Tag Archives: “ჭინჭრაქა”

ზინა კვერენჩხილაძე  – ქართული თეატრის № 1 და… ბოლო ტრაგიკოსი…

ნარკვევი დაიბეჭდა წლის გამოცემაში “სახე(ლ)ები”, ზინა კვერენჩხილაძის გარდაცველების შემდეგ…

საქართველოს  აღარ ჰყავს თავზარდამცემი არტისტი – ჭაშმარიტი ტრაგიკოსი, სახელად  – ზინა კვერენჩხილაძე.

ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, ჩემს შეგრძნებებში რომ შემოვიდა თავისი უძლიერესი ხმით  – თავზარდამცემი ხმით. დღემდე ცოცხლობს ის შეგრძნება – მახსოვს როგორ მბურძგლავდა, აღმაფრთოვანებდა… დღესაც მაჟრჟოლებს, როდესაც მახსენდება, 9 აპრილის შემდეგ, ძაძით მოსილი, როგორ დასტიროდა სიონის საკათედრო ტაძრიდან რუსი სალდათების აჩეხილ გოგო-ბიჭებს, როგორ სწყევლიდა ყველა ქართველი დედის მაგიერ იმ რუსის სალდათებს…

დეევი სტურუამ „დილის გაზეთში“ ნინო კასრაძის პორტრეტული ნარკვევი გამოაქვეყნა სათაურით „ლედი მაკბეტი მარშუტკაში“. სადაც აღწერდა თუ როგორ გაიცნო ნინო კასრაძე „მარშრუტკაში“. სწორედ იმ პერიოდში კი, ერთ გვიან საღამოს თითქმის ცარიელი „მარშრუტკით“ ვბრუნდებოდი რედაქციაში – მძღოლის გარდა, სულ სამნი ვისხედით. თუმცა რანაირად ეთქმოდა ცარიელი, როცა იქ ერთ-ერთი იყო ზინა კვერენჩხილაძე -ანუ ანტიგონე, ფედრა, მედეა, კლეოპატრა, იოკასტე, ქეთევან დედოფალი, ზეინაბი – ტრაგიკული პოეზიის ყველა მუზას იქ მოეყარა თავი… „ანტიგონე მარშრუტკაში“… ჩასვლისას მზავრობის თანხა გადავუხადე. დაიბნა, ძალიან თბილად მკითხა, „ვინ ხარ შვილო?“. „თქვენი მაყურებელი“… ვუთხარი და ჩავედი, არ გავუმხილე, ის ჟურნალისტი რომ ვიყავი, არაერთხელ რომ დაურეკავს მასათან ინტერვიუსთვის. არ გავუმხილე, არ მინდოდა კონკრეტული პირი ვყოფილიყავი, მინდოდა ისეთივე კრებითი სახე ვყოფილიყავი მადლიერი მაყურებლის, როგორც თავად იყო სახე ქართული თეატრის.

მას არ უყვარდა ინტერვიუები. იმიტომ არა, რომ სათქმელი არ ჰქონდა როდესმე. პირიქით ის სათქმელის გარეშე არასოდეს გამოსულა არც სცენაზე და არც საკონცერტო დარბაზებში. სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის ამბობდა სათქმელსაც და გვიამბობდა თავის თავზეც და ვინ იცის იქნებ სწორედ ამიტომაც არ უყვარდა ინტერვიუები? მართლაც და რა საჭიროა გაზეთის თუ ტელვიზიის მეშვეობით ელაპარაკო ხალხს, როცა შეგიძლია უფრო მაღალ ხარისხში და უშუალოდ ესაუბრო მას?

ესაუბრო და ააღელვო, აღტაცებაში მოიყვანო, თავბრუ დაახვიო, წალეკო ვნების ნიაღვარით, მგზნებარე არტისტიზმით, ზეაწეული ტრაგიზმით და კათარზისს აზიარო. ეს მხოლოდ ერთეულების ხვედრი იყო.

ეს იყო ხვედრი ზინა კვერენჩხილაძის.

ის ყოველთვის იყო თეატრის ნამდვილი ვარსკვლავი. დიახ თეატრის ვარსკვლავი და გავარსკვლავებაში მას არ დახმარებია კინემატოგრაფი. აკი იტყვის კიდეც გოგი გვახარია, რომ ქართველმა კინემატოგრაფისტებმა ჯეროვნად არ დააფასეს ზინა კვერენჩხილაძის ნიჭი. ზინა კვერენჩხილაძე სულ 9 ფილმშია გადაღებული… 33 წლამდე კინოს არც გახსენებია ზინა კვერენჩხილაძე, არადა მისი ვარსკვლავი უკვე ელვარებდა – განსახიერებული ჰქონდა ლელა „ბახტრიონში“, ტურა „ჭინჭრაქაში“… 33 წლის იყო ელდარ შენგელაიამ რომ გადაიღო ფილმში „მიქელა“…

იმ ცხრა ფილმიდან, სადაც ზინა კვერენჩხილაძე გადაიღეს, ბევრი საერთოდ ჩაბარდა დავიწყებას, კინოგურმანებს ემახსოვრებათ ზინა კვერენჩხილაძის კინოგმირები ალექსანდრე რეხვიაშვილის ფილმებიდან „გზა შინისაკენ“, „მიახლოება“, ფართო მაყურებელს კი მისი გულქანი „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობიდან“ და მის მიერ განსახიერებული მონაზონი ეფემია „დათა თუთაშხიადან“…

გამოხდება ხანი და… ზინა კვერენჩხილაძეს მცხეთის დედათა მონასტრის ეზოში დაკრძალავენ – ზინა კვერენჩხილაძე ცხოვრების ბოლო პერიოდში

დიდ დროს სწორედ მცხეთის წმინდა ნინოს სამთავროს დედათა მონასტერში ატარებდა, იქ მიუწევდა გული, როცა კი თავისუფალი იყო თეატრში.

ზინა კვერენჩხილაძე – არტისტი, რომელსაც არავისი ნიშა არ დაუკავებია. მას ეკავა ნიშა, რომელიც იყო მხოლოდ მისი და ალბათ ვერც ვეღარვინ დაიკავებს.

ზინა კვერენჩხილაძის ადგილს ხელოვნებაში, კარგად განსაზღვრავს მიხეილ თუმანიშვილის შეფასება:

„მსახიობი ორი ტიპის არსებობს: ერთნი თავისი გმირის მკვეთრი, ზუსტი სახასიათო თვისებების მეშვეობით გარდაისახებიან – საკუთარი გარეგნობისა და ქცევის გარეგნული ფორმების მეშვეობით. ასეთ მსახიობებებს, ჩვეულებრივ „სახასიათოს“ უწოდებენ. მეორე ტიპის მსახიობი მხატვრულ სახედ გარდაისახება შინაგანად, გარეგნულად კი ნაკლებად იცვლება. გარეგნული ცვლილებები მათ მიერ ხორციელდება პრინციპით „სულ ოდნავ“, ეს კი მსახიობის მხატვრულ სახედ გარდასახვის უმაღლესი დონეა. მსახიობის ორივე ტიპს აქვს არსებობის უფლება, მაგრამ მეორე ტიპი მხატვრული თვალსაზრისით ხელოვნების უფრო მაღალ საფეხურზე წარმოგვიდგება. პირველ ტიპს მიეკუთვნება: ეროსი მანჯგალაძე, გოგი გეგეჭკორი, კარლო საკანდელიძე, რამაზ ჩხიკვაძე, მურმან ჯინორია…

მეორე ტიპს მიეკუთვნება: ვერიკო ანჯაფარიძე, ზინა კვერენჩხილაძე, ელენე ვაიგელი…“

დაიბადა თბილისში, 1932 წლის 25 აგვისტოს.

მსახიობობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. პიონერთა სასახლეშიც დადიოდა მხატვრული კითხვის წრეზე – სერგო ზაქარიაძესთან. რა იცოდა სერგო ზაქარიაძემ რომ გვერდით მომავალი პარტნიორი ედგა. რა იცოდა რომ გამოხდებოდა ხანი და პატარა ზინა მისგან მიიღებდა ესტაფეტას და ისიც პედაგოგის მსაგავსად მხატვრული კითხვის უბრალოდ ოსტატი კი არა, დიდოსტატი გახდებოდა.

ოცნებობდა ზინაიდა თეატრზე, უყვარდა თეატრი და… ფარიკაობა. იქნებ ყველასთვის ცნობილი არცაა, რომ ქალბატონი ზინა ოდესღაც საქართველოს ჩემპიონიც იყო ფარიკაობაში… ჩემპიონი იყო ორგზის…

არ ვიცი მითია თუ სინამდვილე, ის რასაც ჰყვებიან – თუ როგორ ბრუნდებოდა ფარიკაობიდან შინ მთლად ნორჩი ზინა, როგორ დახვდნენ ბელინსკის აღმართზე ჯიბგირები… და როგორ არბენინა დაშნაშემართულმა ზინამ ეს ჯიბგირები აღმართ-დაღმართ…

აი, მის შემოქმედებით კარიერაში კი ჯერ იყო დაღმართი და შემდეგ დიდი აღმართი… მისი კარიერა სხვაგვარად აეწყო. უყვარდა თეატრი, მაგრამ სკოლის დამთავრების შემდეგ „გეპეის“ მიაშურა. გამოცდებიც ჩააბარა, მაგრამ მოულოდნელად საბუთბი გამოიტანა და თეატრალურ ინსტიტიტში სცადა ბედი. ჩარიცხეს, მაგრამ ის არ ბრწყინავდა თეატრალურ ინსტიტუტში. ვერაფერი შექმნა საკურსოებსა თუ სადიპლომოში ღირებული. მიუხაედავად ამისა, მიხეილ თუმანიშვილმა ის რუსთაველის თეატრში წაიყვანა. ალბათ სადღაც შორეულ ჰორიზონტზე შეიცნო თავის ანტიგონე… ჩარიცხეს დასში, თუმანიშვილმა დააკავა „ფილოსოფიის დოქტორში“. მაგრამ არც იქ გაუბრწყინია ზინა კვერენჩხილაძეს. არც გაბესკირიას „გურიის მთები დაუთოვია“-ს დაუთოვია მისთვის წარმატება და არც მისი განსახიერებული ანგელა გამხდარა აღტაცების საგანი.

ჯემალ კასრაძის ფოტოები

ვარსკვლავი სახელად „ზინა კვერენჩხილაძე“ ნახევარი საუკუნის წინ ამობრწყინდა.

დოდო ალექსიძე „ბახტრიონს“ დგამდა, ლელას როლი დამწყებ ზინა კვერენჩხილაძეს მიანდო. ჯერ კიდევ რეპეტიციების დროს იუწყებოდა და ტრაბახობდა ალექსიძე რომ ქართული თეატრის ჭეშმარიტი ვარსკლავი აღმოაჩინა. დოდო ალექსიძის აღტაცებას სკეპტიკურად უყურებდნენ და ელოდნენ პრემიერას.

ყველა შოკში ჩააგდო ზინა კვერენჩხილაძის დრამატიზმმა. სკეპტიკოსებიც… თეატრალური თბილისი სენსაციის მოწმე გახდა.

მაშინ პირველად გაიარა ზინა კვერენჩხილაძემ იმ ბეწვის ხიდზე, რომელიც გადის ჭეშმარიტ ტრაგიკულს, ზეაწეულს და ყალბ პათოსს შორის. მას მერე ბევრჯერ გაუვლია იმ ბეწვის ხიდზე და არც ერთხელ არ უმტყუნია ზომიერებას.

„ყოფითობის და ზეაწეულობის, უბრალოებისა და პათოსის ასეთ სინთეზს ქართული თეატრის მსახიობები იშვიათად აღწევდნენ“  –დაწერს გოგი გვახარია და განავრცობს: „ემოციებს იგი არასოდეს მალავდა. სიყალბის არ ეშინოდა რადგანაც ამაღლებული სტილი ბუნებრივი იყო მისთვის. სიყალბე სწორედ ის იქნებოდა, ასეთი ტემპერამენტის მსახიობი ყოფითობის ტყვე რომ გამხდარიყო… შეუძლებელია მაყურებელი სიყალბეს გაეღიზიანებინა, როცა ხედავდა რომ მსახიობი სცენაზე გმირის ცხოვრებით ცხოვრებას იწყებდა, შეუძლებელია მაყურებელი თავად არ გამხდარიყო გმირის ტრაგედიის თანამონაწილე. შეიძლება ითქვას, რომ ზინა კვერენჩხილაძემ ტრაგედიის ჟანრის რეაბილიტაცია მოახერხა ეპოქაში, როცა ტრაგიკულის მიმართ უნდობლობა მთელ საზოგადოებას, კულტურას დაეტყო“.

ზინა კვერენჩხილაძის ლელამ სენსაცია მოახდინა, მაგრამ თავად ზინა კვერენჩხილაძე თვლის, რომ მისი როგორც მსახიობის დაბადება მიხეილ თუმანიშვილის მიერ დადგმულ „ანტიგონეში“ მოხდა.

„როცა 1968 წელს მიხეილ თუმანიშვილმა მითხრა, ანტიგონე უნდა ითამაშოო, მე იმდენად ვიყავი მაშინ საკუთარი სატკივარით შეპყრობილი, რომ არათუ სიხარული, უბრალო კმაყოფილებაც კი არ გამომითქვამს. ბატონმა მიშამ, ვითარცა ბრძენმა, ისე შეაფასა ერთი შეხედვით ეს გულგრილი გამომეტყველება ჩემი, ოდნავ დაყოვნდა და შემდეგ ისევ განაგრძო საუბარი პიესის ღირსებაზე, მის ავტორზე ჟან ანუიზე და, რაც მთავარია თვით ანტიგონეს მნიშვნელობაზე. გაკვირვებული შევცქეროდი და ვფიქრობდი: ნეტავ, რას უნდა ნიშნავდეს ყოველივე ეს? გავიდა დრო და, მერეღა მივხვდი თუ რასაც ნიშნავდა: ის შინაგანი მდგომარეობა ჩემი, ის ფსიქოლოგიური მომენტი იყო მისთვის მთავარი და არსებითი მე რომ მაშინ მაწვალებდა და მტაჯავდა… და სწორედ ეს არ უნდოდა თურმე დაეკარგა ბატონ მიშას. ის დიდი სულიერი ტკივილი, მთლიანად რომ დაეუფლა იმხანად ჩემს არსებას, ყველაფერთან ერთად ფიზიკურ ტკივილსაც მაყენებდა და ამის გამო, მართლა ავად ვიყავი. ბატონმა მიშამ ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა, მაგრამ არ დამინდო და რეპეტიცია მაინც დანიშნა. მივედი… ასე დაიწყო ჩვენი ერთობლივი შემოქმედების ის ბედნიერი და განუმეორებელი დღეები, მთელ ჩემს შემოქმედებით ცხოვრებას ნათელ სხივად რომ გამოჰყვა.“ – წერდა ზინა კვერენჩხილაძე თავის წიგნში „ჩემი ანტიგონე“. ეს წიგნი კი მართლაც რომ უნიკალურია – მოდით ვთქვათ სიმართლე, არც ერთ ქართველ მსახიობს დღემდე შთამომავლობისთვის არ დაუტოვებია ასეთი ღრმა, ყოველმხრივი ანალიზი მის მიერ განსახიერებული ერთი როლისა. ზინა კვერენჩხილაძე ძარღვიანი ქართულით მოგვითხრობს მთელ იმ პერიპეტიებს, რაც ახლდა შედევრის დაბადებას.

ნოდარ გურაბანიძე: „ზინა კვერენჩხილაძის ანტიგონე მისი ერთ-ერთი სრულყოფილი ქმნილება იყო. აქ გამოავლინა მან თავისი აქტიორული ბუნების მრავალფეროვნება, უმძაფრესი განცდის უნარი, ტემპერამენტი, სცენაზე „ბრძოლის“ იშვიათი ნიჭი, როცა ამ დაპირისპირებაში თანაბარი ძალითაა ამოქმედებული ემოციურობისა და ინტელექტუალობის მთელი შესაძლებლობანი. მაყურებელთა თვალწინ იგი, პატარა, ველური ანტიგონე გარდაიქმნებოდა თავის სიმართლეში დარწმუნებულ დიდ ანტიგონედ და ორივე შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ ქალს, რომელსაც სულის ფიბრებამდე შეუძლია სიყვარული, ბუნების მშვენიერების განცდა, ქალს, რომლისთვისაც უცხო არ არის შიში, მოულოდნელად შეუძლია მთელი თავისი გრძნობების გადაქცევა სულისშემძვრელ აღსარებად. კრეონთან უმძიმეს კამათამდე, რამდენიმე ეპიზოდში მსახიობი ისეთი გულწრფელი ლირიზმით ავსებდა ყოველ ფრაზას, რომ ტკივილით გული გვეკუმშებოდა… ზინა კვერენჩხილაძის ანტიგონე იყო გაშიშვლებული ნერვი, თავად მძვინვარება, ფანატიზმამდე მისული მოვალეობების, გრძნობისა და დაუოკებელი ტემპერამენტის განსახიერება. იგი საშიში იყო თავისი ვნებების გამოვლენისას, რადგან ყველაფრის წამლეკავ ძალას შეიცავდა“…

აგერ უკვე 40 წელიწადზე მეტი გავიდა „ანტიგონედან“, მაგრამ ვინც ნახა ეს სპექტაკლი, მისი მეხსიერებიდან არ ამოშლილა კრეონ-ზაქარიაძისა და ანტიგონე-კვერენჩხილაძის ბრძოლის სცენა, რომელსაც აგვირგვინებდა სკამების მოქნევა-დანარცხება. დღესაც ახსოვთ რა ძალით ახეთქებდა კრეონს შეჭიდებული სუსტი ანტიგონე ვეება სკამებს იატაკზე…

„კრეონისა და ანტიგონეს თითქმის 40 წუთიანი დიალოგი ნამდვილი ბრძოლა იყო. რაც უფრო აქტიური ხდებოდა კრეონი – ზაქარიაძე, მით უფრო დაუთმობელი, ჯიუტი-ანტიგონე-კვერენჩხილაძე. სპექტაკლის შემდეგ გაწამებულ, ქანცგაწყვეტილ, თითქმის რამდენიმე კილოდაკლებულ, ჯერ კიდევ სულმოუთქმელ სერგოს რამდენჯერმე უთქვამს: „ზინა დღეს სწორად თამაშობდა. იგი ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა, ნადირის ლეკვივით მაფრინდებოდა! რა შესანიშნავი შეგრძნებაა!“…

… არაჩვეულებრივად საინტერესოდ მუშაობდნენ ამ სპექტაკლში სერგო ზაქარიაძე და ზინა კვერენჩხილაძე. ისინი თავიანთ ორმოცწუთიან ორთაბრძოლას ყოველთვის სხვადასხვანაირად თამაშობდნენ, ერთმანეთისგან გამომდინარე განიცდიდნენ და მოქმედებდნენ. მრავალგზის რეპეტირებული სცენები მხოლოდ კონტურებს წარმოადგენდა, რომელთა წიაღ ზინა და სერგო, შემოქმედებითი შეჯიბრით გატაცებულნი, მთლიანად ეძლეოდნენ ბრძოლის სტიქიას, იფერფლებოდნენ, ქმნიდნენ განუმეორებელ, ერთჯერად ეგზემპლარად არსებულ ხელოვნებას. გეჩვენებოდათ რომ ისინი მხოლოდ ერთმანეთით იყვნენ შეპყრობილნი, ისე ზემგძნობიარედ, თითქმის ავადმყოფურობამდე მისული სიფხიზლით ეკიდებოდნენ ერთმანეტში უმცირეს ცვლილებებსაც კი. მთელი სპექტაკლის იდეური აზრით განათებული ასეთი პარტნიორობა სხვა დროს მეტად არ მინახავს“ – წერდა მაესტრო თუმანიშვილი.

„ანტიგონე“ მართლაც მწვერვალი იყო ზინა კვერენჩხილაძის შემოქმედების. ამ მწვერვალამდე უმნიშვნელო სეზონები, შემდეგ სენსაცია სახელად ლელა („ბახტრიონში“), შემდეგ მისი ბიოგრაფიისთვის კვლავ ნაკლებ მნიშვნელოვანი რამდენიმე სეზონი და ისევ წარმატება, ამჯერად სრულიად სხვა ამპლუაში – ზინა კვერენჩხილაძე ტურად მოევლიანა მაყურებელს დაუვიწყარ „ჭინჭრაქაში“.

„ჭინჭრაქა“– ეს ლამის უკვე ნახევარსაუკუნოვანი ლეგენდა, დღესაც ახსოვს მაყურებელს. ინტერნეტის წყალობით, მის მოზრდილ ფრაგმენტებს ახალგაზრდა თაობაც სიამოვნებით უყურებს.

ვუყურებთ და ჩვენს წინაშეა – გაძვალტყავებული, ქუდჩამოფხატული, მუდამ მშიერი, დამფრთხალი ქალი. დიახ ქალი, რომელიც მოგვაგონებს ტურას. უფროს თაობებს დღესაც ახსოვთ, როგორ კიოდა ზინას ტურა „ჭინჭრაქაში“. მოდი და ამის მერე თქვი წარმავალიაო თეატრი…

არც მისი სხვა წარმატებული როლები დავიწყნია მაყურებელს. უფროს თაობას დღემდე ახსოვს მისი ელიზაბეტ პროქტორიც სტურუასეულ „სეილემის პროცესში“. სწორედ „სეილემის პროცესში“ ჩაეყარა საფუძველი მისსა და ედიშერ მაღალაშვილის ტანდემს. სწორედ ედიშერ მაღალაშვილმა შეცვალა აღდგენილ „ანტიგონეში“ სერგო ზაქარიაძე.

თუმანიშვილის „ანტიგონეში“ მართლაც და ლამის ცას ასწვდა ზინა კვერენჩხილაძის ტრაგიზმი… მაგრამ შედევრს დიდი დღე არ ეწერა – მალევე გარდაიცვალა სერგო ზაქარიაძე…

„ვეთხოვებოდი ბატონ სერგოს, გზას ვულოცავდი და თან ვაყოლებდი ჩემს ანტიგონეს, რადგან ერთიმეორის გარეშე ისინი ვეღარ იარსებობდნენ. გამოვეთხოვე ორივეს და წავიდნენ, გაქრნენ… ვითარცა ჭაღარა ღრუბლები მთათა მწვერვალებიდან… გაიარა დრო, მაგრამ მონატრება არა და არ განელდა. ისინი მაინც ჩემთან იყვნენ. ხშირად ვუხმობდი, ველაპარაკებოდი და წარმოსახვაში სპექტაკლს ვთამაშობდი კიდეც“ – წერს ზინა კვერენჩხილაძე წიგნში „ჩემი ანტიგონე“.

ერთ დღეს კი მაესტრო თუმანიშვილი თავს დაადგება ჩაფიქრებულ მსახიობ ქალს: „გინდა დავაბრუნოთ მათი სულები? ბატონი სერგოსი და ანტიგონესი?“

თუმანიშვილის გადაწყვეტილებით სერგო ზაქარიაძის მაგიერ სპექტაკლში ედიშერ მაღალაშვილი შევა. სპექტაკლი აღსდგა, მაგრამ…

„ვაი, რომ ამ სპექტაკლსაც არ ეწერა თურმე დიდი დღე. რატომ? იმიტომ რომ ვიღაცას ხელს უშლიდა, უშლიდა, უშლიდა, რადგან მასში საკუთარ თავს ხედავდა, საკუთარ ზრახვევბს და სურვილებს ახსენებდა, არ უნდოდა, რომ ერთ ყალიბში მოქცეულ და გუბედქცეულ მის აზროვნებას დაპირისპირებოდა საღი გონების, ნათელი სულის სიცოცხლისადმი ტრფიალი, არ უნდოდათ, იმიტომ რომ ბევრის ცხოვრებაში შეიჭრა ანტიგონე თავისი უშუალობით და მოქალაქეობრივი პოზიციით, ჩაახედა საკუთარ სულში და დაურღვია მათ მყუდროება, გააღიზიანა და თავის საწინააღდეგოდ განაწყო, ამიტომ დაისაჯა ანტიგონე, ამიტომ და ამავე მიზეზით ვერ აიტანეს, დასაჯეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს ჩემს „ანტიგონესაც“. მერე როგორ მდაბლად, მზაკვრულად, ერთიანი ძალით ფარული კენჭისყრით სპექტაკლი მოხსნეს – მოკლეს!“ – წერდა ზინა კვერენჩხილაძე.

ანტიგონეს ფედრა მოჰყვა, ფედრას მედეა… იყო სამშობლოდან გადახვეწილი ქართველი დედოფალი ზეინაბი სტურუასეულ „ღალატში“, ქეთევან წამებული, იოკასტე ჩხეიძისეულ „ოიდიპოს მეფეში“, იყო კლეოპატრა და არაერთი ტრაგიკული გმირი… დედა (ლორკას „სისხლიან ქორწილი“), პორცია (შექსპირის „იულიუს კეისარი“), აბი (იუჯი ო’ნილის „სიყვარული თელებქვეშ“)… ის თამაშობდა სპექტაკლში „ვთამაშობთ ჯინს“ და თავის გმირზე ამბობდა „ეს მე ვარ“… მანამდე კი, 1983 წელს განასახიერა ემილი დიკენსონი „ამჰერსტის მშვენებაში“ – ზინა კვერენჩხილაძე მარტო წარსდგა მაყურებლის წინ. იყო ტრიუმფი. შეიძოლება თამამად ითქვას, ეს იყო პირველი წარმატებული მონოსპექტაკლი რუსთაველის თეატრში, საერთოდ ქართულ თეატრში.

(1952 წელს აკაკი ვასაძემ ითამაშა თუმანიშვილის მიერ დადგმულ გოგოლის „შეშლილის წერილებში“, მაგრამ იმ მონოსპექტაკლმა ვერ მოიკიდა ფეხი რეპერტუარში…).

ზინა კვერენჩხილაძე ფლობს მდიდარ აქტიორულ პალიტრას, მაგრამ მისი სამყარო უფრო ძლიერი ვნებების ადამიანებით არის დასახლებული. ქარიშხალი ტრიალებს მის პლასტიკურ ჟესტსა და მოძრაობაში. ყველაფერი ფეთქავს, ბობოქრობს, მძვინვარებს, ყველაფერს მოიცავს შემოქმედებით შეშთაგონებული არტისტული ვნება. გეგონებათ თითქოს ყველაფერი შიგნიდან იწვის, რომ უფრო მძლავრად განათდეს სულის ყოველი კუნჭული, ყოველი სფერო მიუხილველი და შეუღწეველი სიღმეები სულის უსკრულისა… ზინა კვერენჩხილაძემ გაიტავისა ბედი ტრაგიკულ გმირთა და ბევჯერ ჩაგვახედა მათი სულის უფსკურლებში… ზინა კვერენჩხილაძე მაყურებლისთვის იტანჯება სცენაზე. მისი გმირების ეს ტანჯვა განწმენდს მაყურებლის სულს… იგი ტრაგიკული ნიჭის მსახიობია. ასეთი ნიჭი იშვიათი და გამონაკლისია. ქართული თეატრის მთელ ისტორიაში სანთლით საძებარია იგი. ათეული წლები უნდა გავიდეს, რომ ზინა კვერენჩხილაძისებური ერთი მსახიობი დაიბადოს, თუმცა ერთიც სხვა იქნება, რაკი არც ერთი ნაღდი შემოქმედი არ მეორდება“ – წერს ვასილ კიკნაძე.

ის გვახედებდა განსახიერებულ გმირთა სულებში და სწორედ ამ დროს გვახედებდა კიდეც თავის სულის ლაბირინთებში.

„ასეთი მსახიობისთვის სცენა – ცხოვრებაა და ცხოვრება – სცენა. და ბა რატომ უნდა ითამაშოს სხვა როლი, რატომ უნდა უღალატოს საკუთარ თავს. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ზინა კვერენჩხილაძის ნიჭი, თავის დროზე ჯეროვნად არ დააფასეს ქართველმა კინემატოგრაფისტებმა. არა და, სწორედ მსახიობი – პიროვნების თუ მსახიობი – მოქალაქის დეფიციტს განიცდიდა ყოველთვის ქართული კინო. თუმცა რატომ მხოლოდ კინო. მთლიანად ქართული საზოგადოება“ (გოგი გვახარია).

მას არაერთხელ მოუხდია მოქალაქეობრივი ვალი სამშობლოს წინაშე, არა მარტო ქართული პოეზიის შედევრების ხორცშესხმით, ქართული სიტყვის თაყვანისცემით, არამედ მაშინაც როცა სტუდენტებს ზრდიდა და აზიარებდა სასცენო მეტყველებას, მხატვრული კითხვის საიდუმლოებებს. მაშინაც, იმ ავბედით 90-იან წლებში დმანისში რომ წავიდა და დაარსა ქართული თეატრი, საიდანაც გაისმოდა მისი მჭექარე ქართული.

„ზინა კვერენჩხილაძე მიტინგებზე არ დადიოდა, მაგრამ დმანისში წავიდა და თეატრი შექმნა!“ – წერდა მიხეილ თუმანიშვილი.

ქართულ თეატრს აღარ ჰყავს ტრაგედიის ბოლო მოჰიკანი. ქართულ სცენაზე აღარ ამოვარდება ქართული სიტყვის ქარიშხალი… ის სცენაზე იდგა სიცოცხლის ბოლომდე.

გურამ საღარაძესთან და მურმან ჯინორიასთან ერთად, მაყურებლის წინაშე წარსდგა სპექტაკლით „სხვა საქართველო“, პატრიარქის აღსაყდრებას უძღვნა საღამო „ის რაც ვიწამე“, თამაშობდა გოჩა კაპანაძის „მოხუც ჯამბაზებში“, ბოლოს „მზის დაბნელება საქართველოში“… ბოლოს მეხსეიერება ღალატობდა, ძნელად იმახსოვრებდა როლის ტექსტს… მაგრამ არ ღალატობდნენ ლექსები… „მზის დაბნელებაში“ მისი სცენაზე გამოსვლა იქნებ უფრო სიმბოლურიც კი იყო, მაგრამ სწორედ ამიტომაც იჭედებოდა დარბაზები – მოდიოდნენ რათა კვლავ ენახათ სცენაზე ზინა კვერენჩხილაძე, მოჰყავდათ შვილები რომ ენახვებინათ დიდი არტისტის ბოლო გაელვება სცენაზე…

ვასილ კიკნაძე დაწერს – „თეატრში ცოტა დრო არ დაკარგა ზინა კვერენჩხილაძემ, ზოგჯერ სეზონობით ელოდა ტრაგიკული ნიჭი თავის ორეულს. თეატრში კი ხშირად ზედაპირზე ცურავდა ზინა კვერენჩხილაძისათვის უცხო პოლიტიკური და პუბლიცისტური მეტაფორები… დრო კი მიდიოდა… მაგრამ რაც ზინა კვერენჩხილაძემ შექმნა, ერთი დიდი მსახიობისათვის საკმარისიც არის და საკადრისიც.“

დაიბეჭდა 2011 წლის შემაჯამებელ წლის გამოცემაში “სახე(ლ)ები”.

„ჭინჭრაქა“ – როგორ იქცა გულუბრყვილო ზღაპარი საუკუნის შედევრად

სცენა სპექტაკლიდან "ჭინჭრაქა". მგელი – გოგი გეგეჭკორი, დათვი – ეროსი მანჯგალაძე, მელა – მედეა ჩახავა, ტურა – ზინა კვერენჩხილაძე.

სცენა სპექტაკლიდან “ჭინჭრაქა”. მგელი – გოგი გეგეჭკორი, დათვი – ეროსი მანჯგალაძე, მელა – მედეა ჩახავა, ტურა – ზინა კვერენჩხილაძე.

60-იანი წლების დასაწყისში, რუსთაველის თეატრში ახალი, ექსპერიმენტული სცენის დაარსების იდეა ჩნდება. მცირე სცენისთვის იმ საკონცერტო დარბაზის რეკონსტრუქციას იწყებენ, სადაც ოდესღაც თვით სანდრო ახმეტელს სურდა „ინტელიგენტური თეატრის“ გახსნა. მოგვიანებით მაესტრო თუმანიშვილი დაწერს რომ მათ მცირე სცენა იმისთვის დასჭირდათ რომ მიახლოვებულიყვნენ მაყურებელს, შეექმნათ „მსხვილი ხედი“, მაყურებელთან დამყარებულიყო მეტი ინტიმი… მაესტრო თუმანიშვილი ამ სცენისთვის მარსელ კარნეს „მატყუარების“ დადგმას გადაწყვეტს, მაგრამ ცეკა არ ტყუვდება და მაშინ როცა სპექტაკლი თითქმის მზადაა – აკრძალავენ. მაესტრო ფარხმალს არ ყრის, მცირე სცენის გახსნის იდეა არ ეთმობა და: ერთი რამ თუ არ დაგვანებეს, მეორე უნდა ვცადოთ, და მეც საწინააღდეგო მხარეს მივაწყდი. ავიღე გ. ნახუცრიშვილის ჭინჭრაქადა ფანტაზიის აფრა ავუშვი“.

როლების განაწილება სკანდალურია. მაესტრო თუმანიშვილი ამ ერთი შეხედვით უწყინარ და გულუბრყვილო ზღაპარში აკავებს თავის ლეგენდარულ შვიდკაცას და სერგო ზაქარიაძეს. რა როლებს სთავაზობს მათ? მედეა ჩახავას – მელაკუდას, ეროსი მანჯგალაძეს –  დათვს, გოგი გეგეჭკორს – მგელს, ზინა კვერენჩხილაძეს – ტურას, რამაზ ჩხიკვაძეს და კარლო საკანდელიძეს – ჭინჭრაქას (რამაზ ჩხიკვაძე თავიდან ამ როლზე იყო დანიშნული – რ.შ), სერგო ზაქარიაძეს _ დევს…  არადა, მსახიობები უკვე სახელგანთქმულნი არიან, თამაშობენ წამყვან როლებს, სერგო ზაქარიაძე – 54 წლისაა, მედეა ჩახავა – 42 წლის, გოგი გეგეჭკორი – 40 წლის, ეროსი – 38 წლის, რამაზი – 35 წლის…

"ჭინჭრაქა" . მელა – მედეა ჩახავა

“ჭინჭრაქა” . მელა – მედეა ჩახავა

ძნელია, სოლიდური მსახიობები დაიყოლიო მგლების, დათვების, ზღაპრული გოლიათებისა და ჯადოქრების თამაშზე, მაგრამ მათ ჩემი თხოვნა გულთან მიიტანეს. ეს იყო ჩვენი თანამეგობრობის უკანასკნელი, გედის სიმღერა. ჩვენ ფუჩიკითდავიწყეთ და ზღაპრით დავამთავრეთ –  დაწერს მაესტრო მოგვიანებით, მაგრამ თეატრის იმჟამინდელი დირექტორი, დორიან კიტია, ვისი თხოვნითაც გადასცა რუსთაველის თეატრს ავტორმა მოზარდმაყურებელთა თეატრისთვის დაწერილი პიესა, იხსენებდა: მიშას პიესა მოეწონა, მაგრამ მსახიობები თავდაპირველად ძალიან შეაშფოთა იმან, რომ რატომღაც ტურა, მელიები, დევები, დათვები უნდა ეთამაშათ. აჯანყდა თითქმის ყველა და რა თქმა უნდა ეროსიც. კაცი ოიდიპოს მეფეს, ლოპესს, დიდ ხელმწიფეს, ზიმზიმოვს, ბოცოს თამაშობს და უცბად – დათვი. ვერ წარმოიდგინა… არ ირწმუნა… ძლივს დავითანხმე რომ უარი ეთქვა, თუმცა დაჯერებით, ალბათ, კი არ დამიჯერა, მხოლოდ პროფესიულმა დისციპლინამ გააჩუმა და მხოლოდ მაშინ, როცა ახალგაზრდა მხატვრებმა ი. ჩიკვაიძემ, ა. სლოვინსკიმ და ო. ქოჩაკიძემ ესკიზები მოიტანეს, როცა ეროსიმ დაინახა ზოლებიან პიჟამოში გამოწყობილი დათვი იღლიაში ამოჩრილი დიდი პორტფელით და ჯიბიდან თავამოყოფილი ბორჯომის ბოთლით, მის სახეზე პირველად დავინახე მოწონების, თანხმობის, დაჯერების გამომხატველი ღიმილი. კარგა ხანს გულდასმით უყურა ესკიზს და ბოლოს გამოაცხადა: ხომ შეიძოლება ჩემი დათვი რაჭველი იყოსო?! ამ დღიდან დაიწყო გატაცებით მუშაობა…

მხატვრებმა – ჩიკვაიძე-სლოვინსკი-ქოჩაკიძე, რომელიც ქართული თეატრისა და სცენოგრაფიის ისტორიაში „სამეულის“ სახელით შევიდნენ, სპექტაკლის ტრიუმფში მნიშვნელოვანი, თითქმის გადამწყვეტი როლი ითამაშეს – აპლიკაციების მეშვეობით, შექმნეს ფეერიული და იდეალური სამყარო, სადაც ყველაფერი გროტესკულად იყო გაზვიადებული, ყველა საგანი, ყველა ნივთი „თამაშობდა“, სცენაზე იყო ვეება წითელქუდიანი სოკოები, რომელთა ქვეშ „ინტიმური“ სცენები თამაშდებოდა, იქვე კი ერთი ბეწო წისქვილი „ფქვავდა“, იდგა ვეება ზანდუკი, რომელზეც ბაყბაყ-დევი გორაობდა… სცენაზე თოკი იყო გადაჭიმული, რომელზეც ჭრელად ამოქარგული ხავერდის ფარდა ეკიდა, როგორც ნათელა ურუშაძე დაწერს – უნებურად გაგონდებოდა ზაფხულში გამართული წარმოდგენები, დეკორაციად ვისაც რა აქვს წამოღებული, იმას რომ გამოიყენებენ“. ასოციაცია არც იყო უადგილო. დიდმა მაესტრომ ხომ სპექტაკლის დადგმის გასაღები სწორედ ბავშვობისდროინდელ სააგარაკო წარმოდგენებში იპოვა. იხსენებდა კიდეც თავის წიგნში „რეჟისორი თეატრიდან წავიდა“, როგორ გამართეს უღრან ტყეში, აგარაკზე, სოფელ მზეთამზეში ერთ მთვარიან საღამოს იმპროვიზირებული წარმოდგენა, როგორ დაკიდეს ფარდების ნაცვლად სარეცხის თოკებზე ფერადი საბნები, როგორ დაიწყეს თამში. ჩვენ ვიმპროვიზატორობდით, ყველა იმას აკეთებდა, რაც შეეძლო: ვცეკვავდით პატსა და პატაშონს, ჩარლი ჩაპლინს ვბაძავდით, ვმღეროდით, ფოკუსებს ვაკეთებდით, ლექსებს ვკითხულობდით, ენის გასატეხების წარმოთქმაში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს და ასე შემდეგ. ეს ძალზე მხიარული სააგარაკო გართობა იყო… მთვარიანში, მდელოზე წარმოდგენილი ამ მხიარული, სააგრაკო სპექტაკლის მოგონება იქცა ჭინჭრაქასდადგმისას თეატრალური თამაშის გადაწყვეტა-გასაღებად, აქედან დაიბადა რეპეტიციის ხერხი – იმპროვიზაცია“.

სცენა სპექტაკლიდან "ჭინჭრაქა", ჭინჭრაქა – კარლო საკანდელიძე, მზეთუნახავი – ბელა მირიანაშვილი.

სცენა სპექტაკლიდან “ჭინჭრაქა”, ჭინჭრაქა – კარლო საკანდელიძე, მზია – ბელა მირიანაშვილი.

სწორედ ამ ხერხმა აქცია შედევრად ერთი გულუბრყვილო ზღაპარი. ზღაპარი სადაც გლეხის ბიჭი ხვდება ზღაპრულ მეფის ასულს, როგორც ზღაპარს შეშვენის, მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ, იქვედა ბოროტი დევი და მისი გამზრდელი ქოსიკო. ბოროტისა და კეთილის ჭიდილში, კეთილი იმარჯვებს…  თავად მაესტრო დაწერს კიდეც რომ მათი გულისყური მიმართული იყო არა ამ უბრალო სიუჟეტისკენ (რომელიც გახელებულ იმპროვიზაციებში ბუნებრივად ისხამდა ხორცს), არამედ იმისკენ რისი თქმა შეეძლოთ. მსახიობები ერთი შეხედვით საბავშვო ზღაპარს ყვებოდნენ, სინამდვილეში კი იმაზე საუბრობდნენ რაც აღელვებდათ, დღევანდელ დღეზე. სპექტაკლი სამგვარ ბოროტებას დასცინოდა: ბორორტება – ძალაუფლების წყურვილი, ბოროტება – სისულელე, ბოროტება – მეშჩანობა… მაესტროს თქმით: ჩვენს მიერ გამოყენებული ხერხის მიხედვით ყველაფერი ეს უნდა ყოფილიყო ხუმრობა ზღაპარზე. ყველაფერს, რაც კი ჩვენ მოვიფიქრეთ, ხალხური ფესვები ჰქონდა: ესენი იყო ბერიკაობა, ხალხური თამაშობები და ცეკვები, ანდაზები, გამოცანები, ენის გასატეხი, ჭიდაობა. ანუ, მაესტრო ოსტატურად იყენებდა ყველაფერს, რაც კარნავალური დღესასწაულისთვისაა დამახასიათებელი. აკი წერდა კიდეც: ჭინჭრაქაბერიკაობის რეკონსტრუქცია არ ყოფილა, მაგრამ თავისი ფორმით ძალზე ახლოს იდგა ამ თეატრალურ ფორმასთან“.

„ჭინაჭრაქა“ ბერიაკაობა არ ყოფილა და შესაბამისად აქაურ „ცხოველებს“ ცხოველის ნიღბები კი არ უფარავდათ სახეს და ბეწვი კი არ ემოსათ, როგორც ეს ბერიკაობაშია, არამედ ადამიანურად ეცვათ. მხოლოდ შტრიხებით, ტანისამოსში დეტალების შეტანით და რაც მთავარია ქცევებით ხდებოდა „მხეცად ქცევა“. მედეა ჩახავა გრძელ ხელთათმანებს იცვამდა, მხრებზე მელიის კუდს ისხავდა, მაღალყელიანი, რბილი ჩექმით ფრთხილი ნაბიჯებით დადიოდა, ხმაში ცბიერ ინტონაციებს ურევდა და… უკვე მელია იყო… ზინა კვერენჩხილაძის ტურას შავი გრძელი პალტო ეცვა, თავზე საზაფხულო, ფარფლებიანი ქუდი ეხურა, ისე სწრაფად მოძრაობდა, მსუნაგი გამოხედვა ჰქონდა და ისე ჩხაოდა კვარტეტში, თითქოს ის იყო ტყის მთავარი ბინადარი (ნოდარ გურაბანიძე).  გოგი გეგეჭკორი მეგრელ, თანაც ლოტბარ მგელს თამაშობდა – თავზე ფაფახი ეხურა, ქართულ ხალათზე ხანჯალი ეკიდა, თავ-პირი ხილაბანდით ჰქონდა აკრული. ეროსი რჭველ დათვს თამაშობდა – თავზე მძიმე ბეწვის ქუდი ეხურა, ტანზე ზოლებიანი პიჟამა ეცვა. ხელში ხან გაბერილი პორტფელი ეჭირა, ხან მოქსოვილი ჩანთა-ბადე, საიდანაც პროდუქტები მოჩანდა და ეს დათუნა უმალ დაემსგავსა საქმიან, მივლინებაში მყოფ კაცს, რომელიკც შემთხვევით მოხვდა ტყეში… (ნოდარ გურაბანიძე).

უბრალო ზღაპარი მიგნებულმა თეატრალურმა ფორმამ, ზუსტად გამონახულმა სარეპეტიციო მეთოდმა შედევრად აქცია. რეპეტიციები იმპროვიზაციის პოლიგონად იქცა. როგორც მაესტრო გაიხსენებს, თავიდან ყველა უხერხულად, შებოჭილად, გრძნობდა თავს, მაგრამ თანდათან განთავისუფლდნენ და გადაეშვნენ თამაშის, იმპროვიზაციის სტიქიაში. სწორედ იმპროვიზაციებით ითხზვებოდა შედევრალური სცენები. მხეცები ტყეში გუნდის რეპეტიციებს მართავდნენ, ოლიმპიადისთვის ემზადებოდნენ… მეფის ასული – შეუდარებელი ბელა მირიანაშვილი ბალერინას კოსტიუმში,  ხელში სახტუნაოთი ევლინებოდა მაყურებელს. ჭინჭრაქას ქართულად ეცვა – ჭრელი წინდები, ქალამნები, ახალუხი, თუშური ქუდი… შეშინებული მეფის ასული, აქოადა ვითომ არ მეშინიაო – ცეკვას იწყებდა, სახტუნაო ორი გულის შემაერთებელ ტელეფონის მავთულად იქცაალო, ალო… დაუცებ  ორ  გულს ერთდროულად დაარტყა დენმა. თვალთ დაუბნელდათ. მავთული დაიჭიმა, სიმივით წკრიალებს. ალო, მე შენ მომწონხარ“  – ოდნავ გასაგონად, ჩურჩულით, ოხვრით… მეც მომწონხარ“ . ისევ ოხვრა და ხვნეშა, ისევ და ისევ ომახიანი სიმღერა სიყვარულზე. ჩვენ შევთხზეთ, იმპროვიზაციით შევთხზეთ(მიხეილ თუმანიშვილი).

დევი თამაშობდა კლასობანას… სწორედ იმპროვიზაციების წიარში იშვა სერგო ზაქარიაძისა და რამაზ ჩხიკვაძის განუმეორებელი დუეტი. მათი თამაში იქცა პირობით-გროტესკული ე.წ. „ღია თამაშის“ ეტალონად. თავიდან ფიქრობდნენ, რომ სერგოს დევი ძალზე ახალგაზრდა, ვუნდერკინდი დევი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ერთ-ერთ რეპეტიციაზე მისული სერგო ზაქარიაძე გამოაცხადებს: მე ვითამაშებ პატარა დეგენერატს, რომელმაც ისიც კი არ იცის რომ ორჯერ ორი ოთხია!“. სახელოვანი არტისტი ისეთი ააზრტით გადაეშვა ბავშვურ თამაშში, თითქოს ამ სპექტაკლს და მოსულელო ზღაპრული გოლიათის ამ როლს უნდა გადაეწყვიტა მისი შემოქმედებითი ცხვრების ძალზე  მნიშვნელოვანი ამოცანა –  დაწერს თუმანიშვილი, მისივე თქმით, სერგო ზაქარიაძე ისეთი გატაცებით იმროვიზატორობდა, როგორც თეატრალურის პირველკურსელი მთლად დასაწყისში. გამაოგნებელი იყო დიდი მსახიობის ეს სასწაულებრივი უნარი გაბავშვებისა… ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ ამ ჭაღარა კაცს შეეძლო ასე ეცელქა, ამდენი რამ მოეგონებინა, ამდენი ეცეკვა და ეხტუნავა, ამდენი ემღერა, ამდენჯერ გადასულიყო მალაყს, ამდენი ეყირამალა (მიხეილ თუმანიშვილი).

სერგო ზაქარიაძეს იმპროვიზაციებში ღირსეულ მეტოქეობას უწევდა რამაზ ჩხიკვაძე. თუმანიშვილი გაიხსენებს: რეპეტიციები გადაიქცა ორი გამოჩენილი მსახიობის დაუვიწყარ კონცერტებად“, აქტიორული ოსტატობის ზეიმად, დღესასწაულად. და, როცა არ უნდა ეთამაშათ სერგოს და რ. ჩხიკვაძეს ამ სპექტაკლში, ეს ყოველთვის დიდი მსახიობების მხიარულ გამონაგონთა, გიჟმაჟური თამაშის თეატრალური ფოიერვერკი იყო. სერგო აღტაცებული იყო რამაზით. რამდენჯერ გამიგონია მსიგან: ეს მამაძაღლი რამაზი, ისეთ ფოკუსებს ატრიალებს, კინაღამ დავიბენი კაცი. ყოჩაღ!“.

სცენა სპექტაკლიდან "ჭინჭრაქა", დევი – სერგო ზაქარიაძე, ქოსიკო – რამაზ ჩხიკვაძე.

სცენა სპექტაკლიდან “ჭინჭრაქა”, დევი – სერგო ზაქარიაძე, ქოსიკო – რამაზ ჩხიკვაძე.

მაესტრო იტყვის იმასაც, რომ სპექტაკლის მთავარ ღირსებას მსახიობების ბრწყინვალე თამაში წარმოადგენდა, ამ ბრწყინვალე ანსამბლის გვირგვინი კი რამაზ ჩხიკვაძე აღმოჩნდა. თუმანიშვილი დაწერს იმასაც რომ სწორედ ქოსა მრჩევლით დაიწყო რამაზ ჩხიკვაძის შემოქმედების გზის მეორე ეტაპი. სტურუა კი იტყვი: რამაზ ჩხიკვაძე ქოსა მრჩევლიდან იწყებაარადა, რამაზ ჩხიკვაძე სულაც არ იყო თავიდან ამ როლზე დანიშნული. იგი კარლო საკანდელიძის დუბლი იყო ჭინჭრაქას როლზე და დიდად არც ეხატებოდა გულზე ჩიკორივით მობზრიალე ბიჭის როლი, ქოსიკოს როლი მოსწონდა. რეპეტიციებსაც სულ საკანდელიძე გადიოდა, რამაზი  პარტერიდან ადევნებდა თვალს. ვიდრე ერთ დღეს სცენაზე არ უხმო თუმანიშვილმა. დილას წელკავი დამეტაკა და წელში ვერ ვიმართებოდი. ძლივს ავდექი და ვთხოვე, მოდი, ქოსიკოს როლს მოვსინჯევ მეთქი. არაფერი უთქვამს, მე წელში ოთხად მოიხრილი და ათჯერ მოკაკული, კვნესით, ტკივილისგან უნებლიე წამოყვირებით, რის ვაივაგლახით ავედი სცენაზე და იატაკზე ჩავჯექი, ქოსიკოს პირველი სიტყვები ასე დამჯდარმა წამოვიკნავლე. მიშა წამოხტრა, სახე გაუბრწყინდა და იყვირა განაგრძე რეპეტიცია, იჯექი მანდ. დაიწყეკარგია ეგ რადიკულიტიც. მე მგონი მიშამ იფიქრა, ეს ყველაფერი ამ როლისთვის საგანგებოდ მოვიგონე და აღფრთოვანდა. აი, მაშინ გადაწყდა ჩემი ამ როლზე დანიშვნაც, ასე დავტოვეთ სპექტაკლში ჩემი წელკავიც, მიმკვდარი ხმით ლაპარაკიც და ასე დაიბადა ქოსიკოს ნიღაბი იტყვის მრავალი წლის შემდეგ რამაზ ჩხიკვაძე.

. ჩხიკვაძის ქოსიკო თითქოს ათას ერთი ღამის სიზმრეული სამყაროდან გამოპარული, ახალი და ძველი თეატრალური ნიღბების ნაერთი იყომისი გრძელი სამოსის კალთებს ქვეშ, თითქოს, მარად მხიარულსა და მარად ახალგაზრტდა არლეკინს შეეფარებინა თავი, რომელსაც არა მხოლოდ უცნაური ზნე სჭირსყველაფერში სამხიარულო საგანი იპოვოს, არამედ ხშირხშირად თვალი ქალებისკენაც გააპაროს. აქვე შეიძლებოდა გვეგულისხმა მოხუცი მოლა ნასრედინი (თავისი ცანცარა წვერით), რომელსაც ჩვეულებრივი ჭეშმარიტების აბსურდით შეცვლა უყვარდა. ამ წელკავიან ქოსიკოს, მათუსალას ასაკის გამო სხეულის წონა რომ დაუკარგავს, ჰარამხანაშიც ესიამოვნებოდა ფარული ვიზიტები, მაგრამ განგებამ ბაყბაყის აღზრდა მიანდო (ნოდარ გურაბანიძე).

მაესტრო თუმანიშვილი წერდა:სპექტაკლი ასე იყო ჩაფიქრებული: ხანდაზმული ადამიანები, იგონებენ რა თავიანთ ბავშვობას, სერიოზულად თამაშობენ ამ ბავშვობას. და ეს სასწაული შედგასპექტაკლს არნახული წარმატება ხვდა წილად. მაყურებელი მიაწყდა. ჭინჭრაქა გამოცხადდა ახალი თეატრის მანიფესტად. (პირველად შეფასება ახალი თეატრი ჭინჭრაქას მისამართით კრიტიკოსმა ტატა თვალჭრელიძემ გამოიყენა), თუმცა, მავანს არც ლანძღვა დაუკლია, თუმანიშვილი დაადანაშაულეს საბჭოტა ხელოვნებისთვის უცხო იდეურ პოზიციის ქონაში. აქაოდა, აქ ბოროტი სოციალური მოვლენა ისეთ სახუმარო და თავშესაქცევ ასპექტში გვეძლევა, როგორც საზღვარგარეთულ ფილმებში ბაბეტა მიდის ომში და მისტერ პიტკინშიოასე უნდა დასცინო შენს ერს?კითხულობდა კრიტიკოსიამ შედევრის დადგმიდან თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, სპექტაკლის ფრაგმენტების ნახვა დღესაც ხელმისაწვდომია თუკი იუთუბში ჩაწერ ჭინაჭრაქასდა ნახავ მართლაც შეუდარებელ სერგო ზაქარიაძის ჯინსებიან დეგენერატ დევს, რამაზ ჩხიკვაძის ქოსიკოს, დაუვიწყარ ხალიჩით გაფრენას და კლასობანას, საკანდელიძის ჭინჭრაქას, ბელა მირიანაშვილის მეფის ასეულს. განუმეორებელ  მგელს, დათვს, მელიას, ტურას

რეზო შატაკიშვილი, თეატრალური ხელოვნების მაგისტრი

დაუბეჭდა გაზეტში „ქართული სიტყვა“.

P.S.  2010 წელს, გაზეთ „პრაიმტაიმში“ განვახორციელე, ჩემივე ინიცირებული პროექტი „მეოცეს ოცეული“. ამ პროექტის მიზანი იყო, გამოვლენილიყო მეოცე საუკუნის 20 საუკეთესო ქართული სპექტაკლი. ეს ოცეული გამოვლინდა კომპეტენტური პირების – თეატრმცოდნეების, კრიტიკოსების გამოკითხვის შედეგად: ვთხოვეთ თავად დაესახელებინათ მეოცე საუკუნეში, ქართულ თეატრში დადგმული ის 20 სპექტაკლი, რომელსაც ისინი მიიჩნევდნენ საუკეთესოდ – საუკუნის სპექტაკლებად. შეფასების კრიტერიუმიც მათვე მივანდეთ – თითოეულს ეს სპექტაკლები უნდა დაესახელებინათ იმ კრიტერიუმების დაცვით, რომლითაც ისინი საერთოდ ხელმძღვანელობენ სპექტაკლების შეფასებისას.

მათ უნდა დაესახელებინათ როგორც ის სპექტაკლები, რომელიც მათ უშუალოდ ნანახი აქვთ სცენაზე, ასევე ის სპექტაკლები რომლებსაც იცნობდნენ აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით, იმროინდელი რეცენზიებით და ამ სპეტქკლებზე არსებული ყველანაირი საარქივი მასალით.

გამოკითხვის მონაწილეებს სპექტაკლების ჩამონათვალის შედგენისას არ უნდა ეხელმძღვანელათ ქრონოლოგიური პრინციპით, ჩამონათვალი რეიტინგული უნდა ყოფილიყო.

მათ მიერ პირველ პოზიციაზე დასახელებულ სპექტაკლს დაეწერებოდა 20 ქულა, მეორე პოზიციაზე დაწერილს – 19, მესამეზე – 18, მეოთხეზე – 17 დ ასე შემდეგ ბოლომდე – მეოცე პოზიციაზე დაწერილს – ერთი ქულა. შემდეგ ოცივე გამოკითხულის მიერ მინიჭებული ქულები დაჯამდებოდა და დაგროვილი ქულების შესაბამისად გამოვლინდებოდა საუკეთესო ოცეული.

გამოკითხვაში მონაწილეობდნენ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები: ნათელა ურუშაძე, ნოდარ გურაბანიძე, ნათელა არველაძე, დალი მუმლაძე, ლევან ხეთაგური, ირინა ღოღობერიძე, თამარ ბოკუჩავა, ლელა ოჩიაური, მარინე ხარატიშვილი, გიორგი ცქტიშვილი, მანანა გეგეჭკორი. ნინო მაჭავარიანი. დოქტორანტები: ლაშა ჩხარტიშვილი, თამარ მუქერია, მარიამ ჩუბინიძე.ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრები: თამარ კიკნაველიძე, ნიკა წულუკიძე, ანანო მირიანაშვილი. ჟურანალ „თეატრი და ცხოვრების“  მთავარი რედაქტორი გურამ ბათიაშვილი, არტ-კრიტიკოსი დავით ბუხრიკიძე.

ამ გამოკითხვის შედეგად გამოვლენილ ოცეულში მიხეილ თუმანიშვილის მიერ დადგმულმა „ჭინჭრაქამ“ მეშვიდე ადგილი დაიკავა –  საუკუნის ერთ–ერთ საუკეთესო სპექტაკლად დაასახელა 15–მა გამოკითხულმა, მიიღო 193 ქულა. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა მიერ, საუკუნის საკუეთესო სპექტაკლებს შორის მიხეილ თუმანიშვილის მიერ დადგმული 9 სპექტაკლი დასახელდა. თუმანიშვილის 9 სპექტაკლმა ჯამში 896 ქულა დააგროვა, ამ თვალსაზრისით, მიხეილ თუმანიშვილს მხოლოდ მისმა მოწაფემ – რობერტ სტურუამ აჯობა  – სტურუას 11 სპექტაკლმა 1 112 ქულა დააგროვა. თუმანიშვილის 9 სპექტაკლიდან ოცეულში  5 სპექტაკლი შევიდა: „ანტიგონე“ (მეექვსე ადგილზე), „ჭინჭრაქა“ (მეშვიდე ადგილზე),  „ჩვენი პატარა ქალაქი“ (მე–13 ადგილზე), „დონ ჟუანი“ (მე–15 ადგილზე), „ესპანელი მღვდელი“ (მე–16 ადგილზე).

 

მეოცე საუკუნის 20 საუკეთესო ქართული სპექტაკლი

მეოცეს ოცეული

რეზო შატაკიშვილის პროექტი “პრაიმტაიმში”

„პრაიმტაიმი“ მკითხველს ახალ პროქეტს სთავაზობს – „მეოცეს ოცეული“, რომლის მიზანიცაა მეოცე საუკუნის ოცი საუკეთესო ქართული სპექტაკლის – ასე ვთქვათ საუკუნის სპექტაკლების გამოვლენა და მკითხველისთვის იმის შეხსენება, თუ როგორ იქმნებოდა  ეს შედევრები.

„პრაიმტაიმმა“ ამ ოცეულის გამოვლენა კომპეტენტურ პირებს – თეატრმცოდნეებს, კრიტიკოსებს მიანდო და ამ მიზნით გამოიკითხა 20 პირი, როგორც ღვაწლმოსილი და აღიარებული პროფესიონალები, ისე ახალგაზრდა თეატრმცოდნეები.

ვთხოვეთ თავად დაესახელებინათ მეოცე საუკუნეში, ქართულ თეატრში დადგმული ის 20 სპექტაკლი, რომელსაც ისინი მიიჩნევდნენ საუკეთესოდ – საუკუნის სპექტაკლებად. შეფასების კრიტერიუმიც მათვე მივანდეთ – თითოეულს ეს სპექტაკლები უნდა დაესახელებინათ იმ კრიტერიუმების დაცვით, რომლითაც ისინი საერთოდ ხელმძღვანელობენ სპექტაკლების შეფასებისას.

მათ უნდა დაესახელებინათ როგორც ის სპექტაკლები, რომელიც მათ უშუალოდ ნანახი აქვთ სცენაზე, ასევე ის სპექტაკლები რომლებსაც იცნობდნენ აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით, იმ დროინდელი რეცენზიებით და ამ სპეტქკლებზე არსებული ყველანაირი საარქივი მასალით.

გამოკითხვის მონაწილეებს სპექტაკლების ჩამონათვალის შედგენისას არ უნდა ეხელმძღვანელათ ქრონოლოგიური პრინციპით, ჩამონათვალი რეიტინგული უნდა ყოფილიყო.

მათ მიერ პირველ პოზიციაზე დასახელებულ სპექტაკლს დაეწერებოდა 20 ქულა, მეორე პოზიციაზე დაწერილს – 19, მესამეზე – 18, მეოთხეზე – 17 დ ასე შემდეგ ბოლომდე – მეოცე პოზიციაზე დაწერილს – ერთი ქულა. შემდეგ ოცივე გამოკითხულის მიერ მინიჭებული ქულები დაჯამდებოდა და დაგროვილი ქულების შესაბამისად გამოვლინდებოდა საუკეთესო ოცეული.

მეტი ობიექტურობისთვის, გამოკითხულებს განემარტათ რომ მათი შედგენილი ჩამონათვალი დეტალურად არ გაიშიფრებოდა – ანუ არ გამოქვეყნდებოდა ვინ რა სპექტაკლები მიიჩნია საუკუნის სპექტაკლებად და რა ადგილები (და შესაბამისად ქულები) მიანიჭა მათ რეიტინგულ ჩამონათვალში.

გამოკითხვაში მონაწილეობდნენ

გამოკითხვაში მონაწილეობდნენ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები:

ნათელა ურუშაძე, ნოდარ გურაბანიძე, ნათელა არველაძე, დალი მუმლაძე, ლევან ხეთაგური, ირინა ღოღობერიძე, თამარ ბოკუჩავა, ლელა ოჩიაური, მარინე ხარატიშვილი, გიორგი ცქტიშვილი, მანანა გეგეჭკორი. ნინო მაჭავარიანი.

დოქტორანტები:

ლაშა ჩხარტიშვილი, თამარ მუქერია, მარიამ ჩუბინიძე.

ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრები:

თამარ კიკნაველიძე, ნიკა წულუკიძე, ანანო მირიანაშვილი.

ჟურანალ „თეატრი და ცხოვრების“  მთავარი რედაქტორი გურამ ბათიაშვილი, არტ-კრიტიკოსი დავით ბუხრიკიძე.

შედეგები

გამოკითულებმა დაასახელეს 27 სხვადასხვა რეჟისორის 81 სპექტაკლი, ამ 81 სპექტაკლიდან 42 რუსთაველის თეატრშია დადგმული, 23 – მარჯანიშვილის თეატრში, 7 – კინომსახიობთა თეატრში, 3 – რუსთავის თეატრში, 2 – მოზარდმაყურებელთა თეატრში, 2 – თეატრალურ სარდაფში, 1 – სოხუმის და 1 – ბათუმის თეატრში.

ამ 81 სპექტაკლიდან 11 სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი რობერტ სტურუაა, 10 სპექტაკლის – თემურ ჩხეიძე, ამ სპექტაკლების გარდა, დასახელებულ სპექტაკლებში შევიდა მათი ერთობლივი დადგმა „სამანიშვილის დედინაცვალი“.

ამ 81 სპექტაკლიდან 9 მიხეილ თუმანიშვილის დადგმულია, 6 სანდრო ახმეტელის, 5 – კოტე მარჯანიშვილის, ჩამონათვალშია მარჯანიშვილისა და ახმეტელის ორი ერთობლივი დადგმაც („ჰამლეტი“, „მზეთამზე“).

დასახელებულ სპექტკლებშია გიგა ლორთქიფანიძის 6 სპექტაკლი, დიმიტრი ალექსიძის 6 სპექტაკლი, არჩილ ჩხარტიშვილის 3 სპექტაკლი, ვასო ყუშიტაშვილის, ვახტანგ ტაბლიაშვილის, შალვა გაწერელიას, მედეა კუჭუხიძის ორ-ორი სპექტაკლი, ასევე გიზო ჟორდანიას, გოგი ქავთარაძის, გოგი მარგველაშვილის, აკაკი ვასაძის, ნუგზარ ლორთქიფანიძის, შოთა აღსაბვაძის, შალვა ღამბაშიძის, ვასო გოძიაშვილის, ბორის გამრეკელის, აკაკი დვალიშვილის, ნანა ხატისკაცის, ლევან წულაძის, დავით ანდღულაძის, ავთო ვარსიმაშვილისა და დავით დოიაშვილის თითო სპექტაკლი.

რეკორდსმენი რეჟისორები

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, სტურუა ლიდერობს როგორც დასახელებული სპექტაკლების რიცხვით (11), ისე ამ სპექტაკლების მიერ დაგროვებული ქულების ჯამით, მისმა 11 სპექტაკლმა 1 112 ქულა დააგროვა, მეორე პოზიციაზეა მიხეილ თუმანიშვილი, მისმა 9 სპექტაკლმა 896 ქულა დააგროვა. მესამე ადგილზე სანდრო ახმეტელია, ახმეტელის 6 სპექტაკლმა 512 ქულა დააგროვა. მეოთხე ადგილზე თემურ ჩხეიძეა, ჩხეიძის 10 სპექტაკლმა 509 ქულა დააგროვა. მეხუთე ადგილზე კოტე მარჯანიშვილია, მარჯანიშვილის 5 სპეექტაკლმა 460 ქულა დააგროვა. აქვე უნდა აღვნიშნოთ რომ დასახელებულ შედეგებში არ შედის როგორც ჩხეიძე-სტურუას, ისე მარჯანიშვილი-ახმეტელის ერთობლივი დადგმების ქულები.

ამ ხუთეულის შემდეგ, დაგროვებულ ქულათა რაოდენობა მკვეთრად ეცემა, ასე მაგალითად, დიმიტრი ალექსიძის 6 სპექტაკლმა დააგროვა 113 ქულა, მკვეთრი ვარდნაა შემდეგაც _ გიგა ლორთქიფანიძის 6 სპექტაკლმა ჯამში 42 ქულა მიიღო, არჩილ ჩხარტიშვილის სპექტაკლებმა 40, მედეა კუჭუხიძისამ – 33, შოთა აღსაბაძის სპექტაკლმა 30, შალვა გაწერელიას სპექტაკლებმა – 29, აკაკი ვასაძემ – 21, ვასო ყუშიტაშვილმა – 19, შალვა ღამბაშიძემ – 15, ბორის გამრეკელმა – 14, გიზო ჟორდანიამ – 13, ვახტანგ ტაბლიაშვილმა – 13, ნუგზარ ლორთქიფანიძემ – 10, ვასო გოძიაშვილმა – 7, გოგი მარგველაშვილმა – 6, ლევან წულაძემ – 5, ავთო ვარსიმაშვილმა – 4, აკაკი დვალიშვილმა – 4, დავით დოიაშვილმა – 3, გოგი ქავთარაძემ – 2, ნანა ხატისკაცმა – 1, დავით ანდღულაძემ – 1.

გამარჯვებული ოცეული

დაგროვილი ქულების მიხედვით გამოვლენილ 20 საუკეთესო სპექტაკლიდან 15 სპექტაკლი რუსთაველის თეატრშია დადგმული, 3 – მარჯანიშვილის თეატრში, 2 – კინომსახიობთა თეატრში.

20 საუკეთესო ქართული სპექტაკლიდან 11-ს საფუძვლად უცხოური დრამატურგია უდევს, კიდევ 2 უცხოურიდანაა გადმოქართულებული, 4 სპექტაკლი ქართული დრამატურგიის მიხედვითაა შექმნილი, 3 – ქართული პროზისდ მიხედვით…

მეოცე საუკუნის ოც საუკეთესო სპექტაკლში მოხვდა რობერტ სტურუას ხუთი სპექტაკლი, მიხეილ თუმანიშვილის 5 სპექტაკლი, სანდრო ახმეტელის 3 სპექტაკლი, თემურ ჩხეიძის სამი სპექტაკლი, კოტე მარჯანიშვილის 2 სპექტაკლი, ასევე დიმიტრი ალექსიძის ერთი სპექტაკლი და ჩხეიძე-სტურუას ერთობლივი სპექტაკლი („სამანიშვილის დედინაცვალი“).

ოცეულს „კავკასიური ცარცის წრით“ ხსნის და „სეილემის პროცესით“ ხურავს რობერტ სტურუა.

აღსანიშნავია რომ გამარჯვებული 20 სპექტაკლიდან ყველაზე „ახალგაზრდა“ რობერტ სტურუას მიერ 1987 წელს დადგმული „მეფე ლირია“. გამოიკითხვამ გამოკვეთა ის ტენდენცია რაც საუკუნის ბოლოს სუფევდა ქართულ თეატრში – კრიზისი… თუმცა, აქვე, მკითხველი რომ შეცდომაში არ შევიდეს, უნდა განმარტოთ რომ გამოკითხვა ეხება მხოლოდ მეოცე საუკუნეს, და შესაბამისად აქ არ იგულისხმება 2001 და შემდგომ, ანუ ბოლო ათ წელიწადში დადგმული სპექტაკლები…

ცხადია, ამ გამოკითხვის შედეგებს გამოუჩნდებიან ოპონენტები, მიიჩნევენ მიკერძოებულად, სუბიექტურად, ვიტყვით მხოლოდ იმას რომ ეს შედეგები აჩვენა 20 პროფესიონალის გამოკითხვამ, თითოეული მათგანი ცალ-ცალკე რაც უნდა მიკერძოებული ყოფილიყო, ოცივეს აზრი ერთად უკვე შეიცავს ობიექტურობის საკმაო დოზას, ამასთან – ეს მხოლოდ ერთი კონკრეტული გამოცემის „პრაიმტამის“ დადებული ოცეულია…

ოცეული…

1. “კავკასიური ცარცის წრე”

ბერტოლტ ბრეჰტი. რეჟისორი რობერტ სტურუა. რუსთაველის თეატრი. 1975 წელი.  მიიღო 310 ქულა. დაასახელა 20-ვე გამოკითხულმა, მათგან 7-მა პირველ პოზიციაზე.

2. “ურიელ აკოსტა”

კარლ გუცკოვი. რეჟისორი – კოტე მარჯანიშვილი, მარჯანიშვილის თეატრი. მიიღო 291 ქულა. დაასახელა 18-მა გამოკითხულმა, მათგან 5-მა პირველ პოზიციაზე.

3. “ყაჩაღები” (“ინ ტირანოს”)

ფრიდრიხ შილერი. რეჟისორი სანდრო ახმეტელი. რუსთაველის თეატრი. 1933 წელი. მიიღო 282 ქულა. დაასახელა 19-მა გამოკითხულმა.

4.”ყვარყვარე”

პოლიკარპე კაკაბაძე. რეჟისორი რობერტ სტურუა. რუსთაველის თეატრი. 1974 წელი. მიიღო 271 ქულა. დაასახელა ოცივე გამოკითხულმა. მათგან ერთმა პირველ პოზიციაზე.

5. “რიჩარდ მესამე”

უილიამ შექსპირი. რეჟისორი რობერტ სტურუა. რუსთაველის თეატრი. 1979 წელი. მიიღო 262 ქულა. დაასახელა 18-მა გამოკითხულმა. მათგან 2-მა პირველ პოზიციაზე.

6. “ანტიგონე”

ჟან ანუი. რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი. რუსთაველის თეატრი, მცირე სცენა. 1968 წ. მიიღო 239 ქულა. დაასახელა ოცივე გამოკითხულმა. მათგან ერთმა პირველ პოზიციაზე.

7.”ჭინჭრაქა”

გ. ნახუცრიშვილი. რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი. რუსთაველის თეატრი. მცირე სცენა. 1963 წელი. მიიღო 193 ქულა. დაასახელა – 15-მა გამოკითხულმა.

8. “ლამარა”

გრიგოლ რობაქიძე. რეჟისორი სანდრო ახმეტელი. რუსთაველის თეატრი. 1930 წ. მიიღო 172 ქულა. დაასახელა 11-მა გამოკითხულმა.

9. “გუშინდელნი”

შალვა დადიანი. რეჟისორი თემურ ჩხეიძე. რუსთაველის თეატრი. 1972 წელი. მიიღო 164 ქულა. დაასახელა 16-მა გამოკითხულმა.

10. “ჯაყოს ხიზნები”

მიხეილ ჯავახიშვილი. რეჟისორი თემურ ჩხეიძე. მარჯანიშვილის თეატრი. 1984 წელი. მიიღო 156 ქულა. დაასახელა 16-მა გამოკითხულმა. მათგან ერთმა პირველ პოზიციაზე.

11. “სამანიშვილის დედინაცვალი”

დავით კლდიაშვილი. რეჟისორები თემურ ჩხეიძე, რობერტ სტურუა. რუსთაველის თეატრი. მცირე სცენა. 1969 წელი. მიიღო 144 ქულა. დაასახელა 15-მა გამოკითხულმა.

20. “ცხვრის წყარო” (“ფუენტე ოვეხუნა”)

ლოპე დე ვეგა. რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი. რუსთაველის თეატრი. 1922 წელი. მიიღო 142 ქულა. დაასახელა ათმა გამოკითხულმა, მათგან სამმა პირველ პოზიციაზე.

13. “ჩვენი პატარა ქალაქი”

თ. უაილდერი, (გადმოქართულებული რეზო გაბრიაძის მიერ). რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი. თუმანიშვილის თეატრი. 1983 წელი. მიიღო 133 ქულა, დაასახელა 17-მა გამოკითხულმა.

14. “მეფე ლირი”

უილიამ შექსპირი. რეჟისორი რობერტ სტურუა. რუსთაველის თეატრი. 1987 წელი. მიიღო 104 ქულა. დაასახელა 11-მა გამოკითხულმა.

15. “დონ ჟუანი”

ჟან ბატისტ მოლიერი. რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი. თუმანიშვილის თეატრი. 1981 წელი. მიიღო 96 ქულა. დაასახელა 10-მა გამოკითხულმა.

16. “ესპანელი მღვდელი”

ჯ. ფლეტჩერი. რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი. რუსთაველის თეატრი. 1954 წელი. მიიღო 93 ქულა. დაასახელა 9 გამოკითხულმა.

17. “ანზორი”

სანდრო შანშიაშვილი, (ვს. ივანოვის მიხედვით), რეჟისორი სანდრო ახმეტელი. რუსთაველის თეატრი, 1928 წელი. მიიღო 76 ქულა, დაასახელა 5-მა გამოკითხულმა.

18. “ოიდიპოს მეფე”

სოფოკლე. რეჟისორი დიმიტრი ალექსიძე. რუსთაველის თეატრი. 1956 წელი. მიიღო 71 ქულა, დაასახელა 10-მა გამოკითხულმა.

19. “ჰაკი აძბა”

ლეო ქიაჩელი. რეჟისორი თემურ ჩხეიძე. მარჯანიშვილის თეატრი. მიიღო 69 ქულა. დაასახელა 8 გამოკითხულმა.

20. “სეილემის პროცესი”

რტურ მილერი. რეჟისორი რობერტ სტურუა. რუსთაველის თეატრი. 1965 წელი. მიიღო 53 ქულა. დაასახელა 5-მა გამოკითხულმა.

ოცეულს მიღმა

21. „როცა ასეთი სიყვარულია“ (რეჟ: მ. თუმანიშვილი, 49 ქულა);

22. „ბაკულას ღორები“ (მ.თუმანიშვილი, 48 ქულა);

23. „არტ-ხელოვნება“ (თ. ჩხეიძე, 39 ქულა);

24. „მაკბეტი“ (რ. სტურუა, 38 ქ.);

25. „ხანუმა“ (რ.სტურუა, 37 ქ.);

26. „მამა“ (თ. ჩხეიძე 33.);

27. „ბერდო ზმანია“ (ს. ახმეტელი, 33 ქ.);

28. „ოტელო“ (შ.აღსაბაძე, 30 ქ.);

29. „ჰამლეტი“ (კ. მარჯანიშვილი, 29 ქ.);

30. „ზაფხულის ღამის სიზმარი“ (მ. თუმანიშვილი, კინომსახიობთა თეატრში. 28 ქ. );

31. „თეთნულდი“ (ს. ახმეტელი, 27 ქ.);

32. „რღვევა“ (ს. ახმეტელი 22 ქ);

33. „მარადი ქმარი“ (თ. ჩხეიძე, 21 ქ).

34. „დიდი ხელმწიფე“ (ა. ვასაძე, 21 ქ);

35. „ირინეს ბედნიერება“ (შ. გაწერელია, 19 ქ.);

17 ქულა დააგროვეს: „პროვინციული ამბავი“ (მ. კუჭუხიძე );

„ადამიანებო, იყავით ფხიზლად“ (მ. თუმანიშვილი);

16 ქულა: „შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე“ (მ. კუჭუხიძე). „ბერნარდა ალბას სახლი“ (თ. ჩხეიძე); „კახაბერის ხმალი“ (გ. ლორთქიფანიძე);

15 ქულა: „ბახტრიონი“ (დ. ალექსიძე); „კოლმეურნის ქორწინება“ (შ. ღამბაშიძე);

14 ქულა: „ლამარა“ (რ.სტურუა); „მედეა“ (ა. ჩახარტიშვილი); „მარგარიტა გოტიე“ (ბ. გამრეკელი); „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ“ (კ. მარჯანიშვილი);

13 ქულა: „ჰამლეტი“ (გ. ჟორდანია); „ქალი გველი“ (რ. სტურუა); „ოიდიპოს მეფე“ (ა. ჩხარტიშვილი); „მოკვეთილი“ (ა. ჩხარტიშვილი); „ფიროსმანი“ (გ. ლორთქიფანიძე);

12 ქულა: „სამგროშიანი ოპერა“ (დ. ალექსიძე); „კაცია ადამიანი“ (ვ. ყუშიტაშვილი);

10 ქულა: „შპიგელმანი“ (კ. მარჯანიშვილი); „ანტიგონე“ (თ. ჩხეიძე);  „წუთისოფელი“ (ნ. ლორთქიფანიძე); „ქამუშაძის გაჭირვება“ (შ. გაწერელია);

10 ქულაზე ნაკლები მიიღეს: „სასტუმროს დიასახლისი“ (დ. ალექსიძე),  „ამჰერსტის მშვენება“ (რ. სტურუა). „მზეთამზე“ (მარჯანიშვილი-ახმეტელი),  „ანტონიოს და კლეოპატრა“ (ვ. ტაბლიაშვილი), „ძველი ვოდევილები“ (ვ. გოძიაშვილი), „მარიამ სტიუარტი“ (ვ. ყუშიტაშვილი), „საპატარძლო აფიშით“. (დ. ალექსიძე), „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (გ. ლორთქიფანიძე), „სოლომონ ისაკიჩ მეჯრანუაშვილი“ (ვ. ტაბლიაშვილი), „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“  (გ. მარგველაშვილი), „ასი წლის შემდეგ“ (გ. ლორთქიფანიძე), „ფაუსტი“ (ლ. წულაძე), „ჩვენებურები“ (ა. დვალიშვილი), „სიკვდილის როკვა“ (ა. ვარსიმაშვილი), „მზის დაბნელება საქართველოში“ (კ. მარჯანიშვილი),  „ცხოვრება იდიოტისა“ (დ. დოიაშვილი), „დიდოსტატის მარჯვენა“ (გ. ქავთარაძე),

„მოჩვენებანი“ (თ. ჩხეიძე), „სიბრძნე სიცრუისა“ (ნ. ხატისკაცი), „იაკობის სახარება“ (რ. სტურუა), „მეტეხის ჩრდილში“ (გ. ლორთქიფანიძე), „გრაალის მცველნი“ (დ. ანდღულაძე), „სირანო დე ბერჟერაკი“ (გ.ლორთქიფანიძე), „ჩემო კალამო“ (გ. საღარაძე, თ. ჩხეიძე)…


პ.ს. გამოკითხვის შედეგად გამოვლენილ 20 საუკეთესო ქართულ სპექტაკლზე ვრცლად გიამბობთ “მეოცეს ოცეულში” – თითოეულ სპექტაკლზე ცალ–ცალკე…

რეზო შატაკიშვილი კავკასიის მეფე რამაზ ჩხიკვაძეზე

მას უწოდებდნენ “კავკასიელ ლორენს ოლივიეს”, “კავკასიის მეფეს” და მსოფლიოს ერთ–ერთ უდიდეს მსახიობს…

არც ერთ ქართველ არტისტზე იმდენი არ დაწერილა მსოფლიოში, რამდენიც მასზე…

ასე იწყებოდა რამაზი
ბაბუა – აღიარებული ფოლკლორისტი. მამა – ქართული მუსიკის კაბინეტის დამაარსებელი კონსერვატორიაში. დედა  პროფესიონალი მომღერალი. შვილი – უჩვეულო მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული. ის განწირული იყო კონსერვატორიისთვის, მაგრამ მან თავი თავის ბედისწერას – თეატრს შესწირა.
დო მაჟორი – თეატრალურ ინსტიტუტში და დო მინორი – რუსთაველის თეატრში მოხვედრის შემდეგ. ის კარგა ხანს ჩაიკარგა უზარმაზარ სივრცესა და უღიმღამო როლებში. აკი ორჯერ დააპირებს კიდეც, საერთოდ, თეატრის მიტოვებას და საოპერო, ვოკალურ ხელოვნებაში გადაინაცვლებს…
ოთხმა წელმა განვლო წარმატებულ როლამდე – სანამ თუმანიშვილი არ ათამაშებდა „ესპანელ მღვდელში“. შემდეგ კვლავ უღიმღამო ხუთმა წელმა ჩაიარა მეორე წარმატებამდე – სპექტაკლამდე „როცა ასეთი სიყვარულია“.
მერე გაიხსნა მცირე სცენა და გაიხსნა დიდი რამაზი – ქოსა მრჩევლით „ჭინჭრაქაში“.
თუმანიშვილის თქმით, ქოსა მრჩევლით ჩხიკვაძის შემოქმედების მეორე ეტაპი იწყება. „ამის შემდეგ იგი უჩემოდ გაუყვა თავის გზას. ჩვენ გავიყარეთ. მისი სვლა დიდებისკენ დაიწყო“…
რობერტ სტურუა კი იტყვის, რომ „რამაზ ჩხიკვაძე ქოსა მრჩევლიდან იწყება…“
თავიდან რამაზ ჩხიკვაძე კარლო საკანდელიძის დუბლად იყო დანიშნული ჭინჭრაქას როლზე. ჩხიკვაძის გულს კი დიდად არ ეკარებოდა ჩიკორივით მობზრიალე ბიჭის როლი და უფრო ქოსიკოს როლი მოსწონდა, მაგრამ ამ როლზე გივი ჭიჭინაძე და ბორის წიფურია იყვნენ დანიშნული. რეპეტიციებს თითქმის სულ კარლო საკანდელიძე გადიოდა. რამაზ ჩხიკვაძე პარტერიდან ადევნებდა თვალს. ერთ დღესაც მაესტრომ რამაზ ჩხიკვაძე სცენაზე იხმო. „დილას წელკავი დამეტაკა და წელში ვერ ვიმართებოდი. ძლივს ავდექი და ვთხოვე, მოდი, ქოსიკოს როლს მოვსინჯავ-მეთქი. არაფერი უთქვამს, მე წელში ოთხად მოხრილი და ათჯერ მოკაკული, კვნესით, ტკივილისგან უნებლიე წამოყვირებით, რის ვაი-ვაგლახით ავედი სცენაზე და იატაკზე ჩავჯექი, ქოსიკოს პირველი სიტყვები ასე დამჯდარმა წამოვიკნავლე. მიშა წამოხტა, სახე გაუბრწყინდა და იყვირა: განაგრძე რეპეტიცია, იჯექი მანდ. დაიწყე… კარგია ეგ რადიკულიტიც. მე მგონი, მიშამ იფიქრა, ეს ყველაფერი ამ როლისთვის საგანგებოდ მოვიგონე და აღფრთოვანდა. აი, მაშინ გადაწყდა ჩემი ამ როლზე დანიშვნაც, ასე დავტოვეთ სპექტაკლში ჩემი წელკავიც, მიმკვდარი ხმით ლაპარაკიც და ასე დაიბადა ქოსიკოს ნიღაბი (რამაზ ჩხიკვაძე)“.

ასე იწყებოდა დიდი
ტანდემი

რამაზ ჩხიკვაძისა და რობერტ სტურუას პირველი შეხვედრა ჟაკ რობერის „შეხვედრაში“ შედგა. შემდეგ „მზიან ღამეშიც“, „ხანუმაშიც“. მათი ბედი ერთმანეთს ჩაეწნა. „ხანუმა“ მათი თანამშრომლობის ახალი ეტაპი იყო, რომელიც „სამანიშვილის დედინაცვლით“ დაგვირგვინდა, მათი ტანდემის საბოლოო ფორმირება კი „ყვარყვარეში“ ხდება. სწორედ ეს დიდი ტანდემი მოუტანს მსოფლიო აღიარებას რუსთაველის თეატრს… ნოდარ გურაბანიძის თქმით, „ყვარყვარე“ პირველი სპექტაკლია იმ თეატრისა, რომელსაც დღეს „რობერტ სტურუას თეატრი“ ჰქვია.
„ყვარყვარე“ პრემიერამდე 11-ჯერ გასინჯა ცეკას 3-4-კაციანმა კომისიამ. პრემიერაზე თეატრს მთელი თბილისი მიაწყდა, 200 ანშლაგის შემდეგ, სპექტაკლი მოხსნეს  – „ყვარყვარეში“ ჩართული იყო სცენა ბრეხტის „არტურო უის კაროერიდან“ და თეატრს ბერტოლდ ბრეხტის ქალიშვილმა და სიძემ უჩივლეს, თანხას არ გვიხდიანო. იძულებული გახდნენ, სპექტაკლი მოეხსნათ…
რამაზ ჩხიკვაძე: „მეც და რობიკოც ვამბობთ ხოლმე, ჩვენი ყველაზე კარგი სპექტაკლი იყო „ყვარყვარე“, ყველაზე ძლიერი, საინტერესო. ცოტა დროსაც კი გაუსწრო და მაყურებელმა მაინცდამაინც ვერ აღიქვა. „ყვარყვარე“, სხვათა შორის, გადაღებული იყო და წაშალეს, აბა შეიძლება ეს? ისე მინდა ვნახო ის სპექტაკლი, მაინტერესებს, მაგრამ არ არის, ვიღაცამ აიღო და წაშალა, სხვა გადაცემისთვის სჭირდებოდათო, კოლმეურნეობის რაღაც გადაუწერიათ. ვეღარ გავიგე, შემთხვევით იყო თუ ბოროტგანზრახვით…“
აზდაკი!!! რიჩარდი!!!
„ყვარყვარეს“ შემდეგ იყო დაუვიწყარი „კავკასიური ცარცის წრე“, რომლითაც თეატრმა საბჭოთა წრე გაარღვია და საგასტროლოდ გავიდა საზღვარგარეთ, გერმანიაში – ზაარბრიუკენსა და დიუსელდორფში. ტაშის მოძულე, ცალხელა დიუსელდორფს მეორე ხელს რამაზი გამოაბამს – გამოვა თუ არა სცენაზე, დარბაზი ტაშით დაინგრევა…
გერმანიას მოჰყვა მექსიკა – ფესტივალი „სერვანტინო-5“. ჩხიკვაძეს „მსოფლიო მნიშვნელობის თეატრალური ვარსკვლავი“ სწორედ მექსიკაში უწოდეს. ინგლისელმა მაიკლ კოვენმა კი „ფაინენშალ თაიმსში“ დაწერა: „რამაზ ჩხიკვაძე ერთ-ერთი უდიდესი მსახიობთაგანია, ვინც ოდესმე მინახავს… ჩხიკვაძე კავკასიელი ლორენს ოლივიეა, რომელიც სცენიდან მომხიბლაობას, სიკეთესა და სიბრძნეს აფრქვევს“. იგივე მაიკლ კოვენი მოგვიანებით გამოაცხადებს, რომ მზადაა, ლონდონიდან თბილისში ფეხით ჩავიდეს რამაზ ჩხიკვაძის რიჩარდის როლში სანახავად.
სტურუას „კავკასიური ცარცის წრე“ შესულია მეოცე საუკუნის მსოფლიოს ას საუკეთესო სპექტაკლში. რამაზ ჩხიკვაძის რიჩარდ მესამე ყველა დროის რიჩარდების ათეულშია.
თუმცა, თავიდან საქართველოში ყველა არ შეაფასებს ასე. მაგრამ მერე გაისუსებიან, როცა „რიჩარდი“ ედინბურგსა და ლონდონის „რაუნდ ჰაუზს“ დაიპყრობს. ედინბურგში გამოსვლის შემდეგ, შოტლანდიის უპირველესმა გაზეთმა „ობსერვერმა“ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით –
„რამაზი კავკასიის მეფე“.
ედინბურგში და „რაუნდ ჰაუზში“ ფენომენალური წარმატების შემდეგ ინგლისური თეატრალური სამყარო რამაზ ჩხიკვაძეს მეოცე საუკუნის უდიდეს მსახიობად აღიარებს. „რამაზ ჩხიკვაძე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მსახიობია“ („თაიმსი“). 1987 წელს მას იწვევენ ლონდონში, მსოფლიოს ვარსკვლავთა გალაკონცერტზე, სადაც ორ ნაწყვეტს თამაშობს „მეფე ლირიდან“. პატნიორობას ვანესა რედგრეივი უწევდა, რომელმაც კორდელიას როლის ნაწყვეტი რამაზის პატივსაცემად ქართულად ისწავლა და ქართულად თამაშობდა კორდელიას.
ინგლისში, ქალაქ ლესტერში 1988 წელს რამაზ ჩხიკვაძეს ბენეფისი გაუმართეს, იქ ეთაყვანებოდნენ, ამ დროს კი აქ სტურუაზე განაწყენებული რეზო მიშველაძე ჟურნალ „კრიტიკაში“ წერდა, რომ თითქოს უცხოეთის პრესა თეატრის მიერ იყო მოქრთამულ-მოსყიდული და ხოტბა-დიდებით აღსავსე წერილებიც ამიტომ იბეჭდებოდა.
ამ „ლოგიკით“ სტურუა და ჩხიკვაძე მსოფლიო მედია-მაგნატები გამოდიან, რომელთაც შეძლეს მოესყიდათ „ფაინენშალ თაიმსი“, „თაიმსი“, „ნიუ-იორკ თაიმსი“, „ობსერვერი“, „გარდიანი“, „ლა ფიგარო“… მთელი მსოფლიოს პრესა…
რამაზ ჩხიკვაძის ბოლო როლი რუსთაველის თეატრში მეფე ლირია.
„აი, საქართველოს ლირი, ტირანი ქარიშხალში“, – წერდა იტალიური „კორიერე დე ლა სერა“.
90-იანი წლებიდან ქარიშხალი მინელდა. ის ტოვებს თეატრს და მიდის. სცენის გარეშე რჩება…
ნატაშა
რამაზ ჩხიკვაძე: „ნატაშა სრულიად მოულოდნელად გავიცანი. გურამ საღარაძესთან ერთად, ბათუმიდან გემით სამოგზაუროდ ოდესაში მივდიოდი. ნატაშა თავის დაქალთან ერთად ამოვიდა იალტაში. ვკითხეთ, საით მიბრძანდებით? ოდესაში მივდივართ, იქიდან – მოსკოვშიო. მაშინ გავიცანი, დავახლოვდით, ერთი, მეორე… მერე როგორც ხდება ყველაფერი… ბევრი მძიმე დღეც გვახსოვს და ბევრი ხელისშემშლელი პირობაც, ბევრი ჭორი, ბევრი უბედურება… რა არ გადავიტანეთ, მაგრამ მაინც ჩვენი გავიტანეთ… ჩემი ცოლი არც სოკრატეა და არც არისტოტელე, ჩვეულებრივად განათლებული ქალია, საკანდიდატო დისერტაცია აქვს დაცული, საერთოდ გამჭრიახი გონების პატრონია. ჭკვიანი ქალი კარგია, აბა, უჭკუო ვის რად უნდა? რა გითხრათ, ჩვენ დიდი შეხლა-შემოხლა არ გვქონია (იცინის), როცა ქალი ნორმალურად ჭკვიანობს, ასატანია… ნატაშა არასოდეს მაქებდა და მუდამ კრიტიკული იყო ჩემ მიმართ, ამით ძალიან მეხმარებოდა. ბევრი ცოლი შეყვარებულია ქმრის შემოქმედებაზე და სულ ტაშს უკრავს, „ო, რა კარგია, ო, რა კარგია“. ეს, რა თქმა უნდა, მაინც ცუდად მოქმედებს ადამიანზე, განსაკუთრებით თავიდან, სანამ სპექტაკლი ჩამოუყალიბებელია, დაუღვინებელია, ადამიანს ძალიან გჭირდება მკაცრი მოპყრობა, ნაადრევად ზედმეტი ტაში-ტუში არ ვარგა… ნატაშას ძალიან უყვარდა და უყვარს რუსთაველის თეატრი, ამ თეატრით ცხოვრობდა ის ჩემთან ერთად, ძალიან ცდილობდა დახმარებას და ბევრი გასტროლიც გააკეთა. თეატრი გაიყვანა ესპანეთში, ისრაელში, სხვადასხვა ქვეყნებში. ასე მუშაობდა, კონტაქტებს ამყარებდა იქაურ პროდიუსერებთან და შედეგიც კარგი იყო. ასე რომ, პატარა დამსახურება მართლაც აქვს ამ მხრივ…“

რამაზი დღეს
როცა შევარდნაძე საქართველოში ჩამოვიდა – ლია ელიავას ინფარქტი დაემართა. შევარდნაძის წასვლისას – რამაზ ჩხიკვაძეს ჰქონდა გულზე პრობლემები. მისი „მოსვლა-წასვლა“ ორი ხელოვანის კარდიოგრამაზე აისახა: „ახლაც ავად ვარ, ძალიან დავსუსტდი, არ ვიცი, როდის აღვიდგენ ძალას… მე სიმსივნე მქონდა ცოტა ისეთი, ნაღდი სიმსივნე… ადამიანი იბადება და უნდა წავიდეს კიდეც ამ ქვეყნიდან, აქ საპანიკო არაფერია, მაგრამ თუ რაიმეს ეშველება, უნდა გააკეთო ყველაფერი,  სიცოცხლე ვის არ უნდა, კაცო, და მეც მინდა… წამლებში ვარ სულ… უნდა ბევრი ვიარო ჰაერზე, ჰაერი უნდა ვყლაპო ბევრი და საჭმელები უნდა ვჭამო განსაკუთრებული, რომ ჯანმრთელობა აღდგეს…
ცხოვრებაში მიყვარდა შრომა და ქეიფი. მაგრამ ჩვენთვის ჯერ შრომა იყო და მერე ქეიფი. არ არსებობდა, რომ ჩვენ სპექტაკლის წინ გვექეიფა და ვინმე სცენაზე მთვრალი გამოსულიყო. თან, კაცო, დილით რეპეტიცია გვქონდა, მერე კინოსტუდიაში გადაღებაზე გავრბოდით, საღამოს სპექტაკლს ვთამაშობდით, სპექტაკლის შემდეგ ვიქეიფებდით დილამდე და დილით ისევ რეპეტიციაზე მოვდიოდით. ახლა რომ ვფიქრობ, რა ენერგია გვქონდა, კაცო, როგორ ვძლებდით… პირდაპირ საოცარია. ახლა, მაგნაირად ერთი დღე რომ გამაკეთებინა, ამ ქვეყნიდან წავიდოდი კიდეც. ეჰ, ჩვენ, ქართველებმა, არც ღვინის სმა ვიცით ზომიერი და არაც ჭამა… საზღვარგარეთ 3-4 ჭიქას დალევენ და მორჩა, ჩვენ 3 ლიტრას არ ვიკმარებდით… ჩვენ რომ ღვინის სმისა და ჭამის კულტურა გვქონოდა, დარწმუნებული ვარ, წასული ხალხიდან 50% დღესაც ცოცხალი იქნებოდა… ჩვენი თაობის ხალხი, ვინც დავრჩით, ხანდახან დავსხდებით ხოლმე, ვპურმარილობთ. ახლა უკვე ჭკვიანურად ვსვამთ, ისე აღარ ვიხოცავთ თავებს… აირწინაღით რომ მაქვს დალეული ღვინო, ხომ იცით? ახლა აღარ ვსვამთ აირწინაღებით, აღარც ბოთლებით დალევით ვცდილობთ ერთმანეთის გაკვირვებას და არც ბავშვის „გარშოკებს“ ვითხოვთ… ახლა მოგონებებით ვცხოვრობთ, ხანდახან წავუღიღინებთ ხოლმე, ბებერი ხმებით. ოღონდ ბევრ ხალხში ქეიფი არც ადრე მიყვარდა და არც ახლა შემიძლია. აი, ქორწილი რომ არის და დამპატიჟებენ, არ ვიცი, სად წავიდე, რა მოვიმიზეზო… დანაყრდები ნახევარ საათში, მეტი რამდენი უნდა ჭამო? მერე აღარ იცი, რა აკეთო. ისიც, თუ ჭკვიანები არიან, კიდევ კარგი, თორემ თუ სროლა ატყდა და ბოთლების რაკარუკი, მაშინ ხომ სულ დამშვენებული მოდიხარ… ჩვენს წრეში ჩხუბი არასოდეს მომხდარა, მაგრამ ხშირად მოვხვედრილვარ ბოთლების რაკირუკში, გამშველებლებიც ვყოფილვართ და… მახსოვს, დილის სპექტაკლი ვითამაშეთ, საღამოსაც სპექტაკლი გვქონდა, ერთი ჩვენი მსახიობი (აცხონოს ღმერთმა), გადაგვეკიდა, წავიდეთ, კარგი პურმარილია გაშლილი, ნუ დავლევთ, უბრალოდ, ვისადილოთ და წამოვიდეთო. ბოლოს და ბოლოს, დაგვითანხმა, წავედით. იმ სართულზე რომ ავედით, რაღაც ხმაური შემოგვესმა. კი არ გვესიამოვნა, მაგრამ რაღას ვიზამდით? იმ კარსაც მივადექით, გააღეს და დარბის დასისხლიანებული ხალხი, ერთმანეთს ურტყამენ, ვინ სკამს ისვრის ვინ – ბოთლს. აბა, ჩავერიეთ, წავიდა გაშველება, რაც ჩვენ მოგვხვდა იმ დღეს… სულ ღვინით დაწუწულები, დასისხლიანებულები, დანგრეულები, დალეწილები წამოვედით. ლუკმა ჩვენ არ გვიჭამია, დახეული პიჯაკებით შემოვედით თეატრში, გაგიჟდნენ, სად იყავით, კაცო, ომში? ახლაც, ავლაბარში, იმ სახლს რომ გავუვლი, ისტერიული ხარხარი მიტყდება…

რა გითხრათ, მე ბედნიერი კაცი ვარ. ისე აეწყო ჩემი ცხოვრება, რომ თეატრშიც სულ მუდამ როლებს მაძლევდნენ, მაძლევდნენ და მაძლევდნენ, კინოშიც სამუშაო ყოველთვის მქონდა. თავიდან ტელევიზია  შეიქმნა და სულ მე და ეროსი ვიყავით ყველა დადგმაში… სამუშაო არ მომკლებია, ყელამდე მქონდა, იმდენი მქონდა, რომ მეტი იყო უკვე, აღარ შეიძლებოდა იმის ატანა. ეს იყო ყველაზე დიდი ბედნიერება. მერე ის სპექტაკლები, სადაც მე ვმონაწილეობდი, კარგი სპექტაკლები იყო. ჯერ მიშა თუმანიშვილის დროს, მერე რობიკოს დროს, მთელი რიგი სპექტაკლებისა, რომელიც ზედიზედ კარგი და კარგი იყო. ამდენი გასტროლი, ამდენი წარმატება… ჩემისთანა კაცი შეიძლება რომ ნაწყენი იყოს კიდევ რამეზე? ხშირად მეკითხებიან, არის რამე როლი, რომ გინდოდათ, გეთამაშათ და გული გწყდებათ, რომ არ ითამაშეთო? არა, კაცო, არა, როგორ შეიძლება, რა ღორმუცელობაა, კიდევ როლი რომ მომენდომებინა?! არა, ბატონო, არ ყოფილა, პირიქით, ზედმეტად ვიყავი დატვირთული ყოველთვის და მადლობას ვუხდი ღმერთს ამისთვის…“

დაიბეჭდა “პრაიმტაიმში”

ინტერვიუ რამაზ ჩხიკვაძესთან

რეზო შატაკიშვილი

(ინტერვიუ დაიბეჭდა 2005 წელს, გაზეთ „ქრონიკაში“)

ხანგძლივ მოლოდინს წერტილი დაესვა განახლებული რუსთველის თეატრი გაიხსნა. თუმცა, ძნელია იმის თქმა რას ელოდა მაყურებელი, მხოლოდ თეატრის გახსნას თუ ამ თეატრის სცენაზე ლეგენდად ქცეული კავკასიური ცარცის წრისდა რამაზ ჩხიკვაძის კიდევ ერთხელ ნახვას. დიდ არტისტთან და საუკუნის სპექტაკლთან შეხვედრა ვერ შედგა ბატონ რამაზის ავადმყოფობის გამო.

კავკასიური ცარცის წრესაუკუნის სპექტაკლი, თანაც არა მხოლოდ ქართული მასშტაბით. რუსეთის ხელოვნებადმცოდნეობის სახელმწიფო ინსიტუტუმა გამოსცა მეოცე საუკუნის სპექტაკლები“, სადაც მსოფლიოს ასი საუკეთესო სპექტაკლია შესული, რაც კი მეოცე საუკუნეში დადგმულა. ას სპექტაკლში ქართული თეატრის მხოლოდ ორი სპექტაკლია შესული ახმეტელის დადგმული ყაჩაღებიდა სტურუას კავკასიური ცარცის წრე“…

რამაზ ჩხიკვაძე მართლაც რომ ბედის ნებიერია. მისთვის ყველა იმეტებდა იმას, რისი მიცემაც შეეძლო.

ღმერთმა ნიჭი, შრომისმოყვარეობა, იღბალი მისცა. თუმანიშვილმა და სტურუამ როლები, მაყურებელმა უანგარო სიყვარული. კრიტიკოსებმა ხოტბა-დიდება. ინგლისელმა კრიტიკოსმა, მაიკლ კოვენმა, რიჩარდისნახვის სემდეგ მას კავკასიელი ლორენს ოლივიეუწოდა…

რამაზ ჩხიკვაძის სცენაზე ხილვის სიამოვნებას, ვერანაირად ვერ შეცვლის ეს ინტერვიუ, მაგრამ ჩვენ ასე ვცადეთ აგვეღნიშნა ქვეყნის პირველი თეატრის განახლება პირველი თეატრის პირველ არტისტთან საუბრით…

ბატონო რამაზ, განახლებული რუსთაველის თეატრი კავკასიური ცარცის წრითუნდა გახსნილიყო, სცენაზე თქვენს ხილვას მაყურებელი მოუთმენლად ელოდა. არ გწყდებათ გული, განახლებული თეატრი უთქვენოდ რომ იხსნება? ბატონო რამაზ, ექნება მაყურებელს საუკუნის სპექტაკლის კიდევ ერთხელ ხილვის საშაულება, ითამაშებთ კავკასიურს“?

– ჩემს გარეშე, თუ სხვის გარეშე, მთავარია რომ რუსთაველის თეატრში კიდევ ერთი სეზონი გაიხსნა. ჩემთვის ეს სეზონი 54-ე სეზონია. თავიდანვე ვიცოდი რომ „კავკასიურით“ უნდოდათ გახსნა, მეც მზად ვიყავი. ხალხს უყვარს ეს სპექტაკლი, წამოიზარდა თაობა, რომელსაც არ უნახავს ეს სპექტაკლი და აინტერესებთ, რა არის ეს „კავკასიური ცარცის წრე“. მოკლედ, კარგი იყო რომ „კავკასიურით“ გაგვეხსნა, მაგრამ ვერ შევძელი თამაში, დიდი ოპერაცია გავიკეთე, ძალიან ავად ვიყავი და ახლაც ავად ვარ, ძალიან დავსუსტდი, არ ვიცი როდის აღვიდგენ ძალას… ძალღონე თუ მოვიკრიფე რომ სცენაზე გამოვიდე, დიდი სიამოვნებით, ყველაზე მეტად მე მინდა, რომ ვითამაშო, მაგრამ უკვე წლები თავისას შვება, თანაც წლებს გავუძლებდი, მაგრამ… მე სიმსივნე მქონდა ცოტა ისეთი, ნაღდი სიმსივნე… ახლაც ისევ უნდა წავიდე ავსტრიაში, უნდა ვეჩვენო ექიმს, უნდა გაიგონ, ხომ არ ამოიყარა ისევ… 78 წლის ვხდები, ამდენს რომ იცხოვრებ, არც არაფრის უნდა გეშინოდეს. ადამიანი იბადება და უნდა წავიდეს კიდეც ამ ქვეყნიდან, აქ საპანიკო არაფერია, მაგრამ თუ რაიმეს ეშველება, უნდა გააკეთო ყველაფერი,  სიცოცხლე ვის არ უნდა კაცო და მეც მინდა (იცინის)...  ღმერთმა ქნას რომ ეს სეზონი წარმატებული იყოს, საინტერესო სპექტაკლები დაიდგას. მითუმეტეს, ჩვენ ასეთი პირობები არ გვქონდა, ახლა კი ამ განახლების შემდეგ ყველა პირობაა მსახიობებისთვის, რეჟისორებისთვის და მთავარია ისეთი სპექტაკლები დავდგათ, რომელიც შესატყვისება ამ განახლებულ თეატრს. ღმერთმა დალოცოს ბიძინა ივანიშვილი, ეს საოცარი პიროვნება ჩვენი თეატრის აღორძინებისათვის.

ამ სეზონზე, მაყურებლის წინაშე უნდა წარსდგეს ის თაობა, რომელიც ბოლოს მიიღეს რუსთაველის თეატრში. თქვენ თუ იცნობთ მათ შემოქმედებას, ან შორიდან თუ მიგიდევნებიათ თვალი, როგორ ფიქრობთ, აქვთ მათ ის პოტენცია რომ გააგრძელონ დიდი თეატრის დიდი ტრადიციები?

– როგორ არა… ბევრმა იცის, აი, თქვენი თაობა წავიდა, ვინ არის და იქნება თუ არა შემცვლელი, ეჭვი ეპარებათ, ასე არ არის, ძალიან საინტერესო ახალგაზრდობაა მოსული როგორც ჩვენთან, ისე სხვა თეატრებში. ყველაფერს, მათ შორის დაოსტატებას დრო სჭირდება, დღეს თუ კარგად გამოიყურებიან ამა თუ იმ სპექტაკლებში, ხვალ და ზეგ კიდევ უკეთესნი იქნებიან. იმ დღეს რეპეტიციასაც დავესწარი, ახალ სპექტაკლს დგამს რობერტი, მომეწონენ ახალგაზრდა მსახიობები, თავის მოვალეობას ასრულებენ, უნდა ვიფიქროთ რომ ეს ხალხი გაიზრდება და კიდევ უფრო კარგი შედეგები ექნებათ, შეიძლება უკეთესი სიტყვაც თქვან, ვიდრე ჩვენ ვამბობდით, ღმერთმა ინებოს და ასე იყოს.

ბატონო რამაზ, ერთხელ ვერიკო ანჯაფარიძეს კითხეს, არ მოგწყინდათ ამდენ კინფლიქტებიო? ქალბატონმა ვერიკოს უპასუხია, რა მოგვაბეზრებს, თეატრი ნფლიქტიაო. თქვენ რამდენად გახებოდათ ეს კონფლიქტები, ინტრიგები, რაც ყველგანაა, მითუმეტეს თეატრში.

– არა, ხაზგასმულად ასეთი არაფერი მახსოვს რომ ან მე დამიპირისპირდნენ, ან მე დავპირისპირებულიყავი ვინმეს. თეატრში კონფლიქტი იყო და იქნება კიდევაც, მაგრამ გააჩნია რა ზომის არის ეს კონფლიქტი. ადრე, მარჯანიშვილის და ახმეტელის დროს მოხდა ისეთი კონფლიქტი რომ საერთოდ გაიყვნენ და ორ თეატრად ჩამოყალიბდნენ. როცა მოვიდა მიშა თუმანიშვილი, შემდეგ თემური ჩხეიძე, რობერტ სტურუა, რა თქმა უნდა უნდოდათ რაღაც ახალი სიტყვის თქმა და იყო პატარა კონფლიქტები ძველ თაობასთან, მაგრამ ამ ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა და დიდი მსხვერპლი არ მოუტანია, მე საერთოდ ნაკლებად ვიღებდი კონფლიქტებში მოანწილეობას. არ მიყვარს მე ასეთი ამბები.

რუსთაველის თეატრიდან მარჯანიშვილის წასვლაში დიდი როლი ითამაშა მისმა მიყვანილმა ახმეტელმა. შემდეგ ახმეტელის წასვლაში ითამაშეს დიდი როლი მისმა აღზრდილმა ვასაძემ და ხორავამ. შემდეგ ხორავა გაუშვეს მათ მიერ თეატრში მოყვანილმა ახალგაზრდებმა დვალიშვილმა, თუმანიშვილმა, შემდეგ თავად თუმანიშვილი გაუშვეს… სტურუა 3 ათეულ წელიწადზე მეტია მაგრად დგას, თქვენი აზრით, როგორ ახერხებს სტურუა ამას?

– მსგავსი რამ ყველა თეატრებში ხდება, გააჩნია ვინ როგორ გააგრძელებს ამ გზას, იგივე თუმანიშვილმა და სტურუამ თავისი სიტყვა თქვეს და ამით თეატრს არაფერი წაუგია. რობერტ სტურუა ისეთი მოწინავე რეჟისორია ჯერ ფარ-ხმალს არ ყრის, ან რად უნდა დაყაროს, ჯერ კიდევ ბევრის გაკეთება შეუძლია. შემცვლელი კი ჯერ არ ჩანს, რომ რომ დაეტაკოს და სტურუა წააქციოს. ასე რომ, ჯერჯერობით რამოდენიმე წელიწადი საშიშროება არა აქვს რობერტს… (იცინის).  ერთხელ მიშა თუმანიშვილმა მითხრა, რუსთაველზე ვიდექით სწორედ თეატრის წინ, რა უკვირთ, კაცო, უფროსებსო, ახლა ჩვენ მოვედით, ისინიც ხომ მოვიდნენ ვიღაცის შემდეგო, მოვა დრო და მეც გამაგდებენ თეატრიდანო, მაინც ასე მოხდა ხომ? არა, მიშა არავის გაუგდუია და არც არავის ცუდი არ გაუკეთებია მისთვის რომ წასულიყო. მას თავის წიგნისათვის, უფრო საინტერესო წასაკითხი რომ გაეხადა, ბევრი რამ მოგონილი აქვს, არაფერი მაგდაგვარი თეატრში არ მომხდარა მისი საწინააღმდეგო…

არსებობს ასეთი ინფორმაცია რომ თავის დროზე, როცა რუსთაველის თეატრმა საბჭოთა კავშირის რკინის ფარდა გაარღვია და საზღვარგარეთ გავიდა საგასტროლოდ, თქვენმა მეუღლემ ნატაშამ დიდი როლი ითამაშა ამ პროცესში. მართლაც ასე იყო? უნდა უმადლოდეს თუ არა ქაღტული თეატრის ისტორია ქალბატონ ნატაშას?

– ნატაშას ძალიან უყვარდა და უყვარს რუსაველის თეატრი, ამ თეატრით ცხოვრობდა ის ჩემთან ერთად, ძალიან ცდილობდა დახმარებას და ბევრი გასტროლებიც გააკეთა. თეატრი გაიყვანა ესპანეთში, ისრაელში, სხვსადასხვა ქვეყნებში. მარჯანიშვილის თეატრსაც გაუკეთა გასტროლები იაპონიაში, გერმანიაში. ასე მუშაობდა, კონტაქტებს ამყარებდა იქაურ პროდიუსერებთან და შედეგიც კარგი იყო, ასე რომ პატარა დამსახურება მართლაც აქვს ამ მხრივ. მაგას სპექტაკლები არ დაუდგამს, შორს იყო მაგ საქმისგან, მაგრამ უნდოდა რომ კარგი სპექტაკლი ენახა სხვადასხვა ქვეყნის მაყურებელს, ამას ახრეხებდა შიგადაშიგ, ეს იყო და ეს იყო.

ქალბატონი ნატაშა როგორ გაცანით, როგორ დაოჯახდით?

– სრულიად მოულოდნელად გავიცანი. გურამ საღარაძესთან ერთად,

ბათუმიდან გემით სამოგზაუროდ ოდესაში მივდიოდი. ნატაშა თავის დაქალთან ერთად ამოვიდა იალტაში. ვკითხეთ, საით მიბრძანდებით? ოდესაში მივდივართ, იქდან მოსკოვშიო. მაშინ გავიცანი, დავახლოვდით, ერთი, მეორე… მერე როგორც ხდება ყველაფერი… ბევრი მძიმე დღეებიც გვახსოვს და ბევრი ხელისშემშლელი პირობებიც, ბევრი ჭორი, ბევრი უბედურება… რა არ გადავიტანეთ, მაგრამ მაინც ჩვენი გავიტანეთ.

ბატონო რამაზ, ნათქვამია კაცებს ჭკვიანი ქალები არ მოსოწნოთ, გაურბიანო, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით თქვენზე. თქვენ თუ გქიმნიდათ რაიმე დისკომფორტს ის ფაქტი რომ სახლში ჭკვიანი ცოლი გყავთ?

– ახლა (იცინის)… ჩემი ცოლი სოკრატე არ არის და არც არისტოტელე, მაგრამ ჩვეულებრივად განათლებული ქალია, უმაღლესი აქვს დამთავრებული, საკანდიდატო დისერტაცია აქვს დაცული, საერთოდ გამჭრიახი გონება აქვს. ჭკვიანი ქალი კარგია, აბა უჭკუო აბა ვის რად უნდა? რა გითხრათ, ჩვენ დიდი შეხლა-შემოხლა არ გვქონია, (იცინის), როცა ქალი ნორმალურად ჭკვიანობს ასატანია…

თქვენ როგორ გიწყობდათ ხელს ქლაბატონი ნატაშა, თქვენი კარიერის მანძილზე?

– იმით რომ არ მაქებდა და მუდამ კრიტიკული იყო ჩემი შემოქმედების მიმართ. ბევრი ცოლი შეყვარებულია ქმრის შემოქმედებაზე და სულ ტაში უკრავს, „ო, რა კარგია, ო, რა კარგია“, ეს რა თქმა უნდა მაინც ცუდად მოქმედებს ადამიანზე, განსაკუთრებით თავიდან სანამ სპექტაკლი ჩამოუყალიბებელია, დაუღვინებელია, ადამიანს ძალიან გჭირდება მკაცრი მოპყრობა, ნაადრევად ზედმეტი ტაში-ტუში არ ვარგა. ნატაშა ძალიან კრიტიკული იყო და ამ მხერივ ძალიან მეხმარებოდა. საერთოდ,  სულ იმას ვამბობ, სპექტაკლი უნდა ჩამოყალიბდეს, დაღვინდეს.

როცა „რიჩარდის“, „კავკასიურის“ ჩანაწერებს ვუყურებ, არ მომწონს, იმიტომ რომ ისინი პრემიერის დღეებშია გადაღებული, სპექტაკლი არ არის დაღვინებული, დასრულებული.. არადა ეს რჩება ისტორიაში, უყურებს ხალხი და ფიქრობს, ნეტა რა აგიჟებდათ ამ სპექტაკლში, ამ თამაშშიო. მე მაგალითად, „კავკასიურში“, თვითონ დავამატე ბევრი რეპლიკა, რომელიც სპექტაკლსაც მოუხდა და მაყურებელმაც აიტაცა, მაგრამ ეს იმ ჩანაწერებში არაა, ვერც იქნება, იმიტომ რომ მერე და მერე დავამატე. ახლა ჩემს ჩამოსვლამდე, უჩვენებიათ „რიჩარდი“, მე არ ვიცი რომელი გადაღებაა, მაგრამ არ შეიძლება ეს ის რიჩარდი იყოს, რომელსაც ვთამაშობდით, 30-40 სპექტაკლის შემდეგ. დამწიფება სპექტაკლსაც სჭირდება, განსაკუთრებით ისეთ ავტორებს როგორიცაა შექსპირი, ბრეხტი. შექსპირი ისეთია, გგონია გამართე სცენა, დიალოგი თუ მონოლოგი, დაიწყებ, გადადგამ ნაბიჯს და „დგუპ“ ჩავარდები ისევ, სულ დაგენგრევა ის ილუზია რომ მზად გაქვს ის სცენა… ყველაფერს დრო სჭირდება, მაყურებელი ზრდის სპექტაკლს.

ძალიან მწყდება გული, რამდენი გრანდიოზული სპექტაკლი ითამაშა ჩვენმა წინა თაობამ, ხორავამ, ვასაძემ, არაფერი არ არის აღბეჭდილი ფირზე. ჩვენ დროს გაჩნდა ამის საშუალება, მაგრამ მაინც არ არის ბევრი სპექტაკლი გადაღებული. მაგალიად, ისეთი სპექტაკლი, როგორიც იყო „ყვარყვარე“. მეც და რობიკოც ვამბობთ ხოლმე, ჩვენი ყველაზე კარგი სპექტაკლი იყო „ყვარყვარე“, ყველაზე ძლიერი, საინტერესო. ცოტა დროსაც კი გაუსწრო და მაყურებელმა მაინცდამაინც ვერ აღიქვა.

თუმცა ყველაფერს ძალიან კარგად მიხვდა იმდროინდელი ხელისუფლება და მაქსიმალურად მიჩქმალეს კიდეც.

– კი… „ყვარუყვარე“  სხვათაშორის გადაღებული იყო და წაშალეს, აბა შეიძლება ეს? ისე მინდა ვნახო ის სპექტაკლი, მაინტერესებს, მაგრამ არ არის, ვიღაცამ აიღო და წაშალა, სხვა გადაცემისთვის სჭირდებოდათო და კოლმეურნეობის რაღაც გადაუწერიათ.

ეს შემთხვევით მოხდებოდა ვითომ?

– რა ვიცი, ვეღარ გავიგე შემთხვევით იყო თუ ბოროტგანზრახვით. „ხანუმა“ არ არის გადაღებული… არადა ისეთი სპექტაკლი იყო, ახალგაზრდობა დღესაც დაისვენებდა, იცინებდა.

რატომ ხომ აჩვენებენ ხოლმე ფრაგმენტებს ხანუმადან“?

– ფრაგმენტები არის, მაგრამ ისიც სპექტაკლიდან არ არის, ტელევიზიაში დადგეს დეკორაციები და სცენები გვათამაშეს მაყურებლის გარეშე. მაყურებლის გარეშე ნათამაშებ კომედია რის მაქნისია? თუ შენს სიტყვას მაყურებლის რეაქცია არ მოჰყვა, კომედიას ვერ ითამაშებ, კომედიის დროს პირდაპირი კონტაქტი გაქვს მაყურებელთან. ამიტომ არის კომედიის პირველი სპექტაკლის თამაში რთული, შენ არ იცი სად ატეხს მაყურებელი ხარხარს რომ პაუზა იქ დაიჭირო, თუ მაყურებლის გაჩუმებას არ დაელოდე და ილაპარაკე, ის რეპლიკები დაგეკარგება, ყველაფერს თავის ეშმაკობა უნდა და არტისრტმა უნდა იცოდეს სად დაიჭიროს პაუზა, მერე იმ პაუზასაც შევსება უნდა, გაშტერებული ხომ არ იდგები, რაღაც უნდა აკეთო ამ დროს და გაჩუმდება თუ არა მაყურებელი, მაშინვე გაგრძელო. ჩვენ ზუსტად გვაქვს გამოანგარიშებული, სად ატეხავენ სიცილს, სად მოგვიწევს პაუზის დაჭერა, მაგრამ როცა სპექტაკლს მაყურებლის გარეშე იღებ, ზედიზედ აყრი ამ სცენებს და აღარ აქვს ის გემო.

კარგით, ბატონო რამაზ, დღეს როგორ ცხოვრობთ, როგორ ატარებთ დროს?

– როგორ ვატარებ, რა… წამლებში ვარ სულ… უნდა ბევრი ვიარო ჰაერზე, ჰაერი უნდა ვყლაპო ბევრი და საჭმელები უნდა ვჭამო განსაკუთრებული, რომ ჯანმრთელობა აღსდგეს, ძალიან სუსტად ვარ, მალე ვიღლები. ახლა, რომ ვილაპარაკეთ, საშინელი დაღლილი ვარ, აღარაფერად ვარგივარ, ერთი საათი უნდა დავწვე. ჰაერზე სიარული არ მიყვარს, მაგრამ მიწევს… არა, ბუნებაში სუფთა ჰაერზე სიარულს რა სჯობს, ან ზღვისპირას რომ დადიხარ და დადიხარ… მაგრამ აქ ქალაქში სად უნდა იარო კაცო? მარტო მიდიხარ, მოდიხარ. მანქანები, ერთი, მეორე, ყოველთვის კუს ტბაზე ხომ ვერ ივლი, ხან წვიმს… აი, მე მიყვარს ბაზარში სიარული… ათასნაირი ადამიანი გხვდება, მათ მოქმდდებას, მათ დიალოგებს უგდებ ყურს, ნამდვილი სიცოცხლე ბაზრებში დუღს. იქ ყველაზე აშკარად ვლინდება, რა ქვეყანაა, რა მდგომარეობაა, უჭირს თუ არ უჭირს ხალხს, რა ხდება.

ბოლოს როდის იყავით თბილისურ ბაზარში?

– აი, ახლა რომ ჩამოვედი, ვიყავი ბაზარში. ყველა ერთს იძახის რომ არა აქვთ ფული. ეს ისედაც ეტყობა ბაზარს. ძვირიან საქონელთან, მაგალითად ხორცთან არ არის ხალხი. ხალხმრავლობა კი არის ვითომ ბაზარში, მაგრამ მყიდველი ცოტაა, რომელ გამყიდველთანაც არ მიხვალ, იდექი თუ გინდა ნახევარი საათი, ევაჭერე და ილაპარაკე, ადრე ცოტა, ისე იყო, „ჩაიწით ამხანაგო, ჩვენც საქმე გვაქვსო“.

რა ამის პასუხია და 90-იანი წლების დასაწყისში, როცა შევარდნაძე საქართველოში ჩამოვიდა, ქალბატონ ლია ელიაავს ინფარქტი დაემართა, მისი წასვლილასას თქვენ გქონდათ გულზე პრობლემები მისი მმართველობის დასაწყისი და დასასრული ორი ადმიანის კარდიოგრამაზე აისახა…

იცი რა, მეც და ძალიან ბევრსაც დიდი იმედი გვქონდა შევარდნაძის. მერე და მერეც სულ მეგონა რომ რაღაცას გააკეთებდა, მაგრამ არფერი კარგი არ გაკეთდა, უფრო და უფრო უკან-უკან წავიდა საქმე, ბოლომდე დააჩოქა ქვეყანა და არაფერი სიკეთე არ დაგვიტოვა ჩვენ რომ რაღაცით პატივი ვცეთ, ან ენერგეტიკა მოეგვარებინა, ან გზები, ან რაღაცა გაეკეთებინა რომ გვეთქვა, აი ეს გააკეთა. ახლა ცოტა რაღაცა სულ რომ არ გააკეთოს პრეზიდენტმა, თვითონ გაკეთდება, ხალხი თვითონ აკეთებს, ყველაფერს თვითინ ხომ არ მიიწერს, არა? მე შევარდნაძეზე არაფერი ცუდი არ მითქვამს ერთი, ორი, ხუთი, შვიდი წლის მანძილზე, იმედი რომ მთლიანად გადამეწურა მერე ვთქვი, თორემ პრეზიდენტსაც უნდა დააცადო. ამ ახალგაზრდებსაც უნდა დავაცადოთ, თორემ ისე არ გამოვა, იმათი დანგრეული ქვეყანა, შენ უცებ ააშენეო. ასე ვერ ააშენებენ, აშენებას დიდი ფული და დრო უნდა. თუ არც ესენი ააშენებენ, არც ამათ დაინდობს ხალხი და ასე უფერულად, გალანძრულებიც წავლენ თავიანთი პოსტებიდან, ცოტა ოპტიმისტურად უნდა შევხედოთ. ძალიან ძნელია, ამ ვითარებაში, მთავრობამ ისეთი ეფექტური და მოულოდნელი რამ გააკეთოს, რომ ჩვენ უცბად ვიგრძნოთ, დავინახოთ შედეგი. დღეს მაგალითად გზა რომ კეთდება, ეს შესანიშნავი, დიდებული საქმეა. ჩვენ წინა პრეზიდენტებს რომ ცოტა ამაზეც ეფიქრათ და იმათ დაეწყოთ გზების კეთება, იგივე ენერგეტიკის აღორძინება, დღეს ჩვენ ასეთ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით. იმათ რომ არაფერი არ გააკეთეს, იმიტომ ვართ ასე ჩამორძჩენილები. რაღაცა ერთი გადაეწყვიტათ, ერთი ამბავი გაეკეთებინათ… კი „ვერ გააკეთეს“, არ გააკეთეს. ან იმდენი ტვინი და ცოდნა არა ჰქონდათ და უტვინოები იყვნენ, ან არადა ბოროტები, მავნებლები და ქურდები იყვნენ. იმდენის ქურდობა უნდოდათ, არაფერზე ფული არა რჩებოდათ რომ ქვეყნისთვის რამე გაეკეთებინათ. დღეს ესენი აკეთებენ, მაგრამ ხალხი მაინც უკმაყოფილო და გაბრაზებულია. არც ესაა გასაკვირი, იმიტომ რომ მანამდე  ჯამაგირს არ მივცემთ ხალხს იმდენს, რომ კაცს პურის ფული ჰქონდეს, შვილს ჩააცვას ფეხზე, წამალი უყიდოს, მანამდე ის მშიერი კაცი, ის უდიდესი ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა, რომელნიც შიმშილის ზღვარზე არიან მისულნი, ისინი ამას ვერ დაგიფასებენ და დიდად გახარებულნი არ იქნებიან. ამ მდგომარებასი მყოფ კაცს არ აინტერესებს თბილისიდან ბათუმამდე კარგი გზა მიდის თუ ცუდი და ნურც დავძრახავთ ამისთვის. მაგრამ რა ქნას მთავრობამ საიდან მისცეს ეს ჯამაგირი, პენსია? ვერ მისცემს სანამ არ გაჩნდება სამუშაო ადგილები, სანამ ფეხზე არ დადგება ეკონომიკა. ამას რა სჭირდება? ენერგეტიკა და გზები, დაიწყეს ამათ გზები და ვნახოთ..

თქვენი წარსულიდან რა გენატრებათ ხოლმე?

– ცხოვრებაში მე მიყვარდა შრომა და ქეიფი. არ მიყვარდა დიდი ქიფი, ბევრი ხალხი. მე მიყვარს, ათი-12 კაცი რომ შეიკრიბება.

ვინ იყვნენ ხოლმე თქვენი საყვარელი პარტნიორები სუფრაზე?

– ჩვენი თაობა – ეროსი, ნოდარ ჩხეიძე, ბადრი კობახიძე, კოტე მახარაძე, ედიშერ მაღალაშვილი, გურამ საღარაძე, კარლო საკანდელიძე… რამოდენიმე კაცი ვმღეროდით, არა გვიშავდა და ვქეიფობდით, სულ ანეგდოტები, სასაცილო ამბები, არავითარი ჩხუბი ჩვენს წრეში არ მომხდარა. მაგრამ ჩვენთვის ჯერ შრომა იყო და მერე ქეიფი, უნდა ჯერ გაგვეკეთებინა ჩვენი საქმე და მერე გვექეიფა. არ არსებობდა რომ ჩვენ სპექტაკლის წინ გვექეიფა და სცენაზე მთვრალი გასმოულიყო. თან კაცო, დილით რეპეტიცია გვქონდა, მერე კინოსტუდიაში გადაღებაზე გავრბოდით, საღამოს სპექტაკლს ვთამაშობდით, სპექტაკლის შემდეგ თუ რაიმე მიზეზი იყო ისეთი, რომ უნდა დავმჯდარიყავით და აგვეღნიშნა, ვიქეიფებდით დილამდე და დილით ისევ რეპეტიციაზე მოვიდოდით. ახლა რომ ვფიქრობ, რა ენერგია გვქონდა კაცო, როგორ ვძლებდით… პირდაპირ საოცარია. ახლა, მაგისნაირად ერთი დღე რომ გამაკეთებინა, მე ამ ქვეყნიდან წავიდოდი კიდევაც. ასეა, ჩვენი თაობიდან თეატრში აღარვინ დარჩა, მარტო თეატრი ხომ არ არის, ჩემი თაობის რამდენი საყვარელი კაცი, მეგობარი გვყავდა გვერდით, ჩირგო, თამაზ მელიავა, რა ვიცი რამდენი, ესენი ყველანი წავიდნენ, აღარავინ არის. ეჰ, ჩვენ ქართველებმა არც ღვინის სმა ვიცით ზომიერი და არაც ჭამა. საზღვარგარეთ 3-4 ჭიქას დალევენ და მორჩა, ჩვენ 3 ლიტრას არ ვკმარებდით, კაცო. ჩვენ რომ ღვინის სმის და ჭამის კულტურა გვქონოდა, დარწმუნებული ვარ რომ  წასული ხალხიდან 50% დღესახ ცოცხალი იქნებოდა… ჩვენი ტაობის ხალხი, ვინც დავრჩით, ხანდახან დავჯდებით ხოლმე, ვპურმარილობთ. ახლა უკვე ჭკვიანურად ვსვამთ, ისე აღარ ვიხოცავთ თავებს… აირწინაღით რომ მაქვს დალეული ღვინო ხომ იცით? ახლა აღარ ვსვამთ აირწინაღებით, აღარც ბოთებით დალევით ვცდილობთ ერთმანეთის გაკვირვებას და არც ბავშვის „გარშოკებს“ ვითხოვთ… ახლა მოგონებებით ვხოვრობთ, ხანდახან წავუღიღინებთ ხოლმე, ბებერი ხმებით. ოღონდ ბევრი ხალხში ქეიფი არ შემიძლია. აი, ქორწილი რომ არის და დამპატიჟებენ, არ ვიცი სად წავიდე თბილისიდან, მერე რომ ვთქვა არ ვიყავი და ამიტომ ვერ მოვედი მეთქი. უკვე აღარ შემიძლია ამის ატანა. დანაყრდები ნახევარ საათში, მეტი რამდენი უნდა ჭამო? მერე აღარ  იცი რა აკეთო. ისიც თუ ჭკვიანები არიან, კიდევ კარგი, თორემ თუ სროლა ატყდა და ბოთლების რაკა-რუკი, მაშინ ხომ სულ დამშვენებული მოდიხარ.

თქვენ წრეში არ ჩხუბობდით, მაგრამ ახალგაზრდობაში თუ მოხვედრილხართ ასეთ სიტუაცუაში, ბოთლების რაკი-რუკში“?

– როგორ არა, ხშირად… ხშირად… გამშველებლებიც ვყოფოივართ და ერთი მეორე. მახსოვს, დილის სპექტაკლი ვიტმაშეთ, საღამოსაც სპექტაკლი გვქონდა, ერთი ჩვენი მსახიობი, (აცხონოს ღმერთმა), გადაგვეკიდა, ხომ მაინც უნდა ვისადილოთ, წავიდეთ, კარგი პურ-მარილია გაშლილი, ნუ დავლევთ, უბრალოდ ვისადილოდ და წამოვიდეთო. ბოლო-ბოლო დაგვითახმა, წავედით. იმ სართულზე რომ ავედით, რაღაცა ხმაური შემოგვედსმა, კი არ გვსეიამოვნა, მაგრამ რაღას ვიზამდით? იმ კარებსაც მივადექით, გააღეს და დარბის დასისხლიანებული ხალხი, ერთმანეთს ურტყამენ, ვინ სკამს ურტყამს, ვინ ბოთლს ისვრის… აბა ჩავერიეთ, წავიდა გაშველება, რაც ჩვენ მოგხვდა იმ დღეს… სულ ღვინით დაწუწულებო, დასისხლიანებულები, დანგრეულები, დალეწილები, წამოვედით. ლუკმა ჩვენ არ გვიჭამია, დახეული პიჯაკებით შემოვედით თეატრში, გაგიჟდნენ თეატრში, სად იყავით კაცო, ომში? ახლაც, ავლაბარში, იმ სახლს რომ გავუვლი ისტერიული ხარხარი მიტყდება…

– ამ გადასახედიდან რაიმეზე თუ გწყდებათ გული, ან ისე თუ გატკინათ გული ვინმემ, რომელიც დღემდე გახსოვთ?

– რა არის იცით, პატარ-პატარა გულის ტკენები ყოველთვის ექნება ადამიანს. მაგრამ თვითონ ადამიანი უნდა ეცადოს, რომ რაღაცას გვერდი აუაროს და არ გააზვიადოს. თორემ, სულ პატარა წყენა შეიძლება ისე გააზვიადო, რომ მტრად გადაიკიდო ადამიანი, ან მტრად გაუხდე და მოსაკლავად გაიმეტო. კაცი, ხანდახან ისეთ გუნებაზეა, ისეთ სიტყვას იტყვის, დაუფიქრებელს, გაუზომელს და ამის მიხვედრის უნარიც უნდა გქონდეს რომ ეს შემთხვევითი ამბავია, რომ იმას გადაუვლის, ხვალ სხვა იქნება… უნდა დაუთმო კაცს. დიდი კონფლიქტები მე არავისთან არა მქონია. რა გითხრათ, მე ბედნიერი კაცი ვარ. ისე აეწყო ჩემი ცხოვრება რომ თეატრშიც სულ მუდამ როლებს მაძლევდნენ, მაძლევდნენ და მაძლევდნენ, კინოშიც, ისევ თვითონ მე თუ ვიტყოდი უარს თეატრის გამო და ვერ ვთამაშობდი, თორემ იქაც სამუშაო ყოველთვის მქონდა. თავიდან ტელევიზია  შეიქმნა და სულ მე და ეროსი ვიყავით ყველა დადგმაში, „მოცარტი და სალიერი“ იქ ვითამაშეთ, ბეთჰოვენი იქ ვითამაშეთ…. ასე რომ სამუშაო მე არ მომკლებია, ყელამდე მქონდა, იმდენი მქონდა რომ მეტი იყო უკვე, აღარ შეიძლებოდა იმის ატანა, ეს იყო ყველაზე დიდი ბედნიერება, მერე ის სპექტაკლები სადაც მე ვმიონაწილეობდი, კარგი სპექტაკლები იყო, ჯერ მიშა თუმანიშვილის დროს, მერე რობიკოს დროს, მთელი რიგი სპექტაკლებისა, რომნელიც ზედაზედ კარგი და კარგი იყო. ამდენი გასტროლი, ამდენი წარმატება… ჩემისთანა კაცი, როგორ შეიძლება რომ ნაწყენი ვიყო კიდე რამეზე? ხშირად მეკითხებიან, არის რამე როლი, რომ გინდოდათ გეთამაშათ და გული გწყდებათ რომ არ ითამაშეთო? არა კაცო, არა, როგორ შეიძლება, რა ღორმუცელობაა, კიდე როლი რომ მომენდომებინა?! არა ბატონო არ ყოფილა, პირიქით, ზედმეტად ვიყავი დატვირთული ყოველთვის და მადლობას ვუხდი ღმერთს ამისთვის.

%d bloggers like this: