Tag Archives: სერგო ფარაჯანოვი

რეზო შატაკიშვილი დიდ ელენე ახვლედიანზე

 

ელენე ახვლედიანი

1898 წლის 18 აპრილს თელავში გაუგონარი რამ მოხდა – თოვლი მოვიდა. თოვლით შეეგება თელავი მომავალში სახელგანთქმული მხატვრის – ელენე ახვლედიანის დაბადებას. თითქოს თოვლმა იგრძნო, რომ იბადებოდა მხატვარი, რომელიც არაერთხელ, არაერთ ტილოზე უკვდავყოფდა მას – თოვლს იოლადდნობადს, წარმავალზე წარმავალს…

ის იყო დიდი ქართველი მხატვარი – ევროპული მასშტაბის. ქართული ეროვნული პეიზაჟის დიდოსტატი.

ის მუდამ ხატავდა, ხატავდა ყველგან, ხატავდა, როცა საუბრობდა ტელეფონზე, ხატავდა, როცა სუფრასთან იყო – ხელსახოცებზე… და უყვარდა ყველაფერი, ყველა საგანი, ყველა ნივთი, ყველა ხე, ყვავილი – რასაც ხატავდა…

„თბილისი ჩემთვის არის ელენე ახვლედიანი“, – იტყვის მხატვრის წლისთავზე პატარა ცხვრითა და ძველ თბილისზე მომღერალი მეზურნეებით მისული ფარაჯანოვი.

ელენე ახვლედიანი დაიბადა კრაკოვისა და ოსესის უნივერსიტეტებში განსწავლული დიმიტრი ახვლედიანის ოჯახში. დედა ერისთავის ქალი იყო, ბებია – ჩიქოვანის. თავად მთელი ცხოვრება ხაზგასმული არისტოკრატი გახლდათ. მოიხვევდა შალს და უმალ ხდებოდა ქალბატონი, ანდა საამისოდ საკმარისი იყო საყელოს ყალყზე შეყენება…

„გარეგნულად არაჩვეულებრივი იყო. მაღალი, წარმოსადეგი, ჰქონდა არაჩვეულებრივი ხელები, არა მარტო ლამაზი და დახვეწილი, არამედ მეტყველი… როგორ ნატიფადაც კლავიატურაზე იღებს პირველ ნოტს პიანისტი, ასევე იღებდა ის ფუნჯსა და ფანქარს“, – იტყვის ნათელა ურუშაძე.

1907 წლამდე ახვლედიანების ოჯახი კახეთში ცხოვრობდა, შემდეგ თბილისში გადმოვიდნენ. მიაბარეს გიმნაზიაში, ბავშვობიდან ხატავდა. უყვარდა მუსიკა და ხატვა. საბოლოოდ ხატვას გაჰყვა, მაგრამ მუსიკა დარჩა მის მარადიულ თანამგზავრად, მის სახლში მუდამ ჟღერდა კლასიკური მუსიკა. დაამთავრა სკლიფასოვსკისა და ფოგელის სამხატვრო სტუდია. სწავლობდა ახლად გახსნილ სამხატვრო აკადემიაში, გიგო გაბაშვილის წარჩინებული სტუდენტი 1922 წელს მიავლინეს ევროპაში. სწავლობდა იტალიაში, 1924 წელს გადავიდა პარიზში კოლოროსის აკადემიაში. სწორედ პარიზში დაიწყო მისი აღიარება, სწორედ იქ იყო მისი პირველი გამოფენები, სწორედ იქ დაიწერა პირველი რეცენზიები, იქ შეასხეს ხოტბა. სწორედ პარიზში, კაფე „როტონდაში“ გადაეყარა ულამაზესი ქალბატონის უჩვეულოდ ლამაზ იისფერ თვალებს და არაჩვეულებრივ გამოხედვას. შემდეგში დიდხანს ოცნებობდა კვლავ ეხილა ეს თვალები. ეს ქალი იყო გრეტა გარბო… ელენე ახვლედიანი ხშირად არ დადიოდა კინოში, მაგრამ ყოველთვის მიდიოდა, თუ გადიოდა „ქალი კამელიებით“… სწორედ გრეტა გარბოს გამო. და როგორც თავად დაითვლის, ის ამ ფილმს 118-ჯერ ნახავს…

ელენე ახვლედიანი პარიზიდან დედის ავადმყოფობის გამო დაბრუნდება 1927 წელს, დედა გარდაიცვლება, ელენე დარჩება საქართველოში. დაიწყება მისი გამოფენები თბილისში, ქუთაისში…

თბილისში მემარცხენე, კუბიზმით გატაცებული მხატვრები დიდის ამბით ელიან პარიზიდან დაბრუნებული მხატვრის გამოფენას, იმ იმედით, რომ იხილავენ პიკასოსებურ კუბისტურ სურათებს. იმედი გაუცრუვდებათ, ობსტრუქციის მოწყობასაც დააპირებენ, მაგრამ… ელენეს ნამუშევრების თვალისმომჭრელი სილამაზე, ფერადოვნება, შესრულების მაღალი ტექნიკა მათ დაატყვევებს და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებად აქცევს.

ქუთაისური გამოფენის შემდეგ, ელენე ახვლედიანს თეატრში მიიწვევს კოტე მარჯანიშვილი და დაიწყება ახალი ეტაპი ელენე ახვლედიანის შემოქმედებაში – სიცოცხლის ბოლომდე ის გააფორმებს 72 სპექტაკლს, როგორც თბილისში, საქართველოში, ასევე მოსკოვში, ლენინგრადში, კიევში, ხარკოვში…

ელენე ახვლედიანი

ელენე ახვლედიანი

გამორჩეული გარეგნობის მხატვარ ქალს არაერთი თაყვანისმცემელი ჰყავდა, ბევრი სთხოვდა ხელს. მხატვარი ცოლად გაჰყვა აგრონომ აპოლონ კაკაბაძეს – პომპეზური ქორწილიც გადაიხადეს. ქმარს ძალიან ჰყვარებია, იმდენად რომ ყველასა და ყველაფერზე ეჭვიანობდა თურმე, რაც გამხდარა კიდეც მათი გაყრის მიზეზი. ელენე ახვლედიანი აღარ გათხოვილა, არც შვილი გაუჩენია.

მას სიგიჟემდე უყვარდა ბავშვები. უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა ბავშვებთან ურთიერთობა, მათთვის საჩუქრების შეძენა. არც კედლებიდან საკუთარი ნამუშევრების ჩამოხსნა ეზარებოდა – იქ რომ ბავშვების ნამუშევრები დაეკიდა და გამოფენა მოეწყო.

იყო პირდაპირი. შეუვალი და ხშირად უხეშიც კი. სხვანაირად არც შეეძლო. როცა იცოდა, რომ კონკრეტული ადამიანი სიცოცხლეს უმწარებდა ერთ-ერთ მხატვარს, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ჭირისუფლებში დადგა, ელენე ახვლედიანი მივიდა და საპატიო ყარაულიდან გამოათრია.

მისი სახლი იყო სალონური თავშეყრის ადგილი, სადაც იკრიბებოდა ნაღები საზოგადოება, მისი სახლი არასოდეს იკეტებოდა, მას სტუმრობდნენ მხატვრები, მწერლები, მსახიობები, კომპოზიტორები, მუსიკოსები, მის სახლში უკრავდნენ რიხტერი და ნეიგაუზი.

ელენე ახვლედიანი

„ხშირად ვესტუმრები ხოლმე სტუდიაში. კარს რომ გამიღებს, რამდენიმე სიტყვას წაიბურტყუნებს, ხეირიანად ვერც გავიგებ ხოლმე, რას ამბობს და მანიშნებს, სადაც გენებოს, იქ დაჯექი, ან იდექი, თუ გინდა, დაწექი, თუ გინდა, ყირამალა დადექიო. თვითონ კი თავის საქმეს უბრუნდება. თუ მალე მოათავა, ხომ კარგი, მასთან საუბარი უაღრესად სასიამოვნოა, ხოლო თუ სამუშაო გაუგრძელდა, შენ შენი თავის განკარგულებაში ხარ, რაც გინდა, ის გააკეთე“, – წერდა ალექსი მაჭავარიანი.

დიდი მხატვარი მარტოობას განიცდიდა და იქნებ ამიტომაც მართავდა უსასრულო სალონურ საღამოებს, იყო თავყრილობა, კითხულობდნენ ლექსებს, უკრავდნენ, მღეროდნენ და მაინც – მხატვარი ამ ხალხმრავლობაშიც მარტო იყო…

ელენეს სახლის კარი ღია იყო ყველასთვის, მაგრამ იგივე ელენე ახვლედიანს უკმეხად შეეძლო ეპასუხა კარზე მიმდგარი გავლენიანი პირისთვის, – კი მაგრამ, რატომ მობრძანდით, მე ხომ თქვენ არ დამიპატიჟებიხართ?

როცა შევარდნაძემ ხუმრობით შესთავაზა თავისი პოსტი, ელენემ უკმეხად მიუგო – ცხოვრებაში არ შევსულვარ და არც შევალ მაგ შენობაში.

იგივე შევარდნაძეს, როცა თავისი ნამუშევარი აჩუქა და შევარდნაძემ ჰკითხა, რა შეგისრულოთო, ელენემ მკვახედ მიუგო, – იცით ასეთი მხატვარი, ბაიახჩირი? შევარდნაძემ არ იცოდა. „იცით, სად ცხოვრობს? სარდაფში“. იმ მხატვარს 2 დღეში მიაკითხეს და ბინა მისცეს…

როცა დაურეკეს და აკადემიკოსობა შესთავაზეს, ახარხარდა და თავი ამოაშლევინა.

ელენე ახვლედიანი
იცოდა საკუთარი თავის, საკუთარი შემოქმედების ფასი და მაინც თავმდაბალი იყო. სრულიად ახალგაზრდამ უარი უთხრა ლეგენდარულ პიკასოს – სურათი არ მიჰყიდა, ეს ნახატი მეც ძალიან მიყვარსო… იგივე ელენე ახვლედიანი უშურველად ჩუქნიდა თავის ნამუშევრებს ახლობლებსაც, მეგობრებსაც და მათაც, ვისაც მისი შეძენა არ შეეძლო. გამოფენაზე უნახავს, როგორ იჩხრეკდა ცოლ-ქმარი ჯიბეს, როგორ იღებდნენ ბოლო კაპიკებს და მაინც არ ჰყოფნიდათ, ელენე ახვლედიანის ნამუშევარი რომ ეყიდათ. უკითხავს, – რა იყო, მოგწონთო? ცოლ-ქმარმა უპასუხა, რომ მოსწონთ, მაგრამ ფული არ ჰყოფნით. ელენე ახვლედიანმა საერთოდ უფასოდ აჩუქა, რაკიღა ნახა, რომ ისინი მზად იყვნენ, ბოლო კაპიკი გაეღოთ ნამუშევარში.

საერთოდ, ძალზე იაფად ყიდდა თავის ნამუშევრებს, მიაჩნდა – მთავარია, ხალხმა იყიდოს და დაკიდოს შინ. ყიდდა კაპიკებში და სხვა მხატვრებს საგონებელში აგდებდა, – ელენე რომ მაგ ფასად ყიდის, ჩვენ რაღა ფასი დავადოთ? მისთვის მთავარი არასოდეს ყოფილა ფული.

ელენე ახვლედიანი

ჰყვარებია ბაზარში სიარული. დადიოდა ბაზარში ქურთი მზიდავების თანხლებით, უმზერდა გლეხების მიერ შექმნილ ვეება ნატურმორტებს, ყიდულობდა აურაცხელ პროდუქტს, მოჰქონდა შინ და ახლა თავად იწყებდა ნატურმორტების შეთხზვას.

დიდი გურმანი არასოდეს ყოფილა, მაგრამ, როგორც ამბობენ, არაჩვეულებრივად, გემრიელად ამზადებდა ლობიოს. გემრიელთან ერთად, კერძი იმდენად ლამაზი იყო, რომ სტუმრებს ეჭვიც კი ეპარებოდათ, რომ იქ საღებავი ერია…

ის იყო ლეგენდარული მხატვარი, მხატვარი, რომელიც ასხივებდა სიკეთეს და პარიზიდან ჩამოყოლილ ბოჰემურ იდუმალებას, ჩურჩულით რომ გადაურბენდა თბილისს მრავალგვარი ისტორიები მის პირად ცხოვრებაზე…

დაიბეჭდა “პრაიმტაიმში”

ელენე ახვლედიანი

ელენე ახვლედიანი

ელენე ახვლედიანი

ელენე ახვლედიანიელენე ახვლედიანი

ელენე ახვლედიანი

ელენე ახვლედიანი

ელენე ახვლედიანი

ელენე ახვლედიანი

ელენე ახვლედიანი

 

რეზო შატაკიშვილი უდრეკ ლელა ალიბეგაშვილზე

“სცენა დაუნდობლად უსწორედება დაუნდობელს. ვერაგულად – ვერაგს”.
არტისტი ქალი მძვინვარე ტემპერამენტით, დრეკადი პლასტიკით და უდრეკი ხასიათით. განთქმული წითელ სიგნში შეტანილი პირდაპირობით.
ლელა ალიბეგაშვილი. ბევრი ჰყავს ქართულ თეატრს დღეს ასეთი გაქანების არტისტი? ყველა აღიარებს რომ არა. აღიარებენ, მაგრამ მიეცა კი გასაქანი?!
მას აღიარებენ, მას პატივს სცემენ, არ და ვერ ჰკადრებენ იმას რასაც ყველას ჰკადრებენ…
მას თვით უტაქტობით და უხეშობით განთქმული ფარაჯანოვი არ ჰკადრებდა უკადრებელს. ფარაჯანოვთან ის სარგებლობდა იმ პრივილეგიით, რომლითაც ანა მანიანი _ ლუკინო ვისკოტისთან.
“ანა ველიკაია აქტრისა” – ამბობდა მასზე ფარაჯანოვი.
და იცოდა რომ სრულიად ახალგაზრდა,  ჯერ კიდევ სტუდენტ გოგონას ქება თავბრუს არ დაახვევდა.
მის თავზე ბედმა სამკუთხა კამარა შეკრა – ლილი იოსელიანი, სერგო ფარაჯანოვი, რობერტ სტურუა…
ბედმა თითქოს გაანებივრა და არც გაანებივრა…
“დედაჩემი სულ მეუბნებოდა ცხოვრება არის ბრძოლა. რატომ დედა რატოოო? ბედნიერება მხოლოდ გაძინებს ადამიანს. ეს არის ამქვეყნიური ცხოვრების ბედისწერა”….
სიფრიფანა ლელა ბალერინობაზე ოცნებობდა, ხშირად სტუმრობდა მეზობელს – ანდრია ბალანჩივაძის ქალიშვილს – ბალერინა ცისა ბალანჩივაძეს. ბალერინა მას ჩუქნიდა პუანტებს. ლელა ცეკვავდა თავგამეტებით… მეტიც, ეზოში ფეხბურთსაც “პუანტებით” თამაშობდა. მუდამ კარში იდგა და “შაგით”და “პირუეტით” იგერიებდა ბურთს… სწავლობდა კიდეც ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, კომპოზიტორი მამა განიცდიდა, არ ემეტებოდა გოგონა პეპლის ხვედრისთვის, ნაადრევი პენისიისთვის. მაგრამ ლელას არ აშინებდა პეპლის ხვედრი… მერე ისე მოხდა რომ საყვარელი პედაგოგი შეუცვალეს, ახალიც უყვარდა, მაგრამ რაღაც სიმი ჩაწყდა სადღაც… 12 წლისამ “კავკასიური ცარცის წრე” ნახა და… მოიხიბლა. მიხვდა რომ მხოლოდ ცეკვა არ ჰყოფნიდა, რაღაც უნდოდა ეთქვა… სიტყვა სჭირდებოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტს მიაშურა…
“მიშა თუმანიშვილი იყვანდა ჯგუფს. მე არ ამიყვანა… იმ წელს აყვანილი 12 მსახიობიდან დღეს მხოლოდ ერთი თამაშობს… ასე რომ… იცით რა თქვა თუმანიშვილმა? ეგ ჩამოყალიბებული მსახიობია, მე რა უნდა ვასწავლოო? მაინცდამაინც მიწა უნდა მეჭამა იატაკიდან, თუ მთიდან უნდა ჩამოვსულიყავი? მე არავინ გამიწია პროტექცია და არ ამიყვანეს… მეტსაც გეტყვით, კომისიის თავჯდომარეს  ჰქონდა სია, “პრასილი”, “ნი პრასილი”, “პრასილი”, “ნი პრასილი”… რეჟისორული დესპოტიზმი არასოდეს ამართლებს. ეს სტანისლავსკიმაც იცოდა და მაინც იყო დესპოტი. იციან და მაინც ასე ცხოვრობენ. ეს არის ჩვენი თვისება ადამიანების, ვიცით და მაინც ისე ვიქცევით… რატომ? იმიტომ რომ არსებობს ნათელი და ბნელი. და ის ბნელი გებრძვის. თუ დააკვირდები ცხოვრებას, ასეა, თუ არ დააკვირდები, ვერ გაიგებ რომ ასეა, მაგრამ მაინც ასეა…”
გავა წლები და ლელა დედის გარდაცვალების შემდეგ, საოჯახო არქივის მოწესრიგებისას იპოვის ალექსი მაჭავარიანის მიერ მაშინ ნაჩუქარ სიმფონიას წარწერით “ლელა, ცხოვრება არის განუწყვეტელი ბრძოლა და უსამართლობა. ნუ გაგიტყდება გული, შვილო”.
ლელა არ გაიტეხს გულს. პირიქით უფრო მიზანდასახული გახდება.
“მომდევნო წელს ლილი იოსელიანი იყვანდა ჯგუფს. ვესტუმრეთ. მე რაღაც წავუკითხე. ქალბატონმა ლილიმ თავისი ცისფერი თვალები ამომანათა და თქვა “ჩვენ ასეთ ბავშვებს სანთლით დავეძებთ”. ისე მოვქროდი როგორც პეპელა… დღემდე ძალიან მიყვარს ქალბატონი ლილი, მასაც ძალიან ვუყვარვარ, მაგრამ ჩვენ გვქონდა ძლიერი კონფლიქტები. კონფლიქტები ხდება მაშინ, როცა ადამიანებს ძალიან უყვართ ერთმანეთი, გულგრილობას არ სდევს კონფლიქტები…”.

ფარაჯანოვი
ჯერ კიდევ სტუდენტი იყო ფარაჯანოვს რომ შეახვედრა ბედისწერამ. ვითომ სრულიად შემთხვევით, მაგრამ ლელას არ სჯერა შემთხვევითობის.
“არც ერთი წუთი და არც ერთი წამი არ არის შემთხვევითი…”
არადა, გარეგნულად ასე იყო. ხორავას მსახიობის სახლიდან გამოვიდა, სრულიად უინტერესო რეპეტიციიდან, სრულიად შემთხვევით შეხვდა ნაცნობს, რომელმაც სპონტანურად შესთავაზა გაჰყოლოდა გენიალურ ფარაჯანოვთან სტუმრად.
“არ მივყვებოდი, ბევრი გამეგო მის უხეშობაზე და უტაქტობაზე, მეშინოდა. აი რომ მომკიდა ხელი, სულ სირბილ-სირბილით ამატარა არსენას ქუჩამდე… ფარაჯანოვი ელოდა ახალგაზრდებს, რომლებსაც ხინკალი უნდა მიეტანათ, წინდით რეცხავდა ჭურჭელს… თითქმის არც შემომხედა, ისე თქვა, რა სილამაზე მოიყვანეო… წამში მიხვდა რომ ჩემი დაბნევა არ შეიძლებოდა, თორემ გავიქცეოდი იქიდან. ვითომ არ მიყურებდა… მთელი საღამო არ მიყურებდა… დაგვაყენა, გადაგვიღო ფოტო. კიბეებზე ჩამოვდიოდით რომ დაიძახა, “ანა ბუდეტ ვარდო, ა სოფიკო იო პრადალჟენიე”. ვერაფერს მივხვდი, მრეცხავ ვარდოს დავუკავშირე, რაკიღა სოფიკო თამაშობდა მრეცხავ ვარდოს. ვერ მივხვდი რომ “სურამის ციხეზე” იყო ლაპარაკი. საერთოდ ვერ გავიგე რა თქვა. ვერც იმ ბიჭს ვკითხე ვინც მიმიყვანა… მალე უსაყვარლესი ბებია გარდამეცვალა და საერთოდ გადამავიწყდა ფარაჯანოვი. ბებიის ორმოცი არ იყო გასული, რომ დამირეკეს, მთავარ როლზე ხართ დამტკიცებულიო. ნამდვილი ისტერიკა დამემართა. ძალიან გამიხარდა, მაგრამ მეწყინა რომ გამიხარდა…. მე ჰიპერემოციური ადამიანი ვარ. ეს ჩემი პრობლემაა. ეს არაა კარგი. უემოციო ადამიანი საერთოდ ნოლია, მაგრამ ასეთი მგრძნობიარობაც არ ღირს, არაა ქრისტიანული.
ჩემი პირველი გადაღების დღე დაემთხვა ჩემს დაბადების დღეს – 30 ოქტომბერს. მზიანი დღე იყო, სერგო იჯდა შორს, იღებდა იმ ეპიზოდს მე რომ დავეძებ დურმიშხანს… რუპორი ეკავა და მართავდა მთელ მოედანს როგორც მეფე…
იჯდა სავარძელში, როგორც მეფე მოედნის… ის არ თამაშობდა არასდროს. ცალ-ცალი ფეხსაცმით გამოდიოდა, განა იმიტომ რომ ვინმე გაეოცებინა, ასეთი იყო… გიჟი ფარაჯანოვი… ყველაზე ნორმალური ჩემს თვალში ეგ იყო. ძალიან ახალგაზრდა სულით. უზარმაზარი სულის პატრონი… სახლში არც ტელევიზორი ჰქონდა, არც ტელეფონი, არც რადიო. ცხოვრობდა შუასაუკუნეებში. მეზობელს არეკინებდა ხოლმე ჩემთან. რაიკინი რომ ჩამოვიდა, მაშინაც მეზობელს დაარეკინა. რაიკინი მოდის და მოვიდესო. მისი ნაჩუქარი ინდური სარი ჩავიცვი, მარტო მასთან შეიძლებოდა ასე მისვლა… მივედი. არაფერი ჰქონდა, მაგრამ როგორც იცოდა, დაღესტნურ ლანგრებზე ულამაზესად ეწყო ბროწეულები, თხილი… მითხრა, “ჩემ მი ბუდემ ევო უგაშატ? ტვაი კრასატოი, უნას ნიჩევო ნეტ…”, დამთავრდა ეს დღესასწაული… ფარაჯანოვი ჯერ კიდევ მაშინ დააკლდა ქალაქს, როდესაც ეს არავინ იგრძნო. ძალიან ცუდი პერიოდი იყო, არეულობა… ერევანში რომ მივდიოდით დაკრძალვაზე, მინდოდა რამე გამეხსენებინა, რომ მაწყენინა, ცოტა გულზე რომ მომშვებოდა, ვერაფერი გავიხსენე საწყენი… მხოლოდ სტიმული. მხოლოდ შექება, ფარაჯანოვი ძალიან ხშირად იყო უტაქტო ძალიან ცნობილი მსახიობების მიმართ, არ მახსოვს ერთხელ მაინც უტაქტოდ მოემართოს ჩემთვის…”
“სურამის ციხის” შემდეგ, წინადადებებს წინადადებები ენაცვლებოდა, მაგრამ ის ყველა რეჟისორს უარით ისტუმრებდა.
“ფარაჯანოვის შემდეგ ყველაფერი პატარად მეჩვენებოდა… დღემდე ვფიქრობ რა იყო ეს, ამპარტავნება თუ უბრალოდ თადაცვა იმ პოპულარობისგან, რომელიც ცუდს მომიტანდა? მაშინ კინოსტუდია ასე არ იყო გაჩერებული, ტელევიზიაშიც ბევრად საინტერესო გადაცემები იყო, ვერ წარმოიდგენთ რა ინტენსივობით იყო შემოთავაზებები, მაგრამ სულ უარს ვამბობდი. ზაზა პაპუაშვილი მაშაყირებდა, რა იყო გრეტა გარბო ხარო?…”

რუსთაველის თეატრში
რუსთაველის თეატრში ინსტიტუტის დამთავრებისთანავე მოხვდა _ პირდაპირ ინსტიტუტის მერხიდან და პირდაპირ მთავარი როლი – ჯეინის როლი მიიღო “მერი პოპინსში”.
“ქალბატონი ზინა კვერენჩხილაძე იყო მერი პოპინსი, ვერ აგიხსნით, როგორი მადლიერი ვარ მისი, როგორ შემხდა, დამიდგა გვერდით… ამიტომაც მე ყველა ახალმოსულს ვხვდები არაჩვეულებრივად. თუ არ არის ძალიან თავხედი…”
“სისხლიანი ქორწილი”
დამწყებმა მსახიობმა შესანიშნავი როლი მიიღო შესანიშნავ პიესაში – სარძლო ლორკას “სისხლიან ქორწილში”. საბოლოდ კი მიიღო – ლანძღვა კრიტიკოსისგან…
“მე თვითონ საშინლად უკმაყოფილო ვიყავი ამ სპექტაკლით. არ შეიძლება ორი რეჟისორი დგამდეს სპექტაკლს, მით უფრო ლორკას. თან ისე მოხდა რომ მათი პედაგოგი, რობერტ სტურუა თბილისში არ იყო და მე აღმოვჩნდი მათი ექსპერიმენტის შედეგი. არადა მე ვიყავი დამწყები მსახიობი და ჩემთვის ეს იყო საუკეთესო როლი… იმდენად განვიცადე ეს გაუგებარი რეპეტიციები და ეს მარცხი რომ ბაკეტზეც არ წავედი. ეს იყო საშინელება. ათასჯერ მეტის გაკეთება შემეძლო… ჩემი თაობის ერთმა თეატრმოდნემ საშინლად გამლანძღა, განამადგურა, მომთხარა. დავხიე და გადავაგდე ის რეცენზია. თფუ… არაფრის გამკეთებელო, რას ქმნი თვითონ, რომ მაკრიტიკებ, შენ რა იცი მე რა დღე გამოვიარე? მერე სხვა სპექტაკლზე მოვიდა და მე შენზე ასე დავწერეო, წადი… არაუშავს. ის არავინაა დღეს, მე…”
“საშობაო სიზმარი”
როლებიდან ყველაზე მეტად ლილიენის როლი უყვარს (ჩარლზ დიკენისის “საშობა სიზმარი”).
“ესაა ჩემი ყველაზე უკეთ ნათამაშევი როლი… 1994 წელი იყო, საშინელი პერიოდი, ვიყინებოდით, მე და კარლო საკანდელიძე ცხვირ-პირიდან დრაკონებივით ვუშვებდით ორთქლს. ხანდახან სიცივისგან ვიკეცებოდი, მაგრამ ეს იყო დიდებული რეპეტიციები თავისი განცდებით, კონფლიქტებით. თავიდან სულ სხვაგვარი ტიპი უნდა მეთამაშა, მაგრამ შემოვიდა რობერტ სტურუა და სულ სხვა რამ შემომთავაზა, შემომთავაზა ორი სიტყვით – იყოს ბებერი და შეუყვარდეს… უკვე სულ სხვა ხასიათი იყო… ლილიენმა მე განმაცდევინა არაჩვეულებრივი განცდები, გრძნობები. ლილიენს უყვარდა ყველა, არავინ არ სძულდა… რომ არა რობერტ სტურუა, ლილენი ასეთი არ იქნებოდა, ის იქნებოდა ახალგაზრდა ელფოჩკა, როგორც უწერია დიკენსს. სტურუამ შექმნა ახალი ნაწარმოები. ეს იყო სტურუას პიესა დიკენსის მოტივებზე. ის მუდამ ასეთი ავტორია, მათ შორის შექსპირისაც… რაც არ უნდა ნაწყენი ვიყო მე სტურუაზე, როგორ არ უნდა ვაღიარო რომ ის არის უძლიერესი ხელოვანი? ლილიენს როცა ვთმაშობდი, მე მიყვარდა მთელი სამყარო, ეს ისეთი ბედნიერება იყო, რომ მე ამას ვერ დავუვიწყებ რობერტ სტურუას.
მასთან მე ისეთი ბედნიერება განმიცდია სცენაზე, რომ სწორედ ამ ბედნიერების გამო რჩები თეატრში, თორემ დაკრავდი ფეხს და წახვიდოდი, ისეთი სასტიკი ორგანიზმია ხანდახან თეატრი, ისეთი წყენა შეიძლება მიიღო. მაგრამ მას შეუძლია ისეთი რამ გააკეთოს, რომ გიღირდეს აქ ყოფნა… რობერტ სტურუა რომ არ იყოს, მე დავკარგავ თეატრისადმი ინტერესს. ასეთი მნიშვნელობის ფიგურა მე არ მეგულება არა მარტო ჩვენს სივრცეში, არმედ საერთოდ. მიუხედავად თავისი სირთულეებისა…”
“სველი იასამანი”
“რაც არ უნდა თქვან, “იასამანი” მაინც საეტაპო სპექტაკლი იყო. რამდენჯერ გამაჩერა მაყურებელმა, თქვენ გადაგვატანინეთ ძალიან მძიმე პერიოდი, სიცოცხლე რომ არ გვინდოდა მაშინო. ესე იგი რაღაც შესძლებია თეატრს. მე ნამდვილად არ მაქვს იმის ილუზია, რომ თეატრი ადამიანს შეცვლის, მაგრამ ადამიანზე რომ მოქმედებს, ფაქტია.
“იასამანში” ჩემი შვილი ჩემთან ერთად დაფრინავდა. ფეხმძიმედ ვიყავი და კიდევ დავფრინავდი, ეს არ იყო ფანატიზმი, უბრალოდ თავს კარგად ვგრძნობდი, არ მეტყობოდა მუცელი. კახი თუ დათო პაპუაშვილი ხუმრობდნენ კიდეც, არიქა, ბავშვი დაგვეცა თავზეო. ჩემი მეუღლე ხუმრობდა, თუ გოგო გვეყოლა, აუცილებლად სტიუარდესა გამოვა, თუ ბიჭი – მფრინავიო… ბოლოს ძალიან გამიჭირდა, ბავშვის კრუსუნი მემოდა უკვე… საკმაოდ გვიან გავთხოვდი და მეყოლა ბავშვი, ნუ დამასახელებინებ ასაკს… შვილი როდესაც ჩნდება თეატრი ხდება მეათეხარისხოვანი… ერთხელ მკითხეს რა შემთხვევაში დასტოვებდი თეატრსო. უზარმაზარი წყენის შედეგად-მეთქი. მაგრამ კიდევ კარგი, სანამ ეს დიდი წყენა მეწვეოდა მანამ მივხვდი მთავარს, არაფრით არ შეიძლება იცხოვრო მხოლოდ თეატრით. ფანატიზმი დამღუპველია. ფანატიკოსები ძალიან საშიში ხალხია, მითუმეტეს თეატრში. ამას ჯერ კიდევ მანამ მივხვდი, ვიდრე შვილი შემეძინებოდა, მივხვდი იერუსალიმში, წმიდა ადგილებზე სიარულისას…
ჩემი ბიჭუნა 8 წლისაა, არ მინდა მოვწამლო თეატრით, მეცოდება, ისევე როგორც დედაჩემს ვეცოდებოდით ექიმის პროფესიისთვის. არ ვატარებ თეატრში, ახლა ბოლოს მყავდა რეპეტიციაზე, დავინახე რომ რაღაცით მოიხიბლა და შემეშინდა. არ მინდა! იქნებ ექიმი გამოვიდეს, კარგი ადამიანი. ბებიასნაირი ექიმი იყოს, გულისხმიერი, გადაყოლილი ავადმყოფებზე, ნამტირაველევი ბრუნდებოდეს მორიგეობიდან…”

არ უყვარს… ვერაგი პარტნიორები
ლელა ალიბეგაშვილი: “არ მესმის, როგორ არ უნდა გინდოდეს შენი პარტნიორი იყოს კარგი? კოშმარია… გიყურებ, გელაპარაკები და პასუხი არაა… გაფუჭებაზე თამაშობ? ესაა ხელოვნება? არა, ესაა უნიჭობა. რატომ გინდა რომ პარტნიორი  ჩაძირო? ვერ ჩაძირავ. ის ამოყვინთავს ვინც არ გეპაქრება. ადრე თუ გვიან ყველაფერი ლაგდება თავის ადგილზე. სცენა დაუნდობლად უსწორედება დაუნდობელს. ვერაგულად – ვერაგს.
– მისულხართ იმ ზომამდე რომ ვინმესთვის სახეში გარტყმა მოგდომებოდეთ?
– კი, ყოფილა… საპირისპირო სექსის მიმართ სხვათაშორის. შეიძლება ჩემი სქესისაც ყოფილა ამის ღირსი, მაგრამ ამას არასოდეს ვიკადრებ, არასოდეს არ დავალ აქტრისულების დონეზე, რომლებსაც შეუძლიათ გამართონ ინტრიგები. მე ვერასოდეს ვერ ამიყოლია ასეთმა კასტამ. ვერ! დიდი მცდელობის შედეგადაც კი. მე მაგისთვის არ მოსვულვარ თეატრში რომ აქტრისულებთან ვიბრძოლო. “ეტა ნიჟე მაიო დასტოინსტვო”.  მამაკაცთან კი, მქონდა ასეთი შემთხვევა, მინდოდა გამერტყა… ეს ის პროფესიაა, ხანდახან მამაკაციც კი აურევს ხოლმე. თუ ქალი სჯობნის… ახალგაზრდობისას ვიყავი ძალიან კატეგორიული და პრინციპული. ახლაც ასეთი ვარ, დიდად არ შევცვლილვარ… ვერა… რისიც გწამს, იმას როგორ უნდა უღალატო? მე ხომ ასე მჯერა? მაშინ უნდა ვიყო კეთილგონიერი და მოვერგო რაღაცეებს. ვერ ვერგები. არაფერს არ ვთამაშობ. მე სცენაზე თამაშს ვეტრფი, ცხოვრებაში არ შემიძლია. შეიძლება ბევრი წავაგო ამით, მაგრამ მაინც მოვიგებ. სიყალბით არავის არაფერი მოუგია, მით უფრო ჩვენს პროფესიაში. რაც უფრო ყალბი იქნები ცხოვრებაში, მით მეტად ყალბი იქნები სცენაზე. მთელი შენი ფსიქოფიზიკით განასახიერებ ყველაფერს, მთლიანად შენ დგახარ სცენაზე. ვის მოატყუებ, დეგენერატის გარდა? დეგენერატებისთვის ხარ სცენაზე? იყავი დეგენერატებისთვის.
– თქვენი პრინციპულობით თუ მიგიყენებიათ წყენა ადამიანებისთვის?
– ალბათ. აბა რა. სიმართლე საშინლად მოქმედებს. ხანდახან არც არის საჭირო რომ პირდაპიორ უთხრა ადამიანს. უნდა მონახო რაღაც ფორმა…
–  უნიჭოსთვის გითქვამთ რომ შენა ხარ უნიჭო?
– არა, არადოდეს. ყოფით ურთიერთოიბებში მითქვამს სიმართლე, თორემ როცა ვიცი რომ ვერაფერს შევცვლი, მე იქ ასეთ პრინციპულობას არ ვიჩენ არასოდეს. ეს არცაა პრინციპულობა, ესაა უტაქტობა და ბოღმიანობა.

დაიბეჭდა “პრაიმ თაიმში”

%d bloggers like this: