Tag Archives: რუსთაველის თეატრი

სტურუას პარადოქსი

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა გაზეთ “ვერსიაში”). 39624_1551397823362_1187617254_1603069_3151272_n

საქართველოში ყველა რეჟისორს, დიდიან პატარიანად, ერთი კონკურენტი ჰყავს – რობერტ სტურუა, ყოველ შემთხვევაში, ასე მიაჩნიათ თავად რეჟისორებს და მათთვის ყველა სხვა რეჟისორი კონკურენტი კი არაა, უბრალოდ, ფეხებში ებლანდება – ხელს უშლის. მოკლედ, სტურუა ყველას კონკურენტია, თუმცა… თავად სტურუას კონკურენტი არ აბადია საქართველოში, არც დიდი და არც პატარა. ესაა სტურუას პარადოქსი და საერთოდ ქართული თეატრის პარადქოსი. პარადოქსია, მაგრამ რეალობაა. სწორედ ეს პარადოქსული რეალობა აძლევს დიდ რეჟისორს საშუალებას, მოიქცეს ისე, როგორც მოეპრიანება, როგორ გუნებაზეც იმ დილას გაიღვიძებს.  სტურუამ იცის, რომ კარგა ხანია, ადგილი აქვს განაღდებული მსოფლიო თეატრის ისტორიაში და სხვა ყველაფერი უკვე წვრილმანია, ის წვრილმანი, ის ხურდა, რომელიც შემდეგ აღარავის ემახსოვრება და არც აღარავინ მოსთხოვს, სამაგიეროდ, ამ წვრილმანებით ახლა კარგად შეიძლება თავის შექცევა. დიახ, თავის შექცევა. მის შემთხვევაში, ჩემი აზრით, სწორედ თავის შექცევასთან გვაქვს საქმე და არა სხვა რაიმე სარგებელთან, რაც, ვთქვათ, არის იგივე ჟერარ დეპარდიესა თუ კუსტურიცას შემთხვევაში. დეპარდიემაც იცის ის, რომ გენიალური მსახიობია და ისიც, რომ იმ იდიოტობების გამო, რომელსაც დღეს რუსეთის საამებლად აკეთებს, მსოფლიო კინოს ისტორიიდან მას არავინ ამოშლის, ამიტომ აკეთებს იმას, რაც უნდა. აცნობიერებს რა იმ ფუფუნებას, რომელშიც აღმოჩნდა საკუთარი ნიჭის, შემოქმედებისა თუ კიდევ სხვა გარემოებათა თანხვედრის გამო, ამ ფუფუნებით სარგებლობს და იხვეჭს სხვა დამატებით – მატერიალურ ფუფუნებას რუსეთისგან.  არა მგონია, სტურუას შემთხვევა მათი ანალოგი იყოს.

სტურუა გაცილებით დიდია, ვიდრე ერთი, ან მეორე. წლების წინ ვწერდი კიდეც, რატომ იყო სტურუა ასეთი მსუქანი – მას სამყარო აქვს გადაყლაპული-მეთქი, რომ მასში ყველაფერია. დიახ, მასში ყველაფერია, რაც კია ამ სამყაროში, მათ შორის გარკვეული ავანტიურიზმი, თანაც საკმაო დოზით. მას ხიბლავს ეპატაჟიც, ხალხის გაკვირვებაც, მეტიც – გამოთაყვანებაც და ეს ყოველთვის ასე იყო. მას შემდეგ, რაც ,,სეილემის პროცესით’‘ გააოგნა ქართული თეატრალური სამყარო და მისგან ყველა რაღაც ამგვარს ელოდა, სერიოზულს, მძიმეს, ფსიქოლოგიურს, სტურუა ყველას ერთად გაეკაიფა და ,,ხანუმა’‘ შესთავაზა.

რეჟისორმა ეჟი გროტოვსკიმ მესაზღვრეების კითხვაზე – რა პროფესიის ხართ, უპასუხა – პროფესიონალი მაყურებელი. სტურუა სუპერ-პროფესიონალი მაყურებელია თეატრშიცა და საერთოდ, ცხოვრებაშიც. მას უყვარს ყურება, დაკვირვება და ეს ყველაფერი რომ უფრო საინტერესო იყოს, მიმართავს ერთგვარ ექსპერიმენტებს, მანიპულაციებს ცალკეულ ინდივიდებსა თუ ჯგუფებზე, პროვოცირებას უკეთებს მოვლენებს და შემდეგ უყურებს. უყურებს და ტკბება. ერთის მხრივ, იღებს მისთვის საინტერესო ინფორმაციას, რასაც უამექსპერიმენტოდ ძნელად თუ მიიღებდა და მეორეს მხრივ, ერთობა. ამგვარ ექსპერიმენტებს თეატრში ყოველთვის ატარებდა და შედიოდა კიდეც მისი ხელმწიფების სტილში. რა მოხდა და რა ხდება ბოლო წლებში ანუ მას მერე, რაც რობერტ სტურუა ღიად ჩაერთო პოლიტიკურ პროცესებში?  შედეგიდან დავიწყოთ: დღეს, ბევრისგან გაიგონებთ, რომ სტურუა კი არის გენიალური რეჟისორი, მაგრამ მიუღებელია მისი პოლიტიკური ხედვა, პოზიციები, გამოხდომები (ეს მათი შეფასებაა) ანუ რეალურად, ისინი ორად ხლეჩენ სტურუას ფენომენს. არადა, არა მგონია, რაიმე გახლეჩილობასთან გვქონდეს საქმე, არც ის, რომ სტურუას პოლიტიკური პოზიციები და ხედვები ისევე გენიალურია, როგორც სტურუას შედევრალური სპექტაკლები. სულაც არ ვეთანხმებით მის არც ერთ სტატუსს ,,ამ-ამით’‘ დამთავრებულს, ჯერ ერთი, სწორედ იმიტომ, რომ ,,ამ-ამ’‘-ით მთავრდება, რაც იმთავითვე ცხადყოფს, რომ სტურუა თავს იქცევს…

მე მაინც მგონია, რომ ბოლო დროს, ეპატაჟის, ავანტიურიზმის მოტრფიალე რეჟისორს თეატრი ეპატარავა ლაბორატორიად, ექსპერიმენტებისთვის, ცდებისთვის და ა.შ. ეპატარავა, ამიტომაც ადგა და მთელი ქვეყანა აქცია საექსპერიმენტო ლაბორატორიად. ატარებს ცდებს პოლიტიკოსებზე, მასებზე, საზოგადოებაზე. სწორედ ამ კონტექსტში იყო განსახილველი მისი ფეისბუკ-სტატუსებიც. დაწერდა და აკვირდებოდა, ახლა უკვე ვირტუალურ სივრცეში, რამდენ ,,ლაიქს’‘ აიღებდა მისი რეპლიკა, რა მოჰყვებოდა, ვის აღაფრთოვანებდა და ვის შეშლიდა ჭკუიდან.  არჩევნების შემდეგ, თუ გახსოვთ, მისი სტატუსების ხშირი ადრესატი გიგა ბოკერია იყო – იგავების მთელი სერია უძღვნა, მაგრამ გიგა რატომღაც კერკეტი კაკალი გამოდგა, არ შეირყა ჭკუიდან, სხვა, ალბათ, შეირყეოდა.  მოკლედ, სტურუა ზის და ჭადრაკს თამაშობს. ხან ერთი პაიკის გალაზიერებას უწყობს ხელს, ხან – მეორისას.

დღესაც მახსოვს, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს, ბურჯანაძე რომ გააქტიურდა და მას ინტელიგენციის წარმომადგენლები ესტუმრნენ, სტურუა ვერ მივიდა, მაგრამ უსტარი გაუგზავნა – თავისთავად ამ ჟესტში უკვე იყო რაღაც ,,ვეფხისტყაოსნური’‘ – გაუგზავნა წერილი, სადაც წერდა, რომ ,,ვეფხისტყაოსანზე’‘ მუშაობდა, რომ მას ნინო ბურჯანაძე ეთინათინებოდა…. სტურუას ამ ერთაბზაციანმა წერილმა გაცილებით ძლიერად იმოქმედა მაშინ ბურჯანაძეზე, ვიდრე მთელმა იმ დასმა, რომელიც პარლამენტში ეახლა და უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. ზურაბ ჟვანიასთან ერთად, მე თუ მკითხავთ, სტურუას წვლილიც იყო იმაში, რომ ბურჯანაძემ ირწმუნა საკუთარი ,,თინათინობა’‘. რა გითხრათ, მე მთელ მის პოლიტიკურ განცხადებებს, სწორედ ამ კონტექსტში აღვიქვამ და, არ მჯერა, რომ ის რობერტ სტურუა, რომელმაც წლებით ადრე იგრძნო და იწინასწარმეტყველა საბჭოთა კავშირის ნგრევა ,,მეფე ლირში’‘, დღეს ცდება ან მოვლენების ან ფაქტების შეფასებაში. მომკალით და, არ მჯერა, რასაც ის წერდა ოქტომბრის არჩევნებიდან ორიოდე დღის შემდეგ – ამ ქალაქში მზეც სხვანაირად ანათებსო, ამ დილით 7 საათზე ვისეირნე და ქალაქი უჩვეულოდ წყნარიაო… 7 საათზე ქალაქი ყოველთვის წყნარი და მწყაზარი იყო, არათუ მიშას დროს, მე მგონი, მხედრიონის პარპაშის დროსაც კი – ამ დროს, ამ უთენია ყველას სძინავს, მეეზოვეების გარდა…  რატომ ერჩოდა რობერტ სტურუა მიხეილ სააკაშვილს? აქვე დაივიწყეთ და გამოირიცხეთ ყოველგვარი მერკანტილიზმი ანუ ის, რომ სტურუამ რამე სთხოვა სააკაშვილს, სააკაშვილმა არ გაუკეთა და სტურუა გადაეკიდა….

სხვა რეჟისორების შემთხვევაში, ეს უალტერნატივო ჭეშმარიტებაც კია, მაგრამ სტურუას შემთხვევაში, ინვალიდი ტყუილია. ტყუილია იმიტომ, რომ სააკაშვილმა, მისმა ოჯახმა, ძალიან კარგად იცოდა დიდი რეჟისორის ფასი და, ელემენტარულად, არ გაანაწყენებდა, არც მიხეილს აწყენდა სტურუას მხარდაჭერა და თუნდაც მხოლოდ ამიტომ მოიმადლიერებდა, მაგრამ სტურუა-სააკაშვილის ურთიერთობის გახილვა ამ ჭრილში იმას ნიშნავს, რომ არც ერთისა გაგეგება რამე, არც – მეორისა. აბა, რა მოხდა? ექსპერიმენტატორებს არ უყვართ, როცა საცდელი ობიექტი არ ემორჩილება ექსპერიმენტს. სააკაშვილი არანაირ კონტაქტში არ შედიოდა სტურუას თეატრალურ სამყაროსთან  – არც კი მიდიოდა თეატრში. სააკაშვილმა თეატრი თითქოს ტაძრის რანგში მიიღო და, შესაბამისად, მასზეც განავრცო ეკლესიასთან გაფორმებული კონკორდატი და თეატრის საქმეებში საერთოდ არ ერეოდა, მაშინაც კი, როცა ეს თეატრი დგამდა ,,პრეზიდენტსა და დაცვის ბიჭს”. თუ კარგად გახსოვთ, არანაირი რეაქცია არ ყოფილა ამ სპექტაკლზე და შემდეგ თავად თეატრმა გააპიარა – დაფინანსება ჩამოგვეჭრაო. ანუ სააკაშვილი რეაქციას არ აძლევდა თეატრის იერიშებზე, თითქოს არც იმჩნევდა და სწორედ ეს არშემჩნევა აგდებდა აზარტში რობერტ სტურუას. კაკალი რაც უფრო კერკეტია, მით უფრო მეტი ჟინით ცდილობ მის გატეხვას. ჰოდა, სტურუაც ურტყამდა თავის ჩაქუჩს. რიგ შემთხვევებში ეს ჩაქუჩის დარტყმა ერთგვარ აუცილებლობასაც წარმოადგენდა – გაიხსენეთ მისი განცხადება საყოველთაო შიშის სინდრომზე. ეს სინდრომი მართლაც იყო. ცალკე თემაა, რამდენად ჰქონდა საფუძველი, რამდენად გაზვიადებული ჰქონდა თავად საზოგადოებას, ყველას რატომღაც რომ ეგონა უსმენდნენ. არადა, ძაღლადაც არავინ აგდებდა და არც მოსმენაზე ხარჯავდა ფულს, მაგრამ ხომ ეგონათ, რომ უსმენდნენ – არ ვიცი, ალბათ, ამით საკუთარ ამბიციას იკმაყოფილებდნენ გაუკუღმართებული ფორმით, საკუთარ თავს აჯერებდნენ, რომ იმდენად მნიშვნელოვანია მათი პოზიცია, შეხედულება თუ ნააზრევი, რომ მთავრობა დგას და უსმენს. ამ შემთხვევაში სტურუამ უტყუარი დიაგნოზი დაუსვა საზოგადოებას, სადღაც იმ რანგის, რაც თავის დროზე, “მეფე ლირში” დაუსვა საბჭოთა კავშირს, მაგრამ ამ განცხადების გარდა, ყველა სხვა ჩაქუჩის დარტყმა სააკაშვილის მწყობრიდან გამოყვანას ემსახურებოდა და ალბათ სწორედ ამიტომაც გადავიდა ბოლოს იმ ცნობილ განცხადებებზე სომხობასთან დაკავშირებით, სხვანაირად რომ ვერ გამოიყვანა მწყობრიდან.

მე არც მისი რუსეთუმეობის მჯერა, არც მისი გაკეთებული განცხადებების რუსეთთან დაკავშირებით. არ მჯერა იმის, რომ დასავლურ კულტურას ნაზიარები, მეტიც, დასავლური კულტურის შემადგენელი ნაწილი რობერტ სტურუა პრორუსულად აზროვნებდეს ახლა. არ მჯერა ამ შეთქმულების თეორიების, რომ ის რუსეთის კაცია, რომ მისი ბაზარი რუსეთშია და ამიტომ ეპირფერება მათ. სტურუას ადგილი ყველგანაა და მე მაინც მგონია, რომ ის რუსებსაც ეკაიფება, ამ მეოცნებე ხელისუფლებასაც აგიჟებს თავისი მხარდაჭერით და აკვირდება მათ კუნტრუშს. თუ კარგად იკუნტრუშებენ, გააგრძელებს მათ მხარდაჭერას, თუ არა, შეცვლის ურთიერთობის ფორმას და ახლა იმ ჭრილში დააკვირდება.

მას უყვარს ექსპერიმენტები, მანიპულაციები.  მას უყვარს ამგვარი ექსპერიმენტებიც  – რომელიმე აშკარად უნიჭოზე იტყვის, რომ ნიჭიერია და აკვირდება გარშემომყოფებს, როგორ და რანაირად აღწევს მათში მისი ნათქვამი. გარშემომყოფებს თავიდან უკვირთ მაესტროს განაცხადი, შემდეგ ეჭვდებიან საკუთარ თავში, ავტორიტეტს თავისი გააქვს და ისინიც ნელ-ნელა სხვა თვალით უყურებენ იმ უნიჭოს და ის უნიჭო ნელ-ნელა ნიჭიერდება მათ თვალში. აბა როგორ? ბატონმა რობერტმა თქვა, რომ ნიჭიერია, ესე იგი ნიჭიერი ყოფილა და ჩვენ ვერ ვხედავდითო…. სტურუა კი უყურებს მთელ ამ პროცესს და ტკბება საკუთარი ძალაუფლებით. ეღიმება როცა ხედავს, მისი ღიად გაჟღერებული შეფასების შემდეგ, როგორ იცვლება იმ უნიჭოსადმი დამოკიდებულება – აგდებულ, ირონიულ დამოკიდებულებას როგორ ენაცვლება პირფერობა თუ მოწიწება. რა ემართება ამ დროს თავად საექსპერიმენტო ბაჭიას ანუ იმ უნიჭოს, რომელიც ნიჭიერად ,,ეკურთხ”? ის, რა თქმა უნდა, იჯერებს, რომ ნიჭიერია. იჯერებს რომელია?! – ყოველწამიერად გრძნობს იმ ცხელ დამღას შუბლზე, რომლითაც დიდმა რეჟისორმა დადაღა წარწერით ,,ნიჭიერი”. ამ ექსპერიმენტს ხშირად გაგრძელებაც აქვს – ღრუბლებში აჭრილს, ისევ მაესტრო ანარცხებს ძირს, აი, ასე – როგორც ერთი სიტყვით თქვა, რომ ის ნიჭიერია, ასევე ერთი სიტყვით იტყვის, რომ უნიჭოა და ამ თქვენ იკაროსს ფრთები ეტრუსება და ზღართანით ენარცხება მიწას.  სტურუას აქვს იმის ძალა, ერთი სიტყვით მწვანე აგინთოს იმ სამყაროში, რომელსაც თეატრი ჰქვია და ასევე ერთი სიტყვით წითელი აგინთოს და ყველაფერი დაგიმთავროს. მას ერთნაირად ეიოლება როგორც კარგის, ისე ცუდის კეთებაც – ყოველგვარი დიდი ჭაპანწყვეტის გარეშე და სწორედ ეს სიმსუბუქე აგდებს მას აზარტში, ხან მწვანე აუნთოს ვინმეს – სეზონი გახსნას მისი ბედნიერების, ხან წითელი აუნთოს ვინმეს და იყოს მისი უბედურების კანონმდებელი. აი, “ყვითელს” რაც შეეხება – სტურუას შუქნიშანზე მუდამ ანთია, მაგრამ – შეუმჩნევლად. უფრო სწორედ, როდესაც მწვანე ანთია, ისე აბრმავებს ბედნიერებს, რომ ვეღარ ხედავენ ყვითელს. ვერ აცნობიერებენ, რომ მეფის ნავში არიან და მუდამ სიფხიზლე მართებთ.  სტურუას უყვარს მოვლენების პროვოცირება, ეპატაჟი, ერთგვარი პროვოკაციები, ,,ხულიგნობაც’‘, თუ გნებავთ, ექსპერიმენტების ტარება ყველგან და ყველაზე. სამყაროს მიმართ მისი დამოკიდებულება მთლიანპიროვნულია  – იგი ცინიკურად, ირონიულადაა განწყობილი მთელი სამყაროს მიმართ და ეს ჩანს მის სპექტაკლებში, მის ყოველდღიურობაში. იგი არ თამაშობს, ასეთია ანუ – ყველას და ყველაფერს ეთამაშება… ესაა სტურუას პარადოქსი.

რეზო შატაკიშვილი დევგმირზე, რომელშიც მუდამ ცოცხლობდა ბავშვი

dodo abashidze 01

„მსახიობმა რომ გამარჯვებას მიაღწიოს, ამისთვის არსებობს სამი კანონი: მაყურებელს უნდა ესმოდეს შენი. უნდა გხედავდეს და უნდა აღგიქვამდეს. თუკი მსახიობი ამ კანონებს არ იცავს, არ ახორციელებს, არაფერი არ გამოვა“, – ამბობდა დოდო აბაშიძე და თავად მართლაც რომ გაიმარჯვა.

ის დღემდე უყვართ და მუდამ ეყვარებათ.

დოდო აბაშიძეს ხშირად ადარებდნენ დევგმირს, რომელშიც სიკვდილის ბოლო წუთებამდე ცოცხლობდა ბავშვი… მისი ბავშვობა კი მართლაც გასაოცარი იყო: ვერაზე პირველ დამრტყმელად და „ყოჩად“ ითვლებოდა, გაუთავებლად ბურთს დასდევდა, ჩხუბობდა… ჩხუბობდა ვაჟკაცურად – მუშტით… იგივე ხელებს კი სხვა გატაცებაც ჰქონდა – პატარა დოდოს ყვავილების ქარგვა უყვარდა…

კადრი ფილმიდან ”ჭრიჭინა”

კადრი ფილმიდან ”ჭრიჭინა”

ის 1989 წელს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

გარდაცვალებამდე რეჟისორის ამპლუაშიც სცადა ბედი – ფარაჯანოვთან ერთად გადაიღო „სურამის ციხე“. როგორც რეჟისორისთვის, „სურამის ციხე“ მისი პირველი და უკანასკნელი ფილმი იყო, ის მეტის გადაღებას არც აპირებდა, მაგრამ აპირებდა კიდევ ბევრი როლის თამაშს. მაგრამ მის მიერ „სურამის ციხეში“ განსახიერებული როლებიც (ოსმან აღასა და ზურაბის გამზრდელი მესტვირის როლები) უკანასკნელი აღმოჩნდა.

თუმცა, „სურამის ციხეს“ ის არც პირველად დგამდა და არც პირველად თამაშობდა სხვადასხვა როლებს. ჯერ კიდევ 9 წლისამ ეზოში დადგა „სურამის ციხე“ – თვითონ იყო სპექტაკლის რეჟისორიც, დურმიშხანის როლის შემსრულებელიც, ფარდის აწევ-დაწევაც კი არავის დაანება…  მოკლედ, „სურამის ციხე“ აღმოჩნდა საძირკველიც და ქონგურებიც დოდო აბაშიძის არტისტიზმისთვის…

კადრი ფილმიდან ”ბაში-აჩუკი”

კადრი ფილმიდან ”ბაში-აჩუკი”

ვერელი აბდუშაჰილი

დოდო აბაშიძე: „მე არ ვარ და არც არასოდეს ვყოფილვარ კარჩაკეტილი კაცი. მეგობრები მყავდა გარშემო, ცოტა მაგარი ბიჭიც გახლდით. მაშინ ასე იყო, მაძიებლები იყვნენ ყოჩობისა. მე ვერაზე ვცხოვრობდი. როგორი იყო იცით, მაშინ ჩხუბი? დღეში 10-ჯერ, 15-ჯერ ვჩხუბობდით. ვამტვრევდით ერთიმეორეს. მაშინ ასეთი კანონი იყო, თუ სისხლი წაგსკდებოდა – დამარცხებული იყავი. გამარჯვებული იყო ის, ვისაც სისხლი არ წამოუვიდოდა. მერე შემოვიდა ახალი „კანონი“, ვისაც მეტი „სინიაკი“ ჰქონდა, ის ითვლებოდა დამარცხებულად. და ასე დალურჯებულები დავდიოდით. მერე ესეც გადავიდა „მოდიდან“ და ვისაც დაარტყამდი და წააქცევდი, ის იყო დამარცხებული. არავითარ იარაღს არ ვხმარობდით, ხელი იყო და გათავდა. მახსოვს, ერთხელ ვერიდან ქვემოთ, ზემელისკენ მივდიოდი და იქიდან, იარბურგიდან ამოდიოდა ბუაძე იყო, ელგუჯა, საყვარელი, ძალიან ჯანიანი, ვაჟკაცი ბიჭი, ხარაგოულელი. მე და იმან დავარტყით 27-ჯერ. ათჯერ გავიმარჯვე მე. დანარჩენი – მან. ის იყო დარტყმის ოსტატი. პირველად რომ დაგარტყამდა, მერე რომ მომკვდარიყავი, ჩხუბში აღარ გამოგყვებოდა, წადი, ბიძიკო, დღეს შენი დღეა, შენთვის გათენებულაო. დარტყმები ინიშნებოდა მოსკოვის ქუჩის ზემოთ, რუსულ ეკლესიასთან. პლეხანოვზე – მუსკომედიის თეატრის უკან, გოგიჯანოვის ბაღი იყო მაშინ იქ. აი, ეს იყო გარტყმა-გამორტყმები. მერე სპორტს მოვკიდე ხელი, ცხენოსნობას და ნელ-ნელა მოვეშვი ჩხუბს. ბევრი შემთხვევა მქონდა და ბევრჯერ დამიხსნა თეატრალურმა ინსტიტუტმა და აკაკი ხორავამ. საშა კიკნაძე ბევრჯერ იყო ამის მომსწრე. ის სახლში იჯდა და ფანჯრიდან მიყურებდა, მე კი ზემელზე ვჩხუბობდი. წამავლებდა ყურში ხელს და ისე მივყავდი ინსტიტუტამდე“.

კადრი ფილმიდან ”ჭრიჭინა”

კადრი ფილმიდან ”ჭრიჭინა”

დოდოს ფესვები

ყველას ახსოვს ფილმი „ფესვები“ და დოდო აბაშიძის გმირი.

ამჯერად თავად დოდო აბაშიძის ფესვებზე…

დოდო აბაშიძე: „მამაჩემის ბებია პირველი მსახიობი ქალი იყო ეფრო კლდიაშვილი. ის ყიფიანის ქალი იყო, აკაკისთან ერთად გამოდიოდა სცენაზე. აკაკი წერეთელი „ჩემს თავგადასავალში“ წერს მის შესახებ. მერე, შენ ხარ ჩემი ბატონი, ეფრო გათხოვდა გრიგოლ კლდიაშვილზე – პოლკოვნიკი გახლდათ. საოცარი ოჯახი იყო, ერთი შვილი – საბა, ოდესაში მოკლეს, როდესაც ებრაელების დევნა დაიწყო, საბა კლდიაშვილი მათ იცავდა. სამჯერ გააფრთხილეს და მერე მოკლეს. ერთ-ერთი პირველი ქართველი ქიმიკოსი გახლდათ. ოდესაში იყო დასაფლავებული და მერე გადმოასვნეს. მეორე შვილი – სიომონი არქიტექტორი იყო, რომელმაც დაგეგმა სათავადაზნაურო გიმნაზია, დღევანდელი უნივერსიტეტი. მან ვარაზისხევში, უნივერსიტეტის პირდაპირ ააშენა კოშკივით დაკიდებული სახლი, იქ ცხოვრობდა და ისე ხელმძღვანელობდა მშენებლობას. ჰყავდათ კიდევ ქალიშვილი მარიამი, პირველი ქართველი ვიოლონჩელისტი ქალი. როდესაც მამაჩემი ვანიკო ეფროსთან ჩადიოდა, მის მიერ გამართულ სპექტაკლებში მონაწილეობდა. აქედან იწყება მამას დაინტერესება თეატრით. ის შესანიშნავად მღეროდა. ბათუმის განთავისუფლებაში მონაწილეობდა. მერე ახალციხეში იბრძოდა. დაჯილდოებული იყო ორდენით მამაცობისთვის. მას ბარიტონი ჰქონდა, მაგრამ ახმეტელით იყო გატაცებული და ბოლომდე შესწირა თავი. ახმეტელის სტუდია, ე.ი. ფაღავას სტუდია, დაამთავრა და 1924-35 წლებში რუსთაველის თეატრში მუშაობდა. ტრაგიკული ბედი ჰქონდა, რეპეტიციიდან წაიყვანეს და უკან აღარ დაბრუნებულა. უკვალოდ გააქრეს. უნიჭიერესი ადამიანი იყო. დღესაც მესტუმრა ადამიანი, რომელიც მასთან მუშაობდა, ილუშა ურუშაძე. მამას იხსენებდა, ეს იყო საოცარი პროფესიონალი მსახიობიო. თამაშობდა სახასიათო როლებს. დედაჩემი ახმეტელმა სახლიდან წაიყვანა, თითქმის ძალით დაამთავრებინა სტუდია და ისიც მსახიობი გახდა. მერე დედაჩემიც მამაჩემს გაჰყვა…“

dodo abashidze 05

დოდო აბაშიძის მამა ვანიკო აბაშიძე 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში მონაწილეობდა, დაპატიმრებულიც იყო. სწორედ ეს ჩაუწერეს 1937-ში დაპატიმრებისას ანკეტაში: „1924 წელში დაპატიმრებული იყო, როგორც აგვისტოს ავანტიურის მონაწილე. 10 დღის პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს“.

რუსთაველის თეატრიდან ახმეტელის მოხსნის შემდეგ, ვანიკო აბაშიძე ლანჩხუთის თეატრში გადავიდა და იქ დაიწყო რეჟისორობა. დადგა „ნინოშვილის გურია“, „შემოდგომის აზნაურები“, თავად ითამაშა სოლომონ მორბელაძის როლი. ლანჩხუთის თეატრში წაიყვანა მეგობრის – ია ქანთარიას ცოლი. იმჟამად მსახიობი ია ქანთარია უკვე დაპატიმრებული იყო ახმეტელთან ერთად. და დაიძრა მაბეზღარების ბინძური წერილები. სუკს აცნობებდნენ, რომ  ვანიკო აბაშიძე მავნებელი, ხალხის მტერი ია ქანთარიას ცოლს მფარველობდა, რომ ბუღალტერს უბრძანა, დაუყოვნებლივ მიეცათ მისთვის ბინის თანხა. „ქანთარია ახმეტელთან ერთად ზის, როგორც ფაშისტი, საკითხავია, აბაშიძეს რა კავშირი აქვს ხალხის მტრის ცოლთან“? ვანიკო აბაშიძეს თეატრიდანაც ასმენდნენ ოფიციალურად – ახმეტელს აქებს, საშა კარგი ხელოვანი იყო, წავბაძოთ მასო. რაიკომს არ ემორჩილებაო, თეატრში პირდაპირ გადმოიტანა ახმეტელის დამანგრეველი მეთოდებიო… მთელ ამ ბინძურ წერილების დასტას დაედო რეზოლუცია – „საჭიროა აბაშიძის გასინჯვა მისი პოლიტიკური ფიზიონომიის შემოწმების მიზნით“.

დააპატიმრეს. არ გატყდა, არც საკუთარი ბრალეულობა ცნო, არც ახმეტელის, არც ია ქანთარიასი და არც სხვა მეგობრების. რაინდულად აღესრულა. მამის 37-ში დახვრეტის შემდეგ, დედა – ნინო ანდრონიკაშვილი ობლობაში ზრდიდა მომავალ დიდ მსახიობს. დოდოს დიდი მომავალი კი თვით სანდრო ახმეტელმა იწინასწარმეტყველა.

…სცენაზე ახმეტელის „ლამარას“ თამაშობენ. ლოჟაში პატარა დოდო აბაშიძე ზის გატრუნული – თვალს არ აცილებს სცენას. საცაა, აბობოქრებული ხევსურები ხმლებს იშიშვლებენ, პაუზაა, ლოჟაში თმაქოჩორა, სახეანთებული დოდო წამოხტა და დაგვიანებული რეპლიკა ისროლა წკრიალა ხმით. მსახიობებმა საბრძოლველად შემართული ხმლები დაუშვეს. სცენაზე მდგარი დოდოს მამა დაიბნა და დედას ხელით ანიშნა, ბავშვი გაიყვანეო. დოდოს დარცხვენილი დედა კი თავად ახმეტელმა დაამშვიდა: „დამშვიდდი, ნინო, ბიჭში მსახიობი ზის!“…

„თეატრალური ინსტიტუტი დიდ იმედებს ამყარებს სტუდენტ დოდო აბაშიძეზე და მიაჩნია, რომ ის დიდი მსახიობი გახდება“, – ამას უკვე თეატრალური ინსტიტუტის რექტორი აკაკი ხორავა ჩაწერს მის დახასიათებაში.  არადა, თეატრალურ ინსტიტუტში ნაცნობობით მიიღეს, გამოცდაზე გრიშაშვილის ლექსს კითხულობდა: „ჩამღერებით წავიკითხე და თანაც, რაც ძალა და ღონე მქონდა, ვღრიალებდი. იმხელას ვყვიროდი, რომ მთელი პროფესურა აუდიტორიიდან გარბოდა. თურმე მაჩერებდნენ კიდეც, მაგრამ მე არაფერი მესმოდა და ვერც ვერაფერს ვხედავდი. ინსტიტუტში დროებით, თებერვლამდე ჩამრიცხეს. აკაკი ხორავამ თქვა, დავტოვოთ გამოსაცდელი ვადით და მერე გადავიწყვიტოთო. მერე დოდო ალექსიძემ მომიწყო გამოცდა, მომცა ეტიუდი და ეს ეტიუდი ისე შევასრულე, რომ მთელი ინსტიტუტი ამაზე ლაპარაკობდა. ეტიუდი ასეთი იყო, თითქოს მე მოვხვდი კიროვის ბაღში. ტანსაცმელი არ მაცვია, გავიხადე მაისური, დავსვარე აგურის ფხვნილით და დავაწერე ნომერი 19. ვითომ ამ ნომრით მორბენალი ვიყავი და გავრბივარ ქუჩაში. აქეთ მანქანა მიპიპინებს, იქით ხალხი რაღაცას მეძახის. ყველაფერი ვითამაშე ხმით, პლასტიკით და სახლში მივედი. ბატონი დოდო თვითონ მიკრავდა ტაშს. თუმცა გამოცდაზე ეს მიღებული არ იყო. ხალხი კი სიცილისგან იატაკზე ეყარა. ამის მერე ინსტიტუტში დამტოვეს. მე კიდევ ისე მომეწონა კარგი ნიშანი, რომ მერე სულ კარგ ნიშნებზე ვსწავლობდი და მე და აკაკი დვალიშვილი მარჯანიშვილის პირველი სტიპენდიატები გავხდით. 1949 წელს ჩამიყვანეს კიდეც რუსთაველის თეატრში…“

კადრი ფილმიდან ”ჭრიჭინა”

კადრი ფილმიდან ”ჭრიჭინა”

გაქცევა კინოში

რუსთაველის თეატრში დოდო აბაშიძემ მხოლოდ 7 წელი გაძლო და გაიქცა… გაიქცა კინოში.

დოდო აბაშიძე: „მისვლისთანავე მთავარ როლებს მაძლევდნენ ისეთ სპექტაკლებში, როგორიცაა „პეპო“, „ხევისბერი გოჩა“, „ნგრევა“… აღდგენილ „ყაჩაღებში“ მამაჩემის ნათამაშევი როლი ვითამაშე, ეპიზოდური როლებიც მითამაშია.

1956 წელს დოდო ალექსიძემ რატომღაც ოიდიპოსის როლზე დამიძახა, სამი ოიდიპოსი იყო უკვე – აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, ეროსი მანჯგალაძე. მე ვთქვი, „რად მინდა მე ოიდიპოსი“? მერე, რომ ვნახე, იმხელა ტექსტი იყო, ვიფიქრე, რა მასწავლის-მეთქი და გავიქეცი თეატრიდან, წავედი კინოში, დავრჩი და დავრჩი კინოში. მერე კინომ მიმიჩვია იმით, რომ მას სიყალბე არ უყვარს. ტექსტები პატარაა, უფრო იოლია. ქე ვიყავი, გენეცვალე, ასე და ვარ ამ დაწესებულებაში“,  – იხსენებდა მსახიობი სიკვდილის წინ, კინომცოდნე ლელა ოჩიაურისთვის მიცემულ, ბოლო ინტერვიუში…

01

02

03

04

05

კინოში მისი დებიუტი „ჭრიჭინაში“ შედგა, მის „ჟოლობქვეშ“, თავსხმაში მდგარ „ბიჭიკოს“ კი ბედმა მერე 60 კინოროლი „დაასხა თავს“. დოდო აბაშიძემ მაყურებლის გულებისკენ პირველივე, თუნდაც ეპიზოდური როლებით გაიკვალა გზა. ქართულ კინოს წამყვან მსახიობად კი მაინც მერაბ კოკოჩაშვილის „დიდი მწვანე ველის“ შემდეგ მოგვევლინა. სწორედ „დიდი მწვანე ველის“ გადასაღებ მოედანზე დაიბადა დიდი რომანიც – დოდო აბაშიძესა და მსახიობ ლია კაპანაძეს შორის. აღიარება მტკიცებულებათა დედოფალია. დოდო აბაშიძის გარდაცვალებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, ქალბატონი ლია კაპანაძე განაცხადებს, რომ მათ „დიდი მწვანე ველის“ გადაღებისას, დიდი, მწველი, ამაღლებული გრძნობა ეწვიათ…

დაიბეჭდა ”პრაიმტაიმში”

dodo

dodo 1dodo 2dodo 3dodo 4

რეზო შატაკიშვილი ქართული თეატრის ბედის მწერალ მიხეილ თუმანიშვილზე

tuman-a

“თავს უშველეთ, წადით თეატრიდან, წადით, სულერთია სად წახვალთ, ოღონდ მოშორდით მას”…tuman 3

თეატრი იყო მისი ბედისწერა, თავად კი – ქართული თეატრის ბედის მწერალი. რომ არ ყოფილიყო ის, არავინ იცის, საით წავიდოდა და როგორ განვითარდებოდა ქართული თეატრი.
ჩაუვარდა პირველი რეპეტიცია.
ჩაუვარდა პირველი სპექტაკლები…
მისი ცხოვრება ხელოვნებაში მარცხით იწყებოდა და ტრიუმფებით გვირგვინდებოდა.
ის იყო მიხეილ თუმანიშვილი…
ლეგენდარული „მამა რომას“ – ანა მანიანის ცხედარი რომ რომის მოედანზე გამოასვენეს, ტაშმა იგრიალა. ტაშით აცილებდა იტალია ყველა დროის უდიდეს არტისტს.
გაზეთში ამოკითხულმა ამ ამბავმა მიხეილ თუმანიშვილი შეძრა და აღაფრთოვანა. ამის შესახებ თავის შესანიშნავ წიგნშიც („სანამ რეპეტიცია დაიწყება“) დაწერა.
გავიდა დრო, გამოასვენეს თავად დიდი მაესტრო თუმანიშვილი და იგრიალა ტაშმა… ტაშით აცილებდა საქართველო დიდ რეჟისორს…
ცოცხალი თუმანიშვილი ერთადერთხელ ვნახე. მაგრამ დღესაც ცოცხლობს ის კადრი. …მე, 18 წლის ბიჭი, თეატრის გამნათებელ ბიჭთან ერთად, კინომსახიობთა თეატრის მსახიობთა შესასვლელთან ვდგავარ – ნინელი ჭანკვეტაძეს ველოდები… ინტერვიუსთვის. ძველი კინოსტუდიის ეზოში შემოდის მიხეილ თუმანიშვილი… დავიძაბე, გავშეშდი… ბატონი მიშა მოვიდა, მოგვესალმა, გამნათებელ ბიჭს ხელი ჩამოართვა, მოიკითხა და… ხელი ჩამომართვა, მომიკითხა. გავოგნდი, გამიხარდა… რა ვიცი, რაღა არ დამემართა…
მაშინ მისმა ადამიანურმა უბრალოებამ, სისადავემ მომხიბლა და გამაოგნა, დღეს უკვე ვხვდები, რომ ამის გარდა იყო სხვაც, ასევე მნიშვნელოვანი – მან შესანიშნავად იცოდა საკუთარი გენიალურობის ფასიც და ისიც, ამგვარი ჟესტით რამხელა სიხარულის მინიჭება შეეძლო ადამიანისთვის, მით უფრო პატარა ბიჭისთვის.
და ეს თვისებები მთლიანად და ერთბაშად, სინქრონულად მისი შემოქმედებისთვისაა დამახასიათებელი – მისი სპექტაკლებისთვის (დღემდე რომ შემორჩა რეპერტუარს) და მისი წიგნებისთვის – მუდამ რომ შემორჩება თაროებს….

გზა თეატრისკენ

ბავშვობაში დრამატულ თეატრში არ დაჰყავდათ. ოპერას ეტანებოდა. შინ არიებს მღეროდა სხვადასხვა ოპერებიდან. ბიძამ მუყაოს თეატრი გამოუჭრა. მიშა დეკორატორი იყო – „ალადინის ჯადოსნური ლამპრისა“ და სხვა სპექტაკლების დეკორაციებს აკეთებდა. მერე ცირკმა გაიტაცა – მეზობელი ცირკის ორკესტრში უკრავდა და მას დაჰყავდა ცირკში. ერთხანს არქიტექტორობაც უნდოდა.
13 წლისამ რუსთაველის თეატრში ახმეტელის „ყაჩაღები“ ნახა და დრამატული თეატრი აღმოაჩინა. მიღებულმა უძლიერესმა შთაბეჭდილებამ ყველა და ყველაფერი გადაჩრდილა. ეზოს ყოველი ხე ბოჰემიის ტყის ნაწილად გადაიქცა, სარდაფი – ტავერნად, სადაც თავისუფლებისმოყვარე ახალგაზრდები აჯანყებას ამზადებდნენ. ეზოს ყველა კედელი „ყაჩაღების“ მიზანსცენებით მოხატა. მეზობლის ქალი ჩხუბობდა, შლიდა. მეორე დღეს ნახატები ისევ ჩნდებოდა. სანდრო ახმეტელის სპექტაკლებს ზედიზედ ნახულობდა, აფორიაქებდა, მოსვენებას არ აძლევდა. მისი მძვინვარე, მკაფიო იდეებით ინუსხებოდა, ემოციურად ძრწოდა. „ახმეტელი იყო ჩემი თეატრის აღმომჩენი“.
მერვე კლასში დახაზა დიდი პროექტი და ააგო მაკეტი – ახალი თეატრის, სადაც ერთად იყო მოთავსებული დრამატული თეატრი, ოპერა, ცირკი. თავი გაწაფულ რეჟისორად წარმოიდგინა და    სკოლაში „პლატონ კრეჩტიც“ დადგა. არავინ შეაჩერა, არავინ უთხრა, რომ თეატრი საშინელი თამაშია, რომელიც უმრავლესობისთვის მარცხით და სულიერი გაკოტრებით მთავრდება.
„თავს უშველეთ, წადით თეატრიდან, წადით, სულ ერთია, სად წახვალთ, ოღონდ მოშორდით მას“…
არ უთხრეს, არ შეაჩერეს. კარგია, რომ არ შეაჩერეს…
18 წლის ჯარში წაიყვანეს, 1939-ში. მერე ომიც დაიწყო.
…უკანდახევა დასავლეთის საზღვართან. მედდა კატია. საშინელი ღამე – გერმანელების თვითმფრინავებიდან გადმოყრილი სპეციალური შუშხუნები, დაბომბვა. საუბარი კატიასთან. კატია მსახიობობაზე ოცნებობს. ისევ უკანდახევა. ირგვლივ ყველაფრის ნგრევა. ცხედრები, დამწვარი მანქანები, დამტვრეული გზა. ტალახი. ქარი. უსიტყვოდ, ჩუმად სვლა. ისევ ბრძოლა. ალყა ტანკებით. ბომბები – ციდან. რომელიღაც პატარა სახლის დერეფანში ნაპოვნი კატიას გვამი, ცოცხში თავჩარგული. „მე და ის მაშინ ოცი წლისანი ვიყავით“…
ომი დამთავრდა. მიშა დაბრუნდა. თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება გადაწყვიტა. ერთმა დეიდამ მეგობრის დახმარებით გაიგო, რას მოითხოვდა ტოვსტონოგოვი აბიტურიენტებისგან. ბიცოლამ ლიზა ჩერქეზიშვილთან წაიყვანა. ქართულ სამოსელში გამოწყობილმა, 70 წლის ელისაბედ ჩერქეზიშვილმა ხელი გაუწოდა და ინსტიტუტამდე ფეხით ატარა. მერე სასწავლო ნაწილის გამგეს – აკაკი ფაღავას წარუდგინა: „შეხე, შეხე, რა სალდათი მოგიყვანე, ორდენებიანი და მედლებიანი“.
…ინსტიტუტში ჩაირიცხა. პედაგოგი – გიორგი ტოვსტონოგოვი. ახალგაზრდა. სავსე თეატრალური პრინციპებისადმი უსაზღვრო რწმენით. სტანისლავსკის მოძღვრების მქადაგებელი. შთაგონებული საუბრები. ლოგიკური მსჯელობები, გატაცება. ყოველი მეცადინეობის დღესასწაულად ქცევა.

პირველი მარცხი – რეპეტიციის ჩავარდნა

გიორგი ტოვსტონოგოვი სტუდენტებთან გოლდონის „სასტუმროს დიასახლისს“ დგამს. სტუდენტ რეჟისორებს თითო სცენა დაურიგა „დასადგმელად“. მიშას კავალერთან და მარკიზთან მირანდოლინას შეხვედრის სცენა ერგო. მიშამ სცენა მოიფიქრა. დანიშნა მის ცხოვრებაში პირველი დამოუკიდებელი რეპეტიცია. რეპეტიციაზე გამოცხადდნენ სტუდენტები – ელენე ყიფშიძე, ეროსი მანჯგალაძე, იური კაკულია. მიშამ თავისი ჩანაფიქრი გააცნო. მოიწონეს, ტექსტის წაკითხვის მერე კი დაუწუნეს, შენი გადაწყვეტა მთლად ზუსტი არააო. დიდხანს იკამათეს. „შემდეგ მათ ითამაშეს ჩემი ვარიანტი, მაგრამ ისე, რომ უკვე მე თვითონაც არ მომწონდა, თავიანთი ვარიანტი კი ისე ითამაშეს, რომ ძალიან მომეწონა და დავიბენი, არ ვიცოდი, რა გზას დავდგომოდი. თვალთ დამიბნელდა. საოცარი სიცარიელე ვიგრძენი, საშინლად ავღელდი და სხვა უკეთესი რომ ვერაფერი მოვიფიქრე, შესვენება გამოვაცხადე…“

25 წელი თეატრში

დამთავრდა სტუდენტობა. დაიწყო დიდი გზა – ინსტიტუტში პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა. პედაგოგობამ გაიტაცა და სიცოცხლის ბოლომდე არ შელევია… ინსტიტუტის დამთავრებისთანავე ხორავამ თეატრში მიიყვანა.
მხარს უჭერდა, ექომაგებოდა. ხელში „საწარმოო“ პიესა შეაჩეჩეს და მისი რუსთაველის თეატრში დადგმა დაავალეს. პიესაში იყო შეჯიბრი ჩაის კრეფაში, რეკორდები, თითქოს სიყვარული, ანგლობა, ფაციფუცი და მორჩა. პიესა წაიკითხა, ხელჩასაჭიდი ვერაფერი იპოვა. ხატავდა ესკიზებს, წერდა სარეჟისორო გეგმას. მხატვართან ერთად მაკეტიც გააკეთა – პაწაწკინტელა სახლები, ჩაის ბუჩქები, მთები, ტყეები, მწვანე ბაირაღები… კომისიამ მაკეტს დახედა და დაიწუნა. დაიწუნა და გავიდა. ნირწამხდარი გამოვიდა ახალგაზრდა რეჟისორი სამაკეტოდან. დარბაზში სპექტაკლი მიდიოდა. იყო ხარხარი, ტაში. მიშა სახლში წავიდა, ჩაწვა. სპექტაკლის დამთავრებიდან ერთ საათში: ხანძარი თეატრში. დაიწვა კომისიის დაწუნებული მიშას მწვანებაირაღიანი მაკეტიც.
„ასე ხანძრით დაიწყო ჩემი ცხოვრება პროფესიულ თეატრში“. 
კარსანიძის „მარადმწვანე ქედების“ პრემიერა. მარცხი…
„მე უმეტეს შემთხვევაში იმას ვდგამდი, რაც თეატრს სჭირდებოდა და არა იმას, რაც გულით მინდოდა, ის კი სულ რამდენჯერმე დავდგი“, – ამას მოგვიანებით იტყვის. „მარადმწვანე ქედებს“ მოჰყვა „დაუვიწყარი 1919“. სპექტაკლად დავიწყებადი რომ იყო და მარცხად – მართლაც დაუვიწყარი. მერე იყო „ქარიშხლის წინ“, შუალედში კი – წარმატება. წარმატებამდე თანამოაზრეთა დარაზმვა. აყოლიება… მიხეილ თუმანიშვილი თავის მეგობარ მსახიობებთან ერთად, რესტორან „გემოში“ ჭიქით ხელში რომ შეჰფიცეს ერთმანეთს: სამუდამოდ ერთად ვიქნებით და ერთად შევქმნით ახალ ხელოვნებასო.
კოტე მახარაძე, ბადრი კობახიძე, გოგი გეგეჭკორი, მედეა ჩახავა, ეროსი მანჯგალაძე, ნოდარ ჩხეიძე, მერაბ გეგეჭკორი, რამაზ ჩხიკვაძე, გურამ საღარაძე… „ეს ჩემი არმია მზად იყო შტამპების წინააღმდეგ გასალაშქრებლად, შტამპებისა და… ჩვენ გვაწვალებდა სიყალბე სცენაზე და ვოცნებობდით ახალ ხერხებსა და საშუალებებზე…“
მარცხიან დასაწყისს მოჰყვა გულით პირველი სპექტაკლი – „ადამიანებო, იყავით ფხიზლად“. წაიკითხა გესტაპოელთა ციხეში ნაწამები ჩეხი კომუნისტის, იულიუს ფუჩიკის სიკვდილის შემდეგ გამოცემული ჩანაწერები „რეპორტაჟი სახრჩობელადან“. ჩანაწერებმა ააღელვა. მთელი ღამე არ დააძინა. „პირველად მომწყურდა, გულით დამედგა რაღაც“…
კოტე მახარაძესთან ერთად დაწერილი ინსცენირება. ხორავას მხარდაჭერა: დადგით, იმუშავეთ რეპეტიციებიდან თავისუფალ დროს. რეპეტიციები გვიან ღამით, დერეფნებში, ფოიეში, სახლებში… ფანატიზმი. თავდაუზოგავი შრომა და პირველი გულით დადგმული სპექტაკლი – „ადამიანებო, იყავით ფხიზლად“. პირველი წარმატება… აღიარება.
თუმანიშვილს ხორავა დაიბარებს. კიდევ ერთხელ შეაქებს, „ფუჩიკის“ გზით იარეო. მერე ეტყვის: ისტორიულ-რევოლუციური სპექტაკლების ციკლი უნდა შევქმნათ და ამ პოლიტდეკადის ერთიანი ფორმა შენ უნდა მოიფიქროო. და კიდევ: ციკლს „სკკპ(ბ) ისტორიის მოკლე კურსი“ უნდა დაედოსო. მიშას გაუხარდება, ამხელა მისია რომ დააკისრეს, წამოვა, მაგრამ ზემოდან ხორავას გვრგვინვა მოესმის: „მიშა, დაიცადე“, და უშველებელ წითელ ვაშლს აჩუქებს. მიშას კი უხარია, მაგრამ ამ დავალებას ვერ შეუსრულებს, ბევრს იწვალებს, მაგრამ ფორმას ვერ მოიფიქრებს…
მერე იქნება დღეს უკვე ლეგენდადქცეული სპექტაკლი: ფეიერვერკული „ესპანელი მღვდელი“…. შემდეგ კი დამხობა ღმერთების. თეატრის ღმერთების.
მძვინვარე ბრძოლა თეატრის უფროს თაობასთან. აკაკი დვალიშვილის, მიხეილ თუმანიშვილის, დოდო ალექსიძის, ფარნაოზ ლაპიაშვილის საზემოდ დადებული ფიცი – რომ იბრძოლებენ ხორავას და ვასაძის სათეატრო დიქტატურის წინააღმდეგ. ინტრიგები, ბრძოლა კულისებში, ბრძოლა ღიად. მიღწეული მიზანი. 1955 წელს ხორავასა და ვასაძეს ხსნიან. მაშინ იტყვიან, „20-წლიანი დიქტატურა დაემხოო“, თუმანიშვილი მერე დაწერს: „ხორავასა და ვასაძის განთავისუფლება უკვე ეპოქაა“. ხორავა თუმანიშვილს ეტყვის: ყველა უბედურება შენგან მოდის.
მერე იყო კვლავ მარცხი. კისრის წამტვრევაც.
„ესპანელი მღვდლის“ მერე შეუჩნდებიან: „მიშა, შენ ახმეტელი ხარ, ახმეტელი! შენ მისი საქმის გამგრძელებელი უნდა იყო“. ისიც საფუძვლიანად ჩაუჯდება ახმეტელის მემკვიდრეობას და გადაწყვეტს, დადგას ჰეროიკულ-რომანტიკული სპექტაკლი, ლეო ქიაჩელის „ტარიელ გოლუა“…
გამრეკელისეული ბოჰემიის ტყით შთაგონებული სცენაზე სამი ცაცხვის ფონს გააკეთებს. იქნება ნაბდების, ხანჯლების, შაშხანების სცენა, გამარჯვების ცეკვები, ხალხმრავალი, ხმაურიანი, მოძრავი სკულპტურული სცენები.
აღტკინებული მუშაობა. სტუმრად ფინელი რეჟისორი და ახლა იმის ხოტბა-დიდება: „სცენური რიტმისა და ტემპების კომპოზიტორი ხართ“. მთლად თავბრუ დაეხვა, უფრო შეუტია… შემდეგ ხალხით გატენილი დარბაზი. გასინჯვა. „ხუთი წუთის დაწყებული არ იყო, რომ მივხვდი – ყველაფერი დაინგრა, ყველაფერი ეს გახვრეტილ შაურადაც არ ღირდა. თითქოს რაღაც, ამ დროისთვის უაზროსა და შეუსაბამოს დავეჯახე და თავზე უშველებელი კოპი დამაჯდა… მე ამ სპექტაკლს ხშირად ვხედავდი ძილში – კოშმარულ სიზმრად“. 
კოშმარულ მარცხს ისევ ტრიუმფები ჩაენაცვლა. კოუჰორტის „როცა ასეთი სიყვარულია“. შემდეგ დაუვიწყარი „ჭინჭრაქა“.
მანამდე კონკურენტის გზიდან ჩამოშორება – დოდო ალექსიძე თეატრს ტოვებს. ისევ ტრიუმფი – „ანტიგონე“. რუსთაველის თეატრის მთავარი რეჟისორობა, „იულიუს კეისარი“ და… რეჟისორი თეატრიდან წავიდა.
შვიდკაცას ნელი კვდომა. ინტრიგები. წავიდა თეატრიდან, სადაც თითქმის 25 წელი იმუშავა, რომელსაც თითქმის 25 წელი შესწირა… „ჩემი მეუღლე მამშვიდებს, შენ კი არ შეგიწირავს თეატრისთვის 25 წელი, თეატრმა მოგცა საშუალება, მის კედლებში 25 წელი გემუშავაო, შეიძლება მართალიც იყოს“…
ის წავიდა. „მე თეატრიდან წავედი იმის გამო, რომ ჩემი თანამებრძოლები უკვე ვეღარ მიგებდნენ, ან მე ვერ ვუგებდი მათ… საბოლოოდ აღმოვჩნდით – მე და ისინი“.

18 წელი თეატრში

შემდეგ იყო პაუზა. რამდენიმე წელი მხოლოდ თეატრალურ ინსტიტუტში და ტელევიზიაში მოღვაწეობა. მერე ისევ თეატრი, კინოსტუდიის თეატრალური სახელოსნო. მერე – კინომსახიობთა თეატრი. ახალი შეგირდები, ახალი თანამებრძოლები. ისევ წარმატებები. „ბაკულას ღორები“, „დონ ჟუანი“, „ზაფხულის ღამის სიზმარი“… „ჩვენი პატარა ქალაქი“… „ჩვენი პატარა ქალაქი“ – სპექტაკლი რომ გასევდიანებს და არ გამძიმებს, შენდაუნებურად ცრემლს რომ მოგგვრის, მაგრამ მერე იმ ცრემლიან თვალს იმედის სხივით რომ აგინთებს, ამოუცნობ სითბოს რომ ჩაგიღვრის სულში და გაგიჩენს სურვილს, დააფასო ამქვეყნად ყოფნის ფაქტი – სიცოცხლე, დააფასო ადამიანები, სანამ შენ გვერდით არიან…
„რამდენ ხანს გავძლებთ?  ვინ იცის. რამდენსაც შევძლებთ, იმდენ ხანს ვიარსებებთ“, – წერდა კინომსახიობთა თეატრზე მიხეილ თუმანიშვილი.
ამ თეატრში მან სიცოცხლის ბოლო 18 წელი გაატარა.
18 წელი ცოტა არაა თუნდაც შენს დაარსებულ თეატრში. მარჯანიშვილს 4 წელიც არ აცალეს. სისხლი მოუწამლეს.
თუმანიშვილის თეატრი ახლაც არსებობს. გაძლეს. შეძლეს. „ალუბლის ბაღიც“ დადგეს, ბატონ მიშას რომ უნდოდა დადგმა… რაც მთავარია, მისი ალუბლის ბაღი არ გააჩეხვინეს არავის – მისი თეატრი…

 დაიბეჭდა “პრაიმტაიმში”.

 

რეზო შატაკიშვილი თაობის პრიმა ნინო კასრაძეზე

მას არ სჭირდება დიდი ძალისხმევა ევასეული წარმომავლობის დასამტკიცებლად. ის ერთი გამოხედვით თუ მოძრაობით ახერხებს ამას.

ადის სცენაზე და მისი შარმიც კვადრატში ადის. ის ნინო კასრაძეა. არამარტო რუსთაველის თეატრის, საერთოდ, თაობის პრიმა.

ის არ ეკუთვნის არც ერთ არტისტულ დინასტიას. აღიზარდა ტექნიკური ინტელიგენტის ოჯახში. მისი ბავშვობის რამდენიმე წელი სპარსეთმა გააფერადა.

ნინო და მისი ტყუპისცალი მაკა იზრდებოდნენ ოჯახში, სადაც არ სუფევდა დანაშაულებრივი ფუფუნება. მათ სხვა ფუფუნებით ანებივრებდნენ – სიყვარულით.

მ. ფრიში "ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი", რეჟისორი – რ. სტურუა. ბაბეტა – ნ. კასრაძე.

მ. ფრიში “ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი”, რეჟისორი – რ. სტურუა. ბაბეტა – ნ. კასრაძე.

გავა მრავალი წელი და დრო ვერ წაშლის ბავშვობის მძაფრ შთაბეჭდილებას – თუ როგორ უკითხავდა მამა „მატეო ფალკონეს“ და როგორ ტიროდა გაუჩერებლად…

სკოლის დამთავრების შემდეგ, თეატრალურ ინსტიტუტს მიაშურა. იმ წელს ჯგუფს შალვა გაწერელია იყვანდა. პირველ ტურში ჩაჭრეს. უკან არ დაიხია, გააპროტესტა, გამოაცხადა, რომ მხოლოდ მაშინ დანებდებოდა ბედს, თუკი მას თავად შალვა გაწერელია დაიწუნებდა.

შალვა გაწერელიამ არათუ დაიწუნა, მოიწონა, მეტიც, აღფრთოვანებული დარჩა მისით… დაიწყო ნინოს თავბრუდამხვევი სამსახიობო კარიერა.

ჯერ იყო მარჯანიშვილის თეატრი – ცეზონიას როლი ალბერ კამიუს „კალიგულაში“. 

23 წლისა უკვე რუსთაველის თეატრის მსახიობი და რობერტ სტურუას რჩეული გახდა. ვარსკვლავად აღიარეს პირველივე როლით სპექტაკლში „სეჩუანელი კეთილი ადამიანი“.

უკვე მაშინ წერდა ნოდარ გურაბანიძე: „ამ ახალგაზრდა, უკვე ვარსკვლავად აღიარებული მსახიობი ქალის შესრულებაში განსაცვიფრებელი გრადაცია იგრძნობა, ეს არის შინაგანი გარდაქმნა, ახალი ადამიანის დაბადება. თანდათანობით, როცა ნამდვილი ღრმა გრძნობა გაიტაცებს, ამ მეძავში ქალწული იბადება. კდემამოსილების, უბიწობის შუქს ასხივებს არა მარტო მისი თვალები, არამედ მთელი სხეული… ისე, მსუბუქად მოძრაობს ნინო კასრაძე, თითქოს მართლაც სიზმრისეულია. მას ახასიათებს მოცეკვავის გრაცია, პლასტიკა და სხეულის სიმკვრივე. მისი მსუბუქად სტილიზებული მოძრაობა, რომელიც იაპონელი აკვარელისტების მიერ შექმნილი გეიშების სილუეტს გვაგონებს, სწორედ თეატრალურად არის სტილიზებული, მკლავებისა და ხელის მტევნების პლასტიკა მისი სულის მოძრაობას გამოხატავს“.

უილიამ შექსპირი "ჰამლეტი", რეჟისორი რობერტ სტურუა. გერტრუდა – ნინო კასრაძე.

უილიამ შექსპირი “ჰამლეტი”, რეჟისორი რობერტ სტურუა. გერტრუდა – ნინო კასრაძე.

ნინო კასრაძეს ეცინება, როცა ვარსკვლავად იხსენებენ. „შერონ სტოუნიც ვარსკვლავია და მეც?“ – მკითხა ერთხელ და გააგრძელა, თუ როგორ სერავს ყოველდღე თბილისს სამარშრუტო ტაქსებით. სწორედ ასე, „მარშრუტკაში“ გაიცნო ის დევი სტურუამ და ნარკვევიც უძღვნა – „ლედი მაკბეტი მარშრუტკაში“.

ფრაგმენტი ნარკვევიდან: „ის ამოვიდა „მარშრუტკაში“, რუსთაველის თეატრთან, ერთი მოხდენილი, გრაციოზული მოძრაობით, რასაც პლასტიკას ეტყვიან და რასაც, თუ ღმერთმა აკვანშივე არ დაგაბედა, ვერც ისწავლი და ვერც მიბაძავ. მისი სილამაზეც სტანდარტებისა და პარამეტრების მიღმა ასხივებდა, მხოლოდ მისეული იყო. ეს ყველაფერი თვალმა ძალდაუტანებლად, თითქმის მექანიკურად აღბეჭდა…

გოგონა ჩემს გვერდით, „მარშრუტკის“ ერთადერთ თავისუფალ ადგილას ჩამოჯდა და ჩანთიდან კარგა მოზრდილი წიგნი ამოიღო. ყდაზე მსხვილი ბეჭდური ასოებით გამოყვანილი იყო დ. ს. მერეჟოვსკი, ლ. ნ. ტოლსტოისა და თ. მ. დოსტოევსკის ცხოვრება და შემოქმედება. გოგონამ წიგნი გადაშალა, მინიშნებული გვერდი მოძებნა და კითხვას შეუდგა. აი, ამან კი ნამდვილად გამაოგნა! როგორ, ჩვენს დროში უფროსკლასელი თუ სტუდენტი ქართველი გოგონა კითხულობს მერეჟოვსკის, რომლის შესახებ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ვიწრო სპეციალისტ-პროფესიონალების გარდა, წარმოდგენაც კი არავის აქვს. ეს მართლაც ფანტასტიკური იყო.

უცნობთან გამოლაპარაკებას ახალგაზრდობაშიც ვერიდებოდი, მაგრამ ახლა ჩემდაუნებურად აღმომხდა: ნეტა, შენს ბედნიერ დედ-მამას, შვილო, ნუთუ მართლა გაინტერესებს ამ ბუმბერაზების ნაღვაწ-ნააზრევი? გოგონამ გაიცინა, მაგრამ მომეჩვენა, რომ ჩემი რეაქცია მაინცდამაინც არ გაჰკვირვებია. შემდეგ ჩვენი დიალოგი დაახლოებით ასე წარიმართა:

– ალბათ, სტუდენტი – ფილოლოგი ხართ?

– არა, თეატრალური მაქვს დამთავრებული, ამჟამად რუსთაველის თეატრში ვმუშაობ.

– … თქვენი ბოლო როლი?

– ლედი მაკბეტი.

–  თქვენ ნინო კასრაძე ხართ?“

ის ნინო კასრაძეა, მოსაუბრეს რომ აოცებს განათლებით, ინტელექტით, პიროვნული სიღრმით. და რაც მთავარია, სისადავით.

ბავშვობაში უცნაური სურვილი ჰქონდა – მალე დაბერებულიყო. „ვფიქრობდი, ოო, რამდენია გადასატანი… ახირებული მქონდა, მე ვცხოვრობ კომეტასავით, ჩქარა უნდა ვიარო და გავქრე“…

ის გაურბოდა საკუთარ გადასატანს, ტკივილს, მაგრამ ეს ბავშვურ ახირებად დარჩა, არათუ თავისი, არაერთი გმირის ტკივილი განაახლა და განიცადა, გადაიტანა. და არც ცხოვრებაში ჩამქრალა და არც სტურუას ორბიტაზე, სადაც მართლაც კომეტის სისწრაფით დაბინავდა.

არ სჯერა, რომ მისი შურთ.

„მე რა მაქვს შესაშური? – გკითხავს და განაგრძობს, – მე, მაგალითად, არ ვილაპარაკებ, როგორ შურთ ჩემი. მე ამას იშვიათად ვამჩნევ. თუ გინდა, იმაზე ვილაპარაკოთ, მე როგორ მშურს და არ მშურს, ეს უფრო ვიცი. შური არა, მაგრამ რაღაცებზე ზოგჯერ გული მწყდება ხოლმე და მერე თავს ვინამუსებ – არ გრცხვენია? ყველაფერი ეს დროებითია. მე არ მინახავს ადამიანი, რომ ეთქვას, შურიანი ვარო. მოდი, მეც მათ შორის ვიქნები, ვინც ამბობს, არ ვარ შურიანიო. მართლა არ ვარ შურიანი. ადამიანის მიმართ არა, მაგრამ რაღაც მოვლენის მიმართ შეიძლება გამიჩნდეს სინანული – კარგი იქნებოდა, რომ ეს ასე ყოფილიყო…

– მოდი, რეალობას გაუსწორე თვალი, საქართველოში მსახიობებს ენატრებათ სტურუას ორბიტა, შენ კი გაუთავებლად იქ დგახარ. აბა, არ შეშურდებათ?

–  მე რომ კარგ რაღაცას ვხედავ ჩემს გარშემო, მიხარია, დიდ ძალას მმატებს, სტიმულს მაძლევს, რომ ეს ყველაფერი მიღწევადია, მერე ამას შრომა უნდა, შენ თვითონ შურმა რომ არ ჩაგკლას, ჩაგჯიჯგნოს“.

უილიამ შექსპირი "ჰამლეტი", რეჟისორი – რ. სტურუა, გერტრუდა – ნ. კასრაძე.

უილიამ შექსპირი “ჰამლეტი”, რეჟისორი – რ. სტურუა, გერტრუდა – ნ. კასრაძე.

„ჩვენ ჩვენი გაცდების სასაფლაო ვართ“

ნინო კასრაძე: „უბანალურეს რაღაცას გეტყვი – სიყვარული მარტოობისგან თავის დასახსნელადაა მოგონილი. ადამიანი ხომ რამდენიმე „შენ“ ხარ, ასეთი, ისეთი… შეყვარებული „საუკეთესო შენ“ ხარ. სიყვარული შენს საუკეთესო თავში გაქცევაა, ლამაზი გაქცევაა მარტოობიდან. არის ხალხი, რომელსაც ხშირად უყვარდებათ, მათ ეს მდგომარეობა, სიგიჟე უყვართ… სიყვარული თანამოაზრეობის დიდი სურვილია. მშვენიერია ეს ყველაფერი, მაგრამ ამ ყველაფერს ადამიანი იგებს ასაკთან ერთად. შეიძლება, ეხებოდე ამ გრძნობას, მაგრამ ვერ ხვდებოდე, შესაძლოა, არც გიყვარდეს და ისე გესმოდეს სიყვარულის ფასი. იგებ, როცა ეს შენშია, როცა შენ იღვიძებ საამისოდ, თორემ ყველაფერი აქ არის და ჩვენ არ ვიცით, აქ არის და ჩვენთვის არ არის. საშინელებაა, ადამიანმა შეიძლება ისე იცხოვროს, ვერც გამოსცადოს ეს მძლავრი გრძნობა…

ჩვენ ვართ ჩვენი განცდების, გამოცდილების სასაფლაო, ყველაფერი არის ჩვენთან, ჩვენი სიყვარულები – წარუმატებელი, წარმატებული, ჩვენი ტკივილები, სიხარულები. ეს ყველაფერი იხრწნება, ნეშომპალად იქცევა, ტვინს მიეწოდება მხოლოდ საჭირო… ადამიანს გააჩნია, ან ეს დაწამლავს ყველაფერს შიგნით და ხე არ გაიხარებს, ან ისევ ყვავილებად ამოვა ახალი ცხოვრებისთვის. ადამიანს აქვს საოცარი უნარი რენოვაციის, აღდგენის, ხელახლა შეყვარების, თორემ სიცოცხლე შეწყდებოდა, ყველა რომ ძველი სიყვარულებითა და ძველი განცდებით ცხოვრობდეს. რაც უფრო ნიჭიერია ადამიანი, უფრო ნიჭიერად არის ეს ყველაფერი მასში დასამარებული. ეს გრძნობები იქცევა პროზად, პოეზიად, მხატვრობად, ურთიერთობად.

სად მიდის სიყვარული? – არსად, შენშია, ისიც კი, რომელზეც უარი გეთქვა. მე მგონი, ზოგჯერ ყველაზე მეტად ის უყვართ ხოლმე, იმაზე გიჟდებიან. მიუღწევლის მიმართ ყოველთვის ჩნდება გარკვეული პატივისცემა და რჩება სწრაფვა, თუნდაც უიმედო…“

ნინო კასრაძეს უყვარს თქმა: „წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, დროს მივენდობი, როგორც მაკბეტი იტყოდა,  მოხდეს ის, რაც მოსახდენია“…

დაიბეჭდა “პრაიმტაიმში”

ნინო კასრაძე: მარტო თეატრით ვერ გაგიცნობს მაყურებელი, დაავიწყდები…

(ინტერვიუ ნინო კასრაძესთან, დაიბეჭდა გაზეთში “დრონი.ჯი”, 2010 წელს)

რეზო შატაკიშვილი

მას სწყალობს ბედი და ის თვითონაც ჭედავს თავის ბედს. არასოდეს გამოჩენილა ყვითელი პრესის ფურცლებზე და არც არასოდეს გამოჩნდება – ეს მისი შეგნებული არჩევანია.

არ ცვლის წიგნს კომპიუტერზე და არ ფეთდება “ფეთზე”. არ საუბრობს თავის პოლიტიკურ შეხედულებებზე, რაც სულაც არ ნიშნავს ამ შეხედულებების თუ პოზიციის არქონას.

მისი ინტელექტის და განათლების პატრონს იოლად ვერ იპოვი არტისტულ ელიტაში, „პაპსავიკურს“ კი, ალბათ ნახვითაც არ უნახავთ იმდენი წიგნი, რაც მას წაუკითხავს – მოდით ვიყოთ პირდაპირები! ის ნინო კასრაძეა, რუსთაველის თეატრის პრიმა. არტისტი ქალისთვის მართლაც საოცნებო რეპერტუარის მქონე.

– რა უყვარს ნინო კასრაძეს თეატრში, როგორც მაყურებელს და როგორც მსახიობს?

– ვერ ვიტყვი რომ ბავშვობიდან მიყვარს თეატრი, მერე და მერე, რომ გავიზარდე და თან თეატრში მოვხვდი, ძალიან შემიყვარდა… არის ნეტავ რამე განსხვავება, ბავშვობიდან გიყვარს თუ მერე შეგიყვარდება? როგორც მაყურებელს, აი, ის მიყვარს რომ მიდიხარ თეატრში და არ იცი რა დაგხვდება. კინოში ყველანაირი სპეცეფექტები არსებობს იმისთვის რომ მოგწყვიტონ რეალობას, თეატრში მხოლოდ ადამიანების ფაქტორია, რეჟისორი, მსახიობები, კომპოზიტორი, ყველა, კაპელდინერიც კი. მიყვარს როცა ეს ადამიანები ახდენენ სასწაულს და გავიწყებენ ყველაფერს. ეს მიყვარს როგორც მაყურებელს. როგორც მსახიობს კი ამ საოცრების ნაწილად ყოფნა მიყვარს. მაშინაც მიყვარს როგორც მაყურებელს როდესაც სცენაზე ვარ და მოწმე ვხდები პარტნიორების მოხდენილი სასწულისა. თამაშის დროს ზოგჯერ მივბრუნებულვარ და მიფიქრია, როგორ თამაშობს ამ სასწაულს…

– თეატრი გიყვართ, და როგორი თეატრი? თუ რაც კარგია, ყველა?

– ვინ იტყვის ცუდი თეატრი მიყვარსო? მეც კარგი თეატრი მიყვარს. ბევრნაირ თეატრს აქვს არსებობის უფლება. დაბალი დონისას, მაღალი დონისას… ყველას ვერ მოსთხოვ რომ ინტელქტუალური თეატრის მოტრფიალე იყოს, ყველამ თავისი თეატრი უნდა იპოვოს, თავისი სულის, თავისი ტკივილის, ხასიათის, განწყობის შესაბამისი. როგორც მსახიობს, ეგოისტურად მინდა რომ თეატრი მსახიობზე იყოს ორიენტირებული, მე რომ შევძლო თამაში, ჩემი ოსტატობის გამოვლენა, კიდევ რომ დავეუფლო სიმაღლეებს. მაგრამ ყველაფერი ისე არ გამოდის როგორც გინდა, ამიტომ მე ყველანაირი თეატრი მომწონს რაც კარგია, გემოვნებიანია და რომელსაც სათქმელი აქვს და არაა უბრალოდ თავის ასატკივებლად და დროის გასაყვანად.

– როგორც მსახიობი სად უფრო კომფორტულად გრძობთ თავს?

– მე მიყვარს ფსიქოლოგიური თეატრი, თუმცა ძალიან რთული ჟანრია. თქვენ რას არქმევთ იმას რასაც ჩვენ ბოლო წლები ვთამაშობთ?

– ეს პოსტმოდერნია, სადაც ყველაფერი ერთადაა. გროტესკს ერწყმის ფსიქოლოგიზმი, შემოდის ბუფონადა, ბალაგანი, ყველაფერი ერთდაა და სინთეზშია. ფილიპ ჟანტზე თქვეს, ჟანტი თვითონ არის ჟანრი. იგივე შემიძლია გავიმეორო რობერტ სტურუაზე, სტურუა თავისთავადაა ჟანრი.

– მართალია სტურუა არის თავისთავად ჟანრი! სტურუას ჟანრში ძალიან მიყვარს თამაში! სტურუას ჟანრში ვითამაშე ლედი მაკბეტიც, სეჩუანელიც და ბაბეტაც და ყველაფერი. კარგი რამ მოძებნე, სტურუას ჟანრი! მაგრამ მიყვარს როდესაც სტურუას ჟანრში ფსიქოლოგიური ელემენტები უფრო მეტია და ეს არის გაზავებული ყველაფერთან. მარტო ღმერთმა დაგვიფაროს, ცვალებადობა არის არაჩევულებრივი.
მ.ფრიში "ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი", რეჟ: რ. სტურუა, ბაბეტა – ნ.კასრაძე

მ.ფრიში “ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი”, რეჟისორი: რობერტ სტურუა, ბაბეტა – ნინო კასრაძე, ანა – ია სუხიტაშვილი.

– ყველამ თავისი თეატრი უნდა იპოვოსო და როგორ ფიქრობთ, იძლევა ამის საშუალებას დღევანდელი ქართული თეატრალური სივრცე?

– დიდი არჩევანი აქვს მდარე ხარისხის თეატრს, კარგი ხარისხის თეატრის შემთხვევაში ეს არჩევანი თითქმის არაა, ერთი ორი და მორჩა. კარგი იქნებოდა ერთმანეთს ბევრი თეატრი ეჯიბრებოდეს, სიკეთეში ეჯიბრებოდნენ, თავისკენ სწევდნენ მაყურებელს, ზევით და ზევით. რასაც მე ვერ ვხედავ დღეს, თუმცა მგონია რომ რაღაც გამოჩნდება.

– იმ ლოგიკით რომ ჩავარდნას ყოველთვის აღმასვლა მოსდევს?

– მე მგონი ჯერ კიდევ არ არის ჩავარდნა.

– ანუ ჯერ ჩავარდნა გვაქვს წინ?

– ჩავარდნაც წინ გვაქვს და ამოვარდნაც აუცილებლად. ეს ნორმალური მდგომარეობაა და ამაში კატასტროფულს ვერაფერს ვხედავ.

– თავის დროზე ამბობდნენ რომ კინო, ტელევიზია მოინელებდა თეატრს, მაგრამ თეატრმა ორივეს შემოტევებს გაუძლო. ახლა ინტერნეტზე და ახალ ტექნოლოგიებზე ამბობენ იგივეს. არადა, თეატრმა პირიქით, შესაძლოა სწორედ ამ „გამოვირტუალურებულ“ სივრცეში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს. ერთადერთი ადგილი იყოს სადაც ცოცხალ ადამიანებს და მათ ურთიერთობას ნახავ…
– იმიტომ რომ თეატრი არის ცოცხალი ორგანიზმი, ცოცხალი ურთიერთობა, ეს ისე მოენატრება ადამიანს, რომ შეიძლება, შენი თქმის არ იყოს, კიდევ უფრო აქტუალური გახდეს თეატრი. მე მაგალითად, სახლში შეგნებულად არ მაქვს არც კომპიუტერი, არც ინტერნეტი. შეიძლება ცოტა ჩამორჩენილი არჩევანია, მაგრამ ჩემია. თქვენ ინტერნეტში ყოველდღიურად ელაპარაკებით, სწერთ მეგობრებს, ნახვის აუცილებლობა აღარცაა, მე კიდევ, თუ ვერ ვნახე არც ვიცი რა ხდება მის თავს, მომენატრება, მომწყურდება მასთან ურთიერთობა და ვნახავ. ჩემი თავი ისეთ პირობებში ჩავიყენე, იძულებული ვარ შევხვდე ჩემს მეგობრებს. ჩემი გოგო მეუბნება, რა არის „ფეთი“ არ უნდა გვყავდესო? ყველა დამცინის, არ ვიცი რა არის „ფეისბუკი“, „ფეთი“ და „იმეილიო“. არადა, რომ ამბობს, ესე იგი იცის… მე როგორც კარგმა დედამ ავუხსენი, რომ დასაცინი ის იქნება, თუ არ გეცოდინება რა არის სიკეთე და ა.შ. გაჩერდა. ვნახოთ რამდენ ხანს გაუძლებს. არ მინდა ეს პროცესი ხელოვნური გახდეს და ბავშვი სახლიდან გარბოდეს და საიდანღაც ძვრებოდეს ინტერნეტში. მე თვითონ ძალიან ინტერესიანი ვარ და კომპიუტერი და ინტერნეტი რომ მქონდეს, მთელი დღეE ვიჯდებოდი და მაუსის ტრიალში ვიქნებოდი.მე მირჩევნია ამ დროს ოქროყანაში, ჩემს ეზოში ვიტრიალო, წიგნთან მქონდეს ურთიერთობა. ძველებურად ვკითხულობ წიგნებს, ახლა წავიკითხე მარკესის ბოლო მოთხრობები და ერთი ხუთი წლის სიცოცხლე მომცა.

უილიამ შექსპირი "ჰამლეტი", რეჟისორი რობერტ სტურუა, გერტრუდა – ნინო კასრაძე

უილიამ შექსპირი “ჰამლეტი”, რეჟისორი რობერტ სტურუა, გერტრუდა – ნინო კასრაძე

– ოქროყანაშისაცხოვრებლადგადასვლაცშეგნებულინაბიჯიიყო?

– არა, ეს მართლა გაუცნობიერებლად მოხდა, მაგრამ როგორც ახლა ვფიქრობ, ადამიანი ყველაზე სწორ და მნიშვნელოვან ნაბიჯს, გაუცნობიერებლად დგამს. პირველი შვილი ერთი წლის გვყავდა, ზაფხულში სახლი რომ ვიქირავეთ ოქროყანაში, მეორე წელსაც, როცა უკვე მეორე ბავშვზე ვიყავი ფეხმძიმედ, ისევ ვიქირავეთ. ჩვენს პირდაპირ მართლა სასაცილო ფასად იყიდებოდა სახლი და სააგარაკოდ ვიყიდეთ, მაგრამ მეორე ბავშვი რომ შეგვეძინა საერთოდ საცხოვრებლად გადავედით, იმიტომ რომ აქ, თბილისში ჩვენს ბინაში შეუძლებელი იყო ორი ბავშვის გაზრდა. თვითონ ვუთხარი ჩემს ქმარს, იქ წავიდეთ, სახლთანაც ახლოსაა, თეატრთანაც, თან ბავშვები სუფთა ჰაერზე გვეყოლება-მეთქი და დამთანხმდა. წავედით, მაგრამ მერე მივხვდი რამხელა რაღაცაზე წამოვედი, არავის არ ვიცნობდი, ვერსად ჩავდიოდი, ვიყავი ორი ბავშვით, ერთი პატარა, მეორე მთლად თოთო, ძიძა ავიყვანე, ახალი სახლი, ახალი ბავშვი, ახალი ძიძა, რაღაც პერიოდი მეგონა რომ გავგიჟდებოდი, ისეთი რთული ფსიქოლოგიური პრობლემები შემექმნა.ოქროყანაში ოჯახები ინგრევა, ქმარს იქ ცხოვრება უნდა და ცოლი არ მისდევს, გადაულახავი პრობლემაა მათთვის ეს. მე როგორ გავაკეთე ეს? თან ჩემი ინიციატივით? ყველამ აგვიბა მხარი, ჩემმა მშობლებმა, ჩემი ქმრის მშობლებმა და დავიწყეთ იქ ცხოვრება. 2 წლის შემდეგ მივხვდი რომ რომ ამან გადამარჩინა, აი იმ ოქროყანამ, იმ ჩემმა სახლმა, იმ ჩემმა ეზომ. გაუცნობიერებლად მოხდა სწორი ადგილის შერჩევა, სადაც არის ჩემი სახლი.

მაქს ფრიში "ბიდერმანი და ცეცხლის წამკიდებელნი", რეჟისორი რობერტ სტურუა, ბაბეტა – ნინო კასრაძე, ანა – ია სუხიტაშვილი.

მაქს ფრიში “ბიდერმანი და ცეცხლის წამკიდებელნი”, რეჟისორი რობერტ სტურუა, ბაბეტა – ნინო კასრაძე, ანა – ია სუხიტაშვილი.

– უკან ისეთი რეპერტუარი გაქვთ მოტოვებული, აწი რაღამ უნდა გაგაკვირვოთ, მაგრამ მსოფლიო დრამატურგიის, პროზის კითხვისას თუ ეძებთ იმ გმირებს, რომელთაც განასახიერებდით?

– ადრე არა, სად მქონდა ამაზე ფიქრის დრო და თავი, სულ თავზე დამეყარა ყველაფერი კარგი და არაჩვეულებრივი. ახლა, დაუფარავად ვიტყვი რომ ანა კარენინა ძალიან მომწონს. ძალიან გვიან წავიკითხე, 32 თუ 33 წლის ვიყავი და უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ასაკში ჩემზე. ძალიან მომწონს ეს პერსონაჟი, მაგრამ რა სპექტაკლი უნდა იყოს რომ ანა კარენინა ვითამაშო, მეგა? სამდღიანი? რაღა უნდა ვითამაშო რეზო, ასაკი მემატება, რასაც მომცემენ ის უნდა ვითამაშო… აბა, ჩამომითვალე ჩემი ასაკის ქალის როლი? გედა გაბლერი? არ მაინტერესებს, ვიცი რომ აქ არავინ არ დადგამს..

– რანევსკაია?

– არაჩვეულებრივი როლია, მაგრამ ჩეხოვსაც არ დადგამენ…

კლეოპატრა?

– განყენებულად კლეოპატრა არაჩვეულებრივია, მაგრამ კარგი რა, დღეს ვის აინტერესებს? დღეს ისეთ რაღაცაში მინდა თამაში, რაც რაღაცას გათქმევინებს. მე არ მაინტერესებს კლეოპატრას ძალაუფლება და სიყვარული, მე მაინტერესებს ცუდის და კარგის ბრძოლა ადამიანში და მოცემულ კონტექსტში როგორ გადარჩეს ადამიანი და დარჩეს ადამიანად.

ბოლო დროს, პროფესიონალი თეატრთმცოდნეები, კრიტიკოსები დუმილს ამჯობინებნ, ვინც წერს და რაც იწერება, განზე დგას პროფესიუული კრიტიკისგან…

– ჩვენს დროს მართლაც იწერებოდა, მაგრამ რაც ბავშვები გავაჩინე, ჩემზე თითქმის არავის არაფერი დაუწერია, მარტო მლანძღავენ და რატომღაც „მოქალაქეობრივი პოზიციის არქონაში“ მადანაშაულებენ. ჩემი პატარა გამოცდილებით მახსოვს, როდესაც წერდნენ, შეიძლება ისიც არ იყო კრიტიკის ბრწყინვანე ნიმუშები, მაგრამ კარგად წერდნენ რუსეთშიც, ჩვენთანაც, სპექტაკლებს არჩევდნენ, დღევანდელივით სპექტაკლის სიუჟეტს კი არ ჰყვებოდნენ. სიცილით ვკვდები, იმის მოყოლას რომ მიწყებენ რასაც ვთამაშობ. ეს იმას ჰგავს სკოლაში რომ გვასწავლიდნენ „თხრობით, ზეპირადო“. რად მინდა სპექტაკლის შინაარს რომ მიყვები, ეს ხომ აპრიორია რომ ნანახი გაქვს შენც – ვინც წერ, ჩვენც, ვისაც გვეხება და იმასაც, ვინც ჰკითხულობს და ინტერესდება ამ რეცენზიით. უნდა მოხდეს რაღაცის შედარება, რაღაცის რევიზია, ახლის დანახვა, ძველი დანახვა, ეს არის წინ წადგმული ნაბიჯი თუ უკანდახეული. როცა წერდნენ, შინაარსს კი არ გვიყვებოდნენ, იმას ცდილობდნენ დაენახათ იმის მიღმა რა იყო, ხელოვნებაში მიმდინარე პროცესში ცდილობდნენ გამოეძებნათ შენი აქტისთვის ადგილი, დაედგინათ რა მიმდინარეობაა, რა გავლენა აქვს. კრიტიკა ლანძღვა და მიწასთან გასწორება კი არაა, თუ შედეგი არადამაკმაყოფილებელია, უნდა გაერკვე ეს მარტო უნიჭობაა თუ იმ პროცესის ნაწილია, რასაც გემოვნების დაკნინება ჰქვია და ა.შ. ამერიკული გამოცემიდან, რამდენიმე სტატია მაქვს ჩემთვის თარგმნილი, ისე წერეენ… ისეთივე შედევრებია, როგორსაც სცენაზე ნახავ. იღებენ ერთ თემას და ავითარებენ, თან მარტივად და გასაგებად. და არა ისე რომ ვერაფერი გაიგო. იყოს უარყოფითი შეფასება! შენიშვნა ბევრი მსმენია და გამითვალისწინებია კიდეც, თუმცა, ძალიან მკაცრი, უარყოფითი კრიტიკა არასოდეს მიმიღია. თუ არ ჩავთვლით ამ „მოქალაქეობრივი პოზიციის არქონას“, რაც არ მესმის რას ნიშნავს და კატეგორიულად არ ვეთანხმები. ის რაც „არქონა“ ჰგონია ამ აზრის ავტორს, სწორედ ისაა ჩემი პოზიცია. ეს ცოტა საფრთხილო თემაა და სცდება მსახიობობას, ხელოვნებას.

კადრი ფილმიდან "ბედნიერება".

კადრი ფილმიდან “ბედნიერება”.

სექტემბერში ნუცა მესხიშვილის ფილმმა „ბედნიერებამ!“, სპეციალური პრიზი მიიღო ვენეციის ფესტივალზე, ამ ფილმში თქვენც ხართ გადაღებული, რამდენად საინტერესო იყო ნუცასთან მუშაობა?

– არაჩვეულებრივად საინტერესო იყო მუშაობაც და სცენარიც. არა მგონია ამ ისტორიამ გულგრილი დატოვოს ნორმალური ადამიანი. როდესაც ფილმი ვნახე, ძალიან მომეწონა. მე არ ვარ იმ კატეგორიის მსახიობი, რომელსაც ყველაფერი მოსწონს, სადაც კი თვითონ თამაშობს. ყველაფერს ვხედავ, ბევრჯერ მწარედაც გამიკრიტიკებია, შეიძლება საჯაროდ არ ვამბობ, იმიტომ რომ ეთიკაც არსებობს.. მე ეს ფილმი მომეწონებოდა ჩემს გარეშეც. ჩემზე ძალიან იმოქმედა, გული მატკინა და შემეხო. ამ ადამიანმა კიდევ უნდა გადაიღოს ფილმი და თუ აღარ გადაიღებს, იქნება საშინელება.

კადრი ფილმიდან "ბედნიერება".

კადრი ფილმიდან “ბედნიერება”.

ამ ეტაპზე გაქვთ რამე შემოთავაზება კინოდან?

– არაფერზე არ მეძახიან.. სერიალებზე მე თვითონ ვთქვი უარი. არადა, არ მინდა რომ სულ გავქრე ამ სივრციდან. ბავშვები რომ მეყოლა, მე თავად ვთქვი უარი კინოზე, ტელევიზიაზე, ვერ მოვასწრებდი. თეატრი და ბავშვები, ასეთი იყო ჩემი პრიორიტეტი. გარკვეული პერიოდი ეს კარგად მუშაობდა, თეატრი მყოფნიდა, მაგრამ ახლა.. მარტო თეატრით ვერ გაგიცნობს მაყურებელი, დაავიწყდები.

ადრე ეს პოპულარობის პრობლემა საერთოდ არ გადარდებდათ

– ეგ რომ მადარდებდეს და განვიცდიდე, ასე კი არ მივუშვებდი ყველაფერს, როგორც მივუშვი. ტყავში ვიქნებოდი გამძვრალი, მითუმეტეს რაიმეს თავიდან დაწყება მე არ მჭირდებოდა, ლოგიკურად გავაგრძელებდი. უბრალოდ, როდესაც პოპულარობას ჰკარგავ, კინოში აღარ გეძახიან. ავიწყდები კინოსამყაროს. ამას მართლა განვიცდი, სხვა მხრივ მართლა ბედნიერი ვარ რომ ეს ყველაფერი ჩემს მიღმააა. მირჩევნია ასე იყოს, ეს არის ჩემი უშეგნებულესი არჩევანი. კინომ რომ მომაქციოს ყურადღება, ამიტომ მინდა ცოტა პოპულარობა. კინოში მინდა მუშაობა. კინო სხვანაირად ხვეწს მსახიობს, მე ძალიან პატარა გამოცდილება მაქვს კინოში… იქნებ კიდევ რაღაც შევძლო, სულ რომ გავქრი ამ თვალსაწიერიდან. ადრე ყველაფერი სპონტანურად ხდებოდა, ადრე ეს არ მადარდებდა, ავტომატურად, თავისით მოდიოდა, ახლა გახდა ჩემი პროფესია ყველაზე მეტად საინტერესო ჩემთვის, მინდა რომ ეს გაგრძელდეს სცენაზეც და კინოშიც.

მანანა სურმავა – არტისტი, რომელიც თან დაატარებს თეატრს

ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი “პატარა უფლისწული”.

 

„ჩემთვის ყველა თეატრის კარი რომ გადაერაზათ, ალბათ, ტყეში წავიდოდი, მოვჭრიდი ხეებს, გავრანდავდი, სადმე ველობზე პატარა სცენას ავაწყობდი და ვითამაშებდი ისევე, როგორც ამას  ბავშვობაში ვაკეთებდი“ – ოდესღაც დაწერს აკაკი ვასაძე, ოდესღაც იტყვის იმასაც, რომ გაშლის ნოხს და მაინც ითამაშებს. მაგრამ არ მოუწევს.

მეოცეს მიწურულში მანანა სურმავა წავა სახელგანთქმული თეატრებიდან. კინომსახიობთა თეატრიდან – მას ვერ დააკავებს დიდი მაესტრო, მისთვის ძვირფასი თუმანიშვილი. წავა სახელგანთქმული რუსთაველის თეატრიდან. მას შეუძლია დათმოს მისთვის ძვირფასი, იმისთვის, რომ გადაარჩინოს – ბევრად ძვირფასი. დათმოს ტკივილით, მაგრამ მაინც დათმოს. წავიდეს კინომსახიობთა თეატრიდან, რუსთაველის თეატრიდან, იმისთვის, რომ შეინარჩუნოს თეატრი. შეელიოს დიდ მაესტროებს, იმისთვის რომ არ დაკარგოს ისინი. ის მიდიოდა თეატრებიდან და არ კარგავდა თეატრს – თან დაატარებს თეატრს, როგორც კუ თავის ბაკანს. ის არ წასულა ტყეში, მაგრამ ის მიდიოდა და სცენებს აგებდა – მრგვალ ბაღში, ვერის ბაღში, თამაშობდა და თამაშობს, კვლავაც ითამაშებს სხვადასხვა სივრცეებში – იქ, სადაც მანამ არავის უთამაშია. 

ჟან კლოდ კარიერი “უფლისწული და ჭეშმარიტება”, რუსთაველის თეატრის მცირე სცენა. 2009 წ.

„თეატრი უკიდეგანოდ მიყვარს. იმდენი არ მითამაშია, როგორც მიყვარს… სულ მქონდა მიდრეკილება მივწებებოდი რომელიმე ერთ თეატრს, მივწებებოდი შედუღებამდე, მაგრამ ჩემი ხასიათის გამო, თუ არ ვიცი რატომ, შეცდომა იყო თუ რა, ეს არ მოხდა, მოხდა საპირისპიროდ – კედლების, ატმოსფეროს ცვლა არანაირად აღარ მოქმედებს ჩემს დამოკიდებულებაზე თეატრის მიმართ. თეატრის მიმართ სიყვარული არ არის შემოხაზული მხოლოდ ამა თუ იმ სცენის კედლებით და სივრცით, თვითონ ფენომენია სცენა. მე ვითამაშე ღამით, მრგვალ ბაღში, მას საერთოდ არ ჰქონდა კედლები, მაგრამ ის იყო ჩემი თეატრი, ისეთი თეატრი, რომელიც მე მიყვარს… ნამდვილად არ მეგონა, თუ რუსთაველის თეატრის მიმართ ოდესმე გამიქრებოდა თითქმის პათოლოგიაში გადასული სიყვარული, მაგრამ… დღევანდელი რუსთაველის თეატრი აღარანაირ ინტერესს არ წარმოადგენს, აღარაფერი არაა, მორჩა, დამთავრდა… დარჩა იგივე კედლები, იგივე შენობა, ჩემთვის ფასეულია მხოლოდ რეტროსპექტივაში, როგორც წარსული, რომელსაც ჰქონდა ძალიან დიდი ისტორია… ყველაფერს, რასაც აქვს კონკრეტული ფორმა, რაც არ უნდა ლამაზი იყოს, თუ შიგნით სული არ ტრიალებს, ამაღლებული, თუ სულიერი დატვირთვა არა აქვს – შენთვის მისაღები, ის მხოლოდ არქიტექტურად რჩება…“

 

სახლი

მის ცხოვრებაში იყო ბევრი სახლი. ჯერ იქ, ოპერის უკან, ბებიასთან ცხოვრობდნენ. დღეს: „იქ სადაც ბავშვობა გავატარე, დიდად არაფერი შეცვლილა… არ ვიცი, ვინ ცხოვრობს ახლა, არ მაქვს სურვილი ნახვის… რაღაც მწიწკნის და არ მინდა“. მერე: ბელინსკის კუთხეში გატარებული ახალგაზრდობა. დღეს: „ახლა იქ ბერტა ხაფავა ცხოვრობს და მიხარია, ალბათ, ისეთივე რეჟიმია, ისეთივე საუბრები ხელოვნებაზე, თეატრზე… მგონია, რომ იქ გრძელდება ეს ცხოვრება“. მერე ბახტრიონზე. ურთულესი და უმძიმესი წლები ყველასთვის. წლები – მაინც საინტერესო და მაინც სურვილი მკრთალად – დაბრუნებულიყო თავის უბანში. „იყო პერიოდი, როცა ყველა ყიდდა ბინებს, რათა თავი გადაერჩინათ, არც ჩვენ ვიყავით გამონაკლისი, ისეთი სირთულეები იყო, ნაკლებად გვეცალა ლირიკისთვის“. გამოსავალი: გაყიდული ბინა. მშენებარე ბინა. იმედით – უფრო იოლად გამოვალთ. თან – დაბრუნება ვერაზე. დროში განფენილი შენება, რემონტი, ორივე – საკუთარი გემოვნებით და ფანტაზიით. და შედეგი: ახალი სახლი ჰგავს ძველს და ჰგავს თავად მანანას – საკუთარ სამყაროს, საკუთარ წარსულს ვერ გაექცევი, როგორც კუ ვერ გაექცევა თავის ბაკანს…

„ბევრი ფული რომც მქონოდა, მაინც ასეთ სახლს ავაშენებდი, გავექცეოდი ბევრ ოთახს… ადამიანი მაინც თავის სამყაროს ქმნის და ამ სამყაროში ის გამოდის წინა პლანზე, რაც მისთვის ფასეულია. პრიორიტეტებს გკარნახობს სულიერი მოთხოვნილებები, ხასიათი. ყველა ქმნის თავის პორტრეტს, ალბათ, სიყვარულით. შენი სულიერი მდგომარეობაა სიყვარული და ის ვლინდება სახლშიც. პროფესიაშიც, საქციელების რიგშიც, მეგობრების მიმართაც. რატომაა რომ, სხვასთან რომ მივდივართ, სადღაც თავს კომფორტულად გრძნობ, სადღაც ყველაფერი ძალიან გათვალისწინებულია, როგორც ჟურნალში, მაგრამ შენ სული გეხუთება, სხვისი სამყაროა, შენი არაა. არ ვიცი, თუ მეგობარი მოდის შენთან და თავს კარგად ვერ გრძნობს, ის სახლი კარგი რანაირადაა?! მოდი იმასთან წავიდეთ, კარგი ვანა-ტუალეტი აქვსო, არავინ იტყვის და ამის გამო არავინ მიდის სტუმრად, მიდიან იქ სადაც გაუგებენ, სადაც სულიერი კომფორტია, საიდანაც გამოჰყვება დადებითი მუხტი. ამას ყველაფერს ჰქვია „ჩემი სახლი, ჩემთან სტუმრად“. რა არის სახლი? შენი განვლილი ცხოვრების ყველაზე ფასეული მოწმე? არა მარტო მოწმე, მონაწილეა ამ ყველაფრის. შენთან ერთად იცვლება, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც დროებითია ამ სამყაროში. სახლიც, ისევე როგორც მეგობრები, პროფესია, მონაწილეობს იმ დროის მონაკვეთში, რაც ჩვენ გვიწერია დედამიწაზე, სანამ მარადიულს შევუერთდებით“.

ჟან კლოდ კარიერი “უფლისწული და ჭეშმარიტება”, რუსთაველის თეატრის მცირე სცენა. 2009 წ.

 

მშობლები

მამა – თეატრის ცნობილი რეჟისორი, არაერთი თაობის აღმზრდელი. დედა – პედაგოგი და… დიდი ადამიანი, სიკეთისა და სათნოების ულევი კაპიტალით. 

„დედას გარეგნული სიმშვიდის მიღმა, იყო დიდი ნებისყოფა, იმიტომ რომ წარმატებული და წარუმატებელი რეპეტიციები პირდაპირ არტყამდა ოჯახის სიმშვიდეს. დედა მოქნილად იგერიებდა, შეუმჩნევლად. მას ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა თავის მოწაფეებთან და ხშირ შემთხვევაში სხვა სახელს ვერ დავარქმევ – მეგობრობდა. ეს მაშინაც ვიცოდი, მაგრამ როცა ამ ქვეყნიდან წავიდა, მე დავინახე, მის მიერ წლების მანძილზე ნაქსოვი ურთიერთობების ბადე იმხელა ყოფილა, უკიდეგანო… დღესაც ვგრძნობ – მისი სიყვარულით მეფერებიან მისი ნამოწაფრები, კოლეგები. თუ სადმე რამე სტატია, რეცენზია იბეჭდებოდა მამაზე, ჩემზე, დედა ყველაფერს ჭრიდა და აგროვებდა. ამას წინათ ძველ ქაღალდებში ვიქექებოდი და გაზეთებიდან ამონაჭრების მთელ საქაღალდეს წავაწყდი, მეგონა ჩემზე ან მამაჩემზე დაბეჭდილი სტატიები იყო, გავხსენი და რას ვხედავ, თუკი რომელიმე ნამოწაფარზე სადმე რამე დაბეჭდილა, ყველაფერი შეგროვებული ჰქონდა, ისე, როგორც დედა შეაგროვებდა შვილზე… შეგროვილი ჰქონდა მათ შორის მაია ჩიბურდანიძეზეც, რომელიც მისი ნამოწაფარი იყო. ერთხელ ინტერვიუში ვახსენე კიდეც მაია ჩიბურდანიძე დედას ნამოწაფარი იყო – მეთქი. კინაღამ მომკლა, დანარჩენებმა რა დააშავეს, რომ გამოარჩიე, ვინ მოგცა უფლება ჩემს ნამოწაფრებს რომ არჩევო… რა რჩება ადამიანის შემდეგ? რა და მისი საქციელები. ჰოდა, ის, რაც მე დამიტოვეს ჩემებმა, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის მდიდარი მემკვიდრეობა“.

 

თამაში

მსახიობი თამაშობს როლს. როლი ბარდება წარსულს. მაგრამ ქრება კი უკვალოდ? თუ ორგანიზმში რჩება? მანანა იტყვის, რომ როლი რჩება ორგანიზმში, რჩება რაღაც ერთი რეპლიკა, რაღაც ერთი ფრაზა, ისტორია მაინც – როგორც კვინტესენცია. ის თამაშობდა რეგანს სტურუასეულ „მეფე ლირში“– ითამაშა მხოლოდ ერთხელ. „ის ერთი სპექტაკლი რომ ვითამაშე და განვითარება არ ჰქონია, იმან სულ სხვა რაღაცაში ამოჰყო თავი, სხვა თვისობრიობაში გადავიდა“…

მას შეუძლია ეკზიუპერის „პატარა უფლისწულით“ დღეს ერთი ამბავი გვიამბოს – ამბავი პატარა უფლისწულისა და ხვალ იგივე ტექსტით, იგივე სპექტაკლით ქრისტეზე გველაპარაკოს. მას შეუძლია ერთი და იგივე სპექტაკლი ითამაშოს სხვადასხვა დროის და სივრცის ინტერვალებით, მაგრამ ეს სპექტაკლები თვისობრივად ახალ სახეს, ახალ სათქმელს იძენენ. „მე არ ვთვლი, რომ უნდა უბრუნდებოდე შენს ნამუშევრებს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში მოხდა ისე, რომ შემდგარი სპექტაკლი მეორედ დაიბადა, სიტუაციამ მოიტანა, სურვილების თანხვედრამაც, მასალის აქტუალობამაც და ჩემმა აბურდულმა ცხოვრებამაც. აღმოჩნდა, რომ „დალგაჟიტელები“ აღმოჩნდნენ ჩემი სპექტაკლები. ასე ეწერათ სპექტაკლებს და ცოცხლობენ…“

ცხოვრების სცენაზე ვიძენთ როლს და… და შემდეგ ხშირად იძულებული ვართ, მოვიქცეთ არა ისე, როგორც გულით გვსურს, არამედ ისე, როგორც ამ როლს შეეფერება. მანანას ნაკლებად უყვარს თამაში ცხოვრებაში:

„მე საერთოდ ნაკლებად ვთამაშობ ცხოვრებაში, რომ ტყუიხარ – ენერგიას ხარჯავ, მე ტყუილებში სახარჯავად არ მემეტება ენერგია. აზარტსაც ვერ ვხედავ, სჯობია იცხოვრო გახსნილად. მე არავის არ მოვუწოდებ, უბრალოდ, მე ვთვლი ასე… ხშირად მე მართლაც არ ვიქცევი ისე, როგორც ადრე მოვიქცეოდი, მაგრამ ამ ყველაფრის კორექცია რწმენამ მოახდინა. რაღაცის უფლებას აღარ მივცემ თავს, იმიტომ რომ ღმერთთან უხერხულია“.

მას დადგმა უყვარს სცენაზე და არა ცხოვრებაში. მას ხეებიც არ უყვარს – ქალაქში დადგმული. მას ხიბლავს ხეები – აბდაუბდა, გაბურდული ტოტებით და არა: „ასე დადგმულად, როგორც დაიდგა ერთნაირი ხეები, რომელთაც არანაირი ისტორია არ გააჩნიათ… დოდო აბაშიძის ძეგლთან იდგა ხე, ამშვენებდა იქაურობას, ჩრდილსაც ქმნიდა და განწყობასაც… გამოვიარე და აღარ დამხვდა… იმის ნაცვლად 5 პატარა ხე, არაფრისმთქმელი… რატომ? მგონია, რომ ხე ცოცხალი არსებაა… ბახტრიონზე რომ  ვცხოვრობდით, ჩვენი აივანი მთას გადაჰყურებდა. ერთხელ ვხედავ, მამა დგას აივანზე და ყვირის „რას აკეთებ“, სადღაც შორს, ერთი ეული ხე იდგა და ვიღაც ჭრიდა – ბოსტანის გაშენება უნდოდა იქ, მამა არ ჩანდა, მაგრამ ისე იცავდა იმ ხეს, იმხელა ენერგია დახარჯა, იმხელა მანძილზე გააგებინა, გადახტომით ვერ გადახტებოდა, მე-6 სართულზე ვცხოვრობდით, მაგრამ ისეთი სიმტკიცე გამოიჩინა, გაჩერდა ის კაცი, ხეც გადარჩა. მერე ვფიქრობდი, ალბათ, ის მარტოხელა ვერხვი ყოველდღე ლოცავს კოტეს…“

ჟან კლოდ კარიერი "უფლისწული და ჭეშმარიტება", რუსთაველის თეატრის მცირე სცენა. 2009 წ.

ჟან კლოდ კარიერი “უფლისწული და ჭეშმარიტება”, რუსთაველის თეატრის მცირე სცენა. 2009 წ.

„თეატრალურ ინსტიტუტში რომ შევდივარ, სულ მინდა იქით ფლიგელში მოვხვდე, სადაც ჩვენი აუდიტორიები იყო. სადაც იმდენად იყო კონცენტრირებული სურვილი – დაეუფლო პროფესიას და სურვილი პედაგოგების – მთელი შენი ფსიქიკით მოგნათლონ იმ პროფესიაში. ერთ პატარა ადგილას ბევრი წყარო რომ ამოხეთქვს და დუღს შემოქმედებითი ცხოვრება, სადაც არავის სცალია უსაქმურობისთვის… მიუხედავად იმისა, რომ ალბათ, ძალიან ბევრს ვიცინოდით, იმდენად გვიყვარდა ეს პროცესი, რომ ჩვენი სწავლა ჰგავდა დროსტარებას. იქ თუ გახსნიან სახინკლეს, გული დამწყდება, თუ გახსნიან კაფეს, ნაკლებად მომინდება შესვლა. ის ინსტიტუტი დარჩება წარსულში. ამას არ უნდა ერქვას ავადმყოფური ნოსტალგია, ამას ჰქვია სურვილი შეინარჩუნო სხვებისთვის ის, რაც შენთვის და შენამდე იყო ფასეული. ელემენტარული კულტურაა, პატივი სცე იმას, რაც შენამდე შექმნილა“.

 

„ქვეყნის სიყვარულს, განსაკუთრებით მაშინ გრძნობ, როცა აქ არ ხარ, როცა მიდიხარ საზღვარგარეთ. მაშინ კონცენტრირდება პირველხარისხოვანი. უეცრად ხვდები რომ იმით, რასაც აკეთებ, რასაც ამბობ, ანუ შენით – შენს ქვეყანას აღიქვამენ. მათთვის შენა ხარ საქართველო. მოსიარულე საქართველო. როდესაც ხარ თუნდაც გასტროლებზე, იცი რომ ეს მხოლოდ შენი და შენი მეგობრების წარმატება არაა, ეს შენი ქვეყნის წარმატებაა, ეს სიყვარული ტალღასავით დაგეჯახება. თვითონ გაფიქრება ამისა, პასუხისმგებლობა, სიყვარულია შენი ქვეყნის. ამ პასუხისმგებლობის ხარისხი, არის ხარისხი შენი სამშობლოს სიყვარულის. როგორ უნდა გიყვარდეს? უკანდაუხევად, როცა ეს შენს ქვეყანას ეხება“.

 

„რა გვაერთიანებს ჩვენ ყველას ერთად? ის, რომ ჩვენ აქ ვართ დროებით, ჩვენ სახლებიან-რემონტებიანად… ეს რომ სულ გვახსოვდეს, ალბათ, იმაზე ვიმუშავებთ, ისეთი ფასეული რამ შევქმნათ, რომელსაც დრო ჟანგივით არ შეჭამს. ეს რომ გვახსოვდეს… ადამიანები ვივიწყებთ ამას, ისიც და მეც და სხვაც წარმავალები ვართ. სანამ ვართ მოვასწროთ ერთმანეთის დანახვა, ერთმანეთის შეყვარება, ერთმანეთის ერთგულება. რა მოსაწყენია ცხოვრება, როცა არ გიყვარს, რა უნდა გიხაროდეს, როცა არ გიყვარს“?

“პათოსს თუ გავექცევით: სიყვარული ყოველდღიურობაში ვლინდება. იმისთვის, რომ უერთგულო, რაღაც უნდა დათმო. უნდა დათმო, რომ დაიცვა. როცა შენ იცავ შენთვის ფასეულს – ამასაც სიყვარული გაკეთებინებს. სიყვარული ბევრ რამეს გამორიცხავს. გამორიცხავს უპრინციპობას, ღალატს, ზურგში ჩარტყმას, სიმახინჯის ძიებას, სისასტიკეს…  გამოდის, რომ სიყვარული არის მუდმივი ბრძოლა მშვენიერების დასაცავად. მშვენიერება არის სულის უნარი შეინარჩუნოს ის სიმდიდრე,  ფასეულობანი, ურომლისოდაც ყოველივეს აზრი ეკარგება, ამ დანაკლისს ვერ ავსებს ვერანაირი კაფელ-მეტლახი, ვერანაირი კეთილდღეობა… ”

 

დაიბეჭდა “პრაიმტაიმში” 

 

როგორ გაანადგურეს „ყვარყვარე“ ყვარყვარეებმა

სცენა სპექტაკლიდან "ყვარყვარე"

სცენა სპექტაკლიდან “ყვარყვარე”

დღეს ისე, ალბათ როგორც არასდროს, ღირს გავიხსენოთ ის შედევრები, რომელიც შექმნილა ქართულ თეატრში, ქართულ კინოში. ნამდვილად ღირს, თუნდაც იმიტომ რომ არ დაგვავიწყდეს ნამდვილი ხელოვნების გემო და არ გვეგონოს რომ რაც დღეს იდგმება, ან რასაც დღეს იღებენესაა ხელოვნება, ანდა უარესი მხოლოდ ამის დადგმა და გადაღება შეგვძლებია ქართველებსქართული თეატრის შედევრებს სამწუხაროდ მხოლოდ ჩანაწერებში თუღა ვიხილავთ. ისიც იშვიათად. მიზეზი? ბევრი საეტაპო, შედევრალური სპექტაკლი არც გადაუღიათ, ბევრი გადაღებული კიგანადგურებულია. ასე დაემართა, სახელგანთქმულ სპექტაკლს ყვარყვარეს. სხვათაშორის ყვარყვარეგადაღებული იყო და წაშალეს, აბა, შეიძლება ეს? ისე მინდა ვნახო ის სპექტაკლი, მაინტერესებს, მაგრამ არ არის, ვიღაცამ აიღო და წაშალა, სხვა გადაცემისთვის სჭირდებოდათო და კოლმეურნეობის რაღაც გადაუწერიათამბობდა რამაზ ჩხიკვაძე ჩემთან საუბარში, წლების წინ. მეც და რობიკოც ვამბობთ ხოლმე, ჩვენი ყველაზე კარგი სპექტაკლი იყო ყვარყვარე, ყველაზე ძლიერი, საინტერესო. ცოტა დროსაც კი გაუსწრო და მაყურებელმა მაინცდამაინც ვერ აღიქვა დასძენდა ბატონი რამაზი.

ჩანაწერი განადგურებულია და ჩვენ ისღა დაგვრჩენია, კრიტიკოსთა მონათხრობით შევიქმნათ წარმოდგენა გენიალურ სპექტაკლზე.

ყვარყვარესთავის ყველაზე საუკეთესო სპექტაკლად მიიჩნევს თავად რობერტ სტურუაც. 1974 წელს დადგმული ყვარყვარეაღმოჩნდა საეტაპო სპექტაკლი სწორედ ამ სპექტაკლით ხდება სტურუაჩხიკვაძის შემოქმედებითი ტანდების საბოლოო ფორმირება. სწორედ ეს სპექტაკლი და ეს ტანდემი განსაზღვრავს რუსთაველის თეატრის მთელ შემდგომ ცხოვრებას და მსოფლიო აღიარებას. ნოდარ გურაბანიძის თქმით, ყვარყვარეპირველი სპექტაკლია იმ თეატრისა, რომელსაც დღეს რობერტ სტურუას თეატრიჰქვია. როგორც სტურუა იტყვის: ყვარყვარეში მე უკვე ვიპოვე ბრეხტისეული სტილისტიკა.

რობერტ სტურუა ხუთი წლის მანძილზე უტრიალებდა პოლიკარპე კაკაბაძის ყვარყვარე თუთაბერისდადგმის იდეას. ხელს მიშლიდა ის, რომ ჩემს დამოკიდებულებას  პიესაში აღძრული პრობლემებისადმი ფორმა ვერ მოვუძებნე. მინდოდა ყვარყვარე ყოფილიყო არა მხოლოდ ჩვენი ისტორიისათვის დამახასიათებელი მოვლენა, არა მხოლოდ ქართული ყოფის ფაქტი, არამედ ამ კონკრეტულ მაგალითზე მეჩვენებინა საერთოდ პოლიტიკური ავანტურისტის სახეწერდა სტურუა. პიესაზე ფიქრი გრძელდებოდა მანამ სანამ გენიალურმა რეჟისორმა არ მიაგნო ფორმას, სანამ  ყვარყვარეს ცხოვრება ირონიულად არ დაუკავშირა მაცხოვრის თავდადებასსანამ პარალელი არ გაავლო ქრისტეს ცხოვრებასთან და ამ პარალელის მეშვეობით არ გვიჩვენა ანტიქრისტე. გენიალურმა რეჟისორმა, ამ გადაწყვეტით ააფეთქა პიესა, განაზოგადა და, კოსმიური მასშტაბი შესძინა. ქართული ფოლკლორის წიაღში ნაშობი ნაცარქექიის, ქოსატყუილას ქართული ნიღაბი ავანტურისტის ზოგადსაკაცობრიო ნიღბად, იმ არქეტიპად აქცია რომელიც თავად გახდა ამგვარი ნიღბების განვითარების საწყისი. პიესა რეჟისორის ხელის ძლიერი მოქნევით ფართოდ განიხვნა. პროვინციული, უმნიშვნელო ცხოვრების მოქმედება მსოფლიო ისტორიის სივრცეებში გაიშალა.წერდა . რუდნიცკი. მრავალწლიანი ფიქრის მიუხედავად, როგორც ნოდარ გურაბანიძე აღნიშნავს, სპექტაკლი სპონტანურად, ლაღად შექმნილი ქმნილების შთაბეჭდილებას ტოვებდა. ასე მხოლოდ შედევრები იბადებადასძენს ნოდარ გურაბანიძე. 

სცენა სპექტაკლიდან "ყვარყვარე"

სცენა სპექტაკლიდან “ყვარყვარე”

სტურუას სპექტაკლში ყვარყვარე წისქვილში კი არ ქექავდა ნაცარს, დანგრეული, მიტოვებული ეკლესიის ნანგრევებში ეცხადებოდა მაყურებელს – ჯარისკაცის ფორმიანი, ფეხშიშველი, სახეთეთრად შეფეთქილი რამაზი-ყვარყვარე სცენაზე შეშინებული შემორბოდა… ქვემეხთა გრიალის შემდეგ სცენაზე შემოდიოდა ბრბო, ქვემეხთა განმეორებითი გრიალისას ძირს განერთხმოდა. ყვარყვარეც წამიერად გაუჩინარდებოდა და… კვლავ ევლინებოდა ბრბოს – უკვე ქრისტეს პერანგის მსგავს ჯვალოს მოსასხამში, ხელებს მოწყალედ გაიწვდიდა და ბრბოს ზეაწეულად, ტრაგიკული ტონით მიმართავდა: „სულ ასე უნდა იწანწალოთ, უთაურებო? თქვენი კაცად გახდომა არ იქნა და არ მოხერხდა“. რეჟისორი მსუყე მონასმებით ხატავდა სამყაროს – ქაოსში გახვეუულს, ამღვრეულ სიტუაციაში დაბნეულ მასებს, როცა უპატრონო ეკლესიას ეშმაკები, ქვეყანას კი ავანტურისტები ეპატრონებიან. როცა ყველაფერი „მოსულა“ ლაჩრის გმირად გამოცხადება, მაწანწალის მესიად დასახვა… ყვარყვარე ხალხს ასე ეცხადებოდა: მცირე სიმაღლეზე იყო შემდგარი, ხელები წინ გაეშვირა, დაბლა კი მუხლებზე დაჩოქილი ხალხი ჩუმად გოდებდა. ეს სცენური კომპოზიცია მოგვაგონებდა ფრაგმენტს ა. ივანოვის სურათისა ქრისტეს გამოცხადება“. ბრბო, რომელიც სასწაულს ელოდა, უმალვე იჯერებდა ამ გამოცხადებისჭეშმარიტებას: ქვემეხების გრიალი მამაზეციერის ნიშნად მიიღო, ხოლო ფეხშიშველა, ჯვალოს კვართმოსხმული, ტანჯულსახიანი უცნობი ქრისტედ! აქედან დაიწყო რ. ჩხიკვაძის ყვარყვარეს სვლა ქრისტეს გზაზე და ყველა სასწაულიუკუღმა მოახდინა (ნოდარ გურაბანიძე).

პროლოგის შემდეგ –  ყვარყვარეს ქრისტედ „მოვლინების“ შემდეგ – ცირკის კლოუნებივით გამოწყობილი პირნი მაყურებელს ამცნობდნენ, რომ მოხეტიალე დასი გაითამაშებდა სპექტაკლს ყვარყვარეს ვნებების შესახებ და როგორც ოდესღაც, ეკლესიებში ან მათ კარიბჭეებთან თამაშდებოდა წმიდანთა ცხოვრების ამსახველი ლიტურგიული დრამები, სწორედ აქ, დანგრეული ეკლესიის  ინტერიერში თამაშდებოდა ყვარყვარეს კარნავალური ფარსი, ანტიქრისტეს მისტერიები… ჩხიკვაძის ყვარყვარე, ერთსახოვან, ერთფეროვან მასაში მოქმედებდა. სტურუა იტყვის რომ მან განზრახ დანთქა ყვარყვარე ნაცრისფერ ბრბოში, რადგან ასეთ „გმირებს“ თავზარს სცემთ პიროვნება, ვინმეს ინდივიდუალობა და ამიტომაც ქმნიან საკუთარი თავის ირგვლივ ვაკუუმს. მასა, რომელიც სარგებელს გამოელის ამგვარი „ბელადებისგან“, ისე მიისწრაფვის მისკენ, როგორც ბუზი თაფლისკენ. ჩხიკვაძის ყვარყვარე ბრბოს ბნელი, ბრმა ინსტიქტების პროექციაა, თავის თავში ატარებს როგორც არასრულფასოვნების კომპლექსს, ასევე განდიდების მანიას. წმიდანისა და კლოუნის თეთრ კვართში გახვეული ყვარყვარე, რომლის მიცვალებულკივით გადაფითრებულ, ფერუმარილიან სახე-ნიღაბზე, განსაკუთრებული ფანტასმაგორიული სიცოცხლით გამოკრთის შავი წრეებით შემოხაზული თვალები, მოქნილი, გალიპული ქვეწარმავლის შთაბეჭდილებას ტოვებდა – წერდა ვ. ივანოვი.

რამაზ ჩხიკვაძის ყვარყვარე მაყურებელს სხვადასხვა კოსტიუმში ეცხადებოდა – ჯარისკაცის ფარაჯაში, მაცხოვრის კვართში, თურქი ჯარისკაცის ტანსაცმელში – ძიუდოს მოჭიდავის ფორმას რომ ჰგავდა, გრძელ ქართულ ჩოხაში – ეროვნულ გრძნობებზე სამანიპულაციოდ; შემდეგ მომწვანო-მოყავისფრო სამხედრო ფორმით, შემდეგ ინტელიგენტურად მოსილი, ბოლოს –_ შიშვლდებოდა კიდეც. იცვლებოდა კოსტიუმები, მაგრამ არ იცვლებოდა ყვარყვარეს სახე – თეთრადშეფეთქილი სახე. გაქვავებული, ნიღბადქცეული სახე, მხოლოდ იშვიათად რომ სერავდა ირონიული ღიმილი და უმალ მიგვანიშნებდა იმაზედ რომ ყვარყვარე უცვლელია, მარადიულ ნიღაბსაა ამოფარებული. ჩხიკვაძის ყვარყვარე ფეხშიშველი იყო ყველა სცენაში, ეს იყო მინიშნება იმაზედ, რომ რაც არ უნდა განდიდდეს ყვარყვარე, მაინც უპოვარია, გლახაკია, მისი არსი „შიშველია“. მეორეს მხრივ კი, ეს აღქიმებოდა როგორც თვით ყვარყვარეს ბუნების, მლიქვნელობის აშკარა მეტაფორა – რაც არ უნდა გავდიდკაცდე მაინც თქვენთან ვარ, თქვენიანი ვარ. ეს გახლდათ ერთი იმ ირაციონალური მიგნებათაგანი, რომელნიც გვაოცებენ ანბანური ჭეშმარიტებით და მიზანში აუცდენელი, პირდაპირ გულისგულში მორტყმით. მხოლოდ რეჟისორის ფანტაზიის აფეთქებას შეუძლია გვაჩვენოს ამაღელვებელი კონტრასტი თითქოსდა თაბაშირისგან ჩამოსხმულ, ცივ, მიუკარებელ, თეთრად გაქვავებულ სახესა და ურცხვად გაშიშვლებულ ფეხებს შორის, კადნიერად (მაგრამ ფრთხილად!), თავხედურად (მაგრამ შიშით!) რომ თელავდა სცენის პლანშეტის ხორკლიან ზედაპირს. მდაბიოს გაშიშვლებული ფეხები უეჭველად იმას გვიდასტურებს, რომ ყვარყვარე სისხლი სისხლთაგანია იმ გაძვალტყავებული ხალხისა, რომელიც მას მაღლა ატყორცნის და მასვე დაემონება. (კ. რუდნიცკი).

სცენაზე აღმართულ ჯვარზე თამაშდებოდა ყვარყვარეს ჩამოხრჩობისა და გაცოცხლების სცენა, როგორც „პაროდიული რემინისცენცია ქრისტეს აღდგომისა“; რამაზ ჩხიკვაძე-ყვარყვარე წითელი, ნახევრადსპორტული მანქანით „შედიოდა იერუსალიმში“ – ვებერის საზეიმო მარშის თანხლებით („ჯეზი კრაის სუპერ სთარიდან“). მანქანიდან გამოყოფილ შიშველ ფეხქვეშ წყლით სავსე ტაშტს უდგამდნენ და იწყებოდა „ფერხთა ბანა“ – ოღონდ პირუკუ – თუ ქრისტე ფეხს ბანდა თავის მოწაფეებს, აქ მოწაფეები ბანდნენ ფეხს ყვარყვარეს… „საიდუმლო სერობის“ სცენა იმეორებდა ლეონარდოს „საიდუმლო სერობის“ კომპოზიციას, სადაც ყვარყვარე საბაბს ეძებდა მოღალატე მოწაფეებს რომ გასწორებოდა და შემდგომში საკუთარი დანაშაული გადაებრალებინა, პირზე კოცნიდა ტიტე ნატუტარს, უწოდებდა უდანაშაულოს, ერთგულს და… მასაც ციხეში უშვებდა, ისევე როგორც სხვა მოწაფეებს. იყო პარალელი იულიუს კეისართანაც – კაკუტა მიპარვით ზურგში ჩასცემდა მახვილს ყვარყვარეს, ყვარყვარეს ტრაგიკულად აღმოხდებოდა „შენცა კაკუტა“, „განუტევებდა სულს“, რათა კვლავ აღმდგარიყო და ხელახლა მოექცია მოწაფეები… სპექტაკლის ფინალში, უკვე „შიშველი“, ზეაწეული სიკვდილის მოსურნე ყვარყვარე თავად ადიოდა და გაეკვრებოდა ჯვარზე – პირშექცევით, ხელებგაშლილი. მაგრამ ფარსი დამთავრებული იყო, პათეტიკის დრო აღარ იყო – გულშეღონებული ყვარყვარე 3 მეტრის სიმაღლიდან ვარდებოდა – ჯვარს შემოსეული ხალხი ჰაერში იჭერდა და ისტორიის სანაგვე ყუთში აგდებდა ყვარყვარეს…

სცენა სპექტაკლიდან "ყვარყვარე"

სცენა სპექტაკლიდან “ყვარყვარე”

სპექტაკლი, რომელიც მაყურებელმა იხილა ამ ფინალით მთავრდებოდა. მაგრამ თავდაპირველ ვარიანტში, ამ სცენას მოსდევდა ყვარყვარეს „მეორედ გამოცხადების“ – „მეორედ მოსვლის“ სცენა. ისტორიის სანაგვე ყუთში მოსროლილი ყვარყვარე კვლავ ქრისტეს კვართში გახვეული ეცხადებოდა თავზარდაცემულ ხალხს. ყვარყვარეს ეს მეორე გამოცხადებაფინალში უძლიერეს შთაბეჭდილებას ახდენდა. იგი ამთავრებდა და ამავე დროს იწყებდა ახალ ციკლს. ყვარყვარეები ისტორიის სცენიდან მიდიან… და ისევ ბრუნდებიან. ამ მარადიულ წრე-ბრუნვაზე მინიშნებით რეჟისორი აშკარად გვაგრძნობინებდა ყვარყვარიზმისმაქსიმალურ ძალას, რომელსაც შესწევს თვითგანახლებისა და ხელახლა შობის ძალა, რომ იგი საზოგადოების განვითარების ნებისმიერ ეტაპზე კვლავ შეიძლება გამოგვეცხადოს ისე, რომ ნიღბის შეცვლა არ დასჭირდეს, რადგან გაოგნებული ხალხი-მასა, მისი კოლექტიური ცნობიერება, მზადაა სატანა წმინდანად მიიღოს– წერს ნოდარ გურაბანიძე, რომელიც უშუალო მოწმეა იმისა, როგორ მოახსნევინა იმდროინდელმა ცეკამ ეს ფინალი რობერტ სტურუას. გურაბანიძე უშუალო მოწმეა იმ ჯოჯოხეთური გზისა, რომელიც იმდროინდელმა კომუნისტურმა ელიტამ გამოატარა ამ სპექტაკლს – ვიდრე მაყურებელი იხილავდა. 11-ჯერ მოეწყო „ყვარყვარეს“ „საჯარო“ განხილვა. მსახიობებმა 11-ჯერ ითამაშეს კომედია ცარიელ დარბაზში – ცეკას 3-4 კაციანი კომისიის წინ. სიტუაცია მართლაც დამთრგუნავი იყო – ცეკას ემისრები ნახავდნენ სპექტაკლს, კრინტს არ ძრავდნენ და მიდიოდნენ. არაფერს ეუბნებოდნენ არც რეჟისორს, ბარც მსახიობებს. მეტიც, როგორც ნოდარ გურაბანიძე იხსენებს, არც მას – იმჟამად კულტურის მინისტრის პირველ მოადგილეს ეუბნებოდნენ რამეს. მხოლოდ შემდეგ მას და თეატრის დირექტორს იბარებდნენ „ზემოთ“ და კატეგორიულად ითხოვდნენ სპექტაკლის პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლას. თეატრი მტკიცედ იცავდა სპექტაკლს, არ გატყდნენ და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც. მცირედი ცვლილებებით, სპექტაკლი მაყურებლის წინაშე წარსდგა. მაყურებელმა იხუვლა და მიაწყდა თეატრს, გაიმართა 200 ანშლაგი, წაღებული იყო მოსკოვში საგასტროლოდ, უკვე „კავკასიურ ცარცის წრესა“ და სხვა სპექტაკლებთან ერთად, მაშინ როცა უკვე ისახებოდა რუსთაველის თეატრის საზღვარგარეთ გასვლის პერსპექტივა. თეატრი გავიდა საზღვარგარეთ, მაგრამ… „ყვარყვარე“ არ გაუშვეს საზღვარგარეთ. მეტიც, 200 ანშლაგის შემდეგ, „ყვარყვარე“ რეპერტუარიდან საერთოდ მოხსნეს. მიზეზი? ბრეხტის ქალიშვილი და სიძე. სტურუასეულ „ყვარყვარეში“ ჩართული იყო სცენა ბრეხტის პიესიდან „არტურო უის კარიერა“.  ბრეხტის ქალიშვილმა და სიძემ რუსთაველის თეატრს უჩივლეს, კუთვნილ თანხას არ გვიხდიანო. არადა, სსრკ მაშინ მიერთებული არ იყო „საავტორო უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციასთან“ და საერთოდ არავის არაფერს უხდიდნენ. თეატრი იძულებული გახდა სპექტაკლი რეპერტუარიდან მოეხსნა. ასე ჩამოვიდა ტოტალიტარიზმის, პოლიტიკური კონიუქტურისა და ავანტურიზმის წინააღდეგ მიმართული გენიალური სპექტაკლი სცენიდან…

 რეზო შატაკიშვილი, თეატრალური ხელოვნების მაგისტრი

დაიბეჭდა გაზეთში „ქართული სიტყვა“,  რუბრიკაში – „ქართული შედევრები“.

 P.S.  2010 წელს, გაზეთ „პრაიმტაიმში“ განვახორციელე, ჩემივე ინიცირებული პროექტი „მეოცეს ოცეული“. ამ პროექტის მიზანი იყო, გამოვლენილიყო მეოცე საუკუნის 20 საუკეთესო ქართული სპექტაკლი. ეს ოცეული გამოვლინდა კომპეტენტური პირების – თეატრმცოდნეების, კრიტიკოსების გამოკითხვის შედეგად: ვთხოვეთ თავად დაესახელებინათ მეოცე საუკუნეში, ქართულ თეატრში დადგმული ის 20 სპექტაკლი, რომელსაც ისინი მიიჩნევდნენ საუკეთესოდ – საუკუნის სპექტაკლებად. შეფასების კრიტერიუმიც მათვე მივანდეთ – თითოეულს ეს სპექტაკლები უნდა დაესახელებინათ იმ კრიტერიუმების დაცვით, რომლითაც ისინი საერთოდ ხელმძღვანელობენ სპექტაკლების შეფასებისას. მათ უნდა დაესახელებინათ როგორც ის სპექტაკლები, რომელიც მათ უშუალოდ ნანახი აქვთ სცენაზე, ასევე ის სპექტაკლები რომლებსაც იცნობდნენ აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით, იმროინდელი რეცენზიებით და ამ სპეტქკლებზე არსებული ყველანაირი საარქივი მასალით.გამოკითხვის მონაწილეებს სპექტაკლების ჩამონათვალის შედგენისას არ უნდა ეხელმძღვანელათ ქრონოლოგიური პრინციპით, ჩამონათვალი რეიტინგული უნდა ყოფილიყო. მათ მიერ პირველ პოზიციაზე დასახელებულ სპექტაკლს დაეწერებოდა 20 ქულა, მეორე პოზიციაზე დაწერილს – 19, მესამეზე – 18, მეოთხეზე – 17 დ ასე შემდეგ ბოლომდე – მეოცე პოზიციაზე დაწერილს – ერთი ქულა. შემდეგ ოცივე გამოკითხულის მიერ მინიჭებული ქულები დაჯამდებოდა და დაგროვილი ქულების შესაბამისად გამოვლინდებოდა საუკეთესო ოცეული.

გამოკითხვაში მონაწილეობდნენ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები: ნათელა ურუშაძე, ნოდარ გურაბანიძე, ნათელა არველაძე, დალი მუმლაძე, ლევან ხეთაგური, ირინა ღოღობერიძე, თამარ ბოკუჩავა, ლელა ოჩიაური, მარინე ხარატიშვილი, გიორგი ცქტიშვილი, მანანა გეგეჭკორი. ნინო მაჭავარიანი. დოქტორანტები: ლაშა ჩხარტიშვილი, თამარ მუქერია, მარიამ ჩუბინიძე.ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრები: თამარ კიკნაველიძე, ნიკა წულუკიძე, ანანო მირიანაშვილი. ჟურანალ „თეატრი და ცხოვრების“  მთავარი რედაქტორი გურამ ბათიაშვილი, არტ-კრიტიკოსი დავით ბუხრიკიძე.

ამ გამოკითხვის შედეგად გამოვლენილ ოცეულში სტურუას „ყვარყვარემ“  მეოთხე ადგილი დაიკავა. „ყვარყვარე“ მეოცე საუკუნის სპექტაკლად დაასახელა ოცივე გამოკითხულმა, მათგან ერთმა – პირველ პოზიციაზე. სპექტაკლმა მიიღო 271 ქულა… აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა მიერ, საუკუნის საუკეთესო სპექტაკლებს შორის დასახელდა რობერტსტურუას 11 სპექტაკლი. გამოკითხვის შედეგებში რობერტ სტურუა ლიდერობდა როგორც დასახელებული სპექტაკლების რიცხვით (როგორც უკვე ავღნიშნეთ დასახელდა 11 სპექტაკლი), ისე ამ სპექტაკლების მიერ დაგროვებული ქულების ჯამით –  1 112 ქულით. მეოცე საუკუნის 20 საუკეთესო სპექტაკლს შორის მოხვდა რობერტ სტურუას  ხუთი სპექტაკლი – ოცეულს ხსნის მისი „კავკასიური ცარცის წრე“  და ხურავს მისივე „სეილემის პროცესი“…

 

 

საბედისწერო შედევრი სახელად „ლამარა“

ლამარა – თამარ წულუკიძე

ლამარა – თამარ წულუკიძე

სპექტაკლი „ლამარა“ – სცენის ბობოქარი მხატვრის – ახმეტელის შედევრი, შედევრი, რომელიც ხუთი წლის მანძილზე მიდიოდა ანშლაგებით, ტაშის გრიალში, თუმცა ტაშის გრიალს თან ახლდა  ლანძღვის ღვარცოფი. „ლამარამ“ მთელი ხუთი წელი მქუხარე ტაშსა და დამცინავ სტვენაში გაატარა, აღფრთოვანებული შეძახილებისა და მის ჩასაქოლად ნასროლ ქვების რახარუხში“. (ვასილ კიკნაძე).

ახმეტელს ეს შედევრი საბედისწეროდ ექცა. სწორედ ამ სპექტაკლის გამო გაითიშა მისი და მარჯანიშვილის შემოქმედებითი გზები, სწორედ ამ სპექტაკლის გამო გაანაწყენა ლადო გუდიაშვილი, სწორედ „ლამარა“ გახდა ბაქოს კონფლიქტის მიზეზი, იმ კონფლიქტის მიზეზი, რომელიც სარფიანად გამოიყენა სულძღლმა ბერიამ დიდი რეჟისორის წინააღდეგ…

თავად ახმეტელს მიაჩნდა რომ მწვერვალს სწორედ „ლამარაში“ მიაღწია. მიაღწია სიტყვის და პლასტიკის სრულ ჰარმონიას, ფორმის სიზუსტეს, სულის რომანტიკულ ამაღლებას, რაზედაც მუდამ ოცნებობდა.

„ის ბევრად უფრო მეტი იყო, ვიდრე ერთი სპექტაკლი. ის იყო მისი სულის მესაიდუმლე, მისი თეატრალური ოცნებების აკვანი, მისი განწყობილებების საყრდენი. სწორედ აქ შეძლო ღრმად ჩაძირულიყო სამყაროს სიღრმეებში, რათა მარგალიტები ეპოვნა და გამარჯვების ზეიმით მიეტანა ხალხისთვის, ამ სამყაროში ჩაძირვის მთელი ეს პროცესი მისთვის ისევე ღვთაებრივი იყო, როგორც მინდიას მიერ ბუნების განცდა… სანდრო ახმეტელის „ლამარა“ ნაადრევი იასავით იყო მოსული. იმ დროს როცა ყველაფერი კლასობრივი ბრძოლის პოზიციებიდან ფასდებოდა, როცა პროლეტარული მწერლები სულ; სხვას მოითხოვდნენ თეატრისგან, „ლამარა“ ამ ქვეყნად მართლაც ნაადრევი ყვავილივით იყო მოსული. სანდრო ახმეტელს შეეძლო „ლამარაზე“ დაუსრულებლად ელაპარაკა. ის მისი სულის ნაწილად ქცეულიყო. უკვირდა რატომ ესხმოდნენ თავს სპექტაკლს…“ – დაწერს ახმეტელის შემოქმედების მკვლვარი ვასილ კიკნაძე.

გრიგოლ რობაქიძის „ლამარა“ რუსთაველის თეატრში პირველად 1926 წელს დაიდგა. „ლამარას“ ერთად დგამდნენ კოტე მარჯანიშვილი და სანდრო ახმეტელი და სწორედ აქ გაიყარა მათი გზები. მარჯანიშვილმა დადგა პირველი ორი მოქმედედება, იგი „ლამარას“ ლირიკულ დრამად ხედავდა და დგამდა კიდეც ასე, შემდეგ საავადმყოფოში დაწვა, დაგმა ახმეტელმა გააგრძელა და იგი დადგა როგორც გმირული დრამა. ახმეტელის სტიქიაში მოექცა „ლამარა“ გასაქანი ჰპოვა მისმა გმირულმა სულმა, მგზნებარე ტემპერამენტმა. აკაკი ვასაძის მოგონებით, როცა მარჯანიშვილმა „ლამარა“ პირველად ნახა, ახმეტელს უთხრა: „თავისუფლად შეგიძლია აფიშიდან ჩემი გვარის მოშლა“. მარჯანიშვილი და ახმეტელი უკანასკნელად 1926 წლის 6 აგვისტოს შეხვდნენ ერთმანეთს. მას შემდეგ არათუ ერთმამნეთი ერთმანეთის სპექტაკლებიც აღარ უნახავთ…

სანდრო ახმეტელმა 1930 წელს თავიდან დადგა „ლამარა“. თუ 1926 წელს სპექტაკლის მხატვარი ლადო გუდიაშვილი იყო, ამჯერად სპექტაკლის მხატვარი ახმეტელის თანამოაზრე, გენიალური სცენოგრაფი ირაკლი გამრეკელი  იყო.

„შესაძლოა ფსიქოლოგიურ მომენტსაც ჰქონდა მნიშვნელობა. ჩანს, უნდოდა სრულიად დაშორებოდა 1926 წლის „ლამარას“, იმას, რასაც მარჯანიშვილის ხელი აჩნდა. სურდა შეექმნა ახალი, დამოუკიდებელი წარმოდგენა“ (ვასილ კიკნაძე).

სცენა სპექტაკლიდან "ლამარა"

სცენა სპექტაკლიდან “ლამარა”

„ლამარა“ ისევე როგორც „ანზორი“ ხალხის წიაღში დაფარული თეატრალობის მიკვლევის ჟინით იყო შთაგონებული. საარქივო მასაკლა ცხადჰყოფს, თუ რა გატაცებით მუშაობდა სანდრო ახმეტელი თავის საბედისწერო შედევრზე.

„ერთხელ რეპეტიციაზე სამაიას ცეკვავდნენ, ვერაფრით ვერ აეწყო ცეკვა. ჟინმა მომიარა, ავირბინე და ვაჩვენე როგორ უნდა ეცეკვათ, საერთოდ ასეთი ჩვენების მომხრე არ ვიყავი, მაგრამ რაღაც ძალამ წამომაგდო ადგილიდან მერე ჩავხტი საორკესტროში, ჯოხი გამოვართვი დირიჟორს და ვუდირიჟორე…“ – წერდა ახმეტელი.

ახმეტელის „ლამარა“ ერთად იგემებს მხურვალე ტაშს და ბინძურ ლაფს. „ლამარა“ „თეთნულდთან“ და „ლატავრასთან“ ერთად, საბედისწერო როლს ითამაშებს ახმეტელის ბიოგრაფიაში, სწორედ ამ სპექტაკლების გამო შერაცხავენ ახმეტელს ბურჟუაზიულ-ნაციონალისტად. ყველაფერი ილექება „სუკის“ ბინძურ არქივში… ისიც, ახმეტელს რომ ჰქონდა ერთიანი კავკასიის იდეა, მის შემოქმედებაში რომ იგრძნობოდა კავკასიის ფენომენის როლის წარმოჩენის ტენდენცია. აკი ამისთვის დადგა კიდეც „ანზორი“, აკი გაუწია კიდეც დიდი დახმარება ჩეჩნებს რომ შექმნილიყო გროზნოს თეატრი? აკი, მიავლინა კიდეც ამისთვის გროზნოში არჩილ ჩხრატიშვილი?…

„ცდილობდა აეხსნა საიდან მოდის ქართველ კაცში ყოვლისმომცველი ჰუმანიზმის შუქი, იგონებდა „ვეფხისა და მოყმის“ ამბავს. განა საოცარი არ არის ის ფაქტი რომ ვეფხის მიერ მოკლული ვაჟის დედა ვეფხის დედასთან მიდის სამძიმრის სათქმელად? აი, ასეთი სულისკვეთების ქვეყანაში არ უნდა გაგიკვირდეს როცა უმშვენიერესი ლამარას სიკვდილმა ხევსური და ქისტი შეარიგა…“ (ვასილ კიკნაძე).

მოსკოვში გასტროლებისას ქებით ცაში აიყვანეს „ლამარა“. კრიტიკოსი ფელდმანი ამბობდა რომ ადგილობრივი თქმულება ზოგადსაკაცობრიო სიმაღლეზე არის აყვანილი, თავისი დაძაბულობითა და ასახვის სისადავით შექსპირული სპექტაკლიაო. „ლამარა“ ქართულ „რომეო და ჯულიეტად“ გამოცხადდა. და ამ დროს, „კომუნისტი“ წერდა: „ლამარა“ ნაბიჯია უკან, ის ვერაფერს მისცემს მუშათა კლასს“. აგორდა ბინძური ტალღა. „ლამარა“ მოხსნეს რეპერტუარიდან.

ახმეტელი დაწერს: „ადამიანი ფიზიკურ დარტყმას უფრო ადვილად გაუძლებს, ვიდრე სულიერს. ასე ნაცემ-ნაგვემი წავედი სახლში. განცხადება დავწერე, თუ ლამარას არ გაუშვებთ, მე თეატრში დამბრუნებელი არა ვარ მეთქი. კომისია გამოიყო. ღმერთო ჩემო! როგორ ვერ ვიტან გაუთავებელ კომისიებს. მათი გაკეთებული სამქე ვის უნახავს. ვინ იცის რამდენი ცოცხალი იდეა მოუკლავთ. რას ვიზამდი დავემორჩილე. თეატრში მივბრუნდი იმ იმედით, რომ კომისიაში წარმოდგენას მომხრეებიც ეყოლებოდა. გასინჯეს წარმოდგებნა, იყო აზრთა სხვადასხვაობა. მაინც შეაჩერეს. ავდექი და აფიშები გამოვაკარი, წარმოდგენა გავუშვი. საყვედური მითხრეს, მაგრამ სპექტაკლი ვეღარ მოხსნეს“….

ახმეტელი გააფთრებით ვაჟკაცურად იცავდა „ლამარას“, ბავშვივით გაიხარებს როცა ამ სპექტაკლს მოსკოვში გასტროლებისას სტალინი მოუწონებს.

გახარებული ახმეტელი თავის მეგობარს, სანდრო შანშიაშვილს მოსწერს მოსკოვიდან: „მთელი ჩვენი მეთოდი მუშაობისა თეატრში აღიარებულია საუკეთესო მეთოდად და ამ მეთოდს უპირისპირებენ სამხატვრო თეატრის, სტანისლავსკის მეთოდს… გუშინწინ ჩვენს წარმოდგენაზე მოვიდნენ ამხანაგები სტალინი და ორჯონიკიძე…“

დაწვრილებით უამბობს ყველა დეტალს, იმასაც თუ როგორ გადაიღო სტალინთან ერთად ფოტო, მაგრამ ვერც ეს ფოტო და ვერც ეს ტრიუმფი ვერ წამლობს მის მოკლულ გულს: „არა, ჩემო სანდრო, მე ვერ ვგრძნობ ჯერ კიდევ გამარჯვებას. მეტად სასტიკნი იყვნენ საქართველოში ჩემდამი და ძალიან ღრმად ჩაუკლავთ ჩემში რისიმე იმედი…“

ახმეტელს გაუთავებლად თავს ესხმოდნენ, ლანძღავდნენ, სთათხავდნენ, დღეს მათი ვინაობაც კი აღარავის ახსოვს, არა თუ მათი ნაწერები, დრომ თავისი ცოცხი მოუსვა მათ და თან გაიყოლა ისტორიის ურანაში, თან უსახელოდ. თუ სადმე მათი გვარ-სახელი ფიგურირებს, ისევ ახმეტელის წყალობით – როგორც მისი დაუძინებელი ავყია მტრების… ეს ახლა, მაშინ კი გაუთავებლად უკლავდნენ გულს. ულანძღავდნენ „ლამარას“, კლავდნენ ყველაზე პოპულარულ სპექტაკლს. ლანძღავდნენ „ლამარას“, მთელი თბილისი კი ზეპირად იმეორებდა ტექსტებს სპექტაკლიდან…

„არც ერთ ქართველ რეჟისორს ისე ძლიერად და დაჟინებით არ გამოუხატავს ქართველი ხალხის ერთიანი ზეაწეული გრძნობები, როგორც ეს ახმეტელმა გააკეთა.“ (ვასილ კიკნაძე).

ახმეტელის მთელს შემოქმედებაში ნათლადაა გამოკვეთილი მებრძოლი, ძლიერი ადამიანის იდეა. ახმეტელი  დაჟინებით ეძებდა მტკიცე ნებისყოფის გმირს. ეძებდა იმას, რაც მისი აზრით დაიკარგა – ცხოვრებაშიც და სცენაზეც. ახმეტელი ღრმად განიცდიდა დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ უნებისყოფო ქართველის ტიპის ჩამოყალიბებას. თეატრში გადაიტანა თავის ბრძოლის ასპარეზი. პოლიტიკდან თეატრში. მაგრამ ისევ პოლიტიკური თეატრის შეასაქმნელად… მის სპექტაკლებში, დაგუბებული კაშხალივით იფეთქა ეროვნული ენერგიამ, აკაშკაშდა მისი იდეალები, აღეზარდა ხალხი გმირული სულით, რათა ხალხს ყოველთვის შესძლებოდა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა. სწორედ ამ მიზანს დაუქვემდებარა თავისი თეატრის ერთიანი ესთეტიკურ გააზრება – ძლიერი ვაჟკაცური სტილი, ქართული მქუხარე ტემპერამენტი, ვნებიანი განცდები გადმოცემული უშუალობით, არტისტული სილამაზით… აკი ამბობდა კიდეც „დურუჯის“ ორი წლისთავზე „ჩვენ ვეძიებთ ქართული თეატრის სახეს და ქართული არტისტის კონტურს. ყველა ეროვნებათა თეატრების განსხვავება მხოლოდ  ამაშია. საქართველოს უნდა ჰქონდეს თავისი საკუთარი დამოუკიდებელი თეატრი. ანთებული ქართული გულით და აღგზნებული ქართული სულით….“

ამ ყველაფერს აფიქსირებდა სუკი თავის არქივში და ელოდა ხელსაყრელ დროს, ახმეტელის გასანადგურებლად. და ეს დღეც დადგა. ბაქოს გასტროლები.

საღამოს „ლამარაა“ დანიშნული. ხორავა მეგობრებთან წაიქეიფებს. უმალ ამბავს მიუტანენ ახმეტელს. დღეს უკვე ყველაფერი ალუფხულ-დალუფხულია, ტყუილ-მართალში ვერ გაერკვევი, ახლა კი არა, მაშინვე ძნელი იყო გარკვევა. ხორავამ იქეიფა, მაგრამ გაუვარდა კი ხელიდან ხორავა –იჩოს ხელიდან თამარ წულუკიძე – ლამარა? ზინაიდა რაიხმა, საშუალო ნიჭის არტისტმა, მთელი თეატრი გადაჰკიდა ტავის გენიოს ქმარს ვსევოლდ მეიერჰოლდს. უნიჭიერესმა ალისა კოონენიმ თავისი გაუტავებელი პრეტენზიებით სიციოცხლე გაუმწარა გენიოს ქმარს ალექსანდრე თაიროვს. არც თამარ წულუკიძემ დააკლო ხელი გენიალურ ახმეტელს. ყოველდღიურად შხამს აწვეთებდა ახმეტელს ხორავას წინააღდეგ… არადა, თამარ წულუკიძის გარეშე სიცოცხლე ვერც წარმოედგინა ახმეტელს. გააფთრებით უყვარდა, მკაცრი და თავნება ახმეტელი საოცრად მორჩილი და ნაზი ხდებოდა თამარ წულუკიძესთან, რაც არ უნდა ეთქვა მას, ყველაფერს სიმართლედ მიიჩნევდა… ალბათ ასე მოხდა მაშინაც, წულიკიძემ საწადელს მიაღწია, ახმეტელი ხორავას წინააღდეგ განაწყო. ახმეტელმა დისციპლინის დარღვევის გამო ხორავა თეატრიდან გაუშვა და ბერიაც ამოქმედდა, სწორედ ეს წმინდა თეატრალური კონფლიქტი გამოიყენა, ვერაგულად მისცა პოლიტიკური ელფერი და… გენიოსი დახვრიტეს…

 რეზო შატაკიშვილი, თეატრალური ხელოვნების მაგისტრი

P.S.  2010 წელს, გაზეთ „პრაიმტაიმში“ განვახორციელე, ჩემივე ინიცირებული პროექტი „მეოცეს ოცეული“. ამ პროექტის მიზანი იყო, გამოვლენილიყო მეოცე საუკუნის 20 საუკეთესო ქართული სპექტაკლი. ეს ოცეული გამოვლინდა კომპეტენტური პირების – თეატრმცოდნეების, კრიტიკოსების გამოკითხვის შედეგად: ვთხოვეთ თავად დაესახელებინათ მეოცე საუკუნეში, ქართულ თეატრში დადგმული ის 20 სპექტაკლი, რომელსაც ისინი მიიჩნევდნენ საუკეთესოდ – საუკუნის სპექტაკლებად. შეფასების კრიტერიუმიც მათვე მივანდეთ – თითოეულს ეს სპექტაკლები უნდა დაესახელებინათ იმ კრიტერიუმების დაცვით, რომლითაც ისინი საერთოდ ხელმძღვანელობენ სპექტაკლების შეფასებისას. მათ უნდა დაესახელებინათ როგორც ის სპექტაკლები, რომელიც მათ უშუალოდ ნანახი აქვთ სცენაზე, ასევე ის სპექტაკლები რომლებსაც იცნობდნენ აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით, იმროინდელი რეცენზიებით და ამ სპეტქკლებზე არსებული ყველანაირი საარქივი მასალით. გამოკითხვის მონაწილეებს სპექტაკლების ჩამონათვალის შედგენისას არ უნდა ეხელმძღვანელათ ქრონოლოგიური პრინციპით, ჩამონათვალი რეიტინგული უნდა ყოფილიყო. მათ მიერ პირველ პოზიციაზე დასახელებულ სპექტაკლს დაეწერებოდა 20 ქულა, მეორე პოზიციაზე დაწერილს – 19, მესამეზე – 18, მეოთხეზე – 17 დ ასე შემდეგ ბოლომდე – მეოცე პოზიციაზე დაწერილს – ერთი ქულა. შემდეგ ოცივე გამოკითხულის მიერ მინიჭებული ქულები დაჯამდებოდა და დაგროვილი ქულების შესაბამისად გამოვლინდებოდა საუკეთესო ოცეული.

გამოკითხვაში მონაწილეობდნენ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები: ნათელა ურუშაძე, ნოდარ გურაბანიძე, ნათელა არველაძე, დალი მუმლაძე, ლევან ხეთაგური, ირინა ღოღობერიძე, თამარ ბოკუჩავა, ლელა ოჩიაური, მარინე ხარატიშვილი, გიორგი ცქტიშვილი, მანანა გეგეჭკორი. ნინო მაჭავარიანი. დოქტორანტები: ლაშა ჩხარტიშვილი, თამარ მუქერია, მარიამ ჩუბინიძე.ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრები: თამარ კიკნაველიძე, ნიკა წულუკიძე, ანანო მირიანაშვილი. ჟურანალ „თეატრი და ცხოვრების“  მთავარი რედაქტორი გურამ ბათიაშვილი, არტ-კრიტიკოსი დავით ბუხრიკიძე.

ამ გამოკითხვის შედეგად გამოვლენილ ოცეულში, სანდრო ახმეტელის „ლამარამ“  მე–8 ადგილი დაიკავა – საუკუნის ერთ–ერთ საუკეთესო სპექტაკლად დაასახელა 11–მა გამოკითხულმა, მიიღო 172 ქულა. საერთოდ, ამ გამოკითხვისას, საუკეთესო სპექტაკლებს შორის სანდრო ახმეტელის  6 სპექტაკლი იქნა დასახელებული. მისმა სპექტაკლებმა ჯამში 512 ქულა დააგროვა და ამ თვალსაზრისით მესამე ადგილი დაიკავა, რობერტ სტურუასა და მიხეილ თუმანიშვილის შემდეგ (საუკეთესო სპექტაკლებს შორის დასახელებული იყო სტურუას 11 სპექტაკლი – ჯამში 1 112 ქულა და თუმანიშვილის 9 სპექტაკლი – ჯამში 896 ქულა). ახმეტელის 6 სპექტაკლიდან ოცეულში მოხვდა  სამი სპექტაკლი – „ყაჩაღები“ (მესამე ადგილი), „ლამარა“ (მე–8 ადგილი), „ანზორი“ (მე–17 ადგილი).

 

 

მარჯანიშვილის პირველი შედევრი საქართველოში

1922 წლის 25 ნოემბერი ქართული თეტრის ახალ ათვლის წერტილად იქცა. რუსთაველის თეატრში მისულმა მაყურებელმა კოტე მარჯანიშვილის მიერ დადგმული ლოპე დე ვეგას ფუენტე ოვეხუნა (ცხვრის წყარო) იხილა. თბილისელ მაყურებელს მანამდე არასოდეს ენახა ამგვარი წარმოედგენა თეატრი დღესასწაული. გამოხდება ხანი და იტყვიან რომ სწორედ ეს სპექტაკლი იყო პირველი ქართული საბჭოთა სპექტაკლი, რომ ამ სპექტაკლით დაიწყო ქართული საბჭოთა თეატრის ისტორია. ისტორია დააჟანგებს საბჭოეთს და იტყვიანრომ ცხვრის წყარო იყო პირველი, ჭეშმარიტად ევროპული სპექტაკლი ქართულ სცენაზე.

ნოდარ გურაბანიძე აღნიშნავს რომ რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა გვეჩვენოს, არც ერთ, არც მეორე შემთხვევაში არ ვღალატობთ სიმართლეს.

ცხვრის წყაროიყო პირველი საბჭოთა სპექტაკლიც და პირველი ევროპული დონის სპექტაკლიც ქართულ სცენაზე.

გენიალურ რეჟისორს სრულებითაც არ აკნინებს ის ფაქტი, რომ თავის დროზე ის გულმხურვალედ შეხვდა რევოლუციას, (თუნდაც პრინციპითზოგჯერ ბრძენიც შეცდება). მეტიც, მან ცხვრის წყაროსწორედ რევოლუციური პათოსის სპექტაკლად აქცია.

თბილისამდე ეს სპექტაკლი მარჯანიშვილს ორჯერ ჰქონდა დადგმული. პირველად კიევში დადგა 1919 წელს (უგი უკრაინის თეატრების კომისარი იყო), სპექტაკლს არანახული წარმატება ხვდა წილად. კიევში განხორციელებული ეს დადგმა შესულია მეოცე საუკუნის მსოფლიოს ას საუკეთესო სპექტაკლში. ამ სპექტაკლზე კინორეჟისორი კოზინცევი წერდა: ეს იყო რომანტიკული ხელოვნება ამ ცნების ყველაზე მაღალი გაგებითეს იყო თეატრის არნახული აყვავებამარჯანიშვილმა შექმნა რევოლუციური ვნების თეატრი

ფუენტე ოვეხუნამარჯანიშვილმა ერთი წლის შემდეგ პეტროგრადში დადგა, კვლავ წარმატება, კვლავ შეფასება საბჭოტა თეატრის ისტორიაში ფუენტე ოვეხუნაშევიდა როგორც პირველი ჭეშმარიტი რევოლუციური სპექტაკლი.

და აი, 1922 წელი. მარჯანიშვილი საქართველოში ბრუნდება და აქაც ცხვრის წყაროსდგამს და ამ ერთი სპექტაკლით ამარცხებს იმ ნიჰილიზმს,რაც სუფევდა იმდროინდელ ქართულ თეატრში.და რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა გვეჩვენოს, ამარცხებს სრულიად გამოუცდელი მსახიობის მეშვეობით.

თამარ ჭავჭავაძე – ლაურენსია

თამარ ჭავჭავაძე – ლაურენსია

თამარ ჭავჭავაძე 26 წლის იყო, თბილისის წმინდა ნინოს სასწავლებლის დამთავრების შემდეგ კერძო ისტორიულფილოლოგიურ კურსებზე სწავლობდა, შემდეგ ხარკოვის უნივერსიტეტში ისტორიაფოლოლოგიის ფაკულტეტზე შევიდა და მშობლებისგან ფარულად ლებედინსკის დრამატულ სტუდიაშიც დადიოდა, შემდეგ სცენაზეც გამოდიოდა, პირდაპირ ფრონტის ხაზზე თამაშობდა. მშობლების დაჟინებული თხოვნით უკან საქართველოში დაბრუნდბულმა რუსთაველის თეატრშიც დაიწყო მუშაობა, სტუიდიებშიც დადიოდა, მაგრამ 1922 წლის ზაფხულის მიწურულს, გაზეთში ამოკითხულმა ცნობამ შესძრა  თბილისის თეატრალურ სტუდიაში დანიშნულია მისაღები გამოცდაგამომცდელთა შორის კოტე მარჯანიშვილიიმავე საღამოს წამოვიდა თბილისში რუსიპირიდან სადაც შვებულებას ატარებდა. მეორე დილით უკვე გამოცდაზე იყო. მარჯანიშვილმა ღიად მოიწონა თამარ ჭავჭავაძე და შესთავაზა შეესწავლა ლაურენსიას როლი ლოპე დე ვეგას ცხვრის წყაროდან, რომლის დადგმასაც იწყებდა. არადა როლები უკვე განაწილებული იყო

პირველმა რვა რეპეტიციამ ჩემს გარეშე ჩაიარა. რეპეტიციებს გადიოდა ჩემი უფროსი კოლეგა, რომელმაც ადრევე მიიღო ლაურენსიას როლი. მე უკვე ვიცოდი ჩემი ტექსტი და ხარბად ვისრუტავდი მარჯანიშვილის ყველა შენიშვნას. გულში კი შიში მზარავდა, ვაითუ მას დაავიწყდა რომ მეც დამავალა ეს როლი და აღარასოდეს მომიწევს მისი შესრულება მეთქი.

მიშველა ბედნიერმა შემთხვევამ. მსახიობმა, რომელიც ამზადებდა ლაურენსიას როლს, მოულოდნელად განაცხადა, რომ მიემგზავრება თბილისიდან. მარჯანიშვილი თავდაპირველად საშინლად გაბრაზდა და შეუთვალა რომ შეძლებს მის გაშვაბას მხოლოდ პრემიერის შემდეგ, მაგრამ მსახიობი თავისას არ იშლიდა. მაშინ მარჯანიშვილმა გადაწყვიტა მე გამოვეცადე. პირველივე სცენის შემდეგ, მან კმაყოფილების ნიშნად თავი დამიქნია. კარგიაგაბრწყინებული თვალებით თქვა მან, შეწყვი რა წუთით რეპეტიცია, თავის მომხიბლავი, ოდნავ ირონიული ღიმილით მიუბრუნდა დამსწრეთ: გადაეცით რომ შეუძლია გაემგზავროს სადაც უნდა! მე ვიპოვე ის რაც მჭირდებოდა გაიხსენებს თამარ ჭავჭავაძე.

მრავალი გენიის აღმომჩენი გენიოსი მარჯანიშვილი არც ამჯერად შეცდება. გამოუცდელი, დებიუტანტი თამარ ჭავჭავაძე აღმოჩნდება ის იყო ბობოქარი ვნებების არტისტი, ვინც ავაზის ნახტომით ავა ქართული თეატრის ოლიმპოზე და სამარადისოდ დაიკავებს იქ ადგილს. ქართული თეატრის ისტორია ვერასოდეს აუვლის გვერდს მის  ლაურენსიას ლოპე დე ვეგას მარჯანიშვილისეულ ცხვრის წყაროში.

თამარ ჭავჭავაძეს წილად ხვდა ყოფილიყო ქართულ თეატრში პირველი დადგმის ბაირახტარი. გამარჯვების ბაირაღი მან ღირსეულად მიიტანა იმ მწვერვალამდე, რომელსაც მიაღწია ქართულმა თეატრმა მაშინ 1922 წლის 25 ნოემბერს.წერდა უშანგი ჩხეიძე. უშანგი ჩხეიძისავე თქმით, თამარ ჭავჭავაძემ იმდენად ძლიერი სახე შექმნა, რომ ამ სახის ზეგავლენა აჩნდა შემდეგში თითქმის ყველა მსახიობის მიერ შექმნილ მხატვრულ სახეებს.

თამარ ჭავჭავაძემ ერთბაშად დაიპყრო სცენა და მაყურებელი. მისი ლაურენსია ჰგავდა აბობოქრებულ ნიაღვარს წერდა ვერიკო ანჯაფარიძე

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მარჯანიშვილმა ეს შედევრალური სპექტაკლი 1 თვეში დადგა რეპეტიციები ოქტომბრის მიწურულს დაიწყო, პრემიერა 25 ნოემბერს გაიმართა

საგულისხმოა ისც რომ ლოპე დე ვეგას პირწმინდად მონარიქსტული, მეფის სადიდებლად დაწერილი პიესით, მარჯანიშვილმა რევოლუციური პათოსის სპექტაკლი შექმნა.

სცენა სპექტაკლიდან "ცხვრის წყარო", რეჟისორი – კოტე მარჯანიშვილი

სცენა სპექტაკლიდან “ცხვრის წყარო”, რეჟისორი – კოტე მარჯანიშვილი

კითხვაზე „როგორ აამეტყველეთ ეს პიესა საბჭოთა ენით“, მარჯანიშვილმა უპასუხა: ყოველგვარი პიესის დადგმა შეიძლება სხვადასხვაგვარად, შეიძლება ისე დადგა რომ იგი სრულიად სხვანაირად აღიქმებოდეს. როგორ მოვიქეცი მე ამ შემთხვევაში? ეს პიესა წმინდა ინდივიდუალისტურადაა დაწერილი. აქ ყოველივე მეფის პიროვნების, სხვადასხვა ფეოდალთა და მათ მსგავსთა ირგვლივაა კონცეტრირებული. უპირველეს ყოვლისა, მე ყველაფერი ეს ფანქრით ამოვშალე პიესიდან და პირიქით გავაძლიერე და გამოვავლინე ისეთი ადგილები, სადაც კოლექტივი მოქმედებს… ჩვენ შევძელით ერთ მთლიანობად შეკავშირებული მასის  ჩვენება“.

პიესის მიხედვით, ესპანეთის გაერთიანების მოწინააღდეგე, მამაცი, მაგრამ სრულიად გარყვნილი კომანდორი, რომელმაც მრავალ ქალს ახადა ნამუსი სოფელ ფუენტე ოვეხუნაში, თვალს ახალგაზრდა ლაურესნიას დაადგამს, მაგრამ ვერაფრით მოიხელთებს, ვერც საჩუქრებით, ვერც შემდეგ ძალით როცა ტყეში გადაეყრება, სადაც ლაურესიას მისი სატრფო გამოესარჩლება. გარყვნილი კომანდორი ქორწილს ჩაუშლის წყვილს, უშუალოდ ქორწილზე აპატიმრებს ნეფეს, პატარზალი თავისთან მიკჰყვას. აბობოქრებული სოფელი ბჭობს რა გზას დაადგეს, როცა კომანდორის სასახლიდან გამოქცეული კაბაშემოხეული, დალურჯებული ლაურესია გამოჩნდება და მრისხანებით, სიძულვილით სავსე მონოლოგით აღანთებს საბრძოლველად თანასოფლელებს. გახელებული სოფლელები კომანდორს კარს შეუმტვრევენ. ლაურესია თავად განგმირავს მტარვალს. ესპანეთის მეფე და დედოფალი ხალხს აპატიებს მტარვალის მკვლელობას, მაგრამ მარჯანიშვილს ეს პატიება არაფერში არ სჭირდებოდა.

როგორც დ. ანთაძესთან ვკითხულობთ („დღენი ახლო წარსულისა“) მარჯანიშვილი მსახიობებს მიმართავდა: ვის რად აინტერესებს ის, რომ ესპანეთის კეთილმამეფეებმა იზაბელმა და ფერდინანდმა არ დასაჯეს და შეიწყალეს ერთი მიყრუებული სოფლის  მცხოვრებლები, რომლებმაც ვერ აიტანეს კალატავრას ორდენის კომანდორის ტირანია და მოკლეს იგი? მაგრამ თუ ცხვრის წყაროსდადგმისას აქცენტს გავუკეთებთ იმ ფაქტს, რომ კომანდორის ჩაგვრამ ხალხში გააღვიძა მთვლემარე გრძნობა ადამიანური ღირსებისა, დარაზმა იგი დესპოტის წინააღდეგ, გააერთიანა ერთი ნება-სურვილით, მაშინ ლოპე დე ვეგას ეს უკვდავი ქმნილება სულ სხვაგვარად აჟღერდება სცენაზე, აივსება რელიგიური პათოსით და მღელვარე ემოციით, მაყურებელიც სპექტაკლში ჩვენი თანამედროვე რევოლუციური ეპოქის გამოსახულებას დაინახავს“.

სცენა სპექტაკლიდან "ცხვრის წყარო"

სცენა სპექტაკლიდან “ცხვრის წყარო”

ნოდარ გურაბანიძის განცხადებით, მარჯანიშვილისთვის მთავარი იყო ეჩვენებინა უბრალო, მშრომელი ადამიანების, სოფელ ფუენტე ოვეხუნას მცხოვრებთა სულისკვეთება, მათი „დღესასწაულებრივი ენერგია“, ეჩვენებინა თუ რა ძალა აქვს ხალხის ერთიანობას, როცა იგი ვერ ითმენს უსამართლობას და თავსიი უფლებების, ღირსებების დასაცავად ერთსულოვნად ილაშქრებს ტირანიის წინააღდეგ. საამისოდ, მარჯანიშვილმა მიმართა პიესის მონტაჟს, პიესას მოაგლიჯა მონარქისტული საბურველი, სიღრმეებიდან ამოწია ის მოტივები, რომელიც ეპოქის თანხმიერად მიაჩნდა.

ცხვრის წყაროსმარჯანიშვილისეული ეგზემპლარი, რომელიც საფუძვლად დაედო ქართულ სპექტაკლს, სავსებით ნათლად ცხადყოფს რეჟისორის კონცეფციას, მის მსოფლმხედველობრივ პრინციპებს. პიესაში შეტანილი სტრუქტურული ცვლილებებით მან გამოავლინა მისი ხალხური ხასიათი და სულისკვეთება. მხოლოდ ეს ეგზემპლარიც კი საბოლოოდ ასამარებს იმ მოსაზრებას, თითქოს მარჯანიშვილი ძირითადად რეპეტიციებზე, შემოქმედებითი აღმაფრენის დროს პოულობდა სპექტაკლის ძირითად, განმსაზღვრელ ტენდენციას და მხატვრულ ფორმას. ამ მონტირებული ტექსტისგადაკითხვაც კი დღევანდელ მკითხველს შეუქმნის  მიზანსწრაფული სახალხო აჯანყების ემოციურ სურათს(ნოდარ გურაბანიძე).

მარჯანიშვილის სინთეზური სპექტაკლი, სადაც ყველაფერი ამოქმედებული და ჰარმონიაში იყო მოყვანილი – მსახიობთა თამაში, მასობრივი სცენები, სიტყვა და მოძრაობა, მუსიკა და მხატვრობა, სპექტაკლის რიტმი, ტონალობა, აგებული იყო შუქჩრდილების, ტრაგიკულისა კომიკურის მონაცვლეობაზე, სპექტაკლის მნახვედლტა, მონაწილეთა გადმოცემით, ყველაფერს მსჭვალავდა ემოციური  და აზრობრივი სისავსე, სანახაობის დღესასწაულებრივი ხასიათი, ფერადოვნება. „დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ნათელ-ჩრდილების შენაცვლებას, არა მხოლოდ განათების, არამედ გრძნობათა ცვალებადობის, გრძნობათა დაპირისპირების თვალსაზრისით. ეს ყველაფერი ცალ-ცალკე, ცხადიაცნობილი იყო კოტეს წინამორბედი რეჟისორებისთვისაც (ა. წუწუნავა, მ. ქორელი, ა. ფაღავა), მაგრამ ასეთი ინტენსივობა, პოლისემიურობა, ყველა თეატრალური კომპონენტის ასეთი ორგანული შერწყმა 1922 წლის 25 ნოემბრამდე უცხო იყო ქართული თეატრისთვის. კ. მარჯანიშვილი ჭეშმარიტად ნოვატორად მოევლინა ჩვენს სცენას – წერს ნოდარ გურაბანიძე.

ამ შედევრის დადგმიდან ზუსტად 90 წელი გავიდა…

რეზო შატაკიშვილი, თეატრალური ხელოვნების მაგისტრი

დაიბეჭდა გაზეთში „ქართული სიტყვა“, რუბრიკაში – „ქართული შედევრები“.

P.S.  2010 წელს, გაზეთ „პრაიმტაიმში“ განვახორციელე, ჩემივე ინიცირებული პროექტი „მეოცეს ოცეული“. ამ პროექტის მიზანი იყო, გამოვლენილიყო მეოცე საუკუნის 20 საუკეთესო ქართული სპექტაკლი. ეს ოცეული გამოვლინდა კომპეტენტური პირების – თეატრმცოდნეების, კრიტიკოსების გამოკითხვის შედეგად: ვთხოვეთ თავად დაესახელებინათ მეოცე საუკუნეში, ქართულ თეატრში დადგმული ის 20 სპექტაკლი, რომელსაც ისინი მიიჩნევდნენ საუკეთესოდ – საუკუნის სპექტაკლებად. შეფასების კრიტერიუმიც მათვე მივანდეთ – თითოეულს ეს სპექტაკლები უნდა დაესახელებინათ იმ კრიტერიუმების დაცვით, რომლითაც ისინი საერთოდ ხელმძღვანელობენ სპექტაკლების შეფასებისას. მათ უნდა დაესახელებინათ როგორც ის სპექტაკლები, რომელიც მათ უშუალოდ ნანახი აქვთ სცენაზე, ასევე ის სპექტაკლები რომლებსაც იცნობდნენ აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით, იმროინდელი რეცენზიებით და ამ სპეტქკლებზე არსებული ყველანაირი საარქივი მასალით. გამოკითხვის მონაწილეებს სპექტაკლების ჩამონათვალის შედგენისას არ უნდა ეხელმძღვანელათ ქრონოლოგიური პრინციპით, ჩამონათვალი რეიტინგული უნდა ყოფილიყო. მათ მიერ პირველ პოზიციაზე დასახელებულ სპექტაკლს დაეწერებოდა 20 ქულა, მეორე პოზიციაზე დაწერილს – 19, მესამეზე – 18, მეოთხეზე – 17 დ ასე შემდეგ ბოლომდე – მეოცე პოზიციაზე დაწერილს – ერთი ქულა. შემდეგ ოცივე გამოკითხულის მიერ მინიჭებული ქულები დაჯამდებოდა და დაგროვილი ქულების შესაბამისად გამოვლინდებოდა საუკეთესო ოცეული.

გამოკითხვაში მონაწილეობდნენ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები: ნათელა ურუშაძე, ნოდარ გურაბანიძე, ნათელა არველაძე, დალი მუმლაძე, ლევან ხეთაგური, ირინა ღოღობერიძე, თამარ ბოკუჩავა, ლელა ოჩიაური, მარინე ხარატიშვილი, გიორგი ცქტიშვილი, მანანა გეგეჭკორი. ნინო მაჭავარიანი. დოქტორანტები: ლაშა ჩხარტიშვილი, თამარ მუქერია, მარიამ ჩუბინიძე.ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრები: თამარ კიკნაველიძე, ნიკა წულუკიძე, ანანო მირიანაშვილი. ჟურანალ „თეატრი და ცხოვრების“  მთავარი რედაქტორი გურამ ბათიაშვილი, არტ-კრიტიკოსი დავით ბუხრიკიძე.

ამ გამოკითხვის შედეგად გამოვლენილ ოცეულში მარჯანიშვილის „ცხვრის წყარომ“ მე–12 ადგილი დაიკავა – საუკუნის ერთ–ერთ საუკეთესო სპექტაკლად დაასახელა 10–მა გამოკითხულმა, მათგან სამმა – პირველ პოზიციაზე. მიიღო 142 ქულა. საერთოდ, ამ გამოკითხვისას, საუკეთესო სპექტაკლებს შორის კოტე მარჯანიშვილის  5 სპექტაკლი დასახელდა. ოცეულში მოხვდა ორი სპექტაკლი „ურიელ აკოსტა“ (მეორე ადგილზე) და „ცხვრის წყარო“ („ფუენტე ოვეხუნა“) (მე–12 ადგილზე).

 

კომუნისტებზე გულაცრუებული მარჯანიშვილის „ჰამლეტი“

სცენა სპექტაკლიდან "ჰამლეტი", რეჟისორი – კოტე მარჯანიშვილი

სცენა სპექტაკლიდან “ჰამლეტი”, რეჟისორი – კოტე მარჯანიშვილი

საქართველოში დაბრუნებული დიდი მაესტრო მარჯანიშვილი, ლეგენდარული ცხვრის წყაროს წარმოდგენის შემდეგ, კომპოზიტორ თამარ ვახვახიშვილს ეტყვის: ეს ჭაბუკი ღვთის ნაბოძები ტრაგიკოსია, მე მას ჰამლეტს ვათამაშებ. ეს ჭაბუკი უშანგი ჩხეიძეა, ცხვრის წყაროშისრულიად უმნიშვნელო როლს თამაშობს ერთი წელიწადიც არაა, რაც რუსთაველის თეატრშია  ჯერ მხოლოდ 24 წლისაა, სულ 3 წელია რაც ქუთაისის გიმნაზიის მერხიდან წამოდგა და თბილისში წამოვიდა უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად, მაგრამ გულმა თეატრისკენ გაუწიაჯერ ჯაბადარის სტუდიაში იყო მცირე ხანს, შემდეგ ავჭალის აუდიტორიაში გამოდიოდა სცენისმოყვარეებთან და ახლა რუსთაველის თეატრშიაცხადია არ იცის რისთვის ამზადებს დიდი მაესტრო. არც სხვებმა იციან. მეტიც, 1925 წელს, რუსთაველის თეატრის ფოიეში გამოკრული განცახდება დასს ამცნობს კოტე მარჯანიშვილი მუშაობას იწყებს შექსპირის ჰამლეტზედა 1 ივნისს მთელი დასი უნდა გამოცხადდეს პიესის წაკითხვაზე.

ამ დროსაც არავინ იცის ვინ ითამაშებს ჰამლეტს. მაესტროს გადაწყვეტილება მხოლოდ რამდენიმე პირმა იცის და მკაცრად გასაიდუმლოებულია. ოდნავ ახადა ფარდთავის რეჟისორულ ჩანაფიქრს და ჰამლეტის როლის შემსრულებელი დაასახელამცირე პაუზაუშანგი ჩხეიძე. უშანგი თითქოს სკამიანად გაწითლდა“ –დაწერს ათეული წლების შემდეგ აკაკი ვასაძე, მაგრამ როგორც უშანგი ჩხეიძის მოგონებებიდან ირკვევა, ჩხეიძე იმ შეკრებაზე არც ყოფილა, მეტიც მას უკვე სცოდნია მაესტროს გადაწყვეტილება. მაესტროს სეზონის ბოლო სპექტაკლის შემდეგ დაუბარებია და უთქვამს, ჰამლეტ უნდა ითამაშოო. მსახიობს ჯერ ხუმრობა ჰგონებია, სწყენია. მარჯანიშვილს განუმარტავს, რომ არ ხუმრობდა. მე, ბატონო, სადაური ჰამლეტი ვარყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მე გარეგნულად სრულიად არ ვუდგები ჰამლეტსამბობდა მსახიობი. მარჯანიშვილი მალე დააჯერებს 27 წლის უშანგი ჩხეიძეს, რომ სწორედ მან უნდა ითამაშოს ჰამლეტი. ბედნიერებისგან გაბრუებული და აღგზნებული უშანგი 5 ღამეს ვერ დახუჭავს თვალს

სცენა სპექტაკლიდან "ჰამლეტი", რეჟისორი – კოტე მარჯანიშვილი, ჰამლეტი – უშანგი ჩხეიძე

სცენა სპექტაკლიდან “ჰამლეტი”, რეჟისორი – კოტე მარჯანიშვილი, ჰამლეტი – უშანგი ჩხეიძე

მარჯანიშვილის ექსპერიმენტი გაამართლებს მას მერე ბევრჯერ დაიდგმება ქართულ სცენაზე ჰამლეტი, მაგრამ ვერავინ გადაჩრდილავს 27 წლის ბიჭის ნათამაშებ ჰამლეტს. მარჯანიშვილი მიქელანჯელოს ჟინით გამოაქანდაკებს არა მხოლოდ ჰამლეტს, არამედ ლეგენდასუშანგი ჩხეიძეზე. მაგრამ მარჯანიშვილის ექსპერიმენტს იმთავითვე ჰყავდაკატეგორიული მოწინააღმდეგე სანდრო ახმეტელი. ახმეტელი თვლიდა, რომ უშანგი ჩხეიძისთვის ადრე იყო ჰამლეტის თამაში, რომ უშანგი ჩხეიძე ნიჭიერი იყო, მაგრამ არ ფლობდა სათანადო ტექნიკას, გამოცდილებას, რომ მას გადაწვავდა ჰამლეტი. ახმეტელმა პირადადაც უთხრა უშანგი ჩხეიძეს, რომ ადრე იყო მისთვის ჰამლეტი, რომ  მაგის დროც მოვიდოდაუშანგი ჩხეიძეს სჯეროდა ახმეტელის გულწრფელობისა, მაგრამაცდუნა ჰამლეტმაჯერ შეთავაზებამ, შემდეგ კი უკვე დიდმა ტრიუმფმამაგრამ გავა წლები და თავის მოგონებებში, ახმეტელის ხსენების გარეშე დაწერს, რომ იმ მეგობარი რეჟისორის რჩევისთვის არ უნდა წაეყრუებინა, მეტი წინდახედულება და სულგრძელობა უნდა გამოეჩინა, ჰამლეტის თამაშზე არ უნდა დათანხმებულიყო და ჰამლეტი 1925 წელს კი არა, 1930 წელს უნდა ეთამაშა

ჩემი მოღვაწეობა საინტერესოა და მშვენიერი მაგალითია იმისთვის, თუ როგორ არ უნდა იცხოვროს და როგორ არ უნდა იმუშაოს მსახიობმა, თუკი მას სურს ნაყოფიერი და ხანგრძლივი მუშაობის უნარიანობა შეინარჩუნოს ბოლომდეჩემი რკინისებური ჯანმრთელობა მე გავტეხე, უსისტემო მუშაობითა და უსისტემო, დაუდევარი ცხოვრებით. მე გადავწვი ჩემი ენერგია და ხანმოკლე, ბედნიერ დღეებს თან მოჰყვა დაუკმაყოფილებელი და ჩემთვის უაღრესად ტრაგიკული დასასრულიწერდა უშანგი ჩხეიძე. გალაკტიონი მის სამარესთან იტყვის: – მიწაში ჩაესვენა ტრაგედიის ცეცხლისგან გადამწვარი, ჩვენი დროის დიდი მსახიობი, უშანგი ჩხეიძე

სცენა სპექტაკლიდან "ჰამლეტი".

სცენა სპექტაკლიდან “ჰამლეტი”.

კოტე მარჯანიშვილი 1910 წელს, მოსკოვის სამხატვრო თეატრში თანარეჟისორად მუშაობდა გენიალურ ინგლისელ რეჟისორთან და სცენოგრაფთან – გორდონ კრეგთან, სწორედ „ჰამლეტის“ დადგმაზე. იმ დროიდან მოყოლებული, რეჟისორი გამუდმებით ფიქრობდა „ჰამლეტის“ დადგმაზე. მაგრამ რატომ გადაწყვიტა დაედგა მაინცდამაინც 1925 წელს? მით უმეტეს რომ რუსთაველის თეატრში 1923 წელს დაიდგა „ჰამლეტი“ (რეჟისორი აკაკი ფაღავა, ჰამლეტი – გიორგი დავითაშვილი) და წინა სეზონში თეატრის რეპერტუარშიც იყო? თანამდროვეთა მოგონებებიდან ირკვევა რომ მარჯანიშვილი 1924 წელს ძალიან ხშირად ლაპარაკობდა „ჰამლეტის“ დადგმაზე. ქართული თეატრის აღიარებული მკვლევარის ნოდარ გურაბანიძის საფუძვლიანი ვარაუდით, მარჯანიშვილის არჩევანი უშუალოდ უკავშირდება როგორც იმდროინდელ ისტორიულ ქარტეხილებს, ისე თავად რეჟისორის დიდი იმედგაცრუებას. ცნობილი ფაქტია, რომ კოტე მარჯანიშვილი დიდი ენთუზიზმით შეხვდა რუსეთში ოქტომბრის რევოლუციას, შეხვდა ისევე იმედით, როგორც მეიერჰოლდი, ეიზენშტეინი, ბლოკე, მაიაკოვსკი. იგი კვლავ კომუნისტური ილუზიების ტყვეობაში იყო მაშინაც როცა საქართველოში დაბრუნდა და „ცხვრის წყარო“ დადგა. ნოდარ გურაბანიძის ღრმა რწმენით, რეჟისორისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა 1924 წელი, როდესაც კომუნისტებმა სისხლში ჩაახშვეს ქართველი მამულიშვილების აჯანყება. საგულისხმოა, რომ ამ სისხლიან ჩახშობამდე, იყო ასევე თავზარდამცემი ფაქტი – შეხვედრა სერგო ორჯონიკიძესთან. სანდრო ახმეტელი „სამხედრო ცენტრის“ წევრებთან ერთად დააპატიმრეს და მალე დახვრეტაც გადაწყვიტეს. როგორც ა. ვასაძის მოგონებებიდან ირკვევა, ახმეტელის თავზადაცემული მეუღლე, ტასო როსტომაშვილი თეატრში მივარდნილა და მსახიობებისთვის დახმარება უთხოვია: ბიჭებო მიშველეთ, სანდრო ახმეტელს დახვრეტა გადაუწყვიტეს, გადაეცით კოტეს, იქნებ სთხოვს სერგო ორჯონიკიძეს, მაგას დიდ პატივს სცემენ“. კოტე მარჯანიშვილმა მართლაც მიიღო ზომები. სასწრაფოდ შედგა დელეგაცია და სერგო ორჯონიკიძეს შეხვდნენ დაპატიმრებულთა განთავისუფლების მოთხოვნით. სერგო ორჯონიკიძემ მართლაც აჩუქა ახმეტელის სიცოცხლე მარჯანიშვილს, მაგრამ იმავე შეხვვედრაზე უარი თქვა კოტე აფხაზის განთავისუფლებაზე.

„კოტე მარჯანიშვილის თვალწინ გადაწყდა გამოჩენილ ქართველთა ბედი. შეუძლებელია მასზე დამთრგუნველად არ ემოქმედა ს. ორჯონიკიძის ფრაზას: „კოტე აფხაზი ჭკვიანი კაცია, ჩვენზე ბევრად განათლებული, არასოდეს შეგვირიგდება და მის განთავისუფლებას ვერ შეგპირდებით“. ე.ი. გამოდის: ჭკვიანი, ბევრად განათლებული, პრინციპული ადამიანი უნდა განადგურდეს? და ქვეყანა დარჩეს უჭკუო, გაუნათლებელ, უპრინციპო ადამიანებს? ამას ელოდა კ. მარჯანიშვილი ოქტომბრის რევოლუციისგან, რომელსაც იგი გულმხურვალედ ეხმაურებოდა თავისი შემოქმედებით? უეჭველია ს. ორჯონიკიძესთან ამ შეხვედრამ მას საბოლოოდ გაუტეხა გული „ახალი ქვეყნის შემოქმედნზე“. შემდგომ განვიტარებულმა მოვლენებმა კი საბოლოოდ დაანახეს მას ნიღაბჩამოხსნილი ბოლშევიზმის სისხლიანი სახე… ის რაც უყვარდა და რისი რწმენაც ჰქონდა მარჯანიშვილს, ფეხქვეშ გათელილი აღმოჩნდა, ეს გენიალური ადამიანი ხედავდა და გრძნობდა თავისი ხალხის ტრაგიზმს, ერი ისტორიის გზაჯვარედინზე იდგა, მორალურად განადგურებული, სულის სიღრმემდე შეძრული და დაბნეული. ერთი ისტყვით, აშკარაა, რომ ქართველი ხალხის მოწინავე ნაწილი „ყოფნა–არ ყოფნის“ დილემის პირისპირ აღმოჩნდა. ასეთ ატმოსფეროში კ. მარჯანიშვილის წინაშე, ბუნებრივია განსაკუთრებული სიმწვავით წამოიჭრა ჰამლეტის „ყოფნა– არყოფნის“, უსამართლობასთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის თემა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, შეიძლება დავასკვნათ (თუნდაც ვარაუდის დონეზე), რომ „ჰამლეტის“ დადგმის  გადაწყვეტილება სწორედ 1925 წელს, კ. მარჯანიშვილმა 1924 წლის ამბების ზეგავლენით მიიღო… მისი „ჰამლეტი“ ყველაზე პოლიტიკრი დად ა ყველაზე მამხილებელი პათოსით განმსჭვალული ქმნილება იყო“ – წერს ნოდარ გურაბანიძე.

ჰამლეტი – უშანგი ჩხეიძე

ჰამლეტი – უშანგი ჩხეიძე

უშანგი ჩხეიძის მოგონებებიც ცხადყოფს, რომ რეჟისორის გააზრებით: ჰამლეტ გაადამიანდა, გახდა უბრალო და დაუახლოვდა თანამედროვე ინტელლიგენტ ადამიანს, რომელიც მაშინ ჰამლეტივით ორ ეპოქათა მიჯნაზე იდგა.მასვე ადასტურებს აკაკი ვასაძის მოგონებები. მე მინდა შენი ჰამლეტ, უპირველეს ყოვლისა ადამიანი იყოსმიმართავდა მარჯანიშვილი ჩხეიძეს. მარჯანიშვილის გააზრებით: ჰამლეტ უაღრესად წმინდა ადამიანია, ადამიანური სინდისის განსახიერება, რომელიც მოჯადოებულ წრეში მოხვდა და მოწამეობრივად იტანჯებოდა, მაგრამ როდესაც უმაღლესი მსაჯულის თავისი სინდისის მეოხებით ბოლომდე შეიცნობს მის გარშემო არსებულ სიბინძურეს, ებრძვის ამ ჭუჭყს, ჭაობს და ამოაშრობს კიდეც, ოღონდ საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე (აკაკი ვასაძის მოგონებებიდან). გურაბანიძის თქმით, ჰამლეტის სახის ამგვარი გაგება ედო საფუძვლად მთელი სპექტაკლის კონცეფციას, დაწყებულს მსახიობთა შესრულებით, მუსიკით (გამოყენებული იყო ჩაიკოვსკის მუსიკა) დამავრებული ირაკლი გამრეკელის სცეოგრაფიით, რომელიც აკაკი ფაღავას თქმით ცისარტყელად მოევლინა სპექტაკლის გარეგნულ მხარეს. წორედ ჰამლეტის სახის ამგვარი გააზრებიდან გამომდინარე, მთლიანად იყო მოხსნილი ჰამლეტის ნევრასტენიული ბუნების საკითხი. მარჯანიშვილის ჰამლეტამდე ერთი წლით ადრე, ჰამლეტ ითამაშა სახელგანთქმულმა მიხეილ ჩეხოვმა, რომლის შესახებაც ლუნაჩარსკი წერდა: ეს იყო საშინლად ნერვული ბუნების ადამიანი, სულიერად იმდენად დაცემული, რომ თქვენ სრულიადაც არ გაგაოცებდათ არც აჩრდილის გამოჩენა, არც ის სიტყვები, რომელსაც თითქოს წარმოსთქვამს აჩრდილი. სინამდვილეში ჰამლეტ ამ სიტყვებს თავის თავს ეუბნება, რადგან მისი წინათგრძნობა ხილვებშია განსხეულებული. იგი ჰალუცინაციებს შეუპყრია, რადგან გონებიდანაა გადამცდარი. ჩეხოვის ჰამლეტი თუ გონებიდან იყო გადამცდარი, უშანგი ჩხეიძის ჰამლეტ გიჟობანას თამაშობდა მისტიფიკაციას მიმართავდა, შეშლილი ადამიანის ნიღაბს იყენებდა, რათა თავისი ფიქრები და განზრახვანი უკეთ შეენიღბა. მან დაასწრო თავის მტრებს, სულ ერთია სასახლის კარი, მაინც შეშლილად გამოაცხადებდა (. გურაბანიძე).

სცენა სპექტაკლიდან "ჰამლეტი". რეჟისორი – კოტე მარჯანიშვილი

სცენა სპექტაკლიდან “ჰამლეტი”. რეჟისორი – კოტე მარჯანიშვილი

მარჯანიშვილმა ჰამლეტის სახის გააზრებას დაუქვემდებარა პიესის მონტაჟი – გადააგილა სცენები, მეტი დინამიკურობა შესძინა სპექტაკლს, თეატრის ისტორიას კი კიდევ ერთი მონტაჟი დაუტოვა – ვირტუოზული. ჰამლეტ სცენაზე ჩნდებოდა ცნობილი მონოლოგით „რად არ მეშლება ეს სხეული“. „ეს მონოლოგი, როგორც ცნობილია, პიესის მეორე სურათშია, იგი სწორედ კლავდიუსის მეფედ კურთხევას მოსდევს. კ. მარჯანიშვილმა კი წინ გადმოიტანა და ანუ სცენურ ვარიანტში, ის წინ უსწრებს კლავდიუსის ინტრონიზაციას. ამით რეჟისორმა დინამიკურობა მიანიჭა მოქმედებას და, რაც მთავარია იმთავითვე საცნაური გახადა ჰამლეტის სულიერი მდგომარეობა“ (ნ. გურაბანიძე). თუ შექსპირთან მეფე-დედოფალი და ამალა გადის სცენიდან და ჰამლეტი მარტო რჩება, აქ პირიქით, კლავდიუსისა და გერტრუდას ზარზეიმით სასოწარკვეთილი ჰამლეტ გარბოდა სცენიდან, სწორედ ამ დროს ატყობინებდა ჰორაციო აჩრდილის ამბავს და კვლავ მონტაჟი – თუ პიესაში სხვა სცენები მოსდევს ამ შეტყობინებას, სპექტაკლში უკვე მამის აჩრდილთან შეხვედრის სცენა იყო, ამ მანიპულაციას მორიგი მოჰყვა – პიესის მესამე მოქმერდებიდან გადმოიტანა ყოფნა-არყოფნის მონოლოგი. თუ პიესაში ეს მონოლოგი მსახიობებთან შეხვედრის შემდეგაა, მარჯანიშვილმა, მცირე, უმნიშვნელო ეპიზოდის შემდეგ პირდაპირ მიადევნა აჩრდილთან შეხვედრის სცენას  და ეს მონოლოგი წარმოათქმევინა სასახლის სამლოცველოში. ამ სვლას მოჰყვა მორიგი მონტაჟური სვლა – ჰამლეტს დამთავრებული არ ჰქონდა აღსარება, რომ სამლოცველოში კლავდიუსი შეიყვანა და პირისპირ შეახვედრა ჰამლეტს. პიესაში კლავდიუსის ლოცვა მესამე მოქმედების ბოლოსაა – მსახიობების მიერ გათამაშებული გონზაგოს მკვლელობის შემდეგ, ანუ როცა უკვე მხილებულია ძმის მკვლელობაში, მარჯანიშვილთან კი ეს ლოცვა-აღსარება წინ უსწრებდა მხილებას და პირდაპირ მოსდევდა ჰამლეტის ლოცვას. მარჯანიშვილი მსახიობებს უნმარტავდა: „ჰამლეტ იმიტომ მისულა ეკლესიაში, რომ ღმერთს შეეკითხოს, რა გზით შეებრძოლოს მოზღვავებულ ბოროტებას. აქ სამლოცველოში იმიტომ მოვუყარე თავი მსაჯულსაც და დამნაშავესაც, აქ დავუპირისპირე ერთმანეთს აღსარება  ბრალმდებლისაც და ბრალდებულისაც… ეს ახალი სცენური პირობები უფრო შეეფერება „ყოფნა –არ ყოფნის“ მონოლოგს და კლავდიუსის ლოცვის ეპიზოდებს, რომელიც პიესაში ცალკე სცენებადაა მოცემული“… დიდმა მაესტრომ ამგავრი სვლებით, კლავდიუსისგან ჰამლეტის სრულყოფილი მხატვრული ატიპოდი შექმნა. კლავდიუსის როლის შემსრულებელი აკაკი ვასაძე (რომელიც მაშინ მხოლოდ 26 წლის იყო) წერს: „კლავდიუსის სახემ ისეთი მნიშვნელობა, ისეთი ღირებულება მოიპოვა ჩვენს სპექტაკლში, როგორც არც ერთ სხვა თეატრში არ მოუპოვებია – კლავდიუსის სახეში აქცენტირებული იყო ბოროტების ტრაგიკულობა ჰამლეტის სიკეთის ტრაგიკულობასთან ტოლფასოვანი შეპირისპირებით“.

ვერიკო ანჯაფარიძე – ოფელია

ვერიკო ანჯაფარიძე – ოფელია

ოფელიას როლზე ოთხი მსახიობი იყო დანიშნული, მაგრამ საბოლოოდ ვერიკო ანჯაფარიძე აღმოჩნდა ყველაზე შესაფერისი. სწორედ ვერიკოს ოფელია აკმაყოფილებდა გენიოსი რეჟისორის მოთხოვნებს და სწორედ ვერიკო იყო იდეალური პარტნიორი უშანგი ჩხეიძისთვის. ჰამლეტშივერიკოს შესრულების მწვერვალად განიხილება ოფელიას შეშლილობის სცენა. 25 წლის ვერიკო ანჯაფარიძე მართლაც მწვერვალზე ავიდა, როგორც წერდნენ ქართული თეატრი მანმადე არ იცნობდა მსახიობის თითოეული ბგერისადმი, თითოეული მოძრაობისადმი აუდიტორიის სრული მორჩილების, მასზე მსახიობის თითქმის მაგიური ზემოქმედების სხვა მაგალითს. ვერიკო ანაჯაფარიძე მაყურებელზე განუზმომელ ზემოქმედებას აღწევდა, მოძრაობა ძალიან ძუნწიაფიორიაქებული გრძნობები ინტონაციას მოჰქონდა წერდა მოგვიანებით თავად ვერიკო ანჯაფარიძე. შეშლილობის სცენა განსაკუთრებით ჰყვარებია მარჯანიშვილს. მოახლოვდა ოფელიას სიგიჟის სცენა. მარჯანიშვილმა თვითონ დაათვალიერა მარცხენა კულისი, საიდანაც მე უნდა გამოვსულიყავი. კამი მომაწოდადაჯექი, ნუ იღლები, შემიმკო თმები ბალახებითა და ყვავილებით. ომეფერა და ისე გამიშვა სცენაზე. ან იცოდა რომ ეს სცენა მთლიანად იყო დამოკიდებული ჩემს განწყობაზე. ალბათ გრძნობდა რომ მისი ხელის შეხება მამშვიდებდა და შთაგონების ძალას მმატებდაიგონებდა ვერიკო ანჯაფარიძე. ნობილია ის ფაქტიც, რომ შემდეგ მარჯანიშვილი ყოველთვის აკითხავდა ვერიკოს სიგიჟის სცენის წინ და თავისი ხელით უმკობდა თმას ყვავილებით. ვერიკოს მოგონებებიდან ცნობილია ისიც რომ ერთერთ წარმოდგენაზე მარჯანიშვილი თეატრში არ ყოფილა, ისე გასულა სცენაზე ვერიკო ამ სცენის სათამაშოდ, როგორც თავად წერს არაფერი გამოსდიოდა, მანამსანამ ლოჟაში თვალი არ მოჰკრა თეატრში დაგვიანებით მოსულ რეჟისორს

რეზო შატაკიშვილი, თეატრალური ხელოვნების მაგისტრი

დაიბეჭდა გაზეთში „ქართული სიტყვა“ – რუბრიკაში „ქართული შედევრები“.

ვერიკო ანჯაფარიძე – ოფელია

ვერიკო ანჯაფარიძე – ოფელია

P.S.  2010 წელს, გაზეთ „პრაიმტაიმში“ განვახორციელე, ჩემივე ინიცირებული პროექტი „მეოცეს ოცეული“. ამ პროექტის მიზანი იყო, გამოვლენილიყო მეოცე საუკუნის 20 საუკეთესო ქართული სპექტაკლი. ეს ოცეული გამოვლინდა კომპეტენტური პირების – თეატრმცოდნეების, კრიტიკოსების გამოკითხვის შედეგად: ვთხოვეთ თავად დაესახელებინათ მეოცე საუკუნეში, ქართულ თეატრში დადგმული ის 20 სპექტაკლი, რომელსაც ისინი მიიჩნევდნენ საუკეთესოდ – საუკუნის სპექტაკლებად. შეფასების კრიტერიუმიც მათვე მივანდეთ – თითოეულს ეს სპექტაკლები უნდა დაესახელებინათ იმ კრიტერიუმების დაცვით, რომლითაც ისინი საერთოდ ხელმძღვანელობენ სპექტაკლების შეფასებისას.

მათ უნდა დაესახელებინათ როგორც ის სპექტაკლები, რომელიც მათ უშუალოდ ნანახი აქვთ სცენაზე, ასევე ის სპექტაკლები რომლებსაც იცნობდნენ აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით, იმროინდელი რეცენზიებით და ამ სპეტქკლებზე არსებული ყველანაირი საარქივი მასალით.

გამოკითხვის მონაწილეებს სპექტაკლების ჩამონათვალის შედგენისას არ უნდა ეხელმძღვანელათ ქრონოლოგიური პრინციპით, ჩამონათვალი რეიტინგული უნდა ყოფილიყო.

მათ მიერ პირველ პოზიციაზე დასახელებულ სპექტაკლს დაეწერებოდა 20 ქულა, მეორე პოზიციაზე დაწერილს – 19, მესამეზე – 18, მეოთხეზე – 17 დ ასე შემდეგ ბოლომდე – მეოცე პოზიციაზე დაწერილს – ერთი ქულა. შემდეგ ოცივე გამოკითხულის მიერ მინიჭებული ქულები დაჯამდებოდა და დაგროვილი ქულების შესაბამისად გამოვლინდებოდა საუკეთესო ოცეული.

გამოკითხვაში მონაწილეობდნენ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები: ნათელა ურუშაძე, ნოდარ გურაბანიძე, ნათელა არველაძე, დალი მუმლაძე, ლევან ხეთაგური, ირინა ღოღობერიძე, თამარ ბოკუჩავა, ლელა ოჩიაური, მარინე ხარატიშვილი, გიორგი ცქტიშვილი, მანანა გეგეჭკორი. ნინო მაჭავარიანი. დოქტორანტები: ლაშა ჩხარტიშვილი, თამარ მუქერია, მარიამ ჩუბინიძე.ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრები: თამარ კიკნაველიძე, ნიკა წულუკიძე, ანანო მირიანაშვილი. ჟურანალ „თეატრი და ცხოვრების“  მთავარი რედაქტორი გურამ ბათიაშვილი, არტ-კრიტიკოსი დავით ბუხრიკიძე.

ამ გამოკითხვის შედეგად გამოვლენილ ოცეულში მარჯანიშვილის მიერ დადგმული „ჰამლეტი“ ვერ მოხვდა, 29 ქულით 29–2 ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა მიერ, საუკუნის საკუეთესო სპექტაკლებს შორის  კოტე მარჯანიშვილის 5 სპექტაკლი დასახელდა. ოცეულში მოხვდა ორი სპექტაკლი „ურიელ აკოსტა“ (მეორე ადგილზე) და „ცხვრის წყარო“ („ფუენტე ოვეხუნა“) (მე–12 ადგილზე).

 

 

რეზო შატაკიშვილი ქართველების ჯულიეტა მაზინაზე

„ქართველებს თქვენი ჯულიეტა მაზინა გყავთ“ – მითხრა შვედმა თეატრმცოდნემ, კატერინა ბერგილმა რამოდენიმე წლის წინ, მას მერე რაც თეატრალური სარდაფის სცენაზე ნანუკა ხუსკივაძე ნახა მონოსპექტაკლში „ადამიანის ხმა“. 

შემდეგ, როცა ეს თემა ნანუკასთან განვავრცე, დავამატე, რომ ის უფელინო მაზინა იყო – არ ჰყავდა რეჟისორი ქმარი.

„კაია, ესე იგი, წინ არის „ფელინი“ იხუმრა ნანუკამ.

სერიოზულად კი: „არც ერთ რეჟისორს არ გავყვები ცოლად, არ გავყვები და იმიტომ. ერთმანეთისთვის ვერ მოვიცლით“.

არც პედრო ალმადოვარს არ გაჰყვები? კარგად დაფიქრდი, ბევრი, ბევრი როლი…

– სიყვარულის ამბავში არ გავყვები, თუ კინოში გადაღების შანსზეა ლაპარაკი, გავყვებოდი ალმადოვარს, ძალიან, ძალიან კარგი იქნებოდა. ალბათ, ბევრ ფილმში გადამიღებდა. ჯანდაბას! მაგრამ, თუ სიყვარულისთვის გემეტები, რეჟისორებს მოვეშვათ.

თავად ორჯერ გაიმეტა თავი – სიყვარულისთვის. პირველად თანაკლასელი შეუყვარდა და ერთ დღესაც, ბაკურიანში გაიპარნენ. დაქორწინდნენ. დაიბადა აკა, რომელიც ახლა უკვე 27 წლისაა. ნანუკა ქმარს გაშორდა, შემდეგ იყო მეორე ქორწინება და შემდეგ კვლავ განქორწინება…

აკა იმ დროს გაუჩნდა, როცა თვითონ იწყებდა ცხოვრების აღქმას, ერთად გაიზარდნენ… და ხანდახან თავად ნანუკას თავის ვაჟი, თავის კლასელიც კი ჰგონია, აი, სხვებს კი…

ნანუკა ხუსკივაძე: „აკა სადღაც 9-10 წლის იყო, პატარა, ოღონდ მამრი იყო დაბადებიდან, ბოკვერული ბავშვი იყო, უცებ გამომხედა და მითხრა, დე, ძაან პატარა ხარო. გამეცინა. მივხვდი, რაც იგულისხმა, მისი კლასელების მშობლები არ იყვნენ ასე „პატარები“. იცი, რამდენი გაოგნებული სახე მახსოვს? სახტად რჩებიან ხოლმე აკას გვერდით რომ მხედავენ. ვიღაც ვიღაცებს ისიც კი ეგონათ, რომ მე პატარა ბიჭებს „დავერიე“. ბევრის თვალებში ამომიკითხავს, რომ აკას ჩემს პარტნიორად თვლიდნენ. ზოგჯერ თვითონაც ძალიან უხერხულად გრძნობს ხოლმე თავს. მანქანა რომ გაფუჭებული ჰყავდა და მე მიმყავდა უნივერსიტეტში, 2 კილომეტრით აქეთ მაჩერებინებდა, აღარ უნდოდა ზედმეტი კითხვების მოსმენა, ვინ მოგიყვანა? ის გოგო ვინ იყო? რაღაც მომენტში ძალიან ბედნიერი და ამაყია ჩემი ბიჭი რომაა, ამას არ მეუბნება, მაგრამ ვგრძნობ. რთული და ამაყი ტიპია“.

ნანუკა ახლა უკვე ბებიაა – აკას უკვე თავად ჰყავს იკო. ნანუკას ფრანგი ბებია კი – ვარვარა მუსხელიშვილი-ზაგიუ ბავშვობასთან ერთად წარსულს ჩაბარდა. ნანუკას გუვერნანტკების აღზრდილი ფრანგი ბებია ზრდიდა – ბელა მირიანაშვილის დედა. ნანუკას  ყველა დეტალი ახსოვს – ბებიის მკაცრი დისციპლინა, პუშკინის კითხვა და ბებიის გაშლილი ფრანგული პასეანსები, მაგრამ არ ახსოვს ტკივილი და არც არასოდეს აღიქვამდა ტრაგედიად – მშობლების გაყრას. ნანუკას მამა – იუზა ხუსკივაძე და ბელა მირიანაშვილი ერთმანეთს დაშორდნენ, მაგრამ ნანუკას მამას აღარ შეურთავს ცოლი, ბელა დარჩა მისთვის ერთადერთ ქალბატონად. ისევე, როგორც – კახი კავსაძისთვის. ნანუკას ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა ორივე მამასთან – იუზასთანაც და კახისთანაც. მას ჰყავდა გადასარევი დედა და ჰყავს, როგორც თავად ამბობს, ორი გადასარევი მამა.თავისი მეხსიერებით ის კახისა და ბელას ოჯახში დაიბადა…ნანუკას ყოველთვის ორი მამა ჰყავდა, მისი ძმისთვის – ირაკლისთვის კი ერთი მამა არსებობდა – კახი და კარგა ხანს ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ნანუკას მამაც კახი იყო და ვერაფრით გაეგო, რატომ დაათრევდა მისი დაიკო ჩანთით ვიღაც ხუსკივაძის რვეულებს…

ნანუკას კარგად ახსოვს ყოველი კადრი ბავშვობიდან და არ ახსოვს „მშვენიერი ბელა მირიანაშვილი“. დედა სცენაზე თითქმის არ უნახავს, თუ არ ჩავთვლით ორ სპექტაკლს, სადაც უკვე ავადმყოფი ბელა მირიანაშვილი გამოდიოდა სცენაზე და როგორღაც ახერხებდა მოძრაობას (სტურუას „რაიკომის მდივანი“, თემურ ჩხეიძის „ბერნარდა ალბას სახლი“). მაშინაც კი, ვერ უყურებდა დედის თამაშს. არ შეეძლო…დედას ვერც ეკრანზე უყურებს

„მე ვერ ვუყურებ დედაჩემს ფილმებში, ვერც კახი უყურებს. ბავშვობაშიც არ მიყვარდა ყურება, ალბათ, ვეჭვიანობდი, ვჯღაოდი. ჩემი ძმა გიჟდება, როგორც კი თვალს მოჰკრავს, ჯდება და უყურებს, მე გულგრილად შემიძლია გადავრთო სხვა არხზე. რაღაც ხდება, არ ვიცი, რა, ოღონდ არ იფიქროთ, რომ მიმძიმს და ამიტომ. ჩემს ბიჭსაც არ უყვარს ბელას ფილმების ყურება, 6 წლის იყო დედაჩემი რომ გარდაიცვალა, გიჟდებოდნენ ერთმანეთზე, მათი დუეტი იყო… არ ვიცი, ჭირისუფლებში დადგა პანაშვიდებზე. მას შემდეგ არ უყურებს, არ უნდა. არ ვლაპარაკობ ხოლმე ამ თემაზე, არ ვიცი, მაგრამ უცნაურია აშკარად. რაზე მეშლება იცით ყველაზე მეტად ნერვები? – ცქრიალა გოგოს რაღაც იმიჯი რომ მოჰყვება დღემდე. მე ზუსტად ვიცი, რომ არ იყო ცქრიალა გოგო, საშინლად ბრძენი ქალი იყო, გენერალი, ისეთი სტრატეგი იყო, რომ გაგეშვა ნაპოლეონს მოუგებდა ბრძოლას, ეს ხალხში დარჩა, ხალხში ხომ  ის ეკრანული გმირები რჩება, გასაგებია, ის თამაშობდა… არც იმდენად ლამაზი იყო, ამაზეც მეშლება ნერვები, შიგნით ჰქონდა რაღაც… ღმერთო ჩემო, ლია ელიავა დადიოდა ამ ქალაქში…“

არტისტობაზე არასოდეს უოცნებია. გენეტიკამაც თავისი გაიტანა, ლამის ყველაფერი მექანიკურად მოხდა – დაამთავრა სკოლა. შეაგროვა საბუთები. შეიტანა თეატრალურში… არც ტურები გაუვლია კარგად და ლამის გულიც წაუვიდა, თვალთაც დაუბნელდა, შეუძახეს კიდეც, ნუ ყანყალებო… თამაშიდან გასვლაც კი გაიფიქრა, მაგრამ კარგმა ატესტატმა უშველა. ბედისწერაც მის მხარეს იყო. გაუმართლა პედაგოგში – გიზო ჟორდანია, გაუმართლა ჯგუფელებში – მერაბ ნინიძე, ლევან წულაძე, ნინო თარხან-მოურავი, გოჩა კაპანაძე… იყო სახელგავარდნილი სტუდენტური სპექტაკლები, სასწავლო თეატრი, შემდეგ რუსთაველის თეატრის მცირე სცენის ხელმეორე რენესანსი, შემდეგ კვლავ რუსთაველის თეატრის დიდი სცენა და არაერთი მხატვრული სახე და არაერთი მაყურებელი – არაერთხელ, საგანგებოდ მის სანახავად მისული რუსთაველის თეატრში…

„გიზომ ოფელია მათამაშა. ოფელია, სტერეოტიპული ხედვით, ჰაეროვანი არსებაა, არადა, ჩემი აზრით, ოფელია არის პოლონიუსი კაბაში, რომელმაც აიღო და მონაწილეობა მიიღო მაგარ შეთქმულებაში იმ კაცის წინააღმდეგ, რომელზეც ჭკუას კარგავდა. პატარა ვიყავი, შემეშინდა. გიზოს ვუთხარი, მე როგორ უნდა ვითამაშო-მეთქი ოფელია. მაშინ მითხრა – ოფელია ნანუკაა, რომელსაც ოფელიას სიტყვების სჯერა. ეს დღემდე ჩამრჩა. ხშირად მეკითხებიან ხოლმე – არ გიჭირთ უარყოფითი როლების თამაში? არ მიჭირს, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი უარყოფითი თვისება მაქვს, რომელსაც, უბრალოდ, ამოქექვა უნდა. საოცრად უცნაური ადამიანები არიან არტისტები, რაც უნდა ამტკიცონ, რომ ჩვეულებრივი ადამიანები ვართო, მაინც არაორდინარული ხალხია. ბერიკას მონაცემების გამო არ ხდებიან არტისტები, რაღაცა მის კონსტიტუციაში უნდა ედოს სურვილი – თავისი კაიფი სხვას გაუზიაროს. რომ საქვეყნოდ გამოიტანოს თავისი განცდები, უნდა რომ საქვეყნოდ უყვარდეს, საქვეყნოდ სძულდეს. უბრალოდ, არ შეუძლია ეს რომ არ გააკეთოს და აუცილებელი პირობაა ეს ვიღაცისთვის გააკეთოს. გიზოს აქვს ნათქვამი, არსებობს მამრობითი, მდედრობითი, საშუალო სქესი და არტისტები. მაგარი რაღაცაა, ფანტასტიკური ფორმულირებაა, არათუ ქართველები, პლანეტის არტისტები ვგავართ ერთმანეთს, ერთი რაღაცაა ყველაში ჩადებული. არანაირად არც ამ ამბის სიკეთეზე ვამბობ რაიმეს, არც ავზე. ყველა ადამიანშია ავი და კარგი, მხოლოდ ამოქექვა უნდა, უნდა ამოიღო და დადო, დადების დროს ასი იმდენი უკან რჩება, რომელიც უნდა მალო, რაც იმ დროს, ან საერთოდაც არ გჭირდება. გაუმარჯოს არტისტებს, ყველას ჰქონდეს იმისი შანსი, რომ, რაც მასში ბუყბუყებს, დადოს, შემოგვთავაზოს, სხვანაირად ვერ მოინელებს. ხანდახან რომელიმე მსახიობზე ამბობენ, დაბოღმილიაო, ყელამდე აქვს ის განცდები და იმიტომ…

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მე ჩემ თავსაც კარგად ვიცნობ და ჩემს კოლეგებსაც. მე ხასიათით არა ვარ მსახიობი. ჩემ ხასიათს ბევრჯერ ძალიან დიდი სიკეთე მოუტანია ჩემთვის.

სკანდალი, ინტრიგა, ეს სიტყვები საერთოდ ამოშლილი მაქვს ლექსიკონიდან, ზოდიაქოთი თხის რქა ვარ, თან აშკარად გამოხატული, საშინლად ვგავარ დედაჩემს ხასიათით. ყველაფერში ასეა, რაც მიყვარს იმას ვაკეთებ. მასზეც ვარ კონცენტრირებული, არ ვიხარჯები და არ ვიფანტები, ნაკლებად მაინტერესებს ირგვლივ რა ხდება, თან კი არ ვიტანჯები და თავს კი არ ვებრძვი, არა, ეს ჩემი ხასიათია, კარგი თვისებაა. მომწონს, მაგრამ მთლად კარგიც არაა, თუნდაც ჩემი ოჯახის წევრებისთვის, როცა მე კონცენტრირებული ვარ როლზე, ვერ ვიტყვი, რომ არ მცალია მათთვის. კი, ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ ხომ ხვდები, მთელი გული და ტვინი სად მაქვს?“

თბილისზე და თბილისელ მაყურებელზე: „სხვანაირი ქალაქია – ძალიან ცუდი ქალაქია და ძალიან კარგი ქალაქია – თბილისი. ვერასოდეს გავცვალე ეს „სალი კლდეები“, თუმცა, არც მიცდია. ყველგან ვამბობ ამას, უცხოეთშიც, აქაც, თბილისში რომ მაყურებელია, ტყუილია, არსად არ არის. აქ რომ აქვს მაყურებელს შეფასების უნარი, არსად არ აქვს ასეთი. უნდა დამეთანხმოთ, თუ არ დამეთანხმებით, დავიჟინებ, რომ დამეთანხმოთ – სცენაზე ვდგავარ და იქიდან ვუყურებ. თბილისში გიყურუბენ და მაგრად იციან თეატრი. თბილისური პონტია მოწონება-არმოწონებაც, ისიც თბილისია, რომ დაიბოღმება და იტყვის „არ მევასება“. გეუბნებით, ფანტასტიკური მაყურებელია, ვერაფერს გამოაპარებ – ერთ მისხალს, ერთ წამს.

 

არ კაიფობთ, პრემიერის შემდეგ რომ დაილეწება ტაშით ყველაფერი და უცებ რომ მოიხედავ და დარბაზში აღარავინ არის?! გლიჯავენ… ძალას კი არავინ ატანს, გულით გიკრავენ ტაშს, ყვირიან და ისე გარბიან, რომ გადიხარ სცენიდან ბოლოს, ერთი-ორი კაცი თუღა გიყურებს. შანსი არ არის, გიჟი ხომ არა ხარ…“

რამდენიმე წლის წინ ნანუკა ამაყი იყო, რომ ვანესა რედგრეივმა ვერ გააოცა თბილისელი მაყურებელი: „რედგრეივმა გადაწყვიტა, გაეოცებინა თბილისი, მაგრამ ვერ გააოცა. თეატრი გადაიჭედა ულამაზესი მანდილოსნებით, ვენაცვალე, ვგიჟდები, პრემიერაზე მოდიან ისეთი დახატულები, არსად არიან ისეთი ლამაზები, როგორიც აქ მოდიან. მოვიდნენ კაცები, ქალები, ლამაზები, ჩაცმულები, კოცნა-კოცნით, დასხდნენ. მერე – ერთი წუთით, უკაცრავად, და… ნელ-ნელა დაცარიელდა დარბაზი. ვანესამ ვერავინ გააოცა, ამ ქვეყანაში არ უკვირთ, აქ იციან, აქ ნანახი აქვთ დიდი სპექტაკლები, დიდი მომღერლებისთვის მოუსმენიათ. ვანესამ დაიჭირა გიტარა, ვერ გავიგე, რა იყო ეს? დინ რიდი ხარ, ვინა ხარ, რა უნდოდა, ვერ გავიგე, მართლა ვერ გავიგე – ბოლშევიკი იყო, საით მიდიოდა. ქალი დინ რიდია-მეთქი, ვღადაობდი. ამ დაპრანჭულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის თეატრი, მისვლაში იყო კომპლექსი – ვანესაზე უნდა მისულიყო, გადაეყარა ფული, ჩაეცვა და მისულიყო. ესეც თბილისია, ვენაცვალე“.

ძალიან უყვარს სიტყვა „დაგლიჯა“, არ უყვარს მთელი რიგი სიტყვები – ტელევიზორმა შეაძულა. ხშირი ხმარებით ცვდება ჯერ სიტყვა და შემდეგ თავად ის მოვლენა, რასაც ეს სიტყვა გამოხატავს.

„აღარ შემიძლია, სამშობლომ როგორ დამღალა არ იცი. რატომ დამღალა? ზარმაცობს. უფრო სწორად, სამშობლომ კი არ დამღალა, სამშობლო გენიალური გვაქვს, ერმა და იმისმა სიზარმაცემ დამღალა“.

აქვს განუმეორებელი იუმორი, თვითირონია და „თვითღადავი“, რომელიც არ ღალატობს მაშინაც კი, როცა მძიმე დღეშია – ასე მაგალითად, ნახავ ხელმოტეხილს, შეწუხებულს, აქეთ დაგამშვიდებს, დიდოსტატი ვარ და მარჯვენა მომტეხესო. თვითონ კი ღადაობს, მაგრამ ის მართლაც სცენის დიდოსტატია…

„მირჩევნია მითხრან, რომ იუმორი გაქვს, ვიდრე მითხრან, რომ ლამაზი ხარ. ანეკდოტებს ვერ ვყვები – ვერ ვიმახსოვრებ. ანეკდოტებს კი არა, ამბებს და ჭორებს ვერ ვიმახსოვრებ. რომ დავსხდებით და ვიქოთქოთებთ, სახლამდე ვერაფერი მიმაქვს… კარგი დიასახლისი ვარ. აღარც კი მახსოვს, როდის ვისწავლე მრავალფეროვანი კერძების მომზადება. ყველაფრის კეთება ვიცი, თუმცა არის რაღაცები, რისი კეთებაც არ მიყვარს. აი, ხინკალს ვერ ვახვევ რეზო, და… „სკოლკო ნადა“? 33? 33-ის ვერ ვაკეთებ და სიმართლე გითხრა, არც გავაკეთებ, იმიტომ, რომ არ მიმაჩნია ხელოვნებად, არადა, ძალიან მიყვარს… არ ვიცი და იმიტომ არ მიყვარს ცომთან ურთიერთობა. ამიტომ ტორტებს და ნამცხვრებს არ ვაცხობ. რა გითხრა კიდე, დაუთოებისა და სარეცხის ამბავი?..

იცი, როგორი ნებისყოფა მაქვს? მე ვარ რკინის ადამიანი. (ღმერთო ცუდად არ მისმინო). სიგარეტი მიყვარდა ძალიან, მაგრამ გადავაგდე, ჩემი საყვარელი რამ გადავაგდე. სულიერიც კი იყო ხანდახან, არასოდეს ხელს არ მიშლიდა, სამსაათიანი სპექტაკლი მითამაშია, კულისებში რეპლიკებს შორის ვარტყამდი ნაფაზებს და  დღეში 2 კოლოფზე მეტს ვეწეოდი. „ადამიანის ხმაზე“ რომ ვმუშაობდი, რაღაც მომენტში მივხვდი, რომ სიგარეტი ხელს მიშლიდა, და იმ წუთში გავწირე, ჩავაქრე ბოლო ღერი და აღარ მომიწევია. ერთი თვე ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ვიცოდი, რომ გავწირე და აღარ მომიწევია. ხუთი წელი არ ვეწეოდი, მერე სიგარის მოწევა დავიწყე, სადღაც ერთი წელი ვეწეოდი გასახვევ თამბაქოსაც და მივხვდი, რომ ჩამითრია. ვთქვი, ესეც უნდა დამთავრდეს! გამეღვიძა შუაღამისას, გამოვბოდიალდი საძინებლიდან, თვალდახუჭული მივედი, ჩანთიდან ამოვიღე უძვირფასესი თამბაქო, სამსუნის, ნაგავში ჩავაგდე, დავწექი და დავიძინე.

არ ვსვამ ყავას. არ მიყვარს და არ ვსვამ. ყავის სმა ჩემთვის დროის ფლანგვასთან ასოცირდება. დროს არ ვხარჯავ ასეთ რამეებზე. ისედაც ლიმონიანი ჩაი მირჩევნია.

ჩვენს პრეზიდენტს მგვანებიხარ.

– ჰო „როსტით“…

დაიბეჭდა “პრაიმტაიმში” 

%d bloggers like this: