Tag Archives: შალვა ამირეჯიბი

რეზო შატაკიშვილი შალვა ამირეჯიბის ერთადერთ სიყვარულზე

შალვა ამირეჯიბი

შალვა ამირეჯიბი

1918 წელს მოსკოვიდან საქართველოში დაბრუნდა ვერიკო ანჯაფარიძე. სცენაზე გამოჩნდა თუ არა, მისი  სახელი ყველამ გაიგო. ის მალევე ცოლად გაჰყვა გამოჩენილ პოლიტიკურ მოღვაწეს, ეროვნულ- დემოკრატს, პოეტსა და პუბლიცისტს – უკომპრომისობით განთქმულ შალვა ამირეჯიბს…
ჯვარი ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანის სახლის პირდაპირ მდებარე პატარა ეკლესიაში დაიწერეს, საქორწილო სუფრაც ყიფიანების ეზოში გაიშალა, მაგრამ ეკლესიიდან გამოსულ ვერიკოს გული შეუღონდა… ცუდად ენიშნათ, ყველამ სხვადასხვანაირად ახსნა, თავად ვერიკომ იცოდა, რატომაც შეუღონდა გული – მას სხვა უყვარდა, უკვე ცოლშვილიანი მიხეილ ჭიაურელი…
ვერიკო აღტაცებული იყო შალვა ამირეჯიბით, გატაცებით უსმენდა, უდიდეს პატივს სცემდა, მაგრამ ვერ შეიყვარა… ვერიკო ჯერ კიდევ წმინდა ნინოს სასწავლებელში სწავლობდა, თავისზე 11 წლით უფროსი შალვა ამირეჯიბი რომ გაიცნო. სწორედ შალვა ამირეჯიბის მეშვეობით დაუახლოვდა ვერიკო ცისფერყანწელებს. უყვარდა მიხეილ ჭიაურელი და ცოლად გაჰყვა შალვა ამირეჯიბს, რომელიც უზომოდ ბედნიერი იყო – უყვარდა ვერიკო წრფელი და შმაგი სიყვარულით… ამბობენ, რომ ვერიკოს მამამ გარდაცვალების წინ სთხოვა, შალვა ამირეჯიბს გაჰყოლოდა  ცოლად. ალბათ, ვერიკოც ფიქრობდა, რომ ასე უფრო გაუმკლავდებოდა  აკრძალულ გრძნობას, მაგრამ ამაოდ…
მათ ქალიშვილიც შეეძინათ, მაგრამ მალევე გარდაეცვალათ.
„ამბობენ რომ ჯერ ბავშვი ხარ,
არ შემრჩები დიდხანს ცოლად.
მე არ მინდა დავიჯერო,
ნათქვამია ჭორის ტოლად“, – ვკითხულობთ შალვა ამირეჯიბის მიერ ვერიკოსთვის მიძღვნილ ლექსში.
ის, რისი დაჯერებაც არ სურდა ამირეჯიბს, მალე დასაჯერებელი გახდა – ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.
მაგრამ ამირეჯიბს ის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე უყვარდა. ემიგრაციაში წასულსაც არ შეურთავს ცოლი…
„თქვენ სიყვარულზე მითხარით „არა“
და მომიხურეთ გულის კარები,
მაგრამ მე მაინც ტკბილ არმაღანად
მოგართვით ლურჯი მინანქარები“. – წერდა შალვა ამირეჯიბი…
(1920 წელს გამოვიდა მისი ლექსების ერთადერთი კრებული „მინანქრები“)
ვერიკო ცოლად გაჰყვა მიხეილ ჭიაურელს…

ვერიკო ანჯაფარიძე

ვერიკო ანჯაფარიძე

შალვა ამირეჯიბი სიკვდილამდე ერთგულებდა თავის პირველ და უკანასკნელ სიყვარულს – არც ემიგრაციაში ყოფნისას შეურთავს ცოლი…
„დღეს მე 56 წლისა ვარ. წონითაც 56 კილო გამოვედი. გუშინწინ ზურაბი იყო ჩემთან და ვუთხარი: ვინ იტყვის, რომ ამ წუთისოფელში არაფერი მიკეთებია, რაც უნდა იყოს, წელიწადში თითო კილო მაინც მიგროვებია-მეთქი…“ – ამ სიტყვებს გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მისწერს თავის დას ემიგრანტი შალვა ამირეჯიბი…
შალვა ამირეჯიბი – მწერალი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. კაცი, რომლის ღირსებაც აუწონელია.
იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და ამ პარტიის მთავარი კომიტეტის დამფუძნებელიცა და წევრიც. დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, 1924 წლის აჯანყების აქტიური მონაწილე. აჯანყებისა, რომელიც, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, მართალია, დამარცხდა და ვერ შვა ახალი დამოუკიდებელი საქართველო, მაგრამ შვა ახალი სულიერი საქართველო.
თავად ქართლში დაიბადა 1886 წელს.
„მე დავიბადე სოფელ ხურვალეთში, რომელიც ქალაქ გორზედ ოცი ვერსის მანძილზედა სდევს და რომელიც ტირიფონას გადმოსცქერის…“ – ასე იწყება შალვა ამირეჯიბის მიერ ემიგრაციაში დაწერილი ავტობიოგრაფიული თხზულება…
სათავადაზნაურო გიმნაზიის დასრულების შემდეგ ევროპაში მიდის და ისმენს ლექციებს ვენის უნივერსიტეტში.
„1909 წელს მე დავბრუნდი საქართველოში ვენიდგან, ჩემი იქ ორი წლის ყოფნის შემდეგ, თან ჩამოვიტანე არა უნივერსიტეტის დიპლომი, არამედ ლექსების კონა, რომელთა დაბეჭდვას არცთუ ისე ვჩქარობდი. ისეთი ბრწყინვალე და ბუმბერაზი ქალაქების შემდეგ, როგორიც იყო პარიზი, ბერლინი, ვენა და თუ გნებავთ, ვარშავაც, თბილისი მინგრეულ-მონგრეულ და ოღრო-ჩოღრო ადგილად მეჩვენა. ვჩქარობდი როგორ მის ნახვას და ჩვენი დედაქალაქის შემხედავი პირველ კვირეებში თავს დარცხვენილადაც კი ვგრძნობდი. მაგრამ ყოველი ქალაქი ქალსა ჰგავს, რომელსაც თავისი საკუთარი თილისმა აქვს. ტფილისის ნამდვილმა და თავისებურმა სილამაზემ თანდათან ისევ მომინადირა და თავის უცვალებელ ეშხში გამხვია“.
შალვა ამირეჯიბისთვის, ილია ჭავჭავაძე იყო ქართული ცნობიერების კოლოსი, როგორც ნებისმიერი ჭეშმარიტი ქართველისთვის, ილიას შემდეგ დაბადებულისთვის…
„თუ ისტორიულ ანალოგიებს მივმართავთ, შეგვიძლიან ილია ჭავჭავაძის როლი – ყოფილი ქართული სამეფოებისა და სამთავროების ერთ ქართველ ერად გარდაქმნის, ერთი ქართული საზოგადო აზრის შექმნისა და ერთი ქართული ეროვნული იდეალის დასახვისა – შევადაროთ ბისმარკის მნიშვნელობას გერმანიის გაერთიანების საქმეში. მაგრამ ბისმარკმა გააერთიანა დანაწილებული ცალკე სამფლობელოებად, მაგრამ თავისუფალი გერმანელი ერი. ილია ჭავჭავაძემ დამონებული ქართველი ერი გააერთიანა…
თუ გრიგოლ ორბელიანმა „სადღეგრძელოში“ წარსულის დიდებული სურათი მოგვცა, თუ ბარათაშვილმა ქართული სისხლის ფილოსოფია გადაგვიშალა, ილია ჭავჭავაძემ თავისი დროის საქართველოს შეახო ხელი, ქართულ ჭრილობას პირი მოუხსნა და იქიდგან სისხლი ადინა.
…ილია არ იყო არც პროპაგანდისტი, არც აგიტატორი, არც პარტიის კაცი და მით უმეტეს, პარტიის ლიდერი. ის იყო ქართული სულის ფილოსოფოსი, ჭეშმარიტი მანმათავისუფლებელი ქართული აზროვნებისა და ქართული პიროვნების, ეროვნული და ადამიანური მონობისგან.
…ილია თავით ფერხამდის ქართული სისხლის, ქართული გენის, ქართული ისტორიისა და ქართული იდეალის ქადაგებაა. მის შემდეგ ქართულ აზროვნებას ახალი არაფერი შემატებია და როგორც შეშვენის ჭეშმარიტ გენიოსს, ილიამ დიდი ხნით განსაზღვრა, როგორც ქართული ეროვნული იდეოლოგია, ისე კალაპოტი, რომლითაც ქართული ცხოვრება უნდა წავიდეს“. – წერდა შალვა ამირეჯიბი…
ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან თანამშრომლობა ევროპიდან დაბრუნებისთანავე დაიწყო. თუმცა, ჯერ კიდევ ვენაში ყოფნისას გამოაქვეყნა ორი ლექსი ვალერიან გუნიას ჟურნალში. მწერლების წრეში ბავშვობიდან ტრიალებდა – ოჯახის ახლობელი იყო მარიამ დემურია, რომელთანაც თავს იყრიდნენ გამოჩენილი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები – აკაკი წერეთლის ჩათვლით.
1918 წელი მეტად მნიშვნელოვანი იყო მის ცხოვრებაში – მისი სამშობლო თავისუფალი გახდა.
„26 მაისის დილას, 1918 წელს, მეც ისე ვღელავდი, როგორც, ალბად, ბევრი სხვა ქართველიც და ადრე ავდექი, ხუმრობა საქმე არ იყო. ასჩვიდმეტი წლის მონობის შემდეგ, საქართველო თავის დამოუკიდებლობას აცხადებდა. ახლა ადვილია ამაზედ ლაპარაკი, მაგრამ ამ დილის ელდა, ასჩვიდმეტი წლის ოცნებით ნაზარდი, დღესაც გულში მიდევს. რამდენი ჩავიდა საფლავში თაობა, რომ ეს ოცნება თან ჩაიტანა?!“ – წერდა უკვე ემიგრაციაში ყოფნისას შალვა ამირეჯიბი და დეტალურად იხსენებდა იმ დღეს…
„აღარ მახსოვს, რომელი საათი იყო, როცა სეიმში შევედი და დიდი ამბების მოლოდინში, ჟურნალისტების ლოჟაში მოვთავსდი. ქართული პარლამენტის წევრობის ბილეთი უკვე ჯიბეში მედო. ამ დღეს, როგორც შემდეგ პარლამენტის პირველ სხდომაზედ, ჟორდანიამაც აღნიშნა, ჩვენ ვიყავით მოწმე, როგორ მოკვდა ერთსა და იმავე დარბაზში ერთი სახელმწიფო და დაიბადა – მეორე. პირველი ამიერკავკასიის რესპუბლიკა იყო, მეორე – საქართველო! სეიმის უკანასკნელი კრება დაღვრემილი, უხალისო და უფერული იყო. პირველად ვნახე ჩემს სიცოცხლეში სახელმწიფოს „სიკვდილი“. და ისიც ასე დრამატიზმს მოკლებული. სახელმწიფონი კვდებიან ომში, ან რევოლუციაში. ჩვენი ამიერკავკასიის რესპუბლიკა ტრიბუნაზედ მოკვდა…“.
საქართველო დამოუკიდებელი გახდა, ჰყავდა ეროვნული მთავრობა, მაგრამ ამ მთავრობას ეცხო კი რაიმე ქართული?
შალვა ამირეჯიბის მრისხანებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა თბილისში ერეკლე მეფის სახელობის ერთ პატარა სკოლას ერეკლეს სახელი მოხსნეს და ვიღაც რუსის სახელი მიაწებეს.
„ვინ იყო ეს რუსი, აღარ მახსოვს და არც საყურადღებოა. როცა ქვას გესვრიან, სულ ერთია, მარმარილოა თუ რიყის ქვა. ქართულმა „დემოკრატიამ“ ამ დღეს მაღლა შეაფურთხა და მერე სახე შეუშვირა. ეს სეირი მთელმა საქართველომ ნახა! ახლა როცა ამ დემოკრატიის „უწარჩინებულესი“ ნაწილი, ერისა და ქვეყნის სასახელოდ, პარიზის ტროტუარებს სტკეპნის და თავის ბედნიერი თავლით ხედავს, რომ დემოკრატიის ქალაქში ცოცხალი პრეზიდენტის გვერდით, გაქვავებულ მეფეთა ძეგლებიც ბევრია, იქნებ ვინმე დაგვეთანხმოს, რომ საფრანგეთის დემოკრატია არცთუ ისე ჩამორჩენილი ყოფილა…“ – წერდა შალვა ამირეჯიბი უკვე ემიგრაციაში ყიფნისას და გულისტკივილით აღნიშნავდა, რომ „ეროვნული გრძნობის ასეთი შელახვა და ეროვნული წესრიგის ასეთი დარღვევა დამოუკიდებელ საქართველოში ფეხის ყოველ ნაბიჯზე ხდებოდა. განა ვისთვის იყო საჭირო, რომ ტფილისის ერთ უმთავრეს ქუჩას „პლეხანოვის პროსპექტი“ დაარქვეს? მხოლოდ რამდენიმე თუთიყუშისთვის, რომელიც პლეხანოვს საქართველოში ჰყავდა.
განა დღეს ბევრს ახსოვს, რომ „ქართული“ მიწის კანონი რუსმა ნერუჩევმა დაწერა?! ამ კანონს მერე ცოტა ფერი უცვალეს, ხომერიკის თხზულებად მონათლეს და ცხოვრებაშიც შემოიღეს. საქართველოს მინდვრებში სტეპკა რაზინის, პუგაჩოვის და ლენინის სული დასთესეს…“
საქართველო დამოუკიდებელი იყო, მაგრამ ქვეყანაში ქართველთათვის გაუგონარი ტერორი დაიწყო – მენშევიკური აგიტაციით დამუხტულები ხოცავდნენ თავადაზნაურობას. ხოცავდნენ კაცებს, ქალებს, მოხუცებს, ბავშვებს, ქარელში დედაწულიანად ამოწყვიტეს ციციშვილების ოჯახი. გვამებით სავსე სახლში ძაღლები შერეკეს და კარი გამოუკეტეს – ასე გაატარეს ძაღლებმა მკვდრებს შორის რამდენიმე დღე, მაგრამ თავის პატრონების ხორცს პირი არ დააკარეს. შალვა ამირეჯიბმა წერილი გამოაქვეყნა „საქართველოში“ – თუ ადამიანები არ გეცოდებათ, ძაღლები მაინც შეიცოდეთო.
კითხულობ დღეს შალვა ამირეჯიბის მიერ ძარღვიანი ქართულით ნაწერ პუბლიცისტურ წერილებს, რომელსაც დღემდე არ დაუკარგავს აქტუალობა და არ დაკარგავს კიდევ დიდხანს.
მეტად აქტუალურია მისი წერილი ცხინვალთან დაკავშირებით.
„ცხინვალი, შესაძლებელია, საქართველოს საბედისწერო ფრონტად იქცეს. იქ სწარმოებს ნამდვილი ომი, ყველანაირი ჯურის იარაღის საშუალებით… ეს ომი ადვილად არ გათავდება…
პოლიტიკა წაგლეჯისა, აი, რა არის დღევანდელი ლოზუნგი და ოსებმაც აშკარად განაცხადეს: ცხინვალი ჩვენია, საქართველოს მაღლობი ოსეთია! …ისეთი პატარა და უკულტურო ერისთვის, როგორიც არის ოსობა, არაფერია იმაზე ადვილი, რომ განუხორციელებელ ოცნებებით იკვებებოდეს. და მათ პატრიოტულ თავში საქართველოს გულში დამოუკიდებელ ან ავტონომიური ოსეთის შექმნის იდეია აღმოცენდა, არის ეს პოლიტიკური იდეია ან ნაციონალური მისწრაფება? ჩვენ ვფიქრობთ, რომ არა. თვით ჩვენ დროშიც, რევოლიუციისა და ერთა თვითგამორკვევის ხანაში, ეს იდეია ავაზაკურ იდეიად დარჩება. ჩვენ არ ვიცით საქართველო უფრო ქართული, ვიდრე ის ადგილი საქართველოსი, სადაც ამჟამად ოსები ცხოვრობენ. ეს არის ზურგი საქართველოსი, მისი ხერხემალი.
…ჩვენ გვსმენია მრავალი პოლიტიკური ფანტაზია, მაგრამ ოსეთის სახელმწიფო საქართველოში – არა. …ცხინვალის ამბები საშიში მოჩვენებაა საქართველოს მომავლისთვის და საჭიროა არა მარტო მისი სახელმწიფო ლიკვიდაცია, არამედ სიმკაცრეც, რომ ის არ განმეორდეს“, – ამ სიტყვებს შალვა ამირეჯიბი 1918 წელს წერდა.
შალვა ამირეჯიბმა ამ ქვეყნად 57 წელი იცოცხლა, აქედან 20 წელი – სამშობლოდან გადახვეწილმა, შორს ემიგრაციაში გაატარა. სამშობლო 1924 წელს, აგვისტოს აჯანყების დამარცხების შემდეგ დატოვა.
გულს კლავს მისი მოგონება:
„ხოფაში გემზედ აგვიყვანეს, მაგრამ ჩვენამდე ოთხასი ხარი და ძროხა ჩასხეს შიგ. ამრიგად, ოთხასი სული საქონელი და ცხრა ემიგრანტი!
ვიღა ვართ ჩვენ – აჯანყების გმირები თუ ამ ოთხასი ხარის ფილოსოფიური დამატება, რათა ჩვენ თავად და ამ ოთხასი ხარის მაგივრად მხოლოდ ამქვეყნიური ამაოების შესახებ ვიფიქროთ?!.“

შალვა ამირეჯიბი

შალვა ამირეჯიბი

დაიბეჭდა “პრაიმტაიმში”

რეზო შატაკიშვილი ქართველების მეგობარ ავსტრიელ ნობელიანტ ბარონესაზე

ბერტა ფონ ზუტნერი

ბერტა ფონ ზუტნერი

ქართველ პრინცზე უიმედოდ შეყვარებული ავსტრიელი ასულის სევდიანი მოგონებები

ბარონესა ბერტა ფონ ზუტნერი. მწერალი. პაციფისტი. ნობელიანტი მშვიდობის დარგში. ვინ იყო ეს ავსტრიელი არისტოკრატი ქალი? ქალი, რომლის ირგვლივაც იკინძება მე-19 საუკუნის ელიტური ამბები?

ბერტასა და მის ქმარს – ბარონ არტურ გუნდაკკარ ფონ ზუტნერს 9 წელიწადი უცხოვრიათ საქართველოში…

რანაირად მოხვდნენ ბერტა და მისი მეუღლე საქართველოში?

ან რანაირად აღმოჩნდნენ საქართველოში ჩამოსვლისთანავე ქართულ მაღალ საზოგადოებაში უცხოელი ცოლ-ქმარი? მათ ხომ სწორედ აქ, საქართველოში, მოჰკიდეს ხელი მწერლობას. მეტიც, როდესაც ვეფხისტყაოსნის ქართველიშვილისეული ცნობილი გამოცემა მზადდებოდა, დაიბადა აზრი – პოემა რომელიმე უცხო ენაზეც ეთარგმნათ. სწორედ ბერტამ და არტურმა, სამეგრელოს მივარდნილ სოფელში, იონა მეუნარგიას მამის დახმარებით თარგმნეს ვეფხისტყაოსანი ფრანგულად, შემდეგ რომ გერმანულადაც თარგმნილიყო. ზუტნერების თარგმანი დაუბეჭდავი დარჩა, ბერტა და მისი ქმარი საქართველოდან წავიდნენ და აღარც გერმანულად უთარგმნიათ…

სამაგიეროდ, 66 წლის ბერტა 1909 წელს გამოსცემს მოგონებების წიგნს და ქართულ არისტოკრატიაზე დაწერს:

„ორბელიანების, წერეთლების, გრუზინსკების, დადიანების, მუხრანბატონების, ჭავჭავაძეების გვარები ისევე ამაყად ჟღერენ იქ, საქართველოში, როგორც მონმორასების, მანჩესტერების, ბორგეზების, ლიხტენშტეინებისა და სხვათა გვარები ჩვენში“.

მაინც ვის შეხვდა ასეთს? ყველაფერი გასაგები გახდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ – ჯერ კიდევ გასათხოვარმა, სრულიად ახალგაზრდა ბერტამ 1864 წელს ჰამბურგში, გერმანიის სამკურნალო წყლებზე ჰერ ფონ კენიგსვარტერის მეშვეობით გაიცნო უკანასკნელი ქართველი დედოფალი – ეკატერინე ჭავჭავაძე… ეკატერინე ჭავჭავაძე ბერტასთვის პირველი ქართველი იყო, ვისაც შეხვდა.

შემდეგ კი დედოფალ ეკატერინეს გარემოცვაში, მისი ორი ვაჟისა და ქალიშვილის, სალომეს გარდა, ის ხანდახან ხედავდა კიდევ ორ ქართველ ბანოვანს. ერთ-ერთი კი ეკატერინე ჭავჭავაძეზე არანაკლებ სახელგანთქმული ქალბატონი, როგორც გრიგოლ ორბელიანი უწოდებდა, აღმოსავლეთის თვალი – მანანა ორბელიანი იყო, მეორე ბანოვანი კი მანანას ქალიშვილი – ტასო. ასეთი სტარტის შემდეგ გასაგებია, რატომაც ეტრფოდა ასე ქართველებს ავსტრიელი არისტოკრატი ბერტა გაცნობის დღიდან სიკვდილამდე. ზოგადი ტრფობაც რომ გვერდზე გადავდოთ, ბერტას ბიოგრაფიიდან ვერავინ ამოშლის იმ სიყვარულს, რაც მას ქართველ პრინცთან აკავშირებდა. ამაზე ქვემოთ…

როგორც ბერტა თავის მემუარებში იხსენებს, მანანა ორბელიანი და ტასო ყოველთვის ლამაზ ქართულ ტანისამოსში იყვნენ გამოწყობილები. დედოფალი ეკატერინე კი ატარებდა „vorty“-ს ტუალეტებს და ატარებდა მათ „როგორც მართლა დიდი ქალბატონი, სრული შიკით და ელეგანსით“. ბერტას გადმოცემით, დედოფალი ეკატერინე იყო დიდად ელეგანტური ბანოვანი. „დაახლოებით 36-37 წლისა, ჯერ კიდევ წარმოსადეგად მშვენიერი, რომელიც ახალგაზრდობაში თვალისმომჭრელი სილამაზისა უნდა ყოფილიყო. ჭეშმარიტად ქართული ტიპის. ფრანგულად ლაპარაკობდა ისე, რომ ენაზე ჭავლი არ მოედებოდა, მაგრამ რუსულს – აქცენტით. თავის შვილებთან ის საუბრობდა უმთავრესად ქართულ ენაზედ“.

ბერტა დეტალურად აღწერს დედოფლის გემოვნებით მოკაზმულ აპარტამენტს და თქვენ წარმოიდგინეთ, იმ სურნელსაც კი, რომელიც ეკატერინე ჭავჭავაძის საბრძანებელში სუფევდა – რუსული სიგარეტებისა და ყავის სუნი შეზავებული იყო ფორთოხლის ყვავილების სუნთან. „მრავალი წლის მანძილზე მინახავს დედოფალი ეკატერინე სხვადასხვა ადგილას და სადაც კი ის დაიდებდა ბინას, უმალ ეს სურნელება დგებოდა. ნივთები ყველგან ასე სუნთქავდნენ“.

საცხოვრებლის შეცვლა ეკატერინე ჭავჭავაძეს ხშირად უწევდა. ზუგდიდის გარდა, ის ხან ევროპაში ცხოვრობდა, ხან – პეტერბურგში, ხან – პარიზში, ზაფხულობით ჰამბურგის სამკურნალო წყლებზე ისვენებდა. ბერტას გადმოცემით, ეკატერინე ჭავჭავაძე ყოველ დილით 7 საათზე უკვე წყაროებზე იყო. „შემდეგ ხშირად დაუვლიდა ხოლმე სათამაშო ოთახებს, მაგრამ არ თამაშობდა“.

ბერტა თავის მემუარებში ერთ ასეთ სუპერარისტოკრატიულ ვოიაჟსაც აღწერს კაზინოში. „ერთ ნაშუადღევს, კონცერტის დროს, ჩვენ ყველანი ვისხედით დედოფლისთვის ჩვეულ ადგილას. იმ დღეს ხმა დაირხა, იმპერატორი ალექსანდრე მეორე ჰამბურგში ჩამოვიდაო. მართლაც უცებ დიდი მისვლა-მოსვლა შეიქმნა და ყოველი მხრიდან გაისმა ხმა – „იმპერატორი, იმპერატორი“. მალე ალექსანდრე მეორის მაღალი, ახოვანი ტანიც გამოჩნდა. დედოფალს რომ თვალი მოჰკრა, გამოემართა, დედოფალი წამოდგა, რომ რამდენიმე ნაბიჯით წინ წამდგარიყო, იმპერატორმა მას ხელი მიაშურა და ემთხვია. დანარჩენები საპატიო მანძილზე ვიყავით გაჩერებული. მაგრამ მცირე ლაპარაკის შემდეგ, მე გავიგონე, როგორ უთხრა ცოტა უფრო ხმამაღლა დედოფალს იმპერატორმა: „ხომ არ ისურვებდით, ცალი თვალით ზალებში შევიხედოთო“. მკლავი გაუყარა დედოფალს. ჩვენ უკან გავყევით. ალექსანდრე მეორემ „რულეტკის“ სათამაშო მაგიდასთან, დედოფალს რამდენიმე ოქრო სთხოვა, ან ფული არ ჰქონდა თან, ან სწამდა, რომ ნასესხები იღბალს მოუტანდა. წითელზე დასვა, პირველი მოიგო, კიდევ ერთი-ორჯერ დასვა, მაგრამ საბოლოოდ იძულებული გახდა, ნეკი მოეკაკვა…“

შტრიხები ბერტას უიღბლო არისტოკრატიული ბიოგრაფიიდან

ბერტას ქალიშვილობის გვარი კინსკი იყო, კინსკები გაავსტრიელებული ჩეხები იყვნენ. ბერტას მამა, ფელდმარშალი და საიმპერატორო კარის ნამდვილი კამერერი ფრანც კინსკი ბერტას დაბადებამდე გარდაიცვალა. ბერტას დედა ფონ კერნერი კეთილშობილთა ფენას მიეკუთვნებოდა. ბებია ხომ, საერთოდ, პრინც ლიხტენშტეინის ასული იყო. მოკლედ, ბერტა უმაღლესი ჯიშისა და მოდგმის გახლდათ. მიუხედავად ამისა, მათი ოჯახი მაინც არ შედიოდა იმ საზოგადოებაში, რომელიც ავსტრიაში ნამდვილ საზოგადოებად იწოდებოდა. ბერტას დედა მომღერლობაზე ოცნებობდა, გარემოცვაც და ბევრი სხვა გულშემატკივარიც არწმუნებდა, რომ მას ლეგენდარული მალიბრანის ხმა ჰქონდა. ბერტაც ოცნებობდა მომღერლობაზე, მის დროს მალიბრანი აღარ ახსოვდათ, მაგრამ მას სხვა რამეს უჩიჩინებდნენ – ადელინა პატის ხმაზე უკეთესი ხმა გაქვსო. დედა-შვილს ხმებიცა და ოცნებებიც ფუჭად დარჩათ. ბერტას დედა ამ ოცნებას კი როგორღაც შეელია, მაგრამ ვერაფრით შეელია გამდიდრების დაუოკებელ სურვილს. საამისო საშუალებასაც მიაგნო – ხშირად სტუმრობდა იმ დროს განთქმულ კურორტებს და კაზინოებში თამაშობდა მილიონის მოგების იმედით. მილიონი არ მოუგია, ერთობოდა…

ბერტას მაინც არ ჰქონია ცუდი ბავშვობა, გამოუჩნდა მამობილი, მამამისის უშვილძირო მეგობარი, რომელმაც მთელი ენერგია ბერტას შეალია. ბერტას მამობილი იყო ნამდვილი გრანდსენიორი, კაიზერ ფრანც-იოსების ფელდცო გმეისტერი და „არსიენერებისგარდის“ კაპიტანი. რაც ერთ-ერთ პირველ ხარისხად ითვლებოდა ჰაბსბურგების კარზე. ბერტას ახალგაზრდა კაიზერი მხოლოდ სურათზე ჰყავდა ნანახი. სამაგიეროდ, მამობილი, ხშირად სწორედ მეფის სუფრიდან მიდიოდა პირდაპირ ბერტასთან. გოგონასთვის ეს საკმარისი იყო, რომ კაიზერის ცოლობაზე ეოცნება, მას დედოფლობა სურდა. მაგრამ ამ იმპერატორმა ბერტას ცხოვრებაში იმედგაცრუებების დიდი სეზონი გახსნა – როცა ბერტა ჯერ კიდევ 11 წლის იყო, იმპერატორმა თავისივე ნათესავი, ელისაბედ ბავარიელი შეირთო ცოლად. მას შემდეგ ბერტა უკვე სხვა პრინცებზე ოცნებობდა, მაშინაც კი, როცა 21-22 წლის იყო.

ვიდრე ბერტას პრინცების სიას გადავურბენთ, ერთი პარადოქსის თაობაზე: ბერტა 1914 წელს გარდაიცვალა, როგორც ცნობილი პაციფისტი ქალი, სწორედ 1014 წელს კი იმ კაიზერმა, რომელსაც ოდესღაც ბერტა „ესტროჩკებოდა“, მსოფლიო ომი დაიწყო… დაიწყებოდა კი ეს ომი, მას რომ თავის დროზე პაციფისტი ბერტა შეერთო? ან იქნებოდა კი ბერტა პაციფისტი, კაიზერის ცოლი რომ გამხდარიყო?

არავინ იცის. თუმცა ფაქტია ერთი რამ, ბერტას მიერ 1909 წელს გამოცემული მემუარები ნამდვილად არ დაემსგავსებოდა ფუფალას მემუარებს.

როგორც შალვა ამირეჯიბი წერს, ბერტას მემუარების გამოსვლის შემდეგ, ვენაში ოხუნჯობდნენ, ყველა პრინცს, ვისაც კი ცხოვრებაში შეხვედრია, თავის საქმროდ გვაცნობსო. თვითონ შალვა ამირეჯიბი სულაც არ ფიქრობდა ასე. თუ შალვა ამირეჯიბს ვერწმუნებით, ბერტას მემუარებში მართლა კონა ათ შაურად ყოფილან პრინცები, მაგრამ ბერტა სულაც არ ბერავდა ხელოვნურად მათ რიცხვს, პირიქით, ამცირებდა კიდეც. ამირეჯიბს არგუმენტიც კი აქვს ბერტას გასამართლებლად.

„ბერტას საქმროდ არ ჰყავს მონათლული უგანათლებულესი ნიკო მინგრელსკი, თუმცა ძნელი წარმოსადგენია, რომ საქორწილო გეგმებში გართულ და პატივმოყვარე ბერტასთვის არაფერი ყოფილიყო სამეგრელოს დედოფლის, ეკატერინე ჭავჭავაძის უფროსი ვაჟი, 17-18 წლის ნიკო. ისინი თითქმის ტოლები იყვნენ. მაგრამ ბერტას ტაქტიც სწორედ აქ ჩანს, ის იყო დედოფალ ეკატერინესა და მისი შვილების ისეთი საყვარელი და ახლობელი ადამიანი, რომ კარგად ზრდილი და გულმართალი ბერტა ასეთ ტრაბახს არ მოჰყვებოდა. არა ტრაბახობს ბერტა არც სხვათა შემთხვევაში“, – ასკვნის შალვა ამირეჯიბი.

მაშ ასე, ბერტას პრინცების სია:

ბერტას პირველი საქმრო პრინცი ფილიპე ვიტგენშტეინი გახლდათ, მაგრამ მას უარი უთხრეს, მაშინ ბერტა მხოლოდ 13 წლის იყო. მოგვიანებით, რომში ყოფნისას ბერტას ხელი სთხოვა ერთმა მოხუცმა ნეაპოლელმა პრინჩიპემ. ამჯერად უკვე თავად ბერტამ თქვა უარი, მას თვალი ბებრუხანა საქმროს 25 წლის შავთვალა ბიჭისკენ გაურბოდა, რომელიც დუკის ტიტულს ატარებდა.

„ეჰ, ვინ იცის, იქნებ მას გავყოლოდი ცოლად, მაგრამ იცოდა რა მამამისსა და ჩემს შორის მომხდარი ამბავი, თვითონ დუკას ეჭირა თავი შორსო“, – სინანულით გაიხსენებს მოხუცი ბერტა.

1864 წელს დედოფალ ეკატერინე ჭავჭავაძესთან ბერტამ გაიცნო პრინცი ერეკლე – ალექსანდრე ბატონიშვილის ვაჟი, ერეკლე მეორის შვილიშვილი. ბერტას გადმოცემით, ერეკლე იყო დაახლოებით 40 წლის, საშუალო სიმაღლის, ელეგანტური, შავგვრემანი, მწყობრი, ნაღვლიანი სახით. წვრილი, გრძელი შავი ულვაშებით. ბერტა არ მალავს, რომ ქართველი პრინცი მოეწონა. იმასაც ამტკიცებს, პრინცსაც მოვეწონეო. ბერტას 2 წელი აბოდებდა ქართველ პრინცზე და ოცნებობდა, რომ ერეკლე მას შეირთავდა, მაჭანკალიც ხომ თავად ეკატერინე ჭავჭავაძე იყო, მაგრამ ვერ ივარგა მაჭანკლად წინანდლის ვარდმა. რამდენიმე წლის შემდეგ ქართველმა პრინცმა ეკატერინე ჭავჭავაძის ძმისშვილი შეირთო ცოლად… საერთოდ, დედოფალ ეკატერინეს ბერტას ბედი ადარდებდა – არისტოკრატი გოგონას ბედი, რომელსაც მზითვი არ ჰქონდა. ნაწილობრივ იზრუნა კიდეც ამ მიმართულებით. „დედოფალი მიამბობდა თავის რომანტიკულ თავგადასავლებს და მეც მარიგებდა: „ბერტა, იშოვეთ ერთი კარგი საქმრო და გაბედნიერდით“. ერთ დღეს მითხრა, გამომყევით აქ, მე მინდა გაჩვენოთ, რა პირის სანახავს გიმზადებთ. წამიყვანა თავის ოთახში. პირისფარეშს განძეულობის ყუთი მოატანინა, მაჩვენა თავისი ნივთები, ბრილიანტების, თვალპატიოსანთა და თვალმარგალიტთა მთელი ასხმები. „ხედავთ ამას? ეს არის საქორწინო საჩუქარი, რომელსაც გიმზადებთ, მაგრამ უპირველესად საჭიროა იყოს საქმრო“.

ყველაზე პიკანტური აბზაცი: ბერტას მემუარებში საუბარია იმ თემაზე, რამაც ძალიან შეაშფოთა იმდროინდელი საქართველო. მაშინდელ თბილისს ელვის სისწრაფით მოედო ჭორი – ეკატერინე, დადიანის ქვრივი, ბარათაშვილის ჰაეროვანი სატრფო, ესპანეთის მდიდარსა და დიდგვაროვან ელჩს გაჰყვა ცოლადო. იყო ერთი მიეთ-მოეთი, ყველას უკვირდა. გრიგოლ ორბელიანსაც კი – „ეკატერინესგან მიკვირსო“. მალევე ყველამ ჭორებს მიათვალა ეს ამბავი, არადა, როგორც ბერტა თავის მემუარებში წერს, ეკატერინესთვის ბიარიცში მართლაც შეუთავაზებია ცოლობა ესპანეთის უშეძლებულეს დიდკაცს დიუკ დ’ოსსუნას. როგორც ბერტა იგონებს, ეკატერინემ ვერ გაბედა „ჰო“ ეთქვა… „ის უფრო თავისი შვილების მომავლისთვის ცოცხლობდა და გული საქართველოსკენ მოუწევდა“.

დავუბრუნდეთ ბერტას გათხოვების ეპოპეას… ბერტაზე ნამდვილად იყო დანიშნული პრინცი ადოლფ საინვიტგენშტეინი-ჰოჰენშტეინი. მათ დუეტი იმღერეს და ერთმანეთი შეუყვარდათ. პრინცი ამერიკაში წავიდა, უკან დაბრუნებულს ბერტაზე ჯვარი უნდა დაეწერა, მაგრამ გემზე ავად გახდა, მოკვდა და ზღვას მიაბარეს მისი გვამი. ბერტამ კი ეს ამბავი გაზეთში წაიკითხა… ბერტა პრინცებს მოეშვა. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა გათხოვილიყო? საქმროების მიმართ წაყენებული მოთხოვნები შეარბილა – პრინცობას აღარ ითხოვდა, ამჯერად აქცენტს მხოლოდ სიმდიდრეზეღა აკეთებდა. თითქოს გამოინახა კიდეც ვენაში ასეთი ფულიანი, მაგრამ არაარისტოკრატული წარმოშობის სასიძო. გადამწყვეტ მომენტში ბერტამ საქმე ჩაშალა. საქმეში უკვე ეკატერინეს სიძეც, სალომეს მეუღლე, პრინცი აშილ მიურატიც ჩაერთო და პარიზში ვიღაც მდიდარი ავსტრიელი გამოუძებნა. საქმრო პირდაპირ გაშლილი სუფრიდან გაიქცა… ბერტა დეპრესიაში ჩავარდა. დედოფალი ეკატერინეც საქართველოში დაბრუნდა და ბერტასაც სხვა გზა არ ჰქონდა, ავსტრიას მიაშურა. ავსტრიაში ბერტამ ბარონ ზუტნერის მდიდარ სახლში დაიწყო მუშაობა ბარონის 4 ქალიშვილის კომპანიონად. ბარონს 3 ვაჟიც ჰყავდა. ბარონის უმცროს ვაჟს არტურს ბერტა შეუყვარდა. შეუყვარდა ბერტასაც. ბერტამ შვებით ამოისუნთქა, ბედი მეხსნებაო. გახარებულმა დედასაც ახარა: არტურს ვუყვარვარო. დედამ კი მკაცრად მოითხოვა, არტურმა ან სასწრაფოდ მოგიყვანოს ცოლად ან მაგ სახლიდან დროზე წამოდიო. ბერტას კი არც ამჯერად სწყალობდა ბედი, უმზითვო ხომ იყო და იყო, ყველა სიკეთესთან ერთად, არტურზე 7 წლით უფროსიც გახლდათ. არტურის მშობლები ამ ქორწინების წინააღმდეგნი წავიდნენ. ბერტა ზუტნერების სახლს უნდა გასცლოდა, მაგრამ სად? ისევ დედოფალმა ეკატერინე ჭავჭავაძემ იხსნა. ბერტას ხშირი მიმოწერა ჰქონდა სამეგრელოს დედოფალთან და მიპატიჟებულიც იყო ზუგდიდში.

ბერტა და არტური ზუგდიდში წამოვიდნენ დედოფალ ეკატერინესთან და დარჩნენ კიდეც საქართველოში 9 წელიწადს…

დაიბეჭდა “პრაიმტაიმში” 

რეზო შატაკიშვილი ქართული სცენის მარადიულ დედოფალზე – ვერიკო ანჯაფარიძეზე

ქუთაისის ინტელიგენცია საღორიის ტყეში აღნიშნავდა მეოცე საუკუნის შემობრძანებას, აკაკი წერეთელმა რომ იქვე მდელოზე მორბენალი სამიოდე წლის გოგონა ხელში აიყვანა, ახალი საუკუნის კეთილ ფერიად შერაცხა და უთხრა – “შენ უნდა ასახელო ჩვენი საყვარელი სამშობლო მეოცე საკუკუნეში, კარგად დაიხსომე”.
და იმ გოგონამ მართლაც ასახელა საქართველო მეოცე საუკუნეში.
ის შესულია მეოცე საუკუნის მსოფლიოს ათ საუკეთესო მსახიობ ქალთა შორის.
იმ გოგონას დღეს აკაკის დარად მხოლოდ სახელითაც იხსენებენ – ვერიკო.
ვერიკო ანჯაფარიძე – შემოქმედი უთვალავი სასწაულის.
უკვდავი დიდოსტატი სცენაზე სიკვდილის.
ფირმა შემოინახა მისი მარიამ სტიუარტის სვლა ეშაფოტისკენ და გიჩნდება ეჭვი რომ მან კი არ გაიამეორა სტიაურტის სვლა, არამედ პირუკუ – სწორედ მარიამ სტიუარტი მიბაძავდა მისეულ სვლას…
ვერიკო ანჯაფარიძე – სასწაულმოქმედი რომელიც მაყურებელის თვალწინ ლამაზდებოდა და ავიწყებდა ასაკს…
ასე იყო სცენაზე და ასე იყო ცხოვრებაშიც.
გიგა ლორთქიფანიძე მიამბობდა, რომ ვერიკო ანჯაფარიძემ თბილისში სტუმრად მყოფი რუსი მსახიობები წვეულებაზე დაპატიჟა ფიქრის გორაზე და ულამაზესი რუსი მსახიობი ქალებისთვის რომ ღირსეული კონკურენცია გაეწია, იმ წვეულებაზე მიიწვია ულამაზესი ქალბატონები – ლიანა ასათიანი, მედეა ჯაფარიძე, დოდო ჭიჭინაძე, ლია ელიავა… თავად 60-ს გადაშორებული ვერიკო იმ საღამოს კლეოპატრას თამაშობდა თეატრში. სტუმრები შეიკრიბენენ, ულამაზეს ქალთა კოფორტა იყო წარმოდგენილი, თავად ვერიკოს აგვიანდებოდა მისვლა. მივიდა ვერიკო, ახალგრიმ მოხსნილი, გადაღლილი, დადგა თამადად და… ათიოდე წუთში ის იქცა ყველაზე ლამაზ ქალად… ყველა დაატყვევა ქალიან-კაციანად…
60-ს მიტანებულმა ითამაშა მარიამ სტიუარტი, 65 წლის იყო კოლხი მედეა რომ ითამაშა, 60-ს იყო გადაცილებული ოთარაანთ ქვრივი რომ განსახაიერა ეკრანზე და… და შეძლო ის რომ ყველა ჩვენგანის მეხსიერებაში ოთარაანთ ქვრივი დარჩა მოხუც ქალად და არა 40 წლის ქალად, როგორც ილია ჭავჭავაძეს ეწერა…
მას შეეძლო სცენაზე თუ ეკრანზე ერთი გამოხედვით თავზარი დაეცა მაყურებლისთვის, იქნებოდა ეს ოთარაანთ ქვრივში თუ “დიდოსტატის მარჯვენაში” – ფინალში არსაკიძის დედის გაელვება.
მას შეეძლო ერთი ინტონაციით, ერთი რეპლიკით “რაბინო სტყუი” ეთქვა ყველაფერი და ეთქვა ის რომ ასჯერ ბუნებრივი ინტონაცია მისეულ ინტონაციასტან ისევე ტყუოდა როგორც რაბინი “ურიელ აკოსტაში”…
ის იყო ვერიკო და დარჩება ვერიკოდ.
მან იცოდა თავის ფასი. ამბობდა რომ არც ერთი როლი არ ჩავარდნია. ამბობდა რომ შეეძლო მაშინ გამოეწვია როლისთვის საჭირო სილიერი მდგომრეობა, როცა მოუნდებოდა.
ამბობდა რომ სცენიდან გამოსვლისთანავე ისევ ვერიკო ხდებოდა, თავისი ხასიათით, ჩვევით, სახით, ხმით…
ათი წლის იყო, ნოტარიუსმა მამამ დაბადების დღეზე რომ თეატრი აჩუქა –ერთ ღამეში შინ, დიდ სადარბაზო ოთახში სცენა აუშენეს ფარდებით და დეკორაციებით, სადაც პატარა ვერიკო სპექტაკლებს დგამდა.
“ჩემს მიერ დადგმულ წარმოდგენებში ვთამაშობდი უეჭველად ბიჭს, რომელიც ამარცხებს დევს ან ვეშაპს. როცა წამოვიზარდე, უკვე ვთამაშობდი გმირებს, რომლებიც თავგანწირვით იბრძვიან და იმარჯვებენ”.
სწორედ იმ თეატრში დადგამს ვერიკო “დარისპანის გასაჭირს” და თავად ითამაშებს დარისპანის როლს…
შემდეგ ნახა ალექსანდრე იმედაშვილის ოტელო და მისი არსება სამუდამოდ შეიპყრო თეატრმა. ყოველ წარმოდგენაზე, იმედაშვილის ოტელოს სიკვდილის შემდეგ, შეძრწუნებული ვერიკო უარს ამბობდა შინ წასვლაზე, და მხოლოდ შემდეგღა მიჰყვებოდა როცა იმედაშვილს ცოცხალსა და უვნებელს აჩვენებდნენ.
ვერიკო ანჯაფარიძეს ბავშვობიდან ხიბლავდა ტრაგიკული ვითარებების წარმოდგენა. “ძილის წინ ხელებს გულზე დავიკრეფდი და წარმოვიდგენდი ვითომ მოვკვდი. სასტუმრო ოთახის კედელზე დიდი ხალიჩა გვეკიდა, მის უკან თახჩა იყო. იქ შევძვრებოდი ხოლმე, საათობით ვიჯექი სიბნელეში, რაღაც საშინელებებს წარმოვიდგენდი და როცა მართლა შემეშინდებოდა, კივილით გამოვარდებოდი. მსიამოვნებდა თუ გარშემომყოფთ ვებრალებოდი, საღამიოობით როცა ყველა შინ იყო როიალს მივუჯდებოდი, სამგლოვიარო მარშს ვუკრავდი, ვტიროდი და მინდოდა რომ სხვებსაც ეტირათ ჩემთან ერთად”.
შეშფოთებული მშობლები ვერიკოს ამგვარი განწყობილებების მიზეზს ეძებდნენ. მერეღა გამოტყდა ვერიკო, რადგან ულამაზო ვიყავი თავს აყვანილ შვილად ვთვლიდიო…
1916 წელს 18 წლის ვერიკო მოსკოვში მიდის. ლადო მესხიშვილის ქალიშვილს ვარიას იგი მცირე თეატრის მსახიობ აიდაროვის სკოლაში მიჰყავს.
მისი წაკითხული ლექსი უმალ დაატყვევებს სუმბათაშვილ-იუჟინს, რომელიც ეტყვის “სკოლა? იგი თქვენ არაფერს მოგცემთ, მოდით ერთად გავაკეთოთ “ნორა” ან “ტენტაჟილის სიკვდილი”…
“რისთვის სწავლობთ? მსხაიობობას სკოლაში ვერავინ ისწავლის” – ეს სიტყვები კი ვერიკოს თვით მიხეილ ჩეხოვმა უთხრა, როდესაც ვერიკო თავის კლასელებთან ერთად მოსკოვის სამხატვრო თეატრში “მეთორმეტე ღამის” რეპეტიციებს ესწრებოდა.
მას მერე ვერიკოს სამხატვრო თეატრის პირველი სტუდიის არც ერთი სპექტაკლი არ გამოუტოვებია. სწორედ მაშინ მოიხიბლა ილარიონ პევცოვით და როცა გაიგო რომ პევცოვი ჯგუფს იყვანდა, გადაწყვიტა მიეტოვებინა აიდაროვის სტუდია და პევცოვის სტუდიაში ჩააბარა. ჩაირიცხა. მაგრამ აიდაროვის სტუდიის მიტოვება არც მოუწია – თვით აიდაროვმა მიიწვია პევცოვი თავის სტუდიაში ვერიკოს ჯგუფის პედაგოგად.
პევცოვმა ჯგუფის წლიური გამოცდის ნახვა მოითხოვა.
გამოცდაზე ვერიკოს და მის თანაკურსელს პედაგოგის დადგმული აივნის სცენა უნდა წარმოედგინათ “რომეო და ჯულიეტადან”. ვერიკოს არ მოსწოდა პედაგოგის დადგმული სცენა, ვერიკომ “რომეოც” აიყოლია რომ გამოცდაზე არა პედაგოგის, არამედ ვერიკოს ვარიანტი ეჩვენებინათ.
ვერიკოს ვარიანტში ჯულიეტა ხალიჩაზე დიდ თოჯინას უმჟღავნებდა სიყვარულს, რომეოს მოულოდნელად გამოჩენისას კი ამ თოჯინას იფარებდა სახეზე და იქმნებოდა შთაბეჭდილება რომ რომეოს პასუხს ჯულიეტა კი არა თოჯინა აძლევდა…
მაგრამ გამოცდაზე როცა პედაგოგმა აივნის ნაცვლად ხალიჩა და თოჯინა დაინახა, განირისხებულმა ფარდის დახურვა ბრძანა., მაგრამ პევცოვმა მოითხოვა ენახვებინათ ნამუშევარი…
იქვე მოსკოვშივე იჩინა თავი ვერიკოს ხასიათმა – მას არ შეეძლო მორჩილება…
ვერიკო მოსკოვში შეხვდა რევოლუციას. საქართველოში 1918 წელს დაბრუნდა.
სწორედ იმ წელს დაბრუნდა საფრანგეთიდან ანტუანის მოწაფე გიორგი ჯაბადარი. ჯაბადარმა დაარსა სტუდია. მეცადინეობები საგარეჯოში მიმდიანრეობდა. სტუდიას მალე ვერიკო ანჯაფარიძეც შეუერთდა.
“მოდიოდა ქალი დიდი ნაბიჯით. ეცვა აბრეშუმის გრძელი კაბა… არაჩვეულებრივად მაღალი ყელი. ვერ გაიგებდი თვალებით ვის უყურებდა, ოდნავ მოზრდილი ცხვირი, უწესრიგოდ, ფაფარივით გადმოყრილი თმა, ყველას მოგვესალმა და მომეჩვენა რომ რომ განსაკუთრებული ყურდღებით მე შემომხედა. მე მას პირველად ვხედავდი… და ვხედავდი მხოლოდ მას!… ეზოში მწვანეზე ჩამოვსხედით ყველა. მოხდა ისე რომ ვერიკო ჩემთან ახლოს დაჯდა. რა ბედნიერებაა!.. ბედნიერებას განვიცდიდი და არ მესმოდა, რას ნიშნავდა ეს… ჯაბადარმა ახალგაზრდა მსახიობ ქალს სთხოვა რაიმე წაეკითხა. ვერიკომ სასტიკი უარი განაცხადა, სთხოვდნენ ჩვენი მსახიობებიც. “ვთხოვ იქნებ დამიჯეროს” – გავიფიქრე და თითქმის ჩურჩულით ვთქვი: მეც ძალიან გეხვეწებით მეთქი, მან ერთი შემომხედა და დაუყოვნებლივ დაიწყო… რატომ დაიწყო მაინცდამაინც მაშინ, როცა მე ვთხოვე? არ ვიცი…
საოცარი მუსიკალური ხმა გაისმა. ეს იყო ძლიერი ექსპრესიით, იდუმალებით წაკითხული ლექსი. ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, მეჩვენებოდა რომ ეს ყველაფერი ჩემთვის იყო!.. ვატყუებდი ჩემს თავს. რატომ? რატომ? რა ახლოს იყო მისი ხელი დაბლა ხალიჩაზე. ვეღარაფერს ვგრძნობდი… მე ტაში არ დავუკარი, დავიხარე და ხელზე ვაკოცე…”
– ასე იხსენებდა ვერიკოსთან პირველ შეხვედრას მიხეილ ჭიაურელი…
მათ შორის გაიბა დიდი გრძნობის ძაფები…
ვერიკო ანჯაფარიძე სცენაზე პირველი გამოჩენისთანავე აღიარეს…
და აი, ვერიკო ანჯაფარიძე ცოლად მისდევს არა მიხეილ ჭიაურელს, არამედ _ სახელოვან შალვა ამირეჯიბს, გამოჩენილ პოლიტიკურ მოღვაწეს, ეროვნულ-დემოკრატს, პოეტსა და ჟურანლისტს, ნამდვილ ვაჟკაცს.
ჯერ კიდევ წმინდა ნინოს სასწავლებელში სწავლობდა შალვა ამირეჯიბს რომ იცნობდა. სწორედ შალვა ამნირეჯიბის მეშვეობით დაუახლოვდა იგი ცისფერყანწელებს. შალვა მასზე 11 წლით უფროსი იყო…
ვერიკო ანჯაფარიძემ და შალვა ამირეჯიბმა ჯვარი ქვიშხეთში, პატარა ეკლესიაში დაიწერეს. ეკლესიიიდან გამოსულ პატარძალს გული შეუღონდა… მას უკვე მიხეილ ჭიაურელი უყვარდა, მიხეილ ჭიაურელი უკვე ცოლ-შვილიანი იყო იმ დროს…
ამბობენ რომ მამამ სთხოვა ვერიკოს სიკვდილის წინ – ცოლად გაჰყოლოდა შალვა ამირეჯიბს. ალბათ ვერიკოც ფიქრობდა რომ სხვისი ცოლი თუ გახდებოდა, უფრო დაიმორჩილებდა საკუთარ გულს…
მათ ქალიშვილიც შეეძინათ, მაგრამ მალევე გარდაეცვალათ.
“ამბობენ რომ ჯერ ბავშვი ხარ,
არ შემრჩები დიდხანს ცოლად.
მე არ მინდა დავიჯერო,
ნათქვამია ჭორის ტოლად” – ვკითხულობთ შალვა ამირეჯიბის მიერ ვერიკოსთვის მიძღვნილ ლექსში.
ის რისი დაჯერებაც არ სურდა ამირეჯიბს, მალე დასაჯერებელი გახდა _ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.
მაგრამ ამირეჯიბს ის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე უყვარდა. ემიგრაციაში წასულსასც არ შეურთავს ცოლი…
“თქვენ სიყვარულზე მითხარით “არა”
და მომიხურეთ გულის კარები,
მაგრამ მე მაინც ტკბილ არმაღანად
მოგართვით ლურჯი მინანქარები” – წერდა შალვა ამირეჯიბი…
ვერიკო ცოლად გაჰყვა მიხეილ ჭიაურელს…
კოტე მარჯანიშვილი რომ საქართველოში ჩამოვიდა ის მიხეილ ჭიაურელთან ერთად იყო გერმანიაში, სადაც მიხეილ ჭიაურელი ქანდაკების ხელოევნებას ეუფლებოდა.
ვერიკო რომ თბილისში დაბრუნდა, მარჯანიშვილს უკვე დადგმული ჰქონდა “ცხვრის წყარო”. უკვე გაისმოდა ხმები მარჯანიშვილის დიქტატურაზე და აი, ვერიკო მიდის რუსთაველის თეატრში მარჯანიშვილთან შესახვედრად.
თამამად შედის მასთან და სვამს კითხვას “მიმიღებთ უკან?”
მარჯანიშვილი ეტყვის რომ მასზე ზღაპრებს ჰყვებიან, რომ ვალდებულია დააბრუნოს. ვერიკო იგრძნობს რა ირონიას მიახლის პირში:
“თქვენს შესახებაც ჰყვებიან”!
მარჯანიშვილი დაინტრიგდება – “რას ჰყვებიან?”
ვერიკო მიახლის – რომ თქვენ დიდქტატორი ხართ, თრგუნავთ მსახიობს!
მარჯანიშვილი განრისხდება – გაეთრიეთ აქედან!
მაგრამ მალე თავად მარჯანიშვილის ინიციატვით შერიგდებიან და სწორედ ვერიკო მოგვევლინება მისი თეატრის პრიმად – ოფელიად, ივდითად…
ვერიკო იყო ქართული სცენის დედოფალი და იქცა მარადიულ დედოფლად. მაგრამ დედოფლებსაც მისდევთ ოცნებანი იმ ქვეყნად…
მას გული წყდებოდა რომ ვერ ითამაშა ჯულიეტა, ჰედა გაბლერი, ლედი მაკბეტი…

%d bloggers like this: