Tag Archives: ნატო ვაჩნაძე

რეზო შატაკიშვილი კირა ანდრონიკაშვილის ტრაგიკულ ცხოვრებაზე

ის იყო და საბჭოთა კინოს ქალღმერთის – ნატა ვაჩნაძის. მეუღლე – სახელგანთქმული რუსი მწერლის, ბორის პილნიაკის. თავად სულ რამდენიმე ფილმში აკმარეს გადაღება, მაგრამ ერთი როლით ის შევიდა კინოს ისტორიაში – „ელისო“ მსოფლიო კინოს საგანძურის კუთვნილებაა…

მან სულ 52 წელი იცოცხლა და ეს სიცოცხლეც ტანჯვით სავსე იყო. 29 წლის იყო, ქმარი რომ დაუხვრიტეს და დააქვრივეს, მას კი გადასახლებაში უკრეს თავი. არც გადასახლებიდან დაბრუნებულს მისცეს გასაქანი, რამდენიმე ეპიზოდური როლის გარდა, არაფერი გაიმეტეს, კინოსტუდიაში დუბლიაჟის რეჟისორობაზე მეტი ვერაფერი გაიმეტეს…

კირა ანდრონიკაშვილი 1908 წელს დაიბადა გიორგი ანდრონიკაშვილის ოჯახში. დედა პოლონელი ჰყავდა – ეკატერინე სლივიცკაია. სლივიცკაიას ბებია კი იტალიელი მომღერალი ვოზოლი იყო. საქართველოში იტალიური ოპერა რომ დაარსებულა, ვორონცოვს ის, სხვა მომღერლებთან ერთად, საქართველოში მოუწვევია. აქ იტალიელი მეცოსოპრანო კაპელმაისტერ შონინგზე გათხოვილა, სცენა მიუტოვებია და საქართველოში დარჩენილა, მათი ქალიშვილი ცოლად შეურთავს დედით რუს პოლონელს – სლივიცკის.

კირა რომ დაიბადა, ნატო უკვე 4 წლის იყო, ოფიცერი მამა ჯერაც ვარშავაში მსახურობდა და ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. ორი წლის იყო კირა, ოჯახი საქართველოში რომ წამოვიდა, მალე მამამ საბედისწერო დავალება მიიღო – ოსი ყაჩაღი ზელიმხანი უნდა გაენადგურებინა, მაგრამ ზელიმხანმა დაასწრო და სიცოცხლეს გამოასალმა. დედამ 4 ობოლს ხელი მოჰკიდა და კახეთში დაფუძნდა – გურჯაანში პატარა სახლი ააშენა. კირა და მისი პატარა ძმა გურჯაანის დაწყებით სკოლაში სწავლობდნენ… კირა ჯერ კიდევ 15 წლის იყო, უკვე სახელგანთქმული კინოვარსკვლავი დის კვალს რომ გაჰყვა და კინოსტუდიის მსახიობი გახდა. მონაწილეობს ფილმებში – „სამი სიცოცხლე“, „ტარიელ მკლავაძის საქმე“, შემდეგ კი იღებს პირველ მნიშვნელოვან როლს საკუთარი სიძისგან, ნიკოლოზ შენგელაიასგან. კირა განასახიერებს ელისოს შენგელაიას შედევრში და რეალურად ამ ერთი როლით შედის კინოს ისტორიაში.

 

1929 წლიდან კინოსტუდია „ვოსტოკფილმში“ აგრძელებს მოღვაწეობას მსახიობისა და რეჟისორის თანაშემწის რანგში. სწავლობს მოსკოვში, ზავადსკის სახელობის თეატრალურ სტუდიაში, შემდეგ კინემატოგრაფიის ინსტიტუტში აბარებს კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე და 1936 წელს ამთავრებს კიდეც სერგეი ეიზენშტეინის სახელოსნოს.

„ვგიკის“ დამთავრებამდე კი მის ცხოვრებაში დიდი ეტაპი იწყება – ის ცოლად მიჰყვება სახელგანთქმულ რუს მწერალს ბორის პილნიაკს. კირა ანდრონიკაშვილისა და პილნიაკის ქორწილში მეჯვარე ტიციან ტაბიძე იყო. ტიციანთან მეგობრობას მოგვიანებით გაახსენებენ… სახელგანთქმულ მწერალს კირამდე ცოლად ჰყავდა ექიმი მარია სოკოლოვა, შემდეგ მცირე თეატრის მსახიობი – ოლგა შჩერბინოვსკაია.

ბორის პილნიაკი

ბორის პილნიაკი

პილნიაკი არც პილნიაკი იყო და არც რუსი. ის ეკატერინე მეორის მიერ XVII საუკუნეში ჩამოსახლებული გერმანელების შთამომავალი გახლდათ, გვარად ვოგაუ. ფსევდონიმი „პილნიაკი“ ბელორუსის იმ ხუტორის სახელის მიხედვით აიღო, სადაც  თავისი ერთ-ერთი ნაწარმოები შექმნა.

ბორის პილნიაკი 1894 წელს დაიბადა. 9 წლის ასაკიდან წერდა, პირველად 15 წლისამ გამოაქვეყნა თავისი ნაწარმოები, 21 წლის ასაკიდან უკვე სისტემატურად იბეჭდებოდა ლიტერატურულ ჟურნალებში. 1918 წელს, 24 წლის ასაკში გამოსცა პირველი წიგნი და იმავე წლიდან სათავეში ჩაუდგა რუსეთის მწერალთა კავშირს…

კირა ანდრონიკაშვილი რომ ცოლად გაჰყვა, პილნიაკი უკვე მსოფლიომოვლილი, სახელგანთქმული მწერალიც იყო და ამავე დროს საბჭოთა კრიტიკის ქარ-ცეცხლში გავლილიც.

ჯერ კიდევ 1923 წელს უკვე აკრიტიკებდნენ რევოლუციის მიმართ პილნიაკისეულ დამოკიდებულებას. პილნიაკის აზრით, რევოლუცია დათრგუნული გრძნობებისგან განთავისუფლებაა.

„ეცი პირველსავე შემხვედრ ქალს და აქვე, ხალხის თვალწინ, ნუ შეგეშინდება მისი გაუპატიურების“, – წერდა პილნიაკი.

ჟურნალ „საგუშაგოს“ რეცენზენტი თავს დაესხა პილნიაკს, ამტკიცებდა, რომ პილნიაკი რევოლუციას განიხილავდა, როგორც  `გადარევას~ სექსუალური ენერგიის გამო… ეს ისტერია მსუბუქი წაცეკვებაა იმასთან შედარებით, რაც შემდგომ, პილნიაკის მიერ 1926 წელს გამოცემულ „დაუფარავი მთვარის მოთხრობას“ მოჰყვა. ჟურნალ „ნოვი მირში“ დაბეჭდილ ამ მოთხრობაში მწერალი შენიღბულად აღწერს, რა ვითარებაში დაიღუპა ფრუნზე. მწერალმა, ფაქტობრივად, იწინასწარმეტყველა მოსალოდნელი რეპრესიებიც… კრემლმა ის ნომერი საერთოდ ამოიღო გავრცელებიდან…

ეს არ აკმარეს, კრემლმა მწერლებისგან მოითხოვა, საჯაროდ დაეგმოთ პილნიაკი… მაიაკოვსკიმ პილნიაკის „დაუფარავ მთვარეს“ „ღალატი“ უწოდა და იქვე დაამატა, რომ ვერ მოასწრო წაკითხვა…

ესეც ჯერ კიდევ არ იყო დიდი შტურმი პილნიაკზე… 1929 წელს მან ბერლინში გამოსცა მოთხრობა „წითელი ხე“ და… იფეთქა წითელმა კრიტიკამაც. მოთხრობა, რომელიც ყდიანად 40 გვერდიც არ იყო, რომანად მონათლეს, კრემლმა პილნიაკის დევნის ორგანიზებას მიჰყო ხელი და ეს იყო ამ ტიპის პირველი პოლიტიკური აქცია საბჭოთა ლიტერატურის ისტორიაში.

„საბჭოთა საზოგადოება პილნიაკოვშინის წინააღმდეგ“, „კლასობრივი მტრის გამოხდომები ლიტერატურაში“, „ბ. პილნიაკის ანტისაბჭოთა საქციელის შესახებ“…

სწორედ მაშინ ფორმულირდება საბედისწერო ფორმულა: „მე არ წამიკითხავს, მაგრამ გულწრფელად აღშფოთებული ვარ“…

ეს კაკაფონია 2 წელიწადს გაგრძელდა. იმ ხანად პილნიაკი ჯერაც მწერალთა კავშირს თავმჯდომარეობდა, მაგრამ სწორედ ამ დევნის პასუხად, პროტესტის ნიშნად, პასტერნაკთან ერთად, დატოვა მწერალთა კავშირის რიგები. სოლიდარობის ნიშნად მწერალთა კავშირი დატოვა ანა ახმატოვამ.

პილნიაკი აგრძელებდა მოგზაურობას, წერას. სიცოცხლის ბოლო 7 წელიწადში მან შექმნა მხატვრული და პუბლიცისტური პროზის 6 ტომი…

პილნიაკს მოვლილი ჰქონდა მთელი მსოფლიო, მეგობრობდა დრაიზერთან, თომას მანთან. 1931 წელს ჰოლივუდის მიწვევით ამერიკაში იყო, ამერიკიდან დაბრუნებულმა დაწერა ანტიამერიკული რომანი „ოკეი“.

თანდათან ახლოვდებოდა მის მიერვე ნაწინასწარმეტყველები რეპრესიების ხანა. ატმოსფერო უფრო და უფრო პირქუში ხდებოდა.

1935 წელს პილნიაკი საზღვარგარეთის პასპორტს ითხოვდა, კრემლს სწერდა, „უხსნიდა“: „ჩემი ცოლი კირა ანდრონიკაშვილი საზღვარგარეთ არასოდეს ყოფილა, მომავალმა საბჭოთა რეჟისორმა უნდა იცოდეს, რა ხდება დასავლეთში…“ „შვეციასა და ნორვეგიაში არასოდეს ვყოფილვარ, მაინტერესებს, რა ხდება“…

მაგრამ ის აღარ გაუშვეს საზღვარგარეთ. ნელ-ნელა უკვე აღარც უქვეყნებდნენ ნაწერებს.

1937 წელს 43 წელი შეუსრულდა, მაგრამ მისთვის აღარავის მიულოცავს… მეგობრების ნაწილი დახვრეტილი იყო, დანარჩენები უკვე ვეღარ ბედავდნენ მის სიახლოვეს გამოჩენას, მხოლოდ თბილისიდან მიიღო დეპეშები… ეს „სტუმარი“ მისი ვაჟის დაბადების დღეზე მივიდა – პატარა ბორისს 3 წელი რომ შეუსრულდა 27 ოქტომბერს. „სტუმარმა“ გაყოლა სთხოვა დეტალების დასაზუსტებლად. პილნიაკი აღარ დაბრუნებულა. არავინ იცოდა, სად იყო. 1938 წელს ანა ახმატოვამ გაბედა და ლექსიც კი უძღვნა ბორის პილნიაკს, მაგრამ, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, დაახლოებით სწორედ მაშინ, როცა ახმატოვამ ლექსი უძღვნა, 1938 წლის 21 აპრილს მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს სახელმწიფო დანაშაულისთვის და იმავე დღეს დახვრიტეს კიდეც.

თუმცა, ოფიციალური ვერსიით, პილნიაკი ერთ-ერთ ბანაკში გულის შეტევით გარდაიცვალა 1941 წელს…

კირა ანდრონიკაშვილი ისე წავიდა ამქვეყნიდან, ვერ გაიგო, რა ბედი ეწია მის მეუღლეს, მხოლოდ 1988 წელს გახდა ცნობილი, რომ პილნიაკი 1938 წელს დახვრიტეს.

თავად კირა ანდრონიკაშვილი, მეუღლის წაყვანიდან ერთი თვის თავზე დააპატიმრეს და გადაასახლეს. 40-იანი წლების დასაწყისში კირა ანდრონიკაშვილი მოულოდნელად გაათავისუფლეს – ნატო ვაჩნაძემ მოსკოვში, ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე ყოფნისას თავად სტალინს სთხოვა დის განთავისუფლება და კირა ანდრონიკაშვილი მართლაც მალე გაათავისუფლეს.

კირა საქართველოში დაბრუნდა და ის კვლავ გადაიღეს რამდენიმე ფილმში.

1950 წლიდან მუშაობდა კინოსტუდიაში, დუბლიაჟის რეჟისორად.

სახელგანთქმულ მწერალსა და კირა ანდრონიკაშვილს დარჩათ ერთი ვაჟი – ბორის ანდრონიკაშვილი, რომელიც ყველას კარგად ახსოვს ფილმიდან „ოთარაანთ ქვრივი“, სადაც ის არჩილს ასახიერებს. მშობლები რომ დაუპატიმრეს, დეიდამ – ნატა ვაჩნაძემ თბილისში წამოიყვანა, მამის გვარიდან დედის გვარზე გადაიყვანა და დის დაბრუნებამდე ზრდიდა.

ბორის ანდრონიკაშვილი სწავლობდა ბათუმის სანაოსნო სასწავლებელში, მაგრამ, როგორც კი შორეული ნაოსნობის კაპიტნობის სურვილი გამოთქვა, როგორც „ხალხის მტრის“ შვილს, უარი უთხრეს, სხვა ფაკულტეტზე გადაიყვანეს, სასწავლებელი მიატოვა და „ვგიკში“ ჩააბარა კინოსასცენარო ფაკულტეტზე. პირველად სწორედ „ვგიკში“ სწავლისას დაქორწინდა. მისი მეუღლე ლუდმილა გურჩენკო იყო – შემდგომში რუსული კინოს ლეგენდა. მაშინ კი გურჩენკოს „საკარნავალო ღამეში“ იღებდნენ. ბორის ანდრონიკაშვილსა და გურჩენკოს შეეძინათ ქალიშვილი მაშა, ერთად ხუთი წელი იცხოვრეს, შემდეგ დაშორდნენ… გურჩენკოსთან შეძენილ ქალიშვილთან ბორის ანდრონიკაშვილს აღარ ჰქონია ურთიერთობა. 1996 წელს, როცა ბორის ანდრონიკაშვილი გარდაიცვალა, ქალიშვილი მამის დაკრძალვაზეც არ მისულა…

კადრი ფილმიდან "ოთარაანთ ქვრივი". არჩილი - ბორის ანდრონიკაშვილი, კესო - დინარა ჟორჟოლიანი.

კადრი ფილმიდან "ოთარაანთ ქვრივი". არჩილი - ბორის ანდრონიკაშვილი, კესო - დინარა ჟორჟოლიანი.

ლუდმილა გურჩენკოს შემდეგ, ბორის ანდრონიკაშვილმა ცოლად ისევ რუსული კინოს ლეგენდა შეირთო – ამჯერად ნონა მორდიუკოვა.

ჯერ კიდევ 1996 წელს „კინოტავრზე“ თბილისში ჩამოსული ნონა მორდიუკოვა ინტერვიუში მიყვებოდა, რომ ტიხონოვთან განქორწინების შემდეგ მის გარშემო მასზე 15-20 წლით უმცროსი ულამაზესი ბიჭები ტრიალებდნენ, მაგრამ ყველას მის კისერზე სურდა ცხოვრება.

„ლამაზები იყვნენ, მაგრამ ინფანტილურები. ერთხელ მე შეყვარებული ვიყავი თავადზე, ის ბევრს კითხულობდა, შლიდა პასიანსებს, მღეროდა რომანსებს, მაგრამ, სამწუხაროდ, არსად არ მუშაობდა…“

ეს ქართველი იყო ბორის ანდრონიკაშვილი…

„ტიხონოვს რომ გავეყარე, მრავალი წლის შემდეგ ვცადე გათხოვება, როდემდე შეიძლება იძახო გუგუ, გუგუ მარტომ?.. ბორისს „ვგიკი“ ჰქონდა დამთავრებული, სერიოზული იყო, ენით აუწერელი სილამაზის პატრონი, პირველად ვინც ნახავდა, ხუთი წუთი მუნჯდებოდა. ოდესღაც ის დაქორწინებული იყო ლუდმილა გურჩენკოზე, მე რომ მას შევხვდი, უკვე გაყრილები იყვნენ. ბიჭის გამო შინ ვერ მომყავდა და მასთან დავრბოდი ერთოთახიან ბინაში შეხვედრებზე. ასე ვიცხოვრეთ ხუთი წელი, გენია იყო, ფილოსოფოსი. მის ფონზე სოკრატე ფერმკრთალდებოდა, მაგრამ მას ერთი დღეც არ უმუშავია. ბრწყინვალედ კითხულობდა ბაირონს, კოცნიდა მანდილოსნებს ხელზე, აწყობდა წვეულებებს, მე კი გადაღებიდან გადაღებაზე, კონცერტიდან კონცერტზე დავრბოდი, ვიღაცას ხომ უნდა ეშოვა ფული? ერთ ჭერქვეშ ვაპირებდით გადასვლას, მაგრამ გავიყარეთ…“

მორდიუკოვასთან გაყრის შემდეგ, ბორის ანდრონიკაშვილმა მესამედ იქორწინა, ამჯერად უკვე საელჩოში მომუშავე ჟურნალისტზე, რომელიც შემდეგ მხატვარი გახდა – რუსუდან ხანთაძეზე. შეეძინათ ქალიშვილი კირა, შემდეგ სანდრო…

ბორის ანდრონიკაშვილის რჩეული თხზულებების ორტომეული გამოიცა… მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ…

დაიბეჭდა „პრაიმტაიმში“

 

რეზო შატაკიშვილი მშვენიერების ეტალონზე – თამარ ციციშვილზე

თავადის ქალი ჯერ გლეხის ქალი “გახდა” – მერე კი უეცრად კინოვარსკვლავი.

თამარ ციციშვილი 28 წლის, ახალგაზრდა პერსპექტიული მეცნიერი იყო, კინოში რომ მიიწვიეს გადასაღებად, ითამაშა დარიკოს როლი და გახდა – კინოვარსკვლავი. იმდენად პოპულარული რომ მილიციის თანხლების გარეშე, ქუჩაში სიარულსაც ვეღარ ახერხებდა. მის სილამაზეს ეთაყვანებოდა მაყურებელი, ის იყო მხატვრების, პოეტების მუზა, მას ხატავდნენ, უძღვნიდნენ ლექსებს…

“თუმც გლეხურ ჩითში ის იმალება,

მაინც მიაგნებს პოეტის თვალი,

სდგას სილამაზის გაბრწყინვალება

ხელში დამბაჩით თავადის ქალი,

რად უნდა ტყეში თოფი სახმარად,

სროლა, თავდასხმა, მალვა, მარადდღე,

მისი ხომ ერთი ღიმილიც კმარა,

რომ მთელი ჯარი განიარაღდეს” – ხოტბას ასხამდა გიორგი ლეონიძე…

თამარ ციციშვილი იქცა ქართველი ქალის ხატებად, სიმბოლოდ, ეტალონად – დახვეწილი მშვენიერების.

თამარის მამამ გერმანელი ქალი ოდესაში გაიცნო, იქორწინა და იქვე ოდესაში 1908 წლის 19 დეკემბერს შეეძინა ქალიშვილი. როდესაც გოგონას თამარს არქმევდნენ, რას იფიქრებდნენ რომ გამოხდებოდა ხანი და როცა ქეთევან მაღალაშვილს თამარ მეფის პორტრეტის დახატვას შეუკვეთავდნენ, აღიარებული მხატვარი სწორედ მათი ქალიშვილის სახეს და თამარის ფრესკას გამოიყენებდა თამარ მეფის პორტრეტის დახატვისას და ეტყოდა კიდეც თამარ ციციშვილს, შეგიძლია ჩათვალო რომ შენი პორტრეტიაო…

ქეთევან მაღალაშვილი "თამარ მეფე"

ქეთევან მაღალაშვილი "თამარ მეფე"

თამარმა 1925 წელს თბილისის ქალთა მერვე სკოლა დაამთავრა და უნივერსიტეტში ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა, პარალელურად სწავლობდა კონსერვატორიაში, საფორტეპიანო განყოფილებზე და 1930 წელს დაამთავრა როგორც უნივერსიტეტი, ასევე კონსერვატორია. მუშაობდა სახელმწიფო მუზეუმში, პედაგოგიურ კვლევით ინსტიტუტში ლექტორად, ისტორიის მუზეუმში დღედაღამ სიგელ-გუჯრებსა და პალიმფსესტებს ჩაჰკირკიტებდა, სიკო დოლიძემ კინოში რომ მიიწვია მთავარ როლზე. განასახიერა დარიკო, დებიუტს არნახული წარმატება მოჰყვა, მაყურებელი აღაფრთოვანა იშვიათი გარეგნობისა და შარმის ახალგაზრდა ქალმა რომელიც ღირსეულ პარტნიორობას უწევდა აღიარებულ მსახიობებს სანდრო ჟორჟოლიანს, სერგო ზაქარიაძეს, შალვა ღამბაშიძეს. წარმატებული კინოდებიუტის შემდეგ, თამარ ციციშვილი მეცნიერებას ჩამოშორდა და კინოსტუდიის მსახიობი გახდა. “დარიკოს” “ვეფხისტყაოსნის” ერთ-ერთი თავის მიხედვით გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ქაჯეთი” მოჰყვა, სადაც თამარ ციციშვილი ნესტან-დარეჯანს ანსახიერებდა… შემდეგ იყო “დავით გურამიშვილი”, “აკაკის აკვანი”, “ქეთო და კოტე”, “ბედნიერი შეხვედრა”, “ჭრიჭინა”, “ბაში აჩუკი”…

კადრი ფილმიდან "დარიკო"

კადრი ფილმიდან "დარიკო"

სწორედ თამარ ციციშვილისა და ნატო ვაჩნაძის შუაში მჯდარმა იხუმრა სტალინმა – ძლივს არ მეღირსა გლეხის ბიჭს თავადის ქალებში ჯდომა…

თამარ ციციშვილი 1950-59 წლებში მარჯანიშვილის თეატრის მსახიობიც იყო.

“ანტონიოს და კლეოპატრაში” ოქტავიას ასახიერებდა, სცენაზე პარტნიორობას უწევდა გიორგი შავგულიძეს, პიერ კობახიძეს, ვერიკო ანჯაფარიძეს.

თამარ ციციშვილი და ვერიკო კინოშიც ხშირად იყვნენ პარტნიორები. ამბობენ, რომ ერთხელ წაკამათებულან კიდეც – ვერიკოს უთქვამს: რა უნდა გელაპარაკო, ქართლელი ტეტია ხარ!

“ვერიკო, შენ რომ იცოდე რას ნიშნავს ტეტია, ალბათ არც გაიმეტებდი ჩემთვის” – იყო თამარ ციციშვილის პასუხი. ტეტია გულუბრყვილო, კეთილ, სიბოროტეს მოკლებულ ადამიანს ნიშნავს და ასეთი დიახაც რომ საამაყოა – სწამდა თამარ ციციშვილს.

კორნელი სანაძე "თამარ ციციშვილი"

კორნელი სანაძე "თამარ ციციშვილი"

ცეკვა “ქართული”

“დარიკო” 2 წლის გამოსული იყო ეკრანებზე, ჯანო ბაგრატიონმა რომ შესთავაზა ერთად ეცეკვათ “ქართული” ფოლკლორის ფესტივალზე, ინგლისში. თამარ ციციშვილი დათანხმდა ჯანო ბაგრატიონის თამამ გამოწვევას, ჯანო ბაგრატიონი ერთ კვირას ამეცადინებდა თამარ ციციშვილს ცეკვაში, ჯერ თბილისში უნდა წარმსდგარიყვნენ შესარჩევ კონკურსზე. წარსდგენენ. იმ დღეს ოპერის ლოჯაში ბერიაც იჯდა. ჯანო ბაგრატიონმა ცეკვისთვის ორიგინალური დასაწყისი დადგა – თამარ ციციშვილი შემოდიოდა და სცენას კვეთავდა – მარცხენა კულისიდან მარჯვენა კულისამდე, ციციშვილის სცენაზე გამოჩენას ტაშის გრიალით შეხვდა მაყურებელი, თამარ ციციშვილმა გადაკვეთა სცენა, გაჩერდა მარჯვენა კულისთან და…… ზურგშექცეული აღმოჩნდა იმ ლოჟასთან, სადაც ბერია იჯდა…

დასრულდა ბაგრატიონისა და ციციშვილის ნაცეკვი ქართული და არ ცხრებოდა ტაში. არ ცხრებოდა მანამ, სანამ თვით ბერია არ გადმოიხარა ლოჟიდან და არ მისცა დარბაზს ნიშანი გაჩუმების…

ბაგრატიონ-ციციშვილის წყვილმა კონკურსში გაიმარჯვა, უნდა გამგზავრებულიყვნენ კიდეც ფესტივალზე, მაგრამ მეორე დილით ბაგრატიონი თვითმფრინავში არ აუშვეს… მის ნაცვლად სხვა მოცეკვავე გააყოლეს თამარ ციციშვილს, მაგრამ უკვე ოდესაში კი უკვე თამარ ციციშვილიც აღარ აუშვეს გემზე…

თამარ ციციშვილი, ლადო გუდიაშვილი, ბაბო დადიანი

თამარ ციციშვილი, ლადო გუდიაშვილი, ბაბო დადიანი

ქორწინება

ილია ჭავჭავაძის თანამოაზრე და უმცროსი მეგობარი, ცნობილი ექიმი და საზოგადო მოღვაწე მიხეილ გედევანიშვილი რამოდენიმე დარგის სპეციალისტი იყო – ფსიქიატრი, ნევროპათოლოგი, რენტგენოლოგი… სწორედ მან ჩამოიტანა პარიზიდან საკუთარი სახსრებით რენტეგენის აპარატი თბილისში. საგულისხმოა, რომ მანამ რენტგენის აპარატი არ იყო მთელს რუსეთის იმპერიაში. რენტეგენის აპარატის გარდა, ელქტროფიზიოლოგიური მკურნალობის აპარატურაც ჩამოიტანა, საკუთარი სახლის პირველ სართულზე საავადმყოფოც მოაწყო. სწორედ ამ საავადმყოფოში მუშაობდა მისი ვაჟი _ დიმიტრი გედევანიშვილი, შემდგომში აღიარებული ფიზიოლოგი, ბერიტაშვილის სკოლის წარმომადგენელი.

სწორედ იმ საავადმყოფოში მივიდა ულამაზესი ქალიშვილი – თამარ ციციშვილი აპენდიციტის ოპერაციის გასაკეთებლად. სწორედ მაშინ შეხვდნენ ერთმანეთს ახალგაზრდა, 26 წლის დიმიტრი გედევანიშვილი და 18 წლის თამარ ციციშვილი. მალე იქორწინეს კიდეც…

სწორედ თამარ ციციშვილს უნდა უმადლოდეს შთამომავლობა რომ შემოგვრჩა ფიროსმანის ფერწერული ტილო “შველი”. “შველი” თამარ ციციშვილმა სოფელ გლდანში ნახა გლეხის ოჯახში _ კედელზე ლურსმნით მიკრული და სთხოვა დაეთმო მისთვის. გლეხს არ დანანებია “თეთრი დუქნიდან” წამოღებული ნახატის ჩუქება… საყვარელი კინოვარსკვლავისთვის…

თამარ ციციშვილი ყოფილა სათნო, ბუნებით მშვიდი. ჰყვარებია სტუმრები, ყოფილა შესანიშნავი დიასახლისი…

გარდაიცვალა 1988 წელს – 80 წლის ასაკში… ბოლო ფილმი რომელშიც თამარ ციციშვილი გადაიღეს 1986 წელს გადაღებული “რობიზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი პაპაა” – “დარიკოდან” ზუსტად ნახევარი საუკუნის შემდეგ გადაღებული ფილმი. ნახევარი საკუნის მანძილზე თამარ

ციციშვილი 26 ფილმში გადაიღეს… რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, მსახიობს რომელიც დებიუტით კინოვარსკვლავი გახდა, დამსახურებული არტისტის წოდება მხოლოდ 45 წლის ასაკში მიანიჭეს, სახალხო არტისტობა რომ გაიმეტეს, თამარ ციციშვილი უკვე 72 წლის იყო…

დაიბეჭდა “პრაიმტაიმში”

%d bloggers like this: