
მათი გრანდიოზული ქორწილის გადახდა არ დასცალდა ლეგენდარულ კოტე მარჯანიშვილს…
23 წლის ჟორა (როგორც მას ეძახდნენ) შავგულიძეს მსახიობი ლიზა ვაჩნაძე თეატრში შეუყვარდა. მათი ტრფობა სავსე იყო სახალისო ფათერაკებით.
ლიზა ვაჩნაძე „ყვარყვარეში“ გულთამზეს თამაშობდა, შავგულიძე – ერასტის და წისქვილის სცენაში, როდესაც უშანგი ჩხეიძე-ყვარყვარე მუხლზე ისვამდა ვაჩნაძე-გულთამზეს, ერასტი-შავგულიძე თურმე საშინლად ნერვიულობდა და რეპლიკას არ უცდიდა, ისე ხტებოდა საფარიდან, განზე ისროდა ყვარყვარეს და სცენას აფუჭებდა. იმდენჯერ გააფუჭა სცენა, რომ ბოლოს თვითონ შეყვარებულმა უსაყვედურა, გვაცადე თამაშიო. უსაყვედურა და არათუ ადრე აღარ გადმოხტა შავგულიძე საფარიდან, საერთოდ დააგვიანა, ბოლოს თვითონ უშანგი ჩხეიძე ეძახდა – „ჟორჟიკა ბიჭო, გამოდი“. გადმოხტა შავგულიძე და ყვარყვარე იქით ისროლა, გულთამზე აქეთ…
სპექტაკლის მერე გაბუტული ბავშვივით აუხსნა შავგულიძეს – ამან მთხოვა გვაცალე ალერსიო… მას მერე კი, რაც უშანგი ჩხეიძემ შავგულიძის პორტსიგარში ლიზა ვაჩნაძის ფოტო ნახა, რეპლიკას ადრე ამბობდა…

აღდგენილ „ხატიჯეში“ ლიზა ვაჩნაძე თამაშობდა ხატიჯეს, ხატიჯეს დედას – მარჯანიშვილის მეუღლე ელენე დონაური (ვაჩნაძე). შავგულიძე – ინჟინერს. ლიზა ვაჩნაძეს და მარჯანიშვილის მეუღლეს სპექტაკლში ერთნაირი, შავი კაბები ეცვათ და სახეზე შავი ჩადრები ჰქონდათ ჩამოფარებული, მარჯანიშვილის მეუღლე ლიზა ვაჩნაძეზე ადრე მოიკაზმა, ჩავიდა კულისებში და… მას ზურგიდან მოეხვია შავგულიძე. ჯერ მარჯანიშვილის მეუღლე გადაირია, შემდეგ –შავგულიძე როცა ხელში შეყვარებულის ნაცვლად რეჟისორის ცოლი შერჩა.
მარჯანიშვილმა მეორე დილით წყვილად დაიბარა შავგულიძე და მისი სატრფო. მარჯანიშვილმა აღელვებულ და აწურულ შავგულიძეს თბილად დაუცაცხანა – რაო, ფიქრობ რომ ყველა ვაჩნაძეს უნდა ეხვეოდე? მაცადეთ, დავბრუნდები მოსკოვიდან და თეატრში გრანდიოზულ ქორწილს გადაგიხდით! დაპირდება მარჯანიშვილი შეყვარებულებს, მაგრამ ის მოსკოვიდან ვეღარ დაბრუნდება… შავგულიძე დაობლდება…
დაობლდება რადგან მარჯანიშვილი იყო მისი გენიის აღმომჩენი.
ქუთაისელებს მანამდეც არაერთხელ უნახავთ საუცხოოდ, ათლეტურად აღნაგი, მზეზე ბრინჯაოსფრად აელვარებული ჭაბუკი ჟორა შავგულიძე როგორ ეშვებოდა ისარივით რიონის ტალღებში, იმჯერად მოსხლეტით გადაეშვა ადიდებულ რიონში ბავშვის გადასარჩენად და… აღმოჩნდა ქართულ თეატრში, რადგან ამ ფაქტს კოტე მარჯანიშვილი შეესწრო. ტანმშვენიერი ჭაბუკით და მისი საქციელით მოხიბლულმა რეჟისორმა გიორგი შავგულიძეს ვინაობა გამოჰკითხა.
„შავგულიძე ვარ ბატონო კოტე“.
მარჯანიშვილი გაიკვირვებს. „თქვენ ვინ არ გიცნობთ ბატონო კოტე, მე თეატრი ძალიან მიყვარს და ყოველდღე ქანდარაზე ვზივარ“. მარჯანიშვილი იმასაც შეიტყობს რომ ჭაბუკმა სკოლა დაამთავრა, მაგრამ უმაღლესში სწავლას ვერ აგრძელებს – მამა ჰყავს რეპრესირებული.
კოტე მარჯანიშვილი მას თეატრში იბარებს და იწყება მარად დაუვიწყარი არტისტის მოღვწეობა. არადა, გიორგი შავგულიძე მხოლოდ 18 წლის იყო, მაგრამ მარჯანიშვილის გენია იოლად ცნობდა მომავალ გენიებს.
მარჯანიშვილის შეპირებული გრანდიოზული ქორწილი ვერ შედგება, მაგრამ გიორგი შავგულიძე და ლიზა ვაჩნაძე იქორწინებენ. გიორგი შავგულიძე სპექტაკლის დაწყების წინ შეიტყობს რომ ტყუპი ვაჟი შეეძინა, იმ სპექტაკლში კი („კაკალ გულში“), ის თამაშობდა ჩინოვნიკს, რომელიც სცენაზე ყბაახვეული შერბოდა და სთხოვდა შინ გაშვებას –კბილი მტკივაო. იმ დღეს კი ყბა არ აუხვევია, ისე შევარდნილა სცენაზე – ტყუპი ბიჭი შემეძინა სახლში გამიშვითო…

ახალგაზრდა ცოლ-მქარი უმძიმეს პირობებში, 11 კვადრატულმეტრიან ოთახში ზრდიდნენ ტყუპებს. ამ პირობებმა უდროოდ იმსხვერპლა ერთი ვაჟი… მათი საბინაო პირიბები, არც ბავშვის დაღუპვის შემდეგ გამოსწორებულა და არც ომის დამთავრების შემდეგ, 1948 წელს, როცა მეორე ბიჭიც გაუხდათ ავად ჯირკვლების ანთებით, ლიზა ვაჩნაძემ კვლავ განაახლა განცხადებების წერა, კვლავ უშედეგოდ. სასოწარკვეთილმა დედამ გადაწყვიტა, როგორც მშობელს მშობლისთვის წერილი მიეწერა ცეკას მდივნისთვის, კანდიდ ჩარკვიანისთვის. მისი ვაჟი – გელა ჩარკვიანი ნუკრი შავგულიძის კლასელი იყო. აეხსნა, რა პირობებში უწევდა ცხოვრება მისი შვილის თანაკლასელს. კონვერტს დააწერს „კანდიდ ჩარკვიანს“ და შვილს ძლივს დაიყოლიებს, რომ გელა ჩარკვიანს წიგნი ეთხოვოს, კონვერტი ჩადოს და დაუბრუნოს. სასოწარკვეთილი დედა ფიქრობს, ბავშვი რომ კონვერტს ნახავს მამის სახელზე, აუცილებლად გადასცემს მშობლებს. ასეც მოხდება და კანდიდ ჩარკვიანი 2 ოთახიან ბინას მისცემს. მთელ ამ კეთილშობილ ამბავში კი ყველაზე სევდიანი ისაა, რომ ჟორა შავგულიძეს, უკვე სახელოვან არტისტს, ბინის ამბავი პატარა ბავშვივით გახარებია, ბავშვივით დარბოდა ოთახებში…
გიორგი შავგულიძე – მას ადრიდნენ რომაულ ქანდაკებებს. „…შავგულიძის ახოვანი, შესანიშნავად ჩამოქნილი, ლამაზი ტანი, დიდი ოსტატის ხელით გამოქნილი ქნადაკების მსგავსი“ (ვერიკო ანჯაფარიძე). „შავგულიძის ათლეტური აღნაგობის ლამაზი ტანი მეტოქეობას უწევდა რომელ ოსტატთა ანტიკურ ქანდაკებას“ (ვახტანგ ტაბლიაშვილი). „რომაულ ტოგას ისეთი ლაზათით ატარებდა, თითქოს ტოგით იყო დაბადებული, მის ათლეტურ აღნაგობას ხომ ყველაფერი შვენოდა…“ (გიგა ლორთქფიანიძე).

გიორგი შავგულიძე – ის იყო კაცი – ქართული სულის პლასტიკური ხატება… კაცი რომელმაც ლადო გუდიააშვილს დაბადებიდან 60 წლის და მოღვწეობის 40 წლის იუბილეზე საჩუქრად უძღვნა 40 ცოცხალი ფრესკა… მარჯანიშვილის თეატრის სხაელით მილოცვა მას დაავალა ვერიკო ანჯაფარიძემ და ისიც კინოტოს სამოსში გამოწყობილი გამოჩნდა 40 საფეხურიანი კიბის თავში – ხელში ეული მიხაკით. ეშვებოდა კიბეზე და ყოველ საფეხურზე ცვლიდა ილეთს და ნახაზს. ყოველი მისი ჩამოსვლა გუდიაშვილის ფრესკას ჩამოჰგავდა…
გიორგი შავგულიძე 49 წლის დაიღუპა – პლეხანოვზე ტროლეიბუსი დაეჯახა. და იმსხვერპლა. ლიზა ვაჩნაძე სცენაზე იდგა იმ დროს, როდესაც გიორგი შავგულიძე ტრაგიკულად დაიღუპა. სპექტაკლში თამაშობდა თანამდებობის პირის ცოლს, რომლის ქალიშვილს ინსტიტიტის დამთავრების შემდეგ რაიონში ანაწილებდნენ და ის მოთქმით გოდებდა „რა უბედური ვყოფილვარ“. ამ გოდების დროს დარბაზი ხარხარებდა ხოლმე, მაგრამ იმ დღეს არავის გაუცინია…
დაიბეჭდა გაზეთ “ქრონიკა+”-ში.



