Tag Archives: რობერტ სტურუა

სტურუას პარადოქსი

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა გაზეთ “ვერსიაში”). 39624_1551397823362_1187617254_1603069_3151272_n

საქართველოში ყველა რეჟისორს, დიდიან პატარიანად, ერთი კონკურენტი ჰყავს – რობერტ სტურუა, ყოველ შემთხვევაში, ასე მიაჩნიათ თავად რეჟისორებს და მათთვის ყველა სხვა რეჟისორი კონკურენტი კი არაა, უბრალოდ, ფეხებში ებლანდება – ხელს უშლის. მოკლედ, სტურუა ყველას კონკურენტია, თუმცა… თავად სტურუას კონკურენტი არ აბადია საქართველოში, არც დიდი და არც პატარა. ესაა სტურუას პარადოქსი და საერთოდ ქართული თეატრის პარადქოსი. პარადოქსია, მაგრამ რეალობაა. სწორედ ეს პარადოქსული რეალობა აძლევს დიდ რეჟისორს საშუალებას, მოიქცეს ისე, როგორც მოეპრიანება, როგორ გუნებაზეც იმ დილას გაიღვიძებს.  სტურუამ იცის, რომ კარგა ხანია, ადგილი აქვს განაღდებული მსოფლიო თეატრის ისტორიაში და სხვა ყველაფერი უკვე წვრილმანია, ის წვრილმანი, ის ხურდა, რომელიც შემდეგ აღარავის ემახსოვრება და არც აღარავინ მოსთხოვს, სამაგიეროდ, ამ წვრილმანებით ახლა კარგად შეიძლება თავის შექცევა. დიახ, თავის შექცევა. მის შემთხვევაში, ჩემი აზრით, სწორედ თავის შექცევასთან გვაქვს საქმე და არა სხვა რაიმე სარგებელთან, რაც, ვთქვათ, არის იგივე ჟერარ დეპარდიესა თუ კუსტურიცას შემთხვევაში. დეპარდიემაც იცის ის, რომ გენიალური მსახიობია და ისიც, რომ იმ იდიოტობების გამო, რომელსაც დღეს რუსეთის საამებლად აკეთებს, მსოფლიო კინოს ისტორიიდან მას არავინ ამოშლის, ამიტომ აკეთებს იმას, რაც უნდა. აცნობიერებს რა იმ ფუფუნებას, რომელშიც აღმოჩნდა საკუთარი ნიჭის, შემოქმედებისა თუ კიდევ სხვა გარემოებათა თანხვედრის გამო, ამ ფუფუნებით სარგებლობს და იხვეჭს სხვა დამატებით – მატერიალურ ფუფუნებას რუსეთისგან.  არა მგონია, სტურუას შემთხვევა მათი ანალოგი იყოს.

სტურუა გაცილებით დიდია, ვიდრე ერთი, ან მეორე. წლების წინ ვწერდი კიდეც, რატომ იყო სტურუა ასეთი მსუქანი – მას სამყარო აქვს გადაყლაპული-მეთქი, რომ მასში ყველაფერია. დიახ, მასში ყველაფერია, რაც კია ამ სამყაროში, მათ შორის გარკვეული ავანტიურიზმი, თანაც საკმაო დოზით. მას ხიბლავს ეპატაჟიც, ხალხის გაკვირვებაც, მეტიც – გამოთაყვანებაც და ეს ყოველთვის ასე იყო. მას შემდეგ, რაც ,,სეილემის პროცესით’‘ გააოგნა ქართული თეატრალური სამყარო და მისგან ყველა რაღაც ამგვარს ელოდა, სერიოზულს, მძიმეს, ფსიქოლოგიურს, სტურუა ყველას ერთად გაეკაიფა და ,,ხანუმა’‘ შესთავაზა.

რეჟისორმა ეჟი გროტოვსკიმ მესაზღვრეების კითხვაზე – რა პროფესიის ხართ, უპასუხა – პროფესიონალი მაყურებელი. სტურუა სუპერ-პროფესიონალი მაყურებელია თეატრშიცა და საერთოდ, ცხოვრებაშიც. მას უყვარს ყურება, დაკვირვება და ეს ყველაფერი რომ უფრო საინტერესო იყოს, მიმართავს ერთგვარ ექსპერიმენტებს, მანიპულაციებს ცალკეულ ინდივიდებსა თუ ჯგუფებზე, პროვოცირებას უკეთებს მოვლენებს და შემდეგ უყურებს. უყურებს და ტკბება. ერთის მხრივ, იღებს მისთვის საინტერესო ინფორმაციას, რასაც უამექსპერიმენტოდ ძნელად თუ მიიღებდა და მეორეს მხრივ, ერთობა. ამგვარ ექსპერიმენტებს თეატრში ყოველთვის ატარებდა და შედიოდა კიდეც მისი ხელმწიფების სტილში. რა მოხდა და რა ხდება ბოლო წლებში ანუ მას მერე, რაც რობერტ სტურუა ღიად ჩაერთო პოლიტიკურ პროცესებში?  შედეგიდან დავიწყოთ: დღეს, ბევრისგან გაიგონებთ, რომ სტურუა კი არის გენიალური რეჟისორი, მაგრამ მიუღებელია მისი პოლიტიკური ხედვა, პოზიციები, გამოხდომები (ეს მათი შეფასებაა) ანუ რეალურად, ისინი ორად ხლეჩენ სტურუას ფენომენს. არადა, არა მგონია, რაიმე გახლეჩილობასთან გვქონდეს საქმე, არც ის, რომ სტურუას პოლიტიკური პოზიციები და ხედვები ისევე გენიალურია, როგორც სტურუას შედევრალური სპექტაკლები. სულაც არ ვეთანხმებით მის არც ერთ სტატუსს ,,ამ-ამით’‘ დამთავრებულს, ჯერ ერთი, სწორედ იმიტომ, რომ ,,ამ-ამ’‘-ით მთავრდება, რაც იმთავითვე ცხადყოფს, რომ სტურუა თავს იქცევს…

მე მაინც მგონია, რომ ბოლო დროს, ეპატაჟის, ავანტიურიზმის მოტრფიალე რეჟისორს თეატრი ეპატარავა ლაბორატორიად, ექსპერიმენტებისთვის, ცდებისთვის და ა.შ. ეპატარავა, ამიტომაც ადგა და მთელი ქვეყანა აქცია საექსპერიმენტო ლაბორატორიად. ატარებს ცდებს პოლიტიკოსებზე, მასებზე, საზოგადოებაზე. სწორედ ამ კონტექსტში იყო განსახილველი მისი ფეისბუკ-სტატუსებიც. დაწერდა და აკვირდებოდა, ახლა უკვე ვირტუალურ სივრცეში, რამდენ ,,ლაიქს’‘ აიღებდა მისი რეპლიკა, რა მოჰყვებოდა, ვის აღაფრთოვანებდა და ვის შეშლიდა ჭკუიდან.  არჩევნების შემდეგ, თუ გახსოვთ, მისი სტატუსების ხშირი ადრესატი გიგა ბოკერია იყო – იგავების მთელი სერია უძღვნა, მაგრამ გიგა რატომღაც კერკეტი კაკალი გამოდგა, არ შეირყა ჭკუიდან, სხვა, ალბათ, შეირყეოდა.  მოკლედ, სტურუა ზის და ჭადრაკს თამაშობს. ხან ერთი პაიკის გალაზიერებას უწყობს ხელს, ხან – მეორისას.

დღესაც მახსოვს, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს, ბურჯანაძე რომ გააქტიურდა და მას ინტელიგენციის წარმომადგენლები ესტუმრნენ, სტურუა ვერ მივიდა, მაგრამ უსტარი გაუგზავნა – თავისთავად ამ ჟესტში უკვე იყო რაღაც ,,ვეფხისტყაოსნური’‘ – გაუგზავნა წერილი, სადაც წერდა, რომ ,,ვეფხისტყაოსანზე’‘ მუშაობდა, რომ მას ნინო ბურჯანაძე ეთინათინებოდა…. სტურუას ამ ერთაბზაციანმა წერილმა გაცილებით ძლიერად იმოქმედა მაშინ ბურჯანაძეზე, ვიდრე მთელმა იმ დასმა, რომელიც პარლამენტში ეახლა და უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. ზურაბ ჟვანიასთან ერთად, მე თუ მკითხავთ, სტურუას წვლილიც იყო იმაში, რომ ბურჯანაძემ ირწმუნა საკუთარი ,,თინათინობა’‘. რა გითხრათ, მე მთელ მის პოლიტიკურ განცხადებებს, სწორედ ამ კონტექსტში აღვიქვამ და, არ მჯერა, რომ ის რობერტ სტურუა, რომელმაც წლებით ადრე იგრძნო და იწინასწარმეტყველა საბჭოთა კავშირის ნგრევა ,,მეფე ლირში’‘, დღეს ცდება ან მოვლენების ან ფაქტების შეფასებაში. მომკალით და, არ მჯერა, რასაც ის წერდა ოქტომბრის არჩევნებიდან ორიოდე დღის შემდეგ – ამ ქალაქში მზეც სხვანაირად ანათებსო, ამ დილით 7 საათზე ვისეირნე და ქალაქი უჩვეულოდ წყნარიაო… 7 საათზე ქალაქი ყოველთვის წყნარი და მწყაზარი იყო, არათუ მიშას დროს, მე მგონი, მხედრიონის პარპაშის დროსაც კი – ამ დროს, ამ უთენია ყველას სძინავს, მეეზოვეების გარდა…  რატომ ერჩოდა რობერტ სტურუა მიხეილ სააკაშვილს? აქვე დაივიწყეთ და გამოირიცხეთ ყოველგვარი მერკანტილიზმი ანუ ის, რომ სტურუამ რამე სთხოვა სააკაშვილს, სააკაშვილმა არ გაუკეთა და სტურუა გადაეკიდა….

სხვა რეჟისორების შემთხვევაში, ეს უალტერნატივო ჭეშმარიტებაც კია, მაგრამ სტურუას შემთხვევაში, ინვალიდი ტყუილია. ტყუილია იმიტომ, რომ სააკაშვილმა, მისმა ოჯახმა, ძალიან კარგად იცოდა დიდი რეჟისორის ფასი და, ელემენტარულად, არ გაანაწყენებდა, არც მიხეილს აწყენდა სტურუას მხარდაჭერა და თუნდაც მხოლოდ ამიტომ მოიმადლიერებდა, მაგრამ სტურუა-სააკაშვილის ურთიერთობის გახილვა ამ ჭრილში იმას ნიშნავს, რომ არც ერთისა გაგეგება რამე, არც – მეორისა. აბა, რა მოხდა? ექსპერიმენტატორებს არ უყვართ, როცა საცდელი ობიექტი არ ემორჩილება ექსპერიმენტს. სააკაშვილი არანაირ კონტაქტში არ შედიოდა სტურუას თეატრალურ სამყაროსთან  – არც კი მიდიოდა თეატრში. სააკაშვილმა თეატრი თითქოს ტაძრის რანგში მიიღო და, შესაბამისად, მასზეც განავრცო ეკლესიასთან გაფორმებული კონკორდატი და თეატრის საქმეებში საერთოდ არ ერეოდა, მაშინაც კი, როცა ეს თეატრი დგამდა ,,პრეზიდენტსა და დაცვის ბიჭს”. თუ კარგად გახსოვთ, არანაირი რეაქცია არ ყოფილა ამ სპექტაკლზე და შემდეგ თავად თეატრმა გააპიარა – დაფინანსება ჩამოგვეჭრაო. ანუ სააკაშვილი რეაქციას არ აძლევდა თეატრის იერიშებზე, თითქოს არც იმჩნევდა და სწორედ ეს არშემჩნევა აგდებდა აზარტში რობერტ სტურუას. კაკალი რაც უფრო კერკეტია, მით უფრო მეტი ჟინით ცდილობ მის გატეხვას. ჰოდა, სტურუაც ურტყამდა თავის ჩაქუჩს. რიგ შემთხვევებში ეს ჩაქუჩის დარტყმა ერთგვარ აუცილებლობასაც წარმოადგენდა – გაიხსენეთ მისი განცხადება საყოველთაო შიშის სინდრომზე. ეს სინდრომი მართლაც იყო. ცალკე თემაა, რამდენად ჰქონდა საფუძველი, რამდენად გაზვიადებული ჰქონდა თავად საზოგადოებას, ყველას რატომღაც რომ ეგონა უსმენდნენ. არადა, ძაღლადაც არავინ აგდებდა და არც მოსმენაზე ხარჯავდა ფულს, მაგრამ ხომ ეგონათ, რომ უსმენდნენ – არ ვიცი, ალბათ, ამით საკუთარ ამბიციას იკმაყოფილებდნენ გაუკუღმართებული ფორმით, საკუთარ თავს აჯერებდნენ, რომ იმდენად მნიშვნელოვანია მათი პოზიცია, შეხედულება თუ ნააზრევი, რომ მთავრობა დგას და უსმენს. ამ შემთხვევაში სტურუამ უტყუარი დიაგნოზი დაუსვა საზოგადოებას, სადღაც იმ რანგის, რაც თავის დროზე, “მეფე ლირში” დაუსვა საბჭოთა კავშირს, მაგრამ ამ განცხადების გარდა, ყველა სხვა ჩაქუჩის დარტყმა სააკაშვილის მწყობრიდან გამოყვანას ემსახურებოდა და ალბათ სწორედ ამიტომაც გადავიდა ბოლოს იმ ცნობილ განცხადებებზე სომხობასთან დაკავშირებით, სხვანაირად რომ ვერ გამოიყვანა მწყობრიდან.

მე არც მისი რუსეთუმეობის მჯერა, არც მისი გაკეთებული განცხადებების რუსეთთან დაკავშირებით. არ მჯერა იმის, რომ დასავლურ კულტურას ნაზიარები, მეტიც, დასავლური კულტურის შემადგენელი ნაწილი რობერტ სტურუა პრორუსულად აზროვნებდეს ახლა. არ მჯერა ამ შეთქმულების თეორიების, რომ ის რუსეთის კაცია, რომ მისი ბაზარი რუსეთშია და ამიტომ ეპირფერება მათ. სტურუას ადგილი ყველგანაა და მე მაინც მგონია, რომ ის რუსებსაც ეკაიფება, ამ მეოცნებე ხელისუფლებასაც აგიჟებს თავისი მხარდაჭერით და აკვირდება მათ კუნტრუშს. თუ კარგად იკუნტრუშებენ, გააგრძელებს მათ მხარდაჭერას, თუ არა, შეცვლის ურთიერთობის ფორმას და ახლა იმ ჭრილში დააკვირდება.

მას უყვარს ექსპერიმენტები, მანიპულაციები.  მას უყვარს ამგვარი ექსპერიმენტებიც  – რომელიმე აშკარად უნიჭოზე იტყვის, რომ ნიჭიერია და აკვირდება გარშემომყოფებს, როგორ და რანაირად აღწევს მათში მისი ნათქვამი. გარშემომყოფებს თავიდან უკვირთ მაესტროს განაცხადი, შემდეგ ეჭვდებიან საკუთარ თავში, ავტორიტეტს თავისი გააქვს და ისინიც ნელ-ნელა სხვა თვალით უყურებენ იმ უნიჭოს და ის უნიჭო ნელ-ნელა ნიჭიერდება მათ თვალში. აბა როგორ? ბატონმა რობერტმა თქვა, რომ ნიჭიერია, ესე იგი ნიჭიერი ყოფილა და ჩვენ ვერ ვხედავდითო…. სტურუა კი უყურებს მთელ ამ პროცესს და ტკბება საკუთარი ძალაუფლებით. ეღიმება როცა ხედავს, მისი ღიად გაჟღერებული შეფასების შემდეგ, როგორ იცვლება იმ უნიჭოსადმი დამოკიდებულება – აგდებულ, ირონიულ დამოკიდებულებას როგორ ენაცვლება პირფერობა თუ მოწიწება. რა ემართება ამ დროს თავად საექსპერიმენტო ბაჭიას ანუ იმ უნიჭოს, რომელიც ნიჭიერად ,,ეკურთხ”? ის, რა თქმა უნდა, იჯერებს, რომ ნიჭიერია. იჯერებს რომელია?! – ყოველწამიერად გრძნობს იმ ცხელ დამღას შუბლზე, რომლითაც დიდმა რეჟისორმა დადაღა წარწერით ,,ნიჭიერი”. ამ ექსპერიმენტს ხშირად გაგრძელებაც აქვს – ღრუბლებში აჭრილს, ისევ მაესტრო ანარცხებს ძირს, აი, ასე – როგორც ერთი სიტყვით თქვა, რომ ის ნიჭიერია, ასევე ერთი სიტყვით იტყვის, რომ უნიჭოა და ამ თქვენ იკაროსს ფრთები ეტრუსება და ზღართანით ენარცხება მიწას.  სტურუას აქვს იმის ძალა, ერთი სიტყვით მწვანე აგინთოს იმ სამყაროში, რომელსაც თეატრი ჰქვია და ასევე ერთი სიტყვით წითელი აგინთოს და ყველაფერი დაგიმთავროს. მას ერთნაირად ეიოლება როგორც კარგის, ისე ცუდის კეთებაც – ყოველგვარი დიდი ჭაპანწყვეტის გარეშე და სწორედ ეს სიმსუბუქე აგდებს მას აზარტში, ხან მწვანე აუნთოს ვინმეს – სეზონი გახსნას მისი ბედნიერების, ხან წითელი აუნთოს ვინმეს და იყოს მისი უბედურების კანონმდებელი. აი, “ყვითელს” რაც შეეხება – სტურუას შუქნიშანზე მუდამ ანთია, მაგრამ – შეუმჩნევლად. უფრო სწორედ, როდესაც მწვანე ანთია, ისე აბრმავებს ბედნიერებს, რომ ვეღარ ხედავენ ყვითელს. ვერ აცნობიერებენ, რომ მეფის ნავში არიან და მუდამ სიფხიზლე მართებთ.  სტურუას უყვარს მოვლენების პროვოცირება, ეპატაჟი, ერთგვარი პროვოკაციები, ,,ხულიგნობაც’‘, თუ გნებავთ, ექსპერიმენტების ტარება ყველგან და ყველაზე. სამყაროს მიმართ მისი დამოკიდებულება მთლიანპიროვნულია  – იგი ცინიკურად, ირონიულადაა განწყობილი მთელი სამყაროს მიმართ და ეს ჩანს მის სპექტაკლებში, მის ყოველდღიურობაში. იგი არ თამაშობს, ასეთია ანუ – ყველას და ყველაფერს ეთამაშება… ესაა სტურუას პარადოქსი.

რამაზი & ნატაშა

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა ”სახე(ლ)ები – 2011”-ში).

ramaz-01

ის ჩეხეთშია, საქართველოდან შორს, იცის რომ მალე აღარ ეყოლება ცხოვრების მამაკაცი, ვინც ახლა მის გვერდითაა – ჩეხეთში, ვისთან ერთადაც გამოიარა ნახევარი საუკუნე, კაცი – ქართული სცენის გვირგვინოსანი, ქართული თეატრის მეტრი, მარადიული პროტაგონისტი – მსოფლიოს საუკეთესო აქტიორი – რამაზ ჩხიკვაძე. კაცი – მასზე უგონოდ შეყვარებული იმ დროიდან, გემბანზე ასულს რომ მოჰკრა თვალი იალტაში… მან იცის, რომ მალე აღარ ეყოლება რამაზი… ამ დარდს დარდი ემატება – რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრიდან გაუშვეს. სტურუა მათთვის მხოლოდ გენიოსი არაა, ის მათი ცხოვრების ნაწილია – სახელად რობიკო. მათ ცხოვრებაში იყო ყველაფერი – ერთად მიღწეული გამარჯვებები, შემდეგ წყენაც, დაპირისპირებაც, მძვინვარე კონფლიქტიც… მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და… სამივემ – რობიკომაც, რამაზმაც, ნატაშამაც – ყველამ ცალ-ცალკე და ჯამში ერთად, აღმოჩინეს, რომ  ცალ-ცალკე კი ხელეწიფებოდათ გამარჯვება, მაგრამ დიდი გამარჯვება? ”კავკასიურის”, ”რიჩარდის”, ”ლირის” დარი? აღიარეს რომ არა, გამოუტყდნენ საკუთარ თავს და წყენა გაწყალდა… საქართველოდან რეკავენ. საქართველოში ელიან, რას იტყვის გენიოსი რამაზ ჩხიკვაძე თეატრიდან გენიოსის გაშვებაზე. ვიდრე რამაზი ილაპარაკებს, ქართველ მაყურებელს ნატაშა მიმართავს.

natasha chxikvadze

იტყვის, რომ რამაზმა და რობიკომ ეპოქა შექმნეს მსოფლიო თეატრში; რომ ისინი იპყრობდნენ მსოფლიოს და მთელი მსოფლიო იყო მათ ფერხთით. ის არ ტყუის, ”კავკასიური” იყო სპექტაკლი, რომელიც მხოლოდ თეთრ დათვებს და პინგვინებს არ უნახავთ, ანტარქტიდის გარდა მათ არ დაუტოვებიათ კონტინენტი… ნატაშა იტყვის, რომ რამაზი ღელავს, უკიდურესად განიცდის იმას, რაც მოხდა. ეკრანიდან გაამხნევებს რობიკოს, რომ არის ეტაპები, როცა რეჟისორი ვერ ქმნის საეტაპო სპექტაკლებს, მაგრამ არის ისტორია, რომელსაც ვერავინ შექმნის თავიდან, ვერ გადაწერს, ვერ გადახაზავს…

მავანს ეგებ ეჭვიც შეეპაროს ნატაშას გულწრფელობაში, იქნებ გაიხსენოს კიდეც მისი და რობიკოს დაჯახებები, მაგრამ არც კი გავა ნახევარი საათი და ნატაშა სიცოცხლის ფასად დაამტკიცებს გულწრფელობას – გულის შეტევა ჩააქრობს ცეცხლოვანი ქალის სიცოცხლეს… ქალის, რომელსაც ვერ წარმოედგინა ცხოვრება რამაზის გარეშე და არც გაიმეტა ღმერთმა ამისთვის.

უკურნებელი სენისგან განაწამები, დაუძლურებული ლირი ღმერთს შესთხოვს ძალას, ღირსეულად დაკრძალოს საკუთარი ცოლი. და მართლაც – დაკრძალავს, სამარის პროექტსაც მოაწერს ხელს და ნატაშას გარეშე ცხოვრების ლიმიტი 56 დღე იქნება მხოლოდ და ქართული თეატრი დარჩება მეფის გარეშე. მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს?! უკაცრავად, ვის?!…

რამაზ ჩხიკვაძე… მას უწოდებდნენ ”კავკასიელ ლოურენს ოლივეს”, ”კავკასიის მეფეს” და მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს მსახიობს.

არც ერთ ქართველ არტისტზე იმდენი არ დაწერილა მსოფლიოში – რამდენიც მასზე…

რამაზი

9999999999999

რამაზის ბაბუის მამა, თავის ძმებთან ერთად მშობლიური ჩოხატაურის რაიონიდან თელავში წავა სამუშაოდ. მაგრამ ძმები ჩხიკვაძეები იქვე დარჩებიან, გურიაში აღარ დაბრუნდებიან და გათელაველდებიან. სწორედ თელავში დაიბადება რამაზის ბაბუა – ზაქარია ჩხიკვაძე. ზაქარია ჩხიკვაძე თბილისში მიიღებს განათლებას, გახდება აღიარებული ფოლკლორისტი – შეაგროვებს ხალხურ სიმღერებს, ქართულ საგალობლებს – 1896 წელს გამოსცემს კიდეც ქართული ხალხური სიმღერების კრებულს – ”სალამური” – მოზარდებისთვის. სათავეში ჩაუდგება ქაშუეთის მგალობელთა გუნდს. ღვაწლმოსილი ფოლკლორისტის ოჯახს ხშირად სტუმრობენ ივანე ჯავახიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ყაზბეგი, დიმიტრი არაყიშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე, ვანო სარაჯიშვილი…

უკვე თბილისში დაიბადება რამაზის მამა – გრიგოლ ჩხიკვაძე. გრიგოლიც ბავშვობიდან შეიყვარებს ქართულ ხალხურ სიმღერას, ვიოლინოს. შექმნის საბავშვო სიმღერებს. შევა კონსერვატორიაში. აქ, თბილისში, გაიცნობს ვოკალისტ ელენე გაჩეჩილაძეს და 1928 წელს ქვეყანას მოევლინება რამაზ ჩხიკვაძე. მალე რამაზის მამა კონსერვატორიას დაამთავრებს და ასპირანტურაში სწავლის გასაგრძელებლად ლენინგრადს გაემგზავრება ცოლ-შვილთან ერთად. დაიცავს დისერტაციას. სწორედ იქ, პეტერბურგში, აღმოაჩენენ, რომ პატარა რამაზს აქვს უნიკალური სმენა, ხმა და მეტიც – ექვსიოდე წლის რამაზი ფორტეპიანოს მიუჯდება და თავისი ”აწარმოებების” შექმნას დაიწყებს. მშობლების სიხარულს საზღვარი არ ექნება. გავა წლები და რამაზი სიცილით გაიხსენებს მათ სიხარულს, როგორ ხედავდნენ მასში მომავალ გენიას, მომავალ მოცარტს. გავა წლები და რამაზი იხუმრებს იმასაც, ალბათ 7 წლის ასაკში ოპერასაც მომთხოვდნენო… მუსიკოსი მშობლები დიდ იმედს ამყარებენ მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულ რამაზზე, უნდოდათ მუსიკოსი გამხდარიყო – პიანისტი, დირიჟორი, კომპოზიტორი… და დაბრუნდებიან თუ არა, კონსერვატორიაში, ნიჭიერთა ჯგუფში მიაბარებენ.

მოკლედ, ის განწირულია კონსერვატორიისთვის, მაგრამ ბედის მწერალი სხვაგვარად ფიქრობს… პატარა რამაზს სკოლიდან მოზარდმაყურებელთა თეატრში წაიყვანენ და ყველაფერი თავდაყირა დადგება – პატარა რამაზს თეატრი გაიტაცებს, თეატრის გარდა არაფრის გაგონება არ სურს. დაკვრაზეც აიცრუებს გულს. შინ ტრაგედიაა – ”მოცარტი” ეღუპებათ. ”მოცარტი” თეატრისკენ იწევს, ყოველი ახალი სპექტაკლი, ყოველი ახალი ფილმი უფრო და უფრო ანდომებს გახდეს მსახიობი, მაგრამ მაინც დადის კონსერვატორიაში, ნიჭიერთა ჯგუფში. გამოცდის დროც მოვა. გამოცდაზე მისულს კუთვნილ სტიპენდიასაც მისცემენ – მამას გადაეციო. მამა სასწავლო ნაწილს ხელმძღვანელობს კონსერვატორიაში. რამაზი გამოცდის დაწყებამდე დროს იხელთებს, იქვე სპორტულ მაღაზიაში ჩაირბენს, სანუკვარ ბუცების, მაისურების შესათვალიერებლად – მერე მამასთან ერთად რომ მივიდეს და აყიდინოს. მაგრამ ეშხში შესული ”ბუცებს” ფეხზე მოირგებს, მაისურს – ტანზე, ჩაიცმევს მოკლე შარვალსაც და, ბარემ თავადვე გადაუხდის ფულს – კაცურად და ასე ფეხბურთელივით გამოწყობილი აირბენს უკან – კონსერვატორიაში – გამოცდაზე, მაგრამ რა ქნას, ამ ბუცის ”შიპებს” ძლივს ახვედრებს პედალზე… ისედაც გაზარმაცებულია და ამ ”შიპების” გადამკიდე რაღას დაუკრავს? მამა დაკვრას არ დაამთავრებინებს, გამოუშვებს გამოცდიდან და კონსერვატორიიდან. რამაზს ”ჩამოალაბორანტებენ” – სხვა პედაგოგთან მიიყვანენ, მაგრამ არც იქ იკლავს თავს დაკვრით. გული თეატრისკენ მიუწევს. განხიბლული მამა ბედს ურიგდება, უკან დახევას ამჯობინებს, მაგრამ დედა უკომპრომისოა. როიალზე მიბმას უპირებს. ფიქრობს, რომ გაჭრის ძალდატანება. მაგრამ ამაოდ.

პატარა რამაზს ვერ მოდრეკენ. რამაზი შეუვალი ხდება. ის პირველად უპირისპირდება მშობლების ნებას – თეატრს ირჩევს. დაიმახსოვრეთ! ოღონდ მიშიკო აბაშვილი კი არა, ის, რომ რამაზი ასეთივე შეუვალი იქნება ცხოვრების თანამგზავრის არჩევის დროსაც. ადამიანი ცხოვრებაში 2 გადამწყვეტ არჩევანს აკეთებს – პროფესიულ არჩევანს და არჩევანს ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას.  მშობლები არ გაიზიარებენ რამაზის არც ერთ არჩევანს, მაგრამ რამაზი თავისას გაიტანს და დრო აჩვენებს მის არჩევანთა სისწორეს.

მაგრამ იქამდე დიდი გზაა გასავლელი. ომი დაიწყება, რამაზს სოფელში გახიზნავენ ბებიასთან, ზესტაფონთან ახლოს, სოფელ წევაში. რამაზს უყვარს სოფელი. ხიბლავს წყალზე სიარულიც და წისქვილში საფქვავის ტარებაც. ვიდრე არტისტობას მოიწადინებდა, ხომ ”ნასილშჩიკობა” სურდა და სიამოვნებით დაატარებს საფქვავს წისქვილში, თან იქ მოყოლილი ამბებიც ხიბლავს – სიმინდის ჩამოფქვის მოლოდინში ჩამოფქვილი ამბები… მალე კი ასპარეზი მიეცემა საარტისტოდ. ხმა გავარდება ზესტაფონის დაბომბვის. რამაზი თებროლე ბებიას კაბას ჩაიცვამს, ”გრიმსაც” გაიკეთებს – წყლის საღებავებით სახეს შეიღებავს და ”დეკორაციასაც” შეარჩევს – ბუჩქებში ჩასაფრდება, დაელოდება გამვლელს – ვიღაც გამოივლის და ისიც დაიწყებს ბარბაცს, უცხოურადაც გამოელაპარაკება, ზესტაფონსაც ახსენებს და… არის გარდასახვა! ჯაშუშად დასახავენ, გამოუდგებიან. სოფლის ბიჭები გადაარჩენენ, ეტყვიან, რომ თებროლეს შვილიშვილია…

აქეთ-იქით სირბილი თბილისში გაგრძელდება – ომის გამო მოწაფეები ერთი შენობიდან მეორეში გადაყავთ, მეორედან – მესამეში და რამაზსაც მეტი რა უნდა, მშვენიერი ალიბია – ამდენ გადადი-გადმოდიში ვერ ვსწავლობო. არადა ეზარება… მაგრამ ამას მალე ინანებს – სკოლაში დრამწრეს გახსნიან, სპექტაკლს დგამენ! მაგრამ… მთავარ როლებს ფრიადოსნებს დაურიგებენ, რამაზს და მის მეგობარ გივის კი, როგორც საშუალოზე ნაკლებ მოწაფეებს – თითო გარბენს და თითო სიტყვას მისცემენ. მაშინ შეილახება პირველად რამაზ ჩხიკვაძის არტისტული თავმოყვარეობა. იწყენენ ბიჭები, მაგრამ მალე გაიგებენ, რომ პიონერთა სასახლეში დრამწრეა! 13 წლის ბიჭები პიონერთა სასახლეს მიადგებიან. თანატოლებისგან შეიტყობენ, რომ პიესა განაწილებულია და დარჩენილია 2 როლი – მეფისა და მონადირის. რეჟისორი კითხავს, თამაშობდნენ სხვაგან სადმე დრამწრეში თუ ახლა აპირებენ პირველად. 13 წლის რამაზი იფიქრებს, უფრო ამიყვანენ როლზე, თუკი ვიტყვი რომ ბევრი როლი მითამაშიაო და ისეთი რიხით იტყვის, კი, ძალიან ბევრი მითამაშიაო, ალბათ ასეთი რიხით კარიერის დასასრულსაც არ უთქვამს შემდეგ… მაინც რა როლებიო? ჩაეძიებიან, – უფრო მეფეების!  მიუგებს რამაზი. რამაზმა იცის რომ მეფის როლია დარჩენილი, მაგრამ არ იცის, რომ გავა წლები და მართლაც ითამაშებს მეფე ლირს, რიჩარდს… რეჟისორი მიუხვდება ეშმაკობას, დააფასებს მის მონდომებას და მისცემენ როლს… რამაზი მთელი არსებით მიეცემა თეატრის სტიქიას. არადა, ომია, ქაოსი. მხატვრული კითხვის პედაგოგი – ნოდარ ჩხეიძე დრამწრის ბიჭებს პატარა ძმებივით მოუვლის, ხიფათს რომ ააშოროს. შეაყვარებს სიტყვასაც და სპორტსაც – კალათბურთს. გუნდსაც შექმნიან, მათი გუნდი პირველ ადგილსაც კი აიღებს საბჭოთა კავშირის პირველობაზე. ნოდარ ჩხეიძე თავს არ დაზოგავს, რომ ბიჭები გზას არ აცდნენ. რამაზს თავად გზასაცდენილი ბიჭებიც არ მისცემენ გასაქანს, რომ გზას ასცდეს. უბნის ძველი ბიჭები ზარს აგორებდნენ, თავზე მილიცია რომ დაადგათ. ბიჭებმა ფული წყალსადენში დამალეს და გაიქცნენ. იმ ფულს პატარა რამაზი შეუნახავს და დაუბრუნებს ბიჭებს და გახდება მათი საყვარელი რამაზა. ამიტომაც დაუნგრევენ მერე ცხვირ-პირს, როცა ნახავენ, რომ ეს მათი საყვარელი რამაზა სხვა პატარა ბიჭებთან ერთად ზარს აგორებს და გულზე იბრაგუნებს ხელს. ნახავენ და სახეზე კამათელს დაუტრიალებენ, მეორედ რომ აღარ ჰქონდეს სურვილი კამათლის გაგორების…

1

სკოლას დაამთავრებს და ჩაირიცხება თეატრალურ ინსტიტუტში – სამსახიობო ფაკულტეტზე. და ის გახდება თბილისური ბოჰემის გული, პოპულარული სტუდენტი, რომელთანაც ყველას უნდა ურთიერთობა, მეგობრობა, თბილისელი ”მოდური” ქალიშვილების დაბადების დღეები, წვეულებები წარმოუდგენელი ხდება რამაზის გარეშე – რამაზის ელვარე იუმორის, სადღეგრძელოების, სიმღერის, როიალზე დაკვრის გარეშე. მისთვის არაფერი ადამიანური არაა უცხო, იმთავითვე ეტრფის ცხოვრებას, დროსტარებას და – შრომას. თავდაუზოგავად ეუფლება სამსახიობო ოსტატობას, კითხულობს ბევრს, კითხულობს და თარგმნის კლასიკურ დრამატურგიას. ინსტიტუტში ფარიკაობაში ვარჯიშს არ სჯერდება და სპორტულ ფარიკაობაშიც ვარჯიშობს, ვარჯიშობს და მეორე ადგილსაც იღებს საქართველოს ჩემპიონატზე. ამჯერად უკვე აღარ ზოგავს ძალებს მუსიკისთვის, სიმღერისთვის. გავა დრო და მას აღიარებენ უნივერსალურ მსახიობად. მეტიც, მიხეილ თუმანიშვილი იტყვის: ”ძნელი სათქმელია, რა უფრო უყვარს მას – მუსიკა თუ თეატრი, ორივე ეს ხელოვნება ორგანულადაა მასში შერწყმული. მე მეჩვენება, რომ რამაზი სახეს კი ვერ ”ხედავს”, არამედ ყოველთვის ”ისმენს” მას. იგი სახისთვის პოულობს მელოდია-კამერტონს და მას უმორჩილებს თავის სულსა და სხეულს. ასე იყო ”ესპანელ მღვდელში” ლეანდროს როლზე მუშაობისას, ასე იყო ”ჭინჭრაქაშიც” და ყველა სხვა როლშიც.”

იმ როლებამდე კი სტუდენტობაა გასავლელი. წარმატებული სტუდენტობა, წარმატებული როლები ინსტიტუტის სცენაზე. დო მაჟორი – თეატრალურ ინსტიტუტში და დო მინორი – რუსთაველის თეატრში მოხვედრის შემდეგ. უკვე სახელგანთქმული რამაზ ჩხიკვაძე კი იტყვის, რომ თეატრში მისვლისთანავე ითამაშა ”ესპანელ მღვდელში”, მაგრამ ეს ასე არ იყო… ეს უფრო შემდეგმა დიდმა წარმატებამ გადაავიწყა ის მტკივნეული 4 წელი – ის კაი ხანს ჩაიკარგება უზარმაზარ სივრცესა და უღიმღამო როლებში. აკი, ორჯერ დააპირებს კიდეც საერთოდ თეატრის მიტოვებას და საოპერო, ვოკალურ ხელოვნებაში გადანაცვლებას… ზუსტად 4 წელი გაივლის წარმატებულ როლამდე – სანამ თუმანიშვილი არ ათამაშებს ”ესპანელ მღვდელში”. შემდეგ კვლავ უღიმღამო ხუთი წელი მეორე წარმატებამდე – სპექტაკლამდე ”როცა ასეთი სიყვარულია”.

chinchraqa 1

მერე გაიხსნება მცირე სცენა და გაიხსნება დიდი რამაზი – ქოსა მრჩევლით ”ჭინჭრაქაში”. ”ჭინჭრაქა” ახალი თეატრის მანიფესტად შეირაცხება, სერგო ზაქარიაძისა და რამაზ ჩხიკვაძის თამაში კი – პირობით-გროტესკული ე.წ. ”ღია თამაშის” ეტალონად.  ეს ბოლოს, თავიდან კი რამაზ ჩხიკვაძე კარლო საკანდელიძის დუბლადაა დანიშნული ჭინჭრაქას როლზე. 35 წლის რამაზის გულს დიდად არ ეკარება ჩიკორივით მობზრიალე ბიჭის როლი, უფრო ქოსიკოს როლი მოსწონს, მაგრამ ამ როლზე გივი ჭიჭინაძე და ბორის წიფურია არიან დანიშნულნი. რეპეტიციებს თითქმის სულ კარლო საკანდელიძე გადის. რამაზი  პარტერიდან ადევნებს თვალს. ერთ დღესაც მაესტრო სცენაზე იხმობს რამაზ ჩხიკვაძე. ”დილას წელკავი დამეტაკა და წელში ვერ ვიმართებოდი. ძლივს ავდექი და ვთხოვე, მოდი, ქოსიკოს როლს მოვსინჯავ-მეთქი. არაფერი უთქვამს, მე წელში ოთხად მოიხრილი და ათჯერ მოკაკული, კვნესით, ტკივილისგან უნებლიე წამოყვირებით, რის ვაივაგლახით ავედი სცენაზე და იატაკზე ჩავჯექი, ქოსიკოს პირველი სიტყვები ასე დამჯდარმა წამოვიკნავლე. მიშა წამოხტა, სახე გაუბრწყინდა და იყვირა – განაგრძე რეპეტიცია, იჯექი მანდ. დაიწყე… კარგია ეგ რადიკულიტიც. მე მგონი, მიშამ იფიქრა, ეს ყველაფერი ამ როლისთვის საგანგებოდ მოვიგონე და აღფრთოვანდა. აი, მაშინ გადაწყდა ჩემი ამ როლზე დანიშვნაც, ასე დავტოვეთ სპექტაკლში ჩემი წელკავიც, მიმკვდარი ხმით ლაპარაკიც და ასე დაიბადა ქოსიკოს ნიღაბი” – იტყვის მრავალი წლის შემდეგ რამაზ ჩხიკვაძე. მაესტრო თუმანიშვილი კი დაწერს:

”ქოსა-მრჩეველი ”ჭინჭრაქაში” თითქოს მისი შემოქმედებითი გზის ”მეორე ეტაპის” დასაწყისი აღმოჩნდა. ამ მეორე ეტაპზე ის საბოლოოდ უკვე უჩემოდ განვითარდა – ჩვენ გავიყარენით. დიდებისკენ მისი აღმასვლა ამის შემდეგ დაიწყო. დღეს რამაზ ჩხიკვაძე სახელმოხვეჭილი მსახიობია, მას ოვაციები გაუმართეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ”ჭინჭრაქაზე” მუშაობის დროს ჩვენ ახალგაზრდები უკვე აღარ ვიყავით, მაგრამ ის დრო რამაზისთვის ჯერ კიდევ მსახიობური ახალგაზრდობის დრო იყო. ”შვიდკაცაში” იგი თანასწორთა შორის თანასწორი იყო, ახლა – პირველია”. 

winwraqa-3

თუმანიშვილი იტყვის, რომ ქოსა მრჩევლით დაიწყო რამაზ ჩხიკვაძის შემოქმედების მეორე ეტაპი, სტურუა იტყვის, რომ ”რამაზ ჩხიკვაძე ქოსა მრჩევლიდან იწყება”… თუმანიშვილი კი წერს, რომ ”ჭინჭრაქას” შემდეგ ისინი გაიყარნენ, მაგრამ ”ჭინჭრაქას” შემდეგ რამაზი კიდევ ითამაშებს ედმუნდს თუმანიშვილის ”მეფე ლირში”,  სტვირას ”ზაფხულის ღამის სიზმარში”, სიპიტოს ”მიწის შვილებში”, ხახულის ”კოლმეურნის ქორწინებაში”… მაგრამ ყველა ეს სპექტაკლი უიღბლო აღმოჩნდება. რამაზ ჩხიკვაძის და რობერტ სტურუას პირველი შეხვედრა ჟაკ რობერის შეხვედრაშიშედგება. შემდეგ ”მზიან ღამეშიც”, ”ხანუმაშიც”. მათი ბედი ერთმანეთს ჩაეწნება. ”ხანუმა” მათი თანამშრომლობის ახალი ეტაპი  აღმოჩნდება, რომელსაც ”სამანიშვილის დედინაცვალი” დაგვირგვინებს, მათი ტანდემის საბოლოო ფორმირება კი ”ყვარყვარეში” მოხდება. სწორედ ეს დიდი ტანდემი მოუტანს მსოფლიო აღიარებას რუსთაველის თეატრს… ნოდარ გურაბანიძის თქმით, ”ყვარყვარე” პირველი სპექტაკლია იმ თეატრისა, რომელსაც დღეს ”რობერტ სტურუას თეატრი” ჰქვია… ”ყვარყვარეს” პრემიერიდან 30 წლის შემდეგ რამაზ ჩხიკვაძე მეტყვის: მეც და რობიკოც ვამბობთ ხოლმე, ჩვენი ყველაზე კარგი სპექტაკლი იყო ყვარყვარე”, ყველაზე ძლიერი, საინტერესო. ცოტა დროსაც კი გაუსწრო და მაყურებელმა მაინცდამაინც ვერ აღიქვა”.

samanishvili

xanuma

ყვარყვარეს შემდეგ იქნება დაუვიწყარი ”კავკასიური ცარცის წრე”, რომლითაც თეატრი საბჭოთა წრეს გაარღვევს და საგასტროლოდ გავა საზღვარგარეთ – გერმანიაში – ზაარბრიუკენსა და დიუსელდორფში. ტაშის მოძულე, ცალხელა დიუსელდორფს მეორე ხელს რამაზი გამოაბამს – გამოვა თუ არა სცენაზე – დარბაზი დაინგრევა ტაშით…

გერმანიას მოჰყვება მექსიკა – ფესტივალი ”სერვანტინო-5”. ჩხიკვაძეს სწორედ მექსიკაში მოიხსენებენ პირველად, როგორც ”მსოფლიო მნიშვნელობის თეატრალურ ვარსკვლავს”. ინგლისელი მაიკლ კოვენი კი ”ფაინენშალ თაიმსში” დაწერს: რამაზ ჩხიკვაძე ერთ-ერთი უდიდესი მსახიობთაგანია, ვინც ოდესმე მინახავს…

azdaki

რამაზს ჯერ არ უთამაშია რიჩარდი. მაიკლ კოვენი კი დაწერს, რომ მზადაა თბილისში ფეხით ჩავიდეს მისი რიჩარდის სანახავად. რიჩარდის ნახვის შემდეგ კი სწორედ მაიკლ კოვენი გამოაცხადებს რამაზ ჩხიკვაძეს ლოურენს ოლივიედ – ”ჩხიკვაძე კავკასიელი ლოურენს ოლივიეა, რომელიც სცენიდან მომხიბლაობას, სიკეთესა და სიბრძნეს აფრქვევს”.

სტურუას ”კავკასიური ცარცის წრე” შევა მეოცე საუკუნის მსოფლიოს ას საუკეთესო სპექტაკლში. რამაზ ჩხიკვაძის რიჩარდ მესამე –  ყველა დროის რიჩარდების ათეულში.

hhhhhhhhhhhhhh

ამ აღიარებამდე კი რთულ გზას გაივლის ”რიჩარდი”. ჯერ თავად რამაზი გაოცდება, როცა სტურუა რიჩარდის როლს მისცემს. უარესად გაოცდება საზოგადოება, კონკურენტები აიმრიზებიან, მარცხის მოლოდინში გაინაბებიან და ერთ ხანს გაიხარებენ კიდეც – ”რიჩარდ მესამის” თავდაპირველი ვარიანტი თავად ტანდემსაც სტურუა-ჩხიკვაძესაც დააეჭვებთ და მათ მართლაც კეთილისმსურველთაც. ჩასაფრებული პუბლიკა გულს მოიოხებს, ნიშს მოუგებს, მაგრამ ნაადრევი და ბერწი აღმოჩნდება მათი სიხარული. სტურუა მუშაობას განაახლებს ”რიჩარდ მესამეზე” და ყველა გაისუსება, როცა ”რიჩარდი” ედინბურგს და ლონდონის ”რაუნდ ჰაუზს” დაიპყრობს. ედინბურგში გამოსვლის შემდეგ, შოტლანდიის უპირველესი გაზეთი ”ობსერვერი” გამოაქვეყნებს სტატიას სათაურით – ”რამაზი – კავკასიის მეფე”. ედინბურგში და ”რაუნდ ჰაუზში” ფენომენალური წარმატების შემდეგ ინგლისური თეატრალური სამყარო რამაზ ჩხიკვაძეს მეოცე საუკუნის უდიდეს მსახიობად აღიარებს. ”რამაზ ჩხიკვაძე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მსახიობია” (”თაიმსი”).

B9CMPX

Tbileli_Marina_12

Tbileli_Marina_89

images

richardi-2

რიჩარდის შემდეგ ჩხიკვაძე ითამაშებს სპექტაკლში ”ვარიაციები თანამედროვე თემაზე”, ითამაშებს ჰიტლერს ”ას ერგასის დღეში” (კინოში სტალინის როლის განსახიერების შემდეგ) და ლირს. ”ლირზე”, მუშაობას 1982 წელს დაიწყებენ და 1987 წელს დაასრულებენ. ”აი, საქართველოს ლირი, ტირანი ქარიშხალში”- დაწერს იტალიური ”კორიერე დე ლა სერა”… 1987 წელს მას იწვევენ ლონდონში, მსოფლიოს ვარსკვლავთა გალა-კონცერტში, სადაც ორ ნაწყვეტს თამაშობს ”მეფე ლირიდან”. პარტნიორობას ვანესა რედგრეივი უწევს, ვანესა რედგრეივი კორდელიას როლის ნაწყვეტს რამაზის საპატივსაცემოდ ქართულად ისწავლის და ითამაშებს… ინგლისში, ქალაქ ლესტერში, 1988 წელს ბენეფისს გაუმართავენ რამაზ ჩხიკვაძეს…მალე ქარიშხალი მინელდება… მეფე ლირი რამაზ ჩხიკვაძის ბოლო როლი აღმოჩნდება რუსთაველის თეატრში… სტურუასა და ჩხიკვაძეს შორის სირბილს დაიწყებენ შავი კატები, რომელიც დათარსავენ მთელ ქართულ თეატრს…

liri1

რამაზ ჩხიკვაძე საუბარს დაიწყებს პენსიაზე. მისი არ სჯერათ. მაგრამ მას სჯერა. 1988 წელი. ათენი. ღია ცის ქვეშ უნდა ითამაშონ ”ლირი”, ”რიჩარდი”. რამაზი უკვე ღიად და დაუფარავად აცხადებს, რომ აღარ ითამაშებს ახალ სპექტაკლებში, რომ გავა პენსიაზე და მხოლოდ ძველ სპექტაკლებს ითამაშებს – მიწვევით. არადა, ჯერ მხოლოდ 1988 წელია. ის მხოლოდ 60 წლისაა. მაგრამ ეს ასე მოხდება. რამაზი თეატრთან ერთად იქნება მადრიდის დიდ საერთაშორისო ფესტივალზე, ჰელსინკში, იერუსალიმში, პრაღაში, მილანში… მაგრამ ის უკვე წასულია თეატრიდან…

სცენის მეფე სცენის გარეშე რჩება, გავა წლები და ის არავის დააბრალებს ამ სიტუაციას. პირიქით იტყვის, რომ რობერტ სტურუამ რამდენიმეჯერ შესთავაზა სხვადასხვა პიესა – შექსპირის ”ვენეციელი ვაჭარი”, ”ალუბლის ბაღი” (ფირსის როლი)…

გავა რამდენიმე წელი და რამაზ ჩხიკვაძე ითამაშებს ავთო ვარსიმაშვილის ”სიკვდილის როკვაში”. ეს მისი ბოლო როლი იქნება საერთოდ სცენაზე…

llllllllllllllllllllllll

კინოსთან ურთიერთობას კი არ გაწყვეტს სიცოცხლის ბოლო წლებამდე. 23 წლის იყო პირველად მომხსენებელი, რომ განასახიერა ”მწვერვალთა დამპყრობნში”. შემდეგ კი იყო არიქიტექტორი შოთა ”ჭრიჭინაში” და შემდეგ 70-ზე მეტი კინოგმირი ქართულ და არა მხოლოდ ქართულ ფილმებში. თავიდან საშიშროება (ისევე როგორც თავიდან თეატრში), რომ ბრწყინვალე გარეგნობის გამო დარჩენილიყო და ”ჩარჩენილიყო” ”შეყვარებულთა” როლებში, მაგრამ ისევე როგორც სცენაზე, კინოშიც წარსულს ჩაბარდა ეს საფრთხე და შთამომავლობას დარჩა მისი ბრწყინვალე სახეები ფილმებში ”ფესვები”, ”ლონდრე”, ”ვერის უბნის მელოდიები”, ”ვედრება”, ”ნატვრის ხე”, ”აშუღ-ყარიბი”… შთამომავლობას დარჩება მისი ბრწყინვალედ გახმოვანებული მულტფილმები… შთამომავლობას დარჩება დიდი ლეგენდა ”რამაზ ჩხიკვაძე”…

ppppppppppppppppppppppp

yvaryvare1

yvaryvare-2

yvaryvare-3

ფრაგმენტი 2005 წელს ჩაწერილი ინტერვიუდან:

რამაზ ჩხიკვაძე: ”ახლაც ავად ვარ, ძალიან დავსუსტდი, არ ვიცი, როდის აღვიდგენ ძალას… მე სიმსივნე მქონდა ცოტა ისეთი, ნაღდი სიმსივნე… ადამიანი იბადება და უნდა წავიდეს კიდეც ამ ქვეყნიდან, აქ საპანიკო არაფერია, მაგრამ თუ რაიმეს ეშველება, უნდა გააკეთო ყველაფერი,  სიცოცხლე ვის არ უნდა კაცო და მეც მინდა… წამლებში ვარ სულ… უნდა ბევრი ვიარო ჰაერზე, ჰაერი უნდა ვყლაპო ბევრი და საჭმელები უნდა ვჭამო განსაკუთრებული, რომ ჯანმრთელობა აღსდგეს…

ცხოვრებაში მე მიყვარდა შრომა და ქეიფი. მაგრამ ჩვენთვის ჯერ შრომა იყო და მერე ქეიფი, არ არსებობდა, რომ ჩვენ სპექტაკლის წინ გვექეიფა და ვინმე სცენაზე მთვრალი გამოსულიყო. თან, კაცო, დილით რეპეტიცია გვქონდა, მერე კინოსტუდიაში გადაღებაზე გავრბოდით, საღამოს სპექტაკლს ვთამაშობდით, სპექტაკლის შემდეგ ვიქეიფებდით დილამდე და დილით ისევ რეპეტიციაზე მოვიდოდით. ახლა რომ ვფიქრობ, რა ენერგია გვქონდა, კაცო, როგორ ვძლებდით… პირდაპირ საოცარია. ახლა, მაგისნაირად ერთი დღე რომ გამაკეთებინა, მე ამ ქვეყნიდან წავიდოდი კიდევაც. ეჰ, ჩვენ, ქართველებმა, არც ღვინის სმა ვიცით ზომიერი და არც ჭამა… საზღვარგარეთ 3-4 ჭიქას დალევენ და მორჩა, ჩვენ 3 ლიტრას არ ვკმარებდით… ჩვენ რომ ღვინის სმის და ჭამის კულტურა გვქონოდა, დარწმუნებული ვარ, რომ  წასული ხალხიდან 50% დღესაც ცოცხალი იქნებოდა… ჩვენი თაობის ხალხი, ვინც დავრჩით, ხანდახან დავჯდებით ხოლმე, ვპურმარილობთ. ახლა უკვე ჭკვიანურად ვსვამთ, ისე აღარ ვიხოცავთ თავებს… აირწინაღით რომ მაქვს დალეული ღვინო, ხომ იცით? ახლა აღარ ვსვამთ აირწინაღებით, აღარც ბოთლებით დალევით ვცდილობთ ერთმანეთის გაკვირვებას და არც ბავშვის ”გარშოკებს” ვითხოვთ… ახლა მოგონებებით ვხოვრობთ, ხანდახან წავუღიღინებთ ხოლმე, ბებერი ხმებით. ოღონდ ბევრ ხალხში ქეიფი არც ადრე მიყვარდა და არც ახლა შემიძლია. აი, ქორწილი რომ არის და დამპატიჟებენ, არ ვიცი, სად წავიდე, რა მოვიმიზეზო… დანაყრდები ნახევარ საათში, მეტი რამდენი უნდა ჭამო? მერე აღარ  იცი რა აკეთო. ისიც თუ ჭკვიანები არიან, კიდევ კარგი, თორემ თუ სროლა ატყდა და ბოთლების რაკა-რუკი, მაშინ ხომ სულ დამშვენებული მოდიხარ… ჩვენ წრეში ჩხუბი არასოდეს მომხდარა, მაგრამ ხშირად მოვხვედრილვარ ბოთლების რაკი-რუკში, გამშველებლებიც ვყოფილვართ და ერთი მეორე. მახსოვს, დილის სპექტაკლი ვითამაშეთ, საღამოსაც სპექტაკლი გვქონდა, ერთი ჩვენი მსახიობი (აცხონოს ღმერთმა), გადაგვეკიდა, წავიდეთ, კარგი პურ-მარილია გაშლილი, ნუ დავლევთ, უბრალოდ, ვისადილოთ და წამოვიდეთო. ბოლო-ბოლო დაგვითანხმა, წავედით. იმ სართულზე რომ ავედით, რაღაცა ხმაური შემოგვესმა, კი არ გვესიამოვნა, მაგრამ რაღას ვიზამდით? იმ კარებსაც მივადექით, გააღეს და დარბის დასისხლიანებული ხალხი, ერთმანეთს ურტყამენ, ვინ სკამს ურტყამს, ვინ ბოთლს ისვრის, აბა ჩავერიეთ, წავიდა გაშველება, რაც ჩვენ მოგხვდა იმ დღეს… სულ ღვინით დაწუწულები, დასისხლიანებულები, დანგრეულები, დალეწილები წამოვედით. ლუკმა ჩვენ არ გვიჭამია, დახეული პიჯაკებით შემოვედით თეატრში, გაგიჟდნენ თეატრში, სად იყავით კაცო, ომში? ახლაც, ავლაბარში, იმ სახლს რომ გავუვლი, ისტერიული ხარხარი მიტყდება… რა გითხრათ, მე ბედნიერი კაცი ვარ. ისე აეწყო ჩემი ცხოვრება, რომ თეატრშიც სულ მუდამ როლებს მაძლევდნენ, მაძლევდნენ და მაძლევდნენ, კინოშიც სამუშაო ყოველთვის მქონდა. თავიდან ტელევიზია  შეიქმნა და სულ მე და ეროსი ვიყავით ყველა დადგმაში… სამუშაო მე არ მომკლებია, ყელამდე მქონდა, იმდენი მქონდა, რომ მეტი იყო უკვე, აღარ შეიძლებოდა იმის ატანა, ეს იყო ყველაზე დიდი ბედნიერება. მერე ის სპექტაკლები სადაც მე ვმონაწილეობდი, კარგი სპექტაკლები იყო, ჯერ მიშა თუმანიშვილის დროს, მერე რობიკოს დროს, მთელი რიგი სპექტაკლებისა, რომელიც ზედიზედ კარგი და კარგი იყო. ამდენი გასტროლი, ამდენი წარმატება… ჩემისთანა კაცი, როგორ შეიძლება რომ ნაწყენი ვიყო კიდე რამეზე? ხშირად მეკითხებიან, არის რამე როლი, რომ გინდოდათ გეთამაშათ და გული გწყდებათ რომ არ ითამაშეთო? არა, კაცო, არა, როგორ შეიძლება, რა ღორმუცელობაა, კიდე როლი რომ მომენდომებინა?! არა, ბატონო, არ ყოფილა, პირიქით, ზედმეტად ვიყავი დატვირთული ყოველთვის და მადლობას ვუხდი ღმერთს ამისთვის…”

ნატაშა

uuuuuuuuuuuuuuuuuuuu

რამაზი და ნატაშა. ისინი გემზე შეხვდებიან ერთმანეთს. რამაზ ჩხიკვაძე და გურამ საღარაძე ხანმოკლე შვებულების გასატარებლად ბათუმიდან გემით წავლენ  ოდესაში, ოდესაში ჯაზ-ორკჯესტრია ჩასული საგასტროლოდ. იალტაში გემბანზე ნატაშა კობახიძე ავა მეგობრებთან ერთად… ”დავინახე ნატაშა, საოცარი სილამაზის ქალი. საოცარი ტან-ფეხით, ვახ-მეთქი, შენ გენაცვალე” – ასე გაიხსენებს ნატაშას პირველ ხილვას გურამ საღარაძე, რომელმაც გაიცნო და რამაზს გააცნო ნატაშა…

”მთელი საღამო ერთად გავატარეთ სუფრასთან, მე, რამაზმა, ნატაშამ და მისმა მეგობარმა, საუბარში დაგვათენდა… რამაზი მომიტრიალდა და მითხრა: ”მე ამ ქალს ცოლად შევირთავდი”- გაიხსენებს გურამ საღარაძე, გაიხსენებს როცა ამ ქვეყნად აღარ იქნებიან აღარც რამაზი და აღარც ნატაშა… გაიხსენებს იმასაც, თუ როგორ შეთანხმდნენ შეხვედრაზე რამაზი და ნატაშა მაშინ, თუ როგორ მოხდება ისე, რომ ეს ბედნიერი შეხვედრა ვერ შედგება, მაგრამ გავა დრო და ისინი მაინც შეხვდებიან ერთმანეთს. ”ისეთი სიყვარული მე არ მინახავს”– იტყვის გურამ საღარაძე.

”ნატაშა სრულიად მოულოდნელად გავიცანი. გურამ საღარაძესთან ერთად, ბათუმიდან გემით სამოგზაუროდ ოდესაში მივდიოდი. ნატაშა ტავის დაქალტან ერტად ამოვიდა იალტაში. ვკითხეთ, საით მიბრძანდებით? ოდესაში მივდივართ, იქდან მოსკოვშიო. მაშინ გავიცანი, დავახლოვდით, ერთი, მეორე… მერე როგორც ხდება ყველაფერი…” – ასე იხსენებდა ჩემთან საუბარში ნატაშას გაცნობას ბატონი რამაზი…

a5981

ნატაშას ეშხი ერთნაირად აშტერებდა ყველას – მის დამნახავს ყველას ყბა უვარდებოდა… თეატრის დიდი მცოდნე და არანაკლებ დიდი ესთეტი ნოდარ გურაბანიძე ასე გვიხატავს ნატაშას პორტრეტს: ”ნატალია იმთავითვე ტიპიური მოსკოვური შარმითა და მომხიბლავობით გამოირჩეოდა. ულამაზეს სლავ ქალთა საზოგადოებაშიც აშკარად განუმეორებელი იყო არა მხოლოდ უზადო გარეგნობით და ჩამოქნილი სხეულით, არამედ ევროპულ-აღმოსავლური იერის იშვიათი მიმზიდველობის ძალითაც. აქ ერთმანეთს ერწყმოდა პლასტიკა და ქალური სინაზე, მკვეთრი ნაკვთები და სილბო, ძალა და მიბნედილობა. როცა ახლოს გავიცანი, განცვიფრებული დავრჩი მისი ინტელექტით და აზროვნების სიცხადით. მხოლოდ სარაინდო რომანებში თუ შემხვედრია ასეთი ლამაზი და ჭკვიანი ქალბატონები, რომელთა გულისთვის თავგადასავლების მოყვარული ვაჟკაცები არავითარ ფათერაკს არ ერიდებიან”…

ფათერაკები არა, მაგრამ არც რამაზს ასცდება დაბრკოლებები… როგორც თავად გაიხსენებს, ბევრ მძიმე დღეებს გამოივლიან, იქნება ბევრი ხელისშემშლელი პირობებიც, ბევრი ჭორიც, ბევრი უბედურებაც… რამაზის მშობლებს ბევრ ცუდს ეტყვიან ნატაშაზე, რამაზს ოჯახთან ურთიერთობა დაეძაბება, მაგრამ უკან არ დაიხევს – შინიდან წავა. ხან სად იცხოვრებენ, ხან სად, როგორც თავად იტყვის 20 ბინას გამოიცვლიან, სარდაფშიც მოუწევთ ცხოვრება, სხვენზეც, მეგობრებთანაც- ცოტა ხანს ეროსისთან, კარლო საკანდელიძის ოჯახშიც, ედიშერ მაღალაშვილთანაც, რაღაც პერიოდი ეროსის მეზობლებმაც შეიფარებენ… ”რა არ გადავიტანეთ, მაგრამ მაინც ჩვენი გავიტანეთ”– კმაყოფილი დასძენს ბოლოს…

fffff

ნოდარ გურაბანიძე დაწერს, რომ ნატაშას გარეგნობამ მალე მიიპყრო თბილისური საზოგადოების და ყმაწვილკაცების ყურადღება, მაგრამ იგი პირველად აფეთქებული გრძნობების ერთგული დარჩა ბოლომდე”.

ნატაშას გარეგნობით კინოც დაინტერესდება, 1959 წელს შოთა მანაგაძე მთავარ როლში გადაიღებს ფილმში ”ყვავილი თოვლზე”. ეს იქნება მისი პირველი და უკანასკნელი ფილმი. მას არ მოხიბლავს სამსახიობო კარიერა. პროფესიით მეტალურგია, მეცნიერი – ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.

აღარ იქნება ნატაშა და ახლობლები გაიხსენებენ ნატაშას ნათქვამს, ჩემი აკადემიკოსობით საქართველოს ბევრი არაფერი მოემატება, გადავწყვიტე რამაზს შევუწყო ხელი”.

ასეც მოხდა და რომ არ მომხდარიყო ასე… რასაკვირველია, დიდი და მრავალმხრივი ნიჭის რამაზ ჩხიკვაძე უეჭველად მიაღწევდა დიდ წარმატებას სამსახიობო კარიერაში, მაგრამ, შესაძლოა, ვერ გამხდარიყო ისეთი დიადი, როგორიც დღეს არის, რომ არა ნატალიას უდიდესი გულისყური და ყოველდღიური ზრუნვა თავისი სათაყვანებელი მეუღლისადმი. მან რამაზ ჩხიკვაძე ოჯახური ყოველდღიურობის სიმძიმისგან გაანთავისუფლა. მუშაობისთვის იდეალური პირობები, კულტურული ატმოსფერო შეუქმნა” – დაწერს ნოდარ გურაბანიძე ფანტასტიკურ რამაზ ჩხიკვაძეში”.

მაგრამ მხოლოდ ეს არ იყო… ნატაშა არ ყოფილა ცოლი, რომელიც მხოლოდ კომფორტს და ოჯახურ მყუდროებას უქმნიდა დიდ მსახიობს. როგორც ჯემალ ღაღანიძე იტყვის, ნატაშა რუსთაველის თეატრის არაოფიციალური მენეჯერი იყო… სწორედ აქ გაიფურჩქნა მისი ნიჭი, გონიერება და თანდაყოლილი დიპლომატიური უნარი. აქ ჰპოვა გასაქანი მისმა საარაკო მიზანსწრაფულობამ და მისმა ტემპერამენტმა… ნატაშას დაახლოება რამაზთან და რუსთაველის თეატრთან თითქმის ერთდროულად დაიწყო. მიხეილ თუმანიშვილის “ჭინჭრაქას” დროიდან იგი თეატრის ყველაზე დაახლოებულ ადამიანად იქცა. რობერტ სტურუას “ყვარყვარეს” შემდეგ კი იგი თითქმის თეატრის კოლექტივის წევრი გახდა.”- დაწერს ნოდარ გურაბანიძე.

aaaaaaaaaaaaa

სწორედ ნატაშას დამსახურებაც იქნება ის, მაყურებელმა რომ იხილა ”ყვარყვარე~. პარტიული ელიტა ჯოჯოხეთურ გზას გამოატარებს სტურუას შედევრალურ ”ყვარყვარეს” – 11-ჯერ მოუწყობს დახურული ჩვენებას, 11-ჯერ ითამაშებენ მსახიობები სპექტაკლს უმაყურებლოდ, მხოლოდ რამდენიმე კაცის თანდასწრებით. თეატრში დაწესდება მკაცრი კონტროლი და ამ დახურულ ჩვენებებზე მხოლოდ ცეკას რამოდენიმე ოფიციალურ პირს შეეძლება დასწრება. ეს ოფიციალურად, მაგრამ არაოფიციალურად… ნატაშა ყველა ამ სპექტაკლს დაესწრება,  მარტო თვითონ კი არა, სხვებსაც შეიყვანს – ისეთ პირებს, რომელთა აზრს საზოგადოება დიდ ანგარიშს უწევს. სპექტაკლით აღტაცებულებმა ქალაქში ხმა გაავრცელეს, სტურუას და ჩხიკვაძის გენიალურ ნამუშევარს კრძალავენო (თუმცა აკრძალვამდე საქმე ჯერ არ იყო მისული). ასე შეიქმნა საზოგადოებრივი აზრი, რომლის ჩამოყალიბებაში ნატალიას მცირე როლი როდი მიუძღვის” (ნოდარ გურაბანიძე).

თბილისელები ”რატომღაც”, ”რაღაცნაირად” ყოველთვის გაიგებენ როდის იმართება ეს დახურული ჩვენებები. ყველა ასეთ ჩვენებაზე უამრავი ხალხი მოიყრის თავს თეატრის წინ, ფოიეში და დაელოდებიან განაჩენს, იქნება აჟიოტაჟი, ცხარე კამათი და როგორც გურაბანიძე გაიხსენებს  ”… ატმოსფერო ისეთი გავარვარებული იყო, რომ ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო აფეთქება, საბოლოოდ მაინც საღმა აზრმა გაიმარჯვა და სპექტაკლის პრემიერა ტრიუმფად იქცა”.

მალე კი, რამაზის და ნატაშას ბინა გახდება ადგილი, სადაც თავს  მოიყრიან მაღალი რანგის სტუმრები – თეატრალები, გამოჩენილი რეჟისორები და მსახიობები, იმპრესარიოები, ”გოსკონცერტის” ხელმძღვანელები, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალების დირექტორები, სახელგანთქმული თეატრალური კრიტიკოსები…

როდესაც ”რიჩარდ მესამის” თავდაპირველი ვარიანტი დააეჭვებთ თავად სპექტაკლის ავტორებს, სწორედ ნატაშა ჩხიკვაძის თანადგომით ჩამოიყვანენ მოსკოვიდან თბილისში ინგლისური თეატრისა და შექსპირის შემოქმედების საუკეთესო მცოდნეს ა. ბარტოშევიჩს, რომლის შენიშვნებიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს შემდგომ მუშაობაში. სწორედ ნატაშა ჩხიკვაძის სახელს დაუკავშირდება რუსთაველის თეატრის არაერთი გასვლა საზღვარგარეთ. მის აქტივში იქნება მხოლოდ რუსთაველის, არამედ შემდეგ სხვა თეატრების გაყვანაც საზღვარგარეთ.

ფრაგმენტი 2005 წელს ჩაწერილი ინტერვიუდან:

 ბატონო რამაზ, ნათქვამია, კაცებს ჭკვიანი ქალები არ მოსწონთ, გაურბიანო, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით თქვენზე. თქვენ თუ გიქმნიდათ რაიმე დისკომფორტს ის ფაქტი, რომ სახლში ჭკვიანი ცოლი გყავთ?

– ახლა (იცინის)… ჩემი ცოლი სოკრატე არ არის და არც არისტოტელე, მაგრამ ჩვეულებრივად განათლებული ქალია, უმაღლესი აქვს დამთავრებული, საკანდიდატო დისერტაცია აქვს დაცული, საერთოდ გამჭრიახი გონება აქვს. ჭკვიანი ქალი კარგია, აბა უჭკუო ვის რად უნდა? რა გითხრათ, ჩვენ დიდი შეხლა-შემოხლა არ გვქონია (იცინის), როცა ქალი ნორმალურად ჭკვიანობს ასატანია…

 თქვენ როგორ გიწყობდათ ხელს ქალბატონი ნატაშა თქვენი კარიერის მანძილზე?

– იმით, რომ არ მაქებდა და მუდამ კრიტიკული იყო ჩემი შემოქმედების მიმართ. ბევრი ცოლი შეყვარებულია ქმრის შემოქმედებაზე და სულ ტაშს უკრავს `ო, რა კარგია, ო, რა კარგია~, ეს, რა თქმა უნდა, მაინც ცუდად მოქმედებს ადამიანზე, განსაკუთრებით თავიდან, სანამ სპექტაკლი ჩამოუყალიბებელია, დაუღვინებელია. ადამიანს ძალიან გჭირდება მკაცრი მოპყრობა, ნაადრევად ზედმეტი ტაში-ტუში არ ვარგა. ნატაშა ძალიან კრიტიკული იყო და ამ მხრივ ძალიან მეხმარებოდა.

არსებობს ასეთი ინფორმაცია, რომ თავის დროზე, როცა რუსთაველის თეატრმა საბჭოთა კავშირის რკინის ფარდა გაარღვია და საზღვარგარეთ გავიდა საგასტროლოდ, თქვენმა მეუღლემ, ნატაშამ, დიდი როლი ითამაშა ამ პროცესში. მართლაც ასე იყო? უნდა უმადლოდეს თუ არა ქართული თეატრის ისტორია ქალბატონ ნატაშას?

– ნატაშას ძალიან უყვარდა და უყვარს რუსაველის თეატრი, ამ თეატრით ცხოვრობდა ის ჩემთან ერთად, ძალიან ცდილობდა დახმარებას და ბევრი გასტროლებიც გააკეთა. თეატრი გაიყვანა ესპანეთში, ისრაელში, სხვადასხვა ქვეყნებში. მარჯანიშვილის თეატრსაც გაუკეთა გასტროლები იაპონიაში, გერმანიაში. ასე მუშაობდა, კონტაქტებს ამყარებდა იქაურ პროდიუსერებთან და შედეგიც კარგი იყო. ასე რომ, პატარა დამსახურება მართლაც აქვს ამ მხრივ. მაგას სპექტაკლები არ დაუდგამს, შორს იყო მაგ საქმისგან, მაგრამ უნდოდა, რომ კარგი სპექტაკლი ენახა სხვადასხვა ქვეყნის მაყურებელს. ამას ახერხებდა შიგადაშიგ, ეს იყო და ეს იყო.

”ეს იყო და ეს” –  მოკრძალებულად ბრძანებდა ბატონი რამაზი. არადა, ნატაშა ბევრს ახერხებდა, ახერხებდა იმას, რასაც ბევრი დიდი ორგანიზაცია ვერ ართმევს დღესაც კი თავს… ნატაშა ჩხიკვაძე გარკვეული პერიოდი თეატრალურ საზოგადოებაში უცხოეთთან ურთიერთობის განყოფილებას ხელმძღვანელობდა, სწორედ მისი ძალისხმევით მოხდა გაუგონარი რამ – მადრიდის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მიიწვიეს სამი ქართული თეატრი – რუსთაველის, მარჯანიშვილის, მინიატურების… თვით ესპანელების აღიარებით ეს იყო უნიკალური მოვლენა არასოდეს ჩვენს ფესტივალზე ერთი ქვეყნიდან სამი თეატრი არ ჩამოსულაო (ნოდარ გურაბანიძე)”.

არადა, თავიდან მხოლოდ რუსთაველის თეატრის მიწვევაზე იყო საუბარი და ისიც თეატრს უნდა ეკისრა ყველა ხარჯი. სსრკ-ს თეატრალური საზოგადოების უცხოეთთან კავშირების განყოფილების გამგემ, საფესტივალო კულუარებსა და ინტრიგებში გაწვრთნილმა პირმა, ნატაშას ურჩია კიდეც ფესტივალის ხელმძღვანელთან, არიელ გილდენბერგთან საქმეს ნუ დაიჭერთ, აუღებელი ციხესიმაგრეა, მისგან კომპრომისი გამორიცხულიაო. ნატაშა კი სწორედ ამ აუღებელი ციხე-სიმაგრის აღების ჟინით აენთო, იყიდა ბილეთი და გაფრინდა მადრიდს. აეროპორტ იბერიაშიმას თვით არიელი დახვდა ყვავილების უზარმაზარი თაიგულით და მკაცრი სახით. მისი პირველი ფრაზა იყო: ფესტივალის ბიუჯეტის ყველა პესეტი განაწილებულია და ამ თემაზე ნუ დამელაპარაკებითო. ნატალიამ უპასუხა, ბატონო არიელ, აგერ დგას ის თვითმფრინავი, რომლითაც ჩამოვფრინდი და მზად ვარ უკანვე გავბრუნდეო. შეცბუნებულმა არიელმა ნატაშა სადილად მიიპატიჟა და ვერც წარმოიდგენდა, თავს რა ხაფანგში ყოფდა. ნატალია მასთან მოლაპარაკებას სამი დღე და ღამე აწარმოებდა. ამ ხნის მანძილზე სადილადაც არ გასულან (ბუტერბროდები და სენდვიჩები შეჰქონდათ)(ნოდარ გურაბანიძე).

შედეგი? მარტო რუსთაველის თეატრი კი არა, მადრიდის ფესტივალზე გამოვიდა მარჯანიშვილის თეატრი, მინიატურების თეატრი, მსახიობებმა მიიღეს სოლიდური ჰონორარი, სამივე დასი ცხოვრობდა მადრიდის ცენტრში პრესტიჟულ სასტუმროში… ნატაშა ჩხიკვაძემ რუსთაველის თეატრი იერუსალიმის ფესტივალზე ჯერ კიდევ მაშინ ჩაიყვანა, როცა სსრკ-ს დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ ჰქონდა დამყარებული ისრაელთან. სწორედ ამ ფესტივალზე აჩვენა ნატაშა ჩხიკვაძემ დიპლომატიის და სიტუაციის მართვის მასტერკლასი. იერუსალიმის ფესტივალი ”კავკასიურით” იხსნებოდა, მაგრამ ასპარეზზე გამოჩდნენ ბრეხტის ქალიშვილი ბარბარა ბრეხტი და მისი მეუღლე მსახიობი ეკეჰარტ შალი,  გაცეცხლებულნი იმით, რომ რუსთაველის თეატრი ამდენი წელი ”კავკასიურს” თამაშობდა და მათ საავტორო ჰონორარს არ უხდიდა.  ბუენოს-აირესშიც კი ჩაუკითხებიათ რუსთაველის თეატრისთვის, მაგრამ ამაოდ… საგულისხმოა, რომ სწორედ ბრეხტის ქალიშვილის და სიძის გამო მოიხსნა ”ყვარყვარე” რეპერტუარიდან. რობერტ სტურუას გამოყენებული ჰქონდა სცენა ბრეხტის პიესიდან, სწორედ ბრეხტის სიძემ და ქალიშვილმა ატეხეს სკანდალი, კუთვნილ თანხას არ გვიხდიანო. არადა, მაშინ სსრკ მიერთებული არ იყო საავტორო უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და საერთოდ არავის არაფერს არ უხდიდნენ და შესაბამისად, არც თეატრს არ შეეძლო გადახდა და იძულებული იყვნენ სპექტაკლი მოეხსნათ. ასე რომ, იოლი წარმოსადგენია, რა დაემართებოდათ რუსთაველის თეატრის მესვეურებს ბარბარა ბრეხტის და ეკეჰარტ შალის გამოჩენაზე. არანაკლებ ღელავდნენ ფესტივალის ორგანიზატორები – ფესტივალი ეშლებოდათ – ბრეხტის მემკვიდრეები იმუქრებოდნენ, რომ პიესის თამაშის უფლებას არ მისცემდნენ, თუ კუთვნილ ჰონორარს არ მიიღებდნენ. ყველა დაძაბული ელოდა ბრეხტის გაკაპასებული მემკვიდრეების გამოჩენას.

წარმოიდგინეთ სცენა: დარბაზში შეიჭრა ბარბარა ბრეხტი, უკან მისდევს გაოფლილი ქმარი. ყველა დაიძაბა და შემდეგ ყველამ პირი დააღო – ნატაშა ფეხზე წამოიჭრა და აღტაცებულმა შესძახა: ძვირფასო ბარბარა! ჩემო ძვირფასო, როგორც იქნა გიპოვეთ! ხელები გაშალა და გულში ჩაიკრა რამდენი ხანია გეძებთ, ვიცი ჩვენზე ნაწყენები ხართ, მაგრამ მოსკოველი ბიუროკრატების ამბავი ხომ იცით! ჰანა, მიუბრუნდა ფესტივალის დირექტორს, გთხოვთ მოსკოვთან ახლავე დამაკავშიროთ. კულტურის სამინისტროს დაველაპარაკები და ყველაფერს მოვაგვარებ. სანამ გაოგნებული, სახტად დარჩენილი ბარბარა გონს მოეგებოდა, ნატაშამ რამდენჯერმე დარეკამოსკოვში, ბოლოს ხელები გაშალა, თითქოს ამბობდა, რა ვქნა, ვერავინ დავიჭირეო და თქვა: არა უშავს, ყოველივეს მოკლე ხანში მოვაგვარებო(ნოდარ გურაბანიძე).

შემდეგ? შემდეგ ნატაშა ბრეხტის მემკვიდრეებს გაახსენებს თბილისურ გასტროლებს, სტუმრობას, ქართულ მასპინძლობას, ”ბერლინერ ანსამბლის” და რუსთაველის თეატრის ”პარტნიორშაფტობას”, ბრეხტის მეუღლის – ჰელენ ვაიგელის და სერგო ზაქარიაძის შემოქმედებით ხელშეკრულებას, მოკლედ: ნატაშამ ისე მოხიბლა მთელ მსოფლიოში სიხარბით ცნობილი მემკვიდრეები, რომ რამდენიმე წუთის შემდეგ ისინი ნატაშას საუკეთესო მეგობრებად იქცნენ. ნატაშამ ”ბერლინერ ანსამბლის” მთელი დასი ”კავკასიურზე” დაპატიჟა. მართლაც, სპექტაკლზე მოვიდნენ და აღტაცებულნი დარჩნენ. ყველაფერი იერუსალიმის თეატრის რესტორანში ვახშმობით დაგვირგვინდა და მთელი ისრაელი უყურებდა გადაცემას იერუსალიმიდან, სადაც ორი ქალბატონი – ნატაშა და ბარბარა – ერთმანეთს მარადიულ მეგობრობას ეფიცებოდნენ ”(ნოდარ გურაბანიძე).

ნატაშა ჩხიკვაძემ გაიყვანა მარჯანიშვილის თეატრი იაპონიაში, თან სამი სპექტაკლით (”შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე”, ”პროვინციული ამბავი”, ”ჯაყოს ხიზნები”), მისივე ძალისხმევით გაიმართა იაპონიაში ფარაჯანოვის ფილმის ”აშუღ ყარიბის” პრეზენტაცია. რუსთაველის თეატრი გაიყვანა ინგლისში, ავსტრალიაში, ანდალუზიაში. გურაბანიძე იხსენებს იმ ფაქტსაც, რომ ”კავკასიურის” ანდალუზიაში გასტროლებისას გზაში დაკარგულა მთელი რეკვიზიტი და ნატაშას საკუთარი ჯიბიდან უყიდია ყველა საჭირო საგანი…

მოკლედ, ნატაშა იყო რეალურად პირველი ქართველი იმპრესარიო და მას დიდი წვლილი მიუძღვოდა არა მხოლოდ რამაზ ჩხიკვაძის, არამედ რობერტ სტურუას წარმატებებშიც. თუმცა, შემდეგში ურთიერთგატანა ურთიერთდაპირისპირებაში გადაიზარდა, ცხოვრების ბოლოს კი კვლავ ურთიერთმიტევებასა და ურთიერთთანადგომაში…

რობერტ სტურუასა და ნატაშა ჩხიკვაძის დაპირისპირება კი ნამდვილად არ იყო უღიმღამო, ასეთი მათ არც ეკადრებოდათ. ნოდარ გურაბანიძე გაიხსენებს მათ დაპირისპირებას მადრიდის საერთაშორისო ფესტივალის დროს.

ფესტივალის ერთ-ერთმა სპონსორმა კარლოს ფერერმა, რომელიც მარჯანიშვილის თეატრის დირექტორს, გაიოზ კანდელაკს დაუმეგობრდა, სწორედ გაიოზ კანდელაკის კარნახით, რობერტ სტურუას საპატივსაცემოდ ვახშამი გამართა და ქართველები პრესტიჟულ რესტორანში მიიპატიჟა. კი დაპატიჟა, მაგრამ… არ მიდიოდა სტურუა… რობერტმა აიჩემა: თუ ნატაშა ჩხიკვაძეც იქნება, მე არ წამოვალო. იმ დროს რობერტსა და ჩხიკვაძეებს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო (ნ. გურაბანიძე)”. არადა, როგორ არ იქნებოდა იქ ნატაშა ჩხიკვაძე, როდესაც გასტროლი მისი გაკეთებული იყო? ბოლოს ძლივს დაუყოლებიათ სტურუა – წამოვალ, მხოლოდ ნატაშას არ დაველაპარაკები – მხოლოდ ამ პირობით წასულა ვახშმად მაესტრო.

სუფრა სერვირებული ყოფილა უძვირფასესი ჭურჭლით. ”რობერტი იჯდა თავისთვის გაბუსუნებული, არც ქალბატონი ნატაშა აქტიურობდა მაინცდამაინც. უზარმაზარი ლანგრებით შემოიტანეს კიბორჩხალების ზვინები. ჩვენი ვანო (ცაგარეიშვილი, თარჯიმანი – რ.შ.) მისწვდა თეფშს და ამ დროს რობერტმა რაღაც საშინელება უთხრა ნატაშას. გამიკვირდა, რადგან გზაში ამბობდა, საერთოდ არ დაველაპარაკები ნატაშასო,” – წერს ნოდარ გურაბანიძე. მხოლოდ გურაბანიძეს არ გაჰკვირვებია – თარჯიმანი ვანო ცაგარეიშვილი საერთოდ დაბნეულა – ეთარგმნა თუ არა სტურუას სიტყვები, ამასობაში ის კიბორჩხალებიანი ლანგარი ხელიდან გავარდნია… ლანგარი სერვიზს დაეცა – დალეწა, წითელმა კიბორჩხალებმა კი თეთრ მარმარილოს იატაკზე ”გაინავარდეს”…

 ჩვენ გავირინდეთ, გაოცებული მასპინძელი ვერაფერს მიხვდა, მხოლოდ ნატაშას გაფითრებული სახით და სიგარეტის ღრმა ნაფაზებით თუ მიხვდებოდა კაცი, რომ სუფრაზე რაღაც მოხდა, ჩაცხრებოდა სიტუაცია, აეწყობოდა საუბარი, ისევ რაღაც გესლიანს იტყოდა რობერტი და კვლავ იძაბებებოდა სიტუაცია. მთელი საღამო ასე გაგრძელდა. რობერტი მშვიდად კლავდანატაშას და ნატაშა კი, თავის მხრივ, უდიდესი ძალისხმევით, შინაგანი დაძაბვით თავს იკავებდა და ტაქტიანად, ხმააუწევლად პასუხობდა, თუმცა შხამს ისიც გვარიანად ურევდა ინტონაციებში. იმ საღამოს ნატაშა საჭმელს არ გაჰკარებია, ეგ იყო მხოლოდ, სიგარეტს სიგარეტზე ექაჩებოდა… ეს იყო ნამდვილი აბსურდის თეატრი, სადაც ორი პერსონაჟი მხოლოდ მათთვის გასაგები ენით ლაპარაკობდა, ხოლო ჩვენ კიბოს ფეხებს ვწუწნიდით ტყემალზე შემომსხდარნიდა უსიტყვო მასოვკისროლს ვასრულებდით. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ნატაშას, ამ წამლეკავი ტემპერამენტისა და მუდამ მგზნებარედ მოლაპარაკეს თავშეკავების ასეთი უნარი ჰქონდა… ბატონ რობერტისა და ქალბატონ ნატაშას დაჯახებასადრეც შევსწრებივარ. ეს მოხდა იერუსალიმში, სასტუმრო იერუშალაიმ გეიტში”, რამაზის აპარტამენტში, მაგრამ ის უფრო ღიადაპირისპირება იყო მსახიობთა ჰონორარის გამო (თუმც ძალზე მძაფრი) და არავითარ ფარულ ქვეტექსტებს არ შეიცავდა… თავდაპირველად, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, კონფლიქტი როგორღაც შეუმჩნევლად დაიწყო, მერე და მერე გამწვავდა და მის ორბიტაში რამაზიც მოექცა… (ნ.გურაბანიძე).

სწორედ ამ ურთიერთობაში ბზარს მოჰყვა რამაზ ჩხიკვაძის წასვლა რუსთაველის და საერთოდ თეატრიდან… მაგრამ გამოხდა ხანი… 2005 წელს, ჩემთან საუბარში ბატონი რამაზი აცხადებდა: რობერტ სტურუა ისეთი მოწინავე რეჟისორია. ჯერ ფარ-ხმალს არ ყრის, ან რად უნდა დაყაროს, ჯერ კიდევ ბევრის გაკეთება შეუძლია. შემცვლელი კი ჯერ არ ჩანს, რომ დაეტაკოს და სტურუა წააქციოს. ასე რომ, ჯერჯერობით რამოდენიმე წელიწადი საშიშროება არა აქვს რობერტს…

სტურუას თეატრიდან გაშვებამდე კი, ქალბატონი ნატაშა ერთ-ერთ ინტერვიუში წუხდა: ისე, რამაზი კიდევ ითამაშებდა თეატრში და კიდევ შეასრულებდა არაერთ საინტერესო როლს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი საყვარელი რეჟისორი ჯერჯერობით არაფერს გვთავაზობს. თუმცა, რობერტ სტურუამ ისეთი როლი ითამაშა ჩვენს ცხოვრებაში და ისეთი საყვარელი ადამიანია, რომ ის ჩვენთვის ყოველთვის რობიკო იქნება. მისთვის ჩვენი სახლის კარი ყოველთვის ღიაა. რომ მოვიდეს და თქვას: „რამაზ, შენთვის ახალი როლია“, მას შეუძლია, ისეთი სახე შექმნას რამაზთან ერთად, რომელიც ისტორიაში ისევე შევა, როგორ აზდაკი ან ლირი.

ისტორიაში შესულია ლირიც, აზდაკიც, რიჩარდიც… ამიერიდან მხოლოოდ ისტორიის კუთვნილებაა უკვე რამაზ ჩხიკვაძეც. უფრო და უფრო მდიდრდება წარსული, უფრო და უფრო ღარიბდება აწმყო, უფრო და უფრო ბინდდება – ბინდისფერი ხდება ქართული თეატრის მერმისი…

qqqqqqqqqqqqqqqqqq

და იგი დაწერს ლაზათიანად და ლაკონურად: “მე ვარ გურამ საღარაძე!”

გარდაიცვალა გურამ საღარაძე…

გურამ-საღარაძე

გთავაზობთ ნარკვევს, რომელიც გამოქვეყნდა “სახე(ლ)ები 2006”.

რეზო შატაკიშვილი

ე რასაც ვაკეთებ, ლაზათიანად ვაკეთებ” – ამას, აგერ უკვე ოცდაათ წელიწადზე მეტია რაც გურამ საღარაძის ეფრეიტიორი გვეუბნება “კავკასიურ ცარცის წრეში”… ეფრეიტორი რას და რამდენად ლაზათიანად აკეთებდა, სხვა საქმეა, მაგრამ თავად გურამ საღარაძე რასაც აკეთებს, მართლაც ლაზათიანად აკეთებს…

დიდი შალვა ამირეჯიბი ვალერიან გუნიაზე წერდა, არ მახსოვს პირველად როდის გავიგონე ან ვნახე მისი სახელი – თეატრში, წიგნში, აფიშაზე თუ გაზეთში, ამხანაგთა ნაამბობში – როცა ბავშვი ვიყავ, თუ ყური მოვკარ მოზრდილების ლაპარაკს, არაფრის თქმა არ შემიძლიან –ო.

მეც არ ვიცი, სად ვნახე ან გავიგონე გურამ საღარაძის სახელი პირველად: აფიშაზე, გაზეთში, სცენაზე თუ ტელევიზიით, ალბათ უფრო ტელევიზიით, ქართული პოეზიის ნიაღვრით რომ გვლეკავდა ეთერიდან…

კინომ, პოპულარობის მოხვეჭის ამ დიდმა ინდუსტრიამ თითქმის მის გარეშე ჩაიგრიხინა, მაგრამ მას არასოდეს აკლდა პოპულარობა. იგი იყო და არის ვარსკვლავი.

გურამ საღარაძე “სამსახოვანია” “კავკასიურ ცარცის წრეში” – სამ პერსონაჟს ანსახიერებს – ეფრეიტორს, ბერს, თავად ყაზბეგს…

და გურამ საღარაძე “სამსახოვანია” შემოქმედებით ასპარეზზე:

გურამ საღარაძე – არტისტი, მხატვრული კითხვის დიდოსტატი, პედაგოგი…

სამი განსხვავებული ასპარეზი და სამივეგან ლაზათიანად ნაკეთები საქმე.

მხატვრული კითხვისთვის მხოლოდ მას აქვს მინიჭებული უმაღლესი ეროვნული ჯილდო – რუსთაველის პრემია, მან თავსი სკოლა შექმნა მხატვრულ კითხვაში.

მისი დამსახურებაა, მხატვრული კითხვა დამოუკიდებელ ჟანრად რომ დამკვიდრდა საქართველოში. ის ანსამბულრი თეატრის აქტიორიცაა და მხატვრული სიტყვის დამოუკიდებელი ოსტატიც, რომელიც უშუალოდ გამოხატავს თავის იდეალებს, ყოველთვის გვეუბნება თავის სათქმელს რუსთაველის, გალაკტიონის, ვაჟას, ბარათაშვილის პოეზიით. თავის მძლავრ ხმას და პოეზიას აყოლებს თავის გულისთქმას, თავის სათქმელს.

აკი ამბობს კიდეც: “რასაც არ უნდა კითხულობდე, ლექსი იქნება ეს თუ პროზა, აუცილებელია მსმენელამდე მიიტანო აზრი, ძარღვი ნაწარმოებისა, შენი დამოკიდებულება უნდა გქონდეს იმ მოვლენისადმი, რასაც ავტორი გთავაზობს და შენი, საკუთარიც შეგქონდეს ნაწარმოებში. შენი სათქმელი თქვა. ეს არ ნიშნავს რაიმე გაუსწორო ან რუსთაველს, ან გალაკტიონს (ღმერთმა დაგვიფაროს), მაგრამ შენი რუსთაველი, შენი გალაკტიონი, გნებავთ ბარათაშვილი, ვაჟა უნდა გყავდეს და მსმენელსაც ასეთი შეაყვარო…”

ამ მიზანს უსახავს ის საკუათარ თავს და აღწევს კიდეც, გადამდებია მისი განწყობა და ყრუს მეტი ვინ დაიკვეხნის რომ საღარაძეს არ დაუტყვევებია ის და თავს არ მოუხვევია თავსი გალაკტინი, ვაჟა თუ ბარათაშვილი?…

სცენა მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლიდან "ესპანელი მღვდელი". დონ ხაიმე – გურამ საღარაძე

სცენა მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლიდან “ესპანელი მღვდელი”. დონ ხაიმე – გურამ საღარაძე

სცენა სპექტაკლიდან "ნიკოლოზ ბარათაშვილი".

სცენა სპექტაკლიდან “ნიკოლოზ ბარათაშვილი”.

2006 წელს მას სასცენო მოღვაწეობის 55 წელი შეუსრულდა. რუსთაველის თეატრის სცენაზე 1951 წელს დადგა, როგორც კი დაამტავრა თეატრალური ინსტიტუტი. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე დარჩა ინსტიტუტში მხატვრული მეტყველების პედაგოგად. მოქმედ მსახიობთაგან მხოლოდ მას ჰქონდა პროფესორის წოდება. (წარსულში პროფესორის წოდებას ატარებდნენ მხოლოდ აკაკი ხორავა და აკაკი ვასაძე)….

და აი, პედაგოგიური მოღვაწეობის 55 წლისთავზე, 2006 წელს თეატრალურ ინსტიტუტში ატესტაციისას, გურამ საღარაძეს, ისევე როგორც ყველა პროფესორ-მასწავლებელს, ბიოგრაფიის დაწერას მოსთხოვენ.

და იგი დაწერს ლაზათიანად და ლაკონურად: “მე ვარ გურამ საღარაძე!”

იმდენად მომხიბლავს თეატრალურ წრეებში ლეგენდად ფეხადგმული ეს ამბავი, რომ არც კი გადავამოწმებ. თუ ვინმემ შეთხზა, შეარგოს…

1632sultani saladini

იგი არის გურამ საღარაძე და ამით მართლაც ყველაფერია ნათქვამი.

მისი განვლილი შექმოქმედებითი და ცხოვრებისეული გზა კი მაინც გიბიძგებს, კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი…

დაიბადა თბილისში 1929 წლის 12 იანვარს, ცნობილი მსახიობის – გიორგი საღარაძის ვაჟად. გიორგი საღარაძეს 2006 წელს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა. იგი სანდრო ახმეტელის დროიდან მოღვაწეობდა რუსთაველის თეატრში და სხვათაგან განსხვავებით, უმწიკვლოდ გამოვიდა იმ ურთულეს პერიპეტიებიდან. ქვა არ უსვრია მისთვის, ვის მზესაც ფიცულობდა. ამიტომაც იტყვის მანანა ახმეტელი, გურამ საღარაძე ამჟამად, ვგონებ ერთადერთი ხელოვანია, ვისაც პირდაპირი, მემკვიდრეობითი კავშირი აქვს ახმეტელის თეატრთანო.

“დღეს, შესაძლოა ბევრმა არც იცის, რომ სწორედ ახმეტელის რეფორმატორული აზროვნების ატმოსფეროში იწრთობოდა ახალგაზრდა მსახიობი გიორგი საღარაძე, სიცოცხლის ბოლომდე რომ უერთგულა თავის დიდ მასწავლებელს, მის პრინციპებსა და იდეალებს…. თუ გავყევებით მამაშვილური ურთიერთობის ლოგიკას, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ რომ გურამ საღარაძე ჯერ კიდევ ოჯახური ცხოვრების წიაღში ეზიარა ახმეტელის ეროვნული, ნოვატორული, მაღალზნეობრივი ხელოვნების ტრადიციებს” – მანანა ახმეტელი.

სცენა მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლიდან "როცა ასეთი სიყვარულია".

სცენა მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლიდან “როცა ასეთი სიყვარულია”.

გურამ საღარაძის ბავშვობა ურთულეს ისტორიულ ქარტეხილებს დაემთხვა, ჯერ ავბედითი 37 წელი, ქვეყანაში გამეფებული აუტანელი გაუტანლობა, შემდეგ ომი, გაჭირვება, ურთიერთგატანა… და ორი ნათელი წერტილი “მამის სამსახური” – თეატრი და პიონერთა სასახლე – მხატვრული კითხვის წრე. დღესაც უკვირს იმ გამბედაობის მაშინ სცენაზე რომ გამოჰყავდა და ლექსს აკითხებდა…

ლექსები ერთ თავგადასავალშიც (უფრო შარში) გახვევს ჭაბუკ გურამ საღარაძეს. მის ძმაკაცს გოგო შეუყვარდება. მორიდებულია და თქმას ვერ გაუბედავს. დახმარებას “ტარაკანას” სთხოვს (ასე ეძახდნენ გურამ საღარაძეს ბავშვობაში. რამაზ ჩხიკვაძე “ჩინელსაც” ეძახდა თვალის ჭრილის გამო), გურამიც მის მაგივრად შეეცდება სიყვარულის ახსნას, გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს სეირნობიასას შეაპარებს სათქმელს, ლექსებსაც წაუკითხავს, მაგრამ იმ გოგოს გურამი შეუყვარდება თავდავიწყებით…

სცენა რობერტ სტურუას სპექტაკლიდან "სეილემის პროცესი". ჰეილი – გურამ საღარაძე.

სცენა რობერტ სტურუას სპექტაკლიდან “სეილემის პროცესი”. ჰეილი – გურამ საღარაძე.

გამოხდება ხანი, გურამი ინსტიტუტში ჩააბარებს, მალიკო მრევლიშვილის ხელმძღვანელობით მხატვრული მეტყველების ხელოვნებას დაეუფლება. ინსტიტუტშივე ისე წაიკითხავს ლერმონტოვის “დემონს” რომ გავა ნახევარ საუკუნეზე მეტი და მის წაკითხულ `დემონს~ ვერ დაივიწყებენ… ვერც მის ნათამაშებ რაკიტინს მიხეილ თუმანიშვილის მიერ ინსტიტუტში დადგმულ ტურგენების პიესიდან “ერთი თვე სოფლად”…

პოეზიით თვით-თრობა და სხვათა-თრობა შემდეგშიც გაგრძელდება (და დღესაც გრძელდება), გურამ საღარაძე თავის ევას ჰპოვებს – თავისზე ათი წლით უმცროს ტანია ფუხბინდერს. მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ, შეყვარებული ტანია კი ხშირად დაურეკავს გურამს და ლექსების წაკითხვას მოსთხოვს.

“ბევრჯერ წავუკითხე, მაგრამ მერე “ჭკუა ვსწავლე” და მაგნიტოფონზე ჩაწერილს “ვუკითხავდი”. რა თქმა უნდა ხვდებოდა, მაგრამ საოცარია, არასოდეს უთქვამს რომ ვცრუობდი…” (გურამ საღარაძე).

ისინი შეუღლდებიან, 28 წელი იცხოვრებენ ერთად და… ტანია ფუხბინდერი გარდაიცვლება… გურამ საღარაძე ყველაფერს ისე დატოვებს სახლში როგორც ქალბატონ ტანიას სიცოცხლეში იყო…

ადამიანი და მისი ხასიათი, ნიჭიერება ხშირად ელემენტარული ნიუანსიდან ჩანს.

ერთ მშვენიერ დღეს გურამ საღარაძე, ძმაკაცებთან ერთად კალთამადლიან მანდილოსნებთან ერთად პიკნიკს გადაწვეტს. დაქოქავს მანქნას, საბარგულში ნოხსაც ჩადებს… სალონში ძმაკაცებს და მანდილოსნებს ჩასვამს და ქალაქგარეთ ჰერ-ჰერი… იქ მისულებს სიურპრიზი ელით: გურამ საღარაძე საბარგულს ახდის და… იქიდან ტანია ფუხბინდერი ამოვა… ამ ისტორიის გაგრძელება ისე წარმოიდგინეთ და ისე დაასრულეთ, როგორც გენებოთ…

სცენა რობერტ სტურუას სპექტაკლიდან "შობის მეთორმეტე ღამე". სერ ტობი – გურამ საღარაძე.

სცენა რობერტ სტურუას სპექტაკლიდან “შობის მეთორმეტე ღამე”. სერ ტობი – გურამ საღარაძე.

ჩემს თაობამდე, ლეგენდებად მოაღწევს მის მიერ განსახიერებული ბევრი როლი, თუნდაც მილან სტიბორი თუმანიშვილის სპექტაკლში “როცა ასეთი სიყვარულია”. სპექტაკლში, რომელშიც მთელი ძალით ბრწყინავდნენ მედეა ჩახავა, გურამ საღარაძე, სერგო ზაქარიაძე, რამაზ ჩხიკვაძე…  გურამ საღარაძე იყო ერთი შვიდთაგანი თუმანიშვილის ცნობილ “შვიდკაცაში”, ვისზე დაყრდნობითაც მოახდინა თუმანიშვილმა რევოლუცია რუსთაველის თეატრში.

გურამ საღარაძე იმ იშვიათ გამონაკლის დიდოსტატთა რიგს განეკუთვნება, რომლის შემოქმედებასთან ზიარება კვლავაც რომ შეიძლება, (ღმერთმა ქნას დიდი ძალა მისცეს ბატონ გურამს და დიდხანს გაგრძელდეს ასე), შეგიძლია ნახო მისი სამი განსხვავებული პერსონაჟი “კავკასიურში” – თავადი ყაზბეგი, ეფრეიტორი, ბერი… ლოთი ბრძენი სერ ტობი “შობის მეთორმეტე ღამეში”…

შეგვიძლია ვისმინოთ მისი წაკითხული პოეზია და იმედი გვაქვს კვლავაც არაერთხელ მოვისმენთ მის წაკითხულ პოეზიასაც და კვლავაც არაერთ როლში ვიხილავთ მას.

9112kavkasiuri

რეზო შატაკიშვილი თაობის პრიმა ნინო კასრაძეზე

მას არ სჭირდება დიდი ძალისხმევა ევასეული წარმომავლობის დასამტკიცებლად. ის ერთი გამოხედვით თუ მოძრაობით ახერხებს ამას.

ადის სცენაზე და მისი შარმიც კვადრატში ადის. ის ნინო კასრაძეა. არამარტო რუსთაველის თეატრის, საერთოდ, თაობის პრიმა.

ის არ ეკუთვნის არც ერთ არტისტულ დინასტიას. აღიზარდა ტექნიკური ინტელიგენტის ოჯახში. მისი ბავშვობის რამდენიმე წელი სპარსეთმა გააფერადა.

ნინო და მისი ტყუპისცალი მაკა იზრდებოდნენ ოჯახში, სადაც არ სუფევდა დანაშაულებრივი ფუფუნება. მათ სხვა ფუფუნებით ანებივრებდნენ – სიყვარულით.

მ. ფრიში "ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი", რეჟისორი – რ. სტურუა. ბაბეტა – ნ. კასრაძე.

მ. ფრიში “ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი”, რეჟისორი – რ. სტურუა. ბაბეტა – ნ. კასრაძე.

გავა მრავალი წელი და დრო ვერ წაშლის ბავშვობის მძაფრ შთაბეჭდილებას – თუ როგორ უკითხავდა მამა „მატეო ფალკონეს“ და როგორ ტიროდა გაუჩერებლად…

სკოლის დამთავრების შემდეგ, თეატრალურ ინსტიტუტს მიაშურა. იმ წელს ჯგუფს შალვა გაწერელია იყვანდა. პირველ ტურში ჩაჭრეს. უკან არ დაიხია, გააპროტესტა, გამოაცხადა, რომ მხოლოდ მაშინ დანებდებოდა ბედს, თუკი მას თავად შალვა გაწერელია დაიწუნებდა.

შალვა გაწერელიამ არათუ დაიწუნა, მოიწონა, მეტიც, აღფრთოვანებული დარჩა მისით… დაიწყო ნინოს თავბრუდამხვევი სამსახიობო კარიერა.

ჯერ იყო მარჯანიშვილის თეატრი – ცეზონიას როლი ალბერ კამიუს „კალიგულაში“. 

23 წლისა უკვე რუსთაველის თეატრის მსახიობი და რობერტ სტურუას რჩეული გახდა. ვარსკვლავად აღიარეს პირველივე როლით სპექტაკლში „სეჩუანელი კეთილი ადამიანი“.

უკვე მაშინ წერდა ნოდარ გურაბანიძე: „ამ ახალგაზრდა, უკვე ვარსკვლავად აღიარებული მსახიობი ქალის შესრულებაში განსაცვიფრებელი გრადაცია იგრძნობა, ეს არის შინაგანი გარდაქმნა, ახალი ადამიანის დაბადება. თანდათანობით, როცა ნამდვილი ღრმა გრძნობა გაიტაცებს, ამ მეძავში ქალწული იბადება. კდემამოსილების, უბიწობის შუქს ასხივებს არა მარტო მისი თვალები, არამედ მთელი სხეული… ისე, მსუბუქად მოძრაობს ნინო კასრაძე, თითქოს მართლაც სიზმრისეულია. მას ახასიათებს მოცეკვავის გრაცია, პლასტიკა და სხეულის სიმკვრივე. მისი მსუბუქად სტილიზებული მოძრაობა, რომელიც იაპონელი აკვარელისტების მიერ შექმნილი გეიშების სილუეტს გვაგონებს, სწორედ თეატრალურად არის სტილიზებული, მკლავებისა და ხელის მტევნების პლასტიკა მისი სულის მოძრაობას გამოხატავს“.

უილიამ შექსპირი "ჰამლეტი", რეჟისორი რობერტ სტურუა. გერტრუდა – ნინო კასრაძე.

უილიამ შექსპირი “ჰამლეტი”, რეჟისორი რობერტ სტურუა. გერტრუდა – ნინო კასრაძე.

ნინო კასრაძეს ეცინება, როცა ვარსკვლავად იხსენებენ. „შერონ სტოუნიც ვარსკვლავია და მეც?“ – მკითხა ერთხელ და გააგრძელა, თუ როგორ სერავს ყოველდღე თბილისს სამარშრუტო ტაქსებით. სწორედ ასე, „მარშრუტკაში“ გაიცნო ის დევი სტურუამ და ნარკვევიც უძღვნა – „ლედი მაკბეტი მარშრუტკაში“.

ფრაგმენტი ნარკვევიდან: „ის ამოვიდა „მარშრუტკაში“, რუსთაველის თეატრთან, ერთი მოხდენილი, გრაციოზული მოძრაობით, რასაც პლასტიკას ეტყვიან და რასაც, თუ ღმერთმა აკვანშივე არ დაგაბედა, ვერც ისწავლი და ვერც მიბაძავ. მისი სილამაზეც სტანდარტებისა და პარამეტრების მიღმა ასხივებდა, მხოლოდ მისეული იყო. ეს ყველაფერი თვალმა ძალდაუტანებლად, თითქმის მექანიკურად აღბეჭდა…

გოგონა ჩემს გვერდით, „მარშრუტკის“ ერთადერთ თავისუფალ ადგილას ჩამოჯდა და ჩანთიდან კარგა მოზრდილი წიგნი ამოიღო. ყდაზე მსხვილი ბეჭდური ასოებით გამოყვანილი იყო დ. ს. მერეჟოვსკი, ლ. ნ. ტოლსტოისა და თ. მ. დოსტოევსკის ცხოვრება და შემოქმედება. გოგონამ წიგნი გადაშალა, მინიშნებული გვერდი მოძებნა და კითხვას შეუდგა. აი, ამან კი ნამდვილად გამაოგნა! როგორ, ჩვენს დროში უფროსკლასელი თუ სტუდენტი ქართველი გოგონა კითხულობს მერეჟოვსკის, რომლის შესახებ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ვიწრო სპეციალისტ-პროფესიონალების გარდა, წარმოდგენაც კი არავის აქვს. ეს მართლაც ფანტასტიკური იყო.

უცნობთან გამოლაპარაკებას ახალგაზრდობაშიც ვერიდებოდი, მაგრამ ახლა ჩემდაუნებურად აღმომხდა: ნეტა, შენს ბედნიერ დედ-მამას, შვილო, ნუთუ მართლა გაინტერესებს ამ ბუმბერაზების ნაღვაწ-ნააზრევი? გოგონამ გაიცინა, მაგრამ მომეჩვენა, რომ ჩემი რეაქცია მაინცდამაინც არ გაჰკვირვებია. შემდეგ ჩვენი დიალოგი დაახლოებით ასე წარიმართა:

– ალბათ, სტუდენტი – ფილოლოგი ხართ?

– არა, თეატრალური მაქვს დამთავრებული, ამჟამად რუსთაველის თეატრში ვმუშაობ.

– … თქვენი ბოლო როლი?

– ლედი მაკბეტი.

–  თქვენ ნინო კასრაძე ხართ?“

ის ნინო კასრაძეა, მოსაუბრეს რომ აოცებს განათლებით, ინტელექტით, პიროვნული სიღრმით. და რაც მთავარია, სისადავით.

ბავშვობაში უცნაური სურვილი ჰქონდა – მალე დაბერებულიყო. „ვფიქრობდი, ოო, რამდენია გადასატანი… ახირებული მქონდა, მე ვცხოვრობ კომეტასავით, ჩქარა უნდა ვიარო და გავქრე“…

ის გაურბოდა საკუთარ გადასატანს, ტკივილს, მაგრამ ეს ბავშვურ ახირებად დარჩა, არათუ თავისი, არაერთი გმირის ტკივილი განაახლა და განიცადა, გადაიტანა. და არც ცხოვრებაში ჩამქრალა და არც სტურუას ორბიტაზე, სადაც მართლაც კომეტის სისწრაფით დაბინავდა.

არ სჯერა, რომ მისი შურთ.

„მე რა მაქვს შესაშური? – გკითხავს და განაგრძობს, – მე, მაგალითად, არ ვილაპარაკებ, როგორ შურთ ჩემი. მე ამას იშვიათად ვამჩნევ. თუ გინდა, იმაზე ვილაპარაკოთ, მე როგორ მშურს და არ მშურს, ეს უფრო ვიცი. შური არა, მაგრამ რაღაცებზე ზოგჯერ გული მწყდება ხოლმე და მერე თავს ვინამუსებ – არ გრცხვენია? ყველაფერი ეს დროებითია. მე არ მინახავს ადამიანი, რომ ეთქვას, შურიანი ვარო. მოდი, მეც მათ შორის ვიქნები, ვინც ამბობს, არ ვარ შურიანიო. მართლა არ ვარ შურიანი. ადამიანის მიმართ არა, მაგრამ რაღაც მოვლენის მიმართ შეიძლება გამიჩნდეს სინანული – კარგი იქნებოდა, რომ ეს ასე ყოფილიყო…

– მოდი, რეალობას გაუსწორე თვალი, საქართველოში მსახიობებს ენატრებათ სტურუას ორბიტა, შენ კი გაუთავებლად იქ დგახარ. აბა, არ შეშურდებათ?

–  მე რომ კარგ რაღაცას ვხედავ ჩემს გარშემო, მიხარია, დიდ ძალას მმატებს, სტიმულს მაძლევს, რომ ეს ყველაფერი მიღწევადია, მერე ამას შრომა უნდა, შენ თვითონ შურმა რომ არ ჩაგკლას, ჩაგჯიჯგნოს“.

უილიამ შექსპირი "ჰამლეტი", რეჟისორი – რ. სტურუა, გერტრუდა – ნ. კასრაძე.

უილიამ შექსპირი “ჰამლეტი”, რეჟისორი – რ. სტურუა, გერტრუდა – ნ. კასრაძე.

„ჩვენ ჩვენი გაცდების სასაფლაო ვართ“

ნინო კასრაძე: „უბანალურეს რაღაცას გეტყვი – სიყვარული მარტოობისგან თავის დასახსნელადაა მოგონილი. ადამიანი ხომ რამდენიმე „შენ“ ხარ, ასეთი, ისეთი… შეყვარებული „საუკეთესო შენ“ ხარ. სიყვარული შენს საუკეთესო თავში გაქცევაა, ლამაზი გაქცევაა მარტოობიდან. არის ხალხი, რომელსაც ხშირად უყვარდებათ, მათ ეს მდგომარეობა, სიგიჟე უყვართ… სიყვარული თანამოაზრეობის დიდი სურვილია. მშვენიერია ეს ყველაფერი, მაგრამ ამ ყველაფერს ადამიანი იგებს ასაკთან ერთად. შეიძლება, ეხებოდე ამ გრძნობას, მაგრამ ვერ ხვდებოდე, შესაძლოა, არც გიყვარდეს და ისე გესმოდეს სიყვარულის ფასი. იგებ, როცა ეს შენშია, როცა შენ იღვიძებ საამისოდ, თორემ ყველაფერი აქ არის და ჩვენ არ ვიცით, აქ არის და ჩვენთვის არ არის. საშინელებაა, ადამიანმა შეიძლება ისე იცხოვროს, ვერც გამოსცადოს ეს მძლავრი გრძნობა…

ჩვენ ვართ ჩვენი განცდების, გამოცდილების სასაფლაო, ყველაფერი არის ჩვენთან, ჩვენი სიყვარულები – წარუმატებელი, წარმატებული, ჩვენი ტკივილები, სიხარულები. ეს ყველაფერი იხრწნება, ნეშომპალად იქცევა, ტვინს მიეწოდება მხოლოდ საჭირო… ადამიანს გააჩნია, ან ეს დაწამლავს ყველაფერს შიგნით და ხე არ გაიხარებს, ან ისევ ყვავილებად ამოვა ახალი ცხოვრებისთვის. ადამიანს აქვს საოცარი უნარი რენოვაციის, აღდგენის, ხელახლა შეყვარების, თორემ სიცოცხლე შეწყდებოდა, ყველა რომ ძველი სიყვარულებითა და ძველი განცდებით ცხოვრობდეს. რაც უფრო ნიჭიერია ადამიანი, უფრო ნიჭიერად არის ეს ყველაფერი მასში დასამარებული. ეს გრძნობები იქცევა პროზად, პოეზიად, მხატვრობად, ურთიერთობად.

სად მიდის სიყვარული? – არსად, შენშია, ისიც კი, რომელზეც უარი გეთქვა. მე მგონი, ზოგჯერ ყველაზე მეტად ის უყვართ ხოლმე, იმაზე გიჟდებიან. მიუღწევლის მიმართ ყოველთვის ჩნდება გარკვეული პატივისცემა და რჩება სწრაფვა, თუნდაც უიმედო…“

ნინო კასრაძეს უყვარს თქმა: „წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, დროს მივენდობი, როგორც მაკბეტი იტყოდა,  მოხდეს ის, რაც მოსახდენია“…

დაიბეჭდა “პრაიმტაიმში”

ნინო კასრაძე: მარტო თეატრით ვერ გაგიცნობს მაყურებელი, დაავიწყდები…

(ინტერვიუ ნინო კასრაძესთან, დაიბეჭდა გაზეთში “დრონი.ჯი”, 2010 წელს)

რეზო შატაკიშვილი

მას სწყალობს ბედი და ის თვითონაც ჭედავს თავის ბედს. არასოდეს გამოჩენილა ყვითელი პრესის ფურცლებზე და არც არასოდეს გამოჩნდება – ეს მისი შეგნებული არჩევანია.

არ ცვლის წიგნს კომპიუტერზე და არ ფეთდება “ფეთზე”. არ საუბრობს თავის პოლიტიკურ შეხედულებებზე, რაც სულაც არ ნიშნავს ამ შეხედულებების თუ პოზიციის არქონას.

მისი ინტელექტის და განათლების პატრონს იოლად ვერ იპოვი არტისტულ ელიტაში, „პაპსავიკურს“ კი, ალბათ ნახვითაც არ უნახავთ იმდენი წიგნი, რაც მას წაუკითხავს – მოდით ვიყოთ პირდაპირები! ის ნინო კასრაძეა, რუსთაველის თეატრის პრიმა. არტისტი ქალისთვის მართლაც საოცნებო რეპერტუარის მქონე.

– რა უყვარს ნინო კასრაძეს თეატრში, როგორც მაყურებელს და როგორც მსახიობს?

– ვერ ვიტყვი რომ ბავშვობიდან მიყვარს თეატრი, მერე და მერე, რომ გავიზარდე და თან თეატრში მოვხვდი, ძალიან შემიყვარდა… არის ნეტავ რამე განსხვავება, ბავშვობიდან გიყვარს თუ მერე შეგიყვარდება? როგორც მაყურებელს, აი, ის მიყვარს რომ მიდიხარ თეატრში და არ იცი რა დაგხვდება. კინოში ყველანაირი სპეცეფექტები არსებობს იმისთვის რომ მოგწყვიტონ რეალობას, თეატრში მხოლოდ ადამიანების ფაქტორია, რეჟისორი, მსახიობები, კომპოზიტორი, ყველა, კაპელდინერიც კი. მიყვარს როცა ეს ადამიანები ახდენენ სასწაულს და გავიწყებენ ყველაფერს. ეს მიყვარს როგორც მაყურებელს. როგორც მსახიობს კი ამ საოცრების ნაწილად ყოფნა მიყვარს. მაშინაც მიყვარს როგორც მაყურებელს როდესაც სცენაზე ვარ და მოწმე ვხდები პარტნიორების მოხდენილი სასწულისა. თამაშის დროს ზოგჯერ მივბრუნებულვარ და მიფიქრია, როგორ თამაშობს ამ სასწაულს…

– თეატრი გიყვართ, და როგორი თეატრი? თუ რაც კარგია, ყველა?

– ვინ იტყვის ცუდი თეატრი მიყვარსო? მეც კარგი თეატრი მიყვარს. ბევრნაირ თეატრს აქვს არსებობის უფლება. დაბალი დონისას, მაღალი დონისას… ყველას ვერ მოსთხოვ რომ ინტელქტუალური თეატრის მოტრფიალე იყოს, ყველამ თავისი თეატრი უნდა იპოვოს, თავისი სულის, თავისი ტკივილის, ხასიათის, განწყობის შესაბამისი. როგორც მსახიობს, ეგოისტურად მინდა რომ თეატრი მსახიობზე იყოს ორიენტირებული, მე რომ შევძლო თამაში, ჩემი ოსტატობის გამოვლენა, კიდევ რომ დავეუფლო სიმაღლეებს. მაგრამ ყველაფერი ისე არ გამოდის როგორც გინდა, ამიტომ მე ყველანაირი თეატრი მომწონს რაც კარგია, გემოვნებიანია და რომელსაც სათქმელი აქვს და არაა უბრალოდ თავის ასატკივებლად და დროის გასაყვანად.

– როგორც მსახიობი სად უფრო კომფორტულად გრძობთ თავს?

– მე მიყვარს ფსიქოლოგიური თეატრი, თუმცა ძალიან რთული ჟანრია. თქვენ რას არქმევთ იმას რასაც ჩვენ ბოლო წლები ვთამაშობთ?

– ეს პოსტმოდერნია, სადაც ყველაფერი ერთადაა. გროტესკს ერწყმის ფსიქოლოგიზმი, შემოდის ბუფონადა, ბალაგანი, ყველაფერი ერთდაა და სინთეზშია. ფილიპ ჟანტზე თქვეს, ჟანტი თვითონ არის ჟანრი. იგივე შემიძლია გავიმეორო რობერტ სტურუაზე, სტურუა თავისთავადაა ჟანრი.

– მართალია სტურუა არის თავისთავად ჟანრი! სტურუას ჟანრში ძალიან მიყვარს თამაში! სტურუას ჟანრში ვითამაშე ლედი მაკბეტიც, სეჩუანელიც და ბაბეტაც და ყველაფერი. კარგი რამ მოძებნე, სტურუას ჟანრი! მაგრამ მიყვარს როდესაც სტურუას ჟანრში ფსიქოლოგიური ელემენტები უფრო მეტია და ეს არის გაზავებული ყველაფერთან. მარტო ღმერთმა დაგვიფაროს, ცვალებადობა არის არაჩევულებრივი.
მ.ფრიში "ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი", რეჟ: რ. სტურუა, ბაბეტა – ნ.კასრაძე

მ.ფრიში “ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი”, რეჟისორი: რობერტ სტურუა, ბაბეტა – ნინო კასრაძე, ანა – ია სუხიტაშვილი.

– ყველამ თავისი თეატრი უნდა იპოვოსო და როგორ ფიქრობთ, იძლევა ამის საშუალებას დღევანდელი ქართული თეატრალური სივრცე?

– დიდი არჩევანი აქვს მდარე ხარისხის თეატრს, კარგი ხარისხის თეატრის შემთხვევაში ეს არჩევანი თითქმის არაა, ერთი ორი და მორჩა. კარგი იქნებოდა ერთმანეთს ბევრი თეატრი ეჯიბრებოდეს, სიკეთეში ეჯიბრებოდნენ, თავისკენ სწევდნენ მაყურებელს, ზევით და ზევით. რასაც მე ვერ ვხედავ დღეს, თუმცა მგონია რომ რაღაც გამოჩნდება.

– იმ ლოგიკით რომ ჩავარდნას ყოველთვის აღმასვლა მოსდევს?

– მე მგონი ჯერ კიდევ არ არის ჩავარდნა.

– ანუ ჯერ ჩავარდნა გვაქვს წინ?

– ჩავარდნაც წინ გვაქვს და ამოვარდნაც აუცილებლად. ეს ნორმალური მდგომარეობაა და ამაში კატასტროფულს ვერაფერს ვხედავ.

– თავის დროზე ამბობდნენ რომ კინო, ტელევიზია მოინელებდა თეატრს, მაგრამ თეატრმა ორივეს შემოტევებს გაუძლო. ახლა ინტერნეტზე და ახალ ტექნოლოგიებზე ამბობენ იგივეს. არადა, თეატრმა პირიქით, შესაძლოა სწორედ ამ „გამოვირტუალურებულ“ სივრცეში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს. ერთადერთი ადგილი იყოს სადაც ცოცხალ ადამიანებს და მათ ურთიერთობას ნახავ…
– იმიტომ რომ თეატრი არის ცოცხალი ორგანიზმი, ცოცხალი ურთიერთობა, ეს ისე მოენატრება ადამიანს, რომ შეიძლება, შენი თქმის არ იყოს, კიდევ უფრო აქტუალური გახდეს თეატრი. მე მაგალითად, სახლში შეგნებულად არ მაქვს არც კომპიუტერი, არც ინტერნეტი. შეიძლება ცოტა ჩამორჩენილი არჩევანია, მაგრამ ჩემია. თქვენ ინტერნეტში ყოველდღიურად ელაპარაკებით, სწერთ მეგობრებს, ნახვის აუცილებლობა აღარცაა, მე კიდევ, თუ ვერ ვნახე არც ვიცი რა ხდება მის თავს, მომენატრება, მომწყურდება მასთან ურთიერთობა და ვნახავ. ჩემი თავი ისეთ პირობებში ჩავიყენე, იძულებული ვარ შევხვდე ჩემს მეგობრებს. ჩემი გოგო მეუბნება, რა არის „ფეთი“ არ უნდა გვყავდესო? ყველა დამცინის, არ ვიცი რა არის „ფეისბუკი“, „ფეთი“ და „იმეილიო“. არადა, რომ ამბობს, ესე იგი იცის… მე როგორც კარგმა დედამ ავუხსენი, რომ დასაცინი ის იქნება, თუ არ გეცოდინება რა არის სიკეთე და ა.შ. გაჩერდა. ვნახოთ რამდენ ხანს გაუძლებს. არ მინდა ეს პროცესი ხელოვნური გახდეს და ბავშვი სახლიდან გარბოდეს და საიდანღაც ძვრებოდეს ინტერნეტში. მე თვითონ ძალიან ინტერესიანი ვარ და კომპიუტერი და ინტერნეტი რომ მქონდეს, მთელი დღეE ვიჯდებოდი და მაუსის ტრიალში ვიქნებოდი.მე მირჩევნია ამ დროს ოქროყანაში, ჩემს ეზოში ვიტრიალო, წიგნთან მქონდეს ურთიერთობა. ძველებურად ვკითხულობ წიგნებს, ახლა წავიკითხე მარკესის ბოლო მოთხრობები და ერთი ხუთი წლის სიცოცხლე მომცა.

უილიამ შექსპირი "ჰამლეტი", რეჟისორი რობერტ სტურუა, გერტრუდა – ნინო კასრაძე

უილიამ შექსპირი “ჰამლეტი”, რეჟისორი რობერტ სტურუა, გერტრუდა – ნინო კასრაძე

– ოქროყანაშისაცხოვრებლადგადასვლაცშეგნებულინაბიჯიიყო?

– არა, ეს მართლა გაუცნობიერებლად მოხდა, მაგრამ როგორც ახლა ვფიქრობ, ადამიანი ყველაზე სწორ და მნიშვნელოვან ნაბიჯს, გაუცნობიერებლად დგამს. პირველი შვილი ერთი წლის გვყავდა, ზაფხულში სახლი რომ ვიქირავეთ ოქროყანაში, მეორე წელსაც, როცა უკვე მეორე ბავშვზე ვიყავი ფეხმძიმედ, ისევ ვიქირავეთ. ჩვენს პირდაპირ მართლა სასაცილო ფასად იყიდებოდა სახლი და სააგარაკოდ ვიყიდეთ, მაგრამ მეორე ბავშვი რომ შეგვეძინა საერთოდ საცხოვრებლად გადავედით, იმიტომ რომ აქ, თბილისში ჩვენს ბინაში შეუძლებელი იყო ორი ბავშვის გაზრდა. თვითონ ვუთხარი ჩემს ქმარს, იქ წავიდეთ, სახლთანაც ახლოსაა, თეატრთანაც, თან ბავშვები სუფთა ჰაერზე გვეყოლება-მეთქი და დამთანხმდა. წავედით, მაგრამ მერე მივხვდი რამხელა რაღაცაზე წამოვედი, არავის არ ვიცნობდი, ვერსად ჩავდიოდი, ვიყავი ორი ბავშვით, ერთი პატარა, მეორე მთლად თოთო, ძიძა ავიყვანე, ახალი სახლი, ახალი ბავშვი, ახალი ძიძა, რაღაც პერიოდი მეგონა რომ გავგიჟდებოდი, ისეთი რთული ფსიქოლოგიური პრობლემები შემექმნა.ოქროყანაში ოჯახები ინგრევა, ქმარს იქ ცხოვრება უნდა და ცოლი არ მისდევს, გადაულახავი პრობლემაა მათთვის ეს. მე როგორ გავაკეთე ეს? თან ჩემი ინიციატივით? ყველამ აგვიბა მხარი, ჩემმა მშობლებმა, ჩემი ქმრის მშობლებმა და დავიწყეთ იქ ცხოვრება. 2 წლის შემდეგ მივხვდი რომ რომ ამან გადამარჩინა, აი იმ ოქროყანამ, იმ ჩემმა სახლმა, იმ ჩემმა ეზომ. გაუცნობიერებლად მოხდა სწორი ადგილის შერჩევა, სადაც არის ჩემი სახლი.

მაქს ფრიში "ბიდერმანი და ცეცხლის წამკიდებელნი", რეჟისორი რობერტ სტურუა, ბაბეტა – ნინო კასრაძე, ანა – ია სუხიტაშვილი.

მაქს ფრიში “ბიდერმანი და ცეცხლის წამკიდებელნი”, რეჟისორი რობერტ სტურუა, ბაბეტა – ნინო კასრაძე, ანა – ია სუხიტაშვილი.

– უკან ისეთი რეპერტუარი გაქვთ მოტოვებული, აწი რაღამ უნდა გაგაკვირვოთ, მაგრამ მსოფლიო დრამატურგიის, პროზის კითხვისას თუ ეძებთ იმ გმირებს, რომელთაც განასახიერებდით?

– ადრე არა, სად მქონდა ამაზე ფიქრის დრო და თავი, სულ თავზე დამეყარა ყველაფერი კარგი და არაჩვეულებრივი. ახლა, დაუფარავად ვიტყვი რომ ანა კარენინა ძალიან მომწონს. ძალიან გვიან წავიკითხე, 32 თუ 33 წლის ვიყავი და უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ასაკში ჩემზე. ძალიან მომწონს ეს პერსონაჟი, მაგრამ რა სპექტაკლი უნდა იყოს რომ ანა კარენინა ვითამაშო, მეგა? სამდღიანი? რაღა უნდა ვითამაშო რეზო, ასაკი მემატება, რასაც მომცემენ ის უნდა ვითამაშო… აბა, ჩამომითვალე ჩემი ასაკის ქალის როლი? გედა გაბლერი? არ მაინტერესებს, ვიცი რომ აქ არავინ არ დადგამს..

– რანევსკაია?

– არაჩვეულებრივი როლია, მაგრამ ჩეხოვსაც არ დადგამენ…

კლეოპატრა?

– განყენებულად კლეოპატრა არაჩვეულებრივია, მაგრამ კარგი რა, დღეს ვის აინტერესებს? დღეს ისეთ რაღაცაში მინდა თამაში, რაც რაღაცას გათქმევინებს. მე არ მაინტერესებს კლეოპატრას ძალაუფლება და სიყვარული, მე მაინტერესებს ცუდის და კარგის ბრძოლა ადამიანში და მოცემულ კონტექსტში როგორ გადარჩეს ადამიანი და დარჩეს ადამიანად.

ბოლო დროს, პროფესიონალი თეატრთმცოდნეები, კრიტიკოსები დუმილს ამჯობინებნ, ვინც წერს და რაც იწერება, განზე დგას პროფესიუული კრიტიკისგან…

– ჩვენს დროს მართლაც იწერებოდა, მაგრამ რაც ბავშვები გავაჩინე, ჩემზე თითქმის არავის არაფერი დაუწერია, მარტო მლანძღავენ და რატომღაც „მოქალაქეობრივი პოზიციის არქონაში“ მადანაშაულებენ. ჩემი პატარა გამოცდილებით მახსოვს, როდესაც წერდნენ, შეიძლება ისიც არ იყო კრიტიკის ბრწყინვანე ნიმუშები, მაგრამ კარგად წერდნენ რუსეთშიც, ჩვენთანაც, სპექტაკლებს არჩევდნენ, დღევანდელივით სპექტაკლის სიუჟეტს კი არ ჰყვებოდნენ. სიცილით ვკვდები, იმის მოყოლას რომ მიწყებენ რასაც ვთამაშობ. ეს იმას ჰგავს სკოლაში რომ გვასწავლიდნენ „თხრობით, ზეპირადო“. რად მინდა სპექტაკლის შინაარს რომ მიყვები, ეს ხომ აპრიორია რომ ნანახი გაქვს შენც – ვინც წერ, ჩვენც, ვისაც გვეხება და იმასაც, ვინც ჰკითხულობს და ინტერესდება ამ რეცენზიით. უნდა მოხდეს რაღაცის შედარება, რაღაცის რევიზია, ახლის დანახვა, ძველი დანახვა, ეს არის წინ წადგმული ნაბიჯი თუ უკანდახეული. როცა წერდნენ, შინაარსს კი არ გვიყვებოდნენ, იმას ცდილობდნენ დაენახათ იმის მიღმა რა იყო, ხელოვნებაში მიმდინარე პროცესში ცდილობდნენ გამოეძებნათ შენი აქტისთვის ადგილი, დაედგინათ რა მიმდინარეობაა, რა გავლენა აქვს. კრიტიკა ლანძღვა და მიწასთან გასწორება კი არაა, თუ შედეგი არადამაკმაყოფილებელია, უნდა გაერკვე ეს მარტო უნიჭობაა თუ იმ პროცესის ნაწილია, რასაც გემოვნების დაკნინება ჰქვია და ა.შ. ამერიკული გამოცემიდან, რამდენიმე სტატია მაქვს ჩემთვის თარგმნილი, ისე წერეენ… ისეთივე შედევრებია, როგორსაც სცენაზე ნახავ. იღებენ ერთ თემას და ავითარებენ, თან მარტივად და გასაგებად. და არა ისე რომ ვერაფერი გაიგო. იყოს უარყოფითი შეფასება! შენიშვნა ბევრი მსმენია და გამითვალისწინებია კიდეც, თუმცა, ძალიან მკაცრი, უარყოფითი კრიტიკა არასოდეს მიმიღია. თუ არ ჩავთვლით ამ „მოქალაქეობრივი პოზიციის არქონას“, რაც არ მესმის რას ნიშნავს და კატეგორიულად არ ვეთანხმები. ის რაც „არქონა“ ჰგონია ამ აზრის ავტორს, სწორედ ისაა ჩემი პოზიცია. ეს ცოტა საფრთხილო თემაა და სცდება მსახიობობას, ხელოვნებას.

კადრი ფილმიდან "ბედნიერება".

კადრი ფილმიდან “ბედნიერება”.

სექტემბერში ნუცა მესხიშვილის ფილმმა „ბედნიერებამ!“, სპეციალური პრიზი მიიღო ვენეციის ფესტივალზე, ამ ფილმში თქვენც ხართ გადაღებული, რამდენად საინტერესო იყო ნუცასთან მუშაობა?

– არაჩვეულებრივად საინტერესო იყო მუშაობაც და სცენარიც. არა მგონია ამ ისტორიამ გულგრილი დატოვოს ნორმალური ადამიანი. როდესაც ფილმი ვნახე, ძალიან მომეწონა. მე არ ვარ იმ კატეგორიის მსახიობი, რომელსაც ყველაფერი მოსწონს, სადაც კი თვითონ თამაშობს. ყველაფერს ვხედავ, ბევრჯერ მწარედაც გამიკრიტიკებია, შეიძლება საჯაროდ არ ვამბობ, იმიტომ რომ ეთიკაც არსებობს.. მე ეს ფილმი მომეწონებოდა ჩემს გარეშეც. ჩემზე ძალიან იმოქმედა, გული მატკინა და შემეხო. ამ ადამიანმა კიდევ უნდა გადაიღოს ფილმი და თუ აღარ გადაიღებს, იქნება საშინელება.

კადრი ფილმიდან "ბედნიერება".

კადრი ფილმიდან “ბედნიერება”.

ამ ეტაპზე გაქვთ რამე შემოთავაზება კინოდან?

– არაფერზე არ მეძახიან.. სერიალებზე მე თვითონ ვთქვი უარი. არადა, არ მინდა რომ სულ გავქრე ამ სივრციდან. ბავშვები რომ მეყოლა, მე თავად ვთქვი უარი კინოზე, ტელევიზიაზე, ვერ მოვასწრებდი. თეატრი და ბავშვები, ასეთი იყო ჩემი პრიორიტეტი. გარკვეული პერიოდი ეს კარგად მუშაობდა, თეატრი მყოფნიდა, მაგრამ ახლა.. მარტო თეატრით ვერ გაგიცნობს მაყურებელი, დაავიწყდები.

ადრე ეს პოპულარობის პრობლემა საერთოდ არ გადარდებდათ

– ეგ რომ მადარდებდეს და განვიცდიდე, ასე კი არ მივუშვებდი ყველაფერს, როგორც მივუშვი. ტყავში ვიქნებოდი გამძვრალი, მითუმეტეს რაიმეს თავიდან დაწყება მე არ მჭირდებოდა, ლოგიკურად გავაგრძელებდი. უბრალოდ, როდესაც პოპულარობას ჰკარგავ, კინოში აღარ გეძახიან. ავიწყდები კინოსამყაროს. ამას მართლა განვიცდი, სხვა მხრივ მართლა ბედნიერი ვარ რომ ეს ყველაფერი ჩემს მიღმააა. მირჩევნია ასე იყოს, ეს არის ჩემი უშეგნებულესი არჩევანი. კინომ რომ მომაქციოს ყურადღება, ამიტომ მინდა ცოტა პოპულარობა. კინოში მინდა მუშაობა. კინო სხვანაირად ხვეწს მსახიობს, მე ძალიან პატარა გამოცდილება მაქვს კინოში… იქნებ კიდევ რაღაც შევძლო, სულ რომ გავქრი ამ თვალსაწიერიდან. ადრე ყველაფერი სპონტანურად ხდებოდა, ადრე ეს არ მადარდებდა, ავტომატურად, თავისით მოდიოდა, ახლა გახდა ჩემი პროფესია ყველაზე მეტად საინტერესო ჩემთვის, მინდა რომ ეს გაგრძელდეს სცენაზეც და კინოშიც.

როგორ გაანადგურეს „ყვარყვარე“ ყვარყვარეებმა

სცენა სპექტაკლიდან "ყვარყვარე"

სცენა სპექტაკლიდან “ყვარყვარე”

დღეს ისე, ალბათ როგორც არასდროს, ღირს გავიხსენოთ ის შედევრები, რომელიც შექმნილა ქართულ თეატრში, ქართულ კინოში. ნამდვილად ღირს, თუნდაც იმიტომ რომ არ დაგვავიწყდეს ნამდვილი ხელოვნების გემო და არ გვეგონოს რომ რაც დღეს იდგმება, ან რასაც დღეს იღებენესაა ხელოვნება, ანდა უარესი მხოლოდ ამის დადგმა და გადაღება შეგვძლებია ქართველებსქართული თეატრის შედევრებს სამწუხაროდ მხოლოდ ჩანაწერებში თუღა ვიხილავთ. ისიც იშვიათად. მიზეზი? ბევრი საეტაპო, შედევრალური სპექტაკლი არც გადაუღიათ, ბევრი გადაღებული კიგანადგურებულია. ასე დაემართა, სახელგანთქმულ სპექტაკლს ყვარყვარეს. სხვათაშორის ყვარყვარეგადაღებული იყო და წაშალეს, აბა, შეიძლება ეს? ისე მინდა ვნახო ის სპექტაკლი, მაინტერესებს, მაგრამ არ არის, ვიღაცამ აიღო და წაშალა, სხვა გადაცემისთვის სჭირდებოდათო და კოლმეურნეობის რაღაც გადაუწერიათამბობდა რამაზ ჩხიკვაძე ჩემთან საუბარში, წლების წინ. მეც და რობიკოც ვამბობთ ხოლმე, ჩვენი ყველაზე კარგი სპექტაკლი იყო ყვარყვარე, ყველაზე ძლიერი, საინტერესო. ცოტა დროსაც კი გაუსწრო და მაყურებელმა მაინცდამაინც ვერ აღიქვა დასძენდა ბატონი რამაზი.

ჩანაწერი განადგურებულია და ჩვენ ისღა დაგვრჩენია, კრიტიკოსთა მონათხრობით შევიქმნათ წარმოდგენა გენიალურ სპექტაკლზე.

ყვარყვარესთავის ყველაზე საუკეთესო სპექტაკლად მიიჩნევს თავად რობერტ სტურუაც. 1974 წელს დადგმული ყვარყვარეაღმოჩნდა საეტაპო სპექტაკლი სწორედ ამ სპექტაკლით ხდება სტურუაჩხიკვაძის შემოქმედებითი ტანდების საბოლოო ფორმირება. სწორედ ეს სპექტაკლი და ეს ტანდემი განსაზღვრავს რუსთაველის თეატრის მთელ შემდგომ ცხოვრებას და მსოფლიო აღიარებას. ნოდარ გურაბანიძის თქმით, ყვარყვარეპირველი სპექტაკლია იმ თეატრისა, რომელსაც დღეს რობერტ სტურუას თეატრიჰქვია. როგორც სტურუა იტყვის: ყვარყვარეში მე უკვე ვიპოვე ბრეხტისეული სტილისტიკა.

რობერტ სტურუა ხუთი წლის მანძილზე უტრიალებდა პოლიკარპე კაკაბაძის ყვარყვარე თუთაბერისდადგმის იდეას. ხელს მიშლიდა ის, რომ ჩემს დამოკიდებულებას  პიესაში აღძრული პრობლემებისადმი ფორმა ვერ მოვუძებნე. მინდოდა ყვარყვარე ყოფილიყო არა მხოლოდ ჩვენი ისტორიისათვის დამახასიათებელი მოვლენა, არა მხოლოდ ქართული ყოფის ფაქტი, არამედ ამ კონკრეტულ მაგალითზე მეჩვენებინა საერთოდ პოლიტიკური ავანტურისტის სახეწერდა სტურუა. პიესაზე ფიქრი გრძელდებოდა მანამ სანამ გენიალურმა რეჟისორმა არ მიაგნო ფორმას, სანამ  ყვარყვარეს ცხოვრება ირონიულად არ დაუკავშირა მაცხოვრის თავდადებასსანამ პარალელი არ გაავლო ქრისტეს ცხოვრებასთან და ამ პარალელის მეშვეობით არ გვიჩვენა ანტიქრისტე. გენიალურმა რეჟისორმა, ამ გადაწყვეტით ააფეთქა პიესა, განაზოგადა და, კოსმიური მასშტაბი შესძინა. ქართული ფოლკლორის წიაღში ნაშობი ნაცარქექიის, ქოსატყუილას ქართული ნიღაბი ავანტურისტის ზოგადსაკაცობრიო ნიღბად, იმ არქეტიპად აქცია რომელიც თავად გახდა ამგვარი ნიღბების განვითარების საწყისი. პიესა რეჟისორის ხელის ძლიერი მოქნევით ფართოდ განიხვნა. პროვინციული, უმნიშვნელო ცხოვრების მოქმედება მსოფლიო ისტორიის სივრცეებში გაიშალა.წერდა . რუდნიცკი. მრავალწლიანი ფიქრის მიუხედავად, როგორც ნოდარ გურაბანიძე აღნიშნავს, სპექტაკლი სპონტანურად, ლაღად შექმნილი ქმნილების შთაბეჭდილებას ტოვებდა. ასე მხოლოდ შედევრები იბადებადასძენს ნოდარ გურაბანიძე. 

სცენა სპექტაკლიდან "ყვარყვარე"

სცენა სპექტაკლიდან “ყვარყვარე”

სტურუას სპექტაკლში ყვარყვარე წისქვილში კი არ ქექავდა ნაცარს, დანგრეული, მიტოვებული ეკლესიის ნანგრევებში ეცხადებოდა მაყურებელს – ჯარისკაცის ფორმიანი, ფეხშიშველი, სახეთეთრად შეფეთქილი რამაზი-ყვარყვარე სცენაზე შეშინებული შემორბოდა… ქვემეხთა გრიალის შემდეგ სცენაზე შემოდიოდა ბრბო, ქვემეხთა განმეორებითი გრიალისას ძირს განერთხმოდა. ყვარყვარეც წამიერად გაუჩინარდებოდა და… კვლავ ევლინებოდა ბრბოს – უკვე ქრისტეს პერანგის მსგავს ჯვალოს მოსასხამში, ხელებს მოწყალედ გაიწვდიდა და ბრბოს ზეაწეულად, ტრაგიკული ტონით მიმართავდა: „სულ ასე უნდა იწანწალოთ, უთაურებო? თქვენი კაცად გახდომა არ იქნა და არ მოხერხდა“. რეჟისორი მსუყე მონასმებით ხატავდა სამყაროს – ქაოსში გახვეუულს, ამღვრეულ სიტუაციაში დაბნეულ მასებს, როცა უპატრონო ეკლესიას ეშმაკები, ქვეყანას კი ავანტურისტები ეპატრონებიან. როცა ყველაფერი „მოსულა“ ლაჩრის გმირად გამოცხადება, მაწანწალის მესიად დასახვა… ყვარყვარე ხალხს ასე ეცხადებოდა: მცირე სიმაღლეზე იყო შემდგარი, ხელები წინ გაეშვირა, დაბლა კი მუხლებზე დაჩოქილი ხალხი ჩუმად გოდებდა. ეს სცენური კომპოზიცია მოგვაგონებდა ფრაგმენტს ა. ივანოვის სურათისა ქრისტეს გამოცხადება“. ბრბო, რომელიც სასწაულს ელოდა, უმალვე იჯერებდა ამ გამოცხადებისჭეშმარიტებას: ქვემეხების გრიალი მამაზეციერის ნიშნად მიიღო, ხოლო ფეხშიშველა, ჯვალოს კვართმოსხმული, ტანჯულსახიანი უცნობი ქრისტედ! აქედან დაიწყო რ. ჩხიკვაძის ყვარყვარეს სვლა ქრისტეს გზაზე და ყველა სასწაულიუკუღმა მოახდინა (ნოდარ გურაბანიძე).

პროლოგის შემდეგ –  ყვარყვარეს ქრისტედ „მოვლინების“ შემდეგ – ცირკის კლოუნებივით გამოწყობილი პირნი მაყურებელს ამცნობდნენ, რომ მოხეტიალე დასი გაითამაშებდა სპექტაკლს ყვარყვარეს ვნებების შესახებ და როგორც ოდესღაც, ეკლესიებში ან მათ კარიბჭეებთან თამაშდებოდა წმიდანთა ცხოვრების ამსახველი ლიტურგიული დრამები, სწორედ აქ, დანგრეული ეკლესიის  ინტერიერში თამაშდებოდა ყვარყვარეს კარნავალური ფარსი, ანტიქრისტეს მისტერიები… ჩხიკვაძის ყვარყვარე, ერთსახოვან, ერთფეროვან მასაში მოქმედებდა. სტურუა იტყვის რომ მან განზრახ დანთქა ყვარყვარე ნაცრისფერ ბრბოში, რადგან ასეთ „გმირებს“ თავზარს სცემთ პიროვნება, ვინმეს ინდივიდუალობა და ამიტომაც ქმნიან საკუთარი თავის ირგვლივ ვაკუუმს. მასა, რომელიც სარგებელს გამოელის ამგვარი „ბელადებისგან“, ისე მიისწრაფვის მისკენ, როგორც ბუზი თაფლისკენ. ჩხიკვაძის ყვარყვარე ბრბოს ბნელი, ბრმა ინსტიქტების პროექციაა, თავის თავში ატარებს როგორც არასრულფასოვნების კომპლექსს, ასევე განდიდების მანიას. წმიდანისა და კლოუნის თეთრ კვართში გახვეული ყვარყვარე, რომლის მიცვალებულკივით გადაფითრებულ, ფერუმარილიან სახე-ნიღაბზე, განსაკუთრებული ფანტასმაგორიული სიცოცხლით გამოკრთის შავი წრეებით შემოხაზული თვალები, მოქნილი, გალიპული ქვეწარმავლის შთაბეჭდილებას ტოვებდა – წერდა ვ. ივანოვი.

რამაზ ჩხიკვაძის ყვარყვარე მაყურებელს სხვადასხვა კოსტიუმში ეცხადებოდა – ჯარისკაცის ფარაჯაში, მაცხოვრის კვართში, თურქი ჯარისკაცის ტანსაცმელში – ძიუდოს მოჭიდავის ფორმას რომ ჰგავდა, გრძელ ქართულ ჩოხაში – ეროვნულ გრძნობებზე სამანიპულაციოდ; შემდეგ მომწვანო-მოყავისფრო სამხედრო ფორმით, შემდეგ ინტელიგენტურად მოსილი, ბოლოს –_ შიშვლდებოდა კიდეც. იცვლებოდა კოსტიუმები, მაგრამ არ იცვლებოდა ყვარყვარეს სახე – თეთრადშეფეთქილი სახე. გაქვავებული, ნიღბადქცეული სახე, მხოლოდ იშვიათად რომ სერავდა ირონიული ღიმილი და უმალ მიგვანიშნებდა იმაზედ რომ ყვარყვარე უცვლელია, მარადიულ ნიღაბსაა ამოფარებული. ჩხიკვაძის ყვარყვარე ფეხშიშველი იყო ყველა სცენაში, ეს იყო მინიშნება იმაზედ, რომ რაც არ უნდა განდიდდეს ყვარყვარე, მაინც უპოვარია, გლახაკია, მისი არსი „შიშველია“. მეორეს მხრივ კი, ეს აღქიმებოდა როგორც თვით ყვარყვარეს ბუნების, მლიქვნელობის აშკარა მეტაფორა – რაც არ უნდა გავდიდკაცდე მაინც თქვენთან ვარ, თქვენიანი ვარ. ეს გახლდათ ერთი იმ ირაციონალური მიგნებათაგანი, რომელნიც გვაოცებენ ანბანური ჭეშმარიტებით და მიზანში აუცდენელი, პირდაპირ გულისგულში მორტყმით. მხოლოდ რეჟისორის ფანტაზიის აფეთქებას შეუძლია გვაჩვენოს ამაღელვებელი კონტრასტი თითქოსდა თაბაშირისგან ჩამოსხმულ, ცივ, მიუკარებელ, თეთრად გაქვავებულ სახესა და ურცხვად გაშიშვლებულ ფეხებს შორის, კადნიერად (მაგრამ ფრთხილად!), თავხედურად (მაგრამ შიშით!) რომ თელავდა სცენის პლანშეტის ხორკლიან ზედაპირს. მდაბიოს გაშიშვლებული ფეხები უეჭველად იმას გვიდასტურებს, რომ ყვარყვარე სისხლი სისხლთაგანია იმ გაძვალტყავებული ხალხისა, რომელიც მას მაღლა ატყორცნის და მასვე დაემონება. (კ. რუდნიცკი).

სცენაზე აღმართულ ჯვარზე თამაშდებოდა ყვარყვარეს ჩამოხრჩობისა და გაცოცხლების სცენა, როგორც „პაროდიული რემინისცენცია ქრისტეს აღდგომისა“; რამაზ ჩხიკვაძე-ყვარყვარე წითელი, ნახევრადსპორტული მანქანით „შედიოდა იერუსალიმში“ – ვებერის საზეიმო მარშის თანხლებით („ჯეზი კრაის სუპერ სთარიდან“). მანქანიდან გამოყოფილ შიშველ ფეხქვეშ წყლით სავსე ტაშტს უდგამდნენ და იწყებოდა „ფერხთა ბანა“ – ოღონდ პირუკუ – თუ ქრისტე ფეხს ბანდა თავის მოწაფეებს, აქ მოწაფეები ბანდნენ ფეხს ყვარყვარეს… „საიდუმლო სერობის“ სცენა იმეორებდა ლეონარდოს „საიდუმლო სერობის“ კომპოზიციას, სადაც ყვარყვარე საბაბს ეძებდა მოღალატე მოწაფეებს რომ გასწორებოდა და შემდგომში საკუთარი დანაშაული გადაებრალებინა, პირზე კოცნიდა ტიტე ნატუტარს, უწოდებდა უდანაშაულოს, ერთგულს და… მასაც ციხეში უშვებდა, ისევე როგორც სხვა მოწაფეებს. იყო პარალელი იულიუს კეისართანაც – კაკუტა მიპარვით ზურგში ჩასცემდა მახვილს ყვარყვარეს, ყვარყვარეს ტრაგიკულად აღმოხდებოდა „შენცა კაკუტა“, „განუტევებდა სულს“, რათა კვლავ აღმდგარიყო და ხელახლა მოექცია მოწაფეები… სპექტაკლის ფინალში, უკვე „შიშველი“, ზეაწეული სიკვდილის მოსურნე ყვარყვარე თავად ადიოდა და გაეკვრებოდა ჯვარზე – პირშექცევით, ხელებგაშლილი. მაგრამ ფარსი დამთავრებული იყო, პათეტიკის დრო აღარ იყო – გულშეღონებული ყვარყვარე 3 მეტრის სიმაღლიდან ვარდებოდა – ჯვარს შემოსეული ხალხი ჰაერში იჭერდა და ისტორიის სანაგვე ყუთში აგდებდა ყვარყვარეს…

სცენა სპექტაკლიდან "ყვარყვარე"

სცენა სპექტაკლიდან “ყვარყვარე”

სპექტაკლი, რომელიც მაყურებელმა იხილა ამ ფინალით მთავრდებოდა. მაგრამ თავდაპირველ ვარიანტში, ამ სცენას მოსდევდა ყვარყვარეს „მეორედ გამოცხადების“ – „მეორედ მოსვლის“ სცენა. ისტორიის სანაგვე ყუთში მოსროლილი ყვარყვარე კვლავ ქრისტეს კვართში გახვეული ეცხადებოდა თავზარდაცემულ ხალხს. ყვარყვარეს ეს მეორე გამოცხადებაფინალში უძლიერეს შთაბეჭდილებას ახდენდა. იგი ამთავრებდა და ამავე დროს იწყებდა ახალ ციკლს. ყვარყვარეები ისტორიის სცენიდან მიდიან… და ისევ ბრუნდებიან. ამ მარადიულ წრე-ბრუნვაზე მინიშნებით რეჟისორი აშკარად გვაგრძნობინებდა ყვარყვარიზმისმაქსიმალურ ძალას, რომელსაც შესწევს თვითგანახლებისა და ხელახლა შობის ძალა, რომ იგი საზოგადოების განვითარების ნებისმიერ ეტაპზე კვლავ შეიძლება გამოგვეცხადოს ისე, რომ ნიღბის შეცვლა არ დასჭირდეს, რადგან გაოგნებული ხალხი-მასა, მისი კოლექტიური ცნობიერება, მზადაა სატანა წმინდანად მიიღოს– წერს ნოდარ გურაბანიძე, რომელიც უშუალო მოწმეა იმისა, როგორ მოახსნევინა იმდროინდელმა ცეკამ ეს ფინალი რობერტ სტურუას. გურაბანიძე უშუალო მოწმეა იმ ჯოჯოხეთური გზისა, რომელიც იმდროინდელმა კომუნისტურმა ელიტამ გამოატარა ამ სპექტაკლს – ვიდრე მაყურებელი იხილავდა. 11-ჯერ მოეწყო „ყვარყვარეს“ „საჯარო“ განხილვა. მსახიობებმა 11-ჯერ ითამაშეს კომედია ცარიელ დარბაზში – ცეკას 3-4 კაციანი კომისიის წინ. სიტუაცია მართლაც დამთრგუნავი იყო – ცეკას ემისრები ნახავდნენ სპექტაკლს, კრინტს არ ძრავდნენ და მიდიოდნენ. არაფერს ეუბნებოდნენ არც რეჟისორს, ბარც მსახიობებს. მეტიც, როგორც ნოდარ გურაბანიძე იხსენებს, არც მას – იმჟამად კულტურის მინისტრის პირველ მოადგილეს ეუბნებოდნენ რამეს. მხოლოდ შემდეგ მას და თეატრის დირექტორს იბარებდნენ „ზემოთ“ და კატეგორიულად ითხოვდნენ სპექტაკლის პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლას. თეატრი მტკიცედ იცავდა სპექტაკლს, არ გატყდნენ და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც. მცირედი ცვლილებებით, სპექტაკლი მაყურებლის წინაშე წარსდგა. მაყურებელმა იხუვლა და მიაწყდა თეატრს, გაიმართა 200 ანშლაგი, წაღებული იყო მოსკოვში საგასტროლოდ, უკვე „კავკასიურ ცარცის წრესა“ და სხვა სპექტაკლებთან ერთად, მაშინ როცა უკვე ისახებოდა რუსთაველის თეატრის საზღვარგარეთ გასვლის პერსპექტივა. თეატრი გავიდა საზღვარგარეთ, მაგრამ… „ყვარყვარე“ არ გაუშვეს საზღვარგარეთ. მეტიც, 200 ანშლაგის შემდეგ, „ყვარყვარე“ რეპერტუარიდან საერთოდ მოხსნეს. მიზეზი? ბრეხტის ქალიშვილი და სიძე. სტურუასეულ „ყვარყვარეში“ ჩართული იყო სცენა ბრეხტის პიესიდან „არტურო უის კარიერა“.  ბრეხტის ქალიშვილმა და სიძემ რუსთაველის თეატრს უჩივლეს, კუთვნილ თანხას არ გვიხდიანო. არადა, სსრკ მაშინ მიერთებული არ იყო „საავტორო უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციასთან“ და საერთოდ არავის არაფერს უხდიდნენ. თეატრი იძულებული გახდა სპექტაკლი რეპერტუარიდან მოეხსნა. ასე ჩამოვიდა ტოტალიტარიზმის, პოლიტიკური კონიუქტურისა და ავანტურიზმის წინააღდეგ მიმართული გენიალური სპექტაკლი სცენიდან…

 რეზო შატაკიშვილი, თეატრალური ხელოვნების მაგისტრი

დაიბეჭდა გაზეთში „ქართული სიტყვა“,  რუბრიკაში – „ქართული შედევრები“.

 P.S.  2010 წელს, გაზეთ „პრაიმტაიმში“ განვახორციელე, ჩემივე ინიცირებული პროექტი „მეოცეს ოცეული“. ამ პროექტის მიზანი იყო, გამოვლენილიყო მეოცე საუკუნის 20 საუკეთესო ქართული სპექტაკლი. ეს ოცეული გამოვლინდა კომპეტენტური პირების – თეატრმცოდნეების, კრიტიკოსების გამოკითხვის შედეგად: ვთხოვეთ თავად დაესახელებინათ მეოცე საუკუნეში, ქართულ თეატრში დადგმული ის 20 სპექტაკლი, რომელსაც ისინი მიიჩნევდნენ საუკეთესოდ – საუკუნის სპექტაკლებად. შეფასების კრიტერიუმიც მათვე მივანდეთ – თითოეულს ეს სპექტაკლები უნდა დაესახელებინათ იმ კრიტერიუმების დაცვით, რომლითაც ისინი საერთოდ ხელმძღვანელობენ სპექტაკლების შეფასებისას. მათ უნდა დაესახელებინათ როგორც ის სპექტაკლები, რომელიც მათ უშუალოდ ნანახი აქვთ სცენაზე, ასევე ის სპექტაკლები რომლებსაც იცნობდნენ აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით, იმროინდელი რეცენზიებით და ამ სპეტქკლებზე არსებული ყველანაირი საარქივი მასალით.გამოკითხვის მონაწილეებს სპექტაკლების ჩამონათვალის შედგენისას არ უნდა ეხელმძღვანელათ ქრონოლოგიური პრინციპით, ჩამონათვალი რეიტინგული უნდა ყოფილიყო. მათ მიერ პირველ პოზიციაზე დასახელებულ სპექტაკლს დაეწერებოდა 20 ქულა, მეორე პოზიციაზე დაწერილს – 19, მესამეზე – 18, მეოთხეზე – 17 დ ასე შემდეგ ბოლომდე – მეოცე პოზიციაზე დაწერილს – ერთი ქულა. შემდეგ ოცივე გამოკითხულის მიერ მინიჭებული ქულები დაჯამდებოდა და დაგროვილი ქულების შესაბამისად გამოვლინდებოდა საუკეთესო ოცეული.

გამოკითხვაში მონაწილეობდნენ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები: ნათელა ურუშაძე, ნოდარ გურაბანიძე, ნათელა არველაძე, დალი მუმლაძე, ლევან ხეთაგური, ირინა ღოღობერიძე, თამარ ბოკუჩავა, ლელა ოჩიაური, მარინე ხარატიშვილი, გიორგი ცქტიშვილი, მანანა გეგეჭკორი. ნინო მაჭავარიანი. დოქტორანტები: ლაშა ჩხარტიშვილი, თამარ მუქერია, მარიამ ჩუბინიძე.ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრები: თამარ კიკნაველიძე, ნიკა წულუკიძე, ანანო მირიანაშვილი. ჟურანალ „თეატრი და ცხოვრების“  მთავარი რედაქტორი გურამ ბათიაშვილი, არტ-კრიტიკოსი დავით ბუხრიკიძე.

ამ გამოკითხვის შედეგად გამოვლენილ ოცეულში სტურუას „ყვარყვარემ“  მეოთხე ადგილი დაიკავა. „ყვარყვარე“ მეოცე საუკუნის სპექტაკლად დაასახელა ოცივე გამოკითხულმა, მათგან ერთმა – პირველ პოზიციაზე. სპექტაკლმა მიიღო 271 ქულა… აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა მიერ, საუკუნის საუკეთესო სპექტაკლებს შორის დასახელდა რობერტსტურუას 11 სპექტაკლი. გამოკითხვის შედეგებში რობერტ სტურუა ლიდერობდა როგორც დასახელებული სპექტაკლების რიცხვით (როგორც უკვე ავღნიშნეთ დასახელდა 11 სპექტაკლი), ისე ამ სპექტაკლების მიერ დაგროვებული ქულების ჯამით –  1 112 ქულით. მეოცე საუკუნის 20 საუკეთესო სპექტაკლს შორის მოხვდა რობერტ სტურუას  ხუთი სპექტაკლი – ოცეულს ხსნის მისი „კავკასიური ცარცის წრე“  და ხურავს მისივე „სეილემის პროცესი“…

 

 

რეზო შატაკიშვილი ქართული სცენის ტანმორჩილ დიდოსტატზე

კარლო საკანდელიძე 16 წლისაა. სკოლა ეს ესაა დაამთავრა. ათი წლისაც არ იყო, ობოლი კარლო, უფროსმა დებმა თბილისში რომ ჩამოიყვანეს ვანის რაიონიდან, სოფელ ზედა ბზვანიდან.

 სამი წლისას დედა გარდაეცვალა, რომელიც მხოლოდ ერთი სურათით შემორჩა ობლის მეხსიერებას – დედა და პატარა კარლო წყალზე მიდიან, უკან ძაღლი მისდევთ… მერე 17 და 14 წლით უფროსი დები  თბილისში წამოვიდნენ სასწავლებლად, პედაგოგი მამა და ნაბოლარა კარლო სოფელში დარჩნენ.

თავიდან მეზობლები უმზადებდნენ სადილს, მოგვიანებით, მამამ მეორე ცოლი შეირთო. დედინაცვალი სულაც არ იყო გულბოროტი, პირიქით, თავს ევლებოდა, მაგრამ „დედა“ ვერ დაუძახა… კაცოიას ეძახდა. ის კი არა, მამასაც ვეღარ ეძახდა მამას… მამასაც „კაცოიას“ ეძახდა… მამას და დედინაცვალს სევდიანად ეცინებოდათ პატარა ბიჭის საქციელზე.

ახლა კი უკვე 16 წლისაა, ჯერაც ვერ გადაუწყვეტია სად ჩააბაროს. კი, ჯერ კიდევ მეოთხე კლასელი იყო, თანაკლასელებთან ერთად პიესა რომ დაწერა, რეჟისორიც თავად იყო, მთავარ როლსაც თავად ასრულებდა, მსახიობობაც ჯერ კიდევ მაშინ მოუნდა. თბილისში ჩამოსვლისთანავე მუსიკალურ სკოლაშიც მიაბარეს, ერთი წლის შემდეგ ქორეოგრაფიულ სტუდიაშიც შევიდა, ის კი არა, მეცხრე კლასში რომ იყო, ვახტანგ ჭაბუკიანმა ოპერაში კორდებალეტშიც აცეკვა, პიონერთა სასახლეში დრამწრეზეც დადიოდა, მაგრამ მაინც ვერ გადაუწყვეტია სად ჩააბაროს. საკუთარი გარეგნობა არასოდეს მოსწონდა და, ალბათ, ესეც აფერხებდა, ამიტომაც უარობდა მსახიობობას…

სცენა სპექტაკლიდან „ჭინჭრაქა“

სცენა სპექტაკლიდან „ჭინჭრაქა“

ბიჭი საშუალო ტანისაა, დამახასიათებელი სახის ნაკვთებით, მეტყველი თვალებით, მაღალი შუბლით და მოკაუჭებული ცხვირით.

მოქნილი და პლასტიკურია –  ბალეტისთვის მართლაც შესაშური მონაცემებით, მაგრამ ბალეტისკენ გული არ მიუწევს… შესაძლოა მისი ცხოვრება სხვანაირადაც წარმართულიყო, იმ დღეს ფოსტალიონს გაზეთი რომ არ მიეტანა. 16 წლის კარლომ გაზეთი გაშალა. განცხადებას მოჰკრა თვალი – თეატრალური ინსტიტუტი მიღებას აცხადებდა. ჰოდა, თეატრალურში ჩაბარება და მსახიობობა გადაწყვიტა. მიაშურა კიდეც თეატრალურ ინსტიტუტს. მიიღეს.

ერთი პედაგოგი არ ჰყოლია, ერთ წელს დოდო ალექსიძე ასწავლიდა, მეორე წელს აკაკი ვასაძე, შემდეგ ვერიკო ანჯაფარიძე, ლილი იოსელიანი. პედაგოგების ცვლამ თავის კვალი დაატყო, მაგრამ თავად მაინც კმაყოფილი იყო, რომ   ამდენმა პედაგოგმა ასწავლა. ინსტიტუტს რომ ამთავრებდა მარჯანიშვილის თეატრისკენ უწევდა გული, მაგრამ ხორავამ გადაიბირა – კარლო და დოდო აბაშიძე რუსთაველის თეატრში წაიყვანა. საშუალო ტანის კარლო რუსთაველის თეატრის გრანდიოზულმა სცენამ დააფრთხო  – „ვიდარდე, ამხელა სცენაზე რა გავაკეთო, სცენა გადამყლაპავს მეთქი“…

აღმოჩნდა, რომ 21 წლის კარლომ სულ ტყუილად იდარდა _ რუსთაველის თეატრის სცენას, არაერთი ტანაშოლტილი ვაჟკაცის გადამყლაპავს – არ გადაუყლაპავს – დღეს ამ თეატრის წინ მისი ვარსკვლავია…

27 წლის იყო კინოში რომ გამოჩნდა – ქართული კინოს საეტაპო „მაგდანას ლურჯაში“ მენახშირის როლზე ბევრი გასინჯეს, ბოლოს აკაკი ვასაძის რეკომენდაციით კარლოც გასინჯეს და დაამტკიცეს კიდეც. მას შემდეგ 50-მდე სხვადასხვა როლი ითამაშა კინოში, მაგრამ დღემდე ყველას ახსოვს მისი მენახშირე…

კინოში აღმოჩენამდე კი არანაკლებ მნიშვნელოვანი რამ მოხდა მის ცხოვრებაში  – ცოლი შეირთო. ცოლი, არც მეტი, არც ნაკლები – რადიოში იპოვა. ინსტიტუტი 2 წლის დამთავრებული ჰქონდა, რადიოში ხშირად იწვევდნენ ჩაწერებზე, ერთხელ სწორედ იქ შევიდა ჟორჟეტა კობახიძე. მოგვიანებით ერთმანეთი საერთო მეგობართან, წვეულებაზე გაიცნეს … ჟორჟეტა კობახიძე საფრანგეთში იყო დაბადებული –  ემიგრანტების შვილი იყო. მამამისი იქ ფაბრიკაში მუშაობდა, გამოგონებების ავტორი იყო, როგორც ირკვევა იქ მოწამლეს, შემდეგ სიდედრმა ბავშვები საქართველოში წამოიყვანა და გაზარდა… კარლო და ჟორჟეტა დაქორწინდნენ. კარლო თავის მეუღლეს, სიდედრის – ნინოსა და სიმამრის – გრიგოლის პატივსაცემად, „ნიგრის“ ეძახდა…

„ნიგრის“ და კარლოს ქალ-ვაჟი შეეძინათ. ერთად 25 წელი იცხოვრეს… კარლო საკანდელიძის მეუღლე დასნეულდა და გარდაიცვალა…

კარლო საკანდელიძის ქალიშვილი, ია საკანდელიძე, საკმაოდ ცნობილი მუსიკალური გამფორმებელია. თავიდან ქალბატონ იასაც მსახიობობა სურდა, მაგრამ მამის რჩევით უარი თქვა მსახიობობაზე და კონსერვატორია დაამთავრა, მაგრამ ბედისწერამ მაინც თეატრს გადაჰყარა – ჯერ კიდევ კონსერვატორიაში სწავლობდა, ტელეთეატრში რომ მიიწვიეს მუსიკალურ გამფორმებლად, მას შემდეგ მუსიკალურად აფორმებს სპექტაკლებს, მუშაობდა მიხეილ თუმანიშვილთან, რობერტ სტურუასთან… მუშაობს თეატრში, ტელევიზიაში.

კადრი ფილმიდან „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“
კადრი ფილმიდან „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“

ბეჭზე დაგდებული არგენტინელი ათლეტი

რუსთაველის თეატრი არგენტინაშია. „კავკასიურ ცარცის წრეს“ თამაშობენ ვეება დარბაზში. გოგი მესხიშვილის შექმნილი დეკორაციის – ვეება ჭიშკრის უკან ქართველი მსახიობები დგანან და სპექტაკლის დაწყებამდე რამდენიმე წუთია დარჩენილი – ყველას თავის ჭუჭრუტანა აურჩევია და მაყურებელთა დარბაზში იჭყიტებიან. პირველი ზარის შემდეგ, ჯემალ ღაღანიძის ყურადღება პირველ რიგში მჯდომმა ათლეტური აღნაგობის ქალმა მიიპყრო. კახი კავსაძეს გადაულაპარაკებს – გაიხედე ერთი, მართლა ამხელაა თუ მე მეჩვენება. კახი გაიხედავს. და იყვირებს: ვაიმე! ამხელა ქალი ცხოვრებაში არ მინახავს. კარლოც გაიხედავს. კახისგან განსხვავებით, კი არ დაიყვირებს, დაიტრაბახებს – „ეგ ქალი ჩემი იქნება“. ღაღანიძე იმედს გადაუწურავს, ბიჭო, 2000 წლის ბებერს თამაშობ და რანაირად მოეწონები?! „მაგასაც ვნახავთ!“ – კვლავ დაიტრაბახებს ტანმორჩილი კარლო. მოვიდა ის სცენაც სადაც კარლო უნდა გამოექანოს და ჟანრი ლოლაშვილმა უნდა დაიჭიროს. კარლო გეზს ცვლის და ჟანრის ნაცვლად, სწორედ იქით მიქრის, საითაც ათლეტი ქალბატონი ზის.

სცენიდან გადაეშვა და სწორედ დიდ ქალბატონს „დააფრინდა“… ათლეტი ქალი წამოდგა, „მოხუცი“ კარლო ხელში აიტაცა და… მიხვდა, რომ კარლო არც ისე ბებერი იყო და აღარ ემეტებოდა. კაი ხანს მოუწია ჟანრი ლოლაშვილს ხვეწნა, რომ ათლეტს მსახიობი სცენაზე დაებრუნებინა.

დამთავრდა სპექტაკლი, მსახიობები მოწესრიგდნენ, თეატრიდან გამოვიდნენ და რას ხედავენ – ათლეტი ქალი გასასვლელში დგას. კარლო მივიდა, ქალმა ყურადღება არ მიაქცია. ვერ იცნო… ჰოდა, კარლომაც უკან დაიხია, რამდენიმე ნაბიჯით, გაქანდა და ნომერი გაიმეორა – ხელებში შეახტა… ქალს გაუხარდა „შენ ხარო?“ და… მეორე დილით დაბრუნებულ კარლოს კითხვებს დააყრიან: „ვინ იყო?“ „სად იყავი?“. კარლო იტყვის: ქალთა შორის არგენტინის ჩემპიონი იყო ჭიდაობაში! „მერე? რა ქენი?“ – არ მოეშვება ჯემალ ღაღანიძე. „რა ვქენი და ბეჭებზე დავაგდე!“ _ ამაყად იტყვის კარლო…

„კავკასიური ცარცის წრე“

„კავკასიური ცარცის წრე“

თეთრი რაშის დევნაში

რუსთაველის თეატრი ლონდონში იყო გასტროლებზე. თეატრს ფენომენალური წარმატება ჰქონდა და ამ გასტროლის სპონსორმა ამ ამბით დიდად გაიხარა, მილიონერმა რობერტ მაქსვილმა დასი თავის ოქსფორდულ სახლში მიიწვია. მიიწვია და მეფურად გაუმასპინძლდა. სამსართულიანი სასახლე მაღალ ბორცვზე იყო წამოჭიმული, გარს მდელოები, აუზები, ნაძვისა და ფიჭვის კორომები ერტყა. მდელოზე ცხენების რემა იყო გაშლილი. კარლო საკანდელიძეს ამდენი ცხენი რომ დაუნახავს, უთქვამს: „ახლა მე ამ უბელო თეთრ ცხენს მოვახტები და ჩემებურად გავაჭენებ“.

„საერთოდ, ჩვენს ძვირფას კარლოს,  ფანტასტიკური ამბების თხრობა უყვარს, რომელშიც იმდენივე სიმართლეა, რამდენიც ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავლებში. თუ მას დავუჯერებთ, საკუთარი თვალით უნახავს, როგორ ჩამოაგდო ხიდან მამამისმა, სახელგანთქმულმა მონადირემ, ერთი გასროლით, სპილენძისკლანჭებიანი ფასკუნჯი, შვილისთვის მიზანში ზუსტი სროლის გაკვეთილი რომ ჩაეტარებინა. მისგან მრავალი მძაფრსიუჟეტიანი თავგადასავალი (რომლის მთავარი გმირი თვითონაა) გვაქვს ყველას მოსმენილი  და ახლა თეთრი რაშით განავარდების სურვილი რომ გამოთქვა, ყველამ შეასახელა. ახალგაზრდა მსახიობებს სეირის ნახვა სწყუროდათ და ეს ვაჟკაცური გადაწყვეტილება დიდად მოუწონეს. ჩვენი კარლო თამამად გაემართა ცხენისკენ, რომელიც თავისთვის ძოვდა ბალახს და აინუნშიაც არ იყო, რას უპირებდა საქართველოდან ჩამოსული ეს ჩაუქი მხედარი. კარლო  ცხენს მიუახლოვდა, მარჯვენა შემართა და, ალბათ, ფაფარზე აპირებდა ხელის წავლებას, რომ ამ დროს ცხენმა თავი მაღლა ასწია,  ერთი საშინლად დაიჭიხვინა, გადმოყარა ნაფოტივით ვეება ყვითელი კბილები, დადგა ყალყზე და შეუტია ჩვენს კარლოს. შეუტია მარა, რა შეუტია, ჯერ გულმოცემული იყო კარლო ჩვენი ბიჭების შეძახილებით, მაგრამ უკვე იხტიბარგატეხილმა ცოტათი მაინც დაიხია უკან. დახევა ასეთი არ უნდაო და გამოენთო ცხენი. წინ კარლო, უკან – თეთრი ცხენი… კარლომ უკანმოუხედავად ისე გაქუსლა, ისეთი სისწრაფით ახტებოდა პატარ-პატარა ბორცვებს, რომ არ შეიძლებოდა საბოლოოდ არ გერწმუნათ მისი ვაჟკაცობის ამბავი, თვით მაქსვილის ყველაზე რჩეული და ჯიშიანი ცხენიც კი ვერ დაეწია და ბედად დროზე რომ არ გამოჩენილიყო მეჯინიბე, ვინ იცის რით დამთავრდებოდა ეს ისტორია… კი იძახდა კარლო „გიჟია ეგ ოხერიო“, მაგრამ სახეზე ფერი არ ედო“… – იხსენებს ნოდარ გურაბანიძე.

კადრი ფილმიდან „არ დაიდარდო“

კადრი ფილმიდან „არ დაიდარდო“

კარლო საკანდელიძეს აურაცხელი როლი აქვს განსახიერებული თეატრსა და კინოში. მათგან ბევრი ეპიზოდური, ბევრიც პირველხარისხოვანი და ბედმა არგუნა ისიც, რომ მონაწილეობა მიეღო საეტაპო ფილმებისა თუ სპექტაკლების შექმნაში. მან ითამაშა მენახშირე ქართული კინოს საეტაპო ფილმში „მაგდანას ლურჯა“, მან განასახიერა სამი როლი – ლეგენდარულ „კავკასიურ ცარცის წრეში“, „რიჩარდ მესამეში“, მანამდე კი ჭინჭრაქა, ქართული თეატრის მანიფესტად ქცეულ, ლეგენდარულ „ჭინჭრაქაში“…

ბოლოს „მოხუც ჯამბაზებში“ უნდა ეთამაშა, მაგრამ ავადმყოფობამ შეუშალა ხელი… მომავალი თაობები მას ვეღარ იხილავენ სცენაზე, მაგრამ მომავალ თაობებს ის კვლავ მოხიბლავს თავისი კინოგმირებით, მოხიბლავს იმ სიხალასითა და განუმეორებლობით, რაც მისთვის ასე ჩვეული იყო…

დაიბეჭდა „პრაიმტაიმში“

ია სუხიტაშვილი: „მიშა მინდააა…“

რეზო შატაკიშვილი

ის ქართულ თეატრში დიდი როლებით მოვიდა. მოვიდა, როგორც ჯულიეტა, ოფელია… მაგრამ ოცნებობს როლზე, სახასიათოზე, თუნდაც მეორეხარისხოვანზე, სადაც დაანგრევს თავის ფიზიკურ მდგომარეობას – სცენზე რომ გამოვა და ვერ იცნობენ და პროგრამაში ჩაიხედავენ, ვინ თამაშობსო…

მისი ბევრს შურდა და შურს. ის ბევრს აღიზიანებს, მაგრამ ვერავინ უარყოფს იმას, რომ ია სუხიტაშვილი ნამდვილი აქტრისაა. ნამდვილი აქტრისა – თავისი კაპრიზებით და პირდაპირობით, გნებავთ – უხასიათობით.

„საშინლად ვერ ვიტან კოსტიუმების ცვლას, არ მიყვარს, როდესაც ამაზე გადადის ჩემი ყურადღება. მირჩევნია, ერთი კოსტიუმი შემახმეს მთელი სპექტაკლის განმავლობაში, ვიდრე ცხრა მქონდეს გამოსაცვლელი. არადა, არიან მსახიობები, გიჟდებიან ბევრ კოსტიუმზე… როცა ახალ როლზე ვმუშაობ, მაგრად ვნერვიულობ, მაგრად განვიცდი, რომ რაღაც ახალი მოვიფიქრო, ამ დროს სახლში ვერავინ გამეკარება. „სტუმარ-მასპინძლის“ რეპეტიციებზე ისეთი გავჭედე… ოთხჯერ გავიქეცი რეპეტიციებიდან, მშიშარა ვარ, ძალიან მშიშარა… მითხრეს, რა არის, რა უხასიათო ხარო. ვუთხარი, უხასიათო კი არ ვარ, ვნერვიულობ და განვიცდი-მეთქი, რაღაც ახალი ვთქვა-თქო! ეს რომ ვუთხარი, რამდენიმე დღეში, ტელევიზიით სესილიას კადრი აჩვენეს. ძალიან აღშფოთებული იყო სესილია: „მეუბნებიან, უხასიათო ხარო, უხასიათო კი არ ვარ, ვნერვიულობ, განვიცდი რომ რაღაც ახალი გავაკეთოო“. გამეცინა, სესილიას კი არ ვადრი თავს, მაგრამ ზუსტად იგივე რამდენიმე დღით ადრე ვთქვი მეც… არ ვარ უხასიათო, ვნერვიულობ, თუ გინდა ამიტანე, თუ არა, ნუ ამიტან“.

დაიბადა პედაგოგების, როგორც თავად ამბობს, „ჩვეულებრივ“ ოჯახში და ამაყობს იმით, რომ სწავლობდა გარეუბნის სკოლაში, სადაც ბავშვებმა დიდხანს შეინარჩუნეს ბავშვობა. 

„მე-11 კლასში ვიყავით და ისევ ჯორობანას ვთამაშობდით კლასში. მახსოვს, ჩემმა კლასელმა ლავიწის ძვალიც მოიტეხა… ჩვენი ყურადღება არ გადადიოდა ჩაცმაზე, პრანჭვაზე, ერთმანეთს სწავლაში ვეჯიბრებოდით, კლასში ათი ხუთოსანი იყო. ძალიან კარგად ვსწავლობდი ბოტანიკას, ზოოლოგიას, ანატომიას და ძალიან მინდოდა, ბიოლოგიის მასწავლებელი გამოვსულიყავი…

ვერ ვიტყვი, ნიჭიერი მოწაფე ვიყავი-მეთქი, უფრო ბეჯითი მეთქმოდა, ვერაფრით დავიძინებდი, გაკვეთილებს თუ არ მოვამზადებდი. რომ გითხრა, ქიმიასა და ფიზიკაში ვბდღვნიდი და ვლეწავდი-მეთქი, არა… მაგრამ ამბიცია მქონდა, რომ ეს საგნებიც კარგად მცოდნოდა, ქიმიისა და ფიზიკის დაზეპირება ცოტა გაუგებარია, მაგრამ მაინც ვახერხებდი, რომ ცუდი ნიშანი არ მიმეღო…“

სკოლაში სწავლის პარალელურად, 8 წელი ცეკვაზე დადიოდა ხალხური ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლში, შემდგომში რომ „ერისიონი“ დაერქვა. იას მსახიობობა არც უფიქრია, არც მშობლები ხედავდნენ  მასში რამე განსაკუთრებულ მონაცემებს, უბრალოდ, ერთ მშვენიერ დღეს, რუსულის პედაგოგმა ია და მისი რამდენიმე კლასელი არტოს ბაღში წაიყვანა – რეჟისორი გოგი თოდაძე ბავშვებს არჩევდა თეატრალური სტუდიისთვის. „არც ვიცოდი, სად მივყავდით, გათვითცნობიერებულიც არ მქონდა“, – ამბობს ია… გოგი თოდაძემ ია სტუდიაში აიყვანა. იას არც მაშინ უნდოდა მსახიობობა, მაგრამ მოსწონდა „ბერიკების“ ატმოსფერო. გასაკვირი არცაა, როცა თბილისში უშუქობა და გაჭირვება მძვინვარებდა, „ბერიკებში“ ბავშვებს შუქიც ჰქონდათ, სითბოც, გასტროლებზეც დადიოდნენ – მოსკოვში, უკრაინაში, თურქეთში, გერმანიაში, მონაკოში…

 

პირველი როლი: იას მოკლედ შეჭრეს თმა და ათამაშეს უფლისწული ეგზიუპერის „პატარა უფლისწულში“.

 

„სადაც კი ვთამაშობდით, ყველგან მეუბნებოდნენ: დედა, რა კარგი ბიჭი ხარ, რა ლამაზი… იცი, როგორ განვიცდიდი? ვტიროდი, განცდებში ვიყავი. იმის მერე დავიფიცე, რომ თმას არასოდეს შევიჭრიდი. კარგად მახსოვს, ძალიან გრძელი თმა მქონდა, ეს იყო იმ ბავშვობის რაღაც…“

 

ია სკოლას რომ ამთავრებდა, მაშინაც არ აპირებდა მსახიობობას – ჟურნალისტიკაზე უნდოდა ჩაბარება და მხოლოდ გოგი თოდაძის დაჟინებული თხოვნით გადაწყვიტა, თეატრალურ ინსტიტუტში ჩაებარებინა.

 

„ძალიან დიდი კონკურსი იყო, მარტო ორ პედაგოგს აჰყავდა ჯგუფი – გოგი მარგველაშვილსა და ასიკო გამსახურდიას, ყველას გოგისთან უნდოდა… თან ძალიან ვნერვიულობდი, ახლა აღარანაირად არ მერიდება ამაზე ლაპარაკი, იყო ჩაწყობა… არ დავკონკრეტდები არც სახელებში და არც გვარებში, მაგრამ გაყიდული იყო ადგილები… ბოლო ტურზე სამი ეტიუდის ნაცვლად 9 გამაკეთებინეს, ძალიან ვინერვიულე… მაგრამ საბოლოდ გოგი მარგველაშვილმა თქვა, აქ არის 1-2 გოგო, რომელიც ძალიან მომწონს და მინდა, რომ ჩემს ჯგუფში იყოსო… ერთ-ერთი ვიყავი მე და მოვხვდი მარგველაშვილთან, ძალიან გამიმართლა, რომ მეორე წელს, როცა ჯგუფი გაიყო, დავრჩი ისევ გოგი მარგველაშვილთან… გოგი ძალიან კარგი პედაგოგია…“

 

ია სუხიტაშვილმა თეატრალურ ინსტიტუტში სულ ერთი როლი ითამაშა და ეს როლი იქცა მის პასპორტად პროფესიაშიჯულიეტა.

„4 წლის მანძილზე ერთი სპექტაკლი დავდგით, წელიწად-ნახევარი ვდგამდით, მაგრამ ძალზე ნაყოფიერი იყო ეს პერიოდი მსახიობად ჩამოყალიბებისთვის. მაშინ მივხვდი, როგორ უნდა იმუშაო როლზე. წელიწად-ნახევარი დილის 9-10 საათიდან შუაღამემდე ინსტიტუტში ვიყავით, მამაჩემი გიჟდებოდა, რას აკეთებთ ეგეთსო. ძალიან გვაწვალებდა, მაგრად გვაწვალებდა გოგი… თან მაშინ ინსტიტუტში საშინელი სიბინძურე იყო, რეპეტიციიდან გაზურტლულები გამოვდიოდით, მთელ ჩემს ჯგუფს მუნი დაემართა, მე სახეზე არ შემეხედებოდა, საშინელი ალერგია მომცა მტვერმა, მერე ფეხი ვიღრძე, მთელი თვე თაბაშირი მედო. ამ სპექტაკლს ჰქონდა საოცარი ისტორიები – იყო შურიც, იმიტომ რომ მე არ მყავდა დუბლი, დანარჩენს ზოგს სამი დუბლი ჰყავდა და იყო მთელი ამბები ატეხილი, შური, მური და გნიასი. მოხდა დიდი ხელჩართული ბრძოლაც,  ხელით შეხებამდეც მივიდა საქმე, მივიდა იქამდე, რომ ერთ-ერთი სპექტაკლის დროს მე რეკვიზიტები დავკარგე, ურომლისოდაც ვერ ვითამაშებდი მთელ რიგ სცენებს…“

იყო თუ არა შეყვარებული ია, როდესაც შექსპირის ჯულიეტას თამაშობდა სცენაზე?

„კი ბევრს ლაპარაკობდნენ, მაგრამ… ჯულიეტას თამაშის დროს შეყვარებული არ ვყოფილვარ… საერთოდ, ცხოვრებაში რადიკალურად განვსხვავდები იმ ჯულიეტასგან, რაც ვითამაშე. თავიდანვე გვითხრა გოგიმ, მე არ მინდა „რომეო და ჯულიეტა“, მე მინდა „ჯულიეტა და რომეო“. რომ გაგვიკვირდა, გვითხრა, კარგად წაიკითხეთ პიესაო. წავიკითხეთ, მაგრამ რაღაც ახალი ვერავინ აღმოვაჩინეთ. არ წაგიკითხავთ, კიდევ წაიკითხეთო, – თავიდან დაგვავალა. ისევ რომ ვერაფერი ვიპოვეთ ახალი, მერეღა გვითხრა, არ დააკვირდით, რომეო არსად ინიციატივას რომ არ იჩენსო? არ წაიკითხეთ, ვინ ამბობს პირველი „მიყვარხარ“, ვინ ნიშნავს პაემანს, ვინ ამბობს, ეკლესიაში მოდი? მერე „აღმოვაჩინეთ“, რომ მართლაც ყველაფრის ინიციატორი არის ჯულიეტა. მე კი… მე არ ვარ მონადირე ქალი, არასოდეს ვნადირობ. თუ ადამიანისგან არ მოდის რაღაც ინიციატივა… ჯერ ერთი, მრცხვენია, მე როგორ უნდა ვთქვა პირველმა, ან შემხვდი, ან მომწონხარ?! კი მომწონებია ბიჭი, მაგრამ მე ვერ დავურეკავდი ვერასდროს… ხომ არიან შემტევი ქალები, გაიგებენ ნომერს და… მე არასოდეს პირველს არ გადამიდგამს ნაბიჯი, ამ მხრივ, ძალიან მორიდებული ვარ. მერჩია,  ჩამეკლა ის მოწონება თუ რაღაც, ვიდრე რამეში ინიციატივა გამომეჩინა…“

ია სუხიტაშვილი თეატრალური ინსტიტუტის დამთავრებიდან 2 კვირაში პირდაპირ რუსთაველის თეატრში მოხვდა, პირდაპირ რობერტ სტურუასთან, პირდაპირ ოფელიას როლზე.

„მე რომ ჯულიეტა არ მეთამაშა, რუსთაველის თეატრში ვერ მოვხვდებოდი… ბატონ რობერტთან არ გამივლია სინჯები, ისე მოვედი ოფელიაზე. იცოდა, რომ ვიღაც გოგომ ითამაშა ჯულიეტა თეატრალურში, უთქვამს, ის მოიყვანეთ და ვნახავო. მე არ მქონია ამბიცია, რომ პირდაპირ რუსთაველის თეატრში მოსვულიყავი, არც გამიფიქრებია, ნამდვილად სიურპრიზი იყო, მაგრამ რახან აქ მოვხვდი, მივხვდი, რომ კლანჭებით უნდა ჩავბაღაუჭებოდი ყველაფერს და არც ერთი ნიუანსი არ უნდა გამეშვა. როდესაც შენ ღმერთი ამას გჩუქნის, ბედის ბედაურზე რომ დაგსვამს პირდაპირ, ფაფარზე ძალიან მაგრად უნდა მოებღაუჭო… მაქსიმალურად ვცდილობდი, არაფერი „გამემაზა“, მაქსიმალურად ყურადღებით ვყოფილიყავი, ვწვალობდი, რაც მე აქ ღამეები მაქვს ტირილში გატარებული… უცებ მოვხვდი ზაზა პაპუაშვილის, ნინო კასრაძის, ლევან ბერიკაშვილის გვერდით, ვისაც ვუყურებდი ამდენი წელი, მომწონდნენ, როგორც მსახიობები. ჯერ ამის კომპლექსი მინდოდა მომეხსნა, ეს დამევიწყებინა, აი, როგორ არტისტებთან ვდგავარ… შენ თუ ჩააჭიჭინდი იმას, რომ, დედა, მე ამასთან რას გავაკეთებ, რა უნდა გამომივიდეს, მართლა ვერაფერს გააკეთებ… ამას რამდენიმე რეპეტიციაშივე მივხვდი. მერე მივხვდი, რომ სითამამე უნდა ამეკრიფა, როგორც სიჩქარე უნდა აკრიფო, უნდა დამეძლია, სხვანაირად არაფერი გამომივიდოდა. გეფიცები, სცენაზე რომ გავედი, ცარიელ სცენაზე, დავპატარავდი, ალბათ, მეტრა და ათი გავხდი. ძალიან შეშინებული ვიყავი, ვინც მოვა ამ თეატრში ეს შიში ნამდვილად უნდა მოიხსნას, ამ შიშით ვერაფერს გააკეთებ…

ჩემთვის თეატრი სტურუათი იწყება, რადგან ინსტიტუტი დავამთავრე თუ არა, აქ მოვხვდი და ყველაფერი დაიწყო რობერტ სტურუასთან ერთად… ჩემთვის თეატრი არის ეს ადამიანი. ყოველთვის ვამბობ, მე არც რუსთაველის თეატრის სივრცის და არც ამ ჩუქურთმების ხამი არ ვარ, მე ვარ ერთადერთი ადამიანის ხამი, ეს არის რობერტ სტურუა. ხშირად მიფიქრია, როცა რობერტ სტურუა არ იქნება ამ თეატრში, ალბათ, იქ დავამთავრებ ჩემს თეატრალურ მოღვაწეობას-მეთქი. უბრალოდ, როცა მომენატრება, მერე დავუბრუნდები და ხანდახან 2-3 წელიწადში ერთხელ ვითამაშებ-მეთქი…“

ია სუხიტაშვილმა მიშა მესხი ჯერ კიდევ ინსტიტუტში სწავლისას გაიცნო.

„მიშაზე 2 წლით დიდი ვარ, მე უკვე მესამე კურსზე ვიყავი, მიშა რომ პირველ კურსზე მოვიდა, ერთმანეთს ვიცნობდით, მაგრამ არ ვიცოდი, ვის ჯგუფში ირიცხებოდა, იმისთვისაც არ მიმიქცევია ყურადღება, რომ მიშა მესხის შვილიშვილი იყო, უბრალოდ, ვიცნობდი ვიღაც ბიჭს – მიშა მესხს, დასამახსოვრებელი გარეგნობით. ეს მახსოვს ძალიან ბუნდოვნად… იმ წლების შემდეგ „ყარაბახი 2“-ის გადაღებებზე შევხვდით ერთმანეთს. ურთიერთობა დავიწყეთ ძალიან კარგი მეგობრობით, თავიდანვე ნამდვილად არ ყოფილა: „დედა, მომეწონა, გადავირიე… გადავირიეთ, გადავიხსენით ვენები…“, გადაღებები რომ დამთავრდა, ფილმის პიარი დაიწყო და ერთად გვიწევდა გადაცემებში მონაწილეობა, ჟურნალისტებთან შეხვედრები, რატომღაც ისე აეწყო, მარტო მე და მიშა დავდიოდით. ამ შეხვედრების მერე იყო, „არ გშია? კი, მშია. წამო, სადმე წავიდეთ, ვჭამოთ“…  ასე, თავისთავად, განვითარდა ურთიერთობა, მერე აღმოჩნდა, რომ, თუ მიშას არ ვნახავდი, მქონდა რაღაც „ნიხვატკა“, ოღონდ რომ არ უტყდები თავს, რომ იშორებ ამ ფიქრს თავიდან. ერთ მშვენიერ დღეს, რეპეტიციის შემდეგ მომაკითხა, „წამო, სადმე წავიდეთო“. მანქანაში რომ ჩავსხედით: მითხრა, ძალიან მონწონხარო. ძალიანაც მინდოდა, ის ეგულისხმა, რაც მე მჭირდა უკვე, მაგრამ მე მივიღე ეს მეგობრულად, ხუმრობად, ჯიგრულად და ვუთხარი, მეც ძალიან მომწონხარ-მეთქი. არა, მე მართლა მომწონხარო, მეთქი, მეც მართლა მომწონხარ-მეთქი… არა, შენ ვერ გაიგე, მე მართლა მომწონხარ, როგორც ბიჭს გოგო, ისე მომწონხარ, არავითარი მეგობრულად არ მომწონხარო… იყო რაღაც დაშორებებიც, გულისტკივილიც, წყენაც, მაგრამ საბოლოო ჯამში… ზოგს ხომ სჭირს წყლული, გულის მანკი, რაიმე სენი? მე მჭირს „მიშა მესხი“, ძალიან მიყვარს ჩემი მეუღლე… შეიძლება მანამდე გათხოვილიც ვიყავი, მიყვარდა კიდეც ადამიანი, მომწონებია კიდეც ვიღაც, მაგრამ მიშას მიმართ რასაც ვგრძნობ, ეს გრძნობა ადამიანთან მოდის ერთხელ, ან არასოდეს არ მოდის… ბედნიერი ვარ, რომ ეს დამემართა… რაც არ უნდა მოხდეს ჩემსა და მიშას შორის, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები (არავინ არაფრისგან დაზღვეული არაა), მე ზუსტად ვიცი, რომ ეს გრძნობა აღარასოდეს მეწვევა, რასაც განვიცდი მიშასთან. ეს შემიძლია, თამამად ვთქვა… არც ისე პატარა გოგო ვარ, 30 წლის ქალი ვარ…

2 დღით ვიყავი წასული ქუთაისში, იცი, ღამით რა დამემართა? მომინდა ტირილი, პატარა ბავშვს რომ მოუნდება, დედა მინდააა, ასე დამემართა, „მიშა მინდააა“… უცბად მივხვდი, რომ არ შემიძლია ამ ადამიანის გარეშე… მე ასეთი მიჯაჭვულობა არასოდეს მქონია. ბავშვობიდან დავდიოდი გასტროლებზე, ბანაკებში ვისვენებდი, „დედა მინდააა“ – არასოდეს მქონია და ახლა ასეთ ასაკში დამეწყო „მიშა მინდა“… საოცარი მიჯაჭვულობა გვაქვს ერთმანეთის მიმართ. მართლა გეუბნები, არ ვაფერადებ არაფერს, სულ მის გვერდით ყოფნა მინდა, ძალიან მიხარია, რომ ეს მჭირს…“

 დაიბეჭდა „პრაიმტაიმში“

რეზო შატაკიშვილი უიღბლო, უჩინო თათიაზე

„ბუნებამ მას ყველაფერი მისცა: სილამაზე, შესანიშნავი ხმა, ნიჭი და ერთში დაჩაგრა – არ მისცა ბედი“ –იტყვის რობერტ სტურუა… მას მართლაც საოცარი სილამაზე ამშვენებდა, სწორედ 19 წლის თათია ხაინდრავა იქცა მხატვარ უჩა ჯაფარიძის შთაგონების წყაროდ და ნესტან-დარეჯანის მიწიერ განხორციელებად, როცა „წერილის ეპიზოდის“ ილუსტრაციას ქმნიდა.

მას ჰქონდა იშვიათი ხმა, პოეზიის არსში წვდომისა და გადმოცემის უბადლო ნიჭი და იყო დიდოსტატი მხატვრული კითხვის. „მისი კითხვა უშუალო იყო, ლაღი, მსუბუქი, მთის ჰაერივით გამჭვირვალე და სუნთქვასავით ბუნებრივი!“ – ამბობდა ანა კალანდაძე.

მას არ რგებია არც ერთი პრემია, არც ერთი წოდება, არც ერთი ჩინი, მას მხოლოდ მერაბ კოსტავამ უბოძა ჩინი – „უჩინო თათია“…

 

ამ ქვეყანას გაგრის მახლობლად მოევლინა. სიმონ ხაინდრავა 18 წლის იყო, კონსტანტინე გამსახურდიას 17 წლის დაზე – სოფიოზე რომ იქორწინა, მაგრამ… შვილი არ უჩნდებოდათ, არ უჩნდებოდათ 22 წლის მანძილზე და აი, ქორწინებიდან 22 წლის თავზე, ქვეყანას მოევლინა თათია ხაინდრავა, მოევლინა გაგრაში. გაგრაში იმიტომ, რომ მშობლები გემით მოგზაურობდნენ და სწორედ გაგრის მახლობლად გამხდარა დედა შეუძლოდ… ბედნიერმა ბავშვობამ მხოლოდ 7 წელიწადს გასტანა… პატარა თათია მტირალა ყოფილა, კონსტანტინე გამსახურდია სწორედ იმხანად წერდა „მთვარის მოტაცებას“ და კაროლინას შვილსაც ამიტომ დაარქვა თათია… მერე მოვიდა ავბედითი 37, მართლა სატირალი ხანა… სოფიო გამსახურდიას 2 ძმა დაუხვრიტეს, დაუხვრიტეს ძმისშვილიც და ქმარსაც თავი მოაკვლევინეს… მამის თვითმკვლელობამდე იყო ბარბაროსული გამოსახლება კუთვნილი ბინიდან – არ გაატანეს არათუ ავეჯი, ტანსაცმელიც კი. მალე კი ავლაბარში, ერთ ბნელ ოთახში თათიასთან შეხიზნულ სოფიო გამსახურდიას ამცნეს, რომ სიმონი ცუდად იყო… სოფიო გამსახურდია ავა თიანეთში, სადაც იმალება დევნილი სიმონ ხაინდრავა. ავა და ნახავს ფილტვების ანთებით  გათანგულ ქმარს. წუთით ეზოში გამოდის, უკან შებრუნებულს კი შემზარავი სურათი ხვდება – მომაკვდავი ქმარი და სიტყვები: „თათიას კონსტანტინე გაგიზრდის“…

 

კონსტანტინე გამსახურდია მართლაც ითავებს თათიას გაზრდას. ცოცხალი კლასიკოსი სამუდამოდ აღიბეჭდება მის მეხსიერებაში – ფეხქვეშ გაშლილი დათვის ტყავით, ძვირფასი კალმით, მაგიდაზე ერთი ბოთლი შავი ღვინით, მუქი ჩაით ან ყავით, შავი ქლიავით… თათია ლექსებს უკითხავდა პატარა ზვიადსა და თამარს. „ერთხელ დიდ ოთახში ბავშვებს ვუკითხავდი ლექსებს. კონსტანტინემ დამიძახა და მითხრა: „აბა, ერთი ხმამაღლა წამიკითხეო“. მომიწონა… იმ დღიდან მხატვრული კითხვა უმთავრესი გახდა ჩემს ცხოვრებაში“, – დაწერს თათია ხაინდრავა წლების შემდეგ… პატარა თათიას უკანასკნელ ამოსუნთქვამდე გაჰყვება ის სითბო და მზრუნველობა, რასაც მის მიმართ ავლენდნენ კლასიკოსი ბიძა და მისი უსათნოესი მეუღლე – მირანდა ფალავანდიშვილი.

 

 

კონსტანტინე გამსახურდია, თამარი, თათია, ზვიადი, მირანდა ფალავანდიშვილი

კონსტანტინე გამსახურდია, თამარი, თათია, ზვიადი, მირანდა ფალავანდიშვილი

 

ეს სითბო იმდენად დიდი იქნება, რომ, როდესაც თათიას ქალიშვილი შეეძინება, მას სწორედ მირანდას დაარქმევს – საყვარელი ბიცოლას პატივსაცემად.

 

მირანდას შეძენამდე კი დიდი გზაა – ტკივილებითა და ტრაგედიებით დანაღმული. ტკივილები და ტრაგედიები არც მერე მოაკლდება. ტკივილები, დრამები, ტრაგედიები – მისი ცხოვრების განმეორებადი და შეუქცევადი ფაზებია. თათიას ჰქონდა ბრწყინვალე გარეგნობა, საამო ხმა, კითხულობდა „ვეფხისტყაოსანს“, კითხულობდა საოცრად, მაგრამ დედას არ უნდოდა, მის შვილს თეატრალურზე ჩაებარებინა. გოგონა დაჰყვა დედის ნებას – უნივერსიტეტს მიაშურა, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტს, მაგრამ ერთმა საღამომ მისი ბედი ისევ სცენას დაუკავშირა. უნივერსიტეტში იოსებ გრიშაშვილს ხვდებოდნენ სტუდენტები. თათიამ გრიშაშვილის „ხელთათმანის ღილი“  წაიკითხა. საღამოს დასრულებისთანავე აღფრთოვანებული გრიშაშვილი კულისებში შევა და თათიას ამცნობს: ხვალ კონსტანტინეს დავურეკავ და თეატრალურ ინსტიტუტში უნდა წაგიყვანო. წაიყვანს კიდეც. თათია წაიკითხავს „ხელთათმანის ღილს“ და…  მას მაშინვე ჩარიცხავენ თეატრალურ ინსტიტუტში. ბედნიერ სტარტს უბედურება მოჰყვა. თათია მელანიას თამაშობდა დოდო ალექსიძის დადგმულ მაქსიმ გორკის „მზის შვილებში“. თამაშობდა იმდენად კარგად, რომ პედაგოგმა უთხრა კიდეც: იმდენად კარგად გამოგივიდა, შენ ამას ვეღარ გაიმეორებო. რეჟისორის სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა – თათიას მანქანა დაეჯახა და კარგა ხანს ჩამოშორდა სცენას. დაამთავრა ინსტიტუტი, მეტყველების კათედრაზე დატოვეს, გამოჯანმრთელებულს კი… თეატრებში აღარ იღებდნენ. ის არ გააკარეს სცენას, მისთვის ყველა თეატრის კარი დაკეტილი აღმოჩნდა. რეალურად კარი დაკეტილი იყო მაშინაც კი, როცა თეატრში უშვებდნენ და… როლებს არ აძლევდნენ, ან თითქმის არ აძლევდნენ. არადა ნიჭიც ჰქონდა, ბრწყინვალე ხმაც და გარეგნობაც და არც პროტექტორები ჰკლებია. თავადვე იხსენებდა, რომ მის თეატრში მისაყვანად ბევრს იბრძოდნენ სერგო ზაქარიაძე, აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, თამარ ჭავჭავაძე, შალვა დადიანი, იოსებ გრიშაშვილი… ის კი არა, თამარ წულუკიძე რუსთაველის თეატრის დირექტორთანაც შეჰყვა და კატეგორიულად მოსთხოვა – მე ისევ წავალ გადასახლებაში და ჩემს შტატში ეს ახალგაზრდა მიიღეთო, მაგრამ მაინც არ მიიღეს. არ მიიღეს, მიუხედავად იმისა, რომ თათია ხაინდრავას აქტივში უკვე იყო შტეფან ცვაიგის „უცნობი ქალის წერილები“ – რადიოდადგმა, რომელიც შესულია ოქროს ფონდში. თეატრებში არ იღებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ კლასიკოსი ბიძა დაჰყვებოდა თეატრებში და რეჟისორებს სთხოვდა, შტატში მიეღოთ. წიგნებსაც ჩუქნიდა ავტოგრაფებით, მაგრამ… თათიას თეატრში არ იღებდნენ. მოგვიანებით სევდიანად იტყვის თათია ხაინდრავა, რომ მათთვის (რეჟისორებისთვის) მაშინ რაიკომის მდივნის ტელეფონის ზარს უფრო მეტი ძალა ჰქონდა, ვიდრე კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვას… შემდეგ როგორღაც თითქოს ნავსი გატყდა, თათია ბათუმის თეატრში მიიწვიეს, მთავარი როლიც ერგო, მაგრამ ამ ხანამ სულ ერთი წელი გასტანა… პატარა მირანდას უდედოდ უჭირდა და თათია იძულებული გახდა, თბილისში დაბრუნებულიყო. იმხანად სანკულტურის თეატრს ლილი იოსელიანი ჩაუდგა სათავეში. თათიაც წაიყვანა. თამაშობდა კიდეც ლილი იოსელიანის სპექტაკლში „ჩვენი ერთი საღამო“. ლილი იოსელიანი გაიხსენებს, რომ თათია ხაინდრავა იმ როლში განუმეორებელი იყო, შესანიშნავად მღეროდა, ცეკვავდა, მისი პლასტიკით აღფრთოვანებული იყო ლეგენდარული იური ზარეცკი. მაგრამ ეს ბედნიერებაც ხანმოკლე აღმოჩნდა, თეატრს მოშურნეები გამოუჩნდნენ. „სანკულტურის“ თეატრი უცებ ძალიან პოპულარული გახდა… შეშურდათ და ბრძოლა დაგვიწყეს… ისეთი ქება და მოწონება გვქონდა, რომ სხვა თეატრებს შეშურდათ… დაფინანსება მოგვისპეს, არსებობა შეგვაწყვეტინეს…“ – იტყვის ლილი იოსელიანი. შემდეგ ძლივძლივობით თათიას შტატი გამოუჩხრიკეს მარჯანიშვილის თეატრში. თითქმის 30 წელი დაჰყო თეატრში, მაგრამ მეტი ბედის დაცინვა რა გინდა, რომ ხმით განთქმულ მსახიობს მხოლოდ უსიტყვო როლებს აძლევდნენ. მასოვკაში კლავდნენ მის ნიჭს. „30 წლის განმავლობაში, მხოლოდ „რას იტყვის ხალხში“ ვითამაშე. ლალი ნიკოლაძემ მომცა როლი. ერთხელ ზანდა იოსელიანმა მცა პატივი – თავი მოიავადმყოფა და ხუხაშვილის „მოსამართლეში“ დედა ვითამაშე… მარჯანიშვილის თეატრში ვიმუშავე მთელი 30 წელი, მაგრამ ხმა არ ამომაღებინეს. მასიურ სცენებში კი, იცოცხლე, წარამარა მათამაშებდნენ. თუ რომელიმე მსახიობი ავად გახდებოდა, მხოლოდ მაშინ მაღირსებდნენ სცენაზე გასვლას“, – იტყვის მოგვიანებით.

 

არ გააკარეს სცენას, არც ეკრანს. ერთადერთი როლი აქვს კინოში ნათამაშები – ელისაბედი სიკო დოლიძის გადაღებულ „კაცია ადამიანში?!“. „დიდოსტატის მარჯვენაში“ ცოქალის როლი მქონდა. რეჟისორმა ვახტანგ ტაბლიაშვილმა გადაღებული ფირიდან ამომჭრა“, – იტყვის გულმოკლული… ის არ გააკარეს არც ეკრანს, არც სცენას. მიაჯაჭვეს მხოლოდ რადიოს, მაგრამ ის მაინც ავიდა სცენაზე. 1976 წელი მისთვის ყველაზე ბედნიერი იყო. უკვე 48 წლისა გახლდათ, მისი რეპერტუარით რობერტ სტურუა რომ დაინტერესდა. სტურუა, რომელიც იმხანად „კავკასიურ ცარცის წრეს“ დგამდა, რომელსაც უკვე დადგმული ჰქონდა „სეილემის პროცესი“, „ხანუმა“, „ყვარყვარე“… რეპეტიციების შუალედებში მთელი თვე უსმენდა სტურუა თათია ხაინდრავას მხატვრულ კითხვას, ზღვა რეპერტუარს. დაბოლოს, თათია კითხულობს თარაშ ემხვარის წერილს და გაისმის სტურუას ვერდიქტი: „მე თქვენ დაგიდგამთ სპექტაკლს!“. შვიდი თვე მუშაობდნენ სპექტაკლზე. ამ უბედნიერეს წუთებშიც არ დაინდო ბედმა – აფიშები უკვე იუწყებოდა, რომ რუსთაველის თეატრში გაიმართებოდა „მზეო თიბათვისა“, რომ თათია სასწრაფო ოპერაციის გასაკეთებლად გადააფრინეს მოსკოვში. მაგრამ 1976 წლის 17 მაისს ის ახლად ნაოპერაციები მაინც წარდგა მაყურებლის წინაშე. ერთი კვირა ტევა არ იყო რუსთაველის თეატრში. „მზეო თიბათვისა“ 170-ჯერ აჩვენეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. „რობერტ სტურუამ ოქროს გვირგვინი დამადგა თავზე“, – ასე აფასებდა ამ ფაქტს თათია ხაინდრავა. ის მაინც დაბრუნდა სცენაზე, დაბრუნდა მარტო – იდგა და კითხულობდა ქართულ პოეზიას. პოეზიას, რომელსაც მუდამ ერთგულებდა და არც პოეზია ღალატობდა მას.

 

ბედმა მარტო დგომა არგუნა ცხოვრების სცენაზეც. ტრაგიკული აღმოჩნდა მისი პირველი სიყვარული. მას და აკადემიკოს ვიქტორ კუპრაძის ვაჟს – გურამ კუპრაძეს უყვარდათ ერთმანეთი. „რამდენჯერაც შევხვდებოდი, მუხლები მიკანკალებდა, მაშინ ასეთი სიყვარული იყო…“  – გაიხსენებს უკვე ღრმად მოხუცებული. მაგრამ ბედმა არც აქ დაინდო. გურამ კუპრაძე 19 წლის დაიღუპა – თევზაობისას თავბრუ დაეხვა და მტკვარში დაიხრჩო. იმ საბედისწერო დღესაც შეხვდა თათიასა და თათიას დედას სათევზაოდ გზადმიმავალი და უთქვამს კიდეც, თევზს დავიჭერ და პირდაპირ თქვენთან მოვალო. თათია და დედამისი მაშინ კონსტანტინესთან ცხოვრობდნენ. ელოდნენ იმ დღეს გურამს, მაგრამ… კლასიკოსის სახლში ტელეფონის ხმა გაისმა. ტელეფონი თათიამ აიღო – „ვიქტორ კუპრაძის ვაჟი წყალში დაიხრჩო, ვეძებთ და კონსტანტინემ თავისი ვილისი გამოგვიგზავნოს“. თათიას ტყუილი ეგონა, მაგრამ დაბეჯითებით ითხოვდნენ კონსტანტინეს… არც შემდეგ გაუმართლა სიყვარულში. ქალიშვილი რამაზ ჩხიკვაძისგან შეეძინა, მაგრამ მათი თანაცხოვრება არ შედგა… თუმცა ამ სიყვარულმა მისცა მას ყველაზე დიდი ბედნიერება – მირანდა. „მე ვიპოვე ბედნიერება ჩემი შვილის სახით!“ – ამბობდა ის. ცხოვრებამ არ დაინდო თათია. რაღას არ მოასწრო, რა ტკივილი არ გადაატანინა – ჯერ მირანდა ფალავანდიშვილის სიკვდილი, შემდეგ სრულიად ახალგაზრდა თამარ გამსახურდიას დაღუპვა, კონსტანტინეს გარდაცვალება… ურთულესი პერიპეტიები, რაც თან ახლდა მის ხელში გაზრდილ ზვიად გამსახურდიას ცხოვრებასა და მოღვაწეობას. შემდეგ ზვიადის სიკვდილი…

 

ბედმა არ დაინდო უჩინო თათია, მაგრამ ამ ცხოვრებამ მასზე მაინც ვერ გაიმარჯვა. ის ვერ გააბოროტა, ვერ დაბოღმა, ვერ წაართვა სხვისი წარმატებით სიხარულის უნარი, ვერ წაართვა მადლიერების გრძნობა. მადლობელი იყო დოდო ჭიჭინაძის, რომელიც საშუალებას აძლევდა, ხანდახან მაინც ეთამაშა არზაყანის დედის როლი „მთვარის მოტაცებაში“, მადლობელი იყო ზანდა იოსელიანის, რომელმაც ერთხელ ავადმყოფობა მოიმიზეზა, რომ სცენაზე თათია გამოსულიყო… მადლობელი იყო რობერტ სტურუასი – უკანასკნელ ამოსუნთქვამდე – თვლიდა რომ მან ოქროს გვირგვინი დაადგა. მართლაც ბევრ მსახიობს არ ღირსებია ასეთი გვირგვინი, მაგრამ ვგონებ, არც თავად სტურუას არ ღირსებია ბევრი ასეთი მადლიერი არტისტი შემოქმედების თუ ცხოვრების გზაზე. რეჟისორის ხვედრია გაუძლოს გუშინ მადლიერი არტისტის ხვალ და ზეგ უმადურებას. თათია ხაინდრავამ 30-ზე მეტი წელი ატარა მადლიერება ოცნებასთან ერთად – ერთხელ მაინც ეთამაშა მოხუცი ქალის რაიმე ეპიზოდური როლი სტურუას რომელიმე სპექტაკლში…

 

 

 

                                                                                      დაიბეჭდა „პრაიმტაიმში“

 

რეზო შატაკიშვილი ავაზისებურ მარინა კახიანზე

ამ ავაზისებური ქალის მშვენიერება ვნების, ეშხის და სინატიფის ბეწვის ხიდზე გადის.

იშვიათად თუ ნახავთ მისდამი ნეიტრალურად, ნელ-თბილად გაწყობილ ადამიანს ის ან ძალიან მოწონთ, ან აღიზიანებთ. ან ევულგარულებათ, ან ემშვენიერებათ.

19 სექტემბერს მარინა კახიანი 50 წლის ხდება. (პუბლიკაცია 2009 წელს „პრაიმტაიმში“ – რ.შ.)

თუმცა მარლენ დიტრიხივით მისი დაბადების წლად ზოგგან რა წერია და ზოგგან რა…

მის ცხოვრებაში დრამატულ თეატრამდე იყო ბალეტი.

ბალეტი კი ყოველთვის იყო მის ცხოვრებაში.

პატარობისას მამას სთხოვდა პარტნიორობის გაწევას. მერე ქორეოგრაფიულ სასწავლებელში შეიყვანეს. მეოთხეკლასელმა წიწილა იცეკვა „ექიმ აიბოლიტში“. შემდეგ მათთან ვახტანგ ჭაბუკიანი შევიდა დაადფრთიანა – პირველ კურსზე კახიანს კლასიკური ესპანური ცეკვა დაუდგა, მეორე კურსზე – „ჟიზელში“ აცეკვა. მესამეზე – ლარურენსია…

მარინა კი უიმედოდ ოცნებობდა ჭაბუკიანთან ერთად ცეკვაზე, ლექსებსაც უწერდა, სთხოვდა ახალგაზრდობის მანამ შენარჩუნებას, ვიდრე მის პარტნიორობას შესძლებდა, არადა ჭაბუკიანი უკვე 60-ს იყო გადაცილებული…

ღიაწაბლისფერთმიანი მარინა ერთ დღეს ქერად შეღებილი გამოეცხადა ჭაბუკიანს. ჭაბუკიანმა უთხრა რომ მას შავი თმა უფრო მოუხდებოდა.

მეორე დღესვე შავთმიანი გამოვეცხადე, ასე დავუმტკიცე ჩემი რწმენა და სიყვარული. ბატონ ვახტანგს სიცილი აუტყდა. ძალიან მოეწონა. გიხდებაო მითხრა, თან დააყოლა, თუ ყველაფერში ასე დამიგდებ ყურს, დიდი ბალერინა გამოხვალო“.

ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ერთი სეზონი ოპერისა და ბალეტის თეატრში ცეკვავდა, მაგრამ…

ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტე მსახიობი გავმხდარიყავი. ეტყობა აღარ მაკმაყოფილებდა ცეკვა და მინდოდა ხმამაღლა მეყვირა“.

მარინამ თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება გადაწყვიტა. მშობლები წინააღდეგი იყვნენ, მიაჩნდათ რომ უკვე გზაზე იდგა და კარგი მომავალიც უჩანდა, როგორც ბალერინას. მაგრამ შეუვალი ვიყავი და მაინც ჩემი გავიტანე“.

თეატრალურ ინსტიტუტში გამოცდაზე გამოცხადებულს კი ეთერ გუგუშვილმა დაუცაცხანა, აქ რა გინდა, წადი იცეკვეო. მარინამ იქვე იტირა და… სტუდენტი გახდა.

ამ ნაბიჯზე არასოდეს მინანია, მაგრამ როცა სცენაზე კარგი ბალერინა გამოდის, მეც მინდება ხოლმე ცეკვა. საოცრად ხანმოკლეა ადამიანის ცხოვრება, ბალერინას ცხოვრება კი სულ მთლად პეპელასავით ხანმოკლეა. ეტყობა თავი ვერ გავიმეტე პეპელას ხვედრისთვის…

დაიწყებს არტისტობას, მაგრამ ეტყვიან – შენ კინოში არავინ გადაგიღებს – ქართული გარეგნობა არ გაქვსო და ისიც რუსულ ცხვირს გაიქართულებს. ცხვირის ოპერაცია იმიტომ არ გამიკეთებია, რომ გარეგნობა არ მაკმაყოფილებდა. გეგმაზომიერად ვქმოქმედბდი, მიმაჩნდა რომ აგრეგნობა მთლად ქართული არ მქონდა და უნდა შემეცვალა. ისე, დიდად არაფერი შეცვლილა, იმიტომ რომ ძგიდს არავინ შეხებია. კურნოსიმქონდა წინ და ცოტა ჩამოათალეს. მოკლედ, რუსული ცხვირი მქონდა და გავიქართულე…“.


ინსტიტუტშივე დაიწყო დიდი სკანდალური რომანი _ მარინა კახიანს თავისი პედაგოგი, მასზე 20 წლით უფროსი ცოლიანი კაცი შეუყვარდა – გია მატარაძე.

მარინა კახიანი: „…ცუდი ფაქტი მოხდა, მე ახალგაზრდა გოგონას შემიყვარდა ბევრად უფროსი ცოლიანი მამაკაცი. უფრო სწორედ ერთმანეთი შეგვიყვარდა… ეს ყველაფერი მართლა ისე უცებ მოხდა რომ… ვერ გეტყვით არ ვგრძნობდი თავს დამნაშავედ-მეთქი. სხვათა შორის წლების შემდეგაც, მაგრამ მოხდა ასე… მე იმით ვამართლებ ჩემს ნაბიჯს რომ მეც და გია მატარაძეც ბედნიერები ვიყავით. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მითხრა, რომ ის იყო უბედნიერესი კაცი, მე რომ შემხვდა და საერთოდ, ამ ქვეყნად ყველაზე მეტად ვუყვარდი…

იმ დროს იმ ნაბიჯმა მართლაც გამოიწვია მითქმა-მოთქმა, შოკი, ამ ყველაფერს ახლდა სკანდალები, ჭორები… რა თქმა უნდა მე არც პირველი ვყოფილვარ, არც უკანასკნელი, ჩემნაირი უამრავი ყოფილა ადრეც და არიან დღესაც, მაგრამ ადამიანები, ეტობა ვერასოდეს ეგუებიან, როდესაც ვინმეს სიყვარული ჩარჩოებში არ ჯდება. როდესაც გოგონას უყვარდება თავისიზე უფროსი, ოჯახიანი მამაკაცი, ყოველთვის იწვევს ყველა დროის საზოგადოების რისხვას. მაგრამ მე ვაჟკაცურად დავდექი… მე არ ვარ ის ადამიანი, საზოგადოების აზრს რომ ანგარიშს არ უწევს, მაგრამ მაშინ ნამდვილად არ დამიხევია უკან და საზოგადოებრივ აზრსაც კი დავუპირისპირდი. ამას ცხადია არ ვნანობ, უბრალოდ როდესაც ასეთ ნაბიჯს დგამ, გარკვეულ ტკივილს აყენებ სხვა ადამიანებს, მაგრამ არის რაღაცეები, რაც აუცილებლად უნდა მოხდეს. გარდაუვალია. შეიძლება ბედისწერაა. თუმცა ხშირად ვამართლებთ ჩვენს საქციელს ამ სიტყვით – ბედისწერა.


ეს იყო უდიდესი სიყვარული, როგორიც არც თუ ისე ბევრია გარშემო. მართლაც ბედნიერი ვარ რომ ასე მოხდა ჩემს ცხოვრებაში და ბედისწერამ შემახვედრა გია მატარაძეს.

მართლა საოცარი ადამიანი, საინტერესო პიროვენება და ხელოვანი იყო, იშვიატად რომ ასეთი კაცი შეგხვდეს. გვიან მოვიდა რეჟისურაში, მან ვერ მოასწრო იმის გაკეთება, რაც შეეძლო და გააკეთებდა კიდეც, რომ დასცლოდა. ჩემი მასწავლებელი იყო, არა მარტო როგორც მსახიობის, არამედ როგორც ქალის. 12 წელი ვიყავი უბედნიერესი ქალი, დღესაც მიკვირს ხოლმე, ნუთუ შეიძლება ორი ადამიანი ერთად ცხოვრობდეს ამდენს ხანს ასე ბედნიერად?

გიას სიკვდილიდან 15 წელზე მეტი გავიდა.

მყოლია და მყავს თაყვანისმცემლები, აბეზარი თაყვანისმეცემლების თავიდან მოშორებაც მნიწევდა, სილის გაწვნამდეც მისულა საქმე… ზოგი თაყვანისმცემელი სერიოზული იყო, ზოგი ნაკლებად სერიოზული. ერთი

ცოლობასაც მთხოვდა, მაგრამ მე ვერავის შეყვარება ვერ შევძელი ისე, როგორც გია მიყვარდა. ამიტომ ვამბობ გია ჩემი ბედისწერა იყო…

დღეს კი ქვეყნად უკვე პატარა გია მატარაძე დადის – მარინა კახიანი უკვე ბებიაა. მისი ვაჟის – ვათა მატარაძის მეუღლე ჟურნალისტური წრეებისთვის კარგან ნაცნობი ქეთი ჟორდანიას ქალიშვილი – ეკატერინეა…

აი, სილის გაწვნა ნამდვილად არ ეშლება კახიანს – „ბერნარდა ალბაში“ ისე გააწნა სილა ნანუკა ხუსკივაძეს რომ ყურის ბარაბანი გაუხეთქა.

ბერნარდა ალბას გარდა, მარინა კახიანის მიერ განსახიერებულ პერსონაჟთა გალერეაშია არაერთი ქალი ისტორიიდან და მსოფლიო კლასიკური დრამატურგიიდან: ევა ბრაუნი, კორდელია, მარია სტიუარტი, კოლხი მედეა…

მარინა კახიანი: „ალბათ ბედნიერი მსახიობი ვარ იმ თვალსაზრისით, რომ არ მითამაშია დღემდე როლი, რომელიც არ მყვარებია. ზოგი შეიძლება უფრო ღრმა იყო, ამაღლებული, ზოგი პირიქით – შეიძლება ზნედაცემულიც. ზნედაცემულთა შემთხვევაში ვცდილობდი მეჩვენებინა თუ რამ დასცა ქალი ზნეობრივად, რამ მიიყვანა აქმდე. ვერ გეტყვით, რამდენად შევძელი ეს… სიმართლისმოყვარე კორდელია მიყვარდა ძალიან, ასევე ცხოვრებადამახინჯებული, ტრაგიკული ლიდა სპექტაკლიდან „აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე“. დღემდე მიყვარს ჩემი პირველი როლი სტურუასელ სპექტაკლში „ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე“…


ბერნარდა ალბა

ბერნარდა ალბაზე ჩემი დიდი ტკივილის შემდეგ ვმუშაობდი და მე მგონი ის ტკივილი, რაც გამაჩნდა, ამ შემთხვევაში გამომადგა“.

გავდივართ ცხოვრებას, ხანდახან შეიძლება ვაკეთებთ იმას რაც საჭიროა და არა იმას რაც გვინდა, თუმცა რა არის საჭირო, ბოლომდე არავინ იცის… ბოლოს კი ვბერდებით. დგება მომენტი, როდესაც ყველაფერი აღმოჩნდება უკან. ის პატარა სიხარულებიც, სიყვარულიც და ყველაფერი. ბერნარდა ალბასაც თავის ცხოვრება აქვს გავლილი, სითბოც ჰქონდა, სიყვარულიც, და ტრაგედიაც და ეს ყველაფერი უკანაა. წინ არაფერია, ამის გამოა გაბოროტებული, სპექტაკლში ერთი სცენაა, წერილებისა და ყვავილების. იქ ჩანს ბერნარდა ალბა ამ რაკურსით. ეს სცენა ჰიმნია წარსული ცხოვრებისადმი, რომელიც აღარ განმეორდება…


მარია სტიუარტი

მარია სტიუარტში თავმოყრილია მთელი ქალურობა საუკეთესო თვისებებითა და უზნეობით. მიუხედავად მისი თავქარიანობისა, მე მაინც მიყვარს იგი, თავისუფლების მოყვარე ქალია, არ შეეძლო მას სიყვარულის გარეშე და სწორედ ამ სიყვარულს შეეწირა იგი….


მედეა

მე ყოველთვის მაშინებდა ეს ქალი თავისი ცხოვრებით, ქმედებებით, ძალით თუ ვნებით. დღესაც, როდესაც სპექტაკლის სათამაშოდ მივდივარ, ბოლომდე ზუსტად არ ვიცი რას გავაკეთებ. სცენა როდესაც მედეა შვილების დასახოცად გადის, არც ერთხელ ერთნაირად არ მითამაშია. შვილების დახოცვისას კი არ ვიცი რა მდგომარეობა მექნება, რას მოვიმოქმედებ. რამდენიც არ უნდა ვამტკიცო, რომ ახსნა, გამართლება მოვუძებნე მის ამ საქციელს, მაინც დღემდე არ გამქორობია წინააღდეგობა. მისი საქციელის ახსნისას მისივე სიტყვებია ჩემთვის ამოსავალი წერტილი მე საკუთარი თავი უნდა დამესაჯა და დავსაჯე კიდეცო. მე არ შემეძლო იმ მედეას შეყვარება, რომელიც შვილებს ხოცავს ქმარზე შურისძიებისას. მის საქცილს ვამართლებ სწორედ საკუთარი თავის დასჯით მან დასაჯა საკუთარი თავი სამშობლოს და მამის მოღალატე…


მას უყვარს თავის როლები, და არც მსხვერპლის გაღებაზე იხევს უკან – საინტერესო როლისთვის. მას თავიც კი აქვს გადაპარსული როლისთვის. თუმცა, ვიდრე როლისთვის გადაიპარსავდა თავს, „რეპეტიცია“ დეპრესიულ ფონზე გაიარა:

მახსოვს ძალიან ცუდ განწყობაზე ვიყავი, დარტყმები, ტკივილები… ამ გადასახედიდან რომ შეხედო, არანაირი დიდი დარტყმა არ ყოფილა, როგორც მერე აღმოვაჩინე, ბევრად უფრო დიდი ტკივილებიც არსებობს ცხოვრებაში… მაგრამ ცუდ განწყობაზე ვიყავი, დავჯექი სამზარეულოში, დავიდე სარკე, დავიწყე თმის ჭრა, ვიჭერი, ვიჭერი და ბოლოს გადავიპარსე. ასე რომ პირველად დეპრესიის გამო გადავიპარსე და ნაწილობრივ გამომიყვანა კიდეც. ნანა ჯორჯაძეს ნანახი ვყავდი თავგადაპარსული და რამდენიმე ხნის მერე ფილმისთვის მთხოვა ისევ გადამეპარსა. ამისთვის გარკვეული თანხაც დამიმატეს… თუ იქნება საინტერესო სამუშაო, თან გააჩნია ვინ შემომთავაზებს, ნამდვილად არ დავფიქრდები და ნებისმიერე ექსპერიმენტზე წავალ ან გავსუქდე ზედმეტად, ან დავიმახინჯო თავი… დიახ, თუ როლი საინტერესო იქნება სპეციალურად გავსქუდები…

სპეაციალურად თუ გასუქდება, თორემ ისე, ზედმეტი წონის პრობლემა არასოდეს ჰქონია. მისი ძალიან ბევრ ქალს შურს. კიდევ უფრო დანაყრდებიან შურით, როცა გაიგებენ თუ როგორ ინარჩუნებს მარინა კახიანი ბრწყინვალე ფორმას  – გემრიელი ჭამით. თანაც შუაღამისას:

გემრიელი რაცაა ყველაფერი მიყვარს, ხორცის მოყვარული ვარ, მიყვარს ცხარე კერძები, არ მიყვარს უგემური უღიმღამო კერძები, ჩემთვის გემოს აძლევს სიცხარე, მარილი, სუნელები. ძალიან მიყვარს ქართული კერძები, ხინკალი, მწვადი… ძალიან მიყვარს თევზეული, ხიზილალა… შოკოლადი მიყვარს, გემრიელ ნამცხვრებსაც კარგად გეახლებით, ხილიც მიყვარს… ძალიან მიყვარს ჩინური სამზარეულო, მართლაც ორიგინალური და მრავალფეროვანია, იაპონურიც, მექსიკურიც, ყველა იტალიური კერძი ნამდვილად არა, მაგრამ ზოგიერთი ძალიან მიყვარს. მოკლედ, გურმანი ვარ და ჯერჯერობით საბედნიეროდ, არანაირი დიეტების დაცვა არ მჭირდება. მართლა კარგი მჭამელი ვარ. ძალიან მიყვარს, როცა სპექტაკლის შემდეგ, დაღილი მოვდივარ შინ, ტელევიზორის წინ მოვკალათდები ძველი რომაელი პატრიციის მსგავსად, მოვიდგამ ნუგბარ საჭმელებს… ეს ჩემთვის ისეთი სიამოვნებაა, თან ეს ხდება ძალიან გვიან, მაგრამ ჯერჯერობით, არ აისახება ჩემს გარეგნობაზე, შემდეგ რა იქნება არ ვიცი… მე არც მაშინ არ ვიცავდი არანაირ დიეტას როდესაც ბალერინა ვიყავი. ბევრი ბალერინა იკვებება საკმაოდ კარგად და მაინც მშვენიერ ფორმაში არიან. ბრწყინვალე ქართველი ბალლერინა ვერა წიგნაძე, მთელი ცხოვრება ძალიან გამხდარი იყო და ახლაც ძალიან გამხდარია, მიუხედავად იმისა რომ ყოველთვის ძალიან კარგად იკვებებოდა, არაფერს არ იკლებდა…

მარინა კახიანი არ განეკუთვნება იმ „მოსვეტო“ დაკავებულ ქალთა კატეგორიას, რომლნიც თავს იწონებენ ხელთუყრობით – რომ სამზარეულოსთვის არ სცხელათ და არც იციან რაიმეს კეთება. პირიქით აღიზიანებს კიდეც ეს ტენდენცია:

არ ვიცი ასეთი რა მოუცლელი სჭირთ, ზოგიერთს მე მგონი მოსწონს ეს პოზა. ზოგმა შეიძლება მართლა არ იცის, მაგრამ ძალიან მიკვირს რატომ თვლიან საამაყოდ იმას რომ არაფერის გაკეთება არ იციან. როდესაც დაძაბული დღე მაქვს ცხადია ვერ ვიცლი სამზარეულოსთვის, მაგრამ როდესაც დრო მაქვს ვდისახლისობ და არც მეზარება. პურზე რომ რიგები იყო პურსაც ვაცხობდი… ადრე მხოლოდ დედა მეხმარებოდა, დედა დღეს ისე ვეღარ მეხმარება და ქალბატონი ავიყვანე დამხმარედ, რომელიც ძალიან გემრიელ კერძებს ამზადებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ მე აღარაფერს არ ვაკეთებ. მითუმეტეს თუ სუფრა იშლება, ვცდილობ რომ სუფრაზე ძირითადად ჩემი გაკეთებული კერძები იყოს. ეს მე თვითონ მანიჭებს სიამოვენებას, თანაც ვიცი, იმ ადამიანებს ვინც მოდიან, უყვართ ჩემი გამზადებული კერძები და ამიტომ მე მინდა მათ ვასიამოვნო და ის შევთავაზო, რასაც ჩვეულნი არიან ჩემგან. თვლიან რომ მე ძალიან კარგი საცივის ავტორი ვარ, მოსწონთ ოსტრი“, რომელსაც ჩემებურად ვაკეთებ, არის სალათები, ჭარხალი ტყემალაში, იგივე ხორცის კერძს ვაკეთებ წითელი ბულგარულით…“.


შურზე, ჭორებზე

„ვერ გავაიდიალებ ადამიანებს და ვერ ვიტყვი რომ არ მიგრძვნია შური…  მიგრძვნია შორიც, შემხებია ინტრიგებიც, მაგრამ მომიყრუებია ყური და კონფლიქტში არ შევსულვარ. მეც შემშურებია სხვისი, უბრალოდ არასოდეს დავბოღმილვარ და ამის გამო არ გამიმწარებია არც სსხვისი და არც საკუთარი ცხოვრება… უამრავი ჭორი გამიგია ჩემზე, მათი 99% ტყუილი და აბსურდია. ქალს და თან მსახიობს, ძირითადად მამაკაცებზე უვრცელებენ ჭორს, ისეთ ვინმესთან მიგაწყვილებენ, საერთოდ რომ არ იცნობ. თვალითაც რომ არ გინახავს. კაცი მოუკლავსო, ჯერ ნამდვილად არ უთქმათ…“

მანერულობაზე, ხმაზე

მარინა კახიანზე საუბრისას, არც თუ იშვიათად მიანიშნებენ მანერულობაზე.

შესაძლოა ასეც იყოს, არ ვკამათობ. მაგრამ ძალიან ხშირად მანერულს უწოდებენ მას, ვინც ისე არ მეტყველებს როგორც ყველა. ასეთივე შეფასება მომისმენია კარგ მსახიობზეც. არადა, ის ასე მეტყველებდა ცხოვრებაშიც. შესაძლოა, ოდესღაც, მართლაც მან შექმნა ასეთი მოდელი საკუთარი თავის. მაგრამ როდესაც ადამიანი რაღაცას ქმნი, ქმნი შენგან გამომდინარე… ბავშვობაში დედაჩემი ხუმრობით მეცოხრინწოსმეძახდა. საკმაოდ ნაზი გარეგნობა მქონდა, ღია ფერის თვალები, თმები და უცებ ხმას რომ ამოვიღებდი, ყველას უკვირდა, ასე რომ ბავშვობიდან ეს ხმა მაქვს. ასე რომ, მოგატყუებთ, რომ ვთქვა რომ საათობით ვმუშაობდი ამ ხმის დაყენებაზე… სიაგრეტის მოწვა ქორეოგრაფიულ სასწავლებელში დავიწყე, მაგრამ იშვიათად ვეწეოდი, მერე უკვე ინსტიტუტში მოვუხშირე და მოვიხშირე. სულ ვფიქრობ რომ ნაკლები მოვწიო, მაგრამ რატომღაც აზრად არ მომდის რომ სულ გადავაგდო. ძალიან დიდხანს სიგარეტს საჯაროდ არც ვეწეოდი, ეს ბოლო წლებია რაც ასე გავთამამდი…

ფოტოები – ირაკლი გედენიძის

 

„ორი ძმა“ რუსთაველის თეატრში (დავით ბუხრიკიძის მცირემეტრაჟიანი რეფლექსია, ნინო კასრაძის, დარეჯან ხარშილაძის, შალვა გაწერელიას შეფასებები, ვიდეო, ფოტოები…)

2009 წლის 22 და 23 დეკემბერს, რუსთაველის თეატრში, ექსპერიმენტულ სცენაზე შედგა ჩემი სპექტაკლის (ფაუსტო პარავიდინოს “ორი ძმა”) პრემიერა…

წითელი და თეთრი

დეკემბერი 30, 2009 ავტორი დავით ბუხრიკიძე

http://www.shokoladi.ge

რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე, სხვენში, შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდა რეჟისორების ”წვრთნისა დ აღჭურვის” პროგრამა მიმდინარეობს. დეკემბრის ბოლოს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მაგისტრანტის, რეზო შატაკიშვილის უბრალო, მოულოდნელი და ამავე დროს ორიგინლური სპექტაკლი ”ორი ძმა” (ხელმძღვანელი რობერტ სტურუა) ვნახე, რომელმაც საბაბი მოგვცა მცირემეტრაჟიანი რეფლექსიისათვის. საერთოდ, ახალგაზრდა რეჟისორების გულწრფელი გარჯა რაღაცით ახალი ღვინის დეგუსტაციას წააგავს: ნამუშევარს ჯერ კიდევ შუშხუნა გაზის გემო და ბოლომე ჩამოუყალიბებელი გრადუსი ეტყობა. სიტკბოსა და სიმწკლარტის ერთდროული ელფერი დაჰკრავს და ზოგჯერ სასიამოვნო ბუკეტი (თუ ღვინო სუფთაა) გამოკრთება… არადა, პიესა, რომელიც რეჟისორს დასადგმელად ერგო, არც ტოსკანურ თეთრ ღვინოებს ჰგავს და არც ნახევრად მშრალ, წითელ ”კასტელო ბანფის”. თანამედროვე იტალიელი დრამატურგის, ფაუსტო პარავიდინოს ”ორი ძმა” ცოტათი ვასკო პრატოლინის რეალიზმს, კერძოდ, ”ოჯახურ ქრონიკას” ენათესავება და უფრო მეტად, ლუკინო ვისკონტის საკულტო ფილმს” როკო და მისი ძმები”. პარავიდინოსთანაც ამოკითხავთ ორი ძმისა და საბედისწერო ქალის კლასიკურ ისტორიას, რომელიც პიესის ფინალში ტრაგედიის მიზეზი ხდება. მორცხვი და ინტროვერტი ბორისი (ირაკლი ჩხიკვაძე), თავაშვებული და უხეში ლევი (შაკო მირიანაშვილი), თავისუფლების მოყვარე და სექსუალურად თავაშვებული ერიკა (სოფი მეიერი) იმ საბედისწერო სამკუდხედს ქმნიან, რომელთა წონასწორობას მუდამ აფორიაქებული დედა (მანანა სურმავა) და მოთვალთვალე მეზობელი ფაუსტო (ბექა მიქაძე) არღვევენ. დაახლოებით 70 წუთის განმავლობაში რეჟისორი სრულ კარტ-ბლანშს აძლევს მსახიობებს და არ ცდილობს ისინი საკუთარი ფანტაზიის ან ზეამოცანის აჩრდილებად აქციოს. მითუმეტეს, რომ პირველი სერიოზული, სცენური განაცხადი ნამდვილად შეიცავდა თვითდამკვიდრების მყვირალა სურვილს. არადა პირიქით მოხდა – რეჟისორმა სათქმელი თითქოს განგებ შენიღბა, შეფუთა და გაუმჭვირვალე-ლირიკულ ქსოვილში მოაქცია. სამაგიეროდ, პარალელები დოსტოევსკის ”იდიოტთან” გამჭვირვალეა, ისევ როგორც, ჩეხოვის დრამატურგიის უტყვი და ეპიზოდური ქვეტექსტი (განსაკუთრებით დედის ხაზი), რაც პირველ რიგში მსახიობ მანანა სურმავს დრამატულ ნიჭსა და ტევად ”სცენურ ველს” უკავშირდება. ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ ზუსტი და ლინეარული თხრობა, ამბის გადმოცემის უნარი, ძალდაუტანებელი პოლიფონიურობა ალბათ, საკმარისია, რომ რეჟისურის გაკვეთილები ათვისებულად ჩავთვალოთ. მითუმეტეს, რომ საფუძვლიანად გასამაგისტრანტებლად რეზო შატაკიშვილს ბატონ სტურუასგან კიდევ ბევრი რამის სწავლა მოუწევს. ის ფაქტი, რომ სცენოგრაფია, მხატვრობა და კოსტუმები თეთრ-წითელის დომინანტურ მონაცვლეობზე იგება, ხოლო მეორე მოქმედებაში შავი ფერი ძალდაუტანებლად და ავბედითად ჩნდება, უკვე მრავლისმეტყველია. სიზმრისეული, ”ჩადგმული” სცენები დრამისა და რიტუალის მოულოდნელ გარითმვას ემახურება, ხოლო სპექტაკლის ქორეოგრაფია – მკრთალ მინიშნებას, რომ ”ფიზიკური თეატრის” ელემენტები თანამედროვე თეატრში სულ უფრო მზარდი და ტევადი ხდება. როცა ფინალში, სცენაზე უწესრიგოდ მიმობნეულ თეთრ-წითელ რეკვიზიტს შორის მსახიობთა დაღლილ სახეებს და რეჟისორის ცოტათი დაბნეულ ღიმილს ხედავ, გინდა დაიჯერო, რომ ამ ფერად დრამატურგიას გაგრძელება ექნება; რომ მაგალითად, ”ორ ძმას” ”სამი და” მოჰყვება, ხოლო წითელი და თეთრი ოდესღაც კლასიკური – წითლი და შავი გახდება.


„ორი ძმის“ ორდღიანი პრემიერა რუსთაველის თეატრში

მეხუთე სპექტაკლი და მესამე პროფესია.

(დაიბეჭდა “პრაიმტაიმში”)

თანამედროვე იტალიელი დრამატურგის ფაუსტო პარავიდინოს ორი ძმარობერტ სტურუას მაგისტრანტის რეზო შატაკიშვილის მეხუთე სპექტაკლია. მანამდე იყო ტენესი უილიამსის გათელილი პეტუნიები“, ლორდ დანსენის მოელვარე აღსავლის კარი“, ომის წუთისოფელიდა ჟან-კლოდ კარიერის უფლისწული და ჭეშმარიტება“… ეს მხოლოდ დასაწყისია. რეჟისორობამდე იყო კიდევ ორი პროფესია. იურისპრუდენცია და ჟურნალისტიკა. რეზოს სპექტაკლიც სწორედ ამიტომ იყო ზოგისთივს აღმოჩენა. მას როგორ ჟურნალისტს ბევრი იცნობს, როგორც რეჟისორი კი ამ ზაფხულს წარსდგა ფართო აუდიტორიის წინაშე რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე განხორციელებული სპექტაკლით უფლისწული და ჭეშმარიტება“. ფერადოვან და სიმსუბუქით სავსე ზღაპარს ორი ძმის მძიმე ისტორია მოჰყვა 22-23 დეკემბერს რუსთავლის თეატრში, ექსპერიმენტულ სცენაზე ორი ძმისპრემიერა შედგა.

ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს ორი ძმა და უმცროსი ძმის შეყვარებული გოგონა ერიკა. მაგრამ საბედისწერო სამკუთხედი იკვრება ერიკას უფროსი ძმა ბორისი უყვარდება, ბორისს ერიკა. მოზღვავებულ ვნებებს ორივე ცალ-ცალკე ებრძვის. ერიკა გაპარვას აპირებს, მაგრამ რჩება და ცდილობს გაუმკლავდეს ვნებებს. ბორისი ღია ბრძოლას უცხადებს ერიკას, ფარად მის სიბინძურეს იყენებს რომ უმცროსმა ძმამ ლევიმ ერიკა გაუშვას სახლიდან. ერიკაც და ბორისიც ცდილობენ დაამარცხონ ვნება, ერთმანეთს არ უტყდებიან. ძმა გრძნობს რაც ხდება მათ თავს. ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად ჯარში მიდის. შინ დარჩენილი ერიკა და ბორისი მოღვავებულ ვნებას ვერ უმკლავდებიან და სარეცელს იზიარებენ. ჯარიდან დროზე ადრე დაბრუნებულ ლევს ყოფილი შეყვარებული შინ ხვდება… ლევი მხოლოდ მეორე დღეს არკვევს ურთიერთობებს ერიკასთან. ერიკა გარბის, მაინც უკან ბრუნდება და ტრაგედიაც ტრიალდება სამკუთხედი ირღვევა მკვლელობით უმცროსი ძმა ერიკას კლავს. ძმები კვლავ ძმებად რჩებიან… სცენაზე არის ბევრი ტკივილი, ვნებთან ჭიდილი და სიკვდილი… სპექტაკლში ჩანს ძმების დედაც, რომელთანაც შვილებს მიმოწერა აქვთ. ძმები დედას მხოლოდ იმას წერენ როგორიც უნდათ რომ მათი ცხოვრება იყოს…


რეჟისორმა სცენაზე შემოიყვანა თავად დრამატურგი ფაუსტო პარავიდინო.

რომელიც მეზობელი სახლიდან უთვალთვალებს ამ ისტორიას. ისიც ერიკაზეა შეყვარებული შორიდან. სწორედ მასთან შეხვედრის იმედად დაატარებს რძეს, წერილებს, გაზეთს და გულის ჯიბეში თეთრ ვარდებს იმ იმედით რომ ოდესმე კარს ერიკა გაუღებს… ეს ოდესმეახდება კიდეც მაგრამ მაშინ როცა ფაუსტოს აღარც იმედი აქვს და აღარც ვარდი თან…

სპექტაკლში მთავარ როლებს ირაკლი ჩხიკვაძე (ბორისი), შაკო მირიანაშვილი (ლევი), სოფი მაიერი (ერიკა) ასრულებენ. ფაუსტო პარავიდინოს პირველკურსელი ბექა მიქაძე. დედას ცნობილი მსახიობი მანანა სურმავა.

ირაკლი ჩხიკვაძე რეზოს წინა სეპექტაკლებშიც თამაშობდა. როგორც რეზო ამბობს, მასთან მუშაობა ძალზე საინტერესოა და კვლავაც აპირებს მის დაკავებას.

 

შაკო მირიანაშვილი, ირაკლი ჩხიკვაძე

შაკო მირიანაშვილი, ირაკლი ჩხიკვაძე

 

 

სოფი მაიერი

სოფი მაიერი

 

 


 

მანანა სურმავა

მანანა სურმავა

 

 

სცენაზე მხოლოდ სამი ფერია გამოყენებული: შავი, წითელი და თეთრი. ესეც რეჟისორის დამახასიათებელი თვისებაა ფერების გამოხშირვით თეატრალური ატმოსფეროს მოხელთებას ლამობს.

რეზო შატაკიშვილი: „ფერების „გამოცლისკენ“ მიდრეკილება თავიდანვე მქონდა, „გათელილ პეტუნიებში“ მხოლოდ ლურჯი და ყვითელი მქონდა გამოყენებული, „მოელვარე აღსავლის კარში“ – თეთრი, ლურჯი, შავი და ვერცხლისფერი.

ფერადოვან ზღაპარშიც კი ცალკეულ სცენებში მხოლოდ 2-3 ფერი მქონდა დატოვებული სცენაზე. პარავიდინოს პიესის თამაში წითელში, შავში და თეთრ ფერებში გადავწყვიტე. გმირებს ერღვევათ მორალი, მაგრამ მათში არის სისპეტაკე, რადგან ისინი განიცდიან იმას, რაც ხდება მათ თავს, ამიტომაც დომინირებს თეთრი, რომელიც ეხამება შავსა და წითელს – მოზღვავებულ ვნებას, მოახლოებულ ტრაგედიას.

რატომ გადაწყვიტეთ მაინცდამაინც ამ პიესის დადგმა?

– მინდოდა სცენიდან მესაუბრა იმაზე, თუ როგორ ებრძვიან ახალგაზრდები ვნებებს და როგორ მარცხდებიან. უყვართ, იტანჯებიან, მაგრამ მათში ჭარბობს ვნება, რადგან როცა სრულყოფილ ადამიანს ნამდვილად უყვარს, მას ეს ჭეშმარიტი სიყვარული აძლევს ძალას რომ თავად ეს სიყვარული დათმოს. მათ ეს ვერ შეძლეს. ჩვენც ვერ ვიჩენთ ხშირად ამ გმირობას, ვერ მივდივართ მაშინ როცა წასასვლელები ვართ, ვერ ვსვავთ წერტილს როცა დასასმელია წერტილი. ჩემმა გმირებმაც ვერ შეძლეს ეს და სწორედ ამიტომ მოუწიათ ბოლოს ყველაფრის დაკარგვა. მე არ მინდოდა ვყოფილიყავი მორალისტი. მე უბრალოდ ვაჩვენე რომ ეს ადამიანები ასე ცხოვრობენ და ასეთმა ცხოვრებამ მოიტანა ეს შედეგი. მაყურებელმა განსაზღვროს, იცხოვროს ასე და მიიღოს ეს შედეგი თუ  მოიქცეს სხვანაირად და თავიდან აიცილოს ეს შედეგი…

იტალიური ენის კვირეულის ფარგლებში რუსთავლის თეატრში უნდა შემდგარიყო იტალიური პიესების კითხვა. ბატონმა რობერტმა მაგისტრანტებს კენჭისყრით გაგვინაწილა 4 იტალიური პიესა. მე პარავიდინოს ეს პიესა მერგო.

შემოვიკრიბე თანამოაზრეები. დავიწყეთ მუშაობა. თავიდან თარგმანი არც თუ ისე გამართული იყო და სოფო თორთლაძემ დაგვაკავშირა იტალიის საელჩოს, ქალბატონ ხათუნა ცხადაძეს, რომელმაც უმოკლეს დროში თავიდან გვითარგმნა ეს პიესა საგანგებოდ და მე ვიტყოდი არაჩვეულებრივად. პიესების კითხვა ოქტომბერში შედგა. მოგვეწონა პიესაც და ერთად მუშაობაც. ამიტომ, ვთხოვე ბატონ რობერტს რომ გავაგრძელებდი მუშაობას ამ შემადგენლობასთან და დავდგამდი სპექტაკლს.

სწორედ ბატონ რობერტის მხარდაჭერით და თეატრის მმარველის ზაალ ჩიქობავას ხელშეწყობით მივედით პრემიერამდე. თანადგომა ნამდვილად არ გვკლებია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ რობერტს, ბატონ ზაალს, ასევე ქალბატონ მარინა ამაღლობელს, ბატონ დავით უფლისაშვილს, ბატონ მერაბ მერაბიშვილს, პაატა ჯანელიძეს, ვათა მატარაძეს, სოფო ჟვანიას თანადგომისთვის.

როგორც აღინიშნა, შენი წინა სპექტაკლებისგან განსხვავებით ეს იყო შედარებით მძიმე ისტორია, რამდენად რთული იყო შენთვის ასეთ სპექტაკლზე მუშოაბა?

– „უფლისწული და ჭეშმარიტება“ მართლაც ფერადოვანი და ფრაგული სიმსუბუქით სავსე პიესა იყო, მაგრამ სხვა სპექტაკლებში არ იყო მაინცდამაინც „მსუბუქი წონის“ ისტორიები – „ომის წუთისოფელში“ ომგამოვლილი, ომისგან განადგურებული ბიჭის თავგადასავალი იყო, „მოელვარე აღსავლის კარში“ მოქმედება აღსავლის კართან ხდებოდა და მოქმედი პირები გარდაცვლილები იყვნენ…

შეფასებები სპექტაკლის შემდეგ

ნინო კასრაძე, მსახიობი:

– სამწუხაროდ ისე აეწყო რომ რეზოს წინა სპექტაკლებზე არ ვყოფილვარ და ეს პირველი იყო, რომელსაც დავესწარი. გულახდილად გეტყვით უჩვეულოდ გაკვირვებული ვიყავი. ვისაც ნანახი ჰქონდა რეზოს წინა სპექტაკლები, მათვის უჩვეულო არაფერი იყო, მაგრამ მე რეზოს სულ სხვა ამპლუაში ვიცნობდი, ანუ როგორც ჟურნალისტს. უჩვეულოდ კმაყოფილი დავრჩი იმდენად სხვანაირი სპექტაკლი ვნახე. ეს იყო პროფესიონალიზმით, გულწრფელობით, საქმისადმი დამოკიდებულებით სავსე სპექტაკლი და რაც მთავარია იყო საინტერესო მიგნებები მსახიობებთან მუშაობაში. სიახლე ის იყო რომ მოდიოდა ადამიანური ურთიერთობა. ჩემთვის პირადად იყო სასწაული, თანაგრძნობა გამოიწვიეს მსახიობებმა, რეჟისორის ხელმძღვანელობით. მსახიობები იყვნენ არაჩვეულებრივები.


დარეჟან ხარშილაძე, მსახიობი:

– სპექტაკლში იყო ბევრი რეჟისორული მიგნება. მე ვიცი საერთოდ როგორ მუშაობს რეზო, მიმუშავია მასთან. ეს იყო ტრაგიკული ისტორია და მეც მთლიანად ვიყავი ემოციებით სავსე დასრულებისას. რეზოს წინა სპექტაკლი იყო მსუბუქი და ფერადოვანი. ეს იყო სრულიად განსხვავებული. აქ იყო სამი ადამიანის ცხოვრება, რომლებსაც უერთმანეთოთ ცხოვრება არ შეუძლიათ, არადა მათ ერთად ყოფნას მოაქვს ტრაგედია. რეზო არის ძალიან ღრმა, ემოციური და სწორედ ამ კუთხით მან იპოვა საინტერესო რაღაც ამ პიესაში. არაჩვეულებრივი ემოცია იყო სპექტაკლის ბოლოს და იცით ალბათ ესეც ხდება რეალურ ცხოვრებაში, ხშირად ჩვენც მთავარი გმირის მსგავსდ გვინდა გაქცევა, მაგრამ გასაქცევი არ გვაქვს არსად… მსახიობებიც არაჩვეულებრივად იყვნენ შერჩეულები, ზუსტად გადმოსცეს ემოცია და ის რაც მაყურებელს უნდა დაენახა, ეგრძნო… სპექტაკლმა ნამდვილად მოახდინა ზემოქმედება…

შალვა გაწერელია, რეჟისორი:

– მომეწონა რა თქმა უნდა, ახალგაზრდა, დამწყები რეჟისორია რეზო. მისი მხრიდან ეს სპექტაკლი საინტერესო იყო. მსახიობებიც მომეწონენ, საერთო ჟამში დადებითი ემოცია გამოიწვია. სპექტაკლის ასე ჰარი-ჰარალოზე შეფასება არ შეიძლება, მას უნდა უფრო ღრმა მსჯელობა რომ არ შეუშალო ხელი ისევ და ისევ რეჟისორს ჩამოყალიბებაში. მე ალბათ პირად საუბარში, როცა ვნახავ  რეზოს, აუცილებლად ვეტყვი ჩემს შენიშვნებს, რომელიც მაქვს, თუმცა საერთო ჯამში დადებითი ემოცია გამიჩნდა. ეს შენიშვნები არის ძალიან პროფესიონალური, ძალიან კერძო და არა ესე სათქმელი.

ფოტოები ირაკლი გედენიძის


%d bloggers like this: