Tag Archives: ნოდარ დუმბაძე

როგორ შეიქმნა ქართველი ბებიის მარადიული ხატება

1959 წელს ჟურნალმა ცისკარმანოდარ დუმბაძის მე, ბებია, ილიკო და ილარიონისბეჭდვა დაიწყო. დაიწყო და 31 წლის ახალგაზრდა მწერალმა ყველა გააოგნა და აღაფრთოვანა. მკითხველს ხელში საუკუნის ერთერთი რომანი შერჩა. აღფრთოვანებულმა გიგა ლორთქიფანიძემ მე, ბებია, ილიკო და ილარიონიმარჯანიშვილის თეატრის სცენაზე დადგა. სესილია თაყაიშვილმა მარადიული ბებიის სახე გამოაქანდაკა ჯერ სცენაზე, შემდეგ ეკრანზეც. დაიწყო თავვბრუდამხვევი წარმატებების ხანა, დუმბაძემ ერთბაშად გაიკვალა გზა, როგორც მკითხველთა გულებისკენ, ისე სცენისკენ, ეკრანისკენ. გაიკვალა გზა სწორედ ამ რომანით და სწორედ ამ სპექტაკლით გიგა ლორთქიფანიძის მიერ დადგმული მე, ბებია, ილიკო და ილარიონით. გიგა ლორთქიფანიძემ მწერალი ნოდარ დუმბაძე თეატრალურ ფენომენად აქცია. ვასილ კიკნაძე შენიშნავს: . დუმბაძემ ქართულ სცენაზე მთავარი გმირივით შემოიყვანა სოფელი. აქ სოფელი განიცდება, როგორც სიცოცხლის სიხარულისა და თვით ცხოვრების სიმბოლო. მისი არსი მოქცეულია ყოვლისმომცველ სიტყვაში წუთისოფელი, ამ თვალშეუდგამ სამყაროს, მის ცასა და მიწას, მის ექსცედნტრიულ ადამიანებს, ხალისიანსა და მწუხარეს, ყველაფერს რაც შეადგენს ადამიანური ცხოვრების არსს, ქართულ თეატრში პირველმა გიგა ლორთქიფიანიძემ გაუღო კარი, მანვე იზრუნა, მწერალი ნოდარ დუმბაძე თეატრალურ ფენომენად ექცია, მის გარეშე უკვე ვეღარ წარმოიდგინება ქართული თეატრის ისტორია.

ქართული თეატრი მუდამ განიცდიდა და დღესაც განიცდის უმწვავეს პრობლემასერთეული გამონაკლისების გარდა, რეალურად არ გვაბადია მაღალმხატვრული დრამატურგია, მუდამ მწვავე დეფიციტია ხეირიანი ქართული პიესების. ამ ხარვეზის შესავსებად არაერთხელ მიუმართავთ პროზის გაინსცენიურებისთვის, მაგრამ არც თუ წარმატებულადთავს ვერ აღწევდნენ ილუსტრატიულობას, ფრაგმენტულობას. მართლაც რომ გამონაკლისი იყო დუმბაძის მე, ბებია, ილიკო და ილარიონი. თუმცა, როგორც ვასილ კიკნაძე აღნიშნავს, ეს არც იყო ინსცენირება, ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით, ნოდარ დუმბაძემ და გიგა ლორთქიფანიძემ ერთობლივად შექმნეს სცენური ვერსია, სადაც თითქმის ყველაფერი შეინარჩუნეს მოთხრობიდან და თან იმდენად ზუსტ დრამატურგიულ კონტექსტში მოაქციეს, რომ სცენაზე იკითხებოდა როგორც პირველადი დრამატურგიული მოვლენა.

„მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ პრემიერა 1960 წლის 25 ნოემბერს შედგა მარჯანიშვილის თეატრში. სპექტაკლი იქცა არა მარტო შედევრად, საეტაპო სპექტაკლად, რომელმაც ახალი ეტაპი დაიწყო ამ თეატრის შემოქმედებაში, არამედ სწორედ ამ სპექტაკლმა განსაზღვრა და განაპირობა საერთოდ დუმბაძის ნაწარმოებების დადგმის სტილისტური თავისებურება. გიგა ლორთქიფანიძემ, შექმნა დუმბაძის დადგმის გარკვეული მოდელი, ესთეტიკა. თითქმის ყველა თეატრს გაუჩნდა თავისი ბებია, თავისი ზურიკელა, ილიკო და ილარიონი. ეს მთელი ტალღაა, ახალი აქტიორული ნაკადია, რომელმაც დიდი როლი შეასრულა 60-იანი წლების ქართული თეატრის განვითარებაში. ქართულ სცენაზე ერთი სპექტაკლის გარდა (რუსთაველის თეატრისა) თითქმის არ განუცდია მარცხი, დადგმულა სუსტი, საშუალო და კარგი წარმოდგენები, მაგრამ მაყურებელი მეტ-ნაკლებად ყველას ჰყავდა. ყველგან იყო თავისებური აქტიორული ანსამბლი, ვინც კი მოუსმინა მწერლის შინაგან ხმას, ვინც კი გაიზიარა დადგმის ის ესთეტიკა, რომელიც გ. ლორთქიფანიძემ შექმნა. მხოლოდ რობერტ სტურუამ სცადა დაენგრია არსებული ტრადიცია და შეექმნა განსხვავებული თეატრალური სინამდვილე. შექმნა კიდეც, მაგრამ იგი არ იყო დუმბაძისეული და სპექტაკლს მაყურებელმა ზურგი შეაქცია – აღნიშნავს ვასილ კიკნაძე.

საგულისხმოა, რომ გიგა ლორთქიფანიძც მწერლის დარად სრულიად ახალგაზრდა იყო, როდესაც ეს შედევრალური სპექტაკლი აჩუქა მაყურებელს – 33 წლის იყო. სწორედ ახალგაზრდა რეჟისორის ამ სპექტაკლმა შეაჯამა ამ თეატრის განვლილი გზა და სათავე დაუდო ახალ ეტაპს. ვასილ კიკნაძის თქმით, მარჯანიშვილის თეატრის დაარსებიდან 32 წლის გასვლის შემდეგ შეიქმნა სპექტაკლი, რომელიც არა მარტო იცავდა მარჯანიშვილის ესთეტიკას, არამედ ახლებურად ავითარებდა მას. იგი წარმოიდგინება როგორც დაბრუნება მზესთან“. მზიური სპექტაკლი იყო მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“… გ. ლორთქიფანიძემ და ნ. დუმბაძემ თეატრში გამოხატეს სიკეთის მარადიული ღირებულების იდეა. (ვასილ კიკნაძე). ახალგაზრდა რეჟისორის სპექტაკლი მიიჩნიეს კოტე მარჯანიშვილის ტრადიციების აღირძინების წარმატებულ ცდად და ჭეშმარიტად ეროვნულ სპექტაკლად. პირველმა კოტე მარჯანიშვილმა შემოიტანა ქართულ თეატრში უნივერსალური რეჟისურის მოდელი, რაც გულსხმობდა მსახიობის ხელოვნების უზენაესობის იდეის შერწყმას დიდ რეჟისრულ აზროვნებასთან, სადაც ყოველივე უნდა გამოვლენილიყო მსახიობის მეშვეობით. გიგა ლორთქიფანიძის წარმატებაც ყოველთვის როლების სწორ განაწილებაზე და შემდეგ მსახიობთა წარმატებაზე იდგა. აღიარებული ფაქტია, არავინ ქართულ თეატრში ისე არ ფლობდა როლების სწორად განაწილების ხელოვნებას, როგორც გიგა ლორთქიფანიძე. მიხეილ თუმანიშვილი აღნიშნავდა კიდეც: გიგა ლორთქიფანიძეს წარმატებები სწორედ რომ ბევრი აქვს და ყველანი ისინი კარგ მსახიობურ ნამუშევრებთან არიან დაკავშირებული.

„მე, ბებია, ილიკო და ილარიონში“ სწორედაც რომ ბრწყინავდა აქტიორული ანსამბლი. ყველა როლი, ყველაზე მცირე ეპიზოდიც კი, აქტიორული ოსტატობით იყო განათებული, ერთმანეთზე უკეთესი იყო ყოველი სახე. თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სიმართლეში, სიკეთეში, იუმორში“. (ვასილ კიკნაძე). ამ სპექტაკლში შეიქმნა სანდრო ჟორჟოლიანის ილიკოს სახე, გრიგოლ კოსტავას – ილარიონი, ლეო ანთაძის ზურიკელა და რაც მთავარია, ამ სპექტაკლში შეიქმნა სესილია თაყაიშვილის ბებია. ვასილ კიკნაძის მტკიცებით, სესილია თაყაიშვილმა ბებიის სახის შექმნაში მიაღწია აქტიორულ მწვერვალს და იგი ისეთივე დიდი მხატვრული სახეა, როგორც უშანგის ჰამლეტი და ვერიკო ანჯაფარიძის ივდითი, ვასაძის პეპია და გ. შავგულიძის ხარიტონი. ს. თაყაიშვილმა შექმნა ბებიას დიდი განზოგადოების ტიპიური სახე. მსახიობს არსად არ მიუღწევია ისეთ ღრმა შინაგანი გარადასახვისთვის, როგორც ბებიას როლის შესრულებაში. მისი ბებია ღრმად ეროვნული ქალის სახეა და ამასთან განზოგადოებული, ყველა ეროვნებისთვის ახლობელი და გასაგები. – დასძენს ვასილ კიკნაძე და ამ დასკვნის უტყუარობას ამოწმებს ის ფაქტიც რომ, როდესაც ფრანგმა რეჟისორმა ჟან დაკანტმა სესილიას ბებია ნახა, თქვა, „ეს თქვენი კი არა ჩემი ბებიაა, რომელიც ახლაც პროვინციაში ცხოვრობს“. ჩვენ, შთამომავლობას, სესილია თაყაიშვილის ოლღა ბებია ფილმიდან შეგვიყვარდა, ფილმიდან იქცა საყოველთაო ბებიად, თუმცა, თეატრალები, ვისაც ორივეგან ჰყავს ნანახი სესილია ამ როლში – სცენაზეც და ეკრანზეც, ამტკიცებენ რომ სპექტაკლში ბევრად შთამბეჭდავი იყო სესილია. სესილია თაყაიშვილმა მიაღწია აქტიორული ხელოვნების მწვერვალს. თავის დროზე, ილია ჭავჭავაძე ნატო გაბუნიაზე წერდა: ამის ზევით ხელოვნება ვერ წავაო. მოდი და წავიდეს ხელოვნება იმის ზევით, რასაც სესილია თაყაიშვილმა მიაღწია ოლღა ბებიას სახის შექმნით. არადა, როდესაც სესილია თაყაიშვილმა, როდესაც ბებია განასახიერა, სულაც არ იყო მოხუცი – სცენაზე 54 წელისამ განასახიერა ბებია, ეკრანზე – 56 წლისამ, მაგრამ ის იყო გარდასახვის დიდოსტატი და მას ყოველთვის იზიდავდა მოლხუცების განსახიერება, ამბობდა კიდეც რომ საკუთარი თავის თამაში ადვილია, მომავლის წინასწარმეტყველება კი ძნელი – მირჩევნია სიბერე განვასახიერო, რადგან ასაკში შესული ადამიანი უფრო საინტერესოაო. ანსახიერებდა კიდეც. შემონახული ფოტოები გვიამბობს, რომ სესილია ადრეული ახალგაზრდობიდან გარდასახვის დიდოსტატი იყო. სრულიად ახალგაზრდა თამაშობდა ხნიერ ქალებს, 26 წლისამ ითამაშა ცხოვრებისგან გაუბედურებული მოხუცი ქალი ამალია კარლოვნა ა. აფინოგენოვის „შიშში“, 29 წლისამ – შამილის მოხუცი დედა, 31 წლისამ – პარასკევა (შ. დადიანის „ნაპერწკლიდან“). 42 წლისამ ჯულიეტას მოხუცი ძიძა. ამ გარდასახვის სასწაულს, დიდ ტალანტთან ერთად, იგი კიდევ ერთი დიდი ტალანტით ახერხებდა – უბადლო გრიმით. რითაც ყოველთვის აცვიფრებდა ვერიკო ანჯაფარიძესაც კი. გრიმის საიდუმლოს რომ ჩასწვდომოდა, სესილია ახალგაზრდობაში „ასინეთობასაც“ არ თაკილობდა, როცა საგასტროლოდ ჩამოსული რომელიმე სახელგანთქმული მსახიობის გრიმი ააღელვებდა, მასთან საგრიმიოროში მატაჰარივით იპარებოდა და თვალს ადევნებდა ამ პროცესს. ძნელია დაგავიწყდეს სესილიას ოლღა ბებიას იუმორი – დედის რძესავით თბილი. ის იყო ვირტუოზი, ვირტუოზი რომელიც აკონტროლებდა მაყურებლის სიცილს – უნდოდა თავის გმირზე თბილად, სიყვარულით გაგაცინებდა, უნდოდა – მწარედ დაგაცინინებდა. უნდოდა შეგაყვარებდა, უნდოდა – შეგაძულებდა. როგორ ახერხებდა იგი ამ ყოველივეს? იგი ხშირად ამბობდა როლებზე, თუ სიმართლე არ ედო როლს საფუძვლად. „…მე არ შემიძლია პირობით ატმოსფერში თამაში; მახსოვს, გიგა ლორთქიფანიძეს ბებია ოლღას ოთახის დეკორაციის შეცვლა ვთხოვე. არ შემიძლია არარეალური საგნების რეალურად მიჩნევა, როცა ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს. მე მჭირდება რეალური, ნამდვილი ყოფა, სადაც შეიძლება ისეთი ცხოვრება, რომელიც სიყალბეს ააშკარავებს და სიმართლის კამერტონი ხდება.“ –  განაცხადა მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში. სესილია თაყაიშვილი შეუცდომლად აგებდა იმ „მცირე სიმართლეს“, ურომლისოდაც სტანისლავსკის მიხედვით, ვერასოდეს ვერ მიაგნებს მსახიობი დიდ სიმართლეს. მაესტრო თუმანიშვილი, ამ „მცირე სიმართლეს“ იმ ერთ კოვზ მაწვნისდედას  ადარებდა, რომელიც მთლიანად ცვლის რძის ორგანულ სტრუქტურას და ადედებს მაწონს. თავის შედევრალურ წიგნში „სანამ რეპეტიცია დაიწყება“, მაესტრო თუმანიშვილი წერს: მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლში მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, ბებიას სესილია თაყაიშვილი თამაშობს. რეჟისორმა და მხატვარმა ძალზე პირობითი საშუალებებით ასახეს სცენაზე გურიის სოფლის სამყარო. ყველაფერი სულ ოდნავაა მინიშნებული. სესილია თაყაიშვილი უარს ამბობს თამაშზეიქამდე, სანამ მას არ დაუდგამენ ნამდვილ ბუხარს, არ მისცემენ ქვასანაყს და ხმელ სუნელს, რომელსაც ის ამ ქვასანაყში დანაყავს. მას ასევე  აუცილებლად უნდა ჰქონდეს დაბალი სამფეხა სკამი და კიდევ უამრავი სხვა წვრილმანი, რომელიც მსახიობის შემოქმედების საიდუმლოს შეადგენს… სათვალე, როგორი სათავალე უნდა ჰქონდეს ამ ბებიას? მსახიობი იხსენებს ყველა სათვალეს, რაც კი ოდესმე უნახავს. მან ხომ სწორედ იმ სათვალეს უნდა მიაგნოს, რომელიც ბებიას მხატვრული სახის შექმნაში დაეხმარება. შავი, ხალვათი კაბა, ჩაცვენილი ლოყები, შუბლზე წაკრული შავი მოსახვევი, მის ქვეშ კი თეთრი-თეთრი ფითქინა თავსაფარი, რომლის მხოლოდ ვიწრო ზოლი მოსჩანს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ფეხზე მსუბუქი ფეხსაცმელი, რომელსაც თითქმის ვერც კი გრძნობს. და აი, თანდათან შეუმჩნევლად, კაცმა არ იცის, რომელ რეპეტიციაზე, მსახიობში ჩნდება ამ ქალის გარემომცველი სამყაროს ხედვა, ჩნდება ის გარემო, რომელშიც მან შეიძლება იარსებოს. აქ და არსად სხვაგან.

რატომ შეიყვარა მკითხველმა დუმბაძე, მაყურებელმა – ლორთქიფანიძის სპექტაკლი? ქართული თეატრის მკვლევარი, ვასილ კიკნაძე, ამ ფენომენს იმით ხსნის რომ დუმბაძემ ქართულ თეატრში მოიტანა სრულიად ახალი სამყარო, სცენაზე გამოჩდნენ ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვერდით ცხოვრობდნენ და მანამდე ვერ ვამჩნევდით, ვერ ვამჩნევდით მათ, ახლა უკვე ყველა ნატრობდა ჰყოლოდა ილიკოსა და ილარიონისნაირი მეზობელი, ზურიკელასნაირი სისცოცხლით სავსე მეგობარი, ოლღა ბებიასნაირი ბებია, მაგრამ ეს ყველანი ხომ ისედაც არსებობდნენ ყველა ოჯახში? იყვნენ, მაგრამ ვერ ამჩნევდნენ, ვიდრე სცენაზე არ ნახეს, ვერ ამჩნევდნენ „ცრემლიანი სიცილის“ მადლს, დიახ, „ცრემლიანი სიცილისა“, რომლის ქართული ფენომენის თავისებურება, დავით კლდიაშვილის შემდეგ არც ერთ ქართველ მწერალს, ისე ღრმად არ უგრძვნია, როგორც დუმბაძემ იგრძნო. მაყურებელმა შეიყვარა გმირები, რომელიც საოცარ ყურადღებას იჩენდნენ ერთმანეთისადმი, იუმორით იმსუბუქებენ ტკივილს, ენაკვიმატობით ებრძვიან ცხოვრების სიმძიმეს. სახლში, ეზოში და, საერთოდყველგან, სადაც ისინი  ჩნდებიან, მუდამ სიცილი ისმის… მათ  ხალისიან  ბუნებაში ერის სულია ჩამდგარი. სულის ეს სიჯანსაღე  იგრძნო მაყურებელმა გ. ლორთქიფანიძის  სპექტაკლში და ამიტომაც შეიყვარა იგი… ლორთქიფანიძის სპექტაკლი იყო მოვლენა, რადგან  მაყურებელს მიანიჭა სიმხნევე და სიხარული, გაუღვიძა ღირსების გრძნობა, აზიარა ადამიანთა  ურთიერთობის ღვთაებრივ საწყისს… იშვიათად ყოფილა მაყურებელი ასე  გულღია, ასე  შეხალისებული და უშუალო თეატრში, როგორც გ. ლორთქიფანიძის ამ  სპექტაკლზე. (ვასილ კიკნაძე).

რეზო შატაკიშვილი, თეატრალური  ხელოვნების მაგისტრი

დაიბეჭდა გაზეთში „ქართული სიტყვა“

ნოდარ დუმბაძის – მზით სავსე მწერლის ოჯახი

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა „საერთო გაზეთში“).

უკვე 26 წელია ამ ქვეყნად აღარაა ნოდარ დუმბაძე, მაგრამ… იგი კვლავიდებურად გვათბობს თავისი მზით სავსე პროზით, საბავშვო ლექსებით… მზე იყო მისი შემოქმედების უმთავრესი მეტაფორა, სიმბოლო და პერსონაჟიც კი…

ნოდარ დუმბაძე გარდაცვალებიდან მეოთხედი საუკუნის შემდეგ ავიდა მთაწმინდაზე. ავიდა დროსთან ბრძოლაში გამარჯვებული.

მართალც და რა ღვთის პირისაგან გადავარდნილი უნდა იყოს ის ქართველი, ვინც ერთხელ მაინც არ გაუცინებია დუმბაძის გმირებს – წიგნიდან, სცენიდან ან ეკრანიდან… ვინც ერთხელ მაინც არ გამთბარა მისი სტრიქონებით, ერთხელ მაინც, თუნდაც 5 წუთი არ გამხდარა კეთილი, ან 5 წუთით მაინც არ შეჰყვარებია სიცოცხლე.

„სიცილი ნოდარ დუმბაძისთვის თვითდამკვიდრების ისეთივე ბუნებრივი ფორმაა, როგორც მხედართმთავრისთვის ომი ან ჩიტისათვის – ფრენა“ წერდა გურამ ასათიანი.

სულ 56 წელი იცოცხლა ამ ქვეყნად….

მისი ბიოგრაფიას ზებრასავით დასდევს შავ-თეთრი ზოლები. შემოქმედებით ტრიუმფებს, აღიარებას, ხალხის უკიდეგანო სიყვარულს, წინ უძღვოდა ოჯახური ტრაგედიები მამის დახვრეტა, დედის გადასახლება, შემდეგაც მუდამ თან სდევდა ტრაგედიები – ილიკო და ილარიონმაუზარმაზარი აღიარება მოუტანა და… 5 წლის ბიჭუნა დაეღუპა… მერე იყო სამგზის ინფარქტი და ინფარქტებს შორის სიძის, მწერალ ჯემალ თოფურიძის დაღუპვა თუ მანამ მეუღლის დგომა სიკვდილის პირისპირ…

ბაბუა ქიშვარდი დუმბაძე და ბებია ოლღა ქერქაძე შვილიშვილებთან

ნოდარ დუმბაძე 1928 წელს დაიბადა თბილისში. ვერაზე.

მამა ვლადიმერ დუმბაძე მაიაკოვსკის რაიკომის მდივანი იყო, დედა – ანა ბახტაძე – დიასახლისი. 8 წლის იყო ნოდარი მამა რომ დაუპატიმრეს და დაუხვრიტეს, დედა – გადაუსახლეს…

ნანული დუმბაძე, ნოდარ დუმბაძის მეუღლე:

„არსად ნოდარს მამამისი არ ჰყავს ნახსენები… მისთვის ეს ძალზე მტკივნეული თემა იყო. დარწმუნებული იყო რომ მამამისი უდანაშაულო იყო. მამამისი ძველი ბოლშევიკი იყო, ბავშვი შევიდა პარტიაში, 37-ში დაიჭირეს და დახვრიტეს, დახვრიტა ვინ? მისმა მეგობარმა ბერიამ. ბერია და ნოდარის მამა ერთად სწავლობდნენ ბაქოში, ნოდარის ბაბუას სასადილო ჰქონდა ბაქოში, ბერია იყო ძალიან ღარიბი და სულ მშიერი, ყოველდღე მიდიოდა და ნოდარის ბაბუა აჭმევდა თავის სასადილოში უფასოდ…“

მწერლის მამა – ვლადიმერ დუმბაძე

მანანა დუმბაძე: „ რვა წლის იყო, ოცდაჩვიტმეტში მამა რომ დაუხვრიტეს და დედა ათი წლით შუა აზიის ბანაკებში გადაუსახლეს. ამ ათი წლის განმავლობაში რაც თავს გადახდა, ნოდარ დუმბაძის მკითხველმა კარგად უწყის, რადგან იგი ყოველთვის თავის ცხოვრებას წერდა და არასოდეს იმას, რაც არ იცოდა. მე კი ანდერძად, ეს პატარა კანონი დამიტოვა: მთელი ქვეყნიერების ვალი მაქვს, მამა, კეთილი ადამიანები რომ არა, ღმერთმა უწყის, რით დამთავრდებოდა ჩემი ცხოვრება. თითო სიკეთე ყველასგან მახსოვს და უფლება არ გვაქვს არც მე და არც ჩემს ნაგრამს სიკეთე არ ვთესოთო“.

დედა – ანიკო ბახტაძე

8 წლის ნოდარი საცხოვრებლად დეიდებმა წაიყვანეს აფხაზეთში, 3 წელი იქ გაატარა, ბიძები რომ დაიჭირეს და დახვრიტეს ბებიასთან და ბაბუასთან გააგზავნეს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზენობანში. 1945 წელს ხიდისთავის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, თბილისში დაბრუნდა და სწავლა უნივერსიტეტში, ეკონომიკურ ფაკულტეტზე განაგრძო.

სწორედ უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში კითხულობდა თავის ლექსებს და თანდათან იხვეჭდა პოპულარობას, როგორც პოეტი…

ნოდარ დუმბაძე და მისი დეიდაშვილი კოკა ღვინჯილია

1950 წელს ნოდარ დუმბაძემ ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა და მუშაობა უნივერსიტეტის ლაბორატორიაში დაიწყო ასისტენტად. პარალელურად წერდა.

1957 წელს კი სამსახური მიატოვა რომ თავი ლიტერატურისთვის მიეძღვნა მთლიანად, 1957 წელს დაარსცისკარიც“. ცისკრისპირველსავე ნომერში გამოქვეყნდა მისი ფელეტონი, სადაც 29 წლის ნოდარ დუმბაძემ ერთად ჰკრა შოლტი ცუდ პროზასაც და უვარგის კრიტიკასაც.

ნოდარ დუმბაძე წარმატებული ფელეტონისტი და იმორისტული ნოველების ავტორი გახდა.

1959 წელს, როდესაც ციკარშიმისი პირველი რომანის მე, ბებია, ილიკო და ილარიონისბეჭდვა დაიწყო, ბევრი ალბათ იმ განწყობითაც ჩაუჯდა მის კითხვას რომ დუმბაძის მორიგ იუმორისტულ მოთხრობას კითხულობდა, მაგრამ…

31 წლის დუმბაძემ ყველა გააგონა და აღაფრთოვანა მკითხველს ხელში საუკუნის რომანი შერჩა, აღტაცებულმა გიგა ლორთქიფანიძემ მარჯანიშვილის თეატრში დადგა, სესილია თაყაიშვილმა მარადიული ბებიის სახე გამოაქანდაკა ჯერ სცენაზე და მალე ეკრანზეც.

დაიწყო დუმბაძის თავბრუდამხვევი წარმატებების ხანა…


22 წლის იყო ნოდარ დუმბაძე რომ დაოჯახდა.

ნოდარი და მისი მომავალი მეუღლე, ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი ნანული გუგუნავა ერთმანეთს უნივერსიტეტის კლუბში, ლიტერატურულ საღამოზე გადაეყარნენ.

ნანული გუგუნავა-დუმბაძე: „კლუბში შევდიოდი, ფანჯარასთან ორი ბიჭი იდგა, ჩავიარე და მომესმა როგორ გადაულაპარაკა ერთმა მეორეს – „ტი სმატრი კაკაია მინიატურნაია დევოჩკა“-ო… ნოდარმა უთხრა მეორეს… სახეც კი არ დამამახსოვრდა…“

ნოდარ დუმბაძე და ნანული გუგუნავა–დუმბაძისა

ნანულის სახეც არ დაამახსოვრდა და კაი ხანს სხვაში ეშლებოდა – ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტში და კომპლიმენტს მას „უბრუნებდა“ კაი ხანს:

რომ ჩაივლიდა ის ბიჭი, ვამბობდი ხოლმე, ამ ბიჭს რა კარგი ლექსები აქვს-მეთქი, ის ბიჭი გაკვირვებული მიყურებდა ხოლმე…“

ერთმანეთი ოფიციალურად უნივერსიტეტის კიბეებთან გაიცნეს.

ნანული დუმბაძე: „ბოლოს გავიცანი ასე ოფიაციალურდ, „ნოდარ დუმბაძე“, ჩამომართვა ხელი… მერე ჩემი ამხანაგები, მისი ამხანაგები ძალიან დავმეგობრდით, ერთად დავდიოდით თეატრში, კინოში… საოცარი ის იყო რომ ნოდარს მოეწონა ჩემი ამხანაგი, ჩემი კლასელი, და არა მე. მე ხელს ვუწყობდი ყველანაირად… მერე დაბადების დღეზე ვიყავით, იქ რაღაც არ მოეწონა ნოდარს… და მოხდა ისე, რომ ის გოგო საერთოდ წავიდა ჩვენი ცხოვრებიდან, ჩვენ დავრჩით მეგობრებად. სულ ერთად ვიყავით, ლექცია რომ მიმთავრდებოდა, კართან იდგა და მელოდებოდა, რომ გავეცილებინე, სულელები ხომ არ ვიყავით, ვგრძნობდი რომ ვუყვარდი და ისიც გრძნობდა რომ მიყვარდა, მაგრამ სიყვარულზე ლაპარაკს ვერ ვბედავდით… ასე გავიდა ნახევარი წელიწადი…

მერე უნივერსიტეტში, სტუდენტობაში ხმა გავრადა, ვიღაც გოგოს ნოდარი მოსწონს, ნოდარსაც მოსწონს, მაგრამ ნანული უშლის ხელსო… ნოდარი ჩემთან სახლში იყო მოსული და ვკითხე, ნოდარ, მე რატომ მაბრალებენ რომ შენც მოგწონს ის გოგო და მე გიშლით ხელს-მეთქი. მომიბრუნდა ნოდარი და პირდაპირ მეკითხება – „ნანული შენ მე არ გიყვარვარ?“… იმის მაგიერ რომ ეთქვა, მიყვარხარო, მე მეკითხება აქეთ… მე ვუთხარი, ჯერ შენ მითხარი და მე მერე გეტყვი მეთქი… შენ თუ ამდენი ხანი ვერ გრძნობ იმას, რომ მე შენ ძალიან მიყვარხარ, მაშინ შენი საშველი არ ყოფილაო. ეს იყო და ეს….

ამ დროს მე მეორე კურსზე ვსწავლობდი, ნოდარი უკვე ამთავრებდა ეკონომიურ ფაკულტეტს. დედაჩემს ნოდარი ძალიან მოსწონდა, მაგრამ მამაჩემს არ წარმოედგინა თუ მე ოდესმე გავთხოვდებოდი და მივატოვებდი ოჯახს.

ნოდარი მოვიდა მამაჩემთან ხელის სათხოვნელად და უთხრა, გვიყვარს ერთმანეთი და უნდა შევუღდეთო. მამაჩემი მე მომიტრიალდა, შენ რას ფიქრობ, ამის ხელში რომ გაგიჭირდება, არ იციო? მერე რა მეთქი… თან ნოდარმა თქვა, შეიძლება ჩემს ხელში შავი პურიც არ ჰქონდესო… მამაჩემი მეუბნება, გესმის რას ამბობს, მაგასთან შეიძლება სავი პურიც არ გქონდესო. მე ვუთხარი – „არაუშავს ავიტან მაგასაც“! გადაირია მამაჩემი, ჩემს ხელში თეთრ პურსაც არ ჭამ და ამის ხელში შავი პურიც არ გინდაო…

მამაჩემი ეკონომისტი იყო, „ცეკავშირში“ მუშაობდა, მდიდრები არ ვიყავით, მაგრამ არ გვიჭირდა, უპატიოსნესი კაცი იყო, „ცეკავშირში“ მუშაობდა, მაგრამ არმად მანეთიანი არ შემოუტანია ოჯახში, დედა ისტორიას ასწავლიდა სკოლაში, საკმაოდ ცნობილი პედაგოგი იყო… მოკლედ, მამა წინააღდეგობას გვიწევდა, გვადებინებდა და გვადებინებდა დაქორწინებას. ბოლოს გავიპარეთ და მოვაწერეთ ხელი. გუგუნავას ქალი ვარ, თავადიშვილი და ვერ წარმომედგინა გვარის შეცვლა, მაგრამ ხელის მოწერისას რომ მკითხეს, თქვენს გვარს დაიტოვებთ თუ დუმბაძეზე გადახვალთო, ნოდარმა არ მაცალა და დუმბაძეზეო, უთხრა და ჩამიწერეს დუმბაძე. იქ ჩხუბს ხომ არ დავიწყებდი? წამოვედი, ვიფიქრე ვის რად უნდა შენი ქაღალდი… ჩამიწერეს დუმბაძე, მაგრამ უნივერსიტეტშიც გუგუნავად დავრჩი და 20 წელი სულ გუგუნავა ვიყავი, მერე პასპორტს ვადა გაივიდა, მოსკოვში მივდიოდით, სასწრაფოდ ახალი პასპორტი მქონდა ასაღები, ქორწინების მოწმობის მიტანა მომთხოვეს, მივუტანე… მივედი პასპორტის წამოსაღებად, გადავშალე და ვხედავ წერია `ნანული დუმბაძე~, დავიწყე, არა ვარ მე დუმბაძე, გუგუნავა ვარ… ქალბატონო, ხელის მოწერისას თქვენ გადახვედით დუმბაძეზე, ახლა დუმბაძე ხართო და გამომიშვეს…

მოვედი სახლში აბღავლებული, ატირებული, ნოდარს ვეუბნები ეს რა მიქნეს, გვარი გამომიცვალეს-მეთქი… მიყურა, მიყურა და მეუბნება, იცი რას გეტყვი, ახლა შენი ტრიპაჩი თავადი მამა რომ ცოცხალი იყოს, ისიც ჩემს გვარზე გადმოვიდოდაო… ამ დროს ნოდარი უკვე საკავშირო დეპუტატი იყო, გამოსული იყო მისი რომანები, არაერთ ენაზე თარგმნილი, დადგმული სპექტაკლები, გადაღებული ფილმები…“

ნოდარ და მანანა დუმბაძეები

ნოდარ დუმბაძეს და ნანული გუგუნავას მალე მანანა შეეძინათ.

სწორედ პატარა მანანა იყო ახალგაზრდა პოეტი მამის მუზა საბასვშვო პოემა მანანას წერილისდაწერისას. მანანას წერილმამოუტანა პირველი აღიარება ნოდარ დუმბაძეს – განათლების სამინისტროს გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.

ნანული დუმბაძე: „იმ კონკურსში გიორგი ლეონიძეც კი იღებდა მონაწილეობას. ნოდარისთვის უნდოდათ რომ პირველი პრემია მიეცათ, მაგრამ რაკი ლეონიძეც მონაწილეობდა, პირველი პრემია საერთოდ არ გასცეს და ორივეს მეორე პრემია მისცეს. 5 ათასი მანეთი მოგვცეს, ეს იმხელა ფული იყო მაშინ ჩვენთვის… თან იმდენი ვალი გვქონდა… გერმანელ ქალს დაჰქონდა ჩვენთან მაწონი, რძე, ქათამი, ფული არ გვქონდა და ვალად ვიღებდი ხოლმე… მთელი ეს პრემია იმ ქალს მივეცით…“

მანანა დუმბაძე: „ბედნიერი ვარ იმით, რომ ვარ პირველი შვილი და მამაჩემს ვიცნობ მას შემდეგ რაც ის იყო 23 წლის, მას მერე ერთად მოვდიოდით, ერთად გავიზარდეთ… წარმოიდგინეთ 23 წლის ნოდარ დუმბაძე, ენერგიული, მაკვარანცხი, მთელი ამ თავისი იუმორით, სიკეთით, ხუჭუჭი დაყრილი თმით, პრუჟინებივით თმა ჰქონდა, აბურდულ-დაბურდული… პატარა რომ ვიყავი, ხელისგულზე მისვამდა და მწევდა ჭერში… ხომ ასეთი პატარა ტანის კაცი იყო, ხუმრობდა პროტექციით ვარ „მეტრ სემდისიატ ადინო“, მაგრამ ძალიან ჯანიანი იყო, დაკუნთული, უზარმაზარი ტორი ჰქონდა, დამისვამდა და რამდენჯერმე მწევდა „შტანგასავით“, ამას ვეღარ აკეთებდა ქეთინოს შემთხვევაში, იმიტომ კი არა რომ დაუძლურდა, მაშინაც ახალგაზრდა იყო, უბრალოდ იმ დროს უკვე „ხრუშოვკაში“ ვცხოვრობდით და ჭერი იყო დაბალი… ბავშვობა მახსენდება ძალიან მხიარულად, მიუხედავად იმისა რომ ძალიან გვიჭირდა. მახსოვს რა სიხარული იყო, როცა მამაჩემს ვიღაცამ თეთრი ფეხსაცმელები აჩუქეს. მახსოვს ის ფეხსაცმელები დაჩვრეტილი იყო, მამა რომ მოვიდა, შევხედე და ვეუბნები, მამა, მამა, ეს ფეხსაცმელები ბერიამ დაგიხვრიტა? სულ ბერია და დახვრეტა მესმოდა, ბაბუა დახვრეტილი იყო, ბაბუის ძმები, ნათესავები და სულ ბერია და დახვრეტა მესმოდა…

რატომღაც არავის სჯერა, რომ ვამბობ, რომ ზუსტად მახსოვს, როგორ მიმიყვანეს მამასთან ციხეში, როცა 2 წლის ვიყავი. არ მიჯერებენ, მაგრამ ვყვები ზუსტად ისე, როგორც იყო, დედაჩემი მეუბნება, მასე ზუსტად იმიტომ ყვები, რომ ბევრჯერ გაქვს მოსმენილი ეგ ამბავიო, მოსმენილი რა შუაშია როცა, ახლაც თვალიწნ მიდგას თავგადაპარსული მამაჩემი, რომელიც იქ მანახეს… ის კარიც მახსოვს, ის მეჩხერი რკინის ბადეც და ისიც, მამა რომ გამოიყვანეს და ავკივლდი, მამამ მანდ ვერ გამეოეტევა-მეთქი…

25 წლის იყო გახმაურებეული მკვლელობის გამო რომ დააპატიმრეს, დახვრეტის მუხლი ჰქონდა მიყენებული. ექვსი თვე იჯდა „გუბერსკში“, გაამართლეს.

მამა გაამართლეს, მაგრამ თავიდან ბოლომდე სიმართლე დღემდე არაა დადგენილი. იმასაც ამბობენ, რომ მკვლელი არასოდეს მჯდარა ციხეში, მკვლელი ქურდი იყო და თავისი სიკვდილით მოკვდა, ციხის კარი არც უნახავსო. მამა გაამართლეს, როსტომმა (ამილახვარი რომაა „თეთრ ბაირაღებში“) ათი წელი მოიხადა მაგ მკვლელობისთვის. ფაქტი ერთია, ესენი არაფერ შუაში არ იყვნენ, სულ სხვა სუფრაზე მოხდა ჩხუბი, იმათმა ერთმანეთი დაკლეს, ამათზე რომ გადმოვიდა, როსტომმა ერთ-ერთს გლიჯა, აირია ყველაფერი, ვიღაც დაჭრილი მამაჩემს გადმოემხო, მოეცხო სისხლი და ესენი დაიჭირეს. ბესო ჟღენტი დარბოდა, კეცხოველი, მწერლები უწერდნენ დახასიათებებს, მაგრამ მოსკოვიდა, საკავშირო პროკურატურიდან რომ არ ჩამოსულიყო გოლსკი და მას არ ეთქვა, ეს კაცი საერთოდ რატომ ზისო, ალბათ არც გამოუყშვებდნენ, გაახარებს იმის ოჯახს ღმერთი… პატიოსანი კაცი ყველგან არის. მამაჩემისთვის ეს დიდი გამოცდილება იყო, როგორც მწერლისთვის რა თქმა უნდა. ამის შემდეგ დაიწყო ზეპირი ამბების მთელი სერიები ციხის ცხოვრებაზე, შემდეგ „თეთრი ბაირაღებიც“ დაიწერა. ციხის ამბები ისეთი სიზუსიტით აქვს აღწერილი რომ ლამის გავრები და სახელებიც ემთხვევა. მამაჩემი მერეც სულ ყვებოდა ციხის ამბებს. ერთხელ, თურმე, როცა ციხის მორიგ ამბებს ჰყვებოდა, ჭაბუა ამირეჯიბს უთქვამს, – ბიჭო, 25 წელი ვხეხე, გამოვედი და 25 წუთში მოვყევი ყველაფერი, შენ რა ექვსი თვე იჯექი ასეთი რომ დღემდე ვეღარ დაგიმთავრებიაო. სხვათაშორის ბებიაჩემი ჰყვებოდა გადასახლების ამბებს ისე საინტერესოდ რომ ვერ მოწყდებოდი…

ამხანაგების მეტი რა მყავდა, მაგრამ მეც და ქეთინოსაც სახლიდან ვერ გაგვაგდებდი, იმიტომ რომ ჩვენთან სტუმრად მოდიოდნენ ელადარ შენგელაია, გიორგი შენგელაია, რობიკო სტურუა, გიგა ლორთქიფანიძე, რომ მოდიოდნენ ისეთი ამბავი იყო, ყველა ახალგაზრდა იყო… ანზორ სალუქვაძე, ედიშერ ყიფიანი, არჩილ სულაკაური, სარგის ცაიშვილი, რომელი ერთი გითხრა, გენიოსები, ნოდარ ჩხეიძე, ესენი იყვნენ ყოველდღიური სტუმრები, წარმოიდგინე, სად უფრო საინტერესო იქნებოდა ჩემთვის? იმ დროს, ბავშვებს მაინცდამაინც  არ სვამდნენ სუფრაზე, ბავშვებს სამზარეულოდან გამოიყვანდნენ, ადღეგრძელებდნენ და გააქრობდნენ. მე ვინ გამათრევდა იქიდან? ისეთ დროსტარებას შევსწრებივარ, ისეთი რაღაცეები ვიცი პირველწყაროებიდან…“

სად დაიწერა მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“?

ჭავჭავაძეზე, იმ სახლში სადაც ადრე დიდი ბინა ჰქონდათ და მერე, როგორც რეპრესირებულის ოჯახს, ერთი ოთახი დაუტოვეს. სწორედ იმ ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა ნოდარი, მისი მეუღლე, დედამისი ანიკო, პატარა მანანა და პატარა ზაზა.

მანანა: ამ ერთოთახიან ბინაში მამაჩემი წერდა ღამე „ილიკო და ილარიონს“.

მერე მეუბნებოდა, მშიერ კუჭეზე მაქვს „ილიკო და ილარიონი“ დაწერილი და ყველას აჯობაო“.

ილიკო და ილარიონისწარმატებას ტრაგედია მოჰყვა… პატარა ზაზა დაეღუპათ.

მანანა: „ილიკო და ილარიონის” პრემიერას მარჯანიშვილის თეატრში ორივე, მამაჩემიც და დედაჩემიც შავებში ჩაცმული დაესწრნენ – ნახევარი წლის გარდაცვლილი ჰყავდათ ხუთი წლის ზაზა…“

ნანული დუმბაძე: „წითელა ჰქონდა ბავშვს და მუცლის ტიპი დაუდგინეს… დაგვიღუპეს ბავშვი… 50 წელი გავიდა მას მერე და არაფერი არ შველის ამ ტკივილს. ხშირად ნოდარი წამოწვებოდა დივანზე, მე სავარძელში ვიჯექი და სადღაც გადიოდა ნოდარი… აღარ იყო აქ… ისევე როგორც მე არ ვიყავი აქ, ორივე ერთი და იგივე რამეზე ვფიქრობდით, ორივეს ცრემლი გვდიოდა, მე ვიცოდი რომ ის ამ წუთში ზაზაზე ფიქრობდა, იმან იცოდა რომ მე ამ წუთში ზაზა მედგა თვალწინ. საშინელი ტრაგედია იყო…“

მწერლის უდროოდ დაღუპული ვაჟი – ზაზა

ამ უზარმაზარი ტრაგედიის შემდეგ მწერალი წერს მე ვხედავ მზეს“, მზიან ღამესდა დგება სიკვდილის პირისპირ…

მანანა დუმბაძე: „41 წლის იყო პირველმა ინფარქტმა რომ დაჰკრა, არავინ ფიქრობდა მაშინ მის გადარჩენას. ჯანსუღ ჩარკვიანი მაშინ უცხოეთში იყო მივლინებული, მაგრამ ამ ამბის გამო თბილისში დარჩა, საავადმყოფოდან არ გასულა. როცა მამაჩემმა მესამე დღეს ძლივს თვალი გაახილა, თავზე წამომდგარი ჯანსუღი დაინახა: მე შენ წასული მეგონეო, – წაილუღლუღა. ჯანსუღმა ერთხანს ხმა არ გასცა, მერე გახალისდა, ხუმრობის გუნებაზე დადგა და მკვახედ მიუგო – მეც კი მეგონე წასული, მაგრამ აქ ხარ და ფეხის მოცვლასაც არ აპირებო. მეორე დღეს მამაჩემმა ცოტა მოიბრუნა სული და ფანჯრისკენაც გაიხედა. კვლავ თოვდა (ეს ის დრო იყო, ხრუშჩოვი ქართველებს გადასახლებით რომ ემუქრებოდა). – მგონი უკვე გადაგვასახლეს და გვიმალავენო, – თავისთვის ჩაილაპარაკა და პალატაში ისეთი ხარხარი ატყდა, საავადმყოფო აზანზარდა. მას მერე ხშირად გაიგონებდით სხვა ავადმყოფთა ჭირისუფლებისგან, ეს დუმბაძეები ან გიჟები არიან, ან „აფერისტები“, კაცი ნახევრად იქით არის, ამათ სიცილ-კისკისს კი ბოლო არ უჩანსო. გურულებმა კაცი აფრინეს ჩოხატაურიდან, ნოდარას ჯანმრთელობის ამბავი ჩამოგვიტანეო. დიდხანს იბრძოდა ის კაცი პალატის კართან, მაგრამ არ შეუშვეს. დედაჩემმა უთხრა, მშვიდად წადი, აწი არაფერი უჭირს, კარგად არისო. მაინც არ მოიშალა და ჩუმად შეძვრა მამასთან. დიდხანს უყურა წამლებით გაბრუებულს, გამოვიდა, არავისთვის არაფერი უთქვამს, ისე გაბრუნდა ჩოხატაურში. მერე გურულები გვიყვებოდნენ: როცა ვკითხეთ, ნოდარა რაფერაა-თქვა, ასე გვითხრა, ნანულია ამბობს კარგადააო, ცუდად ყოფნას რას უძახის, მაი არ ვიცი მეო…“

პირველი ინფარქტის შემდეგ იწერება ნუ გეშინია, დედა“, თეთრი ბაირაღები“.

სწორედ იმ წლებში რედაქტორობდა ნიანგს“.

მანანა: „ნიანგზე“ გიჟდებოდა. საოცარი ხალხი მუშაობდა „ნიანგში“ – ედიშერ ყიფიანი, ტარიელ ჭანტურია, კლასიკოსები იყვნენ ნიანგში და არაჩვეულებრივი ცინცხალი გონების პატრონები, გივი სამსონაძე, ჯემალ ლოლუა, ნოდარ მალაზონია…  მამა შაყირობდა, მწერალი კი არა სანტექნიკი ვარო, იმიტომ რომ მოდიოდა ხალხი სოციალური პრობლემებით, საჩივრებით, კანალიზაცია გამეჭედა, ამან ეს მითხრა და იმან ეს მითხრა და ამაზე უნდა დაწერათ. დადიოდნენ ამოწმებდნენ, მიდიოდა ჟურნალისტური გამოძიება. სიკვდილივით ეშინოდათ ამ „ნიანგის“. ხანდახან კაი სიცილი რომ მოიმინდება, გადმოვიღებ ხოლმე ძველ ნომრებს და ვხარხარებ…“

ნანული დუმბაძე: „წარმატებას, ხალხის სიყვარულს, აღიარებას, პრემიებს აბსოლუტურად არ შეუცვლია ნოდარი. როგორი ნოდარიც გავიცანი, ისეთი ნოდარი გარდაიცვალა. ბუნებით იყო ასეთი, თორემ არ ვიცი მეტი რაღა უნდა მიეღო, ნობელის პრემიას თუ მიიღებდა. ნოდარი ხალხს ძალიან უყვარდა და დღესაც უყვართ. ნოდარი გარდაცვლილი არაა, დღემდე ნოდარი ცოცხალია, მწერალი რომელიც აღარ იბეჭდება და აღარ იკითხება, ისაა მკვდარი. ნოდარს დღესაც სიამოვნებით კითხულობს ყველა, კვლავ იდგემბა, იბეჭდება, რადიოს ჩართავ, ტელევიზორტს ჩართავ, არ არსებობს რომ არ წავიდეს ნოდარის რაღაც ნათქვამი, ნოდარის წიგნიდან ამოღებული, ბავშვები იწყებენ კითხვას ნოდარის მოთხრობებით… ნოდარი არ მომკვდარა….“


ნოდარ დუმბაძეს სამოთახიანი ბინა მისცეს, მაგრამ ხრუშოვკა“.

მანანა: „რაღაც ძველებურ საათს ყიდდა მეზობელი, დედაჩემს უნდოდა ყიდვა, აუტყდა მამაჩემს, ვიყიდოთ, ვიყიდოთო. რად გინდა ქალო ეს საათი, ციფერბლატი მეზობელთან იქნება და მე გირების კონწიალს უნდა ვუყუროო?

სამოთახიანი ხრუშოვკა იყო, კაბინეტში ვცხოვრონდი მე, სადაც მაგიდა იდგა რომელზედაც წერდა, არადა მამაჩემი დღის განმავლობაში სახლში არ იყო, მუშაობდა, ღამე გრიალებდა, და როდის წერდა ისე მართლა? დიდ ოთახში იდგა პატარა მაგიდა და იმაზე წერდა, კაბინეტის მაგიდაზე დაიწერა „მარადისობის კანონი“. გულრიფშში მუშაობდა ხოლმე ინტენსიურად. რომ  მოაწვებოდა სამ თვეში ამთავრებდა რომანს, ისე რომ გადაწერა არ სჭირდებოდა. ჩვენ ხელნაწერებს ვკითხულობდით ხოლმე, დაწერდა თუ არა, ვეცემოდით და ვკითხულობდით, ყველა რომანი წაკითხული მაქვს ხელნაწერში. ხანდახან იყო რომ, არ უბრუნდებოდა დიდხანს და ვეჩხუბებოდით, რა არის, რა გააჩერე, გვაინტერესებს… პირველ კურსზე ავიწყვიტე, სახლში აღარ მივდიოდი ფაქტიურად, სახლში ვრეკავდი, ლინგაფონის კურსი მაქვს მეთქი… მამაჩემი გიჟდებოდა, უნივერსიტეტია თუ „პადპოლნი“ ორგანიზაციაო. ერთხელაც დავაგვიანე. მივედი სახლში, შევიძურწე ჩემს ოთახში, შევწექი ლოგინში და გვერდით ოთახიდან მესმის, დედაჩემი ეუბნება, მოვიდაო, ჩემი აღარ ჯერა და შენ უთხარიო. მამაჩემს არ უყვარდა ეგეთი რაღაცეები. მეძახის, გოგოო, რატო დაიგვიანე? უი, მამა არ დამიგვიანია…. – უტიფრად ვიმართლე თავი. ქალო, რად მატყუებ ბავშვმა დაიგვიანაო…. ეზარებოდა ჩხუბი… დედაჩემმა, შენგან ხომ არაფერი გამოვა და შენ ხომ გააფუჭე ეს ბავშვები, ლანძღა… ამით დამთავრდა ჩემი დასჯა. მამას არ ჭირდებოდა ჩხუბების მოწყობა, ისეთი კაცი იყო, ვერ გაუბედავდი ვერაფერს. მთელი ცხოვრება სულ ვითვალისწინებდი, ჩემთვის ეს არ შეიძლება, ის არ შეიძლება, მამაჩემზე იტყვიან, მამას ჩრდილი მიადგება… ამ დროს მამაჩემი ბოჰემურად ცხოვრობდა, არიქა ღვინო, დუდუკი…

პირველი ინფარქტის შემდეგ 8 წელი აღარც ეწეოდა და აღარც სვამდა. (თუმცა ამას ვერ დავიჯინებ!). მერე დედაჩემს შეეყარა რაღაც უცნაური სენი: თავის ქალის ახდა და ტვინის ოპერაცია დასჭირდა. იმ დღიდან დაიწყო მამაჩემმა გამხელილად სიგარეტის წევაც და სმაც. რატომღაც რუსულად მითხრა – „ესლი ვაშა მამა უმირაეტ, პუსკაი ვაშა პაპა ტოჯე უმრეტ“-ო. ეს უკვე მერამდენე გამოცდა იყო მის ცხოვრებაში. დედაჩემი გადარჩა. ოპერაციის მერე მოსკოველმა პროფესორმა კანავალოვმა გვითხრა „ია ტამ ვსიო ტშატელნო პოჩისტილ, ვსე დოსტალ, ბოიატსა უჟე ნეჩტო“-ო. ჰოდა მას მერე შეკლული ჰყავდა დედაჩემი, – როგორც კი მისთვის რაიმე უსიამოს იტყოდა, მაშინვე მიახლიდა ხოლმე: „კანავალოვის დედა ვატირე, ამოიღო ხომ ყველაფერი, აღარაფერი ჩატოვა ხომ შიგ, უ, მაგისი…“

ნოდარ დუმბაძე ქალიშვილთან – მანანასთან და სიძესთან – ჯემალ თოფურიძესთან ერთად

მწერლისთვის მორიგი ტრაგედია იყო სიძის ჯემალ თოფურიძის გარდაცვალება. თუმცა, თავიდან მანანას დაოჯახება განიცადა მტკივნეულად.

მანანა დუმბაძე: „რატომ ეგონა რომ არ გავთხოვდებოდი არ ვიცი, მაგრამ დიდი იმედი ჰქონდა რომ არ გავთხოვდებოდი. გავიპარე. ვერც წარმომედგინა რომ, მამაჩემთან ვინმე უნდა მოსულიყო, და ეთხოვა ჩემი ხელი. მე ვერ წარმნოვიდგინე, თორემ ჩემმა დამ, ქეთინომ, 18 წლისამ მოიფიქრა, მშვენივრად, მოიყვანა თავისი საქმრო მშობლებით, ყველაფერი და ოფიციალურად გააკეთა 18 წლის ბავშვმა, და მე 24 წლის დედაკაცმა ეს ვერ მოვიფიქრე, ვერც წარმოვიდგინე…

ნოდარ დუმბაძე ქალიშვილებთან და სიძესთან – გოგიტა მაჭარაშვილთან ერთად

მანანა დუმბაძე: მამაჩემმა ჩემი გაპარვა რომ გაიგო, წავიდა მამიდაჩემთან. მამიდაჩემი, ისეთი ქალია, მსუქანი ქალია, სულ საჭმელს აკეთებს, გიჟდება ჭამაზე, სულ შიოდა მთელი ბავშვობა და ახალ სულ ეშინია რომ მოშივდება და სულ საჭმელს აკეთებს. მამიდაჩემს უთხრა, მომიტანე მშიაო. მამიდაჩემმა გამოუტანა დედალი, მამამ შეჭამა ერთი დედალი, გადავიდა მეორეზე… მამიდამ დედაჩემთან დარეკა, რა ხდება გამაგებინეთ, ნოდარი რატომაა ეგრე, მეორე დედალზე გადავიდაო. უაზროდ ჭამდა… მერე უთხრა რომ მანანა გაიპარა. გათხოვდა. მერე რომ გაარკვია რომ ჯემალი ნიაზ დიასამიძის დისშვილი იყო, იცნობდა დედამისს, გუგული დიასამიძეს, აღმოჩნდა რომ ოჯახებს ახლობლობა აკავშირებდათ და დაწყნარდა. მერე ძალიან დამეგობრდნენ, ძალიან შეუყვარდა ჯემალი. მისი სულიერი მეგობარი გახდა. მამაჩემისთვის ჯემალი იყო სტიმული და ჯემალისთვუის – მამაჩემი. ჯემალის მოთხრობა „გოგია“ რომ წაიკითხა, დილაუთენია 6 საათზე დამირეკა. თავზარი დამეცა, ავადმყოფი მშობლები რომ გყავს რას იფიქრებ დილაუთენია რომ დაგირეკავენ? რომ მითხრა, ჯემალს დაუძახეო, მაშინღა მომეშვა გულზე… ჯემალს უთხრა, ნეტა ეს მოთხრობა მე დამეწერაო.

ჯემალი ისე გაახარა მამაჩემის შექებამ ერთი თვე აღარ გამოფხიზლებულა…“

1978 წელს, ამერიკაში იყო ნოდარ დუმბაძე საბჭოთა და ამერიკელი მწერლების კონგრესზე, ჯემალ თოფურიძე რომ დაიღუპა…

„მხოლოდ ერთხელ მახსოვს, სულ ახალგაზრდა სიძეც რომ დაეღუპა, თავისთავს ხმამაღლა ჰკითხა, ნეტა რით ვერ გამოსცადა განგებამ ჩემი ჭირთათმენა, რომ განსაცდელს განსაცდელზე მატეხს თავსო“ გაიხსენებს გურამ გვერდწითელი.

მანანა დუმბაძე: „მეორე ინფარქტმა გულრიფშში მიიმწყვდია, მარტო. იმდენჯერ მოვკვდი, საიქიოს გზას თვადახუჭული ვაგნებო, ეხუმრებოდა სოხუმელ ექიმებს და იქით ამხნევებდა, ნუ გეშინიათ, სანამ ბოლომდე არ გამომწურავს ბუნება, ვიდრე ბოლომდე არ დამაფქვევინებს ბედის წისქვილი ჩემს საფქვავს, სიკვდილი არ მეღირსებაო… და ხუთი წელი კიდევ იცოცხლა, სასწაულით. „მარადისობის კანონი“ მაშინ აღმოაჩინა“

ნოდარ დუმბაძე შვილიშვილებთან – ნოდარ თოფურიძესთან და ლევან მაჭარაშვილთან ერთად

შვილიშვილები – ნოდარ თოფურიძე, ლევან და ნოდარ მაჭარაშვილები

მამანა დუმბაძე: „შემობრძანდი ბაბუ ორგანიზმში“ – ასე ეუბნებოდა ხოლმე შვილიშვილებს… ჩემი ნოდარიკო 9 წლის იყო მამაჩემი რომ გარდაიცვალა. ნოდარიკოს საოცარი რეაქცია ჰქონდა, საერთოდ აიკრძალა ბაბუაზე ლაპარაკი, ხმას არ იღებდა, იდგა ჭირისუფალში როგორც ჩამოყალიბებული კაცი და იღებდა სამძიმარს. საოცარი ბაბუა იყო. ნოდარიკოს წყლის ეშინოდა და მამაჩემი ასწავლიდა ცურვას. გულრიფშში ჩვენი სახლი პლაჟზე იდგა, იმ დღეს ვერაფრით შევიტყუეთ ნოდარიკო წყალში, მამაჩემი მოვიდა, აიყვანა, ბაბუ ხომ წამოხვალ ჩემთანო და ასე ტანსაცმლით შევიდა და შეიყვანა ბავშვი… პატარა ჩაქუჩი გაუკეთა, დურგლობას ასწავლიდა… ფარეხს აშენებდა, ზედ მანასარდას, რომელიც უნდა ეჩუქებინა ნოდარიკოსთვის და ამ მანასარდის შენებაში, ხან ლურსმანი ჩააჭედებინა, ხან ეს გააკეთებინა, ხან ის გააკეთებინა, რავიცი, ასე ერთად ცხოვრობდბნენ, ძალიან საინტერესო ბაბუა იყო… საავადმყოფოში, სიკვდილის წინ ახლადგამოცემული „ილიკო და ილარიონის“ კითხვა დაიწყო ხმამაღლა, დაიღალა და მერე მე და ქეთინოს გვთხოვა, თქვენ განაგრძეთო. ვკითხულობდით და ვიცინოდით, თვითონაც გულიანად იცინოდა, მერე ხელით გვაჩვენა გეყოფათო. – ეს რა მაგარი რამე დამიწერიაო, თქვა და მშვიდად დაიძინა…  კონსტანტინე გამსახურდიას დასაფლავება მაგონდება. ბატონ კონსტანტინეს ხელით მიასვენებდა სრულიად საქართველო კოლხური კოშკისკენ. რუსთაველის პროსპექტზე რეპროდუქტორები მისი ნაწარმოებების ნაწყვეტებს გადმოსცემდნენ და ხალხი გმინავდა, ისეთი მომნუსხველი და ამაღელვებელი იყო ეს პროცესია. შინ რომ დავბრუნდით, მამაჩემმა უეცრად თქვა, თავი არ მომჭრათ, ბაღნებო, და ჩემს გასვენებაზე იგივე არ გაიმეოროთ (საკუთარი ნაწარმოებების კითხვას გულისხმობდა), თორემ დაწყდება პროცესია სიცილითო“.

ნოდარ დუმბაძე და ნოდარ თოფურიძე (უკანასკნელი ფოტო)

ნოდარ დუმბაძე შეცდა. მწერალთა კავშირიდან მის ცხედარს მზიურისკენრომ მიასვენებდნენ, რუსთაველზე რეპროდუქტორები მის ნაწარმოებებს გადმოსცემენ… მაგრამ არვინ იცინოდა…

მწერლის შთამომავლობა:

შვილები – მანანა დუმბაძე, ქეთევან დუმბაძე.

შვილიშვილები ნოდარ თოფურიძე (იურისტი), ლევან მაჭარაშვილი (რეჟისორი), ნოდარ მაჭარაშვილი (მწერალი)….


%d bloggers like this: