რეზო შატაკიშვილი
(დაიბეჭდა გაზეთში „ქართული უნივერსიტეტი“).
ოქტომბრის დიდმა რევოლუციამ სისხლით გააწითლა სამყარო. სისხლისღვრმამ უკიდეგანო მასშტაბებს მიაღწია ავდებით 37-ში. მხოლოდ საქართველოში, მხოლოდ სამ წელიწადში (1936-1938) საქართველოში დააპატიმრეს 250 ათას კაცზე მეტი. და ეს მაშინ როცა ინკვიზიცაიმ მთელ ევროპაში, 4 საუკუნის მანძილე, მხოლოდ 20 ათასი ერეტიკოსი აწამა. 1936-38 წელბში დახვრიტეს 13 თეატრის მოღვაწე:
გენიები – სანდრო ახმეტელი, პეტრე ოცხელი, ევგენი მიქელაძე, რეჟისორები ვახტანგ აბაშიძე, რეჟისორი ვახტანგ გარიკი, თეატრის მოღვაწეები – სერგო ამაღლობელი, გიორგი ჟორდანია, მსახიობები – ვანიკო აბაშიძე, ია ქანთარია, პლატონ კორიშელი, ელგუჯა ლორთქიფანიძე, ივანე ლაღიძე და … ხათუნა ჭიჭინაძე…
ხათუნა ჭიჭინაძე სრულიად ახალგაზრდა, 35 წლის იყო. იყო წარმატებული მსახიობი. წარმატებული კაცის – ცენტრალური კომიტეტის მდივნის გიორგი ყურულაშვილის მეუღლე და… სწორედ მეუღლის გამო გაუსწორდნენ ასე სასტიკად.
ხათუნა ჭიჭინაძე ნიჭიერი მსახიობის სახელით სარგებლობდა. იყო უნივერსალური ამპლუის მსახიობი. ფაღავას სტუდიის დამთავრების შემდეგ რუსთაველის თეატრში დაიწყო მოღვაწეობა. მონაწილეობდა მარჯანიშვილის და ახმეტელის სპექტაკლებში – „გააზნაურებული მდაბიო“, „მათრახის პანაშვიდი“, „ლატავრა“, „გმირი“, „მალშტრემი“, „ჰამლეტი“, „მზეთამზე“, „რღვევა“, „საჭე მარცხნივ“…
რუსთაველის თეატრიდან მარჯანიშვილის წასვლის შემდეგ, მარჯანიშვილთან გადაინაცვლა, მარჯანიშვილის გარდა, მას იქ ეგულებოდა თავის მეგობრები. ის სცენაზე ხშირად იყო ვერიკო ანჯაფარიძის დუბლიორი, ცხოვრებაში კი – მეგობარი. მარჯანიშვილის თაეტრში განასახიერა ევა ბერგი („ჰოპლა ჩვენ ვცხოვრობთ“), ხატიჯე („ხატიჯე“), კომისარი („ესკადერიის დაღუპვა“)…
სრულიად ახალგაზრდას უკვე 40-მდე როლი ჰქონდა განსახიერებული, ჰყავდა ცნობილი მეუღლე, ჰყავდა შვილი, როგორც იხსენებენ იყო მუდამ ხალისიანი, მომხიბლელი, მაგრამ ბედნიერება უეცრად დიდმა უბედურებამ შესცვალა.
მისი მეუღლე ხალხის მტრად გამოაცხადეს, გიორგი ყურულაშვილს ერთი კი არა რამდენიმე ბრალდება წამოჰკიდეს. სერგო ამაღლობელის საქმეში იგი მოიხსენიება როგორც მოსკოვში ქართული ცენტრის შექმნის მეთაურთაგანი. არაერთ რეპრესირებულს სდებდნენ ბრალად ყურულაშვილთან კავშირს. მათ შორის სანდრო ახმეტელსაც, თითქოსდა, ყურულაშვილის დავალებით, ახმეტელს 1935 წელს, ბაქოში გასტროლების დროს, უნდა ეწარმოებინა ანტისაბჭოთა საქმინობა. ყურულაშვილთან კავშირს ბრალად სდებდნენ ხათუნა ჭიჭინაძესაც.
მეტი ცინიზმი რა გინდა, ცოლს ქმართან კავშირი რომ ბრალდება. აკი ჩაწერეს კიდეც დასკვნაში: „გამოძიების მასალებით დადგინდა, რომ ხათუნა ჭიჭინაძე იყო ცოლი რესპუბლიკის ერთ-ერთი ხელმძღვანელისა. ყურულაშვილის დავალებით ეწეოდა ტერორისტულ საქმინობას ლავრენტი ბერიას წინააღდეგ“.
დიდი გამოძიება სჭირდება და დიდი დადგენა თურმე იმას, ვინ ვისი მეუღლეა… ისევ ცინიზმი: თურმე ქმარს ცოლისთვის ბერიას ტერაქტი დაუვალებია – ცოლის გარდა სხვა ვერავინ იპოვა ამხელა თანამდებობის პირმა.
მოკლედ, ყურულაშვილის დავალება ასეთი ყოფილა – ხათუნა ჭიჭინაძეს, ვერიკო ანჯაფარიძესთან, სესიალია თაყაიშვილთან, თამარ ჭავჭავაძესთან და აკაკი კვანტალიანთან ერთად, ბერია პირდაპირ თეატრში უნდა მოეკლათ, როცა ის სპექტაკლზე დასასწრებად მივიდოდა. შემდეგ თურმე ამ წრეს თამარ ვახვახიშვილი და სხვა მსახიობებიც შეერთებიან.
ხათუნა ჭიჭინაძის დაკითხვას სისიხლისმსმელი კრიმიანი აწარმოებდა, სწორედ ის ითხოვდა მსახიობი ქალისგან აღიარებას, რომ მისი მეუღლე ხალხის მტერი იყო, რომ მისი დავალებით მუშაობდა.
პროფესორ ვასილ კიკნაძეს კარგად ახსოვს, 1956 წელს გამართული, სისხლისმსმელ კრიმიანის სასამართლო პროცესი: „ხმელ-ხმელი, ცივი, ასკეტურად გამოფიტული კრიმიანი ბრალდებულის სკამზე. შუა აზიიდან ჩამოეყვანათ ერთ-ერთი გადასახლებული ქართველი, რომელიც პირზე წაადგა კრიმიანს, თუ როგორ აწამა იგი დაკითხვის დროს. ჭაბუკი ყოფილა მაშინ, როცა დაუკავებიათ და მესამე სართულზე აუყვანიათ, აღიარე რომ მამაშენთან იკრიბებოდნენ კონტრევოლუციონერებიო. ჭაბუკს უარუყვია ბრალდება. მაშინ წაუქცევიათ, გაუკოჭავთ და ცალი ყური აუგლეჯიათ. გენერალურმა პროკურორმა რიდენკომ კრიმიანს კითხა – მართალია რასაც ამბობსო? კრიმიანი ფეხზე წამოდგა და ურცხვად თქვა – „ეგ შემთხვევა მოხდა, არა მესამე, არამედ მეორე სართულზე“.
ეს უტიფარი კრიმიანი აწარმოებდა ხათუნა ჭიჭინაძის დაკითხვა– წამებას.
მაგრამ მაინც ვერ ტეხდა. ვერ აღწევდა აღიარებას.
ხათუნა ჭიჭინაძე ექვსი თვე უძლებდა საშინელ წნეხს – დაკითხვას, წამებას… წამების ორიგინალურ მეთოდებს კი გამოძიებას თავად ლავრენტი პავლოვიჩი კარნახობდა – ფრჩხილები წაღმა დააძრეთ და ყველაფერს აღიარებენ…
კრიმიანმა ბოლოს მაინც თავისი გაიტანა. მის კითხვაზე „ხანგრძლივი და შეუპოვარი წინააღდეგობის შემდეგ, როგორც იქნა აღიარებთ რომ იყავით ანტისაბჭოთა ორგანიზაციის წევრი”.
ხათუნა ჭიჭინაძის პასუხი: „ხანგრძლივ, ექვსთვიან გამოძიებასთან წინააღდეგობის შემდეგ ვადასტურებ ჩემს მონაწილეობას“…
ასეთ „აღიარებებს“ პირველივე დაკითხვაზე თუ არა, უმეტესწილად მეორე-მესამე დაკითხვაზევე აღწევდნენ სისხლისმსმელი სვავები. იშვიათად თუ ვინმე უძლებდა ჯოჯოხეთურ წამებას. მაგრამ 6 თვე გაძლება, თანაც ქალის მიერ… დაკითხვის ოქმებში არც არასოდეს წერდნენ მსგავს ტექსტს – „ხანგრძლივი და შეუპოვარი წინააღდეგობა“ .
ხათუნა ჭიჭინაძემ შეძლო სისხლისმსმელთა გაოცება. უსუსრულოდ იძიებდნენ შეთითხნილ საქმეს, მიაღწიეს აღიარებას და ხათუნა ჭიჭინაძე დახვრიტეს…