Tag Archives: გოჩა აბაშიძე

ლეილა აბაშიძის ბედისწერა

გარდასახვას ლამობდა ყველგან, რადგან არ აცლიდნენ ეკრანზე გარდასახვას

ამ დღეებში, 1 აგვისტოს, ლეილა აბაშიძის დაბადების დღე იყო. „ფეისბუკმა“ შემახსენა სქროლვისას, უფრო სწორედ ერთ-ერთი გვერდი თუ საიტი გვახსენებდა საზოგადოებას  დიდი მსახიობის დაბადების დღეს….

არ  ვიცი საიდან დავიწყო, ამ მართლაც განუმეორებელი ქალის გახსენება…

ალბათ უხსოვარ ბავშვობიდან, როცა პირველად ვნახე ფილმები მისი მონაწილეობით. ალბათ „ჭრიჭინა“ ვნახე პირველად, ან უფრო „მაია წყნეთელი“, ან შეიძლება სულაც სხვა… ისტორიული ფილმები მიყვარდა და ალბათ ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას, მაინც „მაია წყნეთელი“ მოახდენდა…

შემდეგ ის ცოცხალ ისტორიაში შემოიჭრა და იმდენად შთამბეჭდავად, რომ დღესაც კი მახსოვს – ზვიად გამსახურდიას მხარდასაჭერად გამოვიდა მიტინგზე, მახსოვს მისი მგზნებარე გამოსვლა, ხსენება მაია წყნეთელის…

არ ვიცი მანამდე თუ შემდეგ, ბებიაჩემისგან გავიგე რომ ლეილა აბაშიძე „ჭრიჭინას“ შემდეგ ამერიკულმა პრესამ გამოაცხადა კინოვარსკვლავად და საბჭოეთის მერი პიკფორდად…

მართლა არ ვიცი, საიდან დავიწყო გახსენება, იქიდან საიდანაც უკვე დავიწყე, თუ გაზეთ „ეკრანს“ რომ მივწერე წერილი, ლეილა აბაშიძესთან დაკავშირებას, კორდინატებს რომ ვთხოვდი. მახსოვს, მომწერა კიდეც ქალბატონმა სალომე ზვიადაძემ ლეილა აბაშიძის კორდინატები. წერილიც მივწერე, ვუქებდი როლებს, კინოში განსახიერებულს და როლს, რომელსაც თამაშობდა ერის ისტორიაში… შემდეგ ინტერვიუსთვის დავურეკე კიდეც, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ. ინტერვიუ გაზეთ „ნერგისთვის“ მინდოდა, სადაც უკვე კაი ხანია ვიბეჭდებოდი… უარი მითხრა… შემედეგ, 1995 წელს, 18 წლისამ, როგორც კი დავიწყე გაზეთ „ფიქრების“ გამოცემა, ვარსკვლავთან რეკვა განვაახლე…

არ მთანხმდებოდა. შემდეგ, უფროსმა კოლეგამ, ერთობ გულისხმიერმა ქალბატონმა, ჟურნალისტმა ლალა გორდაძემ შემომთავაზა დახმარება და სწორედ მისი ძალისხმევით შედგა შეხვედრაც და ინტერვიუც.

მახსოვს, კარი ახალგაზრდულად შემართულმა ლეილა აბაშიძემ გაგვიღო, არადა უკვე 66 წლის იყო… ნამდვილად არ ეტყობოდა ასაკი, ან ესეც მისი ქარიზმა იყო, ასაკს რომ სადღაც ისვრის, ჰორიზონტს მიღმა…

ამ გადასახედიდან ვფიქრობ რომ ის იყენებდა თავის განუმეორებელ ნიჭს – გარდასახვის, დიახ, იმ დღეს ის გარდაისახა ახალგაზრდა ლეილა აბაშიძედ… განასახიერა ახალგაზრდა ლეილა აბაშიძე, ამას მაფიქრებინებს ის, რომ შემდეგ დღეებშიც, როდესაც ინტერვიუზე ვმუშაობდით, ასაკი უკვე ეტყობოდა…

დიახ, იმ პირველ დღეს, ინტერვიუ არ მოუცია, გაგვიმასპინძლდა, ბევრი ვისაუბრეთ დიქტოფონის გარეშე და ინტერვიუსთვის მომდევნო დღეს დამიბარა. დიქტოფონი არც მერე გაიკარა, ის მიამბობდა და ვიწერდი კალმით… შემდეგ დღეებში  ვაკითხებდი, ვასწორებდით, კვლავ ვამატებდით. იხსენებდა ახალ დეტალებს, ნიუანსებს… ახლა უკვე ქაღალდზე ლამობდა გარდასახვას…

ლამობდა ყველგან, რადგან არ აცლიდნენ ეკრანზე გარდასახვას… მე რომ შევხვდი 1996 წელი იდგა. ზუსტად 10 წელი იყო გასული, რაც ბოლო ფილმი გამოვიდა ეკრანებზე მისი მონაწილეობით – ლანა ღოღობერიძის „ორომტრიალი“, სადაც ის მანანა იაშვილს ასახიერებდა… მანამდეც უკვე იშვიათად იღებდნენ და „ორომტრიალის“ შემდეგაც არ ღირსებია მას ის ორომტრიალი, რასაც კინოს გადაღება ჰქვია…

დიახ, მე რომ შევხვდი, 10 წელზე მეტი ეკრანს არ იყო გაკარებული, და შემდეგაც არავინ გააკარა, არადა იმ ჩვენი ინტერვიუს შემდეგ კიდევ 22 წელი იცოცხლა…

სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე, ანრი ჯოხაძემ სპეციალურად მისთვის დაწერა სცენარი, როლზეც დაითანხმა,  ვიცი, ზუსტად იქ, იმ წამებში იქნებოდა მისი ბედნიერება… მაგრამ ის ფილმი ვერ შედგა, ანრი ჯოხაძემ კლიპში გადაიღო შემდეგ…

განუმეორებელმა არტისტმა, ლეგენდამ  32 წელწადზე მეტი იცოცხლა უეკრანოდ….

ახლა ვაცნობიერებ იმ ტრაგიზმს, რაც სდევდა მის სიტყვებს, რომელიც მე მითხრა და დაჟინებული მოთხოვნით ინტერვიუშიც შემატანინა…

„ვისურვებდი, როცა შენი გაზეთი „ფიქრები“ გამოვა უდიდესი ტირაჟით და ყველაზე მეტი მკითხველი ეყოლება, შენ რედაქტორობასთან ერთად, კინორეჟისორიც ყოფილიყავი და ინტერვიუ კი არა, როლი შემომთავაზო. მე შენში ვხედავ ჭკუას, ნიჭს, ადამიანის სიყვარულს, შებრალების უნარს, მსახიობის შრომის ფასის ცოდნას, მიზანდასახულობას, ემოციურობას, რომელიც ყველა რეჟისორს დაამშვენებს. ეს ჩემგან იყოს წინასწარმეტყველებად და დიდ სურვილად!“

„ფიქრები“ სამწუხაროდ ვერ იქცა ყველაზე დიდ ტირაჟიან გაზეთად, 2 წელიწადში, უსახსრობის გამო იძულებული გავხდი მისი გამოცემა შემეწყვიტა…. სამაგიეროდ, ახდა მისი წინასწარმეტყველება, მე ვიქეცი რეჟისორად… მაგრამ თეატრის რეჟიოსრად და ვერც როლი ვერ შევთავაზე დიდ მსახიობს…

მისგან სახსოვრად დამრჩა დროის მაცნე  – მაჯის საათი, რომელიც ორიოდე წელში დავკარგე მე, მაგრამ არ დაკარგა ხსოვნამ. დრომ ვერ გაახუნა ის საჩუქარი, მასავით განუმეორებელი – ჰოლივოდიდან ჰქონდა ჩამოტანილი, იაპონელების, Casio-ს სპეცსაჩუქარი ჰოლივუდისთვის – მაჯის საათში ჩატვირთული იყო ჰოლივუდის მსახიობების,  პროდიუსერების, რეჟიოსრების საკონტაქტო ინფორმაცია, ტელეფონის ნომრები… ჰქონდა კალენდარი მოკლე ჩანაწერებისთვის, ასევე შეგეძლო დაგემატებინა, შეგენახა კონტაქტები… და ეს მაშინ, 1996 წელს…

ვიხსენებ ახლა და ეს გახსენება მავსებს ნათელი სევდით, თუკი შეიძლება სევდა იყოს ნათელი…

„ახალგარზრდობაში არ ვამჩნევდი, რომ ჩემი შურდათ. მეგონა ყველას უხაროდა ჩემი წარმატება. მაგრამ სამწუხარიდ ასე არ ყოფილა, ბევრმა, ვინც მოკეთე მეგონა, მიმტრო, გზა გადამიღობა… ჩვენი სიცოცხლე ხანმოკლე გასეირნებაა მარადიული ძილის წინ, მე არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც არ აფასებენ სიცოცხლის ყოველ წუთს… მე საკმაოდ მძიმე ცხოვრება გამოვიარე და მუდამ დაუოკებელი სურვილი მქონდა, ბედნიერი ვყოფილიყავი. ეს წყურვილი დღესაც მკლავს…“

– ამას იმ ინტერვიუში მეუბნებოდა, რომლის შემდეგ კიდევ 22 წელი იცოცხლა უეკრანოდ…

ის პრაქტიკულად 40 წლისა ჩამოაშორეს ეკრანს… მანამდეც და მერეც სიცოცხლე მოუწამლეს მტკივნეული პაუზებით. თავს ნუ მოვიტყუებთ იმით, რომ  მაშინ ცოტა ფილმებს იღებდნენ. ცოტას კი არა, სწორედაც რომ ბევრს იღებდნენ, მაგრამ საკითხავია ვის იღებდნენ?

ლეილა აბაშიძემ სულ 22 ფილმში ითამაშა. ამ 22–დან 14 ფილმში მთავარი როლი განასახიერა. „ქაჯანა“ რომ ეკრანებზე გამოვიდა, ის ჯერ 12 წლისაც არ  იყო. „ქაჯანას“ მოჰყვა „ოქროს ბილიკი“, „აკაკის აკვანი“ „ქეთო და კოტე“, „გაზაფხული საკენში“… ნიადაგი შემზადდა ვარსკვლავობისთვის და ის მართლაც ვარსკვლავად იქცა. 1954 წელს ეკრანებზე ორად–ორი ფილმი გამოვიდა და ორივეგან ლეილა აბაშიძე იყო მთავარ როლში – „ჭრიჭინა“, „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“.  

მის ფოტოები ეკრა ყველგან – „ცეკას“ კაბინეტებშიც და „საპოჟნიკებთანაც“. იშვიათად რომ ვინმე ყოფილიყოს ლეილასავით პოპულარული.

1956 წელს ეკრანებზე გამოვიდა „აბეზარა“, „ჩვენი ეზო“.

მომდევნო, 1957–58 წლებში ეკრანზე 9 ფილმი გამოვიდა, ცხრავე მის გარეშე, მაგრამ დანაკლისი მალევე ანაზღაურდა – 1959 წელს ეკრანებზე გამოვიდა „მაია წყნეთელი“, „სად არის შენი ბედნიერება მზია“.

მზიას ბედნიერებისა რა გითხრათ, მაგრამ ამ ფილმის შემდეგ  31 წლის ლეილას ეკრანული ბედნიერებაც დაპაუზდა – 4 წლით. ამ ოთხი წლის მანძილზე 46 ფილმი გამოვიდა! ყველა მის გარეშე! ამ პაუზის დროს ის აზერბაიჯანმა გადაიღო მთავარ როლში და ლეილა აბაშიძემ ბედი თეატრში სცადა. მაგრამ არც აქ დაჰყვა ბედი… რეალურად კი ის გაწირეს…

თეატრში სახელგანთქმულ კინოვარსკვლავს როლი მისცეს წყალწყალა პიესაში, წინასწარ მარცხისთვის განწირულ სპექტაკლში. ქართული თეატრის ისტორიას გაკვრით ახსოვს ეს ცრუ–პათეტიკური სპექტაკლი – „ამირანი“ (დაიდგა 1963 წელს, რუსთაველის თეატრში), ეს ჩავარდნილი სპექტაკლი არც იქნებოდა გამორჩეული სხვა ასეთივე აურაცხელი უღიმღამო, გაფუყული სპექტაკლებისგან, რომ არა ისევ ლეილას ფაქტორი… თეატრში როლის ჩავარდნამ საერთოდ აუცრუა გული თეატრზე ლეილა აბაშიძეს, აგორდა ტალღა რომ კინომსახიობმა თეატრში ვერ ივარგა… არადა, თეატრალურ ინსტიტუტში სწავლისას  ლეილა აბაშიძემ გურამ საღარაძესთან ერთად  წარმატებულად ითამაშა თუმანიშვილის დადგმულ ტურგენევის პიესაში „ერთი თვე სოფლად“. „ ლეილა აბაშიძე შემდეგ არსად მინახავს უფრო ლაღი, ორიგინალური, რაღაც მოუხელთებელი სიწმინდით სავსე…“ – წერს ნოდარ გურაბანიძე…

1964 წელს ლეილა კინოში ბრუნდება ფილმით „ხევისბერი გოჩა“. იმ წელს ეკრანებზე გამოსული 11 ფილმიდან, ის მხოლოდ ამ ერთ ფილმშია. 1965 წელს გამოსულ 14 ფილმიდან არცერთშია. 1966 წელს ეკრანებზე გამოვიდა 10 ფილმი, ლეილა ორ ფილმში იყო, ორივეგან მთავარ როლში – „შეხვედრა მთაში“, „შეხვედრა წარსულთან“.

და კვლავ 2 წლიანი პაუზა, როლის მოლოდინში, იგი თავად წერს სცენარს და თამაშობს მთავარ როლს ფილმში „მოლოდინი“ (1969წ.). 1970 წელს მხოლოდ ვარდისახარს ასახიერებს „დიდოსტატის მარჯვენაში“. იწყება კვლავ ხანგრძლივი პაუზა – ამჯერად 5 წლიანი… ლეილა მხოლოდ 41 წლისაა… 1971–75 წლებში ეკრანებზე გამოდის 97 ფილმი – ლეილა არც ერთგანაა!!!  კინოში 47 წლის ბრუნდება, 1976, 1977, 1978  წელს თითოჯერ გაიელვებს ეკრანზე და ისევ პაუზა. ისევ პაუზა, სანამ თავად არ გადაიღებს საკუთარ თავს ფილმში „თბილისი- პარიზი-თბილისი“ (1980წ.).

1982 წელს ეკრანებზე გამოვა „ყველა კომეტა როდი ქრება“ – ლეილა აბაშიძის მონაწილეობით. ისევ ქრება ეკრანებიდან.  ვიდრე 1986 წელს ლანა ღოღობერიძის ფილმი არ გამოვა ეკრანებზე – ლეილა მსახიობ ქალს თამაშობს – მანანა იაშვილს. ლეილა აბაშიძე ამ ფილმისთვის პრიზსაც მიიღებს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე.

ლანა ღოღობერიძის „ორომტრიალში“ ლეილა აბაშიძეს, პრაქტიკულად, არც დასჭირვებია თამაში – მან თავისი ტკივილი ითამაშა კინოში. მისი გმირი მანანა იაშვილიც უროლოდ დარჩენილი ვარსკვლავი იყო….

 „ორომტრიალის“ შემდეგ კვლავ დაიწყება დიდი, უკიდეგანო პაუზა მის შემოქმედებაში, რომელიც მხოლოდ გარდაცვალებამ დაასრულა…

ის 56 წლის ასაკში საბოლოოდ ჩამოაშორეს ეკრანს…  

კინოში 11 წლის მოვიდა. კინო 56 წლისამ დატოვა. რამდენი წელიც იყო ეკრანზე, ერთი იმდენი უეკრანოდ გალია – საკუთარ ჩრდილქვეშ…

ის ხალხს უყვარდა და სწორედ ეს სიყვარული აძლებინებდა მას უკიდეგანო პაუზების დროს.

არადა, მართლა ბევრი არავინ იყო მისებრ პოპულარული. მის ფოტოებს მართლაც ყველგან ნახავდით – ცეკას კაბინეტებშიც, სახლებშიც, საპარიკმახეროებშიც, მართლა „საპოჟნიკებთანაც“.

მას აღარ იღებდნენ კინოში, მაგრამ ის მაინც ათეული წლები ინარჩუნებდა ზე-პოპულარობას.  მაშინაც როცა კინოში იღებდნენ და შემდეგაც, მასზე არათუ ჭორები დადიოდა, ითხზვებოდა და ტალღებად იშლებოდა ლეგენდები, მითები… მაშინ არც ყველთელი პრესა იყო, მითუმეტეს არც სოცქსელები და ის „ზეპირჭორაობის“, თბილისური „ფოლკლორის“ უცვლელი გმირი იყო.

ერთ-ერთი ასეთი მითი, ჭორი თუ ლეგენდა იყო ის, რომ ახალგაზრდა მსახიობმა გოჩა აბაშიძემ თავი სწორედ ლეილა აბაშიძის გამო მოიკლა….

დიახ, თბილისში დღემდე ახსოვთ მისი სკანდალური რომანი მსახიობ გოჩა აბაშიძესთან. რომანი მითი არ ყოფილა, მითი იყო ის, რაც ბევრს სჯეროდა – რომ ბრალი მის თვითმკვლელობაში ლეილა აბაშიძეს მიუძღვოდა. დიახ, თბილისი წლების მანძილზე მას ადანაშაულებდა გოჩა აბაშიძის თვითმკლელობაში.

ამ ბურუსით მოცულ ისტორიას წლების შემდეგ გოჩა აბაშიძის მეუღლემ,  კოპოზიტორმა ნუნუ გაბუნიამ 1996 წლის ივნისში, ჩემთვის მოცემულ ინტერვიუში ახადა ფარდა.

ფარდა ახადა გოჩა აბაშიძის თვითმკლელობიდან ზუსტად 35 წლის შემდეგ! 

ქალბატონი ნუნუ გაბუნია არ უარყოფდა რომ იმ პერიოდისთვის გაცილებული იყო გოჩა აბაშიძესთან, სწორედ ამ გახმაურებული რომანის გამო, მაგრამ იგი გოჩას სიკვდილში არ ადანაშაულებდა ლეილა აბაშიძეს:

„მე გოჩას სიკვდილში ვერ დავადანაშაულებ და არც დავადანაშაულებ ლეილა აბაშიძეს. მას ბრალი არ მიუძღვის. არსებობს მრავალი მიზეზი, რომელიც ამუქებდა გოჩას ცხოვრებას და საბოლოოდ ასეთი ნაბიჯი გადაადგმევინა. გოჩას მამა გარდაეცვალა, დედამისს სხვა ოჯახი ჰქონდა. გოჩამ თავისი „პობედა“ გაყიდა, ვინც იყიდა, ფული გადაუხადა, მაგრამ ვერ გადაიფორმა და უკან დაუბრუნა და ფული მოსთხოვა. ფული ოჯახს უკვე დახარჯული ჰქონდა, მოვალე ყოველდღე აწუხებდა, დილიდან ურეკავდა, უკაკუნებდა, სადარბაზოსთან ელოდებოდა, სახლში ვერ შედიოდა და აუივნიდან გადადიოდა. იმ დროს უკვე კინოსტუდიაში მუშაობდა, „თეთრ ქარავანში“ უნდა ეთამაშა მთავარი როლი, სტუდიაში ავანისისთვის მივიდა, რომ ამ ავანისთ მაინც გადაეხადა ვალის ნაწილი. მივიდა, ბატონ ელდარ შენგელაიას სთხოვა ავანსი, მან უთხრა რომ მოხსნილი იყო როლიდან… ეს გზაც მოეჭრა ვალის გადახდის, ამასთან მთელი წელი უხელფასოდ რჩებოდა, რადგან ფილმში არ იყო დაკავებული, გაცეცხლებული შევიდა დირქეტორთან, კობახიძესთან, მდივანმა გაიგონა კობახიძის სიტყვები – შავგულიძე მოკვდა, თან არავინ გადაყოლია, შენ ვინ გადაგყვებაო. გამოვარდა გარეთ, ამ დროს მისაღებში ისხდნენ ლეილა აბაშიძე და დევი აბაშიძე, დევიმ სთხოვა, გაჰყევი ამ ბიჭს თავს არაფერი აუტეხოსო. ლეილა აედევნა გოჩას. გოჩა ჩაჯდა მანქანაში და გავრდა, მას რომ სიკვდილი სდომოდა, მანქანითვე გადაიჩეხებოდა სადმე. ალბათ ამით ვინმეს შეშინება უნდოდა, დალია საწამლავი და მიაკითხა ლეილამაც… გოჩა ხელებში ჩააკვდა და ეს რომ დაინახეს ყველაფერი ლეილას დააბრალეს, ეს რომ ტყუილი იყო, მე თვითონაც გვიან გავიგე…“

ეს მძიმე ჯვარი ზიდა ლეილა აბაშიძემ  ათეულობით წლები…

ლეილა აბაშიძე იყო ბედის ნებიერიც და უკიდირესად უბედურიც. ბედნიერება და უბედურება თითქოს ზოლებად გასდევს მის ცხოვრებას – როგორც ზებრას შავ-თეთრი ზოლები…

ეს ასე იყო იმთავითვე, ბავშვობიდანვე. ჯერ იყო უდარდელი ბავშვობა, რასაც მოჰყვა მამის დახვრეტა, დედის გადასახლება… მახსოვს, ინტერვიუში პირველ კითხვად მასზე დაწერილი პირველი რეცენზიის გახსენება ვთხოვე. ის კი მოგონებებმა შორეულ ციმბირში გადაისროლა…

„გაგიკვირდებათ, მაგრამ პირველი რეცენზია ჩემზე, გაცილებით ადრე გაჩნდა, ვიდრე რაიმეს შევქმნიდი კინოხელოვნებაში. ეს მარტო რეცენზია არ იყო, ეს თითქოს წინასწარმეტყველებაც იყო, რომელიც დაიბეჭდა შორეულ ციმბირში, გაზეთში „სიბირსკაია პრავდა“…

ციმბირით გაკვირვება რომ შემატყო, ნაღვლიანად განაგრძო:

„დიახ, ციმბირი…მე ძალიან მძიმე ბავშვობა მქონდა. მამა კარგად არც კი მახსოვს, მაგრამ უზომოდ მიყვარს… მამას მაღალი თანამდებობა ეჭირა, როცა დააპატიმრეს, მთელი ოჯახი მოსკოვში ვცხოვრობდით. მისამართი ახლაც მახსოვს – ძველი არბატი, „მედვეჟნი პერეულოკი“… მამა უმიზეზოდ დახვრიტეს 1937 წელს. დედაც გადასახლებაში იყო, და-ძმა ნათესავებთან ვიყავით დატოვებული. მესამე ძმა ციმბირში გაჩნდა.

მამის დახვრეტამდე, მეც ვიყავი ციმბირში და იქ გამართულ კონცერტებში ვმონაწილეობდი. ვკითხულობდი ლექსებს, ვცეკვავდი, და წუთით მაინც ვავიწყებდი პატიმრებს თავის ხვედრს. სხვათა შორის, უკვე აღიარებულ მსახიობს, მამიდამ ერთ-ერთ დაბადების დღეზე ციმბირიდან გამოგზავნილი, გაყვითლებული გაზეთი „სიბირსკაია პრავდა“ გამომიჩინა. იქ ჩემი და მამაჩემის ფოტო და სტატიაც იყო დაბეჭდილი – „მამა-შვილი“. ამ სტატიაში ეწერა: „როდესაც პატარა ლეილა სცენაზე გამოჩნდება, დარბაზი მქუხარე ტაშით ხვდება მომავალ დიდ მსახიობს“. ეს იყო პირველი რეცენზია-წინასწარმეტყველება ჩემზე…“

ციმბირული წინასწარმეტყველება მალე ახდება და პატარა ლეილას ჩამუქებულ ბავშვობას უცებ გადაანათებს და ააფერადებს კინო.

კინოსტუდია „ქაჯანას“ იღებდა და პატარა გოგონებს არჩევდა ქაჯანას დის – კატოს როლზე. პატარა ლეილა აბაშიძე კინოსტუდიაში „კასტინგზე“ მარტო წავიდა. იქ კი ასობით პატრონიანი გოგონა დახვდა, კულულებით, დიდი ბაფთებით.

რეჟისორის ასისტენტებმა პატარა ლეილა „დაბრაკეს“ – უარით გამოისტუმრეს…

„რეჟისორის ასისტენტებმა სინჯებიდან უარით გამომისტუმრეს. გულახდილად რომ გითხრათ, ალბათ დამიწუნეს. ამ როლზე, ყველანი ლამაზი, კულულებიანი, გახამებულბაფთიანი გოგონები იყვნენ, თანაც პატრონიანები, იმათ ფონზე არამომგებიანად გამოვიყურებოდი. დამიწუნეს და გამომიშვეს. დახვეულ კიბეს ბიჭურად მოვაჯექი და მეოთხე სართულიდან ძირს დავეშვი. დავეშვი და ვიღაც მამაკაცს დავეჯახე. ის კაცი ნიკოლოზ პიპინაშვილი აღმოჩნდა -„ქაჯანას“ დამდგმელი რეჟისორი. ბატონი კოლია წაბორძიკდა და ქუდი დაუვარდა, მე მივაწოდე.

_ აქ რა გინდოდა გოგონა? _ მკითხა.

_ მე კინოში გადაღება მინდოდა, მაგრამ უარი მითხრეს.

_ ძალიან გინდა გადაღება? _ მკითხა თბილად.

_ ძალიან, ძალიან. _ ვუპასუხე გულდაწყვეტილმა.

_ აბა, წამოდი.

მომკიდა ხელი და წამიყვანა, ალბათ ჩემს ბიჭურ ხასიათში დაინახა კატოს ხასიათი.“ – ასე იხსენებდა საკუთარი კინოკარიერის დასაწყისს ლეილა აბაშიძე ჩემთან ინტერვიუში.

„ქაჯანას“ პრემიერა 1941 წლის 27 მაისს შედგა. პრემიერამ დიდი სიხარული და სიხარულზე კიდევ უფრო დიდი პოპულარობა მოუტანა 11 წლის ლეილას. მალე პატარა მსახიობი პიონერთა საერთაშორისო ბანაკ „არტეკის“ საგზურითაც დააჯილდოვეს. ლეილა 2 დღის ჩასულიც არ იყო ყირიმში და… დაიწყო მეორე მსოფლიო ომი და ატყდა ერთი უბედურება. ყირიმი იბომბებოდა,  ზღვაზე მოძრაობა შეწყდა. ბავშვები სასწრაფოდ მოსკოვში გადაიყვანეს… აქ საქართველოში უკვე გამოტირებულები ჰყავდათ ბავშვები, ერთი თვის შემდეგ როგორღაც, ბაქოს ბაქოს გამოვლით რომ დაბრუნდნენ თბილისში…

პატარა ლეილამ „ქაჯანაში“ აღებული ჰონორარით…. ბინა იყიდა. 12 კვადრატულმეტრიანი ოთახი ვერის ბაღთან, ნავთის წერტის თავზე. ასე დაესვა წერტილი ლეილას ოჯახის უსახლკარობას, რაც გამოწვეული იყო ისევ და ისევ მამის დაპატიმრებით, რასაც მოჰყვა ქონების კონფისკაცია და ოჯახის ქუჩაში დატოვება…

სწორედ, იქ, იმ ღარიბულ, ერთ ბეწო ბინაში აკითხავდა მას ეკრანული დედა – ნატო ვაჩნაძე, ვისგანაც პატარა ლეილამ მიიღო და გადაიბარა ვარსკვლავობის ესტაფეტა…  სიმბოლურია, რომ დღეს რუსთაველზე მათი ვარსკვლავები გვერდი-გვერდ აგია….

„ნატო ვაჩნაძე დედაჩემის როლს თამაშობდა და მხოლოდ კადრში კი არა, ცხოვრებაშიც გასაოცარ დედობრივ მზრუნველობას იჩენდა ჩემს მიმართ. ომის პერიოდი იყო და ყველას გვიჭირდა. მახსოვს, არაერთხელ დაეხმარა ჩვენს მატერიალურად გაჭირვებულ ოჯახს. მთელი ქუჩა გამოეფინებოდა ხოლმე, როდესაც სტუმრად გვეწვეოდა ჩვენს პატარა, ღარიბ ოჯახში. ნატო დედაჩემთან მეგობრობდა, მოჰქონდა საჩუქრები, ტანსაცმელი… ფილმში – „აკაკის აკვანი“ ერთად თამაშის შემდეგ, ქალბატონმა ნატომ, ამ ვარსკვლავმა, მე ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეს, შემომთავაზა თავის კონცერტში მონაწილეობა. მას გვერდს უმშვენებდნენ თამარ ციციშვილი, სპარტაკ ბაღაშვილი, კოტე დაუშვილი, ედიშერ მაღალაშვილი. ამ კონცერტებით მთელი საქართველო მოვიარეთ. ზღვასავით მოედინებოდა ხალხი, ხეიბრები საკაცეებით მოჰყავდათ, რომ ცოცხალი ნატო ეხილათ. მსგავსი პოპულარობა მე არც მინახავს და არც მსმენია. ნატო ღმერთქალი იყო და ჩვენს გვერდით დააბიჯებდა. ჭეშმარიტი ვარსკვლავი იყო და ცაში ვარსკვლავივით გაქრა. გაქრა იმ პერიოდში, როდესაც „ჭრიჭინას“ ვიღებდით. მას პროფესორის ცოლის როლი უნდა ეთამაშა, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ ალექსანდრა თოიძემ ითამაშა…“ – ამბობდა ჩემთან ინტერვიუში…

მოკლედ, „ჭრიჭინა“ კინოვარსკვლავის გარეშე გადაიღეს, მაგრამ სწორედ „ჭრიჭინაში“ აელვარდა ახალი ვარსკვლავი – ლეილა აბაშიძე.  როგორც უკვე აღვნიშნე, ამერიკელებმა მას კინოვარსკვლავის ტიტული სწორედ „ჭრიჭინას“ გამო უბოძეს. 

1954 წელს, ამერიკაში საბჭოთა ფილმების კვირეულის ფარგლებში, „ჭრიჭინას“ ნახვის შემდეგ „დეილი უორკში“ კინოკრიტიკოსი წერდა „ახლა საბჭოელებს თავისი ეკრანის ვარსკვლავი, თავისი მერი პიკფორდი ჰყავთ“.

ინტერვიუში ეს ფაქტი რომ შევახსენე, 40-ზე მეტი წლის წინანდელმა აღიარებამ თავიდან ააელვარა:

„დიახ, ეს ჩემთვის მეტად სასიხარულო და საპასუხისმგებლოა. იყო ვარსკვლავი არ ნიშნავს იბეჭდებოდე დიდი შრიფტით,შენი სახელით აჭრელებული იყოს პრესა, ან გამუდმებით ჩანდე ტელეეკრანზე. ვარსკვლავი მაშინ ხარ, როდესაც ადამიანის გულებს დაიპყრობ. ეს ჩემი კი არა, დევიდ გიფიტის სიტყვებია. რამდენად მოვახერხე ამ მძიმე ტვირთის ზიდვა, ვერ გეტყვით, მაგრამ ხალხის უსაზღვრო სიყვარულს კი ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ. ალბათ ეს მაცოცხლებს და მასულდგმულებს.“

ლეილა აბაშიძე – ქართველი სექსბომბა

მას არც მაყურებლის სიყვარული და თაყვანისცემა აკლდა, როგორც  კინოვარსკვლავს, და არც  მამაკაცთა თაყვანისცემა – როგორც ქალს.

მისი თანაკურსელი დიანა კესნერი იხსენებდა რომ მოსკოვის მეცხრე საერთაშორისო კინოსფესტივალზე, 1975 წელს, ჩალმამოხვეული ლეილა აბაშიძე „ათას ერთი ღამის“ პრინცესას გავდა და მამაკაცთა ყურადღების ცენტრში იყო, არადა იმ წელს მოსკოვს სტუმრობდნენ სოფი ლორენი, ლიზ ტეილორი, ჯინა ლოლობრიჯიდა, მარინა ვლადი… ძლიერ სქესის ღირსებას  კი იცავდნენ რიჩარდ ბარტონი, მარჩელო მასტროიანი, დინ რიდი, დანიელ ოლბრეხტი… როგორც დიანა კესნერი იხსენებს, ამ ფესტივალმა ლეილას დიდების გარდა, სიურპრიზიც მოუტანა, სასიამოვნო, მაგრამ მეტიმსტად საჩოთირო…

ლეილა აბაშიძეს ხელი ორმა ფინანსურმა მაგნატმა, ორმა მულტიმილიონერმა სთხოვა – ეგვპიტელმა და მექსიკელმა. ეგვიპტელი პირდებოდა საკუთარ კინოსტუდიის გახსნას, სადაც ლეილა იმოღვაწევობდა როგორც კინორეჟისორი, პროდიუსერი, მსახიობი, სრული ბატონ-პატრონი იქნებოდა იმ კინოსტუდიის, სანაცვლოდ კი სარეცელი უნდა გაეზიარებინა იმ ეგვიპტელის ორ ცოლთან ერთად.

მექსიკელი  მსახიობი და რეჟისორი, სიმპატიური (თუმც კი 70-ს მიტანებული) ემილიო ფერნანდესი  კი მას თავსა და მილიონებს სთავაზობდა.

ლეილა აბაშიძემ რომ ამ შეთავაზებაზე უარი თქვა ეს ფაქტია.

ეს იქ მოსკოვში, აქ, თბილისში კი ამბობენ რომ მას არც აქ აკლდა მსგავსი წინადადებები. თბილისში დღესაც ახსოვთ, რომ ის რეზო ჩხეიძეს უყვარდა, უყვარდა და ცოლობასაც სთხოვდა. მაგრამ რატომღაც ლეილამ უარი თქვა…

ლეილა აბაშიძე და რეზო ჩხეიძე

თბილისში დღესაც იხსენებენ სხვა ტრფობის ისტორიებსაც… ამ ყოველივეს ხელს უწყობდა  ლეილა აბაშიძის ბორგნეული ხასიათიც, ქალური ხიბლიც და სითამამეც. სექსუალურობაც და ელეგენატურობაც. დიახ, ლეილა აბაშიძე, ალბათ ერთ-ერთი პირველი ქართველი მსახიობი ქალი იყო, რომელიც სექსბომბის ტიტულითაც სარგებლობდა მაყურებელშიც და ქალაქშიც.

და რაც პარადოქსია, ეს ხდებოდა „ბიჭურობის“ პარალელურად…

ეს პარადქოსი კი მხოლოდ მისი დიდი არტისტული დიაპაზონით აიხსენება –

ის იყო ქალაქელი სექსუალური ქალიც, მძღოლიც, სოფლელი გოგონაც, ახტაჯანაც, ქალაბიჭაც, გმირი ქალიც…  ქართულმა კინომ, ასე თუ ისე გამოიყენა მისი მრავალგვარობა. მისი ბიჭური ხასიათი ქართულმა კინომ გამოიყენა ფილმში „მაია წყნეთელი“.

მაია წყნეთელი მსახიობის უსაყვარლესი როლი იყო…

ლეილა აბაშიძე: „მე პირველი შვილი ვიყავი, მამაჩემი კი თურმე ბიჭის შეძენაზე ოცნებოდა, ამიტომ სანამ ჩემი მომდევნო ძმა გაჩნდებოდა, ბიჭურადაც კი მაცმევდნენ. სადღაც მაქვს შემონახული ფოტო, ფაფახიც კი მახურავს. მამას ნადირობა უყვარდა და მახსოვს სულ მპირდებოდა, სანადიროდ წაგიყვანო… ალბათ, ამანაც განაპირობა ასე ადვილად რომ შევძელი მაია წყნეთელად გარდასახვა, ქალაბიჭას როლის თამაში. სხვათა შორის, ბავშვობაში, მამისაგან ნასწავლი მთიულურის რამდენიმე ილეთი ფილმშიც გამომადგა. ილიკო სუხიშვილს, როდესაც ცეკვაში მამეცადინებდა, გაუკვირდა კიდეც ილეთები პირველივე რეპეტიციებზე რომ ავითვისე.

/ჩემი ინტერვიუდან/

“მე თვითონ მიკვირს ის გარდასახვა, რომელიც ჩემში მოხდა. ზოგიერთ კადრში მართლა პირწავარდნილი ბიჭი ვარ… ეს კი არც ისე ადვილი იყო. ყოველდღე, დილის ხუთ საათზე ვდგებოდი, ვატარებდი 12-კილოგრამიან ტვირთს – აბჯარს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ დილიდან საღამომდე ცხენზე ვიჯექი. მაგრამ რადგანაც გმირი ქალის როლს ვთამაშობდი, შინაგანად მეც გავკაჟდი და საოცარი ძალა მომეცა. ცხენით სიარული სპეციალურად ამ როლისთვის ვისწავლე. მე ხომ აბაშიძის ქალი ვარ. ჩემს ოჯახში დღემდე შემონახულია ბებიაჩემის ქალური უნაგირი, ბებია – ბარათაშვილის ქალი, შესანიშნავი მხედარი იყო. თურმე არაერთ ასპარეზობაში მონაწილეობდა. ცხენზე ამხედრებული ვარ სხვა ფილმებშიც – „შეხვედრა მთაში“,  „მოლოდინი“.

“მაია ჩემი უსაყვარლესი როლია. იგი მანამდე ნათამაშევ როლებზე ამაღლდა იმით, რომ ჰეროიკული და ღრმად ეროვნულია. უზომოდ მახარებს ის, რომ ამ ფილმის შემდეგ ძალიან გავრცელდა სახელი მაია… მაშინ ბევრი, მივიწყებული გმირი ქალის საპატივსაცემოდ არქმევდნენ ამ სახელს…“ – იხსენებდა ლეილა აბაშიძე ჩემთან ინტერვიუში…

კადრი ფილმიდან “მაია წყნეთელი”

„აბეზარა“ – 2 წვეთი ბენზინი

ლეილა აბაშიძე ქართულ კინოში მარტო ცხენოსანი არ ყოფილა. ის პირველი ქალია, ვინც ქართველ კინომაყურებელს საჭესთან გამოეცხადა – მძღოლი გოგონას როლი ითამაშა „აბეზარაში“, თუმცა ქალბატონი ლეილა აღიარებდა, რომ უკეთესი ცხენოსანი იყო, ვიდრე მძღოლი – „როცა „აბეზარას“ ვიღებდით, ორი-სამი ქალი იჯდა საჭესთან. მოძრაობა ისეთი იშვიათი იყო, ძალიანაც რომ მდომოდა, ვერავის დავეჯახებოდი. ახლა კი ძალიან გამიჭირდება საჭესთან…“

საინტერესო შტრიხი: ლეილა აბაშიძეს, „აბეზარას“ ყოველი გადაღების წინ, „შოფრულ“ სულს რომ ღრმად ჩასწდომოდა, ჩვევად ჰქონდა, რამდენიმე წვეთ ბენზინს სუნამოსავით იპკურებდა და გადასაღებ მოედანზე ისე გადიოდა…

ფრაგმენტი ინტერვიუდან

/გაზეთი “ფიქრები”, 1996 წელი, № 2/

__ ქალბატონო ლეილა, რა დამოკიდებულება გქონდათ თეატრთან?

_ თეატრი ბედნიერებაა, ყოველდღიური ტრენაჟია და კიდევ მხატვრულ სახეზე დაუსრულებლად მუშაობის და დახვეწის საშუალება. კინოში ეს შესაძლებლობა არ გვაქვს – ერთხელ ნათამაშევი და განცდილი სამუდამოდ რჩება. რაც დრო გადის, მით უფრო მეტად ვგრძნობ თეატრში მუშაობის აუცილებლობას, მაგრამ ეს უფლება რატომრაც წაგვართვეს. საოცარია – არსებობდეს კინომსახიობთა თეატრი და ჩვენ (ვგულისხმობჩემს მეგობრებს და კოლეგებს, რომელთაც ფასდაუდებელი ღვაწილი დასდეს ქართულ კინოს), ჯერ კიდევ კარგ აქტიორულ ფორმაში მყოფნი, თეატრის კარს მიღმა ვიყოთ! მათ შორის მეც!

 ბატონი მიხეილ თუმანიშვილი პირადად ჩემი პედაგოგია და დღესაც ამაყობს მის მიერ დადგმული ჩვენი სადიპლომო სპექტაკლით „ერთი თვე სპფლად“(ტურგენევი), სადაც მე ვთამაშობდი ნატალი პეტროვნას. ამ სპექტაკლის შემდეგ ახალინსტიტუტდამთავრებულები:მე, რამაზ ჩხიკვაძე და გურამ საღარაძე დაგვტოვეს თეატრში, რუსთაველის თეატრში! ხომ წარმოგიდგენიათ რა იმედებს ამყარებდნენ ჩვენზე. რამაზმა და გურამმა როგორც ხედავთ გაამართლეს და მერე როგორ? მეამაყება რომ ჩვენ კურსელები ვართ, მაგრამ მე?

ბევრი მეკითხება, თეატრში რატომ არ ხართო და ვერც წარმოუდგენიათ, როგორი სურვილი მაქვს ვიყო თეატრში. ნუთუ კინომსახიობთა თეატრსი მაინც არ არის ჩვენი ადგილი?

მე დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი ჩემს საყვარელ პედაგოგ მიხეილ თუმანიშვილთან, მან ხომ თეატრალურ ხელოვნებას მაზიარა…

_როგორი გრძნობა გიჩნდებათ, როცა გადაღება მთავრდება და თქვენს გმირს ემშვიდობებით?

_როცა გადაღება მთავრდება, საშინელი. ასე მგონია უსაყვარლესი ადამიანი დავკარგე. დაობლებული დავდივარ. როცა ახალი სამუსაო გამოჩნდება, კვლავ ბედნიერი და ხალისიანი ვხდები.

_ ქალბატონო ლეილა, თქვენ კარგა ხანია არ ჩანხართ ეკრანზე, რატომ?

_ისევე როგორც თქვენთვის, მიზეზი ჩემთვისაც გაუგებარია, მე ვცდილობ, მუდამ კარგ აქტიორულ ფორმაში ვიყო და მუდამ ველი სამუშაოს.

_ რატომ არ იბრძვით მისაღწევად?

_მე ძალიან მიყვარს რომენ როლანის გამონათქვამი: ცხოვრება ბრძოლაა, ბრძოლა კი სიამოვნება. მაგრამ მე თავად მებრძოლი არ გახლავართ. მხოლოდ ეკრანზე ვიქნევდი ხმალს.იცით რა, ის რაც ჩემს ადამიანურ ღირსებას შელახავს, მიუღებლად მიმაჩნია. მე ყოველთვის ცხოვრებისეული მოკრძალება და სიამაყე მჯაბნიდა. ალბათ ეს ჩემი ნაკლია, რომელმაც წლები დამაკარგინა…

ლეილა აბაშიძე – სცენარის ავტორი და რეჟისორი

მოგვიანებით როგორც სცენარისტმა და რეჟისორმაც სცადა ბედი. ამისკენ ალბათ ისევ და ისევ პაუზებმა და იმან უბიძგა, რომ რეჟისორებს სხვისკენ გაურბოდათ თვალი, სცენარისტებიც აღარ თხზავდნენ მისთვის…

ფილმში „პარიზი-თბილისი-პარიზი“ სამ ამპლუაში მოგვევლინა – სცენარის ავტორი, რეჟისორი და მთავარი როლის შემსურლებელი.

მისი სცენარითაა გადაღებული „მოლოდინი“, სადაც მთავარ როლს თამაშობს.

 დიანა კესნერის მტკიცებით, თენგიზ აბულაძემ „სხვისი შვილებიც“, ლეილას სცენარის ვარიანტის მიხედვით გადაიღო.

როგორც კესნერი ამტკიცებდა, ლეილას ეს ისტორია გაზეთში წაუკითხავს, აღელვებულა და აზარტულად უმუშავია, მისი დაწერილი სცენარი კინოსტუდიას შეუძენია და ავანსად 10 ათასი მანეთიც გადაუხდია. ამ სცენარით თენგიზ აბულაძე დაინტერესებულა, ამ დროს რეზო ჩხეიძეს ლეილასთვის მაია წყნეთელის როლი შეუთავაზებია, ლეილასაც ყველაფერი მიუტოვებია და გადაღებებზე წასულა. აბულაძე იძულებული გამხდარა სხვა სცენარისტი აეყვანა, რადგან სცენარისტის როლი არ მთავრდება ტექსტის დაწერით, ის როგორც წესი აქტიურად მონაწილეობს კინოწარმოებაში და სცენარიც იცვლება გზადა გზა პირვანდელი ვარიანტისგან გასხვავებითო… კესნერის მტკიცებით იგივე ბედი ეწია ლეილას მეორე სცენარსაც. ხანგრძლივი პაუზის დროს, ლეილა აბაშიძეს გიკ-ში, სასცენარო ფაკულტეტზე, ჩუხრაის სახელოსნოში ჩაუბარებია, მის ხელში კვლავ მოხვედრილა ნარკვევი, სადაც ნაამბობი იყო დეზერტირ ჯარისკაცის და დედამისის დრამატულ ბედზე – დედა იძულებულია შვილი დამალოს სხვენში. ლეილამ მოქმედება გადმოიტანა სვანეთში და დედის როლი შეთხზა თავისთვის. ჩუხრაი აღფრთოვანებულა ლეილას ნაწერით. ლეილასთვის შეუთავაზებია ერთად ემუშავათ ფილმზე – ერთი პირობით, სიუჟეტი უნდა „გაერუსებინათ“ და დედის როლიც რუს მსახიობს უნდა ეთამაშა. ლეილამ უარი თქვა. ჩუხრაი იწვევს ვიქტორ მერეჟკოს და იქმნება ახალი სცენარი და როლი – ნონა მორდიუკოვასთვის. ნონა მმორდიუკოვა დედის როლით სსრკ პრემიის ლაურეატი გახდა….

როლების მოლოდინში გალეული წუთისოფელი

ლეილა კი, ცხოვრობდა საკუთარ ჩრდილქვეშ, წერდა ლექსებს, უვლიდა ყვავილებს, ოცნებობდა ისევ კინოზე და გადასაღები მოედნის ნაცვლად სამზარეულოში ტრიალებდა. მაყურებლის ნაცვლად, სტუმრებს უმასპინძლდებოდა….

„ვგონებ, უკეთესი დიასახლისი ვარ, ვიდრე მსახიობი. ჩვენს დუხჭირ დროში საოცარი იმპროვიზაციის ნიჭი აღმომაჩნდა. ზოგჯერ არაფრისგან ვქმნი რაღაცას. გურმანი არა ვარ. მიყვარს სტუმრების პატივისცემა. თავად კი შემიძლია, ფინჯან ყავაზე გადავიარო. მე იმ ასაკში ვარ, როდესაც ვამჯობინებ, ვჭამო ის, რაც სასარგებლოა და არა ის, რაც გემრიელია. აი, ეს იქნება ჩემი რეცეპტი ყველა ქალისთვის“.

როლების ლოდინში გაირბინა მისმა ცხოვრებამ…

როგორც გითხარით იგი ამბობდა -„დაუოკებელი სურვილი მქონდა ბედნიერი ვყოფილიყავი, ეს წყურვილი დღესაც მკლავს“

ის მოკლეს მწყურვალი ბედნიერების…

როლი, რომელიც მას ასცდა და ჩაუარა, არადა უნდოდა – ფუფალა „ნატვრის ხეში“… ხმამაღლა ვერც ამბობდა ამ თავის ნატვრას, „ნატვრის ხის“ ეკრანებზე გამოსვლიდან 20 წლის მერეც… 

რეზო შატაკიშვილი

თბილისი, 6 აგვისტო, 2022 წელი

რეზო შატაკიშვილი გოჩა აბაშიძის ტრაგიკულ ბედზე

13

24 წლის იყო თავი რომ მოიკლა, მაგრამ დატოვა რვა, დღემე ცოცხალი კინო–გმირი და სკანდალი, სკანდალი რომელიც დღემდე ახსოვთ, სკანდალი, რომელიც მოჰყვა მის ტრაგიკულ გარდაცვალებას.

ხალასი ნიჭის და გარეგნობის წყალობით, სრულიად ახალგაზრდა გახდა კინოვარსკვლავი. მოიპოვა აღიარება, პოპულარობა. დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ერთი შეხედვით ბედისგან განებივრებული ბიჭის ცხოვრება სავსე იყო ტკივილებით, გაჭირვებით…

ბედნირება და უბედურება ტყუპები არიან – თქვა ნიცშემ. ეს აისახა გოჩა აბაშიძის ბედისწერაშიც. 

მსახიობობა ბავშვობიდანვე უნდოდა და ამიტომაც დადიოდა პიონერთა სასახლეში დრამწრეზე, მაგრამ ქართულ კინოში  ერთი თვალის ჩაკვრის წყალობით მოხვდა:

ნიკოლოზ სანიშვილი იღებს ფილმს „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“. სინჯებია – ვეფხიას როლის შემსრულებელს ეძებს. ოთახში რიგ–რიგობით შედიან როლის მაძიებელი ბიჭები. შედის 15 წლის გოჩა აბაშიძეც, მაგრამ… რეჟისორი სთხოვს რომ დატოვოს კაბინეტი – ვერაფერ საერთოს ვერ ხედავს ლამაზ ბიჭსა და ვეფხვიას შორის. უხერხულობის გასაფანტავად გოჩა კაბინეტში მყოფ გოგონას უკრავს თვალს – რაც შეუმჩნეველი არ რჩება რეჟისორს და იქვე აძლევს როლს, ოღონდ დათოს როლს.

გოჩა აბაშიძის  თავბრუდამხვევი კინოკარიერა იწყება –  ფილმს „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“, მოსდევს „ცისკარა“, „აბეზარა“, „ჩრდილი გზაზე“, „ჩვენი ეზო“… გოჩა აბაშიძე ყველა ამ ფილმში უკვე გადაღებული იყო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე რომ ჩაირიცხა – ინსტიტუტის კარი პრაქტიკულად კინოვარსკვლავმა შეაღო.

19 წლის იყო ცოლად მომავალში ცნობილი კომპოზიტორი ნუნუ გაბუნია რომ შეირთო. ნუნუ გაბუნია მაშინ ჯერ 16 წლისაც არ იყო.

15 წლის ნუნუ გაბუნიას მაინცდამაინც არ უნდოდა მეგობრის მამიდაშვილის დაბადების დღეზე წასვლა, მაგრამ მაინც წავიდა და შინ აღტაცებული დაბრუნდა – მსახიობი ბიჭი გაიცნო, თან იმ ბიჭმა სახლამდე მიაცილა. მეტიც, მეორე დღეს შინაც მიაკითხა. გოგონას გაუკვირდა ახალგაცნობილის ასე გაშინაურება…

ნუნუ გაბუნია: „გოჩა მალე დაუმეგობრდა ყველა ჩემს მეზობელს, დედაჩემს, ჩემს ძმას, დღე არ გავიდოდა რომ არ მოსულიყო. მისგან დიდ ყურადღებას ვგრძნობდი, მაგრამ ვერ წარმოვიდგინა თუ შევუყვარდებოდი. თან მე მაშინ ჩემთვის, ჩუმად თამაზ ტოგონიძე მიყვარდა, „ცისკარაში“ რომ ცისკარას როლს ასრულებს და ეს ამბავი გოჩას გავანდე როგორც ახლო მეგობარს, შენი მეგობარი მიყვარს მეთქი… არადა, თურმე მას ვუყვარვარ და ამიტომ მაკითხავს, მე კი ყოველდღე მოუთმენლად ველოდი მის მოსვლას რომ თამაზზე მესაუბრა. ერთ დღეს გაკვრით მითხრა, შენთან ვეღარ მოვალ, ჩემთვის ძალიან მძიმეაო. ორ–სამი დღე მართლაც არ გამოჩენილა, მერე მოვიდა. მე გაბუტული დავხვდი, ვერ გამეგო რა იყო მძიმე მისთვის, სადღაც გულის კუნჭულში კი ვფიქრობდი, მაგრამ დაჯერება არ მინდოდა… გოჩა დადგა და დედაჩემთან, ჩემს ძმასთან, მეზობლის ქალთან მოხსნა გუდას პირი, თან ტირის, თან ყვება, რომ ასე ძალიან ვუყვარვარ, რომ მე ვერ ვუგებ, რომ მას უჩემოდ ცხოვრება არ შეუძლია… ბოლოს ყველა აატირა, მეზობლის ქალი ცრემლად დაიღვარა მისი საცოდაობით…  წავიდა… სახლში აღარ ვუშებდი… 2–3 დღის შემდეგ გოჩას მეგობარი მოვიდა და მითხრა, რომ გოცამ კინღამ თავი მოიკლა, რომ ჩემი გულისთვის მტკვარში ხტებოდა… გადავწყვიტე დავლაპარაკებოდი… მოვიდა და ტირილით მომიყვა თავის თავგადასავალს. მას საკმაოდ მძიმე ცხოვრება ჰქონდა. მამა გადაუსახლეს, შემდეგ გარდაეცვალა, დედამ ახალი ოჯახი შექმნა… ძალიან განიცდიდა… შემეცოდა, თან ჩემს თავსაც შევატყე რომ მიყვარდა… მთხოვდა, ჯერ მხოლოდ ხელი მოვაწეროთ და სრულწლოვანი რომ გახდები, მერე ვიცხოვროთ ერთად, მეცოდინება ჩემი ცოლი რომ ხარ და მშვიდად ვიქნებიო. ამ პირობით დავთანხდი. ყალბი პასპორტი გამიკეთა და დიდის ამბით, ჩუმად მოვაწერეთ ხელი 17 აპრილს, სადღაც ლესელისძის ქუჩაზე, „მმაჩის“ ბიუროს ბნელ, უღიმღამო ოთახში…“

ნუნუ გაბუნია
ნუნუ გაბუნია

გოჩამ საიდუმლო არ შეინახა – იმავე საღამოს ნუნუს დედას ახარა ნუნუს გათხოვების ამბავი, მეორე დღეს, გადასაღებ მოედანზე კი – ლია ელიავას – საჯაროდ…

ნუნუ და გოჩა ერთხანს ცალ–ცალკე ცხოვრობდნენ – სანამ ნუნუ სკოლას დაამთავრებდა. შემდეგ ერთად დაიწყეს ცხოვრება. შეეძინათ  ქალიშვილი მანანა აბაშიძე.

ნუნუ გაბუნია: „ძალიან უნდოდა რომ ბავშვისთვის ხათუნა დაგვერქმია, მე მინდოდა მანანა. კარგა ხანს ვდაობდით. კარგა ხანს ბავშვს მე მანანას ვეძახდი, ის ხათუნას. ბოლოს დათმო, კარგი მანანა იყოსო, მაგრამ აკვანს რომ არწევდა, ისევ ეძახდა „ხა–თუ–ნა, ხა–თუ–ნა“…

ძალიან მხიარული ბიჭი იყო, იმ საზოგადოების სული და გული იყო, სადაც კი მოხვდებოდა. ეს იყო ფეიერვერკი. შესანიშნავი იუმორი ჰქონდა. ცეკვავდა, კითხულობდა ბარათაშვილს, გალაკტიონს, თვიოთონაც წერდა ლექსებს, სმენა არ ჰქონდა, მაგრამ მელოდიას თუ ისწავლიდა, ხმა ჰქონდა ძალიან ლამაზი და ისე იმღერებდა, ისე სუფთად, გეგონებოდა სმენაც აქვს, ხმაც…  ძალიან პოპულარული იყო და ხშირად იწვევდნენ სტუმრად, მე ყოველთვის ვერ მივყვებოდი, ბავშვს ვერ ვტოვებდი და მწყინდა, უჩემოდ რომ მიდიოდა… ახლა ვხვდები, მეტ გაგებას და თანადგომას საჭიროებდა. ქუჩაში ხალხი წყებად დაგვდევდა გოჩასთვის რომ შეეხედათ, ის კი ჩემით ამაყობდა, ჩემი ცოლი კომპოზიტორი არისო, რომელი კომპოზიტორი მე ვიყავი, მერე დავამთავრე სასწავლებელი, კონსერვატორია, მაშინ უბრალოდ პატარ–პატარა ნაწარმოებები მქონდა…ის კი თავიდანვე ტრაბახობდა… ძალიან გამხდარი ვიყავი და სულ მეხვეწებოდა, გრძელსახელოებიანი კაბა ჩაიცვი, თორემ ეგონებათ ქმარი საჭმელს არ აჭმევსო. ძალიან მოსწონდა, თავის თავს ქმარს რომ უწოდებდა…  ძალზე ხელგაშლილი ბიჭი იყო, ორი კაპიკი ჰქონდა ხოლმე, მაგრამ ისე გულით ხარჯავდა, გენგონებოდა მილიონერი იყო…

ჩვენი მეგობრის, ვიოლა ჯაფარიძის დაბადების დღე იყო, ვიყიდეთ ძალიან ლამაზი ტორტი და დიდი ამბით გავეშურეთ, მაგრამ სადარბაზოში რომ შევედით, გოჩას ტორტის ყუთი ხელიდან გაუვარდა. ტორტი აიზილა. ლამის ავტირდი, ხელცარიელი როგორ მივიდეთ მეტქი, ტან მეტი ფულიც არ გვქონდა. გამოცამ გამოსავალი იპოვა. აიღო ეს ყუთი, გამიყვანა გარეთ და დაიძახა. „ვიოლა, ვიოლა“. ვიოლამ გამოგვხედა და დაგვინახა ტორტით ხელში, ჩვენ ხელახლა შევედით სადარბაზოში, ვიოლა გამოგვეგება და კიბეებზე გოჩამ განგებ გაუშვა ხელი ყუთს… ვილოლა შეწუხდა… ხომ წარმოგიდგენიათ რა იქნებოდა ორჯერ დახეთქებული ტორტი?!“

კადრი ფილმიდან "აბეზარა"
კადრი ფილმიდან “აბეზარა”
კადრი ფილმიდან "აბეზარა"
კადრი ფილმიდან “აბეზარა”
კადრი ფილმიდან "გლახის ნაამბობი"
კადრი ფილმიდან “გლახის ნაამბობი”

გოჩას და ნუნუს ბედნიერი თანაცხოვრება ხანმოკლე აღმოჩნდა, მხოლოდ ორწლიანი. ისინი დაშორდნენ.

1961 წელს ეკრანებზე გამოსული „გლახის ნაამბობი“ გოჩა აბაშიძისთვის ბოლო ფილმი აღმოჩნდა. ბოლოს „თეთრ ქარავენში“ იღებდნენ, მთავარ როლზე იყო დამტკიცებული, მაგრამ… ის როლი იმედა კახიანმა ითამაშა შემდეგ, მაგრამ იმიტომ არა რომ გოჩა აბაშიძემ თავი მოიკლა. გოჩა აბაშიძე როლიდან მოხსნეს და სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, ამანაც ითამაშა გარკვეული როლი, გოჩა აბაშიძის თვითმკვლელობაში.

თუმცა, იმდროიდან გავრცელებული სკანდალური ვერსიით, გოჩა აბაშიძემ ლეილა აბაშიძის გულისთვის მოიწამლა თავი. ეს სკანდალური ვერსია, ნუნუ გაბუნიამ წლების შემდეგ, 1996 წელს, პირველად ჩემთან ინტერვიუში უარყო ექსკლუზიურად.

ნუნუ გაბუნიას არ დაუმალავს რომ გოჩა აბაშიძეს სწორედ ლეილა აბაშიძის გამო დაშორდა, მაგრამ გოჩა აბაშიძეს ლეილა აბაშიძის გულისთვის არ მოუწამლავს თავი.

გოჩა აბაშიძე, ლეილა აბაშიძე და დათო დანელია
გოჩა აბაშიძე, ლეილა აბაშიძე და დათო დანელია

ნუნუ გაბუნია: „გოჩას სიკვდილში ვერ დავადანაშაულებ და არც დავადანაშაულებ ლეილა აბაშიძეს. მას ბრალი არ მიუძღვის. არსებობს მრავალი მიზეზი რომელიც ამუქებდა მის ცხოვრებას და საბოლოოდ ასეთი ნაბიჯი გადაადგმევინა. მამა გარდაეცვალა, დედას სხვა ოჯახი ჰქონდა, განიცდიდა… გოჩამ თავისი „პობედა“ გაყიდა, მაგრამ ვინც იყიდა, იმ კაცმა ვერ გადაიფორმა და უკან მოუბრუნდა და სთხდოვდა ფულს, რომელიც ოჯახს უკვე დახარჯული ჰქონდა. მოვალე ყოველდღე აწუხებდა, ურეკავდა, სახლში აკითხავდა, კართან ელოდებოდა. გოჩა აივნიდან შედიოდა შინ… ჩვენ მაშინ უკვე აღარ ვცხოვრობდით ერთად, ლეილა აბაშიძესთან რომანის გამო. გოჩა კინოსტუდიაში წასულა, იმ იმედით რომ ჰონორარის ავანსს აიღებდა და ვალის ნაწილს მაინც გაისტუმრებდა. კინოსტუდიაში მისულს ელდარ შენგელაიამ  უთხრა რომ როლიდან მოხსნილი იყო და ავანსს ვერ მისცემდნენ. ვალის გასტუმრების ეს გზაც მოეჭრა და წელიწადნახევარი უხელფასოდაც რჩებოდა, როლები უკვე განაწილებული იყო და მას ვეღარც სხვა ფილმში აიყვენდნენ. გაცეცხლებული შევარდა დირექტორთან. მათ საუბარს შეესწრო მდივანი ქალი, რომელმაც გაიგონა დირექტორის სიტყვები, შავგულიძე მოკვდა, ტან არავინ გადაჰყოლია და შენ ვინ გადაგყვებაო. ეტყობა გოცამ უთხრა, ან თავს არ ვიცოცხლებ, ან რაღაც, იმან კი დაწყნარების ნაცვლად თავხედურად მოიშორა თავიდან. როდესაც გოჩა კაბინეტიდან გამოვარდა, მისაღებში ლეილა აბაშიძე და დევი აბაშიძე ისხდნენ. დევიმ სთხოვა ლეილას, გაყევი ამ ბიჭს თავს არაფერი აუტეხოსო. გოჩა ჩაჯდა მანქანაში და გავარდა, მას რომ სიკვდილი სდომნოდა მანქანითვე სადმე გადაიჩეხებოდა. მას შეშინება უნდოდა. დალია გოჩამ საწამლავი და მიაკითხა ლეილამაც. ეს რომ დაინახეს, ყველაფერი ლეილას დააბრალეს. ეს რომ ტყული იყო, მე თვითონაც გვიან გავიგე. მეც ლეილა მეგონა გოჩას სიკვდილის მიზეზი, მიუხედავად ამისა, საავამყოფოდან რომ მოიყვანეს, მაინც გამოვემშვიდობე.

ნუნუ გაბუნია
ნუნუ გაბუნია

სიმართლე რომ მცოდნოდა, პანაშვიდებზეც ვიქნებოდი. მე მხოლოდ დაკრძალვას დავეწსარი.  საავადმყოფოში 4–5 დღე იწვა, დროულად რომ გაეკეთებინათ ოპერაცია შეიძლება გადარჩენილიყო კიდეც. გონება არ დაუკარგავს, ხუმრობდა იცინოდა… ექიმისთვის შველაც უთხოვია, იმ ექიმს კი უხეშად უთქვამს, რა გეგონა ერთ ლიტრა საწამლავს რომ სვამდიო. მომაკვდავმა გოჩამ იმ ექიმს სახეში გასცხო. ამბობდა თურმე, რომ მცოდნოდა რომ ასე მეტკინებოდა არაფერს დავლევდიო, მთელი შიგნეული დაფლეთილი ჰქონდა…

ღალატი ვერ ვაპატიე, გავიგე თუ არა, ბავშვს ხელი მოვკიდე და ისე წავედი მისი სახლიდან ტანსაცმლის გარდა არაფერი წამომიღია, შერიგებასაც მთხოვდა შემდეგ, ვერ ვაპატიე,  დღეს… ყველაფერი ვაპატიე…“

გოჩა აბაშიძე 1963 წელს 24 წლის ასაკში გარდაიცვალა და ხალხის მეხსიერებაში დარჩა მარადიულ ჭაბუკად, ქანდაკებად იქცა ისე, როგორც „ცისკარაში“  არიან გაქვავებულნი ქვადქცეულ  ქალაქის ბინადარი…





დაიბეჭდა “პრაიმტაიმში”

სკანდალური არტისტები

რეზო შატაკიშვილი

სკანდალი თეატრის თანამდევია, მეტიც თეატრი არც არსებობს სკანდალების გარეშე. თეატრში უსკანდალოდ ვერც ძლებენ.

ჯერ კიდევ ტოვსტონოგოვი ამბობდა, სკანდალი სკანდალის შემდეგ და სკანდალი სკანდალამდე… ეს სცენაზე.

სკნადალებია სცენის მიღმაც. თეატრსა თუ თეატრს გარეთ – სადაც კი არტისტები არიან. „რა არის სულ კონფლიქტებში ხართ, არ მოგბეზრდათ“? – უკითხავს ვერიკო ანჯაფარიძისთვის ვასილ კიკნაძეს.

„მსახიობს თეატრი მობერზრდება? თეატრი კონფლიქტია, სადაც კონფლიქტი არ არის, იქ არც თეატრია“ – იყო ვერიკოს პასუხი.

ვერიკო ანჯაფარიძე

ვერიკო ანჯაფარიძე – მუდამ სკანდალური, მუდამ სკანდალებში…

ვერიკო ანჯაფარიძის ხელმოწერა ამშვენებს „დურუჯის“ სკანდალურ მანიფესტს. თუმცა შემდეგ სწორედ მისგან დაიწყო „დურუჯის“ დაშლა…

სკანდალით დაიწყო ვერიკო ანჯაფარიძისა და კოტე მარჯანიშვილის ურთიერთობა. საქართველოში დაბრუნებული ვერიკო ანჯაფარიძე მარჯანიშვილთან მიდის და სვამს კითხვას: „მიმიღებთ უკან?“

მარჯანიშვილი ეტყვის რომ მასზე ზღაპრებს ჰყვებიან, რომ ვალდებულია დააბრუნოს. ვერიკო იგრძნობს რა ირონიას მიახლის პირში: „თქვენს შესახებაც ჰყვებიან“! მარჯანიშვილი დაინტრიგდება – „რას ჰყვებიან?“

ვერიკო მიახლის – რომ თქვენ დიდქტატორი ხართ, თრგუნავთ მსახიობს!

მარჯანიშვილი განრისხდება – „გაეთრიეთ აქედან“!

სკანდალით დასრულდება ვერიკო ანჯაფარიძისა და სანდრო ახმეტელის ურთიერთობაც. ახმეტელი „ლატავრას“ დგამს. გაივლიან „ლატავრას“ მეორე აქტს. ვერიკო კორიდორში გავა. ახმეტელი მესამე აქტს იწყებს, ვერიკო არ ჩანს. ეძებენ, ელიან. როგორც იქნა გამოჩნდება, ახმეტელი იყვირებს – „ჩქარა, ჩქარა!“ ვერიკო მიუტრიალდება – რა გაყვირებს? შეჰყვებიან, არც ერთი არ თმობს, ახმეტელი დაატოვებინებს რეპეტიციას. მერე მათ „შეარიგებენ“, ვერიკო ითამაშებს კიდეც ლატავრას, მაგრამ მას ვეღარავინ იხილავს ახმეტელის შემდეგ დადგემბში. ვერიკო მარჯანიშვილის რუსთაველის თეატრიდან წასვლამდე დასტოვებს რუსთაველის თეატრს. ვერიკო ახმეტელის სიკვდილის შემდეგაც გააგრძელებს ახმეტელის წინააღდეგ ბრძოლას…

ლეილა აბაშიძე


ლეილა აბაშიძე სკანდალურად პოპულარული იყო, მის ფოტოებს ნახავდით ყველგან – „ცეკაშიც“ და „საპოჟნიკებთანაც“. ამ პოპულარობას მის წარმატებულ როლებთან და ნიჭთან ერთად, ხელს უწყობდა მისი ბობოქარი და სკანდალური პირადი ცხოვრებაც. მუდამ მამაკაცთან ყურადღების ცენტრში იყო, ვიღა არ სთხოვდა ცოლობას ჩვენებული რეზო ჩხეიძე თუ ეგვიპტელი და მექსიკელი მულტიმილიონერები… მოსკოვის მეცხრე საერთაშორისო კინოფესტივალზე ლეილა აბაშიძე ჩალმამოხვეული გამოცხადდა, მისით ისე მოიხიბლულა ეგვიპტელი მულტიმილიონერი რომ კინოსტუდიის გახსნა შესთავაზა, სანაცვლოდ ლეილას მისი სარეცელი უნდა გაეზიარებინა იმ ეგვიპტელის ორ ცოლთან ერთად. თავის მილიონებს ლეილას მექსიკელი  მსახიობი და რეჟისორი, სიმპატიური (თუმც კი 70-ს მიტანებული) ემილიო ფერნანდესიც სთავაზობდა… თბილისში დღემდე ახსოვთ მისი სკანდალური რომანი მსახიობ გოჩა აბაშიძესთან. გოჩა აბაშიძესთან, რომელმაც ტრაგიკულად – თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ბევრი, მის თვითმკვლელობაში ლეილა აბაშიძესაც ადანაშაულებს.

გოჩა აბაშიძე

ალბათ ყველაზე სკანდალურ არტისტად მაინც გოჩა აბაშიძე უნდა ჩაითვალოს.

სწორედ მან დაასრულა სიცოცხლე ყველაზე სკანდალურად – თავი მოიკლა.

როგორც უკვე ვთვქით, მაშინ მის სიკვდილში ლეილა აბაშიძეს ადანაშაულებდნენ. მაგრამ ამ ბურუსით მოცულ ისტორიას ფარდა წლების შემდეგ გოჩა აბაშიძის მეუღლემ – კოპოზიტორმა ნუნუ გაბუნიამ ახადა. ნუნუ გაბუნია არ უარყოფს რომ იმ პერიოდისთვის გაცილებული იყო გოჩა აბაშიძესთან სწორედ ამ გახმაურებული რომანის გამო, მაგრამ ნუნუ გაბუნია გოჩა აბაშიძის სიკვდილში არ ადანაშაულებს ლეილა აბაშიძეს.

ნუნუ გაბუნიას თქმით, არსებობდა მრავალი მიზეზი, რომელიც მის ცხოვრებას ამუქებდა და ეს ნაბიჯი გადაადგმევინა.

გოჩას მამა გარდაეცვალა, დედამისს სხვა ოჯახი ჰქონდა. გოჩამ თავისი პობედაგაყიდა, ვინც იყიდა, ფული გადაუხადა, მაგრამ ვერ გადაიფორმა და უკან დაუბრუნა და ფული მოსთხიოვა. ფული ოჯახს უკვე დახარჯული ჰქონდა, მოვალე ყოველდღე აწუხებდა, დილიდან ურეკავდა, უკაკუნებდა, სადარბაზოსთან ელოდებოდა, სახლში ვერ შედიოდა და აივნიდან გადადიოდა. თეთრ ქარავანშიავარი როლი უნდა ეთამაშა, კინოსტუდიაში ავანსის ასაღებად მივიდა, სთხოვა ელდარ შენგელაიას ავანსი, მან უთხრა რომ მოხსნილი იყო როლიდან… გაცეცხლებული შევიდა დირეტორთან, კობახიძესთან, მდივანმა გაიგონა კობახიძის სიტყვები შავგულიძე მოვდა, თან არავინ გადაყოლია, შენ ვინ გადაგყვებაო. გამოვარდა გარეთ, ამ დროს მისაღებში ისხდნენ ლეილა აბაშიძე და დევი აბაშიძე, დევიმ ლეილას სთხვა, გაჰყევი ამ ბიჭს თავს არაფერი აუტეხოსო. ლეილა აედევნა გოჩას. გოჩაჯდა მანქანაში და გავრდა, დალია საწამლავი და მიაკითხა ლეილამაც… გოჩა ხელებში ჩააკვდა და ეს რომ დაინახეს ყველაფერი ლეილას დააბრალეს.. (ნუნუ გაბუნია).

ოთარ მეღვინეთუხუცესი

ის ხან მშვიდია და ხანაც მძვინვარე, შეუძლია დედა აგინოს თეატრის დირექტორ-განმკარგულებელს, როგორც ეს რუსთავში მოხდა, „ჰამლეტის“ დადგმისას, შეუძლია ტრიბუნიდან ლანძღვის ნიაღვარი მიუშვას კრიტიკოსზე, როგიორც ეს მოხდა დათო ბუხრიკიძის შემთხვევაში როცა მან მეფე ლირი– მეღვინეთხუცესი გააკრიტიკა. შეუძლია ზღვაში ჩასახრჩობად გაიმეტოს რუსი, როგორც ეს მოხდა ბიჭვინათაში, აფხაზეთის დაკარგვამდე, როცა ერთ რუს დამსვენებელს ცესფერთვალება მეღვინეთხუცესი რუსი ეგონა და „ძმაკაცურად“ გაუმხილა, რა კარგი იქნებოდა აქურობა, ეს ქართველები რომ მოისპობოდნენ აქედანო. მეღვინეთუხუცესმა იმ რუსს ზღვაში უკრა თავი, ძლივს გამოგლიჯეს ხელიდან… მისი სკანდალების აქტივში იტალიური სკანდალიცაა. მარჯანიშვილის თეატრი პირველად გავიდა საგასტროლოდ, წავიდა იტალიაში, მაგრამ გასტროლი მიზეზთა გამო წარუმატებელი იყო. მილანში, გამომგზავრების წინ, სასტუმროს წინ ჩასხდომამდე, გიგა ლორთქიფანიძე და ოთარ მეღვინეთუხუცესი წყნარად, ინტელიგენტურად არკვევდნენ მარცხის მიზეზებს, მაგრამ უცებ იფეთქა ვულკანმა… გავარვარებული ლავასავით წამოვიდა ურთიერთბრალდებების, საყვედურების, დაყვედრების, ლანძღვის ნიაღვარი… თავზარი დამცა ამ ჩხუბმა და ლამის ერთმანეთზე გაწევგამოწევამ – გაიხსენებს ნოდარ გურაბანიძე…

ელენე ყიფშიძე


ელენე ყიფშიძიე თავის სკანდალებით, ბოჰემური ცხოვრებით და რაღა თქმა უნდა ელვარე ნიჭის წყალობით, მუდამ ყურადღების ცენტრში იყო.

მან გადადგა თამამი ნაბიჭი – უმამოდ გააჩინა შვილი. მის გზიდან ჩამოშორებას და თეატრიდან გაძევებასაც ლამობდნენ, ისევდ და ისევ ბოჰემური ცხოვრების გამო, ვითომცდა „საბჭოთა მოქალაქისთვის შეუფერებელი საქციელების“ გამო…

ის იყო ფეთქებადი სცენაზეც და ცხოვრებაშიც. მას შემდეგ რაც ელენე ყიფშიძემ წარმატებით ითამაშა მაია წყნეთელი თეატრში და ფილმის გადაღებაც დაიწყეს, რეზო ჩხეიძე მას პირდებოდა მაია წყნეთელის როლში გადაღებას. არადა, სხვა ხმები დადიოდა… ელენე ყიფშიძე სთხოვდა ჩხეიძეს, ნუ დამიმალავ თუ მე არ გადამიღებო. რეჟისორი ეუბნებოდა შენ გიღებო. ლენას კი უთხრეს რომ მაია წყნეთელის როლზე უკვე ლეილა აბაშიძე იყო დამტკიცებული, ყიფშიძე ისევ მივიდა რეზო ჩხეიძესთან, ისევ ჰკითხა, ისევ პასუხი – შენ გიღებ. ელენე ყიფშიძემ შვილი დააფიცა. რეჟისორმა დაიფიცა. ელენემ აიღო და წყვიტა სახეში…

ზურაბ ყიფშიძე

ზურა ყიფშიძე დაბადებიდან სკანდალური იყო. დაბადებისთანავე დაიბადა მითი რომ ეროსის ბიჭი იყო. ბავშვობაც იმდენად ჰქონდა სკანდალებით და აყალმაყალით გაჯერებული, რომ დეიდებმა ავლიპ ზურაბაშვილთანაც წაიყვანეს – გიჟიაო. რომ წამოიზარდა მერეც საკმაოდ სკანდალური იყო. იმდენად რომ ელენე ყიფშიძესაც აბნევდა თავისი ექსტრავაგანტულობით. იყო ქუჩის ბიჭი და უცებ გახდა ჰიპი – მოშვებული თმა, ჯინჯილები, ბეჭდები, გაქუცული ჟინსები, შეშინებულმა ლენა ყიფშიძემ მილიცია დააყენა თავზე, ჩემი შვილი სექტანტი გახდაო. მერე ზურა უცებ ელეგანტურ მანეკენეად მოევლინა თბილისს. მთელ საბჭოეთში თუ არა, საქართველოში იგი ნამდვილად პირველი მოდელი მამაკაცი იყო. მერე ჩხუბში მოჰყვა, უფრო სწორად მისი ფეხი მოჰყვა ფანჯარაში – აქილევსის მყესი გადაეჭრა და წელიწადნახევარი სახლში იწვა…

თეატრალური ინსტიტუტიდან ორჯერ გააგდეს ბობოქარი ცხოვრების გამო. რექტორმა თავაძემ ელენე ყიფშიძეს შეურაცხყოფა მიაყენა, აქ რა უნდა, წაგიყვანოს სოფელში და თოხი გარაკუნებინოსო. 17 წლის ზურას ცრემლები წასკდა, დაავლო ხელი სამელნეს და შიგ თავში სთხლიშა რექტორს. გააგდეს. ისევ ჩააბარა. ისევ გააგდეს – გაცდენების გამო – უკვე „როცა აყვავდა ნუშში“ იღებდნენ. მერე მოსკოვში რომ წავიდა და „გიკში“ ჩაირიცხა, იქაც არ ასვენებდნენ საქართველოდან – მანდ რა უნდა, ჯარში უნდა იყოსო. დეიდები დატრიალდნენ, ის გაყვითლებული ცნობა ააფრიალეს, ბალღობაში ავლიპ ზურაბიშვილთან რომ ჰყავდათ და ზურა ჯარს გადარჩა, მაგრამ საგიჟეთში გამოკვლევებზე დააწვინეს…

ზურა ყიფშიძეს სკანდალები არც შემდეგ აკლდა და არც თავად ერიდება რაიმე სკანდალურის თქმას, როდესაც საამისო განწყობა აქვს. მას შეუძლია თამამად და სკნადალურად მიახალოს ყველას სათქმელი.

ვასო გოძიაშვილი


ვასო გოძიაშვილი მუდამ სკანდალებში იყო გახვეული. სკანდალის აპოთეოზი იყო მაშინ როცა იგი მარჯანიშვილის თეატრში დაუპირისპირდა გიგა ლორთქიფიანიძეს და საერთოდ ახალგაზრდებს. „თქვენ გენიალური მსახიობი ხართ, ხვალ რომ პიესა დავდგა, მაინც თქვენ დაგაკავებთ, მაგრამ თქვენი ჭკუით ჩემმა მტერმა იარა, თქვენ ისეთი მსახიობი ხართ, მედეა ჯაფარიძე რომ ჭრიჭინას თამაშობს, ისიც თქვენ გინდათ ითამაშოთ“ – მიახალა გიგა ლორთქიფანიძემ. ვასო გოძიაშვილს იმჟამად როლი კი არა თეატრის დირექტორობა უნდოდა. იმ სხდომაზე კი ერთმანეთს სკანდალურად დაუპირისპირდნენ ყოფილი ცოლ-ქმარი – ვასო გოძიაშვილი და სესილია თაყაიშვილი. სესილია თაყაიშვილი მხარს ახალგაზრდებს უჭერდა. საქმე იქამდე მივიდა რომ სესილიამ და ვასომ თავიანთი ოჯახური ამბების წაძახება დაიწყეს სხდომაზე…

იზა გიგოშვილი

ქართული თეატრის მარადიული გრუშე – იზა გიგოშვილი მუდამ სკანდალური პერსონა იყო, თავისი არტისტული გაქანებითაც, არაორდინალური ქმედებებითაც, პირადი ცხოვრებითაც. მასზე ლაპარაკი უყვარდათ სკანდალის მოყვარულებსაც და არც თავად სძულდა სკანდალები. როდესაც თეატრის ერთ-ერთმა მსახიობმა ქალმა კრებაზე კენჭი იზას პირადში სტყორცნა და უთხრა, რა, არის სულ შენზე უნდა ლაპარაკობდნენო? იზა ლაღად გაეპასუხა – აბა შენზე ვინ ილაპარაკებსო… სკანდალები ახლდა მის პირად ცხოვრებას, სკანდალები ახლდა მის პოლიტიკურ პოზიციას – როდესაც ის მხარს ზვიად გამსახურდიას უჭერდა. სკანდალების რეჟიმში აარსებდა იგი სამეფო უბნის თეატრს…

დოდო აბაშიძე

 

დოდო აბაშიძე ჯერ კიდევ ბავშვი იყო, საკნადალი რომ მოაწყო თეატრში –  ახმეტელის „ლამარას“ თამაშობდნენ, ხევსურებმა ხმლები იშიშვლეს და პატარა დოდო წამოხტა და წკრიალა ხმით ისე ისროლა რეპლიკა, რომ მსახიობებმა ხმლები დაუშვეს… სკანდალები არც ქუჩაში აკლდა, „მაგარი ბიჭი“ იყო და გაუთავებლად ჩხუბობდა. არაერთხელ დაიხსნა ხორავამ მილიციის კლანჭებისგან.

დოდო აბაშიძემ რუსთაველის თეატრში მხოლოდ 7 წელი გასძლო და სკანდალურად და ერთობ უჩვეულოდ დასტოვა. დოდო ალექსიძეს მეოთხე ოიდიპოსად უნდოდა ხორავას, ვასაძის და ეროსი მანჯგალაძის შემდეგ, დოდოს არ ეპიტნავა: „რად მინდა მე ოიდიპოსი?“, თან რომ ნახა რომ უზარმაზარი ტექსტი ჰქონდა სასწავლი, დაჰკრა ფეხი და გაიქცა თეატრიდან…

დოდო აბაშიძეს არც პირად ცხოვრებაში აკლდა სკანდალები და სკანდალური რომანები. „დიდი მწვანე ველის“ გადაღებისას მძნივარე რომანი ჰქონდა ლია კაპანაძესთან – თავისი კონფლიქტებით, ბობოქარი წიაღსვლებით…

სანდრო ჟორჟოლიანი

 

სანდრო ჟორჟოლიანი რომ სკანდალური არტისტი იყო, ამაზე თუნდაც ის მეტყველებს რომ მან პირადად მისწერა წერილი პროლეტარიატის ბელადს – ლენინს. ჟორჟოლიანი აქტიუარდ იყო ჩაბმული ახმეტელის წინააღდეგ ბრძოლაში, მხარს მარჯანიშვილს უჭერდა….

პირადი ცხოვრებაც არანაკლებ სკანდალური ჰოქნდა, უყვარდა ახალგაზრდა ქალები, იმდენად რომ ცოლიც კი 23 წლით უმცროსი შეირთო 42 წლის ასაკში…

კოტე მახარაძე


ქართველ მსახიობთა შორის მას ალბათ ვერავინ შეეცილება რომანების რიცხვით. არც ამ რომანების „ხარისხი“ იყო ურიგო, თუ თვალს გადავავლებთ იმ ქალბატონების ვრცელ ჩამონათვალს, ვისთანაც მას მგზნებარე რომანები ჰქონდა. ბევრი მათგან საზოგადოებისთვის ცნობილია, ბევრი მხოლოდ ვიწრო წრისთვის… ის ხშირად აგვაინებდა რეპეტიციაზე, ან ქრებოდა რეპეტიციიდან და მერეღა აღმოაჩენდნენ რომ მასთან ერთად ქრებოდა კიდევ ერთი, რომელიმე არტისტი ქალი… მის პირად ცხოვრებას არც გატაცებები აკლდა და არც სერიოზული გრძნობები – მედეა ჩახავასთან, სოფიკო ჭიაურელთან…

სიცოცხლის ბოლო წლებში ის სხვა სახის სკანდალში გაეხვია – ქეთევან წამებულის შესახებ ინტერვიუში ისაუბრა და უჩივლეს ქეთევან წამებულისთვის შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისთვის…

ოთარ კობერიძე


ოთარ კობერიძე არ გამოირჩეოდა სკანდალურობით და კონფლიქტურობით, მაგრამ ცხოვრებაში მაინც ვერ ასცდა სკანდალებს. იტალიელმა პაპარაცებმა მაშინ გადაუღეს ფოტო როცა ატირებულ ორნელა მუტის იხუტებდა და ამშვიდებდა – როგორც კობერიძე ამბობს, მას ორნელა მუტი შესჩიოდა თუ როგორ არ აძლევდა მეუღლე ბავშვის ნახვის უფლებას და როგორ სძალავდა ფულს. მეორე დღეს კი ტაბლოიდებმა ყდაზე გამოაჭენეს ჩახუტებულები „ორნელა თავის თეთრწვერა სიყვარულთან“…

ეს სკანდალი მეტისმეტად კეთილშობილი იყო, იმ სკანდალისგან განსხვავებით, რომელშიც იგი საბჭოურმა „კაგებემ“ გახვია, საქმე სასამართლომდეც კი მივიდა, ბრალს სდებდნენ…. გოგოებთან საბჭოთა მოქალაქისთვის შეუფერებელი საქციელის ჩადენაში. იყო შეთითხნილი კომპრომატებიც, მაგრამ მას უკან არ დაუხევია….

ლია ელიავა

იყო პრინციპული და მისი ეს პრინციპულობა ხდებოდა უპრინციპო გარემოში სკანდალური. სკანდალურად მიიღო თბილისურმა ელიტამ მისი პოლიტიკური პოზიცია – იგი მხარს ზვიად გამსახურდიას უჭერდა.

დღეს რომ პრიმაკოვს უმღერიან ვართალალოებს და მაშინ ზვიადისტებს „სუნიანებს“ ეძახდნენ, მათ მინდა ვკითხო ერთი რამ – ქალბატონო ნანი, როდის შეგაწუხათ ლია ელიავას სუნმა?

მინდა ვკითხო იმიტომ რომ ქალბატონ ლიას გულს უკლავდა ამგვარი შეფასებები…

ლია ელიავა იყო პირველი ქართველი მსახიობი, რომელიც სიგარეტით ხელში გამოჩნდა ფოტოებზე…

70-იანი წლებში, ლია ელიავას ფოტო ამშვენებდა პოლონურ ჟურნალ „ეკრანის“ საახალწლო ნომრის გარეკანს და ლია ელიავა წლის ულამაზეს ევრპელ მსახიობ ქალად, წლის სახედ იყო დასახელებული…

მარინა კახიანი


მარინა კახიანს ჰქონდა დიდი სკანდალური რომანი. და ეს რომანი ინსტიტუტში დაიწყო – მარინა კახიანს თავისი პედაგოგი, მასზე 20 წლით უფროსი ცოლიანი კაცი შეუყვარდა – გია მატარაძე. უფრო სწორად ერთმანეთი შეუყვარდათ.

ამ ფაქტმა მაშინ დიდი მითქმა-მოთქმა, შოკი გამოიწვია საზოგადოებაში, იყო სკანდალები, ჭორები… მაგრამ შეყვარებული მარინა კახიანი ვაჟკაცურად დადგა, არ დაიხია უკან, დაუპირისპირდა საზოგადოებრივ აზრს და ცოლად გაჰყვა გია მატარაძეს…

გია ფერაძე


გია ფერაძე ერთობ კოლორიტული და სკნადალური პერსონა იყო, თავისი შარმის და იუმორის წყალობით. დღემდე ახსოვთ მისი სკანდალური ხუმრობები, შაყირი პროზად თუ სკრაბეზული ლექსები.

სადაც ერთად ფიგურიებდნენ, თეკლე და სოფი ლორენი: „მიხო გინდა, ლორენი, ეგ რომელი სოფია? მაგი მე არ მომცემს და თეკლა მ…. ჯობია…“.

თეატრში გია ფერაძე ფეხმოტეხილი მისულა – უტუფლოდ, ფეხზე თაბაშირი ედო. ნანული სარაჯიშვილს შეუცხადებია, უი, გია ფეხი მოიტეხე? აბა როდის იყო, რო ნასკით დავდიოდი თეატრში? – უპასუხია გიას.

ეს მხიარული და ლაითი სკანდალები მოგვიანებით მის თავს დამტყდარმა ტრაგიკულმა სკანდალმა გადაფარა სამუდამოდ… ახალგაზრდა ცოლი, მისი ნასროლი ტყვიით მოკვდა…

ნუგზარ შარია


ნუგზარ შარია ნამდვილად სკანდალური არტისტია. მან მოახერხა თავი დაეღწია საბჭოეთისთვის და საზღვარგარეთ წასულიყო საცხოვრებლად. მისი გქცევა ნამდვილად იყო დიდი სკანდალი მთელ საბჭოეთში.

დაიბეჭდა “პრაიმტაიმში”