ეკა ასათიანი “სისხლიანი ქორწილის” შესახებ

2023 წლის 27/28/29 დეკემბერს მარჯანიშვილის თეატრის სხვენში შედგა ჩემი სპექტაკლის”სისხლიანი ქორწილის” პრემიერა. 7 თებერვალს სპექტაკლის მორიგ წრმოდგენას დაესწრო ჟურნალისტი ეკა ასათიანი და ვრცელი პოსტით გამოეხმაურა სპექტაკლს. გთავაზობთ ეკა ასათიანის შეფასებას.

  • “ჩემო ძვირფასებო, თუ გიყვართ ხელოვნება, მაშინ აუცილებლად უნდა ნახოთ მინის თეატრის „სისხლიანი ქორწილი“ ! ეს პატარა სცენა და პუბლიკა მართლაც საოცარ ერთობას ქმნის – საყვარელ მსახიობებთან და საქმის ერთგულებით გამორჩეულ რეჟისორთან ერთად! სოლიდარობით და ხალხის დონაციით დადგმული სპექტაკლი ხომ არც ისე ხშირია და ის ამით განსაკუთრებულიც არის და მნიშვნელოვანიც! თითქოს რაღაც ნაწილი ხდები ამ საერთო პროცესის, რაც ძალიან სასიამოვნოა… მოკავშირეებს და მეგობრებს იძენ! დიახ, თუნდაც ამისთვის ღირს ბილეთების შეძენა! კიდევ უნდა ნახოთ ეს სპექტაკლი იმიტომ, რომ აქ მსახიობები მართლაც განსაკუთრებულად და უმაგრესად თამაშობენ. გამოვყოფ აკაკი ხიდაშელს, ნანუკა ლითანიშვილს, ნოდარ მელაძეს, ოთო ჩიქობავას და კიდევ იყო ერთი-ორი, რომელიც ძალიან მომეწონა, თუმცა სამწუხაროდ, სახელ-გვარები არ მახსოვს. რა თქმა უნდა, ასეთი გუნდი რომ გყავდეს სპექტაკლში და ის უსასყიდლოდ თამაშს თანხმდებოდეს, ხვდებით ალბათ , რამხელა რამეა!.. როგორ პატივს სცემენ ისინი რეჟისორს, პროფესიის სიყვარულს და იდეას იმ ერთიანობის შექმნისას, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ. Ასევე, სპექტაკლში კარგად არის წარმოჩენილი ფედერიკო გარსია ლორკას ლირიზმი, ადამიანური სისუსტეები და ემოციები, რომელიც ჩვენს ყოფა-ცხოვრებაში ხშირად გათელილი ან მივიწყებულია! (არადა, ხანდახან ისევე გვჭირდება ჩვენი ადამიანური სისუსტეები, როგორც სიძლიერე…. რატომ?! იმისთვის რომ მივხვდეთ, რომ ადამიანები ვართ, რაღაცეები შევაფასოთ ან გადავაფასოთ. რა თქმა უნდა, შესაძლოა , გაგიჩნდეთ შენიშვნებიც, მაგრამ ამას რა ჯობია! ვისაუბროთ ერთმანეთში, განვიხილოთ, შესაძლოა, რეჟისორიც კი ჩაერთოს ამაში და ბევრად უფრო საინტერესო იქნება, კიდევ უფრო შეიკვრება ის წრე, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ. კიდევ ვიტყვი იმას, რომ რეჟისორ რეზო შატაკიშვილს განსაკუთრებით ეტყობა ტექსტებთან მჭიდრო ურთიერთობა და წერის უნარის ფლობა. ამიტომ „სისხლიან ქორწილში“ გამოტანილი დიალოგები არის ძალიან გამართული, ხაზგასმული მთავარ აქცენტებზე და იოლად აღსაქმელი (რა თქმა უნდა, მსახიობების არაჩვეულებრივი ურთიერთკავშირის და შესრულების ჩათვლით.) მოკლედ ნახეთ და დანარჩენზე ვიმსჯელოთ! „მინის თეატრის“ სპექტაკლი „სისხლიანი ქორწილი“ მარჯანიშვილის სხვენში, 12 თებერვალს, კიდევ გაიმართება. გავაგრძელო და ჩამოვთვალო მიზეზები , თუ რატომ უნდა ნახოთ სხვენში „სისხლიანი ქორწილი“?! რა ვიცი… ვშიშობ, შორს წაგვიყვანს…🙂

“სისხლიანი ქორწილის” მორიგი წარმოდგენა იმართება 12 თებერვალს, ბილეთების შეძენა შეგიძლიათ აქ

ფრაგმენტები სპექტაკლიდან შეგიძლიათ იხილოთ აქ.

სპექტაკლი დედებზე და დედებისთვის

დღეს, მარჯანიშვილის თეატრის სხვენში თეატრალურ კომპანია „გიენოსის“ მორიგი სპექტაკლი, დათო ჩხარტიშვილის მიერ დადგმულ ფლორიან ზელერის „დედა“ ვნახე და ჩემი შთაბეჭდილებები მინდა გაგიზიაროთ, ხაზგასმულად რეკომენდაციის და არა რეცენზიის ფორმით. და ვინაიდან რეკომენდაციაა და არა რეცენზია, არანაირ საჭიროებას არ ვხედავ, მოვდგე და იმაზე ვცვითო კლავიატურა, თუ რა ხდება სპექტაკლში – რა სიუჟეტი თუ პეიზაჟი იშლება. მე თუ მკითხავთ, შინაარსის თხრობის ადგილი არც რეცენზიაა, რეცენზიაში შინაარსის თხრობა მხოლოდ კრიტიკოსის ფეხმრუდობაზე მეტყველებს, ან პირიქით ფეხმარდობაზე – როგორ აუაროს გვერდი სათქმელს – შინაარსის თხრობით. მოკლედ, შინაარსის თხრობა იქაც მიუღებელია, რეცენზიაში და მით უფრო აქაც – რეკომენდაციაში, რომელსაც ერთადერთი ფუნქცია აქვს – რეკომენდაცია გაუწიოს სპექტაკლს, ურჩიოს მაყურებელს აღნიშნული სპექტაკლის ნახვა. ამ შემთხვევაში კი შინაარსის თხრობა, სწორედაც რომ დასპოოლერებას გამოიწვევს და ხელს შეუშლის სწორედ სპექტაკლით დაინტერესებას. მით უფრო, როდესაც საქმე ეხება არა საქვეყნოდ ცნობილ სიუჟეტს, არამედ იმგვარ სიუჟეტს, რომელიც პრაქტიკულად ყველასთვის უცნობია, ვისაც ამ ტექსტთან რაიმე ფორმით შეხება არ ჰქონია.   

თავს არც იმის ვრცლად მოყოლით შეგაწყენთ, რომ დათო ჩხარტიშვილს ამავე ავტორის სხვა ორი პიესაც დადგმული აქვს და ამ სპექტაკლის დადგმით ზელერის ტრილოგია დასრულდა. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ აღნიშნული სპექტაკლი აუცილებლად უნდა ნახოთ, თუნდაც მხოლოდ იმიტომ რომ იცოდეთ როგორც მოექცეთ… დედას…. კი, შეიძლება დედათქვენი სხვანაირია და სულაც არ გავს ზელერისეულ დედას, სულაც არაა მისული სიგიჟის ზღვრამდე, ზღვარზე თუ ზღვარს მიღმა, სულაც არ პრეზენტირდება მის თქვენდამი დამოკიდებულებაში ოიდიპოსის კომპლექსი ასე – მთელი თავისი „ბრწყინვალებით“, მაგრამ სწორედ აქ, ფსიქიკური პრობლემების მქონე პერსონაჟში ვლინდება მკაფიოდ და ცხადად, თუ რას გრძნობენ და რას განიცდიან დედები, როდესაც ჩვენ მათ ვშორდებით. დიახ, სწორედ აქ ვლინდება მძაფრად და სახიერად ეს განცდები და შეგრძნებები, რადგან კონტროლისა და თავშეკავების, თავის ხელში აყვანის მექანიზმი მორღეულია სწორედ ფსიქიკამორღვეულ პირებთან. ზიგმუნდ ფროიდი ქვეცნობიერს იკვლევდა სწორედ სულიერად დაავადებულ პირებზე და არა ფსიქიკურად ჯანსაღ პირებზე დაკვირვებით…

როდესაც ნახავთ სპექტაკლს, შესაძლოა გაგიჭირდეთ კიდეც სად სრულდება ობიექტური სინამდვილე და სად იწყება დედის სუბიექტური განცდები და შეგრძნებები, მისი წარმოსახვები თუ ჰალუცინაციები. აქ ყველაფერი ზუსტად ისეა აზელილი, როგორც ძალიან ხშირად ჩვენს ცხოვრებაში…

როდესაც ნახავთ სპექტაკლს, თქვენ  აუცილებლად მოიხიბლებით მსახიობ ანა მატუაშვილის ქალური ხიბლითა და არტისტული ოსტატობით. შესაძლოა თავიდან მისი საუბარი მანერულადაც კი გეჩვენოთ, იქნებ ყალბადაც, მაგრამ მერე და მერე დარწმუნდებით, რომ ეს თავდაპირველი ინტონაციები მსახიობ ანასეული კი არაა, პერსონაჟ ანასეულია და იმ გაუცხოების შედეგია, რომელიც მას საკუთარ ქმართან აქვს. სწორედ ეს გაუცხოება ედება დვრიტად პერსონაჟის სულიერ მდგომარეობას და არყევს კიდეც მის  ფსიქიკას საბოლოოდ.

როდესაც ნახავთ სპექტაკლს, ნახავთ თუ როგორ სტაბილურად და თანმიმდევრულად, რყევებისა და ფორხილის გარეშე ასახიერებს მამის როლს მსახიობი გიორგი ცერცვაძე. ნახავთ უშუალობითა და გულწრფელობით სავსე ნიკოლას (დაჩი ბაბუნაშვილი) და ნახავთ რა ოსტატურად ასახიერებს  შვილის შეყვარებულის – მარიას როლს ქეთი ლუარსაბიშვილი. იგი  ძალდაუტანებლად ახერხებს იყოს ისეთიც როგორიცაა მარია სინამდვილეში და ისეთიც – როგორც აღიქვამს მას მისი შეყვარებულის დედა…

როდესაც ნახავთ სპექტაკლს, ნახავთ დათო ჩხარტიშვილის სიძუნწით მდიდარ რეჟისურას – დაცლილს ფოკუზებისგან.

და მთავარი: ისე, არ გამიგოთ, რომ ეს სპექტაკლი მხოლოდ შვილებისთვისაა. მე თუ მკითხავთ, სწორედ დედებისთვისაცაა, მოდით და ნახეთ, როგორ არ უნდა იცხოვროთ, როგორ უნდა აცადოთ ცხოვრება შვილებსაც და საკუთარ თავსაც.

კიდევ უფრო მთავარი: სპექტაკლიდან გამოვედი, ჩავრთე სპექტაკლის მსვლელობისას გამორთული ტელეფონი, მარჯანიშვილის ქუჩას ავუყევი და ტელეფონმაც დამირეკა. დედა მირეკავდა. მასთან ცივად საუბარი არასდროს მჩვეოდა, მაგრამ ამჯერად კიდევ უფრო შევეცადე საუბრის გათბობას…

ჯადოსნური ქარხნის დირექტორი 60 წლისაა

მე ის აფიშაზე გავიცანი. ჯერ კიდევ ყმაწვილმა, გასულ საუკუნეში. დიახ, აფიშაზე გავცანი. იცვლებოდა აფიშები, ხან რომელ სპექტაკლს გვაუწყებდა და ხან რომელს. იცვლებოდა სპექტაკლის დამდგმელ რეჟისორთა, სპექტაკლში დაკავებულ მსახიობთა გვარ-სახელები და არ იცვლებოდა ერთი გვარ-სახელი – აფიშებს სამხატვრო ხელმძღვანელებთან ერთად (ისინიც იცვლებოდნენ) ხელს აწერდა: კახა ბერიძე – თეატრის დირექტორი.

დიახ, ის იმ ჯადოსნური ქარხნის დირექტორი იყო, სადაც სიარულს არაფერი მერჩია.

თითქმის ათი წელი დავდიოდი ინტენსიურად, შემდეგ ეს ათწლიანი ხანა დაასრულა ჩემმა გასტუდენტებამ და შესაბამისად საცხოვრებლად თბილისში გადასვლამ. კი,

მარჯანიშვილსა და რუსთაველში ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეც დავდიოდი, მაგრამ სიურპრიზი მაინც მარჯანიშვილში მელოდა იმ 1994 წელს.

დაიწყო სპექტაკლი და… შუქი ჩაქრა. გაგიკვირდებათ და მაგრად გამიკვირდა შუქის ჩაქრობა. არა, მთელი ის ბოლო წლები ეგნატე ნინოშვილივით ლამფის შუქზე მქონდა გატარებული, მთელი მსოფლიო ლიტერატურსააც ნავთის სუნის თანხებით ვეზიარე, მაგრამ თეატრში შუქის ჩაქრობა ჩემთვის სრულიად უცხო იყო. მე არ მახსოვს გორის თეტრში შუქი ჩამქრალიყოს! და ეს აი, იმ აფიშაზე (და შემდეგ სცენაზე) გაცნობილი კაცის -კახა ბერიძის დამსახურება იყო!

კაცის თქო ვამბობ, თორემ მაშინ კახა სრულიად ახალგაზრდა იყო, ბიჭი იყო და დღემდე წარმოდგენა არ მაქვს როგორ ახეხებდა იმ ჩაბნეებულ, უკუნ 90-იანებში მის თეატრში სპექტაკლის დროს შუქი არ ჩამქრალიყო.

სწორედ იმ დროს, დედა იგივე ქალაქის პურკომბინატის დირექტორის მოადგილე იყო, იქ ქრებოდა შუქი, თეატრში კი არა…

აი, ასე იქცა კახა ბერიძე ჩემთვის გაკრულ აფიშებისა და განათებული თეატრის სურატხატად

არ ვტოვებდი არათუ პრემიერას, რიგით წარმოდგენებსაც კი. მოკლედ, თამამად შემიძლია ვთქვა რომ გორის თეატრის სპექტაკლებზე გავიზარდე და უკვე ამ გადმოსახედიდან შემიძლია დავასკვნა რომ გორის თეატრი მოწოდების სიმაღლეზე იდგა! რა მაძლევს ამ დასკვნის საფუძველს? გორის თეატრი რომ მკვდარი, მდარე და ერთი სიტყვით უხეირო თეატრი ყოფილიყო, როგორმე მოახერხებდა და შემაძულებდა თეატრს!

მაგრამ მე თეატრი არათუ შევიძულე, ვერ შევიძულე და საკმაოდ გვიან, 28 წლის ასაკში ჩავაბარე თეატრალურში სარეჟისოროზე… და აი, 2016 წელს კი, როდესაც სოსო ნემსაძემ საშუალება მომცა გორის თეატრში შექსპირის „ჭირვეულის მორჯულება“ დამედგა, განაწილებისას ლორდისა და ბატისტას როლზე, სწორედ ის აფიშიდან და სცენიდან გაცნობილი არტისტი მოვითხოვე და უკვე სპექტაკლზე მუშაობისას გავიცანი და დავმეგობრდი. ის ჩემთვის დღეს ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი და გულშემატკივარია. იშვიათად შევხვედრივარ მე ისე მრავალმხრივ განათლებულ მსახიობს, როგორიც კახა ბერიძეა. ის საინტერესოა სცენაზეც და სცენაზე გასვლამდეც – სარეპეტიციოში.

რატომ ვწერ მაინცდამაინც დღეს ამას? მიზეზი მარტივია – დღეს კახა ბერიძე იუბილარია – 60 წელი შეუსრულდა.

დიალოგის ბედნიერება – „ირინეს ბედნიერება“ თეატრალურში

ნოდარ გურაბანიძე მთელი 66 წლის წინ წერდა, რომ დავით კლდიაშვილის დრამატურგიამ, მიუხედავად მაღალმხატვრულობისა, ქართული თეატრის ისტორიაში ვერ შეასრულა ის როლი, როგორიც მას ეკუთვნოდა. ნოდარ გურაბანიძე მიიჩნევდა, რომ ქართულ თეატრში ფსიქოლოგიური ჟანრის პიესების განხორციელების ტრადიციის არარსებობის გამო, კლდიაშვილის პიესების დამდგმელები, ამ პიესებში ხედავდნენ მხოლოდ იმას, რაც ზედაპირზე იდო – ხედავდნენ კომიზმს და ვერ ხედავდნენ ტრაგიზმს, რომ „დარისპანის გასაჭირსა“ და „ირინეს ბედნიერებას“ ვოდევილებად იაზრებდნენ და ამ პიესების სიღრმე, არათუ ამოხსნილი, საერთოდ გაგებულიც არ იყო.

ამავე წერილში (გამოქვეყნდა 1957 წელს, ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნებაში“, სათაურით „შენიშვნები დავით კლდიაშვილის დრამატურგიაზე“) ჯერ კიდევ სრულად ახალგაზრდა, 26 წლის ნოდარ გურაბანიძემ თავდაყირა დააყენა კლდიაშვილის დრამატურგიის მაშინდელი გააზრება და თუ პირნათელი ვინქნებით, სწორედ მისმა თეორიულმა ნააზრევმა მისცა ბიძგი კლდიაშვილის დადგმის უკვე ახალ და ადეკვატურ პრაქტიკას, რამაც არაერთი შედევრრალური თუ წარმატებული სპექტაკლი შვა.

დღეს თუ თქვენ მიხვალთ, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სასწავლო თეატრში, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის სცენაზე ნახავთ „ირინეს ბედნიერებას“, რომელიც საგულისხმოდ და მე ვიტყოდი, წარმატებულად ეხმიანება ქართული თეატრალური კრიტიკის პატრიარქის თეორიულ ნააზრევს. 26 წლის ნოდარ გურაბანიძის შენიშვნებს, თავისებურად, მისებურად იაზრებს 26 წლის რეჟისორი გიორგი კაშია და გვთავაზობს მაღალი ძაბვის სპექტაკლს. გააზრებულს სწორედ მძაფრ ფსიქოლოგიურ დრამად. ამ სპექტაკლში კარგად ვხედავთ რომ სწორედ ტრაგიზმს ხედავს ახალგაზრდა რეჟისორი პიესაში და სწორედ ამ ტრაგიზმის ჩვენამდე მოტანას ცდილობს და ახერხებს კიდეც. კომიკური აქ მხოლოდ აქცენტებადაა წარმოდგენილი, ისევ და ისევ ტრაგიკულის რელიეფურად გამოსაკვეთად.

ნოდარ გურაბანიძე აბესალო სალამთაძეს განიხილავს როგორც საოცარი ცინიზმის მქონე, ამპარტავან, მრუშ ახალგაზრდას, ერთგვარ პროვინციელ დონ ჟუანს. როგორც წესი, მისი თავგასული სურვილები ყოველთვის სრულდება, რამაც მას განუვითარა განსაკუთრებულობის განცდა და მიაჩნია, რომ არ არსებობს ძალა, რომელიც მას წინ გადაეღობება.

სწორედ ასეთ მრუშ, ამპარტავან და ცინიკურ აბესალოს ვხედავთ კაშიას სპექტაკლში. მსახიობი გუგა ქაცარავა მართლაც რომ შესაშურად ხატავს ბილწ გულისთქმას აყოლილ მრუში ახალგაზრდა კაცის პორტრეტს. ამასთან ერთად, კარგად გადმოგვცემს იმ შინაგან ღრღნასაც, რომელითაც ის თავს „ისაჩქურებს“.

სხვათაშორის ამ ასპექტზეც წერდა თავის დროზე გურაბანიძე. გურაბანიძის შენიშვნით აბესალოს ხასიათში არის ერთი საბედისწერო ნიშანი – თუკი დარისპანის მძიმე ხვედრი ისაა, რომ მას არ სჯერა თავისი გამონაგონის და ბედნიერი იქნებოდა, მას რომ ეს სჯეროდეს, აბესალო პირიქით ტყვეა თავისი გამონაგონის, სჯერა მისი და ამიტომაა სვეგამწარებული. დიახ, აბესალომ თავად მოიგონა საზარელი ტყუილი, თითქოსდა ირინე მას როდამიშვილთან ღალატობს და პირველმა თავადვე დაიჯერა და იწამა.

„დავით კლდიაშვილს ღრმად და ფართედ აქვს ჩაფიქრებული აბესალოს სახე: ხშირად ადამიანები მსხვერპლად ეწირებიან თავიანთსავე გამონაგონ ცილისწამებას“.

კაშიას სპექტაკლში, აბესალო ამ ბილწ გამონაგონს არათუ თავს აჯერებს და ხმებს უვრცელებს პატიოსან ქალს, ეს გამონაგონი მეტასტაზებივით ედება მის სულს, ეჭვები ღრღნის და ეს პროცესი ერთობ საინტერესოდ წარმოჩინდება სცენაზე – აბესალოს ფსიქიკას იმდენად მოსდებია ეს მეტასტაზები, რომ იგი წარმოუდგენლად ცხადად „ხედავს“  – როგორ როკავენ მის ცხვირწინ ირინე და როდამიშვილი, როგორ იხდის მის წინ, მის მაგიდაზე შემხტარი როდამიშვილი წელს ზემოთ და როგორ უჩინარდება შემდეგ. საზოგადოდ, ამ სცენაშიც და საერთოდ ამ სპექტაკლში, რეჟისორს მიგნებული აქვს თეატრალური მონტაჟის საინტერესო პრინციპისთვის. ცხადია, ეს პრინციპი რომ აღიქვა და გაიაზრო, სად მთავრდება ზმანება და სად იწყება ცხადი, ანდა სულაც სად სრულდება ერთი ეპიზოდი და სად იწყება – მეორე, ამას მაყურებლის მხრიდანაც სჭირდება აღქმის უნარი და ერთგვარი მიმღებლობა თეატრალური პირობითობის. თორემ უამისოდ, საერთოდ გეგონება რომ ეს უბედური როდამიშვილი შინ მიუვარდა თავისი სატრფოს ქმარს და უცეკვა სტრიპტიზი. გეგონება, რომ როდესაც ირინეს მამა, ფილიპე, სუფრიდან ჭურჭელს იღებს და ჩემოდანში აწყობს, ირინეს მზითვებს კი არ უყრის თავს, არამედ უბრალოდ ნასუფრალს ალაგებს. ან როდესაც ვხედავთ მეტად სახიერი მეტაფორას, როგორ ტრასნფორნმირდება მაგიდაზე გადაფარებული, ღვინით დასვრილი სუფრა საქორწინო კაბად, შემდეგ საბნად, ნეფე-პატარძლის შერწყმას რომ ფარავს,  ამ ტრანსფორნმაციებმა ვინმე საერთოდ დააბნიოს, მაგრამ ეს მისი პრობლემა იქნება და არა სპექტაკლის ავტორების.

როგორც უკვე შევნიშნე, რეჟისორს მიგნებული აქვს თეატრალური მონტაჟირების საინტერესო პრინციპისთვის და ასევე, სპექტაკლში წარმოდგენილი სარეჟისორო ნიშნები თუ მეტაფორები, უმეტესწილად ემსახურება როგორც ატმოსფეროს შექმნას, ისე რეჟისორის სათქმელის გამოკვეთას. თვით ის მეტაფორებიც კი, რომელნიც სხვა ქმედით მეტაფორებს ქმედითობის ხარისხით ჩამორჩებიან, საერთო ჯამში არ იწვევენ გაღიზიანებას.  

სპექტაკლის კიდევ ერთი დამახასიათებელი ღირსება ის გახლავთ, რომ სცენაზე არ ნელდება მძაფრი კონფლიქტი. სწორედ ეს გაუნელებელი კონფლიქტი და ახალგაზრდა მსახიობების მუხტი და ექსპრესია ქმნის იმ მაღალ ძავბას, რომელზეც დასაწყისშივე ვსაუბრობდი.

ახალგაზრდა მსახიობები ვახსენე, დიახ, ამ სპექტაკლში მოხლოდ ახალგაზრდა მსახიობები თამაშობენ – თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები და ისინი, ვინც ბოლო წლებში დაასრულა ეს უნივერსიტეტი. სპექტაკლში ფილიპე ბარბაქაძეს, ირინეს მამას ასახიერებს ახალგაზრდა მსახიობი ნოდარ მელაძე. განსახიერო ჭარმაგი კაცი, არც თუ ისე იოლია. ეს მითუმეტეს რთულია, როდესაც საქმე ეხება არა 5-6 წუთიან ეპიზოდს, არამედ 2 ხანგრძლივ მოქმედებას. მაგრამ ამ შემთხვევაში ერთი რამ შეიძლება თამამად ითქვას – შეიძლება არ დაიჯერო და ალბათ ვერ დაიჯერებ რომ ეს ახალგაზრდა კაცი ჭარმაგი კაცია, მაგრამ შეუძლებელია არ დაიჯერო და დაუჯერებლად გეჩვენოს ის ემოცია, ის ტკივილი, რაც ამ ახალგაზრდა მსახიობს მოაქვს. იგივე შეიძლება ითქვას, აბესალოს დედის – ეკას როლის შემსრულებელზე – ნინი კვირიკაშვილზე. ამ გამოწვევისგან თავისუფალია მსახიობი გიგა აბულაძე, რომელიც სცენაზე თავის თანატოლს – ვიქტორს ასახიერებს. გიგა აბულაძე ყურადღებას იპყრობს თავისი სცენური გულწრფელობით, განცდის სიმძაფრითა და დამაჯერებლობით. უყურებ და ხედავ რომ ბოლომდე იაზრებს თავისი გმირის ლოგიკას და ცხოვრობს მისი ცხოვრებით.

რაც შეეხება ირინეს, რომელსაც ორი შემსრულებელი ჰყავს – კესო დვალიშვილი და ანუკა შარია. კლდიაშვილი მართლაც დიდი მხატვარია, რომელიც სულ რამოდენიმე წინადადებებით ხატავს ქალთა პორტრეტებს, იქნება ეს კაროჟნა, ნატალია, თუ იგივე ირინე. ძალიან ცოტას ალაპარაკებს მათ და ისე ქმნის მათ შთამბეჭდავ სახეეებს. თავად კი ქმნის, მაგრამ როგორი საქმეა, მსახიობმა შექმნა რამოდენიმე წინადადებით სახიერი სახე? მე ამ სპექტაკლში, კესო დვალიშვილი ვნახე ირინეს როლში და შემიძლია გითხრათ რომ ეს ახალგაზრდა მსახიობი ახერხებს შექმნას უბედური გოგონას შთამბეჭდავი სახე. გოგონასი, რომელიც ბოლოს იფეთქებს მთელი ძალით. როგორც გურაბანიძე აღნიშნავდა, ირინე, ეს საოცრად მორჩილი და ყუჩი ქალი, პირველად ქართულ კლასიკურ დრამატურგიაში იტყვის ხმამაღალ სიტყვას თავისი ზნეობრივი და საერთოდ ქალის ზნეობრივი სინდისის დასაცავად.

„ირინეს ეს შეძახილი გულიდან არის ამომსკდარი და ყოველი სიტყვიდან თითქოს ცრემლნარევი სისხლი წვეთს“ – ნოდარ გურაბანიძე ამ სტრიქონებს კლდიაშვილის ირინეზე, პერსონაჟზე წერდა, იგივე შეგვიძლია გავიმეოროთ სპექტაკლის ირინეზეც – კესო დვალიშვილის პერსონაჟზე, ისევე როგორც ლუკა ჩიბუხაიას პავლე როდამიშვილზე. შეუძლებელია გულგრილი დაგტოვოს ამ ახალგაზრდა მსახიობის გაშმაგებულმა გულწრფელობამ ფინალურ სცენაში.

სპექტაკლში ნიკა ნიკურაძისა და ლაშა მორჩილაძის საინტერესო დუეტს ვხედავთ – ისინი სოგრატსა და ნესტორს ასახიერებენ. სპექტაკლში ასევე საინტერესო სახეებს ქმნიან და ერთაინ სურათში ორგანულად ეწერებიან სხვა ახალგაზრდა მსახციობებიც – ლაშა ქვაცაბაია  (სამსონ სალამთაძე), თამარ ყალაბეგაშვილი (კატო), გიორგი გელაშვილი (სოლომონი),  ნიკა თეთრაძე (ნიკოია, ბიჭი).

საერთოდ, ანსამბულრობა, გუნდურობა – ამ სპექტაკლში თვალში საცემია. მკაფიოდ ჩანს, რომ რეჟისორს თანამოაზრეები ჰყავს შემოკრებილი, რომელთაც მისი სჯერათ, იმიტომ რომ ახალგაზრდა რეჟისორს სჯერა მათი – თანატოლების. ეს ისეთივე თვალშისაცემია, როგორც ის, რომ ამ ახალგაზრდა რეჟისორს არ ახასიათებს ფსევდოავანგარდული პერვერსიები, მისი თაობის ზოგიერთი წარმომადგენლისგან განსხვავებით, კი არ თითლიბაზობს, პიესაშიც და სცენაზეც ეძებს მძაფრ კონფლიქტებს, სახიერ მეტაფორებს, სცენაზე სცენების მონტაჟირების ხერხებს და საშუალებებს.

არ ვიცი, მე რატომღაც ასე დავინახე ეს სპექტაკლი, რომ ეს იყო ერთგვარი წარმატებული დიალოგი საუკუნეებს შორის – 20-ე საუკუნეში დაწერილ კონცეპტუალურ წერილსა და 21-ე საუკუნეში დადგმულ სპექტაკლს შორის, ჩემს ძვირფას ლექტორ – ნოდარ გურაბანიძესა და ჩემს სტუდენტს – გიორგი კაშიას შორის.

რაკი პედაგოგებზე მიდგა საქმე, აუცილებლად უნდა ითქვას ის, რომ ამ ახალგაზრდა რეჟისორს ქართული თეატრის ისტორიაში პროფესიონალიზმითა და კეთილშობილებით გამორჩეული პედაგოგები ჰყავდა და ჰყავს – განსვენებული გოგი თოდაძე ბაკალავრიატში და დღეს – გია კიტია მაგისტრატურაში.

მოკლედ, ნამდვილად არ ინანებთ თუ ამ სპექტაკლს ნახავთ. მეტიც, არა თუ არ ინანებთ, არაერთი ცრუსპექტაკლის მერე, ბედნიერებას თუ არა, შვებას მართლაც იგრძნობთ.

გემრიელი „ვახშამი“ თავისუფალ თეატრში

დღეს ერთ კარგ სპექტაკლზე ვიყავი და ნამდვილად არ მინანია იქ მისვლა. არც თქვენ ინანებთ თუ მიხვალთ. ოღონდ ეს იმ შემთხვევაში თუ თქვენ მეტისმეტად გატაცებული არ ხართ რეჟისორთა ვარსკვლავობით და ამ ვარსკვლავ რეჟისორთა სარეჟისორო ფანდებით, ტრიუკებით, ფოკუეზებით, გნებავთ მთელი იმ მეტაფორების, ნიშნებისა და ქარაგმების ერთობლიობით, რომელიც ქმნის, როგორც მიხეილ თუმანიშვილი უწოდებდა, სპექტაკლის ვერტიკალურ სიუჟეტს.

თავისუფალი თეატრის სპექტაკლი „ვახშამი“ ამ ე.წ. „ვერტიკალური სიუჟეტით“ თავს ვერ მოგაწონებთ. ეს არცაა დამდგმელის (თინათინ ქათამაშვილი) არც მიზანი, არც ამოცანა. სამაგიეროდ მის სპექტაკლში ფილიგრანულად იშლება ჰორიზონტალური სიუჟეტი – უბრალოდ კი არ გვიამბობენ ამბავს, სცენაზე ხდება ეს ამბავი, იქსოვება ურთიერთობების იმგვარი ურთულესი ქსელი, რომელიც საბლოოოდ თავის აბლაბუდაში ხვევს ამ ურთიერთობების ყველა მონაწილეს.

რატომ არ იყო დამდგმელი რეჟისორის ამოცანა სპექტაკლს ჰქონოდა ვერტიკალური სიუჟეტი და რატომ იყო მისთვის ასე არსებითი ჰორიზონტალური სიუჟეტი? პასუხი მარტივია, იმიტომ რომ  ეს სტუდენტური სპექტაკლია – თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დიპლომანტ მსახიობთა წინასადიპლომო ნამუშევარი, რეჟისორი კი მათი პედაგოგი თიკო ქათამაშვილია. ამდენად არათუ გასაგები, დასაფასებელიცაა, როდესაც პედაგოგი მეტაფორა-ქარაგმებით არ გვეკეკლუცება და ამის ნაცვლად გვთავაზობს იმგვარ სპექტაკლს, სადაც სრულად წარმოჩინდება სტუდენტთა შესაძლებლობები, მათზე იქნება ყურადღება კონცეტრირებული, სცენაზე ამბავი მათ შორის, მათი მეშვეობით მოხდება და მათ ნაცვლად სარეჟისორო ნიშნები არ გადმოგვცემენ ამბავს.

სწორედ ამავე მიზანს ემსახურება პიესის არჩევანიც. თიკო ქათამაშვილი ირჩევს იმგვარ პიესას, რომელიც სპექტაკლში დაკავებულ რვავე სტუდენტს აძლევს მუშაობისა და შემდეგ თავის შესაძლებლობების წარმოჩენის თანაბარ შესაძლებლობას, ასპარეზს. როგორც წესი, ეს ბალანსი ძალიან ხშირად დარღვეულია და ეს იმთავითვე განპირობებულია პიესის არჩევანით. ასე მაგალითად, თუ შენ სტუდენტებთან „ჰამლეტს“ დადგამ, მეტი მუშაობა მოგიწევს და სპექტაკლშიც წარმოჩენის მეტი საშუალება და უფრო ფართო ასპარეზი ეძლევა მას, ვინც ითამაშებს ჰამლეტს, კლავდიუსს, გერტურდას თუ ოფელიას და ცხადია, ასევე ვერ წარმოჩინდებიან სხვა როლების შემსრულებლები.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში პიესის არჩევანი არა მხოლოდ იმიტომაა მოსაწონი, რომ ეს ბალანსი დაცულია სტუდენტების ინტერესების სასარგებლოდ, არამედ იმიტომაც რომ ეხმიანება დღევანდელი საზოგადოებისთვის აქტუალურ, რაც მთავარია არსებით პრობლემებს,  დაცლილია სიყალბისგან და თითიდან გამოწოვილი ფსევდომიეთმოეთისგან. მსახიობებისთვის გასაგები და ნაცნობია იმ პრობლემათა არეალიც და არსენალიც, რომელიც წამოჭრილია პიესაში და სწორედ ამიტომაც არიან ისინი ასე ბუნებრივნი და ასე ორგანულნი. ერთ წამს ვერ ნახავთ რომ რომელიმე მსახიობი ამბიდან იყოს ამოვარდნილი და მთლიანად არ იყოს ჩართული ამ ამბავში, მაშინაც კი, როდესაც ასე ვთქვათ სხვისი სცენაა და ისინი მეორე პლანზე არიან.  ერთ ადგილს ვერ ნახავთ რომ ვინმე ვინმეს გაზეპირებულ რეპლიკას უბრალოდ აძლევდეს, არა, აქ ყველაფერი შენ თვალწინ იბადება – სიტყვაც, ქცევაც, შეფასებაც, რეაქციაც.

ყველა ცალ-ცალკე და ყველა ერთად იმდენად კარგად და სწორად მუშაობს, რომ ყველაზე ერთად მოგახსენებთ. მარიამ ავალიანი, თეა ალფაიძე, აკო გოგელია, ლიზა ნიკვაშვილი, სალომე ჭაფოძე, ლუკა კალატოზიშვილი, თორნიკე კაკულია, სალომე ხიზანიშვილი –  ეს ახალგაზრდები ძალიან ბევრს შესძლებენ, თუ მათ გასაქანი მიეცემათ და ჩვენს თეატრალურ ცხოვრებაში ისე არ გადაუხერგავენ გზას, როგორც გადაუხერგიათ არაერთისთვის, რომელნიც შემდეგ იძულებული გახდნენ – ჩამოშორდნენ საკუთარ პროფესიას და სხვა გზებს გაუყვნენ ამ ცხოვრებაში.

მათ ამ სპექტაკლში კი შენ თვალწინ თამაშდება ცხოვრება და ძალიან მარტივად და ძალდაუტანებლად გვაჩვენებენ იმას, თუ როგორ იქცა ტექნიკის ერთი შეხედვით უბრალო მიღწევა – ტელეფონი ყველაზე საკრალურ საგნად, თუღა შეიძლება რომ მას უბრალოდ საგანი ვუწოდოთ და არა რაღაც სხვა და მეტი.

ვახშამზე იკრიბებიან უახლოესი მეგობრები, რომელთაც ერთი შეხედვით ერთმანეთისგან საიდუმლო და დაფარული არაფერი აქვთ. წამოიწყებენ თამაშს – ყველამ მაგიდაზე უნდა დადოს ტელეფონი და საჯაროდ უპასუხოს ზარებს და მესიჯებს… ეს ერთი შეხედვით მიამიტური და უვნებელი თამაში იქცევა სიცოცხლისთვის საშიშ თამაშად თუ არა, საბდისწერო თამაშად – რომელიც წერტილს უსვამს და საბოლოოდ ანგრევს მათ მეგობრობას. ჩვეულებრივი ვახშამი იქცევა ვახშმად სადაც ყველა ერთმანეთის საიდუმლოებებს შეექცევა და…. გულისრევამდე მიდის… აღმოჩნდება რომ პრაქტიკულად არავის არაფერი სცოდნია ერთმანეთზე… სიუჟეტურ პერიპეტიებში მეტად არ შევალ, რომ არ დაგასპოლიეროთ და ხელი არ შეგიშალოთ სპექტაკლისგან სიამოვნების მიღებაში. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ მათი ამ თამაშის ყურებისას, ზუსტად ხვდები რა დატრიალდება შენს გარეშმოც, ასე რომ დადოთ ტელეფონები და შემდეგ საჯაროდ და ღიად უპასუხოთ ზარებს და მესიჯებს.

ჩვენ აღმოვჩნდით იმ რეალობაში, როცა ჩვენზე ყველაზე მეტი, ლამის ჩვენზე მეტიც ჩვენმა ტელეფონმა იცის… გალაკტიონი რომ მოვიშველიოთ, რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს ჩვენი ტელეფონი, ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული. დიახ, ჩვენი საიდუმლო უძილობის დროს სარკმელში მოკამკამე თეთრმა ღამემ კი არა, ჩვენმა ტელეფონმა იცის.

ესაა სპექტაკლი იმაზე თუ როგორ ვურთიერთობთ ჩვენ ადამიანებთან –  რეალურად მათთან კი არა, ჩვენს წარმოდგენებტან, მათზე არსებულ წარმოდგენებტან ვურთიერთობთ და როგორც კი ვხედავთ მათ რეალურ სახეს, ვშორდებით მათ და არ ვიღებთ მათ ისეთებად, როგორებიც არიან – თავისი მარცხებით, სისუსტეებით, ვნებებით თუ მანკერებებით.

უყურებ სპექტაკლს და ფიქრობ, გვჭირდება კი ერთმანეთზე ასე ყველაფრის ცოდნა და ყველა საიდუმლოს ასე ამოყრა? მზად ვართ კი ამისთვის?

მთელი ეს ამბავი სცენაზე თამაშდება ლაღად, ძალდაუტანებლად, მაღალი ხარისხის იუმორით და რაც მთავარია ზომიერებით. საერთოდ, ზომიერება ამ სპექტაკლის არსებითი ნიშანი გახლავთ. დავიწყოთ იქიდან რომ სცენაზე ჩვეულებრივი, თანამედროვე ბინის ინტერიერია წარმოდგენილი – გემოვნებით და ზომიერებით. (მხატვარი – ტატო გელიაშვილი). გარემო იმდენად რეალისტურია, რომ თავიდან ცოტა გეხამუშება კიდეც, მაგრამ როგორც კი სპექტაკლი იწყება და ეშხში შედის, ხვდები რომ სწორი გადაწყვეტაა, სხვაგვარ გარემოში ეს პიესა ვერ გათამაშდებოდა და ყოველგვარი პირობითი გარემო სპექტაკლის წინააღდეგ იმუშავებდა. სცენაზე ვახშამიც ნამდვილია – მსახიობები აფექტურად კი არ მიიღთმევენ, მართლა ვახშმობენ. სცენაზე ჭამა კი ცალკე სირთულეა და განუზომელ სიზუსტეს და ზომიერებას ითხოვს, თავი დუქანში რომ არ გეგონოს. ეს სირთულეც მათ ძალდაუტანებლად აქვთ დაძლეული.

გარდა ამისა, დამდგმელ რეჟისორს სწორედ რომ ზომიერად აქვს გადმოქართულებული პუიესაც –  თანამედროვე იტალიელი დრამატურგის, პაოლო ჯენოვეზეს „იდეალური უცნობები“. იმგვარად რომ აღარც უცხოებად აღიქვამ მათ და არც  მათი ზედმეტად „ქართველობა“ გეხამუშება. სპექტაკლის იუმორის მაღალ ხარისხსაც სწორედ ზომიერება განაპირობებს. საერთოდ,  ზომიერება გემოვნების ნიშანია და ცალკე ნიჭია. ერთი რამ შემიძლია თამამად მოგახსენოთ,  რეჟისორი  არც მარილს აკლებს და არც ამლაშებს, ფაქტია რომ მარილთან კარგად ურთიერეთობს და მლაშე, ან უმარილო ვახშმით კი არა, სწორედაც რომ გემრიელი ვახშმით გვიმასპინძლდება.

ნახეთ „გუშინდელნი დღეს“, სანამ ვიქეცით შარშანდლებად

კიდევ ერთ სპექტკლზე მინდა გაგიწიოთ რეკომენდაცია – აუცილებლად ნახეთ „გუშინდელნი დღეს“ თავისუფალ თეატრში. სპექტაკლი ეძღვნება შალვა გაწერელიას ნათელ ხსოვნას. ეს არაა უბრალოდ მიძღვნა, სპექტაკლის იერსახესა და ატმოსფეროში აშკარად იკითხება დამდგმელის – თიკო კორძაძის წადილი სპექტაკლი იყოს შალვა გაწერელიასეული ესთეტიკის მატარებელი. ვინც კარგად იცნობს შალვა გაწერელიას ხელოვნებას, მას ნამდვილად ეცემოდა შალვა გაწერელიას ესთეტიკის სურნელი…

სპექტაკლი იწყება სალომე ჭულუხაძე-აგრაფინას რეპლიკით „სიცარიელეს ვგრძნობ“ და მთავრდება ამავე რეპლიკით – „სიცარიელეს ვგრძნობ“. და მთელი სპექტაკლი არის იმაზედ, თუ რატომ გრძნობს აგრაფინა სიცარიელეს. თუ სპექტაკლის დასაწყისში მსახიობის ეს ფრაზა ერთგავარდ ცარიელ ფრაზად გეჩვენება, ფინალში იგი უკვე სავსეა თვალზე ცრემლით და მთელი სპექტაკლით…

სპექტაკლის მსვლელობისას არაერთგან წაგსკდება სიცილი, მაგრამ გრძნობ რომ დამდგმელი რეჟისორი კი არ დასცინის და კი არ ამათრახებს მანკიერ გმირებს, გულს უკლავს მათი ქცევა და განიცდის ამ ყველაფერს. ამიტომაც სპექტაკლი მამხილებელი კომედიიდან დრამისაკენ მიემართება. ეს არც კლდიაშვილისეული ცრემლიანი სიცილია და არც კლდიაშვილისთვის დამახასიათებელი თანაგრძნობა გმირების მიმართ და ის რომ მას არასოდეს არავისთვის დაუცინია. რეჟისორი არანაირად არ თანაუგრძნოს პერსონაჟებს, უბრალოდ ისე განიცდის რომ მათი დაცინვისთვის დიდ არც სცალია და ცდილობს დაგვანახოს იმ ვითარების მთელი სირთულე, რომელშიც ვართ.    სპექტაკლს ჰქვია „გუშინდელნი დღეს“ – რაც იმ მოლოდინს  აჩენს რომ გათანამედროვებული იქნება ტექსტიც და კონტექსტიც, მაგრამ ეს სულაც არაა ასე, დამდგმელი ირჩევს ერთგვარ მოკრძალებას შავლა დადიანის უკვდავ ტექსტთან მიმართებაში, ფრთხილობს და ისე შეაქვს ცვლილებები ტექსტში. შეეძლო მას მეტი სითამამე გამოეჩინა, ბევრად აქტიურად ჩარეულიყო, ისევე შეეცვალა ტექსტიც და ტექსტში მოცემული ფაქტობრივი გარემოებებიც, როგორც შეცვალა და რუსულენოვანი, დედით ქართველი და „ნემენცურგვარიანი“ მაზრის უფროსი ედუარდ ერაზმოვიჩი ინგლისურენოვან მისტერ ედუარდად აქცია. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს პერსონაჟი (ასახიერებს ჯაბა კილაძე) ისევე ღობემორღვეულად ლაპარაკობს ინგლისურად, როგორც ქართულად.

ედუარდი ისევე როგორც პიესაში, აქაც დედით ქართველია, მაგრამ ეროვნებით რეალურად უთვისტომოა და ინგლისურის მიუხედავად, არანაირი ძუნწი მინიშნებაც კი არ შეინიშნება მის ბრიტანულ, ან მითუმეტეს ამერიკულ წარმომავლობაზე, რომ გაჩნდეს შეგრძნება, ან აღქმა იმის, რომ რეჟისორი ტოლობის ნიშანს სვამს დამპყრობელ რუსაა და ამერიკელებს შორის და ამ უკანასკნელთ რამენაირად განიხილავს მათ ჩამნაცვლებლად. ეს აზრი მხოლოდ თავიდან თუ გაგიელვებს, როდესაც ის ინგლისურად იწყებს ლაპარაკს, მაგრამ უმალვე იფანტება და ცხადი ხდება, რომ რეჟისორს ის კი არ აღელვებს ვინ მოდის, არამედ ის, როგორ ხვდებიან, როგორ ვხვდებით ნებისმიერ  მომსვლელს, როგორ ვკარგავთ და ვფლანგავთ ღირსებას და როგორ ვეგებით ფეხქვეშ მათ.

 როდესაც დაპყრობილი დამპყრობელს ელაქუც-ეპირფერება ერთი უბედურებაა, უბედურება, რომელიც ნაკარნახევია ერთგვარი იძულებით და სხვა არჩევანის უქონლობით, მაგრამ როდესაც ხალხი თავისი ნებით დამპყრობელს ეძიებს სხვაში და უძვრება მას, რომელიც არც დაპყრობას ლამობს და არც ამგვარ ქცევას ითხოვს ან ახსლისებს, ორმაგად უბედურებააა.

სპექტაკლში კარგად იკითხება თუ როგორ ეგებიან ფეხქვეშ უცხოტომელ, უთვისტომო პირს, რომელმაც უბრალოდ შემოიარა. კი, როგორც პიესააშია, აქაც სპექტაკლშიც სოფლის მამასახლისიც და სხვანიც ამ მომსვლელის ხელქვეითნად რჩებიან, ყოველ შემთხვევაში ტექსტუალურად ასე რჩება, მას რწმუნებულად იხსენიებენ, მამასახლისი ხაზს უსვამს რომ მისი ხელქვეითია, მამასახლისის მოქიშპე დანოსებს აბარებს მას, მაგრამ ჯამში მაინც იხატება სურათი, რომ ყველა ეს პერსონაჟი გაუწვა მას, ვინც უბრალოდ შემოიარა და გაუწვება ყველას, ვინც შემოივლის, რა ენაზეც არ უნდა ლაპარაკობდეს ის და რა პოზიციაც არ უნდა ეკავოს მას… მაზრის უფროსის კონკრეტული მონოლოგის ერთგვარი მონტაჟი, კიდევ უფრო გლობალურს ხდის პრობლემას. დადიანთან მაზრის უფროსი ფაციას ეუბნება, რომ საქართველო ხელიდან ხელში გადადიოდა, ყველა ქართველს უტყამდა – სპარსეთი,  ოსამალეთი, ბიზანტია, ჩეჩნები, ლეკები, ოსები, რომ ქართველებს არანაირი კულტურა არ გააჩნდათ, რომ ყოველივე რუსებმა მოგვანიჭეს. რომ ახკა მაინც უნდა მოვეგოთ გონს და შევუერთდეთ მათ სულით, სიხლით, სხეულით, რომ ქალები უნდა გახდნენ „гражданки великой русской империи“. სპექტაკლში ჯაბა კილაძის გმირი რუსს უკვე დამპყრობელთა შორის მოიხსენებს, არ აკონკრეტებს ვინ მოგვანიჭა ქართველებს კულტურა და ვისთან შესაერთებლად მოგვიწოდებს. შესაბამისად არც რუსეთის იმპერიის მოქალაქეობას სთავაზობს ქართველ ქალებს. ტექსტის ამგვარი გაკრეჭითა და გადალაგებით კიდევ უფრო ზოგადდება პრობლემაც და სათქმელიც.

როგორც უკვე აღვნიშნე, რიგი გარემოებები გათანამოედროვებულია, შემოსულია ჩვენი თანამედროვე ყოფის განუყოფელი რიალიები – ტელეფონები, სელფები და ა.შ. ტექსტის თვალსაზრისით კი ისევ შალვა დადიანის ტექსტია დომინანტური. ვთქვი ისიც, რომ რეჟისორს შეეძლო ბევრად თამამად შეხებოდა ტექსტს, მაგრამ მისი ტექსტთან მოკრძალებული დამოკიდებულება კიდევ უფრო სხვაგვარად მუხტავს სპექტაკლს, პერსონაჟები ხან აქ ჩვენს დროში არიან, ხან იმ დროში, როგორც განსაზღვრავს ავტორი – „მოქმედება სწარმოებს ჩვენში, 1905 წლის შემდეგ 1910 წლამდე“. პერსონაჟები თითქოს ლივლივებენ, დაბორიალობენ დროში. სპექტაკლში განყენებული ზედროული დრო კი არაა, სწორედ ეს დროში ბორიალია, აგერ მამასახლისის ვაჟს ადიკოს მუხლებზე გადახსნილი შარვალი და „ოვერსაიზი“ მაისური აცვია, ყურთ ბომბორა ყურთსასმენები უკეთია, ერთობ თანამედოვე პერრსონაჟად აღიქმება და მისგან ფუტურიზმზე საუბარი, კიდევ უფრო სხვა ჟღერადობას სძენს მის პერსონაჟსაც და სპექტაკლსაც. საერთოდ, აქვე ვიტყვი რომ ადიკოს როლის შემსრულებელი – ახალგაზრდა მსახიობი გუგა ქაცარავა, მართლაც რომ სასიამოვნო აღმოჩენა იყო ჩემთვის. დღეს როცა ვნებებისგან იფიტება თეატრი და უმეტესად ლამის სტერიულურ პერსონაჟებს ვხედავთ, მართლაც სასიამოვნოა, როდესაც სცენაზე ხედავს ახალგაზრდა მსახიობს, რომელსაც ენერგიაც მოსდევს, შემართებაც, სხეულიც და სახიერად ასახიერებს ჟინმორეულ მამრს. ამ სცენიური სახის შექმნაში მას ეხმარება და არანაირად არ უშლის ხელს კოსტიუმი (მხატვარი თეო კუხიანიძე), ესეც სენია ქართულ სცენაზე – პერსონაჟი მარცხნივ გარბის, კოსტიუმი მარჯვნივ, დგას მსახიობი შუაში მიშიკო აბაშვილივით და ეწამება. ამ შემთხვევაში კოსტიუმი არც ტექნიკურად არ უშლის ხელს მსახიობს და ერთგვარ სურათხატსაც ქმნის – მხატვარმა მსახიობს ათლეტურ ტანზე მოტმასნილი მაისური კი არ ჩააცვა და ტრივიალურად ასე კი არ სცადა მის ვნებებზე ხაზგასმა, პირიქით მას ოვერსაიზი ჩააცვა და სცენაზე დგას პერსონაჟი, რომლის ტორსი ისევე ნახევრად შიშველია, როგორც ვნებები და როგორც მისი ვნებებია თავისუფალი დოგმებისგან, ისევე თავისუფალია მისი მაისური.

იგივე შეიძლება ითქვას თამუნა ნიკოლაძის – კეკელას კოსტიუმზეც. ვიდრე მის კოსტიუმს შევეხები, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ერთობ კი არა მართლაც რომ ფრიად შთამბეჭდავია თამუნა ნიკოლაძის კეკელა. მსახიობი გვთავაზობს პერსონაჟის იმგვარ პლასტიკურ იერსახეს, რომელიც მყისიერად იქცევს ყურადღებას და ძალიან ბევრს მეტყველებს პერსონაჟზე. ეს ყველაფერი გამოხატულია მის სიარულის მანერაში, ასე ვთქვათ ცუნცულში. ამ მრავლისმეტყველ და შთამბეჭდავ ცუნცულს სრულიად ესადაგება მისი კოსტიუმი. კაბა, რომელიც მას აცვია სრულ ჰარმონიაშია პერსონაჟთან და მის სიარულის მანერასთან,  მეტიც, კვეთს და ხაზს უსვამს მას, ხელს უწყობს მსახიობს სახის შექმნაში. მეტიც, ხანდახან კვერცხის და ქათმის ამბის არ იყოს, ძნელი გასარკვევია სიარულის მანერამ უკარნახა მხატვარს კოსტიუმი, თუ კოსტიუმმა უკარახა მსახიობს ამგვარი მანერა, თუ ეს ყველაფერი ერთბაშად იშვა.

მსახიობი სწორედ ამ სახიერი პლასტიკით, იოლად და ძალდაუტანებლად ახერხებს დაგავიწყოს ის თამუნა ნიკოლაძე, რომელსაც ტელეეკრანიდან იცნობ. ეს კი, დამეთანხმებით, არც თუ ისე იოლი რამაა.

სპექტაკლში სვლა-სიარულით ასევე გამოირჩევა ფოფოდია – სოფო ლომჯარია. შოპინგიდან დაბრუნებულ ფოფოდიას  ახალი, ერთი თუ ორი ზომით დიდი ფეხსაცმელი შეუძენია და მთელი სპექტაკლი იმ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელით დაიკვანწება. იგი როლში როლსაც გვთავაზობს და როცა თავის გამოჩენა უნდა კიდევ უფრო ხაზგასმულად (როგორც პოდიუმზე) დაიკვანწება, ვიდრე საერთოდ და ამ სვლა-სიარულთა მონაცვლეობით საინტერესო სახეს ქმნის.  საინტერესოა მისი და რწმუნებულის თანმხლები პირის – ჯვებე ქოლორდავას (ოთო ლასხიშვილი) მსუბუქად ეროტიული სცენები, სცენებია მსუბუქი, თორემ მათი შეერთების წადილი არც თუ მსუბუქია…

სპექტაკლში ასევე ყურადღებას იქცევენ ნინი კვირიკაშვილი (ფაცია) თავისი ძალდაუტანებელი თამაშის მანერით და ნოდარ ძოწენიძე (ჯიბო) მისთვის ჩვეული სიმკვეთრითა ორგანულობით. საინტერესო სახეებს ქმნიან ნუცა სულაბერიძე (კნეინა ჩიტუნია), მიშა არჯევანიძე (პაპუნა) და გიორგი ოქრუაშვილი (მამასახლისი).

სპექტაკლში მეტად შთამბეჭდავ სახეს ქმნის კახა მიქიაშვილი. მისეული თავადი კოწიაც სხვადასხვა დროში ცხოვრობს და სულდგმულობს, ის ხან ჩვენი დროის კაცია, იმედანდ რომ მის თავადობაზე ხაზგასმაც კი თავადური გვარებით თავმოწონების დღემდე შემორჩენილ კოკობზიკობადღა აღიქმება, ხან წინა საუკუნის სხვადასხვა ათწლეულების კაცია – მართლა იმ თავადური პეწით შემკული. საერთოდ კი მოჭიმულ-მომართული კაცია, რომ როგორმე ხეირი ნახოს, რაღაცას მაინც გამორჩეს, ყველა ხერხი და ღონე იხმაროს, ბოლოს კი მისი ხსნა მაინც ისევ ქალიშვილის უცხოელზე სარფიანი გათხოვებაა. საგულისხმოა, რომ პიესაში თავად კოწიას თავისი კნეინაც ჰყავს. როდესაც ქალიშვილის გათხოვების ამბავს იგებს, ეგრევე იწყებს „იმე, ჩემი ცოლი სად არის, ჩემი ცოლი სად არის“, მერე კი, როცა ამ თავის კნეინას ვერ პოულობს და ქალიშვილს გულში იკრავს, მაშინაც ცოლს ეძებს – „შენ გენაცვალოს მამაშენი კოწია… ეს რა ბედნიერება მომანიჭე შვილო, ჩემ თავს არ ვუჯერი შვილო… სად არის ახლა საწყალი დედაშენი?“.

სპექტაკლში კახა მიქიაშვილის კოწია ამ ტექსტს კი ამბობს,  მაგრამ მას ცოლი აღარ ჰყავს – ქალმა რეჟისორმა ქალი პერსონაჟი იმ ქვეყნად გაისტუმრა და თავადი კოწია დაგვიქვრივა და მისგან ნათქვამი ეს ტექსტიც უკვე სხვა დრამას და სევდას იტევს… სევდის ხსენებაზე გამახსენდა, ეს მართლაც სევდიანი სპექტაკლია, სავსე სწორედ იმ სევდით რომ ასე იყო და ასე ვიქცეოდით ასი წლის წინ – როცა ეს პიესა იწერებოდა (დაწერილია 1917 წელს) და ასეა ახლაც და ალბათ ასე ვიქნებით ასი წლის მერეც, თუ ისტორიამ საბოლოდ არ ჩაგვნაყა თავის როდინში და გუშინდელნი არ გვაქცია შარშანდელებად…

ბექა ცირეკიძის ფოტოები.

ეჟენის მარტორქები სოხუმის თეატრში

თუ თქვენ გსიამოვნებთ სიამოვნების მიღება თეატრში სპექტაკლისგან, მსახიობების თამაშისგან და არა ზეპურ გავებზე ბუმბულთა რხევისგან, მიდით უზნაძეზე სოხუმის თეატრში და ნახეთ ზურა გეწაძის დადგმული სპექტაკლი “მარტორქები”.

რუმინეთში დაბადებულ-გაზრდილი ეჟენ იონესკუ – შემდეგში ფრანგული ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენელი, აბსურდის კლასიკოსი და შეშინებულ ორმოცდაათიანელთა ლიდერი – ეჟენ იონესკო ზურა გეწაძის საყვარელი, ასე ვთქვათ შინაური ავტორია – მისი “მელოტი მომღერალი ქალი” ჯერ კიდევ ამ 15 წლის წინ დადგა თუმანიშვილის თეატრში. იონესკოსთან მისი მაშინდელი შეხვედრა ერთობ წარატებული აღმოჩნდა და ასეთივეა ახლაც.

მიდით და ნახავთ სპექტაკლს, სადაც მხატვრული ასახვის საგანს წარმოადგენს ჩვენი სინამდვილე, იონესკოსთვის საძულველი და მართლაც აუტანელი სინამდვილე და ის, რაც ჩვენ ადამიანებს გვემართება. სწორედ ამ სინამდვილეს იხილავთ ფორმით და არა არსობრივად გაზვიადებულს.

დიახ, ესაა სპექტაკლი იმზე თუ როგორ უნდა შეინარჩუნო ადამიანობა, თუნდაც მარტო დარჩე, როცა ყველა სხვა მარტორქად იქცევა…

ფინალში ვანიკო თარხნიშვილის პერსონაჟი ამბობს არა მხოლოდ მის, არამედ ავტორის, რეჟისორის, მთელი შემოქმედებითი გუნდის სათქმელს – დავრჩები იმად რაც ვარ.

მის პერსონაჟს ადამიანად დარჩენისკენ მისი ადამიანური სისუსტე – სმის სიყვარული უბიძგებს. ეს ის შემთხვევაა როცა სისუსტე სიძლიერედ იქცევა და ადამიანს განცხოველებისგან, განურჩხულებისაგან იცავს…

სპექტაკლის სათქმელი მოდის ძალდაუტანებლად და ეს სათქმელი ლაკონურად ფინალში ერთ წინადადებაში აკუმულირდება. ეს საერთოდ გეწაძის სამარკო ნიშანია, ასე იყო მის „მეფე ლირშიც“, იქაც ფინალში ერთ წინადადებაში ფორმულურდებოდა სპექტაკლის სათქმელიც და ზეამოცანაც – -“ჩვენს ქვეყანას, სისხლში ჩაძირულს შველა სჭირდება”.

მანამდე კი მაშინაც და ახლაც, მთელი სპექტაკლი არის ერთგვარი პროცესია, ერთგვარი სვლა ზუსტად ამ სათქმელის სათქმელად.

მიდით და ნახავთ ვანიკო თარხნიშვილის სრულიად ფანტასტიკურ არტისტულ ნამუშევარს. ვიცი მოდური აღარაა, ჩვენ არ ვიმეტებთ ასეთ ალალ შეფასებებს უკვე… და იცით რატომ? რომ არ გაგვიცვდეს ეს შეფასებები და მერე რომ სარფიანად გამოვყენოთ ამა თუ იმ ბაბლურ თეატრში ვიღაცასთან საპირფეროდ…

მე, როგორც არამოდური ადამიანი, რომელსაც არანაირად არ აღელვებს ბაბლური ვნებათაღელვა, თამამად ვხარჯავ ამ ალალ აზრებს და გეტყვით, მიდით და ნახავთ სრულიად სხვანაირ ზურა ყიფშიძეს, ნახავთ რა ემართება სრულიად მოწესრიგებულ, ზნეკეთილ და ელეგანტურ კაცს, როგორ ემსგავსება სხვებს და როგორ გადაიქცევა მარტორქად…

მიდით და ნახეთ სრულიად სხვაგვარი, სრულიად ფერადი ნანუკა ლითანიშვილი. ფერადი არა იმიტომ რომ მისი კოსტიუმია ფერადი, არამედ მისი პალიტრის გამო, რომელსაც რომელსაც მაქსიმალურად იყენებს ამ ერთ ბეწო როლში.

მიდით და ნახეთ ნანა შონიას ექსცენტრული პერსონაჟი, ქმარი რომ მარტორქად ექცა და მაინც არ მიატოვა.

ზემოთ ნახსენებ მსახიობებს არც დანარჩენები ჩამოუვარდებიან, მეტიც ტოლს ტოლს არ უდებენ და არ გაძლევენ წამით მოდუნების  საშუალებასაც.

ერთადერთი რაც ხელს შეგიშლით, ისევ და ისევ თეატრის მწირი ტექნიკური საშუალებებია…

სპექტაკლი ფარაჯანოვზე – ფარაჯანოვის ყაიდაზე

„აღსარება – მე სერგო ფარაჯანოვი“ – ნამდვილად არ ინანებთ თუ გლდანში წახვალთ და ახმეტელის თეატრში ამ სპექტაკლს ნახავთ.

რეცენზიებს ასე არასოდეს იწყებენ კრიტიკოსები. ეგ არაფერი. ასე, არც რეჟისორები დგამენ სპექტაკლებს. ეს ერთი და მეორეც – ამ ბლოგს არც აქვს რეცენზიის პრეტენზია, შთაბეჭდილების თქვენთვის გაზიარება მინდა იმისთვის, რომც თქვენც ნახოთ და თქვერნც გნახოთ – შთაბეჭდილების ქვეშ.

ირაკლი გოგიას სპექტაკლში მსახიობი გიორგი გასვიანი წარმოგვიდგება ფარაჯანოვად. გეზი იმთავითვე სწორია – ის არც ცდილობს გავდეს ფარაჯანოვს, არც ვიზუალურად, არც მანერებით. არ ცდილობს, თორემ სხვადასხვა კადრებში ნანახის კოპირება-გადმოტანა არ წარმოადგენს დაუძლეველ სირთულეს. ის არ ცდილობს ამას, მეტიც გაურბის ამას და უფრო მისი მოგონებების გაცოცხლებას განცდილ-გადატანილის ჩვებადე მოტანას ცდილობს. მოაქვს გენიალური რეჟისირის ხსოვნაში მოტივტივე ამბები სადად და ძალდაუტანებლად.

იოლი არაა მოგონებათა გათამაშება – გვერდი აუარო ილუსტრაციას და გამოძებნო ერთ დრის განცდლის და გახსენებულის სათეატრო ექვივალენტი – ესა თუ ის მეტაფორა, მიზანცენა თუ განცდის ადეკვატური განწყობის მოხელთება – განსაკუთრებით იმ მსახიობთა მერ, რომელინც განასახიერებენ ფარაჯანივის ბავშვობის სხვადასხვა პირებს  (მსახიობები ნინო ციმაკურიძე, ბუკა ღლონტი, ელენე ბეჟიაშვილი, ანანო გულედანი, გიორგი ფირანიშვილი) თუ თავად ყმაწვილ ფარაჯანოვს (მსახიობი – ჯორჯი დვალიშვილი). მსახიობი, რომელიც ყმაწვილ ფარაჯანოვს განასახიერებს უსიტყვოდ, მხოლოდ განწყობებით და პლასტიკით, მართლაც მოგხიბლავთ თავისი გულწრფელობით, გამოსმახველობით და საქმისადმი დამოკიდებულებით.

იოლი არაა გარდაისახო ფარაჯანოვად. როგორც წესი, ამა თუ იმ როლში გარდასახვა მსახიობს უწევს და არა რეჟისირს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს სულაც არაა ასე. გარდასახულია მსახიობიც (გიორგი გასვიანი) და არანაკლებ – რეჟისორი (ირაკლი გოგია). იოლი არაა მოგონების ვიზუალიზაცია, მით უფრო სცენზე, როდესაც სამეტყველოდ კინოენის ნაცვლად თეატრალური ენა გქვს დ სწორედ თეატრალურ ენაზე უნდა ითარგმნოს ესა თუ ის სურათხატი მოგონებების, თან ამ შემთხვევაში საქმე ეხება ფარაჯანოვს რომელიც სწორედ გამაოგნებელი ინსტალაციებით, სახიერი აზროვნებით,  მე ვიტყოდი – ფრესკული აზროვნებითაა გამოჩეული. მისი მოგონებებიც სწორედ ამ ესთეტიკით უნდა გაცოცხლებილიყო და სწორედ ამგვარი გაცოცხლების წარმატებულ მცდელობასთან გვაქვს საქმე.

რთულია როცა თან გვერდი უნდა აუარო კოპირებას მისი საკულტო ფილმებდან და თან მის ესთეტიკაში უნდა დარჩე, მისებრ იაზროვნო და მისებრ მის ყაიდაზე შეთხზა და დადგა. სწორედ ამას ვგულისხმობდი რეჟისორის გარდასახვაში, რაც ჩემი აზროთ უდავოდ შემდგარ ფაქტს წარმოადგენს.

სპექტაკლი ეძღვნება ფარაჯანოვის ასი წლის იუბილეს. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი, როგორც მოგახსენეთ ირაკლი გოგიაა, მხატვარი – ირენა ოგანჯანოვა, ქორეოგრაფი – კატერინა ნეზვანოვა, რეჟისორის ასისტენტი – გიორგი ყაულაშვილი.

/ფოტოები – იური მეჩითოვის/

იმპიჩმენტი თუ კურდღლებზე ნადირობა

ისეთ კაცს, როგორიც ბიძინა ივანიშვილია ქართლში ფეხიდან მოცვეთილს ეძახიან.

ოპოზიცია, რომელიც მას უნიათოს ეძახდა, ლობიოსავით ამოლესა და შეკმაზა – ნივრით, წიწაკით,  ბლომად ქონდრით, რეჰანითა და თავისთავად  ქინძით.  აგერ უკვე 11 წელია, ის და მისი კარის გიქორები, როგორც ქართლ-კახეთის უკანასკნელი ზაქაიჭამია მეფე – ზაქებს, ისე ხრავენ ქვეყნის ბიუჯეტს, არც არაფერს აკეთებენ (თუ არ ჩავთვლით ფულის კეთებას) და ხელისუფლებასაც გადსარევად ინარჩუნებენ. როგორ და რანაირად?  ნუთუ ასეთი ნიჭიერები და შორსმჭვრეტელები არიან? ნიჭიერები რუსეთს უზის ლუბიანკაზე, ესენი უბრალოდ რუსეთის სპეცსამსახურებიდან მიღებული ინსტრქუტაჟების ნიჭიერი შემსრულებლები არიან. მათი ნიჭიერება იმაში მდგომარეობს, რომ არც სინდისი კარნახობთ რაიმე კორეწქტივის შეტანას, არც გონიერება და ასე ბრმად და ზედმიწევნით მისდევენ ინსტრუქციებს და შედეგითაც ტკბებიან.

რა ხდება ახლა? რა და ისევ და ისევ არსებითი თემის გადაფარვა  და ერთდროულად ორი კი არა, რამდენიმე კურდღის დაჭერა.

 დიახ, არსებითად ეს იმპიჩმენტი სხვას არც არაფერს არ ემსახურება და ხელისუფლებას  არსებითად არც აღელვებს, გამოუვა ეს იმპიჩმენტი თუ არა. რისთვისაც უნდათ ეს იმპიჩმენტი, ის ზუსტად იციან რომ გამოუვათ.

კურდღელი № 1

ამ იმპიჩმენტის პროცედურით ხელისუფლებას ყურადღება გადააქვს მის თავზე დამოკლეს მახვილივით დაკიდებულ შოვის ტრაგედიიდან. ამ თემის გადასაფარად რა ხერხს აღარ მიმართეს, ხან მათგან კრებსებით გამოჭერილი მღვდელი გამოაგორეს ამაზრზენი განცხადებით, ხან გაგანია აგვისტოში ქეთი დუმბაძე დანიშნეს მწერალტა სახლის დირექტორად და ამ თემით არა თუ თავად მწერლები და ლიტერატურასთან კავშირში მყოფი ხალხის ყურადღება მიიპყრეს, არამედ ისინიც აღაშფოთეს, რომელიც დღემდე ერთმანეთისგან ვერ არჩევენ მწერალთა სახლსა და მწერალთა კავშირს. ხან ბლექსიარენაზე მოაწყვეს სკანდალი,  ხან შოვის ტრაგედიას ბედად გადაღჩენილები ლანძღეს და ხან ებოდიშნენ მათ, ხან თეა გოდოლაძის პირად ცხოვრებაში ჩაყეს დინგი და მას რომ ვერაფერი დააკლეს, ნესტან-დარეჯანსაც კი ეტაკნენ.

კურდღელი № 2

ამ იმპიჩმენტის პროცედურით, ხელისუფლებას ყურადღება გადააქვს თბილისის დატბორვისა და თბილსერვისში გამოვლენილი დარღვევებიდან. თბილისი წყალმა წაიღო. დედაქალაქის მერი ამაოდ ასავსევებდა სამი კაცის საკმარ ტუჩ-კბილს – ხან უხვ ნალექს დააბრალა, ხან ნაგვის ყრას, გეგონება, ნაგვისგან დედაქალაქის გასუფთავება  ვინმე სხვის და არა მის დაქვემდებარებაში მყოფი იმ უწყების პრეროგატივაა, სადაც ერთ მენაგვეზე ერთი უფროსი მოდის.

კურდღელი № 3

იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებით, თავისთავად ცხადია, ხელისუფლება ხელს უშლის და შლის უამისოდაც ჩაშლილ პროცესს – საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.  ევროკომისიის რეკომენდაციებში, ერთ-ერთი რეკომენდაცია დეპოლარიზაცია იყო. ევროპა ითხოვდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებული პოლარიზაციის განმუხტვას და ახლა რასთან გვაქვს საქმე? პოლარიზაცია ხელისუფლების შიგნით – ხელისუფლების შტოებს შორის. ცხადია, ეს დაპირისპირება ფსევდოა, ყოველ შემთხვევაში მას საერთო არაფერი აქვს ინსტიტუციურ დაპირისპირებასთან და თუ რაიმე დაპირისპირტება არსებობს  – მხოლოდ სახასიათო – ხასიათში ვერ ეწყობიან ერთმანეთს ქალბატონი პრეზიდენტი და ივანიშვილიუს აღმასრულებელი „გიქორები“. ეს ასეა, მაგრამ ეს ყველაფერი გარედან მაინც პოლარიზაციის  შთაბეჭდილებას ტოვებს და არანაირად არ წაადგება სტატუსის მონიჭების პროცესს.  თავისთავად ცხადია, ივანიშვილს, არანაირად არ სურს კანდიდატის სტატუსი და თუ რამე, კიდევ უფრო შეუშლის ხელს და საბოლოოდ ჩაკლავს სტატუსის მიღების პერსპექტივას, მხოლოდ გაახარებს.

კურდღელი № 4

ოპოზიციას და ნაცებს გადაულოცავს მთელ იმ ნეგატივს, რაც მის მოყვანილ პრეზიდენტთან ასოცირდება. სალომე ზურაბიშვილი მთელი ეს წლები სწორედ ივანიშვილის ინტერესების გამტარი იყო. ახლა აიმპიჩმენტებს. ნაცები ცხადია ხმას არ მისცემენ და ივანიშვილსაც ეგ უნდა – თავის მოყვანილ და წლების მანძილზე ქოცად  გამოყენებულ ზურაბიშვილს ნაცად გამოაცხადებს და ყველა ნეგატივს, რაც კი რამ უკავშირდება ზურაბიშვილს, ნაცებსვე შესტენის კოხტად და ლაზათიანად.  ივანიშვილი ზუსტად ისე იქცევა გაიძვერა, ატეხილი ბებერი კაცები თავის საყვარლებს ცოლად რომ შეასაღებენ ხოლმე ბოთე ბიჭებს და ამ უკანასკნელთ რომ ჰგონიათ რომ იმარჯვეს.

კურდღელი № 5

დასაჯოს ზურაბიშვილი. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ზურაბიშვილი ივანიშვილის კანდიდატი არ იყო, იგი ბევრად იოლად გააპრეზიდენტებდა ვინმე მორჩილ და დრეკად ქოცს, მაგრამ ასეთი დავალება მიიღო კრემილდან და სხვა რა გზა ჰქონდა. ცნობილია ისიც, თუ როგორ გამოკრა ჯანრის ცოლმა ხელი „შაჰის ცოლობას“ – მისი უახლოესი ნათესავის, ელენე ზურაბიშვილის – იგივე ელენ კარერ დ’ანკოსის წყალობით, რომელიც პუტინთან დაახლოებული პირი იყო.

ზურაბიშვილი, მიუხედავად იმისა რომ წლების მანძილზე მისი ინტერესების გამტარი იყო, არასოდეს არ ყოფილა მისი ტიკინა მარიონეტი. ორივე თანაბრად იმართებიან ერთი და იგივე ცენტრიდან. მათ შორის რეალურად მუდამ პაექრობა და ურთიერთხასიათის ჩვენება იყო. ახლა კი, მას მერე რაც ელენ კარერ დ’ანკოსი გარდაიცვალა და სალომე ზურაბიშვილი უპატრონოდ დარჩა პუტინის კარზე, ივანიჩვილი ვითომ რატომ არ იძიებს შურს კაპას პრეზიდენტზე?

ვიმეორებ, მისი იმპიჩმენტის ბედი მაინცდამაინც არ აღელვებს არც ივანბიშვილს, არც მის ლუბიანკელ ინტსრუქტორებს, რომლებიც დაინტერტესებულნი არიან რომ ამ ეტაპზე ივანიშვილმა ძალაუფლება შეინარჩუნოს.

მოკლედ, ან ბოლო მეხუთე კურდღელს თუ არა, იმ პირველ ოთხს ნამდვილად დაიჭერს ამ ერთი იმპიჩმენტის პროცედურით. ისე, თუ ეშხში შევიდა, იმ ას ხმასაც უპრობლემოდ მოაგვარებს და დამატებით გვაჩვენებს ზუსტად იმდენი ადამიანის მორალურად დაცემისა და ხრწნის ქეისს, რამდენი ხმაც აკლდებათ იმპიჩმენტზე.

 ისე, მე თუ მკითხავთ, ზურაბიშვილი იმსახურებს ამ იმპიჩემენტს. იმიტომ კი არა, რომ მან დაარღვია ან არ დაარღვია კონსტიტუცია, არამედ იმიტომ რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გამოსცადოს და იწვნიოს დიქტატურის გემო. ნამდვილი დიქტატურის გემოპ, თორემ მას რაც დიქტატურა ეგონა, ის უმრავლესობის მიერ არჩეული და არა მასსავით მუთაქსავით დადებული პრეზიდენტის მმართველობა იყო.

შეგახსენებთ, დღეს სწორედ იმ პრეზიდენტ ზურაბიშვილს უწყობენ იმიჩმენტს, რომელი ზურაბიშვილიც გულმხურვალედ და ხბოს აღტაცებით მიესალმებოდა ზვიად გამსახურდიას დამხობას და ემადლიერებოდა ჯაბას, სიგუას, კიტოვანსა და მთელ ოპოზიციას დიქტატორი გამსახურდიას დამხობის გამო.

მადლობა ბრძანოს, რომ მას იმპიჩმენტს უწყობენ და პუტჩს. 

 

 

 

ჩინეთი – საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი – რისკები და საფრთხეები

ივლისის მიწურულს, პრემიერი ღარიბაშვილი ჩინეთში იმყოფებოდა ერთკვირიანი ვიზიტით. 29 ივლისს შეხვდა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძიპინს და მასთან ერთად, სრულიად მოულოდნელად გამოაცხდა რომ საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები ხდებიან.

ხელისუფლების ამ სარისკო ნაბიჯს, იმ პირველ დღეებში ასე თუ ისე მოჰყვა კრიტიკული გამოხმაურება, მაგრამ მალავე ქვეყანას თავს შემზარავი ტრაგედია დაატყდა და თავს დამტყდარმა უბედურებამ ბუნებრივად გადაფარა ხელისუფლების სამომავლოდ საფრთხის შემცველი  ეს ნაბიჯი.

რას ნიშნავს გახდე იმ ავტორიტარული ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც გვევლინება ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის მოკავშირედ და მთავარი სტრატეგიული პარტნიორის – აშშ-ს იმ კონკურენტად, რომელიც ზესახელმწიფოდ ქცევისკენ ისწრაფვის და ერთ-ერთ აქტორად გვევლინება  ამ ასპარეზზე? რა ხდება, რა გეოპოლიტიკურ პროსტიტიტიციასთან გვაქვს საქმე და საქართველოსთვის რა საფრთხეებს შეიცავს ჩინეთთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობა?

ამ საკითხებზე ვესაუბრე ესპერტს უსაფრთხოების საკითხებში – ხათუნა ლაგაზიძეს.

 ქალბატონო ხათუნა, რას ნიშნავს, როცა ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია აშშ, ევროკავშირი და ხელისუფლება მოულოდნელად სტრაეტეგიულ პარტნიორად აცხადებს ჩინეთს. რა საფრთხეებსა და რისკებს შეიცავს ეს პარტნიორობა?

– მრავალმხრივი საკითხია. ცალსახა და იდიოლოგიზირებულ პასუხს რომ თავი ავარიდოთ, საკმაოდ ვრცელი მსჯელობა მოგვიწევს. ზოგადადაც და მითუმეტეს დღეს, როდესაც  ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების პროცესში ვართ, ზუსტად ის სიტუაციაა, როცა კონტექსტისა  და დროის, პერსპექტივის გათვალისწინებით უნდა გაანალიზო ნებისმიერი ტიპის ურთიერთობა ნებისმიერ ქვეყანასთან. იმ თვალსაზრისით, თუ რა იქნება ხვალ და უახლოეს მომავალში. ყველაფერი უნდა გაანალიზდეს იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც დღეს ხდება უკრაინაში, ნატოს საზღვრებთან და ნატოს საჰაერო სივრცეში,

თავდაცვითი ზღუდეების ასაგებად მიცემულმა დრომ, რუსეთს სამწუხაროდ  მანიპულირების მეტი სივრცე გაუხსნა, როგორც დასავლეთთან და უკრაინასთან მიმართებაში, ისე აღმოსავლეთში – აფრიკასა თუ აზიაში, იგივე ჩინეთთან ურთიერთობაში, ვიდრე, ეს იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს არ ექნებოდა ამოსუნთქვის დრო. ერთი შეხედვით რა შუაშია რუსეთი, ჩვენსა და ჩინეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან? სწორედაც შუაშია, რადგან ეს ყველაფერი ზემოქმედებს იმ სივრცეზე, დროზე, რომელშიც საქართველო ოპერირებს, ზემოქმედებს იმ პერსპექტივაზე, რისკებსა და შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოს უდგას და ჩინეთთან ამ ტიპის ურთიერთობა სწორედ  ამ ყველაფრის გათვალისწინებით უნდა გავაანალიზოთ. გარდა ამისა, ერთმნიშვნელოვნად გასათვალისწინებელია რა  ურთიერთობა აქვთ ჩინეთთან ჩვენს სტრატერგიულ პარტნიორებს, ერთის მხრივ აშშ-ს და მეორესმხრივ ევროკავშირს.

დასავლეთი –

საინფორმაციო ომები და ჩინეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირების სტრატეგია

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დასავლეთი იძულებული გახდა რუსეთთან გაეწყვიტა ეკონომიკური კავშირების უმეტესი ნაწილი. ტაივანის საკითხის გააქტიურების პარალელურად კი სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგა – ჩინეთის დასანქცირება და მასთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტა რომ საჭირო გახდეს, რა დღეში აღმოჩნდება თავად აშშ და ევროკავშირი? ჩინეთთან დასავლეთის ეკონომიკური კავშირები, გაცილებით უფრო მჭიდროა და შესაბამისად, გაცილებით  უფრო მტკივნეული იქნება მისი გაწყვეტა,  ვიდრე ეს იყო რუსეთის შემთხვევაში, რადგან ბევრად მეტი, მათ შორის მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროდუქციით არის დაკავშირებული დასავლეთი ჩინეთთან. კოვიდის დროს დაიწყო ჩინეთის, როგორც რეალური საფთხის შეფასება. პირველ რიგში ეს ეხებოდა საინფორმაციო სივრცეს, რადგან  სწორედ მაშინ მოხდა ერთგვარი საინფორმაციო ტრიუმვირატის ფორმირება – ჩინეთის, ირანისა და რუსეთის სახით, რომლებსაც ჰქონდათ ერთიანი დღის წესრიგი, რომლის ამოცანა იყო დასავლეთის  ქვეყნების მოსახლოებისთვის ეჩვენებინათ რამდენად უსუსურია დემოკრატიები და მათი სახელმწიფოების მეთაურები  კოვიდთან ბრძოლისას, მაშინ როდესაც  ჩინეთი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ამავე ბრძოლაში. სწორედ ამ საინფორმაციო ომმა უბიძგა ევროკავშირისა და ნატოს სტრატკომებს, მხოლოდ რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ კი არა, ჩინეთის მიერ მართულ საინფორმაციო ომზეც დაეწყოთ ფიქრი. ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ და ამერიკამ და ევროკავშირმა აირჩიეს ერთის მხრივ, მსგავსი და მეორეს მხრივ განსხვავებული სტრატეგიები ჩინეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულების  შესამცირებლად.

აშშ-მ აირჩია ურთიერთობების მინიმიზაცია, რომ ამერიკის ეკონომიკა გახდეს თვითკმარი და რაც შეიძლება ნაკლებად იყოს დამოკიდებული ჩინეთზე. ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირების თუ შეწყვეტის ეს სტრატეგია ეკონომიკის ფაქტობრივად ყველა სფეროს ეხება. აშშ-სგან განსხვავებით ევროკავშირმა არ აირჩია ასეთი მკვეთრი გზა და მათი პოლიტიკა ჩინეთთან მიმართებაში რისკების შემცირებაზეა ორიენტირებული. ანუ, ევროკავშირი ინარჩუნებს ურთიერთობის მაღალ ხარისხს ეკონომიკის რიგ სფეროებში, მაგრამ იგივე საინფორმაციო ტექნოლოგიებში, განსაკუთრებით როცა საქმე ეხება 5G ტექნოლოგიას, მონაცემთა ბაზებს და ა.შ მათი პოლიტიკა მდგომარეობს იმაში, რომ მკვეთრად  უნდა გაემიჯნონ ჩინეთს. ჩვენ ჩინეთს სტრატეგიული პარტნიორად ვაცხადებთ სწორედ აი, ამ ფონზე, როდესაც ჩვენი ერთი სტრატეგიული პარტნიორი საერთოდ მთავარ მოწინააღდეგედ მიიჩნევს მას და აღებული აქვს გეზი სრულ დივერსიფიკაციაზე, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს ჩინეთის ეკონომიკზე დამოკიდებულება და მეორე სტრატეგიულ პარტნიორს, რომლის კანდიდატის სტატუსის მიღებაც გვსურს, გეზი აქვს აღებული რისკების გამორიცხვასა და ჩინეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულების შემცირებისკენ.

5G – ციფრული ტექნოლოგიები –

აშშ-სა და ჩინეთის დაპირისპირების მთავარი პოლიგონი

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ  აშშ დიდ ყურადღებას ამახვილებს ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე, უკვე რამდენიმე წელია რაც დაიწყეს შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება. რომლის თანხმადაც უახლოესი ათწლეულების განმავლობაში, მსოფლიოს ქვეყნების დაბლოკება ინტერესების მიხედვით, მოხდება სწორედ ამ 5G სისტემების შესაბამისად. მხოლოდ ამერიკა და ჩინეთი აწარმოებს  ამ სისტემებს და ავრცელებს მსოფლიოში. აშშ-მ საჭიროდ მიიჩნია, რომ მისი ინტერესების სფეროში მყოფი ქვეყნებისთვის  არათუ შეეთავაზებინა, არამედ მოეთხოვა ესარგებლათ ამერიკული 5G-ით.არადა, ჩინეთმა მოასწრო ამ სერვისის შეთავაზება მთელი რიგი ქვეყნებისთვის და ეს საკითხი სერიოზულად იხილებოდა იგივე ბრიტანეთში, კანადაში, გერმანიაში და ა.შ. რომ არა ომი უკრაინაში, მსოფლიოს მომავალი გადანაწილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრი სწორედ ეს 5G იქნებოდა, ანუ ვის საინფორმაციო  ველში მოხვდებოდი, ვის ექნებოდა შენს მონაცემთა ბაზაზე კონტროლი. ჩვენ ვცხოვრობთ ციფრულ ეპოქაში, ყველაფრის გაციფრულება ხდება და მალე ვერც ადამიანი და მით უფრო სახელმწიფო, არსებობას ვერ შესძლებს მისი ციფრული მდგენელის გარეშე, ამდენად, მართვის ბერკეტი აღარ იქნება აღარც გაზი, აღარც ნავთობი, იქნება სწორედ ეს – თუ ვის ხელში იქნება მონაცემთა ბაზები შენზე, როგორც პიროვნებაზე და როგორც სახელმწიფოზე. სწორედ ამიტომ აშშ, მის ინტერესთა სფეროში მყოფ ქვეყნებს სთხოვდა ესარგებლათ ამერიკული 5G-ით. ამ ინტერესთა სფეროში  მოხვდა საქართველოც და 2021 წელს გაფორმდა მემორანდუმი, რომლითაც საქართველომ აიღო ვალდებულება ჩინური სისტემები და ტექნოლოგიები (ჰუავეი) ჩაენაცვლებინა ამერიკულით. ჩინეთთან ახლა გაფორმებულ ხელშეკრულებაში კი პირდაპირ წერია ციფრული ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობაც. 

 – გამოდის რომ დღევანდელი ხელისუფლება აშშ-სთან გაფორმებული  მემორანდუმის გვერდის ავლას აპირებს.

–  დიახ, ძალიან მნიშვნერლოვანია ეს პუნქტი. პირდაპირ წერია დოკუმენტში: „მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას ხელი შეუწყონ ორმხრივ ინვესტიციებსა და ვაჭრობას. მხარეები მოახდენენ თანამშრომლობის სტიმულირებას ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, შუა დერეფნის განვითარებისა და გაძლიერების,  ციფრული ტექნოლოგიების, წარმოების, სარკინიგზო ქსელების განახლებისა და განვითარების, სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის, წყლის რესურსების, გარემოს დაცვის, გაუდაბნოებასთან ბრძოლის, წყლის დემინერალიზაციის, სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების, დასავლეთის სამომხმარებლო ბაზრების მიმართულებით ჩინური პროდუქციის შეუფერხებელი ექსპორტისთვის საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გამოყენების, ტექნოლოგიური მიღწევებისა და ნოუ-ჰაუს გაზიარების, საკადრო რესურსების გადამზადების მიზნით“.

კატეგორიულად ვერ განვაცხადებთ რომ აქ ნახსენები ციფრულ ტექნოლოგიების სფეროში თანაშრომლობის სტიმულირება ეწინააღდეგება თუ არა აშშ-სთან გაფორმებულ მემორანდუმს, მაგრამ მინიმუმ კითხვები უნდა დავსვათ და ამ კითხვებზე პასუხი, მხოლოდ ჩვენ კი არა, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს – აშშ-საც სჭირდება, სულ მცირე არსებული მემორანდუმის გადახედვას ხომ არ ითვალისწინებს ჩინეთთან გაფორმებული ეს შეთანხმება?

ამას გარდა, ჩინეთში უკვე არსებობს სოციალური ქულების სისტემა, ერთგვარი სადამსჯელო სისტემა ხელისუფლებისთვის არასასურველი ხედვებისა და კომენტარებისთვის. კერძოდ, თუ ვთქვათ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნებ ხელისუფლებისთვის არასურველ პოსტს ან კომენტარს, შენ გაკლდება სოციალური ქულები და თუ ამგვარი საჯარიმო სანქციები დაგიგროვდება, შენ შეგეზღუდება რიგი უფლებები, ვეღარ შეიყვან შვილს იმ სკოლაში, სადაც გინდა, გარკვეული დროით შეგეზღუდება წვდომა შენს საბანკო ანგარიშზე და ა.შ. ეს ყველაფერი ისევ და ისევ ციფრული მონაცემთა ბაზების საფუძველზე ხდება. ადამიანის კონტროლის დღემდე არნახულ მექანიზმს იმუშავებს ჩინეთი, მაშინ როდესაც იგივე დასავლეთი, ამ საფრთხეების გასანეიტრალებლად მაქსიმალურად ცდილობს ამ ყველაფრის მოქცევას შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციის ჩარჩოებში. საფრთხე მართლაც რეალურია – ეს ყველაფერი შესაძლოა გახდეს ადამიანების დამონების არნახული საშუალება.  ბრიტანეთის  პარლამენტი, ამერიკის კონგრესი სერიოზულად მუშაობს ამ საფრთხეების  განეიტრალების საკანონმდებლო ჩარჩოზე და შეზღუდვებზე, რომ არ მოხდეს მონაცემთა ბაზების უკონტროლო გამოყენება ძალაუფლების მქონე ინსიტუტების მიერ. ჩინეთი კი, პირიქით პირდაპირ იყენებს მას ადამიანის სრული კონტროლისთვის.

და ეს ტექნოლოგიური თანამშრომლობა სწორედ მაგ ჩინური „გამოცდილების“ გაზიარებას ხომ არ ნიშნავს? რომ საქართველოშიც იყოს შემოღებული ეგ სისტემა, მოსახლოებაზე ზემოქმედებისთვის?

– თუ ჩვენ უკრაინის ომის დამთავრების შემდეგ ვერ აღმოვჩნდით ევროპის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის ქოლგის ქვეშ და აღმოვჩნდოთ ავტორიტარული სახელმწიფოების სარტყელში, მაშინ არაფერი გამორიცხული არ არის და არაფრისგან დაზღვეული არა ვართ, მაგრამ დღეს ამაზე საუბარი ძალიან ნაადრევია.

ძალიან ხშირად  რაც ძალიან შორი და შორეული გვგონია, ძალიან მალე დგება ხოლმე. მით უფრო ასეთი ნეგატიური მოცემულობები. მით უფრო ამ ხელისუფლების პირობებში.

– ამ ხელისუფლების კეთილგონიერების იმედზე ნამდვილად არ ვარ, უბრალოდ, აშშ-მ იმხელა ძალისხმევა გასწია იმაზე, რომ პარტნიორ ქვეყნებს უარი ეთქვათ უკვე ჩადებულ ინვესტიციებზე და ჩინურიდან ამერიკულ სისტემებზე გადასულიყვნენ, რომ არა მგონია ეს ყველაფერი ასე ყურსმიღმა გაატაროს. ეს ალბათ გახდება  ერთ-ერთი მთავარი თემა და საკითხი ამერიკის ყურადღების, თუკი მას რეალურად  ინტერესი აქვს შერჩენილი საქართველოს მიმართ.

 როდესაც ქვეყანას ჰყავს სტრატეგიული პარტნიორი და ეს არის აშშ, რა აუცილებლობას წარმოადგენს  მიანიჭო სტრატეგიული პარტნიორის სტატუსი სხვა სახელმწიფოს, მით უმეტეს სტრატეგიული პარტნიორის კონკურენტ სახეოლმწიფოს? ეს რა გეოპოლიტიკურ პოლიგამიასთან გვაქვს საქმე?

 – მთავარი პრობლემა ამ სტრატეგიულ პარტნიორობაში კი არა, ჩვენს ხელისუფლებაშია. რისკი ნაკლები იქნებოდა, ჩვენ რომ ვიცოდეთ რომ ჩვენი ხელისუფლება სახელმწიფოებრივად აზროვნებს და ამ ყველაფერს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს. პრობლემა ისაა რომ ჩვენი ხელისუფლება სახელმწიფოებრივად, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე კი არ აზროვნებს, არამედ ფიქრობს და გარიგებებს დებს საკუთარი ფინანსური ინტერესებითა და კეთილდღეობის კრიტერიუმებით. პრობლემა ესაა, თორემ მე ამ ურთიერთობებს არ ვუყურებ ცალსახად ნეგატიურად. მაგრამ ისევ და ისევ ვიმეორებ, ყველა პუნქტი უნდა იყოს დეტალურად გაანალიზებული, ყველა რისკი და სარგებელი დეტალურად გათვლილი და  ზედაპირზე ამოწეული. პრობლემა არ იქნებოდა, ჩვენ რომ სტრატეგიულად მოაზროვნე, სახელმწიფო ინტერესზე ორიენტირებული ხელისუფლება გვყავდეს, რომელიც რისკებს და სარგებელს სწორად დათვლიდა. მაგრამ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში…

ნორმალური ხელისუფლება არც დაამყარებდა სტრატეგიულ პარტნიორობას იმ სახელმწიფოსთან, რომელთანაც მის მთავარ სტრატეგიულ პარტიორს მინიმუმამდე დაჰყავს ურთიერთობა, ევროკავშირი კი ამ ურთიერთობის რისკების შემცირებაზეა ორიენტირებული. აი, ამ ფონზე, რა აუცილებლობას წარმოადგენდა ამდენად სარისკო ურთიერთობაში შესვლა? ხომ არ არის აქ სწორედ რუსული კვალი, ანუ პუტინის უშუალო დავალება ამ ხელისუფლების მიმართ?

– მეეჭვება, რადგან თუ ვინმეს აშინებს ჩინეთის გაძლიერება, ეს პირველ რიგში სწორედ პუტინია. როგორც საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებობის პირობა იყო აშშ-ს და ნატოს მხარდაჭერა, სწორედ ასევეა დღეს ჩინეთის მხარდაჭერა რუსეთის, პუტინის ხელისუფლების შენარჩუნების პირობა. განსხვავება ისაა, რომ დასავლეთი ვასალად არ განგიხილავს და სწორედ ამიტომ ცდილობს აქ დემოკრატიის განვითარებას, რომ აქ დემოკრატიული, თავისუფალი და პროგრესზე ორიენტირებული საზოგადოება იყოს. დასავლეთს ასეთი პარტნიორი სჭირდება, მაშინ როცა ავტორიტარულ სახელმწიფოთა შორის ამგვარი, პარტნიორული, თანაბარ რეგისტრში ურთიერთობა გამორიცხულია, ამის ნათელი მაგალითია სწორედ ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობა.

რუსეთი – ჩინეთის ვასალი

რუსეთი დღეს ფაქტობრივად ჩინეთის ვასალია და მასზე მხოლოდ ეკონომიკურად კი არ არის მიბმული, პოლიტიკურადაც – იგივე გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის ინტერესების დაცვა და ა.შ. თუ ვინმეს აწყობს და თუ ვინმეს ინტერესებშია უკრაინაში ომის გახანგრძლივება, თუ ვინმე იგებს ამით, ერთ-ერთი უპირველესად ჩინეთია, იმიტომ რომ სუსტდება როგორც რუსეთი, ასევე დიდი ხნით ევროპის, დასავლეთის და ნატოს ეკონომიკა გადართულია დიდწილად უკრაინის დახმარებაზე და შესაბამისად, ჩინეთთან კონკურენციისთვის ვერ იცლის.

ჩინეთი კავკასიაში

– საჩუქარი თუ კომბალი რუსეთისთვის?!

ცხადია, რუსეთი ძალიან კარგად ხვდება თავის სავალალო მდგომარეობას, მას არანაირად არ აწყობს ჩინეთის შემოსვლა კავკასიაში, მაგრამ იძულებული იქნება შეეგუოს ჩინეთის ყოფნას აქ, ისევე როგორც ეგუება ჩინეთის მზარდ ამბიციებს ცენტრალურ აზიაში. მეტიც, იძულებულია და უწევს კიდეც ჩინეთს ანგარიშს. გინახავთ, რუსის ჯარი სადმე შესულიყოს და უკან თავისი ნებით გამოსულიყოს? ყახაზეთში სწორედ ასე მოხდა. გადატრიალების მცდელობისას, ყაზახეთის პრეზიდენტმა თოყაევმა რუსის ჯარი მიიწვია, რომელიც შევიდა კიდეც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ეგიდით, მაგრამ ორ კვირაში კუდამოძუებული გამოვარდა, სწორედ ჩინეთის წყალობით. ისე, რუსი იქიდან გამომსვლელი იყო? მაგრამ ჩინეთმა გამოაბუნძულა. ანუ რეალურად რუსეთი იძულებულია ჩინეთის ინტერესებს გაუწიოს ანგარიში, თუმცა მეორე მხრივ შუა აზიის სახელმწიფოებს ძალიან ეშინიათ რეგიონში ჩინური გავლენის ზრდის. ამიტომაც, ბოლომდე რუსეთის ფეხის ამოკვეთასაც არ ცდილობენ. ერთ-ერთი ყაზახი დიპლომატი მეუბნებოდა, ორ აქლემს შორის გაჭყლეტილი კოზაკი ვართ და თან იმ სიტუაციაში ვართ, როცა რეგიონიდან არც ერთის გასვლა არ გვაწყობს, რადგან ერთიც და მეორეც, უბრალოდ გადაგვყლაპავს, თუ დამბალანსებელი არ ეყოლებათო.

დავუბრუნდეთ ჩვენი საუბრის თემას. გონიერი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლება ამ შესაძლებლობას ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოიყენებდა. ერთდროულად ორ საჭადრაკო პარტიას ითამაშებდა, როგორც დასავლეთთან, ისე ჩინეთთან. რატომაც არ უნდა ითამაშო რამდენიმე დაფაზე თუ შენ ეს, როგორც სახელმწიფოს მომგებიან სიტუაციაში გაყენებს?

რას გულისხმობთ, ორმაგი თამაში რანაირად ჩაგვაყენებდა მომგებიან სიტუაციაში?

– შევეცდები ავხსნა.

ამერიკის ახალი ელჩი და „შუა დერეფანი“

ამერიკის ახალმა ელჩმა, რობინ დანიგენმა კონგრესში მოსმენისას განაცხდა რომ ელჩად დანიშვნის შემთხვევაში  განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობდა შუა დერეფნის განვითარების საკითხს. მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს, ეს შუა დერეფანი წარმოადგენს ჩრდილო დერეფნის ალტერნატივას. ესაა გზა, რომლითაც შუა აზიის, აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ჩინური პროდუქცია გავა ევროპაში და პირიქით. აქამდე ამ პროდუქციის  უდიდესი ნაწილის გადაზიდვა ხდებოდა რუსეთზე გამავალი ე.წ. ჩრდილო დერეფნით. უკრაინის ომამდე შუა დერეფანი დიდად არც იყო აქტუალური, რადგან ითვალისწინებს სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტების ცვლას, შეთანხმებული არ იყო ერთიანი სატარიფო პოლიტიკა, ამდენად ძვირი იყო, დროშიც იწელებოდა და ა.შ. მაგრამ ახლა, როდესაც რუსეთი სანქცირებულია და ეს სანქციები კარგა ხანს გასტანს, შუა დერეფანმა აქტუალობა შეიძინა. მის განვითარებაზე საუბრობს როგორც აშშ-ს ახალი ელჩი, ისე საუბარია ჩინეთთან გაფორმებულ ამ ხელშეკრულებაშიც, რომ მხარეები მოახდენენ თანამშრომლობის სტიმულირებას შუა დერეფნის განვითარებისა და გაძლიერებისთვის.  წელს, შუა დერეფნით, საქართველოს გავლით ტვირთბრუნვა გასულ წელთან შედარებით 6-ჯერ და 2020-თან შედარებით 10-ჯერ არის გაზრდილი. გასაგებია რომ იქ მილიარდობით ტონაზეა საუბარი, ჩვენ შემთხვევაში კი სულ 3 მილიონ 600 ტონა გადაიზიდა წელს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პერსპექტივა დიდია. ცალკე თემაა, ანაკლიის პორტი რომ გაკეთებულიყო, ჩვენი რკინიგზა რომქცეულიყო ჩქაროსნულ რკინიგზად, როგორც იყო ჩაფიქრებული, ცხადია  საქართველოს გამტარუნარიანობა იქნებოდა შეუდარებლად მაღალი.  მაგრამ მოდი დღევანდელ მოცემულობას დავუბრუნდეთ, როცა ამერიკის ახალი  ელჩი ერთ-ერთ პრიორიტეტად სახავს შუა დერეფნის პერსპექტივის განვითარებას და ამავდროულად ამ შუა დერეფნის კონტროლი არის ჩინეთის ერთ-ერთი ინტერესი საქართველოში. ამას გარდა, ეს ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს თანამშრომლობას ყველა სახის  ტრანსპორტის, კომუნიკაციების სფეროში.

ჩინეთი – ახალი გლობალური მოთამაშე შავ ზღვაში

საქართველოს გავლით?!

ჩინეთს იმთავითვე ჰქონდა და ახლაც ექნება ინტერესი ანაკლიის პორტის მიმართ, იმიტომ რომ ამ პორტის მეშვეობით ჩინეთი შედის შავ ზღვაში. როდესაც პუტინმა 2007 წლის მიუნხენის კონფერენციაზე განაცხადა, რომ აღარ დაუშვებდა შავ ზღვაში ნატოს გავლენის გაფართოებას, ნატომ ეს მუქარა ყურს მიღმა გაატარა. მაშინდელი ამ შეცდომის შედეგს იმკის არა მხოლოდ საქართველო და უკრაინა, არამედ მთელი ნატო,  რომლის მთელი ძალისხმევა მიმართულია იმაზე რომ მის საზღვრებთან არ მიაღწიოს ომმა და რეალურად, ნატოს ეკონომიკები და შეიარაღება უკრაინაში იბრძვის ნატოს საზღვრების დასაცავად. გარდა ამისა, იმის გამო რომ დასავლეთღმა ყური არ ათხოვა პუტინის მაშინდელ მუქარას, დღეს ევროპის, აზიის, აფრიკის რიგი ქვეყნები ლამის შიმშილის ზღვარზეა, იმიტომ რომ  რუსი თავს უფლებას აძლევს, შავ ზღვაში, თავისუფალი  მიმოსვლა შეზღუდოს და უკრაინული მარცვლეულის გატარებას დაემუქროს. აი, სადამდე მივიდა მაშინდელი დაუდევრობა. აშშ-ში უკვე მეორე წელია  სერიოზულად  მუშაობენ შავი ზღვის სტრატეგიაზე, როგორ შეამცირონ, როგორ დაიყვანონ მინიმუმადე რუსეთის გავლენა შავ ზღვაზე. და ახლა რა ხდება? შავ ზღვაზე შემოდის ახალი მოთამაშე – ჩინეთის სახით. აბა,  საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა სხვა რას ნიშნავს? თუ ამერიკელებმა ესეც ყურს იქით გაატარეს და გულგრილად მოეკიდნენ, ეს მარტო საქართველოს პრობლემა აღარ იქნება, შავი ზღვა აღარ იქნება მხოლოდ ნატოსა და რუსეთს შორის საჯილდაო, ჩინეთი შემოვა შავ ზღვაში. ამიტომაც ვამბობ მე,  ეს ხელშეკრულება ბევრი დადებითი იმპულსის მომტანი შეიძლება გახდეს დასავლეთის გამოსაფხიზლებლად. ჩვენ რომ გონიერი ხელისუფლება გვყავდეს, როგორიც დღეს არ გვყავს,  ხომ წარმოგიდგენია, ამ მოცემულობას როგორ კოზირად გამოიყენებდა დასავლეთთან ურთიერთობაში, როგორ დაასაბუთებდა საკუთარ განუმეორებლობას და როგორ აიწეოდა ამ შემთხვევაში საქართველოს ფასი. ახლა კი სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას არა მარტო საქართველო, არამედ, როგორც უკვე ვთქვით დასავლეთიც.

საზღვაო სავაჭრო გზები –

მომავალი მსოფლიო გეოპოლიტიკის კონტურები

საიდან შემოუარა ჩინეთმა შავ ზღვას?!ჩინეთის მიერ ინვესტიციების ჩადების გეოგრაფიას რომ მივადევნოთ თვალი, ეგრევე, ყოველგვარი განსაკუთრებული  ცოდნის გარეშე თვალში გეცემა რომ აქცენტს აკეთებს სწორედ პორტებზე, რადგან ყოველგვარი გავლენები წყდება ზღვაში, ვინ  გააკონტროლებს საზღვაო და არა მარტო საზღვაო სავაჭრო გზებს. მას უკვე აქვს პორტები საბერძნეთში, იტალიაში, მის ხელშია ირანის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პორტი, ასევე ჩინეთის გავლენის ქვეშ არის შრილანკის პორტი, და ა.შ. მაგრამ განსხვავება ჩვენსა და იგივე იტალია-საბერძნეთს შორის არსებითია. საბერძნეთი და იტალია ნატოს  წევრი სახელმწიფოებია და რისკები,  რომელიც შეიძლება საქართველოში ამოიზარდოს, იქ  იმთავითვე განეიტრალებულია. მე ვფიქრობ, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული ეს ხეშლეკრულება განხილვის საგანი უნდა გახდეს არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ ამერიკაშიც, ნატოშიც. კარგად უნდა დააკვირდნენ შავ ზღვაზე ჩინეთის შემოსვლის ამ მცდელობას. ასევე იმას, თუ რას ნიშნავს ციფრულ ტექნოლოგიებში თანამშრომლობის სტიმულირება, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-სთვის 5G-ისსაკითხი. წინააღმდეგშემთხვევაში, ჩვენვეწერებითავტორიტარულისახელმწფოების კლუბში, ძნელი სათქმელია რამდენი წლით თუ ათწლეულებით.

საქართველო ავტორიტარული სახელმწიფოების სარტყელში?!

კიდევ ვიმეორებ, ამ ხელშეკრულებამ შესაძლოა დადებითი როლიც ითამაშოს და გახდეს დასავლეთის უფრო აქტიური პოზიციის მაპროვოცირებელი საქართველოს და შავი ზღვის მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო შეიძლება დიდი ხნით ჩარჩეს ავტორიტარული სახელმწიფოების სარტყელში.

ამ თემასთან უშუალო კავშირშია ის ნოსტალგიური პასაჟებიც, რაც ამ ხელშეკრულებაში ვნახე – პარტიებს შორის თანამშრომლობის წახალისება. კი,  „ოცნებას“ რეალურად ბევრიც არაფერი უკლია  კომუნისტურ პარტიამდე, მაგრამ ამგვარ ფორმულირებას მაინც  აშკარად კომუნისტური პარტიის  ნოსტალგიის მძაღე სუნი აქვს. 

კიდევ ერთი დამაფიქრებელიდეტალი. ცოტა ხნის წინ ამერიკაშას სტუმრობდა იტალიის პრემიერი, ჯორჯა მელონი, რომელმაც ბაიდენთან  შეხვედრის შემდეგ უარი თქვა „ერთისარტყელი, ერთიგზის“ (BRI) ხელშეკრულების განახლებაზე. მიზეზად დასახელდა, რომ აშშ-ში განიხილეს სხვა ალტერნატივები. როგორც ჩანს, აშშ-ს ინტერესშია ალტერნატიული საკომუნიკაციო დერეფნებით დაქსელოს ევროპა, აღარაფერს ვამბობ სამხრეთ ჩინეთის ზღვის, წყნარი და ინდოეთის ოკეანის რეგიონებზე. ეს ინტერესი არის ძალიან მაღალი, ამ ტიპის კონკურენცია  კი იმ შემთხვევაშია კარგი ჩვენი ტიპის ქვეყნებისთვის, თუ ქვეყანას სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლება მართავს. ჩვენ რომ ამ რისკების და შანსების გამააზრებელი ხელისუფლება გვყავდეს, ეს არის ასწლეულების შანსი ქვეყნისთვის.

შუა დერეფნის თემას რომ დავუბრუნდეთ, ამ დერეფნის მიმართ ინტერესს არ მალავს არც აშშ, არც ჩინეთი, როგორ წარიმართება პროცესები?

– შუა დერეფნის მიმართ ჩინეთის  ინტერესი და მონაწილეობა რომ იქნება, ეს უკვეცალსახაა და ამას არაფერი შეცვლის, მაგრამ გასააზრებელია, როგორც აღვნიშნეთ რისკებიც და შესაძლებლობებიც.

საქართველო: ჩინეთისა და დასავლეთის

დაპირისპირების თუ თანამშრომლობის პოლიგონი

არ ვამბობ რომ ჩინეთთან ურთიერთობაზე უარი უნდა ვთქვათ, პირიქით ბევრი სასიკეთო რამ შეგვიძლია მივიღოთ ამ ურთიერთობიდან, მაგრამ ბალანსისა და უსაფრთხოებისთვის ისევ და ისევ ევროპული და ამერიკული ინტერესებიც ჩავაფინოთ. იგივე, როდესაც საქმე ეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, გზებს, „შუა დერეფნის“ ორივე ბოლო ჩინეთში ხომ არაა? ეს გზა ხომ ევროპისკენ მიდის? და თუ ამ გზაში ჩინური ფული ჩაიდება, იქ ევროპული ფულიც  უნდა ჩაიდოს იმდენი, რომ მონოპოლია არ ჰქონდეს ჩინურ კაპიტალს. ეს არის ყველანაირი რისკებისგან გადაზღვევის გზა.  ეს სტრატეგიული პარტნიორობა იმ ტიპის კონსორციუმების ასაგებად უნდა იყოს გამოყენებული, სადაც ყველა დაინტერესებული მხარე იქნება წარმოდგენილი და  ამ შემთხვევაში ჩვენ ნაკლები რისკით მაქსიმალურ სარგებელს და მოგებას ვნახავთ. ამასთან, არის სფეროები, სადაც ჩინეთის დაშვება, ჩვენი და ჩვენი მთავარი სტარტეგიული პარტნიორის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად შეზღუდული უნდა იყოს.

დასასრულს, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ჩემთვის ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების მთავარი ძარღვი მაინც ის არის, რომ იქნებ გამოფხიზლების ზარის  შემოკვრის ტოლფასი აღმოჩნდეს დასავლეთისთვის და ეს ყველაფერი გახდეს ამერიკის „დიდი გამოღვიძების“  მაპროვოცირებელი, დაჩქარდეს ჩვენი ინტეგრაცია ნატოში. ნატოში ინტეგრაციამდე კი, ისევ და ისევ ნორმალური ხელისუფლება რომ გვყავდეს, ჩინეთს გამოიყენებდა რუსული ექსპანსიის შესაკავებლად, ისევე როგორც ყაზახეთი იყენებს ჩინეთს რუსეთის დასაბალანსებლად.