Tag Archives: მიხეილ თუმანიშვილი

რამაზი & ნატაშა

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა ”სახე(ლ)ები – 2011”-ში).

ramaz-01

ის ჩეხეთშია, საქართველოდან შორს, იცის რომ მალე აღარ ეყოლება ცხოვრების მამაკაცი, ვინც ახლა მის გვერდითაა – ჩეხეთში, ვისთან ერთადაც გამოიარა ნახევარი საუკუნე, კაცი – ქართული სცენის გვირგვინოსანი, ქართული თეატრის მეტრი, მარადიული პროტაგონისტი – მსოფლიოს საუკეთესო აქტიორი – რამაზ ჩხიკვაძე. კაცი – მასზე უგონოდ შეყვარებული იმ დროიდან, გემბანზე ასულს რომ მოჰკრა თვალი იალტაში… მან იცის, რომ მალე აღარ ეყოლება რამაზი… ამ დარდს დარდი ემატება – რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრიდან გაუშვეს. სტურუა მათთვის მხოლოდ გენიოსი არაა, ის მათი ცხოვრების ნაწილია – სახელად რობიკო. მათ ცხოვრებაში იყო ყველაფერი – ერთად მიღწეული გამარჯვებები, შემდეგ წყენაც, დაპირისპირებაც, მძვინვარე კონფლიქტიც… მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და… სამივემ – რობიკომაც, რამაზმაც, ნატაშამაც – ყველამ ცალ-ცალკე და ჯამში ერთად, აღმოჩინეს, რომ  ცალ-ცალკე კი ხელეწიფებოდათ გამარჯვება, მაგრამ დიდი გამარჯვება? ”კავკასიურის”, ”რიჩარდის”, ”ლირის” დარი? აღიარეს რომ არა, გამოუტყდნენ საკუთარ თავს და წყენა გაწყალდა… საქართველოდან რეკავენ. საქართველოში ელიან, რას იტყვის გენიოსი რამაზ ჩხიკვაძე თეატრიდან გენიოსის გაშვებაზე. ვიდრე რამაზი ილაპარაკებს, ქართველ მაყურებელს ნატაშა მიმართავს.

natasha chxikvadze

იტყვის, რომ რამაზმა და რობიკომ ეპოქა შექმნეს მსოფლიო თეატრში; რომ ისინი იპყრობდნენ მსოფლიოს და მთელი მსოფლიო იყო მათ ფერხთით. ის არ ტყუის, ”კავკასიური” იყო სპექტაკლი, რომელიც მხოლოდ თეთრ დათვებს და პინგვინებს არ უნახავთ, ანტარქტიდის გარდა მათ არ დაუტოვებიათ კონტინენტი… ნატაშა იტყვის, რომ რამაზი ღელავს, უკიდურესად განიცდის იმას, რაც მოხდა. ეკრანიდან გაამხნევებს რობიკოს, რომ არის ეტაპები, როცა რეჟისორი ვერ ქმნის საეტაპო სპექტაკლებს, მაგრამ არის ისტორია, რომელსაც ვერავინ შექმნის თავიდან, ვერ გადაწერს, ვერ გადახაზავს…

მავანს ეგებ ეჭვიც შეეპაროს ნატაშას გულწრფელობაში, იქნებ გაიხსენოს კიდეც მისი და რობიკოს დაჯახებები, მაგრამ არც კი გავა ნახევარი საათი და ნატაშა სიცოცხლის ფასად დაამტკიცებს გულწრფელობას – გულის შეტევა ჩააქრობს ცეცხლოვანი ქალის სიცოცხლეს… ქალის, რომელსაც ვერ წარმოედგინა ცხოვრება რამაზის გარეშე და არც გაიმეტა ღმერთმა ამისთვის.

უკურნებელი სენისგან განაწამები, დაუძლურებული ლირი ღმერთს შესთხოვს ძალას, ღირსეულად დაკრძალოს საკუთარი ცოლი. და მართლაც – დაკრძალავს, სამარის პროექტსაც მოაწერს ხელს და ნატაშას გარეშე ცხოვრების ლიმიტი 56 დღე იქნება მხოლოდ და ქართული თეატრი დარჩება მეფის გარეშე. მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს?! უკაცრავად, ვის?!…

რამაზ ჩხიკვაძე… მას უწოდებდნენ ”კავკასიელ ლოურენს ოლივეს”, ”კავკასიის მეფეს” და მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს მსახიობს.

არც ერთ ქართველ არტისტზე იმდენი არ დაწერილა მსოფლიოში – რამდენიც მასზე…

რამაზი

9999999999999

რამაზის ბაბუის მამა, თავის ძმებთან ერთად მშობლიური ჩოხატაურის რაიონიდან თელავში წავა სამუშაოდ. მაგრამ ძმები ჩხიკვაძეები იქვე დარჩებიან, გურიაში აღარ დაბრუნდებიან და გათელაველდებიან. სწორედ თელავში დაიბადება რამაზის ბაბუა – ზაქარია ჩხიკვაძე. ზაქარია ჩხიკვაძე თბილისში მიიღებს განათლებას, გახდება აღიარებული ფოლკლორისტი – შეაგროვებს ხალხურ სიმღერებს, ქართულ საგალობლებს – 1896 წელს გამოსცემს კიდეც ქართული ხალხური სიმღერების კრებულს – ”სალამური” – მოზარდებისთვის. სათავეში ჩაუდგება ქაშუეთის მგალობელთა გუნდს. ღვაწლმოსილი ფოლკლორისტის ოჯახს ხშირად სტუმრობენ ივანე ჯავახიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ყაზბეგი, დიმიტრი არაყიშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე, ვანო სარაჯიშვილი…

უკვე თბილისში დაიბადება რამაზის მამა – გრიგოლ ჩხიკვაძე. გრიგოლიც ბავშვობიდან შეიყვარებს ქართულ ხალხურ სიმღერას, ვიოლინოს. შექმნის საბავშვო სიმღერებს. შევა კონსერვატორიაში. აქ, თბილისში, გაიცნობს ვოკალისტ ელენე გაჩეჩილაძეს და 1928 წელს ქვეყანას მოევლინება რამაზ ჩხიკვაძე. მალე რამაზის მამა კონსერვატორიას დაამთავრებს და ასპირანტურაში სწავლის გასაგრძელებლად ლენინგრადს გაემგზავრება ცოლ-შვილთან ერთად. დაიცავს დისერტაციას. სწორედ იქ, პეტერბურგში, აღმოაჩენენ, რომ პატარა რამაზს აქვს უნიკალური სმენა, ხმა და მეტიც – ექვსიოდე წლის რამაზი ფორტეპიანოს მიუჯდება და თავისი ”აწარმოებების” შექმნას დაიწყებს. მშობლების სიხარულს საზღვარი არ ექნება. გავა წლები და რამაზი სიცილით გაიხსენებს მათ სიხარულს, როგორ ხედავდნენ მასში მომავალ გენიას, მომავალ მოცარტს. გავა წლები და რამაზი იხუმრებს იმასაც, ალბათ 7 წლის ასაკში ოპერასაც მომთხოვდნენო… მუსიკოსი მშობლები დიდ იმედს ამყარებენ მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულ რამაზზე, უნდოდათ მუსიკოსი გამხდარიყო – პიანისტი, დირიჟორი, კომპოზიტორი… და დაბრუნდებიან თუ არა, კონსერვატორიაში, ნიჭიერთა ჯგუფში მიაბარებენ.

მოკლედ, ის განწირულია კონსერვატორიისთვის, მაგრამ ბედის მწერალი სხვაგვარად ფიქრობს… პატარა რამაზს სკოლიდან მოზარდმაყურებელთა თეატრში წაიყვანენ და ყველაფერი თავდაყირა დადგება – პატარა რამაზს თეატრი გაიტაცებს, თეატრის გარდა არაფრის გაგონება არ სურს. დაკვრაზეც აიცრუებს გულს. შინ ტრაგედიაა – ”მოცარტი” ეღუპებათ. ”მოცარტი” თეატრისკენ იწევს, ყოველი ახალი სპექტაკლი, ყოველი ახალი ფილმი უფრო და უფრო ანდომებს გახდეს მსახიობი, მაგრამ მაინც დადის კონსერვატორიაში, ნიჭიერთა ჯგუფში. გამოცდის დროც მოვა. გამოცდაზე მისულს კუთვნილ სტიპენდიასაც მისცემენ – მამას გადაეციო. მამა სასწავლო ნაწილს ხელმძღვანელობს კონსერვატორიაში. რამაზი გამოცდის დაწყებამდე დროს იხელთებს, იქვე სპორტულ მაღაზიაში ჩაირბენს, სანუკვარ ბუცების, მაისურების შესათვალიერებლად – მერე მამასთან ერთად რომ მივიდეს და აყიდინოს. მაგრამ ეშხში შესული ”ბუცებს” ფეხზე მოირგებს, მაისურს – ტანზე, ჩაიცმევს მოკლე შარვალსაც და, ბარემ თავადვე გადაუხდის ფულს – კაცურად და ასე ფეხბურთელივით გამოწყობილი აირბენს უკან – კონსერვატორიაში – გამოცდაზე, მაგრამ რა ქნას, ამ ბუცის ”შიპებს” ძლივს ახვედრებს პედალზე… ისედაც გაზარმაცებულია და ამ ”შიპების” გადამკიდე რაღას დაუკრავს? მამა დაკვრას არ დაამთავრებინებს, გამოუშვებს გამოცდიდან და კონსერვატორიიდან. რამაზს ”ჩამოალაბორანტებენ” – სხვა პედაგოგთან მიიყვანენ, მაგრამ არც იქ იკლავს თავს დაკვრით. გული თეატრისკენ მიუწევს. განხიბლული მამა ბედს ურიგდება, უკან დახევას ამჯობინებს, მაგრამ დედა უკომპრომისოა. როიალზე მიბმას უპირებს. ფიქრობს, რომ გაჭრის ძალდატანება. მაგრამ ამაოდ.

პატარა რამაზს ვერ მოდრეკენ. რამაზი შეუვალი ხდება. ის პირველად უპირისპირდება მშობლების ნებას – თეატრს ირჩევს. დაიმახსოვრეთ! ოღონდ მიშიკო აბაშვილი კი არა, ის, რომ რამაზი ასეთივე შეუვალი იქნება ცხოვრების თანამგზავრის არჩევის დროსაც. ადამიანი ცხოვრებაში 2 გადამწყვეტ არჩევანს აკეთებს – პროფესიულ არჩევანს და არჩევანს ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას.  მშობლები არ გაიზიარებენ რამაზის არც ერთ არჩევანს, მაგრამ რამაზი თავისას გაიტანს და დრო აჩვენებს მის არჩევანთა სისწორეს.

მაგრამ იქამდე დიდი გზაა გასავლელი. ომი დაიწყება, რამაზს სოფელში გახიზნავენ ბებიასთან, ზესტაფონთან ახლოს, სოფელ წევაში. რამაზს უყვარს სოფელი. ხიბლავს წყალზე სიარულიც და წისქვილში საფქვავის ტარებაც. ვიდრე არტისტობას მოიწადინებდა, ხომ ”ნასილშჩიკობა” სურდა და სიამოვნებით დაატარებს საფქვავს წისქვილში, თან იქ მოყოლილი ამბებიც ხიბლავს – სიმინდის ჩამოფქვის მოლოდინში ჩამოფქვილი ამბები… მალე კი ასპარეზი მიეცემა საარტისტოდ. ხმა გავარდება ზესტაფონის დაბომბვის. რამაზი თებროლე ბებიას კაბას ჩაიცვამს, ”გრიმსაც” გაიკეთებს – წყლის საღებავებით სახეს შეიღებავს და ”დეკორაციასაც” შეარჩევს – ბუჩქებში ჩასაფრდება, დაელოდება გამვლელს – ვიღაც გამოივლის და ისიც დაიწყებს ბარბაცს, უცხოურადაც გამოელაპარაკება, ზესტაფონსაც ახსენებს და… არის გარდასახვა! ჯაშუშად დასახავენ, გამოუდგებიან. სოფლის ბიჭები გადაარჩენენ, ეტყვიან, რომ თებროლეს შვილიშვილია…

აქეთ-იქით სირბილი თბილისში გაგრძელდება – ომის გამო მოწაფეები ერთი შენობიდან მეორეში გადაყავთ, მეორედან – მესამეში და რამაზსაც მეტი რა უნდა, მშვენიერი ალიბია – ამდენ გადადი-გადმოდიში ვერ ვსწავლობო. არადა ეზარება… მაგრამ ამას მალე ინანებს – სკოლაში დრამწრეს გახსნიან, სპექტაკლს დგამენ! მაგრამ… მთავარ როლებს ფრიადოსნებს დაურიგებენ, რამაზს და მის მეგობარ გივის კი, როგორც საშუალოზე ნაკლებ მოწაფეებს – თითო გარბენს და თითო სიტყვას მისცემენ. მაშინ შეილახება პირველად რამაზ ჩხიკვაძის არტისტული თავმოყვარეობა. იწყენენ ბიჭები, მაგრამ მალე გაიგებენ, რომ პიონერთა სასახლეში დრამწრეა! 13 წლის ბიჭები პიონერთა სასახლეს მიადგებიან. თანატოლებისგან შეიტყობენ, რომ პიესა განაწილებულია და დარჩენილია 2 როლი – მეფისა და მონადირის. რეჟისორი კითხავს, თამაშობდნენ სხვაგან სადმე დრამწრეში თუ ახლა აპირებენ პირველად. 13 წლის რამაზი იფიქრებს, უფრო ამიყვანენ როლზე, თუკი ვიტყვი რომ ბევრი როლი მითამაშიაო და ისეთი რიხით იტყვის, კი, ძალიან ბევრი მითამაშიაო, ალბათ ასეთი რიხით კარიერის დასასრულსაც არ უთქვამს შემდეგ… მაინც რა როლებიო? ჩაეძიებიან, – უფრო მეფეების!  მიუგებს რამაზი. რამაზმა იცის რომ მეფის როლია დარჩენილი, მაგრამ არ იცის, რომ გავა წლები და მართლაც ითამაშებს მეფე ლირს, რიჩარდს… რეჟისორი მიუხვდება ეშმაკობას, დააფასებს მის მონდომებას და მისცემენ როლს… რამაზი მთელი არსებით მიეცემა თეატრის სტიქიას. არადა, ომია, ქაოსი. მხატვრული კითხვის პედაგოგი – ნოდარ ჩხეიძე დრამწრის ბიჭებს პატარა ძმებივით მოუვლის, ხიფათს რომ ააშოროს. შეაყვარებს სიტყვასაც და სპორტსაც – კალათბურთს. გუნდსაც შექმნიან, მათი გუნდი პირველ ადგილსაც კი აიღებს საბჭოთა კავშირის პირველობაზე. ნოდარ ჩხეიძე თავს არ დაზოგავს, რომ ბიჭები გზას არ აცდნენ. რამაზს თავად გზასაცდენილი ბიჭებიც არ მისცემენ გასაქანს, რომ გზას ასცდეს. უბნის ძველი ბიჭები ზარს აგორებდნენ, თავზე მილიცია რომ დაადგათ. ბიჭებმა ფული წყალსადენში დამალეს და გაიქცნენ. იმ ფულს პატარა რამაზი შეუნახავს და დაუბრუნებს ბიჭებს და გახდება მათი საყვარელი რამაზა. ამიტომაც დაუნგრევენ მერე ცხვირ-პირს, როცა ნახავენ, რომ ეს მათი საყვარელი რამაზა სხვა პატარა ბიჭებთან ერთად ზარს აგორებს და გულზე იბრაგუნებს ხელს. ნახავენ და სახეზე კამათელს დაუტრიალებენ, მეორედ რომ აღარ ჰქონდეს სურვილი კამათლის გაგორების…

1

სკოლას დაამთავრებს და ჩაირიცხება თეატრალურ ინსტიტუტში – სამსახიობო ფაკულტეტზე. და ის გახდება თბილისური ბოჰემის გული, პოპულარული სტუდენტი, რომელთანაც ყველას უნდა ურთიერთობა, მეგობრობა, თბილისელი ”მოდური” ქალიშვილების დაბადების დღეები, წვეულებები წარმოუდგენელი ხდება რამაზის გარეშე – რამაზის ელვარე იუმორის, სადღეგრძელოების, სიმღერის, როიალზე დაკვრის გარეშე. მისთვის არაფერი ადამიანური არაა უცხო, იმთავითვე ეტრფის ცხოვრებას, დროსტარებას და – შრომას. თავდაუზოგავად ეუფლება სამსახიობო ოსტატობას, კითხულობს ბევრს, კითხულობს და თარგმნის კლასიკურ დრამატურგიას. ინსტიტუტში ფარიკაობაში ვარჯიშს არ სჯერდება და სპორტულ ფარიკაობაშიც ვარჯიშობს, ვარჯიშობს და მეორე ადგილსაც იღებს საქართველოს ჩემპიონატზე. ამჯერად უკვე აღარ ზოგავს ძალებს მუსიკისთვის, სიმღერისთვის. გავა დრო და მას აღიარებენ უნივერსალურ მსახიობად. მეტიც, მიხეილ თუმანიშვილი იტყვის: ”ძნელი სათქმელია, რა უფრო უყვარს მას – მუსიკა თუ თეატრი, ორივე ეს ხელოვნება ორგანულადაა მასში შერწყმული. მე მეჩვენება, რომ რამაზი სახეს კი ვერ ”ხედავს”, არამედ ყოველთვის ”ისმენს” მას. იგი სახისთვის პოულობს მელოდია-კამერტონს და მას უმორჩილებს თავის სულსა და სხეულს. ასე იყო ”ესპანელ მღვდელში” ლეანდროს როლზე მუშაობისას, ასე იყო ”ჭინჭრაქაშიც” და ყველა სხვა როლშიც.”

იმ როლებამდე კი სტუდენტობაა გასავლელი. წარმატებული სტუდენტობა, წარმატებული როლები ინსტიტუტის სცენაზე. დო მაჟორი – თეატრალურ ინსტიტუტში და დო მინორი – რუსთაველის თეატრში მოხვედრის შემდეგ. უკვე სახელგანთქმული რამაზ ჩხიკვაძე კი იტყვის, რომ თეატრში მისვლისთანავე ითამაშა ”ესპანელ მღვდელში”, მაგრამ ეს ასე არ იყო… ეს უფრო შემდეგმა დიდმა წარმატებამ გადაავიწყა ის მტკივნეული 4 წელი – ის კაი ხანს ჩაიკარგება უზარმაზარ სივრცესა და უღიმღამო როლებში. აკი, ორჯერ დააპირებს კიდეც საერთოდ თეატრის მიტოვებას და საოპერო, ვოკალურ ხელოვნებაში გადანაცვლებას… ზუსტად 4 წელი გაივლის წარმატებულ როლამდე – სანამ თუმანიშვილი არ ათამაშებს ”ესპანელ მღვდელში”. შემდეგ კვლავ უღიმღამო ხუთი წელი მეორე წარმატებამდე – სპექტაკლამდე ”როცა ასეთი სიყვარულია”.

chinchraqa 1

მერე გაიხსნება მცირე სცენა და გაიხსნება დიდი რამაზი – ქოსა მრჩევლით ”ჭინჭრაქაში”. ”ჭინჭრაქა” ახალი თეატრის მანიფესტად შეირაცხება, სერგო ზაქარიაძისა და რამაზ ჩხიკვაძის თამაში კი – პირობით-გროტესკული ე.წ. ”ღია თამაშის” ეტალონად.  ეს ბოლოს, თავიდან კი რამაზ ჩხიკვაძე კარლო საკანდელიძის დუბლადაა დანიშნული ჭინჭრაქას როლზე. 35 წლის რამაზის გულს დიდად არ ეკარება ჩიკორივით მობზრიალე ბიჭის როლი, უფრო ქოსიკოს როლი მოსწონს, მაგრამ ამ როლზე გივი ჭიჭინაძე და ბორის წიფურია არიან დანიშნულნი. რეპეტიციებს თითქმის სულ კარლო საკანდელიძე გადის. რამაზი  პარტერიდან ადევნებს თვალს. ერთ დღესაც მაესტრო სცენაზე იხმობს რამაზ ჩხიკვაძე. ”დილას წელკავი დამეტაკა და წელში ვერ ვიმართებოდი. ძლივს ავდექი და ვთხოვე, მოდი, ქოსიკოს როლს მოვსინჯავ-მეთქი. არაფერი უთქვამს, მე წელში ოთხად მოიხრილი და ათჯერ მოკაკული, კვნესით, ტკივილისგან უნებლიე წამოყვირებით, რის ვაივაგლახით ავედი სცენაზე და იატაკზე ჩავჯექი, ქოსიკოს პირველი სიტყვები ასე დამჯდარმა წამოვიკნავლე. მიშა წამოხტა, სახე გაუბრწყინდა და იყვირა – განაგრძე რეპეტიცია, იჯექი მანდ. დაიწყე… კარგია ეგ რადიკულიტიც. მე მგონი, მიშამ იფიქრა, ეს ყველაფერი ამ როლისთვის საგანგებოდ მოვიგონე და აღფრთოვანდა. აი, მაშინ გადაწყდა ჩემი ამ როლზე დანიშვნაც, ასე დავტოვეთ სპექტაკლში ჩემი წელკავიც, მიმკვდარი ხმით ლაპარაკიც და ასე დაიბადა ქოსიკოს ნიღაბი” – იტყვის მრავალი წლის შემდეგ რამაზ ჩხიკვაძე. მაესტრო თუმანიშვილი კი დაწერს:

”ქოსა-მრჩეველი ”ჭინჭრაქაში” თითქოს მისი შემოქმედებითი გზის ”მეორე ეტაპის” დასაწყისი აღმოჩნდა. ამ მეორე ეტაპზე ის საბოლოოდ უკვე უჩემოდ განვითარდა – ჩვენ გავიყარენით. დიდებისკენ მისი აღმასვლა ამის შემდეგ დაიწყო. დღეს რამაზ ჩხიკვაძე სახელმოხვეჭილი მსახიობია, მას ოვაციები გაუმართეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ”ჭინჭრაქაზე” მუშაობის დროს ჩვენ ახალგაზრდები უკვე აღარ ვიყავით, მაგრამ ის დრო რამაზისთვის ჯერ კიდევ მსახიობური ახალგაზრდობის დრო იყო. ”შვიდკაცაში” იგი თანასწორთა შორის თანასწორი იყო, ახლა – პირველია”. 

winwraqa-3

თუმანიშვილი იტყვის, რომ ქოსა მრჩევლით დაიწყო რამაზ ჩხიკვაძის შემოქმედების მეორე ეტაპი, სტურუა იტყვის, რომ ”რამაზ ჩხიკვაძე ქოსა მრჩევლიდან იწყება”… თუმანიშვილი კი წერს, რომ ”ჭინჭრაქას” შემდეგ ისინი გაიყარნენ, მაგრამ ”ჭინჭრაქას” შემდეგ რამაზი კიდევ ითამაშებს ედმუნდს თუმანიშვილის ”მეფე ლირში”,  სტვირას ”ზაფხულის ღამის სიზმარში”, სიპიტოს ”მიწის შვილებში”, ხახულის ”კოლმეურნის ქორწინებაში”… მაგრამ ყველა ეს სპექტაკლი უიღბლო აღმოჩნდება. რამაზ ჩხიკვაძის და რობერტ სტურუას პირველი შეხვედრა ჟაკ რობერის შეხვედრაშიშედგება. შემდეგ ”მზიან ღამეშიც”, ”ხანუმაშიც”. მათი ბედი ერთმანეთს ჩაეწნება. ”ხანუმა” მათი თანამშრომლობის ახალი ეტაპი  აღმოჩნდება, რომელსაც ”სამანიშვილის დედინაცვალი” დაგვირგვინებს, მათი ტანდემის საბოლოო ფორმირება კი ”ყვარყვარეში” მოხდება. სწორედ ეს დიდი ტანდემი მოუტანს მსოფლიო აღიარებას რუსთაველის თეატრს… ნოდარ გურაბანიძის თქმით, ”ყვარყვარე” პირველი სპექტაკლია იმ თეატრისა, რომელსაც დღეს ”რობერტ სტურუას თეატრი” ჰქვია… ”ყვარყვარეს” პრემიერიდან 30 წლის შემდეგ რამაზ ჩხიკვაძე მეტყვის: მეც და რობიკოც ვამბობთ ხოლმე, ჩვენი ყველაზე კარგი სპექტაკლი იყო ყვარყვარე”, ყველაზე ძლიერი, საინტერესო. ცოტა დროსაც კი გაუსწრო და მაყურებელმა მაინცდამაინც ვერ აღიქვა”.

samanishvili

xanuma

ყვარყვარეს შემდეგ იქნება დაუვიწყარი ”კავკასიური ცარცის წრე”, რომლითაც თეატრი საბჭოთა წრეს გაარღვევს და საგასტროლოდ გავა საზღვარგარეთ – გერმანიაში – ზაარბრიუკენსა და დიუსელდორფში. ტაშის მოძულე, ცალხელა დიუსელდორფს მეორე ხელს რამაზი გამოაბამს – გამოვა თუ არა სცენაზე – დარბაზი დაინგრევა ტაშით…

გერმანიას მოჰყვება მექსიკა – ფესტივალი ”სერვანტინო-5”. ჩხიკვაძეს სწორედ მექსიკაში მოიხსენებენ პირველად, როგორც ”მსოფლიო მნიშვნელობის თეატრალურ ვარსკვლავს”. ინგლისელი მაიკლ კოვენი კი ”ფაინენშალ თაიმსში” დაწერს: რამაზ ჩხიკვაძე ერთ-ერთი უდიდესი მსახიობთაგანია, ვინც ოდესმე მინახავს…

azdaki

რამაზს ჯერ არ უთამაშია რიჩარდი. მაიკლ კოვენი კი დაწერს, რომ მზადაა თბილისში ფეხით ჩავიდეს მისი რიჩარდის სანახავად. რიჩარდის ნახვის შემდეგ კი სწორედ მაიკლ კოვენი გამოაცხადებს რამაზ ჩხიკვაძეს ლოურენს ოლივიედ – ”ჩხიკვაძე კავკასიელი ლოურენს ოლივიეა, რომელიც სცენიდან მომხიბლაობას, სიკეთესა და სიბრძნეს აფრქვევს”.

სტურუას ”კავკასიური ცარცის წრე” შევა მეოცე საუკუნის მსოფლიოს ას საუკეთესო სპექტაკლში. რამაზ ჩხიკვაძის რიჩარდ მესამე –  ყველა დროის რიჩარდების ათეულში.

hhhhhhhhhhhhhh

ამ აღიარებამდე კი რთულ გზას გაივლის ”რიჩარდი”. ჯერ თავად რამაზი გაოცდება, როცა სტურუა რიჩარდის როლს მისცემს. უარესად გაოცდება საზოგადოება, კონკურენტები აიმრიზებიან, მარცხის მოლოდინში გაინაბებიან და ერთ ხანს გაიხარებენ კიდეც – ”რიჩარდ მესამის” თავდაპირველი ვარიანტი თავად ტანდემსაც სტურუა-ჩხიკვაძესაც დააეჭვებთ და მათ მართლაც კეთილისმსურველთაც. ჩასაფრებული პუბლიკა გულს მოიოხებს, ნიშს მოუგებს, მაგრამ ნაადრევი და ბერწი აღმოჩნდება მათი სიხარული. სტურუა მუშაობას განაახლებს ”რიჩარდ მესამეზე” და ყველა გაისუსება, როცა ”რიჩარდი” ედინბურგს და ლონდონის ”რაუნდ ჰაუზს” დაიპყრობს. ედინბურგში გამოსვლის შემდეგ, შოტლანდიის უპირველესი გაზეთი ”ობსერვერი” გამოაქვეყნებს სტატიას სათაურით – ”რამაზი – კავკასიის მეფე”. ედინბურგში და ”რაუნდ ჰაუზში” ფენომენალური წარმატების შემდეგ ინგლისური თეატრალური სამყარო რამაზ ჩხიკვაძეს მეოცე საუკუნის უდიდეს მსახიობად აღიარებს. ”რამაზ ჩხიკვაძე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მსახიობია” (”თაიმსი”).

B9CMPX

Tbileli_Marina_12

Tbileli_Marina_89

images

richardi-2

რიჩარდის შემდეგ ჩხიკვაძე ითამაშებს სპექტაკლში ”ვარიაციები თანამედროვე თემაზე”, ითამაშებს ჰიტლერს ”ას ერგასის დღეში” (კინოში სტალინის როლის განსახიერების შემდეგ) და ლირს. ”ლირზე”, მუშაობას 1982 წელს დაიწყებენ და 1987 წელს დაასრულებენ. ”აი, საქართველოს ლირი, ტირანი ქარიშხალში”- დაწერს იტალიური ”კორიერე დე ლა სერა”… 1987 წელს მას იწვევენ ლონდონში, მსოფლიოს ვარსკვლავთა გალა-კონცერტში, სადაც ორ ნაწყვეტს თამაშობს ”მეფე ლირიდან”. პარტნიორობას ვანესა რედგრეივი უწევს, ვანესა რედგრეივი კორდელიას როლის ნაწყვეტს რამაზის საპატივსაცემოდ ქართულად ისწავლის და ითამაშებს… ინგლისში, ქალაქ ლესტერში, 1988 წელს ბენეფისს გაუმართავენ რამაზ ჩხიკვაძეს…მალე ქარიშხალი მინელდება… მეფე ლირი რამაზ ჩხიკვაძის ბოლო როლი აღმოჩნდება რუსთაველის თეატრში… სტურუასა და ჩხიკვაძეს შორის სირბილს დაიწყებენ შავი კატები, რომელიც დათარსავენ მთელ ქართულ თეატრს…

liri1

რამაზ ჩხიკვაძე საუბარს დაიწყებს პენსიაზე. მისი არ სჯერათ. მაგრამ მას სჯერა. 1988 წელი. ათენი. ღია ცის ქვეშ უნდა ითამაშონ ”ლირი”, ”რიჩარდი”. რამაზი უკვე ღიად და დაუფარავად აცხადებს, რომ აღარ ითამაშებს ახალ სპექტაკლებში, რომ გავა პენსიაზე და მხოლოდ ძველ სპექტაკლებს ითამაშებს – მიწვევით. არადა, ჯერ მხოლოდ 1988 წელია. ის მხოლოდ 60 წლისაა. მაგრამ ეს ასე მოხდება. რამაზი თეატრთან ერთად იქნება მადრიდის დიდ საერთაშორისო ფესტივალზე, ჰელსინკში, იერუსალიმში, პრაღაში, მილანში… მაგრამ ის უკვე წასულია თეატრიდან…

სცენის მეფე სცენის გარეშე რჩება, გავა წლები და ის არავის დააბრალებს ამ სიტუაციას. პირიქით იტყვის, რომ რობერტ სტურუამ რამდენიმეჯერ შესთავაზა სხვადასხვა პიესა – შექსპირის ”ვენეციელი ვაჭარი”, ”ალუბლის ბაღი” (ფირსის როლი)…

გავა რამდენიმე წელი და რამაზ ჩხიკვაძე ითამაშებს ავთო ვარსიმაშვილის ”სიკვდილის როკვაში”. ეს მისი ბოლო როლი იქნება საერთოდ სცენაზე…

llllllllllllllllllllllll

კინოსთან ურთიერთობას კი არ გაწყვეტს სიცოცხლის ბოლო წლებამდე. 23 წლის იყო პირველად მომხსენებელი, რომ განასახიერა ”მწვერვალთა დამპყრობნში”. შემდეგ კი იყო არიქიტექტორი შოთა ”ჭრიჭინაში” და შემდეგ 70-ზე მეტი კინოგმირი ქართულ და არა მხოლოდ ქართულ ფილმებში. თავიდან საშიშროება (ისევე როგორც თავიდან თეატრში), რომ ბრწყინვალე გარეგნობის გამო დარჩენილიყო და ”ჩარჩენილიყო” ”შეყვარებულთა” როლებში, მაგრამ ისევე როგორც სცენაზე, კინოშიც წარსულს ჩაბარდა ეს საფრთხე და შთამომავლობას დარჩა მისი ბრწყინვალე სახეები ფილმებში ”ფესვები”, ”ლონდრე”, ”ვერის უბნის მელოდიები”, ”ვედრება”, ”ნატვრის ხე”, ”აშუღ-ყარიბი”… შთამომავლობას დარჩება მისი ბრწყინვალედ გახმოვანებული მულტფილმები… შთამომავლობას დარჩება დიდი ლეგენდა ”რამაზ ჩხიკვაძე”…

ppppppppppppppppppppppp

yvaryvare1

yvaryvare-2

yvaryvare-3

ფრაგმენტი 2005 წელს ჩაწერილი ინტერვიუდან:

რამაზ ჩხიკვაძე: ”ახლაც ავად ვარ, ძალიან დავსუსტდი, არ ვიცი, როდის აღვიდგენ ძალას… მე სიმსივნე მქონდა ცოტა ისეთი, ნაღდი სიმსივნე… ადამიანი იბადება და უნდა წავიდეს კიდეც ამ ქვეყნიდან, აქ საპანიკო არაფერია, მაგრამ თუ რაიმეს ეშველება, უნდა გააკეთო ყველაფერი,  სიცოცხლე ვის არ უნდა კაცო და მეც მინდა… წამლებში ვარ სულ… უნდა ბევრი ვიარო ჰაერზე, ჰაერი უნდა ვყლაპო ბევრი და საჭმელები უნდა ვჭამო განსაკუთრებული, რომ ჯანმრთელობა აღსდგეს…

ცხოვრებაში მე მიყვარდა შრომა და ქეიფი. მაგრამ ჩვენთვის ჯერ შრომა იყო და მერე ქეიფი, არ არსებობდა, რომ ჩვენ სპექტაკლის წინ გვექეიფა და ვინმე სცენაზე მთვრალი გამოსულიყო. თან, კაცო, დილით რეპეტიცია გვქონდა, მერე კინოსტუდიაში გადაღებაზე გავრბოდით, საღამოს სპექტაკლს ვთამაშობდით, სპექტაკლის შემდეგ ვიქეიფებდით დილამდე და დილით ისევ რეპეტიციაზე მოვიდოდით. ახლა რომ ვფიქრობ, რა ენერგია გვქონდა, კაცო, როგორ ვძლებდით… პირდაპირ საოცარია. ახლა, მაგისნაირად ერთი დღე რომ გამაკეთებინა, მე ამ ქვეყნიდან წავიდოდი კიდევაც. ეჰ, ჩვენ, ქართველებმა, არც ღვინის სმა ვიცით ზომიერი და არც ჭამა… საზღვარგარეთ 3-4 ჭიქას დალევენ და მორჩა, ჩვენ 3 ლიტრას არ ვკმარებდით… ჩვენ რომ ღვინის სმის და ჭამის კულტურა გვქონოდა, დარწმუნებული ვარ, რომ  წასული ხალხიდან 50% დღესაც ცოცხალი იქნებოდა… ჩვენი თაობის ხალხი, ვინც დავრჩით, ხანდახან დავჯდებით ხოლმე, ვპურმარილობთ. ახლა უკვე ჭკვიანურად ვსვამთ, ისე აღარ ვიხოცავთ თავებს… აირწინაღით რომ მაქვს დალეული ღვინო, ხომ იცით? ახლა აღარ ვსვამთ აირწინაღებით, აღარც ბოთლებით დალევით ვცდილობთ ერთმანეთის გაკვირვებას და არც ბავშვის ”გარშოკებს” ვითხოვთ… ახლა მოგონებებით ვხოვრობთ, ხანდახან წავუღიღინებთ ხოლმე, ბებერი ხმებით. ოღონდ ბევრ ხალხში ქეიფი არც ადრე მიყვარდა და არც ახლა შემიძლია. აი, ქორწილი რომ არის და დამპატიჟებენ, არ ვიცი, სად წავიდე, რა მოვიმიზეზო… დანაყრდები ნახევარ საათში, მეტი რამდენი უნდა ჭამო? მერე აღარ  იცი რა აკეთო. ისიც თუ ჭკვიანები არიან, კიდევ კარგი, თორემ თუ სროლა ატყდა და ბოთლების რაკა-რუკი, მაშინ ხომ სულ დამშვენებული მოდიხარ… ჩვენ წრეში ჩხუბი არასოდეს მომხდარა, მაგრამ ხშირად მოვხვედრილვარ ბოთლების რაკი-რუკში, გამშველებლებიც ვყოფილვართ და ერთი მეორე. მახსოვს, დილის სპექტაკლი ვითამაშეთ, საღამოსაც სპექტაკლი გვქონდა, ერთი ჩვენი მსახიობი (აცხონოს ღმერთმა), გადაგვეკიდა, წავიდეთ, კარგი პურ-მარილია გაშლილი, ნუ დავლევთ, უბრალოდ, ვისადილოთ და წამოვიდეთო. ბოლო-ბოლო დაგვითანხმა, წავედით. იმ სართულზე რომ ავედით, რაღაცა ხმაური შემოგვესმა, კი არ გვესიამოვნა, მაგრამ რაღას ვიზამდით? იმ კარებსაც მივადექით, გააღეს და დარბის დასისხლიანებული ხალხი, ერთმანეთს ურტყამენ, ვინ სკამს ურტყამს, ვინ ბოთლს ისვრის, აბა ჩავერიეთ, წავიდა გაშველება, რაც ჩვენ მოგხვდა იმ დღეს… სულ ღვინით დაწუწულები, დასისხლიანებულები, დანგრეულები, დალეწილები წამოვედით. ლუკმა ჩვენ არ გვიჭამია, დახეული პიჯაკებით შემოვედით თეატრში, გაგიჟდნენ თეატრში, სად იყავით კაცო, ომში? ახლაც, ავლაბარში, იმ სახლს რომ გავუვლი, ისტერიული ხარხარი მიტყდება… რა გითხრათ, მე ბედნიერი კაცი ვარ. ისე აეწყო ჩემი ცხოვრება, რომ თეატრშიც სულ მუდამ როლებს მაძლევდნენ, მაძლევდნენ და მაძლევდნენ, კინოშიც სამუშაო ყოველთვის მქონდა. თავიდან ტელევიზია  შეიქმნა და სულ მე და ეროსი ვიყავით ყველა დადგმაში… სამუშაო მე არ მომკლებია, ყელამდე მქონდა, იმდენი მქონდა, რომ მეტი იყო უკვე, აღარ შეიძლებოდა იმის ატანა, ეს იყო ყველაზე დიდი ბედნიერება. მერე ის სპექტაკლები სადაც მე ვმონაწილეობდი, კარგი სპექტაკლები იყო, ჯერ მიშა თუმანიშვილის დროს, მერე რობიკოს დროს, მთელი რიგი სპექტაკლებისა, რომელიც ზედიზედ კარგი და კარგი იყო. ამდენი გასტროლი, ამდენი წარმატება… ჩემისთანა კაცი, როგორ შეიძლება რომ ნაწყენი ვიყო კიდე რამეზე? ხშირად მეკითხებიან, არის რამე როლი, რომ გინდოდათ გეთამაშათ და გული გწყდებათ რომ არ ითამაშეთო? არა, კაცო, არა, როგორ შეიძლება, რა ღორმუცელობაა, კიდე როლი რომ მომენდომებინა?! არა, ბატონო, არ ყოფილა, პირიქით, ზედმეტად ვიყავი დატვირთული ყოველთვის და მადლობას ვუხდი ღმერთს ამისთვის…”

ნატაშა

uuuuuuuuuuuuuuuuuuuu

რამაზი და ნატაშა. ისინი გემზე შეხვდებიან ერთმანეთს. რამაზ ჩხიკვაძე და გურამ საღარაძე ხანმოკლე შვებულების გასატარებლად ბათუმიდან გემით წავლენ  ოდესაში, ოდესაში ჯაზ-ორკჯესტრია ჩასული საგასტროლოდ. იალტაში გემბანზე ნატაშა კობახიძე ავა მეგობრებთან ერთად… ”დავინახე ნატაშა, საოცარი სილამაზის ქალი. საოცარი ტან-ფეხით, ვახ-მეთქი, შენ გენაცვალე” – ასე გაიხსენებს ნატაშას პირველ ხილვას გურამ საღარაძე, რომელმაც გაიცნო და რამაზს გააცნო ნატაშა…

”მთელი საღამო ერთად გავატარეთ სუფრასთან, მე, რამაზმა, ნატაშამ და მისმა მეგობარმა, საუბარში დაგვათენდა… რამაზი მომიტრიალდა და მითხრა: ”მე ამ ქალს ცოლად შევირთავდი”- გაიხსენებს გურამ საღარაძე, გაიხსენებს როცა ამ ქვეყნად აღარ იქნებიან აღარც რამაზი და აღარც ნატაშა… გაიხსენებს იმასაც, თუ როგორ შეთანხმდნენ შეხვედრაზე რამაზი და ნატაშა მაშინ, თუ როგორ მოხდება ისე, რომ ეს ბედნიერი შეხვედრა ვერ შედგება, მაგრამ გავა დრო და ისინი მაინც შეხვდებიან ერთმანეთს. ”ისეთი სიყვარული მე არ მინახავს”– იტყვის გურამ საღარაძე.

”ნატაშა სრულიად მოულოდნელად გავიცანი. გურამ საღარაძესთან ერთად, ბათუმიდან გემით სამოგზაუროდ ოდესაში მივდიოდი. ნატაშა ტავის დაქალტან ერტად ამოვიდა იალტაში. ვკითხეთ, საით მიბრძანდებით? ოდესაში მივდივართ, იქდან მოსკოვშიო. მაშინ გავიცანი, დავახლოვდით, ერთი, მეორე… მერე როგორც ხდება ყველაფერი…” – ასე იხსენებდა ჩემთან საუბარში ნატაშას გაცნობას ბატონი რამაზი…

a5981

ნატაშას ეშხი ერთნაირად აშტერებდა ყველას – მის დამნახავს ყველას ყბა უვარდებოდა… თეატრის დიდი მცოდნე და არანაკლებ დიდი ესთეტი ნოდარ გურაბანიძე ასე გვიხატავს ნატაშას პორტრეტს: ”ნატალია იმთავითვე ტიპიური მოსკოვური შარმითა და მომხიბლავობით გამოირჩეოდა. ულამაზეს სლავ ქალთა საზოგადოებაშიც აშკარად განუმეორებელი იყო არა მხოლოდ უზადო გარეგნობით და ჩამოქნილი სხეულით, არამედ ევროპულ-აღმოსავლური იერის იშვიათი მიმზიდველობის ძალითაც. აქ ერთმანეთს ერწყმოდა პლასტიკა და ქალური სინაზე, მკვეთრი ნაკვთები და სილბო, ძალა და მიბნედილობა. როცა ახლოს გავიცანი, განცვიფრებული დავრჩი მისი ინტელექტით და აზროვნების სიცხადით. მხოლოდ სარაინდო რომანებში თუ შემხვედრია ასეთი ლამაზი და ჭკვიანი ქალბატონები, რომელთა გულისთვის თავგადასავლების მოყვარული ვაჟკაცები არავითარ ფათერაკს არ ერიდებიან”…

ფათერაკები არა, მაგრამ არც რამაზს ასცდება დაბრკოლებები… როგორც თავად გაიხსენებს, ბევრ მძიმე დღეებს გამოივლიან, იქნება ბევრი ხელისშემშლელი პირობებიც, ბევრი ჭორიც, ბევრი უბედურებაც… რამაზის მშობლებს ბევრ ცუდს ეტყვიან ნატაშაზე, რამაზს ოჯახთან ურთიერთობა დაეძაბება, მაგრამ უკან არ დაიხევს – შინიდან წავა. ხან სად იცხოვრებენ, ხან სად, როგორც თავად იტყვის 20 ბინას გამოიცვლიან, სარდაფშიც მოუწევთ ცხოვრება, სხვენზეც, მეგობრებთანაც- ცოტა ხანს ეროსისთან, კარლო საკანდელიძის ოჯახშიც, ედიშერ მაღალაშვილთანაც, რაღაც პერიოდი ეროსის მეზობლებმაც შეიფარებენ… ”რა არ გადავიტანეთ, მაგრამ მაინც ჩვენი გავიტანეთ”– კმაყოფილი დასძენს ბოლოს…

fffff

ნოდარ გურაბანიძე დაწერს, რომ ნატაშას გარეგნობამ მალე მიიპყრო თბილისური საზოგადოების და ყმაწვილკაცების ყურადღება, მაგრამ იგი პირველად აფეთქებული გრძნობების ერთგული დარჩა ბოლომდე”.

ნატაშას გარეგნობით კინოც დაინტერესდება, 1959 წელს შოთა მანაგაძე მთავარ როლში გადაიღებს ფილმში ”ყვავილი თოვლზე”. ეს იქნება მისი პირველი და უკანასკნელი ფილმი. მას არ მოხიბლავს სამსახიობო კარიერა. პროფესიით მეტალურგია, მეცნიერი – ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.

აღარ იქნება ნატაშა და ახლობლები გაიხსენებენ ნატაშას ნათქვამს, ჩემი აკადემიკოსობით საქართველოს ბევრი არაფერი მოემატება, გადავწყვიტე რამაზს შევუწყო ხელი”.

ასეც მოხდა და რომ არ მომხდარიყო ასე… რასაკვირველია, დიდი და მრავალმხრივი ნიჭის რამაზ ჩხიკვაძე უეჭველად მიაღწევდა დიდ წარმატებას სამსახიობო კარიერაში, მაგრამ, შესაძლოა, ვერ გამხდარიყო ისეთი დიადი, როგორიც დღეს არის, რომ არა ნატალიას უდიდესი გულისყური და ყოველდღიური ზრუნვა თავისი სათაყვანებელი მეუღლისადმი. მან რამაზ ჩხიკვაძე ოჯახური ყოველდღიურობის სიმძიმისგან გაანთავისუფლა. მუშაობისთვის იდეალური პირობები, კულტურული ატმოსფერო შეუქმნა” – დაწერს ნოდარ გურაბანიძე ფანტასტიკურ რამაზ ჩხიკვაძეში”.

მაგრამ მხოლოდ ეს არ იყო… ნატაშა არ ყოფილა ცოლი, რომელიც მხოლოდ კომფორტს და ოჯახურ მყუდროებას უქმნიდა დიდ მსახიობს. როგორც ჯემალ ღაღანიძე იტყვის, ნატაშა რუსთაველის თეატრის არაოფიციალური მენეჯერი იყო… სწორედ აქ გაიფურჩქნა მისი ნიჭი, გონიერება და თანდაყოლილი დიპლომატიური უნარი. აქ ჰპოვა გასაქანი მისმა საარაკო მიზანსწრაფულობამ და მისმა ტემპერამენტმა… ნატაშას დაახლოება რამაზთან და რუსთაველის თეატრთან თითქმის ერთდროულად დაიწყო. მიხეილ თუმანიშვილის “ჭინჭრაქას” დროიდან იგი თეატრის ყველაზე დაახლოებულ ადამიანად იქცა. რობერტ სტურუას “ყვარყვარეს” შემდეგ კი იგი თითქმის თეატრის კოლექტივის წევრი გახდა.”- დაწერს ნოდარ გურაბანიძე.

aaaaaaaaaaaaa

სწორედ ნატაშას დამსახურებაც იქნება ის, მაყურებელმა რომ იხილა ”ყვარყვარე~. პარტიული ელიტა ჯოჯოხეთურ გზას გამოატარებს სტურუას შედევრალურ ”ყვარყვარეს” – 11-ჯერ მოუწყობს დახურული ჩვენებას, 11-ჯერ ითამაშებენ მსახიობები სპექტაკლს უმაყურებლოდ, მხოლოდ რამდენიმე კაცის თანდასწრებით. თეატრში დაწესდება მკაცრი კონტროლი და ამ დახურულ ჩვენებებზე მხოლოდ ცეკას რამოდენიმე ოფიციალურ პირს შეეძლება დასწრება. ეს ოფიციალურად, მაგრამ არაოფიციალურად… ნატაშა ყველა ამ სპექტაკლს დაესწრება,  მარტო თვითონ კი არა, სხვებსაც შეიყვანს – ისეთ პირებს, რომელთა აზრს საზოგადოება დიდ ანგარიშს უწევს. სპექტაკლით აღტაცებულებმა ქალაქში ხმა გაავრცელეს, სტურუას და ჩხიკვაძის გენიალურ ნამუშევარს კრძალავენო (თუმცა აკრძალვამდე საქმე ჯერ არ იყო მისული). ასე შეიქმნა საზოგადოებრივი აზრი, რომლის ჩამოყალიბებაში ნატალიას მცირე როლი როდი მიუძღვის” (ნოდარ გურაბანიძე).

თბილისელები ”რატომღაც”, ”რაღაცნაირად” ყოველთვის გაიგებენ როდის იმართება ეს დახურული ჩვენებები. ყველა ასეთ ჩვენებაზე უამრავი ხალხი მოიყრის თავს თეატრის წინ, ფოიეში და დაელოდებიან განაჩენს, იქნება აჟიოტაჟი, ცხარე კამათი და როგორც გურაბანიძე გაიხსენებს  ”… ატმოსფერო ისეთი გავარვარებული იყო, რომ ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო აფეთქება, საბოლოოდ მაინც საღმა აზრმა გაიმარჯვა და სპექტაკლის პრემიერა ტრიუმფად იქცა”.

მალე კი, რამაზის და ნატაშას ბინა გახდება ადგილი, სადაც თავს  მოიყრიან მაღალი რანგის სტუმრები – თეატრალები, გამოჩენილი რეჟისორები და მსახიობები, იმპრესარიოები, ”გოსკონცერტის” ხელმძღვანელები, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალების დირექტორები, სახელგანთქმული თეატრალური კრიტიკოსები…

როდესაც ”რიჩარდ მესამის” თავდაპირველი ვარიანტი დააეჭვებთ თავად სპექტაკლის ავტორებს, სწორედ ნატაშა ჩხიკვაძის თანადგომით ჩამოიყვანენ მოსკოვიდან თბილისში ინგლისური თეატრისა და შექსპირის შემოქმედების საუკეთესო მცოდნეს ა. ბარტოშევიჩს, რომლის შენიშვნებიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს შემდგომ მუშაობაში. სწორედ ნატაშა ჩხიკვაძის სახელს დაუკავშირდება რუსთაველის თეატრის არაერთი გასვლა საზღვარგარეთ. მის აქტივში იქნება მხოლოდ რუსთაველის, არამედ შემდეგ სხვა თეატრების გაყვანაც საზღვარგარეთ.

ფრაგმენტი 2005 წელს ჩაწერილი ინტერვიუდან:

 ბატონო რამაზ, ნათქვამია, კაცებს ჭკვიანი ქალები არ მოსწონთ, გაურბიანო, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით თქვენზე. თქვენ თუ გიქმნიდათ რაიმე დისკომფორტს ის ფაქტი, რომ სახლში ჭკვიანი ცოლი გყავთ?

– ახლა (იცინის)… ჩემი ცოლი სოკრატე არ არის და არც არისტოტელე, მაგრამ ჩვეულებრივად განათლებული ქალია, უმაღლესი აქვს დამთავრებული, საკანდიდატო დისერტაცია აქვს დაცული, საერთოდ გამჭრიახი გონება აქვს. ჭკვიანი ქალი კარგია, აბა უჭკუო ვის რად უნდა? რა გითხრათ, ჩვენ დიდი შეხლა-შემოხლა არ გვქონია (იცინის), როცა ქალი ნორმალურად ჭკვიანობს ასატანია…

 თქვენ როგორ გიწყობდათ ხელს ქალბატონი ნატაშა თქვენი კარიერის მანძილზე?

– იმით, რომ არ მაქებდა და მუდამ კრიტიკული იყო ჩემი შემოქმედების მიმართ. ბევრი ცოლი შეყვარებულია ქმრის შემოქმედებაზე და სულ ტაშს უკრავს `ო, რა კარგია, ო, რა კარგია~, ეს, რა თქმა უნდა, მაინც ცუდად მოქმედებს ადამიანზე, განსაკუთრებით თავიდან, სანამ სპექტაკლი ჩამოუყალიბებელია, დაუღვინებელია. ადამიანს ძალიან გჭირდება მკაცრი მოპყრობა, ნაადრევად ზედმეტი ტაში-ტუში არ ვარგა. ნატაშა ძალიან კრიტიკული იყო და ამ მხრივ ძალიან მეხმარებოდა.

არსებობს ასეთი ინფორმაცია, რომ თავის დროზე, როცა რუსთაველის თეატრმა საბჭოთა კავშირის რკინის ფარდა გაარღვია და საზღვარგარეთ გავიდა საგასტროლოდ, თქვენმა მეუღლემ, ნატაშამ, დიდი როლი ითამაშა ამ პროცესში. მართლაც ასე იყო? უნდა უმადლოდეს თუ არა ქართული თეატრის ისტორია ქალბატონ ნატაშას?

– ნატაშას ძალიან უყვარდა და უყვარს რუსაველის თეატრი, ამ თეატრით ცხოვრობდა ის ჩემთან ერთად, ძალიან ცდილობდა დახმარებას და ბევრი გასტროლებიც გააკეთა. თეატრი გაიყვანა ესპანეთში, ისრაელში, სხვადასხვა ქვეყნებში. მარჯანიშვილის თეატრსაც გაუკეთა გასტროლები იაპონიაში, გერმანიაში. ასე მუშაობდა, კონტაქტებს ამყარებდა იქაურ პროდიუსერებთან და შედეგიც კარგი იყო. ასე რომ, პატარა დამსახურება მართლაც აქვს ამ მხრივ. მაგას სპექტაკლები არ დაუდგამს, შორს იყო მაგ საქმისგან, მაგრამ უნდოდა, რომ კარგი სპექტაკლი ენახა სხვადასხვა ქვეყნის მაყურებელს. ამას ახერხებდა შიგადაშიგ, ეს იყო და ეს იყო.

”ეს იყო და ეს” –  მოკრძალებულად ბრძანებდა ბატონი რამაზი. არადა, ნატაშა ბევრს ახერხებდა, ახერხებდა იმას, რასაც ბევრი დიდი ორგანიზაცია ვერ ართმევს დღესაც კი თავს… ნატაშა ჩხიკვაძე გარკვეული პერიოდი თეატრალურ საზოგადოებაში უცხოეთთან ურთიერთობის განყოფილებას ხელმძღვანელობდა, სწორედ მისი ძალისხმევით მოხდა გაუგონარი რამ – მადრიდის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მიიწვიეს სამი ქართული თეატრი – რუსთაველის, მარჯანიშვილის, მინიატურების… თვით ესპანელების აღიარებით ეს იყო უნიკალური მოვლენა არასოდეს ჩვენს ფესტივალზე ერთი ქვეყნიდან სამი თეატრი არ ჩამოსულაო (ნოდარ გურაბანიძე)”.

არადა, თავიდან მხოლოდ რუსთაველის თეატრის მიწვევაზე იყო საუბარი და ისიც თეატრს უნდა ეკისრა ყველა ხარჯი. სსრკ-ს თეატრალური საზოგადოების უცხოეთთან კავშირების განყოფილების გამგემ, საფესტივალო კულუარებსა და ინტრიგებში გაწვრთნილმა პირმა, ნატაშას ურჩია კიდეც ფესტივალის ხელმძღვანელთან, არიელ გილდენბერგთან საქმეს ნუ დაიჭერთ, აუღებელი ციხესიმაგრეა, მისგან კომპრომისი გამორიცხულიაო. ნატაშა კი სწორედ ამ აუღებელი ციხე-სიმაგრის აღების ჟინით აენთო, იყიდა ბილეთი და გაფრინდა მადრიდს. აეროპორტ იბერიაშიმას თვით არიელი დახვდა ყვავილების უზარმაზარი თაიგულით და მკაცრი სახით. მისი პირველი ფრაზა იყო: ფესტივალის ბიუჯეტის ყველა პესეტი განაწილებულია და ამ თემაზე ნუ დამელაპარაკებითო. ნატალიამ უპასუხა, ბატონო არიელ, აგერ დგას ის თვითმფრინავი, რომლითაც ჩამოვფრინდი და მზად ვარ უკანვე გავბრუნდეო. შეცბუნებულმა არიელმა ნატაშა სადილად მიიპატიჟა და ვერც წარმოიდგენდა, თავს რა ხაფანგში ყოფდა. ნატალია მასთან მოლაპარაკებას სამი დღე და ღამე აწარმოებდა. ამ ხნის მანძილზე სადილადაც არ გასულან (ბუტერბროდები და სენდვიჩები შეჰქონდათ)(ნოდარ გურაბანიძე).

შედეგი? მარტო რუსთაველის თეატრი კი არა, მადრიდის ფესტივალზე გამოვიდა მარჯანიშვილის თეატრი, მინიატურების თეატრი, მსახიობებმა მიიღეს სოლიდური ჰონორარი, სამივე დასი ცხოვრობდა მადრიდის ცენტრში პრესტიჟულ სასტუმროში… ნატაშა ჩხიკვაძემ რუსთაველის თეატრი იერუსალიმის ფესტივალზე ჯერ კიდევ მაშინ ჩაიყვანა, როცა სსრკ-ს დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ ჰქონდა დამყარებული ისრაელთან. სწორედ ამ ფესტივალზე აჩვენა ნატაშა ჩხიკვაძემ დიპლომატიის და სიტუაციის მართვის მასტერკლასი. იერუსალიმის ფესტივალი ”კავკასიურით” იხსნებოდა, მაგრამ ასპარეზზე გამოჩდნენ ბრეხტის ქალიშვილი ბარბარა ბრეხტი და მისი მეუღლე მსახიობი ეკეჰარტ შალი,  გაცეცხლებულნი იმით, რომ რუსთაველის თეატრი ამდენი წელი ”კავკასიურს” თამაშობდა და მათ საავტორო ჰონორარს არ უხდიდა.  ბუენოს-აირესშიც კი ჩაუკითხებიათ რუსთაველის თეატრისთვის, მაგრამ ამაოდ… საგულისხმოა, რომ სწორედ ბრეხტის ქალიშვილის და სიძის გამო მოიხსნა ”ყვარყვარე” რეპერტუარიდან. რობერტ სტურუას გამოყენებული ჰქონდა სცენა ბრეხტის პიესიდან, სწორედ ბრეხტის სიძემ და ქალიშვილმა ატეხეს სკანდალი, კუთვნილ თანხას არ გვიხდიანო. არადა, მაშინ სსრკ მიერთებული არ იყო საავტორო უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და საერთოდ არავის არაფერს არ უხდიდნენ და შესაბამისად, არც თეატრს არ შეეძლო გადახდა და იძულებული იყვნენ სპექტაკლი მოეხსნათ. ასე რომ, იოლი წარმოსადგენია, რა დაემართებოდათ რუსთაველის თეატრის მესვეურებს ბარბარა ბრეხტის და ეკეჰარტ შალის გამოჩენაზე. არანაკლებ ღელავდნენ ფესტივალის ორგანიზატორები – ფესტივალი ეშლებოდათ – ბრეხტის მემკვიდრეები იმუქრებოდნენ, რომ პიესის თამაშის უფლებას არ მისცემდნენ, თუ კუთვნილ ჰონორარს არ მიიღებდნენ. ყველა დაძაბული ელოდა ბრეხტის გაკაპასებული მემკვიდრეების გამოჩენას.

წარმოიდგინეთ სცენა: დარბაზში შეიჭრა ბარბარა ბრეხტი, უკან მისდევს გაოფლილი ქმარი. ყველა დაიძაბა და შემდეგ ყველამ პირი დააღო – ნატაშა ფეხზე წამოიჭრა და აღტაცებულმა შესძახა: ძვირფასო ბარბარა! ჩემო ძვირფასო, როგორც იქნა გიპოვეთ! ხელები გაშალა და გულში ჩაიკრა რამდენი ხანია გეძებთ, ვიცი ჩვენზე ნაწყენები ხართ, მაგრამ მოსკოველი ბიუროკრატების ამბავი ხომ იცით! ჰანა, მიუბრუნდა ფესტივალის დირექტორს, გთხოვთ მოსკოვთან ახლავე დამაკავშიროთ. კულტურის სამინისტროს დაველაპარაკები და ყველაფერს მოვაგვარებ. სანამ გაოგნებული, სახტად დარჩენილი ბარბარა გონს მოეგებოდა, ნატაშამ რამდენჯერმე დარეკამოსკოვში, ბოლოს ხელები გაშალა, თითქოს ამბობდა, რა ვქნა, ვერავინ დავიჭირეო და თქვა: არა უშავს, ყოველივეს მოკლე ხანში მოვაგვარებო(ნოდარ გურაბანიძე).

შემდეგ? შემდეგ ნატაშა ბრეხტის მემკვიდრეებს გაახსენებს თბილისურ გასტროლებს, სტუმრობას, ქართულ მასპინძლობას, ”ბერლინერ ანსამბლის” და რუსთაველის თეატრის ”პარტნიორშაფტობას”, ბრეხტის მეუღლის – ჰელენ ვაიგელის და სერგო ზაქარიაძის შემოქმედებით ხელშეკრულებას, მოკლედ: ნატაშამ ისე მოხიბლა მთელ მსოფლიოში სიხარბით ცნობილი მემკვიდრეები, რომ რამდენიმე წუთის შემდეგ ისინი ნატაშას საუკეთესო მეგობრებად იქცნენ. ნატაშამ ”ბერლინერ ანსამბლის” მთელი დასი ”კავკასიურზე” დაპატიჟა. მართლაც, სპექტაკლზე მოვიდნენ და აღტაცებულნი დარჩნენ. ყველაფერი იერუსალიმის თეატრის რესტორანში ვახშმობით დაგვირგვინდა და მთელი ისრაელი უყურებდა გადაცემას იერუსალიმიდან, სადაც ორი ქალბატონი – ნატაშა და ბარბარა – ერთმანეთს მარადიულ მეგობრობას ეფიცებოდნენ ”(ნოდარ გურაბანიძე).

ნატაშა ჩხიკვაძემ გაიყვანა მარჯანიშვილის თეატრი იაპონიაში, თან სამი სპექტაკლით (”შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე”, ”პროვინციული ამბავი”, ”ჯაყოს ხიზნები”), მისივე ძალისხმევით გაიმართა იაპონიაში ფარაჯანოვის ფილმის ”აშუღ ყარიბის” პრეზენტაცია. რუსთაველის თეატრი გაიყვანა ინგლისში, ავსტრალიაში, ანდალუზიაში. გურაბანიძე იხსენებს იმ ფაქტსაც, რომ ”კავკასიურის” ანდალუზიაში გასტროლებისას გზაში დაკარგულა მთელი რეკვიზიტი და ნატაშას საკუთარი ჯიბიდან უყიდია ყველა საჭირო საგანი…

მოკლედ, ნატაშა იყო რეალურად პირველი ქართველი იმპრესარიო და მას დიდი წვლილი მიუძღვოდა არა მხოლოდ რამაზ ჩხიკვაძის, არამედ რობერტ სტურუას წარმატებებშიც. თუმცა, შემდეგში ურთიერთგატანა ურთიერთდაპირისპირებაში გადაიზარდა, ცხოვრების ბოლოს კი კვლავ ურთიერთმიტევებასა და ურთიერთთანადგომაში…

რობერტ სტურუასა და ნატაშა ჩხიკვაძის დაპირისპირება კი ნამდვილად არ იყო უღიმღამო, ასეთი მათ არც ეკადრებოდათ. ნოდარ გურაბანიძე გაიხსენებს მათ დაპირისპირებას მადრიდის საერთაშორისო ფესტივალის დროს.

ფესტივალის ერთ-ერთმა სპონსორმა კარლოს ფერერმა, რომელიც მარჯანიშვილის თეატრის დირექტორს, გაიოზ კანდელაკს დაუმეგობრდა, სწორედ გაიოზ კანდელაკის კარნახით, რობერტ სტურუას საპატივსაცემოდ ვახშამი გამართა და ქართველები პრესტიჟულ რესტორანში მიიპატიჟა. კი დაპატიჟა, მაგრამ… არ მიდიოდა სტურუა… რობერტმა აიჩემა: თუ ნატაშა ჩხიკვაძეც იქნება, მე არ წამოვალო. იმ დროს რობერტსა და ჩხიკვაძეებს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო (ნ. გურაბანიძე)”. არადა, როგორ არ იქნებოდა იქ ნატაშა ჩხიკვაძე, როდესაც გასტროლი მისი გაკეთებული იყო? ბოლოს ძლივს დაუყოლებიათ სტურუა – წამოვალ, მხოლოდ ნატაშას არ დაველაპარაკები – მხოლოდ ამ პირობით წასულა ვახშმად მაესტრო.

სუფრა სერვირებული ყოფილა უძვირფასესი ჭურჭლით. ”რობერტი იჯდა თავისთვის გაბუსუნებული, არც ქალბატონი ნატაშა აქტიურობდა მაინცდამაინც. უზარმაზარი ლანგრებით შემოიტანეს კიბორჩხალების ზვინები. ჩვენი ვანო (ცაგარეიშვილი, თარჯიმანი – რ.შ.) მისწვდა თეფშს და ამ დროს რობერტმა რაღაც საშინელება უთხრა ნატაშას. გამიკვირდა, რადგან გზაში ამბობდა, საერთოდ არ დაველაპარაკები ნატაშასო,” – წერს ნოდარ გურაბანიძე. მხოლოდ გურაბანიძეს არ გაჰკვირვებია – თარჯიმანი ვანო ცაგარეიშვილი საერთოდ დაბნეულა – ეთარგმნა თუ არა სტურუას სიტყვები, ამასობაში ის კიბორჩხალებიანი ლანგარი ხელიდან გავარდნია… ლანგარი სერვიზს დაეცა – დალეწა, წითელმა კიბორჩხალებმა კი თეთრ მარმარილოს იატაკზე ”გაინავარდეს”…

 ჩვენ გავირინდეთ, გაოცებული მასპინძელი ვერაფერს მიხვდა, მხოლოდ ნატაშას გაფითრებული სახით და სიგარეტის ღრმა ნაფაზებით თუ მიხვდებოდა კაცი, რომ სუფრაზე რაღაც მოხდა, ჩაცხრებოდა სიტუაცია, აეწყობოდა საუბარი, ისევ რაღაც გესლიანს იტყოდა რობერტი და კვლავ იძაბებებოდა სიტუაცია. მთელი საღამო ასე გაგრძელდა. რობერტი მშვიდად კლავდანატაშას და ნატაშა კი, თავის მხრივ, უდიდესი ძალისხმევით, შინაგანი დაძაბვით თავს იკავებდა და ტაქტიანად, ხმააუწევლად პასუხობდა, თუმცა შხამს ისიც გვარიანად ურევდა ინტონაციებში. იმ საღამოს ნატაშა საჭმელს არ გაჰკარებია, ეგ იყო მხოლოდ, სიგარეტს სიგარეტზე ექაჩებოდა… ეს იყო ნამდვილი აბსურდის თეატრი, სადაც ორი პერსონაჟი მხოლოდ მათთვის გასაგები ენით ლაპარაკობდა, ხოლო ჩვენ კიბოს ფეხებს ვწუწნიდით ტყემალზე შემომსხდარნიდა უსიტყვო მასოვკისროლს ვასრულებდით. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ნატაშას, ამ წამლეკავი ტემპერამენტისა და მუდამ მგზნებარედ მოლაპარაკეს თავშეკავების ასეთი უნარი ჰქონდა… ბატონ რობერტისა და ქალბატონ ნატაშას დაჯახებასადრეც შევსწრებივარ. ეს მოხდა იერუსალიმში, სასტუმრო იერუშალაიმ გეიტში”, რამაზის აპარტამენტში, მაგრამ ის უფრო ღიადაპირისპირება იყო მსახიობთა ჰონორარის გამო (თუმც ძალზე მძაფრი) და არავითარ ფარულ ქვეტექსტებს არ შეიცავდა… თავდაპირველად, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, კონფლიქტი როგორღაც შეუმჩნევლად დაიწყო, მერე და მერე გამწვავდა და მის ორბიტაში რამაზიც მოექცა… (ნ.გურაბანიძე).

სწორედ ამ ურთიერთობაში ბზარს მოჰყვა რამაზ ჩხიკვაძის წასვლა რუსთაველის და საერთოდ თეატრიდან… მაგრამ გამოხდა ხანი… 2005 წელს, ჩემთან საუბარში ბატონი რამაზი აცხადებდა: რობერტ სტურუა ისეთი მოწინავე რეჟისორია. ჯერ ფარ-ხმალს არ ყრის, ან რად უნდა დაყაროს, ჯერ კიდევ ბევრის გაკეთება შეუძლია. შემცვლელი კი ჯერ არ ჩანს, რომ დაეტაკოს და სტურუა წააქციოს. ასე რომ, ჯერჯერობით რამოდენიმე წელიწადი საშიშროება არა აქვს რობერტს…

სტურუას თეატრიდან გაშვებამდე კი, ქალბატონი ნატაშა ერთ-ერთ ინტერვიუში წუხდა: ისე, რამაზი კიდევ ითამაშებდა თეატრში და კიდევ შეასრულებდა არაერთ საინტერესო როლს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი საყვარელი რეჟისორი ჯერჯერობით არაფერს გვთავაზობს. თუმცა, რობერტ სტურუამ ისეთი როლი ითამაშა ჩვენს ცხოვრებაში და ისეთი საყვარელი ადამიანია, რომ ის ჩვენთვის ყოველთვის რობიკო იქნება. მისთვის ჩვენი სახლის კარი ყოველთვის ღიაა. რომ მოვიდეს და თქვას: „რამაზ, შენთვის ახალი როლია“, მას შეუძლია, ისეთი სახე შექმნას რამაზთან ერთად, რომელიც ისტორიაში ისევე შევა, როგორ აზდაკი ან ლირი.

ისტორიაში შესულია ლირიც, აზდაკიც, რიჩარდიც… ამიერიდან მხოლოოდ ისტორიის კუთვნილებაა უკვე რამაზ ჩხიკვაძეც. უფრო და უფრო მდიდრდება წარსული, უფრო და უფრო ღარიბდება აწმყო, უფრო და უფრო ბინდდება – ბინდისფერი ხდება ქართული თეატრის მერმისი…

qqqqqqqqqqqqqqqqqq

და იგი დაწერს ლაზათიანად და ლაკონურად: “მე ვარ გურამ საღარაძე!”

გარდაიცვალა გურამ საღარაძე…

გურამ-საღარაძე

გთავაზობთ ნარკვევს, რომელიც გამოქვეყნდა “სახე(ლ)ები 2006”.

რეზო შატაკიშვილი

ე რასაც ვაკეთებ, ლაზათიანად ვაკეთებ” – ამას, აგერ უკვე ოცდაათ წელიწადზე მეტია რაც გურამ საღარაძის ეფრეიტიორი გვეუბნება “კავკასიურ ცარცის წრეში”… ეფრეიტორი რას და რამდენად ლაზათიანად აკეთებდა, სხვა საქმეა, მაგრამ თავად გურამ საღარაძე რასაც აკეთებს, მართლაც ლაზათიანად აკეთებს…

დიდი შალვა ამირეჯიბი ვალერიან გუნიაზე წერდა, არ მახსოვს პირველად როდის გავიგონე ან ვნახე მისი სახელი – თეატრში, წიგნში, აფიშაზე თუ გაზეთში, ამხანაგთა ნაამბობში – როცა ბავშვი ვიყავ, თუ ყური მოვკარ მოზრდილების ლაპარაკს, არაფრის თქმა არ შემიძლიან –ო.

მეც არ ვიცი, სად ვნახე ან გავიგონე გურამ საღარაძის სახელი პირველად: აფიშაზე, გაზეთში, სცენაზე თუ ტელევიზიით, ალბათ უფრო ტელევიზიით, ქართული პოეზიის ნიაღვრით რომ გვლეკავდა ეთერიდან…

კინომ, პოპულარობის მოხვეჭის ამ დიდმა ინდუსტრიამ თითქმის მის გარეშე ჩაიგრიხინა, მაგრამ მას არასოდეს აკლდა პოპულარობა. იგი იყო და არის ვარსკვლავი.

გურამ საღარაძე “სამსახოვანია” “კავკასიურ ცარცის წრეში” – სამ პერსონაჟს ანსახიერებს – ეფრეიტორს, ბერს, თავად ყაზბეგს…

და გურამ საღარაძე “სამსახოვანია” შემოქმედებით ასპარეზზე:

გურამ საღარაძე – არტისტი, მხატვრული კითხვის დიდოსტატი, პედაგოგი…

სამი განსხვავებული ასპარეზი და სამივეგან ლაზათიანად ნაკეთები საქმე.

მხატვრული კითხვისთვის მხოლოდ მას აქვს მინიჭებული უმაღლესი ეროვნული ჯილდო – რუსთაველის პრემია, მან თავსი სკოლა შექმნა მხატვრულ კითხვაში.

მისი დამსახურებაა, მხატვრული კითხვა დამოუკიდებელ ჟანრად რომ დამკვიდრდა საქართველოში. ის ანსამბულრი თეატრის აქტიორიცაა და მხატვრული სიტყვის დამოუკიდებელი ოსტატიც, რომელიც უშუალოდ გამოხატავს თავის იდეალებს, ყოველთვის გვეუბნება თავის სათქმელს რუსთაველის, გალაკტიონის, ვაჟას, ბარათაშვილის პოეზიით. თავის მძლავრ ხმას და პოეზიას აყოლებს თავის გულისთქმას, თავის სათქმელს.

აკი ამბობს კიდეც: “რასაც არ უნდა კითხულობდე, ლექსი იქნება ეს თუ პროზა, აუცილებელია მსმენელამდე მიიტანო აზრი, ძარღვი ნაწარმოებისა, შენი დამოკიდებულება უნდა გქონდეს იმ მოვლენისადმი, რასაც ავტორი გთავაზობს და შენი, საკუთარიც შეგქონდეს ნაწარმოებში. შენი სათქმელი თქვა. ეს არ ნიშნავს რაიმე გაუსწორო ან რუსთაველს, ან გალაკტიონს (ღმერთმა დაგვიფაროს), მაგრამ შენი რუსთაველი, შენი გალაკტიონი, გნებავთ ბარათაშვილი, ვაჟა უნდა გყავდეს და მსმენელსაც ასეთი შეაყვარო…”

ამ მიზანს უსახავს ის საკუათარ თავს და აღწევს კიდეც, გადამდებია მისი განწყობა და ყრუს მეტი ვინ დაიკვეხნის რომ საღარაძეს არ დაუტყვევებია ის და თავს არ მოუხვევია თავსი გალაკტინი, ვაჟა თუ ბარათაშვილი?…

სცენა მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლიდან "ესპანელი მღვდელი". დონ ხაიმე – გურამ საღარაძე

სცენა მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლიდან “ესპანელი მღვდელი”. დონ ხაიმე – გურამ საღარაძე

სცენა სპექტაკლიდან "ნიკოლოზ ბარათაშვილი".

სცენა სპექტაკლიდან “ნიკოლოზ ბარათაშვილი”.

2006 წელს მას სასცენო მოღვაწეობის 55 წელი შეუსრულდა. რუსთაველის თეატრის სცენაზე 1951 წელს დადგა, როგორც კი დაამტავრა თეატრალური ინსტიტუტი. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე დარჩა ინსტიტუტში მხატვრული მეტყველების პედაგოგად. მოქმედ მსახიობთაგან მხოლოდ მას ჰქონდა პროფესორის წოდება. (წარსულში პროფესორის წოდებას ატარებდნენ მხოლოდ აკაკი ხორავა და აკაკი ვასაძე)….

და აი, პედაგოგიური მოღვაწეობის 55 წლისთავზე, 2006 წელს თეატრალურ ინსტიტუტში ატესტაციისას, გურამ საღარაძეს, ისევე როგორც ყველა პროფესორ-მასწავლებელს, ბიოგრაფიის დაწერას მოსთხოვენ.

და იგი დაწერს ლაზათიანად და ლაკონურად: “მე ვარ გურამ საღარაძე!”

იმდენად მომხიბლავს თეატრალურ წრეებში ლეგენდად ფეხადგმული ეს ამბავი, რომ არც კი გადავამოწმებ. თუ ვინმემ შეთხზა, შეარგოს…

1632sultani saladini

იგი არის გურამ საღარაძე და ამით მართლაც ყველაფერია ნათქვამი.

მისი განვლილი შექმოქმედებითი და ცხოვრებისეული გზა კი მაინც გიბიძგებს, კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი…

დაიბადა თბილისში 1929 წლის 12 იანვარს, ცნობილი მსახიობის – გიორგი საღარაძის ვაჟად. გიორგი საღარაძეს 2006 წელს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა. იგი სანდრო ახმეტელის დროიდან მოღვაწეობდა რუსთაველის თეატრში და სხვათაგან განსხვავებით, უმწიკვლოდ გამოვიდა იმ ურთულეს პერიპეტიებიდან. ქვა არ უსვრია მისთვის, ვის მზესაც ფიცულობდა. ამიტომაც იტყვის მანანა ახმეტელი, გურამ საღარაძე ამჟამად, ვგონებ ერთადერთი ხელოვანია, ვისაც პირდაპირი, მემკვიდრეობითი კავშირი აქვს ახმეტელის თეატრთანო.

“დღეს, შესაძლოა ბევრმა არც იცის, რომ სწორედ ახმეტელის რეფორმატორული აზროვნების ატმოსფეროში იწრთობოდა ახალგაზრდა მსახიობი გიორგი საღარაძე, სიცოცხლის ბოლომდე რომ უერთგულა თავის დიდ მასწავლებელს, მის პრინციპებსა და იდეალებს…. თუ გავყევებით მამაშვილური ურთიერთობის ლოგიკას, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ რომ გურამ საღარაძე ჯერ კიდევ ოჯახური ცხოვრების წიაღში ეზიარა ახმეტელის ეროვნული, ნოვატორული, მაღალზნეობრივი ხელოვნების ტრადიციებს” – მანანა ახმეტელი.

სცენა მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლიდან "როცა ასეთი სიყვარულია".

სცენა მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლიდან “როცა ასეთი სიყვარულია”.

გურამ საღარაძის ბავშვობა ურთულეს ისტორიულ ქარტეხილებს დაემთხვა, ჯერ ავბედითი 37 წელი, ქვეყანაში გამეფებული აუტანელი გაუტანლობა, შემდეგ ომი, გაჭირვება, ურთიერთგატანა… და ორი ნათელი წერტილი “მამის სამსახური” – თეატრი და პიონერთა სასახლე – მხატვრული კითხვის წრე. დღესაც უკვირს იმ გამბედაობის მაშინ სცენაზე რომ გამოჰყავდა და ლექსს აკითხებდა…

ლექსები ერთ თავგადასავალშიც (უფრო შარში) გახვევს ჭაბუკ გურამ საღარაძეს. მის ძმაკაცს გოგო შეუყვარდება. მორიდებულია და თქმას ვერ გაუბედავს. დახმარებას “ტარაკანას” სთხოვს (ასე ეძახდნენ გურამ საღარაძეს ბავშვობაში. რამაზ ჩხიკვაძე “ჩინელსაც” ეძახდა თვალის ჭრილის გამო), გურამიც მის მაგივრად შეეცდება სიყვარულის ახსნას, გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს სეირნობიასას შეაპარებს სათქმელს, ლექსებსაც წაუკითხავს, მაგრამ იმ გოგოს გურამი შეუყვარდება თავდავიწყებით…

სცენა რობერტ სტურუას სპექტაკლიდან "სეილემის პროცესი". ჰეილი – გურამ საღარაძე.

სცენა რობერტ სტურუას სპექტაკლიდან “სეილემის პროცესი”. ჰეილი – გურამ საღარაძე.

გამოხდება ხანი, გურამი ინსტიტუტში ჩააბარებს, მალიკო მრევლიშვილის ხელმძღვანელობით მხატვრული მეტყველების ხელოვნებას დაეუფლება. ინსტიტუტშივე ისე წაიკითხავს ლერმონტოვის “დემონს” რომ გავა ნახევარ საუკუნეზე მეტი და მის წაკითხულ `დემონს~ ვერ დაივიწყებენ… ვერც მის ნათამაშებ რაკიტინს მიხეილ თუმანიშვილის მიერ ინსტიტუტში დადგმულ ტურგენების პიესიდან “ერთი თვე სოფლად”…

პოეზიით თვით-თრობა და სხვათა-თრობა შემდეგშიც გაგრძელდება (და დღესაც გრძელდება), გურამ საღარაძე თავის ევას ჰპოვებს – თავისზე ათი წლით უმცროს ტანია ფუხბინდერს. მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ, შეყვარებული ტანია კი ხშირად დაურეკავს გურამს და ლექსების წაკითხვას მოსთხოვს.

“ბევრჯერ წავუკითხე, მაგრამ მერე “ჭკუა ვსწავლე” და მაგნიტოფონზე ჩაწერილს “ვუკითხავდი”. რა თქმა უნდა ხვდებოდა, მაგრამ საოცარია, არასოდეს უთქვამს რომ ვცრუობდი…” (გურამ საღარაძე).

ისინი შეუღლდებიან, 28 წელი იცხოვრებენ ერთად და… ტანია ფუხბინდერი გარდაიცვლება… გურამ საღარაძე ყველაფერს ისე დატოვებს სახლში როგორც ქალბატონ ტანიას სიცოცხლეში იყო…

ადამიანი და მისი ხასიათი, ნიჭიერება ხშირად ელემენტარული ნიუანსიდან ჩანს.

ერთ მშვენიერ დღეს გურამ საღარაძე, ძმაკაცებთან ერთად კალთამადლიან მანდილოსნებთან ერთად პიკნიკს გადაწვეტს. დაქოქავს მანქნას, საბარგულში ნოხსაც ჩადებს… სალონში ძმაკაცებს და მანდილოსნებს ჩასვამს და ქალაქგარეთ ჰერ-ჰერი… იქ მისულებს სიურპრიზი ელით: გურამ საღარაძე საბარგულს ახდის და… იქიდან ტანია ფუხბინდერი ამოვა… ამ ისტორიის გაგრძელება ისე წარმოიდგინეთ და ისე დაასრულეთ, როგორც გენებოთ…

სცენა რობერტ სტურუას სპექტაკლიდან "შობის მეთორმეტე ღამე". სერ ტობი – გურამ საღარაძე.

სცენა რობერტ სტურუას სპექტაკლიდან “შობის მეთორმეტე ღამე”. სერ ტობი – გურამ საღარაძე.

ჩემს თაობამდე, ლეგენდებად მოაღწევს მის მიერ განსახიერებული ბევრი როლი, თუნდაც მილან სტიბორი თუმანიშვილის სპექტაკლში “როცა ასეთი სიყვარულია”. სპექტაკლში, რომელშიც მთელი ძალით ბრწყინავდნენ მედეა ჩახავა, გურამ საღარაძე, სერგო ზაქარიაძე, რამაზ ჩხიკვაძე…  გურამ საღარაძე იყო ერთი შვიდთაგანი თუმანიშვილის ცნობილ “შვიდკაცაში”, ვისზე დაყრდნობითაც მოახდინა თუმანიშვილმა რევოლუცია რუსთაველის თეატრში.

გურამ საღარაძე იმ იშვიათ გამონაკლის დიდოსტატთა რიგს განეკუთვნება, რომლის შემოქმედებასთან ზიარება კვლავაც რომ შეიძლება, (ღმერთმა ქნას დიდი ძალა მისცეს ბატონ გურამს და დიდხანს გაგრძელდეს ასე), შეგიძლია ნახო მისი სამი განსხვავებული პერსონაჟი “კავკასიურში” – თავადი ყაზბეგი, ეფრეიტორი, ბერი… ლოთი ბრძენი სერ ტობი “შობის მეთორმეტე ღამეში”…

შეგვიძლია ვისმინოთ მისი წაკითხული პოეზია და იმედი გვაქვს კვლავაც არაერთხელ მოვისმენთ მის წაკითხულ პოეზიასაც და კვლავაც არაერთ როლში ვიხილავთ მას.

9112kavkasiuri

რეზო შატაკიშვილი ქართული თეატრის ბედის მწერალ მიხეილ თუმანიშვილზე

tuman-a

“თავს უშველეთ, წადით თეატრიდან, წადით, სულერთია სად წახვალთ, ოღონდ მოშორდით მას”…tuman 3

თეატრი იყო მისი ბედისწერა, თავად კი – ქართული თეატრის ბედის მწერალი. რომ არ ყოფილიყო ის, არავინ იცის, საით წავიდოდა და როგორ განვითარდებოდა ქართული თეატრი.
ჩაუვარდა პირველი რეპეტიცია.
ჩაუვარდა პირველი სპექტაკლები…
მისი ცხოვრება ხელოვნებაში მარცხით იწყებოდა და ტრიუმფებით გვირგვინდებოდა.
ის იყო მიხეილ თუმანიშვილი…
ლეგენდარული „მამა რომას“ – ანა მანიანის ცხედარი რომ რომის მოედანზე გამოასვენეს, ტაშმა იგრიალა. ტაშით აცილებდა იტალია ყველა დროის უდიდეს არტისტს.
გაზეთში ამოკითხულმა ამ ამბავმა მიხეილ თუმანიშვილი შეძრა და აღაფრთოვანა. ამის შესახებ თავის შესანიშნავ წიგნშიც („სანამ რეპეტიცია დაიწყება“) დაწერა.
გავიდა დრო, გამოასვენეს თავად დიდი მაესტრო თუმანიშვილი და იგრიალა ტაშმა… ტაშით აცილებდა საქართველო დიდ რეჟისორს…
ცოცხალი თუმანიშვილი ერთადერთხელ ვნახე. მაგრამ დღესაც ცოცხლობს ის კადრი. …მე, 18 წლის ბიჭი, თეატრის გამნათებელ ბიჭთან ერთად, კინომსახიობთა თეატრის მსახიობთა შესასვლელთან ვდგავარ – ნინელი ჭანკვეტაძეს ველოდები… ინტერვიუსთვის. ძველი კინოსტუდიის ეზოში შემოდის მიხეილ თუმანიშვილი… დავიძაბე, გავშეშდი… ბატონი მიშა მოვიდა, მოგვესალმა, გამნათებელ ბიჭს ხელი ჩამოართვა, მოიკითხა და… ხელი ჩამომართვა, მომიკითხა. გავოგნდი, გამიხარდა… რა ვიცი, რაღა არ დამემართა…
მაშინ მისმა ადამიანურმა უბრალოებამ, სისადავემ მომხიბლა და გამაოგნა, დღეს უკვე ვხვდები, რომ ამის გარდა იყო სხვაც, ასევე მნიშვნელოვანი – მან შესანიშნავად იცოდა საკუთარი გენიალურობის ფასიც და ისიც, ამგვარი ჟესტით რამხელა სიხარულის მინიჭება შეეძლო ადამიანისთვის, მით უფრო პატარა ბიჭისთვის.
და ეს თვისებები მთლიანად და ერთბაშად, სინქრონულად მისი შემოქმედებისთვისაა დამახასიათებელი – მისი სპექტაკლებისთვის (დღემდე რომ შემორჩა რეპერტუარს) და მისი წიგნებისთვის – მუდამ რომ შემორჩება თაროებს….

გზა თეატრისკენ

ბავშვობაში დრამატულ თეატრში არ დაჰყავდათ. ოპერას ეტანებოდა. შინ არიებს მღეროდა სხვადასხვა ოპერებიდან. ბიძამ მუყაოს თეატრი გამოუჭრა. მიშა დეკორატორი იყო – „ალადინის ჯადოსნური ლამპრისა“ და სხვა სპექტაკლების დეკორაციებს აკეთებდა. მერე ცირკმა გაიტაცა – მეზობელი ცირკის ორკესტრში უკრავდა და მას დაჰყავდა ცირკში. ერთხანს არქიტექტორობაც უნდოდა.
13 წლისამ რუსთაველის თეატრში ახმეტელის „ყაჩაღები“ ნახა და დრამატული თეატრი აღმოაჩინა. მიღებულმა უძლიერესმა შთაბეჭდილებამ ყველა და ყველაფერი გადაჩრდილა. ეზოს ყოველი ხე ბოჰემიის ტყის ნაწილად გადაიქცა, სარდაფი – ტავერნად, სადაც თავისუფლებისმოყვარე ახალგაზრდები აჯანყებას ამზადებდნენ. ეზოს ყველა კედელი „ყაჩაღების“ მიზანსცენებით მოხატა. მეზობლის ქალი ჩხუბობდა, შლიდა. მეორე დღეს ნახატები ისევ ჩნდებოდა. სანდრო ახმეტელის სპექტაკლებს ზედიზედ ნახულობდა, აფორიაქებდა, მოსვენებას არ აძლევდა. მისი მძვინვარე, მკაფიო იდეებით ინუსხებოდა, ემოციურად ძრწოდა. „ახმეტელი იყო ჩემი თეატრის აღმომჩენი“.
მერვე კლასში დახაზა დიდი პროექტი და ააგო მაკეტი – ახალი თეატრის, სადაც ერთად იყო მოთავსებული დრამატული თეატრი, ოპერა, ცირკი. თავი გაწაფულ რეჟისორად წარმოიდგინა და    სკოლაში „პლატონ კრეჩტიც“ დადგა. არავინ შეაჩერა, არავინ უთხრა, რომ თეატრი საშინელი თამაშია, რომელიც უმრავლესობისთვის მარცხით და სულიერი გაკოტრებით მთავრდება.
„თავს უშველეთ, წადით თეატრიდან, წადით, სულ ერთია, სად წახვალთ, ოღონდ მოშორდით მას“…
არ უთხრეს, არ შეაჩერეს. კარგია, რომ არ შეაჩერეს…
18 წლის ჯარში წაიყვანეს, 1939-ში. მერე ომიც დაიწყო.
…უკანდახევა დასავლეთის საზღვართან. მედდა კატია. საშინელი ღამე – გერმანელების თვითმფრინავებიდან გადმოყრილი სპეციალური შუშხუნები, დაბომბვა. საუბარი კატიასთან. კატია მსახიობობაზე ოცნებობს. ისევ უკანდახევა. ირგვლივ ყველაფრის ნგრევა. ცხედრები, დამწვარი მანქანები, დამტვრეული გზა. ტალახი. ქარი. უსიტყვოდ, ჩუმად სვლა. ისევ ბრძოლა. ალყა ტანკებით. ბომბები – ციდან. რომელიღაც პატარა სახლის დერეფანში ნაპოვნი კატიას გვამი, ცოცხში თავჩარგული. „მე და ის მაშინ ოცი წლისანი ვიყავით“…
ომი დამთავრდა. მიშა დაბრუნდა. თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება გადაწყვიტა. ერთმა დეიდამ მეგობრის დახმარებით გაიგო, რას მოითხოვდა ტოვსტონოგოვი აბიტურიენტებისგან. ბიცოლამ ლიზა ჩერქეზიშვილთან წაიყვანა. ქართულ სამოსელში გამოწყობილმა, 70 წლის ელისაბედ ჩერქეზიშვილმა ხელი გაუწოდა და ინსტიტუტამდე ფეხით ატარა. მერე სასწავლო ნაწილის გამგეს – აკაკი ფაღავას წარუდგინა: „შეხე, შეხე, რა სალდათი მოგიყვანე, ორდენებიანი და მედლებიანი“.
…ინსტიტუტში ჩაირიცხა. პედაგოგი – გიორგი ტოვსტონოგოვი. ახალგაზრდა. სავსე თეატრალური პრინციპებისადმი უსაზღვრო რწმენით. სტანისლავსკის მოძღვრების მქადაგებელი. შთაგონებული საუბრები. ლოგიკური მსჯელობები, გატაცება. ყოველი მეცადინეობის დღესასწაულად ქცევა.

პირველი მარცხი – რეპეტიციის ჩავარდნა

გიორგი ტოვსტონოგოვი სტუდენტებთან გოლდონის „სასტუმროს დიასახლისს“ დგამს. სტუდენტ რეჟისორებს თითო სცენა დაურიგა „დასადგმელად“. მიშას კავალერთან და მარკიზთან მირანდოლინას შეხვედრის სცენა ერგო. მიშამ სცენა მოიფიქრა. დანიშნა მის ცხოვრებაში პირველი დამოუკიდებელი რეპეტიცია. რეპეტიციაზე გამოცხადდნენ სტუდენტები – ელენე ყიფშიძე, ეროსი მანჯგალაძე, იური კაკულია. მიშამ თავისი ჩანაფიქრი გააცნო. მოიწონეს, ტექსტის წაკითხვის მერე კი დაუწუნეს, შენი გადაწყვეტა მთლად ზუსტი არააო. დიდხანს იკამათეს. „შემდეგ მათ ითამაშეს ჩემი ვარიანტი, მაგრამ ისე, რომ უკვე მე თვითონაც არ მომწონდა, თავიანთი ვარიანტი კი ისე ითამაშეს, რომ ძალიან მომეწონა და დავიბენი, არ ვიცოდი, რა გზას დავდგომოდი. თვალთ დამიბნელდა. საოცარი სიცარიელე ვიგრძენი, საშინლად ავღელდი და სხვა უკეთესი რომ ვერაფერი მოვიფიქრე, შესვენება გამოვაცხადე…“

25 წელი თეატრში

დამთავრდა სტუდენტობა. დაიწყო დიდი გზა – ინსტიტუტში პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა. პედაგოგობამ გაიტაცა და სიცოცხლის ბოლომდე არ შელევია… ინსტიტუტის დამთავრებისთანავე ხორავამ თეატრში მიიყვანა.
მხარს უჭერდა, ექომაგებოდა. ხელში „საწარმოო“ პიესა შეაჩეჩეს და მისი რუსთაველის თეატრში დადგმა დაავალეს. პიესაში იყო შეჯიბრი ჩაის კრეფაში, რეკორდები, თითქოს სიყვარული, ანგლობა, ფაციფუცი და მორჩა. პიესა წაიკითხა, ხელჩასაჭიდი ვერაფერი იპოვა. ხატავდა ესკიზებს, წერდა სარეჟისორო გეგმას. მხატვართან ერთად მაკეტიც გააკეთა – პაწაწკინტელა სახლები, ჩაის ბუჩქები, მთები, ტყეები, მწვანე ბაირაღები… კომისიამ მაკეტს დახედა და დაიწუნა. დაიწუნა და გავიდა. ნირწამხდარი გამოვიდა ახალგაზრდა რეჟისორი სამაკეტოდან. დარბაზში სპექტაკლი მიდიოდა. იყო ხარხარი, ტაში. მიშა სახლში წავიდა, ჩაწვა. სპექტაკლის დამთავრებიდან ერთ საათში: ხანძარი თეატრში. დაიწვა კომისიის დაწუნებული მიშას მწვანებაირაღიანი მაკეტიც.
„ასე ხანძრით დაიწყო ჩემი ცხოვრება პროფესიულ თეატრში“. 
კარსანიძის „მარადმწვანე ქედების“ პრემიერა. მარცხი…
„მე უმეტეს შემთხვევაში იმას ვდგამდი, რაც თეატრს სჭირდებოდა და არა იმას, რაც გულით მინდოდა, ის კი სულ რამდენჯერმე დავდგი“, – ამას მოგვიანებით იტყვის. „მარადმწვანე ქედებს“ მოჰყვა „დაუვიწყარი 1919“. სპექტაკლად დავიწყებადი რომ იყო და მარცხად – მართლაც დაუვიწყარი. მერე იყო „ქარიშხლის წინ“, შუალედში კი – წარმატება. წარმატებამდე თანამოაზრეთა დარაზმვა. აყოლიება… მიხეილ თუმანიშვილი თავის მეგობარ მსახიობებთან ერთად, რესტორან „გემოში“ ჭიქით ხელში რომ შეჰფიცეს ერთმანეთს: სამუდამოდ ერთად ვიქნებით და ერთად შევქმნით ახალ ხელოვნებასო.
კოტე მახარაძე, ბადრი კობახიძე, გოგი გეგეჭკორი, მედეა ჩახავა, ეროსი მანჯგალაძე, ნოდარ ჩხეიძე, მერაბ გეგეჭკორი, რამაზ ჩხიკვაძე, გურამ საღარაძე… „ეს ჩემი არმია მზად იყო შტამპების წინააღმდეგ გასალაშქრებლად, შტამპებისა და… ჩვენ გვაწვალებდა სიყალბე სცენაზე და ვოცნებობდით ახალ ხერხებსა და საშუალებებზე…“
მარცხიან დასაწყისს მოჰყვა გულით პირველი სპექტაკლი – „ადამიანებო, იყავით ფხიზლად“. წაიკითხა გესტაპოელთა ციხეში ნაწამები ჩეხი კომუნისტის, იულიუს ფუჩიკის სიკვდილის შემდეგ გამოცემული ჩანაწერები „რეპორტაჟი სახრჩობელადან“. ჩანაწერებმა ააღელვა. მთელი ღამე არ დააძინა. „პირველად მომწყურდა, გულით დამედგა რაღაც“…
კოტე მახარაძესთან ერთად დაწერილი ინსცენირება. ხორავას მხარდაჭერა: დადგით, იმუშავეთ რეპეტიციებიდან თავისუფალ დროს. რეპეტიციები გვიან ღამით, დერეფნებში, ფოიეში, სახლებში… ფანატიზმი. თავდაუზოგავი შრომა და პირველი გულით დადგმული სპექტაკლი – „ადამიანებო, იყავით ფხიზლად“. პირველი წარმატება… აღიარება.
თუმანიშვილს ხორავა დაიბარებს. კიდევ ერთხელ შეაქებს, „ფუჩიკის“ გზით იარეო. მერე ეტყვის: ისტორიულ-რევოლუციური სპექტაკლების ციკლი უნდა შევქმნათ და ამ პოლიტდეკადის ერთიანი ფორმა შენ უნდა მოიფიქროო. და კიდევ: ციკლს „სკკპ(ბ) ისტორიის მოკლე კურსი“ უნდა დაედოსო. მიშას გაუხარდება, ამხელა მისია რომ დააკისრეს, წამოვა, მაგრამ ზემოდან ხორავას გვრგვინვა მოესმის: „მიშა, დაიცადე“, და უშველებელ წითელ ვაშლს აჩუქებს. მიშას კი უხარია, მაგრამ ამ დავალებას ვერ შეუსრულებს, ბევრს იწვალებს, მაგრამ ფორმას ვერ მოიფიქრებს…
მერე იქნება დღეს უკვე ლეგენდადქცეული სპექტაკლი: ფეიერვერკული „ესპანელი მღვდელი“…. შემდეგ კი დამხობა ღმერთების. თეატრის ღმერთების.
მძვინვარე ბრძოლა თეატრის უფროს თაობასთან. აკაკი დვალიშვილის, მიხეილ თუმანიშვილის, დოდო ალექსიძის, ფარნაოზ ლაპიაშვილის საზემოდ დადებული ფიცი – რომ იბრძოლებენ ხორავას და ვასაძის სათეატრო დიქტატურის წინააღმდეგ. ინტრიგები, ბრძოლა კულისებში, ბრძოლა ღიად. მიღწეული მიზანი. 1955 წელს ხორავასა და ვასაძეს ხსნიან. მაშინ იტყვიან, „20-წლიანი დიქტატურა დაემხოო“, თუმანიშვილი მერე დაწერს: „ხორავასა და ვასაძის განთავისუფლება უკვე ეპოქაა“. ხორავა თუმანიშვილს ეტყვის: ყველა უბედურება შენგან მოდის.
მერე იყო კვლავ მარცხი. კისრის წამტვრევაც.
„ესპანელი მღვდლის“ მერე შეუჩნდებიან: „მიშა, შენ ახმეტელი ხარ, ახმეტელი! შენ მისი საქმის გამგრძელებელი უნდა იყო“. ისიც საფუძვლიანად ჩაუჯდება ახმეტელის მემკვიდრეობას და გადაწყვეტს, დადგას ჰეროიკულ-რომანტიკული სპექტაკლი, ლეო ქიაჩელის „ტარიელ გოლუა“…
გამრეკელისეული ბოჰემიის ტყით შთაგონებული სცენაზე სამი ცაცხვის ფონს გააკეთებს. იქნება ნაბდების, ხანჯლების, შაშხანების სცენა, გამარჯვების ცეკვები, ხალხმრავალი, ხმაურიანი, მოძრავი სკულპტურული სცენები.
აღტკინებული მუშაობა. სტუმრად ფინელი რეჟისორი და ახლა იმის ხოტბა-დიდება: „სცენური რიტმისა და ტემპების კომპოზიტორი ხართ“. მთლად თავბრუ დაეხვა, უფრო შეუტია… შემდეგ ხალხით გატენილი დარბაზი. გასინჯვა. „ხუთი წუთის დაწყებული არ იყო, რომ მივხვდი – ყველაფერი დაინგრა, ყველაფერი ეს გახვრეტილ შაურადაც არ ღირდა. თითქოს რაღაც, ამ დროისთვის უაზროსა და შეუსაბამოს დავეჯახე და თავზე უშველებელი კოპი დამაჯდა… მე ამ სპექტაკლს ხშირად ვხედავდი ძილში – კოშმარულ სიზმრად“. 
კოშმარულ მარცხს ისევ ტრიუმფები ჩაენაცვლა. კოუჰორტის „როცა ასეთი სიყვარულია“. შემდეგ დაუვიწყარი „ჭინჭრაქა“.
მანამდე კონკურენტის გზიდან ჩამოშორება – დოდო ალექსიძე თეატრს ტოვებს. ისევ ტრიუმფი – „ანტიგონე“. რუსთაველის თეატრის მთავარი რეჟისორობა, „იულიუს კეისარი“ და… რეჟისორი თეატრიდან წავიდა.
შვიდკაცას ნელი კვდომა. ინტრიგები. წავიდა თეატრიდან, სადაც თითქმის 25 წელი იმუშავა, რომელსაც თითქმის 25 წელი შესწირა… „ჩემი მეუღლე მამშვიდებს, შენ კი არ შეგიწირავს თეატრისთვის 25 წელი, თეატრმა მოგცა საშუალება, მის კედლებში 25 წელი გემუშავაო, შეიძლება მართალიც იყოს“…
ის წავიდა. „მე თეატრიდან წავედი იმის გამო, რომ ჩემი თანამებრძოლები უკვე ვეღარ მიგებდნენ, ან მე ვერ ვუგებდი მათ… საბოლოოდ აღმოვჩნდით – მე და ისინი“.

18 წელი თეატრში

შემდეგ იყო პაუზა. რამდენიმე წელი მხოლოდ თეატრალურ ინსტიტუტში და ტელევიზიაში მოღვაწეობა. მერე ისევ თეატრი, კინოსტუდიის თეატრალური სახელოსნო. მერე – კინომსახიობთა თეატრი. ახალი შეგირდები, ახალი თანამებრძოლები. ისევ წარმატებები. „ბაკულას ღორები“, „დონ ჟუანი“, „ზაფხულის ღამის სიზმარი“… „ჩვენი პატარა ქალაქი“… „ჩვენი პატარა ქალაქი“ – სპექტაკლი რომ გასევდიანებს და არ გამძიმებს, შენდაუნებურად ცრემლს რომ მოგგვრის, მაგრამ მერე იმ ცრემლიან თვალს იმედის სხივით რომ აგინთებს, ამოუცნობ სითბოს რომ ჩაგიღვრის სულში და გაგიჩენს სურვილს, დააფასო ამქვეყნად ყოფნის ფაქტი – სიცოცხლე, დააფასო ადამიანები, სანამ შენ გვერდით არიან…
„რამდენ ხანს გავძლებთ?  ვინ იცის. რამდენსაც შევძლებთ, იმდენ ხანს ვიარსებებთ“, – წერდა კინომსახიობთა თეატრზე მიხეილ თუმანიშვილი.
ამ თეატრში მან სიცოცხლის ბოლო 18 წელი გაატარა.
18 წელი ცოტა არაა თუნდაც შენს დაარსებულ თეატრში. მარჯანიშვილს 4 წელიც არ აცალეს. სისხლი მოუწამლეს.
თუმანიშვილის თეატრი ახლაც არსებობს. გაძლეს. შეძლეს. „ალუბლის ბაღიც“ დადგეს, ბატონ მიშას რომ უნდოდა დადგმა… რაც მთავარია, მისი ალუბლის ბაღი არ გააჩეხვინეს არავის – მისი თეატრი…

 დაიბეჭდა “პრაიმტაიმში”.

 

მანანა სურმავა – არტისტი, რომელიც თან დაატარებს თეატრს

ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი “პატარა უფლისწული”.

 

„ჩემთვის ყველა თეატრის კარი რომ გადაერაზათ, ალბათ, ტყეში წავიდოდი, მოვჭრიდი ხეებს, გავრანდავდი, სადმე ველობზე პატარა სცენას ავაწყობდი და ვითამაშებდი ისევე, როგორც ამას  ბავშვობაში ვაკეთებდი“ – ოდესღაც დაწერს აკაკი ვასაძე, ოდესღაც იტყვის იმასაც, რომ გაშლის ნოხს და მაინც ითამაშებს. მაგრამ არ მოუწევს.

მეოცეს მიწურულში მანანა სურმავა წავა სახელგანთქმული თეატრებიდან. კინომსახიობთა თეატრიდან – მას ვერ დააკავებს დიდი მაესტრო, მისთვის ძვირფასი თუმანიშვილი. წავა სახელგანთქმული რუსთაველის თეატრიდან. მას შეუძლია დათმოს მისთვის ძვირფასი, იმისთვის, რომ გადაარჩინოს – ბევრად ძვირფასი. დათმოს ტკივილით, მაგრამ მაინც დათმოს. წავიდეს კინომსახიობთა თეატრიდან, რუსთაველის თეატრიდან, იმისთვის, რომ შეინარჩუნოს თეატრი. შეელიოს დიდ მაესტროებს, იმისთვის რომ არ დაკარგოს ისინი. ის მიდიოდა თეატრებიდან და არ კარგავდა თეატრს – თან დაატარებს თეატრს, როგორც კუ თავის ბაკანს. ის არ წასულა ტყეში, მაგრამ ის მიდიოდა და სცენებს აგებდა – მრგვალ ბაღში, ვერის ბაღში, თამაშობდა და თამაშობს, კვლავაც ითამაშებს სხვადასხვა სივრცეებში – იქ, სადაც მანამ არავის უთამაშია. 

ჟან კლოდ კარიერი “უფლისწული და ჭეშმარიტება”, რუსთაველის თეატრის მცირე სცენა. 2009 წ.

„თეატრი უკიდეგანოდ მიყვარს. იმდენი არ მითამაშია, როგორც მიყვარს… სულ მქონდა მიდრეკილება მივწებებოდი რომელიმე ერთ თეატრს, მივწებებოდი შედუღებამდე, მაგრამ ჩემი ხასიათის გამო, თუ არ ვიცი რატომ, შეცდომა იყო თუ რა, ეს არ მოხდა, მოხდა საპირისპიროდ – კედლების, ატმოსფეროს ცვლა არანაირად აღარ მოქმედებს ჩემს დამოკიდებულებაზე თეატრის მიმართ. თეატრის მიმართ სიყვარული არ არის შემოხაზული მხოლოდ ამა თუ იმ სცენის კედლებით და სივრცით, თვითონ ფენომენია სცენა. მე ვითამაშე ღამით, მრგვალ ბაღში, მას საერთოდ არ ჰქონდა კედლები, მაგრამ ის იყო ჩემი თეატრი, ისეთი თეატრი, რომელიც მე მიყვარს… ნამდვილად არ მეგონა, თუ რუსთაველის თეატრის მიმართ ოდესმე გამიქრებოდა თითქმის პათოლოგიაში გადასული სიყვარული, მაგრამ… დღევანდელი რუსთაველის თეატრი აღარანაირ ინტერესს არ წარმოადგენს, აღარაფერი არაა, მორჩა, დამთავრდა… დარჩა იგივე კედლები, იგივე შენობა, ჩემთვის ფასეულია მხოლოდ რეტროსპექტივაში, როგორც წარსული, რომელსაც ჰქონდა ძალიან დიდი ისტორია… ყველაფერს, რასაც აქვს კონკრეტული ფორმა, რაც არ უნდა ლამაზი იყოს, თუ შიგნით სული არ ტრიალებს, ამაღლებული, თუ სულიერი დატვირთვა არა აქვს – შენთვის მისაღები, ის მხოლოდ არქიტექტურად რჩება…“

 

სახლი

მის ცხოვრებაში იყო ბევრი სახლი. ჯერ იქ, ოპერის უკან, ბებიასთან ცხოვრობდნენ. დღეს: „იქ სადაც ბავშვობა გავატარე, დიდად არაფერი შეცვლილა… არ ვიცი, ვინ ცხოვრობს ახლა, არ მაქვს სურვილი ნახვის… რაღაც მწიწკნის და არ მინდა“. მერე: ბელინსკის კუთხეში გატარებული ახალგაზრდობა. დღეს: „ახლა იქ ბერტა ხაფავა ცხოვრობს და მიხარია, ალბათ, ისეთივე რეჟიმია, ისეთივე საუბრები ხელოვნებაზე, თეატრზე… მგონია, რომ იქ გრძელდება ეს ცხოვრება“. მერე ბახტრიონზე. ურთულესი და უმძიმესი წლები ყველასთვის. წლები – მაინც საინტერესო და მაინც სურვილი მკრთალად – დაბრუნებულიყო თავის უბანში. „იყო პერიოდი, როცა ყველა ყიდდა ბინებს, რათა თავი გადაერჩინათ, არც ჩვენ ვიყავით გამონაკლისი, ისეთი სირთულეები იყო, ნაკლებად გვეცალა ლირიკისთვის“. გამოსავალი: გაყიდული ბინა. მშენებარე ბინა. იმედით – უფრო იოლად გამოვალთ. თან – დაბრუნება ვერაზე. დროში განფენილი შენება, რემონტი, ორივე – საკუთარი გემოვნებით და ფანტაზიით. და შედეგი: ახალი სახლი ჰგავს ძველს და ჰგავს თავად მანანას – საკუთარ სამყაროს, საკუთარ წარსულს ვერ გაექცევი, როგორც კუ ვერ გაექცევა თავის ბაკანს…

„ბევრი ფული რომც მქონოდა, მაინც ასეთ სახლს ავაშენებდი, გავექცეოდი ბევრ ოთახს… ადამიანი მაინც თავის სამყაროს ქმნის და ამ სამყაროში ის გამოდის წინა პლანზე, რაც მისთვის ფასეულია. პრიორიტეტებს გკარნახობს სულიერი მოთხოვნილებები, ხასიათი. ყველა ქმნის თავის პორტრეტს, ალბათ, სიყვარულით. შენი სულიერი მდგომარეობაა სიყვარული და ის ვლინდება სახლშიც. პროფესიაშიც, საქციელების რიგშიც, მეგობრების მიმართაც. რატომაა რომ, სხვასთან რომ მივდივართ, სადღაც თავს კომფორტულად გრძნობ, სადღაც ყველაფერი ძალიან გათვალისწინებულია, როგორც ჟურნალში, მაგრამ შენ სული გეხუთება, სხვისი სამყაროა, შენი არაა. არ ვიცი, თუ მეგობარი მოდის შენთან და თავს კარგად ვერ გრძნობს, ის სახლი კარგი რანაირადაა?! მოდი იმასთან წავიდეთ, კარგი ვანა-ტუალეტი აქვსო, არავინ იტყვის და ამის გამო არავინ მიდის სტუმრად, მიდიან იქ სადაც გაუგებენ, სადაც სულიერი კომფორტია, საიდანაც გამოჰყვება დადებითი მუხტი. ამას ყველაფერს ჰქვია „ჩემი სახლი, ჩემთან სტუმრად“. რა არის სახლი? შენი განვლილი ცხოვრების ყველაზე ფასეული მოწმე? არა მარტო მოწმე, მონაწილეა ამ ყველაფრის. შენთან ერთად იცვლება, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც დროებითია ამ სამყაროში. სახლიც, ისევე როგორც მეგობრები, პროფესია, მონაწილეობს იმ დროის მონაკვეთში, რაც ჩვენ გვიწერია დედამიწაზე, სანამ მარადიულს შევუერთდებით“.

ჟან კლოდ კარიერი “უფლისწული და ჭეშმარიტება”, რუსთაველის თეატრის მცირე სცენა. 2009 წ.

 

მშობლები

მამა – თეატრის ცნობილი რეჟისორი, არაერთი თაობის აღმზრდელი. დედა – პედაგოგი და… დიდი ადამიანი, სიკეთისა და სათნოების ულევი კაპიტალით. 

„დედას გარეგნული სიმშვიდის მიღმა, იყო დიდი ნებისყოფა, იმიტომ რომ წარმატებული და წარუმატებელი რეპეტიციები პირდაპირ არტყამდა ოჯახის სიმშვიდეს. დედა მოქნილად იგერიებდა, შეუმჩნევლად. მას ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა თავის მოწაფეებთან და ხშირ შემთხვევაში სხვა სახელს ვერ დავარქმევ – მეგობრობდა. ეს მაშინაც ვიცოდი, მაგრამ როცა ამ ქვეყნიდან წავიდა, მე დავინახე, მის მიერ წლების მანძილზე ნაქსოვი ურთიერთობების ბადე იმხელა ყოფილა, უკიდეგანო… დღესაც ვგრძნობ – მისი სიყვარულით მეფერებიან მისი ნამოწაფრები, კოლეგები. თუ სადმე რამე სტატია, რეცენზია იბეჭდებოდა მამაზე, ჩემზე, დედა ყველაფერს ჭრიდა და აგროვებდა. ამას წინათ ძველ ქაღალდებში ვიქექებოდი და გაზეთებიდან ამონაჭრების მთელ საქაღალდეს წავაწყდი, მეგონა ჩემზე ან მამაჩემზე დაბეჭდილი სტატიები იყო, გავხსენი და რას ვხედავ, თუკი რომელიმე ნამოწაფარზე სადმე რამე დაბეჭდილა, ყველაფერი შეგროვებული ჰქონდა, ისე, როგორც დედა შეაგროვებდა შვილზე… შეგროვილი ჰქონდა მათ შორის მაია ჩიბურდანიძეზეც, რომელიც მისი ნამოწაფარი იყო. ერთხელ ინტერვიუში ვახსენე კიდეც მაია ჩიბურდანიძე დედას ნამოწაფარი იყო – მეთქი. კინაღამ მომკლა, დანარჩენებმა რა დააშავეს, რომ გამოარჩიე, ვინ მოგცა უფლება ჩემს ნამოწაფრებს რომ არჩევო… რა რჩება ადამიანის შემდეგ? რა და მისი საქციელები. ჰოდა, ის, რაც მე დამიტოვეს ჩემებმა, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის მდიდარი მემკვიდრეობა“.

 

თამაში

მსახიობი თამაშობს როლს. როლი ბარდება წარსულს. მაგრამ ქრება კი უკვალოდ? თუ ორგანიზმში რჩება? მანანა იტყვის, რომ როლი რჩება ორგანიზმში, რჩება რაღაც ერთი რეპლიკა, რაღაც ერთი ფრაზა, ისტორია მაინც – როგორც კვინტესენცია. ის თამაშობდა რეგანს სტურუასეულ „მეფე ლირში“– ითამაშა მხოლოდ ერთხელ. „ის ერთი სპექტაკლი რომ ვითამაშე და განვითარება არ ჰქონია, იმან სულ სხვა რაღაცაში ამოჰყო თავი, სხვა თვისობრიობაში გადავიდა“…

მას შეუძლია ეკზიუპერის „პატარა უფლისწულით“ დღეს ერთი ამბავი გვიამბოს – ამბავი პატარა უფლისწულისა და ხვალ იგივე ტექსტით, იგივე სპექტაკლით ქრისტეზე გველაპარაკოს. მას შეუძლია ერთი და იგივე სპექტაკლი ითამაშოს სხვადასხვა დროის და სივრცის ინტერვალებით, მაგრამ ეს სპექტაკლები თვისობრივად ახალ სახეს, ახალ სათქმელს იძენენ. „მე არ ვთვლი, რომ უნდა უბრუნდებოდე შენს ნამუშევრებს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში მოხდა ისე, რომ შემდგარი სპექტაკლი მეორედ დაიბადა, სიტუაციამ მოიტანა, სურვილების თანხვედრამაც, მასალის აქტუალობამაც და ჩემმა აბურდულმა ცხოვრებამაც. აღმოჩნდა, რომ „დალგაჟიტელები“ აღმოჩნდნენ ჩემი სპექტაკლები. ასე ეწერათ სპექტაკლებს და ცოცხლობენ…“

ცხოვრების სცენაზე ვიძენთ როლს და… და შემდეგ ხშირად იძულებული ვართ, მოვიქცეთ არა ისე, როგორც გულით გვსურს, არამედ ისე, როგორც ამ როლს შეეფერება. მანანას ნაკლებად უყვარს თამაში ცხოვრებაში:

„მე საერთოდ ნაკლებად ვთამაშობ ცხოვრებაში, რომ ტყუიხარ – ენერგიას ხარჯავ, მე ტყუილებში სახარჯავად არ მემეტება ენერგია. აზარტსაც ვერ ვხედავ, სჯობია იცხოვრო გახსნილად. მე არავის არ მოვუწოდებ, უბრალოდ, მე ვთვლი ასე… ხშირად მე მართლაც არ ვიქცევი ისე, როგორც ადრე მოვიქცეოდი, მაგრამ ამ ყველაფრის კორექცია რწმენამ მოახდინა. რაღაცის უფლებას აღარ მივცემ თავს, იმიტომ რომ ღმერთთან უხერხულია“.

მას დადგმა უყვარს სცენაზე და არა ცხოვრებაში. მას ხეებიც არ უყვარს – ქალაქში დადგმული. მას ხიბლავს ხეები – აბდაუბდა, გაბურდული ტოტებით და არა: „ასე დადგმულად, როგორც დაიდგა ერთნაირი ხეები, რომელთაც არანაირი ისტორია არ გააჩნიათ… დოდო აბაშიძის ძეგლთან იდგა ხე, ამშვენებდა იქაურობას, ჩრდილსაც ქმნიდა და განწყობასაც… გამოვიარე და აღარ დამხვდა… იმის ნაცვლად 5 პატარა ხე, არაფრისმთქმელი… რატომ? მგონია, რომ ხე ცოცხალი არსებაა… ბახტრიონზე რომ  ვცხოვრობდით, ჩვენი აივანი მთას გადაჰყურებდა. ერთხელ ვხედავ, მამა დგას აივანზე და ყვირის „რას აკეთებ“, სადღაც შორს, ერთი ეული ხე იდგა და ვიღაც ჭრიდა – ბოსტანის გაშენება უნდოდა იქ, მამა არ ჩანდა, მაგრამ ისე იცავდა იმ ხეს, იმხელა ენერგია დახარჯა, იმხელა მანძილზე გააგებინა, გადახტომით ვერ გადახტებოდა, მე-6 სართულზე ვცხოვრობდით, მაგრამ ისეთი სიმტკიცე გამოიჩინა, გაჩერდა ის კაცი, ხეც გადარჩა. მერე ვფიქრობდი, ალბათ, ის მარტოხელა ვერხვი ყოველდღე ლოცავს კოტეს…“

ჟან კლოდ კარიერი "უფლისწული და ჭეშმარიტება", რუსთაველის თეატრის მცირე სცენა. 2009 წ.

ჟან კლოდ კარიერი “უფლისწული და ჭეშმარიტება”, რუსთაველის თეატრის მცირე სცენა. 2009 წ.

„თეატრალურ ინსტიტუტში რომ შევდივარ, სულ მინდა იქით ფლიგელში მოვხვდე, სადაც ჩვენი აუდიტორიები იყო. სადაც იმდენად იყო კონცენტრირებული სურვილი – დაეუფლო პროფესიას და სურვილი პედაგოგების – მთელი შენი ფსიქიკით მოგნათლონ იმ პროფესიაში. ერთ პატარა ადგილას ბევრი წყარო რომ ამოხეთქვს და დუღს შემოქმედებითი ცხოვრება, სადაც არავის სცალია უსაქმურობისთვის… მიუხედავად იმისა, რომ ალბათ, ძალიან ბევრს ვიცინოდით, იმდენად გვიყვარდა ეს პროცესი, რომ ჩვენი სწავლა ჰგავდა დროსტარებას. იქ თუ გახსნიან სახინკლეს, გული დამწყდება, თუ გახსნიან კაფეს, ნაკლებად მომინდება შესვლა. ის ინსტიტუტი დარჩება წარსულში. ამას არ უნდა ერქვას ავადმყოფური ნოსტალგია, ამას ჰქვია სურვილი შეინარჩუნო სხვებისთვის ის, რაც შენთვის და შენამდე იყო ფასეული. ელემენტარული კულტურაა, პატივი სცე იმას, რაც შენამდე შექმნილა“.

 

„ქვეყნის სიყვარულს, განსაკუთრებით მაშინ გრძნობ, როცა აქ არ ხარ, როცა მიდიხარ საზღვარგარეთ. მაშინ კონცენტრირდება პირველხარისხოვანი. უეცრად ხვდები რომ იმით, რასაც აკეთებ, რასაც ამბობ, ანუ შენით – შენს ქვეყანას აღიქვამენ. მათთვის შენა ხარ საქართველო. მოსიარულე საქართველო. როდესაც ხარ თუნდაც გასტროლებზე, იცი რომ ეს მხოლოდ შენი და შენი მეგობრების წარმატება არაა, ეს შენი ქვეყნის წარმატებაა, ეს სიყვარული ტალღასავით დაგეჯახება. თვითონ გაფიქრება ამისა, პასუხისმგებლობა, სიყვარულია შენი ქვეყნის. ამ პასუხისმგებლობის ხარისხი, არის ხარისხი შენი სამშობლოს სიყვარულის. როგორ უნდა გიყვარდეს? უკანდაუხევად, როცა ეს შენს ქვეყანას ეხება“.

 

„რა გვაერთიანებს ჩვენ ყველას ერთად? ის, რომ ჩვენ აქ ვართ დროებით, ჩვენ სახლებიან-რემონტებიანად… ეს რომ სულ გვახსოვდეს, ალბათ, იმაზე ვიმუშავებთ, ისეთი ფასეული რამ შევქმნათ, რომელსაც დრო ჟანგივით არ შეჭამს. ეს რომ გვახსოვდეს… ადამიანები ვივიწყებთ ამას, ისიც და მეც და სხვაც წარმავალები ვართ. სანამ ვართ მოვასწროთ ერთმანეთის დანახვა, ერთმანეთის შეყვარება, ერთმანეთის ერთგულება. რა მოსაწყენია ცხოვრება, როცა არ გიყვარს, რა უნდა გიხაროდეს, როცა არ გიყვარს“?

“პათოსს თუ გავექცევით: სიყვარული ყოველდღიურობაში ვლინდება. იმისთვის, რომ უერთგულო, რაღაც უნდა დათმო. უნდა დათმო, რომ დაიცვა. როცა შენ იცავ შენთვის ფასეულს – ამასაც სიყვარული გაკეთებინებს. სიყვარული ბევრ რამეს გამორიცხავს. გამორიცხავს უპრინციპობას, ღალატს, ზურგში ჩარტყმას, სიმახინჯის ძიებას, სისასტიკეს…  გამოდის, რომ სიყვარული არის მუდმივი ბრძოლა მშვენიერების დასაცავად. მშვენიერება არის სულის უნარი შეინარჩუნოს ის სიმდიდრე,  ფასეულობანი, ურომლისოდაც ყოველივეს აზრი ეკარგება, ამ დანაკლისს ვერ ავსებს ვერანაირი კაფელ-მეტლახი, ვერანაირი კეთილდღეობა… ”

 

დაიბეჭდა “პრაიმტაიმში” 

 

„ჭინჭრაქა“ – როგორ იქცა გულუბრყვილო ზღაპარი საუკუნის შედევრად

სცენა სპექტაკლიდან "ჭინჭრაქა". მგელი – გოგი გეგეჭკორი, დათვი – ეროსი მანჯგალაძე, მელა – მედეა ჩახავა, ტურა – ზინა კვერენჩხილაძე.

სცენა სპექტაკლიდან “ჭინჭრაქა”. მგელი – გოგი გეგეჭკორი, დათვი – ეროსი მანჯგალაძე, მელა – მედეა ჩახავა, ტურა – ზინა კვერენჩხილაძე.

60-იანი წლების დასაწყისში, რუსთაველის თეატრში ახალი, ექსპერიმენტული სცენის დაარსების იდეა ჩნდება. მცირე სცენისთვის იმ საკონცერტო დარბაზის რეკონსტრუქციას იწყებენ, სადაც ოდესღაც თვით სანდრო ახმეტელს სურდა „ინტელიგენტური თეატრის“ გახსნა. მოგვიანებით მაესტრო თუმანიშვილი დაწერს რომ მათ მცირე სცენა იმისთვის დასჭირდათ რომ მიახლოვებულიყვნენ მაყურებელს, შეექმნათ „მსხვილი ხედი“, მაყურებელთან დამყარებულიყო მეტი ინტიმი… მაესტრო თუმანიშვილი ამ სცენისთვის მარსელ კარნეს „მატყუარების“ დადგმას გადაწყვეტს, მაგრამ ცეკა არ ტყუვდება და მაშინ როცა სპექტაკლი თითქმის მზადაა – აკრძალავენ. მაესტრო ფარხმალს არ ყრის, მცირე სცენის გახსნის იდეა არ ეთმობა და: ერთი რამ თუ არ დაგვანებეს, მეორე უნდა ვცადოთ, და მეც საწინააღდეგო მხარეს მივაწყდი. ავიღე გ. ნახუცრიშვილის ჭინჭრაქადა ფანტაზიის აფრა ავუშვი“.

როლების განაწილება სკანდალურია. მაესტრო თუმანიშვილი ამ ერთი შეხედვით უწყინარ და გულუბრყვილო ზღაპარში აკავებს თავის ლეგენდარულ შვიდკაცას და სერგო ზაქარიაძეს. რა როლებს სთავაზობს მათ? მედეა ჩახავას – მელაკუდას, ეროსი მანჯგალაძეს –  დათვს, გოგი გეგეჭკორს – მგელს, ზინა კვერენჩხილაძეს – ტურას, რამაზ ჩხიკვაძეს და კარლო საკანდელიძეს – ჭინჭრაქას (რამაზ ჩხიკვაძე თავიდან ამ როლზე იყო დანიშნული – რ.შ), სერგო ზაქარიაძეს _ დევს…  არადა, მსახიობები უკვე სახელგანთქმულნი არიან, თამაშობენ წამყვან როლებს, სერგო ზაქარიაძე – 54 წლისაა, მედეა ჩახავა – 42 წლის, გოგი გეგეჭკორი – 40 წლის, ეროსი – 38 წლის, რამაზი – 35 წლის…

"ჭინჭრაქა" . მელა – მედეა ჩახავა

“ჭინჭრაქა” . მელა – მედეა ჩახავა

ძნელია, სოლიდური მსახიობები დაიყოლიო მგლების, დათვების, ზღაპრული გოლიათებისა და ჯადოქრების თამაშზე, მაგრამ მათ ჩემი თხოვნა გულთან მიიტანეს. ეს იყო ჩვენი თანამეგობრობის უკანასკნელი, გედის სიმღერა. ჩვენ ფუჩიკითდავიწყეთ და ზღაპრით დავამთავრეთ –  დაწერს მაესტრო მოგვიანებით, მაგრამ თეატრის იმჟამინდელი დირექტორი, დორიან კიტია, ვისი თხოვნითაც გადასცა რუსთაველის თეატრს ავტორმა მოზარდმაყურებელთა თეატრისთვის დაწერილი პიესა, იხსენებდა: მიშას პიესა მოეწონა, მაგრამ მსახიობები თავდაპირველად ძალიან შეაშფოთა იმან, რომ რატომღაც ტურა, მელიები, დევები, დათვები უნდა ეთამაშათ. აჯანყდა თითქმის ყველა და რა თქმა უნდა ეროსიც. კაცი ოიდიპოს მეფეს, ლოპესს, დიდ ხელმწიფეს, ზიმზიმოვს, ბოცოს თამაშობს და უცბად – დათვი. ვერ წარმოიდგინა… არ ირწმუნა… ძლივს დავითანხმე რომ უარი ეთქვა, თუმცა დაჯერებით, ალბათ, კი არ დამიჯერა, მხოლოდ პროფესიულმა დისციპლინამ გააჩუმა და მხოლოდ მაშინ, როცა ახალგაზრდა მხატვრებმა ი. ჩიკვაიძემ, ა. სლოვინსკიმ და ო. ქოჩაკიძემ ესკიზები მოიტანეს, როცა ეროსიმ დაინახა ზოლებიან პიჟამოში გამოწყობილი დათვი იღლიაში ამოჩრილი დიდი პორტფელით და ჯიბიდან თავამოყოფილი ბორჯომის ბოთლით, მის სახეზე პირველად დავინახე მოწონების, თანხმობის, დაჯერების გამომხატველი ღიმილი. კარგა ხანს გულდასმით უყურა ესკიზს და ბოლოს გამოაცხადა: ხომ შეიძოლება ჩემი დათვი რაჭველი იყოსო?! ამ დღიდან დაიწყო გატაცებით მუშაობა…

მხატვრებმა – ჩიკვაიძე-სლოვინსკი-ქოჩაკიძე, რომელიც ქართული თეატრისა და სცენოგრაფიის ისტორიაში „სამეულის“ სახელით შევიდნენ, სპექტაკლის ტრიუმფში მნიშვნელოვანი, თითქმის გადამწყვეტი როლი ითამაშეს – აპლიკაციების მეშვეობით, შექმნეს ფეერიული და იდეალური სამყარო, სადაც ყველაფერი გროტესკულად იყო გაზვიადებული, ყველა საგანი, ყველა ნივთი „თამაშობდა“, სცენაზე იყო ვეება წითელქუდიანი სოკოები, რომელთა ქვეშ „ინტიმური“ სცენები თამაშდებოდა, იქვე კი ერთი ბეწო წისქვილი „ფქვავდა“, იდგა ვეება ზანდუკი, რომელზეც ბაყბაყ-დევი გორაობდა… სცენაზე თოკი იყო გადაჭიმული, რომელზეც ჭრელად ამოქარგული ხავერდის ფარდა ეკიდა, როგორც ნათელა ურუშაძე დაწერს – უნებურად გაგონდებოდა ზაფხულში გამართული წარმოდგენები, დეკორაციად ვისაც რა აქვს წამოღებული, იმას რომ გამოიყენებენ“. ასოციაცია არც იყო უადგილო. დიდმა მაესტრომ ხომ სპექტაკლის დადგმის გასაღები სწორედ ბავშვობისდროინდელ სააგარაკო წარმოდგენებში იპოვა. იხსენებდა კიდეც თავის წიგნში „რეჟისორი თეატრიდან წავიდა“, როგორ გამართეს უღრან ტყეში, აგარაკზე, სოფელ მზეთამზეში ერთ მთვარიან საღამოს იმპროვიზირებული წარმოდგენა, როგორ დაკიდეს ფარდების ნაცვლად სარეცხის თოკებზე ფერადი საბნები, როგორ დაიწყეს თამში. ჩვენ ვიმპროვიზატორობდით, ყველა იმას აკეთებდა, რაც შეეძლო: ვცეკვავდით პატსა და პატაშონს, ჩარლი ჩაპლინს ვბაძავდით, ვმღეროდით, ფოკუსებს ვაკეთებდით, ლექსებს ვკითხულობდით, ენის გასატეხების წარმოთქმაში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს და ასე შემდეგ. ეს ძალზე მხიარული სააგარაკო გართობა იყო… მთვარიანში, მდელოზე წარმოდგენილი ამ მხიარული, სააგრაკო სპექტაკლის მოგონება იქცა ჭინჭრაქასდადგმისას თეატრალური თამაშის გადაწყვეტა-გასაღებად, აქედან დაიბადა რეპეტიციის ხერხი – იმპროვიზაცია“.

სცენა სპექტაკლიდან "ჭინჭრაქა", ჭინჭრაქა – კარლო საკანდელიძე, მზეთუნახავი – ბელა მირიანაშვილი.

სცენა სპექტაკლიდან “ჭინჭრაქა”, ჭინჭრაქა – კარლო საკანდელიძე, მზია – ბელა მირიანაშვილი.

სწორედ ამ ხერხმა აქცია შედევრად ერთი გულუბრყვილო ზღაპარი. ზღაპარი სადაც გლეხის ბიჭი ხვდება ზღაპრულ მეფის ასულს, როგორც ზღაპარს შეშვენის, მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ, იქვედა ბოროტი დევი და მისი გამზრდელი ქოსიკო. ბოროტისა და კეთილის ჭიდილში, კეთილი იმარჯვებს…  თავად მაესტრო დაწერს კიდეც რომ მათი გულისყური მიმართული იყო არა ამ უბრალო სიუჟეტისკენ (რომელიც გახელებულ იმპროვიზაციებში ბუნებრივად ისხამდა ხორცს), არამედ იმისკენ რისი თქმა შეეძლოთ. მსახიობები ერთი შეხედვით საბავშვო ზღაპარს ყვებოდნენ, სინამდვილეში კი იმაზე საუბრობდნენ რაც აღელვებდათ, დღევანდელ დღეზე. სპექტაკლი სამგვარ ბოროტებას დასცინოდა: ბორორტება – ძალაუფლების წყურვილი, ბოროტება – სისულელე, ბოროტება – მეშჩანობა… მაესტროს თქმით: ჩვენს მიერ გამოყენებული ხერხის მიხედვით ყველაფერი ეს უნდა ყოფილიყო ხუმრობა ზღაპარზე. ყველაფერს, რაც კი ჩვენ მოვიფიქრეთ, ხალხური ფესვები ჰქონდა: ესენი იყო ბერიკაობა, ხალხური თამაშობები და ცეკვები, ანდაზები, გამოცანები, ენის გასატეხი, ჭიდაობა. ანუ, მაესტრო ოსტატურად იყენებდა ყველაფერს, რაც კარნავალური დღესასწაულისთვისაა დამახასიათებელი. აკი წერდა კიდეც: ჭინჭრაქაბერიკაობის რეკონსტრუქცია არ ყოფილა, მაგრამ თავისი ფორმით ძალზე ახლოს იდგა ამ თეატრალურ ფორმასთან“.

„ჭინაჭრაქა“ ბერიაკაობა არ ყოფილა და შესაბამისად აქაურ „ცხოველებს“ ცხოველის ნიღბები კი არ უფარავდათ სახეს და ბეწვი კი არ ემოსათ, როგორც ეს ბერიკაობაშია, არამედ ადამიანურად ეცვათ. მხოლოდ შტრიხებით, ტანისამოსში დეტალების შეტანით და რაც მთავარია ქცევებით ხდებოდა „მხეცად ქცევა“. მედეა ჩახავა გრძელ ხელთათმანებს იცვამდა, მხრებზე მელიის კუდს ისხავდა, მაღალყელიანი, რბილი ჩექმით ფრთხილი ნაბიჯებით დადიოდა, ხმაში ცბიერ ინტონაციებს ურევდა და… უკვე მელია იყო… ზინა კვერენჩხილაძის ტურას შავი გრძელი პალტო ეცვა, თავზე საზაფხულო, ფარფლებიანი ქუდი ეხურა, ისე სწრაფად მოძრაობდა, მსუნაგი გამოხედვა ჰქონდა და ისე ჩხაოდა კვარტეტში, თითქოს ის იყო ტყის მთავარი ბინადარი (ნოდარ გურაბანიძე).  გოგი გეგეჭკორი მეგრელ, თანაც ლოტბარ მგელს თამაშობდა – თავზე ფაფახი ეხურა, ქართულ ხალათზე ხანჯალი ეკიდა, თავ-პირი ხილაბანდით ჰქონდა აკრული. ეროსი რჭველ დათვს თამაშობდა – თავზე მძიმე ბეწვის ქუდი ეხურა, ტანზე ზოლებიანი პიჟამა ეცვა. ხელში ხან გაბერილი პორტფელი ეჭირა, ხან მოქსოვილი ჩანთა-ბადე, საიდანაც პროდუქტები მოჩანდა და ეს დათუნა უმალ დაემსგავსა საქმიან, მივლინებაში მყოფ კაცს, რომელიკც შემთხვევით მოხვდა ტყეში… (ნოდარ გურაბანიძე).

უბრალო ზღაპარი მიგნებულმა თეატრალურმა ფორმამ, ზუსტად გამონახულმა სარეპეტიციო მეთოდმა შედევრად აქცია. რეპეტიციები იმპროვიზაციის პოლიგონად იქცა. როგორც მაესტრო გაიხსენებს, თავიდან ყველა უხერხულად, შებოჭილად, გრძნობდა თავს, მაგრამ თანდათან განთავისუფლდნენ და გადაეშვნენ თამაშის, იმპროვიზაციის სტიქიაში. სწორედ იმპროვიზაციებით ითხზვებოდა შედევრალური სცენები. მხეცები ტყეში გუნდის რეპეტიციებს მართავდნენ, ოლიმპიადისთვის ემზადებოდნენ… მეფის ასული – შეუდარებელი ბელა მირიანაშვილი ბალერინას კოსტიუმში,  ხელში სახტუნაოთი ევლინებოდა მაყურებელს. ჭინჭრაქას ქართულად ეცვა – ჭრელი წინდები, ქალამნები, ახალუხი, თუშური ქუდი… შეშინებული მეფის ასული, აქოადა ვითომ არ მეშინიაო – ცეკვას იწყებდა, სახტუნაო ორი გულის შემაერთებელ ტელეფონის მავთულად იქცაალო, ალო… დაუცებ  ორ  გულს ერთდროულად დაარტყა დენმა. თვალთ დაუბნელდათ. მავთული დაიჭიმა, სიმივით წკრიალებს. ალო, მე შენ მომწონხარ“  – ოდნავ გასაგონად, ჩურჩულით, ოხვრით… მეც მომწონხარ“ . ისევ ოხვრა და ხვნეშა, ისევ და ისევ ომახიანი სიმღერა სიყვარულზე. ჩვენ შევთხზეთ, იმპროვიზაციით შევთხზეთ(მიხეილ თუმანიშვილი).

დევი თამაშობდა კლასობანას… სწორედ იმპროვიზაციების წიარში იშვა სერგო ზაქარიაძისა და რამაზ ჩხიკვაძის განუმეორებელი დუეტი. მათი თამაში იქცა პირობით-გროტესკული ე.წ. „ღია თამაშის“ ეტალონად. თავიდან ფიქრობდნენ, რომ სერგოს დევი ძალზე ახალგაზრდა, ვუნდერკინდი დევი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ერთ-ერთ რეპეტიციაზე მისული სერგო ზაქარიაძე გამოაცხადებს: მე ვითამაშებ პატარა დეგენერატს, რომელმაც ისიც კი არ იცის რომ ორჯერ ორი ოთხია!“. სახელოვანი არტისტი ისეთი ააზრტით გადაეშვა ბავშვურ თამაშში, თითქოს ამ სპექტაკლს და მოსულელო ზღაპრული გოლიათის ამ როლს უნდა გადაეწყვიტა მისი შემოქმედებითი ცხვრების ძალზე  მნიშვნელოვანი ამოცანა –  დაწერს თუმანიშვილი, მისივე თქმით, სერგო ზაქარიაძე ისეთი გატაცებით იმროვიზატორობდა, როგორც თეატრალურის პირველკურსელი მთლად დასაწყისში. გამაოგნებელი იყო დიდი მსახიობის ეს სასწაულებრივი უნარი გაბავშვებისა… ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ ამ ჭაღარა კაცს შეეძლო ასე ეცელქა, ამდენი რამ მოეგონებინა, ამდენი ეცეკვა და ეხტუნავა, ამდენი ემღერა, ამდენჯერ გადასულიყო მალაყს, ამდენი ეყირამალა (მიხეილ თუმანიშვილი).

სერგო ზაქარიაძეს იმპროვიზაციებში ღირსეულ მეტოქეობას უწევდა რამაზ ჩხიკვაძე. თუმანიშვილი გაიხსენებს: რეპეტიციები გადაიქცა ორი გამოჩენილი მსახიობის დაუვიწყარ კონცერტებად“, აქტიორული ოსტატობის ზეიმად, დღესასწაულად. და, როცა არ უნდა ეთამაშათ სერგოს და რ. ჩხიკვაძეს ამ სპექტაკლში, ეს ყოველთვის დიდი მსახიობების მხიარულ გამონაგონთა, გიჟმაჟური თამაშის თეატრალური ფოიერვერკი იყო. სერგო აღტაცებული იყო რამაზით. რამდენჯერ გამიგონია მსიგან: ეს მამაძაღლი რამაზი, ისეთ ფოკუსებს ატრიალებს, კინაღამ დავიბენი კაცი. ყოჩაღ!“.

სცენა სპექტაკლიდან "ჭინჭრაქა", დევი – სერგო ზაქარიაძე, ქოსიკო – რამაზ ჩხიკვაძე.

სცენა სპექტაკლიდან “ჭინჭრაქა”, დევი – სერგო ზაქარიაძე, ქოსიკო – რამაზ ჩხიკვაძე.

მაესტრო იტყვის იმასაც, რომ სპექტაკლის მთავარ ღირსებას მსახიობების ბრწყინვალე თამაში წარმოადგენდა, ამ ბრწყინვალე ანსამბლის გვირგვინი კი რამაზ ჩხიკვაძე აღმოჩნდა. თუმანიშვილი დაწერს იმასაც რომ სწორედ ქოსა მრჩევლით დაიწყო რამაზ ჩხიკვაძის შემოქმედების გზის მეორე ეტაპი. სტურუა კი იტყვი: რამაზ ჩხიკვაძე ქოსა მრჩევლიდან იწყებაარადა, რამაზ ჩხიკვაძე სულაც არ იყო თავიდან ამ როლზე დანიშნული. იგი კარლო საკანდელიძის დუბლი იყო ჭინჭრაქას როლზე და დიდად არც ეხატებოდა გულზე ჩიკორივით მობზრიალე ბიჭის როლი, ქოსიკოს როლი მოსწონდა. რეპეტიციებსაც სულ საკანდელიძე გადიოდა, რამაზი  პარტერიდან ადევნებდა თვალს. ვიდრე ერთ დღეს სცენაზე არ უხმო თუმანიშვილმა. დილას წელკავი დამეტაკა და წელში ვერ ვიმართებოდი. ძლივს ავდექი და ვთხოვე, მოდი, ქოსიკოს როლს მოვსინჯევ მეთქი. არაფერი უთქვამს, მე წელში ოთხად მოიხრილი და ათჯერ მოკაკული, კვნესით, ტკივილისგან უნებლიე წამოყვირებით, რის ვაივაგლახით ავედი სცენაზე და იატაკზე ჩავჯექი, ქოსიკოს პირველი სიტყვები ასე დამჯდარმა წამოვიკნავლე. მიშა წამოხტრა, სახე გაუბრწყინდა და იყვირა განაგრძე რეპეტიცია, იჯექი მანდ. დაიწყეკარგია ეგ რადიკულიტიც. მე მგონი მიშამ იფიქრა, ეს ყველაფერი ამ როლისთვის საგანგებოდ მოვიგონე და აღფრთოვანდა. აი, მაშინ გადაწყდა ჩემი ამ როლზე დანიშვნაც, ასე დავტოვეთ სპექტაკლში ჩემი წელკავიც, მიმკვდარი ხმით ლაპარაკიც და ასე დაიბადა ქოსიკოს ნიღაბი იტყვის მრავალი წლის შემდეგ რამაზ ჩხიკვაძე.

. ჩხიკვაძის ქოსიკო თითქოს ათას ერთი ღამის სიზმრეული სამყაროდან გამოპარული, ახალი და ძველი თეატრალური ნიღბების ნაერთი იყომისი გრძელი სამოსის კალთებს ქვეშ, თითქოს, მარად მხიარულსა და მარად ახალგაზრტდა არლეკინს შეეფარებინა თავი, რომელსაც არა მხოლოდ უცნაური ზნე სჭირსყველაფერში სამხიარულო საგანი იპოვოს, არამედ ხშირხშირად თვალი ქალებისკენაც გააპაროს. აქვე შეიძლებოდა გვეგულისხმა მოხუცი მოლა ნასრედინი (თავისი ცანცარა წვერით), რომელსაც ჩვეულებრივი ჭეშმარიტების აბსურდით შეცვლა უყვარდა. ამ წელკავიან ქოსიკოს, მათუსალას ასაკის გამო სხეულის წონა რომ დაუკარგავს, ჰარამხანაშიც ესიამოვნებოდა ფარული ვიზიტები, მაგრამ განგებამ ბაყბაყის აღზრდა მიანდო (ნოდარ გურაბანიძე).

მაესტრო თუმანიშვილი წერდა:სპექტაკლი ასე იყო ჩაფიქრებული: ხანდაზმული ადამიანები, იგონებენ რა თავიანთ ბავშვობას, სერიოზულად თამაშობენ ამ ბავშვობას. და ეს სასწაული შედგასპექტაკლს არნახული წარმატება ხვდა წილად. მაყურებელი მიაწყდა. ჭინჭრაქა გამოცხადდა ახალი თეატრის მანიფესტად. (პირველად შეფასება ახალი თეატრი ჭინჭრაქას მისამართით კრიტიკოსმა ტატა თვალჭრელიძემ გამოიყენა), თუმცა, მავანს არც ლანძღვა დაუკლია, თუმანიშვილი დაადანაშაულეს საბჭოტა ხელოვნებისთვის უცხო იდეურ პოზიციის ქონაში. აქაოდა, აქ ბოროტი სოციალური მოვლენა ისეთ სახუმარო და თავშესაქცევ ასპექტში გვეძლევა, როგორც საზღვარგარეთულ ფილმებში ბაბეტა მიდის ომში და მისტერ პიტკინშიოასე უნდა დასცინო შენს ერს?კითხულობდა კრიტიკოსიამ შედევრის დადგმიდან თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, სპექტაკლის ფრაგმენტების ნახვა დღესაც ხელმისაწვდომია თუკი იუთუბში ჩაწერ ჭინაჭრაქასდა ნახავ მართლაც შეუდარებელ სერგო ზაქარიაძის ჯინსებიან დეგენერატ დევს, რამაზ ჩხიკვაძის ქოსიკოს, დაუვიწყარ ხალიჩით გაფრენას და კლასობანას, საკანდელიძის ჭინჭრაქას, ბელა მირიანაშვილის მეფის ასეულს. განუმეორებელ  მგელს, დათვს, მელიას, ტურას

რეზო შატაკიშვილი, თეატრალური ხელოვნების მაგისტრი

დაუბეჭდა გაზეტში „ქართული სიტყვა“.

P.S.  2010 წელს, გაზეთ „პრაიმტაიმში“ განვახორციელე, ჩემივე ინიცირებული პროექტი „მეოცეს ოცეული“. ამ პროექტის მიზანი იყო, გამოვლენილიყო მეოცე საუკუნის 20 საუკეთესო ქართული სპექტაკლი. ეს ოცეული გამოვლინდა კომპეტენტური პირების – თეატრმცოდნეების, კრიტიკოსების გამოკითხვის შედეგად: ვთხოვეთ თავად დაესახელებინათ მეოცე საუკუნეში, ქართულ თეატრში დადგმული ის 20 სპექტაკლი, რომელსაც ისინი მიიჩნევდნენ საუკეთესოდ – საუკუნის სპექტაკლებად. შეფასების კრიტერიუმიც მათვე მივანდეთ – თითოეულს ეს სპექტაკლები უნდა დაესახელებინათ იმ კრიტერიუმების დაცვით, რომლითაც ისინი საერთოდ ხელმძღვანელობენ სპექტაკლების შეფასებისას.

მათ უნდა დაესახელებინათ როგორც ის სპექტაკლები, რომელიც მათ უშუალოდ ნანახი აქვთ სცენაზე, ასევე ის სპექტაკლები რომლებსაც იცნობდნენ აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით, იმროინდელი რეცენზიებით და ამ სპეტქკლებზე არსებული ყველანაირი საარქივი მასალით.

გამოკითხვის მონაწილეებს სპექტაკლების ჩამონათვალის შედგენისას არ უნდა ეხელმძღვანელათ ქრონოლოგიური პრინციპით, ჩამონათვალი რეიტინგული უნდა ყოფილიყო.

მათ მიერ პირველ პოზიციაზე დასახელებულ სპექტაკლს დაეწერებოდა 20 ქულა, მეორე პოზიციაზე დაწერილს – 19, მესამეზე – 18, მეოთხეზე – 17 დ ასე შემდეგ ბოლომდე – მეოცე პოზიციაზე დაწერილს – ერთი ქულა. შემდეგ ოცივე გამოკითხულის მიერ მინიჭებული ქულები დაჯამდებოდა და დაგროვილი ქულების შესაბამისად გამოვლინდებოდა საუკეთესო ოცეული.

გამოკითხვაში მონაწილეობდნენ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები: ნათელა ურუშაძე, ნოდარ გურაბანიძე, ნათელა არველაძე, დალი მუმლაძე, ლევან ხეთაგური, ირინა ღოღობერიძე, თამარ ბოკუჩავა, ლელა ოჩიაური, მარინე ხარატიშვილი, გიორგი ცქტიშვილი, მანანა გეგეჭკორი. ნინო მაჭავარიანი. დოქტორანტები: ლაშა ჩხარტიშვილი, თამარ მუქერია, მარიამ ჩუბინიძე.ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრები: თამარ კიკნაველიძე, ნიკა წულუკიძე, ანანო მირიანაშვილი. ჟურანალ „თეატრი და ცხოვრების“  მთავარი რედაქტორი გურამ ბათიაშვილი, არტ-კრიტიკოსი დავით ბუხრიკიძე.

ამ გამოკითხვის შედეგად გამოვლენილ ოცეულში მიხეილ თუმანიშვილის მიერ დადგმულმა „ჭინჭრაქამ“ მეშვიდე ადგილი დაიკავა –  საუკუნის ერთ–ერთ საუკეთესო სპექტაკლად დაასახელა 15–მა გამოკითხულმა, მიიღო 193 ქულა. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა მიერ, საუკუნის საკუეთესო სპექტაკლებს შორის მიხეილ თუმანიშვილის მიერ დადგმული 9 სპექტაკლი დასახელდა. თუმანიშვილის 9 სპექტაკლმა ჯამში 896 ქულა დააგროვა, ამ თვალსაზრისით, მიხეილ თუმანიშვილს მხოლოდ მისმა მოწაფემ – რობერტ სტურუამ აჯობა  – სტურუას 11 სპექტაკლმა 1 112 ქულა დააგროვა. თუმანიშვილის 9 სპექტაკლიდან ოცეულში  5 სპექტაკლი შევიდა: „ანტიგონე“ (მეექვსე ადგილზე), „ჭინჭრაქა“ (მეშვიდე ადგილზე),  „ჩვენი პატარა ქალაქი“ (მე–13 ადგილზე), „დონ ჟუანი“ (მე–15 ადგილზე), „ესპანელი მღვდელი“ (მე–16 ადგილზე).

 

ქართველი მსახიობი, ვის გვერდით სახსენებელნიც არ არიან კევინ კოსტნერები და მელ გიბსონები

თუმანიშვილის შედევრი – „დონ ჟუანი“

„ყიფშიძის დონ ჟუანისთვის მზად ხარ მოკვდე… მისი თითოეული ჟესტი პოეზიაა, მეტყველება – სიმფონია, ყოველი გამოხედვა – ჟრუანტელის მომგვრელი. ეს თქვენი კევინ კოსტნერები და მელ გიბსონები მის გვერდით სახსენებელნიც არ არიან“ – არ იფიქროთ რომ ეს სტრიქონები, იმ რომელიმე ქართველ ჟუნალისტ ან თეატრმცოდნე ქალბატონს ეკუთვნოდეს, ზურაბ ყიფშიძის ეშხი რომ ურევდა თავგზას, ან მას, ვინც ყველა ნაბიჯზე იმის მტკიცებაში რომაა, რომ ყოველივე ქართულია საუკეთესო, რომ ქართველებზე ნიჭიერი ქვეყნად არავინ დაიარება…

ეს სტრიქონები გამოქვეყნდა „ვაშიგტონ პოსტში“ – 1990 წელს. მიხეილ თუმანიშვილის მიერ კინომსახიობთა თეატრში 1981 წელს დადგმულმა მოლიერის „დონ ჟუანმა“ უდიდესი წარმატება ჰპოვა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ლეგენდარულმა პიტერ ბრუკმა სპექტაკლის ნახვის შემდეგ ბრძანა: „მოლიერს რომ ეს სპექტაკლი ენახა კმაყოფილი დარჩებოდა“.

სწორედ პიტერ ბრუკმა „დაპატიჟა“ მთელი მსოფლიოს თეატრის მოყვარულები თბილისში: „თბილისში უნდა წახვიდეთ მოლიერის აღმოსაჩენად! რატომაც არა? აი, ეს არის თეატრი. თუმანიშვილის „დონ ჟუანი“ საუკეთესოა მათ შორის, რაც კი მინახავს. დინამიკური, თავხედური, თანამედროვე, ბრწყინვალედ გათამაშებული ახალგაზრდა ქართველი მსახიობების მიერ, რომელთა ენერგიაც მათი სხეულის ყოველი ნაკვთიდან იფრქვევა.“

„დონ ჟუანი“ – ეს შედევრი, ზუსტად 30 წლის წინ იშვა ქართულ სცენაზე. თეატრის პროტაგონისტი მსახიობი, დონ ჟუანის როლის შემსრულებელი – ზურაბ ყიფშიძე მაშინ ჯერ მხოლოდ 28 წლის იყო. ცნობილია, რომ აურაცხელი სპექტაკლების ავტორი მიხეილ თუმანიშვილი, მხოლოდ რამდენიმე სპექტაკლს მიიჩნევდა წარმატებულად. 1991 წლის 6 თებერვლით დათარიღებულ წერილში აღწერს კიდეც თავის ოთახში გამოკიდულ ფოტოებს იმ სპექტაკლებიდან, რომელსაც ის საუკეთესოდ თვლიდა. „რეპორტაჟი სახრჩობელადან“, „ესპანელი მღვდელი“, „როცა ასეთი სიყვარულია“, „ჭინჭრაქა“, „ანტიგონე“, „ბაკულას ღორები“, „ჩვენი პატარა ქალაქი“ და – „დონ ჟუანი“… „ამავე კედელზე მოლიერის „დონ ჟუანის“ პარიზული აფიშა კიდია. ედინბურგის ფესტივალზე ამ სპექტაკლის საუკეთესო რეჟისურისათვის საგანგებო დიპლომი მომანიჭეს. ეს დიპლომიც აქვეა, ამშვენებს ფერად ფოტოს, რომელზეც მე პიტერ ბრუკთან ერთად ვარ გადაღებული. დიდი პატივია ჩემთვის“ – წერს მიხეილ თუმანიშვილი.

სპექტაკლით აღFრთოვანებას ვერ მალავდა მსოფლიო პრესა. „ასეთი გონებამახვილური და ვნებიანი ინტერპრეტაცია მოლიერის „დონ ჟუანისა“ არასოდეს მინახავს. ქართულმა კინომსახიობთა თეატრმა მე-17 საუკუნის ზნეობრივი პიესა ბრწყინვალე ბურლესკად გადააქცია“ – წერდა „დეილი ექსპრესი“. „ეს გახლავთ ბასრი, თავზარდამცემი, გონებამახვილური, ვიზუალური სპექტაკლი, რომელიც კლასიკურ პიესას ბრწყინვალე თანამედროვე სპექტაკლად აქცევს“ – წერდა „სკოტსმენი“. „მიხეილ თუმანიშვილის სახელის ხსნება არ არის ადვილი, მისი სახელი უნდა ვახსენოთ იმ მომენტში, როდესაც საჭირო იქნება ის სახელები, რომელთაც ძალუძთ თვალის მოჭრა, მოჯადოება“ – წერდა „ლა ნასიონი“.

მაესტრო თუმანიშვილი 60 წლის იყო თეატრალური სამყრო რომ გააოგნა თავისი ახალი შედევრით. „უმთავრესია სცენური არსის საკუთარი ვერსია შეთხზა ისე, რომ ნოტები არ შეცვალო“ – მიაჩნდა მიხეილ თუმანიშვილს და როგორც ნოდარ გურაბანიძე ბრძანებს, მაესტრომ სწორედ ნოტების შეუცვლელად შეთხზა საკუთარი „დონ ჟუანი“. თავად, მიხეილ თუმანიშვილიც წერს, რომ „არც ერთი ბწკარი, არც ერთი სიტყვა გენიალური ტექსტისა შეცვლილი არ არის“. გენიალურმა მაესტრომ ნოტების შეუცვლელად გამოხატა თავის საკუთარი „მე“. სწორედ საკუთარი “მე”–დან გამოსვლას მიიჩნევდა უმთავრესად იგი და როგორც გურაბანიძე მიიჩნევს სპექტაკლში მთავარი იყო სწორედ „მე“ მიხეილ თუმანიშვილისა, რომელმაც ყველაფერი ნაცნობი  „უცნობი“ გახადა, რათა ეს „უცნობი“ უფრო ნაცნობი გაეხადა ჩვენთვის. „ამ დიდი თეატრალური პარადოქსით მან შეძლო, ახალი სიცოცხლე შთაებერა უკვდავი პიესისთვის“ – წერს გურაბანიძე.

სპექტაკლი თამაშდებოდა სცენოგრაფიის დიდოსტატის – გოგი მესხიშვილის მიერ შექმნილ კარნავალურ სივრცეში – სცენაზე უწესრიგოდ იყო მიმოფანტულ-მიყრილ-მოყრილი ანტიკურ ქანდაკებათა, აღორძინების მხატვართა ტილოების რეპროდუქციები, ცარიელი ჩარჩოები, ანტიკურ მოაზროვნეთა ბიუსტები, კასრი, ფიცრები, სკამები, ნავი, ჭერში ქალის კაბები ეკიდა… მხატვარი ქმნიდა ზედროულ სივრცეს.  „საგანთა, კოსტიუმთა თუ სხვა რეკვიზიტის ხაზგასმული ეკლექტიკა სცენაზე იმას მიგვანიშნებდა, რომ დონ ჟუანის ისტორია ხელოვნებისა და ცხოვრების მარადიული სიუჟეტია, აღსავსე ლეგენდებითა და წარმტაცი ჭორებით“ (ნოდარ გურაბანიძე). სწორედ ამ სივრცეში შემოდიოდა ლაურა რეხვიაშვილის გმირი – სუფლიორი. ცხადი ხდებოდა რომ მოქმედება ხდებოდა პროვინციულ თეატრში, სადაც დიდად არ ანაღვლებთ ესთეტიკისა და სტილის მთლიანობა. სწორედ, პროვინციულ თეატრში დადგმულ სპექტაკლად აქცია თუმანიშვილმა „დონ ჟუანი“ – პრინციპით „თეატრი თეატრში“. თუმანიშვილისთვის, როგორც გურაბანიძე შენიშნავს, მთავარი წმინდა ესთეტიკური მომენტი იყო – ახალი თეატრალური სამყაროს შექმნა, თეატრის უსაზღვრო შესაძლებლობათა გამოვლენა. ამას კი სწორედ, სპექტაკლში სუფლიორის შემოყვანით მიაღწია მაესტრომ. სხვათაშორის, როგორც თავად თუმანიშვილი აღნიშნავდა, „დონ ჟუანის“ დადგმაზე ჯერ კიდევ სტუდენტობიდან ფიქრობდა, მაგრამ სანამ არ მოიფიქრა სუფლიორის სახე, სპექტაკლი არ აეწყო. შეგახსენებთ რომ მაესტროს სტუდენტობიდან  სუფლიორის სახის მოფიქრებამდე  ანუ – ამ შედევრის დადგმამდე თითქმის 4 ათეული წელი გავიდა… მაინც ვინ იყო და რა ასეთი ფუნქციის მატარებელი იყო ლაურა რეხვიაშვილის პერსონაჟი? ეს აშკარად ქართველი, პროვინციელი კეკლუცი ქალი, სქელი ტუჩები მსუყედ რომ შეეღება წითელი პომადით და თავზე რომ ბეისბოლის საჩრდილობელი, პლასმასის ქუდი ეხურა, მაყურებელს ეცხადებოდა და შინაურულად ემუსაიფებოდა, ემუსაიფებოდა და სიარულში ვიღაცას ბაძავდა. („თითქოს უნდოდა „პოდიუმზე“ გაეარა, მაგრამ მიჩლაჩუნობდა ვაგლახად“ – ნ. გურაბანიძე). მიჩლაჩუნობდა და მიათრევდა თავის ღარიბ საუზმეს – ბადურით მაწვნის ბოთლს. აშკარა იყო რომ ამ პერსონაჟს არ ჰქონდა ბედნიერი ცხოვრება, მაგრამ ის ბედნიერი იყო სწორედ „აქ“ თეატრში – „იცოდა რომ ეს ყველაფერი „თეატრი“ იყო, მაგრამ მაინც ძალიან სჯეროდა, რომ სწორედ ეს იყო „ცხოვრება“. (ნ.გურაბანიძე). ის კარნახობდა ტექსტს მსახიობებს და თავადაც ითვისებდა მათ ტექსტს, იყო გულწრფელი მაყურებელიც, თანაუგრძნობდა გმირებს, განიცდიდა, ღელავდა. „ლაურას მოკარნახეს აშკარად უყვარდა ზურაბ ყიფშიძის დონ ჟუანი, ეს მისი გმირი იყო და ამიტომ ყოველნაირად უწყობდა ხელს სატრფიალო თავგადასავლებში. უყვარდა და ეჭვიანობდა კიდეც, აღმერთებდა და კიცხავდა, ბოლოს კი მისი მოთმინების ფიალა ივსებოდა და დონ ჟუანს უკვე სიკვდილის სახით ევლინებოდა, როგორც ბრეიგელის ტილოზე კარნავალის დროს გამოცხადებული „სიკვდილი“ (ნ.გურაბანიძე).

სწორედ, აქ, პრონივციული თეატრის ქაოსურ სივრცეში „ცხოვრობდა“ კლასიკური ესპანური იერის, შავგვრემანი დონ ჟუანი – ზურაბ ყიფშიძე. რომელიც მოლიერის ტექსტებს წარმოსთქვამდა მსუბუქად ირონიულად, თითქოს დასცინოდა საკუტარ თავსსაც, თავსი სატრფიალო თავგადასავლებსაც და პიესის სიუჟეტსაც კი. ზურაბ ყიფშიძის დონ ჟუანი არ იყო ღვთისმგმობი, ის უფრო თავქარიანი იყო. „თხემით ტერფამდე სიყვარულის განსახიერება, უაღრესად გულწრფელი, ცეცხლოვანი, ტემპერამენტიანი… თუ დავუჯერებით დოსტოევსკის, რომ არსებობენ „მარადი ქმრები“, მაშინ შეიძლება ვთქვათ რომ ეს დონ ჟუანი „მარადი შეყვარებული“ იყო, ასე რიგად განრიდებული იაფფასიან ლოველასობას და თვალთმაქცობას. ძალზე ახალგაზრდა იყო იმისთვის, რომ თავისთვის ღვითის გმობის უფლება მიეცა. იგი „გახსნილი“ იყო სიყვარულისთვის, ყოველწამიერ მზად იყო მისთვის, ერთობლივად რამდენიმე ქალს ეხვეოდა, თითოეულ მათგანს გულწრფელად ეფიცებოდა სიყვარულს. ვითომ თვითონ კი არ აცდუნებდა ქალებს, ქალები აცდუნებდნენ მას და ამ დროს ღრმად იყო დარწმუნებული თავისი გრძნობების სიწრფელეში, მაგრამ ამ გრძნობებს ბენგალური ცეცხლის თვისება ჰქონდათ – ისინი სწრაფად აითებოდნენ და უმალვე უკვალოდ ქრებოდნენ, რათა ხელახლა, ახალი ძალით აგიზგიზებულიყვნენ… პანტერის გრაციოზული ძრაობით უახლოვდებოდა იგი თავის მსხვერპლს, რათა უმალვე, რაიმე ძალდატანების გარეშე გაეხვია სიყვარულის ჯადოსნურ ბადეში. ეს იყო „თეატრი თეატრში“, ანუ წარმტაცი წარმოდგენა, როჯმელსაც მ. თუმანიშვილის სპექტაკლის მთავარი გმირი და, საერთოდ, ამ თეატრის პროტაგონისტი გაითამაშებდა“ – წერს გურაბანიძე. სცენაზე მეფობდა იმპროვიზაცია, ლოპე დე ვეგას პრემიის ლაურეატი მარსიალ სუარესი წერდა კიდეც: „გენიალურ იმპროვიზაციებში ზურაბ ყიფშიძის შესაძლებლობანი ფანტასტიკურია“ .

როგორც კრიტიკოსები შენიშნავდნენ, სპექტაკლი მსუბუქად ფილოსოფიური იყო. აღსავსე თეატრალური ენით, რეალობა შეცვლილილი იყო სიმბოლოებით. სპექტაკლი იყო სავსე მოულოდნელობებით, ირონიული, კომიკური ეფექტების კასკადით. რეჟისორი პაროდიულად „ატრიალებდა“ ეპიზოდებს და მოულოდნელი ფასრული თამაშით ამთავრებდა ძალზე სერიოზულ აღსარებებს. პაროდიზირებული სცენების დროს კონტრასტულად ჟღერდა მოცარტის ღვთაებრივად ჰაერიოვანი მუსიკა, არიები თუ არიოზოები  ოპერა „დონ ჟუანიდან“. როდესაც დონ ჟუანი თავის ცოდვებს ინანიებდა მოხუც მამასთან, მაყურებელი ხედავდა სცენურ კომპოზიციად გარდაქმნილ რემბრანდტის „უძღებ შვილს“, მაგრამ… ვიდრე ყიფშიძის დონ ჟუანი მამის წინ დაიჩოქებდა – იატაკზე ბალიშს სდებდა – მუხლები რომ არ სტკენოდა… ეს იყო სპექტაკლი სადაც ყველა საგანი თამაშობდა, სადაც მძვინვარებდა გახელებული თეატრალობა – ლაურას მოკარნახე ქმნიდა სცენაზე „ცეცხლს“ – შემცივნული დონ ჟუანის გასათბობად – წითელი ხელთათმანები ემოსა და თითების პლასტიკური მოძრაობით „ქმნიდა“ ცეცხლს…

„ეს იყო არაჩვეულებრივად ლაღი, სიცოცხლით სავსე, წარმტაცი სპექტაკლი, რომლის ყოველი ეპიზოდი მოულოდნელობით, გასაცვიფრებელი ახალი „სახით“ გვევლინებოდა და ჩვენს აღტაცებას იწვევდა სწორედ ამ მოულოდნელობის გამო. მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალზე მინახავს მოლიერის ეს პიესა, ძალიან ცნობილი და აღიარებული რეჟისორების დადგმით (მათ შორის ეფროსის სპექტაკლი), მაგრამ ვერც ერთი მათგანი ახლოს ვერ მოვა მიხეილ თუმანიშვილის  სითამამესა და ნოვატორობასთან“ – ნოდარ გურაბანიძე. საგულისხმოა ისიც რომ მიღებული ტრადიციის საპირისპიროდ, თუმანიშვილმა არ მოკლა დონ ჟუანი, პირიქით დროსა და სივრცეში გაუშვა სამოგზაუროდ. „…რათა კიდევ ერთხელ მოვლენოდა ამ ქვეყანას სატრფიალო საქმეთა ჩასადენად. იგი, თუ შეიძლება ასე ითქვას, მარადიული ტრფიალების სამყაროს დონ კიხოტია, როგორც არ უნდა გაკიცხონ, თავის მოწოდებას და ბუნებას არ უღალატებს“ (ნ.გურაბანიძე).

ზურა ყიფშიძის დონ ჟუანს ეცხადებოდა თეთრ ზეწარში გახვედული ლაურა რეხვიაშვილი, წითელხელთათმანიან ხელში – ცელით. ლაურას მოკარნახე თან მისდევდა მკვდრეთით აღმდგარ დონ ჟუანს, რომელსაც მაყურებელი კვლავ ხედავდა ავანსცენაზე მდგარ ნავში – კვლავ თაყვანისმეცემლებით რომ იყო გარშემორტყმული და ღიმილიანი ქრებოდა მარადისობაში. „როგორც მირაჟი, როგორც მფრინავი ჰოლანდიელი, ისე გაიელვებს ფინალში საოცარი, უცნაური ხილვა: ქათქათა ალამი, სისხლის ლაქა რომ დამჩნევია, სადღაც მიაქროლებს ქალების ხელით ზეატყორცნილ დონ ჟუიანის ლამაზ ფიქგურას“ – წერდა თ. პეტკევიჩი. „მოკარნახე? თავისი ნებით მიჰყვება დონ ჟუანს ჯოჯოხეთში, მაგრამ ჯოჯოხეთია ეს თუ სასუფეველი? ვინ იცის?“ –  კითხულობდა პიტერ უორდი „ოსტერლიენი“–ში. საყოველთაო აღტაცების ფონზე, თუმანიშვილის „დონ ჟუანს“ თავს დაესხა გავლენიანი და აღიარებული რუსი თეატრმცოდნე, ნ. ველეხოვა, კრიტიკოსის ტონი აგდებული იყო, ამ სტატიის მიხედვით თუმანიშვილის არტისტები  უთავბოლოდ დარბოდნენ სცენაზე ნიფახავ-პერანგის ამარა, მართავდნენ სტრიპტიზს. კრიტიკოსის აზრით თუმანიშვილი არც მოლიერს უჯერებდა, არაც მოცარტს და კრიტიკოსი აგდებულად კითხულობდა, ნეტა თუ აქვს თუმანიშვილს წაკითხული სტენდალი, რომელსაც ბრძნული აზრები ეკუთვნის მოლიერის შემოქმედებაზეო.  ამ კრიტიკოსს საკადრისი პასუხი გასცა ანატოლი ეფროსმა. კრიტიკული იყო ასევე დეილი ტელეგრაფის კრიტიკოსის ჩარლზ ოსბორნის მოსაზრებაც, რომელიც რეჟისორს აკრიტიკებდა იმის გამო, რომ სპექტაკლი ვიზუალურ ეფექტებზე იყო აგებული, რომ „მოლიერის ტექსტს ისე ექცევა ეს თეატრი თითქოს რაღაც ფარსს დგამდეს… ამ შეუფერებელი რეჟისორული გადაწყვეტის ფარგლებში მსახიობები გაბედულად მოქმედებენ, ჩემის აზრით თამაშობენ ძალიან ცუდად, თავიდან ბოლომდე იმპროვიზაციულად, სულ რაღაცას თხზავენ, ტექსტში არარსებულს, ან გვთავაზობენ არასწორად ამოკითხულ ტექსტს…“ კრიტიკოსი აუღშფოთებია მოცარტის „დონ ჟუანის“ „ხელყოფას“, მისი აზრით, მოლიერის ეს პიესა არც მოცარტის გენიალური ოპერის დონეზეა და არაც მწერლის საუკეთესო პიესას წარმოადგენს, მაგრამ „ეს არ ნიშნავს იმას რომ არ ვითამაშოთ ისე, როგორც არის დაწერილი და  ვაქციოთ იგი მე-20 საუკუნის ფარსად. ვინც თეატრში მხოლოდ გასართობად დადის, იგი ჭკუას დაკარგავს ამ წარმოდგენაზე, მე კი მათი ენაც რომ მცოდნოდა, ვერაფით მომხიბლავდა ქართველების ეს ხმაურიანი სპექტაკლი“ – წერდა კრიტიკოსი. ამ ორი კრიტიკოსისთვის თუმანიშვილის სპექტაკლი არ იყო მოლიერი, დანარჩენებისთვის (მათ შორის პიტერ ბრუკისთვის!) – სწორედ ეს იყო მოლიერი… საინტერესოა თავად მაესტრო თუმანიშვილის ფრაზა: „საიდან იცით, მოლიერი როგორია? მე „დონ ჟუანი“ დავდგი და თქვენ გგონიათ, რომ ეს მოლიერია? ფაქტობრივად ჩვენ ვიგონებთ მოლიერს“.

რეზო შატაკიშვილი, თეატრალური ხელოვნების მაგისტრი

დაიბეჭდა გაზეთში “ქართული სიტყვა” –რუბრიკაში “ქართული შედევრები”

P.S.  2010 წელს, გაზეთ „პრაიმტაიმში“ განვახორციელე, ჩემივე ინიცირებული პროექტი „მეოცეს ოცეული“. ამ პროექტის მიზანი იყო, გამოვლენილიყო მეოცე საუკუნის 20 საუკეთესო ქართული სპექტაკლი. ეს ოცეული გამოვლინდა კომპეტენტური პირების – თეატრმცოდნეების, კრიტიკოსების გამოკითხვის შედეგად: ვთხოვეთ თავად დაესახელებინათ მეოცე საუკუნეში, ქართულ თეატრში დადგმული ის 20 სპექტაკლი, რომელსაც ისინი მიიჩნევდნენ საუკეთესოდ – საუკუნის სპექტაკლებად. შეფასების კრიტერიუმიც მათვე მივანდეთ – თითოეულს ეს სპექტაკლები უნდა დაესახელებინათ იმ კრიტერიუმების დაცვით, რომლითაც ისინი საერთოდ ხელმძღვანელობენ სპექტაკლების შეფასებისას.

მათ უნდა დაესახელებინათ როგორც ის სპექტაკლები, რომელიც მათ უშუალოდ ნანახი აქვთ სცენაზე, ასევე ის სპექტაკლები რომლებსაც იცნობდნენ აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით, იმროინდელი რეცენზიებით და ამ სპეტქკლებზე არსებული ყველანაირი საარქივი მასალით.

გამოკითხვის მონაწილეებს სპექტაკლების ჩამონათვალის შედგენისას არ უნდა ეხელმძღვანელათ ქრონოლოგიური პრინციპით, ჩამონათვალი რეიტინგული უნდა ყოფილიყო.

მათ მიერ პირველ პოზიციაზე დასახელებულ სპექტაკლს დაეწერებოდა 20 ქულა, მეორე პოზიციაზე დაწერილს – 19, მესამეზე – 18, მეოთხეზე – 17 დ ასე შემდეგ ბოლომდე – მეოცე პოზიციაზე დაწერილს – ერთი ქულა. შემდეგ ოცივე გამოკითხულის მიერ მინიჭებული ქულები დაჯამდებოდა და დაგროვილი ქულების შესაბამისად გამოვლინდებოდა საუკეთესო ოცეული.

გამოკითხვაში მონაწილეობდნენ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები: ნათელა ურუშაძე, ნოდარ გურაბანიძე, ნათელა არველაძე, დალი მუმლაძე, ლევან ხეთაგური, ირინა ღოღობერიძე, თამარ ბოკუჩავა, ლელა ოჩიაური, მარინე ხარატიშვილი, გიორგი ცქტიშვილი, მანანა გეგეჭკორი. ნინო მაჭავარიანი. დოქტორანტები: ლაშა ჩხარტიშვილი, თამარ მუქერია, მარიამ ჩუბინიძე.ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრები: თამარ კიკნაველიძე, ნიკა წულუკიძე, ანანო მირიანაშვილი. ჟურანალ „თეატრი და ცხოვრების“  მთავარი რედაქტორი გურამ ბათიაშვილი, არტ-კრიტიკოსი დავით ბუხრიკიძე.

ამ გამოკითხვის შედეგად გამოვლენილ ოცეულში მიხეილ თუმანიშვილის მიერ დადგმულმა „დონ ჟუანმა“ მე–15 ადგილი დაიკავა   საუკუნის ერთ–ერთ საუკეთესო სპექტაკლად დაასახელა 10–მა გამოკითხულმა, მიიღო 96 ქულა. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა მიერ, საუკუნის საკუეთესო სპექტაკლებს შორის მიხეილ თუმანიშვილის მიერ დადგმული 9 სპექტაკლი დასახელდა. თუმანიშვილის 9 სპექტაკლმა ჯამში 896 ქულა დააგროვა, ამ თვალსაზრისით, მიხეილ თუმანიშვილს მხოლოდ მისმა მოწაფემ – რობერტ სტურუამ აჯობა  – სტურუას 11 სპექტაკლმა 1 112 ქულა დააგროვა. თუმანიშვილის 9 სპექტაკლიდან ოცეულში  5 სპექტაკლი შევიდა: „ანტიგონე“ (მეექვსე ადგილზე), „ჭინჭრაქა“ (მეშვიდე ადგილზე),  „ჩვენი პატარა ქალაქი“ (მე–13 ადგილზე), „დონ ჟუანი“ (მე–15 ადგილზე), „ესპანელი მღვდელი“ (მე–16 ადგილზე).

ჩავარდნილი როლები

რეზო შატაკიშვილი

მარცხი თან სდევს წარმატებას და… მარცხი წინ უძღვის წარმატებას. „პრაიმტაიმი“ დიდი ქართველი არტისტების ჩავარდნილ როლებზე გიამბობთ.

ხორავას ჩავარდნილიო ტარიელ გოლუა

მიხეილ თუმანიშვილი აკაკი ხორავამ მიიყვანა თეატრში. მათი შექმომედებითი შეხვედრა ერთადერთხელ შედგა – „ტარიელ გოლუაში“ და მაშინაც მარცხით დამთავრდა – ორივესათვის. არადა, წინა სპექტაკლების  წარმატებით თავბრუდახვეულ  მიხეილ თუმანიშვილს თავად ხორავა აგულიანებდა, ბევრს ელაპარაკებოდა ახმეტელის რეჟისურაზე, შინაურები, გარეულები მოსვენას არ აძლევდნენ – „მიშა, შენ ახმეტელი ხარ, მისი საქმის გამგრძელებელი“…  და ახალგაზრდა რეჟისორმაც ხელი მოკიდა ლეო ქიაჩელის „ტარიელ გოლუას“, დაეწაფა ახმეტელის მემკვიდრეობას, სურდა ახმეტელივით გმირულ–რომანტიკული სპექტაკლი დაედგა…ტარიელ გოლუას ხორავა თამაშობდა.   თუმანიშვილის  რეპეტიციას თბილისში სტუმრად მყოფი ფინელი რეჟისორი დაესწრო, აქო და ადიდა თუმანიშვილი, სულ რიტმების და ტემპების კომპოზიტორი ეძახა, რეჟისორს ეჭვი აღარ ეპარებოდა გამარჯვებაში, მაგრამ უკვე ეჭვი ეპარებოდა აკაკი ხორავას…  ხორავა რეპეტიციებზე „დაძაბულად თამაშობდა, გაუთავებლად ნერვიულობდა, არ მენოდობოდა…“ – გაიხსენებს თუმანიშვილი.

თუმანიშვილს ეჭვი მაინც არ ეპარებოდა, გაბედულად მიიწევდა წინ, მაგრამ დაიწყო პრემიერა და ზუსტად ხუთ წუთში მიხვდა რომ… ყველაფერი წყალში ჩაიყარა, სპექტაკლი ჩავარდა… როლი ჩაუვარდა ხორავასაც… სპექტაკლი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. მერე, მოსკოვში, ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის დეკადაზე წასაღებად, თუმანიშვილმა სპექტაკლი გადააკეთა, ხორავას ნაცვლად ეროსი მანჯგალაძე შეიყვანა, მაგრამ ვერც გადაკეთებამ უშველა საქმეს, ვერც ეროსი მანჯგალაძის შეყვანამ…

სესილია თაყაიშვილის ჩავარდნილი ივდითი

დღეს ვინმეს ძნელად თუ წარმოუდგენია რომ დიდ სესილია თაყაიშვილსაც ჰქონდა ჩავარდნები… არადა, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია რომ იგი სპექტაკლზე მუშაობისას გაუტავებლად წუწუნებდა, წუწუნებდა დრამატურგებზე (არც თუ უსაფუძვლოდ – სუსტი პიესების გამო), წუწუნებდა რეჟისორებზე, ხშირად პარტნიორებზე, მაგრამ უმეტესწილად მაყურებლის წინ გასულს – საწუწუნო არაფერი ჰოქნდა. თუმცა, თეატრის ისტორიამ შემოინახა მისი მარცხი და მისი გულწრფელი აღიარება ამ მარცხის შესახებ.

ახალგაზრდა სესილია თაყაიშვილი ჯერ კიდევ მაშინ შეიყვანეს  „ურიელ აკოსტაში“ ივდითის როლზე დუბლად, როცა სცენაზე ვერიკო ანჯაფარიძე იდგა. გარკვეული წარმატებების მიუხედავად სესილიას ივდითი ვერ იქცა სპექტაკლის ნაწილად. სესილია ვერ ჰგუობდა უჩვეულო ფორმის სავარძელს, არანაკლებ უჩვეულო კოსტიუმს, საერთოდ გარემოს. იგი ეთაყვანებოდა ვერიკოს ივდითს, თვითონ კი ვერ იქცა ივდითად. იმდენად მწარე იყო მისთვის ეს მარცხი, რომ სიკვდილის წინ მიცემულ ინტერვიუში, ცხოვრების ყველაზე უბედურ დღედ, „ურიელში“ თამაშის დღე დაასახელა…

ეროსი მანჯგალაძის ჩავარდნილი ყვარყვარე

ეროსი მანჯგალაძემ თეატრის ისტორიაში ჯერ კიდევ სტუდენტმა, 20 წლის ბიჭმა გაინაღდა ადგილი ინსტიტუტში, ტოვსტონოგოვის მიერ დადგმულ გორკის „მდაბიონში“ ნათამაშევი ტეტერევით, მაგრამ მივიდა რუსთაველის თეატრში და… ჩავარდნას ჩავარდნა ენაცვლებოდა. მარცხს მარცხი. დამნასავე? რეპერტუარი. აძლევდნენ უღიმღამო როლებს, შეჰყავდათ უკვე დადგმულ სპექტკლებში. მისი პერსონაჟები უფერული ადამიანები იყვნენ. არათუ სრულყოფილად, მინიშნებითაც არ გამოვლენილა მისი ნიჭიერება. ასე გრძელდებოდა მთელი ოთხი წელიწადი, მერე იყო დაუვიწყარი „პეპო“, „ადამიანებო იყავით ფხიზლად“ და ისევ ჩავარდნები – 2 წელიწადში 8 როლი ითამაშა, მხოლოდ ნაწილობრივ თუ ახერხებდა ნიჭის გამოვლენას, ასე იყო მანამ სანამ თუმანიშვილმა არ დააკავა „ესპანელ მღვდელში“, სადაც ვულკანურად იფეთქა მისმა კომედიურმა ნიჭმა, მერე იყო ახალი ვულკანი – ამჯერად ტრაგიკული ნიჭის – ოიდიპოსი…

ჩავარდნა მერეც ჰქონდა, არადა, წესით არ უნდა ჩავარდნოდა…კომედიების დიდოსტატმა დოდო ალექსიძემ „ყვარყვარე თუთაბერი“ დადგა, ყვარყვარე ეროსი მანჯგალაძე იყო. რეჟისორიც ფოიერვერკული კაცი იყო, არტისტიც, მაგრამ მათმა ფოიერვერკმა ვერ გაისროლა – „ჩაიჩუილა“…

„ეროსის ჰქონდა მახვილგონივრული ადგილები, იყო საინტერესო სცენები, მაგრამ სპექტაკლმა კვალი ვერ დატოვა. წარმოდგენას არ ჰქონდა კონცეპტუალური გადაწყვეტა, ახალს არაფერს ამბობდა, სათქმელი არ იყო გამოკვეთილი, ნათელი…“ – დაწერს ეროსის მეგობარი, თეატრმცოდნე ვასილ კიკნაძე…

ჩავარდნილი ჰამლეტი და ჩავარდნილი

კლავდიუსი

დოდო ალექსიძემ ჩავარდნილი „ყვარყვარეს“ შემდეგ შექსპირის „ჰამლეტს“ მოჰკიდა ხელი. არტისტები ამჯერადაც შესანიშნავი ჰყავდა: ჰამლეტი – გოგი გეგეჭკორი, (დუბლი ნოდარ ჩხეიძე), გერტრუდა – ნინო ლაფაჩი, კლავდიუსი – სერგო ზაქარიაძე… წესით დანიის გაუხარელ პრინცს სცენაზე გაინც უნდა გაეხარა, მაგრამ… ჩავარდა…


ჩავარდნამდე, სერგო ზაქარიაძე პატიოსნად ითხოვდა – გამათავისუფლეთ კლავდიუსის როლიდანო… როლს ვერ ვგრძნობ და არ გამომივაო… მაშინ ზაქარიაძეს კინოში იღებდნენ და არ გაათავისუფლეს როლიდან, კინოს გამო მიზეზობს, როლიდან „დათესვა“ უნდაო… „როგორც ჩანს ზაქარიაძე მართალი იყო. ბევრი ეცადა, სხვადასხვა ვარიაციები შექმნა კლავდიუსისა, მაგრამ არაფერი არ გამოუვიდა. ვერც გოგი გეგეჭკორის და ნოდარ ჩხეიძის გულწრფელმა და ოსტატურმა შესრულებამ უშველა სპექტაკლს. წარმოდგენას არ ჰქონდა კონცეფცია, გადაწყვეტა, არ იყო კონკრეტულად გარკვეული, რისი თქმა უნდოდა რეჯისორს“ – დაწერს ვასილ კიკნაძე.

სერგო ზაქარიაძის ჩავარდნილი ლირი

1966 წელს, ჟურნალ „ტეატრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მიხეილ თუმანიშვილი ამბობდა, როცა თეატრში ასეთი დიდი მსახიობი გვყვას, როგორიც სერგო ზაქარიაძეა, რომელსაც ასე სწყურია ლირის თამაში, ცოდვაა რომ ეს ტრაგედია არ დავდგათო.

დადგა კიდეც, მაგრამ მთელ საბჭოეთში უკვე ლეგენდად ქცეული ჯარისკაცის მამა… დამარცხდა, დამარცხდა რეჟისორიც. თუმანიშვილის „მეფე ლირი“ შექსპირის გათანამედროვების პირველი ცდა იყო. სპექტაკლის შემდეგ კრიტიკოსთა აზრი მკვთრად გაიყო – ნაწილი ხელაღებით ლანძღავდა და უარყოფდა, ნაწილი – გააფთრებით იცავდა. თუმანიშვილმა და ზაქარიაძემ ლირი გაადამიანურეს, ცხოვრებასთან დაახლოვეს. ლირის სამეფო ტახტი ხავსმოკიდებულ ქვას წარმოადგენდა, რომელზეც ცხოველის ტყავი იყო გადაფარებული. ასეთ გარემოში შეუძლებელიც იყო პომპეზური, ლირი–ღმერთის თამაში. სერგო ზაქარიაძეს ათლეტურ სხეულზე თხის ტყავი ჰქონდა მოსხმული, ბეწვის ქვეშ ლურჯი ხამის ტილოს ხალათი ეცვა, შარვალი ბეწვის პაჭიჭებში ჰქონდა ჩატანებული, როგორც ნოდარ გურაბანიძე იტყვის ჩაცმულობით სვანსა და ხევსურს უფრო ჰგავდა – ვიდრე კელტს. მეტიც, სუფრასთან ქართულ სიმღერასაც წამოიწყებდა… ზაქარიაძეს და თუმანიშვილს უნდოდათ მაყურებელს ახლობლად ეგრძნო ლირი, მოხდა კი პირიქით… ნოდარ გურაბანიძის შენიშვნით, ზაქარიძის ლირი სტალინის ასოციაციასაც იწვევდა – სტალინსაც ხომ უყვარდა შარვლის ჩექმებში ჩატანება თუ ქართული სიმღერის წამოწყება სუფრაზე…

მოსკოვის სამხატვრო თეატრის „ლიტნაწილის“ პ. მარკოვის აზრით, ზაქარიაძის ლირის სახეეს აკლდა მთლიანობა, დაქუცმაცებული იყო ბრწყინვალე ადგილებით.

„მაინცდამაინც არც ლირის „გაქართველების“ იდეა გამოდგა დამაჯერებელი… სახის განვითარების ლოგიკა ზოგჯერ მოიკოჭლებდა, რაც მოსაწყენს ხდიდა  ზოგიერთ ეპიზოდს… ზოგჯერ ს. ზაქარიაძის თამაშს ერთგვარი ნაძალადეობა, ხელოვნურობა ეტყობოდა. მსახიობი ყველაფრის გამართლებას ცდილობდა და, თითქოს, როგორც ამბობენ ხოლმე: „ტვინს იჭყლეტდა“… (ნოდარ გურაბანიძე).

თუმანიშვილმა მოგვიანებით აღიარა რომ ვერ დაიჭირა გმირის ნამდვილობის ნათელი შეგრძნება ზაქარიაძის ლირში… თავად სერგო ზაქარიაძე პრემიერის დღეებში კმაყოფილი იყო საკუთარი თამაშით, მერე ნელ–ნელა უკმარობის გრძნობა შეეპარა, ბოლოს სულ გაუტყდა გული, რაშიც მაყურებლის ნაკლებმა ინტერესმაც იმოქმედა…

ოთარ მეღვინეთხუცესის ჩავარდნილი როლები

ლირი და ჰამლეტი ჩაუვარდა ოთარ მეღვინეთხუცესსაც. ოთარ მეღვინეთუხუცესი სწორედ იმ არტისტთა კატეგორიას განეკუთვნება, ვისაც შეუძლია საკუთარი წარუმატებლობის აღიარება. შორეულ ახალგაზრდობაში ლილი იოსელიანის დადგმულ სპექტაკლში „ფსკერზე“ სატინი ითამაშა. მოეწონათ. თავად დაეჭვებული იყო. უკმაყოფილო. იცოდა რამდენი რამის გაკეთება შეეძლო და ვერ გააკეთა. რპმ ულოცავდნენ, ეგონა სხვებიც ხვდებოდნენ და შემწყნარებლობის გამო ულოცავდნენ. არ ღებულობა ამიტომაც მილოცვებს. ის კი არა, ვასო გოძიაშვილიც კი გაუბრუნებია უკან. გაცეცხლებულა ვასო გოძიაშვილი „ვინ არის ეს ვირი, მილოცვა რომ არ უნდაო“…

გავა დრო და საკუთარი თავით უკმაყოფილო დარჩება „დიდოსტატის მარჯვენაში“ განსახიერებული მეფე გიორგითაც. რუსთავის თეატრში ნათამაშები ჰამლეტითაც, მარჯანიშვილის თეატრში ნათამაშები მეფე ლირითაც… არადა, უნდოდა ჰამლეტის და მეფე ლირის თამაში. ითამაშა კიდეც, მაგრამ ამ სპექტაკლებმა ვერ გაიჟღერა… ჰამლეტისთვის ჯერ კიდევ მარჯანიშვილში ემზადებოდა – ლილი იოსელიანი და გიგა ლორთქიფანიძე დგამდნენ, მაგრამ შეაწყვეტინეს. ლილი იოსელიანმა შემდეგ რუსთავში დადგა ჰამლეტი. მაგრამ სულ ექვსჯერ ითამაშეს…

„რატომ არ გამოვიდა ჰამლეტი? უმთავრესი მიზეზი ალბათ ის იყო რომ ჩვენ უკვე ვიცოდით, ნაწილი, ისევ უკან მარჯანიშვილის თეატრში უნდა დავბრუნებულიყავით. ბევრმა ჩემმა მეგობარმა უარი თქვა სპექტაკლში მონაწილეობაზე. ვინც უარი არ თქვა, რეპეტიციებზე არ დადიოდნენ. ქალაქის ხელმძღვანელობის მხარდაჭრით წაქეზებული თეატრის დირექტორ-განმკარგულებელი ერთხელ შუა რეპეტიციის დროს შემოვიდა და გამოაცხადა _ მეღვინეთუხუცესის გარდა ამ პიესის დადგმა არავის უნდა, სპექტაკლი კი ნახევარი მილიონი ჯდებაო. მე თავი ვერ შევიკავე და შენი და შენი გამომგზავნელის დედამეთქი! უწყვეტი რეპეტიციაც მოულოდნელად დაგვინიშნეს. ასეთ ატმოსფეროში რა უნდა გამოსულიყო?“ – კითხულობს ოთარ მეღვინეთუხუცესი.

„ჰამლეტზე“ საბოლოოდ უარი თქვა სამხატვრო საბჭომ. მეღვინეუხუცესი რუსთავის თეატრიდან წამოვიდა და მარჯანიშვილში გააგრძელა მოღვაწეობა…

ლეილა აბაშიძის მარცხი თეატრში

ქართული თეატრის ისტორიას გაკვრით ახსოვს ცრუ–პათეტიკური სპექტაკლი „ამირანი“…  ეს სპექტაკლი სხვა ასეთი უღიმღამო, გაფუყული სპექტაკლებისგან ალბათ არაფრით გამორჩეული არ იქნებოდა, რომ არა ერთი დეტალი – ამ სპექტაკლში თამაშობდა იმხანად უკვე სახელგავარდნილი კინოვარსკვლავი ლეილა აბაშიძე… სპექტაკლი 1963 წელს დადგა დოდო ალექსიძემ.

თეატრში როლის ჩავარდნამ თეატრზე საერთოდ აუცრუა გული ლეილა აბაშიძეს. არადა, თეატრალურ ინსტიტუტში სწავლისას  ლეილა აბაშიძემ გურამ საღარაძესთან ერთად  წარმატებულად ითამაშა თუმანიშვილის დადგმულ ტურგენევის პიესაში „ერთი თვე სოფლად“. „ერთი თვე სოფლად“ გულისშემძვრელი პოეტურობითა და სევდით გამოირჩეოდა, ყველაფერი სიწრფელითა და უშუალობით იყო აღბეჭდილი. ლეილა აბაშიძე შემდეგ არსად მინახავს უფრო ლაღი, ორიგინალური, რაღაც მოუხელთებელი სიწმინდით სავსე…“ – წერს ნოდარ გურაბანიძე.

ლელა ალიბეგაშვილის ჩავარდნილი სარძლო

19 წლის იყო ლელა ალიბეგაშვილი ფარაჯანოვმა თავის შედევრალურ „სურამის ცეხეში“ რომ გაიდაიღო ვარდოს როლში და თავის მუზად გამოაცხადა. თეატრალური ინსტიტიტის დამთავრების შემდეგ რუსთაველის თეატრში დაიწყო მოღვაწეობა. მალე შესანიშნავი როლიც მიიღო შესანიშნავ პიესაში – სარძლო ლორკას “სისხლიან ქორწილში”. საბოლოდ კი მიიღო – ლანძღვა კრიტიკოსისგან…

„მე თვითონ საშინლად უკმაყოფილო ვიყავი ამ სპექტაკლით. არ შეიძლება ორი რეჟისორი დგამდეს სპექტაკლს, მით უფრო ლორკას. თან ისე მოხდა რომ რობერტ სტურუა თბილისში არ იყო და მე აღმოვჩნდი მათი ექსპერიმენტის შედეგი. არადა მე ვიყავი დამწყები მსახიობი და ჩემთვის ეს იყო საუკეთესო როლი… იმდენად განვიცადე ეს გაუგებარი რეპეტიციები და ეს მარცხი რომ ბანკეტზეც არ წავედი. ეს იყო საშინელება. ათასჯერ მეტის გაკეთება შემეძლო… ჩემი თაობის ერთმა თეატრმოდნემ საშინლად გამლანძღა, განამადგურა, მომთხარა. დავხიე და გადავაგდე ის რეცენზია. თფუ… არაფრის გამკეთებელო, რას ქმნი თვითონ, რომ მაკრიტიკებ, შენ რა იცი მე რა დღე გამოვიარე? მერე სხვა სპექტაკლზე მოვიდა და მე შენზე ასე დავწერეო, წადი… არაუშავს. ის არავინაა დღეს, მე…“ – ამბობს ლელა ალიბეგაშვილი

დაიბეჭდა “პრაიმტაიმში”



თბილი და ელვარე არტისტის – მარინა თბილელის ოჯახი

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა “საერთო გაზეთში”).

მარინა თბილელი ამართლებდა თავის სცენურ ფსევდონიმს – „თბილელს“. იყო თბილი და ელვარე არტისტი და… ახლაც აგრძელებს სცენურ სციცოცხლეს – თავის ქალიშვილში – ბაია დვალიშვილის სცენურ ცხოვრებაში… ასე ეწადა და ახდა კიდეც მისი ოცნება…

მარინე თბილელი 1920 წელს დაიბადა თელავში. მარინეს დედის პირველი მეუღლე თბილისელი პოლონელი დამბროვსკი იყო. დამბროვსკის აფთიაქი ჰქონდა წითელწყაროში, იქ ცხოვრობდნენ, მაშინ შეეძინა მარინეს დედას მარინეს უფროსი და-ძმა, შემდეგ მეუღლე გარდაეცვალა, შემდეგ მეორედ გათხოვდა –  თურქეთიდან გადმოსულ სომეხ ექიმზე – კარაპეტიანზე, სწორედ მისგან შეეძინა მარინე, მაგრამ მარინე, უფროსი და-ძმის მსგავსად, დამბროვსკაიას გვარს ატარებდა…
ახტაჯანა მარინე, ჯოხის ცხენით რომ დააჭენებდა თელავიდან ნადიკვარამდე, ერეკლეს სასახლის ქონგურებს რომ ცვეთდა გარშემო სირბილით, სკოლაში ბეჯითად სწავლობდა, ცეკვავდა, მღეროდა, ლექსებს კითხულობდა.
მის აღზრდაში დიდი როლი ითამაშეს პედაგოგებმა თამარ და ეკატერინე შიუკაშვილებმა; ეკატერინე შიუკაშვილი ბავშვებისთვის პიესებს წერდა, შემდეგ თელავის თეატრში დგამდა. სწორედ ეკატერინე შიუკაშვილი აძლევდა მარინე თბილელს პირველ როლებს. სწორედ ეკატერინე შიუკაშვილი იტყვის ამაყად: „დაიხსომეთ ჩემი სიტყვები, ამ ბავშვისგან უეჭველად მსახიობი გამოვა!“
ათი წლის იყო, მარინეს ოჯახი თბილისში რომ გადმოვიდა საცხოვრებლად. მალე მამაც დაეღუპა, უკან დარჩა უდარდელი ბავშვობა, კახეთი და სცენაც.
ხანდახან თუ გაახსენდებოდა ბავშვობის გატაცება, როცა ვინმეს გამოჯავრება-მიბაძვისთვის შეაქებდნენ – მსახიობის ნიჭი გაქვსო. მარინეს 16 წელი უსრულდებოდა, შვიდწლედის დამთავრების შემდეგ პედაგოგიურ ტექნიკუმში სწავლობდა, პედაგოგობისთვის ემზადებოდა, გახდებოდა კიდეც, მაგრამ…

ჯერ იყო და, სასწავლებლის წინ „ლენფილმის“ რეჟისორები გადაეყარნენ და სტუდიაში სინჯებზე დაიბარეს, კინოში უნდა გადაგიღოთო, მაგრამ ფილმი ჩაიშალა… მერე თბილისში სამწლიანი კინოსამსახიობო სასწავლებელი გაიხსნა.
მარინეს თვითონ არ მიუკითხებია. მარინეს მიაკითხეს. სამსონ სულაკაურმა, ვისი თაოსნობითაც სასწავლებელი გაიხსნა, მარინეს შემთხვევით მოჰკრა თვალი და თავისთან დაიბარა.

„15-16 წლის მშვენიერი, ტანადი გოგონა იდგა ჩემ წინ, ბავშვური, უმანკო, ლამაზი სახით, ანთებული ცეცხლოვანი თვალებით, შესანიშნავი ტუჩებით და ბროლივით თეთრი კბილებით. ინსტინქტით მივხვდი, რომ ნამდვილად კინომსახიობი აღმოვაჩინე“, იხსენებდა სულაკაური, რომელმაც ძლივს დაითანხმა მარინე, სასწავლებელში რომ ესწავლა. კინოსამსახიობოზე კი დაიწყო სწავლა, მაგრამ ოჯახს უმალავდა. მარინეს ყოველ საღამოს სადღაც გაუჩინარებით მისი ძმა დაინტერესდა, ჩუმად აედევნა და მარინეს საიდუმლოც გაიხსნა. მეორე დღეს, სასწავლებელში მისული, ატირებული მარინეს დედა ძლივს დაამშვიდეს, დაიყოლიეს.

სასწავლებელი რომ დაამთავრა, თბილისში თეატრალური ინსტიტუტიც გაიხსნა და მარინემ, მალიკო მრევლიშვილისა და დოდო ალექსიძის რეკომენდაციით, თეატრალურ ინსტიტუტში გააგრძელა სწავლა – მესამე კურსზე ჩაირიცხა. სწორედ თეატრალური ინსტიტუტის ახლაგდახსნილ სცენაზე ითამაშა თავისი პირველი როლი, ტაჯიკი გოგონა მირ-ახმედოვა აკაკი ვასაძის დადგმულ „პავლე გრეკოვში“. 1940 წელს მარინემ დაამთავრა ინსტიტუტი და ჩაირიცხა რუსთაველის თეატრში.
რუსთაველის თეატრში მისულ ახალბედა მსახიობს მფარველად აკაკი ვასაძე მოევლინა. დღეს უკვე საქვეყნოდ აღიარებული სცენური გვარი „თბილელი“ სწორედ აკაკი ვასაძემ დაანათლა მას და ამ გვარით აკურთხა ქართულ სეცნაზე.
მარინემ სწორედ ამ ფსევდონიმით დაიმკვიდრა ადგილი სცენაზე და ამ ფსევდონიმითვე შევიდა ქართული თეატრისა და კინოს ისტორიაში.

„მარინე მართლაც რომ თბილი მსახიობია, მან გაამართლა ჩემ მიერ მიცემული ფსევდონიმი – თბილელი. თეატრალური ინსტიტუტიდან მარინე დამბროვსკაიას გვარით მოვიდა ქართულ თეატრში და გადავწყვიტე, ქართულად მომენათლა. ასე მგონია, შესაფერად მოვნათლე თბილელად. მიხარია, რომ მარინეს სამსახიობო პროფერსიული კულტურის გამოჭედვაში მეც მიმიძღვის წვლილი. ხოლო ჩემი გვარისა და სახელის გამგრძელებელი, აკაკი ვასაძე-უმცროსი რომ „მაჩუქა“, ამისთვის კი მადლობის მეტი რა მეთქმის“, – წერდა აკაკი ვასაძე.
მარინე თბილელის პირველი მეუღლე აკაკი ვასაძის ვაჟი – გოგი ვასაძე იყო. შეეძინათ ვაჟი – აკაკი ვასაძე-უმცროსი. მაგრამ მალე მარინე თბილელის და ვასაძის ოჯახი დაინგრა – კონფლიქტის გამო წავიდა ვასაძეების სახლიდან, დაბრუნდა დედასთან, თუმცა მამამთილს და მფარველს – აკაკი ვასაძეს მუდამ ემადლიერებოდა…
მარინე თბილელმა რუსთაველის თეატრში წარმატებით ითამაშა რამდენიმე დიდი და პატარა როლი. „კრწანისის გმირებში“ მის მიერ განსახიერებული თეკლა ბატონიშვილი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ პიესის ავტორს სიკვდილამდე არ ავიწყდებოდა.
„83 წლისა ვარ და დღემდე გონებიდან არ მშორდება მის მიერ განხორციელბული თეკლა“, – ამბობდა სანდრო შანშიაშვილი.

მარინე წარმატებით თამაშობდა მასზე დაკისრებულ მოზრდილ თუ პაწაწუნა როლებს, მფარველიც ჰყავდა თეატრში, მაგრამ თეატრში მისვლიდან 4 წლის შემდეგ თეატრს ჩამოაშორეს. ახალგაზრდა მსახიობი მტკივნეულად განიცდიდა თეატრიდან ჩამოშორებას; იმდენად მტკივნეულად, რომ ეს ჩამოშორება მას ახსენებდა ედიტ პიაფის ტკივილს შვილის დაკრძალვისას.
მარინე თბილელს ზუსტად 30 წელი დასჭირდა იმისთვის, რომ ოცნება აეხდინა და უკან – რუსთაველის თეატრში დაბრუნებულიყო.
თეატრი დატოვა 24 წლისამ, დაბრუნდა 54 წლის…
მანამდე კი იყო მთელი ცხოვრება.

„ფაქტიურად უმუშევარი დავრჩი. ომის წლები, არც ჯამაგირი, არც პურის წიგნაკი, არც მომარაგება. მყავდა პატარა ბავშვი და მოხუცი დედა, უთეატროდ მტკივნეულად, ტანჯვით განვიცდიდი. მაგრამ ერთ დღეს თბილისში ჩამოვიდა გიორგი გულია, რომელიც აფხაზეთის ხელოვნების სამმართველოს უფროსად მუშაობდა და მიმიწვია სოხუმის თეატრში. შემპირდა კარგ ბინას, უმაღლეს ჯამაგირს, საქმე არ ითმენს, უნდა დამთანხდეთო, ასეთმა ყურადღებამ თვალებში სინათლე დამიბრუნა. ავიბარგე და მეორე დღესვე სოხუმს გავემგზავრე“, – წერდა მარინე თბილელი.
მსახიობმა სოხუმის თეატრში 2 წელი დაჰყო, მხოლოდ ერთ სეზონში შვიდი7 როლი განასახიერა. სწორედ სოხუმის თეატრში შეხვდა მაშინ სრულიად ახალგაზრდა რეჟისორს ვახტანგ ბოჭორიშვილს. მომავალში სახელგანთქმული ინფექციონისტი და საზოგადო მოღვაწე, ვახტანგ ბოჭორიშვილი 21 წლისაც არ იყო, რუსთაველის თეატრიდან სოხუმის თეატრში რომ გადავიდა რეჟისორად, რათა იქ დამოუკიდებლად ეძებნა საკუთარი თეატრი, საკუთარი ხელწერა, დამოუკიდებლად განეხორციელებინა თავის ჩანაფიქრი. დგამდა შანშიაშვილის „ხევისბერ გოჩას“… მარინე თბილელს ძიძიას როლი მიანდო.

„მანცვიფრებდა მარინეს გარეგნობა, რაღაც განუმეორებელი ელფერი დაჰკრავდა სახეზე, ხავერდოვანი ატმის ფერი. გამოხედვაში სიცოცხლის დამამკვიდრებელი მუხტები ამოიცნობოდა. როდესაც ვუყურებდი მას, სულში გაზაფხული ჩამისახლედბოდა ხოლმე“, – გაიხსენებს მოგვიანებით უკვე აღიარებული ინფექციონისტი ვახტანგ ბოჭორიშვილი.
ისინი სამუდამოდ მეგობრებად დარჩნენ. თავისი საუკეთესო ლექსი ვახტანგ ბოჭორიშვილმა მიუძღვნა მარინე თბილელს…
„ხევისბერი გოჩა“ პრინციპული სპექტაკლი იყო ვახტანგ ბოჭორიშვილისთვის, ამ სპექტაკლში იგი იმ თეატრისკენ მიილტოვოდა, როგორზეც ოცნებობდა და როგორც ამბობენ, შეიმჩნეოდა კიდეც კონტურები იმ თეატრისა. ბოჭორიშვილმა უარყო „ხევისბერის“ შანშიაშვილისეული ინტერპრეტაცია, გადააკეთა პიესა, დაუახლოვა ყაზბეგის პირველწყაროს,
სპექტაკლი მოიწონეს, მაგრამ ისინი, ვინც სპექტაკლს იბარებდა, პიესის ახალ ვარიანტს ეჭვით შეხვდნენ და რეჟისორს გადაკეთება მოსთხოვეს. შეიქმნა მწვავე კონფლიქტური სიტუაცია, ბოჭორიშვილმა არ დათმო, წავიდა თეატრიდან – მედიცინაში. მარინე თბილელი კი 1946 წელს თბილისში დაბრუნდა, მაგრამ არა საოცნებო რუსთაველის თეატრში, არამედ მარჯანიშვილის თეატრში, სადაც არაერთი ვარსკვლავი ბრწყინავდა. მიუხედავად ამისა, მან მაინც მოახერხა საკუთარი ადგილის გამონახვა არტისტულ ოლიმპოზე. თუმცა არც ეს გზა იყო უმტკივნეულო.

„ომისშემდგომ წლებში, ყველას და განსაკუთრებით ახალგაზრდა მსახიობებს გვიჭირდა. ხშირად მშივრებს გვიხდებოდა სცენაზე თამაში. წარმოდგენის შემდეგ ხშირად ფეხით დავდგომივარ გზას შინისკანენ და შურით გამიყოლებია თვალი ტრამვაისთვის. მაგრამ მეორე დღეს ისევ სიხარულითა და სიყვარულით მივისწრაფვოდი თეატრში“ იხსენებდა მსახიობი.
როლებთან დაკავშირებითაც ხშირად სტკენია გული:
„მარიამ სტიუარტში“ მარიამის როლზე დანიშნული ვიყავით ორი მსახიობი – ვერიკო ანჯაფარიძე და მე. ვინაიდან ვერიკოს არ უყვარს დიდხანს მუშაობა ტექსტზე და მიზანსცენების გამართვის პროცესი, მთელი რეპეტიციები ვასო ყუშიტაშვილმა მაგიდასთან ჩაატარა ჩემთან, და პირველი მოქმედების მიზანსცენებიც გამართა. მოვიდა ვერიკო, მოეწონა და განაგრძო მუშაობა. მე როლი აღარ მითამაშია, მაგრამ ეს რეპეტიციები დიდი გაკვეთილი იყო, დღესაც ვგრძნობ მათ ძალას. ბატონი ვასო (ყუშიტაშვილი) იყო მდიდარი ბუნების ადამიანი. კეთილი, იუმორით სავსე, მომეფერა მაკოცა და მაჩუქა ყვავილების ქილა, რომელიც დღესაც ამშვენებს ჩემს მაგიდას…“

1957 წელს მარინე თბილელმა იქორწინა ცნობილ რეჟისორსა და კულტურის მოღვაწეზე აკაკი დვალიშვილზე.
აკაკი დვალიშვილი მიხეილ თუმანიშვილთან ერთად მივიდა რუსთაველის თეატრში. ჩართული იყო იმ პროცესებში, რასაც რუსთაველის თეატრის განახლება მოჰყვა. მეტიც, იგი იყო ერთ-ერთი სულისჩამდგმელი მთელი იმ პროცესის. შემდეგ, რატომღაც, თეატრს ჩამოაშორეს დაწინაურების გზით – კულუტურის სამინისტროში გადაიყვანეს. წლების მანძილზე კულტურის მინისტრის მოადგილე იყო, შემდეგ – კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარე.
მიხეილ თუმანიშვილი ყოველთვის განსაკუთრებული აზრის იყო აკაკი დვალიშვილის, როგორც რეჟისორის, შემოქმედებაზე.
„თეატრში მუშაობდა რეჟისორი აკაკი დვალიშვილი, რომელიც ცდილობდა, თავის სპექტაკლებში მართალი ხასიათები და მართალი ცხოვრება ეჩვენებინა, სცენა უფრო ინტიმური, უფრო რეალური გაეხადა…“ წერდა თუმანიშვილი.
სწორედ აკაკი დვალიშვილის, როგორც კინემატოგრაფიის მინისტრის აქტიური მხადაჭერის შედეგად იშვა ახალი თეატრი – კინომსახიობთა თეატრი…
მარინე თბილელს და აკაკი დვალიშვილს 1960 წელს შეეძინათ ქალიშვილი ბარბარე – იგივე ბაია, დღეს უკვე საკმაოდ ცნობილი მსახიობი ბაია დვალიშვილი.
მოგვიანებით, მარინე თბილელი ანკეტაში ერთობ უშუალოდ ჩაწერს:

„30 წელიწადია მე და ჩემი ძვირფასი მეუღლე სიამტკბილობით ვუქცევთ ერთმანეთს ღრანჭს“.

საერთოდ, გულწრფელობა მისთვის ბუნებრივი მდგომარეობა იყო, აბა ვინ უპასუხებს ასე უშუალოდ, და ვინ იტყვის კაპარჩახანა ვარო, როგორც ეს მას შეეძლო? ანკეტაში კითხვაზე – „თქვენი ხასიათი“, მარინე თბილელი პასუხობდა: „კაპარჩხანა“.
არც იმას მალავდა, რომ ეშინოდა სიბერისა და სცენის მიტოვების, არც იმას, რომ მისი სისუსტე იყო კაკლის მურაბა, ვარდის მურაბა და ლობიო. ნაკლსაც მეტად გულწრფელად აღიარებდა: „მაქვს მიხვედრილობა, მაგრამ მაკლია განათლება…“
აღაფრთოვანებდა კარგი სპექტაკლი, ლიანა ისაკაძე, ვახტანგ ჭაბუკიანი, რიხტერი… აკვირვებდა ტელევიზორი, ტელეფონი, გაფრენა კოსმოსში.

ოცნებობდა რუსთაველის თეატრში დაბრუნებაზე და აიხდინა კიდეც ოცნება –
1974 წელს, უკვე მაშინ როცა თავისი ადგილი მყარად ჰქონდა დამკვიდრებული მარჯანიშვილის თეატრში, როცა ჰქონდა საკმაოდ მკვეთრად ჩამოყალიბებული ხელწერა, სტილი, ამ ყველაფერს ზურგი აქცია და რუსთაველის თეატრს მიაშურა. უკვე სარეცელს მიჯაჭვული ვასო გოძიაშვილი დაჟინებით ითხოვდა მარინე თბილელის დაბრუნებას მარჯანიშვილის თეატრში. იმ ეტაპზე მარინე შორს იდგა სტურუას თეატრის სტილისტიკისგან, მაგრამ ვაბანკმა გაამართლა.
იგი სტურუას არტისტად იქცა. მოგვევლინა ნათელა აბაშვილად ლეგენდარულ „კავკასიურ ცარცის წრეში“, იორკის მთავრის მეუღლედ „რიჩარდ მესამეში“…
მას ხშირად უწევდა თეატრების ცვლა, მაგრამ ყველგან ახერხებდა ადგილის დამკვიდრებას.

ის იყო მუდამ რისკიანი და არასოდეს აშინებდა ახლის ძიება.
იყო გულწრფელი ცხოვრებაში და მეტად თბილი და თან ელვარე არტისტი სცენასა თუ ეკრანზე. მიუხედავად იმისა, რომ მასაც, ისევე როგორც არაჩევეულებრივი გარეგნობის სხვა მსახიობ ქალებს, დიდად არ სწყალობდა ქართული კინო, რამდენიმე როლით მაინც მოახერხა, აღბეჭდილოყო ჩვენს მეხსიერებაში.


მიუხედავად ამისა, მარინე თბილელი თავს ყოველთვის იღბლიან მსახიობად და იღბლიან ქალად მიიჩნევდა. მაგრამ… სიბერე გაუმწარდა… გარდაეცვალა უფროსი ვაჟი – აკაკი ვასაძე-უმცროსი… აკაკი დვალიშვილი იხსენებდა, რომ დედა-შვილს საოცარი ურთიერთობა ჰქონდათ, საოცრად უყვარდათ ერთმანეთი და იცოდნენ საოცარი… კამათი…
„იცით რაზე კამათობდნენ? ლიტერატურაზე, თეატრზე, საერთოდ, ხელოვნებაზე… მოვიდოდა, მანქანას დააყენებდა, „დედილო!“ – დაუძახებდა, ამოვიდოდა და ერთად ატარებდნენ მთელ დროს“ იხსენებდა აკაკი დვალიშვილი.

მარინე თბილელს ისიც გულს უკლავდა, რომ თავის ვაჟს თავის დროზე არ დართო ნება მსახიობი გამხდარიყო, რასაც მუდამ მტკივნეულად განიცდიდა შემდეგ აკაკი ვასაძე-უმცროსი.
სწორედ ამიტომ აღარ შეუშალა ხელი ბაიას, გამხდარიყო მსახიობი. თანაც ბაიას ასე დაჟინებით არც სდომნია მსახიობობა.
მიხეილ თუმანიშვილმა ურჩია, გამოუშვი ჩემთან რეპეტიციებზე, იაროს, მოსინჯოს, თუ არ მოეწონება, აღარ დაგაყვედრის მაინც, მსახიობობაში ხელი შემიშალეო. მარინე თბილელმა დაუჯერა მიხეილ თუმანიშვილს.
ბაიას თეატრში მოეწონა. ჩააბარა თეატრალურ ინსტიტუტში, მიხეილ თუმანიშვილთან სარეჟისოროზე და… ბაიამ მეოთხე კურსიდან მიატოვა სარეჟისორო და გადავიდა შალვა გაწერელიასთან სამსახიობო ჯგუფში… შვილში თავი იჩინა დედის უნიკალურმა უნარმა – ყველაფრის ნულიდან დაწყების და ადგილის დამკვიდრების.
მარინე თბილელს სურდა, ქალიშვილში გაგრძელებულიყო მისი სცენური სიცოცხლე. გაგრძელდა კიდეც – სცენური სიცოცხლე და თითქოს მისი ბედისწერაც.

ბაია დვალიშვილი სერგო ფარაჯანოვის ფილმში "აშიკ–ქერიბი"

ბაია დვალიშვილი ამბობს, რომ არასოდეს ყოფილა ფანატიკოსი და არც მიიჩნევს სწორად ფანატიზმს, კერპების ყოლას.
ნანობდა, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ შალვა გაწერელიასთან რომ არ გააგრძელა მუშაობა მოზარდმაყურებელთა თეატრში და რუსთაველის თეატრში მივიდა….

თუ დედა თავის დროზე გამოუშვეს რუსთაველის თეატრიდან და ნულიდან მოუხდა ყველაფრის დაწყება, ბაია – თვითონ წამოვიდა რუსთაველის თეატრიდან ერთ მშვენიერ დღეს. დღეს მიიჩნევს, რომ ზედმეტად დიდხანსაც შერჩა რუსთაველის თეატრს. „ასაკით არ ვბერდებოდი, მაგრამ ჩემში რაღაც მყაყდებოდა…“, – ამბობს ბაია დვალიშვილი. ბაია მაშინ ახლად გახსნილ თეატრალურ სარდაფში წავიდა და რუსთაველის სარდაფში გატარებულ ათ წელიწადს ყველაზე საინტერესო წლებად მიიჩნევს., შემდეგ იყო ვაკის სარდაფი და ისევ წავიდა… პაუზის შემდეგ მარჯანიშვილის თეატრში მივიდა…

მუდამ წასვლა და მუდამ ახლის დაწყება მისი სტილია.
„რამდენჯერაც დავიწყე ნულიდან ცხოვრება, იმდენჯერ გამიმართლა და იმდენჯერ მივხვდი, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი. როცა ასე არ მოვიქეცი, ვინანე – პირად ცხოვრებაშიც და ისეც. არსებობს იმპულსი, რომელიც გიბიძგებს, როგორ უნდა მოიქცე სწორად…“
მისმა მუდამ მებრძოლმა ხასიათმა სხვა ასპარეზზეც იჩინა თავი. 90-იანი წლების დასაწყისში, ფუფუნებაში გაზრდილმა, მინისტრის შვილმა ერთობ საინტერესო უნარი აღმოაჩინა საკუთარ თავში – თოჯინების კეთება დაიწყო ნინო არსენიშვილთან ერთად.
ნაჭრებისგან, მძივებისგან შექმნილი ფიგურები გალერეა „შარდენში“ სულ იაფად – 5-8 დოლარად მიაბარეს, არც ეგონათ, თუ გაიყიდებოდა, მაგრამ გაიყიდა, აზარტში შევიდნენ, პაწია ფიგურების ნაცვლად, დიდი ლამაზი თოჯინების კეთება დაიწყეს ყველაფრისგან – მეგობრებს ფუთებით მიჰქონდათ ძველი მაქმანები, დამტვრეული ბიჭუტერია, თვლები, ფერადი ნაკუწები… შემდეგ შემკვეთიც გამოჩნდა ავსტრიიდან, შემკვეთის გამოგზავნილი 400-500 დოლარით იმ წლებში იოლი იყო ცხოვრება… იყო გამოფენები ვენაში, პოლონეთში…

ბაია დვალიშვილი: „იმ დროს, როცა ქუჩაში გამოსვლა არ შეიძლებოდა და არანაირი პერსპექტივა არ იყო, თოჯინების კეთებით ვიყავი გატაცებული. ვყიდდი კიდეც და ჩემს მეგობარ ნინო არსენიშვილთან ერთად გამოფენებიც მქონდა. ამით ვცხოვრობდით ფინანსურადაც და სულიერადაც. ბოლო წლებში ვეღარ ვეკარები, თითქოს იმ მძიმე წლებთან დამთავრდა ეს ყველაფერი…“

მარინე თბილელი „კავკასიურ ცარცის წრეში“ თამაშობდა ნათელა აბაშვილს – გულგრილ დედას, რომელსაც კრიტიკულ წუთებში ტანისამოსი უფრო ახსოვდა, ვიდრე შვილი. ცხოვრებაში როგორი დედა იყო „ნათელა აბაშვილი“?
ბაია: „ასეთი ის მხოლოდ სცენაზე იყო, როლში… სახლში კი ძალზე აქტიური, მომთხოვნი, პრინციპული და ამავე დროს ძალიან მზრუნველი და მოსიყვარულე იყო. არც მე, არც ჩემს ძმას და არც მამას არასოდეს მოგვკლებია მისი ყურადღება. არ მახსოვს, მას რაიმე დაზარებოდეს. მიუხედავად ამისა, დედა იყო სცენისთვის გაჩენილი ქალი. ამიტომ ძალიან ჰარმონიულად ვიზრდებოდი – მყავდა არაჩვეულებრივი დედა, რომელიც იყო ასევე არაჩვეულებრივი კარგი მსახიობი. და მე ვუყურებდი, როგორ შეიძლება შეუთავსო ასე იოლად ეს ორი რამ – ოჯახი და საკუთარი პროფესია…“

არცთუ იოლია, მით უმეტეს გოგონასთვის, იყოს ისეთი ნიჭიერი და ლამაზი ქალბატონის შვილი, როგორიც მარინა თბილელი იყო და არ დაკომპლექსდეს…
ასეთი ნიჭიერი და ლამაზი დედის შვილებს, მით უმეტეს გოგონებს, ყოველთვის დედის „არშინით“ ზომავენ, ადარებენ, მისგან ყოველთვის მეტს მოელიან.
ბაია:
„თვითონ არ მაკომპლექსებდა, პირიქით… მაგრამ დღემდე მაინც მარინა თბილელის გოგო ვარ. მე კი არა, მამაჩემს, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქართულ კულტურაში, წავიდოდნენ, წამოგვიდოდნენ და როგორც მარინა თბილელის ქმარს, ისე იხსენიებდნენ, რაზეც მამა ბევრს იცინოდა ხოლმე. მისი ფაქტორი მაკომპლექსებდა? როგორ გითხრა, ეს მართლა არ იყო იოლი, პროტესტებიც მქონდა, შინაგანი ბრძოლებიც, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემში ფარულად ხდებოდა და არა ღიად, საჯაროდ. მადარებდნენ ყველაფერში, გარეგნობით, სცენაზე, მაგრამ ამ ყველაფერს ეგუები. მე, მაგალითად, ძალიან იოლად ვიტანდი, იუმორი მშველოდა. მახსოვს, ერთ ქალს, რომ გაიგო მარინა თბილელის გოგო ვიყავი, პირდაპირ გულყრა დაემართა. რაღაც ქაღალდი მივიტანე სახლმმართველობაში, დახედა თუ არა სახელს და გვარს, ამომხედა და დაიწყო: „დედაააა, არ გეწყინოს, დედაშენი შენს ასაკშიიიი“, თან მოთქვამდა და თან აყოლებდა: „არ გეწყინოს, არ გეწყინოს“… ისეთ დღეში იყო, იქით ვამშვიდებდი, არ მწყინს, ვიცი, შეჩვეული ვარ, ბავშვობიდან ამას მეუბნებიან-მეთქი… ასევე იყო სცენაზეც. ცოტა ძნელია. შენ იწყებ, ჯერ არაფერი არ იცი და უკვე გადარებენ დედას – წარმატებულ და ჩამოყალიბებულ არტისტს. კ, რთულია ეს, მაგრამ მეორე მხრივ კარგიცაა, უფრო მობილიზებული ხარ და უფრო ცდილობ თვითდამკვიდრებას. ეძებ შენს გზას, რომ არ ჰგავდე მას. კი არ შეეჯიბრო, შენი თავი იპოვო… შეჯიბრება სისულელეა, არასოდეს მომსვლია თავში…“

კადრი ფარაჯანოვის ფილმიდან "აშიკ–ქერიბი"

მას არასოდეს ავიწყდებოდა, რომ იყო მარინე თბილელის გოგო, რომ იყო აკაკი დვალიშვილის გოგო… მაგრამ აი, სცენაზე კი დაავიწყდა ერთხელ, ვის თამაშობდა….
„სარდაფში ვთამაშობდით გოგოლის „ცხვირს“, მე ვიყავი ოთხნაქმარევი მამიდა, ძალიან გამოპრანჭული და მიზანდასახული, რომელსაც უნდოდა, თავისი ძმისშვილი მიეთხოვებინა შეძლებული კაცისთვის. მოკლედ, მიდის ამ ავანტიურაზე და ეცნობა მამაკაცს. მე მერქვა მარი აფრიკანოვნა ბრანდახლიცკოვა. ვთამაშობთ მორიგ სპექტაკლს. მოვიდა იმ კაცის გაცნობის სცენა, გავუშვირე ხელი, იმ ყმაწვილმაც გამომიშვირა ხელი, უნდა წარვადგინო ჩემი თავი, ვუთხრა ვინ ვარ, მაგრამ… დაიწყო უსაშველოდ დიდი პაუზა, რომელსაც ბოლო არ უჩანდა… დამავიწყდა რა მერქვა. ყველა გამოვიდა კულისებში, მიყურებენ, მაგრამ არ მკარნახობენ ვინ ვარ და სეირობენ ჩემზე. მე რაც შემეძლო, ვიკვანწე, ავდექი, დავჯექი, მეორედ გავუშვირე ხელი. ბიჭი დაიბნა, ვერ მიხვდა, რა მჭირდა. ბოლოს ისევ იმან მიშველა, ვისაც „ვათხოვებდი“ – მანანა კაზაკოვამ უთხრა: ეს მამიდაჩემია, მარი აფრიკანოვნა ბრანდახლიცკოვა“.

17 წლის იყო ბაია დვალიშვილი, პირველად რომ გათხოვდა თავისზე 13 წლით უფროს მურმან ჯინორიაზე…
ბაია: „ეს იყო ძალიან დიდი ხნის წინათ და ეს იყო ჩემი პირველი სიყვარული და ძალიან მალე მოხდა ის, რაც მოხდა – დავცილდით. მე მგონი, წარსულში ძიება აღარ არის საინტერესო… მე ამ მხრივ ნამდვილად არ ვარ საინტერესო, არც დიდი გატაცებები მქონია და არც რომანები…“

1991 წელს კი, 31 წლის ბაიამ ნანა ხატისკაცის 60 წლის იუბილეზე გაიცნო ნანა ხატისკაცის ბიძაშვილი რეზო ხატისკაცი.
ბაია: „ჩემი ასეთი კონსერვატული ხასიათის მიუხედავად, გაცნობიდან ორ კვირაში გავთხოვდი და ეს იყო აბსოლუტური შოკი ჩემი მეგობრებისთვის. ალბათ ბედი იყო, რატომღაც მოხდა ასე. არ ვიცი, რამდენად დამახვია ჩემმა ქმარმა თავბრუ, მაგრამ ასე მოხდა, უცებ გავთხოვდი. უცნაური ის იყო, არც ხელოვნების წარმომადგენელია, მეც ნაკლებად მიცნობდა სცენიდან, თითქმის არანაირი შეხების წერტილი არ გვქონდა, არც სამეგობრო, არც პროფესია… რეზო ოკეანოლოგია, თუმცა, დღევანდელი ცხოვრებიდან გამომდინარე, რამდენჯერმე მოუხდა პროფესიის შეცვლა, გვყავს პატარა მაკრინე… ძალიან ხალისიანი, აქტიური, მუდამ ყურადღების ცენტრში ყოფნას რომ ითხოვს. სადღაც წავიკითხე: ანებივრეთ თქვენი ბავშვები, რადგან არ იცით, ცხოვრებაში რა ელოდებაო. გული მომეწურა: ღმერთმა ყველაფერი კარგად დაუხვედროს და იღბალიც მისცეს, მაგრამ, ხომ არ ვიცი, რა მოხდება მის ცხოვრებაში? იქნებ ახლა მაქვს შანსი და რატომ არ ვანებივრო?!.“

ბაია დვალიშვილს ამ 4-5 წლის წინათ კიდე ერთი „ოჯახი“ ჰყავდა – „დიესელის ოჯახი“: „ქმარი“ – დიმა ტატიშვილი, „გოგონა“ – ნინუცა მაყაშვილი, „ბიჭი“ ორი ჰყავდა, ჯერ ერთი, მერე „გამოუცვალეს“ _ მეორით. ისედაც პოპულარული მსახიობი ბაია დვალიშვილი ასმაგად პოპულარული გახდა თავისი „კმაყოფილებით“ – „დიესელის“ რეკლამით – მთელ საქართველოს რომ გვამცნობდა, მეც კმაყოფილი ვარ და ჩემი ოჯახიცო.
ბაია:
„მახსოვს ატელიეში შევედი, შარვალი მინდოდა გადამეკეთებინა. მკერავმა უკმაყოფილოდ გამომართვა შარვალი. არ ვიცი, კმაყოფილი დარჩებით თუ არა ჩემი ნამუშევრით, მაგრამ ისე სულ კმაყოფილი ხართ, ტელევიზორში რომ გამოდიხართო. თქვენი ოჯახიც კმაყოფილია, თქვენც კმაყოფილი ხართ და რითი ხართ ერთი კმაყოფილი, ამიხსენითო. მე ვიდექი და ვუხსნიდი, იცით რა, ეგ ჩემი ოჯახი არაა, და საერთოდ მე ფული გადამიხადეს, ეგ რომ მეთქვა-მეთქი…“

ბაია დვალიშვილის ოჯახი, თქვენ წარმოიდგინეთ, მართლა კმაყოფილია, ოღონდ „დიესელით“ კი არა – ბაია დვალიშვილით.
ბაია:
„კონდოლიზა რაისს მეძახიან, უჩემოდ არაფერი წყდება ამ სახლში. როგორც კონდოლიზა რაისი, ისე განვაგებ ამ სახლს და ძალიან მიხარია, ყველაფერს ვასწრებ… დიასახლისობა დედაჩემმა ბავშვობიდან გამიჯინა სისხლში. ბავშვობიდან მასაქმებდა, სადილებსაც ვაკეთებდი, სახლსაც ვალაგებდი, ასე რომ, ეს ჩემთვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. პირიქით, ხალისითაც ვაკეთებ ამ ყველაფერს. მე საერთოდ არ მესმის, რას ნიშნავს – „არ ვიცი, არ მცალია და ვერ ვაკეთებ…“. არც მესმის და საერთოდ არც ვცემ პატივს ასეთ ქალებს. ეს არის ტყუილი და მატრაკვეცობა. რას ჰქვია „არ იცი“. უნდა იცოდე! ყოველ შემთხვევაში, თუ არ იცი და ხელთუპყარი ხარ, რაღას ამაყობ?! ეს სამარცხვინოა და არა საამაყო. დედასნაირი დაკავებული ბევრი არ იყო, მაგრამ სუპერდიასახლისი იყო და ყველაფერსაც ასწრებდა – ბაზარში სიარულსაც, შინ დიასახლისობასაც და სცენაზე დგომასაც…“

„მე ლამაზი არასდროს ვყოფილვარ. უბრალოდ, ვცდილობდი, ყველაფერი ლამაზად მეკეთებინა. ძალიან მიყვარდა ცეკვა, ყოველთვის ვცეკვავდი. გინახავთ, იპოდრომზე ცხენი რომ გამოჰყავთ, რა გრაციოზულად, ამაყად გამოდის თავლიდან? ასე გამოვდიოდი მეც სცენაზე… მინდოდა, ყველაფერი კარგად, მომხიბვლელად გამომსვლოდა და, როგორც ჩანს, გამომდიოდა კიდეც, ამიტომ ამბობდნენ, ალბათ, ჩემზე, ლამაზიაო…“ ამბობდა მარინე თბილელი…
ბაია:
„სპექტაკლის წინ, როცა გრიმს ვიკეთებ, ზოგჯერ მგონია, რომ სარკიდან დედა მიყურებს. რაღაცით უკვე გარეგნულადაც ვამსგავსებ ჩემს თავს და ხანდახან დამიჭერია, რომ ხმის ტონიც მიგავს, სცენაზე რაღაც ჟესტსაც მისებურად ვაკეთებ და ასე შემდეგ… ერთხელ, დედას ნივთებში რაღაც ანკეტას წავაწყდი, ეკითხებიან – რისი გეშინიათო? სიბერის და სცენის მიტოვებისო, – უპასუხია… თქვენი ცხოვრების გაგრძელებას რაში ხედავთო? – ჩემი ცხოვრების გაგრძელებას ჩემს შვილში ვხედავ, ის განაგრძობს ჩემს სცხოვრებასო და, მინდა, რაღაცნაირად ავუხდინო ეს ოცნება, ღირსეულად გავაგრძელო მისი გზა სცენაზე…“

მეოცე საუკუნის 20 საუკეთესო ქართული სპექტაკლი

მეოცეს ოცეული

რეზო შატაკიშვილის პროექტი “პრაიმტაიმში”

„პრაიმტაიმი“ მკითხველს ახალ პროქეტს სთავაზობს – „მეოცეს ოცეული“, რომლის მიზანიცაა მეოცე საუკუნის ოცი საუკეთესო ქართული სპექტაკლის – ასე ვთქვათ საუკუნის სპექტაკლების გამოვლენა და მკითხველისთვის იმის შეხსენება, თუ როგორ იქმნებოდა  ეს შედევრები.

„პრაიმტაიმმა“ ამ ოცეულის გამოვლენა კომპეტენტურ პირებს – თეატრმცოდნეებს, კრიტიკოსებს მიანდო და ამ მიზნით გამოიკითხა 20 პირი, როგორც ღვაწლმოსილი და აღიარებული პროფესიონალები, ისე ახალგაზრდა თეატრმცოდნეები.

ვთხოვეთ თავად დაესახელებინათ მეოცე საუკუნეში, ქართულ თეატრში დადგმული ის 20 სპექტაკლი, რომელსაც ისინი მიიჩნევდნენ საუკეთესოდ – საუკუნის სპექტაკლებად. შეფასების კრიტერიუმიც მათვე მივანდეთ – თითოეულს ეს სპექტაკლები უნდა დაესახელებინათ იმ კრიტერიუმების დაცვით, რომლითაც ისინი საერთოდ ხელმძღვანელობენ სპექტაკლების შეფასებისას.

მათ უნდა დაესახელებინათ როგორც ის სპექტაკლები, რომელიც მათ უშუალოდ ნანახი აქვთ სცენაზე, ასევე ის სპექტაკლები რომლებსაც იცნობდნენ აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით, იმ დროინდელი რეცენზიებით და ამ სპეტქკლებზე არსებული ყველანაირი საარქივი მასალით.

გამოკითხვის მონაწილეებს სპექტაკლების ჩამონათვალის შედგენისას არ უნდა ეხელმძღვანელათ ქრონოლოგიური პრინციპით, ჩამონათვალი რეიტინგული უნდა ყოფილიყო.

მათ მიერ პირველ პოზიციაზე დასახელებულ სპექტაკლს დაეწერებოდა 20 ქულა, მეორე პოზიციაზე დაწერილს – 19, მესამეზე – 18, მეოთხეზე – 17 დ ასე შემდეგ ბოლომდე – მეოცე პოზიციაზე დაწერილს – ერთი ქულა. შემდეგ ოცივე გამოკითხულის მიერ მინიჭებული ქულები დაჯამდებოდა და დაგროვილი ქულების შესაბამისად გამოვლინდებოდა საუკეთესო ოცეული.

მეტი ობიექტურობისთვის, გამოკითხულებს განემარტათ რომ მათი შედგენილი ჩამონათვალი დეტალურად არ გაიშიფრებოდა – ანუ არ გამოქვეყნდებოდა ვინ რა სპექტაკლები მიიჩნია საუკუნის სპექტაკლებად და რა ადგილები (და შესაბამისად ქულები) მიანიჭა მათ რეიტინგულ ჩამონათვალში.

გამოკითხვაში მონაწილეობდნენ

გამოკითხვაში მონაწილეობდნენ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები:

ნათელა ურუშაძე, ნოდარ გურაბანიძე, ნათელა არველაძე, დალი მუმლაძე, ლევან ხეთაგური, ირინა ღოღობერიძე, თამარ ბოკუჩავა, ლელა ოჩიაური, მარინე ხარატიშვილი, გიორგი ცქტიშვილი, მანანა გეგეჭკორი. ნინო მაჭავარიანი.

დოქტორანტები:

ლაშა ჩხარტიშვილი, თამარ მუქერია, მარიამ ჩუბინიძე.

ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრები:

თამარ კიკნაველიძე, ნიკა წულუკიძე, ანანო მირიანაშვილი.

ჟურანალ „თეატრი და ცხოვრების“  მთავარი რედაქტორი გურამ ბათიაშვილი, არტ-კრიტიკოსი დავით ბუხრიკიძე.

შედეგები

გამოკითულებმა დაასახელეს 27 სხვადასხვა რეჟისორის 81 სპექტაკლი, ამ 81 სპექტაკლიდან 42 რუსთაველის თეატრშია დადგმული, 23 – მარჯანიშვილის თეატრში, 7 – კინომსახიობთა თეატრში, 3 – რუსთავის თეატრში, 2 – მოზარდმაყურებელთა თეატრში, 2 – თეატრალურ სარდაფში, 1 – სოხუმის და 1 – ბათუმის თეატრში.

ამ 81 სპექტაკლიდან 11 სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი რობერტ სტურუაა, 10 სპექტაკლის – თემურ ჩხეიძე, ამ სპექტაკლების გარდა, დასახელებულ სპექტაკლებში შევიდა მათი ერთობლივი დადგმა „სამანიშვილის დედინაცვალი“.

ამ 81 სპექტაკლიდან 9 მიხეილ თუმანიშვილის დადგმულია, 6 სანდრო ახმეტელის, 5 – კოტე მარჯანიშვილის, ჩამონათვალშია მარჯანიშვილისა და ახმეტელის ორი ერთობლივი დადგმაც („ჰამლეტი“, „მზეთამზე“).

დასახელებულ სპექტკლებშია გიგა ლორთქიფანიძის 6 სპექტაკლი, დიმიტრი ალექსიძის 6 სპექტაკლი, არჩილ ჩხარტიშვილის 3 სპექტაკლი, ვასო ყუშიტაშვილის, ვახტანგ ტაბლიაშვილის, შალვა გაწერელიას, მედეა კუჭუხიძის ორ-ორი სპექტაკლი, ასევე გიზო ჟორდანიას, გოგი ქავთარაძის, გოგი მარგველაშვილის, აკაკი ვასაძის, ნუგზარ ლორთქიფანიძის, შოთა აღსაბვაძის, შალვა ღამბაშიძის, ვასო გოძიაშვილის, ბორის გამრეკელის, აკაკი დვალიშვილის, ნანა ხატისკაცის, ლევან წულაძის, დავით ანდღულაძის, ავთო ვარსიმაშვილისა და დავით დოიაშვილის თითო სპექტაკლი.

რეკორდსმენი რეჟისორები

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, სტურუა ლიდერობს როგორც დასახელებული სპექტაკლების რიცხვით (11), ისე ამ სპექტაკლების მიერ დაგროვებული ქულების ჯამით, მისმა 11 სპექტაკლმა 1 112 ქულა დააგროვა, მეორე პოზიციაზეა მიხეილ თუმანიშვილი, მისმა 9 სპექტაკლმა 896 ქულა დააგროვა. მესამე ადგილზე სანდრო ახმეტელია, ახმეტელის 6 სპექტაკლმა 512 ქულა დააგროვა. მეოთხე ადგილზე თემურ ჩხეიძეა, ჩხეიძის 10 სპექტაკლმა 509 ქულა დააგროვა. მეხუთე ადგილზე კოტე მარჯანიშვილია, მარჯანიშვილის 5 სპეექტაკლმა 460 ქულა დააგროვა. აქვე უნდა აღვნიშნოთ რომ დასახელებულ შედეგებში არ შედის როგორც ჩხეიძე-სტურუას, ისე მარჯანიშვილი-ახმეტელის ერთობლივი დადგმების ქულები.

ამ ხუთეულის შემდეგ, დაგროვებულ ქულათა რაოდენობა მკვეთრად ეცემა, ასე მაგალითად, დიმიტრი ალექსიძის 6 სპექტაკლმა დააგროვა 113 ქულა, მკვეთრი ვარდნაა შემდეგაც _ გიგა ლორთქიფანიძის 6 სპექტაკლმა ჯამში 42 ქულა მიიღო, არჩილ ჩხარტიშვილის სპექტაკლებმა 40, მედეა კუჭუხიძისამ – 33, შოთა აღსაბაძის სპექტაკლმა 30, შალვა გაწერელიას სპექტაკლებმა – 29, აკაკი ვასაძემ – 21, ვასო ყუშიტაშვილმა – 19, შალვა ღამბაშიძემ – 15, ბორის გამრეკელმა – 14, გიზო ჟორდანიამ – 13, ვახტანგ ტაბლიაშვილმა – 13, ნუგზარ ლორთქიფანიძემ – 10, ვასო გოძიაშვილმა – 7, გოგი მარგველაშვილმა – 6, ლევან წულაძემ – 5, ავთო ვარსიმაშვილმა – 4, აკაკი დვალიშვილმა – 4, დავით დოიაშვილმა – 3, გოგი ქავთარაძემ – 2, ნანა ხატისკაცმა – 1, დავით ანდღულაძემ – 1.

გამარჯვებული ოცეული

დაგროვილი ქულების მიხედვით გამოვლენილ 20 საუკეთესო სპექტაკლიდან 15 სპექტაკლი რუსთაველის თეატრშია დადგმული, 3 – მარჯანიშვილის თეატრში, 2 – კინომსახიობთა თეატრში.

20 საუკეთესო ქართული სპექტაკლიდან 11-ს საფუძვლად უცხოური დრამატურგია უდევს, კიდევ 2 უცხოურიდანაა გადმოქართულებული, 4 სპექტაკლი ქართული დრამატურგიის მიხედვითაა შექმნილი, 3 – ქართული პროზისდ მიხედვით…

მეოცე საუკუნის ოც საუკეთესო სპექტაკლში მოხვდა რობერტ სტურუას ხუთი სპექტაკლი, მიხეილ თუმანიშვილის 5 სპექტაკლი, სანდრო ახმეტელის 3 სპექტაკლი, თემურ ჩხეიძის სამი სპექტაკლი, კოტე მარჯანიშვილის 2 სპექტაკლი, ასევე დიმიტრი ალექსიძის ერთი სპექტაკლი და ჩხეიძე-სტურუას ერთობლივი სპექტაკლი („სამანიშვილის დედინაცვალი“).

ოცეულს „კავკასიური ცარცის წრით“ ხსნის და „სეილემის პროცესით“ ხურავს რობერტ სტურუა.

აღსანიშნავია რომ გამარჯვებული 20 სპექტაკლიდან ყველაზე „ახალგაზრდა“ რობერტ სტურუას მიერ 1987 წელს დადგმული „მეფე ლირია“. გამოიკითხვამ გამოკვეთა ის ტენდენცია რაც საუკუნის ბოლოს სუფევდა ქართულ თეატრში – კრიზისი… თუმცა, აქვე, მკითხველი რომ შეცდომაში არ შევიდეს, უნდა განმარტოთ რომ გამოკითხვა ეხება მხოლოდ მეოცე საუკუნეს, და შესაბამისად აქ არ იგულისხმება 2001 და შემდგომ, ანუ ბოლო ათ წელიწადში დადგმული სპექტაკლები…

ცხადია, ამ გამოკითხვის შედეგებს გამოუჩნდებიან ოპონენტები, მიიჩნევენ მიკერძოებულად, სუბიექტურად, ვიტყვით მხოლოდ იმას რომ ეს შედეგები აჩვენა 20 პროფესიონალის გამოკითხვამ, თითოეული მათგანი ცალ-ცალკე რაც უნდა მიკერძოებული ყოფილიყო, ოცივეს აზრი ერთად უკვე შეიცავს ობიექტურობის საკმაო დოზას, ამასთან – ეს მხოლოდ ერთი კონკრეტული გამოცემის „პრაიმტამის“ დადებული ოცეულია…

ოცეული…

1. “კავკასიური ცარცის წრე”

ბერტოლტ ბრეჰტი. რეჟისორი რობერტ სტურუა. რუსთაველის თეატრი. 1975 წელი.  მიიღო 310 ქულა. დაასახელა 20-ვე გამოკითხულმა, მათგან 7-მა პირველ პოზიციაზე.

2. “ურიელ აკოსტა”

კარლ გუცკოვი. რეჟისორი – კოტე მარჯანიშვილი, მარჯანიშვილის თეატრი. მიიღო 291 ქულა. დაასახელა 18-მა გამოკითხულმა, მათგან 5-მა პირველ პოზიციაზე.

3. “ყაჩაღები” (“ინ ტირანოს”)

ფრიდრიხ შილერი. რეჟისორი სანდრო ახმეტელი. რუსთაველის თეატრი. 1933 წელი. მიიღო 282 ქულა. დაასახელა 19-მა გამოკითხულმა.

4.”ყვარყვარე”

პოლიკარპე კაკაბაძე. რეჟისორი რობერტ სტურუა. რუსთაველის თეატრი. 1974 წელი. მიიღო 271 ქულა. დაასახელა ოცივე გამოკითხულმა. მათგან ერთმა პირველ პოზიციაზე.

5. “რიჩარდ მესამე”

უილიამ შექსპირი. რეჟისორი რობერტ სტურუა. რუსთაველის თეატრი. 1979 წელი. მიიღო 262 ქულა. დაასახელა 18-მა გამოკითხულმა. მათგან 2-მა პირველ პოზიციაზე.

6. “ანტიგონე”

ჟან ანუი. რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი. რუსთაველის თეატრი, მცირე სცენა. 1968 წ. მიიღო 239 ქულა. დაასახელა ოცივე გამოკითხულმა. მათგან ერთმა პირველ პოზიციაზე.

7.”ჭინჭრაქა”

გ. ნახუცრიშვილი. რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი. რუსთაველის თეატრი. მცირე სცენა. 1963 წელი. მიიღო 193 ქულა. დაასახელა – 15-მა გამოკითხულმა.

8. “ლამარა”

გრიგოლ რობაქიძე. რეჟისორი სანდრო ახმეტელი. რუსთაველის თეატრი. 1930 წ. მიიღო 172 ქულა. დაასახელა 11-მა გამოკითხულმა.

9. “გუშინდელნი”

შალვა დადიანი. რეჟისორი თემურ ჩხეიძე. რუსთაველის თეატრი. 1972 წელი. მიიღო 164 ქულა. დაასახელა 16-მა გამოკითხულმა.

10. “ჯაყოს ხიზნები”

მიხეილ ჯავახიშვილი. რეჟისორი თემურ ჩხეიძე. მარჯანიშვილის თეატრი. 1984 წელი. მიიღო 156 ქულა. დაასახელა 16-მა გამოკითხულმა. მათგან ერთმა პირველ პოზიციაზე.

11. “სამანიშვილის დედინაცვალი”

დავით კლდიაშვილი. რეჟისორები თემურ ჩხეიძე, რობერტ სტურუა. რუსთაველის თეატრი. მცირე სცენა. 1969 წელი. მიიღო 144 ქულა. დაასახელა 15-მა გამოკითხულმა.

20. “ცხვრის წყარო” (“ფუენტე ოვეხუნა”)

ლოპე დე ვეგა. რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი. რუსთაველის თეატრი. 1922 წელი. მიიღო 142 ქულა. დაასახელა ათმა გამოკითხულმა, მათგან სამმა პირველ პოზიციაზე.

13. “ჩვენი პატარა ქალაქი”

თ. უაილდერი, (გადმოქართულებული რეზო გაბრიაძის მიერ). რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი. თუმანიშვილის თეატრი. 1983 წელი. მიიღო 133 ქულა, დაასახელა 17-მა გამოკითხულმა.

14. “მეფე ლირი”

უილიამ შექსპირი. რეჟისორი რობერტ სტურუა. რუსთაველის თეატრი. 1987 წელი. მიიღო 104 ქულა. დაასახელა 11-მა გამოკითხულმა.

15. “დონ ჟუანი”

ჟან ბატისტ მოლიერი. რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი. თუმანიშვილის თეატრი. 1981 წელი. მიიღო 96 ქულა. დაასახელა 10-მა გამოკითხულმა.

16. “ესპანელი მღვდელი”

ჯ. ფლეტჩერი. რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი. რუსთაველის თეატრი. 1954 წელი. მიიღო 93 ქულა. დაასახელა 9 გამოკითხულმა.

17. “ანზორი”

სანდრო შანშიაშვილი, (ვს. ივანოვის მიხედვით), რეჟისორი სანდრო ახმეტელი. რუსთაველის თეატრი, 1928 წელი. მიიღო 76 ქულა, დაასახელა 5-მა გამოკითხულმა.

18. “ოიდიპოს მეფე”

სოფოკლე. რეჟისორი დიმიტრი ალექსიძე. რუსთაველის თეატრი. 1956 წელი. მიიღო 71 ქულა, დაასახელა 10-მა გამოკითხულმა.

19. “ჰაკი აძბა”

ლეო ქიაჩელი. რეჟისორი თემურ ჩხეიძე. მარჯანიშვილის თეატრი. მიიღო 69 ქულა. დაასახელა 8 გამოკითხულმა.

20. “სეილემის პროცესი”

რტურ მილერი. რეჟისორი რობერტ სტურუა. რუსთაველის თეატრი. 1965 წელი. მიიღო 53 ქულა. დაასახელა 5-მა გამოკითხულმა.

ოცეულს მიღმა

21. „როცა ასეთი სიყვარულია“ (რეჟ: მ. თუმანიშვილი, 49 ქულა);

22. „ბაკულას ღორები“ (მ.თუმანიშვილი, 48 ქულა);

23. „არტ-ხელოვნება“ (თ. ჩხეიძე, 39 ქულა);

24. „მაკბეტი“ (რ. სტურუა, 38 ქ.);

25. „ხანუმა“ (რ.სტურუა, 37 ქ.);

26. „მამა“ (თ. ჩხეიძე 33.);

27. „ბერდო ზმანია“ (ს. ახმეტელი, 33 ქ.);

28. „ოტელო“ (შ.აღსაბაძე, 30 ქ.);

29. „ჰამლეტი“ (კ. მარჯანიშვილი, 29 ქ.);

30. „ზაფხულის ღამის სიზმარი“ (მ. თუმანიშვილი, კინომსახიობთა თეატრში. 28 ქ. );

31. „თეთნულდი“ (ს. ახმეტელი, 27 ქ.);

32. „რღვევა“ (ს. ახმეტელი 22 ქ);

33. „მარადი ქმარი“ (თ. ჩხეიძე, 21 ქ).

34. „დიდი ხელმწიფე“ (ა. ვასაძე, 21 ქ);

35. „ირინეს ბედნიერება“ (შ. გაწერელია, 19 ქ.);

17 ქულა დააგროვეს: „პროვინციული ამბავი“ (მ. კუჭუხიძე );

„ადამიანებო, იყავით ფხიზლად“ (მ. თუმანიშვილი);

16 ქულა: „შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე“ (მ. კუჭუხიძე). „ბერნარდა ალბას სახლი“ (თ. ჩხეიძე); „კახაბერის ხმალი“ (გ. ლორთქიფანიძე);

15 ქულა: „ბახტრიონი“ (დ. ალექსიძე); „კოლმეურნის ქორწინება“ (შ. ღამბაშიძე);

14 ქულა: „ლამარა“ (რ.სტურუა); „მედეა“ (ა. ჩახარტიშვილი); „მარგარიტა გოტიე“ (ბ. გამრეკელი); „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ“ (კ. მარჯანიშვილი);

13 ქულა: „ჰამლეტი“ (გ. ჟორდანია); „ქალი გველი“ (რ. სტურუა); „ოიდიპოს მეფე“ (ა. ჩხარტიშვილი); „მოკვეთილი“ (ა. ჩხარტიშვილი); „ფიროსმანი“ (გ. ლორთქიფანიძე);

12 ქულა: „სამგროშიანი ოპერა“ (დ. ალექსიძე); „კაცია ადამიანი“ (ვ. ყუშიტაშვილი);

10 ქულა: „შპიგელმანი“ (კ. მარჯანიშვილი); „ანტიგონე“ (თ. ჩხეიძე);  „წუთისოფელი“ (ნ. ლორთქიფანიძე); „ქამუშაძის გაჭირვება“ (შ. გაწერელია);

10 ქულაზე ნაკლები მიიღეს: „სასტუმროს დიასახლისი“ (დ. ალექსიძე),  „ამჰერსტის მშვენება“ (რ. სტურუა). „მზეთამზე“ (მარჯანიშვილი-ახმეტელი),  „ანტონიოს და კლეოპატრა“ (ვ. ტაბლიაშვილი), „ძველი ვოდევილები“ (ვ. გოძიაშვილი), „მარიამ სტიუარტი“ (ვ. ყუშიტაშვილი), „საპატარძლო აფიშით“. (დ. ალექსიძე), „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (გ. ლორთქიფანიძე), „სოლომონ ისაკიჩ მეჯრანუაშვილი“ (ვ. ტაბლიაშვილი), „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“  (გ. მარგველაშვილი), „ასი წლის შემდეგ“ (გ. ლორთქიფანიძე), „ფაუსტი“ (ლ. წულაძე), „ჩვენებურები“ (ა. დვალიშვილი), „სიკვდილის როკვა“ (ა. ვარსიმაშვილი), „მზის დაბნელება საქართველოში“ (კ. მარჯანიშვილი),  „ცხოვრება იდიოტისა“ (დ. დოიაშვილი), „დიდოსტატის მარჯვენა“ (გ. ქავთარაძე),

„მოჩვენებანი“ (თ. ჩხეიძე), „სიბრძნე სიცრუისა“ (ნ. ხატისკაცი), „იაკობის სახარება“ (რ. სტურუა), „მეტეხის ჩრდილში“ (გ. ლორთქიფანიძე), „გრაალის მცველნი“ (დ. ანდღულაძე), „სირანო დე ბერჟერაკი“ (გ.ლორთქიფანიძე), „ჩემო კალამო“ (გ. საღარაძე, თ. ჩხეიძე)…


პ.ს. გამოკითხვის შედეგად გამოვლენილ 20 საუკეთესო ქართულ სპექტაკლზე ვრცლად გიამბობთ “მეოცეს ოცეულში” – თითოეულ სპექტაკლზე ცალ–ცალკე…

რეზო შატაკიშვილი კავკასიის მეფე რამაზ ჩხიკვაძეზე

მას უწოდებდნენ “კავკასიელ ლორენს ოლივიეს”, “კავკასიის მეფეს” და მსოფლიოს ერთ–ერთ უდიდეს მსახიობს…

არც ერთ ქართველ არტისტზე იმდენი არ დაწერილა მსოფლიოში, რამდენიც მასზე…

ასე იწყებოდა რამაზი
ბაბუა – აღიარებული ფოლკლორისტი. მამა – ქართული მუსიკის კაბინეტის დამაარსებელი კონსერვატორიაში. დედა  პროფესიონალი მომღერალი. შვილი – უჩვეულო მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული. ის განწირული იყო კონსერვატორიისთვის, მაგრამ მან თავი თავის ბედისწერას – თეატრს შესწირა.
დო მაჟორი – თეატრალურ ინსტიტუტში და დო მინორი – რუსთაველის თეატრში მოხვედრის შემდეგ. ის კარგა ხანს ჩაიკარგა უზარმაზარ სივრცესა და უღიმღამო როლებში. აკი ორჯერ დააპირებს კიდეც, საერთოდ, თეატრის მიტოვებას და საოპერო, ვოკალურ ხელოვნებაში გადაინაცვლებს…
ოთხმა წელმა განვლო წარმატებულ როლამდე – სანამ თუმანიშვილი არ ათამაშებდა „ესპანელ მღვდელში“. შემდეგ კვლავ უღიმღამო ხუთმა წელმა ჩაიარა მეორე წარმატებამდე – სპექტაკლამდე „როცა ასეთი სიყვარულია“.
მერე გაიხსნა მცირე სცენა და გაიხსნა დიდი რამაზი – ქოსა მრჩევლით „ჭინჭრაქაში“.
თუმანიშვილის თქმით, ქოსა მრჩევლით ჩხიკვაძის შემოქმედების მეორე ეტაპი იწყება. „ამის შემდეგ იგი უჩემოდ გაუყვა თავის გზას. ჩვენ გავიყარეთ. მისი სვლა დიდებისკენ დაიწყო“…
რობერტ სტურუა კი იტყვის, რომ „რამაზ ჩხიკვაძე ქოსა მრჩევლიდან იწყება…“
თავიდან რამაზ ჩხიკვაძე კარლო საკანდელიძის დუბლად იყო დანიშნული ჭინჭრაქას როლზე. ჩხიკვაძის გულს კი დიდად არ ეკარებოდა ჩიკორივით მობზრიალე ბიჭის როლი და უფრო ქოსიკოს როლი მოსწონდა, მაგრამ ამ როლზე გივი ჭიჭინაძე და ბორის წიფურია იყვნენ დანიშნული. რეპეტიციებს თითქმის სულ კარლო საკანდელიძე გადიოდა. რამაზ ჩხიკვაძე პარტერიდან ადევნებდა თვალს. ერთ დღესაც მაესტრომ რამაზ ჩხიკვაძე სცენაზე იხმო. „დილას წელკავი დამეტაკა და წელში ვერ ვიმართებოდი. ძლივს ავდექი და ვთხოვე, მოდი, ქოსიკოს როლს მოვსინჯავ-მეთქი. არაფერი უთქვამს, მე წელში ოთხად მოხრილი და ათჯერ მოკაკული, კვნესით, ტკივილისგან უნებლიე წამოყვირებით, რის ვაი-ვაგლახით ავედი სცენაზე და იატაკზე ჩავჯექი, ქოსიკოს პირველი სიტყვები ასე დამჯდარმა წამოვიკნავლე. მიშა წამოხტა, სახე გაუბრწყინდა და იყვირა: განაგრძე რეპეტიცია, იჯექი მანდ. დაიწყე… კარგია ეგ რადიკულიტიც. მე მგონი, მიშამ იფიქრა, ეს ყველაფერი ამ როლისთვის საგანგებოდ მოვიგონე და აღფრთოვანდა. აი, მაშინ გადაწყდა ჩემი ამ როლზე დანიშვნაც, ასე დავტოვეთ სპექტაკლში ჩემი წელკავიც, მიმკვდარი ხმით ლაპარაკიც და ასე დაიბადა ქოსიკოს ნიღაბი (რამაზ ჩხიკვაძე)“.

ასე იწყებოდა დიდი
ტანდემი

რამაზ ჩხიკვაძისა და რობერტ სტურუას პირველი შეხვედრა ჟაკ რობერის „შეხვედრაში“ შედგა. შემდეგ „მზიან ღამეშიც“, „ხანუმაშიც“. მათი ბედი ერთმანეთს ჩაეწნა. „ხანუმა“ მათი თანამშრომლობის ახალი ეტაპი იყო, რომელიც „სამანიშვილის დედინაცვლით“ დაგვირგვინდა, მათი ტანდემის საბოლოო ფორმირება კი „ყვარყვარეში“ ხდება. სწორედ ეს დიდი ტანდემი მოუტანს მსოფლიო აღიარებას რუსთაველის თეატრს… ნოდარ გურაბანიძის თქმით, „ყვარყვარე“ პირველი სპექტაკლია იმ თეატრისა, რომელსაც დღეს „რობერტ სტურუას თეატრი“ ჰქვია.
„ყვარყვარე“ პრემიერამდე 11-ჯერ გასინჯა ცეკას 3-4-კაციანმა კომისიამ. პრემიერაზე თეატრს მთელი თბილისი მიაწყდა, 200 ანშლაგის შემდეგ, სპექტაკლი მოხსნეს  – „ყვარყვარეში“ ჩართული იყო სცენა ბრეხტის „არტურო უის კაროერიდან“ და თეატრს ბერტოლდ ბრეხტის ქალიშვილმა და სიძემ უჩივლეს, თანხას არ გვიხდიანო. იძულებული გახდნენ, სპექტაკლი მოეხსნათ…
რამაზ ჩხიკვაძე: „მეც და რობიკოც ვამბობთ ხოლმე, ჩვენი ყველაზე კარგი სპექტაკლი იყო „ყვარყვარე“, ყველაზე ძლიერი, საინტერესო. ცოტა დროსაც კი გაუსწრო და მაყურებელმა მაინცდამაინც ვერ აღიქვა. „ყვარყვარე“, სხვათა შორის, გადაღებული იყო და წაშალეს, აბა შეიძლება ეს? ისე მინდა ვნახო ის სპექტაკლი, მაინტერესებს, მაგრამ არ არის, ვიღაცამ აიღო და წაშალა, სხვა გადაცემისთვის სჭირდებოდათო, კოლმეურნეობის რაღაც გადაუწერიათ. ვეღარ გავიგე, შემთხვევით იყო თუ ბოროტგანზრახვით…“
აზდაკი!!! რიჩარდი!!!
„ყვარყვარეს“ შემდეგ იყო დაუვიწყარი „კავკასიური ცარცის წრე“, რომლითაც თეატრმა საბჭოთა წრე გაარღვია და საგასტროლოდ გავიდა საზღვარგარეთ, გერმანიაში – ზაარბრიუკენსა და დიუსელდორფში. ტაშის მოძულე, ცალხელა დიუსელდორფს მეორე ხელს რამაზი გამოაბამს – გამოვა თუ არა სცენაზე, დარბაზი ტაშით დაინგრევა…
გერმანიას მოჰყვა მექსიკა – ფესტივალი „სერვანტინო-5“. ჩხიკვაძეს „მსოფლიო მნიშვნელობის თეატრალური ვარსკვლავი“ სწორედ მექსიკაში უწოდეს. ინგლისელმა მაიკლ კოვენმა კი „ფაინენშალ თაიმსში“ დაწერა: „რამაზ ჩხიკვაძე ერთ-ერთი უდიდესი მსახიობთაგანია, ვინც ოდესმე მინახავს… ჩხიკვაძე კავკასიელი ლორენს ოლივიეა, რომელიც სცენიდან მომხიბლაობას, სიკეთესა და სიბრძნეს აფრქვევს“. იგივე მაიკლ კოვენი მოგვიანებით გამოაცხადებს, რომ მზადაა, ლონდონიდან თბილისში ფეხით ჩავიდეს რამაზ ჩხიკვაძის რიჩარდის როლში სანახავად.
სტურუას „კავკასიური ცარცის წრე“ შესულია მეოცე საუკუნის მსოფლიოს ას საუკეთესო სპექტაკლში. რამაზ ჩხიკვაძის რიჩარდ მესამე ყველა დროის რიჩარდების ათეულშია.
თუმცა, თავიდან საქართველოში ყველა არ შეაფასებს ასე. მაგრამ მერე გაისუსებიან, როცა „რიჩარდი“ ედინბურგსა და ლონდონის „რაუნდ ჰაუზს“ დაიპყრობს. ედინბურგში გამოსვლის შემდეგ, შოტლანდიის უპირველესმა გაზეთმა „ობსერვერმა“ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით –
„რამაზი კავკასიის მეფე“.
ედინბურგში და „რაუნდ ჰაუზში“ ფენომენალური წარმატების შემდეგ ინგლისური თეატრალური სამყარო რამაზ ჩხიკვაძეს მეოცე საუკუნის უდიდეს მსახიობად აღიარებს. „რამაზ ჩხიკვაძე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მსახიობია“ („თაიმსი“). 1987 წელს მას იწვევენ ლონდონში, მსოფლიოს ვარსკვლავთა გალაკონცერტზე, სადაც ორ ნაწყვეტს თამაშობს „მეფე ლირიდან“. პატნიორობას ვანესა რედგრეივი უწევდა, რომელმაც კორდელიას როლის ნაწყვეტი რამაზის პატივსაცემად ქართულად ისწავლა და ქართულად თამაშობდა კორდელიას.
ინგლისში, ქალაქ ლესტერში 1988 წელს რამაზ ჩხიკვაძეს ბენეფისი გაუმართეს, იქ ეთაყვანებოდნენ, ამ დროს კი აქ სტურუაზე განაწყენებული რეზო მიშველაძე ჟურნალ „კრიტიკაში“ წერდა, რომ თითქოს უცხოეთის პრესა თეატრის მიერ იყო მოქრთამულ-მოსყიდული და ხოტბა-დიდებით აღსავსე წერილებიც ამიტომ იბეჭდებოდა.
ამ „ლოგიკით“ სტურუა და ჩხიკვაძე მსოფლიო მედია-მაგნატები გამოდიან, რომელთაც შეძლეს მოესყიდათ „ფაინენშალ თაიმსი“, „თაიმსი“, „ნიუ-იორკ თაიმსი“, „ობსერვერი“, „გარდიანი“, „ლა ფიგარო“… მთელი მსოფლიოს პრესა…
რამაზ ჩხიკვაძის ბოლო როლი რუსთაველის თეატრში მეფე ლირია.
„აი, საქართველოს ლირი, ტირანი ქარიშხალში“, – წერდა იტალიური „კორიერე დე ლა სერა“.
90-იანი წლებიდან ქარიშხალი მინელდა. ის ტოვებს თეატრს და მიდის. სცენის გარეშე რჩება…
ნატაშა
რამაზ ჩხიკვაძე: „ნატაშა სრულიად მოულოდნელად გავიცანი. გურამ საღარაძესთან ერთად, ბათუმიდან გემით სამოგზაუროდ ოდესაში მივდიოდი. ნატაშა თავის დაქალთან ერთად ამოვიდა იალტაში. ვკითხეთ, საით მიბრძანდებით? ოდესაში მივდივართ, იქიდან – მოსკოვშიო. მაშინ გავიცანი, დავახლოვდით, ერთი, მეორე… მერე როგორც ხდება ყველაფერი… ბევრი მძიმე დღეც გვახსოვს და ბევრი ხელისშემშლელი პირობაც, ბევრი ჭორი, ბევრი უბედურება… რა არ გადავიტანეთ, მაგრამ მაინც ჩვენი გავიტანეთ… ჩემი ცოლი არც სოკრატეა და არც არისტოტელე, ჩვეულებრივად განათლებული ქალია, საკანდიდატო დისერტაცია აქვს დაცული, საერთოდ გამჭრიახი გონების პატრონია. ჭკვიანი ქალი კარგია, აბა, უჭკუო ვის რად უნდა? რა გითხრათ, ჩვენ დიდი შეხლა-შემოხლა არ გვქონია (იცინის), როცა ქალი ნორმალურად ჭკვიანობს, ასატანია… ნატაშა არასოდეს მაქებდა და მუდამ კრიტიკული იყო ჩემ მიმართ, ამით ძალიან მეხმარებოდა. ბევრი ცოლი შეყვარებულია ქმრის შემოქმედებაზე და სულ ტაშს უკრავს, „ო, რა კარგია, ო, რა კარგია“. ეს, რა თქმა უნდა, მაინც ცუდად მოქმედებს ადამიანზე, განსაკუთრებით თავიდან, სანამ სპექტაკლი ჩამოუყალიბებელია, დაუღვინებელია, ადამიანს ძალიან გჭირდება მკაცრი მოპყრობა, ნაადრევად ზედმეტი ტაში-ტუში არ ვარგა… ნატაშას ძალიან უყვარდა და უყვარს რუსთაველის თეატრი, ამ თეატრით ცხოვრობდა ის ჩემთან ერთად, ძალიან ცდილობდა დახმარებას და ბევრი გასტროლიც გააკეთა. თეატრი გაიყვანა ესპანეთში, ისრაელში, სხვადასხვა ქვეყნებში. ასე მუშაობდა, კონტაქტებს ამყარებდა იქაურ პროდიუსერებთან და შედეგიც კარგი იყო. ასე რომ, პატარა დამსახურება მართლაც აქვს ამ მხრივ…“

რამაზი დღეს
როცა შევარდნაძე საქართველოში ჩამოვიდა – ლია ელიავას ინფარქტი დაემართა. შევარდნაძის წასვლისას – რამაზ ჩხიკვაძეს ჰქონდა გულზე პრობლემები. მისი „მოსვლა-წასვლა“ ორი ხელოვანის კარდიოგრამაზე აისახა: „ახლაც ავად ვარ, ძალიან დავსუსტდი, არ ვიცი, როდის აღვიდგენ ძალას… მე სიმსივნე მქონდა ცოტა ისეთი, ნაღდი სიმსივნე… ადამიანი იბადება და უნდა წავიდეს კიდეც ამ ქვეყნიდან, აქ საპანიკო არაფერია, მაგრამ თუ რაიმეს ეშველება, უნდა გააკეთო ყველაფერი,  სიცოცხლე ვის არ უნდა, კაცო, და მეც მინდა… წამლებში ვარ სულ… უნდა ბევრი ვიარო ჰაერზე, ჰაერი უნდა ვყლაპო ბევრი და საჭმელები უნდა ვჭამო განსაკუთრებული, რომ ჯანმრთელობა აღდგეს…
ცხოვრებაში მიყვარდა შრომა და ქეიფი. მაგრამ ჩვენთვის ჯერ შრომა იყო და მერე ქეიფი. არ არსებობდა, რომ ჩვენ სპექტაკლის წინ გვექეიფა და ვინმე სცენაზე მთვრალი გამოსულიყო. თან, კაცო, დილით რეპეტიცია გვქონდა, მერე კინოსტუდიაში გადაღებაზე გავრბოდით, საღამოს სპექტაკლს ვთამაშობდით, სპექტაკლის შემდეგ ვიქეიფებდით დილამდე და დილით ისევ რეპეტიციაზე მოვდიოდით. ახლა რომ ვფიქრობ, რა ენერგია გვქონდა, კაცო, როგორ ვძლებდით… პირდაპირ საოცარია. ახლა, მაგნაირად ერთი დღე რომ გამაკეთებინა, ამ ქვეყნიდან წავიდოდი კიდეც. ეჰ, ჩვენ, ქართველებმა, არც ღვინის სმა ვიცით ზომიერი და არაც ჭამა… საზღვარგარეთ 3-4 ჭიქას დალევენ და მორჩა, ჩვენ 3 ლიტრას არ ვიკმარებდით… ჩვენ რომ ღვინის სმისა და ჭამის კულტურა გვქონოდა, დარწმუნებული ვარ, წასული ხალხიდან 50% დღესაც ცოცხალი იქნებოდა… ჩვენი თაობის ხალხი, ვინც დავრჩით, ხანდახან დავსხდებით ხოლმე, ვპურმარილობთ. ახლა უკვე ჭკვიანურად ვსვამთ, ისე აღარ ვიხოცავთ თავებს… აირწინაღით რომ მაქვს დალეული ღვინო, ხომ იცით? ახლა აღარ ვსვამთ აირწინაღებით, აღარც ბოთლებით დალევით ვცდილობთ ერთმანეთის გაკვირვებას და არც ბავშვის „გარშოკებს“ ვითხოვთ… ახლა მოგონებებით ვცხოვრობთ, ხანდახან წავუღიღინებთ ხოლმე, ბებერი ხმებით. ოღონდ ბევრ ხალხში ქეიფი არც ადრე მიყვარდა და არც ახლა შემიძლია. აი, ქორწილი რომ არის და დამპატიჟებენ, არ ვიცი, სად წავიდე, რა მოვიმიზეზო… დანაყრდები ნახევარ საათში, მეტი რამდენი უნდა ჭამო? მერე აღარ იცი, რა აკეთო. ისიც, თუ ჭკვიანები არიან, კიდევ კარგი, თორემ თუ სროლა ატყდა და ბოთლების რაკარუკი, მაშინ ხომ სულ დამშვენებული მოდიხარ… ჩვენს წრეში ჩხუბი არასოდეს მომხდარა, მაგრამ ხშირად მოვხვედრილვარ ბოთლების რაკირუკში, გამშველებლებიც ვყოფილვართ და… მახსოვს, დილის სპექტაკლი ვითამაშეთ, საღამოსაც სპექტაკლი გვქონდა, ერთი ჩვენი მსახიობი (აცხონოს ღმერთმა), გადაგვეკიდა, წავიდეთ, კარგი პურმარილია გაშლილი, ნუ დავლევთ, უბრალოდ, ვისადილოთ და წამოვიდეთო. ბოლოს და ბოლოს, დაგვითანხმა, წავედით. იმ სართულზე რომ ავედით, რაღაც ხმაური შემოგვესმა. კი არ გვესიამოვნა, მაგრამ რაღას ვიზამდით? იმ კარსაც მივადექით, გააღეს და დარბის დასისხლიანებული ხალხი, ერთმანეთს ურტყამენ, ვინ სკამს ისვრის ვინ – ბოთლს. აბა, ჩავერიეთ, წავიდა გაშველება, რაც ჩვენ მოგვხვდა იმ დღეს… სულ ღვინით დაწუწულები, დასისხლიანებულები, დანგრეულები, დალეწილები წამოვედით. ლუკმა ჩვენ არ გვიჭამია, დახეული პიჯაკებით შემოვედით თეატრში, გაგიჟდნენ, სად იყავით, კაცო, ომში? ახლაც, ავლაბარში, იმ სახლს რომ გავუვლი, ისტერიული ხარხარი მიტყდება…

რა გითხრათ, მე ბედნიერი კაცი ვარ. ისე აეწყო ჩემი ცხოვრება, რომ თეატრშიც სულ მუდამ როლებს მაძლევდნენ, მაძლევდნენ და მაძლევდნენ, კინოშიც სამუშაო ყოველთვის მქონდა. თავიდან ტელევიზია  შეიქმნა და სულ მე და ეროსი ვიყავით ყველა დადგმაში… სამუშაო არ მომკლებია, ყელამდე მქონდა, იმდენი მქონდა, რომ მეტი იყო უკვე, აღარ შეიძლებოდა იმის ატანა. ეს იყო ყველაზე დიდი ბედნიერება. მერე ის სპექტაკლები, სადაც მე ვმონაწილეობდი, კარგი სპექტაკლები იყო. ჯერ მიშა თუმანიშვილის დროს, მერე რობიკოს დროს, მთელი რიგი სპექტაკლებისა, რომელიც ზედიზედ კარგი და კარგი იყო. ამდენი გასტროლი, ამდენი წარმატება… ჩემისთანა კაცი შეიძლება რომ ნაწყენი იყოს კიდევ რამეზე? ხშირად მეკითხებიან, არის რამე როლი, რომ გინდოდათ, გეთამაშათ და გული გწყდებათ, რომ არ ითამაშეთო? არა, კაცო, არა, როგორ შეიძლება, რა ღორმუცელობაა, კიდევ როლი რომ მომენდომებინა?! არა, ბატონო, არ ყოფილა, პირიქით, ზედმეტად ვიყავი დატვირთული ყოველთვის და მადლობას ვუხდი ღმერთს ამისთვის…“

დაიბეჭდა “პრაიმტაიმში”

ინტერვიუ რამაზ ჩხიკვაძესთან

რეზო შატაკიშვილი

(ინტერვიუ დაიბეჭდა 2005 წელს, გაზეთ „ქრონიკაში“)

ხანგძლივ მოლოდინს წერტილი დაესვა განახლებული რუსთველის თეატრი გაიხსნა. თუმცა, ძნელია იმის თქმა რას ელოდა მაყურებელი, მხოლოდ თეატრის გახსნას თუ ამ თეატრის სცენაზე ლეგენდად ქცეული კავკასიური ცარცის წრისდა რამაზ ჩხიკვაძის კიდევ ერთხელ ნახვას. დიდ არტისტთან და საუკუნის სპექტაკლთან შეხვედრა ვერ შედგა ბატონ რამაზის ავადმყოფობის გამო.

კავკასიური ცარცის წრესაუკუნის სპექტაკლი, თანაც არა მხოლოდ ქართული მასშტაბით. რუსეთის ხელოვნებადმცოდნეობის სახელმწიფო ინსიტუტუმა გამოსცა მეოცე საუკუნის სპექტაკლები“, სადაც მსოფლიოს ასი საუკეთესო სპექტაკლია შესული, რაც კი მეოცე საუკუნეში დადგმულა. ას სპექტაკლში ქართული თეატრის მხოლოდ ორი სპექტაკლია შესული ახმეტელის დადგმული ყაჩაღებიდა სტურუას კავკასიური ცარცის წრე“…

რამაზ ჩხიკვაძე მართლაც რომ ბედის ნებიერია. მისთვის ყველა იმეტებდა იმას, რისი მიცემაც შეეძლო.

ღმერთმა ნიჭი, შრომისმოყვარეობა, იღბალი მისცა. თუმანიშვილმა და სტურუამ როლები, მაყურებელმა უანგარო სიყვარული. კრიტიკოსებმა ხოტბა-დიდება. ინგლისელმა კრიტიკოსმა, მაიკლ კოვენმა, რიჩარდისნახვის სემდეგ მას კავკასიელი ლორენს ოლივიეუწოდა…

რამაზ ჩხიკვაძის სცენაზე ხილვის სიამოვნებას, ვერანაირად ვერ შეცვლის ეს ინტერვიუ, მაგრამ ჩვენ ასე ვცადეთ აგვეღნიშნა ქვეყნის პირველი თეატრის განახლება პირველი თეატრის პირველ არტისტთან საუბრით…

ბატონო რამაზ, განახლებული რუსთაველის თეატრი კავკასიური ცარცის წრითუნდა გახსნილიყო, სცენაზე თქვენს ხილვას მაყურებელი მოუთმენლად ელოდა. არ გწყდებათ გული, განახლებული თეატრი უთქვენოდ რომ იხსნება? ბატონო რამაზ, ექნება მაყურებელს საუკუნის სპექტაკლის კიდევ ერთხელ ხილვის საშაულება, ითამაშებთ კავკასიურს“?

– ჩემს გარეშე, თუ სხვის გარეშე, მთავარია რომ რუსთაველის თეატრში კიდევ ერთი სეზონი გაიხსნა. ჩემთვის ეს სეზონი 54-ე სეზონია. თავიდანვე ვიცოდი რომ „კავკასიურით“ უნდოდათ გახსნა, მეც მზად ვიყავი. ხალხს უყვარს ეს სპექტაკლი, წამოიზარდა თაობა, რომელსაც არ უნახავს ეს სპექტაკლი და აინტერესებთ, რა არის ეს „კავკასიური ცარცის წრე“. მოკლედ, კარგი იყო რომ „კავკასიურით“ გაგვეხსნა, მაგრამ ვერ შევძელი თამაში, დიდი ოპერაცია გავიკეთე, ძალიან ავად ვიყავი და ახლაც ავად ვარ, ძალიან დავსუსტდი, არ ვიცი როდის აღვიდგენ ძალას… ძალღონე თუ მოვიკრიფე რომ სცენაზე გამოვიდე, დიდი სიამოვნებით, ყველაზე მეტად მე მინდა, რომ ვითამაშო, მაგრამ უკვე წლები თავისას შვება, თანაც წლებს გავუძლებდი, მაგრამ… მე სიმსივნე მქონდა ცოტა ისეთი, ნაღდი სიმსივნე… ახლაც ისევ უნდა წავიდე ავსტრიაში, უნდა ვეჩვენო ექიმს, უნდა გაიგონ, ხომ არ ამოიყარა ისევ… 78 წლის ვხდები, ამდენს რომ იცხოვრებ, არც არაფრის უნდა გეშინოდეს. ადამიანი იბადება და უნდა წავიდეს კიდეც ამ ქვეყნიდან, აქ საპანიკო არაფერია, მაგრამ თუ რაიმეს ეშველება, უნდა გააკეთო ყველაფერი,  სიცოცხლე ვის არ უნდა კაცო და მეც მინდა (იცინის)...  ღმერთმა ქნას რომ ეს სეზონი წარმატებული იყოს, საინტერესო სპექტაკლები დაიდგას. მითუმეტეს, ჩვენ ასეთი პირობები არ გვქონდა, ახლა კი ამ განახლების შემდეგ ყველა პირობაა მსახიობებისთვის, რეჟისორებისთვის და მთავარია ისეთი სპექტაკლები დავდგათ, რომელიც შესატყვისება ამ განახლებულ თეატრს. ღმერთმა დალოცოს ბიძინა ივანიშვილი, ეს საოცარი პიროვნება ჩვენი თეატრის აღორძინებისათვის.

ამ სეზონზე, მაყურებლის წინაშე უნდა წარსდგეს ის თაობა, რომელიც ბოლოს მიიღეს რუსთაველის თეატრში. თქვენ თუ იცნობთ მათ შემოქმედებას, ან შორიდან თუ მიგიდევნებიათ თვალი, როგორ ფიქრობთ, აქვთ მათ ის პოტენცია რომ გააგრძელონ დიდი თეატრის დიდი ტრადიციები?

– როგორ არა… ბევრმა იცის, აი, თქვენი თაობა წავიდა, ვინ არის და იქნება თუ არა შემცვლელი, ეჭვი ეპარებათ, ასე არ არის, ძალიან საინტერესო ახალგაზრდობაა მოსული როგორც ჩვენთან, ისე სხვა თეატრებში. ყველაფერს, მათ შორის დაოსტატებას დრო სჭირდება, დღეს თუ კარგად გამოიყურებიან ამა თუ იმ სპექტაკლებში, ხვალ და ზეგ კიდევ უკეთესნი იქნებიან. იმ დღეს რეპეტიციასაც დავესწარი, ახალ სპექტაკლს დგამს რობერტი, მომეწონენ ახალგაზრდა მსახიობები, თავის მოვალეობას ასრულებენ, უნდა ვიფიქროთ რომ ეს ხალხი გაიზრდება და კიდევ უფრო კარგი შედეგები ექნებათ, შეიძლება უკეთესი სიტყვაც თქვან, ვიდრე ჩვენ ვამბობდით, ღმერთმა ინებოს და ასე იყოს.

ბატონო რამაზ, ერთხელ ვერიკო ანჯაფარიძეს კითხეს, არ მოგწყინდათ ამდენ კინფლიქტებიო? ქალბატონმა ვერიკოს უპასუხია, რა მოგვაბეზრებს, თეატრი ნფლიქტიაო. თქვენ რამდენად გახებოდათ ეს კონფლიქტები, ინტრიგები, რაც ყველგანაა, მითუმეტეს თეატრში.

– არა, ხაზგასმულად ასეთი არაფერი მახსოვს რომ ან მე დამიპირისპირდნენ, ან მე დავპირისპირებულიყავი ვინმეს. თეატრში კონფლიქტი იყო და იქნება კიდევაც, მაგრამ გააჩნია რა ზომის არის ეს კონფლიქტი. ადრე, მარჯანიშვილის და ახმეტელის დროს მოხდა ისეთი კონფლიქტი რომ საერთოდ გაიყვნენ და ორ თეატრად ჩამოყალიბდნენ. როცა მოვიდა მიშა თუმანიშვილი, შემდეგ თემური ჩხეიძე, რობერტ სტურუა, რა თქმა უნდა უნდოდათ რაღაც ახალი სიტყვის თქმა და იყო პატარა კონფლიქტები ძველ თაობასთან, მაგრამ ამ ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა და დიდი მსხვერპლი არ მოუტანია, მე საერთოდ ნაკლებად ვიღებდი კონფლიქტებში მოანწილეობას. არ მიყვარს მე ასეთი ამბები.

რუსთაველის თეატრიდან მარჯანიშვილის წასვლაში დიდი როლი ითამაშა მისმა მიყვანილმა ახმეტელმა. შემდეგ ახმეტელის წასვლაში ითამაშეს დიდი როლი მისმა აღზრდილმა ვასაძემ და ხორავამ. შემდეგ ხორავა გაუშვეს მათ მიერ თეატრში მოყვანილმა ახალგაზრდებმა დვალიშვილმა, თუმანიშვილმა, შემდეგ თავად თუმანიშვილი გაუშვეს… სტურუა 3 ათეულ წელიწადზე მეტია მაგრად დგას, თქვენი აზრით, როგორ ახერხებს სტურუა ამას?

– მსგავსი რამ ყველა თეატრებში ხდება, გააჩნია ვინ როგორ გააგრძელებს ამ გზას, იგივე თუმანიშვილმა და სტურუამ თავისი სიტყვა თქვეს და ამით თეატრს არაფერი წაუგია. რობერტ სტურუა ისეთი მოწინავე რეჟისორია ჯერ ფარ-ხმალს არ ყრის, ან რად უნდა დაყაროს, ჯერ კიდევ ბევრის გაკეთება შეუძლია. შემცვლელი კი ჯერ არ ჩანს, რომ რომ დაეტაკოს და სტურუა წააქციოს. ასე რომ, ჯერჯერობით რამოდენიმე წელიწადი საშიშროება არა აქვს რობერტს… (იცინის).  ერთხელ მიშა თუმანიშვილმა მითხრა, რუსთაველზე ვიდექით სწორედ თეატრის წინ, რა უკვირთ, კაცო, უფროსებსო, ახლა ჩვენ მოვედით, ისინიც ხომ მოვიდნენ ვიღაცის შემდეგო, მოვა დრო და მეც გამაგდებენ თეატრიდანო, მაინც ასე მოხდა ხომ? არა, მიშა არავის გაუგდუია და არც არავის ცუდი არ გაუკეთებია მისთვის რომ წასულიყო. მას თავის წიგნისათვის, უფრო საინტერესო წასაკითხი რომ გაეხადა, ბევრი რამ მოგონილი აქვს, არაფერი მაგდაგვარი თეატრში არ მომხდარა მისი საწინააღმდეგო…

არსებობს ასეთი ინფორმაცია რომ თავის დროზე, როცა რუსთაველის თეატრმა საბჭოთა კავშირის რკინის ფარდა გაარღვია და საზღვარგარეთ გავიდა საგასტროლოდ, თქვენმა მეუღლემ ნატაშამ დიდი როლი ითამაშა ამ პროცესში. მართლაც ასე იყო? უნდა უმადლოდეს თუ არა ქაღტული თეატრის ისტორია ქალბატონ ნატაშას?

– ნატაშას ძალიან უყვარდა და უყვარს რუსაველის თეატრი, ამ თეატრით ცხოვრობდა ის ჩემთან ერთად, ძალიან ცდილობდა დახმარებას და ბევრი გასტროლებიც გააკეთა. თეატრი გაიყვანა ესპანეთში, ისრაელში, სხვსადასხვა ქვეყნებში. მარჯანიშვილის თეატრსაც გაუკეთა გასტროლები იაპონიაში, გერმანიაში. ასე მუშაობდა, კონტაქტებს ამყარებდა იქაურ პროდიუსერებთან და შედეგიც კარგი იყო, ასე რომ პატარა დამსახურება მართლაც აქვს ამ მხრივ. მაგას სპექტაკლები არ დაუდგამს, შორს იყო მაგ საქმისგან, მაგრამ უნდოდა რომ კარგი სპექტაკლი ენახა სხვადასხვა ქვეყნის მაყურებელს, ამას ახრეხებდა შიგადაშიგ, ეს იყო და ეს იყო.

ქალბატონი ნატაშა როგორ გაცანით, როგორ დაოჯახდით?

– სრულიად მოულოდნელად გავიცანი. გურამ საღარაძესთან ერთად,

ბათუმიდან გემით სამოგზაუროდ ოდესაში მივდიოდი. ნატაშა თავის დაქალთან ერთად ამოვიდა იალტაში. ვკითხეთ, საით მიბრძანდებით? ოდესაში მივდივართ, იქდან მოსკოვშიო. მაშინ გავიცანი, დავახლოვდით, ერთი, მეორე… მერე როგორც ხდება ყველაფერი… ბევრი მძიმე დღეებიც გვახსოვს და ბევრი ხელისშემშლელი პირობებიც, ბევრი ჭორი, ბევრი უბედურება… რა არ გადავიტანეთ, მაგრამ მაინც ჩვენი გავიტანეთ.

ბატონო რამაზ, ნათქვამია კაცებს ჭკვიანი ქალები არ მოსოწნოთ, გაურბიანო, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით თქვენზე. თქვენ თუ გქიმნიდათ რაიმე დისკომფორტს ის ფაქტი რომ სახლში ჭკვიანი ცოლი გყავთ?

– ახლა (იცინის)… ჩემი ცოლი სოკრატე არ არის და არც არისტოტელე, მაგრამ ჩვეულებრივად განათლებული ქალია, უმაღლესი აქვს დამთავრებული, საკანდიდატო დისერტაცია აქვს დაცული, საერთოდ გამჭრიახი გონება აქვს. ჭკვიანი ქალი კარგია, აბა უჭკუო აბა ვის რად უნდა? რა გითხრათ, ჩვენ დიდი შეხლა-შემოხლა არ გვქონია, (იცინის), როცა ქალი ნორმალურად ჭკვიანობს ასატანია…

თქვენ როგორ გიწყობდათ ხელს ქლაბატონი ნატაშა, თქვენი კარიერის მანძილზე?

– იმით რომ არ მაქებდა და მუდამ კრიტიკული იყო ჩემი შემოქმედების მიმართ. ბევრი ცოლი შეყვარებულია ქმრის შემოქმედებაზე და სულ ტაში უკრავს, „ო, რა კარგია, ო, რა კარგია“, ეს რა თქმა უნდა მაინც ცუდად მოქმედებს ადამიანზე, განსაკუთრებით თავიდან სანამ სპექტაკლი ჩამოუყალიბებელია, დაუღვინებელია, ადამიანს ძალიან გჭირდება მკაცრი მოპყრობა, ნაადრევად ზედმეტი ტაში-ტუში არ ვარგა. ნატაშა ძალიან კრიტიკული იყო და ამ მხერივ ძალიან მეხმარებოდა. საერთოდ,  სულ იმას ვამბობ, სპექტაკლი უნდა ჩამოყალიბდეს, დაღვინდეს.

როცა „რიჩარდის“, „კავკასიურის“ ჩანაწერებს ვუყურებ, არ მომწონს, იმიტომ რომ ისინი პრემიერის დღეებშია გადაღებული, სპექტაკლი არ არის დაღვინებული, დასრულებული.. არადა ეს რჩება ისტორიაში, უყურებს ხალხი და ფიქრობს, ნეტა რა აგიჟებდათ ამ სპექტაკლში, ამ თამაშშიო. მე მაგალითად, „კავკასიურში“, თვითონ დავამატე ბევრი რეპლიკა, რომელიც სპექტაკლსაც მოუხდა და მაყურებელმაც აიტაცა, მაგრამ ეს იმ ჩანაწერებში არაა, ვერც იქნება, იმიტომ რომ მერე და მერე დავამატე. ახლა ჩემს ჩამოსვლამდე, უჩვენებიათ „რიჩარდი“, მე არ ვიცი რომელი გადაღებაა, მაგრამ არ შეიძლება ეს ის რიჩარდი იყოს, რომელსაც ვთამაშობდით, 30-40 სპექტაკლის შემდეგ. დამწიფება სპექტაკლსაც სჭირდება, განსაკუთრებით ისეთ ავტორებს როგორიცაა შექსპირი, ბრეხტი. შექსპირი ისეთია, გგონია გამართე სცენა, დიალოგი თუ მონოლოგი, დაიწყებ, გადადგამ ნაბიჯს და „დგუპ“ ჩავარდები ისევ, სულ დაგენგრევა ის ილუზია რომ მზად გაქვს ის სცენა… ყველაფერს დრო სჭირდება, მაყურებელი ზრდის სპექტაკლს.

ძალიან მწყდება გული, რამდენი გრანდიოზული სპექტაკლი ითამაშა ჩვენმა წინა თაობამ, ხორავამ, ვასაძემ, არაფერი არ არის აღბეჭდილი ფირზე. ჩვენ დროს გაჩნდა ამის საშუალება, მაგრამ მაინც არ არის ბევრი სპექტაკლი გადაღებული. მაგალიად, ისეთი სპექტაკლი, როგორიც იყო „ყვარყვარე“. მეც და რობიკოც ვამბობთ ხოლმე, ჩვენი ყველაზე კარგი სპექტაკლი იყო „ყვარყვარე“, ყველაზე ძლიერი, საინტერესო. ცოტა დროსაც კი გაუსწრო და მაყურებელმა მაინცდამაინც ვერ აღიქვა.

თუმცა ყველაფერს ძალიან კარგად მიხვდა იმდროინდელი ხელისუფლება და მაქსიმალურად მიჩქმალეს კიდეც.

– კი… „ყვარუყვარე“  სხვათაშორის გადაღებული იყო და წაშალეს, აბა შეიძლება ეს? ისე მინდა ვნახო ის სპექტაკლი, მაინტერესებს, მაგრამ არ არის, ვიღაცამ აიღო და წაშალა, სხვა გადაცემისთვის სჭირდებოდათო და კოლმეურნეობის რაღაც გადაუწერიათ.

ეს შემთხვევით მოხდებოდა ვითომ?

– რა ვიცი, ვეღარ გავიგე შემთხვევით იყო თუ ბოროტგანზრახვით. „ხანუმა“ არ არის გადაღებული… არადა ისეთი სპექტაკლი იყო, ახალგაზრდობა დღესაც დაისვენებდა, იცინებდა.

რატომ ხომ აჩვენებენ ხოლმე ფრაგმენტებს ხანუმადან“?

– ფრაგმენტები არის, მაგრამ ისიც სპექტაკლიდან არ არის, ტელევიზიაში დადგეს დეკორაციები და სცენები გვათამაშეს მაყურებლის გარეშე. მაყურებლის გარეშე ნათამაშებ კომედია რის მაქნისია? თუ შენს სიტყვას მაყურებლის რეაქცია არ მოჰყვა, კომედიას ვერ ითამაშებ, კომედიის დროს პირდაპირი კონტაქტი გაქვს მაყურებელთან. ამიტომ არის კომედიის პირველი სპექტაკლის თამაში რთული, შენ არ იცი სად ატეხს მაყურებელი ხარხარს რომ პაუზა იქ დაიჭირო, თუ მაყურებლის გაჩუმებას არ დაელოდე და ილაპარაკე, ის რეპლიკები დაგეკარგება, ყველაფერს თავის ეშმაკობა უნდა და არტისრტმა უნდა იცოდეს სად დაიჭიროს პაუზა, მერე იმ პაუზასაც შევსება უნდა, გაშტერებული ხომ არ იდგები, რაღაც უნდა აკეთო ამ დროს და გაჩუმდება თუ არა მაყურებელი, მაშინვე გაგრძელო. ჩვენ ზუსტად გვაქვს გამოანგარიშებული, სად ატეხავენ სიცილს, სად მოგვიწევს პაუზის დაჭერა, მაგრამ როცა სპექტაკლს მაყურებლის გარეშე იღებ, ზედიზედ აყრი ამ სცენებს და აღარ აქვს ის გემო.

კარგით, ბატონო რამაზ, დღეს როგორ ცხოვრობთ, როგორ ატარებთ დროს?

– როგორ ვატარებ, რა… წამლებში ვარ სულ… უნდა ბევრი ვიარო ჰაერზე, ჰაერი უნდა ვყლაპო ბევრი და საჭმელები უნდა ვჭამო განსაკუთრებული, რომ ჯანმრთელობა აღსდგეს, ძალიან სუსტად ვარ, მალე ვიღლები. ახლა, რომ ვილაპარაკეთ, საშინელი დაღლილი ვარ, აღარაფერად ვარგივარ, ერთი საათი უნდა დავწვე. ჰაერზე სიარული არ მიყვარს, მაგრამ მიწევს… არა, ბუნებაში სუფთა ჰაერზე სიარულს რა სჯობს, ან ზღვისპირას რომ დადიხარ და დადიხარ… მაგრამ აქ ქალაქში სად უნდა იარო კაცო? მარტო მიდიხარ, მოდიხარ. მანქანები, ერთი, მეორე, ყოველთვის კუს ტბაზე ხომ ვერ ივლი, ხან წვიმს… აი, მე მიყვარს ბაზარში სიარული… ათასნაირი ადამიანი გხვდება, მათ მოქმდდებას, მათ დიალოგებს უგდებ ყურს, ნამდვილი სიცოცხლე ბაზრებში დუღს. იქ ყველაზე აშკარად ვლინდება, რა ქვეყანაა, რა მდგომარეობაა, უჭირს თუ არ უჭირს ხალხს, რა ხდება.

ბოლოს როდის იყავით თბილისურ ბაზარში?

– აი, ახლა რომ ჩამოვედი, ვიყავი ბაზარში. ყველა ერთს იძახის რომ არა აქვთ ფული. ეს ისედაც ეტყობა ბაზარს. ძვირიან საქონელთან, მაგალითად ხორცთან არ არის ხალხი. ხალხმრავლობა კი არის ვითომ ბაზარში, მაგრამ მყიდველი ცოტაა, რომელ გამყიდველთანაც არ მიხვალ, იდექი თუ გინდა ნახევარი საათი, ევაჭერე და ილაპარაკე, ადრე ცოტა, ისე იყო, „ჩაიწით ამხანაგო, ჩვენც საქმე გვაქვსო“.

რა ამის პასუხია და 90-იანი წლების დასაწყისში, როცა შევარდნაძე საქართველოში ჩამოვიდა, ქალბატონ ლია ელიაავს ინფარქტი დაემართა, მისი წასვლილასას თქვენ გქონდათ გულზე პრობლემები მისი მმართველობის დასაწყისი და დასასრული ორი ადმიანის კარდიოგრამაზე აისახა…

იცი რა, მეც და ძალიან ბევრსაც დიდი იმედი გვქონდა შევარდნაძის. მერე და მერეც სულ მეგონა რომ რაღაცას გააკეთებდა, მაგრამ არფერი კარგი არ გაკეთდა, უფრო და უფრო უკან-უკან წავიდა საქმე, ბოლომდე დააჩოქა ქვეყანა და არაფერი სიკეთე არ დაგვიტოვა ჩვენ რომ რაღაცით პატივი ვცეთ, ან ენერგეტიკა მოეგვარებინა, ან გზები, ან რაღაცა გაეკეთებინა რომ გვეთქვა, აი ეს გააკეთა. ახლა ცოტა რაღაცა სულ რომ არ გააკეთოს პრეზიდენტმა, თვითონ გაკეთდება, ხალხი თვითონ აკეთებს, ყველაფერს თვითინ ხომ არ მიიწერს, არა? მე შევარდნაძეზე არაფერი ცუდი არ მითქვამს ერთი, ორი, ხუთი, შვიდი წლის მანძილზე, იმედი რომ მთლიანად გადამეწურა მერე ვთქვი, თორემ პრეზიდენტსაც უნდა დააცადო. ამ ახალგაზრდებსაც უნდა დავაცადოთ, თორემ ისე არ გამოვა, იმათი დანგრეული ქვეყანა, შენ უცებ ააშენეო. ასე ვერ ააშენებენ, აშენებას დიდი ფული და დრო უნდა. თუ არც ესენი ააშენებენ, არც ამათ დაინდობს ხალხი და ასე უფერულად, გალანძრულებიც წავლენ თავიანთი პოსტებიდან, ცოტა ოპტიმისტურად უნდა შევხედოთ. ძალიან ძნელია, ამ ვითარებაში, მთავრობამ ისეთი ეფექტური და მოულოდნელი რამ გააკეთოს, რომ ჩვენ უცბად ვიგრძნოთ, დავინახოთ შედეგი. დღეს მაგალითად გზა რომ კეთდება, ეს შესანიშნავი, დიდებული საქმეა. ჩვენ წინა პრეზიდენტებს რომ ცოტა ამაზეც ეფიქრათ და იმათ დაეწყოთ გზების კეთება, იგივე ენერგეტიკის აღორძინება, დღეს ჩვენ ასეთ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით. იმათ რომ არაფერი არ გააკეთეს, იმიტომ ვართ ასე ჩამორძჩენილები. რაღაცა ერთი გადაეწყვიტათ, ერთი ამბავი გაეკეთებინათ… კი „ვერ გააკეთეს“, არ გააკეთეს. ან იმდენი ტვინი და ცოდნა არა ჰქონდათ და უტვინოები იყვნენ, ან არადა ბოროტები, მავნებლები და ქურდები იყვნენ. იმდენის ქურდობა უნდოდათ, არაფერზე ფული არა რჩებოდათ რომ ქვეყნისთვის რამე გაეკეთებინათ. დღეს ესენი აკეთებენ, მაგრამ ხალხი მაინც უკმაყოფილო და გაბრაზებულია. არც ესაა გასაკვირი, იმიტომ რომ მანამდე  ჯამაგირს არ მივცემთ ხალხს იმდენს, რომ კაცს პურის ფული ჰქონდეს, შვილს ჩააცვას ფეხზე, წამალი უყიდოს, მანამდე ის მშიერი კაცი, ის უდიდესი ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა, რომელნიც შიმშილის ზღვარზე არიან მისულნი, ისინი ამას ვერ დაგიფასებენ და დიდად გახარებულნი არ იქნებიან. ამ მდგომარებასი მყოფ კაცს არ აინტერესებს თბილისიდან ბათუმამდე კარგი გზა მიდის თუ ცუდი და ნურც დავძრახავთ ამისთვის. მაგრამ რა ქნას მთავრობამ საიდან მისცეს ეს ჯამაგირი, პენსია? ვერ მისცემს სანამ არ გაჩნდება სამუშაო ადგილები, სანამ ფეხზე არ დადგება ეკონომიკა. ამას რა სჭირდება? ენერგეტიკა და გზები, დაიწყეს ამათ გზები და ვნახოთ..

თქვენი წარსულიდან რა გენატრებათ ხოლმე?

– ცხოვრებაში მე მიყვარდა შრომა და ქეიფი. არ მიყვარდა დიდი ქიფი, ბევრი ხალხი. მე მიყვარს, ათი-12 კაცი რომ შეიკრიბება.

ვინ იყვნენ ხოლმე თქვენი საყვარელი პარტნიორები სუფრაზე?

– ჩვენი თაობა – ეროსი, ნოდარ ჩხეიძე, ბადრი კობახიძე, კოტე მახარაძე, ედიშერ მაღალაშვილი, გურამ საღარაძე, კარლო საკანდელიძე… რამოდენიმე კაცი ვმღეროდით, არა გვიშავდა და ვქეიფობდით, სულ ანეგდოტები, სასაცილო ამბები, არავითარი ჩხუბი ჩვენს წრეში არ მომხდარა. მაგრამ ჩვენთვის ჯერ შრომა იყო და მერე ქეიფი, უნდა ჯერ გაგვეკეთებინა ჩვენი საქმე და მერე გვექეიფა. არ არსებობდა რომ ჩვენ სპექტაკლის წინ გვექეიფა და სცენაზე მთვრალი გასმოულიყო. თან კაცო, დილით რეპეტიცია გვქონდა, მერე კინოსტუდიაში გადაღებაზე გავრბოდით, საღამოს სპექტაკლს ვთამაშობდით, სპექტაკლის შემდეგ თუ რაიმე მიზეზი იყო ისეთი, რომ უნდა დავმჯდარიყავით და აგვეღნიშნა, ვიქეიფებდით დილამდე და დილით ისევ რეპეტიციაზე მოვიდოდით. ახლა რომ ვფიქრობ, რა ენერგია გვქონდა კაცო, როგორ ვძლებდით… პირდაპირ საოცარია. ახლა, მაგისნაირად ერთი დღე რომ გამაკეთებინა, მე ამ ქვეყნიდან წავიდოდი კიდევაც. ასეა, ჩვენი თაობიდან თეატრში აღარვინ დარჩა, მარტო თეატრი ხომ არ არის, ჩემი თაობის რამდენი საყვარელი კაცი, მეგობარი გვყავდა გვერდით, ჩირგო, თამაზ მელიავა, რა ვიცი რამდენი, ესენი ყველანი წავიდნენ, აღარავინ არის. ეჰ, ჩვენ ქართველებმა არც ღვინის სმა ვიცით ზომიერი და არაც ჭამა. საზღვარგარეთ 3-4 ჭიქას დალევენ და მორჩა, ჩვენ 3 ლიტრას არ ვკმარებდით, კაცო. ჩვენ რომ ღვინის სმის და ჭამის კულტურა გვქონოდა, დარწმუნებული ვარ რომ  წასული ხალხიდან 50% დღესახ ცოცხალი იქნებოდა… ჩვენი ტაობის ხალხი, ვინც დავრჩით, ხანდახან დავჯდებით ხოლმე, ვპურმარილობთ. ახლა უკვე ჭკვიანურად ვსვამთ, ისე აღარ ვიხოცავთ თავებს… აირწინაღით რომ მაქვს დალეული ღვინო ხომ იცით? ახლა აღარ ვსვამთ აირწინაღებით, აღარც ბოთებით დალევით ვცდილობთ ერთმანეთის გაკვირვებას და არც ბავშვის „გარშოკებს“ ვითხოვთ… ახლა მოგონებებით ვხოვრობთ, ხანდახან წავუღიღინებთ ხოლმე, ბებერი ხმებით. ოღონდ ბევრი ხალხში ქეიფი არ შემიძლია. აი, ქორწილი რომ არის და დამპატიჟებენ, არ ვიცი სად წავიდე თბილისიდან, მერე რომ ვთქვა არ ვიყავი და ამიტომ ვერ მოვედი მეთქი. უკვე აღარ შემიძლია ამის ატანა. დანაყრდები ნახევარ საათში, მეტი რამდენი უნდა ჭამო? მერე აღარ  იცი რა აკეთო. ისიც თუ ჭკვიანები არიან, კიდევ კარგი, თორემ თუ სროლა ატყდა და ბოთლების რაკა-რუკი, მაშინ ხომ სულ დამშვენებული მოდიხარ.

თქვენ წრეში არ ჩხუბობდით, მაგრამ ახალგაზრდობაში თუ მოხვედრილხართ ასეთ სიტუაცუაში, ბოთლების რაკი-რუკში“?

– როგორ არა, ხშირად… ხშირად… გამშველებლებიც ვყოფოივართ და ერთი მეორე. მახსოვს, დილის სპექტაკლი ვიტმაშეთ, საღამოსაც სპექტაკლი გვქონდა, ერთი ჩვენი მსახიობი, (აცხონოს ღმერთმა), გადაგვეკიდა, ხომ მაინც უნდა ვისადილოთ, წავიდეთ, კარგი პურ-მარილია გაშლილი, ნუ დავლევთ, უბრალოდ ვისადილოდ და წამოვიდეთო. ბოლო-ბოლო დაგვითახმა, წავედით. იმ სართულზე რომ ავედით, რაღაცა ხმაური შემოგვედსმა, კი არ გვსეიამოვნა, მაგრამ რაღას ვიზამდით? იმ კარებსაც მივადექით, გააღეს და დარბის დასისხლიანებული ხალხი, ერთმანეთს ურტყამენ, ვინ სკამს ურტყამს, ვინ ბოთლს ისვრის… აბა ჩავერიეთ, წავიდა გაშველება, რაც ჩვენ მოგხვდა იმ დღეს… სულ ღვინით დაწუწულებო, დასისხლიანებულები, დანგრეულები, დალეწილები, წამოვედით. ლუკმა ჩვენ არ გვიჭამია, დახეული პიჯაკებით შემოვედით თეატრში, გაგიჟდნენ თეატრში, სად იყავით კაცო, ომში? ახლაც, ავლაბარში, იმ სახლს რომ გავუვლი ისტერიული ხარხარი მიტყდება…

– ამ გადასახედიდან რაიმეზე თუ გწყდებათ გული, ან ისე თუ გატკინათ გული ვინმემ, რომელიც დღემდე გახსოვთ?

– რა არის იცით, პატარ-პატარა გულის ტკენები ყოველთვის ექნება ადამიანს. მაგრამ თვითონ ადამიანი უნდა ეცადოს, რომ რაღაცას გვერდი აუაროს და არ გააზვიადოს. თორემ, სულ პატარა წყენა შეიძლება ისე გააზვიადო, რომ მტრად გადაიკიდო ადამიანი, ან მტრად გაუხდე და მოსაკლავად გაიმეტო. კაცი, ხანდახან ისეთ გუნებაზეა, ისეთ სიტყვას იტყვის, დაუფიქრებელს, გაუზომელს და ამის მიხვედრის უნარიც უნდა გქონდეს რომ ეს შემთხვევითი ამბავია, რომ იმას გადაუვლის, ხვალ სხვა იქნება… უნდა დაუთმო კაცს. დიდი კონფლიქტები მე არავისთან არა მქონია. რა გითხრათ, მე ბედნიერი კაცი ვარ. ისე აეწყო ჩემი ცხოვრება რომ თეატრშიც სულ მუდამ როლებს მაძლევდნენ, მაძლევდნენ და მაძლევდნენ, კინოშიც, ისევ თვითონ მე თუ ვიტყოდი უარს თეატრის გამო და ვერ ვთამაშობდი, თორემ იქაც სამუშაო ყოველთვის მქონდა. თავიდან ტელევიზია  შეიქმნა და სულ მე და ეროსი ვიყავით ყველა დადგმაში, „მოცარტი და სალიერი“ იქ ვითამაშეთ, ბეთჰოვენი იქ ვითამაშეთ…. ასე რომ სამუშაო მე არ მომკლებია, ყელამდე მქონდა, იმდენი მქონდა რომ მეტი იყო უკვე, აღარ შეიძლებოდა იმის ატანა, ეს იყო ყველაზე დიდი ბედნიერება, მერე ის სპექტაკლები სადაც მე ვმიონაწილეობდი, კარგი სპექტაკლები იყო, ჯერ მიშა თუმანიშვილის დროს, მერე რობიკოს დროს, მთელი რიგი სპექტაკლებისა, რომნელიც ზედაზედ კარგი და კარგი იყო. ამდენი გასტროლი, ამდენი წარმატება… ჩემისთანა კაცი, როგორ შეიძლება რომ ნაწყენი ვიყო კიდე რამეზე? ხშირად მეკითხებიან, არის რამე როლი, რომ გინდოდათ გეთამაშათ და გული გწყდებათ რომ არ ითამაშეთო? არა კაცო, არა, როგორ შეიძლება, რა ღორმუცელობაა, კიდე როლი რომ მომენდომებინა?! არა ბატონო არ ყოფილა, პირიქით, ზედმეტად ვიყავი დატვირთული ყოველთვის და მადლობას ვუხდი ღმერთს ამისთვის.

%d bloggers like this: