Tag Archives: პუტინი

ნოღაიდელი საიქიოში ფანდურზე დაუკრავს და ოსურად იმღერებს

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა გაზეთ „დრონი.გე–ში“, ოპუსი მიმდინარე პოლიტიკურ ამბებს ეხებოდა, მაგრამ იმედი მაქვს ახლაც იხალისებთ).

ნოღაიდელმა იმდენი ირბინა მოსკოვში, მგონი, ლენინიც შეაწუხა და წამოაყენა მავზოლეუმიდან. ჰოდა, ილიჩმა ზურიკელას გაუმეორა – სწავლა, სწავლა და სწავლა-ო. და ზურაბმაც გადაწყვიტა სწავლა, ამჯერად აფხაზური და ოსური ენებისა. აფხაზურის რეპეტიტორი უკვე დაუჭერია, ოსურისას ეძებს. თვითონ მოსცლია და ჩვენც მოცლილები ვგონივართ – აკი გვმოძღვრავს – აუცილებელია ქართველი ადამიანი, მეტარე პოლიტიკოსი, რომელიც ეთნიკურად მრავალფეროვან ქვეყანაში მოღვაწეობს, იმ ენებსაც ფლობდეს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებთან კომუნიკაციისთვის აუცილებელიაო. ჯერ ერთი, საქართველოს მოქალაქეებთან საკომუნიკაციოდ სახელმწიფო ენა არსებობს, ასეთი სახელმწიფო ენა, მადლობა ღმერთს, ქართულია. ჰო, ის ქართული, რომლისაც ნოღაიდელს არაფერი გაეგება, თორემ თავის „სიბრძნეს“ ერთსა და იმავე სიტყვით – „აუცილებელიათი“ არ დაიწყებდა და არ დაამთავრებდა.  და კიდევ, საქართველოში მოღვაწეობა მაგას რუსეთში წარა-მარა სირბილი ხომ არ ჰგონია? ან ადგილზე საქართველოში ყიალი? მოღვაწეობით ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე ჯავახიშვილი მოღვაწეობდნენ, ჩვენა, გენა, ვცხოვრობთ, უფრო სწორად, ზურაბასნაირი გაზულუქებულები ცხოვრობენ, ჩვენ კიდე ვარსებობთ.

ასე რომ, ნოღაიდელს ურჩევნია ქართული ენის პედაგოგი დაიქირაოს და სანამ ოსური უსწავლია, ქართულს მიხედოს. ან რაღა დროს მაგის ენების სწავლაა. კაცი რომ სიბერეში ფანდურზე დაკვრის სწავლას დაიწყებს, იმაზე იტყვიან საიქიოში დაუკრავსო.

ნოღაიდელი ისე იქაჩება, მალე ხაბიზგინების ცხობასაც ისწავლის. მოკლედ, დიდ პატივში არიან ოსები. აქ ზურაბამ დაიწყო ოსურის სწავლა – კოსტა ხეთაგუროვი უნდა წაიკითხოს ორიგინალში. იქით კიდე რუსები უვიზოდ ეპატიჟებიან რუსეთში.

მაშ ასე, აწი რუსეთში უვიზოდ ივლიან ოსები. ჩმორი ქართველები კი, როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ისინი მონათლა, სულაც რომ რკინის ტანგა ჩააცვა, მაინც ირბენენ რუსეთში. მოსალაპარაკებლად დავდივართო – ამბობენ ისინი და პრეზიდენტის იარლიყსაც ირტყამენ – „ჩმორები“ – და არც თუ უსაფუძვლოდ.

აბა, მართლა და მიშას თქმისა არ იყოს, რომელი ბისმარკები ეგენი მყვანან. პუტინი თებერვალში ქართულ ოპოზიციასთან შეხვედრას გეგმავს. ნოღაიდელი, ცხადია, იქ იქნება.

ბურჯანაძემაც ბრძანა – საჭიროების შემთხვევაში წავალ მოსკოვშიც, ვაშინგტონშიც და ბრიუსელშიცო, თუ ჩემი ქვეყნის ინტერესებს დასჭირდებაო, და აქციებშიც მივიღებ მონაწილეობასო. ბურჯანაძის განცხადებებმა იპოლიტე ხვიჩიას განცხადებები გამახსენა „მხიარული რომანიდან“ – მოვწევ კიდეც და ვინერვიულებ კიდეცო.

ჩვენს ოპოზიციას რომანი აქვს პუტინთან. მაგრამ ეს რომანი კი არაა მხიარული, ოპოზიცია გვყავს ჭკუამხიარული. ბურჯანაძე კი „მითამ“ ნერვიულობს, დავოსში ვიყავი და პრეზიდენტ სააკაშვილის დამსახურებით საქართველო საერთაშორისო იზოლაციაშიაო. სააკაშვილმა თითქმის ყველა პარტნიორი მოიმდურა და გაანაწყენაო. ჩვენი პარტნიორები აღშფოთებულნი არიან საქართველოში შექმნილი ვითარებითო.

მე თუ მკითხავთ, ნინომაც უნდა აიყვანოს ქართულის რეპეტიტორი. აბა, რა უბედურებაა მრავლობითი რიცხვის ხმარება, როცა საქმე ერთ კაცს ეხება – ვლადიმერ პუტინს? რაც არ უნდა დამდურებული, განაწყენებული და აღშფოთებული იყოს ის? და კიდევ, თუ თავად პოლიტსკლეროზი შეეყარა, ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ხალხსაც იგივე სენი სჭირს. არადა, ასე რომ არ ეგონოს, წესით არ იტყოდა, „მთავარია ქვეყანა არ იჭყლიტებოდეს უგუნური და განდიდების მანიით შეპყრობილი პრეზიდენტის ხელშიო“.  არ იტყოდა, რომ სწორედ ამ პრეზიდენტს ედგა თავად გვერდში, მასთან ერთად შერონინდა პარლამენტში ვარდებით და მას უკან კაი ხანი მისი ნოტარიუსი იყო. მაშინ სოლომონ ბრძენი იყო მიშა და მაგას რომ სიაში ხალხი არ ჩაუსვა ბლომად, მერე დაკარგა გონი და გახდა უგუნური? თურმე ნუ იტყვით და, ნინოს გული დასწყვეტია, მის გვერდით მჯდომ ფრანგს უკითხავს, თქვენს პრეზიდენტს აღარ ეძახიან ხომ დავოსშიო. იქ თურმე ბიზნესმენებთანაც ულაპარაკია ნინოსა, იმათა კიდენა უთქვამთ, თქვენთან ფულის ჩადებას ვაპირებდით და გადავიფიქრეთო.  მოკლედ, ვერ გაიგებ ეს ბურჯანაძე დავოსში იყო თუ სოფლის კლუბში. ერთი რამ ფაქტია, იქიდან დაბრუნებულს, ლოგიკა მას ისევე ღალატობს, როგორც ღალატობდა წასვლამდე. ჯერ ამბობს, ამ ქვეყანაში სააკაშვილის წასვლამდე არჩევნებში მონაწილეობა წაგებულ თამაშზე წასვლააო, სანამ ეგ აქაა, საარჩევნო გარემო არ შეიცვლებაო, არჩევნები მაშინაა სასურველი, როცა იქ დემოკრატიააო. საცხა იქვე კი გაიძახის ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოსო. რავა, საპრეზიდენტო არჩევნებს რომ დანიშნავ, მიშა მოწეწავს თუ იმ წამს დემოკრატი აღაღანდება?  ნუ გერცხვინება, თქვი, ქალბატონო ნინო, რომ პრეზიდენტობა გწადიან და თვითმმართველობის, მერის არჩევნები არ გეპიტნავება…

დგას და ისევ მიშას დასცინის, გონებასუსტი ბავშვივით მოსწონს სხვადასხვაფრად აჩახჩახებული თბილისიო. ნუ, რას ვიზამთ, `გასპაჟა~ ნინო, ზოგს აჩახჩახებული თბილისი მოგვწონს, ზოგს კიდე თქვენი ოჯახის მეგობარ შევარდნაძის დროინდელი ჩაბნელებულ-ჩამყაყებული თბილისი მოგწონთ – იმიტომ, რომ ამ დროს მხოლოდ თქვენი ჭაღები ბდღვრიალებდა და შეგახსენებდათ, რომ თქვენ პრივილეგირებულნი იყავით…

ბურჯანაძე კი ხალხზეა გაწიწმატებული. 200 ათასის ნაცვლად რომ მილიონი გამოვსულიყავით ქუჩაში, სააკაშვილი კაი ხნის წასული ინქებოდაო. აგანგალა-განგალაო. ეო და მეო. კი მაგრამ, თუ იმ მილიონს არ უნდა სააკაშვილის წასვლა და თქვენი მოსვლა, ქუჩაში მაინც უნდა გამოვიდეს?

უნდა გამოვიდეს და დაგიდგეთ თქვენ, ვინც ღიად აცხადებთ, რომ პუტინს უნდა დაელაპარაკოთ? თანაც თურმე იმიტომ, რომ სანამ რუსეთს არ დაველაპარაკებით, ტერიტორიები ოკუპირებული იქნება. მოდი და ამის მთქმელის დაძახებაზე ქუჩაში კი არა, თუნდაც „ბალკონზე“ გადი რა…

ხალხის გასვლის რა მოგახსენოთ და, აი, პარტაქტივისტები კი უკვე გარბიან ნოღაიდელისკენ. აგერ ბატონო, ვიღაც კობა მოდებაძე ლამის შორენა ბეგაშვილივით პოპულარული გახდა უცებ. „მემარჯვენეებიდან“ ნოღაიდელთან ისკუპა და საჩხერიდან მთელ საქართველოს გააცნო თავი. „მემარჯვენეები“ ამბობენ, ნოღაიდელმა ფულით გადაიბირაო.

თვითონ მოდებაძე გაიძახის, მე ნოღაიდელისთვის არც ფული მითხოვია, არც თანამდებობაო. მაგის პოლიტიკა მხიბლავს რუსეთთან დაკავშირებითო, „მემარჯვენეების“ კურსს კიდე არ ვიზიარებო. გამყრელიძეს ყველაფერი რომ დააბრალო, საგარეო კურსის ცამპა-ცუმპით ცვლას მაინც ვერ დააბრალებ და ამ მოდებაძემ აქამდე ვერ გაიგო, გამყრელიძე რომ დასავლეთისკენ იწევს და ისე შევიდა მის პარტიაში ახლა რომ პრორუსი ნოღაიდელი შეუყვარდა?

ეს „მემარჯვენეები“ ისე ღელავენ ამ ვიღაც მოდებაძის აცქა-ცუცქათი, გეგონება მართლა ბისმარკი დაკარგეს. ნუ ღელავ, დავით! გული გაიმაგრე, დავით! მაგრამ თუ ყველა რაიონში მოდებაძისნაირი თანამოაზრეები გყავს, ეგება თავადაც გეფიქრა ნოღაიდელთან გადაბარგებაზე? გამოდი და თქვი, არ ვეთანხმები გამყრელიძის კურსსო და გადადი. „კრამერ პროტივ კრამერა“ და რამე-რუმე.

გასულ კვირას, მნიშვნელოვანი ისიც იყო, რაც კოკო გამსახურდიამ ჩამოიტანა მოსკოვიდან. იქ იგორ გიორგაძე და თენგიზა კიტოვანი დაჰკითხა. მათი თქმით, გამსახურდიას ხელისუფლება დევნიდა, გამსახურდიას მოცილებაში კი ყველაზე მეტად დაინტერესებულ პირად ედუარდ შევარდნაძე დაასახელეს. რადგან ცოცხალი ზვიად გამსახურდიას ფაქტორი ლეგიტიმაციაში უშლიდა ხელსო.

იგორამ და თენგიზამ დაასახელეს ორი ჯგუფი, რომელიც გამსახურდიას უშუალოდ დევნიდა – ერთი გულუას ჯგუფი – კვირაიას ექვემდებარებოდა, მეორე ავთო იოსელიანს, რომელიც პირდაპირ შევარდნაძეზე იყო გასულიო. გიორგაძეს ისიც გაუხსენებია, გამსახურდიას დაკავების გეგმა რომ შევთავაზე შევარდნაძეს, პასუხად ეს მივიღე – ზვიად გამსახურდია ცოცხალი არავის სჭირდებაო…

თენგიზამ კი თანხის ოდენობაც დაასახელა, რაც ზვიადის მკვლელობაშია გადახდილი და ისიც, ვინც გადაიხადა. მათ ვინაობას კოკო ჯერ არ ამბობს. კოკო შევარდნაძის დაკითხვასაც აპირებს. შევარდნაძე კი კრწანისიდან უკვე აფრიალებს ყაყაჩოებს – ზვიადის მოკვლა მე არავისთვის დამივალებიაო. ამას კი გაიძახის, მაგრამ ზვიადის დევნას რომ გულუას და ავთო იოსელიანის ჯგუფები ახორციელებდნენ, თავადაც ადასტურებს. და რა, გულუას და იოსელიანის ჯგუფები ჩემს მეზობელ ქსენიას ექვემდებარებოდნენ თუ ჩინეთის იმპერატორს?…

გასულ კვირას, პრესაში აქცენტი იმაზეც გაკეთდა, პრეზიდენტი სააკაშვილი თავისმა ამერიკელმა მრჩეველმა, დანილ კუნინმა მიატოვაო. მედიას თურმე ამ ეჭვს ისიც უმძაფრებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კომენტარი არ გაუკეთებიათ, პრეზიდენტის პრესსპიკერს კი უთქვამს, არ ვიცი და ამ თემაზე ლაპარაკი არ შემიძლიაო. ჰოდა, მედიამაც დაასკვნა – ესე იგი კუნინმა სააკაშვილი ნამდვილად მიატოვაო. ლოგიკაა „მიდი მოვდივარ“.

ეგ კიდე რა არის იმასთან შედარებით, რაც რამაზ კლიმიაშვილმა დააბრაგუნა. პრეზიდენტის პრესსპიკერი სანდო არაა, რასაც მიშა ეტყვის, იმას ამბობსო. ძალიან მაინტერესებს, პრეზიდენტის პრესსპიკერმა, აბა, რა უნდა ილაპარაკოს, რასაც კლიმიაშვილი დაარაკრაკებს თავის ინტერვიუებში?

კლიმიაშვილს და ბევრ სხვას სახალხო კრების იდეაც მოსწონთ. კლიმიაშვილს თუ ჰკითხე, საქართველოში ოპოზიციური მარტო სამი პარტია ყოფილა – „ლეიბორისტები“, ნინოს პარტია და „ფორუმი“, რაკიღა ისინი არჩევნებზე არ მიდიან. „თუ არჩევნებზე მიდიხარ, რომ სააკაშვილს ხელისუფლებაში ყოფნა გაუხანგრძლივო, რა ოპოზიცია ხარ?“ – ღაღადებს კლიმიაშვილი. კლიმიაშვილს ისიც უხარია, ნინო რომ პუტინთან შეხვედრას აპირებს – მიშა უფრო გაგიჟდება და კარგია, რაც უფრო მეტად გაგიჟდება, უფრო მეტ სისულელეს ჩაიდენსო და სახალხო კრება უფრო იოლად მოაშორებს მაგას საქართველოდანო.  ამ ლოგიკის პატრონებს უნდა დაუჯეროს ვინმემ რამე? მიშას მოშორების ჟინით რომ არიან შეპყრობილნი და ერთი სული აქვთ, მიშამ ქვეყანა გადაბუგოს, რომ მერე თუნდაც ამ გადაბუგულ ქვეყანაში თავიანთი სკამები დადგან და ზედ შეალაგონ ის გავები, დღეს რომ რუსეთს უქანავებენ? ემანდ თქვენ თვითონ არ გაგიჟდებოდეთ ამ მიშას გაგიჟების მოლოდინში…

იარეთ ვისთანაც გინდათ, თუ გინდა თემურ ლენგის საფლავს ახალეთ ეგ თქვენი ამბიციური გოგრები…

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა გაზეთ „დრონი.გე–ში“)

ძნელია იყო ეთიკური, როცა შენი ქვეყნის ოპოზიცია ბილიკს ქმნის მოსკოვში სირბილით. გარბიან პუტინის კარზე, თანაც ისე რომ წარბი არ უტოკდებათ.

ამ ნოღაიდელების, ბურჯანაძეების და პუტინის მისაღებში ჩაწერილ სხვათა და სხვათა ყურებისას სულ მიკვირს, ანკი როგორ დგას ეს სახელმიწფო საერთოდ ფეხზე?  როცა წარსულში ქვეყნის მეორე პირი ღიად ხვდება ოკუპანტი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, როცა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა უკვე მაზოლი ამოუყვანა მოსკოვს თავლებში…  ომი წავაგეთ კი არა, ასეთი “პატრიოტების” ხელში, საქართველოდან რომ არ აგვყარეს და ტრამალებში, ტუნდრებში, ტაიგებში და ჯანდაბაში რომ არ მიგვაფერეიდანეს, არ გიკვირთ?  არა, როგორც ჩანს, ჩვენ კიდევ არ ვაფასებთ ფაქტებს და მოვლენებს ადექვატურად, თორემ ბევრად მწვავე იქნებოდა შეფასებები ბურჯანაძეების, ნოღაიდელების მისამართით.  მოვთხოვდით პასუხს ამ ხალხს და კიდევ მათ, ვინც ცუგასავით მზადაა მოსკოვს გასავარდნად. მირბიან პუტინთან, რომელმაც წელიწადნახევრის წინ გვბომბა, ტერიტორიები გვგლიჯა, ბიჭები გვიხოცა.
ბურჯანაძე-ნოღაიდელები მირბიან მასთან და ცდილობენ ეს თავისი ღალატი აქეთ პატრიოტიზმად მოგვასაღონ.  მათ პოლიტიკურ უტიფრობას ბოლო არა აქვს. ბურჯანაძემ დააბრაკუნა, პუტინს ვხვდები, აბა პუტინი და მედევედევი აქეთ არ ჩამოვლენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დავეხმაროთო. ამ ქალბატონს, მართლა საინტერესოა ვინ ვგონივართ ჩვენ? ადამიანები, რომლებსაც აზროვნების უნარი გვაქვს, თუ მამამისის ფქვილის მეშოკებიდან ამომძვრალი ვირთხები?
ვინ უნდა დაგეხმაროს, ვინც წაგგლიჯა ეს ტერიტორიები? ვინც გბომბა ღიად და დაუფარავად? ჩავიდა, გვერდი დაუმშვენა პუტინის. პრესა სულ ხუთი წუთით დაასწრეს იმ შეხვედრას და არ უხსენებიათ არც ცხინვალი, არც სოხუმი, არც ოკუპაცია. არ აღელვებს ეს თემები ნინიკოს და მოკალი თუ გინდა. ის სხვა საქმეზე იყო ჩასული პუტინთან. აკი დაიქადნა დიდ პოლიტიკას ვაკეთებო.
და რას ეძახიან ეს მართლა პოლიტიკანები დიდ პოლიტიკას? რა მოლაპარაკებების წარმოების თავი აქვს ერთი ქვეყნის ოპოზიციას მეორე ქვეყნის ხელისუფლებასთან? ეს ხომ ორჯერ ორი ოთხისავითაა, რომ ის მიხეილ სააკაშვილის მაგიერ ვერც ვერანაირ გარიგებაზე წავა და მიშას სახელით ვერც ვერაფერს დაპირდება.  ის ჰპირდება სხვა რამეს, მე რომ მოვალ ხელისუფლებაში ამას და ამას ვიზამ, ასე და ასე მოვიქცევიო. და ახლა, ცარიელ ენთუზიაზმზე რომ არ იძლევიან ამ დაპირებებს ესენი იქ, “მასკვაში”, არც ამას უნდა დიდი მიხვედრა. ისინი მოსკოვს სთავაზობენ თავს. მე არც არქიმედე ვარ და არც ახალი არაფერი აღმომიჩენია, და არც ევრიკას დაძახების უფლება მაქვს…
პირიქით, ეს ყველამ გადასარევად ვიცით რაც ხდება და რატომაც ხდება, მაგრამ მაინც ვდგავართ და მშვიდად ვისმენთ მათ უტიფარ განცხადებებს ვითომცდა და საქართველოს საშველად წავიდნენ იქ, ვითომ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ვითომ და ურთიერთობების გამოსასწორებლად.   და რატომ ვისმენთ ასე მშვიდად მათ უტიფარ, სამარცხვინო განცხადებებს? ხომ ვიცით რომ ისინი იქ ამ ხელისუფლების დასამხობად დარბიან და ხან ერთი სთავაზობს თავს საყრდენად და ხან მეორე?

რატომ ხარხარი არ გვიტყდება როცა პუტინი ბურჯანაძეს ეუბნება – “ეს იყო პეტერბურგში”… რომელი ბათუ კრავეიშვილი ეგა მყავს და რომელი მედეა ჯაფარიძე ნინო ბურჯანაძეა, ქეთოს და კოტეს ნავის სცენას რომ თამაშობენ უნავოდ?

იყო დრო ქალბატონი ბურჯანაძე, სწორედ მოსკოვის მიმართ გაკეთებული მკვეთრი განცხადებებით იხვეჭდა სახელს საქართველოში. ყველას ხიბლავდა მისი რადიკალური, შემტევი განცახდებები და თურმე რა ტყუილი ყოფილა ეს ყველაფერი. თურმე, ქეთოს მამა მაკარივით არ მოუტყუებია სააკაშვილი? აკი იდგა მიხეილი და ამაყობდა:  “ნინო ბურჯანაძეს უკიდია კაბინეტში მარგარეტ ტეტჩერის სურათები, რკინის ლეიდის. ჩვენ დავრწმუნდით, თუკი რაიმე ფოლადი არსებობს მსოფლიოში, ყველაზე მაღალი ყალიბის ფოლადისგან არის დამზადებული ნინო ბურჯანაძის ნერვები და პოლიტიკური მრწამსი”.

ნამეტანი ფოლადის მრწამსი ჰქონია ბურჯანაძეს. ფოლადის კი არა, მისი საგარეო ორიენტაციის ვექტორი ალუმინის კოვზივით უცებ გადაიღუნა დასავლეთიდან ჩრდილოეთისაკენ.

ეს ყველაფერი უცებ არ მომხდარა, ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში, ქალბატონი ბურჯანაძე კუჩმას სიძეს, ბიზნესმენ პიმჩუკს ეახლა კიევში, მაშინ დაადგა პუტინისკენ სავალ გზებს. პუტინი ხომ ამ პიმჩუკის შვილის ნათლიაა და მათ დიდი მეგობრობა აკავშირებთ. ახლაც ჰკითხეს ქალბატონ ბურჯანაძეს, ვინ იყო ამ შეხვედრის ინიციატორიო და ესაო ორმხრივი სურვილი იყოოო. აგანგალა-განგალა… ორმხრივი? უეცარი? ორ `სპალნაში~ სინქრონში შობილი და რამე?  ბატონ პუტინს ქალბატონ ბურჯანაძისთვის კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარება შეუთავაზებია, უთქვამს, მთელ ქართულ სპექტრთან ვითანამშრომლებ, მოქმედი ხელისუფლების გარდაო. ნინა ბიცოლამ სულ თავი უქნია, გეთანხმებით, სამწუხაროდ ბოლო წლებში, ქართულ-რუსული ურთიერთობები ტრაგიკულ ჩიხამდე მივიდაო. ბოლო წლებზე რომ ბრაკი-ბრუკობს, ნეტა ვინ იყო ამ ბოლო წლებში პარლამენტის თავჯდომარე? თუმცა, სულ დამავიწყდა, რა პარლამენტის თავჯდომარე, ეგ ხომ მიშას ნოტარიუსი იყო და აბა მეც რას ვთხოვ, რას… ნინა ბიცოლას მოსკოვური ექსკურსია ძაან მოეწონათ კობა დავითაშვილს და ზვიად ძიძიგურს, თვითონაც უნდათ. ეგეც თქვენი ოპოზიცია. ეგეც თქვენი პატრიოტები. რა უეცრად გაპუტინკდნენ ვითომ პატრიოტები…
მიდიან, პუტინს ელაქუცებიან, ემუდარებიან მიშა დაგვამხობინე, ჩვენ დაგვსვი ტახტზეო და აქ კი რიხით აბრახუნებენ, მივდივარ, იმისთვის რომ დავიცვა ჩემი ქვეყნის და ხალხის ინტერესებიო.
იარეთ ვისთანაც გინდათ, თუ გინდა თემურ ლენგის საფლავს ახალეთ ეგ თქვენი ამბიციური გოგრები, მაგრამ “პარდონ” და ჩვენი სახელით, ხალხის სახელით მაინც ნუ იტლიკინებთ, ქვეყნის სახელით ნუ იტლიკინებთ.
ჩვენ ნუ გაგვრევთ თქვენ კოლაბორაციონისტულ პოლიტ-პროსტიტუციაში, თქვენ ჩვენს, ან ქვეყნის ინტერესებს კი არა, საკუთარ მუცელს და საკუთარ ამბიციებს ემსახურებით. ემსახურეთ, სულ კეფა გიხლიათ კრემლის კედლებისთვის, მაგრამ მაგ უტიფრობა მოსკოვში ჩასვლამდე, ჩადით და რიონში გარეცხეთ.

ქალბატონმა ბურჯანაძემ ბრძანა, მეო, ამ შეხვედრაში იმიტომ კი არ მივიღე მონაწილეობაო, რომაო წარსულზე მესაუბრაო, არამედ მეცადა სამომავლო მოგვარების გზები მომენახაო. წარსულზე ისტორიკოსებმა უნდა ილაპარაკონო.
ისტორიკოსებმაო, რომ ბრძანებს, არ აინტერესებს რას დაწერენ იმ მომავალში მასზე ისტორიკოსები? რაც დაწერილა შაჰის და ხონთქარის კარებზე მორბენალ არაერთ თავადზე…

%d bloggers like this: