Tag Archives: მეოცეს ოცეული

უბერებელი „ურიელ აკოსტა“

მეოცეს ოცეული

გენიოსებთან ჭიდილში დამარცხებული დრო და… ივდითები, ურიელები…

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა „პრაიმტაიმში“)

„პრაიმტაიმის“ გამოკითხვაში კოტე მარჯანიშვილის დადგმული კარლ გუცკოვის „ურიელ აკოსტა“ მეოცე საუკუნის საუკეთეშო ქართულ სპექტაკლად დაასახელა 20–დან 18–მა გამოკითხულმა, მათგან 5–მა პირველ პოზიციაზე და დაგროვილი 291 ქულით „ურიელ აკოსტამ“ მეორე ადგილი დაიკავა მეოცეს ოცეულში.

რელიგიური დოგმების წინააღდეგ ამხედრებული ფილოსოფოსი ურეილ აკოსტა.

რაბინებისგან დაწყევლილი ურიელ აკოსტას ტრაგიკული სიყვარულის ისტორია…

ამ ტრაგიკულ ისტორიას აგერ 82–ე წელიწადია თამაშობენ მარჯანიშვილის თეატრში და ამ სიყვარულის ისტორიას თან სდევს შლეიფი – სწორედ „ურიელ აკოსტას“ რეპეტიციებისას შეუყვარდათ ერთმანეთი სოფიკო ჭიაურელსა და კოტე მახარაძეს…

სოფიკო ჭიაურელი: „ურიელმა“ დაგვღუპა… ყველაფერი სპონტანურად მოხდა, მას ცოლი ჰყავდა, მე – ქმარი… ამ ყველაფერს უფრო კრიმინალური შარავანდედი ადგა, ვიდრე რომანტიკული…“

კრიმინალური შარავადედი არ დასდგმია უშანგი ჩეიძის ტრფობას ვერიკო ანჯაფარიძისადმი… მაგრამ ეტრფოდა…

„როდესაც მე მოვიხედე ივდითისკენ, ასე მეგონა რაღაც შუქი ამოდიოდა მისი სახიდან… ივდითის მომღიმარი სახიდან მოედინებოდა ნათელი, რაც ავსებდა მთელ სცენას, მისი თვალები ბრწყინავდნენ, გეალერსებოდნენ და მისგან წამოსული სხივი გიზიდავდა…“ – იხსენებდა უშანგი ჩხეიძე…

ბედისწერად იქცა – მარჯანიშვილის და ოცხელის შეკრულ „კარკასში“ უნებლიედ იბადებოდა სიყვარული – ურიელის და ივდითის შემსრულებელ მსახიობებს შორის, ალბათ სწორედ ამას ითვალისწინებდა სოფიკო ჭიაურელი, როდესაც ბოლო აღდგენისას ამ როლებზე ცოლ–ქმარი გაანწილა – ნატა მურვანიძე და ნიკა თავაძე…

სადაცაა „ურიელ აკოსტა“ 82 წლის გახდება. დაიბადა ქუთაისში 1929 წლის 2 თებერვალს, 2 წლისაც არ იყო თბილისში რომ „ჩამოიყვანეს“ და მას შემდეგ თბილისში ცხოვრობს… 1928 წელს მარჯანიშვილმა დაარსა ქუთაის–ბათუმის თეატრი, 1930 წელს თბილისში საგასტროლოდ ჩამოსული დასი თბილისში დარჩა და სახალხო სახლში დაიდო ბინა. 1933 წელს თეატრს მარჯანიშვილის სახელი ეწოდა…

როგორ იქმნებოდა შედევრი სახელად „ურიელ აკოსტა“, რომელიც დღემდე ახდენს ზემოქმედებას მაყურებელზე?

შედევრის ავტორთაგან მხოლოდ კოტე მარჯანიშვილი იყო შემოქმედებითი სიმწიფის, 56 წლის ასაკში, კომპოზიტორი თამარ ვახვახიშვილი 35 წლის იყო, ურიელი – უშანგი ჩხეიძე – 30 წლის, ივდითი – ვერიკო ანჯაფარიძე – 28 წლის, გენიალური სცენოგრაფი პეტრე ოცხელი კი მხოლოდ 21 წლის…

სწორედ  21 წლის ჭაბუკის შექმნილი დეკორაციები და კოსტიუმებია, აგერ დღემდე რომ შოკში აგდებს და ანცვიფრებს მნახველს. განგებამ მის შემოქმედებას  უფრო ხანგრძლივი ქრონომეტრაჟი უბოძა, ვიდრე თავად მას. სასცენო მხატვრობის რევოლუციონერი ავბედით 37-ში, სრულიად ახალგაზრდა, 30 წლის დახვრიტეს, როგორც კონტრევოლუციონერი… მისმა შემოქმედებამ კი მოინელა თავად კომუნისტური, პირსისხლიანი რეჟიმი. უყურებ ოცხელის უკიდეგანო ფანტაზიის ნაყოფს – უჩვეულო სცენიურ გარემოს, იხსენებ მის ასაკს და სულაც აღარ გიკვირს, თუ როგორ შექმნა იმავე ასაკში შილერმა „ყაჩაღები“…

20 წლის იყო პეტრე ოცხელი მარჯანიშვილმა რომ მისი გაფორმებული „ცეცხლის გამჩაღებელნი“ ნახა მუშათა თეატრში. ოცხელის ესკიზებმა მარჯანიშვილი აღაფრთოვანა – გენიამ იცნო მომავალი გენია და თავისთან წაიყვანა და სულ მალე ოცხელის გენია აელვარდა კიდეც… თუმცა, როგორც თეატრის ისტორიის ანალებიდან ირკვევა, მარჯანიშვილს არ მოსწონებია  ესკიზები, რომელიც თავიდან მიუტანა ოცხელმა, არ მოეწონა რადგან იქ ზდანევიჩისა და გამრეკელის გავლენა იგრძნობოდა. მარჯანიშვილი არ აჩქარებდა ოცხელს… და აი, ოცხელმა მაკეტი მიიტანა მარჯანიშვილთან…

მარჯანიშვილი დიდხანს ათვალიერებდა მაკეტს…. ხელჯოხი მთელი ძალით დასცხო მაგიდას, მსახიობები გაინაბნენ, ეგონათ მაკეტი არ მოეწონა და ყველას ჯოხით დაერეოდა. „გენიალურია, შესანიშნავი, ყოჩაღ პეტრე! სადაა ის ბიჭი“ – იყვირა მარჯანიშვილმა… პეტრე ოცხელი სცენის სიღრმეში იდგა თავჩაქინდრული, გაწითლებული…

მაყურებელს დღესაც აჯადოვებს მარჯანიშვილის რეჟისორული გადაწყვეტისა და ოცხელის მხატვრობისა საოცარი სინქრონულობა.მარჯანიშვილის შედევრმა დაამარცხა დრო – „ურიელ აკოსტა“ დღესაც მარჯანიშვილის თეატრის რეპერტუარშია.

რა ხდება, რატომ აღელვებს მაყურებელს ოდესღაც დადგმული სპექტაკლი, მხოლოდ იმიტომ რომ შედევრია, მხოლოდ იმიტომ რომ არქეტიპად ქცეულ მარჯანიშვილის დადგმულია?  იქნებ იმიტომაც რომ ქადაგებს აზრის თავისუფლებას? იქნებ იმიტომ რომ გვიამობს რელიგიურ დოგმების, ფანატიზმის, გარემომცველი სამყაროს წინააღდეგ ამხედრებული ურიელ აკოსტას ტრაგიკული სიყვარულის ისტორიას, ნათელისა და ბნელის ჭიდილს. ბნელისა და ნათლის, შუქ-ჩრდილების, შავისა და თეთრის მონაცვლეობა უდევს აქ საფუძვლად ყველაფერს, ოცხელის დეკორატიული მონასმები ორგანულად ერწყმის მარჯანიშვილის მეტყველ მიზანსცენებს, ულამაზეს კომპოზიციებს. მსახიობები ქანდაკებებივით არიან ნაკვეთი, არსად არიან სტატიკურნი, ყველაფერს ყველაფერს შინაგანი რიტმი და სულიერიო ექსპრესია  აერთიანებს. ცხადია, დღევანდელი „ურიელის“ ზემოქმედება ალბათ ბევრად ჩამოუვარდება 80 წლის წინანდელ ზემოქმედებას, ისევე როგორც აღდგენილი სპექტაკლი ორიგინალს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმასაც რომ მას შემდეგ არათუ თეატრმა, საერთოდ სამყარომ იცვალა ნირი, რიტმი, დღევანდელი ზემოქმდების ძალა მაინც შთამბეჭდავია. სწორედ ამ „მაინც შთამბეჭდავობითაა“ „ურიელ აკოსტა“ გენიალური, ამ თეატრალურ მკვეთრ, პირობით ფორმებს, საერთოდ ზეაწეულ განცდებს გადაჩვეულ, გაუცხოებულ მაყურებელსაც რომ უთრთოლებს სულს. ცხადია, უხვად არიან ისინიც ვინც მყარადაა დამიწებული და არანაირად რომ არ ეპიტნავებათ ეს „ზეაწევა“ და თეატრისგანაც რომ მიწაზე გორაობას ითხოვენ, მაგრამ ეს სპექტაკლი მათთვის არაა…

მარჯანიშვილის „ურიელ აკოსტამ“ დროზე გაიმარჯვა, მაგრამ დროზე გამარჯვებამდე მესხიშვილის „ურიელ აკოსტაზე“ – სწორედ ქუთაისის სცენაზე დადგა მეოთხედი საუკუნით ადრე ლადო მესხიშვილმა კარლ გუცკოვის ეს ტრაგედია, ურიელს თავად ასრულებდა, ივდითს – ქართული თეატრის სინდისად აღიარებული ნუცა ჩხეიძე. ლადო მესხიშვილის ტრიუმფალური ურიელის შემდეგ ამ პიესას აღარავინ ეკარებოდა… აღარავინ – მარჯანიშვილამდე.

წარმატებულ პრემიერას წინ ასევე წარმატებული ჩვენება უძღოდა – თბილისდან ჩასულ მწერლებს, საზოგადო მოღვაწეებს „ურიელი“ დეკემბრის მიწურულს ანახეს.

ამ ჩვენების წინ კი იყო… ჩავარდნილი გენერალური რეპეტიცია.

რეპეტიცია ცუდად მიდიოდა, მსახიობები ვერაფრით ვერ პოულობდნენ საჭირო ტონს. „ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, თითქოს ყველაფერი დაიკარგა, რაც კი რეპეტიციებზე ვიპოვე. მუსიკაც მიშლის ხელს, გამძვინვარებული მარჯანიშვილიც მბოჭავს, სინათლე თვალს მჭრის. ყურადღების მოკრება მიჭირს. მონოლოგს წარმოვთქვამ მექანიკურად. ვერაფერს ვგრძნობ, სიცივე და სიცარიელე მაქვს გულში. უშანგი – ურიელიც ჩამქრალია, არა აქვს სითბო, სიცოცხლე, ცეცხლი – და ასე რეპეტიციის დამთავრებამდე ყველაფერი დაიკარგა, წაიშალა. სად გაქრა დაუვიწყარი რეპეტიციების სიხარული? როგორი ზეშთაგონებით ქმნიდა მარჯანიშვილი ამ სპექტაკლს – როგორი აღფრთოვანებით ვიჭერდით მის ყოველ აზრს ჩვენ, მსახიობები… ჩვენ ვგრძნობდით, რომ ამ სპექტაკლში კიდევ უფრო ძლიერად, უფრო სრულყოფილად გადაიშალა მარჯანიშვილის გენია. და ეს ყველაფერი ჩვენ, მსახიობებმა, დღეს დავკარგეთ, დავანგრიეთ, გავაცამტვერეთ“ – იხსენებდა ვერიკო ანჯაფარიძე…

მარჯანიშვილი ყვიროდა, ცეცხლს ყრიდა, ცდილობდა ეხსნა თავის შედევრი, მსახიობები რომ უნადგურებდნენ, მაგრამ ამაოდ… „დამღუპეთ მე თქვენ, დამტანჯეთ, დამასამარეთ“ – ეუბნებოდა მსახიობებს.

„ასეთი განადგურებული მარჯანიშვილი მე არ მინახავს“ – იტყვის ვერიკო ანჯაფარიძე, სწორედ ვერიკოს უხმო თეატრიდან გამოსულმა და სასტუმროსკენ ლასლასით მიმავალმა მარჯანიშვილმა. „ მივუახლოვდი და ვხედავ, თვალები ნათელი აქვს, სხივჩამდგარი, სიხარული გამოკრთის, ეშმაკური ღიმილი დასთამაშებს სახეზე და მეუბნება: წადი დაიძინე, კარგად დაისვენე, საღამოს მოხდება გრანდიოზული რამ, გენერალური ჩაგვივარდა – ეს ხომ შესანიშნავია!…“

– გაიხსენებს ვერიკო და სწორედ ამის შემდეგ დამკვირდა ქართულ თეატრში რწმენა – რომ ჩავარდნილი გენერალური რეპეტიცია წარმატებული პრემიერის გარანტიაა. მაგრამ ეს რწმენა ხშირად ცრურწმენაა – ვინ მოსთვლის რამდენი გენერალური რეპეტიცია ჩაფლავებულა და მერე პრემიერაც ჩაფლავებულა…

ვერიკოს გარდა მარჯანიშვილის „ურიელ აკოსტას“ კიდევ ბევრი ივდითი ახსოვს.

სესილია თაყაიშვილი, სოფიკო ჭიაურელი, მედეა ჯაფარიძე, დოდო ჭიჭინაძე, ნინო დუმბაძე, ნატო მურვანიძე…

ახალგაზრდა სესილია თაყაიშვილი ჯერ კიდევ მაშინ შეიყვანეს სპექტაკლში, როცა სცენაზე ვერიკო იდგა. გარკვეული წარმატებების მიუხედავად სესილიას ივდითი ვერ იქცა სპექტაკლის ნაწილად. სესილია ვერ ჰგუობდა უჩვეულო ფორმის სავარძელს, არანაკლებ უჩვეულო კოსტიუმს, საერთოდ გარემოს. იგი ეთაყვანებოდა ვერიკოს ივდითს, თვითონ კი ვერ იქცა ივდითად. იმდენად მწარე იყო მისთვის მარცხი, რომ სიკვდილის წინ მიცემულ ინტერვიუში, ცხოვრების ყველაზე უბედურ დღედ, „ურიელში“ თამაშის დღე დაასახელა…

ვერიკომ „ურიელ აკოსტა“ პირველად 1962 წელს აღადგინა. ურიელს პიერ კობახიძე თამაშობდა, ივდით თავად – უკვე 60–ს გადატანებული, მაგრამ იგი კვლავინდებურად აჯადოებდა მაყურებელს. 1972 წელს ვერიკომ ხელმეორედ აღადგინა „ურიელ აკოსტა“, ამჯერად ურიელს კოტე მახარაძე თამაშობდა, ივდითს – სოფიკო ჭიაურელი. „არ მინდოდა ივდითის თამაში, დედამ მაიძულა… ვცდილობდი გავქცეოდი მის აჩრდილს, მაგრამ ვერ მოვახერხე… დედასთან დავმარცხდი და დავმარცხდი რომელია…“ (სოფიკო ჭიაურელი).

მესამედ უკვე სოფიკო ჭიაურელმა აღადგინა სპექტაკლი 1991 წელს, ზურაბ სტურუას და ნინო დუმბაძის მონაწილეობით. 15 წლის შემდეგ, 2006 წელს კვლავ სოფიკომ აღადგინა „ურიელ აკოსტა“. ამჯერად ივდითად ურიელის – კოტე მახარაძის შვილიშვილი – ნატა მურვანიძე მოგვევლინა, ურიელად – ნიკა თავაძე.

ვერიკოსთან მარცხდებოდნენ მაშინ როცა ის სცენაზე იდგა, ვერიკოსთან მარცხდებოდნენ მაშინ როცა იგი პარტერში იყო რესტავრატორის ამპლუაში და მაშინაც – როცა იგი მთაწმინდაზე განისვენებს.

ნატა მურვანიძე: „ერთი წამითაც არ ვედრები სესილია თაყაიშვილის მონაცემებს და შესაძლებლობებს, მაგრამ ახლა ვერიკო ანჯაფარიძე რომ ცოცხალი იყოს და სცენაზე იდგეს, ჩემთვისაც ყველაზე უბედური დღე 2006 წლის 30 სექტემბერი იქნებოდა, როცა პირველად ვითამაშე ივდითი…“

მარჯანიშვილის თეატრს „ურიელ აკოსტას“ ბოლო აღდგენა 8 900 ლარი დაუჯდა. ეს თანხა ძირითადად დეკორაციის რესტავრაციას და კოსტიუმების ხელახლა შეკერვას მოხმარდა.

ყვითელი დეტალი: ახალ ივდითს – ნატა მურვანიძეს არც ერთი წინამორბედი ივდითის კოსტიუმი არ ჩაეტია კოჭებამდე დაშვებული კაბები წვივებსაც ვერ უფარავდა, ყველა კაბა მკლავებამდე წვდებოდა.

„ვიცოდი მაღალი ვიყავი, მაგრამ სულ მეგონა რომ თავი პატარა მქონდა, მაგრამ არც თავსბურავი მომერგო, ისიც პატარა მქონდა. დეკორაციაც კი პატარაა ვინც დააკვირდება“ – ამბობს ნატა მურვანიძე.

ნატა მურვანიძე: „ მართლაც უძლიერესი კონსტრუქცია აქვს ამ სპექტაკლს, ქორეოგრაფია, მუსიკა, პრინციპში ნახატივითაა, ერთი დიდი ტილოა.

ჩვენ ხელში გვქონდა შედეგი – მიზანსცენები, ჟესტები და თავად უნდა მივსულიყავით ამ შედეგამდე. მიხეილ ჩეხოვს აქვს ფსიქოლოგიური ჟესტით სავარჯიშო. ფსიქოლოგიურ ჟესტს რომ აკეთებ ერთხელ, ორჯერ, ათჯერ, ოცჯერ… ამ ჟესტს მიჰყავხარ იმ ემოციამდე, რომელმაც ეს ჟესტი შვა. ამ პრინციპით ვმუშაობდით და მინდა მჯეროდეს რომ ამ გზით ვიწვევდით იმ საწყის ემოციას, თავდაპირეველი შემსრულებლები რომ განიცდიდნენ. ყოველშემთხვევაში ეს ჟესტები ჩემში აშკარად იწვევს რაღაცას, შეიძლება იმ დოზას არა რასაც ქალბატონ ვერიკოში, ან შემდეგ აღიარებულ, ლეგენდარულ მსახიობებში… იმდენად მაგარია, იმდემად აწყობილია ეს ყველაფერი, მე არ მეგულება მსახიობი ქალი, რომელიც ამას ისე ვერე იგრძნობს, როგორც მე ვგრძნობდი. გული მწყდება სხვებს რომ არ აქვთ საშუალება რომ განიცადონ ის, რაც იქ ხდება, რომ იმ მონახაზში იცხოვროს, ამ სპექტაკლს აქვს კიდე რაღაც განსაკუთრებული მაგია… მე არ ვიცი ეს გარედან როგორ ჩანს, მაგრამ შიგნით აშკარად მონუსხული და მოჯადოებული ხარ 80 წლის წინანდელი რაღაცით, რომელსაც სახელი არა აქვს… სახელი აქვს კოტე მარჯანიშვილი, გენიოსი. რომელიც სათავეა ამ ყველაფერის…“

 

 

 


 

„კავკასიური ცარცის წრით“ გარღვეული საბჭოური რკინის წრე

მეოცეს ოცეული

სპექტაკლი, რომელიც მხოლოდ პინგვინებს არ უნახავთ

„პრაიმტაიმის“ გამოკითხვაში მეოცე საუკუნის საუკეთესო ქართულ სპექტაკლად „კავკასიური ცარცის წრე“ დაასახელა ოციდან ოცმა რესპოდენტმა, მათგან შვიდმა – პირველ პოზიციაზე.  „პრაიმტაიმის“ გამოკითხვისას დაგროვილი 310 ქულით „კავკასიური ცარცის წრემ“ მეოცეს ოცეულში პირველი ადგილი დაიკავა…

რეზო შატაკიშვილი

თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დოქტორანტი

(სტატიის მოკლე, საგაზეთო ვარიანტი დაიბეჭდა “პრაიმტაიმში”)

ჩვენ ყოველთვის მაყურებლის გაოცებას ვცდილობთ. ვფიქრობ რომ გაოცება, როგორც ესთეტიკური კატეგორია, ყველა სფეროში უნდა არსებობდეს – ეს რომ რობერტ სტურუამ უცხოურ პრესას განუცხადა, უკვე გაოცებული ჰყავდა მთელი მსოფლიო „კავკასიური ცარცის წრით“…

სტურუამ მაყურებელი თავის ბრეჰტიანული კარნავალით ზუსტად 35 წლის წინ გააოცა და ეს გაოცება იქცა „პრესენტ ქონტნიუსად“ მთელი 30 წლის მანძილზე.

ამ ხნის განმავლობაში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ „კავკასიური ცარცის წრე“ ითამაშეს შვიდასჯერ… რუსთველის თეატრის სცენაზე 1994 წლის 23 ივლისს 550-ედ ითამაშეს „კავკასიური“, შედეგ, „კავკასიურით“ დაიხურა 1995 წლის სეზონი… მეოცე საუკუნის მართლაც საუკუნის სპექტაკლმა სიცოცხლე 21-ე საუკუნეშიც განაგრძო – 2002 წელს რამაზ ჩხიკვაძის დაბადებიდან 74 წლის აღსანიშნავად თბილისში რამოდენიმეჯერ, შემდეგ მოსკოვში ზედიზედ ოთხჯერ ითამაშეს „კავკასიური“, ითამაშეს 2006 წელსაც – მისი ვარსკვლავის გახსნისას…

რამაზ ჩხიკვაძე იყო უცვლელი აზდაკი, მხოლოდ მცირე ხნით იყო ეროსი მანჯგალაძე მისი დუბლიორი. არ შეცვლილან გურამ საღარაძე, კარლო საკანდელიძე, ჯემალ ღაღანიძე, მაყურებელმა იზა გიგოშვილის გრუშეს შემდეგ იხილა თათული დოლიძის გრუშე, კახი კავსაძის სიმონ ჩაჩავას შემდეგ – ლევან ბერიკაშვილის სიმონ ჩაჩავა, მარინე თბილელის ნათელა აბაშვილის შემდეგ – ლია გუდაძის, შემდეგ მარინა კახიანის ნათელა აბაშვილები… იცვლეობოდა თაობები  და იცვლებოდნენ მიშიკო აბაშვილები…

რუსეთის ხელოვნებათმცოდნეობის ინსტიტუტმა გამოსცა „მეოცე საუკუნის სპექტაკლები“, სადაც მეოცე საუკუნის მანძილზე მთელს მსოფლიოში დადგმული ასი საუკეთესო სპექტაკლია შესულია. ამ ას სპექტაკლში შესულია მხოლოდ ორი ქართული სპექტაკლი – სანდრო ახმეტელის „ყაჩაღები“ და რობერტ სტურუას „კავკასიური ცარცის წრე“…

სტურუამ თავისი გენიალური შედევრი 1975 წელს შექმნა. იმ დროისათვის ის მხოლოდ 37 წლის იყო და ეს შედევრი მის მიერ რუსთველის თეატრში დადგმული რიგით 21-ე სპექტაკლი იყო… სწორედ „კავკასიური ცარცის წრით“ გაარღვია რუსთაველის თეატრმა საბჭოური რკინის წრე და გავიდა საზღვარგარეთ…

როგორც თავად სტურუა იტყვის, „კავკასიურში“ მოხდა წინა სპექტაკლების დადგმისას განხორციელებული რთული ძიებების კონცენტრაცია, მისი შემოქმედების გარკვეული ეტაპის დაგვირგვინება. მაესტრო იტყვის იმასაც რომ „კავკასიური“ სწრაფად კი არა, ერთი ამოსუნთქვით იბადებოდა, რადგან „კავკასიურს“ წინ უსწრებდა „ყვარყვარე“ სადაც მან უკვე მიაგნო ბრეჰტისეული სტილისტიკის გასაღებს. ის ამბობს, მაგრამ ხომ არაა ეს „ძის სიხარულით“ დაკარგულ-დავიწყებული ილაოს მსგავსი სენები, ის სამშობიარო ტკივილები, რომელიც ახლდა „კავკასიურის“ შობას?

რობერტ სტურუას პირველი რეპეტიციებიდან მსახიობები გაექცნენ, ანუ როგორც თეატრში ამბობენ როლიდან აითესნენ“. მერე კი სანანებელი გაუხდათ ეს ათესვადა რობერტმა მწარედ დაუმახსოვრა ზოგიერთს ეს სულმოკლეობა – დაწერს ნოდარ გურაბანიძე…

ზოგიერთების „როლიდან ათესვა“ იმითაც იყო განპირობებული რომ იმ დროისათვის, თავად სტურუას კი ჰქონდა მიგნებული ბრეჰტის სტილისტიკის გასაღები, მაგრამ ქართული თეატრისთვის, მსახიობებისთვის უცხო იყო ბრეჰტის „გაუცხოების ეფექტი“, „როლიდან დისტანცირება“, მისი პიესების სპეციფიკური თეატრალობა, თავად პიესა  – „კავკასიური ცარცის წრე“ – თავისი დიდაქტიკური პათოსით, გადატვირთული სოციალური ზონგებით, ვეება მონოლოგებით, წამყვანის თხრობით…

მაგრამ რეჟისორს ღრმად სწამდა იმის რასაც აკეთებდა… „კავკასიურზე“ მუშაობისას დარწმუნდა რომ ქართული თეატრალური სკოლის პრინციპებისთვის არც ისე შორეული იყო ბრეჰტის თეორია, როგორც მანამდე ეჩვენებოდათ.

სტურუამ არათუ უბრალოდ მიაგნო ბრეჰტის გასაღებს, ბევრად შორსაც წავიდა.

თუ ბრეჰტი კრიტიკულად ითვისებდა კლასიკოსთა შემოქმედებას, სტურუასთვის თავად ბრეჰტი იყო უკვე კლასიკოსი და… შემოგვთავაზა ბრეჰტისეული გაუცხოების ეფექტის სრულიად თავისებური, ახლებური ინტერპრეტაცია,  ბრეჰტის „ჩვეულებრივი“ კონცეფციის „არაჩვეულებრივი“ რაკურსი…

ამბობდა კიდეც სტურუა – თუ გაუცხოებაგვაიძულებს სინამდვილეს შევხედოთ ისე, თითქოს იგი საერთოდ არ გვენახოს, მაშინ ჩვენ (მაპატიეთ სითამამე!) ავდექით და თვით ბრეჰტი გავაუცხოვეთ“, უფრო ზუსტად გავაუცხოეთ შტამპად ქცეული შეხედულება ამ საოცარ რენესანსულ კაცზე“.

***

წლების მანძილზე იხდებოდა ფარდა და ჩვენს თვალწინ თამაშდებოდა თავბრუდამხვევი კარნავალური სანახაობა. ერთმანეთს ენაცვლებოდა ეპიზოდები, ეპიზოდები, რომლებიც წარმოადგენდნენ თავის თავში დასრულებულ თეატრალურ ფორმას. დასრულებული ეპიზოდი მომდევნო ეპიზოდს თითქოს ეწინააღდეგებოდა კიდეც, ეს მომდევნო არც მოსალოდნელი იყო და არც წინას ლოგიკური გაგრძელება, თუ რომელიმე ეპიზოდს ცალკე ამოგლეჯდი აბსურდულადაც მოგეჩვენებოდა, მაგრამ ეპიზოდების ეს ურთიერთჯანყი მოჩვენებითი იყო, მათ აერთიანებდათ დიდი იდეასთან წილნაყარი მეტაფორული, პოეტური აზროვნება. სტურუასთან სპექტაკლის აგების ამგვარი, ეპიზოდური აგების პრინციპი უკვე „ყვარყვარეში“ გამოიკვეთა, „კავკასიურში“ კი სრულყოფილებას მიაღწია. ეპიზოდების ამგვარი სისტემა რეჟისორს საშუალებას აძლევდა შეექმნა მრავალნაირი თეატრალური ილუზიები, თეატრალური ფორმები, ერთმანეთის გვერდით ეარსება ფარსასა და ტრაგედიას, ბურლესკსა და კომედიას, ბუფონადასა და დრამას, ესტრადას და ბალაგანს.

აცხადებდა კიდეც სტურუა – ჩვენ გვინდა რომ ჩვენს დადგმებში ყველა ჟანრი ერთდრულად არსებობდეს. ფარსი ერწყმოდეს ფსიქოლოგიზმს, კლოუნადა _ დრამას, ტრაგედია მუსიკალურ-პლასტიკურ გადაწყვეტას. ჩვენი კრედოა უნივერსალური თეატრი…

სტურუასავე განცახდებით, მასზე უდიდესი გავლენა იქონია მ. ბახტინის იდეებმა კარნავალიზაციაზე, რომლის მიხედვით „მაღალი“ და „მდაბალი“, წარსული და მომავალი, გროტესკი და რეალიზმი, ნიღაბი და ცოცხალი სახე კარნავალურად ერთიანდებიან. სტურუამ ბრეჰტის პიესიდან შექმნა გენიალური კარნავალი, მაგრამ როგორ? კარნავალი ხომ უნაპიროა, თავაშვებული, ბრეჰტის პიესა კი სავსეა ზონგებით, მონოლოგებით, კომენტარებით რომელიც წყვეტენ მოქმედებას და არანაირად არ უკავშირდებიან „კარნავალურ უწესო თამაშს“? რუდნიცკის განმარტებით ამ წინააღდეგობას არ დაუფრთხია სტურუა, პირიქით გაახარა და სარგებელიც ნახა „შეუთავსებელის შეთავსებით“: სპექტაკლში უფრო მეტი წყვეტილები იყო ვიდრე პიესაში, მაგრამ წამყვანის ჟანრი ლოლაშვილის სენტენციები კი არ აფერხებდა კარნავალურ კავკალადას, პირიქით აჩაქარებდა, მიერეკებოდა მის სრბოლას, ეს იყო როგორც შოლტის ტკაცუნი, რომლის შემდეგ თამაშის ტონუსი მაღლა აიჭრებოდა ხოლმე, რათა ერთი გაქანებით დაეძლია ის ზღუდე, რომელიც ბრეჰტის ერთ ეპიზოდს მეორესთან აცალკევებს – წერდა რუდნიცკი.

***

კავკასიურისსცენოგრაფიული გადაწყვეტა მიკარნახა რუსი მხატვრის გ. გაგარინის ტილომ თბილისური ბაზარი“, აქ ერთმანეთშია აღრეული სულ სხვადასხვა ქვეყნები და ეპოქები – აღმოსავლეთი, დასავლეთი, სიძველენი და მაშინდელი უკანასკნელი მოდა. ჩვენ ისღა დაგვრჩენოდა რომ ამ დომხალისთვის თანამედროვე და უახლესი წარსული მოტივები დაგვემატებინა. დეკორაციაც თითქოს ბაზრის მოედანს გამოხატავს. იქვეა ხის უხეში ღობე და დაძონძილ-დაკერებული ფარდები“ – აცხადებდა გოგი მესხიშვილი.

დეკორაცია თითქოს ბაზრის მოედანს გამოხატავს, მაგრამ თითქოს, იმიტომ რომ გარემო მაინც არაა კონრეტიზირებულია, განტვირთულია ყოველგვარ ზედმეტისგან, საგნები გამქრალია სცენიდან, მხოლოდ აუცილებელი საგნები შემოაქვთ, წარმატებითაა გამოყენებული იაპონურ თეატრ „ნოს“ ეს პრინციპი (რაც ცნობილი იყო ბრეჰტისთვის….), მსახიობი საკუთარ პლასტიკას და წარმოსახვას, ფანტაზიასაა მინდიბილი. უზარმაზარ სივრცეს სწორედ მსახიობთა მოძრაობა, პლასტიკა, პოზა, ცეკვა ავსებდა… იური ზარეცკის ქორეოგრაფია მნახველს ატყვევებდა…. მსახიობთა პლასტიკური ფორმების საყრდენი გია ყანჩელის მუსიკაში იდო. გია ყანჩელი ადრეც წერდა მუსიკას სტურუას სპექტაკლებისთვის, მაგრამ მათი თანამშრომლობა ასეთი ნაყოფიერი არასოდეს არ ყოფილა. „სპექტაკლი თითქოს დაბადებულია მუსიკის სტიქიისგან“ – წერდა მუსიკათმცოდნე გივი ორჯონიკიძე.

სცენაზე თითქოს ბაზარია, ბაზარი იმიტომ რომ სწორედ ბაზარზე უნდა გათამაშდეს კარნავალი….

სპექტაკლი კარნავალური სცენით იწყება „იყიდეთ, იყიდეთ, იყიდეთ“….

ეს სცენა არანაირ უშუალო აზრობრივ კავშირში არაა მოქმედების შემდგომ განვითარებასთან, მაგრამ სწორედ იგია კამერტონი ამ კარნავალური, ირონიული  განწყობილების… რეჟისორი გვამცნობს რომ აქ იბატონებს თამაშის სტიქია…

***

ბრეჰტის პიესაში მოქმედება საქართველოში მიმდინარეობს, სტურუამ კი მაყურებელს შესთავაზა ერთგვარი შუალედური ვარიანტი ევროპასა და საქართველოს შორის. „ბრეჰტი არ იცნობდა საქართველოს და ჩვენი ქვეყანა აქ თავის თავს არ ჰგავდა, რასაც უმალვე შენიშნავდა ქართველი მაყურებელი. ამიტომაც ამოვიღეთ ეპილოგი, სადაც მოქმედება საქართველოში მიმდინარეობს (იგი ძალზე ბოჭავდა ჩვენ თავისუფლებას) და შერეული კოსტიუმები დავამზადეთ… ბრეჰტის შეუღლებამ ჩვენს ეროვნულ ხასიათთან მოგვცა უცნაური ჰიბრიდი“ – წერდა სტურუა.

სტურუასეულ სპექტაკლს „პირობითად შეიძლება ეწოდოს „გრუშე“ და „აზდაკი“ – შენიშნავს ნოდარ გურაბანიძე. ბრეჰტთან, უამარვ ეპიზოდებში, სიუჟეტურ სვლებში თითქოს იკარგება კიდეც ამ ორი ძირითადი პერსონაჟის ცხოვრების ამბები, მაგრამ სტურუამ პირველ და მეორე მოქმედების ცენტრიდანულ ძალად გრუშე აქცია, მესამე და მეოთხე მოქმედების ღერძად – აზდაკი, ეს ორი პარალელური სიუჟეტური ხაზი გაწმინდა ეპიზოდების აუტანელი სიმრავლისგან და ყველაფერი მთავარ იდეას – სიკეთისთვის ბრძოლას დაუმორჩილა…

ამ კარნავალურ კავკალადაში უეცრად იკვეთებოდა სიკეთის მოტივი.

ეს მოტივი თითქოს არც ჩანდა, თითქოს შეგნებულად ჩქმალავდნენ ამ დიდ შინაარსს. კოკისპირულად დაშვებულ ფეიერვერკულ ეპიზოდებში ბოლომდე ვერაფერს გაარკვევდი, ბოლომდე ვერც სიუჟეტურ განვითარებაში გაერკვეოდი,  არ იცოდი დათმობდა თუ არა ბავშვს გრუშე, ან აზდაკი რა კაცი იყო, ან ვის მიაკუთვნებდა ბავშვს… მაგრამ ბოლოს რელიეფურად იკვეთებოდა მთვარი იდეა და რაც ყველაზე საოცარი იყო, ამ მთავარ იდეას – სიკეთის იდეას თითქოს თავად შენ მაყურებელი აღმოაჩენდი, ანუ კი არ მოგახვიეს თავს, კი არ „შემოგტენეს“, თავად აღმოაჩინე…. იმ ულევ სიხარულთან ერთად სპექტაკლი ბოლოს გიმასპინძლდებოდა ამ აღმოჩენის სიხარულითაც…

რეალურად კი სტურუა წარმოჩინდა როგორც უდიდესი მანიპულატორი… როგორც შედევრალური სანახაობის მაესტრო. მაესტრო რომელიც უარყოფს სინამდვილის პირდაპირი ჩვენების გზას და თავად ქმნის ახალ სინამდვილეს. სინამდვილეს რომელიც თავის კანონები აქვს, სინამდვილეს – სიმბოლურს, ალეგორიულს, პარაბოლურს – სავსეს გახელებული თეატრალობით, უკიდურესი პირობითობით…

დაუვიწყარი გრუშე ვაჩნაძე

ჩემი როგორც რეჟისორის ჩამოყალიბებაში იზას უდიდესი წვლილი მიუძღვის. პირველი ნაბიჯები: ვახშმობის წინ“, ბრალდება“, სეილემის პროცესი“… და შემდეგ პაუზა.. რას იზამ, თეატრში ხშირად ხდება ასე. სამუშაო არც მე მაკლდა და არც მას, მაგრამ როგორც ჩანს ორივეს მოგვეძალა ერთად მუშაობის სურვილი. ერთხელ კიბეზე შემომეფეთა, საყელოში ხელი ჩამავლო, მომქაჩა და ჩამჩურჩულა: შე უნამუსო, ერთად აღარ უნდა ვიმუშაოთ?რეჟისორულმა ამპარტავნებამ მძილია და ვუთხარი, არა-მეთქი. რა იცოდა რომ ერთ თვეში კავკასიურ ცარცის წრეზევიწყებდი მუშაობას და გრუშეს როლი ელოდა… გრუშე ვაჩნაძე მხოლოდ ეს რომ ეთამაშა იზას, მაინც უბადლო მსახიობად დარჩებოდა – წერდა რობერტ სტურუა…

ქალბატონი იზა კი, „კავკასიურის“ 20 წლისთავზე ჩემთან ინტერვიუში იხსენებდა: „პიესა წაკითხული არც მქონდა, გრუშე ვაჩნაძე კი ბრეჰტს სადღაც მეშვიდე უწერია, მაგრამ ამას ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონია. ძალიან გამიხარდა რობერტს რომ ვხვდებოდი, რადაგან 8 წელი ისე გავიდა „სეილემის პროცესის“ შემდეგ, რომ რობერტთან არ მიმუშავია.  მუშაობის პერიოდი საოცრად რთული იყო. ის სტილი რასაც რობერტი გვთავაზობდა უცნობი იყო და ამიტომ ძალიან ბევრი ვიკითხე ბრეჰტის გარშემო, ნანახი მქონდა „ბერლინერ ანსამბლის“ სპექტაკლკები, დიდი ხანი ვიწვალეთ. თითქმის 6 თვე. თითოეულ ფორმაზე კარგა ხანს ვფიქრობდი. გია ყანჩელს მოჰქონდა მინიშნებითი მუსიკა, მესხიშვილს ესკიზები და იცით, ჩემს გრუშეს მაინცდამაიმნც ვერ ვხედავდი. მერე თვით ბრეჰტი მომეხმარა, იგი წერს: გრუშეს როლის შემსრულებელს ვურჩევ ნახოს ნამუშევარი ბრეიგელისა შეშლილი მარგარიტა. მეც მოვძებნე და ვნახე, შემდეგ ჩავედი გარდერობში, მოვძებნე შესაფერისი კოსტიუმი: დაძონძილი პერანგი, წინსაფარი, ჩითები, სხვა წვრილმანი. ჩემი ლაღი თმაც ხელს მიშლიდა, მიმაჩნდა რომ გრუშეს სევდიან სახეს უფრო მძიმე თმა მოუხდებოდა. სწორედ ამ დროს ჩემმა ქალიშვილმა თმა შეიჭრა. მე მისი ხორბლისფერი მძიმე თმა წავიღე თეატრში და პარიკი გავაკეთებინე. მაგრამ ვიცოდი რომ რობერტს არ უყვარს პარიკი და საერთოდ ბუტაფორიას ერიდება, ვფიქრობდი როგორ მეთქვა მისთვის. ჩვენმა ქორეოგრაფმა იური ზარიცკიმ, მირჩია არ მეთქვა და ისე მეთამაშა. მართლაც პრემიერა ისე ვითამაშე რომ რობერტმა მერე გაიგო რომ პარიკი მედო თავზე და მითხრა, აღარ მოიხადოო.

ყველა გასტროლი ჩემთვის ბედნიერება იყო, რადგან მიგვქონდა ჩვენი ქართული კულტურა… ზაარბრიუკენში 30 წუთი გვიკრავდნენ ტაშს, სცენაზე ამოვიდნენ გერმანელი მსახიობები, ვედეკინდმა, როგორც სპექტაკლში ვყავარ აყვანილი სიმონ ჩაჩავას ასე ამიყვანა ხელში და ნახევარი საათი მხარზე ვეჯექი… აი, მაშინ რომ დამთავრებულიყო ჩემი შემოქმედება მაინც ბედნიერი ვიქნებოდი… სერვანტესის საერთააშორისო ფესტივალის დროს გზეთებში იბეჭდებოდა ჩემი დიდი ფოტოები და წერდნენ რომ გრუშე იყო ფესტივალის დედოფალი…

პირველ სკოკლაში მესამე კლასელებს დააწერინეს საკონტროლო „რომელი მსახიობი მოგწონთ“ და ერთმა მოსწავლემ სულ ორი ფრაზა დაწერა „ვნახე „კავკასიური ცარცის წრე“ და დედიკო უფრო შემიყვარდა“მეგობრებმა თეატრში და თეატრს გარეთ, „კავკასიურის“ შემდეგ ბავშვები აიყვანეს…“

იზა გიგოშვილი ტკივილით იხსენებდა როგორ ჩამოაშორეს გრუშეს როლს.. შემდეგ როლზე აღადგინეს და უკვე დუბლთან ერთად თამაშობდა.

იზა გიგოშვილი: „თავიდან მე ერთადერთი დუბლიორი მყავდა – ზეიკო ბოცვაძე. ზეიკო, გარდა იმისა რომ ნიჭიერი ქალი იყო, გონიერი და კეთილშობილიც იყო. რამოდენიმე რეპეტიციას დაესწრო და რობერტს უთხრა, იცით რა მე არ მოვალ რეპეტიციაზე და არ გეწყინოთ. რობერტი დათანხმდა… შემდეგ, მოგვიანებით დუბლიორი შემოიყვანეს…“

ტრიმფალური გასტროლები

როგორ გაარღვია „კავკასიურმა ცარცის წრემ“ საბჭოური რკინის წრე?

როგორც ნოდარ გურაბანიძე აღნიშნავს, რუსთაველის თეატრის პირველ გასტროლებში გადამწყვეტი როლი საქართველოს მაშინდელმა კულტურის მინისტრმა ოთარ თაქთაქიშვილმა ითამაშა. არადა მას, მაინცდამაინც არ მოწონდა „კავკასიური“, იგი აღიარებდა სტურუას დიდ ნიჭიერებას, მაგრამ არ იზიარებდა მის ესთეტიკურ პოზიციებს, გარდა ამისა, „კავკასიურის“ კომპოზიტორი იყო გია ყანჩელი, რომლელთანაც მას უმწვავესი კონფლიქტი ჰქონდა…

„კავკასიური“ მიწევეული იყო ზაარბრიუკენში, მაგარმ… საბჭოთა კავშირის კულტურის მინისტრის თანხმობის გარეშე მაშინ ვერც ერთი თეატრი ვერ გადიოდა საზღვარგარეთ. მაშინ კულტურის მინისტრის პოსტი ეკავა პეტრე დემიჩევს, ცეკას პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატს. მას აუცილებლად უნდა ენახა „კავკასიური“ რომ ეს თანხმობა მიღებულიყო. არადა, თითქოს პრობლემა არც იყო, იმხანად რუსთაველის თეატრი გასტროლებს მართავდა მოსკოვში და დემიჩევის სპექტაკლზე მიყვანა შესაძლებელი იყო. მაგრამ მოსკოვში იყო „კულტურული ობიექტები“, სადაც პოლიტბიურობს წევრებს და წევრობის კანდიდატებს მისვლა ეკრძალებოდათ მათივე უსაფრთხოების მიზნით. ასეთი ობიექტების ნუსხაში შედიოდა მაიაკოვსკის სახელობის თეატრი, სადაც გასტროლებს მართავდა რუსთაველის თეატრი. დემიჩევის მოადგილეები, მრჩევლები თაქთაქიშვილს ურჩევდნენ არც ეოცნებათ დემიჩევის დაპატიჟებაზე, რადგან ამ თეატრის შონობის ისტორიაში ასეთი რამ მხოლოდ ერთხელ მომხდარა – სსრკ-ს მინისტრთა საბჭოს თავჯდომარე კოსიგინი დასწრებია საფრანგეთის ეროვნული თეატრის სპექტაკლს, ჟან ვილარის მიერ დადგმულ კორნელის „სიდის“, სადაც მთავარ როლს არც მეტი არც ნაკლები ჟერარ ფილიპი თამაშობდა. უჩიჩინებდნენ, ეს პოლიტიკური ჟესტი იყო და აღარ განმეორდებაო. მაგრამ განმეორდა – თაქთაქიშვილმა სპექტაკლზე მიიყვანა დემიჩევი… დემიჩევი ბრწყინვალედ ჩავლილი სპექტაკლის შემდეგ ხმას არ იღებდა, მაგრამ თაქთაქიშვილმა ლაპარაკ-ლაპარაკში დემიჩევი თეატრის დირექტორის კაბინეტში შეიტყუა – გულუხვად გაშლილ სუფრასთან, დემიჩევს 2-3 ჭიქა კონიაკის შემდეგ ენა გაეხსნა და თქვა „ეს სპექტაკლი ყველამ უნდა ნახოს“.

და დაიწყო „კავკასიურის“ ტრიუმფალური გამოსვლები მსოფლიოს სახელგანთქმულ სცენებზე…

პირველად რუსთაველის თეატრი 1977 წლის მარტში წავიდა გასტროლებზე დასავლეთ გერმანიაში, ზაარბრიუკენში, სწორედ იქიდან დაიწყო საერთაშორისო აღიარება… მაგრამ ამ დიდ დასაწყისს დიდი გულისტკენების გარეშე არ ჩაუვლია…

ყველაფერი გასტროლებამდე დაიწყო – რამაზ ჩხიკვაძე ღამით, სიბნელეში, თავახდილ ჭაში ჩავარდა და მუხლები ისე დაეჩეჩქვა, კარგა ხანს ფეხზე ვერ დგებოდა და დიდხანს უჭირდა აზდაკის თამაში. თეატრის ხელმძღვანელობამ სწორედ მაშინ დანიშნა ეროსი მანჯგალაძე დუბლად აზადკის როლზე…

ამ ფაქტმა გაანაწყენა რამაზ ჩხიკვაძე – რა იყო, ფეხი ვიღრძე ხომ არ ვკვდებოდი…

ნოდარ გურაბანიძე აღნიშანვს, რომ თავის დროზე, როცა „კავკასიურის“ დადგმა დაიწყო, ეროსი მანჯგალაძეს არც პიესა მოსწონებია და არც აზდაკის როლი, უთქვამს კიდეც გურაბანიძისთვის, ვერ გავიგე რა კაცია ეს აზდაკი, რა უნდა ითამაშოს რამაზმა, კომედია თუ დრამა? თუ კომედიაა – სასაციოლო არაა და თუ დრამაა – დრამატული სიმძაფრე აკლიაო. ეს გასაგებიაცაა, ბრეჰტის თავსიებურებანი არა მხოლოდ მისთვის იყო მაშინ უცხო… ამ თავისებურებებს ეროსი მანჯგალაძე სტურუასთან რეპეტიციებისას ჩასწვდა. ეროსი მანჯაგლაძისეული აზდაკი არ იყო რამაზის აზდაკივით კლოშარი“, კლოუნი, მოედნის მსახიობი, იგი გარემოების გამო აუტესაიდერად ქცეული არტისტი იყო. კეთილშობილი, ჰუმანური, უფრო კულტურული“. ეროსიმ თავისებურად ითამაშა ეს როლი, ეს თავისებურება იმაშიც გამოიხატა რომ აზდაკის მისეული შესრულება ერთგვარად უპირისპირდებოდა სპექტაკლის სტილისტიკას. ეს გარემოება თბილისში სტუმრად მყოფმა გიუნტერ ბლიცმაც აღნიშნა (დიუსელდორფის თეატრის გენერალიტეტმა) და დაბეჯითებით გვთხოვა, თუ დიუსელდორფში ჩამოხვალთ, აზდაკის როლი აუცილებლად რამაზ ჩხიკვაძემ უნდა ითამაშოსო“. (ნოდარ გურაბანიძე).

ზაარბრიუკენის გასტროლებისთვის თეატრს უკვე ორი აზდაკი ჰყავდა – რამაზ ჩხიკვაძე და ეროსი მანჯგალაძე. რამაზ ჩხიკვაძეს უნდა ეთამაშა პირველ დღეს, ეროსი მანჯგალაძეს – მეორე დღეს. მაგრამ… მეორე დღეს, სასტუმროში მიდის გასტროლის ორგანიზატორი, თეატრის გენერალიდენდანტი ჰერმან ვედეკინდი ქართულ მხარეს აცნობებს რომ სპექტაკლზე მოდის უამრავი სტუმარი, საერთაშორისო ფესტივალების ორგანიზატორები, პროდიუსერები გერმანიის სხვადასხვა ქალაებიდან, პარიზიდან, ჟენევიდან, ბრიუსელიდან და დაბეჯითებით ურჩევს, ითამაშოს… ისევ რამაზ ჩხიკვაძემ…

ნოდარ გურაბანიძე: ვედეკინდი დაბეჯითებით გვიმტკიცებდა, თუ გსურთ თქვენმა თეატრმა მსოფლიოს სცენებისკენ გაიკვალოს გზა, უმჯობესია რამაზმა ითამაშოს, თუმცა მე მანჯგალაძეც მომწონსო“.

დელიკატური სიტუაციიდან გამოსვალის საძიებლად სტურუა, აკაკი ბაქრაძე, გია ყანჩელი, გურამ საღარაძე და ნოდარ გურაბანიძე შეკრებილან, უმსჯელიათ, მაგრამ ვერაფერი გადაუწყვეტიათ. შემდეგ სტურუა ეროსისთან დასალაპარაკებლად გასულა ამ საკითხზე დასალაპარაკებლად და მალევე დაბრუნებულა კმაყოფილი დაბრუნებულა. ეროსის უმტკივნეულოდ მიუღია ეს ამბავი. მაგრამ შემთხვევითობამ ყველაფერი არია, როგოირც გურაბანიძე იხსენებს, რამაზი შემთხვევით შევიდა მათთან,  გაიგო რომ მას უნდა ეთამაშა იმ საღამოსაც, „არ შეიძლება, ხალხო ასეთი რამ, დღეს ერისიმ უნდა ითამაშოს, მაგის ჯერია და ასე იცის მაგ კაცმაც“, უთქვამს და ისე გავარდნილა ეროსისთან, რომ არც გაუგია ეროსი და სტურუა რომ უკვე შეთანხმებული იყვნენ ამის თაობაზე…

ნოდარ გურაბანიძე: ეროსი გაბუსუნებულიდა ნაწყენი დახვდა ოთახში. რამაც რამაზი გააკვირვა. ეროსი, ხომ იცი დღეს შენ თამაშობ აზდაკს?ეროსიმ უცნაურად შეხედა და უთხრა: დედაჩემი რომ ადგეს საფლავიდანდა მთხოვოს ითამაშეო, არცხ დღეს და არც არასოდეს ამ როლს არ ვითამაშებ“. (მართლაც შეასრულა თავის სიტყვა და ამ როლს აღარ გაჰკარებია). საფიქრებელია, ეროსიმ ერთგვარ დაცინვადაც კი მიიღო რამაზის ეს სიტყვები, რადგან დარწმუნებული იყო, მან უკვე იცოდა მისი და რ. სტურუიას ლაპარაკის შინაარსი. მხოლოდ მაშინ გადაუარა სიბრაზემ, როცა დარწმუნდა რომ რამაზმა არაფერი იცოდა მათი შეხვედრის შესახებ.

გურაბანიძე იხსენებს რომ იმ დღეებში ეროსის წყენის ნატამალი აღარ ეტყობოდა, და ვარაუდობს რომ მას შემდეგ გზაში, საქართველოში დაბრუნებისას მოუწამლეს სული.

ნოდარ გურაბანიძე: ეტყობა ეროსის ერთსა და იმავეს ჩასჩიჩინებდნენ: რა გიქნა ეს სტურუამ, როგორ მოგჭრა თავი, ასე როგორ გაგაბითურა, წაგიყვანეს კაცი ევროპაში და ერთი სპექტაკლიც არ გათამაშეს?შეშალეს კაცი კინაღამ. ძნელი მისახვედრი არაა, ვინ იყო ეს ხალხი, უპირველესად ხელმოცარული მსახიობები, რომელთაც პრეტენზია ჰქონდათ მთავარ როლებზე, სტურუა კი მათ ამ როლებს არ აძლევდა. რეჟისორზე დაბოღმილებმა შესაფერი მომენტი იპოვეს და შეესივნენ ეროსის, სტურუასთან რომ დაეპირისპირებინათ…

ზაარბრიუკენის შემდეგ რუსთაველის თეატრმა დიუსელდორფში გამართა სპექტაკლი. დიუსელდორფი სახელგანთქმული იყო ცივი მაყურებლით, რომელსაც ძნელად თუ აღაფრთოვანებდი, ტაშს ვერ გაამეტებინებდი, რის გამოც „ცალხელას“ ეძახდნენ, მაგრამ აი გამოჩნდა თუ არა სცენაზე რამაზ ჩხიკვაძე, სიტყვაც არ ჰქონდა ნათქვამი რომ დარბაზი ტაშით დაინგრა.

არადა, რა იცოდნენ ვინ იყო რამაზ ჩხიკვაძე?

ნოდარ გურაბანიძე: „ეს იყო ალბათ მსახიობის აუხსნელი, შინაგანი ძალა, რომელიც მაყურებელს იპყრობს. ის ფლუიდები რომელსაც დიდი ხელოვანი ავრცელებს სივრცეში. სპექტაკლის მსვლელობისას რ. ჩხიკვაძეს თამაშს ტაშით აწყვეტინებდნენ, აზდაკის ცნობილი არიის შესრულების შემდეგ კი საერთოდ შეუძლებელი გახდა სპექტაკლის გაგრძელება. ჟანრი ლოლაშვილი იძულებული იყო მაყურებლისთვის ენიშნებინა, მსახიობს თამაში ვაცალოთო…

ზაარბრიუკენსა და დიუსელდორფში მიღწეულ წარმატებას დიდი რეზონანსი მოჰყვა მსოფლიო თეატრალურ სამყაროში, დაიძრა მიწვევები საერთაშორისო თეატრალური ფესტივალებიდან. პირველი ასეთი ფესტივალი მექსიკაში, ქალაქ გუანახუტოში გამართული „სერვანტინო-5“ იყო. სწორედ იქ, მექსიკაში მოიხსენიეს პირველად რამაზ ჩხიკვაძე მსოფლიო მნიშვნელობის თეატრალურ ვარსკვლავად, სწორედ მექსიკის ამ ქალაქიდან და არა ზაარბრიუკენიდან, ან დიუსელდორფიდან ემცნო მთელ ევროოპას „კავკასიურის“ გენიალურობა – სწორედ ამ ფესტივალზე აკრედიტირებული კორესპოდენტები აგზავნიდნენ სახოტბო რეცენზიებს ევროპის ქვეყნებში. პირველობა მაიკ კოვენს ეკუთვნის, რომელმაც ვრცელი რეცენზია გამოაქვეყნა „ფაინენშალ ტაიმსში“, რამაზ ჩხიკვაძე კავკასიელ ლოურენს ოლივიედ გამოაცხადა. რამაზ ჩხიკვაძე ერთ-ერთი უდიდესი მსახიობთაგანია, ვინც კი ოდესმე მინახავს– წერდა კოვენი.

„სერვანტინო-5“-ს „ბიტეფი-12“ მოჰყვა, „ბიტეფს“ ედინბურგი…

წუხელ საღამოს, ლაისიმიეს სამეფო თეატრში ედინბურგის ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე წარმოდგენა უჩვენეს… სპექტაკლი მხიარულად მიჰქრის იმ თეატრალურ ტერიტორიაზე, სადაც ჩოჩიალს მივეჩვიეთ… მე დიდი ხანია არ მინახავს უფრო გამომსახველი მსახიობი, ვიდრე რამაზ ჩხიკვაძეა“ – წერდა „სკოტსმენი“. სპექტაკლის ვარსკვლავი ლოთი აზდაკია და რამაზ ჩხიკვაძე ამ როლს ისე ასრულებს, როგორც ვარკვლავს ეკადრება… – წერდა „ფაინენშალ ტაიმსი“…

რუსთველის თეატრმა „კავკასიური“ ფეხი დაადგა დედამიწის ყველა კონტინენტზე, მხიარულად თუ ვიტყვით იგი მხოლოდ ანტაქტიდაზე არ უხილავთ პინგვინებსა და თეთრ დათვებს…


მეოცე საუკუნის 20 საუკეთესო ქართული სპექტაკლი

მეოცეს ოცეული

რეზო შატაკიშვილის პროექტი “პრაიმტაიმში”

„პრაიმტაიმი“ მკითხველს ახალ პროქეტს სთავაზობს – „მეოცეს ოცეული“, რომლის მიზანიცაა მეოცე საუკუნის ოცი საუკეთესო ქართული სპექტაკლის – ასე ვთქვათ საუკუნის სპექტაკლების გამოვლენა და მკითხველისთვის იმის შეხსენება, თუ როგორ იქმნებოდა  ეს შედევრები.

„პრაიმტაიმმა“ ამ ოცეულის გამოვლენა კომპეტენტურ პირებს – თეატრმცოდნეებს, კრიტიკოსებს მიანდო და ამ მიზნით გამოიკითხა 20 პირი, როგორც ღვაწლმოსილი და აღიარებული პროფესიონალები, ისე ახალგაზრდა თეატრმცოდნეები.

ვთხოვეთ თავად დაესახელებინათ მეოცე საუკუნეში, ქართულ თეატრში დადგმული ის 20 სპექტაკლი, რომელსაც ისინი მიიჩნევდნენ საუკეთესოდ – საუკუნის სპექტაკლებად. შეფასების კრიტერიუმიც მათვე მივანდეთ – თითოეულს ეს სპექტაკლები უნდა დაესახელებინათ იმ კრიტერიუმების დაცვით, რომლითაც ისინი საერთოდ ხელმძღვანელობენ სპექტაკლების შეფასებისას.

მათ უნდა დაესახელებინათ როგორც ის სპექტაკლები, რომელიც მათ უშუალოდ ნანახი აქვთ სცენაზე, ასევე ის სპექტაკლები რომლებსაც იცნობდნენ აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით, იმ დროინდელი რეცენზიებით და ამ სპეტქკლებზე არსებული ყველანაირი საარქივი მასალით.

გამოკითხვის მონაწილეებს სპექტაკლების ჩამონათვალის შედგენისას არ უნდა ეხელმძღვანელათ ქრონოლოგიური პრინციპით, ჩამონათვალი რეიტინგული უნდა ყოფილიყო.

მათ მიერ პირველ პოზიციაზე დასახელებულ სპექტაკლს დაეწერებოდა 20 ქულა, მეორე პოზიციაზე დაწერილს – 19, მესამეზე – 18, მეოთხეზე – 17 დ ასე შემდეგ ბოლომდე – მეოცე პოზიციაზე დაწერილს – ერთი ქულა. შემდეგ ოცივე გამოკითხულის მიერ მინიჭებული ქულები დაჯამდებოდა და დაგროვილი ქულების შესაბამისად გამოვლინდებოდა საუკეთესო ოცეული.

მეტი ობიექტურობისთვის, გამოკითხულებს განემარტათ რომ მათი შედგენილი ჩამონათვალი დეტალურად არ გაიშიფრებოდა – ანუ არ გამოქვეყნდებოდა ვინ რა სპექტაკლები მიიჩნია საუკუნის სპექტაკლებად და რა ადგილები (და შესაბამისად ქულები) მიანიჭა მათ რეიტინგულ ჩამონათვალში.

გამოკითხვაში მონაწილეობდნენ

გამოკითხვაში მონაწილეობდნენ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები:

ნათელა ურუშაძე, ნოდარ გურაბანიძე, ნათელა არველაძე, დალი მუმლაძე, ლევან ხეთაგური, ირინა ღოღობერიძე, თამარ ბოკუჩავა, ლელა ოჩიაური, მარინე ხარატიშვილი, გიორგი ცქტიშვილი, მანანა გეგეჭკორი. ნინო მაჭავარიანი.

დოქტორანტები:

ლაშა ჩხარტიშვილი, თამარ მუქერია, მარიამ ჩუბინიძე.

ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრები:

თამარ კიკნაველიძე, ნიკა წულუკიძე, ანანო მირიანაშვილი.

ჟურანალ „თეატრი და ცხოვრების“  მთავარი რედაქტორი გურამ ბათიაშვილი, არტ-კრიტიკოსი დავით ბუხრიკიძე.

შედეგები

გამოკითულებმა დაასახელეს 27 სხვადასხვა რეჟისორის 81 სპექტაკლი, ამ 81 სპექტაკლიდან 42 რუსთაველის თეატრშია დადგმული, 23 – მარჯანიშვილის თეატრში, 7 – კინომსახიობთა თეატრში, 3 – რუსთავის თეატრში, 2 – მოზარდმაყურებელთა თეატრში, 2 – თეატრალურ სარდაფში, 1 – სოხუმის და 1 – ბათუმის თეატრში.

ამ 81 სპექტაკლიდან 11 სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი რობერტ სტურუაა, 10 სპექტაკლის – თემურ ჩხეიძე, ამ სპექტაკლების გარდა, დასახელებულ სპექტაკლებში შევიდა მათი ერთობლივი დადგმა „სამანიშვილის დედინაცვალი“.

ამ 81 სპექტაკლიდან 9 მიხეილ თუმანიშვილის დადგმულია, 6 სანდრო ახმეტელის, 5 – კოტე მარჯანიშვილის, ჩამონათვალშია მარჯანიშვილისა და ახმეტელის ორი ერთობლივი დადგმაც („ჰამლეტი“, „მზეთამზე“).

დასახელებულ სპექტკლებშია გიგა ლორთქიფანიძის 6 სპექტაკლი, დიმიტრი ალექსიძის 6 სპექტაკლი, არჩილ ჩხარტიშვილის 3 სპექტაკლი, ვასო ყუშიტაშვილის, ვახტანგ ტაბლიაშვილის, შალვა გაწერელიას, მედეა კუჭუხიძის ორ-ორი სპექტაკლი, ასევე გიზო ჟორდანიას, გოგი ქავთარაძის, გოგი მარგველაშვილის, აკაკი ვასაძის, ნუგზარ ლორთქიფანიძის, შოთა აღსაბვაძის, შალვა ღამბაშიძის, ვასო გოძიაშვილის, ბორის გამრეკელის, აკაკი დვალიშვილის, ნანა ხატისკაცის, ლევან წულაძის, დავით ანდღულაძის, ავთო ვარსიმაშვილისა და დავით დოიაშვილის თითო სპექტაკლი.

რეკორდსმენი რეჟისორები

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, სტურუა ლიდერობს როგორც დასახელებული სპექტაკლების რიცხვით (11), ისე ამ სპექტაკლების მიერ დაგროვებული ქულების ჯამით, მისმა 11 სპექტაკლმა 1 112 ქულა დააგროვა, მეორე პოზიციაზეა მიხეილ თუმანიშვილი, მისმა 9 სპექტაკლმა 896 ქულა დააგროვა. მესამე ადგილზე სანდრო ახმეტელია, ახმეტელის 6 სპექტაკლმა 512 ქულა დააგროვა. მეოთხე ადგილზე თემურ ჩხეიძეა, ჩხეიძის 10 სპექტაკლმა 509 ქულა დააგროვა. მეხუთე ადგილზე კოტე მარჯანიშვილია, მარჯანიშვილის 5 სპეექტაკლმა 460 ქულა დააგროვა. აქვე უნდა აღვნიშნოთ რომ დასახელებულ შედეგებში არ შედის როგორც ჩხეიძე-სტურუას, ისე მარჯანიშვილი-ახმეტელის ერთობლივი დადგმების ქულები.

ამ ხუთეულის შემდეგ, დაგროვებულ ქულათა რაოდენობა მკვეთრად ეცემა, ასე მაგალითად, დიმიტრი ალექსიძის 6 სპექტაკლმა დააგროვა 113 ქულა, მკვეთრი ვარდნაა შემდეგაც _ გიგა ლორთქიფანიძის 6 სპექტაკლმა ჯამში 42 ქულა მიიღო, არჩილ ჩხარტიშვილის სპექტაკლებმა 40, მედეა კუჭუხიძისამ – 33, შოთა აღსაბაძის სპექტაკლმა 30, შალვა გაწერელიას სპექტაკლებმა – 29, აკაკი ვასაძემ – 21, ვასო ყუშიტაშვილმა – 19, შალვა ღამბაშიძემ – 15, ბორის გამრეკელმა – 14, გიზო ჟორდანიამ – 13, ვახტანგ ტაბლიაშვილმა – 13, ნუგზარ ლორთქიფანიძემ – 10, ვასო გოძიაშვილმა – 7, გოგი მარგველაშვილმა – 6, ლევან წულაძემ – 5, ავთო ვარსიმაშვილმა – 4, აკაკი დვალიშვილმა – 4, დავით დოიაშვილმა – 3, გოგი ქავთარაძემ – 2, ნანა ხატისკაცმა – 1, დავით ანდღულაძემ – 1.

გამარჯვებული ოცეული

დაგროვილი ქულების მიხედვით გამოვლენილ 20 საუკეთესო სპექტაკლიდან 15 სპექტაკლი რუსთაველის თეატრშია დადგმული, 3 – მარჯანიშვილის თეატრში, 2 – კინომსახიობთა თეატრში.

20 საუკეთესო ქართული სპექტაკლიდან 11-ს საფუძვლად უცხოური დრამატურგია უდევს, კიდევ 2 უცხოურიდანაა გადმოქართულებული, 4 სპექტაკლი ქართული დრამატურგიის მიხედვითაა შექმნილი, 3 – ქართული პროზისდ მიხედვით…

მეოცე საუკუნის ოც საუკეთესო სპექტაკლში მოხვდა რობერტ სტურუას ხუთი სპექტაკლი, მიხეილ თუმანიშვილის 5 სპექტაკლი, სანდრო ახმეტელის 3 სპექტაკლი, თემურ ჩხეიძის სამი სპექტაკლი, კოტე მარჯანიშვილის 2 სპექტაკლი, ასევე დიმიტრი ალექსიძის ერთი სპექტაკლი და ჩხეიძე-სტურუას ერთობლივი სპექტაკლი („სამანიშვილის დედინაცვალი“).

ოცეულს „კავკასიური ცარცის წრით“ ხსნის და „სეილემის პროცესით“ ხურავს რობერტ სტურუა.

აღსანიშნავია რომ გამარჯვებული 20 სპექტაკლიდან ყველაზე „ახალგაზრდა“ რობერტ სტურუას მიერ 1987 წელს დადგმული „მეფე ლირია“. გამოიკითხვამ გამოკვეთა ის ტენდენცია რაც საუკუნის ბოლოს სუფევდა ქართულ თეატრში – კრიზისი… თუმცა, აქვე, მკითხველი რომ შეცდომაში არ შევიდეს, უნდა განმარტოთ რომ გამოკითხვა ეხება მხოლოდ მეოცე საუკუნეს, და შესაბამისად აქ არ იგულისხმება 2001 და შემდგომ, ანუ ბოლო ათ წელიწადში დადგმული სპექტაკლები…

ცხადია, ამ გამოკითხვის შედეგებს გამოუჩნდებიან ოპონენტები, მიიჩნევენ მიკერძოებულად, სუბიექტურად, ვიტყვით მხოლოდ იმას რომ ეს შედეგები აჩვენა 20 პროფესიონალის გამოკითხვამ, თითოეული მათგანი ცალ-ცალკე რაც უნდა მიკერძოებული ყოფილიყო, ოცივეს აზრი ერთად უკვე შეიცავს ობიექტურობის საკმაო დოზას, ამასთან – ეს მხოლოდ ერთი კონკრეტული გამოცემის „პრაიმტამის“ დადებული ოცეულია…

ოცეული…

1. “კავკასიური ცარცის წრე”

ბერტოლტ ბრეჰტი. რეჟისორი რობერტ სტურუა. რუსთაველის თეატრი. 1975 წელი.  მიიღო 310 ქულა. დაასახელა 20-ვე გამოკითხულმა, მათგან 7-მა პირველ პოზიციაზე.

2. “ურიელ აკოსტა”

კარლ გუცკოვი. რეჟისორი – კოტე მარჯანიშვილი, მარჯანიშვილის თეატრი. მიიღო 291 ქულა. დაასახელა 18-მა გამოკითხულმა, მათგან 5-მა პირველ პოზიციაზე.

3. “ყაჩაღები” (“ინ ტირანოს”)

ფრიდრიხ შილერი. რეჟისორი სანდრო ახმეტელი. რუსთაველის თეატრი. 1933 წელი. მიიღო 282 ქულა. დაასახელა 19-მა გამოკითხულმა.

4.”ყვარყვარე”

პოლიკარპე კაკაბაძე. რეჟისორი რობერტ სტურუა. რუსთაველის თეატრი. 1974 წელი. მიიღო 271 ქულა. დაასახელა ოცივე გამოკითხულმა. მათგან ერთმა პირველ პოზიციაზე.

5. “რიჩარდ მესამე”

უილიამ შექსპირი. რეჟისორი რობერტ სტურუა. რუსთაველის თეატრი. 1979 წელი. მიიღო 262 ქულა. დაასახელა 18-მა გამოკითხულმა. მათგან 2-მა პირველ პოზიციაზე.

6. “ანტიგონე”

ჟან ანუი. რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი. რუსთაველის თეატრი, მცირე სცენა. 1968 წ. მიიღო 239 ქულა. დაასახელა ოცივე გამოკითხულმა. მათგან ერთმა პირველ პოზიციაზე.

7.”ჭინჭრაქა”

გ. ნახუცრიშვილი. რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი. რუსთაველის თეატრი. მცირე სცენა. 1963 წელი. მიიღო 193 ქულა. დაასახელა – 15-მა გამოკითხულმა.

8. “ლამარა”

გრიგოლ რობაქიძე. რეჟისორი სანდრო ახმეტელი. რუსთაველის თეატრი. 1930 წ. მიიღო 172 ქულა. დაასახელა 11-მა გამოკითხულმა.

9. “გუშინდელნი”

შალვა დადიანი. რეჟისორი თემურ ჩხეიძე. რუსთაველის თეატრი. 1972 წელი. მიიღო 164 ქულა. დაასახელა 16-მა გამოკითხულმა.

10. “ჯაყოს ხიზნები”

მიხეილ ჯავახიშვილი. რეჟისორი თემურ ჩხეიძე. მარჯანიშვილის თეატრი. 1984 წელი. მიიღო 156 ქულა. დაასახელა 16-მა გამოკითხულმა. მათგან ერთმა პირველ პოზიციაზე.

11. “სამანიშვილის დედინაცვალი”

დავით კლდიაშვილი. რეჟისორები თემურ ჩხეიძე, რობერტ სტურუა. რუსთაველის თეატრი. მცირე სცენა. 1969 წელი. მიიღო 144 ქულა. დაასახელა 15-მა გამოკითხულმა.

20. “ცხვრის წყარო” (“ფუენტე ოვეხუნა”)

ლოპე დე ვეგა. რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი. რუსთაველის თეატრი. 1922 წელი. მიიღო 142 ქულა. დაასახელა ათმა გამოკითხულმა, მათგან სამმა პირველ პოზიციაზე.

13. “ჩვენი პატარა ქალაქი”

თ. უაილდერი, (გადმოქართულებული რეზო გაბრიაძის მიერ). რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი. თუმანიშვილის თეატრი. 1983 წელი. მიიღო 133 ქულა, დაასახელა 17-მა გამოკითხულმა.

14. “მეფე ლირი”

უილიამ შექსპირი. რეჟისორი რობერტ სტურუა. რუსთაველის თეატრი. 1987 წელი. მიიღო 104 ქულა. დაასახელა 11-მა გამოკითხულმა.

15. “დონ ჟუანი”

ჟან ბატისტ მოლიერი. რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი. თუმანიშვილის თეატრი. 1981 წელი. მიიღო 96 ქულა. დაასახელა 10-მა გამოკითხულმა.

16. “ესპანელი მღვდელი”

ჯ. ფლეტჩერი. რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი. რუსთაველის თეატრი. 1954 წელი. მიიღო 93 ქულა. დაასახელა 9 გამოკითხულმა.

17. “ანზორი”

სანდრო შანშიაშვილი, (ვს. ივანოვის მიხედვით), რეჟისორი სანდრო ახმეტელი. რუსთაველის თეატრი, 1928 წელი. მიიღო 76 ქულა, დაასახელა 5-მა გამოკითხულმა.

18. “ოიდიპოს მეფე”

სოფოკლე. რეჟისორი დიმიტრი ალექსიძე. რუსთაველის თეატრი. 1956 წელი. მიიღო 71 ქულა, დაასახელა 10-მა გამოკითხულმა.

19. “ჰაკი აძბა”

ლეო ქიაჩელი. რეჟისორი თემურ ჩხეიძე. მარჯანიშვილის თეატრი. მიიღო 69 ქულა. დაასახელა 8 გამოკითხულმა.

20. “სეილემის პროცესი”

რტურ მილერი. რეჟისორი რობერტ სტურუა. რუსთაველის თეატრი. 1965 წელი. მიიღო 53 ქულა. დაასახელა 5-მა გამოკითხულმა.

ოცეულს მიღმა

21. „როცა ასეთი სიყვარულია“ (რეჟ: მ. თუმანიშვილი, 49 ქულა);

22. „ბაკულას ღორები“ (მ.თუმანიშვილი, 48 ქულა);

23. „არტ-ხელოვნება“ (თ. ჩხეიძე, 39 ქულა);

24. „მაკბეტი“ (რ. სტურუა, 38 ქ.);

25. „ხანუმა“ (რ.სტურუა, 37 ქ.);

26. „მამა“ (თ. ჩხეიძე 33.);

27. „ბერდო ზმანია“ (ს. ახმეტელი, 33 ქ.);

28. „ოტელო“ (შ.აღსაბაძე, 30 ქ.);

29. „ჰამლეტი“ (კ. მარჯანიშვილი, 29 ქ.);

30. „ზაფხულის ღამის სიზმარი“ (მ. თუმანიშვილი, კინომსახიობთა თეატრში. 28 ქ. );

31. „თეთნულდი“ (ს. ახმეტელი, 27 ქ.);

32. „რღვევა“ (ს. ახმეტელი 22 ქ);

33. „მარადი ქმარი“ (თ. ჩხეიძე, 21 ქ).

34. „დიდი ხელმწიფე“ (ა. ვასაძე, 21 ქ);

35. „ირინეს ბედნიერება“ (შ. გაწერელია, 19 ქ.);

17 ქულა დააგროვეს: „პროვინციული ამბავი“ (მ. კუჭუხიძე );

„ადამიანებო, იყავით ფხიზლად“ (მ. თუმანიშვილი);

16 ქულა: „შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე“ (მ. კუჭუხიძე). „ბერნარდა ალბას სახლი“ (თ. ჩხეიძე); „კახაბერის ხმალი“ (გ. ლორთქიფანიძე);

15 ქულა: „ბახტრიონი“ (დ. ალექსიძე); „კოლმეურნის ქორწინება“ (შ. ღამბაშიძე);

14 ქულა: „ლამარა“ (რ.სტურუა); „მედეა“ (ა. ჩახარტიშვილი); „მარგარიტა გოტიე“ (ბ. გამრეკელი); „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ“ (კ. მარჯანიშვილი);

13 ქულა: „ჰამლეტი“ (გ. ჟორდანია); „ქალი გველი“ (რ. სტურუა); „ოიდიპოს მეფე“ (ა. ჩხარტიშვილი); „მოკვეთილი“ (ა. ჩხარტიშვილი); „ფიროსმანი“ (გ. ლორთქიფანიძე);

12 ქულა: „სამგროშიანი ოპერა“ (დ. ალექსიძე); „კაცია ადამიანი“ (ვ. ყუშიტაშვილი);

10 ქულა: „შპიგელმანი“ (კ. მარჯანიშვილი); „ანტიგონე“ (თ. ჩხეიძე);  „წუთისოფელი“ (ნ. ლორთქიფანიძე); „ქამუშაძის გაჭირვება“ (შ. გაწერელია);

10 ქულაზე ნაკლები მიიღეს: „სასტუმროს დიასახლისი“ (დ. ალექსიძე),  „ამჰერსტის მშვენება“ (რ. სტურუა). „მზეთამზე“ (მარჯანიშვილი-ახმეტელი),  „ანტონიოს და კლეოპატრა“ (ვ. ტაბლიაშვილი), „ძველი ვოდევილები“ (ვ. გოძიაშვილი), „მარიამ სტიუარტი“ (ვ. ყუშიტაშვილი), „საპატარძლო აფიშით“. (დ. ალექსიძე), „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (გ. ლორთქიფანიძე), „სოლომონ ისაკიჩ მეჯრანუაშვილი“ (ვ. ტაბლიაშვილი), „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“  (გ. მარგველაშვილი), „ასი წლის შემდეგ“ (გ. ლორთქიფანიძე), „ფაუსტი“ (ლ. წულაძე), „ჩვენებურები“ (ა. დვალიშვილი), „სიკვდილის როკვა“ (ა. ვარსიმაშვილი), „მზის დაბნელება საქართველოში“ (კ. მარჯანიშვილი),  „ცხოვრება იდიოტისა“ (დ. დოიაშვილი), „დიდოსტატის მარჯვენა“ (გ. ქავთარაძე),

„მოჩვენებანი“ (თ. ჩხეიძე), „სიბრძნე სიცრუისა“ (ნ. ხატისკაცი), „იაკობის სახარება“ (რ. სტურუა), „მეტეხის ჩრდილში“ (გ. ლორთქიფანიძე), „გრაალის მცველნი“ (დ. ანდღულაძე), „სირანო დე ბერჟერაკი“ (გ.ლორთქიფანიძე), „ჩემო კალამო“ (გ. საღარაძე, თ. ჩხეიძე)…


პ.ს. გამოკითხვის შედეგად გამოვლენილ 20 საუკეთესო ქართულ სპექტაკლზე ვრცლად გიამბობთ “მეოცეს ოცეულში” – თითოეულ სპექტაკლზე ცალ–ცალკე…

%d bloggers like this: