
მიხეილ თუმანიშვილმა სისცოცხლის ბოლო წლებში დადგა მორიგი შედევრალური სპექტაკლი და დაამსხვრია ორი მითი.
მითი №1: რომ დიდი რეჟისორები გარკვეულ ეტაპზე, ამოწურავენ რა საკუთარ შემოქმედებით პოტენციალს, ვეღარ დგამენ მათთვის საკადრის სპექტაკლებს.
მითი №2: როცა ქვემეხები გრგვინავენ, მუზები დუმდებიან.
1992 წლის 25 დეკემბერს კინომსახიობთა თეატრში პრემიერა გაიმართა – მაყურებელმა იხილა 71 წლის მაესტროს დადგმული შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“. „ხანდახან, როცა მოგვინდება სასტიკი სინამდვილისგან გაქცევა, წარმოსახვაზე უკეთესი არაფერია“ – ამ სიტყვებს მიხეილ თუმანიშვილი ოდნავ მოგვიანებით, პრემიერიდან ორიოდე თვის შემდეგ დაწერს. სინამდვილე კი, იმ წლებში, მართლაც სასტიკი იყო – დეკემბერ-იანვრის მოვლენები, ერთმანედთს დატაკებული ქართველობა, დაუნდობლობა, სისხლისღვრა, ნგრევა, შიმშილი, სიბნელე, აფხაზეთის ომი… სწორედ ამ დროს ქმნის თუმანიშვილი ნაოცნებარ, წარმოსახულ სამყაროს, ქმნის სპექტაკლ-დღესასწაულს. ნოდარ გურაბანიძე დაწერს: „.. მ. თუმანიშვილმა, მოახლოებულ სიკვდილზე ფიქრით შეპყრობილმა, მშობლიური ქვეყნის საშინელებით გულმოკლულმა, შექმნა შესანიშნავი –თავისი ერთ-ერთი ყველაზე უფრო მოცარტული სპექტაკლი – შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“, განსაცვიფრებლად ნათელი, ჰაეროვანი ნაწარმოები. აქ ყველაფერი გამჭვირვალე ვერცხლის ძაფებით იყო ნაქსოვი (სცენოგრაფი გოგი მესხიშვილი). ამ ქსოვილს ღვთაებრივი ძალები ათამაშებდნენ და ფეერიულ სამოსში ხვევდნენ. ამ დროს გარემოც „წყლის სარკეებში ვერცხლისფრად აისახება“… „როცა ერთმანეთს მიჯნურები ეკვრიან გზნებით“ (შექსპირი). რეალურ ცხოვრებაში გამეფებული სიძულვილი, მტრობა, დაპირისპირება, მძვინვარე და დამანგრეველი ვნებები მიხეილ თუმანიშვილმა გადაქმნა სიყვარულის ნათელ და პოეტურ სურათად. მან თავისი ახალგაზრდული დასი განარიდა საყოველთაო ქაოსს და წარმოსახულ ბროლის კოშკში დაასახლა, რათა მათთან ერთად შეექმნა ის სინამდვილე, რომელზედაც ისინი, ყველანი ერთად ოცნებობდნენ: სიყვარულით, ხელოვნებით, თეატრით, თამაშით სავსე სინამდვილეზე, რომელიც თანამედროვეთა დროებით დაბნელებულ გონებას ხელახლა გაანათებდა. მ. თუმანიშვილმა, სიბერის ჟამს, თითქოს პროსპეროს – შექსპირის „ქარიშხლის“ გმირის, მაგიური ძალა შეიძინა და ღვთით ბოძებული გრძნეული კვერთხის ერთი მოქნევით ფეერიული სამყარო შექმნა. იგი გაექცა ამ სინამდვილეს, რათა შემდეგ ადამიანებისთვის შეეთავაზებინა ნაოცნებარი, ახალი სინამდვილე, რათა მათ სულებში არ ჩამკვდარიყო მშვენიერების გრძნობა, სიყვარული, ბუნების სილამაზის აღქმა, ბუნებრივი ლტოლვა ჯანსაღი სექსისადმი. იგი, გალაკტიონის კვალად სიზმრებს ხედავდა არა ჩვენებურს და ცდილობდა რეალობაში მათ გაცოცხლებას. ამგვარი „გაქცევით“ იგი უფრო მიუახლოვდა სინამდვილეს და მაყურებელი აზიარა უკეთილშობილეს გრძნობებს, გაახარა იგი ნამდვილი ხელოვნებით, მშვენიერი ხილვებით და უკეთესი მომავლის იმედი ჩაუსახა“.

მიხეილ თუმანიშვილი „ზაფხულის ღამის სიზმარს“ შექსპირის ყველაზე იდუმალ ქმნილებად მიიჩნევდა და გამოარჩევდა მისი ყველა პიესიდან. საგულისხმოა, რომ შედევრალურ „სიზმარს“ წინ უსწრებდა, გარკვეულწილად წარუმატებელი „სიზმარი“. მიხეილ თუმანიშვილმა 1963 წელს რუსთაველის თეატრში დადგა „ზაფხულის ღამის სიზმარი“. ოპონენტებმა თუმანიშვილის ეს დადგმა მარცხად, ჩავარდნად შერაცხეს. მაყურებელმაც არ მიიღო სპექტაკლი დიდი ენთუზიაზმით. მაგრამ, თუმანიშვილი, რომელიც არასოდეს არ იცავდა თავის ჩავარდნილ სპექტაკლებს, მეტიც სხვა რეჟისორთაგან განსხვავებით, ყოველთვის პირუთვნელად აფასებდა და აღიარებდა მარცხს, იმ პირველ „სიზმარს“ არ მიიჩნევდა მარცხად. „როგორც მაშინ ამბობდნენ, ეს სპექტაკლი არ გამოვიდა, მაგრამ მე ამ აზრს კატეგორიულად არ ვიზიარებ, ეს ცუდი სპექტაკლი არ ყოფილა…” – წერდა თუმანიშვილი და თავისი სპექტაკლის წარუმატებლობას თავისუბრად ხსნიდა: „არა, „სიზმარი“ ჩავარდნა არ ყოფილა. უბრალოდ, იგი არ დაემთხვა იმას, რასაც მაყურებელი ელოდა. … ეს იყო დრამატული დაუმთხვევლობა იმისა, რასაც მაყურებელი ელოდა და იმისა, რაც ჩემთვის ძიებათა ბუნებრივ გამოხატულებას წარმოადგენდა. ის ჯამი ხერხებისა, რომლებითაც მე ვსარგებლობდი, მაშინ არ მიიღეს, დღეს კი ეს ხერხები გუშინელი დღეა“.
მოკლედ, პირველმა „სიზმარმა“ დროს გაუწსწო და როგორც ნოდარ გურაბანიძემ უწოდა „უიღბლო სპექტაკლი“ აღმოჩნდა. მაგრამ ის, რაც თავის დროზე, ამ „სიზმარის“ შემდეგ დაატრიალეს, მართლაც რომ კოშმარი იყო – 1964 წელს ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნებაში“ გამოაქვეყნდა სტატია – მიზანმიმართული მიხეილ თუმანიშვილის გასანადგურებლად. ჟურნალის აღნიშნული ნომერი საგანგებოდ დაარიგეს თეატრალური საზოგადოების პლენუმზე, სადაც სამი დღის მანძილზე უტევდნენ თუმანიშვილს. რაღას არ დებდნენ ბრალს თუმანიშვილს. თურმე ნუ იტყვით და „სიზმარი“ თუმანიშვილის ბიოგრაფიაში ეპიზოდური, შემთხვევითი მოვლენა კი არა „მისი მცდარი რეჟისორული კურსის, მხატვრული აზროვნების ალმაცერობის ლოგიკური შედეგი, განვლილი ოღრო-ჩოღრო გზის ერთგვარი შეჯამება“ – ყოფილა. როგორ მოგწონთ „მხატვრული აზროვნების ალმაცერობა“? საინტერესოა რას უწოდებდა რეცენზენტი „ოღრო-ჩოღრო გზას“? იმ შედევრალურ სპექტაკლებს, რომელიც იმხანად უკვე დადგმული ჰქონდა რეჟისორს? რეცენზენტის თქმით, თუ აქამდე თუმანიშვილის რეჟისურის ნაკლოვანი თვისებები მიმოფანტული და მიჩქმალული ყოფილა, ახლა გაღვივებულა და ინფექციად მისძალებია. რეცენზენტმა კიდევ უფრო გააჭენა და თუმანიშვილი მაშინ პორნოგრაფიის დადგმაშიც დაადანაშაულა: „ამას დიდი რაოდენობით თან ერთვის ჟესტისა და ინტონაციის სიბილწე, რომელთა უბრალო მოხსენიებასაც კი ვერიდები, რათა ქაღალდის სითეთრე არ წამოვაწითლო. მართალია, შექსპირს, ისევე როგორც რენესანსის პოეტთა უმრავლესობას, უყვარს თამამი გამოთქმები, მაგრამ აღორძინების ხანის სისხლსავსე ემოცია, ჯანსაღი სექსი სპექტაკლში კარგავს პირველქმნილ ბუნებრივ უშუალობას, ამიტომ სიჯანსაღეც პორნოგრაფიით იფარება“. თავისთავად ცხადია, ერთი სპექტაკლის წარმატება-წარმუმატებლობა ნაკლებად აღელვებდათ თუმანიშვილის მტრებს, მათ რეჟისორის გზიდან ჩამოშორება სურდათ, რაც არ გამოპარვია იმ პლენუმზე ვერიკო ანჯაფარიძეს, რომელმაც ღიად განაცხადა – „ყველაფერს ამას ცუდი იერი აქვს და ცუდი სუნი უდის“. ანჯაფარიძემ ღიად დაიცვა რეჟისორიც და სპექტაკლიც – „მე მომეწონა იმიტომ რომ, იქ, გარდა ცუდისა, არის კარგიც“. და, აი მთელი ამ ეპოპეის გადატანის შემდეგ, მაესტრო თუმანიშვილი კვლავ ხელს კიდებს „ზაფხულის ღამის სიზმარს“. თან რა დროს? როცა თეატრში ყინავს, არაა სინათლე, არაა ფული… თავად მაესტროსაც აწუხებს კითხვა „განა ამის დროა? …როგორ დავდგა ეს ზღაპრული ფერია დეკორაციებისა და კოსტიუმების გარეშე? იქნებ ეტიუდები გავაკეთოთ „სიზმრის“ თემაზე? ჩავიცმევთ სავარჯიშო ფორმებს და… დავიძინებთ. წავალთ ზმანებათა სამყაროში. იქ სიზმარი მოგვევლინება. გარინდებული მაყურებლის წინაშე. უცებ ანცი პაკი გამოჩნდება. აი, მან წარმოთქვა კიდეც შექსპირის შესანიშნავი სიტყვები, რომ ცხოვრება სიზმარია და ხანდახან, როცა ძალიან მოგვინდება სასტიკი სინამდვილიდან გაქცევა, წარმოსახვაზე უკეთესი არაფერია“. როგორც ნოდარ გურაბანიძე შენიშნავს, მაესტრო ისე შორს წავიდა თავის „სიზმრებში“, შექსპირის ზაფხულის ღამის სიზმარი საკუთარი ეგონა. „მაშასადამე, შეგვიძლია დავუშვათ, რომ ის, რაც ჩვენ ვნახეთ თეატრის სცენაზე, ეს რეჟისორის სიზმრებია. მან თავი თეზევსად, ათენის გამგებლადაც კი წარმოისახა, მხოლოდ არ იფიქროთ, რომ ეს მინოტავრის დამამარცხებელი, ფედრას, არიადნას მეუღლეა, „ეს მე ვარ, სამოცდაათი წლის მამაკაცი, რომელიც კვლავინდებურად ოცნებობს სიყვარულზე, გატაცებაზე, თუმცა ეს წყეული რადიკულიტი კლავს (მ. თუმანიშვილი)“. მაგრამ თუმანიშვილი თავის ოცნებებში, ხილვებში თუ სიზმრებში კიდევ უფრო შორს წავა, ახლა იგი „თეზევსად გარდასახული“, ფერიების მეფედ, ობერონად წარმოიდგენს თავს და ყველაფრის დემიურგი ხდება, როგორც პროსპერო „ქარიშხალში“. შემთხვევით არ იყო გადმოტანილი ამ პიესიდან მრავალი სტრიქონი „სიზმრებში“.
სცენის თეთრი იატაკი, სცენაზე განლაგებული სარკეები და სხვადასხვა ფრად მოხატული თეჯირები ერთსა და იმავე დროს „რეალური და ინფერრეალური სამყაროს“ შთაბეჭდილებას ტოვებდა. „როგორც ლიზანდრი ამბობს: „ხვალ საღამოზე, როცა თებეს წმინდა ხატება წყლის სარკეებში ვერცხლისფრად აირეკლება“, აქაც „სპექტაკლის ხატება“ აირეკლებოდა სცენის სარკეებში და სხვადასხვა რაკურსში ვხედავდით მიზანსცენებს. ამგვარად, იქმნებოდა სრული ილუზია ხელშესახები და ამავე დროს მოუხელთებელი სამყაროსი. ეს ზღაპრის სამყარო იყო, ალისას სარკეებში არეკლილი (ნოდარ გურაბანიძე)“.
ეს სარკეები ირეკლავდა და ახალი ნიუანსებით ამდიდრებდა კოსტიუმებსაც. მართლაც გამაოგნებელი იყო, იმ უფულობის ჟამს ამგვარი კოსტიუმები. აკი წერდა კიდეც მაესტრო „დაე, მსახიობებმა თავად მოძებნონ თავიანთ სკივრებში ძველი, მივიწყებული ტანისამოსი, დღეს ის უკვე მოდური იქნება“. შთამბეჭდავი კოსტიუმები შეიქმნა გახელებული ფანტაზიით, ლამის უკაპიკოდ – სკივრებიდან, თეატრის გარდერობიდან, იმ დროს ახლად მოძალებული „სექენდ ჰენდებიდან“ მოძიებული მასალით, კაბების გადაკეთებით… კოსტიუმების ნაწილი პომპეზური იყო, „აქ ფარჩა და ატლასი ბრწყინავდა და „თამაშობდა“ ნაირფეროვნად“. შეყვარებულ წყვილთა მსუბუქი, ჰაეროვანი კოსტიუმები კვეთდნენ მსახიობთა ფიგურებს და ნატიფი სექსუალობით გამოირჩეოდნენ.
„ეს ჩვენზეა, პაროდია საკუთარ თავზე, ოდნავი სევდით განზავებული. სპექტაკლი! რამდენ საიდუმლოს და სურვილის იტევს იგი. რა მშვენიერია, როდესაც ჩვეულებრივი ადამიანი უეცრად გმირად იქცევა, მიჯნურად, მთვარის შუქად, თუკი საიდუმლოს მიაგნებს. სცენაზე შეგიძლია ყველაფგერი განასახიერო“ – წერდა თუმანიშვილი და თუ შექსპირმა ამ პიესაში თავისი „რომეო და ჯულიეტას“ პაროდირება მოახდინა, თუმანიშვილმა საკუთარი თავისა და თავისი მსახიობების პაროდირებას მიმართა, რაც მკაფიოდ ჩანდა მოყვარული მსახიობების მიერ როლების განაწილების სცენაში, სადაც კოჭა ყველა როლზე პრეტენზიას აცხადებდა… გამაოგნებლად მდიდარი იყო რეჟისორის ფანტაზია. „შეყვარებული წყვილები რაღაც უცნაურად მსუბუქად დადიოდნენ, ფეხისგულები ოდნავ ეხებოდნენ სცენის იატაკს, სულ მაღლა „აფრენას“ ლამობდნენ, მსგავსად ბოტიჩელის „გაზაფხულის“ ულამაზესი ქალებისა. თითქოს, იმპულსირებული აღორძინების ხანის მხატვრებისგან, რომლებიც პლასტიკურ ფორმებში განსხვავებულ სამყაროთა ერთიანობას გამოსახავდნენ“ – წერს ნოდარ გურაბანიძე და იქვე შენიშნავს რომ მაესტროს გამორჩეულად უყვარდა ბოტიჩელი, და ამ სპექტაკლშიც, ქმნიდა კომპოზიციებს, რომელიკც სინამდვილეს წარმოგვიდგენდა, როგორც ყოფიერების სხვადასხვა დონის შემცვლელს. თეატრმცოდნე იხსნებს იმ პარალელსაც რომელსაც ჯონ არგანი ავლებს შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარსა“ და ბოტიჩელის „გაზაფხულს“ შორის. „ხატი ადამიანისა, რომელიც ბუნებასათან შერწყმას მიელტვის და ხატი ბუნებისა, რომელიც ცდილობს მიიღოს „ადამიანურობის“ სახე“ (არგანი).
„ზღაპრული ბუნების გარემოში მოხვედრილი სპექტაკლის პერსონაჟები ითქვიფებოდნენ პაკისა და ფერიების `გაადამიანურებულ სამყაროში. ეს უკანასკნელნი კი, კელტური მითოლოგიის მიხედვით (პიესაში სწორედ კელტური ფოკლორის გამოძახილია) განსახიერებდნენ მიწიერებას“ (ნოდარ გურაბანიძე).
„პირველი მოქმედება ოპერასავით უნდა ვითამაშოთ“ – ეუბნებოდა მაესტრო მსახიობებს და ააგო კიდეც საოპერო პირობითობაზე. „თითქოს მხოლოდ მას ესმოდა რაღაც ღვთაებრივი მუსიკის ხმები და მის მელოდიაზე, რიტმებზე, სოლოებზე აწყობდა ფიზიკურ მოქმედებას“. მეორე მოქმედების ხერხად, მაესტრო სიზმარს მიიჩნევდა. სიზმარს რომელსაც არ გააჩნია ადამიანური ლოგიკა და გიჟის ლოგიკას ემსგავსება. ეს სიზმრისეული მოზაიკა ფილოსოფიური აზრით იყო აღასვსე და ამავე დროს სავსე ბავშური გულუბრყვილობით, დემეტრიუსი წარმოსახული ცხენიდან ვარდებოდა, ელენე იმ შუა საუკუნეებში საიდანღაც გაჩენილი ტელეფონით ელაპარაკებოდა სატრფოს, „ქოლგა არარაობიდან ამოდიოდა, სარკეები ფიგურებს ამრავლებდნენ…“ და საერთოდ, ამ თვალწარმტაც სპექტაკლში ყველაფერი იყო ამოქმედებული, კოსტიუმიც, მუსიკაც, გადაცმები, ნიღბები და თვით სცენა… ეს იყო მართლაც ცხადში ნანახი ერთი ლამაზი სიზმარი…

დაიბეჭდა გაზეთ „ქართულ სიტყვაში“, რუბრიკაში – „ქართული შედევრები“