გმირი სერგო მელია
რეზო შატაკიშვილი
ის ცხინვალში ხეთაგუროვიდან შევიდა, მიმდებარე სოფლების აღების შემდეგ.
ცხინვალის დამხობილ აბრასთან ჩამოჯდა თანამებრძოლებთან ერთად, სიგარეტის მოსაწევად.
გაგარასაც ასე ავიღებთ – უთხრა თავის თანამებრძოლს.
სოხუმიც ასაღებია – იყო პასუხი.
გაგრა რომ დაატოვებინეს, 14 წლის სერგუნა მელია იყო, მოსული, პუტკუნა, ფრიადოსანი ბიჭი, გარეთ თამაშს რომ წიგნების კითხვა ერჩია, საქართველოს ისტორიაზე რომ გიჟდებოდა მაშინაც და მერეც. წამოწოლილი კითხვის გამო რომ გულმკერდის დეფორმაცია მიიღო… მისი და და პატარა ძმა რომ გარეთ თამაშობდნენ, ის შინ იჯდა და დილით რომ ისტორიულ რომანს კითხულობდა, შუადღეს დეტექტივით ხალისობდა, საღამოს – კიდე სხვა წიგნს კითხულობდა…
ბავშვობა სოფელ ახალაძეში გაატარა, ომის დაწყების პირველი დღიდან მტრის კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ. მამამ ზღვით სცადა ცოლ-შვილის გაყვანა, მაგრამ მოაბრუნეს და ალბათ ცოცხლები ვერც გადარჩებოდნენ, გაგრაში მცხოვრებ ბიძას რომ არ ემარჯვა – ბიძამ გაგრაში აფხაზები დაიჭირა და საკუთარ ძმიშვილებში და რძალში გაცვალა. შემდეგ ძმაც გამოიხსნა, ამავე ხერხით.
იქ, ცხინვალის აბრასთან ჩამომჯდარს აუცილებლად გაახსენდებოდა, როგორც ჩაუწუილა გაცვლის დროს ტყვიამ 2 სანტიმეტრში, როცა თვალებახვეული მიწაზე იჯდა და სიმწრისგან ღიღინებდა… გაახსენდებოდა ის სიმწარეც და შემდეგ მთელი ცხოვრებაც დევნილობაში – ჯერ აბაშაში, ბებია-ბაბუასთან, შემდეგ თბილისში…
გაახსენდებოდა და ალბათ გულს გაჰკრავდა კიდეც ფიქრი – ამჯერად გადავრჩები?
მის ჯარისკაცებს ხომ დღესაც ახსოვთ მისი სიტყვები ბრძოლის წინ:
„ნუ გეშინიათ მეომრებო, თუ დავიღუპებით, იცოდეთ არასოდეს მოკვდებით. ჩვენ მუდამ ცოცხალები ვიქნებით“.
იარაღის დარიგებისას ხომ ეტყვის კიდეც თავის ბიჭებს – დღეს ნახავთ ბიჭებო ლამაზ სიკვდილს ბრძოლის ველზე…
ლამაზ სიკვდილამდე გზაა. გულანთებული ბიჭის გზა, ჯანი მაინცმადამინც რომ არ ერჩოდა.
თვალცრემლიანი და – ნანა მელია მიამბობს, სკოლა რომ დაამთავრა, კადეტთა კორპუსში უნდოდა ჩაბარება და მამამ არ გაუშვა, სერგო ნერვიულობდა, ცხოვრებას მინგრევო. „ასე სჯეროდა, ჯარში თუ შევიდოდა გაგრას დაიბრუნებდა…“. თავდაცვის აკადემიაში ჩააბარა. ისტორიაში ხუთი მიიღო, ქართულში – 4, მათემატიკაში – 3 და ფიზკულტურაში – 2… მაინც ჩარიცხეს, აღოჩნდა რომ აბითურიენტების 80 %-მა ფიზკულტურაში 2 მიიღო…
სერგო მელიას გული მიუწევდა ჯარისკენ და არა გაუვარჯიშებელი ტანი.
მაგრამ ყველა წინააღდეგობა გადალახა. ფიზიკურიც და მორალურიც.
„მამაჩემს ეუბნებოდა, ცხვარი გამზარდე და მგლების ხროვაში შემაგდეო… პირველ კურსზე რომ იყო, გამორბოდა, კარტში ფული წააგებინეს, არ იყო ძველი ბიჭი… ძლივს გავუშვით. ყველაფერს გაუძლო. კარანტინები ჰქონდათ, საშინელება იყო, მახსოვს ტკიპებიანი რომ მოდიოდა. თან საშინლად ალერგიული იყო, მაგრამ მაინც გაუძლო ყველაფერს. აკადემიის დამთავრების შემდეგ, სენაკში მსახურობდა 2 წელი, იქაც გაუსაძლისი პიურობები იყო, ხელფასი არც მიუციათ, საშინლად განიცდიდა, ბიჭები მშივრები არიან, ფეხსაცმელი არ აქვთ, ჩუსტებით როგორ ვარბენინო, რა ჯარი უნდა გამოვიდესო. რომ დაინახა რომ ტერიტორიების დაბრუნებაზე არავინ ფიქრობდა გული აიყარა, მოსკოვში ბიძაჩემთან წავიდა სამი წელი… ეს ხელისუფლება რომ მოვიდა და ჯარში სიტუაცია რომ შეიცვალა, ისევ დაბრუნდა და ჩადგა სამსახურში. ჯერ ფოთში, მსახურობდა, შემდეგ ბათუმში. შემდეგ მუხროვანში გადმოჰყვა მეგობარს. ბოლოს ვაზიანში მსახურობდა, მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის მეორე მსუბუქი ქვეითი ასეულის მეთაურად“.
თავდაუზოგავმა ბრძოლამ საკუთარ ტანთან, შედეგი გამოიღო _ ფორმაში ჩადგა, ის კი არა, თურმე როცა ჯარისკაცებს სჯიდა ათ კილომეტრზე სირბილით, მათთან ერთად დარბოდა. დას ეტრაბახებოდა – ლომებივით ბიჭები მყავსო.
ნანა მელია: „ასეული რაც ჩააბარეს, სალაპარაკოდაც ვეღარ ვნახულობდი. ვეუბნებოდი, ოფიცერი ხარ, ხომ შეგიძლია შენც მოხვიდე ოჯახში, როგორც სხვები დადიან-მეთქი. ბიჭებს რომ რამე დაემართოთ, ხომ მოსაკლავი მექნება თავი, მათ დედებს თვალებში როგორ შევხედოო. ნაწილიდან რომ გამოვიდოდა, სულ ტელეფონზე ეკიდა, აბა სად ხართ, რას აკეთებთ… მართლაც შვილებივით უვლიდა ბიჭებს. ნაწილიდან არ გამოდიოდა ფიზიკურად და რომ ვეუბნებოდი, ცოლი მოიყვანე მეთქი, მეუბნებოდა, მე სახლში არა ვარ და შენ მოგიყვანოო? თუ ნაწილში წავიყვანოო? ხუმრობდა…“.
გმირულად დაღუპვამდე 2 თვით ადრე _ 30 წელი შეუსრულდა. ცხოვრებაში პირველად გადაუხდია დაბადების დღე.
„ცხოვრებაში პირველად ჩააქრო სანთლები… არ ვიცი გული მიგრძნობდა რა იყო, არ ვიცი რისთვის ვამზადებდი ჩემს ძმას, რაღაც მიმინდა, მე ვუყიდე სანთლები, 30 წელი შეგისრულდა და სანთელბი უნდა ჩააქრო მეთქი. გაგიჟდა მეღადავებითო, ამხელა კაცს სანთლები რად მინდაო. ერთხელ ხომ უნდა ჩააქრო ბიჭო მეთქი… ჩააქრო სანთლები, არ ვიცი რა ჩაუთქვა, მაგრამ არ შეჩა ამ ქვეყანას…“
მისი სიცოცხლე მტერმა ჩააქრო ბომბებით – ცხინვალთან, დუბოვაროშაში….
4 აგვისტოს ბაბუა გარდაეცვალა და სოფელში წაასვენა. 7 აგვისტოს დილით გამთენიისას დაურეკეს და გამოიძახეს. ჩამოვიდა თბილისში, ფორმა აიღო. ბიძაშვილს უკითხავს, რას იზამ, ჩამოხვალ, ბაბუაშენის გასვენებაში? პასპორტი მიუგდია – თუ ცოცხალი ვიქენი ჩამოვალო…
წასულა. თავზარდაცემული დედის ზარებს არ პასუხობდა, არც დისას. შემდეგ თავად ურეკავდა. როცა სიჩუმის წამს დაიჭერდა გაგანია ბრძოლის დროს. რომ არ ენერვიულათ, ატყუებდა, ზარს მაქვს ჩაწეული და ახლა ვნახე დანარეკი და გირეკავთო. დედას 7-ში ღამით ეუბნებოდა, დამაძინე ახლა და შენც დაიძინე, გორში ვარ ნუ ნერვიულობთო. დას, 8-ში დილით – ახლა გავიღვიძე, რა ხდება, რას ამბობენ ტელევიზორშიო და დაც იდგა და ბრძოლის ამბებს უყვებოდა ბრძოლის ველზე მყოფ, მთელი ღამე ბრძოლისგან დაღლილ ძმას… ამ დროს ძმას სამი სოფელის აღებაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, ცხინვალში იბრძოდა… უკანდახევისას მისი ასეული სხვა ასეულის მეთაურს – ნატროშვილს ჩააბარეს, თავად შტაბს მიამაგრეს. ის და მისი მეგობარი მურად ტორჩინავა შტაბთან ერთად იბრძოდნენ. წინ მიდიოდნენ, მაგრამ მობრუნდნენ – მტერმა ბენზინკალოკნას დაარტყა. იქ მელიას ასეულის ბიჭები აფეთქდნენ. ნატროშვილი ადგილზე ჩაიფერფლა. სერგო მელია ბიჭების ამოსაყვანად ჩავიდა. ამოიყვანა ერთი, მეორის ამოსაყვანად რომ ჩასულა, ჯავშანი გაუხდია, ვეღარ ვერევი, ერთი ამისიც, კაცი ვერ ამომყავსო… გაუხდია ჯავშანი, მოუკიდია მეორე დაჭრილიც და ამოუყვანია (ორივე დაჭრილი გადარჩა). მანქანაც მოიყვანეს მათ გადასაყვანად. სანამ დაჭრილებს მიხედავდნენ დაღლილი ბიჭები მიწაზე ჩამოსხდნენ _ სიგარეტის მოსაწევად. უკან მედდები ამაზადებდნენ დაჭრილებს გადასაყვანად.
სიგარეტს არ ჰქონდათ მოკიდებული რომ დაბომბვა დაიწყო – ტანკებს დაარტყეს. „ტანკებს დაარტყეს“- არ ჰქონდათ ერთმანეთისთვის ბიჭებს ნათქვამი, რომ მათ უკან აფეთქდა ბომბი…
მურად ტორჩინავა 7 მეტრზე გაისროლა, ადგილზე რომ მივიდა, ნახა _ ზვიად მემარნიშვილს ჩაფხუტი გახეთქვოდა და ტვინი გადმოსდიოდა, მაგრამ გონს იყო (დღემდე ვერ მეტყველებს). სერგო მელიაც იქვე ეგდო – მიწა ეყარა. გადაფერთხა მიწა. სისხლი ვერსად ნახა, მაგრამ თვალები ჰქონდა ოდნავ ღია და პირი. უგონოდ იყო. რაკიღა სისხლი ვერსად ნახა, ხელოვნური სუნთქვის ჩატარება სცადა, მაგრამ რეაქცია არ იყო…
ეს მოხდა დუბოვა როშაში… 8 აგვისტოს ნაშუადღევს.
მანქანა იმ დაჭრილებით დატვირთეს, რომელიც გონს იყვნენ და მანქანა წავიდა. სერგო დატოვეს. აზრზე რადგან არ იყო…
თვითონ ფეხში დაჭრილმა ტორჩინავამ ტყიდან ტრასამდე ატარა ძმაკაცი. ტრასაზე დაქოქილი სატვირთო მანქანა ნახეს, გადაწყვიტეს დანარჩენი დაჭრილები და გარდაცვლილები იმ მანქანით გამოეყვანათ. სერგო მელია აიყვანაეს მანქანაზე და… მანქანა ჩაქრა. ნამსხვრევი მოხვედრია და მწყობრიდან გამოსულა. ვეღარ დაქოქეს.
„მარტო ჩემი ძმა დარჩა მანქანაზე დაწვენილი. სხვები აღარ დაუწვენიათ. მერე უკანაც დაუხევიათ და ის მანქანა იქ დატოვეს…“.
ოჯახმა სერგოს ძებნა დაიწყო და „ენეტვეს“ კადრებში ამოიცნო…
ფიფილოვი 8-შივე იყო შესული ცხინვალში, გადაიღო კიდეც ის სატვირთო მანქანა, სადაც სერგო მელია ესვენა, გამოაცხადა კიდეც, „აი, დაღუპული ქართველი ოფიცერი, რომლის გაყვანა ვერ შესძლეს და დატოვესო…“.
ნანა მელია: „შემდეგ ფიფილოვსაც ვესაუბრეთ, გვითხრა, „ფეესბეს“ ვყავდი შეყვანილი და მქანანაზე ასვლის საშუალება არ მომცეს, ამიტომ ზუსტად არ ვიცი, მკვდარი იყო თუ ცოცხალიო. მაგრამ ერთს გეტყვით, ის კაცი იქ არ დაუტოვებიათო. იმედი გაგვიჩნდა, ვიფიქრეთ, იქნებ ცოცხალია, იქნებ ტყვედაა, იქნებ ფეესბემ აიყვანა… მაგრამ 29 დეკემბერს მოვიდა დეენემის პასუხი, რომ ჩემი ძმა განისვენებს მუხათგვერდის სასაფლაოზე. იმ 43 კაცში იყო, რომელიც 26 აგვისტოს გადმოასვენეს… როგორ შემდეგ გაირკვა, ის მანქანა იმავე ღამეს გამოიყვანეს, იმ ადგილიდან 200-300 მეტრში ჩამოაგდეს, არ ვიცი იქამდე მანქანით გადაიყვანეს და მერე ჩამოაგდეს თუ ისე ათრიეს… ცხედარი რომ გავხსენით, მავთული ჰქონდა ხელზე მობმული… ჩემი ძმა დაპლა და ორჯერ დაწვეს… პირველად ხეები დააყარეს, და წაუკიდეს, კადრშიც ჩანს, მეორედ ბენზინი დაასხეს და დაწვეს… მერე აღმოჩნდა მუხათგვერდის სასაფლაოზე, კბილებით ვიცანი… ისეთი გახრწნილი იყო ცხედარი, რაღას დაადგენდნ, რით მოკვდა… ზუსტად არავინ არაფერი იცის. სისხლი არ იყოო, მერე თქვეს, იღლიის ქვეშ იყოო. შეიძლება წნევისგან ისედაც მომკვდარიყო…»
ის დაეცა ბრძოლის ველზე. დაეცა გმირულად და ეს დაეცემა არ იყო შემთხვევითი, მან იცოდა სად მიდიოდა… თანამებრძოლები იხსენებენ რომ მუდამ წინ იწვდა, რომ რამდენჯერმე ძლივს მოატრიალეს… გრძნობდა სიკვდილის მოახლოვებას, ალბათ იმასაც რომ აუხდენელი რჩებოდა ნატვრა – გაგრის აღება…
დაიბეჭდა „პრაიმ თაიმში“, შესულია „პრაიმ თაიმის“ გამოცემულ წიგნში „გმირი“