Tag Archives: “ქრონიკა+”

„აი, თითი“! „აი ხე“!

5

გამოქვეყნდა გაზეთ “ქრონიკა+”-ში, 2012 წლის 15 ივლისს, საავტორო რუბრიკაში “მეცამეტე გვერდი”.

რეზო შატაკიშვილი

ხელისუფლება გამარჯვებას ზეიმობს. არადა, საზეიმო არც არაფერია. ან არ უწყიან, ან თავს არ უტყდებიან, ან კიდევ – ამომრჩეველს, ამ გამარჯვებაში რაოდენი დამარცხებაა. კი, რიხით გვიცხადებენ, რომ ნარმანიას 72%-მა მისცა ხმა. ფრთხილად, ფრთხილად, ე, მანდ, ზვიად გამსახურდიად არ შემოგვასაღოთ! დააყოლეთ, ბატონებო, რომ არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 72%-მა მისცა ხმა ნარმანიას და ისიც არ დაგავიწყდეთ, თბილისელი ამომრჩევლის რა პროცენტი გეწვიათ არჩევნებზე – 34,3%. რეალურად, თბილისის ამომრჩევლის ორმა მესამედმა ზურგი გაქციათ თქვენც და ნაციონალურ მოძრაობასაც. როგორ ფიქრობთ, ესაა უფრო მნიშვნელოვანი მარცხი თუ ის გამარჯვება – ერთი მესამედი რომ მოვიდა არჩევნებზე და იმ ერთი მესამედის 72%-მა მოგცათ ხმა? თბილისის ბედი 222 000-მა კაცმა გადაწყვიტა.

არადა, რა არ იღონეს, თუნდაც ეს 34% რომ მიეყვანათ საარჩევნო ურნებთან? ისტორიაში ჯერ არ გაგონილი „სეილებიც“ კი მოიგონეს. მარკირებული თითით დედებს ბალღების „მაკდონალდსა“ და „ვენდისში“ 20%-იანი ფასდაკლებით წაყვანა შესთავაზეს, გაჩანაგებულ პენსიონერებს წამლების 22%-იანი ფასდაკლებით ყიდვა აფთიაქებში, „გუდვილი“ და „სმარტი“ 15%-იან სეილზე ეპატიჟებოდა ხალხს, „გალფი“ და „ვისოლი“ კი 5 თეთრით ნაკლებად უსხამდა ბენზინს. ეს მამაძაღლი, ამ ერთი დღით მაინც გექციათ რეალობად თქვენი წინასაარჩევნო ბოდვა-ლეგენდა და ლარით ნაკლებად ჩაგესხათ ბენზინი. აი, იმ ლარით, მიშა რომ ლიტრ ბენზინზე იდებდა ჯიბეში. რა იყო, 5 თეთრით მეტზე ვერ დაიყოლიეთ მიშა? არ გითმობთ? მოკლედ, რა მსუნაგია ეს მიშა, ძალაუფლება უდრტვინველად დათმო და ლიტრ ბენზინზე ლარს არ ელევა.

ლიტრი ბენზინი და მიშას ჯიბეში „მდინარი“ ლარი იქით იყოს და რაც თქვენ მოიმოქმედეთ, ცხადია, ჯდება კანონის ფარგლებში, მაგრამ რა არის, თუ არა ხვეწნა-მუდარა, რომ ამომრჩეველი არჩევნებზე მიგეყვანათ და მეტიც – მათი მიტყუება არჩევნებზე? და ვის დააჯერებთ, რომ ან ამ აფთიაქებს, ან სხვა კომპანიებს ასე აღელვებდათ ამომრჩევლის აქტივობა, ამხელა ხარკი რომ გაიღეს? ეს რომ მიშას დროს მომხდარიყო, ქოშებს ხომ წაღმა-უკუღმა გაისროდით და ერთ ამბავს ატეხდით, რომ მიშა ბიზნესზე ძალადობს? რაც მიშას დროს ბიზნესზე ძალადობა იყო, ახლა იმას კეთილი ნება დაარქვით? კი დაარქვით, მაგრამ რატომ არ კითხულობთ, სჯერა ეს ვინმეს თუ არა? თუ სულაც არ გაინტერესებთ, რას ფიქრობს ან არჩევნებზე მოსული ის 27%, ვინც ხმა მელიას მისცა, ან მეტიც – საერთოდ, ამომრჩევლის 66%, ვინც საერთოდ ზურგი აქცია არჩევნებს და თითის მარკირების ნაცვლად, თითების სულ სხვა კომბინაცია დაგანახვათ? ხომ არ გგონიათ, რომ ამ 66%-მა საერთოდ ხელი აიღო ყველაფერზე? არ დაგავიწყდეთ, რომ მომავალი არჩევნების ბედს სწორედ ეს 66% გადაწყვეტს. თავს ნუ დაიმშვიდებთ, რომ ეს 66% თქვენიანები არიან, რომლებიც ბრმად გენდობიან, ისე ბრმად, რომ თავსაც არ იწუხებენ და არჩევნებზეც არ მოდიან. არც ის დაგავიწყდეთ, ან ეგ 72% როგორ მოაგროვეთ. კარგად გაიხსენეთ პირველი ტურის შედეგები. დათონორ ნარმანიამ 46% ძლივს აიღო, სულ 151 807 კაცმა მისცა ხმა. ახლა 46% 72%-ზე ავარდა და 151 807 კაცის ნაცვლად, 222 066-მა მისცა ხმა. ნამდვილი და არა ღარიბაშვილისეული არითმეტიკით, ნარმანიას პირველ ტურთან შედარებით 70 259 კაცით მეტმა მისცა ხმა. ამ 70 000-ს კაცს ახლა გაახსენდა არჩევნებში მონაწილეობა? ამ „სეილებით“ მიიზიდეთ, თუ ეს ის 70 ათასი ადამიანია, ვინც პირველ ტურში სხვა კანდიდატებს მისცა ხმა? დაიხ, დიახ! დიმიტრი ლორთქიფანიძეს 42 208 კაცმა მისცა ხმა, ირმა ინაშვილს – 17 684-მა, კახა კუკავას – 7 642-მა, ანუ ჯამში 67 534 კაცმა და სწორედ ამათ ხომ არ მისცეს ხმა ახლა ნარმანიას? და ნეტა, რით მიიზიდეთ? „სეილებით“? თუ გიგი უგულავას დაჭერით? დიახ, ბატონებო, ამჯერად, სწორად გათვალეთ – გიგი უგულავასთვის ბორკილების დადებით – თანაც კამერების წინ სწორედ ამ აგრესიულად განწყობილი ელექტორატის გული მოიგეთ. მით უფრო იმ ბაკქანალიით, რაც შემდეგ სასამართლოს ეზოში დაატრიალეთ თუ ვერ აღკვეთეთ! წინასაარჩევნოდ მოწყობილმა ჰიჩკოკმა გაჭრა. შურისძიებას მოწყურებული ელექტორატის გული მოიგეთ და ხმებიც მოიზიდეთ, მაგრამ ვერ ატყობთ, რომ პროცესი „ჩიტო, ჩიტო, ჩიორას“ ზღაპარს ემსგავსება? როდემდე გადაუგდებთ ამგვარ ელექტორატს „ბარტყებს“? წინ კიდევ 2 წელი გაქვთ, 2 წლის შემდეგ არჩევნები და როგორ ფიქრობთ, გეყოფათ ნაციონალები? თუ მერე ხადურს „გადაუგდებთ“ და ამით მოიგებთ მათ გულს? არ ფიქრობთ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ეს აგრესიული ელექტორატი ისევ იმათ მისცემს ხმას, ვისაც აძლევდა? ვისაც მისცა პირველ ტურში?

სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ამომრჩევლის ორი მესამედი არც მივიდა არჩევნებზე, საზოგადოებაში უკვე აჩენს მესამე ძალის მოლოდინს. უკვე ჩნდება ვარაუდები, რომ ეს ორი მესამედი ახალი პოლიტიკური ძალის მოლოდინშია. გარკვეულ თუ გაურკვეველ პირებს უკვე ესახებათ კიდეც ლევან ვასაძე ამ მესამე ძალად, მაგრამ სულ ტყუილად. რატომ? იმიტომ, რომ ამ არჩევნებზეც, სწორედ ამ მეორე ტურზეც, შეგეწიათ ეკლესია ამბიონიდან – სამებაში ქორეპისკოპოსმა იაკობმა პირდაპირ მოუწოდა მრევლს ნარმანიას მხარდასაჭერად. აბა, სხვა რანაირად უნდა იქნეს გაგებული მისი ქადაგება, სადაც ის ნაციონალებს გვერდზე განდგომისკენ მოუწოდებს? თავისთავად ცხადია, ქორეპისკოპოსის ძალისხმევამ ხელი შეუწყო და, გარკვეულწილად, განსაზღვრა კიდეც თქვენი გამარჯვება ამ მეორე ტურში, გამორიცხული არ არის, რომ შემდგომ საპარლამენტო არჩევნებში ეკლესიამ სწორედ ვასაძეს დაუჭიროს მხარი, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეკლესიის მოწოდებასაც აღარ აქვს ის ძალა, რაც ჰქონდა 2012 წლის არჩევნებზე. ფაქტია, რომ მათი მოწოდების მიუხედავად, აქტივობა აქამდე არსებულ ყოველგვარ ნიშნულს ჩასცდა. საერთოდ კი რა ამის პასუხია და, ვინმე დაფიქრებულა, რომ, საერთოდ, ეკლესიის, თუნდაც პატრიარქის რეიტინგები რბილად, რომ ვთქვათ, გაზვიადებულია? დიახ, იმ მაღალ პროცენტებზე მოგახსენებთ, სხვადასხვა დროს რომ ფიქსირდებოდა კვლევებში, ხან 93%-იანი ნდობა, ხან 86%-იანი. კი მაგრამ, ამ მრავალეროვან საქართველოში 300 ათასამდე აზერბაიჯანელი ცხოვრობს, ისინი საქართველოს მოსახლეობის 6,6%-ს შეადგენენ, ამ ქვეყანაში ცხოვრობს 250 ათასამდე სომეხი (5,7%), დამეთანხმებით, რომ იშვიათი გამონაკლისების გარდა, ამ ერის წარმომადგენლები საერთოდ არ არიან მართლმადიდებლები. ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოს 9,9% მუსლიმანია, 3,9% სომხური წმინდა სამოციქულო ეკლესიის მრევლია, 0,8% კათოლიკეა, ახლა ამ ყველაფერს დაუმატეთ სხვადასხვა კონფესიები – იეღოვას მოწმეები, ბაპტისტები და ა. შ. და ამიხსენით, რანაირად აქვს პატრიარქს 93%-იანი ნდობა? არც ის დაივიწყოთ, რომ მართლმადიდებელთა გარკვეული ნაწილი ეკლესიას და რწმენას სულაც აღარ აიგივებს, კიდევ უფრო დიდი ნაწილი კი სულაც არ ენდობა სამღვდელოებას, რაც გასაკვირი სულაც არაა, მწამდეს ღმერთი, დავდიოდე ეკლესიაში, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვენდობი მათ, ვინც იქ ქადაგებს. მით უმეტეს, ვენდობოდე ისე ბრმად, რომ ვისზეც მეტყვის, ის შემოვხაზო არჩევნებზე. არავინ დაობს, რომ ეკლესიას დიდი ძალა აქვს, იქნებ, საბედისწეროც, მაგრამ როცა ნდობა პროცენტებში გადაგვყავს, პროცენტებით ვილაპარაკოთ – როცა ტარანს ვითვლით, ტარანი ვთვალოთ. ფაქტია, რომ ქორეპისკოპოსის მოწოდებამ – არჩევნებზე მისულიყვნენ, დიდად ვეღარ გაზარდა აქტივობა და მცირეა ალბათობა, რომ ასპარეზზე მათი ხელდასხმით გამოსული ვასაძე ეგულებოდეს მესამე ძალად ელექტორატის იმ 66%-ს, რომელმაც ყური არ ათხოვა ქორეპისკოპოსის ქადაგებას. ამომრჩევლის ამ ნაწილის განწყობებში რომ დიდი გადალაგება ხდება ფაქტია, ხომ ფაქტია, რომ საპარლამენტო არჩევნებზე დედაქალაქში „ოცნებას“ ხმა მისცა 433 700-მა კაცმა და ახლა, მეორე ტურში – 222 000-მა და, ლამის, ამდენივემ, – 211 000-მა კაცმა აღარ მოგცათ ხმა? თავს იმით ნუ დაიმშვიდებთ, რომ მაშინ ნაციონალებს დედაქალაქში 172 494 კაცმა მისცა ხმა და ახლა, ამ მეორე ტურში, 84 350-მა კაცმა, ანუ ხმები მათაც გაუნახევრდათ. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს რადარებიდან „გამქრალი“ ძალაა, თან ოპოზიციური და თქვენს ხელისუფლებაში მყოფი ძალა. და რომ ყველა უკეთურებაზე, პრობლემაზე თქვენ მოგეთხოვებათ პასუხი და არა მათ. კი, ეჭვიც არ მაქვს, კვლავაც სარფიანად გადააბრალებთ მათ ყველა უბედურებას, „9 წელი“ კვლავაც აქტუალური იქნება, ამ „კოზირს“ თქვენგან ხელდასხმული ნარმანიაც არაერთხელ გამოიყენებს, ყინჩად გამოაცხადებს იმას, რომ გიგი-მაჰმად-ხანის აოხრებული თბილისი ჩაიბარა, რომ ამ ქალაქში არც შუქი იყო, არც წყალი და არც ის ყბადაღებული ასფალტი, 9 წელი რომ არავის უნდოდა ჭამა, მაგრამ იცოდეთ, ეს დიდხანს ვერ გასტანს. რომ ვერ გასტანს, სწორედ ამის დასტურია ეს დაბალი აქტივობა და ნუ გგონიათ, რომ ამ ორ წელიწადში ეს აქტივობა სათქვენოდ აიწევს. დამიჯერეთ, ამ საქმეს არც მილიონი ხე უშველის, ჯერ ერთი, რომ „ასი ქარხნის“ არ იყოს, ეგ მილიონი ხეც შეუსრულებადია და რომც შეასრულოთ, ეს თქვენი დარგული ხეები 2 წლის შემდეგ ჯერაც ნერგები იქნება – კოჭებსაც ვერ გაუნიავებს ელექტორატს და შედეგად არც ჩაგეთვლებათ. არც ის დაგავიწყდეთ, რომ დიდად არც არავის ხიბლავს უსიერ, დაბურულ ტყეში ცხოვრების პერსპექტივა. მერწმუნეთ, არც იმ 222 ათას ამომრჩეველს მოეწონება „კრასნაია შაპოჩკასავით“ ტყეში ცუნცული. ნურც მესამე ძალის გამოჩენის და მისი სისუსტის იმედი გექნებათ. თუ ეს მოხდა, მით უფრო სავალალო შედეგი დადგება თქვენთვის, ხალხი ისევ ნაციონალური მოძრაობისკენ იბრუნებს პირს. ინერტულობა, გულგრილობა დროებითი მდგომარეობაა, ახლა არ ჰქონდათ იმედი თქვენი დამარცხებისა და წაგებულ არჩევნებზე მისვლით თავი არ შეიწუხეს. როგორც კი ძალას იგრძნობენ, როგორც კი თქვენი მარცხის სურნელი დატრიალდება, სწორედაც რომ არ დაეზარებათ არჩევნებზე მოსვლა და თქვენი შემოხაზვა კი არა – თქვენთვის მოხაზვა. განა, ასე არ იყო ოქტომბრის არჩევნებზე? ნუ გგონიათ, რომ მაშინ თქვენ გამოგყვნენ. არა, ბატონებო, მათ სჯერათ, რომ ფულს დიდი ძალა აქვს და დაიჯერეს, რომ ეს დიდი ფული დაამარცხებდა წინა ხელისუფლებას და ამაში არც შემცდარან. მერე რა, რომ იმაში შეცდნენ, რომ ეს ფული მათზე განაწილდებოდა? ხოდა, ამ თავის შეცდომასაც თქვენ გადენენ ძმრად, აბა, თავის თავს ხომ არ დასჯიან? ლომის არ იყოს, აბა, ჩემს შვილს ხომ არ დავსჯიო?.. დიახ, თავის შეცდომაზეც თქვენ გაგებინებენ პასუხს და თქვენს უნიათობაზე და შეცდომებზეც. „მაკდონალდსში“ შეღავათიან ფასად მოხვედრით ვეღარ მოიტყუებთ ურნებთან, აღარც დაგჭირდებათ ხვეწნა-მუდარა, ისე მოვლენ და გაგისტუმრებენ პოლიტიკური საიქიოს გზას. მერე თქვენგან გარიყული პრეზიდენტიც კიდევ უფრო მიეცემა სევდას და ვეღარც მოგილოცავთ გამარჯვებას. მას ხომ ეს ფუნქციაღა დაუტოვეთ. ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი არ მოაწერინეთ, ექსპრეზიდენტი შევარდნაძე არ დაატირებინეთ, მადლობა ღმერთს, ნარმანიასთვის მაინც მიალოცინეთ გამარჯვება, მაგრამ იქნება და სჯობდა ახლაც დაგებრიყვებინათ? ხანდახან მგონია, რომ ღარიბაშვილი არც ტყუის მასთან, გასაქანს რომ არ აძლევს. მგონია კი არა, დარწმუნებულიც ვიქნებოდი, თავად ღარიბაშვილი რომ უარესი „სიბრძნეებით“ არ გვიმასპინძლდებოდეს. ახლა კი ბატონმა პრეზიდენტმა რა ბრძანა? თურმე, ეს ყოფილა ისტორიული მომენტი, რომლიდანაც საქართველოში რეალურად იწყება პოლიტიკური კულტურისა და თვითმმართველობის განვითარება. „ამ არჩევნებით ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთი დამაჯერებელი ნაბიჯი გადადგა ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ და ისე, როგორც არასდროს, მიუახლოვდა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს“, – ბრძანებს ბატონი პრეზიდენტი, მაგრამ, იქნებ, განგვიმარტოს, „დემოკრატიის კონსოლიდაცია“ სადაური ხურმაა? ინდის? ან რომელ ისტორიულ მომენტზე საუბრობს? ერთი მისი არჩევა იყო ისტორიული მომენტი და მეორე ახლა გვიდგას ეს ისტორიული მომენტი. ისე, მეტი ისტორიული მომენტი რა გინდა, ავირჩიეთ (უფრო სწორად – აირჩიეთ, კიდევ უფრო სწორად – ბიძინამ აირჩია) პრეზიდენტი, რომელიც ქსოვით იქცევს თავს და იქარვებს მარტოობით მოგვრილ კაეშანს და საინტერესოა, მერი ნარმანია რით შეიქცევს თავს, თუკი მასაც დაუქნევენ თითს? სწავლა სიბერემდეო და, ალბათ, ბატონი პრეზიდენტი არ დაზარდება, შეასწავლის ქსოვას. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ამომრჩეველი მათაც და მათთვის თითის დამქნევსაც ერთად არ დაუქნევს მარკირებულ თითს, ან მეტიც – არ აჩვენებს სამი თითის კომბინაციას.

ჰერაკლე მარგველაშვილი

2

გამოქვეყნდა გაზეთ “ქრონიკა+”-ში, 2014 წლის 22 ივლისს, საავტორო რუბრიკაში “მეცამეტე გვერდი”. 

რეზო შატაკიშვილი

პრემიერ-მინისტრობის რა მოგახსენოთ და ღარიბაშვილი ურიგო სინოპტიკოსი არ ყოფილა – ზაფხული მართლაც ცხელი გვაქვს – ასეც და ისეც. ქვეყანაში საზარელი „სმესი“ დუღს – „სმესი“ ტრაგიზმის, დრამატიზმის, მასთან ერთად ზეობს ცინიზმი, ფარსი და ამ ჩვენს მიწიერ ტრაგიკომიკურ თუხთუხს კიდევ უფრო ამძაფრებს ის უბედურება, რაც უკრაინის ცაზე დაატრიალა პირსისხლიანმა პუტინმა.

„საზარელი მკვლელობა“ – ზუსტად ეს შეფასება იხმარა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. ეს მაშინ, როცა მთელი ხელისუფლება თვითმკვლელობაზე საუბრობდა და საუბრობს. თუნდაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც უაპელაციოდ „საკუთარი სიცოცხლის მოსპობაზე“ საუბრობს. და მეტიც, მოძღვრავს კიდეც საზოგადოებას, რომ თავი შეიკავონ წინასწარი სპეკულაციებისგან. სპეკულაციებისგან თავშეკავების მოწოდება მართლაც მართლზომიერი იქნებოდა, ამას რომ სხვა პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი ამბობდეს და არა იმ გუნდის, რომელმაც რაფალიანცის საქმეზე პოლაროიდის სისწრაფით დაიწყო ვერდიქტების გამოტანა. ესეც რომ არ ჰქონდეთ აქტივში, საინტერესოა, რას სთხოვენ საზოგადოებას, როცა მათი რჩეული პრეზიდენტის განცხადება ძირშივე სპობს იმის საშუალებას, რომ საზოგადოება მშვიდად დაელოდოს გამოძიების შედეგებს? როდესაც პრეზიდენტი ხმარობს შეფასებას „საზარელი მკვლელობა“, რა უნდა იფიქროს საზოგადოებამ? მხოლოდ ის, რომ პრეზიდენტი გათამამდა? თუ ის, რომ იგი ფლობს გარკვეულ ინფორმაციას, რიგით მოკვდავთათვის ხელმიუწვდომელს და მასზე დაყრდნობით ამბობს ამას? რაც ისედაც აძლიერებს იმ დიდ ეჭვს, რაც გაჩნდა საზოგადოებაში ამ ფაქტთან დაკავშირებით? ან რა გასაკვირია, რომ საზოგადოებამ უყოყმანოდ არ მიიღოს ის ვერსია, რასაც აწვდიან? როდესაც საქმე აღიძრა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, ამაში სამართლებრივად გაუმართლებელი არაფერია. საქმე აღიძვრება ამ მუხლით და თუ გამოიკვეთება სხვა რამ, მოხდება გადაკვალიფიცირება. ამაში ტრაგიკული არაფერია, მაგრამ საზოგადოებას განუმარტა ვინმემ ხეირიანად, რომ სამართალდამცველებმა მხოლოდ საქმე აღძრეს ამ მუხლით და უაპელაციოდ არ ამტკიცებენ იმას, რომ კიწმარიშვილმა თავი მოიკლა? თუ არაა საჭირო ასეთი განმარტებები და საზოგადოებამ თვითონ უნდა იგულისხმოს? მით უფრო მაშინ, როცა პრეზიდენტი „საზარელ მკვლელობაზე“ საუბრობს და იუსტიციის მინისტრი და სხვები – თვითმკვლელობაზე? თვითონ ჩქარობენ და აკეთებენ ხმაურიან დასკვნებს, თან ერთი გაღმა, მეორე – გამოღმა და საზოგადოების რაღა უკვირთ? და საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები რას აკეთებენ? „ვინც ეროსის პირადად იცნობდა, თვითმკვლელობა კატეგორიულად გამორიცხულია!“ – ძირითადად ასეთია მათი შეფასება. არადა, ასეთ დროს, თეორიულად, თან კატეგორიულად არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, არც თვითმკვლელობის, არც უბედური შემთხვევის, არც ვინმე ბიზნესპარტნიორისგან შურისძიების და არც ამ პროცესში ხელისუფლებისა თუ სპეცსამსახურების მონაწილეობის. კი, თავისთავად ცხადია, ადამიანის ფსიქოტიპიდან გამომდინარე, მცირდება თვითმკვლელობის ალბათობა, მაგრამ მისი უაპელაციოდ გამორიცხვა ნამდვილად არ წაადგება საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას. მეტიც, ეს კიდევ უფრო მუხტავს საზოგადოებას, აძლიერებს უნდობლობას და ხელისუფლება შეჰყავს ჩიხში. დიახ, ბატონებო, ეს სწორედ ის ჩიხია, სადაც თქვენ ოსტატურად გყავდათ ატუზული წინა ხელისუფლება, მაშინაც როცა ისინი ხელისუფლებაში იყვნენ და ახლაც, როცა ხელისუფლებაში აღარ არიან და გაუთავებლად აპელირებთ გამოძიებულ და გამოუძიებელ საქმეებზე. „ეროსი თავს არ მოიკლავდა“ შესაძლოა გექცეთ ისეთივე ლოდად, რაც იყო და არის „ჟვანია გაზით არ გაიგუდებოდა“. არადა, ეროსიც ადამიანია და გარდაცვლილი პრემიერიც – ერთმაც შეიძლება თავი მოიკლას და მეორეც გაზით გაიგუდოს. და როცა თავად თესდით უნდობლობას გამოძიების მიმართ, ახლა იგივე გიბრუნდებათ ბუმერანგად და შედიხართ ტრაგიკომიკურ ჩიხში: „აბა, გამოიძიე“. იმედი მაქვს, გამოიძიებთ კიდეც. ალბათ დადგინდება კიდეც ჭეშმარიტება, მაგრამ ყველაზე მწარე იცით, რა იქნება? მის ჭეშმარიტებას რომ არავინ ირწმუნებს, ან, ყოველ შემთხვევაში, საზოგადოების დიდი ნაწილი და ყველას დარჩება ეჭვი, ეჭვი იმისა, რომ ეროსი კიწმარიშვილი ხელისუფლებამ მოიშორა გზიდან. რაც უფრო ტყუილი იქნება ეს, მით უფრო მწარე იქნება თქვენი ხვედრი.

პარადოქსული იცით, რა არის? ისინი, ვისაც არანაირი ეჭვი არ გამოუთქვამს ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტთან და დედის რძესავით შეირგო მაშინდელი სამართალდამცველების მიწვდილი ინფორმაცია, რომ ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა, ახლა ხელებს აქტიურად ასავსავებენ და ამტკიცებენ, რომ ეროსი მებრძოლი იყო და თავს არ მოიკლავდა. უკაცრავად და ზვიად გამსახურდია მებრძოლი არ იყო? თუ როგორაა თქვენი საქმე?

ისე არ გამიგოთ, წულუკიანის დარიგებულივით ვიჯდე და მშვიდად ველოდო გამოძიების შედეგებს და თავში არანაირი ეჭვი არ ტრიალებდეს, უბრალოდ, მე საუბარი მაქვს იმაზე, რომ კატეგორიულად რამის გამორიცხვა, კატეგორიულად რამის მტკიცება, სწორედაც რომ კატეგორიულად მიუღებელია ამგვარ ვითარებებში. დიახ, ისევე კატეგორიულად მიუღებელი, როგორც იმ საქმეებზე კატეგორიული განცხადებების კეთება და ყველაფრის წინა ხელისუფლებაზე შეწმენდა, რითაც ამ ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ აქტიურად დაკავებულები და არც დღეს ეშვებიან და ჟამიდან ჟამზე ახსენდებათ.

პრეზიდენტმა თქვა „საზარელი მკვლელობა“ და რამდენიმე დღის შემდეგ რა მოაყოლა – თვითმკვლელობაც მკვლელობააო. „ქართული სიტყვა მკვლელობა ნიშნავს ცოცხალი ორგანიზმისთვის სიცოცხლის მოსპობას. იქნება ეს მკვლელობა, რომელსაც თვითონ ადამიანი სჩადის თავის თავზე, თუ სხვაზე ახორციელებს, ყველაფერი ეს მკვლელობაა. მე ამით იმის თქმა მინდა, რომ იურიდიული კვალიფიკაცია იმ მომენტში არ მიმინიჭებია“, – ბრძანა პრეზიდენტმა… დიდი ილია ასეთ დროს იტყოდა: „აგანგალა-განგალა“.

თუ აქამდე ექსპრემიერის განცხადებებს სჭირდებოდა განმარტებები და განმმარტებელი, ახლა უკვე პრეზიდენტსაც სჭირდება. მოკლედ, დიდი მოთხოვნაა „იოანე ოქროპირებზე“ ნაოცნებარ ხელისუფლებაში. თუმცა არც ის უნდა დაგავიწყდეთ, ეს განცხადება მას მერე გაკეთდა, რაც იგი პარლამენტს ეწვია დაუპატიჟებლად…

ეს ცალკე თემაა. მართლაც ტრაგიკომიკური. მართლაც გაურკვეველია, რა სურს ამ ხელისუფლებას – პრეზიდენტის ინსტიტუტის საბოლოოდ მიჯირყვნა და გაფარჩაკება? თუ პირადად მარგველაშვილზე ახორციელებენ შტურმს? ხომ გავიგეთ, რომ მიაღწიეს წარმატებას და ლამის გიორგი გარიყულად აქციეს? ხომ ფაქტია, რომ არც ასოცირების ხელშეკრულებაზე მოაწერინეს ხელი, მეტიც „პაეზდკიდანაც“ მოტეხეს და არც წაიყვანეს? დატუქსვასაც აქვს ზომა და წონა! რას ნიშნავს: „ეს შენობა ყველას ვერ დაიტევს ფიზიკურად“? გამაგებინეთ, ვისი ადგილია იქ, სადაც არ არის ქვეყნის პრეზიდენტის ადგილი? თუ მარგველაშვილი პრეზიდენტად არ გინდოდათ, რას აირჩიეთ, რა ასკილივით უქნევდით თავს ყველა ბიძინა ივანიშვილს?! ამოგეღოთ ხმა, თუ ახლაც ისევ თავკანტურის რეჟიმში ხართ ჩარჩენილი?! თუ საერთოდ პრეზიდენტი არ გინდოდათ და არ გინდათ? იქნებ, სცადოთ და ცოტა გვერდიდან შეხედოთ თავს? თუ ამას მოახერხებთ, ნამდვილად დაინახავთ, რასაც ჰგავს ეს ყველაფერი…

დღის მთავარ ინტრიგად გამოცხადდა პრეზიდენტ მარგველაშვილის გამოჩენა პარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებისას. ის გამოჩნდა და ხურდა დააბრუნა: „ხომ ყველა დავეტიეთ?“. ეს შემდეგ გასაღდა მის ფანტასტიკურ იუმორად და შამპანურებით ხელში ინციდენტი ამოწურულად კი არა, საერთოდ უარყოფილი იქნა, მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ იგი საერთოდ არ იყო სიაში? მისი იქ გამოჩენა კი ლამის ჰერაკლეს გმირობად იქნა მიჩნეული. თუ, ახლა, მითოსს გავიხსენებთ, მარგველაშვილი კაი ხანია დგას გზაჯვარედინზე – იმ გზაჯვარედინზე, სადაც ჰერაკლეს ორი მანდილოსანი გამოეცხადა, ერთი ნეტარებას, ხორციელ სიამენს აღუთქვამდა, მეორე გმირობას და დიდებას, მაგრამ მას, მარგველაშვილს, ჯერაც არ აურჩევია, დაადგეს სათნოების გზას და გახდეს მართლა პრეზიდენტი, თუ, უბრალოდ, იცხოვროს საპრეზიდენტო განცხრომაში? ახლა ის ფაქტი, რომ პარლამენტში მივიდა, ჯერაც ვერ ჩაითვლება იმად, რომ იგი საგმირო საქმეების გზას დაადგა,  ლომი ჯერ არ დაუხრჩვია და, შესაბამისად, ვერც ლომის ტყავი მოსავს მას. დრამატული, კულმინაციური მომენტი კვლავ გალაითდა და იმ შამპანურივით აშუშხუნდა, რომელიც იქ შეისვა. მით უმეტეს, რომ სწორედ ამის შემდეგ მოხდა სკანდალური განცხადების ჩანეიტრალება.

„მარგველაშვილი არის ტრეფიკინგის მსხვერპლი“, – დაწერა ბექა მინდიაშვილმა „ფეისბუკში“.

ამ გაგანია ზაფხულში ისევ აქტიურდება პრეზიდენტის სასახლის თემა: მარგველაშვილს უტრიალებენ იმ განცხადებას, სადაც ამბობდა, რომ ეს სასახლე პრეზიდენტისთვის დიდი იყო და სტუდენტებს უნდა გადასცემოდა. მედიაში ჩნდება ცნობები მისი კომპრომატების თაობაზე, ქმედება იწვევს უკუქმედებას… საზოგადოებაშიც და დავიჯერო, ამ გზით აპირებთ, საზოგადოება კეთილად განაწყოთ პრეზიდენტ მარგველაშვილის მიმართ? რაღაც არ მგონია, საკუთარ იმიჯს სწირავდეთ მის სამსხვერპლოზე. რა არის თქვენი ამოცანა? ქრონიკულად „ტომი და ჯერის“ თამაში? ისედაც გარიყული პრეზიდენტის უარესად გარიყვა? ბარემ რობინზონ კრუზოსავით უკაცრიელ კუნძულზე გარიყეთ! ვიდრე პრეზიდენტს ჯირყვნიან, რა ხდება იმ ქალაქში, სადაც ოდესღაც უღრანი ტყე იყო და გორგასალმა ქალაქი გააშენა? დავით ნარმანია ისევ ტყეს გვიშენებს. ოღონდ, არ იკითხავთ, ვის ხარჯზე? – ბიზნესმენების ხარჯზე! არჩევნებამდე დაგვპირდა მილიონი ხის დარგვას, ახლა რა გაირკვა? თურმე, ბიზნესმენები, სამშენებლო კომპანიები, ვალდებულები ხდებიან, დარგონ ეს ხეები. აქამდე ვიცოდით სხვისი ხელით ნარის გლეჯა. ახლა გავიგეთ, სხვისი ხელით (და ფულით) ხეების დარგვა. მერე რა, რომ თვითონ დაგვპირდა? ხო დაარგვეინებს რაც მთავარია? აა, ეს მათი „კეთილი ნებით“ მოხდება? ამ კეთილ ნებას მიშას დროს ბიზნესზე ძალადობა ერქვა. დროც იცვლება, ლექსიკონიც… მერე რა, რომ ეს „კეთილი ნება“ ისევ მოსახლეობას შემოუტრიალდება და ბინები გაძვირდება? ამდენ ხლაფორთს, ბარემ, ჩვენ დაგვავალეთ და ჩვენი ხარჯით დავრგავთ თითო ხეს და კიდეც გამოვა მილიონი ხის დარგვა. თქვენ, უბრალოდ, წამოგორდით და დაითვალეთ, როგორც ლუარსაბი ითვლიდა ბუზებს…

 

აქლემი და თეა

6

გამოქვეყნდა გაზეთ “ქრონიკა+”-ში, 2014 წლის 10 ივნისს, საავტორო რუბრიკაში “მეცამეტე გვერდი”. 

რეზო შატაკიშვილი

მადამ „რამეთუ“ ახალ რეჟიმში გადადის – ამჯერად „მიუხედავად ყველაფრისას“ იყენებს ფარად და მახვილად, ცხადია, ნაციონალების წინააღმდეგ ბრძოლაში.   გამობრძანდა და გვამცნო, – უპრეცედენტოდ მშვიდიაო წინასაარჩევნო გარემო, ისეთი კი არააო, ქარაფებიდან გადაეშვასო შორენა, არამედ ისეთიაო – ლაითიო – უპრეცედენტოდ მშვიდიო, ლამისაა ხიდან ხეზე გადმოფრინდეს ჩიორაო.

მიუხედავად ყველაფრისაო, – თქვა თეამან არაკი, – მე, როგორც უწყებათშორისი კომისიის თავმჯდომარე, ვაცხადებ, რომ საარჩევნო გარემო იყოო თავისუფალი, არ ხდებოდაო ძალადობა სახელმწიფოს მხრიდან, როგორც ეს ადრე ხდებოდაო. ჩვენ შევძელით – სახელმწიფო არ ძალადობსო საკუთარ მოქალაქეებსა და საკუთარ ოპოზიციაზეო. სხვა „ყველაფერი“ კი რაც ხდება – „რაიმე ტიპის იციდენტები“ – მიაწერა კერძო პირებს…

რაი არს საფუძველი სიამაყისა მისისაი?

რას ეძახის ნეტარ სიმშვიდეს, ხალხი რომ უცვივდება კანდიდატს ამომრჩეველთან შეხვედრაზე? კანდიდატი რომ ამ მივარდნილ ვითომ „ადგილობრივებში“ „ოცნების“ აქტივისტებს რომ ამოიცნობს? ეს სახელმწიფოს მხრიდან ძალადობა არაა, თუ მაინცდამაინც შესაბამისმა უწყებებმა უნდა დააწიოკონ ხათუნა ბერძენიშვილი ფონიჭალაში და მაშინ ჩაითვლება ძალადობად? თუნდაც უპარტიო ხალხი რომ ტეხდეს დებოშს და აყალ-მაყალს, როცა პოლიცია არ ანძრევს ხელს, რა ჰქვია ამას?

თურმე უპრეცედენტო სიმშვიდეა, როცა ზუგდიდში ნაციონალების ოფისს ქვებს უშენენ, ოფისში შეჭრას ცდილობენ და ნაციონალები ამ აქციის მეთაურებში „ქართული ოცნების“ ადგილობრივ აქტივისტებს და კონკრეტულ ლიდერებს, მეტიც, თვითმმართველობის სპეციალისტს ამოიცნობენ.

თურმე უპრეცედენტო სიმშვიდეა, როცა ბათუმში ამომრჩეველთან შეხვედრაზე მიუცვივდებიან გიგა ბოკერიას, გია ბარამიძეს და უგულავას. თურმე ეს სიმშვიდეა, თანაც უპრეცედენტო, აბა, რა, კერძო პირები მიუცვივდნენ, ვოლსკი და ღარიბაშვილი ხომ არა?

თურმე უპრეცედენტო სიმშვიდეა ის, რაც განვითარდა მარნეულში. გამგებლობის კანდიდატი იმამკულიევი არჩევნებიდან მოხსნეს. რეგისტრაცია საოლქო კომისიამ გააუქმა, თითქოსდა იმ მოტივით, რომ იმამკულიევს ბოლო 2 წელი საქართველოში არ უცხოვრია. ეს გააკეთეს მიუხედავად იმ დოკუმენტებისა, საიდანაც დასტურდება, რომ იგი ცხოვრობდა. ამ ყველაფრის შემდეგ ხათუნა გოგორიშვილმა ფარდა ახადა სკანდალურ კულისებს და განაცხდა, რომ 12 ივნისს შეხვედრა ჰქონდა უსუფაშვილთან, რომელმაც მას გადასცა მთავრობის გზავნილი, რომ მოეხსნათ იმამკულიევის კანდიდატურა. უსუფაშვილი ეკრანებზე არ გამოჩენილა, ხათუნა გოგორიშვილის სკანდალურ ბრალდებას ეპისტოლარულად გამოეხმაურა, გოგორიშვილთან შეხვედრის ფაქტი ვერ უარყო, მაგრამ თურმე იმ შეხვედრაზე გვარები და სახელები არ ყოფილა ნახსენები. თურმე, მათ „ქვეყნის ეროვნული ინტრერესების საზიანო შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილების მოდელებზე“ უსაუბრიათ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ხათუნა გოგორიშვილი წარმოადგენს ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო არტილერიას, ცოტა ძნელი დასაჯერებელია, მას ამ გაგანია წინასაარჩევნო პერიოდში მოდელებზე სასაუბროდ მოეცალა ვინმესთან, თუნდაც ეს პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილიყო. ხათუნა გოგორიშვილთან წინასაარჩევნოდ შეხვედრა იმთავითვე ნიშნავს იმას, რომ შეხვედრა არჩევნებს შეეხებოდა და არა გეოპოლიტიკურ პერიპეტიებს თუ მოდელებს. ფაქტია ისიც, რომ სწორედ ეს იმამკულიევი არჩევნებიდან მოხსნა ჯერ საოლქო კომისიამ, შემდეგ ამ გადაწყვეტილებაზე კვერი დაუკრა „ცესკომ“. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ხელისუფლება სისხლხორცეულად იყო დაინტერესებული, არჩევნებიდან ჩამოეშორებინათ „ნაციონალური“ კანდიდატი იმამკულიევი, რომელსაც გამარჯვების დიდი შანსები ჰქონდა?

არის თუ არა ეს ძალადობა? რა მნიშვნელობა აქვს, საბოლოო რეზულტატს ვინ დადებს – პარლამენტის თავმჯდომარე კულუარული შეხვედრებით თუ საარჩევნო ადმინისტრაცია რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციის აწეული „ტოპკით“? ამ ყველაფერს კი ვერანაირად ვერ გაანიორწყლებს წულუკიანის განცხადება, რომ თურმე გოგორიშვილი „არ ისვენებს“.

იმამკულიევი გამოდგა კერკეტი კაკალი, თორემ ხათუნამდე, ცხადია, მას შესთავაზებდნენ კანდიდატურის მოხსნას, როგორც ეს არაერთ კანდიდატთან გააკეთეს, მეტიც – კანდიდატურების მოხსნის გზით, საერთოდ, სიების განულებაც დაამუღამეს. ამის შესახებ, თავის დროზე, გიგი უგულავაც წერდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ასეთი ილეთებით მარტო ნაციონალებს არ უსწორდებიან, როგორც გაირკვა, იგივეს აკეთებენ არასაპარლამენტო ოპოზიციის მიმართაც. როგორც ფიქრია ჩიხრაძემ მიამბო, მათი კანდიდატები თერჯოლაში, ხულოში, ქობულეთში, უბრალოდ, გაქრნენ – ვეღარც პოულობენ, სად წავიდნენ. ფიქრია ჩიხრაძე მისტიკაზე ან მკვლელობებზე კი არა, იმ ზეწოლაზე საუბრობს, რომელსაც ამ კანდიდატებმა ვერ გაუძლეს და არჩევნებს საერთოდ გაერიდნენ, ვერც ის გაიგეს, რა პირითღა ელაპარაკათ საკუთარ პარტიასთან და საერთოდ გავიდნენ მომსახურების ზონიდან, თორემ მართლაც რას ნიშნავს, როცა ადამიანები არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ, ავსებენ დოკუმენტაციას, იღებენ სურათებს, ირჩევენ ოლქებს, იწყებენ მუშაობას და ერთი კვირის მერე უსიტყვოდ ილალებიან? ეს ძალადობა არაა? დიდი მიხვედრა უნდა, ვის აქვს დაშინების ბერკეტები? რაკი ეს დაშინებულები არ გაჰკივიან, სიმშვიდეა?

რას ვიზამთ? ყველას ის მოხერხება არ ექნება, რაც ნაციონალების დმანისელ კანდიდატს, კურბან მამედოვს ჰქონია. ვერანაირად რომ ვერ ათქმევინეს უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, ღამით სახლში მიადგნენ, საკუთარი კანდიდატურა მოხსენიო. ისიც ამდგარა და განცხადებაზე ხელი უკუღმა მოუწერია – მემედ კურბანოვი და მეტიც, მეორე დღეს ამ უკუღმას წაღმა განცხადებაც დაადევნა – წინა წერილი სისულელეა, ძალით დამაწერინესო.

ესაა უპრეცედენტო სიმშვიდე?

ან სახელმწიფოსგან მეტი რა ძალადობა გინდა, როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საჯაროდ აცხადებს, რომ „არ დაუშვებს“ სხვების გამარჯვებას? გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთო კი არ ამბობს, არ დავუშვებთ სხვების გამარჯვებასო. მადამ „რამეთუ“, როგორ ფიქრობთ, როგორ იქნება პრემიერის ეს განცხადება აღქმული დაბალ რგოლებში? როგორ უნდა უზრულველყონ, როგორ არ უნდა დაუშვან მათ სხვა პოლიტიკური ძალების გამარჯვება?

პრემიერის სტილში პლანტაციებში მუშაობით დაემუქრონ ყველას, ვინც კი არ „იოცნებებს“? პლანტაციებზე გამახსენდა, პრემიერი ბჭობდა და ღმერთი დასცინოდა – კაცს, რომელსაც პლანტაციებში გზავნიდა, ობამა მომდევნო დღეებში დიდის ამბით ხვდებოდა. ჯო ბაიდენზე და რასმუსენზე აღარ მაქვს ლაპარაკი. მიშას თქმისა არ იყოს, იქნებ, მართლა აღარაა ლანზღანდარობისა და „შპილკაობის“ დრო და იქნებ, მართლა დროა, დაღვინების, დასერიოზულების? ისევ თქვენთვის გეუბნებით, თორემ ისევ თქვენ იწვევთ ღიმილს ამ უკბილო ხუმრობებით.

და კიდევ, თქვენი ასტრონომიული ხელფას-პრემიებით ისე წყდებით რეალობას, ვერც ხვდებით! დიახ, ვერც ხვდებით და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ტანში გამაჟრჟოლებელ თანხებს პრემიას დაარქმევთ, ალასანიასავით სარგოს თუ მარგოს! ისევე წყდებით რეალობას, როგორც ნანული შევარდნაძე მოსწყდა რეალობას, როცა გამოაცხადა, რომ 14-ლარიანი პენსიით კარგი დიასახლისი ოჯახს დააპურებდა! აგერ, თქვენი პაატა ზაქარეიშვილი „ვერსიასთან“ ინტერვიუში ყინჩად აცხადებს, რომ თურმე როცა ხელფასამდე 800 ლარი რჩება, ოჯახის წევრებს ეუბნება, – გვეყო ფულის ხარჯვა, ხელფასს დაველოდოთო. იცით თუ არა, რომ ამ ქვეყანაში მაგ თანხაზე, რომელზეც თქვენ ხარჯვას „ასტოპებთ“, ოჯახები თვეობით ცხოვრობენ? ხელფასები კი, რომელიც თქვენ გაქვთ, მართლაც ღირს დალოდებად – თვის ბოლომდე კი არა, წლის ბოლომდეც სიამოვნებით დაელოდებოდა ამ ქვეყნის ყველა მოქალაქე! იქნებ, ერთხელ მაინც გადაგეკითხათ სულხან-საბას „სიბრძნე სიცრუისა“? იქნებ, იქ მაინც ამოგეკითხათ „თუცა შიმშილით არ მომყმარიყო, რამცა იცის გლახაკთა და უღონოთა შიან“. თუ „სიბრძნე სიცრუისას“ წაკითხვა გესქელტანიანებათ, მოკლედ გეტყვით ანდაზით: მაძღარს ყველა მაძღარი ეგონაო! ეგრეა თქვენი ამბავი. რატომ გგონიათ, რომ ეს ნაკლებ რისხვას იწვევს და ეს რისხვა არ დაგატყდებათ თავს ამ არჩევნებზე თუ არა, შემდეგ არჩევნებზე? თუმცა მანამ ალბათ იმდენს დააგროვებთ, კარგა ხანს მსუყედ იქნებით, მაგრამ ნურც ის დაგავიწყდებათ, მიხეილმა მობრუნებაც იცის და ხელის შემობრუნებაც – ბადალი არ ჰყავს ფულების დაყრევინებაში. „ასტაროჟნად“, ემანდ უკან არ დაგაყრევინოთ ეგ თქვენი ხელფას-პრემია-სარგო-მარგოები. იქნებ, სწორედ ამას გრძნობთ და იმიტომაც მიდის სმა-ჭამა დიდად შესარგი. მთელ ქვეყანას – თქვენ მომხრესაც და თქვენ მოწინააღმდეგესაც, შეგრძნება აქვს, რომ მოსწრებაზე ხართ. დამშვიდდით, გადმოდით ჩემოდნებიდან და მიხედეთ ქვეყანას, თორემ არც იმის ძახილი გარგებთ, რომ დანგრეული ქვეყანა ჩაიბარეთ, თან პირდაპირი მნიშვნელობით, რომ თურმე 9 წელი გვატყუებდნენ ჩვენც და მსოფლიოსაც, რომ თურმე რაღაც რამდენიმე ათი შენობა ააშენეს… მაინც, რა მოგატყუეს, თუ ქვეყანას ანგრევდნენ, როგორ გაუსწრო ქვეყნის წლიურმა ბიუჯეტმა იმის ქონებას, ვინც პირადად თქვენ დაგნიშნათ? თუ ქვეყანა დანგრეული დატოვეს, აბა, რას ჰპირდება თქვენი მინისტრი პეტრიაშვილი უკრაინელებს რეფორმების გამოცდილების გაზიარებას, უკაცრავად და რომელი რეფორმა გაატარეთ, რომ თქვენი გატარებული რეფორმა გაუზიაროთ? ვის გატარებულ წარმატებულ რეფორმებს უზიარებთ? ვისი აშენებული იუსტიციის სახლების გამოცდილებით მოაქვს თავი საზღვარგარეთ წულუკიანს? ვის განახლებულ რაბათს ათვალიერებინებს ფანჯიკიძე უცხოელ დიპლომატებს? ან რომელ წყალზე და შუქზე გაიძახით, – აბა, სადააო? მაინც რა გეგონათ, რომ მიშამ მარადიული ნათელი დაგიტოვათ და თქვენ ზრუნვა არ მოგიწევდათ?

თქვენი მინისტრი ხადური კი აპრილში დაფიქსირებულ დაბალ ეკონომიკურ მაჩვენებელს იმით ხსნის, რომ კაზინოებში ბრუნვა შემცირებულა. ჩვენ გვაპატიეთ, ჩვენ მოგვიტევეთ, რომ კაზინოში არ დავიარებით. ვალებს არ ვიღებთ და არ ვფლანგავთ კაზინოებში, რომ მაჩვენებელი მაღალი გქონდეთ და მერმე პაატას, ზაქარეიშვილს, 800-ის ნაცვლად 8000 გაჰყვეს ხელფასიდან ხელფასამდე.

ისევ ჩვენ გვაპატიეთ, რომ 9 წლის გაპარტახებულ ქვეყანაში გიწევთ მუხლჩაუხრელი შრომა,

ჩვენ გვაპატიეთ, რომ არ ვაფასებთ იმ სიმშვიდეს, რომელმაც თქვენი ხელმწიფებისას დაისადგურა ამ ქვეყანაში, სადაც მხოლოდ აქლემი ესხმის თავს მოქალაქეს და სხვა არავინ და ჩვენ კიდე ასე ინერციით რა აღარ გველანდება, – ხან გახშირებული კრიმინალი, ხან წინასაარჩევნო მიეთ-მოეთი. მოგვიტევეთ ეს ფობიები, ეჭვიანობები, მოჩვენებანი, ეს ყველაფერი სულ იმ ავბედითი ცხრა წლის ბრალია. დავბრმავდით, პოზიტივს ვერ ვხედავთ, თორემ განა ის პოზიტივი არაა, იპოდრომზე აქლემი რომ გამოგიდგება და არა ზებრა?

გაგების ხე

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა “ქრონიკა+”-ში, საავტორო რუბრიკაში “მეცამეტე გვერდი”). 

მილიონი ხის დარგვას ახლა დაგვპირდნენ. აი, ერთი ხე კი მოსვლისთანავე დაგვიდგა ივანიშვილმა – ხე გაგებისა. ცნობადის ხე არ გეგონოთ, რომლის ნაყოფის ჭამაც ღმერთმა აუკრძალა ადამ და ევას, პირიქით, ივანიშვილი გვაიძულებს ვჭამოთ ნაყოფი გაგების ხისა, ანუ მოვეკიდოთ გაგებით. სხვანაირად, ჩვენ ვერ მოვხვდებით მის მიერ შეპირებულ ნაოცნებარ საქართველოში. არადა, ხაზავდით რა, 41-ს გეგონათ რომ დაგიდგავდათ ოცნების ხეებს, ნატვრის ხეებივით, მიხვიდიოდით, შეაბამდით ჭრელ ბაფთას და ასრულდებოდა ოცნებები – განულდებოდა კრედიტები, ღვარად წამოვიდოდა რძე და თაფლი, ბიძინა გვიწილადებდა ათასებს თავის მილიარდებიდან, განახევრდებოდა კომუნალური გადასახადები, ბენზინს გამოაკლდებოდა ის ერთი ლარი, რომელიც მიშას ჯიბეში მიდიოდა, დედლის ორივე ბარკალიც ჩვენ დაგვრჩებოდა, აი, ყველა იმ დედლის, გუბაზ ბატონი რომ გვეუბნებოდა – ცალი ბარკალი მიშასიაო. და რა გამოვიდა? აგერ ბატონო, სადაცაა მეორე წელი შესრულდება, ასფალტიც შემოგვეჭამა, არდა, გახსოვთ როგორ ვუკადრისობდით? ასფალტი ვჭამოთო? – რა რიხით, რა გონორით ვკითხულობდით. არადა, ცივი ჭადის არ იყოს, რა გემრიელი ყოფილა, როცა გშია? ახლა კიდე, ბენზინი ძვირდება. თანახმად, ბიძინას ანდერძისა, მოეკიდეთ გაგებით! რას ვიზამთ, ვერ გაძღა მიშას მუცელი, ლარი აღარ ჰყოფნის და „ლარ სოროკს“ ითხოვს. მარტო ბენზინის გაძვირება რა არის, აგერ გამოვიდა ხადური და ფასები მოიმატებსო, გვამცნო. თანახმად ბიძინას ანდერძისა, მოვეკიდოთ გაგებით! ხადურივით სუქდება და სუქდება ფასები. არის, ამ პროცესში რაღაც ჭეშმარიტად ანტიკური.

თვითონ უჭირთ, მაგრამ ჩვენ მაინც გაგებით უნდა მოვეკიდოთ იმ ფაქტს, რომ სადღაც რომელიღაც უწყებაში, 38 ათასებს ირიგებენ თვეში. ან თვითონ უჭირთ კი? ეგ ჯამაგირ-პრემიები დეკემბერში ჩამოირიგეს, ყველამ კარგად იცოდა და ყველამ დედის რძესაეფ შეირგო, და რომ არა ირმა ნადირაშვილი, რომელმაც 5 თვის თავზე გაუბაზრა ხელისუფლებას ეს ამბავი, კი იყვნენ ძუძუს გოჭებივით გატრუნულები. ახლაღა ემცხეთათ, გაემიჯნენ და დარბაისლურად ჩამოიშორეს დარბაისელი. ისე, ჩამოიშორეს, არც თქვეს, მაინც რისთვის მისცეს ეს ამხელა პრემიები იმ ჩინოვნიკებს? რა ჩაიდინეს ასეთი? ან რა გმირობა ჩაიდინეს, ან რა დანაშაულის მომსწრე გახდნენ, ასე ძვირი რომ ღირს დუმილი? როგორც ირმამ ივარაუდა – ვანოს გაყვანა? გაგებით უნდა მოეკიდოთ იმასაც რომ ვანო ციხეშია და მის აღდგენილ-დამშვენებული რაბათით უცხოელებთან კეკლუცობენ. აბა, სხვა რა აჩვენონ? ერთი იმ პრემების უწყისს თუ აჩვენებენ. მერწმუნეთ ნამდვილად გადაფარავს და გაახუნებს რაბათით მოგვრილ შთაბეჭდილებას, სასჯელაღსულების დეკემბრის თვის უწყისი. რაბათით მოგვრილ შთაბეჭდილებას კი არა, ვერსალით მოგვრილ შთაბეჭდილებას არ გაახუნებს, რომ რამე? ვანო ციხეშია, მაგრამ რად არ აფასებთ იმას რომ ციხეშია და მკლავი არ წააჭრეს? სვეტიცხოვლის აგებისთვის არსაკიძეს მკლავი წააცალეს, ამათ უბრალოდ ციხეში დაიჭირეს და განა არ უნდა დაინახოთ ეს დინამიკა? რა ჰუმანურები გავხდით 10 საუკუნის მერე? ყველაფერს დანახვა უნდა! აბა რისთვის დაგიდგათ ბიძინამ გაგების ხე?

თვალებში რომ წიწმატი ამოგივათ, გაიხსენეთ ანდერძი ბიძინასი და მოეკიდეთ გაგებით. ეს თქვენი არჩევანია და უკუეთუ არ ისწავლით პატივის მიგებას საკუთარი არჩევანისთვის, არც რაი გეშველებათ. გაგებით მოეკიდეთ ყვედრებასა. იმ ყვედრებასა, რომლითაც იყვედრება მხევალი იგი ბიძინასი – თეა, წულუკიანი. მადლობა მითხარით 5 ათას ლარად რომ ვმუშაობთო. განა თქვენ არ იყავით რომ დიპლომის უნახავად ამტკიცებდით მის დიდ იურისტობას? „დიდი იურისტები“ ძვირს ითხოვენ და შეეგუეთ. დიპლომი ვის რა ოხრად სჭირია, გოგა ხაჩიძის გარდა?

გაგებით მოეკიდეთ იმას რომ 22 მაისს ქმარმა ცოლი მოკლა ადგინეში, იმას რომ იმავე 22 მაისს ქმარმა ცოლი მოკლა ქობულეთში, იმას რომ 20 მაისს ქმარმა ცოლი მოკლა გურჯაანში, 15 მაისს ქმარმა ცოლი მოკლა ისანში, 22 აპრილს ქმარმა ცოლი მოკლა ვაკეში, 7 მარტს ქმარმა ცოლი მოკლა ორხევში, 1 იანვარს – ქმარმა ცოლი მოკლა მუხრანში…

არა, ბიძინას არ უთქვამს, ცოლები ხოცეთო, მაგრამ რაკი დახოცეს, თანახმად ბიძინას ანდერძისა, გაგებით უნდა მოვეკიდოთ ამ ფაქტსაც. ავე ბიძინა, როგორ გაგვიფართოვე არეალი გაგებით მოკიდებისა! გაგებით უნდა მოვეკიდოთ ყველაფერს უკეთურს და ეს გზა მიგვიყვანს საოცნებო საქართველომდე!

ისე, ჩვენში დარჩეს და ან რა ხელისუფლების ბრალია, ან რა ჩვენი საქმეა, თუკი ქმარი საკუთარ ცოლს კლავს, თავისას კლავს, შენსას ხომ არა? ჩვენ დავდგეთ და ოჯახის სიმტკიცე ვიზეიმოთ. ამოვუდგეთ გვერდში კიტოვანს და იმის ბიჭებს, ქვეყნისათვის ზრუნავენ, სადარაჯოზე არიან. თუ რამეა, უსუფაშვილის პარლამენტიდან გამოგდებაშიც წავაშველოთ ხელი, ამას ითხოვს კერა! ქეთოი წმინდა კერა! ჩვენი ვალია, გაგებით მოვეკიდოთ იმას რომ ქუჩაში გახშირდა მკვლელობები, დღისით მზისით ესვრიან, ხან ერთმანეთს, ხან ოპონენტს და ხანაც ვის. უნდა გავუგოთ იმას ვინც ისვრის, გაბრაზებულია, ნაწყენია იმაზე ვისაც ესვრის და აბა, რა ქნას, არ ესროლოს?  ჯავრი იმ ქვეყნად გაიყოლოს? ნუ, ახლა დიდი ამბავი, სხვისთვის ნასროლი ტყვია თუ შენ მოგხვდა, აბა როგორ გინდა? ან რომ ჭყვიტინებთ სარკეების მოპარვა ისევ დაიწყესო, როგორ გინდათ? თქვენ მანქანები გყავდეთ და იმათ სარკეც არ ჰქონდეთ? რა მოხდა, დიდი ამბავი, წავა ელიავაზე ჩააბარებს, სახლში ხომ არ დაიდებს? თუ ძაან მოგწონდა შენი სარკე, წადი, კარგად დაძებნე ელიავაზე და თავიდან იყიდე! დიდი ამბავი! აი, რა უნდა ამის გაგებას? ან იმას რა უჭირს, თუკი წყალი წყდება 21-ე საუკუნეში, რა ბოთლები აღარაა 21-ე საუკუნეში? როცა მოდის, აიღე, გაალიპლიპე და დადგი, ამას ხდი სალაპარაკოდ? ან იმას რა უჭირს რომ შუქი ხან რომა და ხან რომ აღარაა. განა თავისუფლად სუნთქვა არ გიღირთ იმათ, რომ ხან ნავთის სუნი ისუნთქოთ? რაც მთავარია, ხან ხომ არის, არაა? მარტო იმას რომ ხედავთ, რომ არაა, ისიც დაინახეთ რომ ხან არის კიდეც. თქვენზე არაა საიდან შეხედავთ? ნახევრად სავსე და ნახევრად ცარიელი ჭიქის ამბავია, თქვენ ნუ მომიკვდებით უშუქობაში და უწყლობაში! სამაგიეროდ, გახსოვდეთ, რომ რამდენმა ადამიანმა იხეირა ამ ხელისუფლების მოსვლით, რა პრემიები აირტყეს, რა სავარძლები. კმარა! კმარა ამდენი წუწუნი, რა მოხდა თუ პარლამენტარებს ახალი მანქანები უნდათ და კიდევ ჯამაგირის გაზრდა. იმათაც ხომ უნდათ თავიანთი ოცნებების ახდენა. ასეა, ბატონო, პარლამენტარიც ადამიანია, მასწავლებლის არ იყოს ისიც დადის ტუალეტსა შინა, მასაც აქვს ოცნებები, ნატვრები. აბა თქვენ რა გაგიხარდებათ, თქვენი ქვეყნის კანონმდებელს ნერწყვი სდიოდეს, იდგეს და სასჯელაღსრულებაში რიგით ჩინოვნიკად მუშაობას ნატრობდეს? ეს გეამოებოდათ? არ შეგილახავდათ თავმოყვარეობას?

ან რა ამბავი ატეხეთ, ვინ მოაწერს ხელს ასოცირების ხელშეკრულებას, პრემიერი თუ პრეზიდენტიო. მერე რა, რომ თქვენ პრეზიდენტი აირჩიეთ პიორდაპირი გზით და არა პრემიერი, მერე რა რომ სახელმწიფოს მეთაური პრეზიდენტია და პრემიერი მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების! და დიდი ამბავი თუ ამის გამო, საბოლოდ დინგში მოგვდეს და გვითხრეს, არაუფლებამოსილი პირის ხელმოწერააო. რა მოხდა? თავიდან მოვაწეროთ მერე. თუ აღარ მოგვაწერინეს და აგერ ბატონო ევრაზიის კავშირში გვეხვეწებიან. იქ მოვაწეროთ. ასეთი რა გაწყეინათ აზიამ? აა, ევროპა გინდოდათ? ინჩე ასუმ.

დიახ, ბატონო, გაგებით უნდა მოეკიდოთ პრემიერისა და პრეზიდენტის კინკლაობას, აბა, მათ ამ ხელშეკრულებისთვის არაფერი უქნიათ (არც ერთს, არც მეორეს) და ხელმოწერაზე მაინც აღარ იკინკლაონ?

ბიძინამ დაგიბარათ და გაგებით უნდა მოეკიდოთ იმასაც რომ ერთ დღეს მღვდელი გამოგიდგეთ ტაბურეტკით, ან თუნდაც „კუშეტკით“. მართალია, ეს ამბავი თვითონ ბიძინასაც არ მოწონს ხოლმე და აპროტესტებს, მაგრამ მაინც გაგებით უნდა მოეკიდოთ – საერთო სულისკვეთება ითხოვს ამას. გარდა ამისა, რომ არა სწორედ ეგ სამღვდელოება, განა აიხდენდით ოცნებას და მოიშორებდით მიშას? ამიტომ ადექით და მოთმინებითა თქვენითა იყავით ახლა.

ან ზუსტად ისე, როგორც დავით კლდიაშვილთანაა „მოთმინება და იმედი“…. მერე რა, რომ სადაც მაგ მოთმინებასა და იმედზეა საუბარი, იმ პიესას „უბედურება“ ჰქვია…

მოთმინება მაინც სხვა რამეა და გაგებით მოკიდება კიდე სხვა რამ. კარგად გაიგეთ, გაგებით მოკიდება 41-ის შემოხაზვის საზღაურია. გაიგეთ და გაგებით მოეკიდეთ ამ ფაქტს. გინდოდათ ნატვრის ხე და ხელში შეგრჩათ გაგების ხე. მე მესმის თქვენი და თან არ მესმის. არ მესმის თქვენი ვიშვიშის. იმიტომ რომ ეს იმათავითვე ცხადი იყო, მაგრამ ეს თქვენ ატყდებით ხოლმე სამგლე გოჭებივით. ასე ატყდით 90-იან წლებში, დღესაც ჩამესმის ყურში თქვენი კაკაფონია „შევარდნაძე აგვაყვავებს“, მაშინაც კაი ხანს ზვიადისტებს აბრალებდით, კვირტები რომ არ დაგასკდათ და ახლაც ისევ ნაციონალებს აბრალებთ ნირვანაში რომ არ ლივლივებთ. მეტიც, თქვენ ახერხებთ იმასაც რომ იქით ისინი გახადოთ დასაცინი, ვისაც ამ ინფანტილური „აყვავება-გაბრწყინების“ არ ჯერა, აკერებთ მათ სხვადასხვა იარლიყებს, ხან ზვიადისტს, ხან მიშისტს, რაკი თქვენ საყოველთაო აღტკინებას არ იზიარებენ. დღესაც კარგად მახსოვს, როგორ ახდენდა იმდროინდელი პირველი არხი ზვიადისტების მარგინალიზაციას, მივდიდოდნენ მიტინგზე და საგულდაგულოდ მოძებნიდნენ ვინმე ჭკუამხიარულს, ტინგიცს ან ისტერიულ ქალს და ისე აჩვენებდნენ საზოგადოებას, რომ ყველა ასეთი იყო, ვინც რუსთაველზე არ უჩოქებდა თეთრ მელას და არ შეთხოვდა, არ შეღაღადებდა დარჩენას. კარგად გაიხსენეთ ისიც, ამ 2 წლის წინ, თქვენი ისტერიის გადამკიდე რამდენი ადამიანი მალავდა რომ სააკაშვილის ხელისუფლების მომხრე იყო. რატომ მალავდა? არ ჰქონდა თავი თქვენთან შერკინების, თქვენი ისტერიის მოსმესნის. ახლა კარგად იცოდეთ, რომ ეს ადამიანები დგანან და ნიშნის მოგებით ხარხარებენ თქვენზე, ხოდა ახლა კეთილი ინებეთ და გაგებით მოეკიდეთ ამასაც. ამას ითხოვს ბიძინას დარგული ხე გაგებისა!

 

 

„სიგუა“, კიტოვანი და კონჩიტა

kitovani-konchita

რეზო შატაკიშვილი

(დაიბეჭდა გაზეთში “ქრონიკა+”, მეცამეტე გვერდზე). 

მე არ მძულს კონჩიტა, რას ვერჩი, გინდა კონჩიტა ყოფილა, გინდა მწყერჩიტა, გინდა ტოროლა ალიონზე. გამოგიტყდებით და არც ვიცოდი ვინ იყო და ვერც  გავიგებდი, რომ არა ცუკენბერგის ველ-მინდვრებში ატეხილი დიდი გნიასი. დიახ, მე არ მძულს კონჩიტა, მე მძულს თენგიზა კიტოვანი. დიახ, მისი ტრადიციული თავყბა მირევს გულს და არა ეგ თქვენი ყბადაღებული ექსტავაგანტური კონჩიტას სიფათი. მეტსაც გეტყვით, თვითმფრინავი რომ ვარდებოდეს და 1 ცალი ზედმეტი პარაშუტი იყოს და ჩემი გადასაწყვეტი იყოს, რომელს ვარგუნო, კონჩიტას თუ კიტოვანს, რომლის სიცოცხლე ვიხსნა, წამიც არ დავფიქრდებოდი ისე დავტოვებდი კიტოვანს უპარაშუტოდ. მეტსაც გეტყვით, ზედ ზღურბლთან იმასაც ვიზამდი, რაც ჯაბა იოსელიანმა უქნა არძინბას ჟენევაში – ჭიტლაყი რომ ამოარტყა. დიახ, სიამოვნებით გადმოვუშვებდი ბატონ კიტოვანს უპარაშუტოდ  – პანღურით და მოვაძახებდი კიდეც – წართმეული ახალგაზრდობისთვის-თქო. მივაძახებდი ზუსტად ისე, ჟან მარემ რომ მიაძახა მის მიერ დაპანღურებულს – ეს კოქტოს შეურაცხყოფისთვის, ეს საფრანგეთის შეურაცხყოფისთვისო. დიახ, წამწამსაც არ გავატოკებდი ისე დავაპანღურებდი ძმათამკვლელი ომის გაჩაღებისთვის და  ჩემი წართმეული ბავშვობისა და ახალგაზრდობის გამო და კარგა ხანს, ფეხსაც არ დავიბანდი – გმირობის ჩამდენ ფეხს. დიახ, გმირობის, იმიტომ რომ ბავშვობაში პირველი წიგნი, რომელიც მომიტანეს და წამაკითხეს იაკობ გოგებაშვილის „საგანძური“ იყო, იქიდან ვისწავლე სამშობლოს ისტორიაც და მისი სიყვარულიც და  ჩემთვის ერთ-ერთი სამაგალითო ქართველი ის საჩინო ბარათაშვილია, რომელმაც უფსკრულში გადაჩეხა მოღალატე ყორღანაშვილი. დიახ, პარაშუტს გავიმეტებდი კონჩიტასთვის და მაგ თქვენ კიტოვანს – ყინჩად რომ დაიარება რუსთაველზე, უპარაშუტოდ გადმოვაგდებდი. ახლა თუ გინდა წმინდა ინკვიზიციას გადამეცით, თუ გინდა იმ წულუკიანს თვეში 5 ათასი რომ ეცოტავება და თავის მინისტრობასაც რომ გვაყვედრის.

გამეცით პასუხი 21-ე საუკუნის ციციკორეებო, დიახ ციციკორეებო, რა უნდა დაუშავოს ერს რომელიმე ელგებეტემ, გინდაც საწყალმა, ასეთად რომ დაიბადა და ასეთად დაბადებით უბედურია და თავის ტრაგედიას რომ დაათრევს როგორც სიზიფე ლოდს, გინდაც ავყიამ და აგრესიულმა? დიახ, რას დაუშავებენ ისეთს, რაც უკვე დაუშავა კიტოვანმა? ჯიპით რომ გამოგეცხადათ ზეიმზე და კვლავ დაგვიანონსა – უარესს გიზამთო? პარლამენტს ანტიდისკრიმინაციული კანონი არ უნდა მიეღო, ეს პარლამენტი დაიშლება, რაც აქ ხდება მხოლოდ დასაწყისიაო?

“ყველაფერი რაც ხდება ეს არის საქართველო სპარლამენტი სბრალი. ე სდასაწყისია და ამას მოჰყვება დიდი ამბავი პარლამენტი აუცილებლად დაიშლება. აქ სულ ყველა ჩემი ბიჭები არიან, ამას ჩვენ არ დაუშვებთ, უსუპოვმა თუ უსუფაშვილმა გაიგოს რომ ამ კანონის მიღება მისთვის ცუდად დასრულდება” – გამოაცხადა კიტოვანმა.

სად იყო თქვენი ტაბურეტკები მამაოებო და სად იყავით „ჰოი, დედანო მარად ნეტარნო“? იქნებ დაგავიწყდათ, ვის პროვოკაციებს ემსხვერპლა თაობები?  ის ჩახოცილი ბიჭები შვილები თუ არა, ძმები არ იყვნენ თქვენი?

იქნებ დაგავიწყდათ, ვინ დაიწყო თბილისის ომი, სწორედ მანდ, რუსთაველზე სადაც ახლა ჯიპით გამოგეცხადათ?  თავმოყვარე ხელისუფლება არაფრის დიდებით არ დაუშვებდა მის დაბრუნებას საქართველოში, დაბრუნებულს დაიჭერდა მაინც. თავმოყვარე ერი რუსთაველზე გავლას მაინც აუკრძალავდა რუსთაველის გამზირის დამაქცევარს! ფიანდაზები გაგეშალათ ბარეღამ! უი, არ გქონდათ წამოღებული? არც ნოხები? „ნიუჟელი“ ტაბურეტკებზე ძნელი სათრევია? მანდილები მაინც მოგეხსნათ და გაგეშალათ, ეგრე უპატივცემულოდ გაშვება იქნებოდა? თუ უთავშლო ქალი სძაგს უფალსა?

დაგავიწყდათ თუ გაგახსენოთ, როგორ დაიწყო ომი აფხაზეთში? ვინ შევარდა აფხაზეტში, ვინ გაუხსნა ხელფეხი აფხაზ სეპარატისტებს? ან ის გაგახსენოთ, ვინ მისცა ჩამოწერილი ტანკები და იარაღი კიტოვანს? ახლა რომ დგას და იქმურება? გაგახსენოთ რა დაგვიჯდა მაგის მუქარები?

ახლა უსუფაშვილს და პარლამენტს ემუქრება რუსტაველიდან, ორიოდე კვირით ადრე „რეპორტიორში“ იმქურებოდა: „მივმართავ უსუფაშვილს და მის მეუღლეს, რომლებიც ასე მონდომებული არიან  – არ დაუშვათ ამ კანონის მიღება! ის გამოიწვევს უდიდეს ომს,   პირდაპირ ვამბობ  – ეს იქნება ომი –  პარლამენტის  შემოღებული კანონით. კანონპროექტი  ქართველი ერის შეურაცხყოფაა!  კავკასიაში ასეთი რამ არ მომხდარა  და არც მოხდება. ქართველი კაცის შემარცხვენელი კანონის მიღებას –  არ დავუშვებ!  პირველი ჩვენ დავიწყებთ ომს ამ კანონის  საწინააღმდეგოდ, პარლამნეტში შევალთ, ცხვირ-პირს დავუმტვრევთ და ისე გამოვყრით ყველას, არც მომერიდება არაფრის!”.

მორიდებით ნამდვილად არ მოერიდება, არაფრის მოერიდება და არაფერს მოერიდება, არც რუსთაველის ხელახლა გადაბუგვას და არც დაუმთავრებელი მხატვრის სახლის ხელახლა დაქცევას. ეგაა ხან გაუდის მუქარები, ხან არა. გაუვიდა გამსახურდიას შემთხვევაში – დაამხო. გაუვიდა – აფხაზეტში შეჭრა – ომი დაიწყო. გასდიოდა მუქარები მაშინ, როცა რუსეთის დავალებით მოქმედებდა. რუსეთის დავალებით მოქმედება გამსახურდიას დამხობით არ დაუწყია, კარგად გაიხსენეთ ვინ გაიყვანა გვარდია რკონის ხეობაში. ნუგზარ წიკლაური წერდა კიდეც – „თენგიზ კიტოვანს ნამუსი რომ ჰქონდეს, საკუთარი ფეხით უნდა მივიდეს ციხეში, ჩაჯდეს და მთელი ცხოვრება მონანიებაში გაატაროს. მაგრამ ამ კაცს ნამუსი არ გააჩნია ის 1991 წლის აგვისტოში გაყიდა, როცა გვარდია ტყეში გაიყვანა ცხადია, ფულზე გაყიდა და რუსებს მიჰყიდა, ფულზე და ძალაუფლების, თანამდებობის პერსპექტივაზე“.

მუქარით მერე შევარდნაძესაც დაემუქრა – ოფსაიდში დატოვებით. დიახ, შევარდნაძეზე და მოქკავშირზე გაცოფებულმა ბრძანა, „მე მაგათ დედებს ვუტირებ, ყველას ოფსაიდში დავტოვებო“ და აფხაზეთზე ხელმეორედ გალაშქრება სცადა 2 ავტობუსი შეიარაღებული ხალხით და გასკვანჩეს. ასეა, მუქარა აღარ ჭრის, როცა არ შედის დამკვეთის ინტერესებში. რა მოხდება ახლა? შესრულდება თუ არა მისი მუქარა?  ქეთი ხატიაშვილმა კარგად დაწერა, თენგიზ კიტოვანი ის პარაზიტია, რომელიც ყოველთვის მაშინ ჩნდება, როცა პოლიტიკოსები ერთმანეთთან საერთო ენას ვერ პოულობენო.  ისიც დაწერა, 90-იან წლებში პოლიტიკოსები რომ შეთანხმებამდე მისულიყვნენ, კიტოვანი ხელში იარაღს მაინც აიღებდა, იმიტომ რომ ასეთი დავალება ჰქონდა მიღებული რუსეთისგან, მაგრამ ის შექმნიდა მხოლოდ რისკებს და საფრთხეებს, და ვერ გამოიწვევდა ისეთ კატაკლიზმებს, როგორიც პრეზიდენტის დამხობა, სამოქალაქო ომი, ქურდობა და მოროდიორობა იყოო.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თენგიზა ამჯერად ანტიდისკრიმინაციული კანონის ფონზე იმუქრება, მსუყე ნიადაგი – პოლიტიკური ძალების უთანხმოება არ ეჭყანება. ეს კანონი ერთხმად მიიღეს. თენგიზას მხოლოდ რუსული ზურგის ქარი უმაგრებს და ის „ბიჭები“, რომელიც რუსთავლზე გამოვიდნენ. თუ ვინმეს „კიტოვანის ბიჭობა“ ეკონჩიტება, პრეტენზიებით თენგიზას მიმართოს, მან გამოაცხადა „ აქ სულ ყველ აჩემი ბიჭები არიან“-ო. რუსულ ზურგის ქარს რაც შეეხება კიდე, თვით პაატა ზაქარეშვილს აქვს ნაბრძანები, თენგიზ კიტოვანს ბევრი დანაშაული აქვს ჩადენული ქვეყნის წინაშე, ის მოქმედებდა ჯერ რუსეთის დაკვეთით, გარკვეული ძალების ზეგავლენით, ხოლო როცა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება დაემხო – შევარდნაძესთან შეთანხმებითო.

კიტოვანი იყო საქართველოს პრობლემა. ახლა, კიტოვანი კი აღარაა საქართველოს პრობლემა, ის ხალხია, ვინც ნერვაუტოკებლად ისმენს, თუ როგორ ემუქრება პარლამენტს გამორეკით და როგორ გვემუქრება ისევ არეულობით. ვინც მშვიდად ეგებება მას რუსთაველზე – ვინც მტრის ხატებას კონჩიტებში დაეძებს და კიტოვანს მოყვარედ და მეტიც ლამისაა დალაი ლამად იღებს. ეგ გზა ტაძრამდე არ მიგიყვანთ, ბატონებო. არა, ბუკვალურად კი მიხვალთ ტაძრებში, სანთლებსაც დაანთებთ, მაგრამ მე ტრანსპორტირებაზე არ გელაპარაკებით. კიტოვანის გზას სხვაგან მივყავართ, იმ ეპოქაში, როცა სანთლები ენთო ყველას ოჯახში, ღვთისმოსაობის გამო კი არა, იმის გამო რომ შუქი არ იყო. იმ ეპოქაში, როცა ქუჩებში ხალხს ხვრეტდნენ, ძარცვავდნენ, შინ კი ყავის ნაცვლად რკოს და ქერს ვფქვავდით და იმასაც ლამფებზე ვადუღებდით, ეს ის ეპოაქაა, ლამის ხბოები რომ გავაჩენინეთ სოიოს – კატლეტებს სოისოგან, წიწიბურსგან რომ გვიმზადებდნენ, ისიც ეზოებში, კორპუსებშუა დანთებულ ცეცხლზე, იმიტომ რომ ერთი ხანობა ნავთქურის ქონა ისეთივე პრივილეგია იყო, როგორც იმ ჯიპით სეირნობა, ეგ თქვენი დალაი ლამა თენგიზა რომ დაკატაობს ახლა და სხვა კაბიან-წვრეიანები. კონჩიტაზე არ მოგახსენებთ, კარგად იცით ვინც დადის ჯიპებით და იწყევლება. მიშას წყევლა შერჩათ და ახლა აგერ მამა თომას ბიძინა დაუწყევლია – „დღევანდელი ხელისუფლება უკუნითი უკუნისამდე დაწყევლილია! თვითონ გეებია დღევანდელი ხელისუფლება. დაწყევლილი იყოს უკუნითი უკუნისამდე ივანიშვილი!”.

არც „ოცნება“ მეხატება გულზე, არც ივანიშვილი, მაგრამ არც კიტოვანის დამხობილი „ოცნება“ მინდა და არაც ბიძინას წყევლის მოსმენა თომასგან. კიტოვანის კი არა, არავისი დამხობილი არ მინდა, დიახ, არ მინდა დამხობები და თენგიზას ჯიპივით შავი 90-იანი წლების განმეორება, და არც წყევლა და შუასაუკუნეებში ჩაქვესკნელება.

რა ქენით აბა, იზეიმეთ ოჯახის დღე? „სიგუა“ არ გამოაცხეთ?  „სიგუას“ გარეშე რაა ან მამული, ან ოჯახი, ან ქეთოი წმინდა კერა? ვინმეს თუ ჩემი დღევანდელი ცინიზმი ეუხეშება, კარგად გაიხსენოს ის წლები, როცა „იდეალებს“ გამოვეთხოვეთ – საკონდიტრო თვალსაზრისითაც და ღირებულებების თვალსაზრისითაც და „სიგუას“ ამარა დავრჩით. უშუქობისგან, შიმშილისგან განაწამებმა ქართველმა ჯინაზე ისევ ცხრაჯერ მწარედ გაიცინა და ნამცხვრის სახელში გადმოანთხია ბოღმა, მაგრამ „კიტოვანის“ დარქმევას მაინც მოერიდა – საკუთარ ჯანმრთელობას გაუფრთხილდა. დიახ, კიტოვანი საშიშია ჯანმრთელობისთვის.

 

 

 

 

%d bloggers like this: