ალბათ არ არსებობს ბავშვი, ჩუმად თავისთვის რომ მაინც არ ეოცნებოს კინოში გადაღებაზე. გიამბობთ მათზე – ვისაც ეს ოცნება აუხდა…. ბევრმა ამ ოცნების ახდენის შემდეგ მსახიობობა პროფესიად აირჩია, ბევრმა – არა და მაინც იღებდნენ კინოში, ბევრი ერთი როლის ამარა დარჩა…
ლეილა აბაშიძე
კინოსტუდია „ქაჯანას“ იღებდა და პატარა გოგონებს არჩევდა ქაჯანას დის – კატოს როლზე. მამით ობოლი პატარა ლეილა აბაშიძე (მამა 1937 წელს გადაუსახლეს და დაუხვრიტეს) კინოსტუდიაში „კასტინგზე“ მარტო წავიდა.
იქ კი ასობით პატრონიანი გოგონა დახვდა, კულულებით, დიდი ბაფთებით.
რეჟისორის ასისტენტებმა პატარა ლეილა „დაბრაკეს“ – უარით გამოისტუმრეს. პატარა ლეილა დახვეულ კიბეს ბიჭურად მოახტა და მეოთხე სართულიდან ძირს დაეშვა, დაეშვა და ერთი მამაკაცი კინაღამ ამოაყირავა. პატარა ლეილამ წაბორძიკებულ მამაკაცს, დავარდნილი ქუდი მიაწოდა.
– აქ რა გინდოდა გოგონა? – ჰკითხა მამაკაცმა.
– მე კინოში მინდოდა გადაღება, მაგრამ უარი მითხრეს – უპასუხა ლეილამ.
– ძალიან გინდა გადაღება?
– ძალიან, ძალიან. – გამოუტყდა გულდაწყვეტილი ლეილა.
– აბა წამოდი! – უთხრა მამაკაცმა… ის კინაღამ ამოყირავებული მამაკაცი ფილმის რეჟისორი კონსტანტინე პიპინაშვილი აღმოჩნდა…
პატარა ლეილა ნატა ვაჩნაძის, ვერიკო ანჯაფარიძისა და სპარტაკ ბაღაშვილის გვერდით აღმოჩნდა. დედის როლს ნატა ვაჩნაძე თამაშობდა და პატარა ლეილამაც დედასავით შეიყვარა ნატა ვაჩნაძე. ნატა ვაჩნაძე პატარა მსახიობს არც გადაღებების დამთავრების შემდეგ აკლებდა მზრუნველობას, საჩუქრებით ხელდამშვენებული ხშირად აკითხავდა ღარიბულ ბინაში… სხვათაშორის, ბინა პატარა ლეილამ სწორედ „ქაჯანაში“ აღებული ჰონორარით შეიძინა – 12 კვადრატულ მეტრიანი პატარა ოთახი ვერის ბაღთან, იმიტომ რომ მამის დამაპტიმრების შემდეგ ოჯახს კონფისკაცია გაუკეთეს და უსახლკაროდ იყვნენ…
როგორც ჩანს, კონსტანტინე პიპინაშვილი თავისი არჩევანით კმაყოფილი დარჩა, რადგან შემდეგ 15 წლის ლეილა „ოქროს ბილიკშიც“ გადაიღო, შემდეგ „აკაკის აკვანშიც“ – ნაზიბროლას როლში. მოგვიანებით კი უკვე აღიარებული კინოვარსკვლავი მთავარ როლში გადაიღო ფილმში „სად არის შენი ბედნიერება, მზია“…
ლეილა აბაშიძემ რომ თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა, უკვე გამოცდილი მსახიობი იყო – სამ ფილმში გადაღებული….
ლიანა ასათიანი
ლიანა ასათიანი მსახიობობაზე მას შემდეგ ოცნებობდა, რაც 6 წლისა ოპერაში წაიყვანეს…. ბედნიერმა შემთხვევამ კი მოგვიანებით ნატვრა აუსულა – 15-იოდე წლისას შემთხვევით ქუჩაში გადააწყდნენ და კინოში გადასაღებად მიიწვიეს – „გიორგი სააკაძეში“ თეკლას როლზე დაამტკიცეს.
პატარა გოგონა უცებ ტიტანების გარემოცვაში აღმოჩნდა
„აკაკი ხორავა, სპარტაკ ბაღაშვილი, ჟორა შავგულიძე, აკაკი ვასაძე, ვერიკო ანჯაფარიძეზე ხომ აღარაფერს ვამბობ – გვაბოდებდა, ფეხდაფეხ დავყვებოდით ბავშვობაშიც და მერეც, ეტყობა ადამიანის წრაფად ეჩევა ყველაფერს, ამ პატარა კურკა გოგომ ისე მივიღე ეს ყველაფერი – თითქოს ასეც უნდა მომხდარიყო“ – იხსენებს ლიანა ასათიანი.
მაგრამ… ვერც კამერამ, ვერც დიდებულმა გარემოცვამ და ვერც მოსალოდნელმა წარმატებამ თავბრუ ვერ დაახვია ლიანა ასათიანს. ვერ დაახვია, რადგან იცოდა რომ ვერასოდეს მივიდოდა ვერავისთან და ვერ სთხოვდა კინოში გადამიღეთ, მიჭირსო… არადა ამ თხოვნით მიხეილ ჭიაურელთან მისული არაერთი მსახიობი ნახა… ის მსახიობები, ვის სურათებსაც დიდი რუდუნებით აგროვებდა… ამიტომ მყარი და შეუდავებელი პროფესია ამჯობინა – სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარა…
„როდესაც „გიორგი სააკაძე“ ეკრანზე გამოვიდა, მეორე კუსრზე გადავდიოდი სამედიცინო ინსტიტუტში, ხალხს რომ ხშირად არ შევჩეხებოდი აკადემიური ავიღე, სულ ვფქირობდი, აი სახურავებით სიარული რომ შეიძლებოდეს – აკადემიურს არ ავიღებდი და წელს არ დავკარგავდი მეთქი. ახლა აღარავინ აქცევს ყურადღებას, თორემ მაშინ ნიშა ძაღლივით ყველა გვცნობდა, ჯერ ამდენი არ მესმოდა, მაგრამ ქვეშეცნეულად ვგრძნობდი, რომ სულ არენაზე ვიყავი ცხოვრებაში და გამუდმებით ფორმაში უნდა ვყოფილიყავი… შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ იმ სახელის ღირსად არ ვთვლიდი თავს, რაც მე ამ ფილმებმა მომცა გარეგნობის თვალსაზრისით და არ მინდოდა რომ ასე ვიზუალურად შევხვედროდი მაყურებელს…“ – ამბობს ლიანა ასათიანი.
ლიანა ასათიანი თვალის ექიმი გახდა, მაგრამ კინო მაინც დარჩა მისი ცხოვრების ნაწილად – მეტიც კინოვარსკვლავი გახდა.
ნანული სარაჯიშვილი
10 წლის იყო ნანული სარაჯიშვილი ეკრანებზე რომ „მანანა“ გამოვიდა და უცებ სუპერ-პოპულარული გოგო გახდა საქართველოში. აგერ უკვე ლამის ნახევარი საუკუნეც გავიდა „მანანას“ გადაღებიდან და ნანული სარაჯიშვილს დღემდე ისევ მანანად იცნობენ, მიუხედავად იმისა რომ მას შემდეგ ოცამდე ფილმში გადაიღეს.
პატარა ნანული კინოში რეზო ჩხეიძის წყალობით მოხვდა – რეზო ჩხეიძემ ერთ-ერთ ოჯახში სუფრაზე ნახა და ცალკე მშობლებს ურჩია ბავშვის კინოსინჯებზე მიყვანა, ცალკე კიდევ რეჟისორებს – ამ როლისთვის ზედგამოჭრილი იქნებაო.
ნანული 1500 პოტენციურ მანანას შორის აარჩიეს. აარჩიეს და პატარა გოგომ თავი ზღაპარში ამოყო – სესილია თაყაიშვილის, სანდრო ჟორჟოლიანის, მედეა ჩახავას, იპოლიტე ხვიჩიას გვერდით. სწორედ სესილიას დაჟინებული რჩევით ჩააბარა ნანული სარაჯიშვილმა თეატრალურ ინსტიტუტში. „ნივკოემ სლუჩი“, შენ სხვაგან არ უნდა ჩააბარო – უთქვამს სესილიას თავის ეკრანული „შვილიშვილისთვის“. ნანული სარაჯიშვილს „მანანას“ შემდეგ სრული 15 წლიანი პაუზა ჰქონდა, მერე კი… ახტაჯანა მანანა ახტა და პირდაპირ „ბოზობაზე“ გადახტა – გიორგი შენგელაიამ „ვერის უბნის მელოდიებში“ ტურფა ათამაშა…
ზურაბ ყიფშიძე
აი, ზურა ყიფშიძეს კი არც მეტი არც ნაკლები კინოში საქმე ცხენმა „ჩაუწყო“. პატარა ზურა მთელ დღეებს იპოდრომზე ატარებდა და ასაკის კვალობაზე საკმაოდ კარგად დაჯირითობდა. იმ ხანად გიორგი შენგელაია „მაცი ხვიტიას“ იღებდა და სწორედ ისეთ ბიჭუნას ეძებდა, ვინც ცხენს დააქროლებდა. პატარა ზურა იპოდრომზე იპოვეს და პატარა კოჭოიას როლზე აიყვანეს.
„მაცი ხვიტია“ რომ ეკრანებზე გამოვიდა ზურა უკვე 13 წლის იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა, მაგრამ გამოაგდეს, ბოჰემური ცხოვრებისა და ბევრი გაცდენების გამო – შოთა და ნოდარ მანაგაძეები „წუთისოფელში“ იღებდნენ, კომკავშირელი აფრასიონის როლში. მაშინ თეატრალური ინსტიტუტის რეაქტორი კაგებეს პოლკოვნიკი თავაძე იყო, დაიბარა ზურა და ზურას დედა – ქალბატონი ელენე ყიფშიძე. როგორც ზურა იხსენებს, თავაძეს შეურაცხყოფაც მიუყენებია ლენასთვის. ზურას ვერ მოუთმენია და სამელნე უსვრია რექტორისთვის. ჰოდა, გამოაგდეს. მეორე წელს თავიდან ჩააბარა, მიშა თუმანიშვილმა აიყვანა, მაგრამ ისევ კინო „აუძღვა“ – ამჯერად უკვე ლანა ღოღობერიძე იღებდა „როცა აყვავდა ნუშში“ – თან მთავარ როლში და ისევ აცდენდა და აცდენდა ინსტიტუტს და ისევ მოუწია ინსტიტუტის დატოვება. მესამედ უკვე მოსკოვის კინოინსტიტუტში ჩააბარა გერასიმოვთან, მალე კი ეკრანებზე „როცა აყვავდა ნუში“ გამოვიდა და ზურა ყიფშიძე 19 წლის ასაკში ნამდვილი კონოვარსკვლავი გახდა. ამ ეტაპისთვის მას ვარსკვლავობის 38 წლიანი სტაჟი აქვს…
ნანი ჩიქვინიძე და მიხო ბორაშვილი
„მაგდანას ლურჯა“ რომ ეკრანებზე გამოვიდა, ნანი ჩიქვინიძე სულ 5 წლის იყო, მიხო ბორაშვილი – 7 წლის. ფილმის გადაღება რომ დაიწყეს – მიხო ახალი მისული იყო სკოლაში, ნანი კი ჯერ ოთხიწლინახევრის იყო.
კატოს როლის შემსრულებელს თენგიზ აბულაძე და რეზო ჩხეიძე საბავშვო ბაღებში დაეძებდნენ. ასე მოხვდნენ ერთ-ერთ ბაღში, სადაც ნანის ნათესავი მუშაობდა. რეჟისორებმა იმ ბაღში ნანახი გოგოები დაიწუნეს, ნანის ნათესავმა რეჟისორებს შებედა, ჩემი ნათესავი ნახეთო. შებედვით კი შებედა, მაგრამ მისამართი შეცდომით მისცა და რეჟისორებმა ნანის ვერ მიაგნეს… ნანის დედამ ეს ამბავი ერთი თვის დაგვიანებით გაიგო. დაინტერესდა და მხატვარ რეზო თარხან-მოურავს კინოსტუდიაში გაატანა. როლზე უკვე სხვა გოგონა იყო დამტკიცებული, მაგრამ დიდად კმაყოფილები არ იყვნენ, ნანიც გასინჯეს – ამღერეს, ლექსი ათქმევინეს და შინ გაუშვეს. შინ მისულმა ნანიმ დაიტრაბახა – იქ ჩემზე ასე თქვეს – რა შედარებააო. ერთ საათში მიაკითხეს, პატარა ნანი წაიყვანეს და როლზე დაამტკიცეს. გადაღებები დაიწყო, თენგიზ აბულაძემ და რეზო ჩხეიძემ ნანი და მიხო „გაინაწილეს“ – ნანი აბულაძეს აეწეპა, მიხო – რეზო ჩხეიძეს.
პატარა არტისტები იღლებოდნენ მაგრამ მუშაობა საოცრად სიამოვნებდათ.
არავის ეგონა რომ პატარა ნანი და პატრა მიხო თავად შესძლებდნენ გახმოვანებას და გახმოვანებისთვის მოზარდმაყურებლთა თეატრიდან მიიყვანეს მსახიობები. მერე ბავშვები სინჯეს და აღარავინ დაასჭირდათ, პატარა მსახიობები პირველივე ცდაზე სვამდნენ ტექსტს. ერთადერთხელ გაწვალდნენ – პატარა მიხოს ვერ ატირებდნენ, მერე რაღაც უთხრეს მშობლებზე და აატირეს… პატარა ნანის კი ერთხელაც რომ უთხრეს ეს წინადადება გაიმეორეო, „მსახიობმა“ იკითხა – ამას ვფიქრობ თუ ვამბობ?..
პატარა ნანის და მიხოს არტისტობით რომ ნამდვილად მოიხიბლნენ თენგიზ აბულაძე და რეზო ჩხეიძე, ეს შემდგომი ფილმებიდანაც ჩანს.
თენგიზ აბულაძეს საერთოდ ნანის და მიხოს მონაწილეობით უნდოდა ახალი ფილმის გადაღება და გადაიღო კიდეც – „სხვისი შვილები“, ფილმისთვის სიუჟეტს „კომსომპლასკაია პრავდაში“ გადააწყდა. „სხვისი შვილების“ გადაღების დროს ნანი უკვე 7 წლის გოგონა იყო, მიხო ბორაშვილი – 9 წლის.
„სხვისი შვილების“ გადაღებამდე ნანი რეზო ჩხეიძემ „ჩვენს ეზოში“ გადაიღო.
თენგიზ აბულაძემ თავისი არტისტი ნანი არც შემდეგ დაივიწყა „მე, ბებია ილიკო და ილარიონს“ რომ იღებდა და 13 წლის ნანის მოწაფის როლი ათამაშა. აბულაძემ არც მიხო ბორაშვილი დაივიწყა და რომული ათამაშა.
მიხო ბორაშვილი არც რეზო ჩხეიძემ დაივიწყა – „ღიმილის ბიჭების“ გადაღებისას. 21 წლის მიხო ბორაშვილს თავიდან თემურის როლზე სინჯავდნენ, მერე კახა ქორიძე იპოვეს, მიხოსთვის რომ გული არ დაეწყვიტა, ბაადურის როლი მისცა…
ნანი ჩიქვინიძემ სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტს მიაშურა. თუმანიშვილის სტუდენტი გახდა, შემდეგ თუმანიშვილის ასისტენტის – თემურ ჩხეიძის ცოლი და რაც მთავარია ქართული თეატრის წამყვანი მსახიობი… მიხო ბორაშვილი დოკუმენტური კინოს რეჟისორი – გადაღებული აქვს ათზე მეტი დოკუმენტური ფილმი…
ლევან აბაშიძე და ნუცა ალექსი-მესხიშვილი
ლევან აბაშიძე 15 წლის იყო, როდესაც ეკრანებზე გამოვიდა ლანა ღოღობერიძის ფილმი „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, სადაც ლევანი სოფიკო ჭიაურელის გმირის შვილს ანსახიერებდა.
ვინ აღმოაჩინა ლევან აბაშიძე? ქართული კინო მის აღმოჩენას ლანა ღოღობერიძის უმცროს ქალიშვილს ნუცა ალექსი-მესხიშვილს უნდა უმადლოდეს – ლევანზე სამი წლით უმცროსმა ნუცამ დედას პირდაპირ ულტიმატუმი წაუყენა – თუ ლევანს არ გადაიღებ, ნურც მე გადამიღებო.
ამ დროს, ნუცა უკვე „გამოცდილი“ მსახიობი იყო – გივი ვეფხვაძეს უკვე გადაღებული ჰყავდა მოკლემეტრაჟიანი ფილმ „ბავშვებში“, სადაც ის პარტნიორობას უწევდა ეროსი მანჯგალაძეს. მოკლედ, ლევან აბაშიძეს დაქალმა „ჩაუწყო“ საქმე კინოში.
„გადასაღებ მოედანზე პირველად მეშვიდეკლასელი მოვხვდი, როგორც ამბობენ „ნაცნობობით“, ვმეგობრობდი ლანა ღოღობერიძის ქალიშვილთან, ნუცა ალექსი-მესხიშვილთან. ქალბატონი ლანა იღებდა ფილმს „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“. ჰოდა, აი ამ ფილმში, მე შევასრულლე მთავარი გმირის შვილის როლი…“ – მოგვიანებით იხსენებდა ლევან აბაშიძე.
რიგორც დედამისი, მანანა ხიდაშელი იხსენებს, გადაღების წინა რამე ლევანს თეთრად გაუთენებია ფანჯარასთან. თურმე იცით რატომ? ეშინოდა ამინდი არ გაფუჭებულიყო…
ლევან აბაშიძე შემდეგ დევი აბაშიძემ გადაიღო ფილმში „ყველა კომეტა როდი ქრება“, იქ უკვე თენგიზ არჩვაძის ვაჟს თამაშობდა, შემდეგ „სკაპენის ოინებში“ გადაიღეს, შემდეგ „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობაში“ გიორგი შენდეგალაიამ მთავარი როლი მიანდო. იმ დროს ლევანი უკვე თეატრალურ ინსტიტუტში მიხეილ თუმანიშვილის სტუდენტი იყო და მეორეკურსელი უკვე კინომსახიობთა თეატრში თამაშობდა „ჩვენს პატარა ქალაქში“. ლევან აბაშიძე ქართული კინოს კაშკაშა ვარსკვლავი გახდა – აფხაზეთის ომში ტრაგიკულად დაღუპვამდე 14 ფილმში გადაიღეს…. კინოში გამოჩნდა 15 წლის, დაიღუპა 29 წლის…
ნუცა მესხიშვილი დედამ – ლანა ღოღობერიძემ „ორომტრიალშიც“ გადაიღო, მაგრამ იმ დროს ნუცა უკვე სამხატვრო აკადემიის სტუდენტი იყო. ქალბატონმა ლანამ რომ „ვალსი პეჩორაზე“ გადაიღო, ნუცა ფილმის მხატვრის ამპლუაში იყო. შემდეგ კი მთლად კინოს დაუკავშირა ბედი – პარიზში მიიღო კინოსარეჟისორო განათლება და სულ ახლახანს მისმა გადაღებულმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა „ბედნიერებამ“ სპეციალური პრიზიც დაიმსახურა ვენეციის ფესტივალზე.
სერგო ორჯონიკიძე და მანანა აბაზაძე
ზურიკელას როლის შემსრულებელს (ფილმისთვის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“) დიდხანს ეძებდა თენგიზ აბულაძე. ბოლოს მას უნივერისტეტის „ბირჟაზე“ მიაკვლიეს. 14 წლის სერგო ორჯონიკიძე უნივერსიტეტის წინ იდგა და ფიქრობდა, სკოლაში წასულიყო თუ უნივერსიტეტში შესულიყო და ევარჯიშა? _ ტანაშოტილი ბიჭი იყო უკვე – 183 სანტიმეტრი და კალათბურთში ვარჯიშობდა. სწორედ ამ დროს მივიდნენ მასთან თენგიზ აბულაძის ასისტენტი თამაზ გომელაური და თანაშემწე ალიკა რონდელი, კინოში გადაღება შესთავაზეს და კინოსტუდიაში დაიბარეს. სერგოს ერთი მეზობელი კინოში ჰყოლიათ მიწვეული და სერგოც იმ წამს იმასთან გავარნილა, გამოუკითხავს, იქ რა ხდება ხოლმეო? მეზობელს უთქვამს, ლექსს წაგაკითხებენო და სერგოც სახლში გაქცეულა, გადაუმეორებია გურამიშვილის „ისმინე სწავლის მძებნელო“ და კინოსტუდიაში გავარდნილა… გავარდა და წაუკითხა გადამღებ ჯგუფს ლექსი. იცინოდნენ. მერე ფილმის მხატვარმა დამწვარი ასანთით ულვაშები მიახატა, სურათები გადაუღეს. მეორე დღისთვის დაიბარეს, თან გააფრთხილეს ჯერ სახლში ნურაფერს იტყვიო. სერგომ გაიგო რომ მთავარ გმირს ეძებდნენ „მე, ბებია, ილიკო და ილარიონისთვის“ და ყურები ჩამოყარა, აბა მე ვინ გადამიღებსო. მას სხვანაირად წარმოედგინა – სადმე კადრში გაირბენდა და მერე ძმაკაცებში იტრაბახებდა – აი მე ვარო… აქ კი მთავარი როლი… მეორე დღეს მისულს მაგიდაზე უამრავი „ზურიკელას“ ფოტო დახვდა… მაგრამ მოხდა მისთვის სასწაული – თენგიზ აბულაძემ მისი ფოტო გულის ჯიბიდან ამოიღო… სახლში სცენარიც გამოატანეს – ზურიკელას ეგზემპლარი… სერგო სახლში გაფრინდა, მაგრამ ჯერ წინ სინჯები იყო.
გადაიღეს რამდენიმე სცენაში, იღებდნენ სხვებსაც. ბოლოს სამხატვრო საბჭოზე სერგოს და გოგი ქავთარაძის სინჯები გაიტანეს. გოგი ქავთარაძე უკვე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო და ბევრად გამოცდილიც, მაგრამ აბულაძემ სერგო ორჯონიკიძე აირჩია… მაისის თვეში გადაღებაზე ლეჩხუმის სოფელ ლაილაშში გავიდნენ. სერგო-ზურიკელამ გაილაღა. აბულაძე განწყობის შესაქმნელად პატარა ბიჭს ანეგდოტებს უყვებოდა. გადაღების დაწყებისას კი ახსენებდა ის ანეგდოტი ხომ გახსოვსო… ერთხელ სერგო-ზურიკელას კადრში დროზე ვერ გაურბენია და აბულაძეს საჯაროდ დაუძახია – „ზურიკელა დურაკ“. რასაც პატარა არტისტზე ისე უმოქმედია, გაქცეულა და ტირილი დაუწყია…
ფილმს კი იღებდნენ, მაგრამ მერი ისევ არ ჰყავდათ… ლამის თბილისში ვინც კი გოგო იყო 12 წლიდან 20 წლამდე ყველა მივიდა და ყველა დაიწუნეს. თავიდან თინიკო მგალობლიშვილს სინჯავდნენ, მაგრამ ეკრანზე სამხრეთამაერიკელს გავდა, როლზე ლია სიხარულიძე დაამტკიცეს, მაგრამ უკმაყოფილო იყვნენ, ბოლოს მერის – მანანა აბაზაძეს ბიჭვინთაში გადასაღებ მოედანზე მიაგნეს. რუსი რეჟისორი ფილმ „შავ თოლიას“ იღებდა კუბის რევოლუციაზე, 12 წლის მანანა აბაზაძე კუბელ გოგონას თამაშობდა. გამოკითხეს გვარი, სახელი, მისამართი, სურათი გადაუღეს და მაშინვე შესთავაზეს ჩვენთან წამოდი გადაღებაზეო. მანანამ „კინოზვეზდასავით“ იუარა, არა, ჯერ ეს ფილმი უნდა დავამთავროო… მაგრამ აბულაძე მანანას მშობლებს მოელაპარაკა და მანანა ბუზღუნ-ბუძღუნით წამოიყვანეს ბიჭვინთიდან… მანანა აბაზაძე დედით რუსია, 9 წლამდე რუსეთში ცხოვრობდა და ქართულიც არ იცოდა, აბულაძემ მასთან რუსულად დალაპარაკება ყველას სასტიკად აუკრძალა და 2 წელიწადში მანანა ქართულად ალაპარაკდა…
მანანა აბაზაძემ სერგო ორჯონიკიძე რომ ნახა – არ მოეწონა, როგორც თავად გაიხსენებს ძაღლი და კატასავით იყვნენ. აბულაძე კი მათ ცოლ-ქმრობისთვის ამზადებდა. სერგოს ეუბნებოდა – შენ მანანას მოიყვან ცოლად! მანანას ეუბნებოდა – ზურიკელას გაჰყვები ცოლად!
თენგიზ აბულაძე სერგოს არასოდეს ეძახდა სერგოს, მუდამ ზურიკელას ეძახდა და ტიტრებშიც ასე ჩაუწერა… იმ დროს ეს რასაც ნიშნავდა, ხვდებით ალბათ…
ზურიკელასთვის ყველაზე რთული ფილმის ბოლო სცენები იყო, სადაც ზურიკელა უკვე სტუდენტია. ამ სირთულის დაძლევაში მას თენგიზ აბულაძე დაეხმარა – ფილმს ქრონოლოგიური პრინციპით იღებდა და სერგოც ზურიკელასთან ერთად იზრდებოდა… აბულაძე „ზურიკელას“ და „მერის“ გვერდიდან არ იშორებდა და ყველას აცნობდა, ესენი ჩემი გმირები არიან, მომავალი ცოლ-ქმარი არიანო. არადა, ბავშვები არაფერს აპირებდნენ – მანანას სხვა ბიჭები მოსწონდა.
მანანა აბაზაძეს ზურიკელა მაშინღა მოეწონა როცა ეკრანზე ნახა, მაშინღა უფიქრია უი რა კარგი ბიჭიაო, ატირებულა და ჩახვევიან ერთმანეთს „ზურიკელა“ და „მერი“… და საბოლოოდ შესრულდა კიდეც აბულაძის ვერდიქტი – ისინი დაქორწინდნენ…
აბულაძე თავის ზურიკელას და მერისთვის ფილმის გადაღებას აპირებდა, როგორც თავის დროზე გადაიღო ნანი ჩიქვინიძისთვის და მიხო ბორაშვილისთვის „სხვისი შვილები“… ზურიკელას კინორეჟისორობისთვისაც ამზადებდა… მაგრამ ზურიკელამ საბოლოოდ ექიმის პროფესია აირჩია… მანანა აბაზაძე მოცეკვავე გახდა… აბულაძე თავის ნაპოვნ მსახიობებს სხვა რეჟისორებისთვის ვერ იმეტებდა და არ უშვებდა რომ სხვასთან გადაეღოთ. 4 წლის შემდეგ მანანა აბაზაძე გიორგი შენგეალაისთან წავიდა – „მაცი ხვიტიაში“ ეკა ითამაშა, რამაც ბზარი გააჩინა მათ ურთიერთობაში…
ლიკა ქავჟარაძე და სოსო ჯაჭვლიანი
ლიკა ქავჟარაძე 12 წლის იყო, საშა მაიოროვმა რომ შენიშნა ქუჩაში და კინოში გადასაღებად დაიბარა. პირველად ლიკა ქავჟარაძე მოკლემეტრაჟიან ფილმ „შადრევანში“ იხილა მაყურებელმა. შემდეგ ლანა ღოღობერიძის ფილმში „როცა აყვავდა ნუშშიც“ გაიელვა თაიგულით ხელში. 13 წლის ლიკა ლიანა ელიავამ კომედია „მშვენიერ კოსტუმში“ გადაიღო ელისოს როლში, შემდეგ მუსიკალურ ფილმში „სიყვარული ივერია და…“ – გადაიღეს, შემდეგ „ნატვრის ხეში“ გადაიღო აბულაძემ და… 16-იოდე წლის ლიკა ქავჟარაძე იქცა ხატებად – თაობების ნატვრის ქალად…
ლიკა ქავჟარაძის მარიტაზე შეყვარებულ გედიას მისი თანატოლი სოსო ჯაჭვლიანი თამაშობდა. სხვათაშორის, სოსო ჯაჭვლიანი და ლიკა ქავჟარაძე შემდეგ „კავკასიურ რომანსშიც“ გადაიღეს (ეს ფილმი „ნატვრის ხეზე“ ადრე გამოვიდა ეკრანებზე), სოსო ჯაჭვლიანის გმირი იაქც უგონოდაა შეყვარებული ლიკა ქავჟარაძის გმირზე, ერთხელ მოიტაცებს, წაართმევენ, მეორედაც მოიტაცებს, მაგრამ ხელში შეყვარებულის ნაცვლად ბებიამისი შერჩება… ჯაჭვლიანის გმირი თავის მოკვლას გადაწყვეტს, მაგრამ ისევ სატრფო იხსნის – „ბაბუშკას“ გაკოჭავს და შეყვარებულთან ერთად გაიპარება…
სოსო ჯაჭვლიანი გადასაღებ მოედანზე 15-16 წლის მოხვდა, შემდეგ თეატრალური ინსტიტიტი დაამთავრა, დღემდე 20-ზე მეტ ფილმშია გადაღებული, 21-ე საუკუნეში კინორეჟისორობასაც მოჰკიდა ხელი, ბოლოს „სვანი“ გადაიღო.
ლიკა ქავჟარაძეს კი წარმატებული კინოკარიერის მიუხედავად, არ ჩაუბარებია თეატრალურ ინსტიტუტში – ნიჭიერთა ათწლედის დასრულების შემდეგ კონსევატორია დაამთავრა. მუსიკას ასწავლიდა და თავად იყო ქალი – მუსიკა… გადაღებულია 20-ზე მეტ ფილმში.
გელა ჭიჭინაძე – სოსოსია
გელა ჭიჭინაძე გია ფერაძესთან მეგობრობდა, გიამ პიონერთა სასახლეში დრამწრეში წაიყვანა. მთავარი როლი მისცეს, მერე რეჟისორმა ანზორ ქუთათელაძემ მარჯანიშვილის თეატრში მიიწვია – „ჯარისკაცის ქვრივში“ ზურიას თამაშობდა – დოდო ჭიჭინაძის სცენური შვილი იყო წელიწადზე მეტხანს და აი, მის კარზე კინომაც დააკაკუნა.
სკოლაში ლანა ღოღობერიძის ასისტენტი მივიდა, „სოსოიას“ ეძებდა – „მე ვხედავ მზისთვის“. ასისტენტს გელაზე მიასწავლეს – არტისტობსო. 15 წლის გელა კინოსტუდიაში სინჯებზე დაიბარეს, უღეს და უღეს სინჯები, ხან რა გრიმს უკეთებდნენ, ხან რა გრიმს, ხან რას აცმევდნენ, ხან რას, ხან რის გაკეთებას ავალებდნენ, ხან რისას, ისიც გულმოდგინედ აკეთებდა – კინოში მოხვედრის დიდი სურვილით. 2 თვე არაფერი იცოდა, მერე დაურეკეს და უთხრეს დამტკიცებული ხარ როლზეო. ბრახ და გადასაღებ მოედანზე აღმოჩნდა და… და დაატყვევა ეკრანული „მამიდის“ – ლია ელიავას სილამაზემ. ფილმში მთელი ქართული კინოს ელიტა იყო დაკავებული – სესილია თაყაიშვილი, თენგიზ არჩვაძე, სპარტაკ ბაღაშვილი, იპოლიტე ხვიჩია, კაკო კვანტალიანი, ელენე ყიფშიძე, დუდუხანა წეროძე, სანდრო ჟორჟოლიანი, გოგი გეგეჭკორი…
გადასაღებ მოედანზე აღარავის არც მსახიობებს და რეჟისორს და აღარც თავად გელას აღარ ახსოვდათ რომ გელა ერქვა, ყველა სოსოიას ეძახდა.
პირველად არაყიც გადასაღებ მოედანზე „ახუხინეს“ – თევზაობის სცენას სოხუმთან იღებდნენ, წყალი გაყინული იყო და პატარა ბიჭს სციოდა, თენგიზ არჩვაძის და „სოსოსიას რუსის“ – რუსი მსახიობ გლებ სტრიჟენოვის მოთხოვნით გელას არაყი დაალევინეს…
ხატიას როლის შემსრულებელი ლეილა ყიფიანი ჯერ კიდევ სინჯებისას გაიცნო და დანახვისთანავე შეუყვარდა, ახალციხეში გადაღებების დროს სიყვარულიც აუხსნა, ლეილამ სიტყვა ბანზე აუგდო – სიცილში „გაუტარა“… ნახევარი ფილმი ისე გადაიღეს „სოსოია“ და „ხატია“ ერთმანეთს ხმას არ სცემდნენ… მხოლოდ მოსკოვის ფესტივალზე, ფილმის პრემიერის დროს შერიგდნენ…
„სოსოიას“ მერეც იწვევდნენ ფილმებში, მაგრამ უარს ამბობდა – სოსოიად დარჩა და აღარც მსახიობობა გააგრძელა – სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტი დაამთავრა. მთელი ახალგაზრდობა თბილისის ხატვას შეალია…
ღიმილის ბიჭები
კახა ქორიძე პირველად კინოში რეზო ესაძემ გადაიღო, მაგრამ ის ფილმი („ერთხელ“), ანტიეროვნულ ნამუშევრად გამოაცხადეს და კადრიც კი არ დატოვეს მისგან. მაშინ კახა ქორიძე ათიოზე წლის ბიჭუნა იყო. მერე კი, რეზო ჩხეიძემ „ღიმილის ბიჭებში“ – თემურის როლზე…
ამ ერთი ფილმით შევიდა ის ქართულ კინოში. მიუხედავად იმისა რომ მას ხშირად იწვევდნენ კინოში… შემდეგ კინოში ორი ფილმის დამდგმელი მხატვარი იყო, კინომსახიობთა თეატრშიც მოღვაწეობდა გარკვეული პერიოდი მხატვრად…
„ჭკუისკოლოფა“ – ნუგზარ ბაგრატიონი თეატრალურ ინსტიტუტში აბარებდა რეზო ჩხეიძემ რომ როლზე აიყვანა. ეს როლი მისი ერთადერთი კინოროლი აღმოჩნდა – მიუხედავად იმისა რომ სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ნუგზარ ბაგრატიონმა სარეჯისოროზე განაგრძო სწავლა და თეატრის რეჟისორი გახდა.
მის ცხოვრებაში „ღიმილის ბიჭები“ გადამწყვეტი აღმოჩნდა – სწორედ მაშინ შეუყვადათ ერთმანეთი ლეილა ყიფინას და ნუგზარ ბარგატიონს… თუმცა, ნუგზარ ბაგრატიონი ჯერ კიდევ 51-ე სკოლაში სწავლობდა, იქვე მცხოვრებ ლეილა ყიფიანი რომ შეამჩნია, მერე ლეილა ყიფიანი ლანა ღოღობერიძემ „მე ვხედავ მზეში“ გადაიღო, მერე ერთ ფილმში აღმოჩნდნენ… ნუგზარ ბაგრატიონს თვალი მამამისმა პეტრე გრუზინსკიმ აუხილა – ნახე რა ლამაზი გოგოა, ყურადღებას რატომ არ აქცევო… მერეც პეტრე გრუზინსკიმ გამოიტანა ვერდიქტი – ეს გოგო ჩემი რძალი უნდა გახდეს! გახდა კიდეც – „ღიმილის ბიჭების“ გამოსვლიდან 2 წელიწადში, ლეილა ყიფიანმა და ნუგზარ ბაგრატიონმა ჯვარი დაიწერეს სვეტიცხოველში…
ბიძინა ჩხეიძე 16 წლისაც არ იყო, მამამ – რეზო ჩხეიძემ ბეთხოვენას როლზე რომ დაამტკიცა „ღიმილის ბიჭებში“… თუმცა, ბიძინა ჩხეიძის გადაღება მამის ინიციატივა არ ყოფილა – სცენარის ავტორმა სულიკო ჟღენტმა უთხრა რეზო ჩხეიძეს – ბეთხოვენა ასეთად წარმომიდგენიაო. მსახიობი მოგვიანებით იტყვის, რომ მამა ძალიან დაეხმარა როლის შექმნაში – უხსნიდა, აჩვენებდა, როგორ უნდა ებღავლა… ბიძინა ჩხეიძე კინოს მსახიობი და რეჯისორი გახდა. გადაღებულია ათზე მეტ ფილმში, გადაღებული აქვს ათი ფილმი…
გოჩა ლომია კინოში ჭიჭყინმა მოახვედრა. იდგა და კალათბურთის მოედანზე ჭიჭყინებდა როცა „ღიმილის ბიჭების“ გადამღები ჯგუფის წევრებმა შეამჩნიეს.
უკითხავთ რა უნდა გამოხვიდეო და 14 წლის ბიჭს სხარტად უპასუხნია – მე? კონტრრაზვეტკა!
გოჩა ლომიას გამოჩენამდე ბოლოკას როლისთვის თაზო თოლორაიას ამზადებდნენ. ლომია რომ გამოჩნდა, თაზო თოლორაია ლევანის როლზე დაამტკიცეს. თაზო თოლორაიას რეზო ჩხეიძე ბავშვობიდან იცნობდა და ამ ნაცნობობით მოხვდა კინოში. ფილმის გადაღება რომ დაიწყო თაზო თოლორაია მეცხრე კლასში იყო და ბოლო ორი წელი სკოლაში არც უვლია – სულ გადაღებებზე იყო… „ღიმილის ბიჭებამდე“ თაზო თოლორაია გუგული მგელაძემ „ცისკრის ზარებში“ გადაიღო, „ღიმილის ბიჭების“ გამოსვლამდე ეკრანებზე „ბზიანეთი“ გამოვიდა, სადაც თაზო თოლორაია თამაშობდა…
„ღიმილის ბიჭების“ ეკრანებზე გამოსვლიდან მალე კი ეკრანებზე გამოვიდა „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“. თაზო თოლორაია თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი გახდა, 20-ზე მეტ ფილმშია გადაღებული და დაღუპვამდე საყვარელ საქმეს მისდევდა… გოჩა ლომია კი რამდენიმე ფილმში კიდევ გადაიღეს, შემდეგ იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა და კინოს ჩამოშორდა…