რეზო შატაკიშვილი ჩქარსისხლიან ლადო ასათიანზე

ვინც კაცი იყო და ლექსად იქცა

ლადო ასათიანი – მისი ფილტვები ჭლექმა დაღრღნა.
მისი სული – საბჭოთა ინკვიზიციამ.
მას არ აღირსეს სიხარული – ენახა თავისი ლექსების კრებული.
პოეტი, რომელსაც დაუჭრეს ლექსების პირველი წიგნი…
პოეტი, რომელსაც სული დაუშანთეს დედის გადასახლებით…
მაგრამ ვერც ფილტვებისა და ვერც კაცობრიობის ჭლექმა – საბჭოთა იმპერიამ ვერ გაიმარჯვა მასზე. ის უკვდავია. უკვდავია თავისი ლექსებით.
ის კაცი იყო და იქცა ლექსად.
კაცს კლავენ.
ლექსს – ვერა.
ლადო ასათიანი – პოეტი, ყაყაჩოების ალში რომ გვხვევს თავისი ლექსებით.
პოეტი – ყაყაჩოებით აელვარებული ველ-მინდვრებით აღფრთოვანებული, ჩვენ კი – მისი პოეზიით.

ყაყაჩო სიმბოლოა სილამაზის. ასეა საზოგადოდ და ასეა ლადოსთანაც – აკი, ხედავს კიდეც ლამაზი ქალის ხატებას ყაყაჩოში, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ყაყაჩო მხოლოდ სილამაზეს განასახიერებს მის პოეზიაში. ყაყაჩოს მეშვეობით, მას წითელი ფერი და ამ ფერის სიმბოლიკა შემოაქვს პოეზიაში. წითელი, მწვანესთან ერთად.
სწორედ წითელისა და მწვანის აღლუმია – ყაყაჩოების ცეცხლწაკიდებული კრწანისი, უფლისციხის მიდამოები, თუ ადგილი, სადაც ძველად ჯარებს უხმობდნენ.
წითელი და მწვანე ერთად – არის ნიშანი სიყვარულისა და იმედის, მარადისობის.
აკი ამბობს კიდეც ლადო ასათიანი:
„გზაში ყაყაჩოს შეხვედრა სიკეთედ დაგვებედება:
სულ ახალგაზრდა ვიქნებით, გული არ დაგვიბერდება!“
წითელი – სიმბოლო სიცოცხლისა და სიხარულის…
სწორედ სიცოცხლის დაუოკებელი წყურვილი, მძაფრი სიყვარული და სიხარული ვლინდება მის ლექსებში. მას ახარებს სიცოცხლე, ყაყაჩოების შემონათება და არ ეძიებს სხვა დიდებას.
„მოდი, ჩვენ ესეც ვიკმაროთ და სხვა დიდება ნუ გვინდა,
ყაყაჩომ თუ მოგვანათოს ლამაზი ქალის შუქითა!“
ლადო ყაყაჩოში ხედავს მორცხვ ქალს, ისევე, როგორც ანა კალანდაძე მამრს – თუთაში, რომელიც სახლში შეჭრასა და ქალი პოეტისთვის წელზე ხელის შემოხვევას ლამობს. ლადო ასათიანი უფაქიზესად გადმოგვცემს მძაფრი ეროტიზმის ამ შთამბეჭდავ ხატებას.
წითელი ადამიანის გუნება-განწყობილების გამომხატავი ფერიცაა და სირცხვილის დროსაც ჩნდება, სახეზე გადაუვლის ხოლმე ადამიანს. ლადოსთანაც ასეა:
„შერცხვა და თავი დახარა;
სიწითლემ გადაუარა, ალბათ, იმაზე დაფიქრდა,
მოვეწონეო თუ არა?!“

ყაყაჩოები ყვავიან იქ, სადაც ძველად ჯარებს უხმობდნენ და იღვრებოდა სისხლი. ახლა ეს სისხლი ყაყაჩოდ ყვავის.
წითელი სისხლის გამოხედვაა და ეს წითელი იხედება კრწანისის მიდამოებიდან:
„ეს სისხლი არის თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია“.
ბებერი კრწანისის ამაბრდღვიალებელი ყაყაჩოების ცეცხლი – სიმბოლო იმ თავდადებული სამასი არაგველისა, რომელთაც თავი მიიტანეს მამულის, რჯულის სამსხვერპლოზე და მკვდრეთით აღდგნენ – მარადისობაში გადასახლდნენ.
აქ არაა გლოვა, აქაა პატივისცემა ღირსეული წინაპრებისა და სიამაყე მათ გამო. აქაა ისევ და ისევ პოეტის გაშმაგებული სიყვარული სიცოცხლისადმი, სამშობლოსადმი.
ყაყაჩოების ცეცხლი და ფერი – წითელი თვით ლადო ასათიანისა და მისი მგზნებარე, ძარღვიანი პოეზიის სიმბოლოდაც შეგვიძლია, აღვიქვათ.
ადამიანის გუნებასაც ხომ აქვს თავისი სიმბოლიკა. კაცის ხასიათსაც ხომ აღნიშნავდნენ ფერებით. წითელი ფერით აღინიშნება სანგვინიკი – ადამიანი მხიარული, ფიცხი, ჩქარი სისხლისა. ანუ ისეთი, როგორადაც წარმოგვიდგება თავად ლადო ასათიანი, როგორც მისი პოეზიიდან, ისე პირადი წერილებიდან – კაცი ჩქარი სისხლისა.

ლადო ასათიანი – ვინც კაცი იყო და ლექსად იქცა.
იყო კაცი ჯანმრთელი გულისა და არა ჯანის. ჯანმრთელი სულისა და არა ხორცის. თუმცა კი ძლიერი სენის შეყრამდე ჯანიც მრთელი ჰქონდა, გულიცა და სულიც.
ბარდნალაში მდინარის გაღმიდან ეძახის ლადო მექი ასათიანს, მშობელ მამას უხმობს შვილი, შუა ზამთარია. ცხენი მოაშველოს უნდა. არდადეგებზე ჩამოსულა სტუდენტი ლადო…
„ძვირფასო დედა! მე კარგადა ვარ, შენ ყოფილხარ ავად – სამწუხაროა. შემომითვალე, რითი შემიძლია დახმარება და დაგეხმარები… ფული შემომაკლდა, მაგრამ არა უშავს, ვიშოვი. საბანი არ შემიკერავს“. – წერდა ლადო მშობელ დედას. გაჭირვება იყო მისი ცხოვრების თანამგზავრი. ალბათ, ამიტომაც უყვარდა ფიროსმანი ასე გააფთრებით. ის ყოველ დილით ფიროსმანის ქუჩაზე კი არ ხვდებოდა ნიკალას, არამედ ყოველდღიურ ყოფაში ართმევდა მის ბედს ხელს, უშინაურდებოდა მის ბედს, მის სიდუხჭირეს იზიარებდა, ისიც მოკვდა და მერე ვაცხონეთ…

მატერიალურ სიდუხჭირეს აუვიდოდა, მაგრამ… 20 წლის ჭაბუკს დედა დაუპატიმრეს – ხალხის მტრის ბრალდებით. მალე თავად პოეტი ინსტიტუტიდან გარიცხეს – „კონტრრევოლუციური ლაყბობისთვის“. მოგვიანებით აღადგინეს. მაგრამ მოშურნენი ახალგაზრდა პოეტს თავის ხელს არც მანამ აკლებდნენ და არც შემდეგ.
იერიშს იერიშზე ახორციელებდნენ.
ვაიკრიტიკოსები პოლიტიკური შეცდომების გამოსწორებისკენ მოუწოდებდნენ. ამაოდ ეძებდა ხალხის მყრის შვილი სამსახურს ლუკმა-პურისთვის…
ქუთაისი. „ცისფერი კაფე“ რიონის პირას. მეგობრები. ნატეხი შოთი. თითო ტარანი, ხელადით ღვინო. ანდა სულაც ჩაი და საუბრები. საუბრები ქართველი ხალხის წარსულზე, თეატრზე, კინოზე, მხატვრობასა და პოეზიაზე. მერე თბილისი. ჩამოსვლა და თბილისელად ქცევა ერთი იყო.

„მხოლოდ დროდადრო დამარეტიანოს ქაშვეთის შემოხედვამ –
რუსთაველის პროსპექტზე ხეტიალი ნუ მომიშალოს ღმერთმა“.
ათბობდა ქაშვეთის შემოხედვა და რუსთაველის გამზირი.
ოცნებობდა, რომ წამოესხა ძალიან გრძელი, რომანტიკოსის „პლაში“, კისერში ჩაეფინა თმა, ჰქონოდა ზორბა ქოჩორი, ჰკეთებოდა, თეთრი-თეთრი, გახამებული საყელო, თეთრი შარფი, რომელსაც ქარი აუფრიალებდა, ჰხურებოდა თართოფარფლებიანი ქუდი – გედის ფრთით დამშვენებული და ასე გამოწყობილს აევლო და ჩაევლო რუსთაველზე…
თბილისში 21 წლისა გადმოვიდა საცხოვრებლად, ქუთაისის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ. დაიწყო მუშაობა. მდგომარეობა ოდნავ შეუმსუბუქდა, მაგრამ რა შემსუბუქება ჰქვია, როცა მის პატრიოტიზმს ლაფში სვრიდნენ, ნაციონალისტობას სწამებდნენ. ერის ტკივილისა და სიხარულის გაზიარებასაც არ აცდიდნენ, არათუ პირადისას.
არადა, რამდენი ტკივილია ჩაქსოვილი მის სტრიქონებში – „ნეტავ, სადა ხარ, ან რომელ მხარეს, სულზე უტკბესო დედილო ჩემო?“… „დედა, სიზმრებმა არ მომასვენა, შენს ბნელ სენაკში გადმომახედა“… „გეძახი, მინდა გაგესაუბრო, შუა აზიის ურწყულ მხარეში“…

ლადოს ერთი გოგონა გააცნეს. მას ანიკო ერქვა, გვარად ვაჩნაძე იყო. ლადოს შეუყვარდა. მერე, მერე კი მატარებლით მგზავრობისას, მატარებელი რომ დამუხრუჭებულა, ლადო ანიკოსკენ გადახრილა და… პირველად უკოცნია. მერე, მერე კი იყო წყება სასიყვარულო ბარათებისა.
„ანიკო ციხისძირელო, თბილისში ყველაფერი ძველებურადაა, ყველაფერი სტანდარტულია, სასახლეშიც ასევეა, მხოლოდ ჭავჭავაძის ქუჩაზე არაა ძველებურად, ნაცნობი ხე შეცვლილა ოდნავ, ფოთლები გასცვენია. შემოდგომის ბრალია, ალბათ, შენმა უნახაობამ თუ დაჰმართა ეს საქმე. დროზე უნდა ეწვიო და აამწვანო. მაგრამ რას უზამ, გაზაფხული წელიწადში მხოლოდ ერთხელ მოდის. ჰოდა, ასეა, ასეა საერთოდ, მაგრამ ამ წერილის ავტორისთვის არაა ასე, ამ წერილის ავტორს უყვარს გაზაფხული, გაზაფხული და გაზაფხული, სიცოცხლის პოეზიისა და სიყვარულის მარადიული გაზაფხული… გაუმარჯოს ზღვას, სიცოცხლეს, პოეზიასა და სიყვარულს. გაუმარჯოს ულამაზეს ქვეყანას, საქართველოს!..“ – იმ საქართველოს, რომელიც დედის რძესავით ტკბილი იყო ბარდნალელი ჭაბუკისთვის.

ლადო ასათიანი და ანიკო ვაჩნაძე

ლადო ასათიანი და ანიკო ვაჩნაძე

„დაუკარით, მოასწარით თორემ ჰერი…
და სიბერეც ძუ მგელივით მოგვიხტება“.
მაგრამ აცალა განგებამ სიბერე? რაჟდენ გვეტაძეს სწერს: „ბატონო რაჟდენ! თქვენ სერიოზულად იცით ჩემი გაწამებული ცხოვრების შესახებ, ჩემი ადრე დამთავრებული ახალგაზრდობის შესახებ…“
ადრე დამთავრებულ, ჩამწარებულ ახალგაზრდობაზე არსად გოდებდა ლადო, არც ერთ ლექსში, არც ერთ სტრიქონში, ის მართლაც მტრის ჯინაზე ცხრალახვარჩარტყმული, ცხრაჯერ მწარედ იცინოდა. მხოლოდ წერილებში იგრძნობა მისი ნაღველი. წერილების უფრო ხშირ-ხშირად მიწერას სთხოვს ანიკოსა და ძმას, გოგიტას.
„მოიწერე ამბები სახლის, კარის, რაა ეს, ორ სიტყვას რომ გადმოაგდებ, როგორ გეკადრება ეს! სახლშიც მისწერე წერილები და მომწერე ხშირად ამბები. თუ გესირცხვილება ჩემთან წერა? რა ვიცი, აბასთუმანში რომ ვიყავი, კონსტანტინე გამსახურდია მწერდა წერილებს და ნუთუ შენ ერთი სიტყვის მოწერის გრცხვენია?“ – წერს ძმას…

„როგორ არ მინდა, ძლიერო სენო, ლექსში ქართულად რომ მოგიხსენო!
როგორ არ მინდა, ჩემს სიჭაბუკეს დააჩნდეს შენი შავი ჩრდილები!
ეს რა უშრეტი ცეცხლით დამბუგე, პირს მარიდებენ ქალიშვილები“.
განიცდიდა. თავს უცხოდ გრძნობდა. განსაკუთებით მაშინ, როცა პირს არიდებდნენ.
„სადაც წინათ ვცხოვრობდი, იქ უკვე გამომიცხადეს, რომ ჩემი მათთან ცხოვრება შეუძლებელია. მოგეხსენებათ, ტუბერკულოზიანს სათოფეზე არ ეკარება ხალხი…“ – წერდა რაჟდენ გვეტაძეს.
გრძნობდა, რომ დიდი გზა არ ედო წინ გასავლელი. რომ მალე დამთავრდებოდა უკვე ჩამწარებული ახალგაზრდობა. არადა, როგორ არ უნდოდა… არ უნდოდა ამ სენს კვლავაც შერჩენოდა მისი ფილტვების დაღრღნა, ისევე, როგორც ვაჟას ფილტვებისა ოდესღაც.
„მე, დაწყევლილი ლადო ასათიანი, ერთი კვირაა, რაც გეახელით თბილისს. თითქმის ხუთი თვე გავატარე აბასთუმანში… არავითარი გაუმჯობესება არ მიმიღია ჯანმრთელობის მხრივ. ჩემი ფილტვების მიხედვით, მე მალე უნდა მივიცვალო, ძვირფასო, და აბა, შენ იცი, ცრემლებს ნუ დაღვრი“. – სთხოვდა მეგობარს, ნიკა აგიაშვილს.
მაგრამ ზუსტად იმხანად ომახიანად წერდა: „რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს, სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს, როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!“
კონსტანტინე გამსახურდიამ ნახა რა მძიმე ავადმყოფი, გასამხნევებლად შესძახა: „აღსდექ ვაჟკაცო, ებრძოლე სიკვდილს, სალმობამ არ დაგაძაბუნოს“!
ებრძოდა ლადო ძლიერ სენს, მაგრამ უძლური იყო. „ო, განვედ ჩემგან ძლიერო სენო, ჩემ შემდგომ ნურვინ ნუ მოგიხსენოს“.
ნიკა აგიაშვილს: „ვეღარ ვძლებ ამ ვიწრო ოთახში, თითქოს კუბოში ვარ ცოცხლად მდებარე, მზის მონატრული. რომ მოვკვდე, ნეტა ამაზე უარესი თუ იქნება ის კუბო. ამის ბრალია, ალბათ, რომ თითქმის ყოველ ღამით და დღისითაც, როცა წავთვლემ, სულ თავახდილი კუბოები მეზმანება…“
გარდაცვალების კვირას სულ მამამისს ნატრულობდა, უხმობდა, ისევე, როგორც ოდესღაც სტუდენტობაში მდინარის გაღმიდან… ოღონდ ჩუმად…
სიკვდილს დღეს უთქვამს, მამაჩემი დამესიზმრა და უთუოდ ჩამოვაო. სწორედ იმ დღეს, ჯერ არც კი გაციებულიყო პოეტის ცხედარი, აივანზე ერთი მოხუცი შესულა და ლადო ასათიანის ბინა უკითხავს. ეს იყო მექი ასათიანი…
„ეს ჩემი სენი თუ დაგემართოს, ამაზრზენი და განუკურნელი,
ეს ჩემი სენი თუ დაგემართოს, და მოიხადო როგორც სახადი,
ჰეი, შენ, დიდი მომავლის ლანდო, ერთი თხოვნისთვის ნუ დამძრახავდი:
თუ მეცნიერის გონების ღონედ უმალ განკურნოს ჭლექი სნეული,
– მაშინ მომნახე და მომიგონე სამარადისოდ მიწად ქცეული“.
გავიდა ხანი, აღარ არის ჭლექი უკურნებელი სენი. ვინც გაიმარჯვეთ ამ ერთ დროს უკურნებელ სენზე, მიდით ლადოს საფლავთან და ჩასძახეთ ლადოს, რომ დაამარცხეთ მისი დამმარცხებელი. რომ სიკვდილს გამოუსხლტით ხელიდან, იმ სიკვდილს, რომელიც ლადომ ლექსით დაამარცხა.
„მჯერა ამ დიად ბუნების კართან
მე თვით სიკვდილსაც გარდავქმნი ლექსად“,
მან სიკვილი ლექსად გარდაქმნა და ჩვენ შეგვყარა უკურნებელი სენი – სენი, რომელსაც ვერავინ უწამლებს. ამ სენს ლადოს პოეზიით „დასნებოვნება“ ჰქვია.

დაიბეჭდა “პრაიმტაიმში” 

Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: