Tag Archives: სალომე ზურაბიშვილი

დაანებეთ კახის თავი

 

რეზო შატაკიშვილი

ხმაური და მძვინვარება. არა, ფოლკნერი რა შუაშია, მე იმ ხმაურსა და მძვინვარებაზე ვწერ, რაც კახი კალაძის ენერგეტიკის მინისტრად დანიშვნას მოჰყვა. ეს ხმაური და მძვინვარება ბევრწილად ცინიზმსა და ირონიაში გატარდა, მაგრამ მაინც ვერ იფარებოდა არსი – ამ ფაქტით გაღიზიანება. არადა, ენერგეტიკის მინისტრად რომ კახი კალაძე წარადგინეს, თავიდან მეც იგივე რეაქცია მქონდა, რაც ყველას. მეც გავღიზიანდი – სად აფრიკა, სად პინგვინი… მეც გამეცინა, ნეტა, რა ესმის ენერგეტიკის-მეთქი. ეს საღლაბუცო დონეზე, სერიოზულად კი, მისთვის გატანილ პოლიტიკურ გოლად მეჩვენა უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძის ენამოსწრებული შენიშვნა პარლამენტში, მთავრობის წარდგენა-დამტკიცებისას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მეც ამიტანა უშუქობის შიშმა. არა, ამ შიშს, მინდა გითხრათ, არც ახლა გაუვლია, მაგრამ იმ ხმაურმა და მძვინვარებამ, იმ ცინიზმმა და ირონიამ, რაც კახის გამინისტრებას მოჰყვა, ჩემში უკვე უკურეაქცია გამოიწვია. ისე დაესხნენ თავს კახის, გეგონება, ამ ქვეყანაში სხვა არავინ დანიშნულიყოს შესაბამისი ცოდნა-განათლებისა და კვალიფიკაციის გარეშე. რომელი ერთი ფაქტი გავიხსენოთ უახლოესი თუ მთლად გუშინდელი წარსულიდან?

ზურაბ ნოღაიდელი? მისგან დავიწყებ. ზურაბ ნოღაიდელსა და კახი კალაძეს თუ დიდი იდეალები არა, კაპიტალი და ბიზნესინტერესები მაინც ჰქონდათ საერთო, და არცთუ უხსოვარ დროში. ნოღაიდელი ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს დაინიშნა ფინანსთა მინისტრად, ვარდების რევოლუციის შემდეგაც იჯდა იგივე პოსტზე, შემდეგ პრემიერ-მინისტრიც იყო. ფინანსისტი იყო ბატონი ნოღაიდელი? როგორც სააკაშვილი იტყოდა, – „ნურას უკაცრავად“ – ფიზიკოსი ბრძანდებოდა. ფიზიკოსი კი იყო, მაგრამ მე თქვენ გეტყვით და მაიკლ ფარადეი მყავდა, ანუ ცნობილი გამოთქმის არ იყოს, „ტოჟე მნე მაიკლ ფარადეი“. ნოღაიდელი ნამდვილად არ არის იმ რანგის ფიზიკოსი, რა რანგის ფეხბურთელიც კახი კალაძე იყო. რომც გითხრათ, იყო-მეთქი, დამიჯერებს ვინმე? მოკლედ, ნოღაიდელსაც არაფერი აკავშირებდა ფინანსებთან, გარდა იმისა, რომ ფინანსები და ფიზიკა, ორვე „ფი“-ზე იწყება. მაგრამ რატომღაც არავინ აღშფოთებულა ამ ფაქტით. არც შალვა ნათელაშვილს დაურქმევია მისთვის „დაღლილი ვირი“ ფიზიკოსობის გამო. აქ თავად ნოღაიდელის ფიზიკა იყო შუაში და არა მეცნიერება ფიზიკა.
წინა ხელისუფლების, დღეს კი უკვე ოპოზიციის აღშფოთება ერთი მხრივ გასაგებია, მაგრამ რა ვუყოთ იმ კითხვას, რომელიც ავტომატურად გებადება: დიდი ბოდიში და მომღერალი გოგა ხაჩიძე გარემოს დაცვის სპეციალისტი იყო? ფრიად განსწავლული ბუნებრივ რესურსებში? კი, ახლა თუ მის ბიოგრაფიაში არქეოლოგიურ გათხრებს ჩავატარებთ, აღმოვაჩენთ, რომ ოდესღაც უნივერსიტეტში ბიოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა და მცენარეთა ფიზიოლოგია შეისწავლა, მაგრამ ამ განათლებამ რა კონკრეტული შედეგი მისცა ქვეყანას, ან თვითონ იმ ხელისუფლებას? ხაჩიძესაც რომ მოვეშვათ, შევარდნაძისდროინდელი ნინო ჩხობაძე რომ მართლა გარემოს დაცვის სპეციალისტი იყო, რა ხეირი? დავდგეთ და გავიხსენოთ მის დროს მიღებული ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც არა თუ იცავდა, არამედ თავს ესხმოდა ბუნებას. არ ვიცი, რას იცავდა, ვკითხოთ კრწანისში გამაგრებულ შევის, რას იცავდა ჩხობაძე? იქნებ შევარდნაძის გარემოს?
ან ამერიკაში განსწავლულმა ხათუნა კალმახელიძემ (საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრმა) რა კალმახებიც დააჭერინა წინა ხელისუფლებას, არ ვნახეთ? ან მას ჰქონდა პენიტენცურ სისტემაში მუშაობის გამოცდილება? შესაბამისი განათლება ვერა ქობალიასაც ჰქონდა, მაგრამ ვინმეს სჯერა, რომ ამ ელეგენტურ ქალს რაიმე აკავშირებდა ქვეყანის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებთან? გნებავთ პოზიტიურთან, გნებავთ ნეგატიურთან?
ან შაშკინი რომ დავლურს უვლიდა მთავრობაში, ხან განათლების მინისტრი იყო, ხან სასჯელაღსრულებისა და ხანაც თავდაცვის, რომელი სფეროს წარმომადგენელი იყო, რომელი განათლების? „ტოჟე მნე დავით გამყრელიძე“ – „ექიმი, მეწარმე, ლიდერი“…

 

ან თვითონ ამ ხელისუფლებაში მარტო კახია „ნიპრიჩომ“? ფინანსისტი ღარიბაშვილი იყო ძალოვანი სფეროს წარმომადგენელი, ან იურიდიული განათლებით დაიკვეხნის? მაგრამ მოიცათ, ვანო მერაბიშვილს თუ „გეპეი“ ჰქონდა დამთავრებული (სამთო ფაკულტეტი), ბევრს დამისახელებთ ვანოსნაირ შს მინისტრს? ბევრმა მინისტრმა ააწყო და დატოვა სისტემა?
ან წინა, ან თვითონ ამ ხელისუფლებაში ვინმე მარტო იმიტომაა მოსაწონი, რომ დარგის თუ სფეროს წარმომადგენელია? „ლაიქ-დისლაიქზეც“ არაა საქმე. გურამ ოდიშარია კულტურის მინისტრია, ნამდვილად ამ სფეროს წარმომადგენელია, არცთუ ურიგო, მაგრამ კითხულობს ვინმე, რამდენ ხანს გაეწელა მოადგილეების დანიშვნა? როგორ უჭირს გადაწყვეტილებების მიღება? კარგ და ცუდ, კანონიერ და უკანონო გადაწყვეტილებებზე არაა საუბარი, საუბარია გადაწყვეტილების მიღებაზე, საერთოდ. დღემდე არ მიუღია გადაწყვეტილება თეატრისა და კინოს უნივერსიტეტთან დაკავშირებით. უნივერსიტეტში დღემდე ორმეფობაა – ცალკე გოგი მარგველაშვილია რექტორი, აკადემიური საბჭოს არჩეული, და ცალკე რექტორობას არ თმობს და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებას არ ცნობს გადარჩეული რექტორი ჩხაიძე. მინისტრი ან უნდა დაეთანხმოს აკადემიურ საბჭოს, ან არ დაეთანხმოს. ამ შემთხვევაში, როგორც უკვე მოგახსენეთ, განხილვის საგანს არ წარმოადგენს, რომელი გადაწყვეტილებაა კანონიერი და რომელი – უკანონო, საუბარია საერთოდ გადაწყვეტილების მიღებაზე. ან ასე, ან ისე. და არა ისე, როგორც დღესაა – გაურკვევლობა და ორმეფობა.
და საერთოდ, რა ნიშნით უნდა ინიშნებოდეს კონკრეტული დარგის მინისტრი?
იმ სფეროს წარმომადგენელი უნდა იყოს, რომელსაც განაგებს? მხოლოდ ეს კმარა წარმატებისთვის? დავით მირცხულავა რომ ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენელი იყო და განათლებით ენერგეტიკოსიც, ძალიან გაანათა ქვეყანა და ააყვავა ენერგეტიკა?
რა არის აუცილებელი, მინისტრს იმ სფეროს შესაბამისი დიპლომი ედოს უბრალოდ ჯიბეში, როგორც ბევრ მინისტრს ედო და უდევს? ოდესღაც, ნადეჟდა კრუპსკაიას ქალწულობის ჟამს რომ ვინმე რამე ფაკულტეტს ამთავრებდა, ნიშნავს კი ეს რამეს? ან ქვეყნისთვის, ან თვითონ ამ პირისთვის?
თუ, უბრალოდ, მინისტრად პოლიტიკური პერსონა უნდა ინიშნებოდეს, როგორც არაერთი დანიშნულა? ან ამას მოუტანია რაიმე შედეგი? სანამ დარგის სპეციფიკაში გარკვეულა, მოუხსნიათ და გაუგზავნიათ კიდეც პოლიტიკურ მოუსავლეთში.
ან იქნებ, უბრალოდ, გამოცდილი მენეჯერი სჯობს, რომელიც შესაძლოა, არ არის დარგის, სფეროს წარმომადგენელი, მაგრამ კარგად ფლობს მართვის ხელოვნებას?
ყველა ჩამოთვლილ ვარიანტს აქვს თავისი პლუსი და მინუსი. ეფექტს მხოლოდ იმ ვარიანტთა კომბინაციები იძლევა, როცა ადამიანი სფეროს წარმომადგენელიცაა, პოლიტიკური ნებაც გააჩნია, კარგი ორგანიზატორული უნარებითაცაა აღჭურვილი და მართვაც ეხერხება.
საქართველოში ეს ყველაფერი მაინც გარტყმასა და გამართლებაზე – ცალკეულ პიროვნებაზეა დამოკიდებული, რა უნარს გამოავლენს და რა მარიფათს გამოიჩენს, წინასწარ რაიმეს განჭვრეტა ხშირად შეუძლებელიცაა. ისიც გვახსოვს, რა ზარ-ზეიმით აღმოუჩენიათ ახალი სახე, ღრუბლებში აუყვანიათ და იქიდან უპარაშუტოდ გადმოუგდიათ, თუნდაც ირაკლი რეხვიაშვილი. ან დიპლომატი სალომე ზურაბიშვილის ტრიუმფით ჩამოყვანა გახსოვთ? მერე რომ პოლიტიკური შეუთავსებლობა დაეწყო მმართველ პოლიტიკურ გუნდთან, თავი რომ ნესტან-დარეჯანად წარმოიდგინა და ყველას ქაჯები ეძახა?
ასე რომ, თითქმის აბსურდია ამ ქვეყანაში რაიმე გარანტიის ძიება, ამ ფხვიერ ქვიშაში საყრდენის მოძებნა, იმ საყრდენის, რომელიც დედამიწას თუ არა, ამ ერთი ბეწო ქვეყნის პოლიტელიტას დაძრავს და წინ წასწევს. ისევ ალალბედზე ვართ, ვინ გაამართლებს და ვინ – არა.
მით უმეტეს, მთელ ამ ფონზე კიდევ უფრო გამაღიზიანებელია ასეთი შტურმი მაინცდამაინც კახი კალაძეზე. თუმცა კი საინტერესოა, ასე რატომ აღიზიანებს საზოგადოებას ერთ საქმეში წარმატებული ადამიანის სხვა სფეროში გადანაცვლება? ამ შემთხვევაში მარტო კახიზე არაა საუბარი, საერთოდ ფენომენზეა ლაპარაკი. თავის დროზე, ლანა ღოღობერიძეზეც ატყდა გნიასი, რა უნდა პოლიტიკაში, გადაიღოს კინოო… რატომ არ ვეკითხებით თვითონ შემოქმედს, უნდა თუ არა ის სამოღვაწეო ასპარეზი, რომელსაც უსაზღვრავ? ლანა ღოღობერიძემ არცთუ ურიგო როლი ითამაშა თავის დროზე საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანებაში.
ან ახლა რას ერჩით კახის? თქვენი არ ვიცი და მე კახი მირჩევნია ბევრ ვითომ დარგის გამოლელეტებულ სპეციალისტს და სფეროს წარმომადგენელს. კახი კალაძეს გოლი მაინც აქვს გატანილი. ვიცი, მეტყვით, „ავტოგოლიო“ და მეც გიპასუხებთ, – დიახ, გოლი აქვს გატანილი თუნდაც საკუთარ კარში, თქვენ ან სხვებმა – თქვენგან „დალაიქებულმა“ „სფეროშნიკებმა“ სად რა გაიტანეთ, ან რა გამოიტანეთ?
ანდა მხოლოდ მინისტრებზე რომაა საუბარი, პარლამენტი, კანონშემოქმედება, ქვეყნის ბედის გაწყვეტა ხელწამოსაკრავია?
გიორგი ასანიძემ ციცერონი ჩამოიტოვა მჭევრმეტყველებაში თუ იუსტინიანე – კანონმდებლობაში?
ან ამ პარლამენტშია დეფიციტი სპორტსმენების, ხელოვნების წარმომადგენლების, ან საერთოდ სხვა დარგის წარმომადგენლების, რომელთაც კანონშემოქმედებასთან ისეთივე შეხება აქვთ, როგორც კონდოლიზა რაისს საცივთან?
არ ვიცი, ვინ რაში ჩამითვლის ამ აზრებით „მატაობას“, მაგრამ ერთ რამ კი ვიცი – ამოჩემება იწვევს უკურეაქციას…

  დაიბეჭდა “პრაიმტაიმში”

რა ,,უზაარ-მაზააარი“ შედეგი მოაქვს ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადაბარგებას

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა გაზეთ “დრონი.გე–ში”)

არჩევნები გადაგორდა და ოპოზიციასაც გადაუგორდა იმედები იმის თაობაზე, რომ წინასაარჩევნო სოციოლოგიური კვლევის შედეგები საარჩევნო ყუთთან თავდაყირა დადგებოდა. საარჩევნო ყუთი არ აღმოჩნდა არც ჯადოსნური, არც ”ფოკუზნიკი”.

შედეგმა კიდევ ერთხელ ცხადყო ერთი რამ – ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადაბარგება რა შედეგითაც სრულდება. ირაკლი ალასანიამ მერის არჩევნებში 19%-ი მოაგროვა, მასზე ადრე ოპოზიციაში გაქცეულმა ძიძიგურმა კი ამის ნახევარიც ვერა.  რა “უზააარ-მაზაარი” შედეგიც მოაქვს ოპოზიციაში გადაბარგებას, ყველამ ერთად ვიხილეთ. თუმცა აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ შედეგებს, იგივე ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადაბარგების უნაყოფობის თვალსაზრისით, თვისობრივად ახალი არც არაფერი უთქვამს. უბრალოდ, კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის, რაც უამისოდაც ჩანდა. დღევანდელი ოპოზიცია ლამის მთლიანად “ნაცმოძრაობიდან” დევნილებით თუ გაქცეულებითაა დაკომპლექტებული. მათი სახელი ლეგიონია.  თავიდან მათ ოპოზიციაში გადაბარგებას, მოდი ვაღიაროთ, რომ მართლაც ჰქონდა ერთგვარი რეზონანსი და მართლაც შეიცავდა საფრთხეს “ნაცმოძრაობისთვის”. ასე იყო სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციაში გადასვლისას, ასე იყო მანამდე “რესპუბლიკელების”, ძიძიგურ-დავითაშვილის წასვლისას, აღარაფერს ვამბობთ ირაკლი ოქრუაშვილის სკანდალურ გაოპოზიციონერობაზე. რა მივიღეთ შედეგად? ავბედითი 7 ნოემბერი. ხელისუფლება, მართლაც, დადგა დიდი გამოწვევის წინაშე. მაგრამ საფრთხის გადავლის შემდეგ, მას მერე, რაც ოპოზიციის სამსხვერპლოს მხოლოდ თამარ კინწურაშვილი შესწირა ხელისუფლებამ და ოპოზიციაც მშვიდად გაემართა სხვადასხვა კუნძულებზე გასარუჯად… მას მერე, ხელისუფლებიდან ვინმეს ოპოზიციაში გაქცევამ ყოველგვარი აზრი თუ არ დაკარგა, ყოველ შემთხვევაში, საშიში ნამდვილად აღარაა ხელისუფლებისთვის.  საშიში ამ ხელისუფლებისთვის, ალბათ, მარტო იმ შემთხვევაში თუღა იქნება, თავად მიხეილ სააკაშვილი თუ გაექცათ ოპოზიციაში.
ელემენტარულად წარმოიდგინეთ სიტუაცია, რომელიმე დღევანდელმა ხელისუფლების გავლენიანმა ფიგურამ რომ დაიმუქროს, ოპოზიციაში გადავალო, გამოუვა კი ეს მუქარა? რომ წავიდეს, ვის რა კაკაოს გაუცივებს? ბურჯანაძემ რომ ჰყარა ქოში და წავიდა ოპოზიციაში, რა დააკლო მიხეილს? ან ნოღაიდელმა რა დააკლო ამ ხელისუფლებას, ან ოპოზიციაში გაქცევით, ან კრემლში ძუნძულით?

ან რიღათი უნდა დააშინონ დღევანდელი ხელისუფლება? ცოდვების წამოძახებით? რაიმეს დაბრალებით იმ მოტივით, რომ მათ, როგორც ძველ თანამებრძოლს, საზოგადოება დაუჯერებს?

ოპოზიციაში აქამდე გაქცეულებმა, ამ ყველაფერზე უკვე იმუნიტეტი გამოუმუშავეს ამ ხელისუფლებას. თავად განსაჯეთ, რა უნდა დააბრალოს, ან რაში უნდა ამხილოს ვინმემ ეს ხელისუფლება, რომ ოქრუაშვილის განცხადებების მერე ვინმე გააკვირვოს, ან ხალხი, ან ხელისუფლება? ან ვინმემ რა უნდა იკისროს იმაზე მეტი, რაც უკვე იკისრა ამ ოპოზიციამ?  მოკლედ, ხელისუფლებიდან გამოქცეულებმა, თავისი გამოქცევით, არათუ დაასუსტეს ეს ხელისუფლება, პირიქით – გამობრძმედეს კიდეც.

ობიექტურად, ამ პროცესს თავისი ნაკლიც აქვს და ღირსებაც, ნეგატიურიცაა და პოზიტიურიც.

ნეგატიურია თუნდაც მარტო იმიტომ, რომ ეს ისევ და ისევ დააკნინებს სახელისუფლო გუნდის შიგნით პროცესების მიმდინარეობას, გაძლიერებული ფრთა აღარ გაუწევს ანგარიშს დანარჩენების თუნდაც საღ აზრს და პოზიციას მხოლოდ იმიტომ, რომ უკვე აღარავის აღარსად გაქცევის არ შეეშინდება. ეს ყველაფერი მთლიანად ხელისუფლებაზეც იმოქმედებს, მეტ სითამამეს მისცემს მას.

მეორე მხრივ კი, ამ ყველაფერში პოზიტიური ისაა, რომ ბოლო მოეღება ოპოზიციაში გაქცევის მუქარით პოლიტიკურ ვაჭრობას, რაც აქამდე არაერთხელ მომხდარა, თუნდაც იგივე ბურჯანაძის შემთხვევაში. როდესაც მან სწორედ ოპოზიციაში გადაბარგების მუქარით, ხან სიები გაისუქა, ხანაც აგარაკი მიიღო მანეთად.  მარტო პოლიტიკურ ვაჭრობას კი არ გამოაცლის ეს საფუძველს, უნდა ვიმედოვნოთ, რომ ზოგადად ოპოზიციურ სპექტრსაც გააჯანსაღებს იმ თვალსაზრისით, რომ ოპოზიცია მარტო ხელისუფლებიდან დევნილებით აღარ დაკომპლექტდება.

კიდევ ერთხელ გადავხედოთ დღევანდელ ოპოზიციას. ოპოზიციის უდიდესი ნაწილი გუშინ ხელისუფლებაში იყო, დღეს ოპოზიციაში არიან. მოკლედ, ხან შავებით უბერავენ პოლიტჭადრაკს, ხან თეთრებით, რაც იმას იწვევს, რომ დაფა დაკავებულია სხვათათვის, რაც არცთუ ისე მომგებიანია ქვეყნისთვის. მაგათგან ხეირი კი ჩვენ ვერც ხელისუფლებაში ყოფნისას ვნახეთ და არც ახლა გვადგას კაი დღე.

მითხარით, რა სარგებლობა მოიტანა “უზაარმაზარშედეგიანმა” ზვიად ძიძიგურმა, როცა ის ხელისუფლებაში იყო, ან რა მოიტანა მერე, როცა ოპოზიციაში გადავიდა? ეროვნული კაცი რომაა და კრემლში ყოველ ჩასვლაზე თითო აგურს რომ აცლის კრემლის კედლებს? რა ხეირი მოგვიტანა ნოღაიდელმა, როცა პრემიერ-მინისტრი იყო? ან ახლა? და რატომ უნდა ველოდოთ მისგან სიკეთეს, თუნდაც ხელისუფლებაში ხელახლა – უკვე მერამდენედ მოსვლის შემთხვევაში?

ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიანო და მგონი, თავადაც აღარ ახსოვს, რამდენჯერ შეტოპა და გამოტოპა. ჩვენ კი ვდგავართ და მაგის ტოპაობას ვუყურებთ. სადამდის კი არა, როდემდის, “შვილო ზურაბ”? იგივე შეიძლება ითქვას ქალბატონ ბურჯანაძეზეც.

რა შედეგი მოგცა ხელისუფლებაში მისმა ხანგრძლივად ყოფნამ ვარდების რევოლუციის შემდეგ? რევოლუციამდე დაგროვილი თავისი პოლიტიკური კაპიტალი მან იმისთვისაც კი არ გამოიყენა, რომ ხელისუფლების შიგნით სიტუაცია გაეჯანსაღებინა. პირიქით, მხოლოდ მაშინ იღებდა ხმას, როცა საფრთხე პირადად მას ეხებოდა. ასე მოხდა მაშინ, როცა არჩევნებზე სიები შეუმცირეს, ამოიღო ხმა და თანაც სულ სხვას დაარტყა – ზურაბ ჟვანიას. ამ  პოლიტიკით დიდად ვერ დააფრთხო სააკაშვილი. ვითომ თავის პოლიტიკურ კაპიტალს უფრთხილდებოდა, მიხეილს ნოტარიუსად დაუდგა, მაგრამ სწორედ ამ პროცესში შემოეფლანგა ხელში ის თავისი პოლიტიკური კაპიტალიც, იკლო მისმა პოლიტიკურმა წონამაც და დარჩა მხოლოდ ფინანსური კაპიტალის ამარა – აღშფოთებული.

ეს აღშფოთება კი ძალზე ხშირად ამომრჩეველზეც ვრცელდება ხოლმე. რამდენიმე ხნის წინ ბრძანა, აქციებზე მილიონი კაცი რომ გამოსულიყო, სააკაშვილს დავამთავრებდითო, ანუ მილიონებს დაუცაცხანა “წიოწ ნინამ” – რად არ გამოხვედით, რატომ არ დაგვამთავრებინეთ სააკაშვილის ხელისუფლებაო. იმას არ კითხულობს, ამ მილიონებს უნდათ კი სააკაშვილის დამთავრება და ბურჯანაძის “დაწყება” – თან უკვე მერამდენედ?
ამ ხალხს, მე მგონი, თავი სტურუას “კავკასიური ცარცის წრე” ჰგონია, რამდენჯერაც არ უნდა უყურო, რომ არ მოგბეზრდება. და რატომ უნდა ვიაროთ ჩვენ, საზოგადოებამ, მაგათგან მოჯადოებულ წრეზე, რატომ უნდა ვუყუროთ ერთსა და იმავე სახეებს – ხან პოზიციაში, ხან ოპოზიციაში, ხან აქეთ და ხან იქით, ხან ალთას და ხან ბალთას, ეს არავის აინტერესებს.

თუმცა “წიოწ ნინა” ერთ რამეში ნამდვილად არ ტყუოდა, ადგილობრივი არჩევნებით ჩვენ მიხეილს ვერ შევცვლითო, ამ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არა აქვსო. მიხეილი კი არა, მაგათ გიგიც ვერ შეცვალეს. იმდენი თხარეს, იმდენი იძახეს არჩევითი მერი, არჩევითი მერიო, რომ გამოთხარეს კიდეც – აქამდე თუ გიგი დანიშნული იყო, ახლა პირდაპირი გზით არჩეულია. მთელი მაგათი თუხთუხი და წყევლა ლოცვად შეერგო უგულავას ლეგიტიმაციის კვადრატში აყვანას.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, შექმნილი სიტუაცია ნამდვილად ქმნის ნოყიერ ნიადაგს საიმისოდ, რომ ოპოზიცია კვლავ ხელისუფლებიდან დევნილებით თუ გამოქცეულებით კი აღარ შეივსოს, გამოჩნდნენ სხვა ძალები, ვინც ამ ხელისუფლებას ოპონირებას უფრო საღად გაუწევს და მათი ოპონირება არ იქნება ნაკარნახევი ხელისუფლებიდან გამოყოლილი წყენებიდან, ბოღმებიდან და ჯანდაბიდან. გადახალისდება თუ არა ოპოზიციური სპექტრი, ამას მომავალი გვიჩვენებს, დღევანდელობა კი – ამის აუცილებლობას…

%d bloggers like this: