Tag Archives: 2008 წლის აგვისტოს ომი

ჩაიცვა და გავარდა ომში… მართლა ღიმილის ბიჭი იყო, ოცი არ გადაეხადა

ნაწილიდან შინ იყო წასული იმ საღამოს, ომი რომ დაიწყო და განგაში გამოცხადდა. ნაწილიდან რომ ურეკავდნენ ტელეფონზე, საუბრობდა და დაკავშირება ვერ მოახერხეს. შემდეგ ძმაკაცმა დაურეკა მის ძმას, განგაშია, გვიბარებენო. სასწრაფოდ დაუკავშირდა ნაწილში დარჩენილ მეგობარს. „ცხინვალში მივყავართ, ძმურად გთხოვ ნუ წამოხვალ, გასული ხარ ნაწილიდან, გაერიდე სიტუაციას“ – ძმაკაცის ამ სიტყვებმა მწყობრიდან გამოიყვანა, მაგ კაცად მიცნობ რომ არ წამოვიდეო?

ჩაიცვა და გავარდა ომში…

მართლა ღიმილის ბიჭი იყო. ოცი არ გადაეხადა. მხოლოდ სექტემბერში შეუსრულდა ოცი წელი, როცა უკვე ამ ქვეყნად აღარ იყო.

ის ლევან მიდელაშვილი იყო. ახალგორის რაიონის სოფელ მიდელაანში დაბადებულ-გაზრდილი გულანთებული ბიჭი.

მასზე ერთი წლით უმცროსი ძმა იხსენებს, რომ ლევანს ხშირად უთქვამს მისთვის, „ვიცი ისე არ მორჩება კონტრაქტი რომ ომი არ იყოსო, მაგრამ სურვილი ჰქონდა, ომის ჟინი ჰქონდა, უყვარდა ჯარი. ბავშვობიდან უყვარდა იარაღი, ჯარი და ბავშვობაში ერთი სული ჰქონდა, სულ ოცნებობდა, 18 წლის როცა გავხდები, ჯარში რომ წავიდეო“.

სწავლა დიდად არ ჰყვარებია, სამაგიეროდ მთაში გაზრდილ ბიჭს ნადირობა და იარაღი იტაცებდა. არადა, მამამისს არც იარაღი ჰყვარებია და არც სანადიროდ დადიოდა. ძველმა გენებმა იჩინა თავი. 14 წლის გახდა თუ არა, სოფლის ბიჭებთან ერთად დაიწყო მთაში სანადიროდ სიარული და როგორც ძმა იხსენებს, შინ არც თუ იშვიათად მიუტანია ნანადირევი დათვი, ჯიხვი, გარეული თხა…

„ხალისიანი, სიცოცხლით და იუმორით სავსე ბიჭი იყო. დაუზარელი. შინაც ეხმარებოდა მშობლებს საქონლის მოვლა-შენახვაში. მეგობრები უყვარდა ძალიან და გართობაც მათთან ერთად, სმაც, ზომიერად. სიმთვრალეში არ ჩხუბობდა“.

ამასობაში ბავშვობამაც გაიქროლა, სკოლა დაამთავრა, 18 წლის გახდა თუ არა, ჯარში გაიწვიეს, ფოთში მსახურობდა, 10 თვის შემდეგ კი თავად მოაწერა ხელი კონტრაქტს, გაიარა კარანტინი და 2007 წლის აგვისტოში ჩაირიცხა მეოთხე ბრიგადაში, 41-ე ბატალიონში. სულ ერთი წელი იმსახურა ვაზიანში. მერე ომიც დაიწყო.

ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, შეყვარებულს დაშორებია.

„შეყვარებული ჰყავდა, თან უყვარდა 3-4 წელი, მაგრამ ომამდე თვეების წინ უთანხმოება მოუვიდათ და თვითონ დაშორდა, თორემ ორივეს უყვარდათ ერთმანეთი. ომამდე გათხოვდა ის გოგო…“

ძმა სევდიანად იხსენებს იმ დღეს, როცა ბოლოს ნახა ომში მიმავალი ძმა.

ვაჟა მიდელაშვილი, ძმა: „ძალიან მოსწონდა ჯარი. ყველაფერი მოსწონდა, ფიზიკური დატვირთვაც, ვარჯიშიც, იარაღიც, ყველაფერი. ყველაფერს გულოდგინედ სწავლობდა. საღამოობით ნაწილიდან გამოდიოდა, შინ მოდიოდა, მაშინ მე და ის თბილსში დეიდაშვილთან ვცხოვრობდით თემქაზე. დაღლილი მოდიოდა ხოლმე… მეც მინდოდა ჯარში წასვლა და როცა ვეტყოდი, მეც უნდა წამოვიდე ჯარში მეთქი, სულ მეუბნებოდა, არ გირჩევო. რომ ვეტყოდი, აბა შენ რატომ წახვედი მეთქი, ჩუმდებოდა, აღარაფერს არ მეუბნებოდა. მერეღა ამბობდა, ხომ ასეთი წვალება გვაქვს, ასეთი რეჟიმი, მაგრამ არ შემიძლია უჯაროდო, კონტარქტს რომ მოვრჩები, ვერ წარმომიდგენია როგორ დავანებებ ჯარს თავსო. არ შემიძლია თავი გავანებოო. 6 აგვისტოსაც მოვიდა საღამოს სახლში, 7 აგვისტო რომ დაიწყო, ღამის 2-ის 15 წუთი იქნებოდა რომ გამოიძახეს. ძმაკაცმა მე დამირეკა, განგაშია შეატყობინეო, ნაწილიდან ურეკავდნენ, მაგრამ იმ დროს ტელეფონზე საუბრობდა და ვერ დაუკავშირდნენ. ვინც დაურეკა ის ჯარისკაციც შინ იყო ლევანივით გამოსული. ვუთხარი, განგაშია-მეთქი. სასწრაფოდ გადაურეკა ნაწილში მყოფ ძმაკაცს. იმ ბიჭმა სთხოვა არ წასულიყო, მგონი ცხინვალში მივყავართ, ნუ წამოხვალო. გაბრაზდა, გაიგიჟა თავი. ჩაიცვა. წავიდა. ბოლოს მაშინ ვნახე. ნაწილში მისვლისთანავე გამორთო ტელეფონი, არ წაუღია თან, ვერანაირად ვეღარ ვუკავშირდებოდი, აღარანაირი კონტაქტი არ მქონია მასთან. ერთადერთი გზაღა მქონდა დარჩენილი, რესპუბლიკურში და ღუდუშაურში დავდიოდი, იქ ველოდებოდი ხოლმე, დაჭრილები რომ ჩამოჰყავდათ… ცხრა აგვისტოს ღამით, ღუდუშაურის კლინიკაში მისი ძმაკაცი ვნახე, დაჭრილი იყო. იმას ვკითხე ლევანის ამბავი, დღეს, ორის ნახევრამდე ერთად ვიბრძოდით ცხინვალშიო. ტრასაზე ყოფილან ჩაწოლილები, მერე ამ ბიჭისთვის მეთაურს კორპუსში იარაღის შეტანა უბრძანებია, შესულა ეს ბიჭი, ლევანი გარეთ დარჩენილა სხვა ბიჭებთან ერთად. შესულა თუ არა ეს ბიჭი კორპუსში, სროლები განახლებულა და იქიდან 6 საათი ვეღარ გამოსულა, იქ იბრძოდა და დაჭრილი გამოუყვანიათ იქიდან, რომ გამოსულა ლევანი ვეღარ უნახავს. ასმეთაურიც იგივეს მეუბნება, 9 აგვისტოს პირველ საათამდე ერთად ვიბრძოდითო.

ლევანი არ ჩანდა, იმედს არ ვკარგავდით რომ ცოცხალი იყო, ტყვედ გვეგონა ჩავარდნილი, „დეენემი“ ჩავაბარეთ, დეკემბერში პასუხი მოგვივიდა, რომ 8 აგვისტოს იყო დაღუპული ცხინვალის მისადგომებთან. რაც „დეენემის“ დასკვნაში წერია, სხვა მონაცემები კი შეესაბამება ლევანის მონაცემებს, მაგრამ რიცხვმა დაგვაეჭვა ძალიან. იმიტომ რომ ძმაკაციც და ასმეთაურიც მომასწრე არიან, რომ 9 აგვისტოს შუაღეს ლევანი ცოცხალი იყო და მათთან ერთად იბრძოდა… არავინაა მნახველი რა ვითარებაში დაიღუპა ჩემი ძმა. ბევრი დაიღუპა მისი ოცეულიდან, ვისთანაც ძმაკაცობდა ლევანი, ამბის გამომტანიც არავინ იყო. ამდენი ხნის განმავლობაში ყველას ვეკითხებოდი, ვერაფერი გავიგე… გადარჩენილი ძმაკაცი მიყვებოდა რომ ლევანი ბრძოლის წესების დაცვით იბრძოდაო, რვაში გვიან, მათი ნაწილი ცხინვალიდან გამოუყვანიათ, გორს გამოუცილებიათ, რომელიღაც სოფელში დაუბანაკებიათ, უჭმევიათ. ის ბიჭი მიყვებოდა, ცოტა დავისვენეთ, კარდონები გავშალეთ, გვერდიგვერდ გვეძინა, დილით ცხრა რომ გათენდა ისევ ცხინვალში შეგვაბრუნესო…

შებრუნდა ცხინვალში. იქ, სადაც ელოდა თავის ბედისწერა და მარადიული სტატუსი – სამშობლოსთვის თავდადებული გმირი.

მალე კი მტერი მის მშობლიურ სოფელშიც შევიდა, ოჯახს – მშობლებს და ათიოდე წლის დაიკოს აყრა მოუწიათ, ჯერ დიღომში იყვნენ შესახლებულები, ახლა წეროვანში ცხოვრობს გმირის ოჯახი… იმ იმედით რომ მტერი დიდხანს ვერ იბოგინებს მათ სახლკარში, იმ არემარეში სადაც ლევანს მთელი ცხოვრება აქვს გატარებული. მერე რა რომ ეს მთელი ცხოვრება ლამის მხოლოდ ბავშვობაა. ის სულ 19 წლის ბიჭი იყო…

დაიბეჭდა „პრაიმტაიმში“, შესულია წიგნში „გმირი“

მათ პირობა შეასრულეს, პირველები შევიდნენ ცხინვალში

2008 წლის 8 აგვისტოს, პირველი ტანკი, რომელიც ცხინვალში შეიჭრა, გია რომელაშვილის იყო.

მას უკან ტანკი მისდევდა, სადაც მისი უმცროსი ძმა იჯდა – გელა. ბიჭებმა პირობა შეასრულეს, ოცნება აისრულეს –  ტანკით გაევლოთ ცხინვალში, თეატრის წინ. იმ ცხინვალში, საიდანაც ისინი ოსებმა 1991 წელს გამოყარეს. მაშინ გია 11 წლის იყო, გელა – შვიდის. ბავშვობა გორში, დევნილობაში გაატარეს.

ვერ ივიწყებდნენ მშობლიური ქალაქიდან გამოყრის სიმწარეს.

„ამბობდნენ, წინ ცხინვალელები უნდა წავიდეთ, ცხინვალი პირველ რიგში ჩვენი იყო და ჩვენი დასაბრუნებელიაო. ეს პირობა შეასრულეს, პირველები შევიდნენ ცხინვალში, სულ იმას იძახდა გია, ნეტა ჩემი ტანკით ცხინვალის ცენტრში, თაეტრის წინ გამატარაო. ეს პირობაც შეასულა, მაგრამ ძვირი დაუჯდათ“ –  იხსენებს გმირების მამა.

გმირობა

გია რომელაშვილი ბოლოს გორის ჯავშან-სატანკო ბატალიონში მსახურობდა ოცმეთაურად, გელა იმავე ოცეულის მემიზნე-ოპერატორი იყო.

გელა ოჯახში ბოლოს 6 აგვისტოს ნახეს, გია 7-ში ყოფილა ოჯახში, იმის შემდეგ ბიჭები აღარ უნახავთ.

„უკვე ცხინვალში იყვნენ, იბრძოდნენ, მე კიდევ არ მაგებინებდნენ, ტელეფონზე მეუბნებოდნენ, გორთან ვდგავართო. როგორც მათი ასმეთაურისგან და სხვა თვითმხილველებისგან ვიცი, გია წინ მიუძღვოდა ტანკების კოლონას, მერე გელას ტანკი მიდიოდა, მათ უკან 4 თუ ხუთი ტანკი მიდიოდა. ერთხელ შევიდნენ, მეორედ, მერე რომ ეცლებოდათ ტყვია-წამალი ნიქოზში ამოდიოდნენ, ავსდებდნენ და უკან ბრუნდებოდნენ ცხინვალში, მესამედ შესვლისას ლენინისა და მოსკოვის ქუჩების გადაკვეთაზე, უნივერსიტეტთან გელას ტანკს ესროლეს, ცეცხლი გაუჩნდა ტანკს, გელა ამოვიდა და მერე დაუდგენელია, სნაიპერმა ესროლა თუ დახვრიტეს, სურათი მაქვს ნანახი, ტყვია კეფიდან შუბლშია გამოსული. ეკიპაჟის ორი წევრი გადარჩა, მარტო გელა დაიღუპა. გიაზე კი, როგორც მეუბნებიან, გიას ტანკს მოარტყა ოსეთის თავდაცვის მინისტრმა ბარანკევიჩმა, მამუკა არეშიძისგან ვიცი, ერთ-ერთი მოსკოველი ჟურნალისტი შეესწრო იქ და ტრაბახობდა ბარანკევიჩი, რომ „406“ ტანკი თავის ეკიპაჟიანად გავანაგურეო…“

ძმები ერთად დაეცნენ ბრძოლის ველზე. შინ ამაოდ ელოდნენ მათ. იყო იმედები და ამ იმედების მწარედ გაცრუება.

25 დეკემბერს „დეენემის“ ანალიზის პასუხით გაიგეს რომ ბოლოს, 16 ნოემბერს გადმოსვენებულ 10 ცხედრიდან ერთერთი ცხედარი რომელიმე ძმის იყო. თუმცა ის ცხედარი სულ ერთი მუჭა ფერფლი იყო. ძმების კბილის ჯაგრისები წაიღეს. რომელაშვილებმა 11 თებერვალს გაიგეს რომ ის ერთი მუჭა ფერფლი და გადარჩენილი ხელის მტევანი გელას ეკუთვნოდა. გია კვლავ უგზო უკვლოდაა დაკარგული. რადგან მიუკვლეველია მისი ცხედარი.

გელა წარდგენილია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე. გიას მხოლოდ მას შემდეგ წარდგენენ, როცა ცხედარს მიაკვლევენ, ანდა 2 წელი გაივლის.

მამა: „ქუჩებზეცაა საუბარი, რომ მათი სახელობის ქუჩა იყოს თბილისსა და გორში, არ მინდა მათი დაცალკევება, მინდა რომ გია და გელა რომელაშვილების ქუცა ერთად იყოს…“

გმირი ძმა გმირი ძმის სიკვდილის აღიარებას ელის…

ბავშვობა

ბიჭები დევნილობაში იზრდებოდნენ გორში. გორში არ დაბადებულან, მაგრამ ორივეს დიდი სამეგობრო ჰყოლია. ორივე სპორტსმენი იყო. გია –  შავი ქამრის მფლობელი კარატეში. არც ქუჩა ყოფილა მისთვის უცხო, არც ძმაბიჭები, არც ზრდილობა –  შინაც და გარეთაც.

„გელა უფრო გვიან გამოვიდა ბავშვობიდან, 25 წლის დაიღუპა და მაინც ბავშვური ჰქონდა რაღაც“ –  მათ ამბავს ძირითადად მამა მიყვება, დედა ცრემლებით ყვება თავის ტრაგედიას.

გიამ გორის უნივერისტეტის ფიზკულტურის ფაკულტეტი დაამთავრა, გელამ სამი წელი ისწავლა და შემდეგ ჯარში შესვლა არჩია. ბიჭები ჯარში 2004 წელს შევიდნენ. ორივეს გავლილი ჰქონდათ სნაიპერის კურსები, მერე გიამ სამხედრო აკადემიაც დაამთავრა. გელაც აპირებდა შემოდგომით ჩაბარებას, მაგრამ…

მურაზ რომალაშვილი, ბიჭების მამა: „ძალიან მშრომელი ბიჭები იყვნენ. გიამ ყველანაირი ხელობა იცოდა, ბინას დაიწყებდა საძირკვლიდან და დაამთავრებდა. ავეჯის აწყობაც ეხერხებოდა, მზარეულობაც. თვითონ ისწავლა ყველაფერი. მონდომებული, „ჟილკიანი“ იყო, რასაც იტყოდა აკეთებდა კიდეც“.

მაია დგებუაძე, გელა რომელაშვილის მეუღლე: “ჩემი მეუღლე თვითნასწავლი ელექტრიკოსი იყო, ყველაფერი ეხერხებოდა, მაცივრების, ტელევიზორების, კომპიუტერების, ტელეფონების შეკეთება. ყველას ვისაც მობილი გაუფუჭდებოდა, მასთან მოჰქონდა, ისიც აკეთებდა და აკეთებდა, მეგობრები ეხუმრებოდნენ, ერთი „ბუტკა“ ჩადგი, ფულს გააკეთებო“.

მთვრალი ქორწილი

გია რომელაშვილს ხუთ წელიწადზე მეტხანს ჰყვარებია ნათია გოგიშვილი.

ნათიაც გიასავით ცხინვალიდან დევნილია და მაშინ გორში, სასტუმრო „ქართლს“ იყო შეფარებული.

მამა: „ვიცოდით რომ უყვარდა, ერთხელაც მოვიდა და მითხრა, მამა ცოლი უნდა მოვიყვანოო. არ დამიშლია. ვითომ მოიტაცა, წაიყვანა სოფელში ნათესავებთან. სანამ ეგენი ჩამოვიდნენ, გავშალე სუფრა ას კაცზე, იქვე „ტურბაზაში“, მაგრამ რა გინდა, ქორწილზე, ორივენი, ცოლიცა და ქმარიც გათიშული მთვრალები ჩამოვიდნენ, ფეხზე ძლივს იდგნენ, არადა, მთელი ნათესაობა მოსულია, ამდენი ხალხია და ესენი აზრზე არ არიან, სად არიან, ვის ქორწილზე არიან. გაბრაზებულმა სიმამრმა უთხრა, ვინ გიშლიდათ, რას გაიპარეთო და გიამ მოუბოდიშა, მეტს აღარ ვიზამთო. საკუთარ ქორწილში მალევე მიიძინეს… გიას გოგონა ნანა 6 წლის ხდება ახლა, წელს მიდის სკოლაში“…

ძაღლის კუდით მილოცილი 8 მარტი

გელამ და მაია დგებუაძემ ერთმანეთი  2006 წელს, ზაფხულში ბორჯომში გაიცნეს –  გვერდიგვერდ სახლებში ისვენებდნენ. იმ დღიდან დაიწყო მათი ურთიერთობა, რომელიც შეუღლებით დასრულდა 2008 წლის თებერვალში.

მაია დგებუაძე: „არ გავპარულვართ,  აქეთ-იქით სიარულს რა აზრი აქვს მეთქი ვუთხარი და ვაჟკაცურად პირდაპირ სახლში დავადექი 2 თებერვალს. 9 თებერვალს ჯვარი დავიწერეთ, ხელის მოწერა 8 აგვისტოს გვინდოდა სიმბოლურად, 2 თებერვალს დავქორწინდით, ანუ 02.02, 8 აგვისტოს ვაპირებდით ხელის მოწერას 08.08… ადვილად დასახსომებელი ციფრები რომ ყოფილიყო, მაგრამ 8 აგვისტოს ჩემი მეუღლე დაიღუპა. ძალიან თბილი ადამიანი იყო, ძალიან მოსიყვარულე, ძალიან მხიარული, სერიოზულიც იყო, ბავშვურიც… 14 თებერვალს ძალიან დიდი ფუმფულა სათამაშო ძაღლი მომიტანა, იცოდა რვა მარტს ვერ ჩამოვიდოდა და რვა მარტს მირეკავს, ძაღლის კუდი გაარღვიე, საჩქუარიაო. არ ვარღვევდი, იმიტომ რომ ხშირად ხუმრობდა ხოლმე, ბოლოს გავარღვიე და ოქროს საყურეები დამხვდა, თავისი ხელით გაუღვევია, ჩაუდია და გაუკერია… არ იცის რომ გოგონა გვყავს, სქესს შეგნებულად არ ვადგენდით, გვინდოდა სიუპრპირიზად დაგვეტოვებინა, მარიამი ომის მერე დაიბადა, 6 თვისაა“.

მამა: „საერთოდ უყვარდა სიურპრიზების კეთება. მობილირი ტელეფონი უყიდია ჩემთვის. ჩემი მეუღლისთვის უთქვამს, ეს მამას მოვუტანე, ხელი არავინ ახლოსო. მოიტანა და კი არ მომცა, დადო ეს ტელეფონი. თვითონ დარეკა ამ ტელეფოზე. რეკავს და რეკავს, ავყვირდი, ვისია აიღეთ, გასკდა ტელეფონი მეთქი. და შენიაო. შენ მოგიტანაო“.

ძმებს უყვარდათ ცურვა, თევზაობა, ნადირობა. თავისუფალ დროს იპოვიდნენ  თუ არა, სათევზაოდ ან სანადიროდ მიდიოდნენო –  მიამბობს მამამისი, ეგ იყო მაგათი ჰობიო. თვალცრემლიან მაიას კი ეცინება იმის გახსენებაზე, თუ როგორ წაიყვანა გელამ სათევზაოდ და როგორ დასვა ჩუმად 4 საათი მდინარის პირას, თევზები არ დამიფრთხოო…

ორი ბიჭი ჰყავდათ მურაზ და ნანული რომელაშვილებს და ორივე ომმა წაართვა. მათ ცრემლიან თვალებში, ობოლ სხივს მხოლოდ ობოლი შვილიშვილების ტიტინი აჩენს…

დაიბეჭდა “პრაიმტაიმში”, შესულია წიგნში “გმირი”

ბრძოლის ველზე გმირულად დაღუპული მეთაურის  თავგადასავალი

მან სამშობლოსთვის სიცოცხლე გაიმეტა. სამშობლოს მტერმა – კასეტური ბომბი მის გასანადგურებლად. სამშობლომ – ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი – დაღუპვის შედეგ.

ერეკლე ყულოშვილი – მეოთხე ქვეითი ბრიგადეს საარტილერიო დივიზიონის მეთაური – გმირულად დაეცა ცხინვალის მისადგომებთან.

***

პირველად ვარ გმირის ოჯახში. რაღაც უცნაური განცდაა. თითქმის მოუხელთებელი, სენტიმენტებისგან, ჩვეულებრივი ცრემლებისგან დაცლილი, რაღაც გაუხუნარი სევდით მოსილი და ამაღლებული.

გმირზე ერეკლე ყულოშვილზე – მისი მეუღლე – ნინო კალდელაკი მიამბობს. გვერდით ოთახში ძიძას ხელში ატატებული ნიკუშა დაჰყავს. ნიკუშა ხუთი თვისაა. მამის დაღუპვიდან 2 თვის თავზე მოევლინა ქვეყანას. ნიკუშა ცქმუტავს, ჩვენსკენ იწევს, იქ სადაც მამის გმირობის ამბებს ჰყვებიან. ნიკუშა უმამოდ გაიზრდება, მაგრამ მას მამის გმირობის ამბები გაზრდის – საზღაპროდ ექნება მამის ბრძოლა და ომები. გმირობა.

ნიკუშას ისევე მოუყვებიან მამის გმირობის ამბავს, როგორც დღეს უყვებიან აგვისტოს ომამდელ თუ აგვისტოს ომის ამბებს – დედამისს.

ნინო კანდელაკი: „ერეკლეს ძალიან კარგად ვიცნობდი, ვიცოდი მისი ჯილდოების შესახებაც, რომ მიღებული ჰქონდა გორგასლის მესამე ხარისხის ორდენი 2006 წელს სამაჩაბლოს მოვლენების გამო, მედალი მხედრული მამაცობისთვის, არაერთი სიგელი და ჯილდო, ეს ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ მე ჩემი მეუღლე, როგორც სამხედრო, გავიცანი სწორედ ომის, დაღუპვის შემდეგ. ხალხმა რომ რამდენჯერმე ტელევიზიით მნახა და გაიგო რომ ერეკლეს მეუღლე ვარ, ქუჩაში მაჩერებენ ერეკლეს ნაცნობები, მისი კურსანტები, ლექტორები, ან ვისთანაც უმსახურია ადრე, სხვადასხვა ბრიგადებში, მაჩერებენ და მიყვებიან ამბებს, აი, ესეთი ქმარი გყავდა… თვითონ ერეკლეს არ სჩვეოდა თავის დამსახურებებზე, გმირობებზე საუბარი, საოცრად თავშეკავებული და მოკრძალებული ადამიანი იყო, ყველას თავს აყვარებდა თავისი სითბოთი, მეგობრობით და არსად, არასოდეს, არც სუფრაზე, არც საზოგადოებაში არ უთქვამს, იცით რა მე ეს ორდენი მაქვს, ან ეს გავაკეთე…“

ასი ბაჭიის ამბავი

ერეკლე ყულოშვილი მამულის დაცვას შეეწირა. მისი დიდი წინაპარი – მღვდელი მიხეილ ყულოშვილი სარწმუნოებას – საინგოლოში თავი მოჰკვეთეს მაჰმადიანებმა. გმირის გმირი წინაპარი საინგილოში, ყულოშვილების საგვარეულო სასაფლაოზე განისვენებს. ერეკლე თბილისში დაიბადა, ექიმ მიხეილ ყულოშვილის ოჯახში, მაგრამ 90-იანი წლების დასაწყისში, როცა ყველაფერი აირია, როცა დაიწყო დიდი გამყინვარება, როცა თბილისს თვალთ დაუბნელდა და ათასი ჯურის ფორმირებები ბრმა ტყვიებით სეტყვავდდნენ ქალაქს, შეშინებულმა დედამ  12-იოდე წლის ერეკლე და მისი და თბილისს გაარიდა და რამდენიმე წელი საინგილოში ცხოვრობდნენ.

„უამრავ საინტერესო ამბებს მიყვებოდა, მაკვირვებდა, ჩემთვის ის სამხედრო იყო, ოფიცერი რომელსაც როცა ურეკავდნენ სამსახურიდან, ფეხზე დგებოდა და ისე ელაპარაკებოდა. გავიდოდა რამდენიმე წუთი და უცებ მეტყოდა, „აი, სოფელში ბაჭიები რომ მყავდა“, ან „ბოჩოლამ რომ ფეხი იტკინა“, და უცებ ეს 30 წლის კაპიტანი ჩემს თვალწინ პატარა ბიჭი ხდებოდა. ბავშვობაში ეზოში ასი ბაჭია ჰყავდა, ზაქს ზრდიდა, გოჭებს ზრდიდა, ერთი გოჭი ბოლოსაც ჰყავდა ლეკვივით მიჩვეული, რომ ჩავიდოდით სოფელში ეს გოჭი მოცუცხუხდებოდა, ფეხებთან უწვებოდა, ესეც ეფერებოდა, ზურგს ფხანადა, „გოჭუნა-გოჭუნას“ ეძახდა და ჭკუაზე არ იყო. ბავშვობიდანვე საოცრად მშრომელი ყოფილა, დედას გვერდში ედგა, მაგრამ ამ შრომას სწავლაში ხელი არ შეუშლია. იცოდა ფრანგული, გერმანული, თურქული, აზერბაიჯანული, რუსული, წერდა და კითხულობდა ინგლისურდაც. საოცარი მათემატიკური ნიჭი ჰქონდა. ათაეული ათასების ფარგლებში ანგარიშობდა ზეპირად. არტილერისტებს სულ სჭირდებათ გამოთვლა, კი პოლიგონზე კალკულატორს გამოიყენებ, მაგრამ ომის დროს ეს შეუძლებელია და ამიტომ ერეკლე თავის ჯარისკაცებს გონებაში თვლას აჩვევდა, თვითონ რომ ეტყოდი დავუშვათ, 25 787 გავყოთ 24 560-ზე, პასუხს მაქსიმულ 20 წამში გეტყოდა. ხაზვა უყვარდა…“

როგორც ნინო მიამბობს, ერეკლემ ბავშვობაში ყველაფერი ნახა, ე.წ. ქუჩა ნახა და შრომის ფასიც იცოდა, კარგადაც სწავლობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ თავდაცვის აკადემიაში შეიყვანა მამამ. მამა-შვილის მიზნები გადაიკვეთა. შვილს შეიარაღება აინტერესებდა, მამას უნდოდა, შვილი მაქსიმალურად მოერიდებინა ქუჩისთვის და ბიჭი ჯარს გაეზარდა. გაუზარდა კიდეც.

ბედმა ისინი სკაიპში შეახვერდა

ნინო კანდელაკი: „ჩემი მშობლები მაშინ საზღვარგარეთ იყვნენ და „სკაიპით“ ველაპარაკებოდი ხოლმე, იმ დღეს, დავამთავრე ლაპარაკი, რატომღაც არ გამოვედი „სკაიპიდან“, ბედისწერა იყო ალაბთ, უცებ მომდის მესიჯი „სალამი“, ამდგვარი მესიჯები „სკაიპში“ უამრავია, მაგრამ ჩემი ყურადღება მიიქცია გვარმა – ყულოშვილი, კი, ნახევარი კახის რაიონი ყულოშვილია, მაგრამ თბილისში იშვიათად არიან და არ მქონდა გაგებული, გარდა ამისა, ეწერა ერაყი, ბაღდადი, ეწერა არა ვთქვათ ირაკლი, არამედ ერეკლე… მეც მივესალმე და… არა აქვს მნიშვნელობა სად შედგება შეხვედრა, მთავარია რომ შედგეს. ხუთი თვე ვკონტაქტობდით სკაიპით, შემდეგ ტელეფონითაც და ჩვენი შეუღლება გადაწყდა, სანამ ჩამოვიდოდა და რეალურად მნახავდა, მე ერეკლეს დავხვდი როგორც პატარძალი… ცხოვრებაში კიდევ უფრო უკეთესი იყო… ჩამოვიდა 21 ივნისს. არასოდეს დამავიწყდება ის წამი, იღება კარი და გამოდის ერეკლე, ჩემი მეფე ერეკლე, არ ვიცი მერე რა მოხდა, რამდენიმე წუთი კი არა, 15-20 წუთი აქ არ ვიყავი საერთოდ, საჩუქრები ჩამომიტანა ძალიან ბევრი, მთელი პარკით, მორიდებულად მომცა, საოცრად მორიდებული ადამიანი იყო… უყვარდა სიურპირიზების, საჩუქრების კეთება, ბაღადდიდან მოახერხა და სააღდგომოდ, საჩუქრად ციფრული ფოტოაპარატი გამომიგზავნა. როგორც მეუღლეები სულ 14 თვე ვიყავით ერთად, მაგრამ მისი ხასიათიდან და ქმედებებიდან გამომდინარე ეს 14 თვე საუკუნის ტოფასია. თან ამ ხნის მანძილზე უმეტესწილად პოლიგონზე იყო, ხან ყაზარმული, ხან სწავლებები, ხან სამსახური… არ ვიცი რაღა დარჩა, მაგრამ იქიდანაც ახერხებდა ყურადღების მოქცევას და არ მქონდა იმის შეგრძენება, რომ ერთი თვე ერეკლე არაა ჩემს გვერდით. დღეში 20-ჯერ ვრეკავდით ერთმანეთთან, უცებ დარეკავდა 21-ედ, როგორ ხარო, მკითხავდა, მე ვეუბნებოდი რომ აი, კინოს ვუყურებ, მენატრები. გენატრებიო? მკითხავდა, მაშინ გამიღე კარიო. არადა ვიცი, რომ არის ახალციხეში 25 მთის იქით, ვაღებ კარს – დგას ტალახით დასვრილი ჩქემებით, ყვავილებით ხელში… ჩამეხუტებოდა და ისევ წავიდოდა, გამახარებდა, მომცემდა ძალას…“

მათ ბედნიერებას სამანი ომმა დაუდო

6 აგვისტოს ნინომ ჩვეულებისამებრ გააცილა ქმარი სამსახაურში. ერეკლემ საღამოს დარეკა და შეატყობინა რომ შინ ვერ მივიდოდა – გორში გამოიძახეს. ტელევიზორთან ორი სული ნერვიულობს – ცოლი და ჯერაც არ შობილი ვაჟი.

„ბოლოს ტელეფონით შვიდ აგვისტოს ღამის 12 ნახევარზე ვესაუბრე.  მითხრა: „ახლა აქ არ არის ისეთი სიტუაცია, რომ მეუღლეს ტელეფონით ვესაუბრო. არაფერზე ინერვიულო შენ თავს და ბავშვს გაუფრთხილდი“ – იმ ღამეს ბოლოჯერ გავიგე ერეკლეს ხმა“...

8 აგვისტო დილა. რუსების იერიში ცხინვალზე. ერეკლე ცხინვალის მისდგომებთანაა, ნაძვნარში ქვეით ბრიგადასთან ერთად.

ალბათ, ხვდება რომ ვეღარ იხილავს ვერც ცოლს, ვერც მშობლებს, ვეღარც ახლობლებს, მეგობრებს, ვაჟს, რომელსაც სულმოუქმელად ელოდა… მაგრამ ახლა ამის დრო არაა, საარტილერიო დივიზიას მტრის მდებარეობის კოორდინატებს აწვდის. მისი მიწვდილი ყველა კორდინატი უტყუარია. მტერი დანაკარგს ვეღარ აუდის. მოგვიანებით დოკუმენტებშიც ჩაიწერება – რომ  მეოთხე ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის მეთაურის, კაპიტან ერეკლე  ყულოშვილის მიერ მოწვდილმა კოორდინატებმა მტერს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.

ბრძოლის ველი. ერეკლე გმირულ მაგალითს აძლევს თანამებრძოლებს. ცოცხლად გადარჩენილ მებრძოლების მეხსიერებაში ასე დარჩება – ფიჭვთან მუხლებზე დაშვებული, რუკით და რაციით – კოორდინატებს გადასცემს. და მორჩა – გათავდა – იმ ადგილს ნახევარტონიანი „ისკანდერი“ (კასეტური ბომბი)  დაეცა.

ცოლმა 10 აგვისტოსვე გაიგო ქმრის განუკვდავების ამბავი. მაგრამ ერეკლეს ცხედრის გადმოსვენება აგვისტოს ბოლომდე ვერ მოხერხდა. მერე კი 4 თვე ცხერდის იდენტიფიცირება ვერ ხერხდებოდა.

„გადმოასვენეს 45 ცხედარი მათი ამოცნობა შეუძლებელი იყო. გულის სიღრმეში მჯეროდა რომ ამ ცხედრებს შორის ერეკლეც იქნებოდა. ჯოჯოხეთური ოთხი თვე გავიარე. უმძიმესი დღეები, რომელიც ათას წლად მეჩვენებოდა. ყოველ დილით ღმერთს იმას ვთხოვდი, რომ მეუღლის საფლავი მანიც მაღირსეთქო. ცხრა ოქტომბერი ბედნიერი დღე იყო. დილის ცხრის ნახევარზე, მამის დაღუპვიდან ზუსტად ორ თვეში ქვეყანას ჩვენი ბიჭი მოევლინა. ერეკლე რატომღაც დარწმეუნბული იყო რომ გოგო გვეყოლებოდა, როცა გვითხრეს ექსკოპიაზე რომ ბიჭი იყო, ვკითხე, რატომ იყავი დარწმუნებული რომ გოგო იქნებოდა-თქო, რას ვიფიქრებდი რომ ღმერთი ასე დამსაჩუქრებდა და ბიჭი მეყოლებოდაო. ბიჭს სახელი ერთად შევურჩიეთ – ნიკუშა. მერე მე ძალიან მინდოდა ერეკლეს დარქმევა, მაგრამ მოძღვარმა მირჩია, რაც ერეკლეს და შენ ერთად გქონდა გადწყვეტილი, ის დაარქვითო. ნიკუშას თუ ბიჭი ეყოლება ღვთის წყალობით, იმას დაარქმევს ერეკლეს“.

„მშობელი მოჰკვდეს რა უშავ,

შვილები რჩება მამასა,

კიდევ ექნება ფრთეები

ამ წუთისოფლის ჯარასა…“

ისევ აქვს ფრთეები წუთისოფლი ჯარას, ნიკა ხუთი თვისაა…

ნოებერში ოჯახს „დეენემის“ პასუხი მოუვიდა და გაირკვა გმირი ერეკლე გმირების გვერდით განისვენვებს მუხადგვერდში.

რა უჯდება სამშობლოს ერთი გმირი? ერეკლეს შემთხვევაში – ქვრივი, ობოლი, ორი შვილმკვდარი და ამდენად გულმკვდარი მშობელი, სამი ძმის დაღუპვით ფრთამოტეხილი და…

ნინო კანდელაკი: “ხშირად მიკითხავს, როცა მეთაური ხარ, რა ფუქციები გაქვს-თქო. ვისაც წავიყვან ომში, უკან უნდა დავაბრუნოო. ეს პირობა შეასრულა. 400 კაცი წაიყვანა და 400-ვე ოჯახს დაუბრუნა. ერეკლეს დივიზიონიდან ერეკლეს გარდა დაიღუპა სამი ოფიცერი და მძღოლი. ერეკლეს გვერდით დაიღუპა ალექსანდრე თანდაშვილი, არ მოსცილდა, ერაყში გაიცნეს ერთმანეთი, სულ ერთად იყვნენ ომის დღეებში, არ მოშორდა, თორემ არ უნდა ყოფილიყო ერეკლეს გვერდით როგორც  არტილერისტი, 9 აგვისტოს დაიღუპნენ ალია ბარდაველიძე და გიორგი კირაკოზაშვილი. გიორგი კირაკოზაშვილი 9 აგვისტოს შევიდა იქ, სადაც ქართული ჯარი აღარ იყო, შეიძლებოდა რომ არ შესულიყო, მაგრამ ის მაინც შევიდა და მოახერხა კიდეც ერთი საცეცხლე წერტილის განადგურება, მაგრამ შემდეგ სნაპიერის ტყვიას ემსხვერპლა და დაიღუპა სკოლის ეზოში. ეს 4 ოფიცერი ბრძანების გამო კი არ იყვნენ შესულები, ვალს იხდიდნენ სამშობლოს წინაშე, ეს იყო მათი მოვალება, მათი გულის და სულის ტკივილი…“

თურმე, რამდენი ალალი გული ძგერდა. თურმე, ჩვენს შორის რამდენი გმირი დადიოდა. ზუსტად იმდენი – რამდენიც დაეცა ბრძოლის ველზე და კიდევ ისინი, ვინც დღესაც დადიან ჩვენს შორის – აგვისტოში რომ საქართველოსთვის, ჩვენთვის იბრძოდნენ. და თურმე რამდენს არ ჰქონია სინდისი?!! ზუსტად იმდენს, ვინც ქირქილებს ჩვენი გმირი ბიჭების გმირობაზე. საკუთარ, ყორანივით გაშავებულ ნამუსს რომ იხეხავს ამ ქირქილით. ამაოდ. იმთავითვე წაგებული ომი იყოო. არაგველებიც იმთავითვე წაგებულ ომში ჩაებნენ და გაწყდნენ. იქნებ უგუნურნი იყვნენ არაგველნიც? იქნებ უგუნურნი იყვნენ ნუმანსიელები, როცა 20 წელი მედგრად ედგნენ რომაელ დამპყრობლებს და ბოლოს, ილაჯგაწყვეტილებმა ერთმანეთი რომ ამოწყვიტეს და მტერს ცარიელი, გვამებით სავეს ქალაქი ჩააბარეს?

და არც პოლიტიკოსთა განქიქების გულისთვის უნდა მიაყენო ჩრდილი შენი ქვეყნისთვის, შენთვის თავდადებულთა უკვდავ სახელებს. ხელისუფლებებიც, ოპოზიციებიც მიდი-მოდიან, მორბენალი სტრქინებივით ძრწიან, და ისტორიის საცერს წყალივით სძვრებიან. ისტორიაში მათი ადგილი არაა, ისტორიაში გმირები რჩებიან.

დაიბეჭდა “პრაიმტაიმში”, შესულია წიგნში “გმირი”

„წინ! ჩვენი მიწა-წყლისთვის ბიჭებო!!!“

„საქართველოსთვის ბიჭებო, წინ ჩვენი მიწა-წყლისთვის ბიჭებო“ – ასე შესძახებს თანამებრძოლებს გიორგი ნადარეიშვილი, წინ გაიჭრება. მტერი ჯერ „ლიმონკით“ გაუმასპინძლდება, მსუბუქად დაჭრილი განაგრძობს ბრძოლას. შემდეგ „მუხა“… შორს ხევში გადავარდება. ცოცხალი აღარავის გონია. ის მაინც ამოვა და ყურებიდან, პირიდან სისხლმდინარი გააგრძელებს ბრძოლას. იბრძოლებს მანამ, სანამ მედდები ლამის იძულების წესით არ ჩასვამენ „ჰაიოკში“ ბრძოლის ველიდან გასარიდებლად. მაგრამ ის თავის ადგილს უარესად დაჭრილ თანამებრძოლს დაუთმობს. „ჰაიოკი“ თავს დააღწევს ბრძოლის ველს. გიორგი კი საავიაციო დაბომბვას ემსხვერპლება…

29 წლის გიორგი ნადარეიშვილი უშვილძიროდ გადაეგება, მეუღლე ათიოდე თვის მოყვანილი ჰყავდა…

მანანა მეგალიშვილი, გიორგი ნადარეიშვილის დეიდა: „დაიბადა თბილისში, თავიდანვე მოსული, მასიური ბავშვი იყო, არ იყო ცელქი, არც ავარდნილი. თავის ასაკთან შედარებით ძალიან გაწონასწორებული, სერიოზული ბავშვი იყო, იმდენად რომ ყველას უკვირდა საახლობლოში, ჩვენს სამეგობროში, ნათესაობაში. პატარობიდანვე ოცნებობდა სამხედრო ფორმაზე, არადა არავინ არ გვყოლია სამხედრო არც ნათესაობაში, არც საახლობლოში… მშობლები საშუალო განათლებით არიან. დედა – დიასახლისია, მამა ფიზიკურად მუშაობდა სამშენებლო-სავაჭრო ბაზაზე, ყველას გვიკვირდა გიორგის ასეთი დამოკიდებულება სამხედროობის მიმართ… ალბათ შინაგანად იყო მებრძოლი… პირველი 7 წელი აქ თბილისში სწავლობდა, შემდეგ დედ-მამა საცხოვრებლად აბაშის რაიონში გადავიდა და გიორგიც აბაშის გიმნაზიაში გადაიყვანეს, სკოლა იქ დაამთავრა. პირველივე წელს ჩააბარა სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე, ყოველგვარი მომზადებისა და რეპეტიტორების გარეშე. პირველი კურსი რომ დახურა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, იმ დროს უნივერსიტეტი უკვე ვეღარ იხსნიდა ჯარიდან. წავიდა, ქუთაისში იხდიდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს, მაგრამ მაშინ სამეგრელოში არეულობა იყო და მათი ნაწილი ზუგდიდში გადაიყვანეს. არეულობა და ინციდენტები რომ იყო ძალიან ვნერვიულობდით, ვფიქრობდით, რამენაირად გაგვერიდებინა ბავშვი ტყვიენბის წვიმას… ჩავედით კიდეც და გიორგის ვუთხარით კიდეც, რამაენაირად გავაკეთებთ საქმეს რომ აქედან თბილისში გადაგიყვანოთ-თქო. გაკვირვებულმა შემომხედა, არ წამოვალ, მე მაგის კაცი არ ვარ, მეგობრები ასეთ დროს მივატოვო, როგორ ჩავხედო მათ თვალებშიო… ომის დროს კაცი რომ მეგობრებს ზურგს შეაქცევს და წავა, სამშობლოს მოღალატეაო… ჯარი რომ მოიხადა, უნივერსიტეტი დაამთავრა, თუმცა არც ის წლები დაუკარგია, ჯარში რომ გაიწვიეს, დასუწრებელზე გადავიდა, ჩამოდიოდა და აბარებდა გამოცდებს, ჯარის მოხდის შემდეგ ისევ დასწრებულზე გადავიდა… უნივერსიტეტი რომ დაამთავრა, სამსახური ვერ იშოვა და შინაგან ჯარში დაიწყო მუშაობა, სერჟანტობიდან დაიწყო სამეხრო კარიერა… დღევანდელისგან გასხვავებით, მაშინ ჯარში არც ეს პირობები იყო, არც ეს ხელფასი, არც ეს დაინტერესება, ჯარი არ იყო ნორმალური საერთოდ, ერთადერთი სამშობლო უყვარდა და რაღაცას რომ აკეთებდა სამშობლოსთვის, ეგონა რომ აკეთებდა სასწაულს. ამასობაში ამ სამშობლოს სიყვარულით დაამთავრა თავისი სიცოცხლე…“

მაია ტოტიკაშვილი, გიორგის დეიდა: „ნაბიჯ-ნაბიჯ გააკეთა თავისი კარიერა. სულ შინგან ჯარში იყო, შემდეგ თავთუხაშვილი რომ მოვიდა სარდლად, შინგანი ჯარის სპეცნაზი შეიქმნა და იქ მსახურობდა ერთი წელი. შემდეგ  ვაზიანში, მეოთხე ბრიგადაში მსახურობდა, მისი ნაწილი გადავიდა მთლიანად თავდაცვის დაქვემდებარებაში, მას არ შეუცვლია ნაწილი. ყველგან ძალიან დადებითად იხსენებენ… თანამებრძოლებიც და მეგობრებიც. როგორც მეგობრები გვეუბნებიან, არაჩვეულებრივი მეგობარი იყო… სახლში რომ მოგეკლა, არ გეტყოდა რა ხდებოდა მის გარშემო, რა პრობლემები ჰქონდა სამსახურში. ჩვენ ვერანაირად ვერ დავეხმარებოდით და ჯარი ისეთი სამსახურია, იქიდან სიტყვაც არ უნდა გავიდეს… დეიდაშვილები უყვარდა უზომოდ… ბავშვთან ხდებოდა ბავშვი, ჩვენთან – ჩვენხელა, მოხუცებსაც ისეთი სიყვარულით ეფერებოდა… გიორგი ჩვენთვის 4 ოჯახისთვის იყო ერთადერთი ბიჭი, თვალებში შევყურებდით, თვალებით ვიგებდით რა წყინდა და რა უხაროდა გიორგის…“

უფროსი ლეიტენატი გიორგი ნადარეიშვილი 2008 წლის გაზაფხულიდან მეოთხე ბრიგადის 42 ბატალიონის იურისტად მუშაობდა. 6 აგვისტოსა და 7 აგვისტოს გასაყარი იყო, შინ რომ დარეკა, განგაშია და ბარგი გამიმზადეთო.  იმ ღამესვე წავიდა.

მანანა მეგალიშვილი: „იმის მერე აღარც ზარი, აღარც არაფერი… როგორც მეუღლემ გვითხრა, რვაში ელაპარაკა. სად ხარო, უკითხავს, გიორგის რაღაცეები უხუმრია, უმალავდა რომ ბრძოლის ველზე იყო, მერე ზარი რომ გავუშვი, გამითიშაო. ასე იცოდა, გათიშავდა და მერე გადმორეკავდა ხოლმე… მაგრამ აღარ გადმოურეკია…“

გიორგი ნადარეიშვილი 8 აგვისტოს დაიღუპა ბრძოლის ველზე.

მაია ტოტიკაშვილი: „როგორც თანამებრძოლები, შტაბის უფროსი, მეთაური გვიყვებიან, ცხინვალში შესვლისას გიორგი გვამხნევებდა, ბიჭებო არ შეგეშინდეთო, დაგვძახოდა, სტიმულს გვაძლევდა, ალბათ ყველას გვეშინოდა, მაგრამ ერთმანეთს არ ვაგრძნობინებდითო. გიორგი კი ისეთ სტიმულს გვაძლევდა, არანაირი შიში არ ეტყობოდაო. დაგვძახა, „საქრათველოსთვის, ჩვენი საქართველოსთვის ბიჭებო, ჩვენი მიწა-წყლისთვისო!!!“… მაგ დროს ესროლეს ყუმბარა, ლიმონკას რომ ეძახიან, ყუმბარის ნამსხვრევებმა, პატარა ჭრილობები მიაყენა. მერე უსროლიათ „მუხა“, გიორგი გადავარდნილა ხევში. ექთნებს უყვირიათ, ვაიმე გიორგი მოკლეს, ხევში გადავარდაო. გიორგი უკვე დაღუპული ეგონათ, მაგრამ ამოვიდა ხევიდან. მეთური გვიყვებოდა, გიორგი რომ ამოვიდა გვეგონა რაღაც განათდა, ასეთი რამ არ გვინახავს, კაცი გაისროლა ამხელა მანძილზე და ამოვიდა ხევიდან. გიორგი დაჭრილი ყოფილა და კიდევ იბრძოდა, არადა უკვე ჰქონდა კანტუზია, ყურებიდან და პირიდან სისხლდენა… მედდებთან მისულა, რამეს თუ მიშველითო. გოგოებს უთქვამთ, შენი აქ გაჩერება არანაირად აღარ შეიძლება, მძიმედ ხარ დაჭრილი და უნდა წაგიყვანოთო. წაუყვანიათ. როგორც მედდებმა გვიამბეს, მძიმედ დაჭრილი გიორგი მაინც უსაფრთხოებას უკეთებდა გოგოებს. ჩასვეს „ჰაიოკში“. მანქანა შევსებულა, გზაზე რომ, გამოდიოდნენ, ვიღაც ყოფილა დაჭრილი ძალიან მძიმედ, სისხლისგან იცლებოდაო… გიორგის მეგობარი ყოფილა ის, გიორგი ჩამოსულა მანქანიდან ამ კანტუზიით, ეს ჩასვითო. ექთნებს უთქვამთ, რას შვები, სად მიდიხარო, მაგრამ ვერ გადაათქმევინეს, გიორგი ჩამოვიდა, თავისი ადგილი დაუთმო იმ ბიჭს. მე დაგეწევით, ფეხით ვივლიო. მერე წამოვიდა ავიაცია და დაიწყო დაბომბვა, გიორგი დაბომბვაში მოჰყვა და დაიღუპა. იმ „ჰაიოკმა“ გამოასწრო, ჩამოვიდა სამშვიდობოს… გიორგის დაბადების დღეზე მოსული იყო ის ბიჭი, ვისაც გიორგიმ თავისი ადგილი დაუთმო. გვებოდიშებოდა ის ბიჭი, თავისი სიცოცხლე მე მაჩუქა და ბოდიშს გიხდითო… ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს… ასეთი ვაჟკაცი იყო გიორგი… გადასვენების დღეს, მეთაურმა, ბატონმა კიკაბიძემ გვითხრა, მერჩია ორივე ხელი დამეტოვა ომში და გიორგი ცოცხალი მყოლოდა, ჩემი მარჯვენაც ეგ იყო და მარცხენაცო…“

გიორგის დას ბატალიონის მეთაურმა 11 აგვისტოსვე მიუსამძიმრა, მაგრამ მშობლებს, დეიდებს მაინც არ ეჯერათ გიორგის გარდაცვალება.

მანანა მეგალიშვილი: „სამი თვე ვეძებდით… ვეძებდით ყველგან, გორშიც ვეძებდით,  ვერც დაჭრილებში ვნახეთ, ვერც დაღუპულებში… იმდენად გამოცდილი იყო, რატომღაც გვეგონა რომ ცოცხალი გადარჩებოდა, მაგრამ რა გადაურჩება ტყვიების და ბომბების წვიმას…

უწმინდესმა რომ გადმოასვენა, იმ გადმოსვენებულში იყო ჩვენი გიორგი, 32 ნომრით ძმათა სასაფლაოზე… აგვისტოს თვეში დედამისი დაიბარეს და ანალიზი აუღეს „დეენემისთვის“, პასუხი ოქტომბრის ბოლოს იყო, 7 ნოემბერს აბაშაში გადავასვენეთ და 8 ნოემბერს დავკრძალეთ…“ მართლაც სხვა მადლით უნდა იყო ცხებული თავი რომ გასწირო სამშობლოსათვის და მითუმეტეს ერთი თანამოძმისთვის – ასეთ ჟამს დათმო შენი ადგილი და სხვას მისცე სიცოცხლის ბილეთი და თავად გაუყვე მარადისობის გზაშარას..

დაიბეჭდა “პრაიმტაიმში”, შესულია წიგნში “გმირი”

„ან როგორ გადარჩებოდა? ვეფხვივით დაფრინავდა ტანკიდან ტანკზე“…

მარაბდის ველი. დედა-შვილი მოდის. ბიჭუნა აქეთ-იქით აცეცებს თვალებს. გმირ წინაპართა ფარ-ხმალს დაეძებს. ბიჭუნას საქართველოს ისტორია უყვარს. იმედგაცრუებული დედას ეკითხება, დედიკო, აბა სადაა ხმლები?

დედას ეღიმება და უხსნის რომ ისინი მიწამ დაფარა.

რა იცის დედამ რომ გამოხდება ხანი და მის გვერდით მომავალი ბიჭი, მომავალში მარაბდის გმირებზე არანაკლებ გმირობას ჩაიდენს, რომ ვეფხვივით იფრენს ტანკიდან ტანკზე, რომ ომის ორომტრიალიდან მშვიდობით გამოსული ალყაში ჩარჩენილ თანამებრძოლთა გადასარჩენად შებრუნდება, დაიჭრება და… და მას იქ დატოვებენ ის თანამებრძოლები…

ლევან დევდარიანი სულ 24 წლის იყო. არ დარჩენია არც ცოლ-შვილი, არც შეყვარებული. დარჩა სახელი – გმირის. დარჩა ბოლო ზარის პერანგი, ბეჭებზე საკუთარი ხელით ნაწერი წარწერით -„კაცობა-გმირობა“.

ლევან დევდარიანი ლენტეხის რაიონში, სოფელ ზესხოში დაიბადა.

ერთ წლამდეც არ ყოფილა მტირალა, მერე კი საერთოდ ხელი აუღია ტირილზე.

დედა, ბელა შერვაშიძე: „რაც ერთ წელს გადაცდა, არ მახოვს როდესმე ეტიროს. რაღაცნაირი ძლიერი სულის ბიჭი იყო. რამეს რომ დააშავებდა და დავუძახებდი აქ მოდი მეთქი, იცოდა რომ მოხვდებოდა, მაგრამ მაინც მოდიოდა და დგებოდა. რომ მოგეკლა, ვერ აატირებდი. ძალიან უყვარდა მამამისი და უნდოდა რომ მას მგვანებოდა, არადა არ ჰგავდა, უფრო მე მგავდა და როცა ეტყოდნენ, მამას არ გავხარო, ჯიუტად ამტკიცებდა, კიო, მამას ვგავარო. ძალიან უყვარდა ჭიდაობა და ყველა თავის თანატოლს ეჭიდავებოდა. რომ წააქცევდა და გაიმარჯვებდა, მერე სულ გული წყდებოდა, რატომ წავაქციე, რატომ მოვერიე, ისინი ხომ ჩემი ძმაკაცები არიანო. ძალიან მოსიყვარულე ბავშვი იყო, უმცროსი და-ძმა ჰყავს და არ მახსოვს რამეზე ეჩხუბოთ“.

6 წლის იყო ლევანი, ოჯახი რომ სვანეთიდან აიყარა.

სვანეთში სტიქია მძვინვარებდა, მათ სოფელში ზვავები არ ჩამოწოლილა, მაგრამ ერთი თვე გადაუღებლად თოვდა, აღარც სოფელი ჩანდა, აღარც ნასოფლარი, ხალხი მაღალი ძაბვის სიმაღლე თოვლზე დადიოდა.

დედა: „დედაჩემის სოფელში ზვავებმა 26 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის დედაჩემის მამა და ჩემი ოთხი ძმისშვილიშვილი. ჩვენს ახლობლებს, ვინც აქეთ გვყავდა, ჩვენც გამოტირებული ვყავდით. მერე კომისია იყო ამოსული, კიდევ რომ განმეორდეს, ზვავსაშიშროებააო და გარდაბანში ჩაგვასახლეს. ბავშვები გარდაბანს იოლად მიეჩვივნენ. ლევანს ძალიან უყვარდა გარდაბანი, მერეც სტუდენტი რომ იყო, თბილისში არ რჩებოდა, გარდაბანიდან დადიოდა“.

გარდაბანში რომ გადმოვიდნენ საცხოვრებლად, დედამ იმ წელს სკოლაში არ შეიყვანა ლევანი, გარემოსთან შეგუება და სკოლაში სწავლა რომ არ გასჭირვებოდა და ერთი წელი ბაღში ატარეს, ბავშვებს დაუმეგობრდა. მეორე წელს სკოლაში რომ მიიყვანა დედამ, მერხს მიუჯდა თუ არა პირველი რაც გააკეთა ის იყო რომ გვერდით მჯდომ ბიჭუნას ხელი დაუდო და მკლავის გადაწევა შესთავაზა, აბა, რომელი ვაჯობებთო.

დედა: „იმ ბიჭუნამ ტირილი მორთო – დედააა!!! ძლივს დააწყნარეს… სკოლაში ძალიან კარგად სწავლობდა, გამორჩეულად ჰუმანიტარული საგნები უყვარდა, ქართული და ისტორია. საქართველოს ისტორიაზე გიჟდებოდა. მერე და მერე მისი საყვარელი ფილმი „მამაცი გული“ იყო, სულ იმას ამბობდა, როგორ უყვარს სამშობლოო, ყველაფერს ანაცვალებს სამშობლოსო. „დათა თუთაშხია“ უყვარდა ძალიან წიგნი, სულ გახაზული აქვს, რაც მოსწონდა ფრაზები. საერთოდ, ძალიან უყვარდა კითხვა, მე ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი, სანამ პატარა იყო, მიმყავდა და კითხულობდა, ენციკლოპედიებს ჩაჰკირკიტებდა, მერე რომ მოიზარდა და იქ სიარული ეზარებოდა, სახლში მომქონდა მისთვის წიგნები. რამე ციტატა რომ შემხვდებოდა სამშობლოზე, სიყვარულზე, ამოვუწერდი და მომქონდა ხოლმე. ამ ქვეყანაზე, რაც სითბო და სიყვარული ვიცოდი, ყველაფერი ჩავაქსოვე ბავშვების გაზრდაში… დაწყებით კლასებში რომ სწავლობდა და რამეს რომ დააშავებდა, ვეტყოდი, ნაზი მასწავლებელს ვეტყვი მეთქი. მერე მთელი დღე უკან დამდევდა და მეხვეწებოდა, დედიკო, ოღონდ არ უთხრა და აღარაფერს დავაშავებო. ასევე იყო კარატის მწვრთნელზეც, იმის ხათრი ჰქონდა უსაშველო. ძალიან უნდოდა ჭიდაობაზე სიარული, მაგრამ გარდაბანში არ იყო ჭიდაობის სექცია და მეორე კლასში რომ გადავიდა კარატეზე მივიყვანეთ. ძალიან კარგი მონაცემები ჰქონდა, წარმატებებიც ჰქონდა, მაგრამ ბოლომდე არ გაჰყვა. გარდატეხის წლებში, ერთი მომენტი გამომეპარა და ქუჩისკენ გაუწია გულმა, მაგრამ მაინც ლანდივით სულ უკან დავდევდით. ერთი წუთი არ იყო, რომ მე არ მცოდნოდა სად იყო ლევანი“.

მამა, ცაგო დევდარიანი: „შავ ქამარზე რომ ჩააბარა მერე აიცრუა გული. 6-ჯერ თუ 7-ჯერ საქართველოს ჩემპიონი გახდა პატარებში, 2-ჯერ კავკასია მოიგო, მაგრამ ისეთი სიდუხჭირე იყო, ამის იქით ვერსად ვერ გავიდა. ერთ წრეზე ტრიალებდნენ. სახელმწიფოს არ ჰქონდა საშაულება რომ სადმე გაეშვა, არც ოჯახში გვქონდა საშაულება რომ გაგვეყვანა საერთაშორისო შეჯიბრებებზე. 9 თვე რომ კაცი ხელფასს ვერ აიღებ, ისიც კაპიკებს, სად უნდა გაგეშვა? თბილისს და ბაქოს ვერ გასცდა და უკვე ინტერესი დაკარგა, მობეზრდა, თორემ მართლა იშვიათი მონაცემები ჰქონდა. ერხელ ფიზიკური მონაცემების შეჯიბრი ჩატარდა თბილისში, ყველა რაიონიდან იყვნენ. კინაღამ გააგიჟა მსაჯები, 180-ჯერ ჩავიდა და ავიდა ცალი ფეხით. გააჩერეს, ბავშვი არ გადაიწვესო. 200-ჯერ აიწია მუშტებით, ტანით 60-ჯერ აიწია ძელზე. ხელებით მთელ  სპორტ-დარბაზს შემოუარა, 80 მეტრის მანძილზე. გაოგნდნენ. ამ დროს იყო მეხუთე-მეექვსე კლასის მოსწავლე“.

სკოლა რომ დაამთავრა სწავლის გაგრძელება არ ისურვა. მშობლიურ სვანეთში წავიდა, მთელი ზაფხული და შემოდგომა იქ გაატარა.

დედა: „სვენეთიდან რომ ჩამოვიდა, სულ მეგობრებში ტრიალებდა. ვისაც ჩხუბი მოსდიოდა ყველას ეს ეფერებოდა, ვინც საჩხუბრად მიდიოდა, ყველას ლევანი მიჰყავდა, ძალა ნახეს მასში და მიჰყავდათ. სულ ამაზე ვეჩხუბებოდით მე და მამამისი. ნუ ხარ, ყველას სანაცვლო, ნუ ჩხუბობ-თქო. აბა რა უნდა ვქნა, რო შეგაგინებენ, ან დაგიყვირებენო. ვეხვეწებოდი, შვილო შენ არავინ გაგინებს, შენ არავინ გიყვირის, თავი დაანებე-თქო. თავიდან არ ისურვა სწავლის გარძელება, მაგრამ მერე თავისი და რომ სტუდენტი გახდა, მასაც ჭკუაში დაუჯდა და გადაწყვიტა ჩაბარება. ვამზადებდით. მახსოვს, სვანური ქუდი უყვარდა ძალიან, მამაჩემა აჩუქა და ქალაქშიც სულ იმ ქუდით დადიოდა. მერე აღარ იხურავდა, ძაან მიკვირდა და გვიან გავიგე, თურმე მასწავლებელთან მიდიოდა, უბნის ბავშვები მანქანებს თოვლის გუნდებს უშენდნენ. ერთი აზერბაიჯანელის მანქანისთვისაც უსვრიათ, ის აზერბაიჯანელი გადმომხტარა და დაუწყია ამ ბავშვების გინება, ლევანი ბავშვებს გაფარებია, ვის აგინებ რომ აგინებ, ვინაა შენი საგინებელიო, დაწყებულა გაწევ-გამოწევა, უთეთქვია ის აზერბაიჯანელი, იმის ცოლი პოლიციაში გაქცეულა და ბიჭებს ლევანი გამოურიდებიათ იაქაურობას და იმის მერე სვანურ ქუდს თურმე მაგიტომ აღარ იფარებდა, იმ აზერბაიჯანელმა არ მიცნოსო. 2004 წელს ჩააბარა ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისმცოდნეობაზე. ვერის ბაღში, ერთი წელი კინგ-ბოქსინგშიც ვარჯიშობდა, მერე იქაც მიანება თავი. გული აიცრუა. აფორიაქებული იყო ბოლო წლებში. შეყვარებული არ ყოფილა, ეჰ, ნეტა ყოფილიყო შეყვარებული… სულ პირზე ეკერა კაცობა და გმირობა. ერთხელ ვკითხე, დედიკო რას ეძახი კაცობას, ერთი შენებურად ამიხსენი მეთქი. მე რომ ვარ დედიკო, ეს არის კაცობაო. ახლა, მისი ბოლო ზარის პერანგი ვნახე, ბეჭებზე თავისი ხელით უწერია დიდად –  „კაცობა – გმირობა“.  უნივერსიტეტი 2008 წელს დაამთავრა, ერთი სული ჰქონდა დიპლომს როდის ავიღებო. სამხედრო აკადემიაში უნდოდა ჩაბარება. დიპლომი სექტემბერში მოგვიტანეს, ვერ მოესწრო დიპლომის აღებას. ვერ ნახა თავის დიპლომი“.

ლევან დევდარიანი ჯარში არ გაუწვევიათ. უნივერსიტეტის დამთავრებადე, 2007 წლის გზაზაფხულზე, თვითონ მიაკითხა კომისარიატს, მაგრამ ხალისმა მაშინვე გაუარა, როდესაც უთხრეს რომ კარანტინის მერე, რუსთავის კოლონიაში, კოშკურაზე მოუწევდა დგომა. მას ჯარისკაცობა  უნდოდა და კოშკზე დგომამ ვერ მოხიბლა. გამოუშვეს. მალევე, მეოთხე

ქვეითი ბრიგადისთვის გამოცხადდა მიღება და ლევანიც კონტრაქტით წავიდა.

დედა: „ჩვენ არ გვინდოდა გაშვება, არ გვიჭირს ეკონომიურად, კი არ ვდუღვართ, მაგრამ არც გვიჭირს, არც საჭმელი აკლდა, არც სასმელი. მაგრმ თავისი სურვილი იყო, ალბათ ბედისწერაც… ისე უყვარდა იქ ყოფნა, ისე მოსწონდა ჯარი, სულ სხვანაირი შთაბეჭდილებით იყო ცხოვრების მიმართ…“

მერე დაიწყო ომი. შინიდან ბოლოს 4 აგვისტოს გავიდა.

დედა: „იმის მერე არც მინახავს, ომი რომ დაიწყო არც მილაპარაკია, ტელეფონი ვაზიანში ჰქონდა დატოვებული. რომ ამბობდნენ წინ სპეცრაზმი მიდისო, მეგონა, რომ ისინი უკან იქნებოდნენ, არადა თურმე ესენი იყვნენ სპეცდანიშნულების სწრაფი რეაგირების ბატალიონი. ჩემი მეორე ბიჭი სვანეთში იყო იმ დროს, იმან დაგვირეკა, ლევანიც შეუყვანიათ ცხინვალშიო, ჩემი მულისშვილიც მსახურობდა ვაზიანში, იმასთან ულაპარაკია… ბიჭები მიყვებოდნენ მერე, მთელი ომის ქარცეცხლი გამოუვლია. მე არ მინახავს, მომიყვნენ, ტელევიზიით ულკაპარაკია ექიმ გოგოს, რომელიც იქ დაიჭრა, იქ ერთი სვანი ბიჭი იბრძოდა, იმნაირი მე არაფერი არ მინახავსო, იმ ტერიტორიაზე სადაც ეს მოხდა, ლევანის მეტი არავინ იყო სვანი… ჩემს მაზლისშვილს ახლობელი ჰყავს ჯარში, ის მოუყვა, ბიჭები ყვებოდნენ ის როგორ გადარჩებოდა, ან როგორ არ დაიჭრებოდა, ტანკიდან ტანკზე ვეფხვივით ხტებოდა, დაფრინავდა, ისეთ ამბებში იყოო. ჩემმა მაზლისშვილმა სურათიც გამომართვა, ბიჭებს ანახა, და იმ ბიჭებმა უთხრეს, ეგაა, სურათი რად გვინდა, ისედაც ყველამ ვიცითო. ყველამ იცის ლევანი, ვინც კი ცხინვალიდან ცოცხალი გამოვიდა. მართალი გითხრათ, არ შემიძლია დავწვრილმადე და ჩავუღრმავდე, ყველაფერი გამოვიკითხო, რად და როგორ იყო, ძალიან მიმძიმს“.

მამა: „ვერც ლაპარაკობენ, თვითონ მათ გამოსაყვანად შევიდა და ის იქ დატოვეს… ლევანმა სამშვიდობოს გამოაღწია, მაგრამ იქ, შანხაის ტერიტორიაზე ბიჭები ჩარჩნენ და იმათ იქ ვერ დავტოვებო და უკან  შებრუნდა. მაშინ დაიჭრა ფეხში მძიმედ, მუხლს ზემოთ. მოუკლეს ბატალიონის უფროსი, შტაბის უფროსი, ლევანის ჩათვლით ცხრა კაცმა ბუნკერს შეაფარა თავი, იქ რომ ჩასულან 2 ოსი დახვეედრიათ, ტყვედ აუყვანიათ, მერე კიდე ორი ოსი ჩასულა და ისინიც აუყვანიათ ტყვედ. ის ღამე იქ გაუთევიათ. ეს იქიდანაც დასტურდება რომ ათი აგვისტო რომ დაიწყო, მათთან ერთად მყოფმა ასეულის სერჟანტმა გელა მებაღიშვილმა ცოლთან დარეკა და უთხრა რომ დაჭრილები ჰყავდა, მათ შორის ლევანიც. ლევანის გარდა კიდე 4 იყო დაჭრილი, მაგრამ ისინი მსუბუქად. დილით გამოსვლა რომ დაუპირებიათ, მებაღიშვილი სტრახოვკაზე დამდგარა, მათთან ბუნკერში მყოფ ოფიცერს, ჩიხლაძეს ბრძანება გაუცია რომ ლევანი ცინცაძეს და ახიჯანიანს უნდა გამოეყვანა. თვითონ წინ ორი ოსი დაუყენაბია, უკან ორი და სამშვიდობოზე გამოსულს გაუშვია. დანარჩენი დაჭრილები თავის ფეხით გამოსულან. ლევანი იქ დატოვეს… ყველა გამოვიდა მის გარდა. ამბობენ რომ მებაღიშვილს რომ უნახავს რომ ლევანი არავინ გამოიყვანა, ექიმთან ერთად შებრუნებულა, მაგრამ ადგილამდე ვერც მიუღწევია, მოუკლავთ. ის ექიმი ვერაფრით ვერ ვნახეთ, რამდენად სწორია არ ვიცი. ის ბიჭი მკვდარია, დანარჩენებს ეუხერხულებათ, ამათთვის თავი გადადო, ამათმა მიატოვეს. მებაღიშვილი ძმაკაცი იყო და შებრუნდებოდა“.

დედა: „ერთი რუსთაველი ბიჭია, ჩვენთან იყო ერთ საღამოს მოსული, ნასვამი იყო და ამბობდა, მე გადამარჩინე, მაგრამ მე ვერ გადაგარჩინეო… ამბობენ გადაეფარა ბიჭებსო… მერე დიდხანს ვეძებდით. ომის დროს, თბილისელი ოსი გოგოები იყვნენ ვლადიკავკაზში დასასვენებლად, დედა ჰყავთ გარდაბნელი ქართველი, იმ გოგოებმა დარეკეს, ტელევიზიით ვნახეთ, ექიმი ლაპარაკობდა, ჩვენ გვყავს დაჭრილი ქართველი ჯარისკაცი დევდარიანი, რომელიც თავისიანებმა დატოვეს და ჩვენ ვუვლითო. მერე ოსი ახლობლები გამოვნახეთ, იურისტი ბიჭები არიან, აქ თბილისში ჰქონდათ დამთავრებული, იმათ გაიკითხეს და გაიგეს რომ იმ ბუნკერიდან რუსებს ამოუყვანიათ, მაგრამ იმ ბიჭებმა გვითხრეს ჰოსპიტლების სიახლოვეს არ გვაკარებენო. მერე, ცხინვალის კომენდატთან, რუს გენერალთანაც გამოვნახეთ საერთო ახლობელი, დავარეკინეთ. ერთ საათში დაურეკა, კი გვყავს ამნაირი დაჭრილიო. ამ ჩვენმა ახლობელმა სთხოვა, ან გამომიყვანეთ, ან მე შემომიშვით და გამოვიყვანო, მაგრამ ორ საათში გადმოურეკეს, შეგვეშალა, სხვა არისო. ღმერთმა იცის რა მოხდა“.

მამა: „ჩემი ბიჭის და გოგოს მობილურებზე გაუთავებლად ვიღაც რეკავდა და ხმას არ იღებდა, ერთადერთხელ ჩემმა გოგომ რომ ალო უთხრა, იმანაც ალოო და გათიშა, რუსული აქცენტი ჰქონდა. ერთადერთი რისი გაშიფვრაც ჩვენ მოვახერხეთ, მოსკოვის კოდი იყო, ჩვენ უშიშროებას ვუთხარით, მაგრამ ხელი არ მოკიდეს, ასე ყველასთან ირეკებაო. ჩემი ძალებით ვერ გავშიფრე. გასვენება რომ გავუკეთეთ მიწყდა ეს ზარები. ცხედარი გვიან გადმოასვენეს, ჯერ იქ იყო დაკრძალული, მერე საპატრიარქომ რომ ბოლოს გადმოასვენა, დეენემის პასუხით მათ შორის იყო. მუხათგვერდში იყო დაკრძალული, ექპერტიზაც მოვითხოვე, მაგრამ მარტო ძვლებიღა იყო.. ვერანაირი საბუთი ვვერ ვნახეთ. ან ნაწილში უნდა ყოფილიყო, ან ხელზე უნდა ჰქონოდა. არსად არაა…“

დაიბეჭდა გაზეთ “პრაიმტაიმში” გამოქვეყნდა წიგნში “გმირი”.

თავი აიფეთქეს და მტრის მაყრიონით გადასახლდნენ მარადისობაში…

თაობებს მართლაც საზღაპროდ ეყოფათ იმ 17 ვაჟკაცის გმირობა, შინდისში ვერაგულად და დედლურად ჩასაფრებულ მტერს რომ შეაკლეს თავი მამაცურად.

ალექსანდრე ონიანის და მისი ნათლულის –  რომან ზოიძის ეპიზოდი კი შექსპირსა და სერვანტესს ითხოვს აღსაწერად.

ჩამოუვარდება კი მათი გმირობა სერვანტესის მიერ უკვდავყოფილ ნუმანსიელთა გმირობას? იმ ნუმანსიელების, რომაელ დამპყრობელებს ცოცხალი რომ არ დანებდნენ და თავები დაიხოცეს?

ავნევში უკვე ერთხელ დაჭრილი რომან ზოიძე შინდისში ბრძოლისას ისევ დაიჭრა, უკვე სასიკვდილოდ –  არტერიაში მოხვდა ანასხლეტი და სისხლისგან იცლებოდა… მისი ნათლია ალექსანდრე ონიანი უვნებლად იყო, მაგრამ არ ტოვებდა და თანამებრძოლებს დასძახოდა, ცოცხალი არ დანებებოდნენ მტერს, აეფეთქებინათ თავები…

რომანი ეხვეწებოდა გასცლოდა სიკვდილის მინდორს. ონიანი არ ტოვებდა ბრძოლის ველს.

ბიჭებო ვისაც ჩემი ხმა გესმით! არავინ არ ჩაბარდეს!“ – ყვიროდა ონიანი.

რუსები ღიმილიანი სახეებით მიიწევდნენ მათკენ.

ონიანი ჩაიმუხლა, ნათული ჩაიხუტა და დაიწყეს  „მამაო ჩვენოს“ კითხვა.

კითხულობდნენ „მამაო ჩვენოს“ და სიკვდილს ეგებებოდნენ –  „კალცო“ გამძვრალი ხელყუმბარები ფეხებშუა ჰქოდათ დამალული და ფეხით იჭერდნენ…

მორჩნენ ლოცვას, მიახლოებულ მტრის ჯარისკაცებს ონიანმა დაუღიალა – „არ ჩაგბარდებით და არც ჩემს ნათლულს ჩაგაბარებთ“!

გაშალეს ფეხები და… თავი აიფეთქეს და მტრის მაყრიონით გადასახლდნენ მარადისობაში…

„რუსები მიიტყუეს, ვითომ ბარდებოდნენ… 300 მეტრის რადიუსით გაიშალა ანასხლეტი და ბევრი რუსი ჯარისკაცი გაიყოლეს. ამ აფეთქებით 48 რუსის ჯარისკაცი დააზიანეს, აქედან 35 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ორმა კაცმა თითქმის გაანადგურა მტრის ასეული..“ – მწარე სიამაყით იტყვის რომან ზოიძის ძმა, რომელიც მზდაა დაუფიქრებლად წავიდეს ომში თავადაც.

„ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა, მაგრამ რამე რომ მოხდეს მე დაუფიქრებლად წავალ, მე არ შევარჩენ მათ ჩემი ძმის სისხლს…“

იმ დღეს, როცა რომან ზოიძე გმირულად დაიღუპა, მის ძმას მეორე ვაჟი შეეძინა. ძმამ თავის ბიჭს ძმის სახელი დაარქვა. პატარა რომან ზოიძე უკვე ორი წლისაა.

დიდი რომან ზოიძე სულ ოცი წლის ჭაბუკი იყო გმირადქცევისას…

1988 წლის 9 ივნისს დაიბადა.

ოჯახი შუახევის რაიონის სოფელ კარაპეტში სახლობდა, მაგრამ აიყარნენ. მეწყერსაშიში ზონიდან ოჯახი კახეთში, დედოფლისწყაროს რაიონში, სოფელ ფიროსმანში გადაასახლეს. ფიროსმანში გაჩნდა რომანი, 4 წლამდე იქ იზრდებოდა, მაგრამ ბავშვებმა ჰავა ვერ იგუეს და ოჯახი 1993 წელს მარნეულის რაიონში, სოფელ შულავერში გადაასახლეს.

დედა, მარინა ზოიძე: „შულავერს ვერ ეჩვეოდა, მისთვის უცხო გარემო იყო, ვერ იგებდა რა ენაზე საუბრობდნენ მისი თანატოლები…  როცა წამოიზარდა უკვე კარგად ფლობდა აზერბაიჯანულ და რუსულ ენას. ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდა… იმ პერიოდში, ძალიან გვიჭირდა ფინანსურად და რომ წამოიზარდა, სულ იმას მეტყოდა ხოლმე, დედი რომ გავიზრდები არაფერს არ დაგაკლებო… გაიზარდა და როცა მართლა რაღაცა შეეძლო, ბედმა გვიმტყუნა… დედა მოუკდეს… სკოლაში კარგი მოსწავლე იყო. სკოლა რომ დაამთავრა, არ გვქონდა საშუალება რომ უმაღლესში ჩაებარებინა… პირველი კლასიდან ვარჯიშობდა და კლასიკურ ტანვარჯიშსს მიყვებოდა. რაიონულ შეჯიბრებებშიც იღებდა მონაწილეობას. ფეხბურთის და კალათბურის თამაში უყვარდა…“

ფრიდონ ზოიძე, რომანის ძმა: „იმ პერიოდში მე ვსწავლობდი უნივერსიტეტში და წელიწადში 300 დოლარს ვიხდიდით. ძალიან გვიჭირდა და კაპიკ-კაპიკ შეგვქონდა სწავლის საფასური. მერე თბილისიდან მარნეულში გადმოვედი სასწვალად. ჩემმა ძმამ რომ დაამთვარა სკოლა, უკვე არანაირი შანსი აგარ გვქონდა სადმე ჩაებარებინა და სწავლის საფასური გადაგვეხადა მისთვის. ჩვენ გვინდოდა, რომ ესწავლა რომანს, მაგრამ თვითონ სკოლიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი სამხედრო გამხდარიყო. ბაბუაჩემი, მისი ძმები, ჩვენი ბიძაშვილები, ყველანი სამხედროები იყვნენ და არიან. როცა ბავშვობაში გვეკითხებოდნენ ვინ უნდა გამოხვიდეთო, ორივე ჯარისკაცს ვამბობდით… ძალიან უყვარდა ისტორია და ბევრს კითხულობდა…“

დედა: „ძალიან მშრომელი ბიჭი იყო. არაფერს არ თაკილობდა, არც ფიზიკურ შრომას ერიდებოდა და ზრდასრული ადამიანივით გვედგა მხარში. მთელი ოჯახი მეურნეობას მივდევთ და რომანმა სკოლა რომ დაამთავრა, ერთი წელი მუხლჩაუხრელად გვეხმარებოდა მიწის დამუშავებაში. იმ პერიოდში  დაიწყო ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის ტრასის მშენებლობა. ერთი წელი იმუშავა იქ დაცვაში. 18 წლის რომ გახდა კომისარიატიდან მოწვევა მოუვიდა. ჯან-ღონით სავსე ბიჭი იყო, კარგი სიმაღლეც ჰქონდა და კომისარიატში, შემოწმება რომ გაუვლია, უთქვიათ, ეს ბიჭი პირდაპირ სენაკში გავუშვათო. სავალდებულო რომ მოიხადა კოტრაქტზე გადავიდა. ვეხვეწებოდი, სახლში დაბრუნდი, სადმე ჩააბარე და ისწავლე-მეთქი, მაგრამ ვერაფრით ვერ დავითანხმე… ისეთი მიზანსწრაფული და მონდომებული იყო, რომ ვერ შევეწინააღმდეგეთ. ბოლოს მამამისმა უთხრა, მამი, შენ როგორც გაგიხარდება ისე მოიქეციო. ეს იყო და ეს, რომანმა კონტრაქტს მოაწერა ხელი“.

ძმა: „მეც წინააღმდეგი ვიყავი. დღე-დღეზე მუშაობა უნდა დამეწყო სასაზღვროში და ვეუბნებოდი, სენაკი შორია, შენც გაიარე ტესტირება და შენც ჩემთან დაიწყე მუშაობა მეთქი. მაგრამ იუარა, შენი დიდი ხათრი მაქვს ძმაო, მაგრამ მთელი ოცეულის ბიჭები გადავდივართ საინჟინრო ასეულში და იქ მინდაო. საინჟინრო ქიმიური ასეული, ასე ერქვა მათ ასეულს. დანაღმვა განაღმვა, სანგრების გათხრა და ეს იყო მათი პროფესია.. საკმაოდ საფრთხილო და საშიში პროფესიაა. ამბობენ კიდეც, ,,საპიორები’’ ცხოვრებაში ორ შეცდომას უშვებენ, პირველს მაშინ, როცა ამ პროფესიას ირჩევენ და მეორეს როცა უშვებენ იღუპებიან კიდეც და მესამე შეცდომას ვეღარ უშვებენო. მაინცდამაინც ეს პროფესია რატომ აირჩიე-მეთქი, ვკითხე. მითხრა, ერთი ნაცნობი მყავს, საინჟინრო ასეულშია და როცა ამ თემაზე ვლაპარაკობთ ძალიან მინდა ეს ყველაფერი ვისწავლოო… მინდა რომ ჩემს მტერს ,,სიურპრიზები’’ მოვუწყოო… ჩვენმა ოცეულის ბიჭებმა მოვილაპარაკეთ და ამ საქმეს ვერ ვუღალატებო. 2008 წლის აგივისტოს რუსებთან ომში, 170-მდე კარისკაცი დაიღუპა. 9 ადამიანი არც ერთ ოცეულს არ დაუკარგავს, ყველაზე დიდი დანაკლისი საონჟინრო ასეულმა განიცადა. ასეულიდან 17 ბიჭი დაიღუპა, მარტო რომანის ოცეულიდან 9 ბიჭი… დანაყოფი უკან იხევს, როცა შემადგენლობის 30% ეკარგება ბრძოლისას, 9 ადამიანი ოცეულიდან ძალიან დიდი დანაკლისია… მაინც არ მოეშვნენ და ბოლომდე გმირულად იბრძოლეს…“

დედა: „რაც კონტრაქზტე იყო, სამ თვეში ერთხელ თუ ამოვიდოდა სახლში. სულ მენატრებოდა და გზას გავყურებდი. პირველ ივლისამდე ბოლო ორი კვირა შვებულება ჰქონდა აღებული და სახლში იყო ამოსული. ძალიან უცნაურად იქცეოდა. დალევა საერთოდ არ უყვარდა, მაგრამ ის ორი კვირა სულ უნდოდა რომ ექეიფა, სულ ნასვამი იყო… სახლში რომ მოდიოდა, არ უნდოდა რომ დამეძინა, უნდოდა მასთან ვყოფილიყავი. მეტყოდა ხოლმე, დედა ბავშვობაში, რომ იავნანას მიმღეროდი ერთხელ ისე მიმღერეო…. წამოწოლილი  იყო და წავუღიღინე, ,,გაპუტულო გლეხის შვილო“… ეგ არ გამაგონოო, გამაჩერა, მერე ,,ვისი ბედისა ხარ“ ვუმღერე. გაიღიმა. იმ ღამეს ბევრი ვილაპარაკეთ, სანამ ცოლს მოვიყვან ჯერ ბინა უნდა ვიყიდოო, მერე წარმოიდგინა როგორი ქორწილი ექნებოდა. შეყვარებული ჰყავდა და სექტემბერში დაოჯახებას აპირებდნენ… საერთოდ არ უყვარდა შეყვარებულზე ლაპარაკი. შეყვარებულზე მარტო ჩვენი კარის მეზობელს, თავის თანაკლასელ გოგონას უყვებოდა. მე მარტო ის მითხრა რომ ქუთაისელი გოგო უყვარდა, რომელიც წარმოშობით აჭარიდანაა. იმ გოგოს მშობლები საბერძნეთში ჰყოლია და რომანს ეხვეწებოდა თურმე კონტრაქტი დაარღვიე, ჯარიმის ფულს ჩემი მშობლები გადმოგირიცხავენ და ჩვენც საბერძნეთში წავიდეთო… შეყვარებულის ძმამაც დაურეკა, უკვე სიძედ მიაჩნდა რომანი და მანაც უთხრა წამოდი ჯარიმის ფულს ჩვენ გადმოგირიცხავთო, მაგრამ არ ქნა… ხუთ შვილზე ოცნებობდა. თავის ძმას ეუბნებოდა შენსავით ზარმაცი კი არ ვარო…  

როცა პირველი ხელფასი აიღო, 90 ლარიანი ტელეფონი იყიდა. ვუთხარი, დედა ეს რა გიყიდია, ორი თვის ხელფასი აიღე და ცოტა ნორმალური მობილური გეყიდა-მეთქი. მითხრა, დედი რომ დაგირეკავ, ხომ დაგელეპარაკები და მეტი რა მინდაო… ბოლოს გარდერობი მიყიდა, ხუმრობით მითხრა კიდეც ერთი უჯრა ჩემიაო… 6 სექტემბერს უფროსი ძმისშვილი 1 წლის ხდებოდა. მეუბნებოდა ისეთი რაღაც უნდა ვუყიდო, რომ მთელი ცხოვრება დარჩეს სამახსოვროდო… ძმისშვილს ბოლო საჩუქარი, ველოსიპედი უყიდა… უფროსი ბიჭი არ მუშაობდა და ძმას ცალკე აძლევდა ფულს ბავშვისთვის საჭმელი, რომ ეყიდა და ჩვენ ცალკე… მთელ ოჯახს რომანი ინახავდა…“ 

ფრიდონ ზოიძე, რომანის ძმა: „მდინარეზე ჩავდიოდით და იქ ვსვამდით ლუდს. საღამოს სახლში რომ მოვდიოდით ეზოში ვიდექით და ვლაპარაკობდით. დედა ფანჯრიდან გადმოგვძახებდა-ხოლმე: ამოდითო. რომანი ამოსძახებდა-ხოლმე ,,დედა სამშობლო ცხინვალი გვიხმობსო’’. ეს ტერმინი ამოიჩემა ბოლო ერთი კვირა და ამ სიტყვებს ხშირად იმეორებდა. როგორც აღმოჩნდა ამ ყველაფერში რაღაც გამოძახილი იყო..”.

მარინა ზოიძე, რომანის დედა:  „პირველ აგვისტოს სენაკში უნდა გამოცხადებულიყო. კვირას წავიდა სახლიდან, მეორე კვირას ისევ უნდა ჩამოსულიყო, მეგობრის მეჯვარე იყო და ქორწილში მოდიოდა. იმ დღეს როცა სენაკში მიდიოდა, წვერი მამამისმა გაპარსა, რა ლამაზი ხარ მამიო, მოეფერა მამამისი  და რომანმა უთხრა: ,,ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასაო’’ ეს იყო მისი ბოლო სიტყვები. ჩაიცვა და სახლიდან გავიდა. მეგობარი მანქანით ეზოში ელოდებოდა, მას უნდა წაეყვანა სენაკში… ფანჯრიდან ვუყურებდი როგორ ჩავიდა კიბეებზე. ჩაჯდა მანქანაში და ფეხები  მანქანის ,,ტორპედოზე’’ შემოაწყო. გადავძახე, ბიჭო როგორ ზიხარ ფეხები ჩამოიღე-მეთქი. გაეცინა და ხელი დამიქნია, აბა თქვენ იცითო…“ 

ფრიდონ ზოიძე, რომანის ძმა: „მანქანაში რომ ჩაჯდა კარგა ხანს არ დაძრულან ადგილიდან. მერე თავის ძმაკაც უთხრა ჩემს სახლს რამდენჯერმე შემოვუაროთო და მანქანით კორპუსებს კარგახანი უვლიდნენ. ბოლოს ხელი დამიქნია და წავიდა. იმის მერე აღარ მინახავს… ამის მერე ტელეფონზე ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. მე 5 აგვისტოს გამომიძახეს სამსახურში მეც შვებულება დამიმთავრდა. ცოლ-შვილტან ერთად სოფელში ვისვენებდი. იქიდან რომ წამოვედი, რატომღაც დიდ მარშუტკაში მარტო მე ვიყავი მგზავრი. ჩამთვლიმა და ასეთი უცნაური სიზმარი ვნახე, თითქოს ამ მარშუტკაში ჩემი ძმაც იჯდა, იცებ სადღაც ხრამში გადავარდით. ერთმანეთზე ხელი გვქონდა ჩაკიდებული და რაღაცნაირად ხელი გამეშვა და დინებამ წაიღო რომანი. ისე ბნელოდა, რომ ვერსად ვერ ვპოულობდი. ამ დროს გამომეღვიძა და იმ მომენტში ტელეფონზე რომანი მირეკავდა. მომიკითხა რას შვრებიო, სამსახურში გამომიძახეს და ქორწილში ვერ წამოვალ-მეთქი ვუთხარი. ვკითხე 7 აგვისტოს რომ ჩამოხვალ რამდენ ხანს დარჩები, რომ გნახო-მეთქი, ვეღარ ჩამოვდივარ რაღაც პრობლემები მაქვსო“.   

 მარინა ზოიძე, რომანის დედა:  “ორი თვით ადრე საშინელი სიზმარი ვნახე, ჩემს მეუღლეზე უფრო ვნერვიულობდი, არაფერი დაემართოს-მეთქი. ერთი წუთითაც არ გამიფიქრებია შვილებზე… თურმე სხვა რამეს მიმზადებდა განგება…

პირველი აგვისტოდან ვურეკავდი, დედი, როდის უნდა ჩამოხვიდე ბეჭედი საყიდელი გვაქვს-მეთქი ქორწილისთვის…. ჯერ ყაზარმულია გამოცხადებული და არ ვიცი როდის ჩამოვალო… ბოლოს 10 აგვისტოს ველაპარაკე, დედი სამი ლარი ტელეფონზე ჩამირიცხეო. მითხრა, დედა, როგორც ვაჟკაცურად გაგვზარდე, ისე ვაჟკაცურად უნდა იყოო… ეს იყო მისი ბოლო სიტყვები…  არ მეუბნებოდა რომ ომში იყო. სენაკის ტყეში ვართ გახიზნულები და ტელეფონი, რომ  გაითიშოს არ ინერვიულოო. სროლების ხმა რომ ისმის რატო მატყუებ დედა, სად ხარ-მეთქი? ომში კი არა მაშხალები ცვივაო, მატყუებდა… დედა მოუკვდეს, ამ დროს ცხინვალში ყოფილა ორმხრივ სროლებში და მაინც დამირეკა… პირველი ასეული საინჟინრო შეიყვანეს, რომანიც იქ იყო…”

ფრიდონ ზოიძე, რომანის ძმა: „მეც მატყუებდა და მეუბნებოდა ოსიაურის ბაზაში ვარო. მეც მანდ ვმსახურობდი, მანდ არის საინჟინრო ნედლეული განლაგებული, რითაც ასაფეთქებელი მოწყობილობა შეიძლება გაკეთდეს. აქ ვართ და უბრალოდ ვფუთავთ, რამე რომ იყოს მზად გვქონდესო…. მერე მისმა თანამებრძოლებმა მითხრეს, რომ ამ დროს ცხინვალში იყვენენ. ბევრი პოზიცია ჰქონდათ დაკავებული ჩვენებს. მაგრამ როცა გამწვავდა სიტუაცია, ბიჭებს ფიზიკურად რაც შეეძლოთ, ნაღმები წამოიღეს და გზადაგზა, რუსებს ,,სიურპრიზებს’’ უტოვებდნენ. ,,სიურპრიზს’’ ნაღმებს ეძახიან, უფრო სწორად ცრუ ნაღმებს. საიდანაც იყო ალბათობა იმისა, რომ რუსები შემოვიდოდნენ, იქ აკეთებდნენ ნაღმებს, რომ რამენაირად შეეჩერებინათ მტრები. ზურგჩანთით ატარეს ნაღმები, როცა დანაღმეს გარკვეული ტერიტორია, ტყვია-წამალი დაურიგებიათ მათთვის და სოფელ ავნევში განთავსდა მათი ნაწილი. სკოლის  სარდაფში იყვნენ და ელოდებოდნენ ბრძანებას. ამ დროს მეუბნებოდა რომ ოსიაურში ვარო…  11 აგვისტო იყო. დილის 8 საათზე ველაპარაკე. მესმოდა ტელეფონში, რომ ვიღაცა ეუბნებოდა, რომან წყალი ხომ არ გინდა, ხომ არ დალევო? მაშინვე მივხდი, რომ რაღაცა ხდებოდა. რა გჭირს-მეთქი ვეკითხებოდი და მომატყუა, მანქანის კარებს მივარტყი ფეხი და მუხლი გამეცქვლიფაო.  თურმე დაჭრილი ყოფილა… როგორც მერე მითხრეს აფეთქებაში მოყოლილან. საჰაერო იერიშის დროს, ავნევში ჩვენს პოზიციაზე ჩამოყარეს ჭურვები. რომანი ფეხში და მკლავში დაჭრილა… კიდევ რამდენიმე ყოფილა დაჭრილი და ორი ბიჭი ადგილზე დაღუპვიათ… ჩემს ძმას, თვითონ დაჭრილს, სამი ჯარისკაცი გამოუყვანია საველე ჰოსპიტლამდე.  სამი ბიჭი გადაარჩინა, რომლებიც დღესაც ცოცხლები არიან და ოფთალმიჯში მკურნალობენ… ბიჭები, რომ გამოუყვანია ექიმები თურმე ეხვეწებოდნენ, დარჩი სადღა მიდიხარ, ხომ ხედავ ორ ადგილას ხარ დაჭრილი, განგრენაში გადაგეზრდებაო… ჭრილობებზე იოდი წაუსვია, ბინტით გადაახვევინა და გამაყუჩებლები გამოურთმევია… თურმე ექიმები იჭერდნენ არსად არ გაგიშვებთოი, მაგრამ ხელი უკვრია და ერთი იქით გადაუგდია და მეორე აქეთ. თავის პოზიციაზე დაბრუნებულა… უკან რომ იხევდნენ, შინდისში ჩამოსულან, ეკლესიასთნა გაჩერებულან დაუსვენიათ და უთქვამთ, მატარებლის რელსებს გავყვეთ და მეორე სოფელში გადავალთო. თურმე რუსებმა ბიჭებს ჩასაფრება მოუწყეს, ქართული დროშები ფრიალებდა რუსის ტანკებზე. ჩვენები არიან და აღარ შევინიღბოთ უთქვამთ… ბაქანი ყოფილა, რომელზეც ორი ადამიანი ხელს ძლივს აწვდენს, იმ ბაქანზე უნდა გადახტარიყვნენ რომ ჩვენებისთვის ფარდა გაეხსნათ და ბიჭები გაეყვანათ. იქ „ბეტეერებს“ და ტყვიამფრქვევებს არ ელოდნენ, ქართველები ეგონათ და აღარ შენიღბულან. საფრთხე გარდაუვალი იყო, ალყაში იყვნენ და ტყვია-წამალიც უკვე იმდენი აღარ ჰქონდათ… იმის რესურსიც აღარ ჰქონდათ რომ რამდენიმე საათი გაეწიათ წინააღმდეგობა მტრისთვის… საათი და 20 წუთი უწევდნენ წინააღმდეგობას რუსებს. ისე უცბად გადმოვიდნენ რუსები შეტევაზე, რომ ვეღარ მოასწრეს შეტყობინების გადაცემა ჩვენებისთვის რომ დამხარებოდნენ, დერეფანი გაეკეთებინათ და მშვიდობით გამოსულიყვნენ… 70 მეტრის რადიუსში მიმდინარეობდა ორმხრივი სროლა. ისინი ძალიან ბევრი იყვნენ. ერთი ასეული სხვადასხვა შენაერთებით 20 ქართველს ებრძოდნენ. გრადი ესროლეს ჩვენებმა და მათი მანქანების კოლონის წინა და უკანა მანქანა ააფეთქეს. ჩაიხერგა ორივე მანქანა და კოლონაში მდგარი მანქანები ვეღარსად ვერ წავიდნენ. ვინც მაგარი ბიჭი იყო და ვისაც შესტკიოდა გული თავის ქვეყანაზე, ისინი დარჩნენ იმ ადგილზე და გმირულად უწევდნენ წინააღმდეგობას ამდენ მტერს… თან მტერს აკავებდნენ და უკან დაჭრილები გაჰყავდათ. 17-მა ბიჭმა ისეთი წინააღმდეგობა გაუწია რუსებს, რომ რუსების მანქანების კოლონამ როგორღაც უკან დაიხიეს და სხვა გზით წავიდნენ. 17 ბიჭმა რამდენიმე ასული გადაარჩინა.

საშა დროზდოვი, ერთ-ერთი რუსი ოფიცერია, რომელიც ამ ყველაფრის ესწრებოდა. ტანკებიდანაც არ გადმოსულანო… კონტროლი გაუკეთეს დაჭრილებსაც და ეს ორი ბიჭი, ჩემი ძმა და ალექსანდრე ონიანი, რომელიც ჩემი ძმის ნათლია იყო, მარტო დარჩნენ. ჩემი ძმა კიდევ დაჭრილა და არტერიაში მოხვედრია ანასხლეტი… სისხლად იცლებოდა…   ონიანი საერთოდ უვნებლად იყო გადარჩენილი, არაფერი არ სჭირდა, მაგრამ ჩემი ძმა არ დაუტოვებია მარტო. ყვიროდა თურმე, ბიჭებო ვისაც ჩემი ხმა გესმით! არავინ არ ჩაბარდეს! ამ დროს რუსები მოიწევდნენ ღიმილიანი სახეებით წინ.  ამ დროს ჩემი ძმა ნათლიასთან ერთად მუხლისჩოქებზე იდგა და ხელები ჰქონდათ აწეული. ,,კალცო’’ გამომძვრალი ყუმბარები ფეხებშუა ჰქონდათ დამალული და ფეხით იჭერდნენ … თურმე მამაოჩვენოს კითხულობდნენ… ერთმანეთზე ჩახუტებულები ყოფილან… რუსები მიიტყუეს, ვითომ ხელებაწეული ბარდებოდნენ მტერს და როდესაც რამდენიმე რუსი ჯარისკაცი მიუახლოვდათ, გაშალეს ფეხები და… ყუმბარები გახსნილა… 300 მეტრის რადიუსით გაიშალა ანასხლეტი და ბევრი რუსი ჯარისკაცი გაიყოლეს… ადგილზე 48 რუსის ჯარისკაცი დააზიანა და აქედან 35 ჯარისკაცამდე დაიღუპა… დიდი დანაკლისი მიაყენეს რუსებს. 2 კაცმა თითქმის გაანადგურა მტრის ასეული…

ეს ყველაფერი კი იმ ჯარისკაცებმა მოგვიყვნენ, ვინც იქვე ახლოს დაჭრილები იყვნენ,  მიწაზე ეყარნენ და ყველაფერს საკუთარი თვალით უყურებდნენ. ცანავა, კალმახელიძე და ჩიტიძე, ეს ბიჭები შეესწრნენ ამ ყველაფერს და ამის მერე რამდენიმე დღე კომაში მყოფები მიწაზე ეყარნენ, უკვე ჭიები და ჭიანჭველები ესეოდნენ, როცა იპოვეს და ჰოსპიტალში გადაიყვანეს ფაქტიურად იქ გაცოცხლდნენ ეს ბიჭები. ყველაფერი მათ მოგვიყვნენ, რაც საკუთარი თვალით ნახეს. ამ ბიჭებმა გვითხრეს რომ იმ წუთებში სანამ თავს აიფეთქებდნენ, ჩემი ძმა თავის ნათლიას ეუბნებოდა, წადი გაეცალე, გაიქეცი, მე მაინც ვკვდები და ჩემს საფლავზე ჭიქას მაინც წამიქცევო… ნათლიამ არაფრის დიდებით არ დატოვა. ეს ყველაფერი 11 აგვისტოს საღამოსკნენ მოხდა…”

მარინა ზოიძე, რომანის დედა:  „14 აგვისტოს გავიგეთ ეს უბედურება… არადა, მანამდე ვიცოდი რომ სენაკის ტყეში იყო… თურმე ამ დროს ჩემი შვილი უკვე ნაფლეთებად იყო ქცეული და მე გული არაფერს მიგრძნობდა… დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ არ იცოდნენ სად იყო რომანი… ბიჭები, რომ შეკრებილან და დაუწყვიათ მოყოლა ვინ ვინ ნახა ბოლოს და რა ვითარებაში… პატრიარქი, რომ შევიდა მაშინ გადმოასვენეს მიცვალებულები, მათ შორის შვილის დაფლეთილი სხეულიც იყო. 30 დეკემბერს მოგვივიდა დეენემის ანალიზი. ძმათა სასაფლაოზე არის დაკრძალული…  ჯოგჯერ მგონია, რომ ცარიელი ფიტული დავდივარ და ცხოვრება აღარ მინდა, მაგრამ ერთიო შვილი მყავ კიდევ და ორი შვილიშვილი, მათაც ხომ უნდათ პატრონი…“

დაიბეჭდა გაზეთ “პრაიმტაიმში”.

უვადო კონტრაქტი სამშობლოსთან

აი ზურა. ის გმირია – დაიღუპა მამულისთვის. ზურა ვარიანელია… იაკობის სოფლიდან. ზურა ამაყობდა რომ ღმერთკაცის სოფლიდან იყო.

ბავშვობაში ჰქონდა ტირის თოფი და ჩიტებზე სანადიროდ დადიოდა, ერთავად ლიახვზე იყო საბანაოდ, მერე დავაჟკაცდა და როცა ლიახვის ხეობას მტერი შეესია, უკვე როგორც სამშობლოს ჯარისკაცი, თავის ტყვიამფრქვევით ნადირობდა მტერზე…

ბრძოლით გაიარა 9 სოფელი ცხინვალამდე, მტრისგან 14 წლის წინ წართმეული ცხინვალის დაბრუნებით გამარჯვებაც დაიგემოვნა, ბოლოს ხეთაგუროვში იყო ჩასაფრებული თანამებრძოლებთან ერთად. ტყვია-წამალი შემოელიათ, ტყვია წამალი იქვე ახლოს, ზემოთ ნაძვებთან იყო. ზურა ტყვია-წამლის მოსატანად გავარდა და ის-ის იყო უნდა წამოეღო, პირველი საავიაციო დაბომბვა რომ დაიწყო…

21 წლის ჭაბუკს, ზურაბ აბრამაშვილს რუსული ბომბის ნამსხვრევმა წაართვა სიცოცხლე… და აზიარა უკვდავებას.

ჯარისკაცის მამას, გიორგი აბრამაშვილს შორს არ მოუწია ომში წასული შვილის ძებნა, ცხინვალიდან უკანდახევის შემდეგ, 42 ბატალიონი (სადაც ზურა მსახურობდა) მის სოფელში, ვარიანში, მეტიც სწორედ მის ბაღში იყო განლაგებული. 10 აგვისტოს დილით შევიდა თავის ბაღში, მივიდა ბიჭებთან – რომელი ბატალიონიდან ხართო. მისი ვაჟის ბატალიონი რომ აღმოჩნდა, იკითხა ზურას თუ იცნობთ აბრამაშვილს, სადააო. ვინ ბრძანდებითო, კითხვა შეუბრუნეს ბიჭებმა. მამამ დამალა რომ მამა იყო. მეზობელი ვარო. „ზურა დაიღუპა“ –  უთხრა ზურას თანამებრძოლმა, მის სახლში რამდენჯერმე ნაქეიფარმა ახალციხელმა ბიჭმა. კიდევ რაღაცას უხსნიდა, მამას აღარაფერი ესმოდა, ჯარისკაცი ალბათ უყვებოდა რა ვითარებაში დაიღუპა ზურა, მაგრამ მამას არ ესმოდა. ელდადაცემული რომ არ წაქცეულიყო, იქვე თავის ქოხთან მდგარ „კამაზს“ მიეყრდნო, და აღმოხდა – „ვაიმე შვილო“…

მაშინღა იცნო ომგამოვლილმა ჯარისკაცმა ძმობილის მამა…

განადგურებულ მამას შვილის თანაებრძოლები მისცივდნენ დასამშვიდებლად, აიმედებდნენ, იქნებ ცოცხალიაო… მამამ უკვე იცოდა მწარე სიმართლე…

„წყნარი, დინჯი უკომფლიქტო ბიჭი იყო, ყველა უყვარდა, არავისთან კონფლიქტი არ ჰქონია…“ – მძიმედ, სვენებ-სვენებით იწყებს გმირ ვაჟზე თხრობას მამა… ისევ მრავლისთქმელი, სევდით ნაფერი პაუზა…

თხრობას გმირის ერთადერთი ძმა აგრძელებს: „ზურასგან არაფერი ზედმეტი არ გაგვიგია, პირიქით ყველა კმაყოფილი იყო, ყველა მასთან მეგობრობდა და ყველას უყვარდა მასთან მეგობრობა. ერთავად მეგობრებთან იყო. ცელქი და ხიფათის მაძიებელი არასოდეს ყოფილა, მაგრამ თუ რამეს აკეთებდა, რამე მაინც უნდა სტკენოდა, ან ხელი, ან ფეხი… ერთხელ დედამ ქვაბით წყალი აადუღა, კიბეზე ჩამოდგა, ზურა პატარა იყო, 9 თუ 10 წლის, წყლის გადადგმა მოინდომა, არ იცოდა ცხელი რომ იყო, მოკიდა ქვაბს ხელი და მთელ ტანზე გადაისხა, დაიფუფქა…“

მამა: „იმის მერე დიდი ხანი არ გასულა, კიბიდან ჩამოვარდა და ლავიწის ძვალი გაიტეხა. ეს ძვალი ზუსტად იმავე ადგილას მეორედაც გაიტეხა, როცა ჭიდაობაზე შევიყვანეთ. 13 წლის იყო. იძულებული გახდა თავი მიენებებინა ჭიდაობისთვის. რთული ბავშვი არ იყო. ხალისთ გაატარა ბავშვობა. მეტ-ნაკლებად სწავლობდა, ისე რომ არც მასწავლებლები იყვნენ უკმაყოფილო და არც ჩვენ. არ იყო მომთხოვნი, პრეტენზიული, რაც ჰქონდა იმას ჯერდებოდა. არ მახსოვს ეთქვას, ეს მისყიდეთ, ის მიყიდეთ… ის კი არა, რამე ახალს რომ ვყიდულობდით, ფეხსაცმელს ან ტანსაცმელს, და მის მეგობარს არ ჰქონდა, იმას ჩუქნიდა და თვითონ ისევ ძველებს იცვამდა. ჯარშიაც ასე იყო, ვუყიდიდით რამე ახალს გავატანდით, მოვიდოდა და ისევ ძველები ეცვა, ბიჭებს ჩუქნიდა…“

ძმა: „ერთთავად მდინარეზე იყო და თუ მოძებნა გვინდოდა, ვიცოდით სადაც უნდა გვეძებნა – ლიახვზე. თევზაობაც უყვარდა, თევზაობაზე მეტად – ჩიტებზე ნადირობა. სულ ტირის თოფით დადიოდა. თვითონ ნადირობა უყვარდა, თორემ ჭამა დიდად არ უყვარდა. სოფელში მუშაობა არ ეზარებოდა, პირიქით უყვარდა, ჯარიდან ბევრჯერ დაღლილი მოსულა, მაგრამ მაინც მხარში ამოგვდგომია, საქმე გაგკვიკეთებია…“

მამა: „მარტო ერთი თქმა უნდიოდა, ზურა დღეს დღეს ეს უნდა გავაკეთოთ, მეორედ თქმა საჭირო აღარ იყო…“

ძმა: „დალევის მოყვარული ნამდვილად არ იყო, მეგობრებთან ერთად რომ ქეიფობდა, მაშინაც ცოტას სვამდა, თუ სახლში მთვრალი დაბრუნდებოდა, არც გაგვაღვიძებდა, ისე შეიპარებოდა ხოლმე თავის ოთახში.

მეზობელ სოფლელებთან როცა გვქონია ლაპარაკი, ყოველთვის ამაყობდა რომ ვარიანიდან იყო, იაკობ გოგებაშვილის მშობლიური სფლიდან, ამისთანა ღმერთკაცი გვყავდა, მთელ საქართველოს დედა ენა გვასწავლაო. სულ იმას ამბობდა, რომ ვარიანის გარდა ვერსად ვერ იცხოვრებდა, მართლაც ერთი ღამეც კი უჭირდა სხვაგან დარჩენა…“

სკოლის დამთავრების შემდეგ ჯარში გაიწვიეს. სავალდებულო სამსახური რომ მოიხადა, კონტრაქტით დარჩენა გადაწყვიტა. დედაც უშლიდა, მამაც, ძმაც, მაინც დარჩა.

მამა: „რომ ვუშლიდი მითხრა, ყველანი ვრჩებით კონტრაქტით და მე გამონაკლისი არ ვიქნებიო. სადაც ჩემი მეგობრები არიან, მეც იქ უნდა ვიყოოო. რაღა უნდა მეთქვა?“

ჯარში დარჩენას აპირებდა, ძმას ეუბნებოდა თურმე, ეს 4 წელი რომ გავა და კონტრაქტს ვადა გაუვა, კიდევ უნდა დავრჩეო.

ის სამშობლოს უვადო ჯარისკაცად დარჩა. მალე ომი დაიწყო.

ომის დაწყებამდე, სამი დღით გამოუშვიათ შინ, თან თავისი ძმაკაცი ჯარისკაცები მიუყვანია შინ. უქეიფიათ. ძმამ 2 აგვისტოს ჩააცილა გორამდე.

დედას დღემდე ხინჯად ადევს გულზე, ზურას ბოლო სიტყვები. დედა-შვილი რაღაცაზე შეკამათებულან. ზურას რაღაც სიტყვა სწყენია. სწყენია, მაგრამ მარტო ის უთქვამს, წავალ და აღარ მოვალო…

ოჯახს მას მერე არ ულაპარაკია ზურასთან, რაც ქვეყანაში სიტუაცია აირია, ტელეფონი სულ გამორთული ჰქონდა.

ძმა: „ვაზიანიდან რომ გამოვიდა ჯარი და აქეთ დაიძრა, მაშინ ჩაურთავს ცოტა ხნით ტელეფონი და დაურეკავს ჩემთან, მაინცდამაინც მაშინ მქონდა გამორთული მე ტელეფონი, მერე ჩემს ძმაკაცთან დარეკა, მანდეთ მოვდივართო. დანარეკი რომ ვნახე, ვრეკავდი, ვრეკავდი, მაგრამ სულ გამორთული ჰქონდა…“

ბრძოლით გაიარა 9 სოფელი. იბრძოლა ცხინვალში. ბოლოს ხეთაგუროვში იყვნენ ჩასაფრებული.

ძმა: „თანამებრძოლებისგან ვიცი, ჩასაფრებაში ვიყავით, დაბლა გაშლილები, ერთად 9 ბიჭი ვიყავით, ტყვია-წამალი შემოგველია, ვერავინ ვერ მივდიოდით, დაზაფრულები ვიყავით, გავიგეთ რომ ავიაცია მოდიოდა, გავიგეთ რომ ჰაერი მოდიოდა. ჩვენი ტყვია წამალი ზემოთ ნაძვებთან იყო, ზურამ გვითხრა, ბიჭებო რისი გეშინიათო, და გავარდა ტყვია-წამალზე, თან ორი ბიჭი გაჰყვა… როგორც მიყვებიან, მარტო მაშინ კი არა, ყველგან პირველი გარბოდა, სადაც საჭირო იყოო. ასმეთაურმაც მითხრა, ისეთ რაღაცეებს აკეთებდა, პირღია მტოვებდაო. უშიშარი იყოო, ყველგან პირველი გარბოდა, ძახილით -„წავედით, წავედით“… ნაძვებთან ტყვია-წამალზე რომ ავიდა, განგაში ატეხილა, ჰაერი მოვიდა, დაწექით, დაწექითო. დაწოლილან და რაღაც გასკდა. ტყვია-წამლის წამოღება ვეღარ მოასწრეს, სამივე ბიჭი დაიღუპა, ქვემოთ დარჩენილი 6 ბიჭიდან 2 დაიჭრა, გადარჩნენ. ვისაც ტყვია-წამალი ებარა ის ბიჭი ვნახე შემდეგ, გურჯაანელი ბიჭია, ის მომიყვა, ტყვია-წამალი რომ უნდა წამოეღო, მაშინ დაიწყო დაბომბვა და ზურა საძილე არეტერიაში დაიჭრა, შადრევანივით ასხამდა სისხლი, ვცდილობდი მეშველა, მაგრამ მეც დავიჭერი და მერე აღარაფერი მახსოვსო. მერე ტყვედაც ჰყავდათ ის ბიჭი…“

მამა: „9 აგვისტოს გორის ჰოსპიტალში ჩავედი, დაჭრილებში ვეძებდი ჩემს შვილს, ვერც მკვდრებში ვნახე, ვერც ცოცხლებში. უკან ვარიანში რომ ავედი, ვნახე რომ ცხინვალიდან უკან დახეული ჯარი ჩემს ბაღში იდგა. გავსებული იყო ბაღი ჯარისკაცებით. მეორე დილით, გათენდა თუ არა ჩავედი ბბაღში, ვკითხე ბიჭებო რომელი ბრიგადიდან ხართ მეთქი.მეოთხე ბრიგადიდან, 42 ბატალიონიდანო. ზურა აბრამაშვილს არ იცნობთ მეთქი? თქვენ ვინ ხართო. ვიფიქრე, რომ ვუთხრა რომ  მამა ვარ, სიმართლე არ დამიმალონ მერთი და ჩემი შვილი მეზობლად გამოვაცხადე. დაიღუპაო. უცებ გავითიშე. ახალციხელი ბიჭი იყო, ზურას ძმაკაცი, უცებ ვერ მიცნო, იმან მითხრა. მელაპარაკებოდა ის ბიჭი, მაგრამ არ მესმოდა რას მელაპარაკებოდა. იქვე „კრაზი“ იდგა, ავეყუდე და ვაიმე შვილო მეთქი. ეს რომ გაიგეს, ბიჭები მომცვივდნენ, დაიცა ძია, იქნება ტყუილიაო, რაღა ტყუილი უნდა ყოფილიყო, თავისი ბატალიონის ბიჭებმა მითხრეს… საღამოს ოთხი ბიჭი მოვიდა ჩვენთან სახლში, ის ბიჭები ჩვენთან მოჰყავდა ხოლმე საქეიფოდ, იქედან ორი ბოლოს, ომამდე რომ ბიჭები იყვნენე ჩვენთან, მაშინაც იყვნენ, ბიჭებმა პირდაპირ გვითხრეს, ძალიან გვეძნელებოდა აქ მოსვლა, მაგრამ დასამალი რაღაა, ზურა 8 აგვისტოს დილით დაიღუპა, როცა ტყვია-წამალზე ავიდაო…“

ოჯახმა გაიგო, რომ ზურა დაიღუპა. მაგრამ არსად ჩანდა მისი ცხედარი. განაწამები ოჯახი თვეობით ეძებდა ზურას ცხედარს.

ძმა: „ბევრი რაღაცა გვითხრეს… ზოგი გვეუბნებოდა რომ ზურა არ დაღუპულა, გადარჩა, ბიჭებთან ერთად ტყეშია გახიზნულიო, ზოგმა გვითხრა ვითომ მაჯა ჰქონდა მოწყვეტილი, ზოგმა თავი მოწყდაო… ზოგმა მითხრა, მიცვალებულები მანქანაზე დავასვენეთ, უნდა დაგვექოქა, გამოგვეყვანა, საწვავი გამოგველია, მაშინ დაეცა ბომბი და აფეთქდა ეს კრაზი და დაიწვნენ ბიჭები ყველაო. ზოგმა გვითხრა, ამ ბიჭებს ტანკებმა გადაუარესო. ის კი არა, ერთ ჩვენებურ ბიჭს ისიც უთქვამს, ზურა ჩემი ხელით დავმარხეო. ის ბიჭი ასჯერ ვნახე, სწორი მითხარი, გამაგებინე მეთქი. მოსაკლავად დავდევდი, იმიტომ რომ „დეენემის“ პასუხიდან გაირკვა, რომ ზურა 26 აგვისტოს გადმოსვენებულ 42 ბიჭს შორის იყო, დაკრძალული იყო მუხათგვერდში. იფიცებოდა ის ბიჭი, მე არაფერი მითქვამსო. სოფელში გასული ჭორი აღმოჩნდა, ვიღაცას უთქვამს, იმან თქვა ზურა ჩემი ხელით დავმარხეო და გავრცელებულა ხმა…“

26 აგვისტოს რომ ცხედრები გადმოასვენეს, ზურას ძმა, ზაქრო, ჩასულიც იყო, მაგრამ არც ცხედრები აჩვენეს, არც კუბოიში ჩასვენებამდე გადაღებული ფოტოები.

ზაქარო აბრამაშვილი: „ისეა გაფუჭებული ცხრედრები არ გინდათ, ნუ ნახავთო. 42 ბიჭიდან, მაშინ სულ სამი ბიჭის ამოცნობა მოხერხდა. შემდეგ „დეენემით“ გაირკვა რომ ზურას ცხედარი იყო ნომერი 7, დაკრძალული იყო მუხათგვერდში…“

მამა: „სამშობლოს მოსიყვარულე ბიჭი იყო და დაიღუპა სამშობლოსათვის…“

მამამ არ იცის იყო თუ არა შეყვარებული მისი ვაჟი. ძმამ იცის რომ ერთი გოგო მოსწონდა…

„ნუ გეშინიათ მეომრებო, თუ დავიღუპებით, იცოდეთ არასოდეს მოკვდებით. ჩვენ მუდამ ცოცხალები ვიქნებით”

გმირი სერგო მელია

რეზო შატაკიშვილი

e183a1e18394e183a0e18392e1839d-e1839be18394e1839ae18398e18390-e1839be18397e1839ae18398e18390e1839ce18398ის ცხინვალში ხეთაგუროვიდან შევიდა, მიმდებარე სოფლების აღების შემდეგ.
ცხინვალის დამხობილ აბრასთან ჩამოჯდა თანამებრძოლებთან ერთად, სიგარეტის მოსაწევად.
გაგარასაც ასე ავიღებთ – უთხრა თავის თანამებრძოლს.
სოხუმიც ასაღებია – იყო პასუხი.
გაგრა რომ დაატოვებინეს, 14 წლის სერგუნა მელია იყო, მოსული, პუტკუნა, ფრიადოსანი ბიჭი, გარეთ თამაშს რომ წიგნების კითხვა ერჩია, საქართველოს ისტორიაზე რომ გიჟდებოდა მაშინაც და მერეც. წამოწოლილი კითხვის გამო რომ გულმკერდის დეფორმაცია მიიღო… მისი და და პატარა ძმა რომ გარეთ თამაშობდნენ, ის შინ იჯდა და დილით რომ ისტორიულ რომანს კითხულობდა, შუადღეს დეტექტივით ხალისობდა, საღამოს – კიდე სხვა წიგნს კითხულობდა…
ბავშვობა სოფელ ახალაძეში გაატარა, ომის დაწყების პირველი დღიდან მტრის კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ. მამამ ზღვით სცადა ცოლ-შვილის გაყვანა, მაგრამ მოაბრუნეს და ალბათ ცოცხლები ვერც გადარჩებოდნენ, გაგრაში მცხოვრებ ბიძას რომ არ ემარჯვა – ბიძამ გაგრაში აფხაზები დაიჭირა და საკუთარ ძმიშვილებში და რძალში გაცვალა. შემდეგ ძმაც გამოიხსნა, ამავე ხერხით.
იქ, ცხინვალის აბრასთან ჩამომჯდარს აუცილებლად გაახსენდებოდა, როგორც ჩაუწუილა გაცვლის დროს ტყვიამ 2 სანტიმეტრში, როცა თვალებახვეული მიწაზე იჯდა და სიმწრისგან ღიღინებდა… გაახსენდებოდა ის სიმწარეც და შემდეგ მთელი ცხოვრებაც დევნილობაში – ჯერ აბაშაში, ბებია-ბაბუასთან, შემდეგ თბილისში…
გაახსენდებოდა და ალბათ გულს გაჰკრავდა კიდეც ფიქრი – ამჯერად გადავრჩები?
მის ჯარისკაცებს ხომ დღესაც ახსოვთ მისი სიტყვები ბრძოლის წინ:
„ნუ გეშინიათ მეომრებო, თუ დავიღუპებით, იცოდეთ არასოდეს მოკვდებით. ჩვენ მუდამ ცოცხალები ვიქნებით“.
იარაღის დარიგებისას ხომ ეტყვის კიდეც თავის ბიჭებს – დღეს ნახავთ ბიჭებო ლამაზ სიკვდილს ბრძოლის ველზე…
ლამაზ სიკვდილამდე გზაა. გულანთებული ბიჭის გზა, ჯანი მაინცმადამინც რომ არ ერჩოდა.
თვალცრემლიანი და – ნანა მელია მიამბობს, სკოლა რომ დაამთავრა, კადეტთა კორპუსში უნდოდა ჩაბარება და მამამ არ გაუშვა, სერგო ნერვიულობდა, ცხოვრებას მინგრევო. „ასე სჯეროდა, ჯარში თუ შევიდოდა გაგრას დაიბრუნებდა…“. თავდაცვის აკადემიაში ჩააბარა. ისტორიაში ხუთი მიიღო, ქართულში – 4, მათემატიკაში – 3 და ფიზკულტურაში – 2… მაინც ჩარიცხეს, აღოჩნდა რომ აბითურიენტების 80 %-მა ფიზკულტურაში 2 მიიღო…
სერგო მელიას გული მიუწევდა ჯარისკენ და არა გაუვარჯიშებელი ტანი.
მაგრამ ყველა წინააღდეგობა გადალახა. ფიზიკურიც და მორალურიც.
„მამაჩემს ეუბნებოდა, ცხვარი გამზარდე და მგლების ხროვაში შემაგდეო… პირველ კურსზე რომ იყო, გამორბოდა, კარტში ფული წააგებინეს, არ იყო ძველი ბიჭი… ძლივს გავუშვით. ყველაფერს გაუძლო. კარანტინები ჰქონდათ, საშინელება იყო, მახსოვს ტკიპებიანი რომ მოდიოდა. თან საშინლად ალერგიული იყო, მაგრამ მაინც გაუძლო ყველაფერს. აკადემიის დამთავრების შემდეგ, სენაკში მსახურობდა 2 წელი, იქაც გაუსაძლისი პიურობები იყო, ხელფასი არც მიუციათ, საშინლად განიცდიდა, ბიჭები მშივრები არიან, ფეხსაცმელი არ აქვთ, ჩუსტებით როგორ ვარბენინო, რა ჯარი უნდა გამოვიდესო. რომ დაინახა რომ ტერიტორიების დაბრუნებაზე არავინ ფიქრობდა გული აიყარა, მოსკოვში ბიძაჩემთან წავიდა სამი წელი… ეს ხელისუფლება რომ მოვიდა და ჯარში სიტუაცია რომ შეიცვალა, ისევ დაბრუნდა და ჩადგა სამსახურში. ჯერ ფოთში, მსახურობდა, შემდეგ ბათუმში. შემდეგ მუხროვანში გადმოჰყვა მეგობარს. ბოლოს ვაზიანში მსახურობდა, მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის მეორე მსუბუქი ქვეითი ასეულის მეთაურად“.
თავდაუზოგავმა ბრძოლამ საკუთარ ტანთან, შედეგი გამოიღო _ ფორმაში ჩადგა, ის კი არა, თურმე როცა ჯარისკაცებს სჯიდა ათ კილომეტრზე სირბილით, მათთან ერთად დარბოდა. დას ეტრაბახებოდა – ლომებივით ბიჭები მყავსო.
ნანა მელია: „ასეული რაც ჩააბარეს, სალაპარაკოდაც ვეღარ ვნახულობდი. ვეუბნებოდი, ოფიცერი ხარ, ხომ შეგიძლია შენც მოხვიდე ოჯახში, როგორც სხვები დადიან-მეთქი. ბიჭებს რომ რამე დაემართოთ, ხომ მოსაკლავი მექნება თავი, მათ დედებს თვალებში როგორ შევხედოო. ნაწილიდან რომ გამოვიდოდა, სულ ტელეფონზე ეკიდა, აბა სად ხართ, რას აკეთებთ… მართლაც შვილებივით უვლიდა ბიჭებს. ნაწილიდან არ გამოდიოდა ფიზიკურად და რომ ვეუბნებოდი, ცოლი მოიყვანე მეთქი, მეუბნებოდა, მე სახლში არა ვარ და შენ მოგიყვანოო? თუ ნაწილში წავიყვანოო? ხუმრობდა…“.
გმირულად დაღუპვამდე 2 თვით ადრე _ 30 წელი შეუსრულდა. ცხოვრებაში პირველად გადაუხდია დაბადების დღე.
„ცხოვრებაში პირველად ჩააქრო სანთლები… არ ვიცი გული მიგრძნობდა რა იყო, არ ვიცი რისთვის ვამზადებდი ჩემს ძმას, რაღაც მიმინდა, მე ვუყიდე სანთლები, 30 წელი შეგისრულდა და სანთელბი უნდა ჩააქრო მეთქი. გაგიჟდა მეღადავებითო, ამხელა კაცს სანთლები რად მინდაო. ერთხელ ხომ უნდა ჩააქრო ბიჭო მეთქი… ჩააქრო სანთლები, არ ვიცი რა ჩაუთქვა, მაგრამ არ შეჩა ამ ქვეყანას…“
მისი სიცოცხლე მტერმა ჩააქრო ბომბებით – ცხინვალთან, დუბოვაროშაში….
4 აგვისტოს ბაბუა გარდაეცვალა და სოფელში წაასვენა. 7 აგვისტოს დილით გამთენიისას დაურეკეს და გამოიძახეს. ჩამოვიდა თბილისში, ფორმა აიღო. ბიძაშვილს უკითხავს, რას იზამ, ჩამოხვალ, ბაბუაშენის გასვენებაში? პასპორტი მიუგდია – თუ ცოცხალი ვიქენი ჩამოვალო…
წასულა. თავზარდაცემული დედის ზარებს არ პასუხობდა, არც დისას. შემდეგ თავად ურეკავდა. როცა სიჩუმის წამს დაიჭერდა გაგანია ბრძოლის დროს. რომ არ ენერვიულათ, ატყუებდა, ზარს მაქვს ჩაწეული და ახლა ვნახე დანარეკი და გირეკავთო. დედას 7-ში ღამით ეუბნებოდა, დამაძინე ახლა და შენც დაიძინე, გორში ვარ ნუ ნერვიულობთო. დას, 8-ში დილით – ახლა გავიღვიძე, რა ხდება, რას ამბობენ ტელევიზორშიო და დაც იდგა და ბრძოლის ამბებს უყვებოდა ბრძოლის ველზე მყოფ, მთელი ღამე ბრძოლისგან დაღლილ ძმას… ამ დროს ძმას სამი სოფელის აღებაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, ცხინვალში იბრძოდა… უკანდახევისას მისი ასეული სხვა ასეულის მეთაურს – ნატროშვილს ჩააბარეს, თავად შტაბს მიამაგრეს. ის და მისი მეგობარი მურად ტორჩინავა შტაბთან ერთად იბრძოდნენ. წინ მიდიოდნენ, მაგრამ მობრუნდნენ – მტერმა ბენზინკალოკნას დაარტყა. იქ მელიას ასეულის ბიჭები აფეთქდნენ. ნატროშვილი ადგილზე ჩაიფერფლა. სერგო მელია ბიჭების ამოსაყვანად ჩავიდა. ამოიყვანა ერთი, მეორის ამოსაყვანად რომ ჩასულა, ჯავშანი გაუხდია, ვეღარ ვერევი, ერთი ამისიც, კაცი ვერ ამომყავსო… გაუხდია ჯავშანი, მოუკიდია მეორე დაჭრილიც და ამოუყვანია (ორივე დაჭრილი გადარჩა). მანქანაც მოიყვანეს მათ გადასაყვანად. სანამ დაჭრილებს მიხედავდნენ დაღლილი ბიჭები მიწაზე ჩამოსხდნენ _ სიგარეტის მოსაწევად. უკან მედდები ამაზადებდნენ დაჭრილებს გადასაყვანად.
სიგარეტს არ ჰქონდათ მოკიდებული რომ დაბომბვა დაიწყო – ტანკებს დაარტყეს. „ტანკებს დაარტყეს“- არ ჰქონდათ ერთმანეთისთვის ბიჭებს ნათქვამი, რომ მათ უკან აფეთქდა ბომბი…
მურად ტორჩინავა 7 მეტრზე გაისროლა, ადგილზე რომ მივიდა, ნახა _ ზვიად მემარნიშვილს ჩაფხუტი გახეთქვოდა და ტვინი გადმოსდიოდა, მაგრამ გონს იყო (დღემდე ვერ მეტყველებს). სერგო მელიაც იქვე ეგდო – მიწა ეყარა. გადაფერთხა მიწა. სისხლი ვერსად ნახა, მაგრამ თვალები ჰქონდა ოდნავ ღია და პირი. უგონოდ იყო. რაკიღა სისხლი ვერსად ნახა, ხელოვნური სუნთქვის ჩატარება სცადა, მაგრამ რეაქცია არ იყო…
ეს მოხდა დუბოვა როშაში… 8 აგვისტოს ნაშუადღევს.
მანქანა იმ დაჭრილებით დატვირთეს, რომელიც გონს იყვნენ და მანქანა წავიდა. სერგო დატოვეს. აზრზე რადგან არ იყო…
თვითონ ფეხში დაჭრილმა ტორჩინავამ ტყიდან ტრასამდე ატარა ძმაკაცი. ტრასაზე დაქოქილი სატვირთო მანქანა ნახეს, გადაწყვიტეს დანარჩენი დაჭრილები და გარდაცვლილები იმ მანქანით გამოეყვანათ. სერგო მელია აიყვანაეს მანქანაზე და… მანქანა ჩაქრა. ნამსხვრევი მოხვედრია და მწყობრიდან გამოსულა. ვეღარ დაქოქეს.
„მარტო ჩემი ძმა დარჩა მანქანაზე დაწვენილი. სხვები აღარ დაუწვენიათ. მერე უკანაც დაუხევიათ და ის მანქანა იქ დატოვეს…“.
ოჯახმა სერგოს ძებნა დაიწყო და „ენეტვეს“ კადრებში ამოიცნო…
ფიფილოვი 8-შივე იყო შესული ცხინვალში, გადაიღო კიდეც ის სატვირთო მანქანა, სადაც სერგო მელია ესვენა, გამოაცხადა კიდეც, „აი, დაღუპული ქართველი ოფიცერი, რომლის გაყვანა ვერ შესძლეს და დატოვესო…“.
ნანა მელია: „შემდეგ ფიფილოვსაც ვესაუბრეთ, გვითხრა, „ფეესბეს“ ვყავდი შეყვანილი და მქანანაზე ასვლის საშუალება არ მომცეს, ამიტომ ზუსტად არ ვიცი, მკვდარი იყო თუ ცოცხალიო. მაგრამ ერთს გეტყვით, ის კაცი იქ არ დაუტოვებიათო. იმედი გაგვიჩნდა, ვიფიქრეთ, იქნებ ცოცხალია, იქნებ ტყვედაა, იქნებ ფეესბემ აიყვანა… მაგრამ 29 დეკემბერს მოვიდა დეენემის პასუხი, რომ ჩემი ძმა განისვენებს მუხათგვერდის სასაფლაოზე. იმ 43 კაცში იყო, რომელიც 26 აგვისტოს გადმოასვენეს… როგორ შემდეგ გაირკვა, ის მანქანა იმავე ღამეს გამოიყვანეს, იმ ადგილიდან 200-300 მეტრში ჩამოაგდეს, არ ვიცი იქამდე მანქანით გადაიყვანეს და მერე ჩამოაგდეს თუ ისე ათრიეს… ცხედარი რომ გავხსენით, მავთული ჰქონდა ხელზე მობმული… ჩემი ძმა დაპლა და ორჯერ დაწვეს… პირველად ხეები დააყარეს, და წაუკიდეს, კადრშიც ჩანს, მეორედ ბენზინი დაასხეს და დაწვეს… მერე აღმოჩნდა მუხათგვერდის სასაფლაოზე, კბილებით ვიცანი… ისეთი გახრწნილი იყო ცხედარი, რაღას დაადგენდნ, რით მოკვდა… ზუსტად არავინ არაფერი იცის. სისხლი არ იყოო, მერე თქვეს, იღლიის ქვეშ იყოო. შეიძლება წნევისგან ისედაც მომკვდარიყო…»
ის დაეცა ბრძოლის ველზე. დაეცა გმირულად და ეს დაეცემა არ იყო შემთხვევითი, მან იცოდა სად მიდიოდა… თანამებრძოლები იხსენებენ რომ მუდამ წინ იწვდა, რომ რამდენჯერმე ძლივს მოატრიალეს… გრძნობდა სიკვდილის მოახლოვებას, ალბათ იმასაც რომ აუხდენელი რჩებოდა ნატვრა – გაგრის აღება…

დაიბეჭდა „პრაიმ თაიმში“, შესულია „პრაიმ თაიმის“ გამოცემულ წიგნში „გმირი“

 

სერგო მელია 1313

თუში გმირი

რეზო შატაკიშვილი

ის ერთი ალვანელი ალვასავით მაღალი თუშის ბიჭი იყო. დღეს გმირია. დედამისს დღემდე არ სჯერა რომ ის მკვდარია. და როგორც ორჯერ ორი რომ ოთხია ისე იცის რომ მისი შვილი ცოცხალია. დღემდე ცრემლი არ ჩამოვარდნია თუშის ქალს… ის შვილს დღესაც ელის. ელის რადგან ასე უთხრა ოსის ქალმა, ნათესავმა რომლის შვილიც ოსურ ჯარში მსახურობს… თუმცა სხვას ამბობს „დეენემი“…

გიორგი ანწუხელიძე ახმეტაში, ალვანში დაიბადა, გაჭირვებულ ოჯახში, 13-იოდე წლის ბიჭი იყო, მეწყერმა მათი სახლი რომ დაანგრია და ოჯახი აიყარა და ვაზიანში გადმოვიდა. მისი მეუღლე მაკა ჩიკვილაძე გვიამბობს რომ მის გმირ მეუღლეს დალხენილი ბავშვობა ნამდვილად არ ჰქონია. მამა ავადმყოფი იყო, ვერ მუშაობდა და გიორგის ჯერ კიდევ პატარაობიდან დააწვა მძიმე ტვირთი – დედასთან ერთად ის ინახავდა ორ დას, მამას, გამზრდელ მამიდას, მუშაობდა, ცხვარში დადიოდა, მერე ჯარში გაიწვიეს და მას შემდეგ ჯარში მსახურობდა, 24 წლის 18 აგვისტოს უნდა გამხდარიყო… ომში რომ წავიდა მისი ბიჭუნა ლევანი 10 თვის იყო, მეუღლე – მეორე ბავშვზე ფეხმძიმედ, 2 თვის ფეხმძიმე, ისე წავიდა ომში, ბავშვის სქესი არ იცოდა, უნდოდა გოგონა ჰყოლოდა, გოგონა ჰყავს – ანა ჯერ 3 თვისაც არაა… ანამ დაბადებამდე იგლოვა მამა – ყველა სტრესი მასზე გადავიდა და რომ დაიბადა ცალი ფილტვი დახურული ჰქონდა, თვენახევარი აპარატზე იყო იაშვილის კლინიკაში, თავდაცვის სამინისტროს თანადგომით, ექიმთა ძალისხმევით ანა მდგომარეობიდან გამოვიდა, დღეს შინაა დედასთან, თუმცა კვლავ ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშაა… მისმა გმირმა მამამ და დედამისმა კი ერთმანეთი ამ სამი წლის წინ რესტორანში გაიცნეს. მაკა ჩიკვილაძე ახლობლის დაბადების დღეზე იყო, გიორგი სხვა ჯარისკაცებთან ერთად _ სავახშმოდ შესული იმ რესტორანში, მერე სუფრები გაერთიანდა, მაკამ ახლოს გაიცნო გიორგი, რომელიც ადრეც ენახა. „იმ საღამოს შემდეგ კი რეკავდა ხშირად. ვხვდებოდით, თუმცა ბევრჯერ არც შევხვედრივართ, გიორგი მალევე წაიყვანეს ორფოლოს პოლიგონზე, დღეში ათასჯერ მირეკავდა, დავიწყების საშუალებას არ მაძლევდა, პოლიგონიდან რომ დაბრუნდა, დამირეკა, ნახვა მინდაო, მე არ გავედი, გვიანი იყო და გამიბრაზდა. მერე ისევ იმ რესტორანში ვნახეთ შემთხვევით ერთმანეთი, ვილაპარაკეთ და… ტაქსი გააჩერა, გაგაცილებო და დეიდამისთან წამიყვანა, აღარ გამომიშვა…“მაშინ გიორგი სენაკში მსახურობდა, შინ იშვიათად იყო. შემდეგ კუჭის წყლულმა შეაწუხა, ჰოსპიტალში მკიურნალობდა, ჯარს ჩამოშორდა, ოჯახს გაუჭირდა, ისევ აღიდგინა თავი, მეოთხე ბრიგადაში დაიწყო მუშაობა მეტყვამფრქვევის თანაშემწედ, ომამდე 2 თვით ადრე. 6 აგვისტოს ცოლ-შვილი გორის რაიონში ძევერაში გააცილა. „კარგად მახსოვს ოთხშაბათი იყო და ვთხოვე იქნებ პარასკევს ჩამოხვიდე მეთქი, კიო ჩამოვალო, რაღაც არ გვინდოდა თითქოს დაშორება, თითქოს ვგრძნობდით… საშინელება ატყდა, თავიდან მიწისძვრა გვეგონა, მთელი სახლი ზანზარებდა, სარდაფში ვიმალებოდით, მე დამირეკეს ნაწილიდან, გიორგის ზარი ჰქინდა გათიშული ტელეფონზე… მამიდამისთან დავრეკე, გვიანი იყო, მამიდამ გააღვიძა გიორგი, იმ ღამეს წავიდა ომში. 7 რომ თენდებოდა…  ვუთხარი, შეიძლება ცხინვალში წაგიყვანონ და თავს გაუფრთხილდი მეთქი…“ომი დამთავრდა, ჯარი თბილისში დაბრუნდა, გიორგი არ ჩანდა. არც ცოცხალი, არც მკვდარი. ოჯახს გიორგი დაღუპული ეგონათ. ყველგან ეძებდნენ. ოქტომბერში, ნათესავი, ოსის ქალი, რომლის ვაჟიც ოსურ ჯარში მსახურობს, ეტყვის რომ გიორგი ცოცხალია და ორი კვირის წინ ვლადიკავკაზში გადაიყვანეს. ოჯახს იმედი გაუჩნდება, მეტიც დარწმუნედებიან რომ ცოცხაკლია, თან „კვირის პალიტრაში“ წაიკითხავენ რომ „ალანია“ იღებს ფილმს, სადაც არის კადრები თუ როგოირ აწამებენ ოსები ქართველ ჯარისკაცს, მეოთხე ბრიგადის სერჟანტს – გიორგი ანწუხელიძეს. ოჯახი „ალანიას“ მიაკითხვას, და ფილმის გასვლამდე ნახავს კადრებს, სადაც გიორგი წელსზემოთ შიშველია, თავჩაღუნული, სცემენ, ზედ ადგებიან, ეკითხებიან, სად იყავი გიორგი გუშინ? გიორგი პასუხობს აზრზე არ ვარო, გონებას კარგავს, წყალს ასხამენ. ზუსტად არ იციან როდინდელია ეს კადრები, ტელეკომპანია ამბობს რომ აგვისტოს კადრებია. „გიორგი ტყვედ ჩავარდა. მისი ძმაკაცი, თანამებრძოლი იყო ამოსული ჩვენთან, ნასვამი იყო და გვითხრა, ამას არ უნდა გეუბნებოდეთ, მაგრამ გიორგი დაჭრილი დაიჭრა ფეხში, 9 აგვისტოს, ბოლო შეტაკების დროს, სამმა ბიჭმა ნახა, ეხვეწებოდა გიორგი, აქ არ დამტოვით, წამიყვანეთ, სახლში ფეხმძიმე ცოლი მყავსო და არ წამოიყვანეს, მძიმე ხარ და ვერ გათრევთო. და ტყვედ ჩავარდა. ვერ გავარკვიეთ ვინ იყო ის სამი კაცი. არ ვიცი, ეჭვი მაქვს რომ თვითონ იყო იმ სამიდან… ალბათ ძალიან მძიმედ იყო დაჭრილი, თორემ გიორგი ტყვედ არ ჩავარდებოდა. ისიც ვიცი რომ ჩემი ქმარი ასე არავის მიატოვებდა…ვიცოდით რომ ცოცხალი იყო და ვეძებდით, მაგრამ მერე 20 იანვარს მოგვივიდა პასუხი, რომ დაიღუპა, ბოლოს რომ გადმოასვენეს 10 მიცვალებული, ნოემბერში იქ ამოვიდაო. იმის მერე აგვერია ყველაფერი, ვეღარ გავიგეთ, მკვდარი იყო თუ ცოცხალი. გიორგი ტყვედ იყო ჩავარდნილი და ამოვიდა ომში დაღუპულ ბიჭებთან ერთად… არადა, იმ კადრზე ჩანს რომ გიორგი მარტოა ტყვედ… გვეუბნებიან დახვრიტესო, ერთ დღეს ეგ კადრები გადაიღეს, მეორე დღეს დახვრიტესო. დასკვნაც მოგვივიდა თავდაცვის სამინისტროდან რომ დაღუპულია. ტყვეობის ამბებს ახლა სამხედრო პოლიცია იძიებს. „დეენემზე“ ეჭვი არ მაქვს, ყველასი დაემთხვა და რა ვიცი… თან აღწერილობაში წერია, რომ კბილები არ აქვს, გიორგის ისე სცემდენენ რომ კბილები არ შერჩებოდა, მაგრამ გვამის სიმაღლე არ ემთხვევა, ჩემი ქმარი 195 სმ იყო, იქ 182 სმ წერია…გვამის ამოსაცნობადაც იყო წასული ჩემი და და გიორგის სიძე, ამოსაცნობი არაფერი იყო, ცარილეი ჩინჩხიღა იყო… ღუდუშაურის კლინიკაშიც ვიყავით მისული, ნაკაშიძესთან, გიორგის ოცეულში იყო ის ბიჭი, ისიც ტყვედ იყო ჩავარდნილი, გამოიხსნეს, ჯერ თავს იკავებდა, მერე თქვა, ბოლო დღემდე ერთად ვიყავითო, შეტაკება რომ მოხდა, გიორგი პირქვე ეგდო ძირსო, გაუნძრევლად იყო, მკვდარი იყო თუ დაჭრილიო, ვერ იხსენებს, ხან ერთს ამბობს ხან მეორეს… ეჰ… ნაიწლიდან რომ მოვიდოდა სულ სახლში იყო ჩვენთან, სულ ბავშვთან იყო. აძინებდა, უცვლიდა. რამდენჯერ შევსულვარ, ზევიდან ეწვინა გულზე და ეგრე ეძინათ მამა-შვილს… 27 ივლისს თანაცხოვრების ორი წელი შეგვისრულდა, 6 აგვისტოს მერე აღარც მინახავს, აღარც მილაპარაკია, ვურეკავდი, მაგრამ სულ მიუწვდომელი იყო, ტელეფონი აქ ჰქონდა დატოვებული… დეკემბერში ერაყში მიდიოდა, სულ ვეხვეწებოდი არ წახვიდე მეთქი, ერთი წელი რა გასძლებს მეთქი უშენოდ და ახლა სულ წავიდა…“

მან სიცოცხლე გაიმეტა ჩვენთვის და ჩვენ?

რეზო შატაკიშვილი
8 აგვისტო. ცხინვალი აღებულია. ნაომარი ბიჭები ხეთაგუროვოში, ტყეში ისვენებენ. ჩაფხუტები მოიხსნეს, ჟავშან-ჟილეტები გაიხადეს. მოეშვნენ.
მეთაური ბიჭებს ეტყვის, არ გეგონოთ რომ ომი უკვე მოვიგეთ, ჩაიცვით, დაიხურეთ… იმდენად დიდია პირველი გამარჯვების სიხარული, რომ ბიჭებისთვის ომი მოგებულია.
გიორგი ჯავახიშვილი ალბათ უბედნიერესი კაცი იყო იმ წამებში. აკი უთხრა კიდეც მამამისს, როდესაც ჯარში სამსახური დაიწყო, შენი დაწყებული საქმე უნდა გავაგრძელოო. მამამისი იბრძოდა სამაჩაბლოში, შემდეგ აფხაზეთში, თან იბრძოდა პარტიზანულად, 1994 წლმდე, სანამ არ დაინვალიდდა. პატარა გიორგი მაშინ ხუთიოდე წლის იყო, მთელი ცხოვრება ომში დაინვალიდებულ მამას უყურებდა, ცალი მხარი რომ წართმეული ჰქონდა. მაგრამ 18 წლის გახდა თუ არა, ვიდრე გაიწვევდნენ, მანამდე თვითონ მიაკითხა ჯარს და ვაზიანში, მეოთხე ბრიგადაში დაიწყო სამსახური.
ალბათ იწვა ხეთაგუროვის ტყეში და ფიქრობდა რომ მამის დაწყებულ საქმეს აგრძელებდა, თან ვაჟკაცურად. ჯერ არ იცოიდა, გმირი თუ გახდებოდა. შეყვარებულიც გაახსენდებოდა, თამუნა. ცოლად რომ არ გაყვა, ჯერ ერაყი მოიარე და მერე გამოგყვებიო, რომ უთხრა. ამაყი იქნებოდა, წარმოიდგენდა, როგორ დაბრუნდებოდა რუსთავში გამარჯვებული, როგორ მივიდოდა, როგორ ეტყოდა, ანდა სულაც არაფერს არ ეტყოდა და შეხედავდა ამაყად… დედა აუცილებლად გაახსენდებოდა, დედა, რომელსაც მეგობრის ტელეფონით დაურეკა და მოატყუა, ქუთაისში ვართ წრთვნებზეო. მოატყუა, რომ არ ენერვიულა. არადა, დედაც, მამაც, მთელი ოჯახი იქვეა, გიორგის მშობლიურ სოფელ ქსუისში. ასეთ ამაღლებულ წამებში თავისი ჩაყრილი ატამი ალბათ არ გაახსენდება, იმ წელს პირველად რომ მოისხა ნაყოფი. ეს ომის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე რომ ნახა დახუნძლული, მაშინ გაუხარდა, ახლა ატამი რა მოსატანია, როცა… როცა წამი და გმირი გახდები. როცა წამი და უკვდავებას ეზიარები.

ავიაცია ტყის დაბომბვად დაიწყებს.
ყუმბარის ნამსხვრევი თავში დაჭრის გიორგის. მაგრამ დაინახავს თუ არა,
ტრიალ მინდორზე დაჭრილ კაპიტანს, ორ ბიჭთან ერთად გაიქცევა გამოსაყვანად. ასმეთაური შამათავა არ უშვებს, დაჭრილი ხარ, დარჩიო. ვერ დააკავებს, ის მაინც შევარდება გამოსაყვანად. და… სნაიპერის ტყვია. ისევ თავში. დაცემა უგონოდ. სნაიპერის ტყვია მეორე ბიჭსაც მოხვდება. ისიც დაეცემა _ ოღონდ უკვე უსულოდ. თანამებრძოლები შევარდებიან, კაპიტანსაც მოაფარებენ ნანგრევებს (ის გადარჩება) და გიორგისაც და მის თანამებრძოლსაც გამოიყვანენ. გიორგი უგონოდაა, ოდნავ ფეთქავს. მეორე მკვდარია. ღრიალი ასმეთაურის _ ეს ბავშვი გაიყვანეთ როგორც გინდათ… ის მართლაც ბავშვი იყო _ მხოლოდ 19 წლის.
ახლა, მე მის სახლში ვზივარ, რუსთავში, სადაც დიდებასთან და სევდასთან ერთად, უკიდურესი სიღარიბე სუფევს და ვაცნობიერებ დასასმელი კითხვის იდიოტურობას, “მომიყევით მის ბავშვობაზე”, ვაცნობიერებ რომ გიორგის დედას, ქალბატონ ფატის მართლაც და არაფერი აქვს მოსაყოლი გიოს ბავშვობისა და გმირული დაღუპვის გარდა.
გიორგი გარდაბანში დაიბადა. 9 კლასი რუსთავში, მეექვსე სკოლაში დაამთავრა. მერე ოჯახი მშობლიურ სოფელ ქსუისში გადავიდა საცხოვრებლად _ იქ მარტოხელა ბებია ჰყავდათ მისახედი, თან ინვალიდი მამისთვისაც უფრო იოლი იქნებოდა, ეზოში გასვლის მაინც არ მოერიდებოდა. სკოლა იქ დაამთავრა. ჯარში წავიდა.
„ჩუმად შეაგროვა საბუთები, მე წინააღდეგი ვიყავი“ _ ჰყვება თვალცრემლიანი დედა _ „მამამისი ხშირად უყვებოდა ბრძოლების ამბებს. ისტორია უყვარდა ძალიან. ხატავდა, კარგად სწავლობდა, სამხედრო აკადემიაში უნდოდა ჩაბარება. ვერ გეტყვით რომ ფიზიკურად ძალიან ძლიერი ბავშვი იყო, სუსტი ბავშვი იყო, მაგრამ ძალიან უყვარდა ვარჯიში, სულ ვარჯიშობდა. ბოლო ერთ თვეს ისე დავაჟკაცდა… ძალიან დავაჟკაცდა ბოლო თვეს… ბოლოს ომამდე ერთი კვირით ადრე ვნახე, სოფელში იყო ჩამოსული, მოწყენილი, სევდიანი იყო. თავის პატარა ბლოკნოტში ავტომატს ხატავდა… გამოვკითხე, რატომ ხარ მოწყენილი, ეს არეულობა რომაა თქვენ ხომ არ უნდა გაგიძახონ თქო, არაო, დამამშვიდა. თამუნა არ მომყვება და მაგაზე ვდარდობო. დავამშვიდე. ძალიან უხაროდა, მის დარგულ ატმებს რომ კარგად ესხა. ნახე დედა, რა კარგად ასხია ჩემს ატმებსო, დამწიფებას ვერ მოესწრო. ვერ მოესწრო ვერაფერს…
არ დავუჯერე როცა მითხრა, ქუთაისში ვართო. თვითონ ტყვიების წვიმაში ვიყავით, 8 აგვისტო რომ დაღამდა, მაშინ გაგვიკეთა ჯარმა კორიდორი და გამოვედით. მანამ რამდენი კოლონაც შემოვიდოდა, გიორგის ვეძებდი, რა ვიცოდი რომ იქ იყო ჩემი შვილი, თორე რა წამომიყვანდა…
9 აგვსტო თენდებოდა, გარდაბანში, დედაჩემთან რომ ჩამოვაღწიეთ. იმ საღამოს კი გამაგებინეს რომ გიორგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში იწევა, კომაში იყო. მთელი ერთი კვირა ველოდებოდი რომ ხმას ამოიღებდა. როგორ არ ეცადნენ ექიმები, მაგრამ ვერაფერი ვერ უქნეს ჩემს პატარა ბიჭს… ზოგჯერ არც მჯერა რომ აღარაა ჩემი გიორგი…
ნაწილში რომ მივდივარ თავლებცრემლიანი მხვდებიან ხოლმე ბიჭები. გიორგი კარგად ვერ დავიცავითო. სულ 8 თვე იმსახურა და ძალიან დიდი სიყვარული დაიმსახურა. ალბათ ამიტომაც არ დამიტოვეს ამ ბიჭებმა ცხინვალში და გამომიყვანეს… ყველას გული დასწყვიტა ჩემმა პატარა გიორგიმ, მის ბიძაშვილებს და მამიდაშვილებს მოსვლა აღარ უნდათ აქ, მარტო ცარიელი სურათები რა არის, გიოს სიცილი გვენატრებაო, ძალიან მხიარული იყო. მხიარულობა უყვარდა, მღეროდა… ერთ რამეზე მწყდება გული, ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენი მისცეს, სიცოცხლე გასწირა ბავშვმა და მეტი რა უნდა გაეკეთებინა 19 წლის ბიჭს, ნუთუ პირველი ხარისხის ორდენი არ ეკუთვნოდა? ჩემი პატრა ბიჭი სათანადოდ არ დააფასა მთავრობამ… ახლა 19 მაისს, მიჩურინის ქუჩას დაერქრვა გიორგი ჯავახიშვილის სახელი… ხომ ასეთი უბედური დედა ვარ და მაინც მეამაყება რომ ასეთი გმირი შვილი გამიზრდია, თვალსა და ხელს შუა გამიზრდია ჩემი პატარა ბიჭი. ეჰ…“
მართლაც და მეტი რა ევალება 19 წლის ბიჭს, ან რით არააა პირველხარისხოვანი გმირობა ბიჭის, რომელიც მთელი ბავშვობა ომის ცოცხალ მსხვერპლს უყურებდა შინ, მაინც არ შედრკა, მაინც თვითონ წავიდა ჯარში, არც მაშინ დამფრთხალა როცა თვითონ თავში დაიჭრა და სხვის გამოსაყვანად, თანამებრძოლის გადასარჩენად გაიქცა კიდე? ან რა არშინით ვზომავთ გმირობას? მან სიცოცხლე გაიმეტა ჩვენთვის და ჩვენ?
დაიბეჭდა „პრაიმ თაიმში“, შესულია „პრაიმ თაიმის“ გამოცემულ წიგნში „გმირი“

%d bloggers like this: