Tag Archives: სოფიკო ჭიაურელი

რეზო შატაკიშვილი განუმეორებელ სოფიკოზე

sofiko

ის იყო უჩვეულოდ ფეიერვერკული და ამავე დროს სადა.

იდგა ოლიმპოზე, არ ჩამოსულა დიდების ზენიტიდან, მაგრამ რიგითი ქალივით (თუ უფრო მეტად არა) ირჯებოდა – კერავდა, რეცხავდა, აცხობდა, ალაგებდა, აშენებდა, უვლიდა – ოჯახსაც, თეატრსაც.

ატარებდა მძიმე ჯვარს და ეს ჯვარი უხილავი იყო სხვათათვის – ის ყველას ბედის ნებიერი ეგონა…

ის უყვარდათ საქართველოში, რუსეთში, სომხეთში…

ის იყო სოფიკო და დარჩება სოფიკოდ.

sofiko5

ის არ დაბადებულა სამშობიაროში. ის დაიბადა ფიქრის გორაზე, იმ სახლში, რომელიც მიხეილ ჭიაურელმა ააშენა იქ, სადაც პირველად აკოცა ვერიკო ანჯაფარიძეს.

მან გაახილა თვალი და დაინახა ქალბატონი, რომელიც შემდეგში ბრიტანეთის ხელოვნების აკადემიამ მეოცე საუკუნის მსოფლიოს ათ საუკეთესო მსახიობ ქალს შორის დაასახელა, თუმცა ვერიკოს არც მაშინ აკლდა აღიარება.

„ჩემთვის ის არც პოპულარული, არც ყველაზე პოპულარული და არც გენიალური მსახიობი არ იყო. ის იყო დედა. როგორც  დედათქვენია თქვენთვის, ისე იყო ჩემთვის ვერიკო… ძალიან მიყვარს „დისქავერის“ გადაცემები. ამას წინათ ვუყურებდი ფილმს თუთიყუშებზე, გავგიჟდი, როგორ უვლის დედა-თუთიყუში ამ თავის პატარა თუთიყუშებს… დედა ჩემთვის იყო დედა და სხვა არაფერი. ასე გრძელდებოდა ჩემთვის დიდხანს… ეს გავაცნობიერე მერე, მე თვითონ რომ გავხდი მსახიობი, როცა დავინახე, როგორ აფასებდნენ. მაგრამ ნამდვილად ბოლომდე გავაცნობიერე მაშინ, როცა ის აღარ იყო ამქვეყნად…“ – მიამბობდა ქალბატონი სოფიკო.

დედა

3-andzhaparidze1

მას მთელი ბავშვობა დედა ენატრებოდა – დედა შინ. დედა კი დიდების ზენიტში იყო – რეპეტიციები, სპექტაკლები, გადაღებები…

„დედა, მალე მოხვალ? – ეს კითხვა დღემდე თან მდევს… გასტროლებზე სულ თან დამათრევდა ბოშასავით, მაგრამ გასტროლებზეც რა ხდება? ისევ რეპეტიციები, სპექტაკლები და აი, 6 წლის რომ ვიყავი, დედამ მოიცალა და ათი დღით გაგრაში წამიყვანა დასასვენებლად, ჩავედით და მეორე დღეს დეპეშა მივიღეთ, რომ დედას ძმა გარდაეცვალა, სასწრაფოდ უნდა დავბრუნებულიყავით უკან. იქ ისვენებდა დედასა და მამას მეგობარი სოლიკო ვირსალაძე და შესთავაზა, მასთან დავეტოვებინე. დედამ დამტოვა და თვითონ წამოვიდა. სოლიკო ამ დროს ერთ ძალიან ლამაზ გოგონას დასდევდა, უგზავნიდა ყვავილებს. და უცებ მე დავიწყე ეჭვიანობის სცენების მოწყობა – თქვენ თუ კიდევ ერთხელ მიართმევთ მას ყვავილებს და მე არ მომაქცევთ ყურადღებას, წავალ-მეთქი. ის იყო თხემით ტერფამდე არისტოკრატი, 6 წლის ღლაპს თქვენობით მელაპარაკებოდა, მომიბოდიშა და შემდეგ ყოველ დილით, რომ გავიღვიძებდი, ყვავილების თაიგული მხვდებოდა. ჩემი მხრიდან ეს იყო ძალიან სერიოზული გრძნობა. გადავიქეცი რაღაცნაირ მხეცუნად. მე კარგად ვცურავდი (5 წლის რომ ვიყავი, დედამ ნავიდან გადამაგდო წყალში და გავცურე, დღემდე შემიძლია გავცურო თურქეთამდე). სოლიკომ კი ცურვა არ იცოდა, მე შევდიოდი ზღვაში და მივცურავდი შორს, შორს. ის კი ნაპირიდან მომძახოდა: გემუდარებით, დაბრუნდით! გუშინ რა მოხდა, ის აღარ მახსოვს, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება, როგორ დგას ის ნაპირთან და როგორ მეძახის: დაბრუნდით, მინდა დაგხატოთ! შენახულიც მაქვს მისი ნახატი – მე ვდგავარ თეთრად დაწინწკლულ წითელ ტრუსიკში. ასეთი იყო ჩემი პირველი სიყვარული, რომელიც 6 წლის ასაკში განვიცადე“.

მათ სახლს არაერთი სახელგანთქმული ადამიანის სტუმრობა ახსოვს, ადამიანების, რომლებიც დღეს ამშვენებენ ისტორიას.

ვერიკო ანჯაფარიძე და მიხეილ ჭიაურელი

ვერიკო ანჯაფარიძე და მიხეილ ჭიაურელი

„სტუმრებს იღებდნენ დიდ ოთახში, იქ, სადაც ახლა თეატრი გვაქვს. მაშინ სახლი ორსართულიანი იყო, მესამე მე დავაშენე შემდეგ. იმ დიდ ოთახს დიდი შუშის ჭერი ჰქონდა. სანამ პატარები ვიყავით, სტუმრებთან არ გვიშვებდნენ, არადა ისეთი საინტერესო ხალხი მოდიოდა… ჩვენი ქუჩის გოგო-ბიჭები ავდიოდით ხოლმე სახურავზე, ამ შუშაზე დავწვებოდით და ვიყურებოდით ქვემოთ. ერთხელ ამოიხედეს და დაინახეს ეს სასწაული, როგორ ვწევართ ეს ბავშვები და ვუყურებთ… მერე ცოტა რომ წამოვიზარდე, უკვე მე აღარ მინდოდა იქ შესვლა. რაღაც სიამაყემ გაიღვიძა ჩემში, რატომ არ მიშვებდნენ? ჰა, არ გინდოდათ, მეყურებინა? ახლა მე არ მაინტერესებს. თან ვინც კი ჩვენთან მოდიოდა, ყველა თვლიდა, რომ ვერიკოსა და მიშას შვილი მსახიობი უნდა გამოსულიყო და ყველა იმას მთხოვდა, მოდი გვიმღერე, იცეკვე, ან ლექსი წაგვიკითხეო. უჰ… ვერ ვიტანდი ამას… ის კი არა, ინსტიტუტში რომ გადავწყვიტე ჩაბარება, დედაჩემმა მითხრა, წარმოდგენა არ მაქვს, რა შეგიძლია, ერთი ლექსი მაინც წამიკითხეო. ხომ არ გაგიჟებულხარ, რა ლექსები უნდა გიკითხო-მეთქი. გრიალ-გრიალით გავედი გამოცდებზე და ჩავირიცხე…“

მოსკოვის კინოინსტიტუტში მეორე კურსზე იყო, გიორგი შენგელაიაზე რომ გათხოვდა. თუმცა მათი დიდი რომანი აქ, თბილისში დაიწყო.

სიყვარული

nikusha, sofiko, giorgi

ნატო ვაჩნაძის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ, ვერიკო ანჯაფარიძე ზრუნავდა თავისი მეგობრის უმცროს ვაჟზე – 14 წლის გიორგი შენგელაიაზე.

„ჩვენ ტოლები ვიყავით. ჯერ ვმეგობრობდით, მერე შეგვიყვარდა ერთმანეთი. 5 წელი, უბრალოდ, „დავდიოდით“, კინოში, მეგობრებთან სტუმრად, ახლა კი ეგრეთწოდებული თავისუფლებაა, დღეს გაიცნობენ, ხვალ კოცნიან და ლოგინში წვებიან, სამი დღის მერე აღარ ცნობენ ერთმანეთს… 19 წლისები ვიყავით, რომ დავქორწინდით. მე ვიყავი უბედნიერესი, როცა პირველი შვილი შეგვეძინა და დედა გავხდი. მერე შეგვეძინა მეორე ვაჟი, ყველაფერი კარგად მიდიოდა, ის იღებდა კარგ ფილმებს, მე ვთამაშობდი თეატრში, მიღებდნენ კინოში. მაგრამ წლების შემდეგ ჩვენს ურთიერთობაში უთანხმოებამ იჩინა თავი. ჩემს ცხოვრებაში დააკაკუნა მეორე დიდმა სიყვარულმა – კოტემ… ცხოვრებაში, მით უმეტეს, პირად ცხოვრებაში არ მოქმედებს არანაირი კანონები, მე მეწერა, რომ ორჯერ მეყვარებოდა…“

სცენა სპექტაკლიდან "ურიელ აკოსტა". ურიელი – კოტე მახარაძე, ივდითი – სოფიკო ჭიაურელი.

სცენა სპექტაკლიდან “ურიელ აკოსტა”. ურიელი – კოტე მახარაძე, ივდითი – სოფიკო ჭიაურელი.

მათ ერთმანეთი სცენაზე შეუყვარდათ. ვერიკო ანჯაფარიძემ „ურიელ აკოსტა“ აღადგინა. ივდითს სოფიკო თამაშობდა, ურიელს – კოტე და…

„კოტეს მანამდეც ვიცნობდი, ხშირად იკვეთებოდა ჩვენი გზები თეატრში, მაგრამ… „ურიელმა“ დაგვღუპა… ყველაფერი სპონტანურად მოხდა, მას ცოლი ჰყავდა, მე – ქმარი… ამ ყველაფერს უფრო კრიმინალური შარავანდედი ადგა, ვიდრე რომანტიკული. ყველა ჩვენს წინააღმდეგ იყო, საკუთარი შვილებიც კი, მერე და მერე, როდესაც ჩვენი ახლობლები დარწმუნდნენ, რომ ჩვენი ურთიერთობა ძალიან სერიოზული იყო, ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა. 30 წელი ვიცხოვრეთ მე და კოტემ სიყვარულსა და თანხმობაში.. მასთან ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს, ის იყო ფაქიზი, მოსიყვარულე, ყურადღებიანი. ტყუილად ჰქონდა დონჟუანის სახელი გავარდნილი, მე ეს არ მაღელვებდა, ეს ხომ ჩემს ერამდე იყო… როცა დავქორწინდით, მეგობრებმა საჩუქრად ღუზა მოუტანეს, ნამდვილი, თუჯის. რომ ოჯახურ ცხოვრებაში, ბოლოს და ბოლოს, ჩაეშვა ღუზა…“

Ӡ

ღუზის ჩაშვებამდე იყო თავით გადაშვება თოვლიან ხრამში.

„გაგანია რომანი გვქონდა, მაგრამ ბავშვების გამო ვერ ვწყვეტდი ოჯახის დანგრევას. კოტე გიჟდებოდა. მახსოვს, ვიყავით პოდმოსკოვიეში, იყო ზამთარი, ღამე და ნამქერი. გამოვედით რესტორნიდან და კოტემ მითხრა: „ან მეტყვი ჰოს, ან არადა თავს მოვიკლავო“. მე ვუთხარი: „კარგად იყავი“. ის ავიდა ყველაზე მაღალ ადგილას, რაც იქ იყო და ბაც, თოვლიან ხრამში ისკუპა. მეც არც დავფიქრებულვარ, ისე ვისკუპე, გადავყევი ხრამში, სიბნელეში. ცოცხალ-მკვდრები ძლივს ამოვედით იქიდან… მე საერთოდ, მაქსიმალისტი ვარ. ვთქვი, გადმოვხტები პარაშუტით-მეთქი და გადმოვხტი კიდეც. ცხადია, 65 წლის ასაკში ამის დაწყება საკმაოდ გვიანია. მე და კოტე ქობულეთში ვისვენებდით. კოტესაც უნდოდა გადმოხტომა, მაგრამ გადავაფიქრებინეთ, მე კი გადმოვხტი. მთელი პლაჟი მიყურებდა და ტაშს მიკრავდა. წარმოიდგინეთ, ასკილოიანი სოფიკო მოფრინავს ჰაერში, მარტო იმის მეშინოდა, ვაითუ პარაშუტმა ვერ გამიძლოს-მეთქი…“

sofiko da kote 2

ის იყო ვერიკოს შვილი და მოახერხა, არ დამსგავსებოდა დედას და ყოფილიყო განუმეორებელი სოფიკო.

„სულ ვცდილობდი, რომ არ დავმსგავსებოდი, არ ეთქვათ, აი, დედას ბაძავსო. სულ მინდოდა, რომ სხვანაირი, დედისგან განსხვავებული ვყოფილიყავი. ასე იყო პირველივე როლიდან, ჩემი პირველი როლი, ჰარა „ბაფთიან გოგონაში“ – ეს იყო ჩემი პასპორტი, რომ მე, როგორც მსახიობს, არაფერი არ მქონდა საერთო ვერიკო ანჯაფარიძესთან. „ურიელ აკოსტაშიც“ ვცდილობდი, გავქცეოდი მის აჩრდილს, მაგრამ ვერ მოვახერხე, იმდენად მისთვის იყო ეს როლი გაკეთებული. დედასთან დავმარცხდი და დავმარცხდი რომელია… მინდა გითხრათ, არ მსურდა ივდითის თამაში, დედამ მაიძულა. ამიტომ არ ვითამაშე, სხვათა შორის, კლეოპატრა, არადა ძალიან მინდოდა თავის დროზე კლეოპატრას თამაში. სულ დედა მედგა თვალწინ და მივხვდი, რომ მის ხატებას ვერ ავცდებოდი და არ ვითამაშე… მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ დედა კრიტიკულად იყო განწყობილი ჩემ მიმართ, როგორც არტისტის მიმართ. და ერთხელ, სტუმრების თანდასწრებით დალია სადღეგრძელო და განაცხადა: „დიახ, დღეს უკვე სიამაყით შემიძლია, განვაცხადო, რომ სოფიკო უფრო დიდი არტისტია, ვიდრე მე“. იცით, როგორ იმოქმედა ამან? ის კი არა, რომ გამიხარდა, რაც თქვა, პირიქით, შემზარა, ამ სიტყვებში იგრძნობოდა ესტაფეტის გადმოცემა, დედა ემშვიდობებოდა პროფესიას და მე მივხვდი, რას ვნიშნავდი მისთვის…

რამდენი ხანია, დედა გარდაიცვალა და დღემდე არ მიხლია ხელი ტრილიაჟის იმ ყუთისთვის, სადაც მისი სუნამოები, ფერუმარილი ინახება. არ შემიძლია. დრო და დრო ვხსნი, შევიგრძნობ მის სუნს და ისევ ვხურავ. მენატრება დედა, მისი სუნი. როცა ტრილიაჟს ვაღებ, დედა მიბრუნდება…“

sofiko8

ჟერარ ფილიპი, ჯულიეტა მაზინა, მარჩელო მასტროიანი

„მახსოვს, 15 წლის გოგო ვიყავი, ჟერარ ფილიპი რომ ჩამოვიდა მოსკოვში. მახსოვს, „წითელი და შავი“ ჩამოიტანეს და პრემიერა იყო, მამამ იმ წუთას წამიყვანა მოსკოვში, გავგიჟდი, რომ დავინახე, მამამ მიმიყვანა მასთან: ჩემი გოგოაო, გადამეხვია. არ მეგონა, რომ ოდესმე მას ხელით შევეხებოდი… ეს რა იყო ჩემთვის, იცი? ჟერარ ფილიპი, ცოცხალი ჟერარ ფილიპი… ჯულიეტა მაზინა პირველად მოსკოვში, სტუდენტობისას ვნახე. ინსტიტუტში მოვიდა, ნახა ჩვენი საკურსო ნამუშევრები, ძალიან მოეწონა, გვაქო სტუდენტები. მერე გავიდა დრო, უკვე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, გასტროლებზე ვიყავი ლენინგრადში. უცებ მირეკავს ლენინგრადის კინოკავშირის განყოფილება, ჯულიეტა მაზინა არის ჩვენთან სტუმრად და გვინდა, რომ თქვენ გაუძღვეთ მასთან ინტერვიუსო. გამიკვირდა, ლენინგრადში ისეთი მსახიობები არიან, მე რატომ უნდა ავიღო ინტერვიუ-მეთქი. არა, თვითონ მაზინამ თქვენ გახსენათო. რომ შევხვდი, მივხვდი, ნანახი ჰქონდა ფარაჯანოვის „საიათნოვა“ და ამიტომ ვახსოვდი. და მე ავიღე ინტერვიუ ჯულიეტა მაზინასგან, როგორც თქვენ იღებთ ახლა ჩემგან… საოცარი მსახიობია, სულ ცხრა ფილმში იყო გადაღებული ამხელა მსახიობი. მითხრა, ძალიან არ მიყვარს კინო, მით უმეტეს, თუ ჩემი ქმარი – ფელინი მიღებსო. გიჟდებოდა ფელინი, ისე უყვარდა მაზინა, მაგრამ უნდოდა, რომ თავისი ცოლი გადაეღო, რაც შეიძლება კარგად, არ აკმაყოფილებდა და ათ დუბლს უღებდა თურმე. სულ მიწუნებდა და მაკომპლექსებდაო. ჯულიეტა ვერ იტანდა მარჩელო მასტროიანის. იმიტომ, რომ ფელინს მარჩელოსი პირველივე დუბლიდან მოსწონდა ყველაფერი. მასტროიანს მოსკოვშიც შევხვედრივარ და აქაც, თბილისში რომ იყო ჩამოსული. მასტროიანი იცით, როგორია? როგორც კინოში, სულ თამაშობდა, სულ კეკლუცობდა…“

sofiko9

რას ვერ პატიობდა საკუთარ თავს?

„ბედმა გამიღიმა, ყველა ფილმმა, სადაც კი ვითამაშე, უდიდესი წარმატება მომიტანა. პირველივე ფილმმა „ჩვენი ეზო“-მ ოქროს მედალი მომიტანა მოსკოვის პირველ საერთაშორისო კინოფესტივალზე. პირველი ტელეგრამა იყო რაჯ კაპურისგან, გამარჯვებას მილოცავდა მაშინ რაჯ კაპური, აუუუ… რის ლოურენს ოლივიე, რაჯ კაპური იყო ყველაფერი. ყველა ფილმი იყო პრემირებული, სომხების სამ ფილმში ვითამაშე და სამივე ფილმმა მომიტანა რამდენი პრემია, იცი? სომხეთის სახალხო არტისტობა მომანიჭეს. მომანიჭეს, აბა, რას იზამდნენ, არც ერთ მაგათ ფილმს არ აუღია იმდენი პრემია ერთად, რაც ჩემმა სამმა ფილმმა აიღო. მარტო „არევიკმა“ 4 პრემია აიღო, „საიათნოვაზე“ აღარაფერს ვამბობ. მახსოვს „ხევსურული ბალადა“ ნახა სერჟიკამ, ფარაჯანოვმა და გადაწყვიტა, რომ მე გადავეღე საიათნოვას როლში. სომხებს რომ უთხრა, საიათნოვას ქალი ითამაშებს, თანაც ქართველიო, გადაირივნენ, გაგიჟდნენ, მაგრამ სერჟიკამ დაუსვა ასეთი პირობა – თუ სოფიკო არ ითამაშებს, მე არ გადავიღებო. მართლაც გადაიღო და მარტო საიათნოვა კი არა, ექვსი სახე ვითამაშე. გამოვიდა რაღაც სასწაული. არ დამავიწყდება, პარიზში რომ ჩავედით, გავგიჟდი, ყველა ტაქსში ჩემი სურათი იყო „საიათნოვადან“. მარტო იმ ტაქსებში კი არა, რომელიც ფესტივალს ემსახურებოდა, უბრალო ტაქსებშიც. პატარა სასტუმროც კი არის, სადაც ჩემი სურათი აქვთ, როგორც ლოგო. მე ერთ რამეს ვერ ვპატიობ ჩემს თავს. ფარაჯანოვმა „შუშანიკის წამების“ სცენარი მე მომიძღვნა, მაშინ ეს ჩვენთნ ეროვნული მოძრაობის აღზევებას დაემთხვა. „შუშანიკის წამებას“ სომხები ისედაც თავის ნაწარმოებად თვლიან და სერჟიკას სომხობაც რომ დაემატა, სულ გაგიჟდნენ ეს პეტრიაშვილები და არ მისცეს გადაღების საშუალება. ამ დროს ჩამოვიდა ჩვენთან ფრუნზიკა დავლათიანი, „არმენფილმის“ დირექტორი, დამიჩოქა, წამოდით და ხვალვე დავიწყოთ გადაღება სომხეთშიო. აი, მე რომ წავსულიყავი და „შუშანიკის წამება“ სომხეთში გადაგვეღო, მაშინ ნამდვილად ჩამქოლავდნენ. მაგრამ მე დღეს ვერ ვპატიობ ჩემს თავს, რომ ეს არ გავაკეთე, იმიტომ, რომ დარჩებოდა ერთ-ერთი გენიალური ფილმი. რა ვქნა, შემეშინდა ჩემი შვილების, შვილიშვილების, აქ ისეთი ამბავი იყო, რაღაცას მიზამდნენ“.

sofiko6

sofiko7

ბედის ნებიერი?

„ერთხელ ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, როგორია თქვენი დღეო. მე ვუპასუხე, რომ ვდგები, ვიღებ რძის აბაზანას, შემდეგ მოდის პედიკურშა, მერე ვისვენებ, მიკითხავენ გაზეთებს, მივდივარ თეატრში, ძილის წინ კი ვიღებ შამპანურის აბაზანას-მეთქი. მან ყველაფერი დაიჯერა, ერთი შამპანურის აბაზანამ შეაცბუნა. მე კი… თვალს ვახელ თუ არა, ფიქრს ვიწყებ, რა ვაჭამო დღეს ბავშვებს, გადასახდელია ტელეფონის, სინათლის ფული, მოვლენ მუშები, რეპეტიციები… მე ჩემს თავზე ავიღე ძალიან ბევრი, მიუხედავად იმისა, რომ ქალი ვარ – სახლი, ოჯახი, შვილიშვილები, თეატრი, რემონტი, მშენებლობა… ვიცი, ხვალ რომ გადავბრუნდე, ცხოვრება არ დამთავრდება, მაგრამ ჩემს ოჯახს ძალიან გაუჭირდება, სანამ ისინი გამოფხიზლდებიან და გაინაწილებენ იმ მოვალეობებს, რომელსაც მე მარტო ვზიდავ ახლა.”

sofiko15

“დრო ისე სწრაფად გარბის, ცხოვრებას ვერ ასწრებ. სადღაც, 40 წლის შემდეგ მივხვდი, რომ დრო გარბის… ჩემი უფროსი ვაჟი ნიჭიერი მხატვარია, მაგრამ ზარმაცია… ალბათ, ზარმაცი არაა, მაგრამ ვერ გრძნობს, რომ დრო გარბის. ვერაფრით ვერ გავაგებინე ეს. უმცროსი მსახიობია, მაგრამ… პატარა უფლისწულია. ის ჩემი ვაჟია. მე ის დავბადე, პლაცენტა კი არ მოსცილებია. არ შეუძლია უჩემოდ არსებობა, როგორც მე უიმისოდ. ყველას თავისი ჯვარი აქვს, ყველას. არ არსებობს ადამიანი ჯვრის გარეშე და თითოეული ვალდებულია, ზიდოს ეს ჯვარი. არა გულდამძიმებით, არამედ სიხარულით…”

sofiko10

“ღმერთმა გვაჩუქა სიცოცხლე, ეს დიდებული რამ. მე არ მესმის, როდესაც ამბობენ, აი, მე რომ ახალგაზრდა ვიყო… მე არ მსურს უკან დაბრუნება. ცხოვრებაში იმდენი რამ იყო და ისევ თავიდან? არ არის საჭირო.

მეგობრებისთვის ჩემი ავადმყოფობა, ოპერაცია იყო კოშმარი. მათ ეგონათ, რომ მე უკვდავი ვარ, ქვის ვარ, და უცებ რაღაც ადამიანური დამემართა და ისეთ პანიკაში ჩაცვივდნენ… ერთი მეგობარი ლოცვებს მიკითხავდა, მეორეს მთელი ორი ღამე არ უძინია, მე ვეუბნები: გოგოებო, თქვენ მე ნაადრევად მმარხავთ… მე ძალიან მშვიდად ვხვდები ამ ამბავს. მაშინვე ვუთხარი ექიმს, მითხარით პირდაპირ, უნდა ვიცოდე, რამდენი დამრჩა…

მე ჯერ კიდევ ვჭირდები ჩემს ოჯახს და ამიტომ დანებებას და ცხვირის ჩამოშვებას არ ვაპირებ, მომავალს ოპტიმიზმით ვუყურებ… არ მიყვარს სარკეში ყურება, განსაკუთრებით ახლა, ჩავუვლი და იქ ვიღაც ქალია, ნუთუ ეს მე ვარ? ახალგაზრდობაშიც ვერ ვიტანდი სარკის წინ ბზრიალს. საერთოდ ვერ ვგრძნობ საკუთარ ასაკს. როდესაც მეუბნებიან, რამდენი წლისაც ვარ, არ მჯერა ამ ციფრების, თითქოს ჩემზე არაა ლაპარაკი…“

sofiko16

sofiko12

sofiko14

დაიბეჭდა “პრაიმტაიმში”.

Advertisements

უბერებელი „ურიელ აკოსტა“

მეოცეს ოცეული

გენიოსებთან ჭიდილში დამარცხებული დრო და… ივდითები, ურიელები…

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა „პრაიმტაიმში“)

„პრაიმტაიმის“ გამოკითხვაში კოტე მარჯანიშვილის დადგმული კარლ გუცკოვის „ურიელ აკოსტა“ მეოცე საუკუნის საუკეთეშო ქართულ სპექტაკლად დაასახელა 20–დან 18–მა გამოკითხულმა, მათგან 5–მა პირველ პოზიციაზე და დაგროვილი 291 ქულით „ურიელ აკოსტამ“ მეორე ადგილი დაიკავა მეოცეს ოცეულში.

რელიგიური დოგმების წინააღდეგ ამხედრებული ფილოსოფოსი ურეილ აკოსტა.

რაბინებისგან დაწყევლილი ურიელ აკოსტას ტრაგიკული სიყვარულის ისტორია…

ამ ტრაგიკულ ისტორიას აგერ 82–ე წელიწადია თამაშობენ მარჯანიშვილის თეატრში და ამ სიყვარულის ისტორიას თან სდევს შლეიფი – სწორედ „ურიელ აკოსტას“ რეპეტიციებისას შეუყვარდათ ერთმანეთი სოფიკო ჭიაურელსა და კოტე მახარაძეს…

სოფიკო ჭიაურელი: „ურიელმა“ დაგვღუპა… ყველაფერი სპონტანურად მოხდა, მას ცოლი ჰყავდა, მე – ქმარი… ამ ყველაფერს უფრო კრიმინალური შარავანდედი ადგა, ვიდრე რომანტიკული…“

კრიმინალური შარავადედი არ დასდგმია უშანგი ჩეიძის ტრფობას ვერიკო ანჯაფარიძისადმი… მაგრამ ეტრფოდა…

„როდესაც მე მოვიხედე ივდითისკენ, ასე მეგონა რაღაც შუქი ამოდიოდა მისი სახიდან… ივდითის მომღიმარი სახიდან მოედინებოდა ნათელი, რაც ავსებდა მთელ სცენას, მისი თვალები ბრწყინავდნენ, გეალერსებოდნენ და მისგან წამოსული სხივი გიზიდავდა…“ – იხსენებდა უშანგი ჩხეიძე…

ბედისწერად იქცა – მარჯანიშვილის და ოცხელის შეკრულ „კარკასში“ უნებლიედ იბადებოდა სიყვარული – ურიელის და ივდითის შემსრულებელ მსახიობებს შორის, ალბათ სწორედ ამას ითვალისწინებდა სოფიკო ჭიაურელი, როდესაც ბოლო აღდგენისას ამ როლებზე ცოლ–ქმარი გაანწილა – ნატა მურვანიძე და ნიკა თავაძე…

სადაცაა „ურიელ აკოსტა“ 82 წლის გახდება. დაიბადა ქუთაისში 1929 წლის 2 თებერვალს, 2 წლისაც არ იყო თბილისში რომ „ჩამოიყვანეს“ და მას შემდეგ თბილისში ცხოვრობს… 1928 წელს მარჯანიშვილმა დაარსა ქუთაის–ბათუმის თეატრი, 1930 წელს თბილისში საგასტროლოდ ჩამოსული დასი თბილისში დარჩა და სახალხო სახლში დაიდო ბინა. 1933 წელს თეატრს მარჯანიშვილის სახელი ეწოდა…

როგორ იქმნებოდა შედევრი სახელად „ურიელ აკოსტა“, რომელიც დღემდე ახდენს ზემოქმედებას მაყურებელზე?

შედევრის ავტორთაგან მხოლოდ კოტე მარჯანიშვილი იყო შემოქმედებითი სიმწიფის, 56 წლის ასაკში, კომპოზიტორი თამარ ვახვახიშვილი 35 წლის იყო, ურიელი – უშანგი ჩხეიძე – 30 წლის, ივდითი – ვერიკო ანჯაფარიძე – 28 წლის, გენიალური სცენოგრაფი პეტრე ოცხელი კი მხოლოდ 21 წლის…

სწორედ  21 წლის ჭაბუკის შექმნილი დეკორაციები და კოსტიუმებია, აგერ დღემდე რომ შოკში აგდებს და ანცვიფრებს მნახველს. განგებამ მის შემოქმედებას  უფრო ხანგრძლივი ქრონომეტრაჟი უბოძა, ვიდრე თავად მას. სასცენო მხატვრობის რევოლუციონერი ავბედით 37-ში, სრულიად ახალგაზრდა, 30 წლის დახვრიტეს, როგორც კონტრევოლუციონერი… მისმა შემოქმედებამ კი მოინელა თავად კომუნისტური, პირსისხლიანი რეჟიმი. უყურებ ოცხელის უკიდეგანო ფანტაზიის ნაყოფს – უჩვეულო სცენიურ გარემოს, იხსენებ მის ასაკს და სულაც აღარ გიკვირს, თუ როგორ შექმნა იმავე ასაკში შილერმა „ყაჩაღები“…

20 წლის იყო პეტრე ოცხელი მარჯანიშვილმა რომ მისი გაფორმებული „ცეცხლის გამჩაღებელნი“ ნახა მუშათა თეატრში. ოცხელის ესკიზებმა მარჯანიშვილი აღაფრთოვანა – გენიამ იცნო მომავალი გენია და თავისთან წაიყვანა და სულ მალე ოცხელის გენია აელვარდა კიდეც… თუმცა, როგორც თეატრის ისტორიის ანალებიდან ირკვევა, მარჯანიშვილს არ მოსწონებია  ესკიზები, რომელიც თავიდან მიუტანა ოცხელმა, არ მოეწონა რადგან იქ ზდანევიჩისა და გამრეკელის გავლენა იგრძნობოდა. მარჯანიშვილი არ აჩქარებდა ოცხელს… და აი, ოცხელმა მაკეტი მიიტანა მარჯანიშვილთან…

მარჯანიშვილი დიდხანს ათვალიერებდა მაკეტს…. ხელჯოხი მთელი ძალით დასცხო მაგიდას, მსახიობები გაინაბნენ, ეგონათ მაკეტი არ მოეწონა და ყველას ჯოხით დაერეოდა. „გენიალურია, შესანიშნავი, ყოჩაღ პეტრე! სადაა ის ბიჭი“ – იყვირა მარჯანიშვილმა… პეტრე ოცხელი სცენის სიღრმეში იდგა თავჩაქინდრული, გაწითლებული…

მაყურებელს დღესაც აჯადოვებს მარჯანიშვილის რეჟისორული გადაწყვეტისა და ოცხელის მხატვრობისა საოცარი სინქრონულობა.მარჯანიშვილის შედევრმა დაამარცხა დრო – „ურიელ აკოსტა“ დღესაც მარჯანიშვილის თეატრის რეპერტუარშია.

რა ხდება, რატომ აღელვებს მაყურებელს ოდესღაც დადგმული სპექტაკლი, მხოლოდ იმიტომ რომ შედევრია, მხოლოდ იმიტომ რომ არქეტიპად ქცეულ მარჯანიშვილის დადგმულია?  იქნებ იმიტომაც რომ ქადაგებს აზრის თავისუფლებას? იქნებ იმიტომ რომ გვიამობს რელიგიურ დოგმების, ფანატიზმის, გარემომცველი სამყაროს წინააღდეგ ამხედრებული ურიელ აკოსტას ტრაგიკული სიყვარულის ისტორიას, ნათელისა და ბნელის ჭიდილს. ბნელისა და ნათლის, შუქ-ჩრდილების, შავისა და თეთრის მონაცვლეობა უდევს აქ საფუძვლად ყველაფერს, ოცხელის დეკორატიული მონასმები ორგანულად ერწყმის მარჯანიშვილის მეტყველ მიზანსცენებს, ულამაზეს კომპოზიციებს. მსახიობები ქანდაკებებივით არიან ნაკვეთი, არსად არიან სტატიკურნი, ყველაფერს ყველაფერს შინაგანი რიტმი და სულიერიო ექსპრესია  აერთიანებს. ცხადია, დღევანდელი „ურიელის“ ზემოქმედება ალბათ ბევრად ჩამოუვარდება 80 წლის წინანდელ ზემოქმედებას, ისევე როგორც აღდგენილი სპექტაკლი ორიგინალს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმასაც რომ მას შემდეგ არათუ თეატრმა, საერთოდ სამყარომ იცვალა ნირი, რიტმი, დღევანდელი ზემოქმდების ძალა მაინც შთამბეჭდავია. სწორედ ამ „მაინც შთამბეჭდავობითაა“ „ურიელ აკოსტა“ გენიალური, ამ თეატრალურ მკვეთრ, პირობით ფორმებს, საერთოდ ზეაწეულ განცდებს გადაჩვეულ, გაუცხოებულ მაყურებელსაც რომ უთრთოლებს სულს. ცხადია, უხვად არიან ისინიც ვინც მყარადაა დამიწებული და არანაირად რომ არ ეპიტნავებათ ეს „ზეაწევა“ და თეატრისგანაც რომ მიწაზე გორაობას ითხოვენ, მაგრამ ეს სპექტაკლი მათთვის არაა…

მარჯანიშვილის „ურიელ აკოსტამ“ დროზე გაიმარჯვა, მაგრამ დროზე გამარჯვებამდე მესხიშვილის „ურიელ აკოსტაზე“ – სწორედ ქუთაისის სცენაზე დადგა მეოთხედი საუკუნით ადრე ლადო მესხიშვილმა კარლ გუცკოვის ეს ტრაგედია, ურიელს თავად ასრულებდა, ივდითს – ქართული თეატრის სინდისად აღიარებული ნუცა ჩხეიძე. ლადო მესხიშვილის ტრიუმფალური ურიელის შემდეგ ამ პიესას აღარავინ ეკარებოდა… აღარავინ – მარჯანიშვილამდე.

წარმატებულ პრემიერას წინ ასევე წარმატებული ჩვენება უძღოდა – თბილისდან ჩასულ მწერლებს, საზოგადო მოღვაწეებს „ურიელი“ დეკემბრის მიწურულს ანახეს.

ამ ჩვენების წინ კი იყო… ჩავარდნილი გენერალური რეპეტიცია.

რეპეტიცია ცუდად მიდიოდა, მსახიობები ვერაფრით ვერ პოულობდნენ საჭირო ტონს. „ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, თითქოს ყველაფერი დაიკარგა, რაც კი რეპეტიციებზე ვიპოვე. მუსიკაც მიშლის ხელს, გამძვინვარებული მარჯანიშვილიც მბოჭავს, სინათლე თვალს მჭრის. ყურადღების მოკრება მიჭირს. მონოლოგს წარმოვთქვამ მექანიკურად. ვერაფერს ვგრძნობ, სიცივე და სიცარიელე მაქვს გულში. უშანგი – ურიელიც ჩამქრალია, არა აქვს სითბო, სიცოცხლე, ცეცხლი – და ასე რეპეტიციის დამთავრებამდე ყველაფერი დაიკარგა, წაიშალა. სად გაქრა დაუვიწყარი რეპეტიციების სიხარული? როგორი ზეშთაგონებით ქმნიდა მარჯანიშვილი ამ სპექტაკლს – როგორი აღფრთოვანებით ვიჭერდით მის ყოველ აზრს ჩვენ, მსახიობები… ჩვენ ვგრძნობდით, რომ ამ სპექტაკლში კიდევ უფრო ძლიერად, უფრო სრულყოფილად გადაიშალა მარჯანიშვილის გენია. და ეს ყველაფერი ჩვენ, მსახიობებმა, დღეს დავკარგეთ, დავანგრიეთ, გავაცამტვერეთ“ – იხსენებდა ვერიკო ანჯაფარიძე…

მარჯანიშვილი ყვიროდა, ცეცხლს ყრიდა, ცდილობდა ეხსნა თავის შედევრი, მსახიობები რომ უნადგურებდნენ, მაგრამ ამაოდ… „დამღუპეთ მე თქვენ, დამტანჯეთ, დამასამარეთ“ – ეუბნებოდა მსახიობებს.

„ასეთი განადგურებული მარჯანიშვილი მე არ მინახავს“ – იტყვის ვერიკო ანჯაფარიძე, სწორედ ვერიკოს უხმო თეატრიდან გამოსულმა და სასტუმროსკენ ლასლასით მიმავალმა მარჯანიშვილმა. „ მივუახლოვდი და ვხედავ, თვალები ნათელი აქვს, სხივჩამდგარი, სიხარული გამოკრთის, ეშმაკური ღიმილი დასთამაშებს სახეზე და მეუბნება: წადი დაიძინე, კარგად დაისვენე, საღამოს მოხდება გრანდიოზული რამ, გენერალური ჩაგვივარდა – ეს ხომ შესანიშნავია!…“

– გაიხსენებს ვერიკო და სწორედ ამის შემდეგ დამკვირდა ქართულ თეატრში რწმენა – რომ ჩავარდნილი გენერალური რეპეტიცია წარმატებული პრემიერის გარანტიაა. მაგრამ ეს რწმენა ხშირად ცრურწმენაა – ვინ მოსთვლის რამდენი გენერალური რეპეტიცია ჩაფლავებულა და მერე პრემიერაც ჩაფლავებულა…

ვერიკოს გარდა მარჯანიშვილის „ურიელ აკოსტას“ კიდევ ბევრი ივდითი ახსოვს.

სესილია თაყაიშვილი, სოფიკო ჭიაურელი, მედეა ჯაფარიძე, დოდო ჭიჭინაძე, ნინო დუმბაძე, ნატო მურვანიძე…

ახალგაზრდა სესილია თაყაიშვილი ჯერ კიდევ მაშინ შეიყვანეს სპექტაკლში, როცა სცენაზე ვერიკო იდგა. გარკვეული წარმატებების მიუხედავად სესილიას ივდითი ვერ იქცა სპექტაკლის ნაწილად. სესილია ვერ ჰგუობდა უჩვეულო ფორმის სავარძელს, არანაკლებ უჩვეულო კოსტიუმს, საერთოდ გარემოს. იგი ეთაყვანებოდა ვერიკოს ივდითს, თვითონ კი ვერ იქცა ივდითად. იმდენად მწარე იყო მისთვის მარცხი, რომ სიკვდილის წინ მიცემულ ინტერვიუში, ცხოვრების ყველაზე უბედურ დღედ, „ურიელში“ თამაშის დღე დაასახელა…

ვერიკომ „ურიელ აკოსტა“ პირველად 1962 წელს აღადგინა. ურიელს პიერ კობახიძე თამაშობდა, ივდით თავად – უკვე 60–ს გადატანებული, მაგრამ იგი კვლავინდებურად აჯადოებდა მაყურებელს. 1972 წელს ვერიკომ ხელმეორედ აღადგინა „ურიელ აკოსტა“, ამჯერად ურიელს კოტე მახარაძე თამაშობდა, ივდითს – სოფიკო ჭიაურელი. „არ მინდოდა ივდითის თამაში, დედამ მაიძულა… ვცდილობდი გავქცეოდი მის აჩრდილს, მაგრამ ვერ მოვახერხე… დედასთან დავმარცხდი და დავმარცხდი რომელია…“ (სოფიკო ჭიაურელი).

მესამედ უკვე სოფიკო ჭიაურელმა აღადგინა სპექტაკლი 1991 წელს, ზურაბ სტურუას და ნინო დუმბაძის მონაწილეობით. 15 წლის შემდეგ, 2006 წელს კვლავ სოფიკომ აღადგინა „ურიელ აკოსტა“. ამჯერად ივდითად ურიელის – კოტე მახარაძის შვილიშვილი – ნატა მურვანიძე მოგვევლინა, ურიელად – ნიკა თავაძე.

ვერიკოსთან მარცხდებოდნენ მაშინ როცა ის სცენაზე იდგა, ვერიკოსთან მარცხდებოდნენ მაშინ როცა იგი პარტერში იყო რესტავრატორის ამპლუაში და მაშინაც – როცა იგი მთაწმინდაზე განისვენებს.

ნატა მურვანიძე: „ერთი წამითაც არ ვედრები სესილია თაყაიშვილის მონაცემებს და შესაძლებლობებს, მაგრამ ახლა ვერიკო ანჯაფარიძე რომ ცოცხალი იყოს და სცენაზე იდგეს, ჩემთვისაც ყველაზე უბედური დღე 2006 წლის 30 სექტემბერი იქნებოდა, როცა პირველად ვითამაშე ივდითი…“

მარჯანიშვილის თეატრს „ურიელ აკოსტას“ ბოლო აღდგენა 8 900 ლარი დაუჯდა. ეს თანხა ძირითადად დეკორაციის რესტავრაციას და კოსტიუმების ხელახლა შეკერვას მოხმარდა.

ყვითელი დეტალი: ახალ ივდითს – ნატა მურვანიძეს არც ერთი წინამორბედი ივდითის კოსტიუმი არ ჩაეტია კოჭებამდე დაშვებული კაბები წვივებსაც ვერ უფარავდა, ყველა კაბა მკლავებამდე წვდებოდა.

„ვიცოდი მაღალი ვიყავი, მაგრამ სულ მეგონა რომ თავი პატარა მქონდა, მაგრამ არც თავსბურავი მომერგო, ისიც პატარა მქონდა. დეკორაციაც კი პატარაა ვინც დააკვირდება“ – ამბობს ნატა მურვანიძე.

ნატა მურვანიძე: „ მართლაც უძლიერესი კონსტრუქცია აქვს ამ სპექტაკლს, ქორეოგრაფია, მუსიკა, პრინციპში ნახატივითაა, ერთი დიდი ტილოა.

ჩვენ ხელში გვქონდა შედეგი – მიზანსცენები, ჟესტები და თავად უნდა მივსულიყავით ამ შედეგამდე. მიხეილ ჩეხოვს აქვს ფსიქოლოგიური ჟესტით სავარჯიშო. ფსიქოლოგიურ ჟესტს რომ აკეთებ ერთხელ, ორჯერ, ათჯერ, ოცჯერ… ამ ჟესტს მიჰყავხარ იმ ემოციამდე, რომელმაც ეს ჟესტი შვა. ამ პრინციპით ვმუშაობდით და მინდა მჯეროდეს რომ ამ გზით ვიწვევდით იმ საწყის ემოციას, თავდაპირეველი შემსრულებლები რომ განიცდიდნენ. ყოველშემთხვევაში ეს ჟესტები ჩემში აშკარად იწვევს რაღაცას, შეიძლება იმ დოზას არა რასაც ქალბატონ ვერიკოში, ან შემდეგ აღიარებულ, ლეგენდარულ მსახიობებში… იმდენად მაგარია, იმდემად აწყობილია ეს ყველაფერი, მე არ მეგულება მსახიობი ქალი, რომელიც ამას ისე ვერე იგრძნობს, როგორც მე ვგრძნობდი. გული მწყდება სხვებს რომ არ აქვთ საშუალება რომ განიცადონ ის, რაც იქ ხდება, რომ იმ მონახაზში იცხოვროს, ამ სპექტაკლს აქვს კიდე რაღაც განსაკუთრებული მაგია… მე არ ვიცი ეს გარედან როგორ ჩანს, მაგრამ შიგნით აშკარად მონუსხული და მოჯადოებული ხარ 80 წლის წინანდელი რაღაცით, რომელსაც სახელი არა აქვს… სახელი აქვს კოტე მარჯანიშვილი, გენიოსი. რომელიც სათავეა ამ ყველაფერის…“

 

 

 


 

თეატრალური წყვილები

რეზო შატაკიშვილი
არაერთ მსახიობს შეჰყვარებია ერთმანეთი როლში. ანდა თუნდაც უბრალოდ თეატრში, მაგრამ ამ “ნიუსს” არასდროს არავინ მიიჩნევდა უბრალო ნიუსად. თუ საზოგადოდ “ქორწინებით დასრულებულ სამსახურებრივ რომანს” – ერთობ პროზაულად ღებულობდა ყველა, ასევე ყველა ინტერესით ენთობოდა, როცა ეს სამსახურებრივი რომანი თეატრში ჩაღდებოდა და იდგამდა გვირგვინს.
მათი გრძნობებიც თითქოს სცენაზე დგანან…
გიამობთ თეატრალურ წყვილებზე, იმ ოჯახებზე რომელიც შექმნეს მსახიობებმა, ან მსახიობმა და რეჟისორმა… ისინი ერთად არიან, თეატრშიც და ცხოვრებაშიც. უფრო სწორად თეატრშიც ერთად ცხოვრობენ და ცხოვრებაშიც. ყოველი მათგანის სიყვარული დაიწყო თეატრში ან თეატრალურ ინსტიტუტში…

მაკო საფაროვა – ვასო აბაშიძე
საქართველოში მსახიობთა ქორწინების ტრადიციას, მაშინვე ჩაეყარა საძირკველი, როგორც კი ილია ჭავჭავაძემ აღადგინა პროფესიული ქართული თეატრი – 1979 წელს. ვასო აბაშიძე დასში მიღებულ მაკო საფაროვას დაცინვით შეხვდა, ბავშვიცი უწოდა. მაკო ხომ მაშინ მხოლოდ 19 წლის იყო… ვასო აბაშიძე 25-ის… ვასო დასცინოდა, მაგრამ მალევე, მაკოს სცენაზე გამოსვლისთანავე, შეხედულება შეიცვალა და მისი ნიჭის თაყვანისმცემლად მოგვევლინა. მალევე ოჯახის შექმნაც შესთავზა, მაკომ იუარა, ხუმრობა ეგონა… ვასომ
ხელი მეორედ გორში გასტროლებისას სთხოვა მაკოს. მაკომ კვლავ ცივი უარი უთავაზა, ვასო მტკვრისკენ წავიდა, მაკოს ელდა ეცა – თავს დაიხრჩობსო, გამოედევნა და… უთხრა რომ ცოლად გაჰყვებოდა. იქორწინეს, მალე ქვეყანას ტასო აბაშიძე მოევლინა. ვასო აბაშიძემ და მაკო საფაროვამ ერთად 47 წელი იცხოვრეს…
ნატო გაბუნია – ავქსენტი ცაგარელი

ქართული თეატრის მეორე პრიმამ – ნატო გაბუნიამ კი ბედი უკვდავ “ხანუმას” ავტორს, დრამატურგსა და მსახიობს ავქსენტი ცაგარელს დაუკავშირა. 25 წლის ცაგარელი უგონოდ იყო შეყვარებული 23 წლის ნატო გაბუნიაზე, სწორედ ნატოსთვის დაწერა “ხანუმა”. მალე დაქორწინდნენ კიდეც, ნატო გაბუნიამ ხანუმა პირველად 23 წლისამ ითამაშა. ამ როლს იგი სიკვდილამდე თამაშობდა…
ვერიკო ანჯაფარიძე – მიხეილ ჭიაურელი

საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნებულმა გიორგი ჯაბადარმა თეატრალური სტუდია დაარსა. რეპეტიცია-მეცადინეობებს საგრეჯოში გადიოდნენ. სტუდიას მალე მოსკოვიდან დაბრუნებული ვერიკო ანჯაფარიძე შეუერთდა. სწორედ იქ ნახა 24 წლის მიხეილ ჭიაურელმა პირველად ვერიკო…
ნახა და შეუყვარდა. “მოდიოდა ქალი დიდი ნაბიჯით. ეცვა აბრეშუმის გრძელი კაბა… არაჩვეულებრივად მაღალი ყელი. ვერ გაიგებდი თვალებით ვის უყურებდა, ოდნავ მოზრდილი ცხვირი, უწესრიგოდ, ფაფარივით გადმოყრილი თმა, ყველას მოგვესალმა და მომეჩვენა რომ რომ განსაკუთრებული ყურდღებით მე შემომხედა. მე მას პირველად ვხედავდი… და ვხედავდი მხოლოდ მას!… ეზოში მწვანეზე ჩამოვსხედით ყველა. მოხდა ისე რომ ვერიკო ჩემთან ახლოს დაჯდა. რა ბედნიერებაა!.. ბედნიერებას განვიცდიდი და არ მესმოდა, რას ნიშნავდა ეს… ჯაბადარმა ახალგაზრდა მსახიობ ქალს სთხოვა რაიმე წაეკითხა. ვერიკომ სასტიკი უარი განაცხადა, სთხოვდნენ ჩვენი მსახიობებიც. “ვთხოვ იქნებ დამიჯეროს” – გავიფიქრე და თითქმის ჩურჩულით ვთქვი: მეც ძალიან გეხვეწებით მეთქი, მან ერთი შემომხედა და დაუყოვნებლივ დაიწყო… რატომ დაიწყო მაინცდამაინც მაშინ, როცა მე ვთხოვე? არ ვიცი… რა ახლოს იყო მისი ხელი დაბლა ხალიჩაზე. ვეღარაფერს ვგრძნობდი… მე ტაში არ დავუკარი, დავიხარე და ხელზე ვაკოცე…” – ასე მოიგონებს მიხეილ ჭიაურელი ვერიკოსთან პირველ შეხვედრას, მათ შორის დიდი გრძნობა გაჩნდება, მაგრამ ვერიკო ცოლად გაჰყვება არა ჭიაურელს, არამედ – 11 წლით უფროს, სახელოვან შალვა ამირეჯიბს, გამოჩენილ პოლიტიკურ მოღვაწეს, ეროვნულ-დემოკრატს, პოეტსა და ჟურანლისტს, ნამდვილ ვაჟკაცს. ჯვრისწერიდან გამოსულ ვერიკოს გული შეუღონდა… მას უკვე მიხეილ ჭიაურელი უყვარდა, მიხეილ ჭიაურელი უკვე ცოლ-შვილიანი იყო იმ დროს… ამბობენ რომ მამამ სთხოვა ვერიკოს სიკვდილის წინ – ცოლად გაჰყოლოდა შალვა ამირეჯიბს. ალბათ ვერიკოც ფიქრობდა რომ სხვისი ცოლი თუ გახდებოდა, უფრო დაიმორჩილებდა საკუთარ გულს… მაგრამ ვერ დაიმორჩილა… ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. მაგრამ ამირეჯიბს ის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე უყვარდა. ემიგრაციაში წასულსასც არ შეურთავს ცოლი… ვერიკო ცოლად გაჰყვა მიხეილ ჭიაურელს…

სესილია თაყაიშვილი – ვასო გოძიაშვილი

სესილია თაყაიშვილმა და ვასო გოძიაშვილმა ერთმანეთი ფაღავას სტუდიაში გაიცნეს.

ისინი ჯერ სცენაზე იყვნენ ცოლ-ქმარი. სტუდიაში, გორგო ფულდის “ვირის ჩრდილში” ვასო გოძიაშვილი მევირეს თამაშობდა, სესილია მის ცოლს. მერე ცხოვრებაშიც მისი ცოლი გახდა, რუსთაველის თეატრშიც ერთად მოღვაწეობდნენ. მერე მარჯანიშვილი თეატრიდან წავიდა, მალე მას ვასო გაჰყვა და სესილიაც მარჯანიშვილთან

წავიდა.



მაგრამ მალე სესილია და ვასო გოძიაშვილი ერთმანეთს დაშორდნენ. სესილიამ მარტო გაზარდა ბიჭი. აღარ გათხოვილა. იმ დიდი სიყვარულის ერთგული დარჩა. თბილისში ფეხს აიდგამს ლეგენდები სესილიას პატიოსნებასა და ზნეობრივ სისპეტაკეზე…
გიორგი შავგულიძე – ლიზა ვაჩნაძე




გიორგი შავგულიძე 23 წლის იყო მსახიობი ლიზა ვაჩნაძე რომ შეუყვარდა. ლიზა ვაჩნაძე “ყვარყვარეში” გულთამზეს თამაშობდა, შავგულიძე – ერასტის და წისქვილის სცენაში, როდესაც უშანგი ჩხეიძე-ყვარყვარე მუხლზე ისვამდა ვაჩნაძე-გულთამზეს, ერასტი-შავგულიძე საშინლად ნერვიულობდა და რეპლიკას არ უცდიდა, ისე ხტებოდა საფარიდან, განზე ისროდა ყვარყვარეს და სცენას აფუჭებდა. იმდენჯერ გააფუჭა სცენა, რომ ბოლოს თვითინ შეყვარებულმა უსაყვედურა, გვაცადე თამაშიო. უსაყვედურა და არათუ ადრე აღარ გადმოხტა შავგულიძე საფარიდან, საერთოდ დააგვიანა, ისე დააგვიანა რომ ბოლოს თვითონ უშანგი ეძახდა – “ჟორჟიკა ბიჭო, გამოდი”.
გადმოხტა შავგულიძე და ყვარყვარე იქით ისროლა, გულთამზე აქეთ…

სპექტაკლის მერე გაბუტული ბავშვივით აუხსნა შავგულიძეს – ამან მთხოვა გვაცალე ალერსიო…  მას მერე კი რაც უშანგი ჩხეიძემ შავგულიძის პორტსიგარში ლიზა ვაჩნაძის ფოტო ნახა, რეპლიკას ადრე ამბობდა…

აღდგენილ “ხატიჯეში” ლიზა ვაჩნაძე ხატიჯეს თამაშობდა, ხატიჯეს დედას – მარჯანიშვილის მეუღლე ელენე დონაური (ვაჩნაძე). მათ ერთნაირი, შავი კაბები ეცვათ და სახეზე შავი ჩადრები ჰქონდათ ჩამოფარებული, მარჯანიშვილის მეუღლე ლიზა ვაჩნაძეზე ადრე მოიკაზმა, ჩავიდა კუისებში და… მას ზურგიდან მოეხვია შავგულიძე. ჯერ მარჯანიშვილის მეუღლე გადაირია, შემდეგ – შავგულიძე როცა ხელში შეყვარებულის ნაცვლად რეჟისორის ცოლი შერჩა… 

მარჯანიშვილმა მეორე დილით წყვილად დაიბარა შავგულიძე და მისი სატრფო. მარჯანიშვილმა აღელვებულ და აწურულ შავგულიძეს თბილად დაუცაცხანა, რაო, ფიქრობ რომ ყველა ვაჩნაძეს უნდა ეხვეოდე? მაცადეთ, დავბრუნდები მოსკოვიდან და თეატრში გრანდიოზულ ქორწილს გადაგიხდით – დაპირდება მარჯანიშვილი შეყვარებულებს, მაგრამ ის მოსკოვიდან ვეღარ დაბრუნდება…

გრანდიოზული ქორწილი ვერ შედგება, მაგრამ გიორგი შავგულიძე და ლიზა ვაჩნაძე იქორწინებენ…

ელენე ყიფშიძე – ეროსი მანჯგალაძე                                                        
ელენე ყიფშიძის პირველი მეუღლე ეროსი მანჯგალაძე იყო, მათ სტუდენტობისას ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ამბობენ რომ შეყვარებულმა ეროსიმ ელენესთან არშიყობისთვის სახელგანთქმულ გიორგი ტოვსტონოგოვსაც კი სცემა… ეროსი და ლენა შემდეგ დაქორწინდნენ, მაგრამ ვერ აეწყო მათი ურთიერთობა. მალე დაშორდნენ. ეროსის აღარ მოუყვანია ცოლი. ამბობდნენ რომ სიკვდილამდე ლენა უყვარდა… დაშორებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ელენე ყიფშიძემ უმამოდ გააჩინა ზურა და ზურასთან ერთად დაიბადა მითიც რომ ზურა ეროსის ბიჭია. ამ მითის თვითონ ზურასაც სჯერა კარგა ხანს. ეს მითი გარდატეხის ასაკში დაემსხვრა ზურას. “მახსოვს სოფელში ვიყავი, ასე წარმადგინეს, გაიცანით, ესაო, ეროსის ბიჭიაო. გავგიჟდი მეთქი ვინ ეროსის ბიჭი ვარ, დავიწყე ყვირილი, ბოლო-ბოლო გამაგებინეთ ვინ ვარ, რა ვარ, ვისი შვილი ვარ…  13-14 წლის ვიყავი, როცა გავიგე ვინ იყო ბოლო-ბოლო მამაჩემი – მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ავთო ვერულეიშვილი…” – იხსენებდა ზურა ყიფშიძე.


სალომე ყანჩელი – გიორგი ტოვსტონოგოვი
გიორგი ტოსვტონოგოვი თავიდან მხოლოდ პედაგოგი იყო სალომე ყანჩელის. შემდეგ თავდავიწყებით შეუყვარდათ ერთმანეთი და ტოვსტონოგოვი სალომეს  ქმარი და ორი ვაჟის მამაც გახდა. მაგრამ… რამოდენიმე წლში დაშორდნენ. სასამართლომ შვილებზე მეურვეობა ტოვსტონოგოვს დააკისრა.

ტოვსტონოგოვი მალე ლენინგრადში გადაიყვანეს და ვაჟებიც თან წაიყვანა… ტოვსტონოგოვს არასოდეს აკლდა ქალები, რომანები, მაგრამ ცოლი, როგორც ასეთი აღარ შეურთავს და სალომე ყანჩელი ინარჩუნებდა ტოვსტონოგოვის ერთადერთი ცოლის ტიტულს…

მედეა ჩახავა – ნოდარ ჩხეიძე – კოტე მახარაძე

მედეა ჩახავას ინსტიტუტში შესვლისთანავე დაადგა თვალი ნოდარ ჩხეიძემ. ნოდარი უფროსი იყო, სამედიცინო ინსტიტუტიდან იყო გადასული. პოეტ გიორგი ქუჩიშვილის ვაჟი, ბობოქარი და ბოჰემური ნოდარი გოგონების ყურდაღებით იყო განებივრებული, მედეასაც მოსწონდა ასეთ ბიჭს რომ მოსწონდა. “შემომანათებდა ხოლმე თვალებს. ძალიან ლამაზი თვალები ჰქონდა… მერე უკვე გამაცილა, გამომაცილა. თქმით არაფერს მეუბნებოდა, მაგრამ ხშირად საქციელი უფრო მეტს ამბობს. მერე, ალბათ, მითხრა კიდეც, ეს დიდი ხნის ამბავია…” – იხსენებდა უკვე მხცოვანი მედეა.

ნოდარ ჩხეიძეს და მედეა ჩახავას ვაჟი შეეძინათ _ თემურ ჩხეიძე…
მერე მათი გზები გაიყო. მედეა კოტე მახარაძის ცოლი გახდა… ქვეყანას მოევლინა მაკა მახარაძე, ივიკო მახარაძე…
გამოხდა ხანი და მათი ცხოვრების გზაც გაიყო. ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. იყო წლები, როცა ერთმანეთს ხმას არ სცემდნენ, მაგრამ დრომ ყველაფერს უწამლა და მათ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ…
სოფიკო ჭიაურელი – გიორგი შენგელაია – კოტე მახარაძე

სოფიკო ჭიაურელი და გიორგი შენგელაია 19 წლისები იყვნენ, მოსკოვის კინოინსტიტუტში სწავლობდნენ როცა დაქორწინდნენ. თუმცა მათი დიდი რომანი აქ, თბილისში დაიწყო. სოფიკოს და გიორგის 5 წელი უყვარდათ ერთმანეთი. ნატო ვაჩნაძის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ, ვერიკო ანჯაფარიძე მზრუნველობდა თავისი მეგობრის უმცროს ვაჟზე…
სოფიკოს და გიორგის შეეძინათ ორი ვაჟი, ცხოვრება მიდიოდა, მაგრამ მერე და მერე მათ ურთიერთობაში გაჩნდა ბზარი. “ჩემს ცხოვრებაში დააკაკუნა მეორე დიდმა სიყვარულმა – კოტე… ცხოვრებაში, მითუმეტეს პირად ცხოვრებაში არ მქომედებს არანაირი კანონები, მე მეწერა რომ ორჯერ მეყვარებოდა…” – ამბობდა სოფიკო. მათ ერთმანეთი სცენაზე შეუყვარდათ. ვერიკო ანჯაფარიძემ “ურიელ აკოსტა” აღადგინა. ივდითს სოფიკო თამაშობდა, ურიელს – კოტე და…
“კოტეს მანადეც ვიცნობდი, ხშირად იკვეთებოდა ჩვენი გზები თეატრში, მაგრამ… “ურიელმა” დაგვღუპა… ყველაფერი სპონტანურად მოხდა, მას ცოლი ჰყვდა, მე – ქმარი… ამ ყველაფერს უფრო კრიმინალური შარავანდედი ადგა, ვიდრე რომანტიკული. ყველა ჩვენს წინააღდეგ იყო, საკუთარი შვილებიც კი… გაგანია რომანი გვქონდა, მაგრამ ბავშვების გამო ვერ ვწყვეტდი ოჯახის დანგრევას. კოტე გიჟდებოდა. მახსოვს ვიყავით პოდმოსკოვიეში, იყო ზამთარი, ღამე და ნამქერი. გამოვედით რესტორნიდან და კოტემ მითხრა, “ან მეტყვის ჰოს, ანარადა თავს მოვიკლავო”. მე ვუთხარი: “კარგად იყავი”. 

ის ავიდა ყველაზე მაღალ ადგილას რაც კი იქ იყო და ბაც, თოვლიან ხრამში ისკუპა. მეც არც დავფიქრებულვარ ისე ვისკუპე, გადავყე ხრამში, სიბნელეში. ცოცხალმკვდრები ძლივს ამოვედით იქიდან…

მერე და მერე, როდესაც ჩვენი ახლობლები დარწმუნდნენ რომ ჩვენი ურთიერთობა ძალიან სერიოზული იყო, ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა. 30 წელი ვიცხოვრეთ მე და კოტემ სიყვარულსა და თანხმობაში…” – იხსენებდა სოფიკო ჭიაურელი.

ბელა მირიანაშვილი – კახი კავსაძე
ბელა მირიანაშვილისთვის კახი კავსაძე პირველი მეუღლე არ იყო, მაგრამ მათი სიყვარული დღემდე საარაკოდაა და ასე დარჩება კიდეც. ძნელად თუ მოახერხებს ვინმე, მოახერხოს ის რაც მოახერხა კახი კავსაძემ – ბედისწერისთვის თვალი გაესწორებინა, ჰყვარებოდა სნეული მეუღლე და მისი ერთგული დარჩენილიყო მისი გარდაცვალების შემდეგაც. სწორედაც რომ ამას ჰქვია ერთგულება კუბოს კარამდის…

პირველად თვალი თეატრალურ ინსტიტუტში მოჰკრა, მაშინვე დაებინდა გონება, მაგრამ თქმა ვერც მაშინ გაუბედა და ვერც შემდეგ კარგა ხანს, სანამ “მასოვკის” მსახიობი იყო… მსახიობი, რომელსაც მიშა თუმანიშვილი თეატრში შემთხვევით მოხვედრილად თვლიდა… მალე კახი კავსაძემ დაამტკიცა რომ ის არ იყო შემთხვევით მოხვედრილი თეატრში და მეტიც – თუმანიშვილის ფავორიტი მსახიობის – ბელა მირიანაშვილის მეუღლე გახდა.
“მახსოვს ერთხელ ვისხედით მე, ბელა, ბატონი მიშა, რობიკო… ბევრნი ვიყავით, ბელამ რაღაც რეპლიკა თქვა, რაზეც ბატონმა მიშამ უპასუხა, “ა, ტი მალჩი დევოჩკა, ი ზნაი, ჩტო ტვაია სუდბა ზავისიტ ოტ მენია”. ბელამ კი არ დააყოვნა “ია ნე დევოჩკა, ია აკტრისა ტეატრა რუსტაველი, ა მაია სუდბა ზავისიტ ოტ ეტოვა ჩელავეკა” და ჩემზე მიუთითა…” სიამაყით გაიხსენებს “პრაიმ თაიმთან” კახი კავსაძე…
იზა გიგოშვილი – მერაბ თავაძე
იზა გიგოშვილი პირველი მეუღლე აკადემიკოსის ვაჟი, კიბერნეტიკოსი არტურ პროკოპჩუკი იყო. იზამ და არტურმა ერთმანეთი მინსკიში გაიცნეს და დაოჯახდნენ. შეეძინა ია. იზამ თბილისში დაბრუნების შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა, მერაბ თავაძე მისი ჯგუფელი იყო. იზას მეუღლესთან ურთიერთობა დაეძაბა, ოჯახი პრაქტიკულად ენგრეოდა. მერაბი გვერდში დაუდგა როგორც მეგობარი, თუმცა ფარულად სხვა გრძნობები ჰქონდა… მერაბ თავაძე მეორე კურსზე იყო ირმა გურიელი რომ შეირთო ცოლად. ორი ვაჟი შეეძინა, ოჯახი ვერც მას აეწყო. ცოლს გაშორდა. იმ პერიოდში იზაც დაშორდა ქმარს. გადაწყვიტეს ერთად ყოფნა, რამაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. აირია ყველაფერი, ურთიერთობები ოჯახებში, ახლობლებში. ყველა წინააღდეგი იყო. ბოლო ბოლო დაქორწინდნენ. შეეძინათ ნიკო თავაძე. ერთად მუშაობდნენ რუსთაველში, ერთად გადავიდნენ მარჯანიშვილის თეატრში. იზა გიგოშვილი მალევე დაბრუნდა რუსთაველში, მერაბ თავაძემ კინოში გადაინაცვლა. შემდეგ ერთად დაარსეს სამეფო უბნის თეატრი…
მარინე თბილელი – აკაკი დვალიშვილი

რუსთაველის თეატრში მიღებულ მარინა დომბროვსკაიას მფარველად აკაკი ვასაძე მოევლინა. მან დაანათლა ფსევდონიმი თბილელი. მალე მარინა აკაკი ვასაძის რძალი გახდა – მსახიობის პირველი მეუღლე აკაკი ვასაძის ვაჟი გოგი ვასაძე იყო. შეეძინათ ბიჭი – აკაკი ვასაძე უმცროსი. მაგრამ მალე დაშორდნენ…
მოგვიანებით მარინა თბილელი ცოლად გაჰყვა რეჟისორსა და კულტურის ცნობილ მოღვაწეს აკაკი დვალიშვილს. შეეძინათ ქალიშვილი – ბაია დვალიშვილი.
მოგვიანებით მსახიობი ანკეტაში ჩაწერს – “30 წელიწადია მე და ჩემი მეუღლე სიამტკბილობით ვუქცევთ ერთმანეთს ღრანჭს”.

ნანა ფაჩუაშვილი – ტრისტან ყველაიძე

რუსთაველის თეატრის მსახიობები ნანა ფაჩუაშვილი და ტრისტან ყველაიძე განგებამ ჯერ კიდევ ინსტიტუტში შეახვედრა, მაგრამ მეორე კურსელი ნანა ცოლად სხვას გაჰყვა… მაგრამ ქორწინება უიღბლო გამოდგა, მეტიც ტრაგიკული – ნანა ფაჩუაშვილი 2 თვის ფეხმძიმე იყო, მისი მეუღლე რომ დაიღუპა…
ნანას ვაჟი შეეძინა. თამაზი 3 წლის იყო ნანა რომ ტრისტან ყველაიძის ცოლი გახდა. იყო კონფლიქტები, პრობლემები, მაგრამ ტრისტან ყველაიძის დაღუპვამდე ისინი ერთად იყვნენ.
“ერთხელ მომართვა მინდვრის ყვავილები. ეს იყო გედის სიმღერასავით – პირველი და უკანასკნელი ყვავილები, რომლებიც მან მომართვა. დეკემბერში, გასტროლებიდან რომ დავმბრუნდი აეროპრტში დამხვდა და ყვავილები მომართვა, იანვარში კი გარდაიცვალა…” (ნანა ფაჩუაშვილი)
ქეთევან კიკნაძე – გიგა ლორთქიფანიძე

ახალგაზრდა რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის აქტივში რომანებიც ბევრი იყო, გატაცებებიც, როდესაც თეატრალურ ინსტიტუტში პირველად ნახა სიფრიფანა ქეთევვან კიკნაძე და გაიფიქრა – ეს გოგო ჩემი ცოლი იქნება. მაშინ 20 წლის ქეთევან კიკნაძე მესამე კურსზე იყო. 32 წლის გიგა – მათი პარალელური ჯგუფის პედაგოგი. ერთმანეთი პირველად კარნავალზე ნახეს, ქეთინო ყველასთან ცეკვავდა, არ იცოდა გიგა რომ პედაგოგი იყო და როდესაც ცეკვა-ცეკვით ჩაუქროლებდა, მისდაუებურად თვალის მისკენ ეპარებოდა…
გიგამ ქეთინო პირველად ლიფტში დაპატიჟა – ასე გამოხატა დაინტერესება. 

თეატრალურში ლიფტით მხოლოდ პედაგოგები დადიოდნენ, სტუდენტებს ეკრძალებოდათ (სხვათაშორის ამ უჩვეულო ჩვეულებას მხოლოდ ახლაღა, ბოლო წლებში მოეღო ბოლო…)

შემდეგ კინოში დაპატიჟა. შემდეგ რამდენჯერმე სახლამდე მიაცილა. მერე კი უთხრა, ამდენი სიარული არ შემიძლია, თუ ცოლად წამომყვები, წამომყევიო და ქეთინოც წაჰყვა… გიგამ ალმასისთვლიანი ბეჭდი აჩუქა. ქეთინომ – სამი ქალიშვილი. ნახევარ საუკუნეზე მეტია ერთად არიან…

ნანი ჩიქვინიძე – თემურ ჩხეიძე



ისინი ერთმანეთს თეატრალურ ინსტიტუტში შეხვდნენ. ნანი სტუდენტი იყო, თემურ ჩხეიძე მიხეილ თუმანიშვილის ასისტენტი და უკვე 2 ქალიშვილის მამა.

ნანი სტუდენტი იყო, მაგრამ ბევრ კინოვარსკვლავს შეშურდებოდა, უკვე იმდენ ფილმში იყო გადაღებული – “მაგდანას ლურჯა”, “სხვისი შვილები”, “ჩვენი ეზო”, “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”… მოკლედ, თენგიზ აბულაძის პრიმა და იმხანად უკვე თუმანიშვილის სტუდენტი ნანი ჩიქვინიძე თავდავიწყებით შეუყვარდა მასზე 6 წლით უფროს თემურ ჩხეიძეს და მალე ნანი ჩიქვინიძე დიდი ოჯახის რძალი გახდა. შეეძინათ ქალიშვილი.
მას შემდეგ ერთად არიან, ცხოვრებაშიც და სცენაზეც…
გურანდა გაბუნია – ოთარ მეღვინეთუხუცესი

აგერ
უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია ერთად არიან გურანდა
გაბუნია და ოთარ მეღვინეთუხუცესი. მათი სიყვარული ჯერ კიდევ თეატრალური ინსტიტუტის კედლებში დაიწყო. ვინ იაქტიურა პირველმა მუდამ ენერგიულმა გურანდა გაბუნიამ თუ დენდის თავაზიანობით განთქმულმა, მაგრამ ვულკანივით ფეთქებადმა ოთარ მეღვინეთუხუცესმა? ფაქტია რომ გურანდა გაბუნიასნაირი დაუდგრომელი ხასიათის გოგონას შემჩნევა არავის გაუჭირდებოდა, ცხოვრების თანამგზავრად კი ოთარ მეღვინეთუხუცესმა გამოარჩია.  მერე იყო მთელი ცხოვრება აღმართ-დაღმართებით, გაშლილი ვაკეებით, ბოლოს მარჯანიშვილის თეატრის წინ დაგებული წყვილი ვარსკვლავით. ისინი ერთად იყვნენ და არიან ცხოვრებაში, სცენაზე, პოლიტიკურ ბატალიებშიც კი…
თათული დოლიძე – ჟანრი ლოლაშვილი

“ჩემი და თათულის სიყვარული კარგად დაიწყო. შევხედე და ელდა მეცა, ტვინი დავარტყი ასფალტს, მერე შეგვიყვარდა ერთმანეთი და მორჩა, გათავდა”– იტყვის წლების შემდეგ ჟანრი ლოლაშვილი.
ერთმანეთი შეუყვარდათ და “კავკასიური ცარცის წრის” გმირების – თათული დოლიძისა და ჟანრი ლოლაშვილის ერთად ყოფნის ბედის წრეც შეიკრა. ეს ქორწინება ორივესთვის მეორე იყო. თათული დოლიძის პირველი მეუღლე რუსთაველის თეატრის მსახიობი ვანო გოგიტიძე იყო. თათული დოლიძეს მასთან ქალიშვილი შეეძინა. ჟანრი ლოლაშვილთან – ვაჟი…
ნინელი ჭანკვეტაძე – ზაზა მიქაშავიძე

ზაზა მიქაშავიძემ იმ წელს დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტი, ნინელი ჭანკვეტაძემ რომ ჩააბარა. ერთმანეთი სწორედ ინსტიტუტში გაიცნეს – უკვე კინომსახიობთა თეატრის მსახიობი ზაზა მიქაშავიძე ხშირად მიდიოდა და ესწრებოდა თუმანიშვილის ლექციებს ნინელის ჯგუფთან. ნინელი თავიდან ბატონობით მიმართავდა ზაზას… მეოთხე კურსზე იყო ნინელი ჭანკვეტაძე ცოტნე ნაკაშიძემ კინომსახიობთა თეატრში რომ მიიწვია როლზე სპექტაკლში “დარაბებს მიღმა გაზაფხულია”. ნინელი და ზაზა სწორედ იმ პერიოდში დაუახლოვდნენ ერთმანეთს. სცენაზე გათამაშებული სიყვარული მათ ცხოვრებაში გაგრძელდა – მელოდრამატული წიაღსვლების გარეშე., მერე იყო ნიშნობა. ოჯახების გაცნობა და ქორწილი ცხელი ზაფხულის ერთ დღეს. მას შემდეგ ერთად არიან ცხოვრებაშიც და თეატრშიც. სცენაზეც ხშირად უწვენ ერთმანეთს პარტნიორობას…
ნინო თარხან-მოურავი – თემიკო ჭიჭინაძე
რუსთაველის თეატრის მსახიობებმა ნინო თარხან-მოურავმა და თემიკო ჭიჭინაძემ ერთმანეთი ჯერ კიდევ სტუდენტობისას გაიცნეს. ნინო ერთი კურსით წინ იყო. გაიცნეს და დამეგობრდნენ, მაგრამ გრძნობა 9 წლის მერე ეწვიათ. ეწვიათ როლში…
“ანა ფრანკის დღიურში” ნინო თარხან-მოურავი ანა ფრანკს თამაშობდა, თემიკო – პიტერს, და როგორც სპექტაკლში ანა ფრანკს და პიტერს უყვარდებათ ერთმანეთი, მათაც შეუყვარდათ… სცენაზე გათამაშებულმა სასიყვარულო სცენებმა მათშიც აანთო გრძნობა. თემიკომ ნინოს სიყვარული აუხსნა, მერე უტოვებდა და უტოვებდა ყვავილებს კართან… მას მერე ერთად არიან, თუმცა იყო ორდღიანი გაქცევები შინიდან – მეგობრებთან, მშობლებთან, მერე ნაჩხუბრების შეხვედრა, გაცინება და… შერიგება. დღეს მათი ერთადერთი ქალიშვილი ელისაბედი 18 წლისაა.
ნატა მურვანიძე – ნიკა თავაძე

ერთმანეთს 23 წლის წინ გადაეყარნენ – თეატრალურ ინსტიტუტში მისაღები გამოცდებისას. პარტნიორობა იმ დღესვე მოუწიათ – ერთად უნდა ეთამაშათ ეტიუდი. ნია თავაძე გველი იყო, ნატა მურვანიძე – კურდღელი…
ჯერ ჯგუფელები გახდნენ, მერე მეგობრები. მერე კი ნატას დაბადების დღეზე დახვდება ეზოში დარჭობილი თხილამურის ორი ჯოხი, ზედ გაჭიმული ზეწარი და ზედ ზეწარზე წარწერა “გილოცავ”. მერე იყო სიყვარული სიყვარულის აუხსნელად, უხსენებლად, მანამ სანამ ვიღაცამ არ ჰკითხა “თქვენ შეყვარებულები ხართ?” და ნიკამ არ უპასუხა “დიახ”.
გაცნობიდან ერთი წლის შემდეგ იქორწინეს. გაჩნდა დათა თავაძე.
ნატასთან ცხოვრობდნენ, მალე მათ შორის ურთიერთობები დაიძაბა, თავის სახლში გადავიდა. წყვილი ცალ-ცალკე ცხოვრობდა, მაგრამ ყოველდღე ერთად უწევდათ ყოფნა – ინსტიტუტში. მერე გაყრილები კვლავ შეიყარნენ. ერთი წელი ერთად იყვნენ. ისევ გაიყარნენ. იმ პერიოდში, როდესაც “იავნანაში” ცოლ-ქმარს თამაშობდნენ, სწორედ გაყრილები იყვნენ… თამაშობდნენ ცოლ-ქმარს, მაგრამ მაინც არ შერიგებულან, იკრიბებოდნენ გადასაღებ მოედანზე და იშლებოდნენ….
მერე იყო გისოსებს ზემოდან ხტომა თაიგულით ხელში და შერიგებები – ერთკვირიანი… დაუსრულებელი გაბუტვები, შერიგებები, რომელიც გრძელდებოდა რვა წელიწადს. მერე ერთ დღესაც ერთმანეთს ყველაფერი უთხრეს, რაც კი ერთმანეთისთვის უწყეინებიათ და შერიგდნენ. მას მერე ერთად არიან…

მანანა კაზაკოვა – ლევან წულაძე

მანანა კაზაკოვამ და ლევან წულაძემ ერთმანეთი თეატრალურ ინსტიტუტში გაიცნეს. ეს ეხლოს, თორემ მიშა კაზაკოვის გოგონა ჯერ კიდევ მოზარდში, სტუდიაში დადიოდა, უკვე იქ მომუშავე დამწყები რეჟისორის, ლევან წულაძის ხედვის არეალში რომ ხვდებოდა. ახლოს კი მოგვიანებით გაიცნეს ერთმანეთი. 1993 წელს, როცა ჭოლას უკვე დამტავრებული ჰქონდა სარეჟისორო ფაკულტეტი, მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო.
გაიცნეს და ძალიან მალე შეუღლდნენ კიდეც. რეჟისორი ხშირად ყვება როგორ შესთავაზა ხელი ხუმრობით მანანას და როგორ შეირთო. თუმცა ეს “ხუმრობა” მისი სარეჟისორო ხელწერაა, ის სცენაზეც ასე ხუმრობა-ხუმრობით ამბობს სერიოზულს. თითქოს უკან დასახევ გზას იტოვებს, უარის, თუ ვერგაგების შემთხვევაში…
ქორწილი არ ჰქონიათ. რომ იტყვიან ცუდი წლები იყო, შუქი და უბედურება. ის კი არა, ხუმრობით იმასაც ჰყვებიან, ჭოლამ შინ რომ მიიყვანა მანანა, იმ სათლების შუქზე, დედას კარგად ვერ გაურკვევია ვინ იყო მისი რძალი – მანანა თუ ლალი მოროშკინა.
ჭოლა და მანანა მას შემდეგ ერთად არიან. სცენაზეც, ცხოვრებაშიც. სცენაზე ბევრ როლს “ზრდიან” ერთად, ცხოვრებაში ერთ გოგონას – თინათინს.
ნინო იოსელიანი – ირაკლი ჩოლოყაშვილი.

ყველაფერი “ლაითად” დაიწყო. ირაკლი ჩოლოყაშვილი მარჯანიშვილის თეატრის შტატიანი მსახიობი იყო, ნინო იოსელიანი – მიწვეული მსახიობის სტატუსით. ირაკლი აუვლიდა ჩაუვლიდა და კომპლიმენტებით უმასპინძლდებოდა, ეს კომპლიმენტები ძირითადად კაბის ფერებს უკავშირდებოდა, მერე გრძნობა შეეპარა და შეტევაზე გადავიდა. ორივე კულისებში იდგნენ – გაღმა-გამოღმა, შუა სცენა “ჩამოსდიოდათ” ირაკლიმ რომ მობილური მოიმარჯვა და სურათების გადაღება დაუწყო ნინოს, ნინომ გვერდით გააპარა თვალი, ნეტა ვის უღებსო, რომ მიხვდა რომ იქ მის მეტი არავინ  ჭაჭანებდა, გაიპრანჭა როგორც  ფოტოსესიაზე… ირაკლი ნინოზე რვა წლით უფროსია. ნინო პირველ ქმართან უკვე გაშორებული იყო, ახლა ექვსი წლის გოგონა ჰყავს… შეყვარებული ირაკლი თავს ვეღარ მოერია და ოჯახს გამოუტყდა, პირველად დას გაუშალა გული – გოგონა მიყვარს და ბავშვიანია, ბიჭი ჰყავსო. ოჯახს ქოში არ უყრია უკუღმა – ბედნიერებაში არ შეუშალეს ხელი. მერეღა გაარკვია ირაკლიმ რომ ნინო იოსელიანს, ბიჭი კი არა გოგონა ჰყავდა…
რომ დაქორწინდნენ ირაკლი 36 წლის იყო. ნინო 28 წლის. უკვე 2 წელიწადზე მეტია ერთად არიან. ნინო აფხაზეთში გმირულად დაღუპული საშკა იოსელიანის ქალიშვილია…
მაია დობორჯგინიძე – გოგა ბარბაქაძე

ტელემაყურებლისთვის მაია დობორჯგინიძე და გოგა ბარბაქაძე “შუა ქალაქის” ვარსკვლავები არიან, თეატრის მოყვარული მაყურებლისთვის კი მაია დობორჯგინიძე – თავისუფალი თეატრის მსახიობი, გოგა – რუსთაველის თეატრის. მათი სიყვარულიც და დაწყვილებაც სწორედ თეატრს უკავშირდება და ტელევიზიას. თუმცა ყველაფერი მართლაც შუა ქალაქში – რუსთაველზე, თეატრალურ ინსტიტუტში დაიწყო. მაია დობორჯგინიძე მეოთხე კურსზე იყო, როცა გოგა ბარბაქაძე ჩაირიცხა ინსტიტუტში. ორივეს პედაგოგი შალვა გაწერელია იყო. მაშინ გაიცნეს ერთმანეთი, მერე იყო “კაპუსტნიკის” მზადება შალვა გაწერელიასთვის რომ დაბადების დღე მიელოცათ. დაახლოვდნენ.
მერე გოგამ მეგობრის დაბადების დღეზე დაპატიჟა. არ ეგონა თუ წაყვებოდა. მაია წაჰყვა. გოგა მიხვდა რომ მაია გულგრილი არ იყო და დაბადების დღიდან რომ ბრუნდებოდნენ, გამოუტყდა მიყვარხარო. მაიას დუმილმა ბევრად მეტი უთხრა გოგას… მერე იყო შეყვარებულობის შვიდწლიანი ხანა. ბლომად ყვავილები. სიურპრიზები. მაიას აგარაკი კოტორაანთკარში. გოგამ ყური მოჰკრა რომ სოფელში ვიღაცას ვარდების სათბური ჰქონდა, მიაკითხა, აუხსნა ვისთვისაც უნდოდა ვარდები… იმ ქალბატონს ვინ იცის რა გაახსენა შეყვარებული ბიჭის თხოვნამ და სრულიად არამარკეტინგული გადაწყვეტილება მიაღებინა – რამდენიც გინდა წაიღეო. გოგამაც კრიფა და კრიფა, კრიფა და კრიფა და მძინარე “დობოს” ოთახი ვარდებით გაუვსო.
მათი სიყვარულის ამბავი იმდენმა იცოდა, გაპარვას აზრიც გასძვრა და ძირიც. ყველაფერი ტრადიციულად მოხდა, ნიშნობით, ხელის თხოვნით.
დღეს უკვე პატარა გაბრიელს ზრდიან.

დაიბეჭდა “პრაიმ თაიმში”
%d bloggers like this: