Tag Archives: ნატა მურვანიძე

ქართული სიყვარულის ანთოლოგია – ნატა მურვანიძე & ნიკა თავაძე

18 თებერვალი უნდა გათენდეს. ბიჭი ლოგინში ვერ ისვენებს. იმ გოგონას დაბადების დღე თენდება, რომელიც უყვარს. ფიქრობს როგორ მიულოცოს დაბადების დღე, არ უნდა რომ  ეს მილოცვა ტრივიალური იყოს. გოგონა არაა ტრივიალური… ბოლოს ადგება, აიღებს იმ ზეწარს, რომელზეც წევს, დაკეცავს, აიღებს თხილამურის ჯოხებს და წავა.

გათენდება და სახლიდან გამოსულ ქალბატონს – გოგონას დედას უჩვეულო სანახაობა დახვდება – სახლის წინ, ეზოში თხილამურების ჯოხებზე გაჭიმულია ზეწარი, წითელი საღებავით აწერია – „გილოცავ“ და მიმოფანტულია მინდვრის ყვავილები. დედა გოგონას აღვიძებს. გოგონა აღფრთოვანებულია, უნდა რომ ამ სიურპრიზის ავტორი ის ბიჭი იყოს, რომელიც უყვარს. მაგრამ არავინ ტყდება, არც თვითონ ბიჭი და არც იმ საღამოს მისალოცად მისული სხვა სტუმრები. არც არანაირი მინიშნება… გოგონა ბოლოს მიადგება ბიჭს და პირდაპირ ჰკითხავს – ვინ გააკეთა. პასუხი: „არ ვიცი“. გოგონა ბრაზდება. თუ მან არ გააკეთა, იეჭვიანებს მაინც? ცვლის ტაქტიკას და იწყებს ბიჭების ჩამოთვლას, ბიჭი მწარდება და ტყდება რომ მან გააკეთა…

მათ ერთმანეთისთვის არც აუხსნიათ სიყვარული. ვერც არქმევდნენ სახელს იმას, რაც მათ აკავშირებდათ, ასე იყო მანამ, სანამ ამერიკელმა არ ჰკითხა – თქვენ შეყვარებულები ხართ? ბიჭმა უთხრა – „დიახ“. გოგონა არ ელოდა, გაშრა…

ორივე არტისტულ დინასტიებს ეკუთვნიან. გოგონას, სახელად ნატას დედა ცნობილი ბალერინა ჰყავს – მაკა მახარაძე, მამა – ცნობილი თეატრალური მხატვარი – მურაზ მურვანიძე, ბებია – ლეგენადრული მედეა ჩახავა, ბაბუა – ლეგენდარული კოტე მახარაძე…

ბიჭის დედა ქართული თეატრის კაშკაშა ვარსკვლავია – სახელგანთქმული გრუშე ვაჩნაძე – იზა გიგოშვილი, მამა – მსახიობი და კინორეჟისორი – მერაბ თავაძე.

და მაინც, ისინი ერთმანეთს თეატრალურ ინსტიტუტში გადაეყარნენ. უფრო სწორად ინსტიტუტის წინ – იქ სადაც იკვრება აბითურიენტების სიები და გამოცდების განრიგი.

1987 წელი.  ნატა თეატრალურში აბარებს. ინსტიტუტის წინ ტურების განრიგს ათვალიერებს. იქვე, რუსთაველზე მოტოციკლეტი ჩერდება, გამონაბოლქვისგან გამურული ბიჭი ხტება და ისიც განრიგს ათვალიერებს. მხოლოდ განრიგს არა, ერთმანეთსაც ათვალიერებენ, ისე, შეუმჩნევლად და მათი ისტორია მეორე დღესვე იწყება. ერთად უწევთ გასვლა ტურზე. ნიკამ გველი უნდა განასახიეროს. ყველა ეხმარება, განსაკუთრებით აქტიურობს ნატა. ნატას კურდღლის როლი ერგება.

გაითამაშეს ეტიუდი და გველმა კურდღელი არ შეჭამა – ყვავილი მიართვა….

ისინი ჯერ ჯგუფელები გახდნენ – ორივე შალვა გაწერელიას ჯგუფში ჩაირიცხნენ. შემდეგ მეგობრები და მალე – შეყვარებულები. გაცნობიდან 1 წლის თავზე იქორწინეს კიდეც. მესამე კურსზე სწავლა რომ დაიწყო, ინსტიტუტში მარტო ნიკა გამოცხადდა. გამოცხადდა და გამოაცხადა რომ მამა იყო – წინა დღეს დაიბადა დათა თავაძე.

ერთი შეხედვით სრული იდილია სუფევდა, მაგრამ მალე მათი ურთიერთობა დაიძაბა. ახალგაზრდობა, უფრო სწორად ნორჩი ასაკი დაღს ავსმდა მათ ურთიერთობას, არ იყვნენ მზად შეერგოთ ბედნიერება. კიკლაობდნენ. კინკლაობდნენ დაუსრულებლად. ისიც ართულებდა ამ ყველაფერს, რომ ნატასთან ცხოვრობდნენ – ანუ მარტო არ იყვნენ და ყველაფერი აღიზიანებდათ. მოკლედ, გაუჭირდათ ერთმანეთთან შეგუება და… ნიკა წავიდა. თავის სახლში გადავიდა. მაგრამ იყო კი ეს დაშორება? როცა მათ ყოველდღე მაინც ერთად უწევდათ ყოფნა – თეატრალურ ინსტიტუტში? მეგობრებს არ ემეტებოდათ ეს გრძნობა და ცდილობდნენ მათ შერიგებას.

შერიგდნენ კიდეც. მაგრამ ეს შერიგებაც ერთწლიანი გამოდგა. მათ ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყებოდა – ნატა რობერტ სტურუამ დააკავა კალდერონის „ცხოვრება სიზმარია“-ში. გაუთავებელი რეპეტიციები, ისევ ცხოვრება დიდ ოჯახში და ისევ სიზმარივით დასრულდა მათი თანაცხოვრება. ისევ გაიყარნენ.  

შემდეგ… შემდეგ იყვნენ გაყრილები და მაინც ცოლ-ქმარი. ოღონდ კინოში, გადასაღებ მოედანზე. ნანა ჯანელიძე „იავნანას“ იღებს, ნატა ქეთოს დედაა, ნიკა – ქეთოს მამა… მათ პირველად უწევდათ ცოლ-ქმრის თამაში, გაყრილები იყვნენ, მაგრამ მაინც არ გაჭირვებიათ გადაღება, თამაში არ უწევდათ. მათ ერთად ყოფნა სურდათ. მაგრამ მაინც არ შერიგებულან. ჩაირთვებოდა კამერა – ისინი ცოლ-ქმარი იყვნენ. გამოირთვებოდა და… მთავრდებოა მათი ცოლ-ქმრობა.

შემდეგ იქნება „ცხოვრება იდიოტისა“. პრემიერა და პრემიერის შემდეგ ნიკა საგრიმიოროსთან. მილოცვა. ჩახუტება. იმ ღამით გადახტომა მაღალ გისოსებზე, სადაც ეკლიანი ვარდია გაშვებული. შეშინებული ნატა და ნიკა თაიგულით ხელში. შერიგება. მაგრამ ერთკვირიანი…. და იწყება ახალი ეტაპი – დაუსრულებელი შერიგება-დაშორებების. ეტაპი 8 წელიწადს გასტანს. ხან ერთად არიან, ხან -ცალკე. ხან ჰყავს ქმარი ნატას, ხან აღარ ჰყავს. ქმრიანი ქალი წავა გადაღებებზე, დაბრუნდება და აღარ ჰყავს.

მათი ურთიერთობა, მათი სიყვარულის ისტორია ერთი დიდი კარდიოგრამაა. ბოლოს ამ ყველაფერს წერტილს დაუსვამენ. შერიგდებიან. ოღონდ უჩვეულოდ. ძალიან დიდი ჩხუბით. ყველაფერს რომ ამოულაგებენ ერთმანეთს, ყველაფერს რომ წააძახებენ, მერეღა დალაგდება მათ შორის ყველაფერი. ამ ყველაფერში ისევ მეგობრები შეიტანენ წვლილს. გოგა გველესიანი ხარაგოულში დაპატიჟებს მეგობრებს, ჩანჩქერების სანახავად. მეგობრები 2 მანქანით წავლენ. მაგრამ სად? არც ხარაგაულის ჩანჩქერებზე, არც ნიაგარაზე. აღმოჩნდება რომ გველესიანმა სპექტაკლი დადგა – ყველა წეროვანში აღმოჩნდა ნიკას აგარაკზე. იქ, სადაც ნატას და ნიკას არაერთი დაუვიწყარი ბედნიერი დღე ჰქონდათ გატარებული. ნატა არაფერს გააპროტესტებს, მხოლოდ იმიტომ რომ თან დათა ჰყავს. და შემდეგ იქნება ჩანჩქერი, ოღონდ ხარაგაულის კი არა ნატასი და ნიკასი. ნიკა აივანზე გაიყვანს ნატას, ეტყვის რომ რაღაც აქვს სათქმელი და დაიწყება „აივნის სცენა“. ეს არ ჰგავს ცნობიულ სცენას „რომეო და ჯულეტადან“, აღარც ისინი არიან რომეოსა და ჯულიეტას ასაკში, მაგრამ სწორედ იქ, ავანზე მოხდება მათი საბოლოო კონსენსუსი, ურთიერბრალდებების ჩანჩქერის შემდეგ. პირში მიახლიან ერთმანეთს რაც კი ერთმანეთისთვის უწყენინებიათ და შერიგდებიან.

ისინი თითქოს თავიდან დაიწყებენ ცხოვრებას. ბობოქარი ახალგაზრდობა ნელ-ნელა უკან დარჩება, შეეძინებათ ქალიშვილი, მათი თანაცხოვრება უკვე უფრო იმ ზეწარს დაემსგავსება ნატას 1988 წლის 18 თებერვალს რომ დახვდა გაჭიმული თხილამურის ჯოხებზე, ვიდრე კარდიოგრამას, ხან ზემოთ რომ ავარდება ხაზი და ხან მოწყვეტით რომ ეცემა…

დაიბეჭდა გაზეთ “ქრონიკა+”-ში.

დოპინგი, რომლის შეშხაპუნებაც ნებადართულია

ათი წლის წინ, „დილის გაზეთში“ ვმუშაობდი, 2001 წლის გაზაფხულზე „დილის გაზეთის“ რედაქტორის, ქალბატონ მანანა კარტოზიას ინიციატივით, სალონური შეკრებების გამართვა დავიწყე ორბელიანების უბანში, ტავერნა „მაიკოში“. ვიწვევდით ცნობილ მსახიობებს, სხვადასხვა პროფესიის საინტერესო პერსონებს და ტკბილ სუფრასთან ვმუსაიფობდით. შემდეგ ამ შეხვედრის სტენოგრამიდან ერთგვარი კოლაჟი, ასე ვთქვათ შეხვედრის „ტექსტური ანარეკლი“ მზადდებოდა და ქვეყნდებოდა „დილის გაზეთის“ ფურცლებზე.

ჩემი თაოსნობით ხუთი ამგვარი შეხვედრა შედგა, შემდეგ მეც წამოვედი „დილის გაზეთიდან“, ამ შეხვედრებს ერთ ხანს ქალბატონი მანანა დუმბაძე თაოსნობდა შემდგომ..

დღეს, ერთ–ერთი შეხვედრის ტექსტურ ანარეკლს გთავაზობთ…

მედეა ჩახავას მაშინ 80 წელი უსრულდებოდა და ის შეხვედრაც მას ეძღვნებოდა…

თქვენ შეაფასეთ რამდენი წლისაა მედეა ჩახავა

დაიბეჭდა “დილის გაზეთში” 2001 წლის  15 და 16 მაისის ნომრებში.

პირველი აბზაცი

დრომ ახლო ხედით მოგვიტანა ცხვირწინ სამწუხარო რეალობა – კინო ჩვენისთანა პატარა ერებისთვის ფუფუნებაა. რომც გადავუფრინოთ ამ ბედისწერას, მაინც ვერ ვიქონიებთ იმ კინოს, რომელიც შეძლებს, ჩვენში ჩაბუდებული თუ აფეთქებული არტისტიზმის შესაბამისად ჩვენი არტისტების წარმოჩენას. ეს ასე იყო მაშინაც კი, როცა ჩვენ გვქონდა ეს ფუფუნება. პატარა ქვეყნის პატარა კინომ (რომელსაც ჰქონდა დიდი ფილმები) მინიმალურადაც ვერ უზრუნველყო ამ ქვეყნის დიდი არტისტების პოტენციის რეალიზაცია. ამ არტისტებმა თავად შეძლეს წამიერად, კადრში ერთი გაელვებით ყოფილიყვნენ დიდი არტისტები. თან მათ პატარა ქვეყანას ხომ თეატრი მაინც ჰქონდა დიდი. დღეს დიდ არტისტს, მედეა ჩახავას დაბადებიდან 80 წელი უსრულდება. ის ყველას ახსოვს, ვისაც უნდა ახსოვდეს, ვისაც საერთოდ შერჩენია მეხსიერება. ის ყველას უყვარს, ვისაც უნდა უყვარდეს, ვისაც საერთოდ შეუძლია ვინმეს ან რაიმეს სიყვარული. ის მართლაც ბედნიერი ქალბატონია, როცა ასეთი სიყვარულია. “დილის გაზეთს” 12 მაისს არაორდინარული “ტუსოვკა” ჰქონდა, “ტუსოვკა”, რომელიც მედეა ჩახავას ეძღვნებოდა. და თვითონ ეს ფორმა კიდევ ერთხელ მაძლევდა საშუალებას, რაღაცნაირად დამებრუნებინა ის სითბო მისთვის, რომელსაც ის ყოველთვის ასხივებდა ეკრანიდან (სცენაზე ვერ მოვესწარი) თუ პირადად. სტანისლავსკი ერთ-ერთ გამოჩენილ ბალერინაზე წერდა, თუ როგორი სიამაყით ავსებდა ბავშვობისას იმისი შეგრძნება, რომ მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ამ განთქმულ ბალერინასთან, რომელსაც სხვები მხოლოდ სცენაზე ხედავდნენ. თამამად შემიძლია სტანისლავსკის ვუთხრა ჩემი თაობის ჟარგონზე -“სეკა”. თემურ ჩხეიძემ თბილისში ჩამოიტანა სანკტპეტერბურგული “მაკბეტი” ყველაზე მაგარი ბილეთი მე მქონდა – ქალბატონმა მედეამ კარისკაცს უთხრა – “ჩემი შვილიშვილია”.

მეორე აბზაცი

ტავერნა “მაიკოში”, იქ ორბელიანების უბანში, ჩვენს ტუსოვკაზე ხალხმრავლობაა, ქალბატონ მედეასთან ერთად, ჩვენთან მობრძანდნენ ქალბატონი ლიანა ასათიანი, მაკა მახარაძე (მოგვიანებით შემოგვიერთდა), ნანი ჩიქვინიძე, ეკა ჩხეიძე, ნატო მურვანიძე, ანუკა მურვანიძე, ნიკა თავაძე, ივიკო მახარაძის მეუღლე – ნინო, კოტე მახარაძე -უმცროსი, დათა თავაძე და მედეას სხვა შვილთაშვილები. ტკბილ სუფრასთან ქალბატონ მედეას გვერდს ლიანა ასათიანი და ნატა მურვანიძე უმშვენებენ, იუბილარი ქალბატონი ნატას უპროტესტებს – მთელი ცხოვრება კაცები თავს დამტრიალებდნენ, ნიკა მაინც დამისვი ახლა გვერდით…ნატა ღიმილით უცვლის ადგილს ნიკას. ეკა ჩხეიძე ვერბალურ პრეფერანსს კურიოზით იწყებს.

ეკა ჩხეიძე: ტატა, რადიოში მქონდა პირდაპირი ეთერი, ვყვები ათას რამეს, როგორ დაგყავდი რეპეტიციებზე, ვიხსენებ მიშა თუმანიშვილს, მოვყევი მიშამ რომ მითხრა, ეგ მედიკოს სიცილიაო და ამ დროს რეკავს მსმენელი, ქალბატონი მედიკო ჩვენთვის რა იყო და, თაობა დაიზარდა და მე აქედან მადლობებს ვუხდი, აგრძელებს, ჩვენ ქალაქში არ ვიყავით,რომ ჩამოვედით, გავიგეთ რომ გარდაიცვალა და… ვიფიქრე რაღა ვქნა, ერთი კვირაა არ მინახია… მე ვუთხარი, ქალბატონო, მედიკო ცოცხალია და კარგად არის, სულ მალე ოთხმოცი წლის ხდება მეთქი, როგორ ქალბატონო მედეა ჯაფარიძე…. გადაცემა მიდის 40 წუთი, არა ჯაფარიძეზე არა, ჩახავაზეა ლაპარაკი-მეთქი…

მესამე აბზაცი

რეზო შატაკიშვილი: ქალბატონო მედეა, საიუბილეო განწყობა როგორი გაქვთ?

მედეა ჩახავა: იცი რა, დღეს შენ შემიქმენი ძალიან ბედნიერი განწყობილება – ჩემს გარშემო ჩემი უახლოესი ადამიანები არიან, რა თქმა უნდა ყველა არა, იმიტომ რომ ჩემი ოჯახი, მოგეხსენება რამხელაა, ბევრი გვაკლია, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ საქმეში არიან და ამიტომ არ არიან დღეს აქ. ისე ოჯახშიც გვიჭირს ერთად თავმოყრა, თუ სასწაული მოხდა და თავი მოვიყარეთ, ვერც ვეტევით სახლში. რომ გითხრა რომ 80 წლის გავხდი და რაღაცას ვგრძნობ, არა, მე მგონია რომ ეს სხვაზეა ლაპარაკი, ვერ წარმოვიდგენ ვერაფრით. კი ასეო ისეო, გილოცავთო, მაგრამ რა ვქნა, არ მოდის ეს შეგრძნება. როგორ გგონია, თავს როგორ ვგრძნობ? როგორც 50 წლის ქალი, მე და მაკა, მე და ნანა ტოლები ვართ, ესენი კი ჩემი მეგობრები არიან. საერთოდ, ალბათ მარტო მე არ ვარ ასე. თუ ადამიანი, ღვთის მადლით, ჯანმრთელად არის და კიდევ რაღაცას აკეთებს, ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება და ამიტომ ალბათ ვერ ვგრძნობ წლების სიმრავლეს. ან რა საჭიროა ამის გრძნობა, რა აზრი აქვს რამდენი წლის ხარ, როგორა ხარ – ეს არის მთავარი. გმადლობთ, კარგადა ვარ, ყველას ვუსურვებ რომ ეს პასუხი ჰქონოდეს ჩემს ასაკშიც და საერთოდაც. ახლა შეიძლება ვერ ვთქვა “მადლობთ, კარგადა ვარ”, მაგრამ მადლობთ, არა მიშავს, ისე რა, როგორც ყველა, ახლა ასეა მოდაში. სულ არ მინდა ამ წლებზე ლაპარაკი, როგორც გამოვიყურები ისე ვარ. რამდენი წლის ვარ, შენ შეაფასე ახლა. შენ თქვი, რამდენი წლისა ვარ. იცი რეზო, ისე უცბად გაირბინა დრომ, ყველაფერმა, იმ დროიდან დაწყებული ჩემო ლიანა, როცა შენ შეგტრფოდი, შენზე დიდი, რა თქმა უნდა, როცა “სააკაძეს” იღებდნენ და მე შენი “პადრუჟკა” რომ ვიყავი, ერთ რეპლიკას გეუბნებოდი და რა ძვირფასი იყო ის ფრაზა ჩემთვის, მონტაჟს ემსხვერპლა შემდეგ ეს რეპლიკა. აი, ჩემო კარგო, რაღაც-რაღაცები ჩაბეჭდილია ცხოვრებაში, მაგრამ მე არა ვარ ის პიროვნება, რომ უკან მოვიხედო და აჰ, რა დრო იყო, ოჰ, რა დრო იყო… რაც იყო, იყო, წავიდა და ახლა… აჰ და ოჰ რომ ვიძახო რა ეშველება, ამიტომ რაც იყო, მადლობა ღმერთს, ბედნიერი ქალი ვარ იმისთვის რაც იყო. ძალიან მძიმე წამებიც იყო ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ესეც, ალბათ, აუცილებელი იყო, ყოველ შემთხვევაში მე მინდა დღეს დღევანდელი დღით ვიცხოვრო და ვიოცნებო ხვალინდელზე. დღევანდელი დღე ბედნიერი მაქვს,ხვალინდელზე ვიოცნებებ, რომ უკეთესი იყოს.

რეზო: ასეთი ოპტიმიზმი დღეს ახალგაზრდებს გვეუცხოება.

მედეა: ვერ გაგიგიათ, რატომ ვარ ასეთი ხასიათის?..

რეზო: არ გშურთ ქალბატონი მედეას ასეთი ხასიათი?

ნანი ჩიქვინიძე: ჩვენც გადმოგვდო ეს შემართება. უიმედობა, როგორც ასეთი, ჩვენს დიდ ოჯახში არ არსებობს.

მედეა: მოვნათლე, მოვნათლე…

ნანი: საერთოდ, როცა ადამიანი უიმედობას იჩემებს, მე მგონია რომ კეკლუცობს, იმედი – ეს არის აუცილებელი ატრიბუტი სიცოცხლისთვის.

მეოთხე აბზაცი

მედეა: მართალია. რეზომ ეს შეხვედრა მე მომიძღვნა და პრიორიტეტი მე მომაკუთვნა, მე მაინც მინდა დავიწყო რეზოთი. რეზო არის თავი და თავი ამ ლამაზი ამბის. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა რეზოს, “დილის გაზეთს”. რეზო რომ გავიცანი, სულ ჭყინტი იყო, ნიჭიერი, მაოცებდა თავისი მისწრაფებით – ეკეთებინა კარგი საქმე, თავისი საქმის საოცარი სიყვარულით, თავისუფალი პრესა ჰა და ჰა ისახებოდა, როგორ უყვარდა, როგორ ოცნებობდა… ასე, ჩემო რეზო, ბოლოში ყველა სვამს, დავთვრები და ვეღარ დავლევ…შენც ჩემი შვილიშვილი ხარ, ჭყინტობიდან გიცნობ. ამასწინათ დამირეკა, სად იყავი რეზო, სად დამეკარგე-მეთქი, ცოტა ხანი ამერიკაში ვიყავიო, გაიზარდა…გულწრფელად მოხიბლული ვამბობ ამას, დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილიშვილებისთვისაც ასე იქნება და ძალიან გამეხარდება თუ ასევე ახლოს იქნები მათთანაც, მომავალი თქვენია.

მკითხველს ვთხოვ, ეგოცენტრიკად ნუ მიმიჩნევს, დამინდოს. ეს ქალბატონ მედეას სურდა დაერღვია შაბლონი, თუმცა რომ გითხრათ, არ გამიხარდა-მეთქი, არ ვიქნები გულწრფელი. ქალბატონი მედეას ნათქვამი სადღეგრძელოს შემდეგ, რატომღაც მემადლიერებიან ამ სიყვარულისთვის, მე კი მგონია, რომ შენს სიყვარულზე ძვირფასი ისაა, როცა ამ სიყვარულის უფლებას გაძლევენ. მე კი მედეა ჩახავას ვადღეგრძელებ, როგორც დიდი არტისტული დინასტიის დედამთავარს, რომელმაც საჯაროდ, სცენასა თუ ეკრანზე, ატარა ეთნოსური ხიბლი, მუხტი.

ლიანა ასთიანი: ბევრი მეგობარი ჰყავს მედიკოს, მაგრამ…

მედეა: იქაც არის გამორჩეული.

ლიანა: მიმაჩნია, რომ ბევრზე დიდი ხნის მეგობარი ვარ და იმთავიდან, როდესაც გამოჩნდი სცენაზე, შენი თაყვანისმცემელი ვარ. ეს იმიტომ არა, რომ პიროვნულად მიყვარხარ, სიყვარული მე ჩემი შვილების ობიექტურ შეფასებაშიც ვერ მიშლის ხელს. მედეას თაყვანისმცემელი მთელი საქართველოა. მედეა, ძალიან ცოტა ხანი მახსოვს ჩემი ცხოვრების,როცა შენ არ იყავი ჩემს არეალში და არ ვიყავი შენი თაყვანისმცემელი და შენზე შეყვარებული პიროვნულად. ჰოდა ასე რა, ყველაფრით მდიდარი ხარ, კარგად იყავი, ჯანმრთელად, რაც მთავარია.

ნანი ჩიქვინიძე: მედეას განუმეორებლობა მის მიტევების უნარშია, მასთან არ რჩება წყენა, მას ძალუძს არც ახსოვდეს რა აწყენინეს, მიუხედავად იმისა რომ ფანტასტიკური მეხსიერება აქვს, საზოგადოდ. ტატა, შენ შინაგანად ხარ მდიდარი, და ამიტომაც ხარ დღესაც ასე ლამაზი. ასეა, მხოლოდ ღვთით ნაბოძებ სილამაზეს დრო შლის, თუ მისი მატარებელი სულიერად არ არის ლამაზი.

ანუკა მურვანიძე: დიდი მადლობა, ტატა, რომ არსებობ, დიდი მადლობა იმ სითბოსთვის, რაც შენგან მიგვიღია, მახსოვს რამხელა ბედნიერება იყო შენთან მოსვლა, არა მხოლოდ იმიტომ რომ ყველაფერი შეგვეძლო გვეკეთებინა, მახსოვს როგორ გიფუჭებდი პარფიუმერიას…

ნატა მურვანიძე: იმ დროიდან თხიპნაობს…

ეკა: ტატა, დღეს რომ მსახიობი ვარ, ნამდვილად შენი დამსახურებაა, ერთხელ მითხარი კიდეც – შენ ჩემი ძარღვის გაგრძელება ხარო… გმადლობ!

რეზო: ქალბატონო ეკა,

ეკა: ქალბატონო არაა…

რეზო: კარგით, ეკა, “დილის გაზეთიდან” თქვენთან იყო ერთ-ერთი შტატგარეშე კორესპოდენტი, რომელმაც შემდეგ რედაქციაში მოიტანა ინტერვიუ. პირველი შეკითხვა ასეთი იყო – რატომ აირჩიეთ მსახიობის პროფესია. იმ დღეს მორიგე რედაქტორი ვიყავი, გავთავხედდი, ავდექი და ინტერვიუ გადავაკეთე,- “ჰკითხო მედეა ჩახავას შვილიშვილსა და თემურ ჩხეიძის ქალიშვილს, რატომ გახდა მსახიობი, ელემენტარულად თავხედობაა”.

მეხუთე აბზაცი

რეზო: ნატო თქვენ არ ადღეგრძელებთ ქალბატონ მედეას?

ნიკა თავაძე: ეს კორდელიაა, რა საჭიროა…

ნატო: გახსოვს ტატა ზინა კვერენჩხილაძის ქმარი რომ გეძებდა?

მედეა: როგორ არა, დარეკა ივიკოსთან, ივიკომ უთხრა სახლში არ არის, ალბათ, თემურთან არისო, თემურთან დარეკა, ალბათ მაკასთან არისო, გადაირია კაცი, მედეაა თუ მეფე ლირიო. ლირისგან განსხვავებით, სახლიდან არც ერთს გავუშვივარ.

რეზო: ნატო, მედეას შემოქმედებიდან, როგორც მსახიობს რომელი როლი გაღელვებს?

ნანი: არ უნახია ნატოს მედეა სცენაზე, არ უნახია.

ნატო: როგორ არ მინახია, “გუშინდელნი” ნანახი მაქვს, “პეპოს” რეპეტიციებზე აივანზე ვიჯექი, მახსოვს, სხვანაირად მახსოვს.

რეზო: ამის გარდა, ჩანაწერებიც ხომ არსებობს?

ნანი: სამწუხაროდ, არ არის შემორჩენილი ფირზე მედეას საუკეთესო როლები თეატრში. მაშინ არ იყო ვიდეოგადაღება, მაგალითად, “როცა ასეთი სიყვარულია” არ არის ჩაწერილი.

რეზო: რადიოჩანაწერი ხომ არის?

მედეა: არაფერი არ არის.

რეზო: ნატო, მაშინ ასე ვთქვათ, რომელი როლის თამაშს ისურვებდი მედეას რეპერტუარიდან?

ნატო: არ ვიცი, არ მიფიქრია…

ეკა: ტურა-მ-ე-ლ-ააა

ნატო: არა, არ მიფიქრია ამაზე, ერთადერთი, რაც მართლა კარგად მახსოვს, ეს არის “პეპოს” რეპეტიციები. პატარა ვიყავი, აივანზე ვიჯექი ხოლმე. მე საერთოდ არ მინდოდა მსახიობობა, არ ვუყურებდი ამ რეპეტიციებს, როგორც ჩემს მომავალ პროფესიას, რომ შეყვარებული ვარ თეატრზე და სცენაზე მინდა რომ აღმოვჩნდე. უბრალოდ, ეს იყო ცხოვრების შემადგენელი ნაწილი.

ეკა: ბრალოდ, ვერსად დაგტოვეს, თქვი...

ნატო: ეგეც თავისთავად. მახსოვს მედიკოს, ეროსის და დოდო ალექსიძის ტრიო. რა ხდებოდა იქ, მერწმუნეთ, არავის გინახავთ ისეთი “პეპო”, ფეხზე ვეღარ იდგნენ, იხოცებოდნენ სიცილით.

ამ დროს უზარმაზარი თაიგულით შემოდის მაკა მახარაძე, მეგობრებთან ერთად, რომელთაც ქალბატონი მედეა შვილობილებად იხსენიებს. მაკა უსწორებს -შვილები. მაკა მახარაძეს “ჰეპი ბერს დეი თუ იუ”-ს სიმღერით შემოჰყვნენ მედეას შთამომავლები, რომლებიც “მაიკოს” ეზოში ონავრობდნენ.

მეექვსე აბზაცი

რეზო შატაკიშვილი: იქნებ გაიხსენოთ, როგორ ხვდებოდა ქალბატონი მედეა ამ დიდ ოჯახში ახალი ოჯახების შექმნას, შვილიშვილების გათხოვებას?

ნანი ჩიქვინიძე: ვინ ეკითხებოდა მედეას…

ნატო მურვანიძე: პირდაპირ სიძეების შეყვარებაზე გადადიოდა.

მედეა ჩახავა: არასოდეს ვყოფილვარ ჭკუის მასწავლებელი, თვითონ უნდა ასწავლონ ერთმანეთს ჭკუა, უბრალოდ, მოხარული ვარ მათი ბედნიერების.

ლიანა ასათიანი: თვითონ, თორემ შენ რაც უნდა ურჩიო…

ნანი: ბედნიერებაა, უცხო სხეულებიც რომ ერთი ჭკუის, ერთი აზრის, ძირითადად, ერთ ენაზე მოსაუბრე ადამიანები შემოვიდნენ ჩვენს ოჯახში.

მედეა: მე და ნინუკა ერთად ვცხოვრობთ, ეს სულ სხვა რაღაცაა, სტუმრად რომ მოვლენ შენთან – სულ სხვა. ნინუცა სხვა პროფესიისაა, მაგრამ მის სპეციალობას ჩემთვის პრობლემა არასოდეს შეუქმნია, რჩევის გარდა, რომელი წამალი უნდა მივიღო. ნინუკას ჩემგან რაღაცა, ალბათ, სწყინს, მაგრამ ეს ის ადამიანია, რომელსაც შეუძლია, ამას მოერიოს და არ გახადოს ტრაგედიად. ნინუკას გამოვყოფ, რადგან ერთად ცხოვრება პატარა ამბავი არ არის.

ნატო: ნინუკა, საერთოდ, არაჩვეულებრივი ადამიანია, როგორ შეიფერა?..

მედეა: ჩემს ხელში გაიზარდა.

ნატო: ნინუკა, რამდენის იყავი?..

მედეა: შემომატებულ წევრებშიც გამიმართლა, ამაშიც ბედი მაქვს.

ნატო: იცი, რა მინდა მოვყვე, მეცხრე კლასში ვიყავი, მედეამ რომ ლონდონიდან ჩამოიტანა თეთრი, ძვირფასი, უამრავმაქმანიანი ქსოვილი.

მედეა: მეტრში 30 სტერლინგი მივეცი, ჩემთვის დიდი ფული იყო.

ნატო: მედეამ გამოაცხადა, ამისგან საქორწინო კაბა უნდა შეგიკეროთ და ყველა შვილიშვილი იმ კაბით უნდა გაგათხოვოთო. მე და ეკა თითქმის ერთდროულად გავთხოვდით, არც ერთს შეგვიკერავს იმ ნაჭრით კაბა.

ეკა: ყველა შარვლებში გავთხოვდით.

ნატო: არა, მე ბოლოს ჩამომიტანეს კაბა.

მედეა: ისევ ისე მიდევს ის ნაჭერი, მაგას ვინ ჩივის, ძვირფასი გვირგვინიც ჩამოვიტანე, იმაზეც წიხლი მიკრეს…

მეშვიდე აბზაცი

მაკა მახარაძე: ბაზარში ვარ, ვიყიდე ყველი, გამყიდველი ქალი მეძალავება – სულუგუნიც იყიდეო. არ მინდა ამდენი, ვეუბნევი. ნახევარ კილოს მოგცემო, გადამეკიდა, თუ არ მოგეწონება, აქ ვდგავარ ყოველთვის, ხალი მაქვს აგერ, შუბლზე, მეგრელი ქალი ვარო. მეც მეგრელი ვარ სანახევროდ, დედა მყავს მეგრელი-მეთქი, ვუთხარი. საიდან არისო, სერგიეთიდან-მეთქი. ოჰ, მეც იქვე ვარ ბანძიდან, რა გვარის ქალია დედაშენი, მეკითხება. ჩახავა-მეთქი. როგორი არტისტია ის მედეა ჩახავა, კაცო! მეუბნება. დედაჩემია-მეთქი, ვუმტკიცებ. რას ლაპარაკობ… არ დაიჯერა. ეკას რომ ეთქვა, ულაპარაკოდ დაიჯერებდნენ. ბოლოს, მთლად არ გამწირეს, დამიჯერეს. ჩვენ დიდი სიყვარული გადაეცი, თუ მისი გოგო ხარო. თუ ხარო…

ნანი: ფასი თუ დაგიკლო მედეას ხათრით?

მაკა: არა, ამ ფონზე აღარც დამიწყია ვაჭრობა.

მერვე აბზაცი

მაკა: დათა მეუბნება, რა არის, რა იშვიათად დავდივართ ტატასთანო. რა ვქნა, არ გამოდის-მეთქი. იცი, როგორ მიყვარს ტატა, შენ ისე არ გიყვარსო. დათა, ხომ იცი, ვერ გავზომავთ სიყვარულს-მეთქი. ჰოდა, მე ასე მგონია, შენ ისე არ გიყვარს, როგორც მეო.

ნანი: ბავშვებს დედაც უყვართ, მამაც, მაგრამ “თიში” სჭირთ ბებიებსა და ბაბუებზე, ასევე პირიქით.

ლიანა: მე არანაირი “თიში” არ მჭირს.

მაკა: ნინო რომ აქ იყო, პატარა, არ გქონდათ “თიში”?

ლიანა: ნინი? არა, მე ჩემს შვილებზე მჭირს “თიში”.

მედეა: რასაკვირველია, მაგრამ პატარებს ჭკუიდან გადავყავარ.

ლიანა: მასე, ლეკვი რომ ლეკვია, შეიძლება, იმან გადაგიყვანოს ჭკუიდან.

მეცხრე აბზაცი

რეზო: ქალბატონო მაკა, ქალბატონი მედეა ამბობდა, მე და მაკა ტოლები ვართო.

მაკა: ყოველ შემთხვევაში, 80 წლის არანაირად არ არის. გარეგნობას არ ვგულისხმობ, უნიკალური მეხსიერება აქვს, მე ვსვამ “ბილობილს”, იმიტომ, რომ მჭირდება, დედას არ სჭირდება.

ნანი: მეც მომიტანეთ ეგ “ბილობილი”, არ შეიძლება?

ეკა: “ბილობილი” იცი, რომელია? – რეკლამაში შარვალი რომ რჩება.

ლიანა: ბიძაჩემი 90 წლის იყო, სადოქტორო დისერტაცია რომ დაიცვა.

მაკა: ვაიმე, გავგიჟდი.

მედეა: და სახლის შენება რომ დაიწყო.

ლიანა: გინესის წიგნშია შესული. სიგარეტი არ გაუგდია ხელიდან, ღამეც კი ეწევა. ახლახან გაათხრევინა 500 მეტრის სიღრმის ჭა. ახალგაზრდობაში ოთხმოცის კი არა, ორმოცდაათი წლის ადამიანი ჩამოწერილი მეგონა. იყო დრო…

მაკა: ყველგან ვამბობ ამაყად, რომ მედეა ოთხმოცის ხდება. ისეთი რეაქცია აქვს ყველას?! გუშინ მერაბ თავაძე ვერაფრით დავაჯერე, არ არსებობს, იმატებსო.

ნანი: მაკა, იცი რა მაგიჟებს, ხანდახან ეკრანზე ისე ვჩანვარ, გამოსვლა აღარ მინდა.

მედეა: მეც აღარ მინდა.

ნანი: კარგი, ტატა, რას ლაპარაკობ, ზოგჯერ ისე კარგად გიღებენ.

მეათე აბზაცი

რეზო: ქეთო ტაბაღუა როგორ არის, ქალბატონო მედეა?

მედეა: გმადლობ, კარგად. მიხარია რომ გამიხსენა კოკა ყანდიაშვილმა, გაახსენდა, რომ მე ვარ მსახიობი, რომ მე არაფერს ვაკეთებ – არა ვარ თეატრში, არსად, ალბათ, ისიც, რომ მე ვარ ნახევრად მშიერი. ძალიან მადლობელი ვარ მისი, ამ როლმა ისევ დამაახლოვა მაყურებელთან. მაყურებელს, თურმე, კიდევ უხარია ჩემთან შეხვედრა. სისულელეს ვამბობ ეკრანიდან თუ სიბრძნეს, რა თქმა უნდა, მაინც გულმოწყალედ მიყურებს და ეღიმება. ზოგი, ალბათ, ფიქრობს, საწყალი რა როლს თამაშობსო. მე ასე არ ვფიქრობ, ამაყად ვასრულებ ამ როლს, როლებს ჩემს ასაკში არ არჩევენ.

რეზო: მაყურებელი მინდა დაგილოცოთ, ქალბატონო მედეა.

მედეა: ჩვენი ხელობა უმაყურებლოდ წარმოუდგენელია. მადლობელი ვარ ჩემი მაყურებლის იმ თანადგომისთვის, იმ თანამონაწილეობისთვის ჩემს სპექტაკლებში, იმ აუარებელი სიხარულისთვის, რაც მე მათგან მიმიღია ცხოვრებაში. გაოცებული ვარ მათი ჩემდამი სიყვარულით. ჩემი შვილები მეუბნებიან, დედა, ბაზარში იარე, უფასოდ გაძლევენო.

მაკა: ვეხვეწებით, მაგრამ რა გინდა, არ დადის.

ლიანა: ბაზარში კი არა, პურზე არ ჩადის, მე მეუბნება, რა არის, ბაზარში რომ დადიხარო.

მედეა: იმ დღეს ნინუკამ შემათრია მაღაზიაში.

მაკა: მერე, ხომ კარგი იყო?

მედეა: გადასარევი ჯემპრე მაჩუქეს.

ლიანა: კარგი, კაცო…

მაკა: იარე, იარე.

მედეა: იშვიათად რომ დავდივარ, იმიტომ მასაჩუქრებენ, ყოველდღე რომ ვიარო…

ნანი: თემური და გოგი ქავთარაძე გორში იყვნენ, გოგიმ უთხრა, წამო, ბაზარში შევიდეთ, კაპიკებში მოგვცემენო. ქართლელები ხომ საშინელი დამწვრები არიან, “შენ გენაცვალე, შენა, რა კარგი ბიჭები ხართ”… სამმაგ ფასში მიჰყიდეს.

მედეა: კაცები რომ იყვნენ, იმიტომ.

რეზო: მაყურებლისთვის ერთი სიხარულია, ქუჩაში მსახიობს შემთხვევით რომ გადაეყრება.

მედეა: ჩვენს პროფესიას ახლავს ასეთი ბედნიერება.

ნანი: მაგას მაინც კინო და ტელევიზია აკეთებს.

ლიანა: კინო ვეღარ ახერხებს.

მედეა: ლიანა, ძველ ფილმებს რომ აჩვენებენ, აუცილებლად მოსდევს ზარები.

ეკა: იმიტომ, რომ აჩვენებენ ტელევიზიით. თეატრი ხომ, საერთოდ…

რეზო: რატომ, თეატრს სტაბილურად დაუბრუნდა მაყურებელი.

ეკა: გასაგებია, მაგრამ უცბად ისეთი ვინმე გეტყვის, რომ საერთოდ არ ვყოფილვარ თეატრში…

მეთერთმეტე აბზაცი

ლიანა: ნანი, ერთი-ორი სიტყვით, ამერიკული შთაბეჭდილებები გაგვიზიარე…

ნანი: ვნახე “მოთამაშე”, დოსტოევსკის მიხედვით.

ლიანა: მარინის თეატრის ეს დადგმა მოსკოვში, დიდ თეატრში ვნახე.

ნანი: ეს სრულიად სხვა სპექტაკლია, სრულიად შეიცვალა დეკორაცია, ვიზუალურმა მხარემ რადიკალურად შეცვალა სპექტაკლი, უზარმაზარი მაგიდაა სცენაზე, მოთამაშეები ჩანან, როგორც ვირთხები, მერე იზილებიან ერთმანეთში, მაგიდაზე მოძრაობენ, ორგიასავით აწყობენ.

ლიანა: “მეტროპოლიტენთან” იქვეა “ევერი ფიშერ ჰოლი”, იქ არის ლექსოს საკონცერტო. ახლა რა მიუზიკლი გადის?

ნანი: “ლაიფ სითი”.

ლიანა: არ ნახე, მერე?

ნანი: ვერ მოვახერხე.

ლიანა: ბროდვეიზე აღარ გადის “ქეთს”?

ნანი: უკვე მოხსნეს, იუბილე გადაუხადეს და მოხსნეს.

მაკა: აღარ არის დრო, რამდენი წელი გადიოდა…

ეკა: იცვლება, მაკა, შემადგენლობა.

მაკა: ბროდვეიზე გადიოდა რომელიღაც მიუზიკლი, რომელშიც ერთი მსახიობი გამოდიოდა შიშველი. წარმოიდგინე, წლების მანძილზე, ყოველდღე გამოდიოდა შიშველი.

ეკა: მაკა, იმ მსახიობს იმდენს უხდიდნენ, შიშველი კი არა…

ნანი: მაკა, “ბალეტ სიტი”-ში ვნახე ფანტასტიკური საბალეტო სპექტაკლი, ვამბობდი კიდეც, მე რა მინდა აქ, მაკა უნდა უყურებდეს- მეთქი. “მეტროპოლიტენ ოპერაში” ვნახე “ტრისტანი და იზოლდა”, ლივაინი დირიჟორობდა. დრამაზე მინდოდა წასვლა და ყველამ ერთხმად მითხრა, დროს ნუ დაკარგავ, ზესტაფონის თეატრი მოგენატრებაო. საშინელი მდგომარეობაა, ახლა მთელი მოძრაობაა დიდი მსახიობების, რომ ნიუ-იორკში დრამის ერთი ხეირიანი თეატრი დაარსდეს.

რეზო: ბროდვეიზე თეატრები ისეა ჩამწკრივებული, როგორც ჩვენთან “ბუტკები”.

ეკა: თან ისე, დიღომში რომ არის.

მეთორმეტე აბზაცი

მაკა: რეზო, მიხარია, რომ ასე ლამაზად გაიხსენე დედა, შეიძლება, ასეთი რამ აზრად მოგივიდეს და არ გააკეთო, ან ვერ შეძლო, მადლობ ამისთვის, შენ და “დილის გაზეთს”.

მეცამეტე აბზაცი

მედეა: მე არ ვიცი, კონკრეტულად ვინ არის ჩემი მაყურებელი. გუშინ მირეკავს ქალბატონი და მიხსნის სიყვარულს, თეატრალური ინსტიტუტის სპექტაკლებიდან მოყოლებული, არ გამომიტოვებია თქვენი არც ერთი სპექტაკლიო, ” ესპანელი მღვდელი”, “როცა ასეთი სიყვარულია” 32-ჯერ ვნახეო.

ლიანა: მოცლილი ყოფილა.

მედეა: იცითო, ამ ხნის ქალი ვარ და ასე ცოცხლად ვატარებ თქვენდამი სიყვარულსო. ამ ქალის არსებობა ამდენი ხანი მე ხომ არ ვიცოდი, ახლა მითხრა შეწუხებულმა, ალბათ, თქვენი იუბილე ჩატარდება, როგორ მოვხვდეო.

ეკა: ნუ ნერვიულობ-თქო, ვერ უთხარი?

მედეა: დავაწყნარე, არაფერი ტარდება-მეთქი. ვერ დავაჯერე, რომ ჩემი იუბილე არ იმართება. მე განებივრებული ვარ მაყურებლის სიყვარულით. იცი, ამას ვერ შევეჩვიე, ყოველთვის ისე აღვიქვამ, როგორც ახალ რაღაცას. აი, რა მაახალგაზრდავებს მე, მათგან შეშხაპუნებული დოპინგი, რომელიც აკრძალული არ არის – რაც მეტი იქნება, უკეთესია.


უბერებელი „ურიელ აკოსტა“

მეოცეს ოცეული

გენიოსებთან ჭიდილში დამარცხებული დრო და… ივდითები, ურიელები…

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა „პრაიმტაიმში“)

„პრაიმტაიმის“ გამოკითხვაში კოტე მარჯანიშვილის დადგმული კარლ გუცკოვის „ურიელ აკოსტა“ მეოცე საუკუნის საუკეთეშო ქართულ სპექტაკლად დაასახელა 20–დან 18–მა გამოკითხულმა, მათგან 5–მა პირველ პოზიციაზე და დაგროვილი 291 ქულით „ურიელ აკოსტამ“ მეორე ადგილი დაიკავა მეოცეს ოცეულში.

რელიგიური დოგმების წინააღდეგ ამხედრებული ფილოსოფოსი ურეილ აკოსტა.

რაბინებისგან დაწყევლილი ურიელ აკოსტას ტრაგიკული სიყვარულის ისტორია…

ამ ტრაგიკულ ისტორიას აგერ 82–ე წელიწადია თამაშობენ მარჯანიშვილის თეატრში და ამ სიყვარულის ისტორიას თან სდევს შლეიფი – სწორედ „ურიელ აკოსტას“ რეპეტიციებისას შეუყვარდათ ერთმანეთი სოფიკო ჭიაურელსა და კოტე მახარაძეს…

სოფიკო ჭიაურელი: „ურიელმა“ დაგვღუპა… ყველაფერი სპონტანურად მოხდა, მას ცოლი ჰყავდა, მე – ქმარი… ამ ყველაფერს უფრო კრიმინალური შარავანდედი ადგა, ვიდრე რომანტიკული…“

კრიმინალური შარავადედი არ დასდგმია უშანგი ჩეიძის ტრფობას ვერიკო ანჯაფარიძისადმი… მაგრამ ეტრფოდა…

„როდესაც მე მოვიხედე ივდითისკენ, ასე მეგონა რაღაც შუქი ამოდიოდა მისი სახიდან… ივდითის მომღიმარი სახიდან მოედინებოდა ნათელი, რაც ავსებდა მთელ სცენას, მისი თვალები ბრწყინავდნენ, გეალერსებოდნენ და მისგან წამოსული სხივი გიზიდავდა…“ – იხსენებდა უშანგი ჩხეიძე…

ბედისწერად იქცა – მარჯანიშვილის და ოცხელის შეკრულ „კარკასში“ უნებლიედ იბადებოდა სიყვარული – ურიელის და ივდითის შემსრულებელ მსახიობებს შორის, ალბათ სწორედ ამას ითვალისწინებდა სოფიკო ჭიაურელი, როდესაც ბოლო აღდგენისას ამ როლებზე ცოლ–ქმარი გაანწილა – ნატა მურვანიძე და ნიკა თავაძე…

სადაცაა „ურიელ აკოსტა“ 82 წლის გახდება. დაიბადა ქუთაისში 1929 წლის 2 თებერვალს, 2 წლისაც არ იყო თბილისში რომ „ჩამოიყვანეს“ და მას შემდეგ თბილისში ცხოვრობს… 1928 წელს მარჯანიშვილმა დაარსა ქუთაის–ბათუმის თეატრი, 1930 წელს თბილისში საგასტროლოდ ჩამოსული დასი თბილისში დარჩა და სახალხო სახლში დაიდო ბინა. 1933 წელს თეატრს მარჯანიშვილის სახელი ეწოდა…

როგორ იქმნებოდა შედევრი სახელად „ურიელ აკოსტა“, რომელიც დღემდე ახდენს ზემოქმედებას მაყურებელზე?

შედევრის ავტორთაგან მხოლოდ კოტე მარჯანიშვილი იყო შემოქმედებითი სიმწიფის, 56 წლის ასაკში, კომპოზიტორი თამარ ვახვახიშვილი 35 წლის იყო, ურიელი – უშანგი ჩხეიძე – 30 წლის, ივდითი – ვერიკო ანჯაფარიძე – 28 წლის, გენიალური სცენოგრაფი პეტრე ოცხელი კი მხოლოდ 21 წლის…

სწორედ  21 წლის ჭაბუკის შექმნილი დეკორაციები და კოსტიუმებია, აგერ დღემდე რომ შოკში აგდებს და ანცვიფრებს მნახველს. განგებამ მის შემოქმედებას  უფრო ხანგრძლივი ქრონომეტრაჟი უბოძა, ვიდრე თავად მას. სასცენო მხატვრობის რევოლუციონერი ავბედით 37-ში, სრულიად ახალგაზრდა, 30 წლის დახვრიტეს, როგორც კონტრევოლუციონერი… მისმა შემოქმედებამ კი მოინელა თავად კომუნისტური, პირსისხლიანი რეჟიმი. უყურებ ოცხელის უკიდეგანო ფანტაზიის ნაყოფს – უჩვეულო სცენიურ გარემოს, იხსენებ მის ასაკს და სულაც აღარ გიკვირს, თუ როგორ შექმნა იმავე ასაკში შილერმა „ყაჩაღები“…

20 წლის იყო პეტრე ოცხელი მარჯანიშვილმა რომ მისი გაფორმებული „ცეცხლის გამჩაღებელნი“ ნახა მუშათა თეატრში. ოცხელის ესკიზებმა მარჯანიშვილი აღაფრთოვანა – გენიამ იცნო მომავალი გენია და თავისთან წაიყვანა და სულ მალე ოცხელის გენია აელვარდა კიდეც… თუმცა, როგორც თეატრის ისტორიის ანალებიდან ირკვევა, მარჯანიშვილს არ მოსწონებია  ესკიზები, რომელიც თავიდან მიუტანა ოცხელმა, არ მოეწონა რადგან იქ ზდანევიჩისა და გამრეკელის გავლენა იგრძნობოდა. მარჯანიშვილი არ აჩქარებდა ოცხელს… და აი, ოცხელმა მაკეტი მიიტანა მარჯანიშვილთან…

მარჯანიშვილი დიდხანს ათვალიერებდა მაკეტს…. ხელჯოხი მთელი ძალით დასცხო მაგიდას, მსახიობები გაინაბნენ, ეგონათ მაკეტი არ მოეწონა და ყველას ჯოხით დაერეოდა. „გენიალურია, შესანიშნავი, ყოჩაღ პეტრე! სადაა ის ბიჭი“ – იყვირა მარჯანიშვილმა… პეტრე ოცხელი სცენის სიღრმეში იდგა თავჩაქინდრული, გაწითლებული…

მაყურებელს დღესაც აჯადოვებს მარჯანიშვილის რეჟისორული გადაწყვეტისა და ოცხელის მხატვრობისა საოცარი სინქრონულობა.მარჯანიშვილის შედევრმა დაამარცხა დრო – „ურიელ აკოსტა“ დღესაც მარჯანიშვილის თეატრის რეპერტუარშია.

რა ხდება, რატომ აღელვებს მაყურებელს ოდესღაც დადგმული სპექტაკლი, მხოლოდ იმიტომ რომ შედევრია, მხოლოდ იმიტომ რომ არქეტიპად ქცეულ მარჯანიშვილის დადგმულია?  იქნებ იმიტომაც რომ ქადაგებს აზრის თავისუფლებას? იქნებ იმიტომ რომ გვიამობს რელიგიურ დოგმების, ფანატიზმის, გარემომცველი სამყაროს წინააღდეგ ამხედრებული ურიელ აკოსტას ტრაგიკული სიყვარულის ისტორიას, ნათელისა და ბნელის ჭიდილს. ბნელისა და ნათლის, შუქ-ჩრდილების, შავისა და თეთრის მონაცვლეობა უდევს აქ საფუძვლად ყველაფერს, ოცხელის დეკორატიული მონასმები ორგანულად ერწყმის მარჯანიშვილის მეტყველ მიზანსცენებს, ულამაზეს კომპოზიციებს. მსახიობები ქანდაკებებივით არიან ნაკვეთი, არსად არიან სტატიკურნი, ყველაფერს ყველაფერს შინაგანი რიტმი და სულიერიო ექსპრესია  აერთიანებს. ცხადია, დღევანდელი „ურიელის“ ზემოქმედება ალბათ ბევრად ჩამოუვარდება 80 წლის წინანდელ ზემოქმედებას, ისევე როგორც აღდგენილი სპექტაკლი ორიგინალს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმასაც რომ მას შემდეგ არათუ თეატრმა, საერთოდ სამყარომ იცვალა ნირი, რიტმი, დღევანდელი ზემოქმდების ძალა მაინც შთამბეჭდავია. სწორედ ამ „მაინც შთამბეჭდავობითაა“ „ურიელ აკოსტა“ გენიალური, ამ თეატრალურ მკვეთრ, პირობით ფორმებს, საერთოდ ზეაწეულ განცდებს გადაჩვეულ, გაუცხოებულ მაყურებელსაც რომ უთრთოლებს სულს. ცხადია, უხვად არიან ისინიც ვინც მყარადაა დამიწებული და არანაირად რომ არ ეპიტნავებათ ეს „ზეაწევა“ და თეატრისგანაც რომ მიწაზე გორაობას ითხოვენ, მაგრამ ეს სპექტაკლი მათთვის არაა…

მარჯანიშვილის „ურიელ აკოსტამ“ დროზე გაიმარჯვა, მაგრამ დროზე გამარჯვებამდე მესხიშვილის „ურიელ აკოსტაზე“ – სწორედ ქუთაისის სცენაზე დადგა მეოთხედი საუკუნით ადრე ლადო მესხიშვილმა კარლ გუცკოვის ეს ტრაგედია, ურიელს თავად ასრულებდა, ივდითს – ქართული თეატრის სინდისად აღიარებული ნუცა ჩხეიძე. ლადო მესხიშვილის ტრიუმფალური ურიელის შემდეგ ამ პიესას აღარავინ ეკარებოდა… აღარავინ – მარჯანიშვილამდე.

წარმატებულ პრემიერას წინ ასევე წარმატებული ჩვენება უძღოდა – თბილისდან ჩასულ მწერლებს, საზოგადო მოღვაწეებს „ურიელი“ დეკემბრის მიწურულს ანახეს.

ამ ჩვენების წინ კი იყო… ჩავარდნილი გენერალური რეპეტიცია.

რეპეტიცია ცუდად მიდიოდა, მსახიობები ვერაფრით ვერ პოულობდნენ საჭირო ტონს. „ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, თითქოს ყველაფერი დაიკარგა, რაც კი რეპეტიციებზე ვიპოვე. მუსიკაც მიშლის ხელს, გამძვინვარებული მარჯანიშვილიც მბოჭავს, სინათლე თვალს მჭრის. ყურადღების მოკრება მიჭირს. მონოლოგს წარმოვთქვამ მექანიკურად. ვერაფერს ვგრძნობ, სიცივე და სიცარიელე მაქვს გულში. უშანგი – ურიელიც ჩამქრალია, არა აქვს სითბო, სიცოცხლე, ცეცხლი – და ასე რეპეტიციის დამთავრებამდე ყველაფერი დაიკარგა, წაიშალა. სად გაქრა დაუვიწყარი რეპეტიციების სიხარული? როგორი ზეშთაგონებით ქმნიდა მარჯანიშვილი ამ სპექტაკლს – როგორი აღფრთოვანებით ვიჭერდით მის ყოველ აზრს ჩვენ, მსახიობები… ჩვენ ვგრძნობდით, რომ ამ სპექტაკლში კიდევ უფრო ძლიერად, უფრო სრულყოფილად გადაიშალა მარჯანიშვილის გენია. და ეს ყველაფერი ჩვენ, მსახიობებმა, დღეს დავკარგეთ, დავანგრიეთ, გავაცამტვერეთ“ – იხსენებდა ვერიკო ანჯაფარიძე…

მარჯანიშვილი ყვიროდა, ცეცხლს ყრიდა, ცდილობდა ეხსნა თავის შედევრი, მსახიობები რომ უნადგურებდნენ, მაგრამ ამაოდ… „დამღუპეთ მე თქვენ, დამტანჯეთ, დამასამარეთ“ – ეუბნებოდა მსახიობებს.

„ასეთი განადგურებული მარჯანიშვილი მე არ მინახავს“ – იტყვის ვერიკო ანჯაფარიძე, სწორედ ვერიკოს უხმო თეატრიდან გამოსულმა და სასტუმროსკენ ლასლასით მიმავალმა მარჯანიშვილმა. „ მივუახლოვდი და ვხედავ, თვალები ნათელი აქვს, სხივჩამდგარი, სიხარული გამოკრთის, ეშმაკური ღიმილი დასთამაშებს სახეზე და მეუბნება: წადი დაიძინე, კარგად დაისვენე, საღამოს მოხდება გრანდიოზული რამ, გენერალური ჩაგვივარდა – ეს ხომ შესანიშნავია!…“

– გაიხსენებს ვერიკო და სწორედ ამის შემდეგ დამკვირდა ქართულ თეატრში რწმენა – რომ ჩავარდნილი გენერალური რეპეტიცია წარმატებული პრემიერის გარანტიაა. მაგრამ ეს რწმენა ხშირად ცრურწმენაა – ვინ მოსთვლის რამდენი გენერალური რეპეტიცია ჩაფლავებულა და მერე პრემიერაც ჩაფლავებულა…

ვერიკოს გარდა მარჯანიშვილის „ურიელ აკოსტას“ კიდევ ბევრი ივდითი ახსოვს.

სესილია თაყაიშვილი, სოფიკო ჭიაურელი, მედეა ჯაფარიძე, დოდო ჭიჭინაძე, ნინო დუმბაძე, ნატო მურვანიძე…

ახალგაზრდა სესილია თაყაიშვილი ჯერ კიდევ მაშინ შეიყვანეს სპექტაკლში, როცა სცენაზე ვერიკო იდგა. გარკვეული წარმატებების მიუხედავად სესილიას ივდითი ვერ იქცა სპექტაკლის ნაწილად. სესილია ვერ ჰგუობდა უჩვეულო ფორმის სავარძელს, არანაკლებ უჩვეულო კოსტიუმს, საერთოდ გარემოს. იგი ეთაყვანებოდა ვერიკოს ივდითს, თვითონ კი ვერ იქცა ივდითად. იმდენად მწარე იყო მისთვის მარცხი, რომ სიკვდილის წინ მიცემულ ინტერვიუში, ცხოვრების ყველაზე უბედურ დღედ, „ურიელში“ თამაშის დღე დაასახელა…

ვერიკომ „ურიელ აკოსტა“ პირველად 1962 წელს აღადგინა. ურიელს პიერ კობახიძე თამაშობდა, ივდით თავად – უკვე 60–ს გადატანებული, მაგრამ იგი კვლავინდებურად აჯადოებდა მაყურებელს. 1972 წელს ვერიკომ ხელმეორედ აღადგინა „ურიელ აკოსტა“, ამჯერად ურიელს კოტე მახარაძე თამაშობდა, ივდითს – სოფიკო ჭიაურელი. „არ მინდოდა ივდითის თამაში, დედამ მაიძულა… ვცდილობდი გავქცეოდი მის აჩრდილს, მაგრამ ვერ მოვახერხე… დედასთან დავმარცხდი და დავმარცხდი რომელია…“ (სოფიკო ჭიაურელი).

მესამედ უკვე სოფიკო ჭიაურელმა აღადგინა სპექტაკლი 1991 წელს, ზურაბ სტურუას და ნინო დუმბაძის მონაწილეობით. 15 წლის შემდეგ, 2006 წელს კვლავ სოფიკომ აღადგინა „ურიელ აკოსტა“. ამჯერად ივდითად ურიელის – კოტე მახარაძის შვილიშვილი – ნატა მურვანიძე მოგვევლინა, ურიელად – ნიკა თავაძე.

ვერიკოსთან მარცხდებოდნენ მაშინ როცა ის სცენაზე იდგა, ვერიკოსთან მარცხდებოდნენ მაშინ როცა იგი პარტერში იყო რესტავრატორის ამპლუაში და მაშინაც – როცა იგი მთაწმინდაზე განისვენებს.

ნატა მურვანიძე: „ერთი წამითაც არ ვედრები სესილია თაყაიშვილის მონაცემებს და შესაძლებლობებს, მაგრამ ახლა ვერიკო ანჯაფარიძე რომ ცოცხალი იყოს და სცენაზე იდგეს, ჩემთვისაც ყველაზე უბედური დღე 2006 წლის 30 სექტემბერი იქნებოდა, როცა პირველად ვითამაშე ივდითი…“

მარჯანიშვილის თეატრს „ურიელ აკოსტას“ ბოლო აღდგენა 8 900 ლარი დაუჯდა. ეს თანხა ძირითადად დეკორაციის რესტავრაციას და კოსტიუმების ხელახლა შეკერვას მოხმარდა.

ყვითელი დეტალი: ახალ ივდითს – ნატა მურვანიძეს არც ერთი წინამორბედი ივდითის კოსტიუმი არ ჩაეტია კოჭებამდე დაშვებული კაბები წვივებსაც ვერ უფარავდა, ყველა კაბა მკლავებამდე წვდებოდა.

„ვიცოდი მაღალი ვიყავი, მაგრამ სულ მეგონა რომ თავი პატარა მქონდა, მაგრამ არც თავსბურავი მომერგო, ისიც პატარა მქონდა. დეკორაციაც კი პატარაა ვინც დააკვირდება“ – ამბობს ნატა მურვანიძე.

ნატა მურვანიძე: „ მართლაც უძლიერესი კონსტრუქცია აქვს ამ სპექტაკლს, ქორეოგრაფია, მუსიკა, პრინციპში ნახატივითაა, ერთი დიდი ტილოა.

ჩვენ ხელში გვქონდა შედეგი – მიზანსცენები, ჟესტები და თავად უნდა მივსულიყავით ამ შედეგამდე. მიხეილ ჩეხოვს აქვს ფსიქოლოგიური ჟესტით სავარჯიშო. ფსიქოლოგიურ ჟესტს რომ აკეთებ ერთხელ, ორჯერ, ათჯერ, ოცჯერ… ამ ჟესტს მიჰყავხარ იმ ემოციამდე, რომელმაც ეს ჟესტი შვა. ამ პრინციპით ვმუშაობდით და მინდა მჯეროდეს რომ ამ გზით ვიწვევდით იმ საწყის ემოციას, თავდაპირეველი შემსრულებლები რომ განიცდიდნენ. ყოველშემთხვევაში ეს ჟესტები ჩემში აშკარად იწვევს რაღაცას, შეიძლება იმ დოზას არა რასაც ქალბატონ ვერიკოში, ან შემდეგ აღიარებულ, ლეგენდარულ მსახიობებში… იმდენად მაგარია, იმდემად აწყობილია ეს ყველაფერი, მე არ მეგულება მსახიობი ქალი, რომელიც ამას ისე ვერე იგრძნობს, როგორც მე ვგრძნობდი. გული მწყდება სხვებს რომ არ აქვთ საშუალება რომ განიცადონ ის, რაც იქ ხდება, რომ იმ მონახაზში იცხოვროს, ამ სპექტაკლს აქვს კიდე რაღაც განსაკუთრებული მაგია… მე არ ვიცი ეს გარედან როგორ ჩანს, მაგრამ შიგნით აშკარად მონუსხული და მოჯადოებული ხარ 80 წლის წინანდელი რაღაცით, რომელსაც სახელი არა აქვს… სახელი აქვს კოტე მარჯანიშვილი, გენიოსი. რომელიც სათავეა ამ ყველაფერის…“

 

 

 


 

რეზო შატაკიშვილი ქართული გენის მშვენებაზე – ლევან აბაშიძეზე

ის მუდამ ახალგაზრდად და მუდამ ულამაზეს, ელეგანტურ მამაკაცად დარჩება, მას არასოდეს შეევერცხლება თმა, მით უმეტეს – არ გამელოტდება, არ დაუშნოვდება.
მას ვერ გარყვნის დრო, ვერ დაამხობს ჩვენს წარმოდგენებში. ის გმირია და გმირად დარჩება – რომანტიკულ გმირად. გმირად, რომელიც ამშვენებდა ქვეყანას, კინოს და რომელმაც თავი გასწირა სამშობლოსთვის.
დრო უძლურია მასთან, დროს ერთადერთი რამ შეუძლია – ჩვენ დაგვავიწყოს ის…

რომ არა ავბედითი 1992 წელი და აფხაზეთის ომი, წელს, 22 მაისს, ლევან აბაშიძეს 47  წელი უნდა შესრულებოდა…
ის კაცი იყო და იცოდა, რომ არც მარტო ეკრანს ეკუთვნოდა, არც სიგიჟემდე შეყვარებულ ქალებს, იცოდა, რომ ის სამშობლოს ეკუთვნოდა უპირველესად… და თავიც სწორედ ამ უპირველესს შესწირა.

1987 წელს ფრანგულმა პრესამ კანის ფესტივალის მიმოხილვაში, ლიკა ქავჟარაძე მონიკა ვიტის შეადარა, ლევან აბაშიძე – მარლონ ბრანდოს. ისე, თავად ლევანმაც, როდესაც სამი მსახიობის დასახელება სთხოვეს, ჟერარ ფილიპთან და ლიუბშინთან ერთად, სწორედ ბრანდო დაასახელა სამ საუკეთესო მსახიობს შორის. ფრანგები იმედოვნებდნენ, რომ ლევან აბაშიძეც მალე ავიდოდა ასეთ სიმაღლეზე.
ლევანს ეს არ დასცალდა. ის მხოლოდ ქართული კინოს ჟერარ ფილიპად დარჩა.

“გადასაღებ მოედანზე პირველად მეშვიდეკლასელი მოვხვდი, როგორც ამბობენ, “ნაცნობობით”. ვმეგობრობდი ლანა ღოღობერიძის ქალიშვილთან, ნუცა ალექსი-მესხიშვილთან. ქალბატონი ლანა იღებდა ფილმს “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”. ჰოდა, აი, ამ ფილმში, მე შევასრულე მთავარი გმირის შვილის როლი. ფილმის გადაღებისას ახლოს გავიცანი კინო, რომელიც თეატრთან ერთად ძალიან უყვართ ჩვენს ოჯახში. თუმცა პროფესიონალი მხოლოდ პაპაა – სოლიკო ვირსალაძე, დიდი თეატრის მხატვარი. ბავშვობაში მეხანძრეობა მინდოდა, რადგან სახანძროს ახლოს ვცხოვრობდი. ცოტა რომ წამოვიზარდე, ექიმობა მომინდა. ალბათ, იმიტომ, რომ ამ დროისთვის გატაცებული ვიყავი ცხენოსნობით, მოტოციკლით, თხილამურებით და ხშირად საავადმყოფოში დამტვრეული ვხვდებოდი. საბოლოოდ გადავწყვიტე, თეატრალურ ინსტიტუტში ჩამებარებინა. ბატონმა მიხეილ თუმანიშვილმა აიყვანა კურსი. მე განგების მადლიერი ვარ, რომ მასთან მოვხვდი. მთელი კურსი თეატრის ცხოვრებით ვცხოვრობდით. ბატონი მიშა, კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლებში გვათამაშებდა. უკვე მეორე კურსზე შევასრულე მთავარი როლი სპექტაკლში “ჩვენი პატარა ქალაქი”.

ბატონმა გიორგი შენგელაიამ ფილმ “ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობის” გადაღებამდე რამდენიმე ხნით ადრე მირჩია, წამეკითხა ოთარ ჩხეიძის რომანი “ბორიაყი”. მერე სცენარსაც გავეცანი და მივხვდი, მთავარ როლს ვითამაშებდი… გადაღების დაწყებამდე, უკვე მერამდენედ, ფეხი მოვიტეხე და ტრავმატოლოგიურ ცენტრში ამოვყავი თავი. ექიმს ვკითხე, დიდხანს მომიწევს წოლა-მეთქი? – ორი თვე მაინცო… მთელი ფილმის გადაღების მანძილზე ნატკენი ფეხით მომიწია თამაში… მაყურებელი, ალბათ, ვერც ხვდება, ზოგს შეიძლება უკვირს კიდეც, როგორ დადის ეს კაციო…” – ჯერ კიდევ 1985 წელს უამბობდა 22 წლის ლევან აბაშიძე “სოვეტსკაია კინოს”.

ლევან აბაშიძეს კინოში მართლაც დაქალმა “ჩაუწყო” საქმე. ნუცა ალექსი-მესხიშვილმა ულტიმატუმი წაუყენა დედას – თუ ლევანს არ გადაიღებ, ნურც მე გადამიღებო. და აი, ლევანს იღებენ ფილმში, დანიშნულია გადაღების დღეც, და როგორც დედამისი იხსენებს, გადაღების წინა ღამეს თეთრად ათენებს ფანჯარასთან. თურმე იცით რატომ? ეშინოდა, ამინდი არ გაფუჭებულიყო.
ლევანის ბავშვობა სავსე იყო ტრავმატოლოგიურ-რომანტიკული თავგადასავლებით. ერთხელ შეყვარებულისთვის იჩხუბა და თითიც მოიტეხა, მერე ეს თაბაშირი შეინახა და თურმე საკონტროლო წერების დროს მშვენივრად იყენებდა.

ერთხელ ფეხმოტეხილი წავიდა ბიჭვინთაში და შეყვარებულის გამო მეშვიდე სართულზე ავიდა თაბაშირიანი ფეხით, მხოლოდ იმიტომ, რომ ყვავილები დაეტოვებინა კართან. ერთხელ ჟანგიანი მილით ამძვრალა შეყვარებულის აივანზე… დანჯღრეული მოტოციკლით ბაკურიანში მეგობრებთან ჩასვლაც ლევან აბაშიძის სტილი იყო. ერთხელ “ნივით” ორმოში ჩავარდნილა და იქვე დაუტოვებია…
ქეთუსია იგნატოვა გაიხსენებს, რომ მხოლოდ მან იცოდა ერთი ყვავილის განსაკუთრებული ელეგანტურობით მირთმევა და მხოლოდ მას შეეძლო ნებისმიერი ასაკის ქალის მოხიბვლა, მონუსხვა. ლევან აბაშიძის გვერდით მუდამ ლამაზი ქალები იყვნენ. და ეს ქალები ხშირად იცვლებოდნენ… ლევანის დედა, ქალბატონი მანანა ხიდაშელი თვალცრემლიანი მიყვება:
“რომ მოვდიოდი, სულ სხვადასხვა გოგოები გამოდიოდნენ სახლიდან… მაგრამ არასოდეს უსინდისობა არ ჩაუდენია, ყოველთვის იცოდა, ვისთან როგორ მოქცეულიყო… გაუთავებელი რომანები ჰქონდა…”

და ამ გაუთავებელ რომანებს შორის იყო ერთი დიდი და გამორჩეული რომანი – ლევანის და მოლდაველი მსახიობი გოგონას, მიკას რომანი…
მანანა ხიდაშელი:
“მიკა მოლდაველია, აქ სწავლობდა თეატრალურ ინსტიტუტში, აქ გაიცნეს ერთმანეთი და დაიწყო დიდი რომანი. თავიდან ჩუმად დადიოდა ჩვენთან, მერე ლევანმა მთხოვა, დედა, მე ცოლს არასოდეს არ შევირთავ (რატომღაც ასე ამბობდა ყოველთვის…), მაგრამ ძალიან გთხოვ, მიკამ ჩვენთან იცხოვროსო. აქ ცხოვრობდა… მერე მიკამ დაამთავრა და წავიდა, რეკავდა, ლევანის დაღუპვა საშინლად განიცადა,
ჩამოვიდა, დღემდე მეხმიანება, მირეკავს, ახლაც არ თხოვდება, მე სულ აქედან ვუკიჟინებ, გათხოვდი-მეთქი…”

ლევან აბაშიძის განუმეორებელი სილამაზე აჯადოებდა ყველას, დიდსა და პატარას. ნატა მურვანიძე და ლევან აბაშიძე ერთ ეზოში იზრდებოდნენ.
ნატა მურვანიძე:
“პირველად რომ ვნახე, ალუბლის ხეზე იჯდა და იქიდან გადმომძახა: ეი, ალუბალი არ გინდაო?! იმდენად ლამაზი იყო იმ ალუბლებში, გული შემეკუმშა… ჩვენს ეზოში ბროწეულის ხე დგას, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დარგეს, მაგრამ ის არასოდეს ყვაოდა. ვიღაცამ გვითხრა, ხე შეაშინეთ და აუცილებლად მოისხამს ნაყოფსო. ლევანმა ცული მოუქნია ხეს, მე ვეხვეწებოდი, არ მოჭრა, წელსაც ვაცალოთ-მეთქი. ბროწეული მართლაც აყვავილდა… ლევანი ჩვენთან აღარაა, მაგრამ ხე ყოველ წელს ყვავილობს…”

რეჟისორ გოგი ქავთარაძის დისშვილმა, იმ პერიოდისთვის პატარა გოგონამ, მაცაცომ, როგორც იყო, ნახა თავისი კერპი – ლევან აბაშიძე. ლევანმა ალუჩა შესთავაზა გოგონას. გოგონას ალუჩის შენახვა უნდოდა. მაგრამ ლევანი უყურებდა და სხვა რა გზა ჰქონდა, ჩაკბიჩა. მაგრამ კურკა მაინც გადაინახა. ლევანისგან ნაჩუქარი ალუჩის კურკა… სამახსოვროდ. სახლში დაბრუნებულმა დედის ძვირფასთვლიანი ბეჭედი აიღო, ბუდიდან თვალი ამოიღო, იქ კურკა ჩადო და ყველას გამოუცხადა, ეს უფრო ძვირფასიაო. მერე მიწაშიც დარგო, ალუჩა უნდა გავახაროო. და… ელოდა. იმ შემოდგომაზე ლევანიც დაიღუპა… მხოლოდ გოგონა კი არა, ოჯახის ყველა წევრი მოუთმენლად ელოდა ლევანის ალუჩის ამოსვლას. მაგრამ ამაოდ.

1992 წელს, დაიწყო თუ არა აფხაზეთის ომი, ლევანი ომში წასასვლელ გზებს ეძებდა. არადა, ერთდროულად სამ ფილმში იღებდნენ. როგორც მშობლები იხსენებენ, ლევანი ნერვიულობდა, აფხაზეთში ომია და რა დროს თამაშიაო. ომში წასვლა უნდოდა ლევანს და გიორგი გაჩეჩილაძეს (შემდგომში ეკონომიკის მინისტრი). კომისარიატსაც მიაკითხეს. შეიკრიბნენ ბიჭები – ლევანი, გიორგი გაჩეჩილაძე, გია ნადირაშვილი, სულხან სულხანიშვილი, გიორგი ნიჟარაძე… წასვლას დღე-დღეზე ელოდნენ, ლევანს ყველა ერიდებოდა, რადგან ბათუმში გადაღებები ეწყებოდა, არადა გემი დაქირავებული იყო, ფულიც გადახდილი, ლევანის გარეშე კი გადაღებები ჩაიშლებოდა. ლევანი ბათუმში გადაღებებზე ისე წავიდა, რომ იცოდა – აფხაზეთში ჯერჯერობით ვერ მიდიოდნენ. წასვლისას ბიჭებს დაუბარა, თუ უჩემოდ მოგიწიათ წასვლა, მე კოორდინატებს გავიგებ და ადგილზე პირდაპირ ბათუმიდან ჩამოვალო. მაგრამ აფხაზეთში წასული ბიჭები ზუსტ კოორდინატებს არ ტოვებდნენ თბილისში. საახლობლოს აიმედებდნენ, შტაბის სამუშაოებს ვასრულებთ, საბრძოლო მოქმედებებში არ ვმონაწილეობთო. არადა, პირველივე დღიდან იარაღი ეჭირათ ხელში.


ბათუმში გადაღებები დასრულდა. 5 სექტემბერს ლევან აბაშიძე თბილისში დაბრუნდა და ნახა აფხაზეთიდან რამდენიმე დღით ჩამოსული გია ნადირაშვილი. რომელიც მეორე დღეს, გამთენიისას, აფხაზეთში ბრუნდებოდა. ლევანმა ისიც გაიგო, რომ ვერტმფრენში ერთი ადგილი იყო. ლევან აბაშიძემ თბილისი 6 სექტემბერს დატოვა. სოხუმში 3-4 საათზე ჩაფრიდნენ. შტაბში ბიჭები ტელევიზორს უყურებდნენ. შედის გია ნადირაშვილი და მებრძოლებს ეუბნება: ნახეთ, ბიჭებო, ვინ მოგიყვანეთო და შედის ლევანი. მეგობრებსა და ნაცნობებზე ლაპარაკიც არაა, ყველას გაუხარდა მისი დანახვა, ეს ხომ მსახიობია, ამას ხომ ჩვენც ვიცნობთ… იმ საღამოსვე გავიდნენ პოზიციაზე. ის ღამე და მეორე დღეს, 7 სექტემბერს, ნაშუადღევს, ერთად არიან ბიჭები – სულხან სულხანიშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, გია ნადირაშვილი და ლევან აბაშიძე. ბრძოლის ველი. სანგარი. საბედისწერო ყუმბარა და ოთხი ბიჭიდან მხოლოდ გიორგი გაჩეჩილაძე დარჩა ცოცხალი.

ამ ტრაგიკულმა შემთხვევამ ქართულ (და არამარტო ქართულ) კინოს ხელიდან გამოსტაცა ახალგაზრდა, 28 წლის ულამაზესი მამაკაცი. ლევან აბაშიძე ლანა ღოღობერიძემ ფრესკიდან გადმოსულს შეადარა.

ლევან აბაშიძე გადავიდა მოგონებებში, ჩვენს უახლოეს წარსულში და როგორც ლანა ღოღობერიძე იტყოდა, ჩვენ, ქართველებს, ერთადერთი რამ გვევალება, არ დავივიწყოთ ქართული გენის ეს მშვენება.
ლევან აბაშიძის მშობლები – მანანა ხიდაშელი და აგი აბაშიძე მთელს თბილისში სილამაზით განთქმული წყვილი იყო. ჩამომავლობით კი ლევანი ერეკლე მეორის პირდაპირი შთამომავალი იყო – თეკლა ბატონიშვილის შტოდან.
ლევანის პანაშვიდზე პატარა, 12-13 წლის ბიჭების გუნდი მივიდა, ქალბატონმა მანანამ ჰკითხათ, ვინ ხართ, ბიჭებოო? ჩვენ ლევანის ძმაკაცები ვართო, უპასუხეს ბავშვებმა…


თეატრალური წყვილები

რეზო შატაკიშვილი
არაერთ მსახიობს შეჰყვარებია ერთმანეთი როლში. ანდა თუნდაც უბრალოდ თეატრში, მაგრამ ამ “ნიუსს” არასდროს არავინ მიიჩნევდა უბრალო ნიუსად. თუ საზოგადოდ “ქორწინებით დასრულებულ სამსახურებრივ რომანს” – ერთობ პროზაულად ღებულობდა ყველა, ასევე ყველა ინტერესით ენთობოდა, როცა ეს სამსახურებრივი რომანი თეატრში ჩაღდებოდა და იდგამდა გვირგვინს.
მათი გრძნობებიც თითქოს სცენაზე დგანან…
გიამობთ თეატრალურ წყვილებზე, იმ ოჯახებზე რომელიც შექმნეს მსახიობებმა, ან მსახიობმა და რეჟისორმა… ისინი ერთად არიან, თეატრშიც და ცხოვრებაშიც. უფრო სწორად თეატრშიც ერთად ცხოვრობენ და ცხოვრებაშიც. ყოველი მათგანის სიყვარული დაიწყო თეატრში ან თეატრალურ ინსტიტუტში…

მაკო საფაროვა – ვასო აბაშიძე
საქართველოში მსახიობთა ქორწინების ტრადიციას, მაშინვე ჩაეყარა საძირკველი, როგორც კი ილია ჭავჭავაძემ აღადგინა პროფესიული ქართული თეატრი – 1979 წელს. ვასო აბაშიძე დასში მიღებულ მაკო საფაროვას დაცინვით შეხვდა, ბავშვიცი უწოდა. მაკო ხომ მაშინ მხოლოდ 19 წლის იყო… ვასო აბაშიძე 25-ის… ვასო დასცინოდა, მაგრამ მალევე, მაკოს სცენაზე გამოსვლისთანავე, შეხედულება შეიცვალა და მისი ნიჭის თაყვანისმცემლად მოგვევლინა. მალევე ოჯახის შექმნაც შესთავზა, მაკომ იუარა, ხუმრობა ეგონა… ვასომ
ხელი მეორედ გორში გასტროლებისას სთხოვა მაკოს. მაკომ კვლავ ცივი უარი უთავაზა, ვასო მტკვრისკენ წავიდა, მაკოს ელდა ეცა – თავს დაიხრჩობსო, გამოედევნა და… უთხრა რომ ცოლად გაჰყვებოდა. იქორწინეს, მალე ქვეყანას ტასო აბაშიძე მოევლინა. ვასო აბაშიძემ და მაკო საფაროვამ ერთად 47 წელი იცხოვრეს…
ნატო გაბუნია – ავქსენტი ცაგარელი

ქართული თეატრის მეორე პრიმამ – ნატო გაბუნიამ კი ბედი უკვდავ “ხანუმას” ავტორს, დრამატურგსა და მსახიობს ავქსენტი ცაგარელს დაუკავშირა. 25 წლის ცაგარელი უგონოდ იყო შეყვარებული 23 წლის ნატო გაბუნიაზე, სწორედ ნატოსთვის დაწერა “ხანუმა”. მალე დაქორწინდნენ კიდეც, ნატო გაბუნიამ ხანუმა პირველად 23 წლისამ ითამაშა. ამ როლს იგი სიკვდილამდე თამაშობდა…
ვერიკო ანჯაფარიძე – მიხეილ ჭიაურელი

საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნებულმა გიორგი ჯაბადარმა თეატრალური სტუდია დაარსა. რეპეტიცია-მეცადინეობებს საგრეჯოში გადიოდნენ. სტუდიას მალე მოსკოვიდან დაბრუნებული ვერიკო ანჯაფარიძე შეუერთდა. სწორედ იქ ნახა 24 წლის მიხეილ ჭიაურელმა პირველად ვერიკო…
ნახა და შეუყვარდა. “მოდიოდა ქალი დიდი ნაბიჯით. ეცვა აბრეშუმის გრძელი კაბა… არაჩვეულებრივად მაღალი ყელი. ვერ გაიგებდი თვალებით ვის უყურებდა, ოდნავ მოზრდილი ცხვირი, უწესრიგოდ, ფაფარივით გადმოყრილი თმა, ყველას მოგვესალმა და მომეჩვენა რომ რომ განსაკუთრებული ყურდღებით მე შემომხედა. მე მას პირველად ვხედავდი… და ვხედავდი მხოლოდ მას!… ეზოში მწვანეზე ჩამოვსხედით ყველა. მოხდა ისე რომ ვერიკო ჩემთან ახლოს დაჯდა. რა ბედნიერებაა!.. ბედნიერებას განვიცდიდი და არ მესმოდა, რას ნიშნავდა ეს… ჯაბადარმა ახალგაზრდა მსახიობ ქალს სთხოვა რაიმე წაეკითხა. ვერიკომ სასტიკი უარი განაცხადა, სთხოვდნენ ჩვენი მსახიობებიც. “ვთხოვ იქნებ დამიჯეროს” – გავიფიქრე და თითქმის ჩურჩულით ვთქვი: მეც ძალიან გეხვეწებით მეთქი, მან ერთი შემომხედა და დაუყოვნებლივ დაიწყო… რატომ დაიწყო მაინცდამაინც მაშინ, როცა მე ვთხოვე? არ ვიცი… რა ახლოს იყო მისი ხელი დაბლა ხალიჩაზე. ვეღარაფერს ვგრძნობდი… მე ტაში არ დავუკარი, დავიხარე და ხელზე ვაკოცე…” – ასე მოიგონებს მიხეილ ჭიაურელი ვერიკოსთან პირველ შეხვედრას, მათ შორის დიდი გრძნობა გაჩნდება, მაგრამ ვერიკო ცოლად გაჰყვება არა ჭიაურელს, არამედ – 11 წლით უფროს, სახელოვან შალვა ამირეჯიბს, გამოჩენილ პოლიტიკურ მოღვაწეს, ეროვნულ-დემოკრატს, პოეტსა და ჟურანლისტს, ნამდვილ ვაჟკაცს. ჯვრისწერიდან გამოსულ ვერიკოს გული შეუღონდა… მას უკვე მიხეილ ჭიაურელი უყვარდა, მიხეილ ჭიაურელი უკვე ცოლ-შვილიანი იყო იმ დროს… ამბობენ რომ მამამ სთხოვა ვერიკოს სიკვდილის წინ – ცოლად გაჰყოლოდა შალვა ამირეჯიბს. ალბათ ვერიკოც ფიქრობდა რომ სხვისი ცოლი თუ გახდებოდა, უფრო დაიმორჩილებდა საკუთარ გულს… მაგრამ ვერ დაიმორჩილა… ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. მაგრამ ამირეჯიბს ის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე უყვარდა. ემიგრაციაში წასულსასც არ შეურთავს ცოლი… ვერიკო ცოლად გაჰყვა მიხეილ ჭიაურელს…

სესილია თაყაიშვილი – ვასო გოძიაშვილი

სესილია თაყაიშვილმა და ვასო გოძიაშვილმა ერთმანეთი ფაღავას სტუდიაში გაიცნეს.

ისინი ჯერ სცენაზე იყვნენ ცოლ-ქმარი. სტუდიაში, გორგო ფულდის “ვირის ჩრდილში” ვასო გოძიაშვილი მევირეს თამაშობდა, სესილია მის ცოლს. მერე ცხოვრებაშიც მისი ცოლი გახდა, რუსთაველის თეატრშიც ერთად მოღვაწეობდნენ. მერე მარჯანიშვილი თეატრიდან წავიდა, მალე მას ვასო გაჰყვა და სესილიაც მარჯანიშვილთან

წავიდა.



მაგრამ მალე სესილია და ვასო გოძიაშვილი ერთმანეთს დაშორდნენ. სესილიამ მარტო გაზარდა ბიჭი. აღარ გათხოვილა. იმ დიდი სიყვარულის ერთგული დარჩა. თბილისში ფეხს აიდგამს ლეგენდები სესილიას პატიოსნებასა და ზნეობრივ სისპეტაკეზე…
გიორგი შავგულიძე – ლიზა ვაჩნაძე




გიორგი შავგულიძე 23 წლის იყო მსახიობი ლიზა ვაჩნაძე რომ შეუყვარდა. ლიზა ვაჩნაძე “ყვარყვარეში” გულთამზეს თამაშობდა, შავგულიძე – ერასტის და წისქვილის სცენაში, როდესაც უშანგი ჩხეიძე-ყვარყვარე მუხლზე ისვამდა ვაჩნაძე-გულთამზეს, ერასტი-შავგულიძე საშინლად ნერვიულობდა და რეპლიკას არ უცდიდა, ისე ხტებოდა საფარიდან, განზე ისროდა ყვარყვარეს და სცენას აფუჭებდა. იმდენჯერ გააფუჭა სცენა, რომ ბოლოს თვითინ შეყვარებულმა უსაყვედურა, გვაცადე თამაშიო. უსაყვედურა და არათუ ადრე აღარ გადმოხტა შავგულიძე საფარიდან, საერთოდ დააგვიანა, ისე დააგვიანა რომ ბოლოს თვითონ უშანგი ეძახდა – “ჟორჟიკა ბიჭო, გამოდი”.
გადმოხტა შავგულიძე და ყვარყვარე იქით ისროლა, გულთამზე აქეთ…

სპექტაკლის მერე გაბუტული ბავშვივით აუხსნა შავგულიძეს – ამან მთხოვა გვაცალე ალერსიო…  მას მერე კი რაც უშანგი ჩხეიძემ შავგულიძის პორტსიგარში ლიზა ვაჩნაძის ფოტო ნახა, რეპლიკას ადრე ამბობდა…

აღდგენილ “ხატიჯეში” ლიზა ვაჩნაძე ხატიჯეს თამაშობდა, ხატიჯეს დედას – მარჯანიშვილის მეუღლე ელენე დონაური (ვაჩნაძე). მათ ერთნაირი, შავი კაბები ეცვათ და სახეზე შავი ჩადრები ჰქონდათ ჩამოფარებული, მარჯანიშვილის მეუღლე ლიზა ვაჩნაძეზე ადრე მოიკაზმა, ჩავიდა კუისებში და… მას ზურგიდან მოეხვია შავგულიძე. ჯერ მარჯანიშვილის მეუღლე გადაირია, შემდეგ – შავგულიძე როცა ხელში შეყვარებულის ნაცვლად რეჟისორის ცოლი შერჩა… 

მარჯანიშვილმა მეორე დილით წყვილად დაიბარა შავგულიძე და მისი სატრფო. მარჯანიშვილმა აღელვებულ და აწურულ შავგულიძეს თბილად დაუცაცხანა, რაო, ფიქრობ რომ ყველა ვაჩნაძეს უნდა ეხვეოდე? მაცადეთ, დავბრუნდები მოსკოვიდან და თეატრში გრანდიოზულ ქორწილს გადაგიხდით – დაპირდება მარჯანიშვილი შეყვარებულებს, მაგრამ ის მოსკოვიდან ვეღარ დაბრუნდება…

გრანდიოზული ქორწილი ვერ შედგება, მაგრამ გიორგი შავგულიძე და ლიზა ვაჩნაძე იქორწინებენ…

ელენე ყიფშიძე – ეროსი მანჯგალაძე                                                        
ელენე ყიფშიძის პირველი მეუღლე ეროსი მანჯგალაძე იყო, მათ სტუდენტობისას ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ამბობენ რომ შეყვარებულმა ეროსიმ ელენესთან არშიყობისთვის სახელგანთქმულ გიორგი ტოვსტონოგოვსაც კი სცემა… ეროსი და ლენა შემდეგ დაქორწინდნენ, მაგრამ ვერ აეწყო მათი ურთიერთობა. მალე დაშორდნენ. ეროსის აღარ მოუყვანია ცოლი. ამბობდნენ რომ სიკვდილამდე ლენა უყვარდა… დაშორებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ელენე ყიფშიძემ უმამოდ გააჩინა ზურა და ზურასთან ერთად დაიბადა მითიც რომ ზურა ეროსის ბიჭია. ამ მითის თვითონ ზურასაც სჯერა კარგა ხანს. ეს მითი გარდატეხის ასაკში დაემსხვრა ზურას. “მახსოვს სოფელში ვიყავი, ასე წარმადგინეს, გაიცანით, ესაო, ეროსის ბიჭიაო. გავგიჟდი მეთქი ვინ ეროსის ბიჭი ვარ, დავიწყე ყვირილი, ბოლო-ბოლო გამაგებინეთ ვინ ვარ, რა ვარ, ვისი შვილი ვარ…  13-14 წლის ვიყავი, როცა გავიგე ვინ იყო ბოლო-ბოლო მამაჩემი – მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ავთო ვერულეიშვილი…” – იხსენებდა ზურა ყიფშიძე.


სალომე ყანჩელი – გიორგი ტოვსტონოგოვი
გიორგი ტოსვტონოგოვი თავიდან მხოლოდ პედაგოგი იყო სალომე ყანჩელის. შემდეგ თავდავიწყებით შეუყვარდათ ერთმანეთი და ტოვსტონოგოვი სალომეს  ქმარი და ორი ვაჟის მამაც გახდა. მაგრამ… რამოდენიმე წლში დაშორდნენ. სასამართლომ შვილებზე მეურვეობა ტოვსტონოგოვს დააკისრა.

ტოვსტონოგოვი მალე ლენინგრადში გადაიყვანეს და ვაჟებიც თან წაიყვანა… ტოვსტონოგოვს არასოდეს აკლდა ქალები, რომანები, მაგრამ ცოლი, როგორც ასეთი აღარ შეურთავს და სალომე ყანჩელი ინარჩუნებდა ტოვსტონოგოვის ერთადერთი ცოლის ტიტულს…

მედეა ჩახავა – ნოდარ ჩხეიძე – კოტე მახარაძე

მედეა ჩახავას ინსტიტუტში შესვლისთანავე დაადგა თვალი ნოდარ ჩხეიძემ. ნოდარი უფროსი იყო, სამედიცინო ინსტიტუტიდან იყო გადასული. პოეტ გიორგი ქუჩიშვილის ვაჟი, ბობოქარი და ბოჰემური ნოდარი გოგონების ყურდაღებით იყო განებივრებული, მედეასაც მოსწონდა ასეთ ბიჭს რომ მოსწონდა. “შემომანათებდა ხოლმე თვალებს. ძალიან ლამაზი თვალები ჰქონდა… მერე უკვე გამაცილა, გამომაცილა. თქმით არაფერს მეუბნებოდა, მაგრამ ხშირად საქციელი უფრო მეტს ამბობს. მერე, ალბათ, მითხრა კიდეც, ეს დიდი ხნის ამბავია…” – იხსენებდა უკვე მხცოვანი მედეა.

ნოდარ ჩხეიძეს და მედეა ჩახავას ვაჟი შეეძინათ _ თემურ ჩხეიძე…
მერე მათი გზები გაიყო. მედეა კოტე მახარაძის ცოლი გახდა… ქვეყანას მოევლინა მაკა მახარაძე, ივიკო მახარაძე…
გამოხდა ხანი და მათი ცხოვრების გზაც გაიყო. ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. იყო წლები, როცა ერთმანეთს ხმას არ სცემდნენ, მაგრამ დრომ ყველაფერს უწამლა და მათ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ…
სოფიკო ჭიაურელი – გიორგი შენგელაია – კოტე მახარაძე

სოფიკო ჭიაურელი და გიორგი შენგელაია 19 წლისები იყვნენ, მოსკოვის კინოინსტიტუტში სწავლობდნენ როცა დაქორწინდნენ. თუმცა მათი დიდი რომანი აქ, თბილისში დაიწყო. სოფიკოს და გიორგის 5 წელი უყვარდათ ერთმანეთი. ნატო ვაჩნაძის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ, ვერიკო ანჯაფარიძე მზრუნველობდა თავისი მეგობრის უმცროს ვაჟზე…
სოფიკოს და გიორგის შეეძინათ ორი ვაჟი, ცხოვრება მიდიოდა, მაგრამ მერე და მერე მათ ურთიერთობაში გაჩნდა ბზარი. “ჩემს ცხოვრებაში დააკაკუნა მეორე დიდმა სიყვარულმა – კოტე… ცხოვრებაში, მითუმეტეს პირად ცხოვრებაში არ მქომედებს არანაირი კანონები, მე მეწერა რომ ორჯერ მეყვარებოდა…” – ამბობდა სოფიკო. მათ ერთმანეთი სცენაზე შეუყვარდათ. ვერიკო ანჯაფარიძემ “ურიელ აკოსტა” აღადგინა. ივდითს სოფიკო თამაშობდა, ურიელს – კოტე და…
“კოტეს მანადეც ვიცნობდი, ხშირად იკვეთებოდა ჩვენი გზები თეატრში, მაგრამ… “ურიელმა” დაგვღუპა… ყველაფერი სპონტანურად მოხდა, მას ცოლი ჰყვდა, მე – ქმარი… ამ ყველაფერს უფრო კრიმინალური შარავანდედი ადგა, ვიდრე რომანტიკული. ყველა ჩვენს წინააღდეგ იყო, საკუთარი შვილებიც კი… გაგანია რომანი გვქონდა, მაგრამ ბავშვების გამო ვერ ვწყვეტდი ოჯახის დანგრევას. კოტე გიჟდებოდა. მახსოვს ვიყავით პოდმოსკოვიეში, იყო ზამთარი, ღამე და ნამქერი. გამოვედით რესტორნიდან და კოტემ მითხრა, “ან მეტყვის ჰოს, ანარადა თავს მოვიკლავო”. მე ვუთხარი: “კარგად იყავი”. 

ის ავიდა ყველაზე მაღალ ადგილას რაც კი იქ იყო და ბაც, თოვლიან ხრამში ისკუპა. მეც არც დავფიქრებულვარ ისე ვისკუპე, გადავყე ხრამში, სიბნელეში. ცოცხალმკვდრები ძლივს ამოვედით იქიდან…

მერე და მერე, როდესაც ჩვენი ახლობლები დარწმუნდნენ რომ ჩვენი ურთიერთობა ძალიან სერიოზული იყო, ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა. 30 წელი ვიცხოვრეთ მე და კოტემ სიყვარულსა და თანხმობაში…” – იხსენებდა სოფიკო ჭიაურელი.

ბელა მირიანაშვილი – კახი კავსაძე
ბელა მირიანაშვილისთვის კახი კავსაძე პირველი მეუღლე არ იყო, მაგრამ მათი სიყვარული დღემდე საარაკოდაა და ასე დარჩება კიდეც. ძნელად თუ მოახერხებს ვინმე, მოახერხოს ის რაც მოახერხა კახი კავსაძემ – ბედისწერისთვის თვალი გაესწორებინა, ჰყვარებოდა სნეული მეუღლე და მისი ერთგული დარჩენილიყო მისი გარდაცვალების შემდეგაც. სწორედაც რომ ამას ჰქვია ერთგულება კუბოს კარამდის…

პირველად თვალი თეატრალურ ინსტიტუტში მოჰკრა, მაშინვე დაებინდა გონება, მაგრამ თქმა ვერც მაშინ გაუბედა და ვერც შემდეგ კარგა ხანს, სანამ “მასოვკის” მსახიობი იყო… მსახიობი, რომელსაც მიშა თუმანიშვილი თეატრში შემთხვევით მოხვედრილად თვლიდა… მალე კახი კავსაძემ დაამტკიცა რომ ის არ იყო შემთხვევით მოხვედრილი თეატრში და მეტიც – თუმანიშვილის ფავორიტი მსახიობის – ბელა მირიანაშვილის მეუღლე გახდა.
“მახსოვს ერთხელ ვისხედით მე, ბელა, ბატონი მიშა, რობიკო… ბევრნი ვიყავით, ბელამ რაღაც რეპლიკა თქვა, რაზეც ბატონმა მიშამ უპასუხა, “ა, ტი მალჩი დევოჩკა, ი ზნაი, ჩტო ტვაია სუდბა ზავისიტ ოტ მენია”. ბელამ კი არ დააყოვნა “ია ნე დევოჩკა, ია აკტრისა ტეატრა რუსტაველი, ა მაია სუდბა ზავისიტ ოტ ეტოვა ჩელავეკა” და ჩემზე მიუთითა…” სიამაყით გაიხსენებს “პრაიმ თაიმთან” კახი კავსაძე…
იზა გიგოშვილი – მერაბ თავაძე
იზა გიგოშვილი პირველი მეუღლე აკადემიკოსის ვაჟი, კიბერნეტიკოსი არტურ პროკოპჩუკი იყო. იზამ და არტურმა ერთმანეთი მინსკიში გაიცნეს და დაოჯახდნენ. შეეძინა ია. იზამ თბილისში დაბრუნების შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა, მერაბ თავაძე მისი ჯგუფელი იყო. იზას მეუღლესთან ურთიერთობა დაეძაბა, ოჯახი პრაქტიკულად ენგრეოდა. მერაბი გვერდში დაუდგა როგორც მეგობარი, თუმცა ფარულად სხვა გრძნობები ჰქონდა… მერაბ თავაძე მეორე კურსზე იყო ირმა გურიელი რომ შეირთო ცოლად. ორი ვაჟი შეეძინა, ოჯახი ვერც მას აეწყო. ცოლს გაშორდა. იმ პერიოდში იზაც დაშორდა ქმარს. გადაწყვიტეს ერთად ყოფნა, რამაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. აირია ყველაფერი, ურთიერთობები ოჯახებში, ახლობლებში. ყველა წინააღდეგი იყო. ბოლო ბოლო დაქორწინდნენ. შეეძინათ ნიკო თავაძე. ერთად მუშაობდნენ რუსთაველში, ერთად გადავიდნენ მარჯანიშვილის თეატრში. იზა გიგოშვილი მალევე დაბრუნდა რუსთაველში, მერაბ თავაძემ კინოში გადაინაცვლა. შემდეგ ერთად დაარსეს სამეფო უბნის თეატრი…
მარინე თბილელი – აკაკი დვალიშვილი

რუსთაველის თეატრში მიღებულ მარინა დომბროვსკაიას მფარველად აკაკი ვასაძე მოევლინა. მან დაანათლა ფსევდონიმი თბილელი. მალე მარინა აკაკი ვასაძის რძალი გახდა – მსახიობის პირველი მეუღლე აკაკი ვასაძის ვაჟი გოგი ვასაძე იყო. შეეძინათ ბიჭი – აკაკი ვასაძე უმცროსი. მაგრამ მალე დაშორდნენ…
მოგვიანებით მარინა თბილელი ცოლად გაჰყვა რეჟისორსა და კულტურის ცნობილ მოღვაწეს აკაკი დვალიშვილს. შეეძინათ ქალიშვილი – ბაია დვალიშვილი.
მოგვიანებით მსახიობი ანკეტაში ჩაწერს – “30 წელიწადია მე და ჩემი მეუღლე სიამტკბილობით ვუქცევთ ერთმანეთს ღრანჭს”.

ნანა ფაჩუაშვილი – ტრისტან ყველაიძე

რუსთაველის თეატრის მსახიობები ნანა ფაჩუაშვილი და ტრისტან ყველაიძე განგებამ ჯერ კიდევ ინსტიტუტში შეახვედრა, მაგრამ მეორე კურსელი ნანა ცოლად სხვას გაჰყვა… მაგრამ ქორწინება უიღბლო გამოდგა, მეტიც ტრაგიკული – ნანა ფაჩუაშვილი 2 თვის ფეხმძიმე იყო, მისი მეუღლე რომ დაიღუპა…
ნანას ვაჟი შეეძინა. თამაზი 3 წლის იყო ნანა რომ ტრისტან ყველაიძის ცოლი გახდა. იყო კონფლიქტები, პრობლემები, მაგრამ ტრისტან ყველაიძის დაღუპვამდე ისინი ერთად იყვნენ.
“ერთხელ მომართვა მინდვრის ყვავილები. ეს იყო გედის სიმღერასავით – პირველი და უკანასკნელი ყვავილები, რომლებიც მან მომართვა. დეკემბერში, გასტროლებიდან რომ დავმბრუნდი აეროპრტში დამხვდა და ყვავილები მომართვა, იანვარში კი გარდაიცვალა…” (ნანა ფაჩუაშვილი)
ქეთევან კიკნაძე – გიგა ლორთქიფანიძე

ახალგაზრდა რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის აქტივში რომანებიც ბევრი იყო, გატაცებებიც, როდესაც თეატრალურ ინსტიტუტში პირველად ნახა სიფრიფანა ქეთევვან კიკნაძე და გაიფიქრა – ეს გოგო ჩემი ცოლი იქნება. მაშინ 20 წლის ქეთევან კიკნაძე მესამე კურსზე იყო. 32 წლის გიგა – მათი პარალელური ჯგუფის პედაგოგი. ერთმანეთი პირველად კარნავალზე ნახეს, ქეთინო ყველასთან ცეკვავდა, არ იცოდა გიგა რომ პედაგოგი იყო და როდესაც ცეკვა-ცეკვით ჩაუქროლებდა, მისდაუებურად თვალის მისკენ ეპარებოდა…
გიგამ ქეთინო პირველად ლიფტში დაპატიჟა – ასე გამოხატა დაინტერესება. 

თეატრალურში ლიფტით მხოლოდ პედაგოგები დადიოდნენ, სტუდენტებს ეკრძალებოდათ (სხვათაშორის ამ უჩვეულო ჩვეულებას მხოლოდ ახლაღა, ბოლო წლებში მოეღო ბოლო…)

შემდეგ კინოში დაპატიჟა. შემდეგ რამდენჯერმე სახლამდე მიაცილა. მერე კი უთხრა, ამდენი სიარული არ შემიძლია, თუ ცოლად წამომყვები, წამომყევიო და ქეთინოც წაჰყვა… გიგამ ალმასისთვლიანი ბეჭდი აჩუქა. ქეთინომ – სამი ქალიშვილი. ნახევარ საუკუნეზე მეტია ერთად არიან…

ნანი ჩიქვინიძე – თემურ ჩხეიძე



ისინი ერთმანეთს თეატრალურ ინსტიტუტში შეხვდნენ. ნანი სტუდენტი იყო, თემურ ჩხეიძე მიხეილ თუმანიშვილის ასისტენტი და უკვე 2 ქალიშვილის მამა.

ნანი სტუდენტი იყო, მაგრამ ბევრ კინოვარსკვლავს შეშურდებოდა, უკვე იმდენ ფილმში იყო გადაღებული – “მაგდანას ლურჯა”, “სხვისი შვილები”, “ჩვენი ეზო”, “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”… მოკლედ, თენგიზ აბულაძის პრიმა და იმხანად უკვე თუმანიშვილის სტუდენტი ნანი ჩიქვინიძე თავდავიწყებით შეუყვარდა მასზე 6 წლით უფროს თემურ ჩხეიძეს და მალე ნანი ჩიქვინიძე დიდი ოჯახის რძალი გახდა. შეეძინათ ქალიშვილი.
მას შემდეგ ერთად არიან, ცხოვრებაშიც და სცენაზეც…
გურანდა გაბუნია – ოთარ მეღვინეთუხუცესი

აგერ
უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია ერთად არიან გურანდა
გაბუნია და ოთარ მეღვინეთუხუცესი. მათი სიყვარული ჯერ კიდევ თეატრალური ინსტიტუტის კედლებში დაიწყო. ვინ იაქტიურა პირველმა მუდამ ენერგიულმა გურანდა გაბუნიამ თუ დენდის თავაზიანობით განთქმულმა, მაგრამ ვულკანივით ფეთქებადმა ოთარ მეღვინეთუხუცესმა? ფაქტია რომ გურანდა გაბუნიასნაირი დაუდგრომელი ხასიათის გოგონას შემჩნევა არავის გაუჭირდებოდა, ცხოვრების თანამგზავრად კი ოთარ მეღვინეთუხუცესმა გამოარჩია.  მერე იყო მთელი ცხოვრება აღმართ-დაღმართებით, გაშლილი ვაკეებით, ბოლოს მარჯანიშვილის თეატრის წინ დაგებული წყვილი ვარსკვლავით. ისინი ერთად იყვნენ და არიან ცხოვრებაში, სცენაზე, პოლიტიკურ ბატალიებშიც კი…
თათული დოლიძე – ჟანრი ლოლაშვილი

“ჩემი და თათულის სიყვარული კარგად დაიწყო. შევხედე და ელდა მეცა, ტვინი დავარტყი ასფალტს, მერე შეგვიყვარდა ერთმანეთი და მორჩა, გათავდა”– იტყვის წლების შემდეგ ჟანრი ლოლაშვილი.
ერთმანეთი შეუყვარდათ და “კავკასიური ცარცის წრის” გმირების – თათული დოლიძისა და ჟანრი ლოლაშვილის ერთად ყოფნის ბედის წრეც შეიკრა. ეს ქორწინება ორივესთვის მეორე იყო. თათული დოლიძის პირველი მეუღლე რუსთაველის თეატრის მსახიობი ვანო გოგიტიძე იყო. თათული დოლიძეს მასთან ქალიშვილი შეეძინა. ჟანრი ლოლაშვილთან – ვაჟი…
ნინელი ჭანკვეტაძე – ზაზა მიქაშავიძე

ზაზა მიქაშავიძემ იმ წელს დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტი, ნინელი ჭანკვეტაძემ რომ ჩააბარა. ერთმანეთი სწორედ ინსტიტუტში გაიცნეს – უკვე კინომსახიობთა თეატრის მსახიობი ზაზა მიქაშავიძე ხშირად მიდიოდა და ესწრებოდა თუმანიშვილის ლექციებს ნინელის ჯგუფთან. ნინელი თავიდან ბატონობით მიმართავდა ზაზას… მეოთხე კურსზე იყო ნინელი ჭანკვეტაძე ცოტნე ნაკაშიძემ კინომსახიობთა თეატრში რომ მიიწვია როლზე სპექტაკლში “დარაბებს მიღმა გაზაფხულია”. ნინელი და ზაზა სწორედ იმ პერიოდში დაუახლოვდნენ ერთმანეთს. სცენაზე გათამაშებული სიყვარული მათ ცხოვრებაში გაგრძელდა – მელოდრამატული წიაღსვლების გარეშე., მერე იყო ნიშნობა. ოჯახების გაცნობა და ქორწილი ცხელი ზაფხულის ერთ დღეს. მას შემდეგ ერთად არიან ცხოვრებაშიც და თეატრშიც. სცენაზეც ხშირად უწვენ ერთმანეთს პარტნიორობას…
ნინო თარხან-მოურავი – თემიკო ჭიჭინაძე
რუსთაველის თეატრის მსახიობებმა ნინო თარხან-მოურავმა და თემიკო ჭიჭინაძემ ერთმანეთი ჯერ კიდევ სტუდენტობისას გაიცნეს. ნინო ერთი კურსით წინ იყო. გაიცნეს და დამეგობრდნენ, მაგრამ გრძნობა 9 წლის მერე ეწვიათ. ეწვიათ როლში…
“ანა ფრანკის დღიურში” ნინო თარხან-მოურავი ანა ფრანკს თამაშობდა, თემიკო – პიტერს, და როგორც სპექტაკლში ანა ფრანკს და პიტერს უყვარდებათ ერთმანეთი, მათაც შეუყვარდათ… სცენაზე გათამაშებულმა სასიყვარულო სცენებმა მათშიც აანთო გრძნობა. თემიკომ ნინოს სიყვარული აუხსნა, მერე უტოვებდა და უტოვებდა ყვავილებს კართან… მას მერე ერთად არიან, თუმცა იყო ორდღიანი გაქცევები შინიდან – მეგობრებთან, მშობლებთან, მერე ნაჩხუბრების შეხვედრა, გაცინება და… შერიგება. დღეს მათი ერთადერთი ქალიშვილი ელისაბედი 18 წლისაა.
ნატა მურვანიძე – ნიკა თავაძე

ერთმანეთს 23 წლის წინ გადაეყარნენ – თეატრალურ ინსტიტუტში მისაღები გამოცდებისას. პარტნიორობა იმ დღესვე მოუწიათ – ერთად უნდა ეთამაშათ ეტიუდი. ნია თავაძე გველი იყო, ნატა მურვანიძე – კურდღელი…
ჯერ ჯგუფელები გახდნენ, მერე მეგობრები. მერე კი ნატას დაბადების დღეზე დახვდება ეზოში დარჭობილი თხილამურის ორი ჯოხი, ზედ გაჭიმული ზეწარი და ზედ ზეწარზე წარწერა “გილოცავ”. მერე იყო სიყვარული სიყვარულის აუხსნელად, უხსენებლად, მანამ სანამ ვიღაცამ არ ჰკითხა “თქვენ შეყვარებულები ხართ?” და ნიკამ არ უპასუხა “დიახ”.
გაცნობიდან ერთი წლის შემდეგ იქორწინეს. გაჩნდა დათა თავაძე.
ნატასთან ცხოვრობდნენ, მალე მათ შორის ურთიერთობები დაიძაბა, თავის სახლში გადავიდა. წყვილი ცალ-ცალკე ცხოვრობდა, მაგრამ ყოველდღე ერთად უწევდათ ყოფნა – ინსტიტუტში. მერე გაყრილები კვლავ შეიყარნენ. ერთი წელი ერთად იყვნენ. ისევ გაიყარნენ. იმ პერიოდში, როდესაც “იავნანაში” ცოლ-ქმარს თამაშობდნენ, სწორედ გაყრილები იყვნენ… თამაშობდნენ ცოლ-ქმარს, მაგრამ მაინც არ შერიგებულან, იკრიბებოდნენ გადასაღებ მოედანზე და იშლებოდნენ….
მერე იყო გისოსებს ზემოდან ხტომა თაიგულით ხელში და შერიგებები – ერთკვირიანი… დაუსრულებელი გაბუტვები, შერიგებები, რომელიც გრძელდებოდა რვა წელიწადს. მერე ერთ დღესაც ერთმანეთს ყველაფერი უთხრეს, რაც კი ერთმანეთისთვის უწყეინებიათ და შერიგდნენ. მას მერე ერთად არიან…

მანანა კაზაკოვა – ლევან წულაძე

მანანა კაზაკოვამ და ლევან წულაძემ ერთმანეთი თეატრალურ ინსტიტუტში გაიცნეს. ეს ეხლოს, თორემ მიშა კაზაკოვის გოგონა ჯერ კიდევ მოზარდში, სტუდიაში დადიოდა, უკვე იქ მომუშავე დამწყები რეჟისორის, ლევან წულაძის ხედვის არეალში რომ ხვდებოდა. ახლოს კი მოგვიანებით გაიცნეს ერთმანეთი. 1993 წელს, როცა ჭოლას უკვე დამტავრებული ჰქონდა სარეჟისორო ფაკულტეტი, მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო.
გაიცნეს და ძალიან მალე შეუღლდნენ კიდეც. რეჟისორი ხშირად ყვება როგორ შესთავაზა ხელი ხუმრობით მანანას და როგორ შეირთო. თუმცა ეს “ხუმრობა” მისი სარეჟისორო ხელწერაა, ის სცენაზეც ასე ხუმრობა-ხუმრობით ამბობს სერიოზულს. თითქოს უკან დასახევ გზას იტოვებს, უარის, თუ ვერგაგების შემთხვევაში…
ქორწილი არ ჰქონიათ. რომ იტყვიან ცუდი წლები იყო, შუქი და უბედურება. ის კი არა, ხუმრობით იმასაც ჰყვებიან, ჭოლამ შინ რომ მიიყვანა მანანა, იმ სათლების შუქზე, დედას კარგად ვერ გაურკვევია ვინ იყო მისი რძალი – მანანა თუ ლალი მოროშკინა.
ჭოლა და მანანა მას შემდეგ ერთად არიან. სცენაზეც, ცხოვრებაშიც. სცენაზე ბევრ როლს “ზრდიან” ერთად, ცხოვრებაში ერთ გოგონას – თინათინს.
ნინო იოსელიანი – ირაკლი ჩოლოყაშვილი.

ყველაფერი “ლაითად” დაიწყო. ირაკლი ჩოლოყაშვილი მარჯანიშვილის თეატრის შტატიანი მსახიობი იყო, ნინო იოსელიანი – მიწვეული მსახიობის სტატუსით. ირაკლი აუვლიდა ჩაუვლიდა და კომპლიმენტებით უმასპინძლდებოდა, ეს კომპლიმენტები ძირითადად კაბის ფერებს უკავშირდებოდა, მერე გრძნობა შეეპარა და შეტევაზე გადავიდა. ორივე კულისებში იდგნენ – გაღმა-გამოღმა, შუა სცენა “ჩამოსდიოდათ” ირაკლიმ რომ მობილური მოიმარჯვა და სურათების გადაღება დაუწყო ნინოს, ნინომ გვერდით გააპარა თვალი, ნეტა ვის უღებსო, რომ მიხვდა რომ იქ მის მეტი არავინ  ჭაჭანებდა, გაიპრანჭა როგორც  ფოტოსესიაზე… ირაკლი ნინოზე რვა წლით უფროსია. ნინო პირველ ქმართან უკვე გაშორებული იყო, ახლა ექვსი წლის გოგონა ჰყავს… შეყვარებული ირაკლი თავს ვეღარ მოერია და ოჯახს გამოუტყდა, პირველად დას გაუშალა გული – გოგონა მიყვარს და ბავშვიანია, ბიჭი ჰყავსო. ოჯახს ქოში არ უყრია უკუღმა – ბედნიერებაში არ შეუშალეს ხელი. მერეღა გაარკვია ირაკლიმ რომ ნინო იოსელიანს, ბიჭი კი არა გოგონა ჰყავდა…
რომ დაქორწინდნენ ირაკლი 36 წლის იყო. ნინო 28 წლის. უკვე 2 წელიწადზე მეტია ერთად არიან. ნინო აფხაზეთში გმირულად დაღუპული საშკა იოსელიანის ქალიშვილია…
მაია დობორჯგინიძე – გოგა ბარბაქაძე

ტელემაყურებლისთვის მაია დობორჯგინიძე და გოგა ბარბაქაძე “შუა ქალაქის” ვარსკვლავები არიან, თეატრის მოყვარული მაყურებლისთვის კი მაია დობორჯგინიძე – თავისუფალი თეატრის მსახიობი, გოგა – რუსთაველის თეატრის. მათი სიყვარულიც და დაწყვილებაც სწორედ თეატრს უკავშირდება და ტელევიზიას. თუმცა ყველაფერი მართლაც შუა ქალაქში – რუსთაველზე, თეატრალურ ინსტიტუტში დაიწყო. მაია დობორჯგინიძე მეოთხე კურსზე იყო, როცა გოგა ბარბაქაძე ჩაირიცხა ინსტიტუტში. ორივეს პედაგოგი შალვა გაწერელია იყო. მაშინ გაიცნეს ერთმანეთი, მერე იყო “კაპუსტნიკის” მზადება შალვა გაწერელიასთვის რომ დაბადების დღე მიელოცათ. დაახლოვდნენ.
მერე გოგამ მეგობრის დაბადების დღეზე დაპატიჟა. არ ეგონა თუ წაყვებოდა. მაია წაჰყვა. გოგა მიხვდა რომ მაია გულგრილი არ იყო და დაბადების დღიდან რომ ბრუნდებოდნენ, გამოუტყდა მიყვარხარო. მაიას დუმილმა ბევრად მეტი უთხრა გოგას… მერე იყო შეყვარებულობის შვიდწლიანი ხანა. ბლომად ყვავილები. სიურპრიზები. მაიას აგარაკი კოტორაანთკარში. გოგამ ყური მოჰკრა რომ სოფელში ვიღაცას ვარდების სათბური ჰქონდა, მიაკითხა, აუხსნა ვისთვისაც უნდოდა ვარდები… იმ ქალბატონს ვინ იცის რა გაახსენა შეყვარებული ბიჭის თხოვნამ და სრულიად არამარკეტინგული გადაწყვეტილება მიაღებინა – რამდენიც გინდა წაიღეო. გოგამაც კრიფა და კრიფა, კრიფა და კრიფა და მძინარე “დობოს” ოთახი ვარდებით გაუვსო.
მათი სიყვარულის ამბავი იმდენმა იცოდა, გაპარვას აზრიც გასძვრა და ძირიც. ყველაფერი ტრადიციულად მოხდა, ნიშნობით, ხელის თხოვნით.
დღეს უკვე პატარა გაბრიელს ზრდიან.

დაიბეჭდა “პრაიმ თაიმში”
%d bloggers like this: