1956 წელს, 9 მარტის ტრაგედიიდან ორი კვირაც არ იყო გასული, რუსთაველის თეატრში რომ პრემიერა გაიმართა – სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“… დათრგუნული ხალხი ჯერაც არ გამოსულიყო შოკიდან, გლოვობდნენ, განიცდიდნენ შეურაცყოფას, მათ წინ დაიმსახვრა ყველა იდეალი, ყველა წარმოდგენა. იმპერიამ საზარელი სახე აჩვენა, უეცრად გამოფხიზლებული ხალხი ეძებდა სიმართლეს, დამნაშავეს და სწორედ ამ დროს სცენაზე თამაშდება სპექტაკლი –ოიდიპოსი ერძებს სიმართლეს, ჭეშმარიტებას, მისთვის მთავარია გაერკვეს ვინაა დამნაშავე ხალხის უბედურებაში.
დიმიტრი ალექსიძის მიერ დადგმული „ოიდიპოს მეფე“ერთხმად აღიარეს საბჭოთა თეატრის ალმასად. მიუხედავად იმისა რომ მანამდე საბჭოთა სინამდვილე არ სწყალობდა ანტიკურ დრამატურგიას. ბედისწერის მოტივი მიუღებელი იყო ათეისტური საზოგადოებისთვის. „ოიდიპოს მეფე“ 1946 წელს ბათუმში დადგა არჩილ ჩხარტიშვილმა. ათი წლის შემდეგ კი „ალექსიძემ ანტიკური სამყაროს მარადიული ღირებულებებისკენ მიახედა საბჭოთა თეატრი“ (ვასილ კიკნაძე).
საგულისხმოა რომ „ოიდიპოს მეფის“დადგმაზე ოცნებობდა სანდრო ახმეტელი, მაგრამ არ დასცალდა… ახლა კი მისი დახვრეტიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, რუსთაველის თეატრში იდგმება „ოიდიპოსი“, რომელიც ერთგვარად დაახლოებს თეატრს ახმეტელის თეატრის ესთეტიკასთან. „მითოსური მოტივების რომანტიკული გამოსახვა, რომელიც ახმეტელის თეატრის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მხარეა, ათეული წლობით დაიკარგა ქართულ თეატრში. მას გარკვეული ტაბუც ედო. მხოლოდ დ. ალექსიძე მიუბრუნდა მითოსურ საწყისებს. ახმეტელის შემდეგ დ. ალექსიძემდე არავის არ მიუმართავს მითოპსური სამყაროსათვის…. გაკეთდა განაცხადი ახალი, ძლიერი, მამაკაცური ტემპერამენტისა და ვნებების თეატრზე. იგი არ იყო ახმეტელის თეატრის განმეორება (არც შეიძლებოდა), მაგრამ მასთან ბევრი რამ ჰქონდა საერთო. ზეაწეული გრძნობები, პოლიტიკა, რიტმი, მონუმენტალიზმი, ფართო მასშტაბური ხედვა და სიმართლისთვის გმირული ბრძოლის პათოსი „ოიდიპოს მეფეს“აახლოებდა ახმეტელის თეატრის ესთეტიკასთან“(ვასილ კიკნაძე).
დიმიტრი ალექსიძისთვის ეს სპექტაკლი ახალი გამოცდა იყო. ერთის მხრივ იყო ის რომ იგი კომედიების აღიარებული დიდოსტატი იყო და ამჯერად ტრაგედიით წარმსდგარიყო მაყურებლის წინაშე, მეორეს მხრივ კი, საზოგადოდ მიჩნეული იყო რომ გმირულ თეატრს არ ძალუძს მხატვრული სახის ფსიქოლოგიური ანალიზი. რეჟისორს უნდა დაემტკიცებინა საპირისპირო და მართლაც, მან შეძლო ეჩვენებინა გმირულისა და ფსიქოლოგიური საწყისების ერთიანობის მაგალითი. სწორედ ამიტომაც მოიხსენია იგი როგორც „სინამდვილის პათეტიკური ამსახველი“. მისივე თქმით, სწორედ ალექსიძის უპრეცედენტოდ წარმატებულმა დადგმამ დაუბრუნა საბჭოთა სცენას ანტიკური ტრაგედია.
ტრაგედიის თარგმანი ეკუთვნოდა დ. გაჩეჩილაძეს, მუსიკა ოთარ თაქთაქიშვილს, სცენოგრაფია ფ. ლაპიაშვილს. „ფ. ლაპიაშვილის ფართოდ გაშლილი დეკორატიული სივრცე, რომელსაც ნიკეს ქანდაკება ამშვენებდა, უდიდეს შრტაბეჭდილებას ახდენდა. სიბნელეში საცეცხლურებიდან ცეცხლის ენების პარპალი და ემოციური ჰანგები, რაღაც საოცარ მითოსურ იდუმალებას ქმნიდა. შემონათების ბინდბუნდში თანდათამნ შემოდიოდა ქორო და იწყებოდა წარმართული მისტერია…“ (ვასილ კიკნაძე).
„შედით რუსთაველის თეატრში, შეუერთდით იმ აუდიტორიას, რომელიც სულმოუთქმელად თვალყურს ადევნებს ოიდიპოს მეფის ტიტანურ ბრძოლას ბედისწერასთან, ანუ ყოვლისშემძლე მოირასთან, რომელსაც თვით ღმერთებიც ემორჩილებიან და, ტქვენ დამეთანხმებით რომ ეს დიდი ტრაგედია დღესაც კათარზისს ანუ მაყურებლის სულის განწმენდას წივევს, თუმცა ეს 24 საუკუნის წინაა შექმნილი“ – წერდა გერონტი ქიქოძე.
თუ ჩავხედავთ ქართული თეატრის ისტორიის ფურცლებს, წარმატება მართლაც გამაოგნებელი იყო. როგორც ვასილ კიკნაძე აღნიშნავს, არც ერთ სპექტაკლს, არც ერთ შრომას იმდენი სიხარული და პოპულარობა არ მოუტანია ალექსიძისთვის, როგორც „ოიდიპოს მეფეს“. წარმატება იმდენად გახმაურდა რომ სპექტაკლი წარადგინეს ლენინურ პრემიაზე – რომელიც სწორედ იმ წელიწადს დაარსდა და ყველაზე მაღალ ჯილდოს წარმოადგენდა საბჭოეთში. მოსკოვიდან საგანგებოდ ჩამოვიდნენ პრემიების მიმნიჭებელი კომიტეტიდან. ჩამოვიდა ცნობილი პოეტი ტიხონოვი, კომპოზიტორი შოსტაკოვიჩი… სტუმრები აღაფრთოვანა სპექტაკლმა და იმედოვვნებდნენ კიდეც რომ „ოიდიპოსს“შემცილე არც ჰყავდა ლენინურ პრემიის მიღებაში. მაგრამ მოსკოვს წასულებმა დარეკეს და თეატრს შეატყობინეს რომ კომიტეტზე სპექტაკლის განხილვა არ შედგებოდა, დღის წესრიგიდან მოხსნეს იმ მოტივით რომ სპექტაკლი მოსკოვს უნდა ენახა. „ნამდვილი მიზეზი კი სულ სხვა იყო. ლენინის პირველი პრემია მისცეს ქართულ თეატრს და არა რუსულს? ლენინის პრემია ანტიკურ პიესაზე დადგმულს და არა საბჭოთა თემატიკას? ისიც ბედისწერის პრობლემას? ლენინის პრემია ჯერ რუსულ თეატრს უნდა მიეღო და მერე სხვებს“ –წერს ვასილ კიკნაძე.
სპექტაკლი იმ მხრივაც იყო გამორჩეული რომ თეატრს ოიდიპოსის 4 შემსრულებელი ჰყავდა. ამ მხრივ, როგორც მოკულსკი აღნიშნავდა, რუსთაველის თეატრმა მიაღწია იმას, რასაც „ჯერჯერობით ვერც ერთმა თეატრმა ვერ მიაღწია საბჭოთა კავშირში“. თავიდან სამი ოიდიპოსი იყო თეატრში –აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, ეროსი მანჯგალაძე. როგორც ირკვევა, დოდო ალექსიძეს, დოდო აბაშიძისთვისაც შეუთავაზებია ოიდიპოსის როლი. „1956 წელს დოდო ალექსიძემ რატომღაც ოიდიპოსის როლზე დამიძახა, სამი ოიდიპოსი იყო უკვე –აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, ეროსი მანჯგალაძე. მე ვთქვი, „რად მინდა მე ოიდიპოსი“? მერე რომ ვნახე იმხელა ტექსტი იყო, ვიფიქრე რა მასწავლის მეთქი და გავიქეცი თეატრიდან და წავედი კინოში, დავრჩი და დავრჩი კინოში.“ –იხსენებდა მსახიობი სიკვდილის წინ, კინომცოდნე ლელა ოჩიაურისთვის მიცემულ, ბოლო ინტერვიუში… ოდნავ მოგვიანებით, სპექტაკლში ოიდიპოსის როლზე შევიდა – სერგო ზაქარიაძე. როგორც ნოდარ გურაბანიძე წერს, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, დოდო ალქესიძეს ცეკამ დაავალა მარჯანიშვილის თეატრიდან უკვე მესამედ თუ მეოთხედ წამოსული სერგო ზაქარიაძის თეატრში მიღება. თეატრში მიღებისთანავე კი ოიდიპოს მეფის როლის ახალ შემსრულებლად დანიშნეს. ზაქარიაძისთვის თეატრის სარეპეტიციოში სპეციალურად აიგო დეკორაციები, რომ მოსკოვში, ქართული დეკადისთვის მოესწროთ მისი სპექტაკლში შეყვანა. საგულისხმოა, რომ სერგო ზაქარიაძე რუსთაველის თეატრში მაშინ მივიდა, როცა იქ ეროსი მანჯგალაძე იყო ზენიტში. მხოლოდ თეატრში კი არა, ეროსი მანჯგალაძე იმხანად ყველაზე პოპულარული არტისტი იყო საქართველოში. თვით ხორავაც და თუმანიშვილიც, დოდო ალექსიძეც ეროსი მანჯგალაძეში თეატრის ახალ ლიდერს ხედავდნენ. ხორავა თანდათან უთმობდა კიდეც ლიდერობას ეროსი მანჯგალაძეს. სწორედ ამ დროს მივიდა სერგო ზაქარიაძე რუსთავლის თეატრში და როგორც ვასილ კიკნაძე იტყვის, სერგო ზაქარიაძე ხორავასა და ეროსი მანჯგალაძის შუაში ჩაჯდა. „ჩაჯდა“და გახდა კიდეც ეროსის ნაცვლად თეატრის ლიდერი. სერგო ზაქარიაძის საკავშირო ტრიუმფი სწორედ ოიდიპოსით დაიწყო. 1958 წელს, რუსთაველის თეატრმა მოსკოვში გამართულ ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე „ოიდიპოს მეფე“წაიღო. მოსკოვმა სამი ოიდიპოსი იხილა აკაკი ხორავას, ეროსი მანჯგალაძის და სერგო ზაქარიაძის. მოხდა უპრეცედენტო რამ – რუსთაველის თეატრმა ერთ დღეს – 30 მარტს –სამჯერ ითამაშა „ოიდიპოს მეფე“.
დღის 12 საათზე ოიდიპოსს ეროსი მანჯგალაძე თამაშობდა. ეროსი მანჯგალაძეს გადაჭედილ დარბაზში უწევდა თამაში – სავსე იყო გასასვლელები, ახალგაზრდობა, ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ისნტიტუტის სტუდენტობა პირდაპირ იატაკზე ისხდნენ. სპექტაკლს მიეძალა ახალგაზრდობა – ოიდიპოსიც ახალგაზრდა იყო – ეროსი მანჯგალაძე იმხანად 33 წლის იყო. მოსკოველებს უკვე ნანახი ჰქონდათ მისი ფოიერვერკული ლოპესი – „ესპანელ მღვდელში“და ახლა უკვე ტრაგედიაში უნდა ენახათ ახალგაზრდა მსახიობი.
„ეროსი მანჯგალაძემ ითამაშა ისე, როგორც არასდროს. მის შესრულებაში ფეთქავს ზღვა ემოცია, ხალასი გული, სიწრფელე. მის სულში გზას იკვლევს რაღაც ბავშვური, ზოგჯერ მიამიტურობამდე მისული უშუალო განცდა. გამოცდილი მეფის მოქმედებას ზოგჯერ ცვლის ახალგაზრდული გზნება და ბედთან ჯიუტი შერკინება. უცნაურად იმზირებიან მისი თვალები, როდესაც მიხვდება თავის უბედურებას, მერე წამიერი გაოცება ეუფლება სამყაროს თუ ბედის გაუგონარი უსიამოვნების გამო, სახეზე ეხატება ფარული, ქვეშეცნეული კითხვები: რატომ? რისთვის მოექცა ასე სასტიკად ბედი? ყველაზე ძლიერი მაინც შვილებთან გამოთხოვების სცენა იყო. მართლაც საოცარი სანახაობა იყო ახალგაზრდა მეფის სრული განადგურების ეს ჟამი“ –წერს ვასილ კიკნაძე, რომელიც უშუალო მომსწრეა როგორ შეიჭრნენ კულისებში სტუდენტები. „ეროსის ხელზე სამთხვევად დაიხარა ერთი ახალგაზრდა, ეროსი შეკრთა, უფლება არ მისცა…“(ვასილ კიკნაძე).
3 საათზე მოსკოველი თეატრალების წინაშე ზაქარიაძე წარსდგა ოიდიპოსის როლში.
„ს. ზაქარიაძეს სახე ფსიქოლოგიური სიღრმეების გახსნაზე, ნიუანსების მოხილვაზე და სულიერ ექსპრესიაზე აქვს აწყობილი. იგი მომართულია ზამბარასავით. ექსპრესიული ჟესტი და რიტმი, სცენაზე ნამდვილი შემოქმედებითი ცეცხლი ანთია. ამ ცეცხლში იწვის მსახიობის სული, სხეული, იწვის მისი ზღვა ტემპერამენტი. მასში ყველაფერი ბობოქრობს, თითქოს არ ემორჩილება საზღვრებს, წალეკვით ემუქრება ყველაფერს…ზაქარიაძის ოიდიპოსი მიხვდა რომ დიდი დანაშაულის კვალს მიაგნო, მიხვდა უფსკრულის პირას რომ იდგა. საიდუმლოების ფარდის ასახდელად ყვირილით მოუხმო მწყემსს და ასე შევარდა სასახლეში. როცა ოიდიპოსი ზაქარიაძე გაიქცა სასახლისკენ, დარბაზში იქუხა ტაშმა, დიდხანს არ შეწყვეტილა ოვაცია… და აი, სასახლიდან გამოდის, უკვე ბრმაა, თვალებდათხრილი. ოიდიპოსი კიბის საფეხურებს ვერ გრძნობს. დიდი სიმაღლიდან დაბლა, ორკესტრისკენ გადმოეშვება და ისე ძლიერ დაეცემა, რომ მაყურებელი გაოგნდება. ნუთუ შეიძლება ადამიანმა ასე გაწიროს თავი? ძალიან დიდი სიმაღლიდან გადმოვარდნილი მსახიობი შემზარავ ხმას გამოსცემდა, მერე ერთხანს გაინაბებოდა. მაყურებელს ეგონა ვეღარ წამოდგებოდა. მერე ნელ–ნელა დაიწყებდა ხელების ცეცებას, საყრდენს ეძებდა და დაიწყებდა მონოლოგს. ეს წუთები დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა მაყურებელზე… ზაქარიაძე ოიდიპოსი უკვე მოტეხილი წამოდგებოდა… დიდი ქარიშხლის ნამუსრევის მიაგავდა მისი სული… უცებ დარბაზში გაისმა მამაკაცის თავშეკავებული ქვითინი, მაყურებელი მოურიდებლად, ხმამაღლა ტირიოდა… ზააქარიაძე ტალანტითა და აზროვნების სიღრმით არა მხოლოდ აოცებდა მაყურებელს, არამედ იწვევდა სრულ თანაგრძნობას, თანაგანცდას, რაც ახლობელს ხდიდა მაყურებლისთვის გმირის ბედს, თანაზიარობის განცდა ეუფლებოდა ყველას“ –წერს ვასილ კიკნაძე.
„თქვენ ტრაგიზმით აღაგზნეთ მოსკოვი“ –ასე მიმართეს რუსმა თეატრის კორიფეებმა ზაქარიაძეს… „ოიდიპოს მეფით დაიწყო მისი ტრიუმფი… აქედან შეიტყო მოსკოვმა რომ რუსთაველის თეატრს ა. ხორავასა და ვასაძის გარდა კიდევ ჰყავს დიდი მსახიობი, დამამშვენებელი ყოველი რანგის თეატრისა“.
საღამოს 8 საათზე მაყურებლის წინაშე წარსდგა ხორავას ოიდიპოსი. მოსკოვს ახსოვდა ხორავას ოტელო, სწორედ ოტელოს ნახვის შემდეგ უწოდეს მოსკოვში ხორავას „დიდი და გასაოცარი ტალანტი“. ვასილ კიკნაძე გაიხსნებს რომ მოსკოვში პირდაპირ გასაქანს არ აძლევდნენ ხორავას, ქუჩაში აჩერებდნენ, ზოგი ავტოგრაფს სთხოვდა, ზოგი ბილეთს. „კიბის საფეხურებზე ნელ–ნელა ეშვება ხორავას მონუმენტური ფიგურა, მიდის დაბლა მაყურებლისკენ და ლოცვასავით ისმის მისი ჩურჩული, ოდნავ აწეული, რბილი, ხავერდოვანი ხმა, ეს რაღაც ღვთაებრივი ხმაა. ხორავას შეუძლია ამ ხმით შეძრას ნებისმიერი ადამიანი, შეძრას გულები ათასებისა. სხვა არაფერი არც გინდა, ოღონდ მის ხმას უსმინე. ეს არის პოეზია, მუსიკა, და მაყურებელიც ტკბება ბუნებისგან უხვად მონიჭებული ამ სიკეთით. გამაბრუებელი იყო ხორავას თამაში, მან აიოყოლია მთელი დარბაზი…“ (ვასილ კიკნაძე). წარმატებული დეკადის შემდეგ, მოსკოვმა რუსთავლის თეატრს საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის ერთი ლიმიტი გამოუყო. ამ წოდებაზე წარდგენილი იყო სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი დოდო ალექსიძე, მაგრამ… მიიღო ზაქარიაძემ. დოდო ალექსიძე მწარედ გაიხუმრებს – „ზაქარიაძე ჩემს კუბოში ჩაწვა“…
რეზო შატაკიშვილი, თეატრალური ხელოვნების მაგისტრი.
დაიბეჭდა გაზეთში „ქართული სიტყვა“.
P.S. 2010 წელს, გაზეთ „პრაიმტაიმში“ განვახორციელე, ჩემივე ინიცირებული პროექტი „მეოცეს ოცეული“. ამ პროექტის მიზანი იყო, გამოვლენილიყო მეოცე საუკუნის 20 საუკეთესო ქართული სპექტაკლი. ეს ოცეული გამოვლინდა კომპეტენტური პირების – თეატრმცოდნეების, კრიტიკოსების გამოკითხვის შედეგად: ვთხოვეთ თავად დაესახელებინათ მეოცე საუკუნეში, ქართულ თეატრში დადგმული ის 20 სპექტაკლი, რომელსაც ისინი მიიჩნევდნენ საუკეთესოდ – საუკუნის სპექტაკლებად. შეფასების კრიტერიუმიც მათვე მივანდეთ – თითოეულს ეს სპექტაკლები უნდა დაესახელებინათ იმ კრიტერიუმების დაცვით, რომლითაც ისინი საერთოდ ხელმძღვანელობენ სპექტაკლების შეფასებისას. მათ უნდა დაესახელებინათ როგორც ის სპექტაკლები, რომელიც მათ უშუალოდ ნანახი აქვთ სცენაზე, ასევე ის სპექტაკლები რომლებსაც იცნობდნენ აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით, იმროინდელი რეცენზიებით და ამ სპეტქკლებზე არსებული ყველანაირი საარქივი მასალით. გამოკითხვის მონაწილეებს სპექტაკლების ჩამონათვალის შედგენისას არ უნდა ეხელმძღვანელათ ქრონოლოგიური პრინციპით, ჩამონათვალი რეიტინგული უნდა ყოფილიყო. მათ მიერ პირველ პოზიციაზე დასახელებულ სპექტაკლს დაეწერებოდა 20 ქულა, მეორე პოზიციაზე დაწერილს – 19, მესამეზე – 18, მეოთხეზე – 17 დ ასე შემდეგ ბოლომდე – მეოცე პოზიციაზე დაწერილს – ერთი ქულა. შემდეგ ოცივე გამოკითხულის მიერ მინიჭებული ქულები დაჯამდებოდა და დაგროვილი ქულების შესაბამისად გამოვლინდებოდა საუკეთესო ოცეული. გამოკითხვაში მონაწილეობდნენ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები: ნათელა ურუშაძე, ნოდარ გურაბანიძე, ნათელა არველაძე, დალი მუმლაძე, ლევან ხეთაგური, ირინა ღოღობერიძე, თამარ ბოკუჩავა, ლელა ოჩიაური, მარინე ხარატიშვილი, გიორგი ცქტიშვილი, მანანა გეგეჭკორი. ნინო მაჭავარიანი. დოქტორანტები: ლაშა ჩხარტიშვილი, თამარ მუქერია, მარიამ ჩუბინიძე. ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრები: თამარ კიკნაველიძე, ნიკა წულუკიძე, ანანო მირიანაშვილი. ჟურანალ „თეატრი და ცხოვრების“ მთავარი რედაქტორი გურამ ბათიაშვილი, არტ-კრიტიკოსი დავით ბუხრიკიძე.
ამ გამოკითხვის შედეგად გამოვლენილ ოცეულში დ. ალექსიძის „ოიდიპოს მეფემ“ მე–18 ადგილი დაიკავა – საუკუნის ერთ–ერთ საუკეთესო სპექტაკლად დაასახელა 10–მა გამოკითხულმა, მიიღო 71 ქულა. საერთოდ, ამ გამოკითხვისას საუკეთესო სპექტაკლებს შორის დიმიტრი ალექსიძის 6 სპექტაკლი დასახელდა. ამ ექვსიდან ოცეულში მოსახვედრად საკმარისი ქულები მხოლოდ „ოიდიპოს მეფემ“ დააგროვა.