ხდება რაღაც უზნეობა, ჩვენ კი ვხარხარებთ იმაზე რომ თუ როგორ არღვევენ ოჯახის საფუძველს. აქ რაღაც უნდა შეიცვალოს, მოდი ქმარი ნუ იქნება, ქმრის მაგივრად მეურვე აჯობებს. იგი ყველასგან და ყოველთვის განტევების ვაცია. მაშ ასე, მეურვე ბებერია, ამარანტა – ნორჩია. ახალგაზრდაა! ყველაფერი რიგზეა! რაზეა სპექტაკლი? სიყვარულზე? თაღლითობაზე? იმაზე რომ სიყვარულს კი არ უნდა ელოდო, იგი უნდა მოიპოვო… კომედია აგებულია სასიყვარულო კოლიზიაზე, სავსეა სიცოცხლის ახალგაზრდული ვნებით. სიყვარული ავსებს მთელ ზეცას…“ – წერდა თუმანიშვილი. ქმარი მეურვედ აქცია, მაგრამ როგორც ნოდარ გურაბანიძე შენიშნავს, მეურვეს მაინც ქმრად აღიქვამდა მაყურებელი. თუმცა, ამ გარემოებას ხელი არ შეუშლია იმისთვის რომ სპექტაკლი ჭეშმარიტ, წმინდა სიყვარულის აპოთეოზად ქცეულიყო.

„თუ ფლეტჩერთან სიყვარულის თემა მიწიერია, შიშველი ვნებაა, ჟინია – მ. თუმანიშვილის სპექტაკლში ეს ლტოლვა ჭეშმარიტი სიყვარულის აპოთეოზად იყო გადაქცეული. ახალგაზრდებს ისე მძაფრად უყვარდათ ერთმანეთი, ის ე მგზნებარედ მიისწრაფოდვნენ ურთიერთისკენ, როგორც რენესასული ეპოქის მიჯნურები –  წერს ნოდარ გურაბანიძე, მისივე თქმით, ჩხიკვაძის გმირი „პიესის მიხედვით, სახიფათო სატრფიალო ფათერაკების მაძიებელი უფროა, ვიდრე ნამდვილად შეყვარებული, სპექტაკლში კი იგი თავისუფალი ადამიანის თავისუფალი და ჭეშმარიტი სიყვარულის განსახიერებაა. მ. თუმანიშვილი თავის ჩანწერებში და მემუარებში ხშირად იმეორებდა რომ მთელი მისი შემოქმედების მთავარი თემა სიყვარულის თემა იყო. სწორედ ეს თემაა თვალისმომჭრელი ოსტატობით გაშლილი ამ სპექტაკლში. თეატრმცოდნის თქმით, მღვდელი ლოპესიცა და დიაკვანი დიეგოც გაიძვერები არიან, „არც ღმერთისა სწამთ, არც კაცის, არც ცისა და არც მიწის, მაგრამ ლეანდროს მიერ წამოწყებულ სასიყვარულო ინტრიგებში ისინი თანდათანობით, მეტი და მეტი აზარტით, ეშხში შესულნი მონაწილეობენ. ისინი თავისუფალი და ჯანსაღი სიყვარულის ხელისშემწყობად და აქტიურ ძალად გარდაიქმნებიან. მიუხედავად გროტესკული ფორმის სიმკვეთრისა, მისი სიღრმიდან გზას იკვლევდა რენესანსული სულისკვეთება: ადამიანია თავისი ნების და ვნების უფალი და რაც არ უნდა აღუდგეს წინ მის კეთილშობილურ სურვილს, უნდა დაძლიოს იგი. თუნდაც მთელი კლერიკალური სამყარო იყოს ეს. ეს მოტივი, ძალზე მკრთალად, შეიძლება შეუმჩნევლადაც კი არსებობს პიესაში, რადგან აქ ყველაფერი ფრივოლურ სამოსშია გახვეული, მაგრამ მ. თუმანიშვილის ღრმა წვდომის (და ინტუიციის, ცხადია!) წყალობით იგი გაძლიერრებულია, უმთავრეს მოტივადაა ქცეული და რენესანსული სულისკვეთებითაა განათებული. აქ მძლავრად ჟღერს ჰუმანისტური იდეები – ადამიანის მისწრაფებაზე თავისუფლებისა და ბედნიერებისაკენ“.

მოქმედება ესპანეთის ერთ პატარა, პროვინციულ ქალაქ კორდოვაში იშლებოდა. სცენის მოძრავ წრეზე იყო „გაშენებული“ ეს პატარა ქალაქი…

აგებული იყო გალავანშემორტყმული წითელკრამიტიანი თეთრი უცნაური სახლები, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდებოდნენ მომცრო თაღებით, მინიატურული ხიდებით, დაქანებული კიბეებით. „შუიდან თავი ამოეყო საკმაოდ შელანძღულ სამრეკლოს თავისი გვერდზე გადახრილი მოზრდილი ჯვრით. ფანჯრების რიკულები შავად იყო შეღებილი, რაც ასერიგადაა დამახასიათებელი ესპანური სახლებისთვის, სადაც დეტალები აქცენტირებულია შავი, თეთრი, წითელი საღებავებით. ეს დეკორაცია დღეს მე რატომღაც მაგონებს სერვანტესის რომანში აღწერილ ფუნდუკებს, რომელიც დონ კიხოტს ციხესიმაგრედ ეჩვენებოდა ხოლმე და სადაც ათასნაირი ფათერაკი გადახდენია ლამანჩის ლომს…“ (ნოდარ გურაბანიძე). დეკორაცია წრეზე ბრუნავდა, ჩნდებოდა ეზო, აივანი… სცენის ყოველი შემობრუნება ახალ ეპიზოდს იწყებდა. „დიდი ხნის შემდეგ, (როცა მრავალგზის ვიყავი ესპანეთში და მთელი ეს ქვეყანა რამდენჯერმე გადავსერე), მივხვდი რომ რეჟისორმა და მხატვარმა პროვინციული, ძველი ესპანეთის არსობრივი, არქიტექტურული სახე-მეტაფორა შექმნეს…“ (ნოდარ გურაბანიძე).

სწორედ წითელი კრამიტით გადახურულ ამ გალავანზე ყოფილან სვავებივით ჩამომსხდარი ეროსი მანჯგალაძის მღვდელი ლოპესი და ემანუელ აფხაიძის დიაკვანი დეიგო და ურცხვად, გულახდილად უზიარებდნენ მაყურებელს თავიანთ მკრეხელურ აზრებს.

კიცხავდნენ ექიმებს, ადგილობრივ „ბოზმარიკებს“ – მღვდლების გარეშე რომ ნათლავდნენ ნაბიჭვრებს და მათ ულუკმაპუროდ ტოვებდნენ, წუხდნენ ურცხვობის საუკუნე დადგაო, და უკვირდათ, ურცხვობის საუკუნე კია, მაგრამ ჯანსაღია, აღარავინ კვდება, ერთი ქელეხი ვერ ვჭამეთო – „უკვდავი მრევლი და ცხოვრება ვაი-ვაგლახით“. მოსვენებით კუბოში წოლა აღარავის სურსო – გოდენდნენ და „ზეაპყრობილი თვალებითა და სათნო სახეებით ზეცას შავი ჭირის მოვლინებას შეჰღაღადებენ, რათა მომრავლდეს აღაპებიო და ქელეხები – მათი ღორმუცელობის ეს ასპარეზები. მშიერი მუცლით უფლის საამურ საგალობელს ვერ ვიტყვითო“… (ნ. გურაბანიძე). სწორედ ამ გოდება-წუწუნისას ეცხადებათ მათ მორჩილის სახით რამაზ ჩხიკვაძის გმირი ლეანდრო. ლეანდრო სპექტაკლის დასაწყისში (სპექტაკლი მოხეტიალე მსახიობების მხიარულებით იწყებოდა) მოჰკრავს ყურს ამარანტას სახელს და მისი დაუფლების ჟინით აღივსება. მღვდელი და დიაკვანი ლეანდროს ინტრიგაში ერთვებიან, ვექილ ბართოლუსთან მოჰყავთ – ლეანდრო რომ მოწაფედ აიყვანოს – იურისპრუდენცია შეასწავლოს. ცხადია, ლენადროს სხვა მიზანი აქვს – გაიცნოს ამარანტა და მოინადიროს მისი გული. „ლეანდრო სულმოუთქმელად ელოდება ამარანტას გამოჩენას, მაგრამ მზეთუნახავი არ ჩანს. მოსვენებადაკარგული ლეანდრო ერთ ადგილზე ვერ ჩერდება, ღელავს, ცქმუტავს, ისაა მოთმინების ძაფი საცაა უნდა გაუწყდეს რომ უცებ კარი გაიღება და ბართოლუსის ძახილზე შემოვარდებოდა მოსამსახურე ქალი ელგა, დაგვაჯული, გაბურძგნული, მახინჯი. ლეანდროს ეს ქალი ამარანტა ჰგონია და თავზარდაცემული, ენაჩავარდნილი, გაოგნებული აქეთ-იქით აწყდებოდა, ზმუოდა, გაუგებარ სიტყვებს ისროდა, ფანჯრიდან გადახტომას ლამობდა, შეშინებული ცახცახებდა და ბოლოს ოდანვ დამშვიდებული წამოიძახებდა: „ქალია! ქალი“ (როგორც ჩანს ალქაჯი ეგონა). ამ ჰიპერბოლურ ეპიზოდში რ. ჩხიკვაძის იმპროვიზაციები კულმინაციას აღწევდა.“ (ნოდარ გურაბანიძე). ლენადრო და ამარანტა ერთ სახლში ცხოვრობენ, მაგრამ მათი შეხვედრა არა და არ ხერხდება… ლეანდრო გარს უვლის ბართოლუსის სახლს, დგას აივანთან და სერენადებს უმღერის ამარანტას… „აივნის კარი ფრთხილად იღებოდა. მ. ჩახავას ამარანტას მშვენიერი სილუეტი გაკრთებოდა წამიერად (შავი თვალები რაღაც გასაგიჟებლად ელვარებენ), სიმღერით მოხიბლული ქალი ვაჟს წითელი ვარდების იმ კონას ესროდა, სულ მცირე ხნის წინ მისგან საჩუქრად რომ მიიღო. პაუზა კვლავ გამოჩნდა ამარანტა, კიდევ უფრო გაძლიერდა ტრფობით აღგზნებული ჟაბუკის ხმა, ამარანტამ დაინახა აივნის პირდაპირ მდგარი ლეანდრო და მიბნედილმა წაიჩურჩულა: „ის არის, ისა“ ასეთი სიყვარულით, გრძნობითა და ნეტარებით გამთბარი ხმა მხოლოდ მედეა ჩახავას ჰქონდა…“ (ნოდარ გურაბანიძე).

შეუძლებელია აღწერო ყველა სცენა სპექტაკლიდან – ქვიშაზე ნახატი შედევრიდან, რომელიც მხოლოდ მნახველთა ხსოვნას შემორჩა. ნოდარ გურაბანიძის თქმით, დაუვიწყარი იყო დიეგოს „გარდაცვალებისა“ და დატირების სცენა, სადაც ეროსი მანჯგალაძე და ემანუელ აფხაიძე „სტიქიური“ იმპროვიზაციის ტალღებზე ნავარდობდნენ… ფიცარზე თეთრ ზეწარში გახვეული „მომაკვდავი“ დიეგო იწვა – ზეწრიდან თავი გამოეყო, ლოყები წითლად უღაჟღაჟებდა, მშიერი მუცელი უთაფთაფებდა, ეროსი კი თავისი ობერტონებით სავსე ხმით ღაღადებდა „რას დაემგვანა“…: „აფხაიძე სახის უცნაური მოქცევით ეპასუხებოდა. ამის შემხედვარი ლოპესი კიდევ უფრო მჭექარედ, სასოწარკვეთილი შეშფოთებით წამოიძახებდა: „რას დაემგვანა?!“ – დიეგო უკვე სასიკვდილო კრუნჩხვებს შეეპყრო, ლოპესის კიდევ ერთი შეყვირება, უკვე შეცვლილი ინტონაციით: „რას დაემგვანა?!“ და დიეგო უკანასკნელად გაიბრძოლებდა, ზეწარს დაუწყებდა წვალებას, მთელი სხეული უკანკალებდა, ფეხებს ჭიმავდა, შემდეგ უცებ მოეშვებოდა. ე. მანჯგალაძე ზიარების რიტუალის ჩატარებას ცდილობდა, ლოცვას წაიღუღუნებდა და თავის უზარმაზარი ჯვრისკენ წაიღებდა ხელს, მაგრამ სადღა იყო ჯვარი? (ცნობილი ამბავია: ეროსის გენერალურ რეპეტიციაზე დაავიწყდა ჯვრის ჩამოკიდება, მაგრამ ისე კომიკურად გაითამაშა ის სცენა, რომ სპექტაკლში ასევე დატოვეს). წამიერად შეცბუნებული, ხელს ჩაიქნევდა ისე გადასწერდა პირჯვარს და განაცხადებდა: „მოკვდაო“. სწორედ ამ დროს წამოიჭრებოდა ფეხზე ე. აფხაიძე-დიეგო, თავზე ზეწარს შემოიხვევდა თავსაფარივით, ისეთნაირად რომ ცქაფი, ცბიერი თვალებით და მსუნაგი ცხვირი მოუჩანდა და იწყებდა რაღაც გიჟურ, თავდავიწყებულ როკვას, ადგილზე ტრიალსა და ხტუნვას, მას აჰყვებოდნენ მგლოვიარე გულშემატკივრებიც და ცხადია ლოპესიც. იწყებოდა საყოველთაო მხიარულება და კავკალადა… სიცილით იხოცებოდა ხალხი დარბაზში…“ – წერს ნოდარ გურაბანიძე…

გამოქვეყნდა გაზეთში “ქართული სიტყვა”, რობრიკაში – “ქართული შედევრები”

მეგობრული შარჟი, ინახება რუსთაველის თეატრის მუზეუმში.

P.S.  2010 წელს, გაზეთ „პრაიმტაიმში“ განვახორციელე, ჩემივე ინიცირებული პროექტი „მეოცეს ოცეული“. ამ პროექტის მიზანი იყო, გამოვლენილიყო მეოცე საუკუნის 20 საუკეთესო ქართული სპექტაკლი. ეს ოცეული გამოვლინდა კომპეტენტური პირების – თეატრმცოდნეების, კრიტიკოსების გამოკითხვის შედეგად: ვთხოვეთ თავად დაესახელებინათ მეოცე საუკუნეში, ქართულ თეატრში დადგმული ის 20 სპექტაკლი, რომელსაც ისინი მიიჩნევდნენ საუკეთესოდ – საუკუნის სპექტაკლებად. შეფასების კრიტერიუმიც მათვე მივანდეთ – თითოეულს ეს სპექტაკლები უნდა დაესახელებინათ იმ კრიტერიუმების დაცვით, რომლითაც ისინი საერთოდ ხელმძღვანელობენ სპექტაკლების შეფასებისას.

მათ უნდა დაესახელებინათ როგორც ის სპექტაკლები, რომელიც მათ უშუალოდ ნანახი აქვთ სცენაზე, ასევე ის სპექტაკლები რომლებსაც იცნობდნენ აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით, იმროინდელი რეცენზიებით და ამ სპეტქკლებზე არსებული ყველანაირი საარქივი მასალით.

გამოკითხვის მონაწილეებს სპექტაკლების ჩამონათვალის შედგენისას არ უნდა ეხელმძღვანელათ ქრონოლოგიური პრინციპით, ჩამონათვალი რეიტინგული უნდა ყოფილიყო.

მათ მიერ პირველ პოზიციაზე დასახელებულ სპექტაკლს დაეწერებოდა 20 ქულა, მეორე პოზიციაზე დაწერილს – 19, მესამეზე – 18, მეოთხეზე – 17 დ ასე შემდეგ ბოლომდე – მეოცე პოზიციაზე დაწერილს – ერთი ქულა. შემდეგ ოცივე გამოკითხულის მიერ მინიჭებული ქულები დაჯამდებოდა და დაგროვილი ქულების შესაბამისად გამოვლინდებოდა საუკეთესო ოცეული.

გამოკითხვაში მონაწილეობდნენ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები: ნათელა ურუშაძე, ნოდარ გურაბანიძე, ნათელა არველაძე, დალი მუმლაძე, ლევან ხეთაგური, ირინა ღოღობერიძე, თამარ ბოკუჩავა, ლელა ოჩიაური, მარინე ხარატიშვილი, გიორგი ცქტიშვილი, მანანა გეგეჭკორი. ნინო მაჭავარიანი. იმხანად დოქტორანტები: ლაშა ჩხარტიშვილი, თამარ მუქერია, მარიამ ჩუბინიძე. იმხანად ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრები: თამარ კიკნაველიძე, ნიკა წულუკიძე, ანანო მირიანაშვილი. ჟურანალ „თეატრი და ცხოვრების“  მთავარი რედაქტორი გურამ ბათიაშვილი, არტ-კრიტიკოსი დავით ბუხრიკიძე.

ამ გამოკითხვის შედეგად გამოვლენილ ოცეულში მიხეილ თუმანიშვილის მიერ დადგმულმა „ესპანელმა მღვდელმა“ მე-16 ადგილი დაიაკავა, საუკუნის საუკეთესო სეპქტაკლად დაასახელა 9 გამოკითხულმა, დააგროვა 93 ქულა.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა მიერ, საუკუნის საუკეთესო სპექტაკლებს შორის მიხეილ თუმანიშვილის მიერ დადგმული 9 სპექტაკლი დასახელდა. თუმანიშვილის 9 სპექტაკლმა ჯამში 896 ქულა დააგროვა, ამ თვალსაზრისით, მიხეილ თუმანიშვილს მხოლოდ მისმა მოწაფემ – რობერტ სტურუამ აჯობა  – სტურუას 11 სპექტაკლმა 1 112 ქულა დააგროვა. თუმანიშვილის 9 სპექტაკლიდან ოცეულში  5 სპექტაკლი შევიდა: „ანტიგონე“ (მეექვსე ადგილზე), „ჭინჭრაქა“ (მეშვიდე ადგილზე),  „ჩვენი პატარა ქალაქი“ (მე–13 ადგილზე), „დონ ჟუანი“ (მე–15 ადგილზე), „ესპანელი მღვდელი“ (მე–16 ადგილზე).

ქართული სიყვარულის ანთოლოგია – ნატა მურვანიძე & ნიკა თავაძე

18 თებერვალი უნდა გათენდეს. ბიჭი ლოგინში ვერ ისვენებს. იმ გოგონას დაბადების დღე თენდება, რომელიც უყვარს. ფიქრობს როგორ მიულოცოს დაბადების დღე, არ უნდა რომ  ეს მილოცვა ტრივიალური იყოს. გოგონა არაა ტრივიალური… ბოლოს ადგება, აიღებს იმ ზეწარს, რომელზეც წევს, დაკეცავს, აიღებს თხილამურის ჯოხებს და წავა.

გათენდება და სახლიდან გამოსულ ქალბატონს – გოგონას დედას უჩვეულო სანახაობა დახვდება – სახლის წინ, ეზოში თხილამურების ჯოხებზე გაჭიმულია ზეწარი, წითელი საღებავით აწერია – „გილოცავ“ და მიმოფანტულია მინდვრის ყვავილები. დედა გოგონას აღვიძებს. გოგონა აღფრთოვანებულია, უნდა რომ ამ სიურპრიზის ავტორი ის ბიჭი იყოს, რომელიც უყვარს. მაგრამ არავინ ტყდება, არც თვითონ ბიჭი და არც იმ საღამოს მისალოცად მისული სხვა სტუმრები. არც არანაირი მინიშნება… გოგონა ბოლოს მიადგება ბიჭს და პირდაპირ ჰკითხავს – ვინ გააკეთა. პასუხი: „არ ვიცი“. გოგონა ბრაზდება. თუ მან არ გააკეთა, იეჭვიანებს მაინც? ცვლის ტაქტიკას და იწყებს ბიჭების ჩამოთვლას, ბიჭი მწარდება და ტყდება რომ მან გააკეთა…

მათ ერთმანეთისთვის არც აუხსნიათ სიყვარული. ვერც არქმევდნენ სახელს იმას, რაც მათ აკავშირებდათ, ასე იყო მანამ, სანამ ამერიკელმა არ ჰკითხა – თქვენ შეყვარებულები ხართ? ბიჭმა უთხრა – „დიახ“. გოგონა არ ელოდა, გაშრა…

ორივე არტისტულ დინასტიებს ეკუთვნიან. გოგონას, სახელად ნატას დედა ცნობილი ბალერინა ჰყავს – მაკა მახარაძე, მამა – ცნობილი თეატრალური მხატვარი – მურაზ მურვანიძე, ბებია – ლეგენადრული მედეა ჩახავა, ბაბუა – ლეგენდარული კოტე მახარაძე…

ბიჭის დედა ქართული თეატრის კაშკაშა ვარსკვლავია – სახელგანთქმული გრუშე ვაჩნაძე – იზა გიგოშვილი, მამა – მსახიობი და კინორეჟისორი – მერაბ თავაძე.

და მაინც, ისინი ერთმანეთს თეატრალურ ინსტიტუტში გადაეყარნენ. უფრო სწორად ინსტიტუტის წინ – იქ სადაც იკვრება აბითურიენტების სიები და გამოცდების განრიგი.

1987 წელი.  ნატა თეატრალურში აბარებს. ინსტიტუტის წინ ტურების განრიგს ათვალიერებს. იქვე, რუსთაველზე მოტოციკლეტი ჩერდება, გამონაბოლქვისგან გამურული ბიჭი ხტება და ისიც განრიგს ათვალიერებს. მხოლოდ განრიგს არა, ერთმანეთსაც ათვალიერებენ, ისე, შეუმჩნევლად და მათი ისტორია მეორე დღესვე იწყება. ერთად უწევთ გასვლა ტურზე. ნიკამ გველი უნდა განასახიეროს. ყველა ეხმარება, განსაკუთრებით აქტიურობს ნატა. ნატას კურდღლის როლი ერგება.

გაითამაშეს ეტიუდი და გველმა კურდღელი არ შეჭამა – ყვავილი მიართვა….

ისინი ჯერ ჯგუფელები გახდნენ – ორივე შალვა გაწერელიას ჯგუფში ჩაირიცხნენ. შემდეგ მეგობრები და მალე – შეყვარებულები. გაცნობიდან 1 წლის თავზე იქორწინეს კიდეც. მესამე კურსზე სწავლა რომ დაიწყო, ინსტიტუტში მარტო ნიკა გამოცხადდა. გამოცხადდა და გამოაცხადა რომ მამა იყო – წინა დღეს დაიბადა დათა თავაძე.

ერთი შეხედვით სრული იდილია სუფევდა, მაგრამ მალე მათი ურთიერთობა დაიძაბა. ახალგაზრდობა, უფრო სწორად ნორჩი ასაკი დაღს ავსმდა მათ ურთიერთობას, არ იყვნენ მზად შეერგოთ ბედნიერება. კიკლაობდნენ. კინკლაობდნენ დაუსრულებლად. ისიც ართულებდა ამ ყველაფერს, რომ ნატასთან ცხოვრობდნენ – ანუ მარტო არ იყვნენ და ყველაფერი აღიზიანებდათ. მოკლედ, გაუჭირდათ ერთმანეთთან შეგუება და… ნიკა წავიდა. თავის სახლში გადავიდა. მაგრამ იყო კი ეს დაშორება? როცა მათ ყოველდღე მაინც ერთად უწევდათ ყოფნა – თეატრალურ ინსტიტუტში? მეგობრებს არ ემეტებოდათ ეს გრძნობა და ცდილობდნენ მათ შერიგებას.

შერიგდნენ კიდეც. მაგრამ ეს შერიგებაც ერთწლიანი გამოდგა. მათ ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყებოდა – ნატა რობერტ სტურუამ დააკავა კალდერონის „ცხოვრება სიზმარია“-ში. გაუთავებელი რეპეტიციები, ისევ ცხოვრება დიდ ოჯახში და ისევ სიზმარივით დასრულდა მათი თანაცხოვრება. ისევ გაიყარნენ.  

შემდეგ… შემდეგ იყვნენ გაყრილები და მაინც ცოლ-ქმარი. ოღონდ კინოში, გადასაღებ მოედანზე. ნანა ჯანელიძე „იავნანას“ იღებს, ნატა ქეთოს დედაა, ნიკა – ქეთოს მამა… მათ პირველად უწევდათ ცოლ-ქმრის თამაში, გაყრილები იყვნენ, მაგრამ მაინც არ გაჭირვებიათ გადაღება, თამაში არ უწევდათ. მათ ერთად ყოფნა სურდათ. მაგრამ მაინც არ შერიგებულან. ჩაირთვებოდა კამერა – ისინი ცოლ-ქმარი იყვნენ. გამოირთვებოდა და… მთავრდებოა მათი ცოლ-ქმრობა.

შემდეგ იქნება „ცხოვრება იდიოტისა“. პრემიერა და პრემიერის შემდეგ ნიკა საგრიმიოროსთან. მილოცვა. ჩახუტება. იმ ღამით გადახტომა მაღალ გისოსებზე, სადაც ეკლიანი ვარდია გაშვებული. შეშინებული ნატა და ნიკა თაიგულით ხელში. შერიგება. მაგრამ ერთკვირიანი…. და იწყება ახალი ეტაპი – დაუსრულებელი შერიგება-დაშორებების. ეტაპი 8 წელიწადს გასტანს. ხან ერთად არიან, ხან -ცალკე. ხან ჰყავს ქმარი ნატას, ხან აღარ ჰყავს. ქმრიანი ქალი წავა გადაღებებზე, დაბრუნდება და აღარ ჰყავს.

მათი ურთიერთობა, მათი სიყვარულის ისტორია ერთი დიდი კარდიოგრამაა. ბოლოს ამ ყველაფერს წერტილს დაუსვამენ. შერიგდებიან. ოღონდ უჩვეულოდ. ძალიან დიდი ჩხუბით. ყველაფერს რომ ამოულაგებენ ერთმანეთს, ყველაფერს რომ წააძახებენ, მერეღა დალაგდება მათ შორის ყველაფერი. ამ ყველაფერში ისევ მეგობრები შეიტანენ წვლილს. გოგა გველესიანი ხარაგოულში დაპატიჟებს მეგობრებს, ჩანჩქერების სანახავად. მეგობრები 2 მანქანით წავლენ. მაგრამ სად? არც ხარაგაულის ჩანჩქერებზე, არც ნიაგარაზე. აღმოჩნდება რომ გველესიანმა სპექტაკლი დადგა – ყველა წეროვანში აღმოჩნდა ნიკას აგარაკზე. იქ, სადაც ნატას და ნიკას არაერთი დაუვიწყარი ბედნიერი დღე ჰქონდათ გატარებული. ნატა არაფერს გააპროტესტებს, მხოლოდ იმიტომ რომ თან დათა ჰყავს. და შემდეგ იქნება ჩანჩქერი, ოღონდ ხარაგაულის კი არა ნატასი და ნიკასი. ნიკა აივანზე გაიყვანს ნატას, ეტყვის რომ რაღაც აქვს სათქმელი და დაიწყება „აივნის სცენა“. ეს არ ჰგავს ცნობიულ სცენას „რომეო და ჯულეტადან“, აღარც ისინი არიან რომეოსა და ჯულიეტას ასაკში, მაგრამ სწორედ იქ, ავანზე მოხდება მათი საბოლოო კონსენსუსი, ურთიერბრალდებების ჩანჩქერის შემდეგ. პირში მიახლიან ერთმანეთს რაც კი ერთმანეთისთვის უწყენინებიათ და შერიგდებიან.

ისინი თითქოს თავიდან დაიწყებენ ცხოვრებას. ბობოქარი ახალგაზრდობა ნელ-ნელა უკან დარჩება, შეეძინებათ ქალიშვილი, მათი თანაცხოვრება უკვე უფრო იმ ზეწარს დაემსგავსება ნატას 1988 წლის 18 თებერვალს რომ დახვდა გაჭიმული თხილამურის ჯოხებზე, ვიდრე კარდიოგრამას, ხან ზემოთ რომ ავარდება ხაზი და ხან მოწყვეტით რომ ეცემა…

დაიბეჭდა გაზეთ “ქრონიკა+”-ში.

„ჭინჭრაქა“ – როგორ იქცა გულუბრყვილო ზღაპარი საუკუნის შედევრად

სცენა სპექტაკლიდან "ჭინჭრაქა". მგელი – გოგი გეგეჭკორი, დათვი – ეროსი მანჯგალაძე, მელა – მედეა ჩახავა, ტურა – ზინა კვერენჩხილაძე.

სცენა სპექტაკლიდან “ჭინჭრაქა”. მგელი – გოგი გეგეჭკორი, დათვი – ეროსი მანჯგალაძე, მელა – მედეა ჩახავა, ტურა – ზინა კვერენჩხილაძე.

60-იანი წლების დასაწყისში, რუსთაველის თეატრში ახალი, ექსპერიმენტული სცენის დაარსების იდეა ჩნდება. მცირე სცენისთვის იმ საკონცერტო დარბაზის რეკონსტრუქციას იწყებენ, სადაც ოდესღაც თვით სანდრო ახმეტელს სურდა „ინტელიგენტური თეატრის“ გახსნა. მოგვიანებით მაესტრო თუმანიშვილი დაწერს რომ მათ მცირე სცენა იმისთვის დასჭირდათ რომ მიახლოვებულიყვნენ მაყურებელს, შეექმნათ „მსხვილი ხედი“, მაყურებელთან დამყარებულიყო მეტი ინტიმი… მაესტრო თუმანიშვილი ამ სცენისთვის მარსელ კარნეს „მატყუარების“ დადგმას გადაწყვეტს, მაგრამ ცეკა არ ტყუვდება და მაშინ როცა სპექტაკლი თითქმის მზადაა – აკრძალავენ. მაესტრო ფარხმალს არ ყრის, მცირე სცენის გახსნის იდეა არ ეთმობა და: ერთი რამ თუ არ დაგვანებეს, მეორე უნდა ვცადოთ, და მეც საწინააღდეგო მხარეს მივაწყდი. ავიღე გ. ნახუცრიშვილის ჭინჭრაქადა ფანტაზიის აფრა ავუშვი“.

როლების განაწილება სკანდალურია. მაესტრო თუმანიშვილი ამ ერთი შეხედვით უწყინარ და გულუბრყვილო ზღაპარში აკავებს თავის ლეგენდარულ შვიდკაცას და სერგო ზაქარიაძეს. რა როლებს სთავაზობს მათ? მედეა ჩახავას – მელაკუდას, ეროსი მანჯგალაძეს –  დათვს, გოგი გეგეჭკორს – მგელს, ზინა კვერენჩხილაძეს – ტურას, რამაზ ჩხიკვაძეს და კარლო საკანდელიძეს – ჭინჭრაქას (რამაზ ჩხიკვაძე თავიდან ამ როლზე იყო დანიშნული – რ.შ), სერგო ზაქარიაძეს _ დევს…  არადა, მსახიობები უკვე სახელგანთქმულნი არიან, თამაშობენ წამყვან როლებს, სერგო ზაქარიაძე – 54 წლისაა, მედეა ჩახავა – 42 წლის, გოგი გეგეჭკორი – 40 წლის, ეროსი – 38 წლის, რამაზი – 35 წლის…

"ჭინჭრაქა" . მელა – მედეა ჩახავა

“ჭინჭრაქა” . მელა – მედეა ჩახავა

ძნელია, სოლიდური მსახიობები დაიყოლიო მგლების, დათვების, ზღაპრული გოლიათებისა და ჯადოქრების თამაშზე, მაგრამ მათ ჩემი თხოვნა გულთან მიიტანეს. ეს იყო ჩვენი თანამეგობრობის უკანასკნელი, გედის სიმღერა. ჩვენ ფუჩიკითდავიწყეთ და ზღაპრით დავამთავრეთ –  დაწერს მაესტრო მოგვიანებით, მაგრამ თეატრის იმჟამინდელი დირექტორი, დორიან კიტია, ვისი თხოვნითაც გადასცა რუსთაველის თეატრს ავტორმა მოზარდმაყურებელთა თეატრისთვის დაწერილი პიესა, იხსენებდა: მიშას პიესა მოეწონა, მაგრამ მსახიობები თავდაპირველად ძალიან შეაშფოთა იმან, რომ რატომღაც ტურა, მელიები, დევები, დათვები უნდა ეთამაშათ. აჯანყდა თითქმის ყველა და რა თქმა უნდა ეროსიც. კაცი ოიდიპოს მეფეს, ლოპესს, დიდ ხელმწიფეს, ზიმზიმოვს, ბოცოს თამაშობს და უცბად – დათვი. ვერ წარმოიდგინა… არ ირწმუნა… ძლივს დავითანხმე რომ უარი ეთქვა, თუმცა დაჯერებით, ალბათ, კი არ დამიჯერა, მხოლოდ პროფესიულმა დისციპლინამ გააჩუმა და მხოლოდ მაშინ, როცა ახალგაზრდა მხატვრებმა ი. ჩიკვაიძემ, ა. სლოვინსკიმ და ო. ქოჩაკიძემ ესკიზები მოიტანეს, როცა ეროსიმ დაინახა ზოლებიან პიჟამოში გამოწყობილი დათვი იღლიაში ამოჩრილი დიდი პორტფელით და ჯიბიდან თავამოყოფილი ბორჯომის ბოთლით, მის სახეზე პირველად დავინახე მოწონების, თანხმობის, დაჯერების გამომხატველი ღიმილი. კარგა ხანს გულდასმით უყურა ესკიზს და ბოლოს გამოაცხადა: ხომ შეიძოლება ჩემი დათვი რაჭველი იყოსო?! ამ დღიდან დაიწყო გატაცებით მუშაობა…

მხატვრებმა – ჩიკვაიძე-სლოვინსკი-ქოჩაკიძე, რომელიც ქართული თეატრისა და სცენოგრაფიის ისტორიაში „სამეულის“ სახელით შევიდნენ, სპექტაკლის ტრიუმფში მნიშვნელოვანი, თითქმის გადამწყვეტი როლი ითამაშეს – აპლიკაციების მეშვეობით, შექმნეს ფეერიული და იდეალური სამყარო, სადაც ყველაფერი გროტესკულად იყო გაზვიადებული, ყველა საგანი, ყველა ნივთი „თამაშობდა“, სცენაზე იყო ვეება წითელქუდიანი სოკოები, რომელთა ქვეშ „ინტიმური“ სცენები თამაშდებოდა, იქვე კი ერთი ბეწო წისქვილი „ფქვავდა“, იდგა ვეება ზანდუკი, რომელზეც ბაყბაყ-დევი გორაობდა… სცენაზე თოკი იყო გადაჭიმული, რომელზეც ჭრელად ამოქარგული ხავერდის ფარდა ეკიდა, როგორც ნათელა ურუშაძე დაწერს – უნებურად გაგონდებოდა ზაფხულში გამართული წარმოდგენები, დეკორაციად ვისაც რა აქვს წამოღებული, იმას რომ გამოიყენებენ“. ასოციაცია არც იყო უადგილო. დიდმა მაესტრომ ხომ სპექტაკლის დადგმის გასაღები სწორედ ბავშვობისდროინდელ სააგარაკო წარმოდგენებში იპოვა. იხსენებდა კიდეც თავის წიგნში „რეჟისორი თეატრიდან წავიდა“, როგორ გამართეს უღრან ტყეში, აგარაკზე, სოფელ მზეთამზეში ერთ მთვარიან საღამოს იმპროვიზირებული წარმოდგენა, როგორ დაკიდეს ფარდების ნაცვლად სარეცხის თოკებზე ფერადი საბნები, როგორ დაიწყეს თამში. ჩვენ ვიმპროვიზატორობდით, ყველა იმას აკეთებდა, რაც შეეძლო: ვცეკვავდით პატსა და პატაშონს, ჩარლი ჩაპლინს ვბაძავდით, ვმღეროდით, ფოკუსებს ვაკეთებდით, ლექსებს ვკითხულობდით, ენის გასატეხების წარმოთქმაში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს და ასე შემდეგ. ეს ძალზე მხიარული სააგარაკო გართობა იყო… მთვარიანში, მდელოზე წარმოდგენილი ამ მხიარული, სააგრაკო სპექტაკლის მოგონება იქცა ჭინჭრაქასდადგმისას თეატრალური თამაშის გადაწყვეტა-გასაღებად, აქედან დაიბადა რეპეტიციის ხერხი – იმპროვიზაცია“.

სცენა სპექტაკლიდან "ჭინჭრაქა", ჭინჭრაქა – კარლო საკანდელიძე, მზეთუნახავი – ბელა მირიანაშვილი.

სცენა სპექტაკლიდან “ჭინჭრაქა”, ჭინჭრაქა – კარლო საკანდელიძე, მზია – ბელა მირიანაშვილი.

სწორედ ამ ხერხმა აქცია შედევრად ერთი გულუბრყვილო ზღაპარი. ზღაპარი სადაც გლეხის ბიჭი ხვდება ზღაპრულ მეფის ასულს, როგორც ზღაპარს შეშვენის, მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ, იქვედა ბოროტი დევი და მისი გამზრდელი ქოსიკო. ბოროტისა და კეთილის ჭიდილში, კეთილი იმარჯვებს…  თავად მაესტრო დაწერს კიდეც რომ მათი გულისყური მიმართული იყო არა ამ უბრალო სიუჟეტისკენ (რომელიც გახელებულ იმპროვიზაციებში ბუნებრივად ისხამდა ხორცს), არამედ იმისკენ რისი თქმა შეეძლოთ. მსახიობები ერთი შეხედვით საბავშვო ზღაპარს ყვებოდნენ, სინამდვილეში კი იმაზე საუბრობდნენ რაც აღელვებდათ, დღევანდელ დღეზე. სპექტაკლი სამგვარ ბოროტებას დასცინოდა: ბორორტება – ძალაუფლების წყურვილი, ბოროტება – სისულელე, ბოროტება – მეშჩანობა… მაესტროს თქმით: ჩვენს მიერ გამოყენებული ხერხის მიხედვით ყველაფერი ეს უნდა ყოფილიყო ხუმრობა ზღაპარზე. ყველაფერს, რაც კი ჩვენ მოვიფიქრეთ, ხალხური ფესვები ჰქონდა: ესენი იყო ბერიკაობა, ხალხური თამაშობები და ცეკვები, ანდაზები, გამოცანები, ენის გასატეხი, ჭიდაობა. ანუ, მაესტრო ოსტატურად იყენებდა ყველაფერს, რაც კარნავალური დღესასწაულისთვისაა დამახასიათებელი. აკი წერდა კიდეც: ჭინჭრაქაბერიკაობის რეკონსტრუქცია არ ყოფილა, მაგრამ თავისი ფორმით ძალზე ახლოს იდგა ამ თეატრალურ ფორმასთან“.

„ჭინაჭრაქა“ ბერიაკაობა არ ყოფილა და შესაბამისად აქაურ „ცხოველებს“ ცხოველის ნიღბები კი არ უფარავდათ სახეს და ბეწვი კი არ ემოსათ, როგორც ეს ბერიკაობაშია, არამედ ადამიანურად ეცვათ. მხოლოდ შტრიხებით, ტანისამოსში დეტალების შეტანით და რაც მთავარია ქცევებით ხდებოდა „მხეცად ქცევა“. მედეა ჩახავა გრძელ ხელთათმანებს იცვამდა, მხრებზე მელიის კუდს ისხავდა, მაღალყელიანი, რბილი ჩექმით ფრთხილი ნაბიჯებით დადიოდა, ხმაში ცბიერ ინტონაციებს ურევდა და… უკვე მელია იყო… ზინა კვერენჩხილაძის ტურას შავი გრძელი პალტო ეცვა, თავზე საზაფხულო, ფარფლებიანი ქუდი ეხურა, ისე სწრაფად მოძრაობდა, მსუნაგი გამოხედვა ჰქონდა და ისე ჩხაოდა კვარტეტში, თითქოს ის იყო ტყის მთავარი ბინადარი (ნოდარ გურაბანიძე).  გოგი გეგეჭკორი მეგრელ, თანაც ლოტბარ მგელს თამაშობდა – თავზე ფაფახი ეხურა, ქართულ ხალათზე ხანჯალი ეკიდა, თავ-პირი ხილაბანდით ჰქონდა აკრული. ეროსი რჭველ დათვს თამაშობდა – თავზე მძიმე ბეწვის ქუდი ეხურა, ტანზე ზოლებიანი პიჟამა ეცვა. ხელში ხან გაბერილი პორტფელი ეჭირა, ხან მოქსოვილი ჩანთა-ბადე, საიდანაც პროდუქტები მოჩანდა და ეს დათუნა უმალ დაემსგავსა საქმიან, მივლინებაში მყოფ კაცს, რომელიკც შემთხვევით მოხვდა ტყეში… (ნოდარ გურაბანიძე).

უბრალო ზღაპარი მიგნებულმა თეატრალურმა ფორმამ, ზუსტად გამონახულმა სარეპეტიციო მეთოდმა შედევრად აქცია. რეპეტიციები იმპროვიზაციის პოლიგონად იქცა. როგორც მაესტრო გაიხსენებს, თავიდან ყველა უხერხულად, შებოჭილად, გრძნობდა თავს, მაგრამ თანდათან განთავისუფლდნენ და გადაეშვნენ თამაშის, იმპროვიზაციის სტიქიაში. სწორედ იმპროვიზაციებით ითხზვებოდა შედევრალური სცენები. მხეცები ტყეში გუნდის რეპეტიციებს მართავდნენ, ოლიმპიადისთვის ემზადებოდნენ… მეფის ასული – შეუდარებელი ბელა მირიანაშვილი ბალერინას კოსტიუმში,  ხელში სახტუნაოთი ევლინებოდა მაყურებელს. ჭინჭრაქას ქართულად ეცვა – ჭრელი წინდები, ქალამნები, ახალუხი, თუშური ქუდი… შეშინებული მეფის ასული, აქოადა ვითომ არ მეშინიაო – ცეკვას იწყებდა, სახტუნაო ორი გულის შემაერთებელ ტელეფონის მავთულად იქცაალო, ალო… დაუცებ  ორ  გულს ერთდროულად დაარტყა დენმა. თვალთ დაუბნელდათ. მავთული დაიჭიმა, სიმივით წკრიალებს. ალო, მე შენ მომწონხარ“  – ოდნავ გასაგონად, ჩურჩულით, ოხვრით… მეც მომწონხარ“ . ისევ ოხვრა და ხვნეშა, ისევ და ისევ ომახიანი სიმღერა სიყვარულზე. ჩვენ შევთხზეთ, იმპროვიზაციით შევთხზეთ(მიხეილ თუმანიშვილი).

დევი თამაშობდა კლასობანას… სწორედ იმპროვიზაციების წიარში იშვა სერგო ზაქარიაძისა და რამაზ ჩხიკვაძის განუმეორებელი დუეტი. მათი თამაში იქცა პირობით-გროტესკული ე.წ. „ღია თამაშის“ ეტალონად. თავიდან ფიქრობდნენ, რომ სერგოს დევი ძალზე ახალგაზრდა, ვუნდერკინდი დევი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ერთ-ერთ რეპეტიციაზე მისული სერგო ზაქარიაძე გამოაცხადებს: მე ვითამაშებ პატარა დეგენერატს, რომელმაც ისიც კი არ იცის რომ ორჯერ ორი ოთხია!“. სახელოვანი არტისტი ისეთი ააზრტით გადაეშვა ბავშვურ თამაშში, თითქოს ამ სპექტაკლს და მოსულელო ზღაპრული გოლიათის ამ როლს უნდა გადაეწყვიტა მისი შემოქმედებითი ცხვრების ძალზე  მნიშვნელოვანი ამოცანა –  დაწერს თუმანიშვილი, მისივე თქმით, სერგო ზაქარიაძე ისეთი გატაცებით იმროვიზატორობდა, როგორც თეატრალურის პირველკურსელი მთლად დასაწყისში. გამაოგნებელი იყო დიდი მსახიობის ეს სასწაულებრივი უნარი გაბავშვებისა… ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ ამ ჭაღარა კაცს შეეძლო ასე ეცელქა, ამდენი რამ მოეგონებინა, ამდენი ეცეკვა და ეხტუნავა, ამდენი ემღერა, ამდენჯერ გადასულიყო მალაყს, ამდენი ეყირამალა (მიხეილ თუმანიშვილი).

სერგო ზაქარიაძეს იმპროვიზაციებში ღირსეულ მეტოქეობას უწევდა რამაზ ჩხიკვაძე. თუმანიშვილი გაიხსენებს: რეპეტიციები გადაიქცა ორი გამოჩენილი მსახიობის დაუვიწყარ კონცერტებად“, აქტიორული ოსტატობის ზეიმად, დღესასწაულად. და, როცა არ უნდა ეთამაშათ სერგოს და რ. ჩხიკვაძეს ამ სპექტაკლში, ეს ყოველთვის დიდი მსახიობების მხიარულ გამონაგონთა, გიჟმაჟური თამაშის თეატრალური ფოიერვერკი იყო. სერგო აღტაცებული იყო რამაზით. რამდენჯერ გამიგონია მსიგან: ეს მამაძაღლი რამაზი, ისეთ ფოკუსებს ატრიალებს, კინაღამ დავიბენი კაცი. ყოჩაღ!“.

სცენა სპექტაკლიდან "ჭინჭრაქა", დევი – სერგო ზაქარიაძე, ქოსიკო – რამაზ ჩხიკვაძე.

სცენა სპექტაკლიდან “ჭინჭრაქა”, დევი – სერგო ზაქარიაძე, ქოსიკო – რამაზ ჩხიკვაძე.

მაესტრო იტყვის იმასაც, რომ სპექტაკლის მთავარ ღირსებას მსახიობების ბრწყინვალე თამაში წარმოადგენდა, ამ ბრწყინვალე ანსამბლის გვირგვინი კი რამაზ ჩხიკვაძე აღმოჩნდა. თუმანიშვილი დაწერს იმასაც რომ სწორედ ქოსა მრჩევლით დაიწყო რამაზ ჩხიკვაძის შემოქმედების გზის მეორე ეტაპი. სტურუა კი იტყვი: რამაზ ჩხიკვაძე ქოსა მრჩევლიდან იწყებაარადა, რამაზ ჩხიკვაძე სულაც არ იყო თავიდან ამ როლზე დანიშნული. იგი კარლო საკანდელიძის დუბლი იყო ჭინჭრაქას როლზე და დიდად არც ეხატებოდა გულზე ჩიკორივით მობზრიალე ბიჭის როლი, ქოსიკოს როლი მოსწონდა. რეპეტიციებსაც სულ საკანდელიძე გადიოდა, რამაზი  პარტერიდან ადევნებდა თვალს. ვიდრე ერთ დღეს სცენაზე არ უხმო თუმანიშვილმა. დილას წელკავი დამეტაკა და წელში ვერ ვიმართებოდი. ძლივს ავდექი და ვთხოვე, მოდი, ქოსიკოს როლს მოვსინჯევ მეთქი. არაფერი უთქვამს, მე წელში ოთხად მოიხრილი და ათჯერ მოკაკული, კვნესით, ტკივილისგან უნებლიე წამოყვირებით, რის ვაივაგლახით ავედი სცენაზე და იატაკზე ჩავჯექი, ქოსიკოს პირველი სიტყვები ასე დამჯდარმა წამოვიკნავლე. მიშა წამოხტრა, სახე გაუბრწყინდა და იყვირა განაგრძე რეპეტიცია, იჯექი მანდ. დაიწყეკარგია ეგ რადიკულიტიც. მე მგონი მიშამ იფიქრა, ეს ყველაფერი ამ როლისთვის საგანგებოდ მოვიგონე და აღფრთოვანდა. აი, მაშინ გადაწყდა ჩემი ამ როლზე დანიშვნაც, ასე დავტოვეთ სპექტაკლში ჩემი წელკავიც, მიმკვდარი ხმით ლაპარაკიც და ასე დაიბადა ქოსიკოს ნიღაბი იტყვის მრავალი წლის შემდეგ რამაზ ჩხიკვაძე.

. ჩხიკვაძის ქოსიკო თითქოს ათას ერთი ღამის სიზმრეული სამყაროდან გამოპარული, ახალი და ძველი თეატრალური ნიღბების ნაერთი იყომისი გრძელი სამოსის კალთებს ქვეშ, თითქოს, მარად მხიარულსა და მარად ახალგაზრტდა არლეკინს შეეფარებინა თავი, რომელსაც არა მხოლოდ უცნაური ზნე სჭირსყველაფერში სამხიარულო საგანი იპოვოს, არამედ ხშირხშირად თვალი ქალებისკენაც გააპაროს. აქვე შეიძლებოდა გვეგულისხმა მოხუცი მოლა ნასრედინი (თავისი ცანცარა წვერით), რომელსაც ჩვეულებრივი ჭეშმარიტების აბსურდით შეცვლა უყვარდა. ამ წელკავიან ქოსიკოს, მათუსალას ასაკის გამო სხეულის წონა რომ დაუკარგავს, ჰარამხანაშიც ესიამოვნებოდა ფარული ვიზიტები, მაგრამ განგებამ ბაყბაყის აღზრდა მიანდო (ნოდარ გურაბანიძე).

მაესტრო თუმანიშვილი წერდა:სპექტაკლი ასე იყო ჩაფიქრებული: ხანდაზმული ადამიანები, იგონებენ რა თავიანთ ბავშვობას, სერიოზულად თამაშობენ ამ ბავშვობას. და ეს სასწაული შედგასპექტაკლს არნახული წარმატება ხვდა წილად. მაყურებელი მიაწყდა. ჭინჭრაქა გამოცხადდა ახალი თეატრის მანიფესტად. (პირველად შეფასება ახალი თეატრი ჭინჭრაქას მისამართით კრიტიკოსმა ტატა თვალჭრელიძემ გამოიყენა), თუმცა, მავანს არც ლანძღვა დაუკლია, თუმანიშვილი დაადანაშაულეს საბჭოტა ხელოვნებისთვის უცხო იდეურ პოზიციის ქონაში. აქაოდა, აქ ბოროტი სოციალური მოვლენა ისეთ სახუმარო და თავშესაქცევ ასპექტში გვეძლევა, როგორც საზღვარგარეთულ ფილმებში ბაბეტა მიდის ომში და მისტერ პიტკინშიოასე უნდა დასცინო შენს ერს?კითხულობდა კრიტიკოსიამ შედევრის დადგმიდან თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, სპექტაკლის ფრაგმენტების ნახვა დღესაც ხელმისაწვდომია თუკი იუთუბში ჩაწერ ჭინაჭრაქასდა ნახავ მართლაც შეუდარებელ სერგო ზაქარიაძის ჯინსებიან დეგენერატ დევს, რამაზ ჩხიკვაძის ქოსიკოს, დაუვიწყარ ხალიჩით გაფრენას და კლასობანას, საკანდელიძის ჭინჭრაქას, ბელა მირიანაშვილის მეფის ასეულს. განუმეორებელ  მგელს, დათვს, მელიას, ტურას

რეზო შატაკიშვილი, თეატრალური ხელოვნების მაგისტრი

დაუბეჭდა გაზეტში „ქართული სიტყვა“.

P.S.  2010 წელს, გაზეთ „პრაიმტაიმში“ განვახორციელე, ჩემივე ინიცირებული პროექტი „მეოცეს ოცეული“. ამ პროექტის მიზანი იყო, გამოვლენილიყო მეოცე საუკუნის 20 საუკეთესო ქართული სპექტაკლი. ეს ოცეული გამოვლინდა კომპეტენტური პირების – თეატრმცოდნეების, კრიტიკოსების გამოკითხვის შედეგად: ვთხოვეთ თავად დაესახელებინათ მეოცე საუკუნეში, ქართულ თეატრში დადგმული ის 20 სპექტაკლი, რომელსაც ისინი მიიჩნევდნენ საუკეთესოდ – საუკუნის სპექტაკლებად. შეფასების კრიტერიუმიც მათვე მივანდეთ – თითოეულს ეს სპექტაკლები უნდა დაესახელებინათ იმ კრიტერიუმების დაცვით, რომლითაც ისინი საერთოდ ხელმძღვანელობენ სპექტაკლების შეფასებისას.

მათ უნდა დაესახელებინათ როგორც ის სპექტაკლები, რომელიც მათ უშუალოდ ნანახი აქვთ სცენაზე, ასევე ის სპექტაკლები რომლებსაც იცნობდნენ აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით, იმროინდელი რეცენზიებით და ამ სპეტქკლებზე არსებული ყველანაირი საარქივი მასალით.

გამოკითხვის მონაწილეებს სპექტაკლების ჩამონათვალის შედგენისას არ უნდა ეხელმძღვანელათ ქრონოლოგიური პრინციპით, ჩამონათვალი რეიტინგული უნდა ყოფილიყო.

მათ მიერ პირველ პოზიციაზე დასახელებულ სპექტაკლს დაეწერებოდა 20 ქულა, მეორე პოზიციაზე დაწერილს – 19, მესამეზე – 18, მეოთხეზე – 17 დ ასე შემდეგ ბოლომდე – მეოცე პოზიციაზე დაწერილს – ერთი ქულა. შემდეგ ოცივე გამოკითხულის მიერ მინიჭებული ქულები დაჯამდებოდა და დაგროვილი ქულების შესაბამისად გამოვლინდებოდა საუკეთესო ოცეული.

გამოკითხვაში მონაწილეობდნენ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები: ნათელა ურუშაძე, ნოდარ გურაბანიძე, ნათელა არველაძე, დალი მუმლაძე, ლევან ხეთაგური, ირინა ღოღობერიძე, თამარ ბოკუჩავა, ლელა ოჩიაური, მარინე ხარატიშვილი, გიორგი ცქტიშვილი, მანანა გეგეჭკორი. ნინო მაჭავარიანი. დოქტორანტები: ლაშა ჩხარტიშვილი, თამარ მუქერია, მარიამ ჩუბინიძე.ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრები: თამარ კიკნაველიძე, ნიკა წულუკიძე, ანანო მირიანაშვილი. ჟურანალ „თეატრი და ცხოვრების“  მთავარი რედაქტორი გურამ ბათიაშვილი, არტ-კრიტიკოსი დავით ბუხრიკიძე.

ამ გამოკითხვის შედეგად გამოვლენილ ოცეულში მიხეილ თუმანიშვილის მიერ დადგმულმა „ჭინჭრაქამ“ მეშვიდე ადგილი დაიკავა –  საუკუნის ერთ–ერთ საუკეთესო სპექტაკლად დაასახელა 15–მა გამოკითხულმა, მიიღო 193 ქულა. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა მიერ, საუკუნის საკუეთესო სპექტაკლებს შორის მიხეილ თუმანიშვილის მიერ დადგმული 9 სპექტაკლი დასახელდა. თუმანიშვილის 9 სპექტაკლმა ჯამში 896 ქულა დააგროვა, ამ თვალსაზრისით, მიხეილ თუმანიშვილს მხოლოდ მისმა მოწაფემ – რობერტ სტურუამ აჯობა  – სტურუას 11 სპექტაკლმა 1 112 ქულა დააგროვა. თუმანიშვილის 9 სპექტაკლიდან ოცეულში  5 სპექტაკლი შევიდა: „ანტიგონე“ (მეექვსე ადგილზე), „ჭინჭრაქა“ (მეშვიდე ადგილზე),  „ჩვენი პატარა ქალაქი“ (მე–13 ადგილზე), „დონ ჟუანი“ (მე–15 ადგილზე), „ესპანელი მღვდელი“ (მე–16 ადგილზე).

 

დოპინგი, რომლის შეშხაპუნებაც ნებადართულია

ათი წლის წინ, „დილის გაზეთში“ ვმუშაობდი, 2001 წლის გაზაფხულზე „დილის გაზეთის“ რედაქტორის, ქალბატონ მანანა კარტოზიას ინიციატივით, სალონური შეკრებების გამართვა დავიწყე ორბელიანების უბანში, ტავერნა „მაიკოში“. ვიწვევდით ცნობილ მსახიობებს, სხვადასხვა პროფესიის საინტერესო პერსონებს და ტკბილ სუფრასთან ვმუსაიფობდით. შემდეგ ამ შეხვედრის სტენოგრამიდან ერთგვარი კოლაჟი, ასე ვთქვათ შეხვედრის „ტექსტური ანარეკლი“ მზადდებოდა და ქვეყნდებოდა „დილის გაზეთის“ ფურცლებზე.

ჩემი თაოსნობით ხუთი ამგვარი შეხვედრა შედგა, შემდეგ მეც წამოვედი „დილის გაზეთიდან“, ამ შეხვედრებს ერთ ხანს ქალბატონი მანანა დუმბაძე თაოსნობდა შემდგომ..

დღეს, ერთ–ერთი შეხვედრის ტექსტურ ანარეკლს გთავაზობთ…

მედეა ჩახავას მაშინ 80 წელი უსრულდებოდა და ის შეხვედრაც მას ეძღვნებოდა…

თქვენ შეაფასეთ რამდენი წლისაა მედეა ჩახავა

დაიბეჭდა “დილის გაზეთში” 2001 წლის  15 და 16 მაისის ნომრებში.

პირველი აბზაცი

დრომ ახლო ხედით მოგვიტანა ცხვირწინ სამწუხარო რეალობა – კინო ჩვენისთანა პატარა ერებისთვის ფუფუნებაა. რომც გადავუფრინოთ ამ ბედისწერას, მაინც ვერ ვიქონიებთ იმ კინოს, რომელიც შეძლებს, ჩვენში ჩაბუდებული თუ აფეთქებული არტისტიზმის შესაბამისად ჩვენი არტისტების წარმოჩენას. ეს ასე იყო მაშინაც კი, როცა ჩვენ გვქონდა ეს ფუფუნება. პატარა ქვეყნის პატარა კინომ (რომელსაც ჰქონდა დიდი ფილმები) მინიმალურადაც ვერ უზრუნველყო ამ ქვეყნის დიდი არტისტების პოტენციის რეალიზაცია. ამ არტისტებმა თავად შეძლეს წამიერად, კადრში ერთი გაელვებით ყოფილიყვნენ დიდი არტისტები. თან მათ პატარა ქვეყანას ხომ თეატრი მაინც ჰქონდა დიდი. დღეს დიდ არტისტს, მედეა ჩახავას დაბადებიდან 80 წელი უსრულდება. ის ყველას ახსოვს, ვისაც უნდა ახსოვდეს, ვისაც საერთოდ შერჩენია მეხსიერება. ის ყველას უყვარს, ვისაც უნდა უყვარდეს, ვისაც საერთოდ შეუძლია ვინმეს ან რაიმეს სიყვარული. ის მართლაც ბედნიერი ქალბატონია, როცა ასეთი სიყვარულია. “დილის გაზეთს” 12 მაისს არაორდინარული “ტუსოვკა” ჰქონდა, “ტუსოვკა”, რომელიც მედეა ჩახავას ეძღვნებოდა. და თვითონ ეს ფორმა კიდევ ერთხელ მაძლევდა საშუალებას, რაღაცნაირად დამებრუნებინა ის სითბო მისთვის, რომელსაც ის ყოველთვის ასხივებდა ეკრანიდან (სცენაზე ვერ მოვესწარი) თუ პირადად. სტანისლავსკი ერთ-ერთ გამოჩენილ ბალერინაზე წერდა, თუ როგორი სიამაყით ავსებდა ბავშვობისას იმისი შეგრძნება, რომ მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ამ განთქმულ ბალერინასთან, რომელსაც სხვები მხოლოდ სცენაზე ხედავდნენ. თამამად შემიძლია სტანისლავსკის ვუთხრა ჩემი თაობის ჟარგონზე -“სეკა”. თემურ ჩხეიძემ თბილისში ჩამოიტანა სანკტპეტერბურგული “მაკბეტი” ყველაზე მაგარი ბილეთი მე მქონდა – ქალბატონმა მედეამ კარისკაცს უთხრა – “ჩემი შვილიშვილია”.

მეორე აბზაცი

ტავერნა “მაიკოში”, იქ ორბელიანების უბანში, ჩვენს ტუსოვკაზე ხალხმრავლობაა, ქალბატონ მედეასთან ერთად, ჩვენთან მობრძანდნენ ქალბატონი ლიანა ასათიანი, მაკა მახარაძე (მოგვიანებით შემოგვიერთდა), ნანი ჩიქვინიძე, ეკა ჩხეიძე, ნატო მურვანიძე, ანუკა მურვანიძე, ნიკა თავაძე, ივიკო მახარაძის მეუღლე – ნინო, კოტე მახარაძე -უმცროსი, დათა თავაძე და მედეას სხვა შვილთაშვილები. ტკბილ სუფრასთან ქალბატონ მედეას გვერდს ლიანა ასათიანი და ნატა მურვანიძე უმშვენებენ, იუბილარი ქალბატონი ნატას უპროტესტებს – მთელი ცხოვრება კაცები თავს დამტრიალებდნენ, ნიკა მაინც დამისვი ახლა გვერდით…ნატა ღიმილით უცვლის ადგილს ნიკას. ეკა ჩხეიძე ვერბალურ პრეფერანსს კურიოზით იწყებს.

ეკა ჩხეიძე: ტატა, რადიოში მქონდა პირდაპირი ეთერი, ვყვები ათას რამეს, როგორ დაგყავდი რეპეტიციებზე, ვიხსენებ მიშა თუმანიშვილს, მოვყევი მიშამ რომ მითხრა, ეგ მედიკოს სიცილიაო და ამ დროს რეკავს მსმენელი, ქალბატონი მედიკო ჩვენთვის რა იყო და, თაობა დაიზარდა და მე აქედან მადლობებს ვუხდი, აგრძელებს, ჩვენ ქალაქში არ ვიყავით,რომ ჩამოვედით, გავიგეთ რომ გარდაიცვალა და… ვიფიქრე რაღა ვქნა, ერთი კვირაა არ მინახია… მე ვუთხარი, ქალბატონო, მედიკო ცოცხალია და კარგად არის, სულ მალე ოთხმოცი წლის ხდება მეთქი, როგორ ქალბატონო მედეა ჯაფარიძე…. გადაცემა მიდის 40 წუთი, არა ჯაფარიძეზე არა, ჩახავაზეა ლაპარაკი-მეთქი…

მესამე აბზაცი

რეზო შატაკიშვილი: ქალბატონო მედეა, საიუბილეო განწყობა როგორი გაქვთ?

მედეა ჩახავა: იცი რა, დღეს შენ შემიქმენი ძალიან ბედნიერი განწყობილება – ჩემს გარშემო ჩემი უახლოესი ადამიანები არიან, რა თქმა უნდა ყველა არა, იმიტომ რომ ჩემი ოჯახი, მოგეხსენება რამხელაა, ბევრი გვაკლია, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ საქმეში არიან და ამიტომ არ არიან დღეს აქ. ისე ოჯახშიც გვიჭირს ერთად თავმოყრა, თუ სასწაული მოხდა და თავი მოვიყარეთ, ვერც ვეტევით სახლში. რომ გითხრა რომ 80 წლის გავხდი და რაღაცას ვგრძნობ, არა, მე მგონია რომ ეს სხვაზეა ლაპარაკი, ვერ წარმოვიდგენ ვერაფრით. კი ასეო ისეო, გილოცავთო, მაგრამ რა ვქნა, არ მოდის ეს შეგრძნება. როგორ გგონია, თავს როგორ ვგრძნობ? როგორც 50 წლის ქალი, მე და მაკა, მე და ნანა ტოლები ვართ, ესენი კი ჩემი მეგობრები არიან. საერთოდ, ალბათ მარტო მე არ ვარ ასე. თუ ადამიანი, ღვთის მადლით, ჯანმრთელად არის და კიდევ რაღაცას აკეთებს, ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება და ამიტომ ალბათ ვერ ვგრძნობ წლების სიმრავლეს. ან რა საჭიროა ამის გრძნობა, რა აზრი აქვს რამდენი წლის ხარ, როგორა ხარ – ეს არის მთავარი. გმადლობთ, კარგადა ვარ, ყველას ვუსურვებ რომ ეს პასუხი ჰქონოდეს ჩემს ასაკშიც და საერთოდაც. ახლა შეიძლება ვერ ვთქვა “მადლობთ, კარგადა ვარ”, მაგრამ მადლობთ, არა მიშავს, ისე რა, როგორც ყველა, ახლა ასეა მოდაში. სულ არ მინდა ამ წლებზე ლაპარაკი, როგორც გამოვიყურები ისე ვარ. რამდენი წლის ვარ, შენ შეაფასე ახლა. შენ თქვი, რამდენი წლისა ვარ. იცი რეზო, ისე უცბად გაირბინა დრომ, ყველაფერმა, იმ დროიდან დაწყებული ჩემო ლიანა, როცა შენ შეგტრფოდი, შენზე დიდი, რა თქმა უნდა, როცა “სააკაძეს” იღებდნენ და მე შენი “პადრუჟკა” რომ ვიყავი, ერთ რეპლიკას გეუბნებოდი და რა ძვირფასი იყო ის ფრაზა ჩემთვის, მონტაჟს ემსხვერპლა შემდეგ ეს რეპლიკა. აი, ჩემო კარგო, რაღაც-რაღაცები ჩაბეჭდილია ცხოვრებაში, მაგრამ მე არა ვარ ის პიროვნება, რომ უკან მოვიხედო და აჰ, რა დრო იყო, ოჰ, რა დრო იყო… რაც იყო, იყო, წავიდა და ახლა… აჰ და ოჰ რომ ვიძახო რა ეშველება, ამიტომ რაც იყო, მადლობა ღმერთს, ბედნიერი ქალი ვარ იმისთვის რაც იყო. ძალიან მძიმე წამებიც იყო ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ესეც, ალბათ, აუცილებელი იყო, ყოველ შემთხვევაში მე მინდა დღეს დღევანდელი დღით ვიცხოვრო და ვიოცნებო ხვალინდელზე. დღევანდელი დღე ბედნიერი მაქვს,ხვალინდელზე ვიოცნებებ, რომ უკეთესი იყოს.

რეზო: ასეთი ოპტიმიზმი დღეს ახალგაზრდებს გვეუცხოება.

მედეა: ვერ გაგიგიათ, რატომ ვარ ასეთი ხასიათის?..

რეზო: არ გშურთ ქალბატონი მედეას ასეთი ხასიათი?

ნანი ჩიქვინიძე: ჩვენც გადმოგვდო ეს შემართება. უიმედობა, როგორც ასეთი, ჩვენს დიდ ოჯახში არ არსებობს.

მედეა: მოვნათლე, მოვნათლე…

ნანი: საერთოდ, როცა ადამიანი უიმედობას იჩემებს, მე მგონია რომ კეკლუცობს, იმედი – ეს არის აუცილებელი ატრიბუტი სიცოცხლისთვის.

მეოთხე აბზაცი

მედეა: მართალია. რეზომ ეს შეხვედრა მე მომიძღვნა და პრიორიტეტი მე მომაკუთვნა, მე მაინც მინდა დავიწყო რეზოთი. რეზო არის თავი და თავი ამ ლამაზი ამბის. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა რეზოს, “დილის გაზეთს”. რეზო რომ გავიცანი, სულ ჭყინტი იყო, ნიჭიერი, მაოცებდა თავისი მისწრაფებით – ეკეთებინა კარგი საქმე, თავისი საქმის საოცარი სიყვარულით, თავისუფალი პრესა ჰა და ჰა ისახებოდა, როგორ უყვარდა, როგორ ოცნებობდა… ასე, ჩემო რეზო, ბოლოში ყველა სვამს, დავთვრები და ვეღარ დავლევ…შენც ჩემი შვილიშვილი ხარ, ჭყინტობიდან გიცნობ. ამასწინათ დამირეკა, სად იყავი რეზო, სად დამეკარგე-მეთქი, ცოტა ხანი ამერიკაში ვიყავიო, გაიზარდა…გულწრფელად მოხიბლული ვამბობ ამას, დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილიშვილებისთვისაც ასე იქნება და ძალიან გამეხარდება თუ ასევე ახლოს იქნები მათთანაც, მომავალი თქვენია.

მკითხველს ვთხოვ, ეგოცენტრიკად ნუ მიმიჩნევს, დამინდოს. ეს ქალბატონ მედეას სურდა დაერღვია შაბლონი, თუმცა რომ გითხრათ, არ გამიხარდა-მეთქი, არ ვიქნები გულწრფელი. ქალბატონი მედეას ნათქვამი სადღეგრძელოს შემდეგ, რატომღაც მემადლიერებიან ამ სიყვარულისთვის, მე კი მგონია, რომ შენს სიყვარულზე ძვირფასი ისაა, როცა ამ სიყვარულის უფლებას გაძლევენ. მე კი მედეა ჩახავას ვადღეგრძელებ, როგორც დიდი არტისტული დინასტიის დედამთავარს, რომელმაც საჯაროდ, სცენასა თუ ეკრანზე, ატარა ეთნოსური ხიბლი, მუხტი.

ლიანა ასთიანი: ბევრი მეგობარი ჰყავს მედიკოს, მაგრამ…

მედეა: იქაც არის გამორჩეული.

ლიანა: მიმაჩნია, რომ ბევრზე დიდი ხნის მეგობარი ვარ და იმთავიდან, როდესაც გამოჩნდი სცენაზე, შენი თაყვანისმცემელი ვარ. ეს იმიტომ არა, რომ პიროვნულად მიყვარხარ, სიყვარული მე ჩემი შვილების ობიექტურ შეფასებაშიც ვერ მიშლის ხელს. მედეას თაყვანისმცემელი მთელი საქართველოა. მედეა, ძალიან ცოტა ხანი მახსოვს ჩემი ცხოვრების,როცა შენ არ იყავი ჩემს არეალში და არ ვიყავი შენი თაყვანისმცემელი და შენზე შეყვარებული პიროვნულად. ჰოდა ასე რა, ყველაფრით მდიდარი ხარ, კარგად იყავი, ჯანმრთელად, რაც მთავარია.

ნანი ჩიქვინიძე: მედეას განუმეორებლობა მის მიტევების უნარშია, მასთან არ რჩება წყენა, მას ძალუძს არც ახსოვდეს რა აწყენინეს, მიუხედავად იმისა რომ ფანტასტიკური მეხსიერება აქვს, საზოგადოდ. ტატა, შენ შინაგანად ხარ მდიდარი, და ამიტომაც ხარ დღესაც ასე ლამაზი. ასეა, მხოლოდ ღვთით ნაბოძებ სილამაზეს დრო შლის, თუ მისი მატარებელი სულიერად არ არის ლამაზი.

ანუკა მურვანიძე: დიდი მადლობა, ტატა, რომ არსებობ, დიდი მადლობა იმ სითბოსთვის, რაც შენგან მიგვიღია, მახსოვს რამხელა ბედნიერება იყო შენთან მოსვლა, არა მხოლოდ იმიტომ რომ ყველაფერი შეგვეძლო გვეკეთებინა, მახსოვს როგორ გიფუჭებდი პარფიუმერიას…

ნატა მურვანიძე: იმ დროიდან თხიპნაობს…

ეკა: ტატა, დღეს რომ მსახიობი ვარ, ნამდვილად შენი დამსახურებაა, ერთხელ მითხარი კიდეც – შენ ჩემი ძარღვის გაგრძელება ხარო… გმადლობ!

რეზო: ქალბატონო ეკა,

ეკა: ქალბატონო არაა…

რეზო: კარგით, ეკა, “დილის გაზეთიდან” თქვენთან იყო ერთ-ერთი შტატგარეშე კორესპოდენტი, რომელმაც შემდეგ რედაქციაში მოიტანა ინტერვიუ. პირველი შეკითხვა ასეთი იყო – რატომ აირჩიეთ მსახიობის პროფესია. იმ დღეს მორიგე რედაქტორი ვიყავი, გავთავხედდი, ავდექი და ინტერვიუ გადავაკეთე,- “ჰკითხო მედეა ჩახავას შვილიშვილსა და თემურ ჩხეიძის ქალიშვილს, რატომ გახდა მსახიობი, ელემენტარულად თავხედობაა”.

მეხუთე აბზაცი

რეზო: ნატო თქვენ არ ადღეგრძელებთ ქალბატონ მედეას?

ნიკა თავაძე: ეს კორდელიაა, რა საჭიროა…

ნატო: გახსოვს ტატა ზინა კვერენჩხილაძის ქმარი რომ გეძებდა?

მედეა: როგორ არა, დარეკა ივიკოსთან, ივიკომ უთხრა სახლში არ არის, ალბათ, თემურთან არისო, თემურთან დარეკა, ალბათ მაკასთან არისო, გადაირია კაცი, მედეაა თუ მეფე ლირიო. ლირისგან განსხვავებით, სახლიდან არც ერთს გავუშვივარ.

რეზო: ნატო, მედეას შემოქმედებიდან, როგორც მსახიობს რომელი როლი გაღელვებს?

ნანი: არ უნახია ნატოს მედეა სცენაზე, არ უნახია.

ნატო: როგორ არ მინახია, “გუშინდელნი” ნანახი მაქვს, “პეპოს” რეპეტიციებზე აივანზე ვიჯექი, მახსოვს, სხვანაირად მახსოვს.

რეზო: ამის გარდა, ჩანაწერებიც ხომ არსებობს?

ნანი: სამწუხაროდ, არ არის შემორჩენილი ფირზე მედეას საუკეთესო როლები თეატრში. მაშინ არ იყო ვიდეოგადაღება, მაგალითად, “როცა ასეთი სიყვარულია” არ არის ჩაწერილი.

რეზო: რადიოჩანაწერი ხომ არის?

მედეა: არაფერი არ არის.

რეზო: ნატო, მაშინ ასე ვთქვათ, რომელი როლის თამაშს ისურვებდი მედეას რეპერტუარიდან?

ნატო: არ ვიცი, არ მიფიქრია…

ეკა: ტურა-მ-ე-ლ-ააა

ნატო: არა, არ მიფიქრია ამაზე, ერთადერთი, რაც მართლა კარგად მახსოვს, ეს არის “პეპოს” რეპეტიციები. პატარა ვიყავი, აივანზე ვიჯექი ხოლმე. მე საერთოდ არ მინდოდა მსახიობობა, არ ვუყურებდი ამ რეპეტიციებს, როგორც ჩემს მომავალ პროფესიას, რომ შეყვარებული ვარ თეატრზე და სცენაზე მინდა რომ აღმოვჩნდე. უბრალოდ, ეს იყო ცხოვრების შემადგენელი ნაწილი.

ეკა: ბრალოდ, ვერსად დაგტოვეს, თქვი...

ნატო: ეგეც თავისთავად. მახსოვს მედიკოს, ეროსის და დოდო ალექსიძის ტრიო. რა ხდებოდა იქ, მერწმუნეთ, არავის გინახავთ ისეთი “პეპო”, ფეხზე ვეღარ იდგნენ, იხოცებოდნენ სიცილით.

ამ დროს უზარმაზარი თაიგულით შემოდის მაკა მახარაძე, მეგობრებთან ერთად, რომელთაც ქალბატონი მედეა შვილობილებად იხსენიებს. მაკა უსწორებს -შვილები. მაკა მახარაძეს “ჰეპი ბერს დეი თუ იუ”-ს სიმღერით შემოჰყვნენ მედეას შთამომავლები, რომლებიც “მაიკოს” ეზოში ონავრობდნენ.

მეექვსე აბზაცი

რეზო შატაკიშვილი: იქნებ გაიხსენოთ, როგორ ხვდებოდა ქალბატონი მედეა ამ დიდ ოჯახში ახალი ოჯახების შექმნას, შვილიშვილების გათხოვებას?

ნანი ჩიქვინიძე: ვინ ეკითხებოდა მედეას…

ნატო მურვანიძე: პირდაპირ სიძეების შეყვარებაზე გადადიოდა.

მედეა ჩახავა: არასოდეს ვყოფილვარ ჭკუის მასწავლებელი, თვითონ უნდა ასწავლონ ერთმანეთს ჭკუა, უბრალოდ, მოხარული ვარ მათი ბედნიერების.

ლიანა ასათიანი: თვითონ, თორემ შენ რაც უნდა ურჩიო…

ნანი: ბედნიერებაა, უცხო სხეულებიც რომ ერთი ჭკუის, ერთი აზრის, ძირითადად, ერთ ენაზე მოსაუბრე ადამიანები შემოვიდნენ ჩვენს ოჯახში.

მედეა: მე და ნინუკა ერთად ვცხოვრობთ, ეს სულ სხვა რაღაცაა, სტუმრად რომ მოვლენ შენთან – სულ სხვა. ნინუცა სხვა პროფესიისაა, მაგრამ მის სპეციალობას ჩემთვის პრობლემა არასოდეს შეუქმნია, რჩევის გარდა, რომელი წამალი უნდა მივიღო. ნინუკას ჩემგან რაღაცა, ალბათ, სწყინს, მაგრამ ეს ის ადამიანია, რომელსაც შეუძლია, ამას მოერიოს და არ გახადოს ტრაგედიად. ნინუკას გამოვყოფ, რადგან ერთად ცხოვრება პატარა ამბავი არ არის.

ნატო: ნინუკა, საერთოდ, არაჩვეულებრივი ადამიანია, როგორ შეიფერა?..

მედეა: ჩემს ხელში გაიზარდა.

ნატო: ნინუკა, რამდენის იყავი?..

მედეა: შემომატებულ წევრებშიც გამიმართლა, ამაშიც ბედი მაქვს.

ნატო: იცი, რა მინდა მოვყვე, მეცხრე კლასში ვიყავი, მედეამ რომ ლონდონიდან ჩამოიტანა თეთრი, ძვირფასი, უამრავმაქმანიანი ქსოვილი.

მედეა: მეტრში 30 სტერლინგი მივეცი, ჩემთვის დიდი ფული იყო.

ნატო: მედეამ გამოაცხადა, ამისგან საქორწინო კაბა უნდა შეგიკეროთ და ყველა შვილიშვილი იმ კაბით უნდა გაგათხოვოთო. მე და ეკა თითქმის ერთდროულად გავთხოვდით, არც ერთს შეგვიკერავს იმ ნაჭრით კაბა.

ეკა: ყველა შარვლებში გავთხოვდით.

ნატო: არა, მე ბოლოს ჩამომიტანეს კაბა.

მედეა: ისევ ისე მიდევს ის ნაჭერი, მაგას ვინ ჩივის, ძვირფასი გვირგვინიც ჩამოვიტანე, იმაზეც წიხლი მიკრეს…

მეშვიდე აბზაცი

მაკა მახარაძე: ბაზარში ვარ, ვიყიდე ყველი, გამყიდველი ქალი მეძალავება – სულუგუნიც იყიდეო. არ მინდა ამდენი, ვეუბნევი. ნახევარ კილოს მოგცემო, გადამეკიდა, თუ არ მოგეწონება, აქ ვდგავარ ყოველთვის, ხალი მაქვს აგერ, შუბლზე, მეგრელი ქალი ვარო. მეც მეგრელი ვარ სანახევროდ, დედა მყავს მეგრელი-მეთქი, ვუთხარი. საიდან არისო, სერგიეთიდან-მეთქი. ოჰ, მეც იქვე ვარ ბანძიდან, რა გვარის ქალია დედაშენი, მეკითხება. ჩახავა-მეთქი. როგორი არტისტია ის მედეა ჩახავა, კაცო! მეუბნება. დედაჩემია-მეთქი, ვუმტკიცებ. რას ლაპარაკობ… არ დაიჯერა. ეკას რომ ეთქვა, ულაპარაკოდ დაიჯერებდნენ. ბოლოს, მთლად არ გამწირეს, დამიჯერეს. ჩვენ დიდი სიყვარული გადაეცი, თუ მისი გოგო ხარო. თუ ხარო…

ნანი: ფასი თუ დაგიკლო მედეას ხათრით?

მაკა: არა, ამ ფონზე აღარც დამიწყია ვაჭრობა.

მერვე აბზაცი

მაკა: დათა მეუბნება, რა არის, რა იშვიათად დავდივართ ტატასთანო. რა ვქნა, არ გამოდის-მეთქი. იცი, როგორ მიყვარს ტატა, შენ ისე არ გიყვარსო. დათა, ხომ იცი, ვერ გავზომავთ სიყვარულს-მეთქი. ჰოდა, მე ასე მგონია, შენ ისე არ გიყვარს, როგორც მეო.

ნანი: ბავშვებს დედაც უყვართ, მამაც, მაგრამ “თიში” სჭირთ ბებიებსა და ბაბუებზე, ასევე პირიქით.

ლიანა: მე არანაირი “თიში” არ მჭირს.

მაკა: ნინო რომ აქ იყო, პატარა, არ გქონდათ “თიში”?

ლიანა: ნინი? არა, მე ჩემს შვილებზე მჭირს “თიში”.

მედეა: რასაკვირველია, მაგრამ პატარებს ჭკუიდან გადავყავარ.

ლიანა: მასე, ლეკვი რომ ლეკვია, შეიძლება, იმან გადაგიყვანოს ჭკუიდან.

მეცხრე აბზაცი

რეზო: ქალბატონო მაკა, ქალბატონი მედეა ამბობდა, მე და მაკა ტოლები ვართო.

მაკა: ყოველ შემთხვევაში, 80 წლის არანაირად არ არის. გარეგნობას არ ვგულისხმობ, უნიკალური მეხსიერება აქვს, მე ვსვამ “ბილობილს”, იმიტომ, რომ მჭირდება, დედას არ სჭირდება.

ნანი: მეც მომიტანეთ ეგ “ბილობილი”, არ შეიძლება?

ეკა: “ბილობილი” იცი, რომელია? – რეკლამაში შარვალი რომ რჩება.

ლიანა: ბიძაჩემი 90 წლის იყო, სადოქტორო დისერტაცია რომ დაიცვა.

მაკა: ვაიმე, გავგიჟდი.

მედეა: და სახლის შენება რომ დაიწყო.

ლიანა: გინესის წიგნშია შესული. სიგარეტი არ გაუგდია ხელიდან, ღამეც კი ეწევა. ახლახან გაათხრევინა 500 მეტრის სიღრმის ჭა. ახალგაზრდობაში ოთხმოცის კი არა, ორმოცდაათი წლის ადამიანი ჩამოწერილი მეგონა. იყო დრო…

მაკა: ყველგან ვამბობ ამაყად, რომ მედეა ოთხმოცის ხდება. ისეთი რეაქცია აქვს ყველას?! გუშინ მერაბ თავაძე ვერაფრით დავაჯერე, არ არსებობს, იმატებსო.

ნანი: მაკა, იცი რა მაგიჟებს, ხანდახან ეკრანზე ისე ვჩანვარ, გამოსვლა აღარ მინდა.

მედეა: მეც აღარ მინდა.

ნანი: კარგი, ტატა, რას ლაპარაკობ, ზოგჯერ ისე კარგად გიღებენ.

მეათე აბზაცი

რეზო: ქეთო ტაბაღუა როგორ არის, ქალბატონო მედეა?

მედეა: გმადლობ, კარგად. მიხარია რომ გამიხსენა კოკა ყანდიაშვილმა, გაახსენდა, რომ მე ვარ მსახიობი, რომ მე არაფერს ვაკეთებ – არა ვარ თეატრში, არსად, ალბათ, ისიც, რომ მე ვარ ნახევრად მშიერი. ძალიან მადლობელი ვარ მისი, ამ როლმა ისევ დამაახლოვა მაყურებელთან. მაყურებელს, თურმე, კიდევ უხარია ჩემთან შეხვედრა. სისულელეს ვამბობ ეკრანიდან თუ სიბრძნეს, რა თქმა უნდა, მაინც გულმოწყალედ მიყურებს და ეღიმება. ზოგი, ალბათ, ფიქრობს, საწყალი რა როლს თამაშობსო. მე ასე არ ვფიქრობ, ამაყად ვასრულებ ამ როლს, როლებს ჩემს ასაკში არ არჩევენ.

რეზო: მაყურებელი მინდა დაგილოცოთ, ქალბატონო მედეა.

მედეა: ჩვენი ხელობა უმაყურებლოდ წარმოუდგენელია. მადლობელი ვარ ჩემი მაყურებლის იმ თანადგომისთვის, იმ თანამონაწილეობისთვის ჩემს სპექტაკლებში, იმ აუარებელი სიხარულისთვის, რაც მე მათგან მიმიღია ცხოვრებაში. გაოცებული ვარ მათი ჩემდამი სიყვარულით. ჩემი შვილები მეუბნებიან, დედა, ბაზარში იარე, უფასოდ გაძლევენო.

მაკა: ვეხვეწებით, მაგრამ რა გინდა, არ დადის.

ლიანა: ბაზარში კი არა, პურზე არ ჩადის, მე მეუბნება, რა არის, ბაზარში რომ დადიხარო.

მედეა: იმ დღეს ნინუკამ შემათრია მაღაზიაში.

მაკა: მერე, ხომ კარგი იყო?

მედეა: გადასარევი ჯემპრე მაჩუქეს.

ლიანა: კარგი, კაცო…

მაკა: იარე, იარე.

მედეა: იშვიათად რომ დავდივარ, იმიტომ მასაჩუქრებენ, ყოველდღე რომ ვიარო…

ნანი: თემური და გოგი ქავთარაძე გორში იყვნენ, გოგიმ უთხრა, წამო, ბაზარში შევიდეთ, კაპიკებში მოგვცემენო. ქართლელები ხომ საშინელი დამწვრები არიან, “შენ გენაცვალე, შენა, რა კარგი ბიჭები ხართ”… სამმაგ ფასში მიჰყიდეს.

მედეა: კაცები რომ იყვნენ, იმიტომ.

რეზო: მაყურებლისთვის ერთი სიხარულია, ქუჩაში მსახიობს შემთხვევით რომ გადაეყრება.

მედეა: ჩვენს პროფესიას ახლავს ასეთი ბედნიერება.

ნანი: მაგას მაინც კინო და ტელევიზია აკეთებს.

ლიანა: კინო ვეღარ ახერხებს.

მედეა: ლიანა, ძველ ფილმებს რომ აჩვენებენ, აუცილებლად მოსდევს ზარები.

ეკა: იმიტომ, რომ აჩვენებენ ტელევიზიით. თეატრი ხომ, საერთოდ…

რეზო: რატომ, თეატრს სტაბილურად დაუბრუნდა მაყურებელი.

ეკა: გასაგებია, მაგრამ უცბად ისეთი ვინმე გეტყვის, რომ საერთოდ არ ვყოფილვარ თეატრში…

მეთერთმეტე აბზაცი

ლიანა: ნანი, ერთი-ორი სიტყვით, ამერიკული შთაბეჭდილებები გაგვიზიარე…

ნანი: ვნახე “მოთამაშე”, დოსტოევსკის მიხედვით.

ლიანა: მარინის თეატრის ეს დადგმა მოსკოვში, დიდ თეატრში ვნახე.

ნანი: ეს სრულიად სხვა სპექტაკლია, სრულიად შეიცვალა დეკორაცია, ვიზუალურმა მხარემ რადიკალურად შეცვალა სპექტაკლი, უზარმაზარი მაგიდაა სცენაზე, მოთამაშეები ჩანან, როგორც ვირთხები, მერე იზილებიან ერთმანეთში, მაგიდაზე მოძრაობენ, ორგიასავით აწყობენ.

ლიანა: “მეტროპოლიტენთან” იქვეა “ევერი ფიშერ ჰოლი”, იქ არის ლექსოს საკონცერტო. ახლა რა მიუზიკლი გადის?

ნანი: “ლაიფ სითი”.

ლიანა: არ ნახე, მერე?

ნანი: ვერ მოვახერხე.

ლიანა: ბროდვეიზე აღარ გადის “ქეთს”?

ნანი: უკვე მოხსნეს, იუბილე გადაუხადეს და მოხსნეს.

მაკა: აღარ არის დრო, რამდენი წელი გადიოდა…

ეკა: იცვლება, მაკა, შემადგენლობა.

მაკა: ბროდვეიზე გადიოდა რომელიღაც მიუზიკლი, რომელშიც ერთი მსახიობი გამოდიოდა შიშველი. წარმოიდგინე, წლების მანძილზე, ყოველდღე გამოდიოდა შიშველი.

ეკა: მაკა, იმ მსახიობს იმდენს უხდიდნენ, შიშველი კი არა…

ნანი: მაკა, “ბალეტ სიტი”-ში ვნახე ფანტასტიკური საბალეტო სპექტაკლი, ვამბობდი კიდეც, მე რა მინდა აქ, მაკა უნდა უყურებდეს- მეთქი. “მეტროპოლიტენ ოპერაში” ვნახე “ტრისტანი და იზოლდა”, ლივაინი დირიჟორობდა. დრამაზე მინდოდა წასვლა და ყველამ ერთხმად მითხრა, დროს ნუ დაკარგავ, ზესტაფონის თეატრი მოგენატრებაო. საშინელი მდგომარეობაა, ახლა მთელი მოძრაობაა დიდი მსახიობების, რომ ნიუ-იორკში დრამის ერთი ხეირიანი თეატრი დაარსდეს.

რეზო: ბროდვეიზე თეატრები ისეა ჩამწკრივებული, როგორც ჩვენთან “ბუტკები”.

ეკა: თან ისე, დიღომში რომ არის.

მეთორმეტე აბზაცი

მაკა: რეზო, მიხარია, რომ ასე ლამაზად გაიხსენე დედა, შეიძლება, ასეთი რამ აზრად მოგივიდეს და არ გააკეთო, ან ვერ შეძლო, მადლობ ამისთვის, შენ და “დილის გაზეთს”.

მეცამეტე აბზაცი

მედეა: მე არ ვიცი, კონკრეტულად ვინ არის ჩემი მაყურებელი. გუშინ მირეკავს ქალბატონი და მიხსნის სიყვარულს, თეატრალური ინსტიტუტის სპექტაკლებიდან მოყოლებული, არ გამომიტოვებია თქვენი არც ერთი სპექტაკლიო, ” ესპანელი მღვდელი”, “როცა ასეთი სიყვარულია” 32-ჯერ ვნახეო.

ლიანა: მოცლილი ყოფილა.

მედეა: იცითო, ამ ხნის ქალი ვარ და ასე ცოცხლად ვატარებ თქვენდამი სიყვარულსო. ამ ქალის არსებობა ამდენი ხანი მე ხომ არ ვიცოდი, ახლა მითხრა შეწუხებულმა, ალბათ, თქვენი იუბილე ჩატარდება, როგორ მოვხვდეო.

ეკა: ნუ ნერვიულობ-თქო, ვერ უთხარი?

მედეა: დავაწყნარე, არაფერი ტარდება-მეთქი. ვერ დავაჯერე, რომ ჩემი იუბილე არ იმართება. მე განებივრებული ვარ მაყურებლის სიყვარულით. იცი, ამას ვერ შევეჩვიე, ყოველთვის ისე აღვიქვამ, როგორც ახალ რაღაცას. აი, რა მაახალგაზრდავებს მე, მათგან შეშხაპუნებული დოპინგი, რომელიც აკრძალული არ არის – რაც მეტი იქნება, უკეთესია.


თეატრალური წყვილები

რეზო შატაკიშვილი
არაერთ მსახიობს შეჰყვარებია ერთმანეთი როლში. ანდა თუნდაც უბრალოდ თეატრში, მაგრამ ამ “ნიუსს” არასდროს არავინ მიიჩნევდა უბრალო ნიუსად. თუ საზოგადოდ “ქორწინებით დასრულებულ სამსახურებრივ რომანს” – ერთობ პროზაულად ღებულობდა ყველა, ასევე ყველა ინტერესით ენთობოდა, როცა ეს სამსახურებრივი რომანი თეატრში ჩაღდებოდა და იდგამდა გვირგვინს.
მათი გრძნობებიც თითქოს სცენაზე დგანან…
გიამობთ თეატრალურ წყვილებზე, იმ ოჯახებზე რომელიც შექმნეს მსახიობებმა, ან მსახიობმა და რეჟისორმა… ისინი ერთად არიან, თეატრშიც და ცხოვრებაშიც. უფრო სწორად თეატრშიც ერთად ცხოვრობენ და ცხოვრებაშიც. ყოველი მათგანის სიყვარული დაიწყო თეატრში ან თეატრალურ ინსტიტუტში…

მაკო საფაროვა – ვასო აბაშიძე
საქართველოში მსახიობთა ქორწინების ტრადიციას, მაშინვე ჩაეყარა საძირკველი, როგორც კი ილია ჭავჭავაძემ აღადგინა პროფესიული ქართული თეატრი – 1979 წელს. ვასო აბაშიძე დასში მიღებულ მაკო საფაროვას დაცინვით შეხვდა, ბავშვიცი უწოდა. მაკო ხომ მაშინ მხოლოდ 19 წლის იყო… ვასო აბაშიძე 25-ის… ვასო დასცინოდა, მაგრამ მალევე, მაკოს სცენაზე გამოსვლისთანავე, შეხედულება შეიცვალა და მისი ნიჭის თაყვანისმცემლად მოგვევლინა. მალევე ოჯახის შექმნაც შესთავზა, მაკომ იუარა, ხუმრობა ეგონა… ვასომ
ხელი მეორედ გორში გასტროლებისას სთხოვა მაკოს. მაკომ კვლავ ცივი უარი უთავაზა, ვასო მტკვრისკენ წავიდა, მაკოს ელდა ეცა – თავს დაიხრჩობსო, გამოედევნა და… უთხრა რომ ცოლად გაჰყვებოდა. იქორწინეს, მალე ქვეყანას ტასო აბაშიძე მოევლინა. ვასო აბაშიძემ და მაკო საფაროვამ ერთად 47 წელი იცხოვრეს…
ნატო გაბუნია – ავქსენტი ცაგარელი

ქართული თეატრის მეორე პრიმამ – ნატო გაბუნიამ კი ბედი უკვდავ “ხანუმას” ავტორს, დრამატურგსა და მსახიობს ავქსენტი ცაგარელს დაუკავშირა. 25 წლის ცაგარელი უგონოდ იყო შეყვარებული 23 წლის ნატო გაბუნიაზე, სწორედ ნატოსთვის დაწერა “ხანუმა”. მალე დაქორწინდნენ კიდეც, ნატო გაბუნიამ ხანუმა პირველად 23 წლისამ ითამაშა. ამ როლს იგი სიკვდილამდე თამაშობდა…
ვერიკო ანჯაფარიძე – მიხეილ ჭიაურელი

საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნებულმა გიორგი ჯაბადარმა თეატრალური სტუდია დაარსა. რეპეტიცია-მეცადინეობებს საგრეჯოში გადიოდნენ. სტუდიას მალე მოსკოვიდან დაბრუნებული ვერიკო ანჯაფარიძე შეუერთდა. სწორედ იქ ნახა 24 წლის მიხეილ ჭიაურელმა პირველად ვერიკო…
ნახა და შეუყვარდა. “მოდიოდა ქალი დიდი ნაბიჯით. ეცვა აბრეშუმის გრძელი კაბა… არაჩვეულებრივად მაღალი ყელი. ვერ გაიგებდი თვალებით ვის უყურებდა, ოდნავ მოზრდილი ცხვირი, უწესრიგოდ, ფაფარივით გადმოყრილი თმა, ყველას მოგვესალმა და მომეჩვენა რომ რომ განსაკუთრებული ყურდღებით მე შემომხედა. მე მას პირველად ვხედავდი… და ვხედავდი მხოლოდ მას!… ეზოში მწვანეზე ჩამოვსხედით ყველა. მოხდა ისე რომ ვერიკო ჩემთან ახლოს დაჯდა. რა ბედნიერებაა!.. ბედნიერებას განვიცდიდი და არ მესმოდა, რას ნიშნავდა ეს… ჯაბადარმა ახალგაზრდა მსახიობ ქალს სთხოვა რაიმე წაეკითხა. ვერიკომ სასტიკი უარი განაცხადა, სთხოვდნენ ჩვენი მსახიობებიც. “ვთხოვ იქნებ დამიჯეროს” – გავიფიქრე და თითქმის ჩურჩულით ვთქვი: მეც ძალიან გეხვეწებით მეთქი, მან ერთი შემომხედა და დაუყოვნებლივ დაიწყო… რატომ დაიწყო მაინცდამაინც მაშინ, როცა მე ვთხოვე? არ ვიცი… რა ახლოს იყო მისი ხელი დაბლა ხალიჩაზე. ვეღარაფერს ვგრძნობდი… მე ტაში არ დავუკარი, დავიხარე და ხელზე ვაკოცე…” – ასე მოიგონებს მიხეილ ჭიაურელი ვერიკოსთან პირველ შეხვედრას, მათ შორის დიდი გრძნობა გაჩნდება, მაგრამ ვერიკო ცოლად გაჰყვება არა ჭიაურელს, არამედ – 11 წლით უფროს, სახელოვან შალვა ამირეჯიბს, გამოჩენილ პოლიტიკურ მოღვაწეს, ეროვნულ-დემოკრატს, პოეტსა და ჟურანლისტს, ნამდვილ ვაჟკაცს. ჯვრისწერიდან გამოსულ ვერიკოს გული შეუღონდა… მას უკვე მიხეილ ჭიაურელი უყვარდა, მიხეილ ჭიაურელი უკვე ცოლ-შვილიანი იყო იმ დროს… ამბობენ რომ მამამ სთხოვა ვერიკოს სიკვდილის წინ – ცოლად გაჰყოლოდა შალვა ამირეჯიბს. ალბათ ვერიკოც ფიქრობდა რომ სხვისი ცოლი თუ გახდებოდა, უფრო დაიმორჩილებდა საკუთარ გულს… მაგრამ ვერ დაიმორჩილა… ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. მაგრამ ამირეჯიბს ის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე უყვარდა. ემიგრაციაში წასულსასც არ შეურთავს ცოლი… ვერიკო ცოლად გაჰყვა მიხეილ ჭიაურელს…

სესილია თაყაიშვილი – ვასო გოძიაშვილი

სესილია თაყაიშვილმა და ვასო გოძიაშვილმა ერთმანეთი ფაღავას სტუდიაში გაიცნეს.

ისინი ჯერ სცენაზე იყვნენ ცოლ-ქმარი. სტუდიაში, გორგო ფულდის “ვირის ჩრდილში” ვასო გოძიაშვილი მევირეს თამაშობდა, სესილია მის ცოლს. მერე ცხოვრებაშიც მისი ცოლი გახდა, რუსთაველის თეატრშიც ერთად მოღვაწეობდნენ. მერე მარჯანიშვილი თეატრიდან წავიდა, მალე მას ვასო გაჰყვა და სესილიაც მარჯანიშვილთან

წავიდა.



მაგრამ მალე სესილია და ვასო გოძიაშვილი ერთმანეთს დაშორდნენ. სესილიამ მარტო გაზარდა ბიჭი. აღარ გათხოვილა. იმ დიდი სიყვარულის ერთგული დარჩა. თბილისში ფეხს აიდგამს ლეგენდები სესილიას პატიოსნებასა და ზნეობრივ სისპეტაკეზე…
გიორგი შავგულიძე – ლიზა ვაჩნაძე




გიორგი შავგულიძე 23 წლის იყო მსახიობი ლიზა ვაჩნაძე რომ შეუყვარდა. ლიზა ვაჩნაძე “ყვარყვარეში” გულთამზეს თამაშობდა, შავგულიძე – ერასტის და წისქვილის სცენაში, როდესაც უშანგი ჩხეიძე-ყვარყვარე მუხლზე ისვამდა ვაჩნაძე-გულთამზეს, ერასტი-შავგულიძე საშინლად ნერვიულობდა და რეპლიკას არ უცდიდა, ისე ხტებოდა საფარიდან, განზე ისროდა ყვარყვარეს და სცენას აფუჭებდა. იმდენჯერ გააფუჭა სცენა, რომ ბოლოს თვითინ შეყვარებულმა უსაყვედურა, გვაცადე თამაშიო. უსაყვედურა და არათუ ადრე აღარ გადმოხტა შავგულიძე საფარიდან, საერთოდ დააგვიანა, ისე დააგვიანა რომ ბოლოს თვითონ უშანგი ეძახდა – “ჟორჟიკა ბიჭო, გამოდი”.
გადმოხტა შავგულიძე და ყვარყვარე იქით ისროლა, გულთამზე აქეთ…

სპექტაკლის მერე გაბუტული ბავშვივით აუხსნა შავგულიძეს – ამან მთხოვა გვაცალე ალერსიო…  მას მერე კი რაც უშანგი ჩხეიძემ შავგულიძის პორტსიგარში ლიზა ვაჩნაძის ფოტო ნახა, რეპლიკას ადრე ამბობდა…

აღდგენილ “ხატიჯეში” ლიზა ვაჩნაძე ხატიჯეს თამაშობდა, ხატიჯეს დედას – მარჯანიშვილის მეუღლე ელენე დონაური (ვაჩნაძე). მათ ერთნაირი, შავი კაბები ეცვათ და სახეზე შავი ჩადრები ჰქონდათ ჩამოფარებული, მარჯანიშვილის მეუღლე ლიზა ვაჩნაძეზე ადრე მოიკაზმა, ჩავიდა კუისებში და… მას ზურგიდან მოეხვია შავგულიძე. ჯერ მარჯანიშვილის მეუღლე გადაირია, შემდეგ – შავგულიძე როცა ხელში შეყვარებულის ნაცვლად რეჟისორის ცოლი შერჩა… 

მარჯანიშვილმა მეორე დილით წყვილად დაიბარა შავგულიძე და მისი სატრფო. მარჯანიშვილმა აღელვებულ და აწურულ შავგულიძეს თბილად დაუცაცხანა, რაო, ფიქრობ რომ ყველა ვაჩნაძეს უნდა ეხვეოდე? მაცადეთ, დავბრუნდები მოსკოვიდან და თეატრში გრანდიოზულ ქორწილს გადაგიხდით – დაპირდება მარჯანიშვილი შეყვარებულებს, მაგრამ ის მოსკოვიდან ვეღარ დაბრუნდება…

გრანდიოზული ქორწილი ვერ შედგება, მაგრამ გიორგი შავგულიძე და ლიზა ვაჩნაძე იქორწინებენ…

ელენე ყიფშიძე – ეროსი მანჯგალაძე                                                        
ელენე ყიფშიძის პირველი მეუღლე ეროსი მანჯგალაძე იყო, მათ სტუდენტობისას ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ამბობენ რომ შეყვარებულმა ეროსიმ ელენესთან არშიყობისთვის სახელგანთქმულ გიორგი ტოვსტონოგოვსაც კი სცემა… ეროსი და ლენა შემდეგ დაქორწინდნენ, მაგრამ ვერ აეწყო მათი ურთიერთობა. მალე დაშორდნენ. ეროსის აღარ მოუყვანია ცოლი. ამბობდნენ რომ სიკვდილამდე ლენა უყვარდა… დაშორებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ელენე ყიფშიძემ უმამოდ გააჩინა ზურა და ზურასთან ერთად დაიბადა მითიც რომ ზურა ეროსის ბიჭია. ამ მითის თვითონ ზურასაც სჯერა კარგა ხანს. ეს მითი გარდატეხის ასაკში დაემსხვრა ზურას. “მახსოვს სოფელში ვიყავი, ასე წარმადგინეს, გაიცანით, ესაო, ეროსის ბიჭიაო. გავგიჟდი მეთქი ვინ ეროსის ბიჭი ვარ, დავიწყე ყვირილი, ბოლო-ბოლო გამაგებინეთ ვინ ვარ, რა ვარ, ვისი შვილი ვარ…  13-14 წლის ვიყავი, როცა გავიგე ვინ იყო ბოლო-ბოლო მამაჩემი – მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ავთო ვერულეიშვილი…” – იხსენებდა ზურა ყიფშიძე.


სალომე ყანჩელი – გიორგი ტოვსტონოგოვი
გიორგი ტოსვტონოგოვი თავიდან მხოლოდ პედაგოგი იყო სალომე ყანჩელის. შემდეგ თავდავიწყებით შეუყვარდათ ერთმანეთი და ტოვსტონოგოვი სალომეს  ქმარი და ორი ვაჟის მამაც გახდა. მაგრამ… რამოდენიმე წლში დაშორდნენ. სასამართლომ შვილებზე მეურვეობა ტოვსტონოგოვს დააკისრა.

ტოვსტონოგოვი მალე ლენინგრადში გადაიყვანეს და ვაჟებიც თან წაიყვანა… ტოვსტონოგოვს არასოდეს აკლდა ქალები, რომანები, მაგრამ ცოლი, როგორც ასეთი აღარ შეურთავს და სალომე ყანჩელი ინარჩუნებდა ტოვსტონოგოვის ერთადერთი ცოლის ტიტულს…

მედეა ჩახავა – ნოდარ ჩხეიძე – კოტე მახარაძე

მედეა ჩახავას ინსტიტუტში შესვლისთანავე დაადგა თვალი ნოდარ ჩხეიძემ. ნოდარი უფროსი იყო, სამედიცინო ინსტიტუტიდან იყო გადასული. პოეტ გიორგი ქუჩიშვილის ვაჟი, ბობოქარი და ბოჰემური ნოდარი გოგონების ყურდაღებით იყო განებივრებული, მედეასაც მოსწონდა ასეთ ბიჭს რომ მოსწონდა. “შემომანათებდა ხოლმე თვალებს. ძალიან ლამაზი თვალები ჰქონდა… მერე უკვე გამაცილა, გამომაცილა. თქმით არაფერს მეუბნებოდა, მაგრამ ხშირად საქციელი უფრო მეტს ამბობს. მერე, ალბათ, მითხრა კიდეც, ეს დიდი ხნის ამბავია…” – იხსენებდა უკვე მხცოვანი მედეა.

ნოდარ ჩხეიძეს და მედეა ჩახავას ვაჟი შეეძინათ _ თემურ ჩხეიძე…
მერე მათი გზები გაიყო. მედეა კოტე მახარაძის ცოლი გახდა… ქვეყანას მოევლინა მაკა მახარაძე, ივიკო მახარაძე…
გამოხდა ხანი და მათი ცხოვრების გზაც გაიყო. ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. იყო წლები, როცა ერთმანეთს ხმას არ სცემდნენ, მაგრამ დრომ ყველაფერს უწამლა და მათ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ…
სოფიკო ჭიაურელი – გიორგი შენგელაია – კოტე მახარაძე

სოფიკო ჭიაურელი და გიორგი შენგელაია 19 წლისები იყვნენ, მოსკოვის კინოინსტიტუტში სწავლობდნენ როცა დაქორწინდნენ. თუმცა მათი დიდი რომანი აქ, თბილისში დაიწყო. სოფიკოს და გიორგის 5 წელი უყვარდათ ერთმანეთი. ნატო ვაჩნაძის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ, ვერიკო ანჯაფარიძე მზრუნველობდა თავისი მეგობრის უმცროს ვაჟზე…
სოფიკოს და გიორგის შეეძინათ ორი ვაჟი, ცხოვრება მიდიოდა, მაგრამ მერე და მერე მათ ურთიერთობაში გაჩნდა ბზარი. “ჩემს ცხოვრებაში დააკაკუნა მეორე დიდმა სიყვარულმა – კოტე… ცხოვრებაში, მითუმეტეს პირად ცხოვრებაში არ მქომედებს არანაირი კანონები, მე მეწერა რომ ორჯერ მეყვარებოდა…” – ამბობდა სოფიკო. მათ ერთმანეთი სცენაზე შეუყვარდათ. ვერიკო ანჯაფარიძემ “ურიელ აკოსტა” აღადგინა. ივდითს სოფიკო თამაშობდა, ურიელს – კოტე და…
“კოტეს მანადეც ვიცნობდი, ხშირად იკვეთებოდა ჩვენი გზები თეატრში, მაგრამ… “ურიელმა” დაგვღუპა… ყველაფერი სპონტანურად მოხდა, მას ცოლი ჰყვდა, მე – ქმარი… ამ ყველაფერს უფრო კრიმინალური შარავანდედი ადგა, ვიდრე რომანტიკული. ყველა ჩვენს წინააღდეგ იყო, საკუთარი შვილებიც კი… გაგანია რომანი გვქონდა, მაგრამ ბავშვების გამო ვერ ვწყვეტდი ოჯახის დანგრევას. კოტე გიჟდებოდა. მახსოვს ვიყავით პოდმოსკოვიეში, იყო ზამთარი, ღამე და ნამქერი. გამოვედით რესტორნიდან და კოტემ მითხრა, “ან მეტყვის ჰოს, ანარადა თავს მოვიკლავო”. მე ვუთხარი: “კარგად იყავი”. 

ის ავიდა ყველაზე მაღალ ადგილას რაც კი იქ იყო და ბაც, თოვლიან ხრამში ისკუპა. მეც არც დავფიქრებულვარ ისე ვისკუპე, გადავყე ხრამში, სიბნელეში. ცოცხალმკვდრები ძლივს ამოვედით იქიდან…

მერე და მერე, როდესაც ჩვენი ახლობლები დარწმუნდნენ რომ ჩვენი ურთიერთობა ძალიან სერიოზული იყო, ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა. 30 წელი ვიცხოვრეთ მე და კოტემ სიყვარულსა და თანხმობაში…” – იხსენებდა სოფიკო ჭიაურელი.

ბელა მირიანაშვილი – კახი კავსაძე
ბელა მირიანაშვილისთვის კახი კავსაძე პირველი მეუღლე არ იყო, მაგრამ მათი სიყვარული დღემდე საარაკოდაა და ასე დარჩება კიდეც. ძნელად თუ მოახერხებს ვინმე, მოახერხოს ის რაც მოახერხა კახი კავსაძემ – ბედისწერისთვის თვალი გაესწორებინა, ჰყვარებოდა სნეული მეუღლე და მისი ერთგული დარჩენილიყო მისი გარდაცვალების შემდეგაც. სწორედაც რომ ამას ჰქვია ერთგულება კუბოს კარამდის…

პირველად თვალი თეატრალურ ინსტიტუტში მოჰკრა, მაშინვე დაებინდა გონება, მაგრამ თქმა ვერც მაშინ გაუბედა და ვერც შემდეგ კარგა ხანს, სანამ “მასოვკის” მსახიობი იყო… მსახიობი, რომელსაც მიშა თუმანიშვილი თეატრში შემთხვევით მოხვედრილად თვლიდა… მალე კახი კავსაძემ დაამტკიცა რომ ის არ იყო შემთხვევით მოხვედრილი თეატრში და მეტიც – თუმანიშვილის ფავორიტი მსახიობის – ბელა მირიანაშვილის მეუღლე გახდა.
“მახსოვს ერთხელ ვისხედით მე, ბელა, ბატონი მიშა, რობიკო… ბევრნი ვიყავით, ბელამ რაღაც რეპლიკა თქვა, რაზეც ბატონმა მიშამ უპასუხა, “ა, ტი მალჩი დევოჩკა, ი ზნაი, ჩტო ტვაია სუდბა ზავისიტ ოტ მენია”. ბელამ კი არ დააყოვნა “ია ნე დევოჩკა, ია აკტრისა ტეატრა რუსტაველი, ა მაია სუდბა ზავისიტ ოტ ეტოვა ჩელავეკა” და ჩემზე მიუთითა…” სიამაყით გაიხსენებს “პრაიმ თაიმთან” კახი კავსაძე…
იზა გიგოშვილი – მერაბ თავაძე
იზა გიგოშვილი პირველი მეუღლე აკადემიკოსის ვაჟი, კიბერნეტიკოსი არტურ პროკოპჩუკი იყო. იზამ და არტურმა ერთმანეთი მინსკიში გაიცნეს და დაოჯახდნენ. შეეძინა ია. იზამ თბილისში დაბრუნების შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა, მერაბ თავაძე მისი ჯგუფელი იყო. იზას მეუღლესთან ურთიერთობა დაეძაბა, ოჯახი პრაქტიკულად ენგრეოდა. მერაბი გვერდში დაუდგა როგორც მეგობარი, თუმცა ფარულად სხვა გრძნობები ჰქონდა… მერაბ თავაძე მეორე კურსზე იყო ირმა გურიელი რომ შეირთო ცოლად. ორი ვაჟი შეეძინა, ოჯახი ვერც მას აეწყო. ცოლს გაშორდა. იმ პერიოდში იზაც დაშორდა ქმარს. გადაწყვიტეს ერთად ყოფნა, რამაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. აირია ყველაფერი, ურთიერთობები ოჯახებში, ახლობლებში. ყველა წინააღდეგი იყო. ბოლო ბოლო დაქორწინდნენ. შეეძინათ ნიკო თავაძე. ერთად მუშაობდნენ რუსთაველში, ერთად გადავიდნენ მარჯანიშვილის თეატრში. იზა გიგოშვილი მალევე დაბრუნდა რუსთაველში, მერაბ თავაძემ კინოში გადაინაცვლა. შემდეგ ერთად დაარსეს სამეფო უბნის თეატრი…
მარინე თბილელი – აკაკი დვალიშვილი

რუსთაველის თეატრში მიღებულ მარინა დომბროვსკაიას მფარველად აკაკი ვასაძე მოევლინა. მან დაანათლა ფსევდონიმი თბილელი. მალე მარინა აკაკი ვასაძის რძალი გახდა – მსახიობის პირველი მეუღლე აკაკი ვასაძის ვაჟი გოგი ვასაძე იყო. შეეძინათ ბიჭი – აკაკი ვასაძე უმცროსი. მაგრამ მალე დაშორდნენ…
მოგვიანებით მარინა თბილელი ცოლად გაჰყვა რეჟისორსა და კულტურის ცნობილ მოღვაწეს აკაკი დვალიშვილს. შეეძინათ ქალიშვილი – ბაია დვალიშვილი.
მოგვიანებით მსახიობი ანკეტაში ჩაწერს – “30 წელიწადია მე და ჩემი მეუღლე სიამტკბილობით ვუქცევთ ერთმანეთს ღრანჭს”.

ნანა ფაჩუაშვილი – ტრისტან ყველაიძე

რუსთაველის თეატრის მსახიობები ნანა ფაჩუაშვილი და ტრისტან ყველაიძე განგებამ ჯერ კიდევ ინსტიტუტში შეახვედრა, მაგრამ მეორე კურსელი ნანა ცოლად სხვას გაჰყვა… მაგრამ ქორწინება უიღბლო გამოდგა, მეტიც ტრაგიკული – ნანა ფაჩუაშვილი 2 თვის ფეხმძიმე იყო, მისი მეუღლე რომ დაიღუპა…
ნანას ვაჟი შეეძინა. თამაზი 3 წლის იყო ნანა რომ ტრისტან ყველაიძის ცოლი გახდა. იყო კონფლიქტები, პრობლემები, მაგრამ ტრისტან ყველაიძის დაღუპვამდე ისინი ერთად იყვნენ.
“ერთხელ მომართვა მინდვრის ყვავილები. ეს იყო გედის სიმღერასავით – პირველი და უკანასკნელი ყვავილები, რომლებიც მან მომართვა. დეკემბერში, გასტროლებიდან რომ დავმბრუნდი აეროპრტში დამხვდა და ყვავილები მომართვა, იანვარში კი გარდაიცვალა…” (ნანა ფაჩუაშვილი)
ქეთევან კიკნაძე – გიგა ლორთქიფანიძე

ახალგაზრდა რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის აქტივში რომანებიც ბევრი იყო, გატაცებებიც, როდესაც თეატრალურ ინსტიტუტში პირველად ნახა სიფრიფანა ქეთევვან კიკნაძე და გაიფიქრა – ეს გოგო ჩემი ცოლი იქნება. მაშინ 20 წლის ქეთევან კიკნაძე მესამე კურსზე იყო. 32 წლის გიგა – მათი პარალელური ჯგუფის პედაგოგი. ერთმანეთი პირველად კარნავალზე ნახეს, ქეთინო ყველასთან ცეკვავდა, არ იცოდა გიგა რომ პედაგოგი იყო და როდესაც ცეკვა-ცეკვით ჩაუქროლებდა, მისდაუებურად თვალის მისკენ ეპარებოდა…
გიგამ ქეთინო პირველად ლიფტში დაპატიჟა – ასე გამოხატა დაინტერესება. 

თეატრალურში ლიფტით მხოლოდ პედაგოგები დადიოდნენ, სტუდენტებს ეკრძალებოდათ (სხვათაშორის ამ უჩვეულო ჩვეულებას მხოლოდ ახლაღა, ბოლო წლებში მოეღო ბოლო…)

შემდეგ კინოში დაპატიჟა. შემდეგ რამდენჯერმე სახლამდე მიაცილა. მერე კი უთხრა, ამდენი სიარული არ შემიძლია, თუ ცოლად წამომყვები, წამომყევიო და ქეთინოც წაჰყვა… გიგამ ალმასისთვლიანი ბეჭდი აჩუქა. ქეთინომ – სამი ქალიშვილი. ნახევარ საუკუნეზე მეტია ერთად არიან…

ნანი ჩიქვინიძე – თემურ ჩხეიძე



ისინი ერთმანეთს თეატრალურ ინსტიტუტში შეხვდნენ. ნანი სტუდენტი იყო, თემურ ჩხეიძე მიხეილ თუმანიშვილის ასისტენტი და უკვე 2 ქალიშვილის მამა.

ნანი სტუდენტი იყო, მაგრამ ბევრ კინოვარსკვლავს შეშურდებოდა, უკვე იმდენ ფილმში იყო გადაღებული – “მაგდანას ლურჯა”, “სხვისი შვილები”, “ჩვენი ეზო”, “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”… მოკლედ, თენგიზ აბულაძის პრიმა და იმხანად უკვე თუმანიშვილის სტუდენტი ნანი ჩიქვინიძე თავდავიწყებით შეუყვარდა მასზე 6 წლით უფროს თემურ ჩხეიძეს და მალე ნანი ჩიქვინიძე დიდი ოჯახის რძალი გახდა. შეეძინათ ქალიშვილი.
მას შემდეგ ერთად არიან, ცხოვრებაშიც და სცენაზეც…
გურანდა გაბუნია – ოთარ მეღვინეთუხუცესი

აგერ
უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია ერთად არიან გურანდა
გაბუნია და ოთარ მეღვინეთუხუცესი. მათი სიყვარული ჯერ კიდევ თეატრალური ინსტიტუტის კედლებში დაიწყო. ვინ იაქტიურა პირველმა მუდამ ენერგიულმა გურანდა გაბუნიამ თუ დენდის თავაზიანობით განთქმულმა, მაგრამ ვულკანივით ფეთქებადმა ოთარ მეღვინეთუხუცესმა? ფაქტია რომ გურანდა გაბუნიასნაირი დაუდგრომელი ხასიათის გოგონას შემჩნევა არავის გაუჭირდებოდა, ცხოვრების თანამგზავრად კი ოთარ მეღვინეთუხუცესმა გამოარჩია.  მერე იყო მთელი ცხოვრება აღმართ-დაღმართებით, გაშლილი ვაკეებით, ბოლოს მარჯანიშვილის თეატრის წინ დაგებული წყვილი ვარსკვლავით. ისინი ერთად იყვნენ და არიან ცხოვრებაში, სცენაზე, პოლიტიკურ ბატალიებშიც კი…
თათული დოლიძე – ჟანრი ლოლაშვილი

“ჩემი და თათულის სიყვარული კარგად დაიწყო. შევხედე და ელდა მეცა, ტვინი დავარტყი ასფალტს, მერე შეგვიყვარდა ერთმანეთი და მორჩა, გათავდა”– იტყვის წლების შემდეგ ჟანრი ლოლაშვილი.
ერთმანეთი შეუყვარდათ და “კავკასიური ცარცის წრის” გმირების – თათული დოლიძისა და ჟანრი ლოლაშვილის ერთად ყოფნის ბედის წრეც შეიკრა. ეს ქორწინება ორივესთვის მეორე იყო. თათული დოლიძის პირველი მეუღლე რუსთაველის თეატრის მსახიობი ვანო გოგიტიძე იყო. თათული დოლიძეს მასთან ქალიშვილი შეეძინა. ჟანრი ლოლაშვილთან – ვაჟი…
ნინელი ჭანკვეტაძე – ზაზა მიქაშავიძე

ზაზა მიქაშავიძემ იმ წელს დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტი, ნინელი ჭანკვეტაძემ რომ ჩააბარა. ერთმანეთი სწორედ ინსტიტუტში გაიცნეს – უკვე კინომსახიობთა თეატრის მსახიობი ზაზა მიქაშავიძე ხშირად მიდიოდა და ესწრებოდა თუმანიშვილის ლექციებს ნინელის ჯგუფთან. ნინელი თავიდან ბატონობით მიმართავდა ზაზას… მეოთხე კურსზე იყო ნინელი ჭანკვეტაძე ცოტნე ნაკაშიძემ კინომსახიობთა თეატრში რომ მიიწვია როლზე სპექტაკლში “დარაბებს მიღმა გაზაფხულია”. ნინელი და ზაზა სწორედ იმ პერიოდში დაუახლოვდნენ ერთმანეთს. სცენაზე გათამაშებული სიყვარული მათ ცხოვრებაში გაგრძელდა – მელოდრამატული წიაღსვლების გარეშე., მერე იყო ნიშნობა. ოჯახების გაცნობა და ქორწილი ცხელი ზაფხულის ერთ დღეს. მას შემდეგ ერთად არიან ცხოვრებაშიც და თეატრშიც. სცენაზეც ხშირად უწვენ ერთმანეთს პარტნიორობას…
ნინო თარხან-მოურავი – თემიკო ჭიჭინაძე
რუსთაველის თეატრის მსახიობებმა ნინო თარხან-მოურავმა და თემიკო ჭიჭინაძემ ერთმანეთი ჯერ კიდევ სტუდენტობისას გაიცნეს. ნინო ერთი კურსით წინ იყო. გაიცნეს და დამეგობრდნენ, მაგრამ გრძნობა 9 წლის მერე ეწვიათ. ეწვიათ როლში…
“ანა ფრანკის დღიურში” ნინო თარხან-მოურავი ანა ფრანკს თამაშობდა, თემიკო – პიტერს, და როგორც სპექტაკლში ანა ფრანკს და პიტერს უყვარდებათ ერთმანეთი, მათაც შეუყვარდათ… სცენაზე გათამაშებულმა სასიყვარულო სცენებმა მათშიც აანთო გრძნობა. თემიკომ ნინოს სიყვარული აუხსნა, მერე უტოვებდა და უტოვებდა ყვავილებს კართან… მას მერე ერთად არიან, თუმცა იყო ორდღიანი გაქცევები შინიდან – მეგობრებთან, მშობლებთან, მერე ნაჩხუბრების შეხვედრა, გაცინება და… შერიგება. დღეს მათი ერთადერთი ქალიშვილი ელისაბედი 18 წლისაა.
ნატა მურვანიძე – ნიკა თავაძე

ერთმანეთს 23 წლის წინ გადაეყარნენ – თეატრალურ ინსტიტუტში მისაღები გამოცდებისას. პარტნიორობა იმ დღესვე მოუწიათ – ერთად უნდა ეთამაშათ ეტიუდი. ნია თავაძე გველი იყო, ნატა მურვანიძე – კურდღელი…
ჯერ ჯგუფელები გახდნენ, მერე მეგობრები. მერე კი ნატას დაბადების დღეზე დახვდება ეზოში დარჭობილი თხილამურის ორი ჯოხი, ზედ გაჭიმული ზეწარი და ზედ ზეწარზე წარწერა “გილოცავ”. მერე იყო სიყვარული სიყვარულის აუხსნელად, უხსენებლად, მანამ სანამ ვიღაცამ არ ჰკითხა “თქვენ შეყვარებულები ხართ?” და ნიკამ არ უპასუხა “დიახ”.
გაცნობიდან ერთი წლის შემდეგ იქორწინეს. გაჩნდა დათა თავაძე.
ნატასთან ცხოვრობდნენ, მალე მათ შორის ურთიერთობები დაიძაბა, თავის სახლში გადავიდა. წყვილი ცალ-ცალკე ცხოვრობდა, მაგრამ ყოველდღე ერთად უწევდათ ყოფნა – ინსტიტუტში. მერე გაყრილები კვლავ შეიყარნენ. ერთი წელი ერთად იყვნენ. ისევ გაიყარნენ. იმ პერიოდში, როდესაც “იავნანაში” ცოლ-ქმარს თამაშობდნენ, სწორედ გაყრილები იყვნენ… თამაშობდნენ ცოლ-ქმარს, მაგრამ მაინც არ შერიგებულან, იკრიბებოდნენ გადასაღებ მოედანზე და იშლებოდნენ….
მერე იყო გისოსებს ზემოდან ხტომა თაიგულით ხელში და შერიგებები – ერთკვირიანი… დაუსრულებელი გაბუტვები, შერიგებები, რომელიც გრძელდებოდა რვა წელიწადს. მერე ერთ დღესაც ერთმანეთს ყველაფერი უთხრეს, რაც კი ერთმანეთისთვის უწყეინებიათ და შერიგდნენ. მას მერე ერთად არიან…

მანანა კაზაკოვა – ლევან წულაძე

მანანა კაზაკოვამ და ლევან წულაძემ ერთმანეთი თეატრალურ ინსტიტუტში გაიცნეს. ეს ეხლოს, თორემ მიშა კაზაკოვის გოგონა ჯერ კიდევ მოზარდში, სტუდიაში დადიოდა, უკვე იქ მომუშავე დამწყები რეჟისორის, ლევან წულაძის ხედვის არეალში რომ ხვდებოდა. ახლოს კი მოგვიანებით გაიცნეს ერთმანეთი. 1993 წელს, როცა ჭოლას უკვე დამტავრებული ჰქონდა სარეჟისორო ფაკულტეტი, მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო.
გაიცნეს და ძალიან მალე შეუღლდნენ კიდეც. რეჟისორი ხშირად ყვება როგორ შესთავაზა ხელი ხუმრობით მანანას და როგორ შეირთო. თუმცა ეს “ხუმრობა” მისი სარეჟისორო ხელწერაა, ის სცენაზეც ასე ხუმრობა-ხუმრობით ამბობს სერიოზულს. თითქოს უკან დასახევ გზას იტოვებს, უარის, თუ ვერგაგების შემთხვევაში…
ქორწილი არ ჰქონიათ. რომ იტყვიან ცუდი წლები იყო, შუქი და უბედურება. ის კი არა, ხუმრობით იმასაც ჰყვებიან, ჭოლამ შინ რომ მიიყვანა მანანა, იმ სათლების შუქზე, დედას კარგად ვერ გაურკვევია ვინ იყო მისი რძალი – მანანა თუ ლალი მოროშკინა.
ჭოლა და მანანა მას შემდეგ ერთად არიან. სცენაზეც, ცხოვრებაშიც. სცენაზე ბევრ როლს “ზრდიან” ერთად, ცხოვრებაში ერთ გოგონას – თინათინს.
ნინო იოსელიანი – ირაკლი ჩოლოყაშვილი.

ყველაფერი “ლაითად” დაიწყო. ირაკლი ჩოლოყაშვილი მარჯანიშვილის თეატრის შტატიანი მსახიობი იყო, ნინო იოსელიანი – მიწვეული მსახიობის სტატუსით. ირაკლი აუვლიდა ჩაუვლიდა და კომპლიმენტებით უმასპინძლდებოდა, ეს კომპლიმენტები ძირითადად კაბის ფერებს უკავშირდებოდა, მერე გრძნობა შეეპარა და შეტევაზე გადავიდა. ორივე კულისებში იდგნენ – გაღმა-გამოღმა, შუა სცენა “ჩამოსდიოდათ” ირაკლიმ რომ მობილური მოიმარჯვა და სურათების გადაღება დაუწყო ნინოს, ნინომ გვერდით გააპარა თვალი, ნეტა ვის უღებსო, რომ მიხვდა რომ იქ მის მეტი არავინ  ჭაჭანებდა, გაიპრანჭა როგორც  ფოტოსესიაზე… ირაკლი ნინოზე რვა წლით უფროსია. ნინო პირველ ქმართან უკვე გაშორებული იყო, ახლა ექვსი წლის გოგონა ჰყავს… შეყვარებული ირაკლი თავს ვეღარ მოერია და ოჯახს გამოუტყდა, პირველად დას გაუშალა გული – გოგონა მიყვარს და ბავშვიანია, ბიჭი ჰყავსო. ოჯახს ქოში არ უყრია უკუღმა – ბედნიერებაში არ შეუშალეს ხელი. მერეღა გაარკვია ირაკლიმ რომ ნინო იოსელიანს, ბიჭი კი არა გოგონა ჰყავდა…
რომ დაქორწინდნენ ირაკლი 36 წლის იყო. ნინო 28 წლის. უკვე 2 წელიწადზე მეტია ერთად არიან. ნინო აფხაზეთში გმირულად დაღუპული საშკა იოსელიანის ქალიშვილია…
მაია დობორჯგინიძე – გოგა ბარბაქაძე

ტელემაყურებლისთვის მაია დობორჯგინიძე და გოგა ბარბაქაძე “შუა ქალაქის” ვარსკვლავები არიან, თეატრის მოყვარული მაყურებლისთვის კი მაია დობორჯგინიძე – თავისუფალი თეატრის მსახიობი, გოგა – რუსთაველის თეატრის. მათი სიყვარულიც და დაწყვილებაც სწორედ თეატრს უკავშირდება და ტელევიზიას. თუმცა ყველაფერი მართლაც შუა ქალაქში – რუსთაველზე, თეატრალურ ინსტიტუტში დაიწყო. მაია დობორჯგინიძე მეოთხე კურსზე იყო, როცა გოგა ბარბაქაძე ჩაირიცხა ინსტიტუტში. ორივეს პედაგოგი შალვა გაწერელია იყო. მაშინ გაიცნეს ერთმანეთი, მერე იყო “კაპუსტნიკის” მზადება შალვა გაწერელიასთვის რომ დაბადების დღე მიელოცათ. დაახლოვდნენ.
მერე გოგამ მეგობრის დაბადების დღეზე დაპატიჟა. არ ეგონა თუ წაყვებოდა. მაია წაჰყვა. გოგა მიხვდა რომ მაია გულგრილი არ იყო და დაბადების დღიდან რომ ბრუნდებოდნენ, გამოუტყდა მიყვარხარო. მაიას დუმილმა ბევრად მეტი უთხრა გოგას… მერე იყო შეყვარებულობის შვიდწლიანი ხანა. ბლომად ყვავილები. სიურპრიზები. მაიას აგარაკი კოტორაანთკარში. გოგამ ყური მოჰკრა რომ სოფელში ვიღაცას ვარდების სათბური ჰქონდა, მიაკითხა, აუხსნა ვისთვისაც უნდოდა ვარდები… იმ ქალბატონს ვინ იცის რა გაახსენა შეყვარებული ბიჭის თხოვნამ და სრულიად არამარკეტინგული გადაწყვეტილება მიაღებინა – რამდენიც გინდა წაიღეო. გოგამაც კრიფა და კრიფა, კრიფა და კრიფა და მძინარე “დობოს” ოთახი ვარდებით გაუვსო.
მათი სიყვარულის ამბავი იმდენმა იცოდა, გაპარვას აზრიც გასძვრა და ძირიც. ყველაფერი ტრადიციულად მოხდა, ნიშნობით, ხელის თხოვნით.
დღეს უკვე პატარა გაბრიელს ზრდიან.

დაიბეჭდა “პრაიმ თაიმში”
%d bloggers like this: