Tag Archives: ოთარ მეღვინეთუხუცესი

კოცნაჲ საკვირველი

თუკი ერთმანეთს შევადარებთ იმ აღშფოთებას, რომელიც მოჰყვა  გუშინ, 14 დეკემბერს პრეზიდენტ სააკაშვილის კადრების გავრცელებას, რამოდენიმე დღის წინანდელ აღშფოთებას, რომელიც მოჰყვა კახა კინწურაშვილისა და თორნიკე გოგრიჭიანის სცენაზე, როლში, 4 წლის წინანდელ კოცნას, არათუ უნდა შეშფოთდე და აღშფოთდე, თავზარი უნდა დაგეცეს, თუ ოდნავ მაინც საღი ხარ და ერთიანად წამპალი არ გაქვს ყველაფერი სინდისთან ერთად.

მასები შოკში კი არა, ლამის კომაში ჩააგდო იმის გააზრებამ რომ ერთმა მსახიობმა მეორეს სცენაზე აკოცა! მერე ალბათ მორიგმა შოკმა მაშინ ჰკრათ, როცა აღმოაჩინეს რომ ეს ახლა გუშინ ან გუშინწინ კი არ მომხდარა, არამედ 4 წლის წინ და მათ, ამ მორალის სადარჯოზე ჩაცუცქულ გუშაგებს – გამოჰპარვიათ.

გამოეპარათ კოცნა, გამოეპარათ ისიც რომ სწორედ ამ სპექტაკლიდან გაიქცა გორის თავზარდაცემულ მერი თავზარაშვილი, როცა ეს სპექტაკლი („დემონები“) გორში, ერისთავის თეატრში, კომედიის ფესტივალის ფარგლებში წარმოადგინა სამეფო უბნის თეატრმა. დიახ, დიახ, აი ასე, სცენაზე სპექტაკლი მიდიოდა, გორის მერე წამოხტა და ყვირილ-ყვირილით „რაგატკით“ ნასროლივით გავარდა დარბაზიდან!

არადა, მთელი ამ მიეთ-მოეთის მთელი არსიც იმაშია, რომ ამ კამპანიის ამგორებლებს არც არაფერი არ გამოპარვიათ.  ეს ახლა დასჭირდათ მსახიობ კახა კინწურაშვილის დასჯა და მასზე შურისძიება და ახლა აღიგზნეს თავი და აღაგზნეს მასები. ერთის მხრივ, კახა კინწურაშვილზე ამ ბინძური თავდასხმით კი ყველა მსახიობს მიანიშნეს, რომ მათაც იგივე დღეს დააყრიან, თუკი ისინიც გაბედავენ ხმის ამაღლებას ამ ხელისუფლების წინააღდეგ!

ესაა, თორემ ან იმ თავზარაშვილს რამ დასცა თავზარი, ან ამათ? რა ზარავთ, თეატრი რომ ამგვარ ურთიერთობებს ასახავს? თუ თეატრი ამას არ ასახავს, ეს ყველაფერი გაქრება და მთელი სამყარო გაჰეტერსექსუალაურდება? მალვას და ჩქმალვას რა აზრი აქვს? და თუ თეატრმა ამ ტიპის ურთიერთობები უნდა ასახოს, ეს ურთიერთობები უკაცრავად როგორ უნდა ასახო? მსხიობმა ნაცვლად იმისა რომ მეორე მსახიობს აკოცოს, რემარკა წაიკითხოს – „აკოცა“? თუ თქვას „ვაკოცე“ – რომ უფრო გამომსახველი იყოს? და თუ მსახიობმა მსახიობს უნდა აკოცოს, ეს მსახიობი ამ კოცნისთვის უნდა აბულინგო და აბურთაო?

თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ათახსირო და ლაფში აგორაო?

მსახიობის  მის მიერ განსახიერებულ როლთან გაიგივება არის სრული იდიოტიზმი და გაუნათლებლობა, ნიშანი იმის, რომ არანაირი წარმოდგენა არ გაქვს არც თეატრზე, არც კინოზე და საერთოდ არანაირ ხელოვნებაზე.

თუმცა, აქვე ისიც უნდა ვთვაქთ, რომ მსახიობის მის მიერ განსახიერებულ როლთან გაიგივება ქართული სინამდვილისთვის ჩვეული მოვლენაა, მაგალითად, „მაგდანას ლურჯას“ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, აკაკი კვანტალიანს ბაზარში გლეხმა კიტრი არ მიჰყიდა – უნამუსო კაცი ხარ, მაგდანას ობოლ ბალღებს ვირი როგორ წაართვიო. ისე, აკაკი კვანტალიანმა ამ დღეებში სხვა რაკურსშიც გაიჟღერა – მისმა „კოცნიანმა“ ფოტომ  „უდიპლომო სასიძოდან“ მთელი სოცქსელები მოიარა…

დავუბრუნდეთ, მსახიობის გაიგივებას მის მიერ განსახიერებულ როლთან. არაერთხელ მსმენია ოთარ მეღვინეთხუცესს რომ დათა თუთაშხიასთან აიგივებდნენ, ისიც მსმენია, ბევრი თუ როგორ სძრახავდა, მეფე გიორგი განასახიერა და მხარს ამ პიპა ბიძინას როგორ უჭერსო…

მოკლედ, ამ იდიოტურ გაიგივებას თავისი ფესვები აქვს, მაგრამ თუ აქამდე ეს ყველაფერი უბრალოდ ღიმილის მომგვრელი იყო, ახლა უკვე საგანგაშო ხდება – მსახიობს იმაზე განიკითხავენ და ქოლავენ, მისმა პერსონაჟმა რომ ვიღაც სხვა პერსონაჟს აკოცა. ამავე ლოგიკით, ოტელოს როლის შემსრულებელი ქალზე ძალადობისთვის, ფემიციდისთვის გვეყოლება დასასჯელი, ოფელიას როლის შემსრულებელი – საგიჟეთში დასაწვენი….

ეს რა თქმა უნდა ნახევრად ხუმრობით, მაგრამ თუ ამ ბნელ ძალებს გაუვიდათ, ის დრო ნამდვილად მობრუნდება, როდესაც ნანა ფაჩუაშვილს საჯაროდ გმობდნენ თემურ ჩხეიძის „ჯაყოს ხიზნებში“ მარგოს განსახიერებისთვის.

მოკლედ, მსახიობს როლში კოცნისთვის სძრახავდნენ და ათრევდნენ. უმეტესობა მის გამართლებას სწორედ ამ ეგდიდთაც ცდილობდა და აღფოთებულ შავბნელ მასებს მოკრძალებულად უხსნიდა რომ ეს თეატრია, რომ ეს როლში, სცენაზე მოხდა… არადა, რომც სცენაზე კი არა, ცხოვრებაში მომხდარიყო ეს ყველაფერი, ვისი რა საქმეა და ვის რა უფლება აქვს ადამიანი ამის გამო სამარცხვინო ბოძზე გააკრას? მით უმეტეს ვის რა უფლება აქვს ეს კადრები ასე აფრიალოს, თუ ეს კადრები პირადია და არა სცენა სპექტაკლიდან, როგორც ამჯერად იყო?!

მოკლედ, ერთმა კოცნამ წალეკა და აალაპარაკა სრულიად საქართველო. რატომღაც ამის ნახევარმა აღშფოთებამ ვერ გადაუარა საზოგადოებას, მას მერე რაც ნახეს, რაც იკადრა ხელისუფლებამ – კადრების გავრცელებით.

საზოგადოების თვალწინ, მოძალადე ხელისუფლებამ წიხლქვეშ გაიგდო ადამიანის ღირსება, თავმოყვარეობა. მისი სავალალო ყოფა იმ სახით მიაწოდა საზოგადოებას, რა სახითაც არც ერთი ჩვენგანის ყოველდღიურობა არ იქნება თვალწარმტაცი…

მოკლედ, რა გინდა რომ ქნა ამ ქვეყანაში, სადაც იმაზე უფრო შფოთავენ ირაკლი კოტეს აკოცებს თუ კატოს, ვიდრე იმაზე, თუ როგორ სრესავს მოძალადე ხელისუფლება ადამიანს და მის ღირსებას.   

ბლოგის ფუნქციონირება დაკავშირებულია გარკვეულ, მინიმალურ სახსრებთან.

ვინც ეცნობით ბლოგს, გაინტერესებთ და გაქვთ საშუალება რომ დაგვეხმაროთ, მადლობელი დაგრჩებით.

თქვენი მხარდაჭერით, ბლოგი ყოველდღიურად განახლდება.

რეკვიზიტები მათთვის, ვისაც სურს და აქვს საშუალება დაგვეხმაროს ბლოგის ფუნქციონირებისათვის საჭირო სახსრების თავმოყრაში:

#GE90TB7803945061100002

#GE35BG0000000240459300

წინასწარ გიხდით დიდ მადლობას.

აკაკი ვასაძის დაუჯერებლად დამაჯერებელი ფარსმან სპარსი

კონსტანტინე გამსახურდიას რომანის ეკრანიზაციაში, ფილმ „დიდოსტატის მარჯვენაში“ ქართული თეატრისა და კინოს არაერთი დიდოსტატია გადაღებული – მთავარ, მეორეხარისხოვან თუ საერთოდ ეპიზოდურ როლებშიც კი. დავიწყოთ იმით რომ ფილმის ფინალში, 70 წამიან ეპიზოდში გადაღებულია ვერიკო ანჯაფარიძე, იგი ეკრანზე სულ ნახევარი წუთი ჩანს, მაგრამ მისი დავიწყება შეუძლებელია. შეუძლებელია არ შეგზაროს მისმა მოთქმამ… პრაქტიკულად ერთი, სამწუთიანი ეპიზოდით აცოცხლებს ეკრანის დიდოსტატი ლეილა აბაშიძე კონსტანტინე გამსახურდიასეულ ვარდისახარს. ეკრანის მეორე დიდოსტატი ლიანა ასათიანი ეკრანზე რამდენიმეჯერ გაელვებით, უფრო სწორად აელვარებით, ერთის მხრივ ხატავს შორენას დედას – გურანდუხტს და მეორეს მხრივ, თავისი ფრესკული სილამაზით ჩრდილავს და აქრობს  ლალი ბადურაშვილის ისედაც  სუსტ შორენას… შთამბეჭდავია დოდო აბაშიძის მამამზე ერისთავი, სპარტაკ ბაღაშვილის ქალუნდაური, სესილია თაყაიშვილის  ბორდოხანი, ზურაბ ქაფიანიძის პიპა. თითქოს შორეული წარსულიდანაა გადმოსული ვასო გოძიაშვილის მელქისედეკ კათალიკოსი. ოთარ მეღვინეთუხუცესის მეფე გიორგი და  თენგიზ არჩვაძის არსაკიძე იმთავითვე აზრთა სხვადასხვაობას იწვევდნენ ფართო მაყურებელში. ნაწილს თუ მოსწონდა, ნაწილი ერთგვარად გაუცხოებული იყო მათ მიერ ხორცშესხმულ პერსონაჟებთან, რაშიც ჩემი აზრით, წვლილი განსახიერებული პერსონაჟებისა და განმასახიერებელი მსხიობების ასაკებში შეუსაბამობას მიუძღვის. ფილმში მეფე გიორგი ჭაბუკად უხმობს არსაკიძეს, მის წინ კი 35 წელს გადაცილებული სოლიდური ასაკის მამაკაცი დგას და „ჭაბუკო“ უმალ ცინიკურად გაისმის… 35 წელსაა გადაცილებული თავად მეღვინეთუხუცესი, მაშინ როდესაც რიგი წყაროების თანხმად,  მეფე გიორგი პირველი დაიბადა 1002 წელს და გარდაიცვალა სრულიად ახალგაზრდა – 1027 წელს…

ამ ერთ მცირედ შენიშვნას დავჯერდები და დღეს ვისაუბრებ იმ როლზე, რომელზეც ერთი ობოლი შენიშვნაც არ/ვერ მაქვს და ვერც მექნება, რადგან საუბარია დიდოსტატ აკაკი ვასაძის ფარსმან სპარსზე…

ფილმის ხანგრძლივობა 159 წუთია. წამების სიზუსტით დავითვალე, ამ 159 წუთიდან რამდენი ხანი ჩანს ეკრანზე ვასაძის ფარსმან-სპარსი. ამ 159 წუთიდან აკაკი ვასაძე კადრში სულ 10 წუთი და 36 წამი ჩანს. აქედან 5 წუთი და 27 წამი პირველ სერიაში და 5 წუთი და 9 წამი – მეორე სერიაში. აქ შედის ყველანაირი ხედი – შორიც, საერთოც, საშუალოც, ახლოც… ყველა ის უსიტყვო რამდენიმე წამიანი გაელვება რაცაა ფილმში.

მსხვილი ხედით აკაკი ვასაძე ფილმში 2 წუთიც არაა ნაჩვენები – პირველ სერიაში ახლო ხედები ჯამში 57 წამია, მეორე სერიაში  – 58 წამი. იგი ეკრანზე უმეტესად საშუალო ხედითაა წარმოდგენილი პირველ სერიაში – 3 წუთი და 14 წამი, მეორეში –  2 წუთი და 40 წამი. საერთო და შორ ხედებს რაც შეეხება, პირველ სერიაში  1 წუთი და 16 წამია, მეორეში – წუთი და 31 წამი.

ეს ყველაფერი იმის საჩვენებლად, თუ რამდენად შეზღუდული იყო იგი დროში, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ფილმში საერთოდ არ ჩანს ბევრი რამ არც მისი წარსულიდან, არც აწმყოდან. თავისთავად ცხადია, ორსერიანი ფილმი ვერ აუვიდოდა სქელტანიან რომანს… ეს ობიექტურად, რომ არაფერი ვთქვათ სუბიექტურ ფაქტორებზე….

მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ფილმის ნაკლოვანებისა, ტლანქი კინოენისა, მდორე რიტმისა, სწორხაზოვნებისა და დიდწილად სქემატურობისა, აკაკი ვასაძის ფარსმანი სპარსი აქტიორული თვალსაზრისით სწორედაც რომ სრულყოფილების ნიმუშია.

იგი არათუ დამაჯერებელია, მეტიც – სხვაგვარი ვეღარც წარმოგიდგენია  იგი. არათუ გჯერა რომ ასეთი იყო ფარსმან-სპარსი, არამედ ვეღარც დაიჯერებ რომ სხვაგვარი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ვასაძის ფარსმანი წიგნის ფარსმანისგან განსხვავებით არც ჩიაა, არც ჩალმიანია და არც ნახევრადქოსა.

ის გაჟღენთილია ყველა იმ თვისებით, რომელიც ამ პერსონაჟში ჩააქსოვა მწერალმა, მატარებელია ყველა იმ ღირსებისა და ნაკლის, რომელთა ზიდვაც მის პერსონაჟს დააკისრა კონსტანტინე გასმსახურდიამ და იგი ასხივებს ფარსმანის სიბრძნეს, გულბოროტობას, ღვარძლსა და მზაკვრობას.  

იგი იმდენად დამაჯერებელი და შთამბეჭდავია, თავისუფლად შეგიძლია წარმოიდგინო იმ არაერთ ეპიზოდშიც, რომელიც რომანშია და არაა ფილმში, ცხადია, თუ თავად გაქვს ცოტაოდენი ნიჭი იმისა, რომ გასაქანი მისცე წარმოსახვასა და ფანტაზიას.

„აკაკი ვასაძე უდიდესი არტისტი იყო. ბავშვობაში მოვისმინე მისი სიმღერა-მოთქმა „ყვავილების ქვეყანა“ ახმეტელის სპექტაკლში „ქართა ქალაქი“, მზარავდა შვილდაკარგული მამის ტირილი. შილერის „ყაჩაღების“ ფრანცი ხომ მწვერვალი იყო ვასაძის შემოქმედებისა. დღეს იგი ყურადღებით ისმენს ჩემს რეჟისორულ მითითებებს. სვეტიცხოვლის ეზოში ღამე ვიღებდით ფარსმანის საუბარს თენგიზ არჩვაძის არსაკიძესთან და ვნეტარებდი. ეს ეპიზოდი მსოფლიო კინემატოგრაფიის სტანდარტის დონისაა. აკაკი ვასაძის ფარსმანი ტიტანურია, მიქელანჯელოს პერსონაჟებს მაგონებს“ – წერდა ფილმის რეჟისორი ვახტანგ ტაბლიაშვილი  თავის „რეჟისორის ჩანაწერებში“.

ჩემი მოკრძალებული აზრით კი, მიწიძვრის ეპიზოდში, როდესაც გაბოროტებული ფარსმანი წყევლის სამყაროს „ვარსკვლავო შეარყიე ეს ქვეყანა, დალეწე და გააცამტვრე“, იგი მაღლდება შექსირულ მასშტაბამდე და ძალაუნებურად მოგაგონებს მრისხანე ლირს, რომელიც მინდვრად, ჭექა-ქუხილისას ქარს შესთხოვს „იზუზუნე და იქროლე შენ, ქარო მსუსხავო… და შენც გრიგალო, წამოუბერე, წამოღვარე ზვირთნი ზღვისანი და სრულად შთანთქე ეს ქვეყანა ძირით თხემამდე“…

მეფემ და კათალიკოსმა ჭაბუკუ ოსტატი შეარკინეს უდიდეს ოსტატს, ბრძენკაცს ფარსმანს. როგორც გამსახურდიასთან ვკითხულობთ -„არსაკიძის სახელეს დასწვდნენ და ესროლეს იგი ფარსმანს, როგორც ხელკეტი მწიფე ნაყოფს“.

და ფარსმანიც ძალისხმევას არ დაიშურებს მის გზიდან ჩამოსაშორებლად. ამ ფონზე კი ერთობ უცნაურად იკითხება ფარსმანისეული დარიგებები არსაკიძის მიმართ. მართლაც ძნელადსაცნობია რატომ უზიარებდა გამოცდილებას და რატომ აძლევდა იმ რჩევებს იმ კონკურენტს, რომლის გზიდან ჩამოშორებაც ეწადა? რატომ ურჩევდა ბრძენკაცი ყოფილიყო და შლეგად მოეჩვენებინა თავი, ან გმირი ყოფილიყო და ჯაბანივით ევლო, ან ოსტატი ყოფილიყო და ხელმცარულად ეჩვენებინა თავი? მას ხომ სწორედ ეგ აწყობდა რომ რაც შეიძლება მეტი მტერი ჰყოლოდა არსაკიძეს, მეტიც – თავად იყო მისი მტერი.

თუ ამით მხოლოდ იმის თქმა სურდა, რომ თავად იყო ბრძენკაცი და შლეგად აჩვენებდა თავს, გმირი იყო და ჯაბანივით დადიოდა, ოსტატი იყო და ხელმოცარულად მოჰქონდა თავი? არადა, შლეგად, ჯაბანად და ხელმოცარულად იგი არც ნაწარმოებში მოსჩანს, მითუ უფრო არც ფილმში.

ამ რებუსს ვასაძე თავისი არტისტული გენიით, ერთობ საინტერესოდ ხსნის – იგი კონკურენტს პრაქტიკულად გადარჩენის წამალს აწვდის და… იქვე უჩენს ეჭვს რომ ეს წამალი კი არა საწმალავია…. ამ ეჭვს კიდევ უფრო აძლერებს დამშვიდობებისას მის მიერ ნათქვამი „ოსტატო“ – მთელ ღვარძლსა და ჭეშმარიტ დამოკიდებულებას ამ ერთ „ოსტატოში“ აქსოვს ვასაძის ფარსმანი… თითქოს, ეს ყველაფერი იმისთვის უთხრა, „ოსტატი“ იმდენჯერ იმიტომ უხსენა, რომ ბოლოს „ოსტატო“ მის დასაცინად გამოყენებინა…

ამის გარდა, ამ ერთი „ოსტატოთი“ აკაკი ვასაძემ შეძლო ეთამაშა ის, რაც რომანშია და შეცვალეს, ამოიღეს.

კერძოდ, არსაკიძესთან ფარსმანის სტუმრობისას რომანის მიხედვით, არსაკიძე ხატავს. „ფერწერაში ნიჭი მოგდგამს ეტყობა“ – ეუბნება კიდეც ფარსმანი. რომანის მიხედვით, არსაკიძეს მხოლოდ რამდენიმე ხაზი ჰქონდა გავლებული ტილოზე და ფარსმანი პრაქტიკულად იმას მიანიშნებდა, რომ ეს რამდენიმე ხაზიც სჯობდა მის მიერ აგებულ სვეტიცხოველს. ან რა ნიჭზე შეიძლებოდა ამ მონახაზის მიხედვით მსჯელობა? „ცხადია, დასცინოდა იგი არსაკიძეს“ – წერს გამსახურდია. ფილმში კი, ამ სცენაში იგი გავლებულ რამდენიმე ხაზს კი არა, ვაზის ჩუქურთმას უქებს, რაც ვერანაიარდა ვერ კონვერტირდება მის დაცინვად. ხატვის ნიჭს ფილმში ფარსმანი არსაკიძეს  სხვა ეპიზოდში უქებს – სადაც ორი ხაზი კი არაა გავლებული, უკვე იაკობის ღმერთთან შერკინებაა ასახული და იქ შექებული ნიჭიც ვეღარ აღიქმება დაცინვად. მაგრამ აკაკი ვასაძე მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ახერხებს დასცინოს მას და გვიჩვენოს თავისი ჭეშმარიტი დამოკიდებულება და იგი ამას ახერხებს ერთი „ოსტატო“-თი. ამ ერთ რეპლიკაში, ერთ მიმართვაში აქსოვს ყველაფერს, რაც იყო რომანში და რაც ემსხვერპლა სცენარს…     

აკაკი ვასაძის ფარსმან-სპარსს არათუ ერთი მიმართვით შეუძლია გამოკვეთოს მთელი მისი დამოკიდებულება მეორე პერსონაჟისადმი, მას ეს ძალუძს ერთი ბგერითაც!

მართლა არ მეგულება არტისტი, ვისაც ხელეწიფებოდეს ეს!

იმ ეპიზოდში, როდესაც მას აჰყრიან ხუროთმოძღვრთუხუცესის ტიტულს და ბრალად დასდებენ ფანასკერტელის ქალის გახრწნას,  ვასაძის ფარსმანი ამბობს „უცნაურია და უგუნურია ეს ცხოვრება, – რამდენ ხმალშემართულ რაინდს შევგებებივარ უშიშრად, ხლა, ამ დალეულმა, ჩია მოხუცმა  -მელქისედეკ ქათალიკოსმა უნდა მომისწრაფოს სიცოცხლე“.

დიახ, კორექტურა არ გეგონოთ, ვასაძის ფარსმანი ამბობს სწორედ „ქათალიკოსს“ და არა – „კათალიკოსს“. და სწორედ ერთი ბგერის მეორე ბგერით ჩანაცვლებით აღწევს იმას, რასაც ძნელად თუ მოახერხებს ვინმე. მთელი მისი დამოკიდებულება კათალიკოსის მიმართ, იკვეთება სახიერად და რელიეფურად.

ვასაძის ფარსმანის ხელში სახიერი ხდება ის, რაც სხვის ხელში შეუმჩნეველიც კი დარჩებოდა. ეპიზოდში, როდესაც მას ამცნობენ რომ მეფემ თავის ხუროთმოძღვრად დანიშნა, ხელის ძუნწი მოძრაობით გვიამობობს იმას, რასაც რომანში ვრცლად გვიამბობს მისი პერსონაჟის შესახებ კონსტანტინე გამსახურდია და რისი საშუალებაც არ ეძელევა მას ფილმში. მაგრამ ის მაინც ახერხებს – უდიერად, ზიზღით მოისვრის უბრალო ხელკეტს და იბრუნებს მოვერცხლილ ხელჯოხს…

ვასაძეს ხელეწიფება ერთი ჩახითხითებით გადმოგვცეს მთელი მისი დამოკიდებულება არათუ მოვლენებზე, საერთოდ სამყაროს მიმართ. არსაკიძის დანიშვნა მას ერთ ამბავს ახსენებს – ჯოჯოხეთში რომ მღვდლები გაუწყვეტიათ ეშმაკებს და ღმერთს რომ ყვავი დაუნიშნავს ხუცესად. მის ამ ნათქვამზე მეფე გიორგი გადაიხარხარებს, თავადაც აჰყვება – ჩაიხითხითებს და სწორედ ამ ხითხითში საცნაურდება მისი ცინიკური დამოკიდებულება საერთოდ ამ სამაყაროს მიმართ…

„ჩემთვის ყველა თეატრის კარი რომ გადაერაზათ, ალბათ ტყეში წავიდოდი, მოვჭრიდი ხეებს, გავრანდავდი, სადმე ველობზე პატარა სცენას ავაწყობდი და ვითამაშებდი ისევე, როგორც ამას ვაკეთებდი ბავშვობაში, რიონის პირას მწვანეყვავილას ფერდობზე , სადაც ვხატავდი, ვწერდი ლექსებს და ლადო მესხიშვილის ხილვით აღტაცებული და მისი წაბაძვით ხმამაღლა გავყვიროდი მონოლოგებს. ბოლოს და ბოლოს, ხელოვნება, მსახიობობა ხომ თამაშია…“ – წერდა დიდოსტატი აკაკი ვასაძე. 

ამ ნათვამის ანალოგიით, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, მისთვის კიდევ ბევრი ეპიზოდი რომ ამოეგდოთ გამსახურდიას რომანიდან და ის ათიოდე წუთიც არ ჰქონოდა, რაც აქვს, ის მაინც ითამაშებდა ფარსმანს…

ჩავარდნილი როლები

რეზო შატაკიშვილი

მარცხი თან სდევს წარმატებას და… მარცხი წინ უძღვის წარმატებას. „პრაიმტაიმი“ დიდი ქართველი არტისტების ჩავარდნილ როლებზე გიამბობთ.

ხორავას ჩავარდნილიო ტარიელ გოლუა

მიხეილ თუმანიშვილი აკაკი ხორავამ მიიყვანა თეატრში. მათი შექმომედებითი შეხვედრა ერთადერთხელ შედგა – „ტარიელ გოლუაში“ და მაშინაც მარცხით დამთავრდა – ორივესათვის. არადა, წინა სპექტაკლების  წარმატებით თავბრუდახვეულ  მიხეილ თუმანიშვილს თავად ხორავა აგულიანებდა, ბევრს ელაპარაკებოდა ახმეტელის რეჟისურაზე, შინაურები, გარეულები მოსვენას არ აძლევდნენ – „მიშა, შენ ახმეტელი ხარ, მისი საქმის გამგრძელებელი“…  და ახალგაზრდა რეჟისორმაც ხელი მოკიდა ლეო ქიაჩელის „ტარიელ გოლუას“, დაეწაფა ახმეტელის მემკვიდრეობას, სურდა ახმეტელივით გმირულ–რომანტიკული სპექტაკლი დაედგა…ტარიელ გოლუას ხორავა თამაშობდა.   თუმანიშვილის  რეპეტიციას თბილისში სტუმრად მყოფი ფინელი რეჟისორი დაესწრო, აქო და ადიდა თუმანიშვილი, სულ რიტმების და ტემპების კომპოზიტორი ეძახა, რეჟისორს ეჭვი აღარ ეპარებოდა გამარჯვებაში, მაგრამ უკვე ეჭვი ეპარებოდა აკაკი ხორავას…  ხორავა რეპეტიციებზე „დაძაბულად თამაშობდა, გაუთავებლად ნერვიულობდა, არ მენოდობოდა…“ – გაიხსენებს თუმანიშვილი.

თუმანიშვილს ეჭვი მაინც არ ეპარებოდა, გაბედულად მიიწევდა წინ, მაგრამ დაიწყო პრემიერა და ზუსტად ხუთ წუთში მიხვდა რომ… ყველაფერი წყალში ჩაიყარა, სპექტაკლი ჩავარდა… როლი ჩაუვარდა ხორავასაც… სპექტაკლი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. მერე, მოსკოვში, ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის დეკადაზე წასაღებად, თუმანიშვილმა სპექტაკლი გადააკეთა, ხორავას ნაცვლად ეროსი მანჯგალაძე შეიყვანა, მაგრამ ვერც გადაკეთებამ უშველა საქმეს, ვერც ეროსი მანჯგალაძის შეყვანამ…

სესილია თაყაიშვილის ჩავარდნილი ივდითი

დღეს ვინმეს ძნელად თუ წარმოუდგენია რომ დიდ სესილია თაყაიშვილსაც ჰქონდა ჩავარდნები… არადა, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია რომ იგი სპექტაკლზე მუშაობისას გაუტავებლად წუწუნებდა, წუწუნებდა დრამატურგებზე (არც თუ უსაფუძვლოდ – სუსტი პიესების გამო), წუწუნებდა რეჟისორებზე, ხშირად პარტნიორებზე, მაგრამ უმეტესწილად მაყურებლის წინ გასულს – საწუწუნო არაფერი ჰოქნდა. თუმცა, თეატრის ისტორიამ შემოინახა მისი მარცხი და მისი გულწრფელი აღიარება ამ მარცხის შესახებ.

ახალგაზრდა სესილია თაყაიშვილი ჯერ კიდევ მაშინ შეიყვანეს  „ურიელ აკოსტაში“ ივდითის როლზე დუბლად, როცა სცენაზე ვერიკო ანჯაფარიძე იდგა. გარკვეული წარმატებების მიუხედავად სესილიას ივდითი ვერ იქცა სპექტაკლის ნაწილად. სესილია ვერ ჰგუობდა უჩვეულო ფორმის სავარძელს, არანაკლებ უჩვეულო კოსტიუმს, საერთოდ გარემოს. იგი ეთაყვანებოდა ვერიკოს ივდითს, თვითონ კი ვერ იქცა ივდითად. იმდენად მწარე იყო მისთვის ეს მარცხი, რომ სიკვდილის წინ მიცემულ ინტერვიუში, ცხოვრების ყველაზე უბედურ დღედ, „ურიელში“ თამაშის დღე დაასახელა…

ეროსი მანჯგალაძის ჩავარდნილი ყვარყვარე

ეროსი მანჯგალაძემ თეატრის ისტორიაში ჯერ კიდევ სტუდენტმა, 20 წლის ბიჭმა გაინაღდა ადგილი ინსტიტუტში, ტოვსტონოგოვის მიერ დადგმულ გორკის „მდაბიონში“ ნათამაშევი ტეტერევით, მაგრამ მივიდა რუსთაველის თეატრში და… ჩავარდნას ჩავარდნა ენაცვლებოდა. მარცხს მარცხი. დამნასავე? რეპერტუარი. აძლევდნენ უღიმღამო როლებს, შეჰყავდათ უკვე დადგმულ სპექტკლებში. მისი პერსონაჟები უფერული ადამიანები იყვნენ. არათუ სრულყოფილად, მინიშნებითაც არ გამოვლენილა მისი ნიჭიერება. ასე გრძელდებოდა მთელი ოთხი წელიწადი, მერე იყო დაუვიწყარი „პეპო“, „ადამიანებო იყავით ფხიზლად“ და ისევ ჩავარდნები – 2 წელიწადში 8 როლი ითამაშა, მხოლოდ ნაწილობრივ თუ ახერხებდა ნიჭის გამოვლენას, ასე იყო მანამ სანამ თუმანიშვილმა არ დააკავა „ესპანელ მღვდელში“, სადაც ვულკანურად იფეთქა მისმა კომედიურმა ნიჭმა, მერე იყო ახალი ვულკანი – ამჯერად ტრაგიკული ნიჭის – ოიდიპოსი…

ჩავარდნა მერეც ჰქონდა, არადა, წესით არ უნდა ჩავარდნოდა…კომედიების დიდოსტატმა დოდო ალექსიძემ „ყვარყვარე თუთაბერი“ დადგა, ყვარყვარე ეროსი მანჯგალაძე იყო. რეჟისორიც ფოიერვერკული კაცი იყო, არტისტიც, მაგრამ მათმა ფოიერვერკმა ვერ გაისროლა – „ჩაიჩუილა“…

„ეროსის ჰქონდა მახვილგონივრული ადგილები, იყო საინტერესო სცენები, მაგრამ სპექტაკლმა კვალი ვერ დატოვა. წარმოდგენას არ ჰქონდა კონცეპტუალური გადაწყვეტა, ახალს არაფერს ამბობდა, სათქმელი არ იყო გამოკვეთილი, ნათელი…“ – დაწერს ეროსის მეგობარი, თეატრმცოდნე ვასილ კიკნაძე…

ჩავარდნილი ჰამლეტი და ჩავარდნილი

კლავდიუსი

დოდო ალექსიძემ ჩავარდნილი „ყვარყვარეს“ შემდეგ შექსპირის „ჰამლეტს“ მოჰკიდა ხელი. არტისტები ამჯერადაც შესანიშნავი ჰყავდა: ჰამლეტი – გოგი გეგეჭკორი, (დუბლი ნოდარ ჩხეიძე), გერტრუდა – ნინო ლაფაჩი, კლავდიუსი – სერგო ზაქარიაძე… წესით დანიის გაუხარელ პრინცს სცენაზე გაინც უნდა გაეხარა, მაგრამ… ჩავარდა…


ჩავარდნამდე, სერგო ზაქარიაძე პატიოსნად ითხოვდა – გამათავისუფლეთ კლავდიუსის როლიდანო… როლს ვერ ვგრძნობ და არ გამომივაო… მაშინ ზაქარიაძეს კინოში იღებდნენ და არ გაათავისუფლეს როლიდან, კინოს გამო მიზეზობს, როლიდან „დათესვა“ უნდაო… „როგორც ჩანს ზაქარიაძე მართალი იყო. ბევრი ეცადა, სხვადასხვა ვარიაციები შექმნა კლავდიუსისა, მაგრამ არაფერი არ გამოუვიდა. ვერც გოგი გეგეჭკორის და ნოდარ ჩხეიძის გულწრფელმა და ოსტატურმა შესრულებამ უშველა სპექტაკლს. წარმოდგენას არ ჰქონდა კონცეფცია, გადაწყვეტა, არ იყო კონკრეტულად გარკვეული, რისი თქმა უნდოდა რეჯისორს“ – დაწერს ვასილ კიკნაძე.

სერგო ზაქარიაძის ჩავარდნილი ლირი

1966 წელს, ჟურნალ „ტეატრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მიხეილ თუმანიშვილი ამბობდა, როცა თეატრში ასეთი დიდი მსახიობი გვყვას, როგორიც სერგო ზაქარიაძეა, რომელსაც ასე სწყურია ლირის თამაში, ცოდვაა რომ ეს ტრაგედია არ დავდგათო.

დადგა კიდეც, მაგრამ მთელ საბჭოეთში უკვე ლეგენდად ქცეული ჯარისკაცის მამა… დამარცხდა, დამარცხდა რეჟისორიც. თუმანიშვილის „მეფე ლირი“ შექსპირის გათანამედროვების პირველი ცდა იყო. სპექტაკლის შემდეგ კრიტიკოსთა აზრი მკვთრად გაიყო – ნაწილი ხელაღებით ლანძღავდა და უარყოფდა, ნაწილი – გააფთრებით იცავდა. თუმანიშვილმა და ზაქარიაძემ ლირი გაადამიანურეს, ცხოვრებასთან დაახლოვეს. ლირის სამეფო ტახტი ხავსმოკიდებულ ქვას წარმოადგენდა, რომელზეც ცხოველის ტყავი იყო გადაფარებული. ასეთ გარემოში შეუძლებელიც იყო პომპეზური, ლირი–ღმერთის თამაში. სერგო ზაქარიაძეს ათლეტურ სხეულზე თხის ტყავი ჰქონდა მოსხმული, ბეწვის ქვეშ ლურჯი ხამის ტილოს ხალათი ეცვა, შარვალი ბეწვის პაჭიჭებში ჰქონდა ჩატანებული, როგორც ნოდარ გურაბანიძე იტყვის ჩაცმულობით სვანსა და ხევსურს უფრო ჰგავდა – ვიდრე კელტს. მეტიც, სუფრასთან ქართულ სიმღერასაც წამოიწყებდა… ზაქარიაძეს და თუმანიშვილს უნდოდათ მაყურებელს ახლობლად ეგრძნო ლირი, მოხდა კი პირიქით… ნოდარ გურაბანიძის შენიშვნით, ზაქარიძის ლირი სტალინის ასოციაციასაც იწვევდა – სტალინსაც ხომ უყვარდა შარვლის ჩექმებში ჩატანება თუ ქართული სიმღერის წამოწყება სუფრაზე…

მოსკოვის სამხატვრო თეატრის „ლიტნაწილის“ პ. მარკოვის აზრით, ზაქარიაძის ლირის სახეეს აკლდა მთლიანობა, დაქუცმაცებული იყო ბრწყინვალე ადგილებით.

„მაინცდამაინც არც ლირის „გაქართველების“ იდეა გამოდგა დამაჯერებელი… სახის განვითარების ლოგიკა ზოგჯერ მოიკოჭლებდა, რაც მოსაწყენს ხდიდა  ზოგიერთ ეპიზოდს… ზოგჯერ ს. ზაქარიაძის თამაშს ერთგვარი ნაძალადეობა, ხელოვნურობა ეტყობოდა. მსახიობი ყველაფრის გამართლებას ცდილობდა და, თითქოს, როგორც ამბობენ ხოლმე: „ტვინს იჭყლეტდა“… (ნოდარ გურაბანიძე).

თუმანიშვილმა მოგვიანებით აღიარა რომ ვერ დაიჭირა გმირის ნამდვილობის ნათელი შეგრძნება ზაქარიაძის ლირში… თავად სერგო ზაქარიაძე პრემიერის დღეებში კმაყოფილი იყო საკუთარი თამაშით, მერე ნელ–ნელა უკმარობის გრძნობა შეეპარა, ბოლოს სულ გაუტყდა გული, რაშიც მაყურებლის ნაკლებმა ინტერესმაც იმოქმედა…

ოთარ მეღვინეთხუცესის ჩავარდნილი როლები

ლირი და ჰამლეტი ჩაუვარდა ოთარ მეღვინეთხუცესსაც. ოთარ მეღვინეთუხუცესი სწორედ იმ არტისტთა კატეგორიას განეკუთვნება, ვისაც შეუძლია საკუთარი წარუმატებლობის აღიარება. შორეულ ახალგაზრდობაში ლილი იოსელიანის დადგმულ სპექტაკლში „ფსკერზე“ სატინი ითამაშა. მოეწონათ. თავად დაეჭვებული იყო. უკმაყოფილო. იცოდა რამდენი რამის გაკეთება შეეძლო და ვერ გააკეთა. რპმ ულოცავდნენ, ეგონა სხვებიც ხვდებოდნენ და შემწყნარებლობის გამო ულოცავდნენ. არ ღებულობა ამიტომაც მილოცვებს. ის კი არა, ვასო გოძიაშვილიც კი გაუბრუნებია უკან. გაცეცხლებულა ვასო გოძიაშვილი „ვინ არის ეს ვირი, მილოცვა რომ არ უნდაო“…

გავა დრო და საკუთარი თავით უკმაყოფილო დარჩება „დიდოსტატის მარჯვენაში“ განსახიერებული მეფე გიორგითაც. რუსთავის თეატრში ნათამაშები ჰამლეტითაც, მარჯანიშვილის თეატრში ნათამაშები მეფე ლირითაც… არადა, უნდოდა ჰამლეტის და მეფე ლირის თამაში. ითამაშა კიდეც, მაგრამ ამ სპექტაკლებმა ვერ გაიჟღერა… ჰამლეტისთვის ჯერ კიდევ მარჯანიშვილში ემზადებოდა – ლილი იოსელიანი და გიგა ლორთქიფანიძე დგამდნენ, მაგრამ შეაწყვეტინეს. ლილი იოსელიანმა შემდეგ რუსთავში დადგა ჰამლეტი. მაგრამ სულ ექვსჯერ ითამაშეს…

„რატომ არ გამოვიდა ჰამლეტი? უმთავრესი მიზეზი ალბათ ის იყო რომ ჩვენ უკვე ვიცოდით, ნაწილი, ისევ უკან მარჯანიშვილის თეატრში უნდა დავბრუნებულიყავით. ბევრმა ჩემმა მეგობარმა უარი თქვა სპექტაკლში მონაწილეობაზე. ვინც უარი არ თქვა, რეპეტიციებზე არ დადიოდნენ. ქალაქის ხელმძღვანელობის მხარდაჭრით წაქეზებული თეატრის დირექტორ-განმკარგულებელი ერთხელ შუა რეპეტიციის დროს შემოვიდა და გამოაცხადა _ მეღვინეთუხუცესის გარდა ამ პიესის დადგმა არავის უნდა, სპექტაკლი კი ნახევარი მილიონი ჯდებაო. მე თავი ვერ შევიკავე და შენი და შენი გამომგზავნელის დედამეთქი! უწყვეტი რეპეტიციაც მოულოდნელად დაგვინიშნეს. ასეთ ატმოსფეროში რა უნდა გამოსულიყო?“ – კითხულობს ოთარ მეღვინეთუხუცესი.

„ჰამლეტზე“ საბოლოოდ უარი თქვა სამხატვრო საბჭომ. მეღვინეუხუცესი რუსთავის თეატრიდან წამოვიდა და მარჯანიშვილში გააგრძელა მოღვაწეობა…

ლეილა აბაშიძის მარცხი თეატრში

ქართული თეატრის ისტორიას გაკვრით ახსოვს ცრუ–პათეტიკური სპექტაკლი „ამირანი“…  ეს სპექტაკლი სხვა ასეთი უღიმღამო, გაფუყული სპექტაკლებისგან ალბათ არაფრით გამორჩეული არ იქნებოდა, რომ არა ერთი დეტალი – ამ სპექტაკლში თამაშობდა იმხანად უკვე სახელგავარდნილი კინოვარსკვლავი ლეილა აბაშიძე… სპექტაკლი 1963 წელს დადგა დოდო ალექსიძემ.

თეატრში როლის ჩავარდნამ თეატრზე საერთოდ აუცრუა გული ლეილა აბაშიძეს. არადა, თეატრალურ ინსტიტუტში სწავლისას  ლეილა აბაშიძემ გურამ საღარაძესთან ერთად  წარმატებულად ითამაშა თუმანიშვილის დადგმულ ტურგენევის პიესაში „ერთი თვე სოფლად“. „ერთი თვე სოფლად“ გულისშემძვრელი პოეტურობითა და სევდით გამოირჩეოდა, ყველაფერი სიწრფელითა და უშუალობით იყო აღბეჭდილი. ლეილა აბაშიძე შემდეგ არსად მინახავს უფრო ლაღი, ორიგინალური, რაღაც მოუხელთებელი სიწმინდით სავსე…“ – წერს ნოდარ გურაბანიძე.

ლელა ალიბეგაშვილის ჩავარდნილი სარძლო

19 წლის იყო ლელა ალიბეგაშვილი ფარაჯანოვმა თავის შედევრალურ „სურამის ცეხეში“ რომ გაიდაიღო ვარდოს როლში და თავის მუზად გამოაცხადა. თეატრალური ინსტიტიტის დამთავრების შემდეგ რუსთაველის თეატრში დაიწყო მოღვაწეობა. მალე შესანიშნავი როლიც მიიღო შესანიშნავ პიესაში – სარძლო ლორკას “სისხლიან ქორწილში”. საბოლოდ კი მიიღო – ლანძღვა კრიტიკოსისგან…

„მე თვითონ საშინლად უკმაყოფილო ვიყავი ამ სპექტაკლით. არ შეიძლება ორი რეჟისორი დგამდეს სპექტაკლს, მით უფრო ლორკას. თან ისე მოხდა რომ რობერტ სტურუა თბილისში არ იყო და მე აღმოვჩნდი მათი ექსპერიმენტის შედეგი. არადა მე ვიყავი დამწყები მსახიობი და ჩემთვის ეს იყო საუკეთესო როლი… იმდენად განვიცადე ეს გაუგებარი რეპეტიციები და ეს მარცხი რომ ბანკეტზეც არ წავედი. ეს იყო საშინელება. ათასჯერ მეტის გაკეთება შემეძლო… ჩემი თაობის ერთმა თეატრმოდნემ საშინლად გამლანძღა, განამადგურა, მომთხარა. დავხიე და გადავაგდე ის რეცენზია. თფუ… არაფრის გამკეთებელო, რას ქმნი თვითონ, რომ მაკრიტიკებ, შენ რა იცი მე რა დღე გამოვიარე? მერე სხვა სპექტაკლზე მოვიდა და მე შენზე ასე დავწერეო, წადი… არაუშავს. ის არავინაა დღეს, მე…“ – ამბობს ლელა ალიბეგაშვილი

დაიბეჭდა “პრაიმტაიმში”



სკანდალური არტისტები

რეზო შატაკიშვილი

სკანდალი თეატრის თანამდევია, მეტიც თეატრი არც არსებობს სკანდალების გარეშე. თეატრში უსკანდალოდ ვერც ძლებენ.

ჯერ კიდევ ტოვსტონოგოვი ამბობდა, სკანდალი სკანდალის შემდეგ და სკანდალი სკანდალამდე… ეს სცენაზე.

სკნადალებია სცენის მიღმაც. თეატრსა თუ თეატრს გარეთ – სადაც კი არტისტები არიან. „რა არის სულ კონფლიქტებში ხართ, არ მოგბეზრდათ“? – უკითხავს ვერიკო ანჯაფარიძისთვის ვასილ კიკნაძეს.

„მსახიობს თეატრი მობერზრდება? თეატრი კონფლიქტია, სადაც კონფლიქტი არ არის, იქ არც თეატრია“ – იყო ვერიკოს პასუხი.

ვერიკო ანჯაფარიძე

ვერიკო ანჯაფარიძე – მუდამ სკანდალური, მუდამ სკანდალებში…

ვერიკო ანჯაფარიძის ხელმოწერა ამშვენებს „დურუჯის“ სკანდალურ მანიფესტს. თუმცა შემდეგ სწორედ მისგან დაიწყო „დურუჯის“ დაშლა…

სკანდალით დაიწყო ვერიკო ანჯაფარიძისა და კოტე მარჯანიშვილის ურთიერთობა. საქართველოში დაბრუნებული ვერიკო ანჯაფარიძე მარჯანიშვილთან მიდის და სვამს კითხვას: „მიმიღებთ უკან?“

მარჯანიშვილი ეტყვის რომ მასზე ზღაპრებს ჰყვებიან, რომ ვალდებულია დააბრუნოს. ვერიკო იგრძნობს რა ირონიას მიახლის პირში: „თქვენს შესახებაც ჰყვებიან“! მარჯანიშვილი დაინტრიგდება – „რას ჰყვებიან?“

ვერიკო მიახლის – რომ თქვენ დიდქტატორი ხართ, თრგუნავთ მსახიობს!

მარჯანიშვილი განრისხდება – „გაეთრიეთ აქედან“!

სკანდალით დასრულდება ვერიკო ანჯაფარიძისა და სანდრო ახმეტელის ურთიერთობაც. ახმეტელი „ლატავრას“ დგამს. გაივლიან „ლატავრას“ მეორე აქტს. ვერიკო კორიდორში გავა. ახმეტელი მესამე აქტს იწყებს, ვერიკო არ ჩანს. ეძებენ, ელიან. როგორც იქნა გამოჩნდება, ახმეტელი იყვირებს – „ჩქარა, ჩქარა!“ ვერიკო მიუტრიალდება – რა გაყვირებს? შეჰყვებიან, არც ერთი არ თმობს, ახმეტელი დაატოვებინებს რეპეტიციას. მერე მათ „შეარიგებენ“, ვერიკო ითამაშებს კიდეც ლატავრას, მაგრამ მას ვეღარავინ იხილავს ახმეტელის შემდეგ დადგემბში. ვერიკო მარჯანიშვილის რუსთაველის თეატრიდან წასვლამდე დასტოვებს რუსთაველის თეატრს. ვერიკო ახმეტელის სიკვდილის შემდეგაც გააგრძელებს ახმეტელის წინააღდეგ ბრძოლას…

ლეილა აბაშიძე


ლეილა აბაშიძე სკანდალურად პოპულარული იყო, მის ფოტოებს ნახავდით ყველგან – „ცეკაშიც“ და „საპოჟნიკებთანაც“. ამ პოპულარობას მის წარმატებულ როლებთან და ნიჭთან ერთად, ხელს უწყობდა მისი ბობოქარი და სკანდალური პირადი ცხოვრებაც. მუდამ მამაკაცთან ყურადღების ცენტრში იყო, ვიღა არ სთხოვდა ცოლობას ჩვენებული რეზო ჩხეიძე თუ ეგვიპტელი და მექსიკელი მულტიმილიონერები… მოსკოვის მეცხრე საერთაშორისო კინოფესტივალზე ლეილა აბაშიძე ჩალმამოხვეული გამოცხადდა, მისით ისე მოიხიბლულა ეგვიპტელი მულტიმილიონერი რომ კინოსტუდიის გახსნა შესთავაზა, სანაცვლოდ ლეილას მისი სარეცელი უნდა გაეზიარებინა იმ ეგვიპტელის ორ ცოლთან ერთად. თავის მილიონებს ლეილას მექსიკელი  მსახიობი და რეჟისორი, სიმპატიური (თუმც კი 70-ს მიტანებული) ემილიო ფერნანდესიც სთავაზობდა… თბილისში დღემდე ახსოვთ მისი სკანდალური რომანი მსახიობ გოჩა აბაშიძესთან. გოჩა აბაშიძესთან, რომელმაც ტრაგიკულად – თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ბევრი, მის თვითმკვლელობაში ლეილა აბაშიძესაც ადანაშაულებს.

გოჩა აბაშიძე

ალბათ ყველაზე სკანდალურ არტისტად მაინც გოჩა აბაშიძე უნდა ჩაითვალოს.

სწორედ მან დაასრულა სიცოცხლე ყველაზე სკანდალურად – თავი მოიკლა.

როგორც უკვე ვთვქით, მაშინ მის სიკვდილში ლეილა აბაშიძეს ადანაშაულებდნენ. მაგრამ ამ ბურუსით მოცულ ისტორიას ფარდა წლების შემდეგ გოჩა აბაშიძის მეუღლემ – კოპოზიტორმა ნუნუ გაბუნიამ ახადა. ნუნუ გაბუნია არ უარყოფს რომ იმ პერიოდისთვის გაცილებული იყო გოჩა აბაშიძესთან სწორედ ამ გახმაურებული რომანის გამო, მაგრამ ნუნუ გაბუნია გოჩა აბაშიძის სიკვდილში არ ადანაშაულებს ლეილა აბაშიძეს.

ნუნუ გაბუნიას თქმით, არსებობდა მრავალი მიზეზი, რომელიც მის ცხოვრებას ამუქებდა და ეს ნაბიჯი გადაადგმევინა.

გოჩას მამა გარდაეცვალა, დედამისს სხვა ოჯახი ჰქონდა. გოჩამ თავისი პობედაგაყიდა, ვინც იყიდა, ფული გადაუხადა, მაგრამ ვერ გადაიფორმა და უკან დაუბრუნა და ფული მოსთხიოვა. ფული ოჯახს უკვე დახარჯული ჰქონდა, მოვალე ყოველდღე აწუხებდა, დილიდან ურეკავდა, უკაკუნებდა, სადარბაზოსთან ელოდებოდა, სახლში ვერ შედიოდა და აივნიდან გადადიოდა. თეთრ ქარავანშიავარი როლი უნდა ეთამაშა, კინოსტუდიაში ავანსის ასაღებად მივიდა, სთხოვა ელდარ შენგელაიას ავანსი, მან უთხრა რომ მოხსნილი იყო როლიდან… გაცეცხლებული შევიდა დირეტორთან, კობახიძესთან, მდივანმა გაიგონა კობახიძის სიტყვები შავგულიძე მოვდა, თან არავინ გადაყოლია, შენ ვინ გადაგყვებაო. გამოვარდა გარეთ, ამ დროს მისაღებში ისხდნენ ლეილა აბაშიძე და დევი აბაშიძე, დევიმ ლეილას სთხვა, გაჰყევი ამ ბიჭს თავს არაფერი აუტეხოსო. ლეილა აედევნა გოჩას. გოჩაჯდა მანქანაში და გავრდა, დალია საწამლავი და მიაკითხა ლეილამაც… გოჩა ხელებში ჩააკვდა და ეს რომ დაინახეს ყველაფერი ლეილას დააბრალეს.. (ნუნუ გაბუნია).

ოთარ მეღვინეთუხუცესი

ის ხან მშვიდია და ხანაც მძვინვარე, შეუძლია დედა აგინოს თეატრის დირექტორ-განმკარგულებელს, როგორც ეს რუსთავში მოხდა, „ჰამლეტის“ დადგმისას, შეუძლია ტრიბუნიდან ლანძღვის ნიაღვარი მიუშვას კრიტიკოსზე, როგიორც ეს მოხდა დათო ბუხრიკიძის შემთხვევაში როცა მან მეფე ლირი– მეღვინეთხუცესი გააკრიტიკა. შეუძლია ზღვაში ჩასახრჩობად გაიმეტოს რუსი, როგორც ეს მოხდა ბიჭვინათაში, აფხაზეთის დაკარგვამდე, როცა ერთ რუს დამსვენებელს ცესფერთვალება მეღვინეთხუცესი რუსი ეგონა და „ძმაკაცურად“ გაუმხილა, რა კარგი იქნებოდა აქურობა, ეს ქართველები რომ მოისპობოდნენ აქედანო. მეღვინეთუხუცესმა იმ რუსს ზღვაში უკრა თავი, ძლივს გამოგლიჯეს ხელიდან… მისი სკანდალების აქტივში იტალიური სკანდალიცაა. მარჯანიშვილის თეატრი პირველად გავიდა საგასტროლოდ, წავიდა იტალიაში, მაგრამ გასტროლი მიზეზთა გამო წარუმატებელი იყო. მილანში, გამომგზავრების წინ, სასტუმროს წინ ჩასხდომამდე, გიგა ლორთქიფანიძე და ოთარ მეღვინეთუხუცესი წყნარად, ინტელიგენტურად არკვევდნენ მარცხის მიზეზებს, მაგრამ უცებ იფეთქა ვულკანმა… გავარვარებული ლავასავით წამოვიდა ურთიერთბრალდებების, საყვედურების, დაყვედრების, ლანძღვის ნიაღვარი… თავზარი დამცა ამ ჩხუბმა და ლამის ერთმანეთზე გაწევგამოწევამ – გაიხსენებს ნოდარ გურაბანიძე…

ელენე ყიფშიძე


ელენე ყიფშიძიე თავის სკანდალებით, ბოჰემური ცხოვრებით და რაღა თქმა უნდა ელვარე ნიჭის წყალობით, მუდამ ყურადღების ცენტრში იყო.

მან გადადგა თამამი ნაბიჭი – უმამოდ გააჩინა შვილი. მის გზიდან ჩამოშორებას და თეატრიდან გაძევებასაც ლამობდნენ, ისევდ და ისევ ბოჰემური ცხოვრების გამო, ვითომცდა „საბჭოთა მოქალაქისთვის შეუფერებელი საქციელების“ გამო…

ის იყო ფეთქებადი სცენაზეც და ცხოვრებაშიც. მას შემდეგ რაც ელენე ყიფშიძემ წარმატებით ითამაშა მაია წყნეთელი თეატრში და ფილმის გადაღებაც დაიწყეს, რეზო ჩხეიძე მას პირდებოდა მაია წყნეთელის როლში გადაღებას. არადა, სხვა ხმები დადიოდა… ელენე ყიფშიძე სთხოვდა ჩხეიძეს, ნუ დამიმალავ თუ მე არ გადამიღებო. რეჟისორი ეუბნებოდა შენ გიღებო. ლენას კი უთხრეს რომ მაია წყნეთელის როლზე უკვე ლეილა აბაშიძე იყო დამტკიცებული, ყიფშიძე ისევ მივიდა რეზო ჩხეიძესთან, ისევ ჰკითხა, ისევ პასუხი – შენ გიღებ. ელენე ყიფშიძემ შვილი დააფიცა. რეჟისორმა დაიფიცა. ელენემ აიღო და წყვიტა სახეში…

ზურაბ ყიფშიძე

ზურა ყიფშიძე დაბადებიდან სკანდალური იყო. დაბადებისთანავე დაიბადა მითი რომ ეროსის ბიჭი იყო. ბავშვობაც იმდენად ჰქონდა სკანდალებით და აყალმაყალით გაჯერებული, რომ დეიდებმა ავლიპ ზურაბაშვილთანაც წაიყვანეს – გიჟიაო. რომ წამოიზარდა მერეც საკმაოდ სკანდალური იყო. იმდენად რომ ელენე ყიფშიძესაც აბნევდა თავისი ექსტრავაგანტულობით. იყო ქუჩის ბიჭი და უცებ გახდა ჰიპი – მოშვებული თმა, ჯინჯილები, ბეჭდები, გაქუცული ჟინსები, შეშინებულმა ლენა ყიფშიძემ მილიცია დააყენა თავზე, ჩემი შვილი სექტანტი გახდაო. მერე ზურა უცებ ელეგანტურ მანეკენეად მოევლინა თბილისს. მთელ საბჭოეთში თუ არა, საქართველოში იგი ნამდვილად პირველი მოდელი მამაკაცი იყო. მერე ჩხუბში მოჰყვა, უფრო სწორად მისი ფეხი მოჰყვა ფანჯარაში – აქილევსის მყესი გადაეჭრა და წელიწადნახევარი სახლში იწვა…

თეატრალური ინსტიტუტიდან ორჯერ გააგდეს ბობოქარი ცხოვრების გამო. რექტორმა თავაძემ ელენე ყიფშიძეს შეურაცხყოფა მიაყენა, აქ რა უნდა, წაგიყვანოს სოფელში და თოხი გარაკუნებინოსო. 17 წლის ზურას ცრემლები წასკდა, დაავლო ხელი სამელნეს და შიგ თავში სთხლიშა რექტორს. გააგდეს. ისევ ჩააბარა. ისევ გააგდეს – გაცდენების გამო – უკვე „როცა აყვავდა ნუშში“ იღებდნენ. მერე მოსკოვში რომ წავიდა და „გიკში“ ჩაირიცხა, იქაც არ ასვენებდნენ საქართველოდან – მანდ რა უნდა, ჯარში უნდა იყოსო. დეიდები დატრიალდნენ, ის გაყვითლებული ცნობა ააფრიალეს, ბალღობაში ავლიპ ზურაბიშვილთან რომ ჰყავდათ და ზურა ჯარს გადარჩა, მაგრამ საგიჟეთში გამოკვლევებზე დააწვინეს…

ზურა ყიფშიძეს სკანდალები არც შემდეგ აკლდა და არც თავად ერიდება რაიმე სკანდალურის თქმას, როდესაც საამისო განწყობა აქვს. მას შეუძლია თამამად და სკნადალურად მიახალოს ყველას სათქმელი.

ვასო გოძიაშვილი


ვასო გოძიაშვილი მუდამ სკანდალებში იყო გახვეული. სკანდალის აპოთეოზი იყო მაშინ როცა იგი მარჯანიშვილის თეატრში დაუპირისპირდა გიგა ლორთქიფიანიძეს და საერთოდ ახალგაზრდებს. „თქვენ გენიალური მსახიობი ხართ, ხვალ რომ პიესა დავდგა, მაინც თქვენ დაგაკავებთ, მაგრამ თქვენი ჭკუით ჩემმა მტერმა იარა, თქვენ ისეთი მსახიობი ხართ, მედეა ჯაფარიძე რომ ჭრიჭინას თამაშობს, ისიც თქვენ გინდათ ითამაშოთ“ – მიახალა გიგა ლორთქიფანიძემ. ვასო გოძიაშვილს იმჟამად როლი კი არა თეატრის დირექტორობა უნდოდა. იმ სხდომაზე კი ერთმანეთს სკანდალურად დაუპირისპირდნენ ყოფილი ცოლ-ქმარი – ვასო გოძიაშვილი და სესილია თაყაიშვილი. სესილია თაყაიშვილი მხარს ახალგაზრდებს უჭერდა. საქმე იქამდე მივიდა რომ სესილიამ და ვასომ თავიანთი ოჯახური ამბების წაძახება დაიწყეს სხდომაზე…

იზა გიგოშვილი

ქართული თეატრის მარადიული გრუშე – იზა გიგოშვილი მუდამ სკანდალური პერსონა იყო, თავისი არტისტული გაქანებითაც, არაორდინალური ქმედებებითაც, პირადი ცხოვრებითაც. მასზე ლაპარაკი უყვარდათ სკანდალის მოყვარულებსაც და არც თავად სძულდა სკანდალები. როდესაც თეატრის ერთ-ერთმა მსახიობმა ქალმა კრებაზე კენჭი იზას პირადში სტყორცნა და უთხრა, რა, არის სულ შენზე უნდა ლაპარაკობდნენო? იზა ლაღად გაეპასუხა – აბა შენზე ვინ ილაპარაკებსო… სკანდალები ახლდა მის პირად ცხოვრებას, სკანდალები ახლდა მის პოლიტიკურ პოზიციას – როდესაც ის მხარს ზვიად გამსახურდიას უჭერდა. სკანდალების რეჟიმში აარსებდა იგი სამეფო უბნის თეატრს…

დოდო აბაშიძე

 

დოდო აბაშიძე ჯერ კიდევ ბავშვი იყო, საკნადალი რომ მოაწყო თეატრში –  ახმეტელის „ლამარას“ თამაშობდნენ, ხევსურებმა ხმლები იშიშვლეს და პატარა დოდო წამოხტა და წკრიალა ხმით ისე ისროლა რეპლიკა, რომ მსახიობებმა ხმლები დაუშვეს… სკანდალები არც ქუჩაში აკლდა, „მაგარი ბიჭი“ იყო და გაუთავებლად ჩხუბობდა. არაერთხელ დაიხსნა ხორავამ მილიციის კლანჭებისგან.

დოდო აბაშიძემ რუსთაველის თეატრში მხოლოდ 7 წელი გასძლო და სკანდალურად და ერთობ უჩვეულოდ დასტოვა. დოდო ალექსიძეს მეოთხე ოიდიპოსად უნდოდა ხორავას, ვასაძის და ეროსი მანჯგალაძის შემდეგ, დოდოს არ ეპიტნავა: „რად მინდა მე ოიდიპოსი?“, თან რომ ნახა რომ უზარმაზარი ტექსტი ჰქონდა სასწავლი, დაჰკრა ფეხი და გაიქცა თეატრიდან…

დოდო აბაშიძეს არც პირად ცხოვრებაში აკლდა სკანდალები და სკანდალური რომანები. „დიდი მწვანე ველის“ გადაღებისას მძნივარე რომანი ჰქონდა ლია კაპანაძესთან – თავისი კონფლიქტებით, ბობოქარი წიაღსვლებით…

სანდრო ჟორჟოლიანი

 

სანდრო ჟორჟოლიანი რომ სკანდალური არტისტი იყო, ამაზე თუნდაც ის მეტყველებს რომ მან პირადად მისწერა წერილი პროლეტარიატის ბელადს – ლენინს. ჟორჟოლიანი აქტიუარდ იყო ჩაბმული ახმეტელის წინააღდეგ ბრძოლაში, მხარს მარჯანიშვილს უჭერდა….

პირადი ცხოვრებაც არანაკლებ სკანდალური ჰოქნდა, უყვარდა ახალგაზრდა ქალები, იმდენად რომ ცოლიც კი 23 წლით უმცროსი შეირთო 42 წლის ასაკში…

კოტე მახარაძე


ქართველ მსახიობთა შორის მას ალბათ ვერავინ შეეცილება რომანების რიცხვით. არც ამ რომანების „ხარისხი“ იყო ურიგო, თუ თვალს გადავავლებთ იმ ქალბატონების ვრცელ ჩამონათვალს, ვისთანაც მას მგზნებარე რომანები ჰქონდა. ბევრი მათგან საზოგადოებისთვის ცნობილია, ბევრი მხოლოდ ვიწრო წრისთვის… ის ხშირად აგვაინებდა რეპეტიციაზე, ან ქრებოდა რეპეტიციიდან და მერეღა აღმოაჩენდნენ რომ მასთან ერთად ქრებოდა კიდევ ერთი, რომელიმე არტისტი ქალი… მის პირად ცხოვრებას არც გატაცებები აკლდა და არც სერიოზული გრძნობები – მედეა ჩახავასთან, სოფიკო ჭიაურელთან…

სიცოცხლის ბოლო წლებში ის სხვა სახის სკანდალში გაეხვია – ქეთევან წამებულის შესახებ ინტერვიუში ისაუბრა და უჩივლეს ქეთევან წამებულისთვის შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისთვის…

ოთარ კობერიძე


ოთარ კობერიძე არ გამოირჩეოდა სკანდალურობით და კონფლიქტურობით, მაგრამ ცხოვრებაში მაინც ვერ ასცდა სკანდალებს. იტალიელმა პაპარაცებმა მაშინ გადაუღეს ფოტო როცა ატირებულ ორნელა მუტის იხუტებდა და ამშვიდებდა – როგორც კობერიძე ამბობს, მას ორნელა მუტი შესჩიოდა თუ როგორ არ აძლევდა მეუღლე ბავშვის ნახვის უფლებას და როგორ სძალავდა ფულს. მეორე დღეს კი ტაბლოიდებმა ყდაზე გამოაჭენეს ჩახუტებულები „ორნელა თავის თეთრწვერა სიყვარულთან“…

ეს სკანდალი მეტისმეტად კეთილშობილი იყო, იმ სკანდალისგან განსხვავებით, რომელშიც იგი საბჭოურმა „კაგებემ“ გახვია, საქმე სასამართლომდეც კი მივიდა, ბრალს სდებდნენ…. გოგოებთან საბჭოთა მოქალაქისთვის შეუფერებელი საქციელის ჩადენაში. იყო შეთითხნილი კომპრომატებიც, მაგრამ მას უკან არ დაუხევია….

ლია ელიავა

იყო პრინციპული და მისი ეს პრინციპულობა ხდებოდა უპრინციპო გარემოში სკანდალური. სკანდალურად მიიღო თბილისურმა ელიტამ მისი პოლიტიკური პოზიცია – იგი მხარს ზვიად გამსახურდიას უჭერდა.

დღეს რომ პრიმაკოვს უმღერიან ვართალალოებს და მაშინ ზვიადისტებს „სუნიანებს“ ეძახდნენ, მათ მინდა ვკითხო ერთი რამ – ქალბატონო ნანი, როდის შეგაწუხათ ლია ელიავას სუნმა?

მინდა ვკითხო იმიტომ რომ ქალბატონ ლიას გულს უკლავდა ამგვარი შეფასებები…

ლია ელიავა იყო პირველი ქართველი მსახიობი, რომელიც სიგარეტით ხელში გამოჩნდა ფოტოებზე…

70-იანი წლებში, ლია ელიავას ფოტო ამშვენებდა პოლონურ ჟურნალ „ეკრანის“ საახალწლო ნომრის გარეკანს და ლია ელიავა წლის ულამაზეს ევრპელ მსახიობ ქალად, წლის სახედ იყო დასახელებული…

მარინა კახიანი


მარინა კახიანს ჰქონდა დიდი სკანდალური რომანი. და ეს რომანი ინსტიტუტში დაიწყო – მარინა კახიანს თავისი პედაგოგი, მასზე 20 წლით უფროსი ცოლიანი კაცი შეუყვარდა – გია მატარაძე. უფრო სწორად ერთმანეთი შეუყვარდათ.

ამ ფაქტმა მაშინ დიდი მითქმა-მოთქმა, შოკი გამოიწვია საზოგადოებაში, იყო სკანდალები, ჭორები… მაგრამ შეყვარებული მარინა კახიანი ვაჟკაცურად დადგა, არ დაიხია უკან, დაუპირისპირდა საზოგადოებრივ აზრს და ცოლად გაჰყვა გია მატარაძეს…

გია ფერაძე


გია ფერაძე ერთობ კოლორიტული და სკნადალური პერსონა იყო, თავისი შარმის და იუმორის წყალობით. დღემდე ახსოვთ მისი სკანდალური ხუმრობები, შაყირი პროზად თუ სკრაბეზული ლექსები.

სადაც ერთად ფიგურიებდნენ, თეკლე და სოფი ლორენი: „მიხო გინდა, ლორენი, ეგ რომელი სოფია? მაგი მე არ მომცემს და თეკლა მ…. ჯობია…“.

თეატრში გია ფერაძე ფეხმოტეხილი მისულა – უტუფლოდ, ფეხზე თაბაშირი ედო. ნანული სარაჯიშვილს შეუცხადებია, უი, გია ფეხი მოიტეხე? აბა როდის იყო, რო ნასკით დავდიოდი თეატრში? – უპასუხია გიას.

ეს მხიარული და ლაითი სკანდალები მოგვიანებით მის თავს დამტყდარმა ტრაგიკულმა სკანდალმა გადაფარა სამუდამოდ… ახალგაზრდა ცოლი, მისი ნასროლი ტყვიით მოკვდა…

ნუგზარ შარია


ნუგზარ შარია ნამდვილად სკანდალური არტისტია. მან მოახერხა თავი დაეღწია საბჭოეთისთვის და საზღვარგარეთ წასულიყო საცხოვრებლად. მისი გქცევა ნამდვილად იყო დიდი სკანდალი მთელ საბჭოეთში.

დაიბეჭდა “პრაიმტაიმში”

 

 


 

 


 

 


 

 

თეატრალური წყვილები

რეზო შატაკიშვილი
არაერთ მსახიობს შეჰყვარებია ერთმანეთი როლში. ანდა თუნდაც უბრალოდ თეატრში, მაგრამ ამ “ნიუსს” არასდროს არავინ მიიჩნევდა უბრალო ნიუსად. თუ საზოგადოდ “ქორწინებით დასრულებულ სამსახურებრივ რომანს” – ერთობ პროზაულად ღებულობდა ყველა, ასევე ყველა ინტერესით ენთობოდა, როცა ეს სამსახურებრივი რომანი თეატრში ჩაღდებოდა და იდგამდა გვირგვინს.
მათი გრძნობებიც თითქოს სცენაზე დგანან…
გიამობთ თეატრალურ წყვილებზე, იმ ოჯახებზე რომელიც შექმნეს მსახიობებმა, ან მსახიობმა და რეჟისორმა… ისინი ერთად არიან, თეატრშიც და ცხოვრებაშიც. უფრო სწორად თეატრშიც ერთად ცხოვრობენ და ცხოვრებაშიც. ყოველი მათგანის სიყვარული დაიწყო თეატრში ან თეატრალურ ინსტიტუტში…

მაკო საფაროვა – ვასო აბაშიძე
საქართველოში მსახიობთა ქორწინების ტრადიციას, მაშინვე ჩაეყარა საძირკველი, როგორც კი ილია ჭავჭავაძემ აღადგინა პროფესიული ქართული თეატრი – 1979 წელს. ვასო აბაშიძე დასში მიღებულ მაკო საფაროვას დაცინვით შეხვდა, ბავშვიცი უწოდა. მაკო ხომ მაშინ მხოლოდ 19 წლის იყო… ვასო აბაშიძე 25-ის… ვასო დასცინოდა, მაგრამ მალევე, მაკოს სცენაზე გამოსვლისთანავე, შეხედულება შეიცვალა და მისი ნიჭის თაყვანისმცემლად მოგვევლინა. მალევე ოჯახის შექმნაც შესთავზა, მაკომ იუარა, ხუმრობა ეგონა… ვასომ
ხელი მეორედ გორში გასტროლებისას სთხოვა მაკოს. მაკომ კვლავ ცივი უარი უთავაზა, ვასო მტკვრისკენ წავიდა, მაკოს ელდა ეცა – თავს დაიხრჩობსო, გამოედევნა და… უთხრა რომ ცოლად გაჰყვებოდა. იქორწინეს, მალე ქვეყანას ტასო აბაშიძე მოევლინა. ვასო აბაშიძემ და მაკო საფაროვამ ერთად 47 წელი იცხოვრეს…
ნატო გაბუნია – ავქსენტი ცაგარელი

ქართული თეატრის მეორე პრიმამ – ნატო გაბუნიამ კი ბედი უკვდავ “ხანუმას” ავტორს, დრამატურგსა და მსახიობს ავქსენტი ცაგარელს დაუკავშირა. 25 წლის ცაგარელი უგონოდ იყო შეყვარებული 23 წლის ნატო გაბუნიაზე, სწორედ ნატოსთვის დაწერა “ხანუმა”. მალე დაქორწინდნენ კიდეც, ნატო გაბუნიამ ხანუმა პირველად 23 წლისამ ითამაშა. ამ როლს იგი სიკვდილამდე თამაშობდა…
ვერიკო ანჯაფარიძე – მიხეილ ჭიაურელი

საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნებულმა გიორგი ჯაბადარმა თეატრალური სტუდია დაარსა. რეპეტიცია-მეცადინეობებს საგრეჯოში გადიოდნენ. სტუდიას მალე მოსკოვიდან დაბრუნებული ვერიკო ანჯაფარიძე შეუერთდა. სწორედ იქ ნახა 24 წლის მიხეილ ჭიაურელმა პირველად ვერიკო…
ნახა და შეუყვარდა. “მოდიოდა ქალი დიდი ნაბიჯით. ეცვა აბრეშუმის გრძელი კაბა… არაჩვეულებრივად მაღალი ყელი. ვერ გაიგებდი თვალებით ვის უყურებდა, ოდნავ მოზრდილი ცხვირი, უწესრიგოდ, ფაფარივით გადმოყრილი თმა, ყველას მოგვესალმა და მომეჩვენა რომ რომ განსაკუთრებული ყურდღებით მე შემომხედა. მე მას პირველად ვხედავდი… და ვხედავდი მხოლოდ მას!… ეზოში მწვანეზე ჩამოვსხედით ყველა. მოხდა ისე რომ ვერიკო ჩემთან ახლოს დაჯდა. რა ბედნიერებაა!.. ბედნიერებას განვიცდიდი და არ მესმოდა, რას ნიშნავდა ეს… ჯაბადარმა ახალგაზრდა მსახიობ ქალს სთხოვა რაიმე წაეკითხა. ვერიკომ სასტიკი უარი განაცხადა, სთხოვდნენ ჩვენი მსახიობებიც. “ვთხოვ იქნებ დამიჯეროს” – გავიფიქრე და თითქმის ჩურჩულით ვთქვი: მეც ძალიან გეხვეწებით მეთქი, მან ერთი შემომხედა და დაუყოვნებლივ დაიწყო… რატომ დაიწყო მაინცდამაინც მაშინ, როცა მე ვთხოვე? არ ვიცი… რა ახლოს იყო მისი ხელი დაბლა ხალიჩაზე. ვეღარაფერს ვგრძნობდი… მე ტაში არ დავუკარი, დავიხარე და ხელზე ვაკოცე…” – ასე მოიგონებს მიხეილ ჭიაურელი ვერიკოსთან პირველ შეხვედრას, მათ შორის დიდი გრძნობა გაჩნდება, მაგრამ ვერიკო ცოლად გაჰყვება არა ჭიაურელს, არამედ – 11 წლით უფროს, სახელოვან შალვა ამირეჯიბს, გამოჩენილ პოლიტიკურ მოღვაწეს, ეროვნულ-დემოკრატს, პოეტსა და ჟურანლისტს, ნამდვილ ვაჟკაცს. ჯვრისწერიდან გამოსულ ვერიკოს გული შეუღონდა… მას უკვე მიხეილ ჭიაურელი უყვარდა, მიხეილ ჭიაურელი უკვე ცოლ-შვილიანი იყო იმ დროს… ამბობენ რომ მამამ სთხოვა ვერიკოს სიკვდილის წინ – ცოლად გაჰყოლოდა შალვა ამირეჯიბს. ალბათ ვერიკოც ფიქრობდა რომ სხვისი ცოლი თუ გახდებოდა, უფრო დაიმორჩილებდა საკუთარ გულს… მაგრამ ვერ დაიმორჩილა… ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. მაგრამ ამირეჯიბს ის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე უყვარდა. ემიგრაციაში წასულსასც არ შეურთავს ცოლი… ვერიკო ცოლად გაჰყვა მიხეილ ჭიაურელს…

სესილია თაყაიშვილი – ვასო გოძიაშვილი

სესილია თაყაიშვილმა და ვასო გოძიაშვილმა ერთმანეთი ფაღავას სტუდიაში გაიცნეს.

ისინი ჯერ სცენაზე იყვნენ ცოლ-ქმარი. სტუდიაში, გორგო ფულდის “ვირის ჩრდილში” ვასო გოძიაშვილი მევირეს თამაშობდა, სესილია მის ცოლს. მერე ცხოვრებაშიც მისი ცოლი გახდა, რუსთაველის თეატრშიც ერთად მოღვაწეობდნენ. მერე მარჯანიშვილი თეატრიდან წავიდა, მალე მას ვასო გაჰყვა და სესილიაც მარჯანიშვილთან

წავიდა.



მაგრამ მალე სესილია და ვასო გოძიაშვილი ერთმანეთს დაშორდნენ. სესილიამ მარტო გაზარდა ბიჭი. აღარ გათხოვილა. იმ დიდი სიყვარულის ერთგული დარჩა. თბილისში ფეხს აიდგამს ლეგენდები სესილიას პატიოსნებასა და ზნეობრივ სისპეტაკეზე…
გიორგი შავგულიძე – ლიზა ვაჩნაძე




გიორგი შავგულიძე 23 წლის იყო მსახიობი ლიზა ვაჩნაძე რომ შეუყვარდა. ლიზა ვაჩნაძე “ყვარყვარეში” გულთამზეს თამაშობდა, შავგულიძე – ერასტის და წისქვილის სცენაში, როდესაც უშანგი ჩხეიძე-ყვარყვარე მუხლზე ისვამდა ვაჩნაძე-გულთამზეს, ერასტი-შავგულიძე საშინლად ნერვიულობდა და რეპლიკას არ უცდიდა, ისე ხტებოდა საფარიდან, განზე ისროდა ყვარყვარეს და სცენას აფუჭებდა. იმდენჯერ გააფუჭა სცენა, რომ ბოლოს თვითინ შეყვარებულმა უსაყვედურა, გვაცადე თამაშიო. უსაყვედურა და არათუ ადრე აღარ გადმოხტა შავგულიძე საფარიდან, საერთოდ დააგვიანა, ისე დააგვიანა რომ ბოლოს თვითონ უშანგი ეძახდა – “ჟორჟიკა ბიჭო, გამოდი”.
გადმოხტა შავგულიძე და ყვარყვარე იქით ისროლა, გულთამზე აქეთ…

სპექტაკლის მერე გაბუტული ბავშვივით აუხსნა შავგულიძეს – ამან მთხოვა გვაცალე ალერსიო…  მას მერე კი რაც უშანგი ჩხეიძემ შავგულიძის პორტსიგარში ლიზა ვაჩნაძის ფოტო ნახა, რეპლიკას ადრე ამბობდა…

აღდგენილ “ხატიჯეში” ლიზა ვაჩნაძე ხატიჯეს თამაშობდა, ხატიჯეს დედას – მარჯანიშვილის მეუღლე ელენე დონაური (ვაჩნაძე). მათ ერთნაირი, შავი კაბები ეცვათ და სახეზე შავი ჩადრები ჰქონდათ ჩამოფარებული, მარჯანიშვილის მეუღლე ლიზა ვაჩნაძეზე ადრე მოიკაზმა, ჩავიდა კუისებში და… მას ზურგიდან მოეხვია შავგულიძე. ჯერ მარჯანიშვილის მეუღლე გადაირია, შემდეგ – შავგულიძე როცა ხელში შეყვარებულის ნაცვლად რეჟისორის ცოლი შერჩა… 

მარჯანიშვილმა მეორე დილით წყვილად დაიბარა შავგულიძე და მისი სატრფო. მარჯანიშვილმა აღელვებულ და აწურულ შავგულიძეს თბილად დაუცაცხანა, რაო, ფიქრობ რომ ყველა ვაჩნაძეს უნდა ეხვეოდე? მაცადეთ, დავბრუნდები მოსკოვიდან და თეატრში გრანდიოზულ ქორწილს გადაგიხდით – დაპირდება მარჯანიშვილი შეყვარებულებს, მაგრამ ის მოსკოვიდან ვეღარ დაბრუნდება…

გრანდიოზული ქორწილი ვერ შედგება, მაგრამ გიორგი შავგულიძე და ლიზა ვაჩნაძე იქორწინებენ…

ელენე ყიფშიძე – ეროსი მანჯგალაძე                                                        
ელენე ყიფშიძის პირველი მეუღლე ეროსი მანჯგალაძე იყო, მათ სტუდენტობისას ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ამბობენ რომ შეყვარებულმა ეროსიმ ელენესთან არშიყობისთვის სახელგანთქმულ გიორგი ტოვსტონოგოვსაც კი სცემა… ეროსი და ლენა შემდეგ დაქორწინდნენ, მაგრამ ვერ აეწყო მათი ურთიერთობა. მალე დაშორდნენ. ეროსის აღარ მოუყვანია ცოლი. ამბობდნენ რომ სიკვდილამდე ლენა უყვარდა… დაშორებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ელენე ყიფშიძემ უმამოდ გააჩინა ზურა და ზურასთან ერთად დაიბადა მითიც რომ ზურა ეროსის ბიჭია. ამ მითის თვითონ ზურასაც სჯერა კარგა ხანს. ეს მითი გარდატეხის ასაკში დაემსხვრა ზურას. “მახსოვს სოფელში ვიყავი, ასე წარმადგინეს, გაიცანით, ესაო, ეროსის ბიჭიაო. გავგიჟდი მეთქი ვინ ეროსის ბიჭი ვარ, დავიწყე ყვირილი, ბოლო-ბოლო გამაგებინეთ ვინ ვარ, რა ვარ, ვისი შვილი ვარ…  13-14 წლის ვიყავი, როცა გავიგე ვინ იყო ბოლო-ბოლო მამაჩემი – მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ავთო ვერულეიშვილი…” – იხსენებდა ზურა ყიფშიძე.


სალომე ყანჩელი – გიორგი ტოვსტონოგოვი
გიორგი ტოსვტონოგოვი თავიდან მხოლოდ პედაგოგი იყო სალომე ყანჩელის. შემდეგ თავდავიწყებით შეუყვარდათ ერთმანეთი და ტოვსტონოგოვი სალომეს  ქმარი და ორი ვაჟის მამაც გახდა. მაგრამ… რამოდენიმე წლში დაშორდნენ. სასამართლომ შვილებზე მეურვეობა ტოვსტონოგოვს დააკისრა.

ტოვსტონოგოვი მალე ლენინგრადში გადაიყვანეს და ვაჟებიც თან წაიყვანა… ტოვსტონოგოვს არასოდეს აკლდა ქალები, რომანები, მაგრამ ცოლი, როგორც ასეთი აღარ შეურთავს და სალომე ყანჩელი ინარჩუნებდა ტოვსტონოგოვის ერთადერთი ცოლის ტიტულს…

მედეა ჩახავა – ნოდარ ჩხეიძე – კოტე მახარაძე

მედეა ჩახავას ინსტიტუტში შესვლისთანავე დაადგა თვალი ნოდარ ჩხეიძემ. ნოდარი უფროსი იყო, სამედიცინო ინსტიტუტიდან იყო გადასული. პოეტ გიორგი ქუჩიშვილის ვაჟი, ბობოქარი და ბოჰემური ნოდარი გოგონების ყურდაღებით იყო განებივრებული, მედეასაც მოსწონდა ასეთ ბიჭს რომ მოსწონდა. “შემომანათებდა ხოლმე თვალებს. ძალიან ლამაზი თვალები ჰქონდა… მერე უკვე გამაცილა, გამომაცილა. თქმით არაფერს მეუბნებოდა, მაგრამ ხშირად საქციელი უფრო მეტს ამბობს. მერე, ალბათ, მითხრა კიდეც, ეს დიდი ხნის ამბავია…” – იხსენებდა უკვე მხცოვანი მედეა.

ნოდარ ჩხეიძეს და მედეა ჩახავას ვაჟი შეეძინათ _ თემურ ჩხეიძე…
მერე მათი გზები გაიყო. მედეა კოტე მახარაძის ცოლი გახდა… ქვეყანას მოევლინა მაკა მახარაძე, ივიკო მახარაძე…
გამოხდა ხანი და მათი ცხოვრების გზაც გაიყო. ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. იყო წლები, როცა ერთმანეთს ხმას არ სცემდნენ, მაგრამ დრომ ყველაფერს უწამლა და მათ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ…
სოფიკო ჭიაურელი – გიორგი შენგელაია – კოტე მახარაძე

სოფიკო ჭიაურელი და გიორგი შენგელაია 19 წლისები იყვნენ, მოსკოვის კინოინსტიტუტში სწავლობდნენ როცა დაქორწინდნენ. თუმცა მათი დიდი რომანი აქ, თბილისში დაიწყო. სოფიკოს და გიორგის 5 წელი უყვარდათ ერთმანეთი. ნატო ვაჩნაძის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ, ვერიკო ანჯაფარიძე მზრუნველობდა თავისი მეგობრის უმცროს ვაჟზე…
სოფიკოს და გიორგის შეეძინათ ორი ვაჟი, ცხოვრება მიდიოდა, მაგრამ მერე და მერე მათ ურთიერთობაში გაჩნდა ბზარი. “ჩემს ცხოვრებაში დააკაკუნა მეორე დიდმა სიყვარულმა – კოტე… ცხოვრებაში, მითუმეტეს პირად ცხოვრებაში არ მქომედებს არანაირი კანონები, მე მეწერა რომ ორჯერ მეყვარებოდა…” – ამბობდა სოფიკო. მათ ერთმანეთი სცენაზე შეუყვარდათ. ვერიკო ანჯაფარიძემ “ურიელ აკოსტა” აღადგინა. ივდითს სოფიკო თამაშობდა, ურიელს – კოტე და…
“კოტეს მანადეც ვიცნობდი, ხშირად იკვეთებოდა ჩვენი გზები თეატრში, მაგრამ… “ურიელმა” დაგვღუპა… ყველაფერი სპონტანურად მოხდა, მას ცოლი ჰყვდა, მე – ქმარი… ამ ყველაფერს უფრო კრიმინალური შარავანდედი ადგა, ვიდრე რომანტიკული. ყველა ჩვენს წინააღდეგ იყო, საკუთარი შვილებიც კი… გაგანია რომანი გვქონდა, მაგრამ ბავშვების გამო ვერ ვწყვეტდი ოჯახის დანგრევას. კოტე გიჟდებოდა. მახსოვს ვიყავით პოდმოსკოვიეში, იყო ზამთარი, ღამე და ნამქერი. გამოვედით რესტორნიდან და კოტემ მითხრა, “ან მეტყვის ჰოს, ანარადა თავს მოვიკლავო”. მე ვუთხარი: “კარგად იყავი”. 

ის ავიდა ყველაზე მაღალ ადგილას რაც კი იქ იყო და ბაც, თოვლიან ხრამში ისკუპა. მეც არც დავფიქრებულვარ ისე ვისკუპე, გადავყე ხრამში, სიბნელეში. ცოცხალმკვდრები ძლივს ამოვედით იქიდან…

მერე და მერე, როდესაც ჩვენი ახლობლები დარწმუნდნენ რომ ჩვენი ურთიერთობა ძალიან სერიოზული იყო, ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა. 30 წელი ვიცხოვრეთ მე და კოტემ სიყვარულსა და თანხმობაში…” – იხსენებდა სოფიკო ჭიაურელი.

ბელა მირიანაშვილი – კახი კავსაძე
ბელა მირიანაშვილისთვის კახი კავსაძე პირველი მეუღლე არ იყო, მაგრამ მათი სიყვარული დღემდე საარაკოდაა და ასე დარჩება კიდეც. ძნელად თუ მოახერხებს ვინმე, მოახერხოს ის რაც მოახერხა კახი კავსაძემ – ბედისწერისთვის თვალი გაესწორებინა, ჰყვარებოდა სნეული მეუღლე და მისი ერთგული დარჩენილიყო მისი გარდაცვალების შემდეგაც. სწორედაც რომ ამას ჰქვია ერთგულება კუბოს კარამდის…

პირველად თვალი თეატრალურ ინსტიტუტში მოჰკრა, მაშინვე დაებინდა გონება, მაგრამ თქმა ვერც მაშინ გაუბედა და ვერც შემდეგ კარგა ხანს, სანამ “მასოვკის” მსახიობი იყო… მსახიობი, რომელსაც მიშა თუმანიშვილი თეატრში შემთხვევით მოხვედრილად თვლიდა… მალე კახი კავსაძემ დაამტკიცა რომ ის არ იყო შემთხვევით მოხვედრილი თეატრში და მეტიც – თუმანიშვილის ფავორიტი მსახიობის – ბელა მირიანაშვილის მეუღლე გახდა.
“მახსოვს ერთხელ ვისხედით მე, ბელა, ბატონი მიშა, რობიკო… ბევრნი ვიყავით, ბელამ რაღაც რეპლიკა თქვა, რაზეც ბატონმა მიშამ უპასუხა, “ა, ტი მალჩი დევოჩკა, ი ზნაი, ჩტო ტვაია სუდბა ზავისიტ ოტ მენია”. ბელამ კი არ დააყოვნა “ია ნე დევოჩკა, ია აკტრისა ტეატრა რუსტაველი, ა მაია სუდბა ზავისიტ ოტ ეტოვა ჩელავეკა” და ჩემზე მიუთითა…” სიამაყით გაიხსენებს “პრაიმ თაიმთან” კახი კავსაძე…
იზა გიგოშვილი – მერაბ თავაძე
იზა გიგოშვილი პირველი მეუღლე აკადემიკოსის ვაჟი, კიბერნეტიკოსი არტურ პროკოპჩუკი იყო. იზამ და არტურმა ერთმანეთი მინსკიში გაიცნეს და დაოჯახდნენ. შეეძინა ია. იზამ თბილისში დაბრუნების შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა, მერაბ თავაძე მისი ჯგუფელი იყო. იზას მეუღლესთან ურთიერთობა დაეძაბა, ოჯახი პრაქტიკულად ენგრეოდა. მერაბი გვერდში დაუდგა როგორც მეგობარი, თუმცა ფარულად სხვა გრძნობები ჰქონდა… მერაბ თავაძე მეორე კურსზე იყო ირმა გურიელი რომ შეირთო ცოლად. ორი ვაჟი შეეძინა, ოჯახი ვერც მას აეწყო. ცოლს გაშორდა. იმ პერიოდში იზაც დაშორდა ქმარს. გადაწყვიტეს ერთად ყოფნა, რამაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. აირია ყველაფერი, ურთიერთობები ოჯახებში, ახლობლებში. ყველა წინააღდეგი იყო. ბოლო ბოლო დაქორწინდნენ. შეეძინათ ნიკო თავაძე. ერთად მუშაობდნენ რუსთაველში, ერთად გადავიდნენ მარჯანიშვილის თეატრში. იზა გიგოშვილი მალევე დაბრუნდა რუსთაველში, მერაბ თავაძემ კინოში გადაინაცვლა. შემდეგ ერთად დაარსეს სამეფო უბნის თეატრი…
მარინე თბილელი – აკაკი დვალიშვილი

რუსთაველის თეატრში მიღებულ მარინა დომბროვსკაიას მფარველად აკაკი ვასაძე მოევლინა. მან დაანათლა ფსევდონიმი თბილელი. მალე მარინა აკაკი ვასაძის რძალი გახდა – მსახიობის პირველი მეუღლე აკაკი ვასაძის ვაჟი გოგი ვასაძე იყო. შეეძინათ ბიჭი – აკაკი ვასაძე უმცროსი. მაგრამ მალე დაშორდნენ…
მოგვიანებით მარინა თბილელი ცოლად გაჰყვა რეჟისორსა და კულტურის ცნობილ მოღვაწეს აკაკი დვალიშვილს. შეეძინათ ქალიშვილი – ბაია დვალიშვილი.
მოგვიანებით მსახიობი ანკეტაში ჩაწერს – “30 წელიწადია მე და ჩემი მეუღლე სიამტკბილობით ვუქცევთ ერთმანეთს ღრანჭს”.

ნანა ფაჩუაშვილი – ტრისტან ყველაიძე

რუსთაველის თეატრის მსახიობები ნანა ფაჩუაშვილი და ტრისტან ყველაიძე განგებამ ჯერ კიდევ ინსტიტუტში შეახვედრა, მაგრამ მეორე კურსელი ნანა ცოლად სხვას გაჰყვა… მაგრამ ქორწინება უიღბლო გამოდგა, მეტიც ტრაგიკული – ნანა ფაჩუაშვილი 2 თვის ფეხმძიმე იყო, მისი მეუღლე რომ დაიღუპა…
ნანას ვაჟი შეეძინა. თამაზი 3 წლის იყო ნანა რომ ტრისტან ყველაიძის ცოლი გახდა. იყო კონფლიქტები, პრობლემები, მაგრამ ტრისტან ყველაიძის დაღუპვამდე ისინი ერთად იყვნენ.
“ერთხელ მომართვა მინდვრის ყვავილები. ეს იყო გედის სიმღერასავით – პირველი და უკანასკნელი ყვავილები, რომლებიც მან მომართვა. დეკემბერში, გასტროლებიდან რომ დავმბრუნდი აეროპრტში დამხვდა და ყვავილები მომართვა, იანვარში კი გარდაიცვალა…” (ნანა ფაჩუაშვილი)
ქეთევან კიკნაძე – გიგა ლორთქიფანიძე

ახალგაზრდა რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის აქტივში რომანებიც ბევრი იყო, გატაცებებიც, როდესაც თეატრალურ ინსტიტუტში პირველად ნახა სიფრიფანა ქეთევვან კიკნაძე და გაიფიქრა – ეს გოგო ჩემი ცოლი იქნება. მაშინ 20 წლის ქეთევან კიკნაძე მესამე კურსზე იყო. 32 წლის გიგა – მათი პარალელური ჯგუფის პედაგოგი. ერთმანეთი პირველად კარნავალზე ნახეს, ქეთინო ყველასთან ცეკვავდა, არ იცოდა გიგა რომ პედაგოგი იყო და როდესაც ცეკვა-ცეკვით ჩაუქროლებდა, მისდაუებურად თვალის მისკენ ეპარებოდა…
გიგამ ქეთინო პირველად ლიფტში დაპატიჟა – ასე გამოხატა დაინტერესება. 

თეატრალურში ლიფტით მხოლოდ პედაგოგები დადიოდნენ, სტუდენტებს ეკრძალებოდათ (სხვათაშორის ამ უჩვეულო ჩვეულებას მხოლოდ ახლაღა, ბოლო წლებში მოეღო ბოლო…)

შემდეგ კინოში დაპატიჟა. შემდეგ რამდენჯერმე სახლამდე მიაცილა. მერე კი უთხრა, ამდენი სიარული არ შემიძლია, თუ ცოლად წამომყვები, წამომყევიო და ქეთინოც წაჰყვა… გიგამ ალმასისთვლიანი ბეჭდი აჩუქა. ქეთინომ – სამი ქალიშვილი. ნახევარ საუკუნეზე მეტია ერთად არიან…

ნანი ჩიქვინიძე – თემურ ჩხეიძე



ისინი ერთმანეთს თეატრალურ ინსტიტუტში შეხვდნენ. ნანი სტუდენტი იყო, თემურ ჩხეიძე მიხეილ თუმანიშვილის ასისტენტი და უკვე 2 ქალიშვილის მამა.

ნანი სტუდენტი იყო, მაგრამ ბევრ კინოვარსკვლავს შეშურდებოდა, უკვე იმდენ ფილმში იყო გადაღებული – “მაგდანას ლურჯა”, “სხვისი შვილები”, “ჩვენი ეზო”, “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”… მოკლედ, თენგიზ აბულაძის პრიმა და იმხანად უკვე თუმანიშვილის სტუდენტი ნანი ჩიქვინიძე თავდავიწყებით შეუყვარდა მასზე 6 წლით უფროს თემურ ჩხეიძეს და მალე ნანი ჩიქვინიძე დიდი ოჯახის რძალი გახდა. შეეძინათ ქალიშვილი.
მას შემდეგ ერთად არიან, ცხოვრებაშიც და სცენაზეც…
გურანდა გაბუნია – ოთარ მეღვინეთუხუცესი

აგერ
უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია ერთად არიან გურანდა
გაბუნია და ოთარ მეღვინეთუხუცესი. მათი სიყვარული ჯერ კიდევ თეატრალური ინსტიტუტის კედლებში დაიწყო. ვინ იაქტიურა პირველმა მუდამ ენერგიულმა გურანდა გაბუნიამ თუ დენდის თავაზიანობით განთქმულმა, მაგრამ ვულკანივით ფეთქებადმა ოთარ მეღვინეთუხუცესმა? ფაქტია რომ გურანდა გაბუნიასნაირი დაუდგრომელი ხასიათის გოგონას შემჩნევა არავის გაუჭირდებოდა, ცხოვრების თანამგზავრად კი ოთარ მეღვინეთუხუცესმა გამოარჩია.  მერე იყო მთელი ცხოვრება აღმართ-დაღმართებით, გაშლილი ვაკეებით, ბოლოს მარჯანიშვილის თეატრის წინ დაგებული წყვილი ვარსკვლავით. ისინი ერთად იყვნენ და არიან ცხოვრებაში, სცენაზე, პოლიტიკურ ბატალიებშიც კი…
თათული დოლიძე – ჟანრი ლოლაშვილი

“ჩემი და თათულის სიყვარული კარგად დაიწყო. შევხედე და ელდა მეცა, ტვინი დავარტყი ასფალტს, მერე შეგვიყვარდა ერთმანეთი და მორჩა, გათავდა”– იტყვის წლების შემდეგ ჟანრი ლოლაშვილი.
ერთმანეთი შეუყვარდათ და “კავკასიური ცარცის წრის” გმირების – თათული დოლიძისა და ჟანრი ლოლაშვილის ერთად ყოფნის ბედის წრეც შეიკრა. ეს ქორწინება ორივესთვის მეორე იყო. თათული დოლიძის პირველი მეუღლე რუსთაველის თეატრის მსახიობი ვანო გოგიტიძე იყო. თათული დოლიძეს მასთან ქალიშვილი შეეძინა. ჟანრი ლოლაშვილთან – ვაჟი…
ნინელი ჭანკვეტაძე – ზაზა მიქაშავიძე

ზაზა მიქაშავიძემ იმ წელს დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტი, ნინელი ჭანკვეტაძემ რომ ჩააბარა. ერთმანეთი სწორედ ინსტიტუტში გაიცნეს – უკვე კინომსახიობთა თეატრის მსახიობი ზაზა მიქაშავიძე ხშირად მიდიოდა და ესწრებოდა თუმანიშვილის ლექციებს ნინელის ჯგუფთან. ნინელი თავიდან ბატონობით მიმართავდა ზაზას… მეოთხე კურსზე იყო ნინელი ჭანკვეტაძე ცოტნე ნაკაშიძემ კინომსახიობთა თეატრში რომ მიიწვია როლზე სპექტაკლში “დარაბებს მიღმა გაზაფხულია”. ნინელი და ზაზა სწორედ იმ პერიოდში დაუახლოვდნენ ერთმანეთს. სცენაზე გათამაშებული სიყვარული მათ ცხოვრებაში გაგრძელდა – მელოდრამატული წიაღსვლების გარეშე., მერე იყო ნიშნობა. ოჯახების გაცნობა და ქორწილი ცხელი ზაფხულის ერთ დღეს. მას შემდეგ ერთად არიან ცხოვრებაშიც და თეატრშიც. სცენაზეც ხშირად უწვენ ერთმანეთს პარტნიორობას…
ნინო თარხან-მოურავი – თემიკო ჭიჭინაძე
რუსთაველის თეატრის მსახიობებმა ნინო თარხან-მოურავმა და თემიკო ჭიჭინაძემ ერთმანეთი ჯერ კიდევ სტუდენტობისას გაიცნეს. ნინო ერთი კურსით წინ იყო. გაიცნეს და დამეგობრდნენ, მაგრამ გრძნობა 9 წლის მერე ეწვიათ. ეწვიათ როლში…
“ანა ფრანკის დღიურში” ნინო თარხან-მოურავი ანა ფრანკს თამაშობდა, თემიკო – პიტერს, და როგორც სპექტაკლში ანა ფრანკს და პიტერს უყვარდებათ ერთმანეთი, მათაც შეუყვარდათ… სცენაზე გათამაშებულმა სასიყვარულო სცენებმა მათშიც აანთო გრძნობა. თემიკომ ნინოს სიყვარული აუხსნა, მერე უტოვებდა და უტოვებდა ყვავილებს კართან… მას მერე ერთად არიან, თუმცა იყო ორდღიანი გაქცევები შინიდან – მეგობრებთან, მშობლებთან, მერე ნაჩხუბრების შეხვედრა, გაცინება და… შერიგება. დღეს მათი ერთადერთი ქალიშვილი ელისაბედი 18 წლისაა.
ნატა მურვანიძე – ნიკა თავაძე

ერთმანეთს 23 წლის წინ გადაეყარნენ – თეატრალურ ინსტიტუტში მისაღები გამოცდებისას. პარტნიორობა იმ დღესვე მოუწიათ – ერთად უნდა ეთამაშათ ეტიუდი. ნია თავაძე გველი იყო, ნატა მურვანიძე – კურდღელი…
ჯერ ჯგუფელები გახდნენ, მერე მეგობრები. მერე კი ნატას დაბადების დღეზე დახვდება ეზოში დარჭობილი თხილამურის ორი ჯოხი, ზედ გაჭიმული ზეწარი და ზედ ზეწარზე წარწერა “გილოცავ”. მერე იყო სიყვარული სიყვარულის აუხსნელად, უხსენებლად, მანამ სანამ ვიღაცამ არ ჰკითხა “თქვენ შეყვარებულები ხართ?” და ნიკამ არ უპასუხა “დიახ”.
გაცნობიდან ერთი წლის შემდეგ იქორწინეს. გაჩნდა დათა თავაძე.
ნატასთან ცხოვრობდნენ, მალე მათ შორის ურთიერთობები დაიძაბა, თავის სახლში გადავიდა. წყვილი ცალ-ცალკე ცხოვრობდა, მაგრამ ყოველდღე ერთად უწევდათ ყოფნა – ინსტიტუტში. მერე გაყრილები კვლავ შეიყარნენ. ერთი წელი ერთად იყვნენ. ისევ გაიყარნენ. იმ პერიოდში, როდესაც “იავნანაში” ცოლ-ქმარს თამაშობდნენ, სწორედ გაყრილები იყვნენ… თამაშობდნენ ცოლ-ქმარს, მაგრამ მაინც არ შერიგებულან, იკრიბებოდნენ გადასაღებ მოედანზე და იშლებოდნენ….
მერე იყო გისოსებს ზემოდან ხტომა თაიგულით ხელში და შერიგებები – ერთკვირიანი… დაუსრულებელი გაბუტვები, შერიგებები, რომელიც გრძელდებოდა რვა წელიწადს. მერე ერთ დღესაც ერთმანეთს ყველაფერი უთხრეს, რაც კი ერთმანეთისთვის უწყეინებიათ და შერიგდნენ. მას მერე ერთად არიან…

მანანა კაზაკოვა – ლევან წულაძე

მანანა კაზაკოვამ და ლევან წულაძემ ერთმანეთი თეატრალურ ინსტიტუტში გაიცნეს. ეს ეხლოს, თორემ მიშა კაზაკოვის გოგონა ჯერ კიდევ მოზარდში, სტუდიაში დადიოდა, უკვე იქ მომუშავე დამწყები რეჟისორის, ლევან წულაძის ხედვის არეალში რომ ხვდებოდა. ახლოს კი მოგვიანებით გაიცნეს ერთმანეთი. 1993 წელს, როცა ჭოლას უკვე დამტავრებული ჰქონდა სარეჟისორო ფაკულტეტი, მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო.
გაიცნეს და ძალიან მალე შეუღლდნენ კიდეც. რეჟისორი ხშირად ყვება როგორ შესთავაზა ხელი ხუმრობით მანანას და როგორ შეირთო. თუმცა ეს “ხუმრობა” მისი სარეჟისორო ხელწერაა, ის სცენაზეც ასე ხუმრობა-ხუმრობით ამბობს სერიოზულს. თითქოს უკან დასახევ გზას იტოვებს, უარის, თუ ვერგაგების შემთხვევაში…
ქორწილი არ ჰქონიათ. რომ იტყვიან ცუდი წლები იყო, შუქი და უბედურება. ის კი არა, ხუმრობით იმასაც ჰყვებიან, ჭოლამ შინ რომ მიიყვანა მანანა, იმ სათლების შუქზე, დედას კარგად ვერ გაურკვევია ვინ იყო მისი რძალი – მანანა თუ ლალი მოროშკინა.
ჭოლა და მანანა მას შემდეგ ერთად არიან. სცენაზეც, ცხოვრებაშიც. სცენაზე ბევრ როლს “ზრდიან” ერთად, ცხოვრებაში ერთ გოგონას – თინათინს.
ნინო იოსელიანი – ირაკლი ჩოლოყაშვილი.

ყველაფერი “ლაითად” დაიწყო. ირაკლი ჩოლოყაშვილი მარჯანიშვილის თეატრის შტატიანი მსახიობი იყო, ნინო იოსელიანი – მიწვეული მსახიობის სტატუსით. ირაკლი აუვლიდა ჩაუვლიდა და კომპლიმენტებით უმასპინძლდებოდა, ეს კომპლიმენტები ძირითადად კაბის ფერებს უკავშირდებოდა, მერე გრძნობა შეეპარა და შეტევაზე გადავიდა. ორივე კულისებში იდგნენ – გაღმა-გამოღმა, შუა სცენა “ჩამოსდიოდათ” ირაკლიმ რომ მობილური მოიმარჯვა და სურათების გადაღება დაუწყო ნინოს, ნინომ გვერდით გააპარა თვალი, ნეტა ვის უღებსო, რომ მიხვდა რომ იქ მის მეტი არავინ  ჭაჭანებდა, გაიპრანჭა როგორც  ფოტოსესიაზე… ირაკლი ნინოზე რვა წლით უფროსია. ნინო პირველ ქმართან უკვე გაშორებული იყო, ახლა ექვსი წლის გოგონა ჰყავს… შეყვარებული ირაკლი თავს ვეღარ მოერია და ოჯახს გამოუტყდა, პირველად დას გაუშალა გული – გოგონა მიყვარს და ბავშვიანია, ბიჭი ჰყავსო. ოჯახს ქოში არ უყრია უკუღმა – ბედნიერებაში არ შეუშალეს ხელი. მერეღა გაარკვია ირაკლიმ რომ ნინო იოსელიანს, ბიჭი კი არა გოგონა ჰყავდა…
რომ დაქორწინდნენ ირაკლი 36 წლის იყო. ნინო 28 წლის. უკვე 2 წელიწადზე მეტია ერთად არიან. ნინო აფხაზეთში გმირულად დაღუპული საშკა იოსელიანის ქალიშვილია…
მაია დობორჯგინიძე – გოგა ბარბაქაძე

ტელემაყურებლისთვის მაია დობორჯგინიძე და გოგა ბარბაქაძე “შუა ქალაქის” ვარსკვლავები არიან, თეატრის მოყვარული მაყურებლისთვის კი მაია დობორჯგინიძე – თავისუფალი თეატრის მსახიობი, გოგა – რუსთაველის თეატრის. მათი სიყვარულიც და დაწყვილებაც სწორედ თეატრს უკავშირდება და ტელევიზიას. თუმცა ყველაფერი მართლაც შუა ქალაქში – რუსთაველზე, თეატრალურ ინსტიტუტში დაიწყო. მაია დობორჯგინიძე მეოთხე კურსზე იყო, როცა გოგა ბარბაქაძე ჩაირიცხა ინსტიტუტში. ორივეს პედაგოგი შალვა გაწერელია იყო. მაშინ გაიცნეს ერთმანეთი, მერე იყო “კაპუსტნიკის” მზადება შალვა გაწერელიასთვის რომ დაბადების დღე მიელოცათ. დაახლოვდნენ.
მერე გოგამ მეგობრის დაბადების დღეზე დაპატიჟა. არ ეგონა თუ წაყვებოდა. მაია წაჰყვა. გოგა მიხვდა რომ მაია გულგრილი არ იყო და დაბადების დღიდან რომ ბრუნდებოდნენ, გამოუტყდა მიყვარხარო. მაიას დუმილმა ბევრად მეტი უთხრა გოგას… მერე იყო შეყვარებულობის შვიდწლიანი ხანა. ბლომად ყვავილები. სიურპრიზები. მაიას აგარაკი კოტორაანთკარში. გოგამ ყური მოჰკრა რომ სოფელში ვიღაცას ვარდების სათბური ჰქონდა, მიაკითხა, აუხსნა ვისთვისაც უნდოდა ვარდები… იმ ქალბატონს ვინ იცის რა გაახსენა შეყვარებული ბიჭის თხოვნამ და სრულიად არამარკეტინგული გადაწყვეტილება მიაღებინა – რამდენიც გინდა წაიღეო. გოგამაც კრიფა და კრიფა, კრიფა და კრიფა და მძინარე “დობოს” ოთახი ვარდებით გაუვსო.
მათი სიყვარულის ამბავი იმდენმა იცოდა, გაპარვას აზრიც გასძვრა და ძირიც. ყველაფერი ტრადიციულად მოხდა, ნიშნობით, ხელის თხოვნით.
დღეს უკვე პატარა გაბრიელს ზრდიან.

დაიბეჭდა “პრაიმ თაიმში”
%d bloggers like this: