Tag Archives: რეზო ჩხეიძე

ლეილა აბაშიძის ბედისწერა

გარდასახვას ლამობდა ყველგან, რადგან არ აცლიდნენ ეკრანზე გარდასახვას

ამ დღეებში, 1 აგვისტოს, ლეილა აბაშიძის დაბადების დღე იყო. „ფეისბუკმა“ შემახსენა სქროლვისას, უფრო სწორედ ერთ-ერთი გვერდი თუ საიტი გვახსენებდა საზოგადოებას  დიდი მსახიობის დაბადების დღეს….

არ  ვიცი საიდან დავიწყო, ამ მართლაც განუმეორებელი ქალის გახსენება…

ალბათ უხსოვარ ბავშვობიდან, როცა პირველად ვნახე ფილმები მისი მონაწილეობით. ალბათ „ჭრიჭინა“ ვნახე პირველად, ან უფრო „მაია წყნეთელი“, ან შეიძლება სულაც სხვა… ისტორიული ფილმები მიყვარდა და ალბათ ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას, მაინც „მაია წყნეთელი“ მოახდენდა…

შემდეგ ის ცოცხალ ისტორიაში შემოიჭრა და იმდენად შთამბეჭდავად, რომ დღესაც კი მახსოვს – ზვიად გამსახურდიას მხარდასაჭერად გამოვიდა მიტინგზე, მახსოვს მისი მგზნებარე გამოსვლა, ხსენება მაია წყნეთელის…

არ ვიცი მანამდე თუ შემდეგ, ბებიაჩემისგან გავიგე რომ ლეილა აბაშიძე „ჭრიჭინას“ შემდეგ ამერიკულმა პრესამ გამოაცხადა კინოვარსკვლავად და საბჭოეთის მერი პიკფორდად…

მართლა არ ვიცი, საიდან დავიწყო გახსენება, იქიდან საიდანაც უკვე დავიწყე, თუ გაზეთ „ეკრანს“ რომ მივწერე წერილი, ლეილა აბაშიძესთან დაკავშირებას, კორდინატებს რომ ვთხოვდი. მახსოვს, მომწერა კიდეც ქალბატონმა სალომე ზვიადაძემ ლეილა აბაშიძის კორდინატები. წერილიც მივწერე, ვუქებდი როლებს, კინოში განსახიერებულს და როლს, რომელსაც თამაშობდა ერის ისტორიაში… შემდეგ ინტერვიუსთვის დავურეკე კიდეც, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ. ინტერვიუ გაზეთ „ნერგისთვის“ მინდოდა, სადაც უკვე კაი ხანია ვიბეჭდებოდი… უარი მითხრა… შემედეგ, 1995 წელს, 18 წლისამ, როგორც კი დავიწყე გაზეთ „ფიქრების“ გამოცემა, ვარსკვლავთან რეკვა განვაახლე…

არ მთანხმდებოდა. შემდეგ, უფროსმა კოლეგამ, ერთობ გულისხმიერმა ქალბატონმა, ჟურნალისტმა ლალა გორდაძემ შემომთავაზა დახმარება და სწორედ მისი ძალისხმევით შედგა შეხვედრაც და ინტერვიუც.

მახსოვს, კარი ახალგაზრდულად შემართულმა ლეილა აბაშიძემ გაგვიღო, არადა უკვე 66 წლის იყო… ნამდვილად არ ეტყობოდა ასაკი, ან ესეც მისი ქარიზმა იყო, ასაკს რომ სადღაც ისვრის, ჰორიზონტს მიღმა…

ამ გადასახედიდან ვფიქრობ რომ ის იყენებდა თავის განუმეორებელ ნიჭს – გარდასახვის, დიახ, იმ დღეს ის გარდაისახა ახალგაზრდა ლეილა აბაშიძედ… განასახიერა ახალგაზრდა ლეილა აბაშიძე, ამას მაფიქრებინებს ის, რომ შემდეგ დღეებშიც, როდესაც ინტერვიუზე ვმუშაობდით, ასაკი უკვე ეტყობოდა…

დიახ, იმ პირველ დღეს, ინტერვიუ არ მოუცია, გაგვიმასპინძლდა, ბევრი ვისაუბრეთ დიქტოფონის გარეშე და ინტერვიუსთვის მომდევნო დღეს დამიბარა. დიქტოფონი არც მერე გაიკარა, ის მიამბობდა და ვიწერდი კალმით… შემდეგ დღეებში  ვაკითხებდი, ვასწორებდით, კვლავ ვამატებდით. იხსენებდა ახალ დეტალებს, ნიუანსებს… ახლა უკვე ქაღალდზე ლამობდა გარდასახვას…

ლამობდა ყველგან, რადგან არ აცლიდნენ ეკრანზე გარდასახვას… მე რომ შევხვდი 1996 წელი იდგა. ზუსტად 10 წელი იყო გასული, რაც ბოლო ფილმი გამოვიდა ეკრანებზე მისი მონაწილეობით – ლანა ღოღობერიძის „ორომტრიალი“, სადაც ის მანანა იაშვილს ასახიერებდა… მანამდეც უკვე იშვიათად იღებდნენ და „ორომტრიალის“ შემდეგაც არ ღირსებია მას ის ორომტრიალი, რასაც კინოს გადაღება ჰქვია…

დიახ, მე რომ შევხვდი, 10 წელზე მეტი ეკრანს არ იყო გაკარებული, და შემდეგაც არავინ გააკარა, არადა იმ ჩვენი ინტერვიუს შემდეგ კიდევ 22 წელი იცოცხლა…

სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე, ანრი ჯოხაძემ სპეციალურად მისთვის დაწერა სცენარი, როლზეც დაითანხმა,  ვიცი, ზუსტად იქ, იმ წამებში იქნებოდა მისი ბედნიერება… მაგრამ ის ფილმი ვერ შედგა, ანრი ჯოხაძემ კლიპში გადაიღო შემდეგ…

განუმეორებელმა არტისტმა, ლეგენდამ  32 წელწადზე მეტი იცოცხლა უეკრანოდ….

ახლა ვაცნობიერებ იმ ტრაგიზმს, რაც სდევდა მის სიტყვებს, რომელიც მე მითხრა და დაჟინებული მოთხოვნით ინტერვიუშიც შემატანინა…

„ვისურვებდი, როცა შენი გაზეთი „ფიქრები“ გამოვა უდიდესი ტირაჟით და ყველაზე მეტი მკითხველი ეყოლება, შენ რედაქტორობასთან ერთად, კინორეჟისორიც ყოფილიყავი და ინტერვიუ კი არა, როლი შემომთავაზო. მე შენში ვხედავ ჭკუას, ნიჭს, ადამიანის სიყვარულს, შებრალების უნარს, მსახიობის შრომის ფასის ცოდნას, მიზანდასახულობას, ემოციურობას, რომელიც ყველა რეჟისორს დაამშვენებს. ეს ჩემგან იყოს წინასწარმეტყველებად და დიდ სურვილად!“

„ფიქრები“ სამწუხაროდ ვერ იქცა ყველაზე დიდ ტირაჟიან გაზეთად, 2 წელიწადში, უსახსრობის გამო იძულებული გავხდი მისი გამოცემა შემეწყვიტა…. სამაგიეროდ, ახდა მისი წინასწარმეტყველება, მე ვიქეცი რეჟისორად… მაგრამ თეატრის რეჟიოსრად და ვერც როლი ვერ შევთავაზე დიდ მსახიობს…

მისგან სახსოვრად დამრჩა დროის მაცნე  – მაჯის საათი, რომელიც ორიოდე წელში დავკარგე მე, მაგრამ არ დაკარგა ხსოვნამ. დრომ ვერ გაახუნა ის საჩუქარი, მასავით განუმეორებელი – ჰოლივოდიდან ჰქონდა ჩამოტანილი, იაპონელების, Casio-ს სპეცსაჩუქარი ჰოლივუდისთვის – მაჯის საათში ჩატვირთული იყო ჰოლივუდის მსახიობების,  პროდიუსერების, რეჟიოსრების საკონტაქტო ინფორმაცია, ტელეფონის ნომრები… ჰქონდა კალენდარი მოკლე ჩანაწერებისთვის, ასევე შეგეძლო დაგემატებინა, შეგენახა კონტაქტები… და ეს მაშინ, 1996 წელს…

ვიხსენებ ახლა და ეს გახსენება მავსებს ნათელი სევდით, თუკი შეიძლება სევდა იყოს ნათელი…

„ახალგარზრდობაში არ ვამჩნევდი, რომ ჩემი შურდათ. მეგონა ყველას უხაროდა ჩემი წარმატება. მაგრამ სამწუხარიდ ასე არ ყოფილა, ბევრმა, ვინც მოკეთე მეგონა, მიმტრო, გზა გადამიღობა… ჩვენი სიცოცხლე ხანმოკლე გასეირნებაა მარადიული ძილის წინ, მე არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც არ აფასებენ სიცოცხლის ყოველ წუთს… მე საკმაოდ მძიმე ცხოვრება გამოვიარე და მუდამ დაუოკებელი სურვილი მქონდა, ბედნიერი ვყოფილიყავი. ეს წყურვილი დღესაც მკლავს…“

– ამას იმ ინტერვიუში მეუბნებოდა, რომლის შემდეგ კიდევ 22 წელი იცოცხლა უეკრანოდ…

ის პრაქტიკულად 40 წლისა ჩამოაშორეს ეკრანს… მანამდეც და მერეც სიცოცხლე მოუწამლეს მტკივნეული პაუზებით. თავს ნუ მოვიტყუებთ იმით, რომ  მაშინ ცოტა ფილმებს იღებდნენ. ცოტას კი არა, სწორედაც რომ ბევრს იღებდნენ, მაგრამ საკითხავია ვის იღებდნენ?

ლეილა აბაშიძემ სულ 22 ფილმში ითამაშა. ამ 22–დან 14 ფილმში მთავარი როლი განასახიერა. „ქაჯანა“ რომ ეკრანებზე გამოვიდა, ის ჯერ 12 წლისაც არ  იყო. „ქაჯანას“ მოჰყვა „ოქროს ბილიკი“, „აკაკის აკვანი“ „ქეთო და კოტე“, „გაზაფხული საკენში“… ნიადაგი შემზადდა ვარსკვლავობისთვის და ის მართლაც ვარსკვლავად იქცა. 1954 წელს ეკრანებზე ორად–ორი ფილმი გამოვიდა და ორივეგან ლეილა აბაშიძე იყო მთავარ როლში – „ჭრიჭინა“, „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“.  

მის ფოტოები ეკრა ყველგან – „ცეკას“ კაბინეტებშიც და „საპოჟნიკებთანაც“. იშვიათად რომ ვინმე ყოფილიყოს ლეილასავით პოპულარული.

1956 წელს ეკრანებზე გამოვიდა „აბეზარა“, „ჩვენი ეზო“.

მომდევნო, 1957–58 წლებში ეკრანზე 9 ფილმი გამოვიდა, ცხრავე მის გარეშე, მაგრამ დანაკლისი მალევე ანაზღაურდა – 1959 წელს ეკრანებზე გამოვიდა „მაია წყნეთელი“, „სად არის შენი ბედნიერება მზია“.

მზიას ბედნიერებისა რა გითხრათ, მაგრამ ამ ფილმის შემდეგ  31 წლის ლეილას ეკრანული ბედნიერებაც დაპაუზდა – 4 წლით. ამ ოთხი წლის მანძილზე 46 ფილმი გამოვიდა! ყველა მის გარეშე! ამ პაუზის დროს ის აზერბაიჯანმა გადაიღო მთავარ როლში და ლეილა აბაშიძემ ბედი თეატრში სცადა. მაგრამ არც აქ დაჰყვა ბედი… რეალურად კი ის გაწირეს…

თეატრში სახელგანთქმულ კინოვარსკვლავს როლი მისცეს წყალწყალა პიესაში, წინასწარ მარცხისთვის განწირულ სპექტაკლში. ქართული თეატრის ისტორიას გაკვრით ახსოვს ეს ცრუ–პათეტიკური სპექტაკლი – „ამირანი“ (დაიდგა 1963 წელს, რუსთაველის თეატრში), ეს ჩავარდნილი სპექტაკლი არც იქნებოდა გამორჩეული სხვა ასეთივე აურაცხელი უღიმღამო, გაფუყული სპექტაკლებისგან, რომ არა ისევ ლეილას ფაქტორი… თეატრში როლის ჩავარდნამ საერთოდ აუცრუა გული თეატრზე ლეილა აბაშიძეს, აგორდა ტალღა რომ კინომსახიობმა თეატრში ვერ ივარგა… არადა, თეატრალურ ინსტიტუტში სწავლისას  ლეილა აბაშიძემ გურამ საღარაძესთან ერთად  წარმატებულად ითამაშა თუმანიშვილის დადგმულ ტურგენევის პიესაში „ერთი თვე სოფლად“. „ ლეილა აბაშიძე შემდეგ არსად მინახავს უფრო ლაღი, ორიგინალური, რაღაც მოუხელთებელი სიწმინდით სავსე…“ – წერს ნოდარ გურაბანიძე…

1964 წელს ლეილა კინოში ბრუნდება ფილმით „ხევისბერი გოჩა“. იმ წელს ეკრანებზე გამოსული 11 ფილმიდან, ის მხოლოდ ამ ერთ ფილმშია. 1965 წელს გამოსულ 14 ფილმიდან არცერთშია. 1966 წელს ეკრანებზე გამოვიდა 10 ფილმი, ლეილა ორ ფილმში იყო, ორივეგან მთავარ როლში – „შეხვედრა მთაში“, „შეხვედრა წარსულთან“.

და კვლავ 2 წლიანი პაუზა, როლის მოლოდინში, იგი თავად წერს სცენარს და თამაშობს მთავარ როლს ფილმში „მოლოდინი“ (1969წ.). 1970 წელს მხოლოდ ვარდისახარს ასახიერებს „დიდოსტატის მარჯვენაში“. იწყება კვლავ ხანგრძლივი პაუზა – ამჯერად 5 წლიანი… ლეილა მხოლოდ 41 წლისაა… 1971–75 წლებში ეკრანებზე გამოდის 97 ფილმი – ლეილა არც ერთგანაა!!!  კინოში 47 წლის ბრუნდება, 1976, 1977, 1978  წელს თითოჯერ გაიელვებს ეკრანზე და ისევ პაუზა. ისევ პაუზა, სანამ თავად არ გადაიღებს საკუთარ თავს ფილმში „თბილისი- პარიზი-თბილისი“ (1980წ.).

1982 წელს ეკრანებზე გამოვა „ყველა კომეტა როდი ქრება“ – ლეილა აბაშიძის მონაწილეობით. ისევ ქრება ეკრანებიდან.  ვიდრე 1986 წელს ლანა ღოღობერიძის ფილმი არ გამოვა ეკრანებზე – ლეილა მსახიობ ქალს თამაშობს – მანანა იაშვილს. ლეილა აბაშიძე ამ ფილმისთვის პრიზსაც მიიღებს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე.

ლანა ღოღობერიძის „ორომტრიალში“ ლეილა აბაშიძეს, პრაქტიკულად, არც დასჭირვებია თამაში – მან თავისი ტკივილი ითამაშა კინოში. მისი გმირი მანანა იაშვილიც უროლოდ დარჩენილი ვარსკვლავი იყო….

 „ორომტრიალის“ შემდეგ კვლავ დაიწყება დიდი, უკიდეგანო პაუზა მის შემოქმედებაში, რომელიც მხოლოდ გარდაცვალებამ დაასრულა…

ის 56 წლის ასაკში საბოლოოდ ჩამოაშორეს ეკრანს…  

კინოში 11 წლის მოვიდა. კინო 56 წლისამ დატოვა. რამდენი წელიც იყო ეკრანზე, ერთი იმდენი უეკრანოდ გალია – საკუთარ ჩრდილქვეშ…

ის ხალხს უყვარდა და სწორედ ეს სიყვარული აძლებინებდა მას უკიდეგანო პაუზების დროს.

არადა, მართლა ბევრი არავინ იყო მისებრ პოპულარული. მის ფოტოებს მართლაც ყველგან ნახავდით – ცეკას კაბინეტებშიც, სახლებშიც, საპარიკმახეროებშიც, მართლა „საპოჟნიკებთანაც“.

მას აღარ იღებდნენ კინოში, მაგრამ ის მაინც ათეული წლები ინარჩუნებდა ზე-პოპულარობას.  მაშინაც როცა კინოში იღებდნენ და შემდეგაც, მასზე არათუ ჭორები დადიოდა, ითხზვებოდა და ტალღებად იშლებოდა ლეგენდები, მითები… მაშინ არც ყველთელი პრესა იყო, მითუმეტეს არც სოცქსელები და ის „ზეპირჭორაობის“, თბილისური „ფოლკლორის“ უცვლელი გმირი იყო.

ერთ-ერთი ასეთი მითი, ჭორი თუ ლეგენდა იყო ის, რომ ახალგაზრდა მსახიობმა გოჩა აბაშიძემ თავი სწორედ ლეილა აბაშიძის გამო მოიკლა….

დიახ, თბილისში დღემდე ახსოვთ მისი სკანდალური რომანი მსახიობ გოჩა აბაშიძესთან. რომანი მითი არ ყოფილა, მითი იყო ის, რაც ბევრს სჯეროდა – რომ ბრალი მის თვითმკვლელობაში ლეილა აბაშიძეს მიუძღვოდა. დიახ, თბილისი წლების მანძილზე მას ადანაშაულებდა გოჩა აბაშიძის თვითმკლელობაში.

ამ ბურუსით მოცულ ისტორიას წლების შემდეგ გოჩა აბაშიძის მეუღლემ,  კოპოზიტორმა ნუნუ გაბუნიამ 1996 წლის ივნისში, ჩემთვის მოცემულ ინტერვიუში ახადა ფარდა.

ფარდა ახადა გოჩა აბაშიძის თვითმკლელობიდან ზუსტად 35 წლის შემდეგ! 

ქალბატონი ნუნუ გაბუნია არ უარყოფდა რომ იმ პერიოდისთვის გაცილებული იყო გოჩა აბაშიძესთან, სწორედ ამ გახმაურებული რომანის გამო, მაგრამ იგი გოჩას სიკვდილში არ ადანაშაულებდა ლეილა აბაშიძეს:

„მე გოჩას სიკვდილში ვერ დავადანაშაულებ და არც დავადანაშაულებ ლეილა აბაშიძეს. მას ბრალი არ მიუძღვის. არსებობს მრავალი მიზეზი, რომელიც ამუქებდა გოჩას ცხოვრებას და საბოლოოდ ასეთი ნაბიჯი გადაადგმევინა. გოჩას მამა გარდაეცვალა, დედამისს სხვა ოჯახი ჰქონდა. გოჩამ თავისი „პობედა“ გაყიდა, ვინც იყიდა, ფული გადაუხადა, მაგრამ ვერ გადაიფორმა და უკან დაუბრუნა და ფული მოსთხოვა. ფული ოჯახს უკვე დახარჯული ჰქონდა, მოვალე ყოველდღე აწუხებდა, დილიდან ურეკავდა, უკაკუნებდა, სადარბაზოსთან ელოდებოდა, სახლში ვერ შედიოდა და აუივნიდან გადადიოდა. იმ დროს უკვე კინოსტუდიაში მუშაობდა, „თეთრ ქარავანში“ უნდა ეთამაშა მთავარი როლი, სტუდიაში ავანისისთვის მივიდა, რომ ამ ავანისთ მაინც გადაეხადა ვალის ნაწილი. მივიდა, ბატონ ელდარ შენგელაიას სთხოვა ავანსი, მან უთხრა რომ მოხსნილი იყო როლიდან… ეს გზაც მოეჭრა ვალის გადახდის, ამასთან მთელი წელი უხელფასოდ რჩებოდა, რადგან ფილმში არ იყო დაკავებული, გაცეცხლებული შევიდა დირქეტორთან, კობახიძესთან, მდივანმა გაიგონა კობახიძის სიტყვები – შავგულიძე მოკვდა, თან არავინ გადაყოლია, შენ ვინ გადაგყვებაო. გამოვარდა გარეთ, ამ დროს მისაღებში ისხდნენ ლეილა აბაშიძე და დევი აბაშიძე, დევიმ სთხოვა, გაჰყევი ამ ბიჭს თავს არაფერი აუტეხოსო. ლეილა აედევნა გოჩას. გოჩა ჩაჯდა მანქანაში და გავრდა, მას რომ სიკვდილი სდომოდა, მანქანითვე გადაიჩეხებოდა სადმე. ალბათ ამით ვინმეს შეშინება უნდოდა, დალია საწამლავი და მიაკითხა ლეილამაც… გოჩა ხელებში ჩააკვდა და ეს რომ დაინახეს ყველაფერი ლეილას დააბრალეს, ეს რომ ტყუილი იყო, მე თვითონაც გვიან გავიგე…“

ეს მძიმე ჯვარი ზიდა ლეილა აბაშიძემ  ათეულობით წლები…

ლეილა აბაშიძე იყო ბედის ნებიერიც და უკიდირესად უბედურიც. ბედნიერება და უბედურება თითქოს ზოლებად გასდევს მის ცხოვრებას – როგორც ზებრას შავ-თეთრი ზოლები…

ეს ასე იყო იმთავითვე, ბავშვობიდანვე. ჯერ იყო უდარდელი ბავშვობა, რასაც მოჰყვა მამის დახვრეტა, დედის გადასახლება… მახსოვს, ინტერვიუში პირველ კითხვად მასზე დაწერილი პირველი რეცენზიის გახსენება ვთხოვე. ის კი მოგონებებმა შორეულ ციმბირში გადაისროლა…

„გაგიკვირდებათ, მაგრამ პირველი რეცენზია ჩემზე, გაცილებით ადრე გაჩნდა, ვიდრე რაიმეს შევქმნიდი კინოხელოვნებაში. ეს მარტო რეცენზია არ იყო, ეს თითქოს წინასწარმეტყველებაც იყო, რომელიც დაიბეჭდა შორეულ ციმბირში, გაზეთში „სიბირსკაია პრავდა“…

ციმბირით გაკვირვება რომ შემატყო, ნაღვლიანად განაგრძო:

„დიახ, ციმბირი…მე ძალიან მძიმე ბავშვობა მქონდა. მამა კარგად არც კი მახსოვს, მაგრამ უზომოდ მიყვარს… მამას მაღალი თანამდებობა ეჭირა, როცა დააპატიმრეს, მთელი ოჯახი მოსკოვში ვცხოვრობდით. მისამართი ახლაც მახსოვს – ძველი არბატი, „მედვეჟნი პერეულოკი“… მამა უმიზეზოდ დახვრიტეს 1937 წელს. დედაც გადასახლებაში იყო, და-ძმა ნათესავებთან ვიყავით დატოვებული. მესამე ძმა ციმბირში გაჩნდა.

მამის დახვრეტამდე, მეც ვიყავი ციმბირში და იქ გამართულ კონცერტებში ვმონაწილეობდი. ვკითხულობდი ლექსებს, ვცეკვავდი, და წუთით მაინც ვავიწყებდი პატიმრებს თავის ხვედრს. სხვათა შორის, უკვე აღიარებულ მსახიობს, მამიდამ ერთ-ერთ დაბადების დღეზე ციმბირიდან გამოგზავნილი, გაყვითლებული გაზეთი „სიბირსკაია პრავდა“ გამომიჩინა. იქ ჩემი და მამაჩემის ფოტო და სტატიაც იყო დაბეჭდილი – „მამა-შვილი“. ამ სტატიაში ეწერა: „როდესაც პატარა ლეილა სცენაზე გამოჩნდება, დარბაზი მქუხარე ტაშით ხვდება მომავალ დიდ მსახიობს“. ეს იყო პირველი რეცენზია-წინასწარმეტყველება ჩემზე…“

ციმბირული წინასწარმეტყველება მალე ახდება და პატარა ლეილას ჩამუქებულ ბავშვობას უცებ გადაანათებს და ააფერადებს კინო.

კინოსტუდია „ქაჯანას“ იღებდა და პატარა გოგონებს არჩევდა ქაჯანას დის – კატოს როლზე. პატარა ლეილა აბაშიძე კინოსტუდიაში „კასტინგზე“ მარტო წავიდა. იქ კი ასობით პატრონიანი გოგონა დახვდა, კულულებით, დიდი ბაფთებით.

რეჟისორის ასისტენტებმა პატარა ლეილა „დაბრაკეს“ – უარით გამოისტუმრეს…

„რეჟისორის ასისტენტებმა სინჯებიდან უარით გამომისტუმრეს. გულახდილად რომ გითხრათ, ალბათ დამიწუნეს. ამ როლზე, ყველანი ლამაზი, კულულებიანი, გახამებულბაფთიანი გოგონები იყვნენ, თანაც პატრონიანები, იმათ ფონზე არამომგებიანად გამოვიყურებოდი. დამიწუნეს და გამომიშვეს. დახვეულ კიბეს ბიჭურად მოვაჯექი და მეოთხე სართულიდან ძირს დავეშვი. დავეშვი და ვიღაც მამაკაცს დავეჯახე. ის კაცი ნიკოლოზ პიპინაშვილი აღმოჩნდა -„ქაჯანას“ დამდგმელი რეჟისორი. ბატონი კოლია წაბორძიკდა და ქუდი დაუვარდა, მე მივაწოდე.

_ აქ რა გინდოდა გოგონა? _ მკითხა.

_ მე კინოში გადაღება მინდოდა, მაგრამ უარი მითხრეს.

_ ძალიან გინდა გადაღება? _ მკითხა თბილად.

_ ძალიან, ძალიან. _ ვუპასუხე გულდაწყვეტილმა.

_ აბა, წამოდი.

მომკიდა ხელი და წამიყვანა, ალბათ ჩემს ბიჭურ ხასიათში დაინახა კატოს ხასიათი.“ – ასე იხსენებდა საკუთარი კინოკარიერის დასაწყისს ლეილა აბაშიძე ჩემთან ინტერვიუში.

„ქაჯანას“ პრემიერა 1941 წლის 27 მაისს შედგა. პრემიერამ დიდი სიხარული და სიხარულზე კიდევ უფრო დიდი პოპულარობა მოუტანა 11 წლის ლეილას. მალე პატარა მსახიობი პიონერთა საერთაშორისო ბანაკ „არტეკის“ საგზურითაც დააჯილდოვეს. ლეილა 2 დღის ჩასულიც არ იყო ყირიმში და… დაიწყო მეორე მსოფლიო ომი და ატყდა ერთი უბედურება. ყირიმი იბომბებოდა,  ზღვაზე მოძრაობა შეწყდა. ბავშვები სასწრაფოდ მოსკოვში გადაიყვანეს… აქ საქართველოში უკვე გამოტირებულები ჰყავდათ ბავშვები, ერთი თვის შემდეგ როგორღაც, ბაქოს ბაქოს გამოვლით რომ დაბრუნდნენ თბილისში…

პატარა ლეილამ „ქაჯანაში“ აღებული ჰონორარით…. ბინა იყიდა. 12 კვადრატულმეტრიანი ოთახი ვერის ბაღთან, ნავთის წერტის თავზე. ასე დაესვა წერტილი ლეილას ოჯახის უსახლკარობას, რაც გამოწვეული იყო ისევ და ისევ მამის დაპატიმრებით, რასაც მოჰყვა ქონების კონფისკაცია და ოჯახის ქუჩაში დატოვება…

სწორედ, იქ, იმ ღარიბულ, ერთ ბეწო ბინაში აკითხავდა მას ეკრანული დედა – ნატო ვაჩნაძე, ვისგანაც პატარა ლეილამ მიიღო და გადაიბარა ვარსკვლავობის ესტაფეტა…  სიმბოლურია, რომ დღეს რუსთაველზე მათი ვარსკვლავები გვერდი-გვერდ აგია….

„ნატო ვაჩნაძე დედაჩემის როლს თამაშობდა და მხოლოდ კადრში კი არა, ცხოვრებაშიც გასაოცარ დედობრივ მზრუნველობას იჩენდა ჩემს მიმართ. ომის პერიოდი იყო და ყველას გვიჭირდა. მახსოვს, არაერთხელ დაეხმარა ჩვენს მატერიალურად გაჭირვებულ ოჯახს. მთელი ქუჩა გამოეფინებოდა ხოლმე, როდესაც სტუმრად გვეწვეოდა ჩვენს პატარა, ღარიბ ოჯახში. ნატო დედაჩემთან მეგობრობდა, მოჰქონდა საჩუქრები, ტანსაცმელი… ფილმში – „აკაკის აკვანი“ ერთად თამაშის შემდეგ, ქალბატონმა ნატომ, ამ ვარსკვლავმა, მე ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეს, შემომთავაზა თავის კონცერტში მონაწილეობა. მას გვერდს უმშვენებდნენ თამარ ციციშვილი, სპარტაკ ბაღაშვილი, კოტე დაუშვილი, ედიშერ მაღალაშვილი. ამ კონცერტებით მთელი საქართველო მოვიარეთ. ზღვასავით მოედინებოდა ხალხი, ხეიბრები საკაცეებით მოჰყავდათ, რომ ცოცხალი ნატო ეხილათ. მსგავსი პოპულარობა მე არც მინახავს და არც მსმენია. ნატო ღმერთქალი იყო და ჩვენს გვერდით დააბიჯებდა. ჭეშმარიტი ვარსკვლავი იყო და ცაში ვარსკვლავივით გაქრა. გაქრა იმ პერიოდში, როდესაც „ჭრიჭინას“ ვიღებდით. მას პროფესორის ცოლის როლი უნდა ეთამაშა, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ ალექსანდრა თოიძემ ითამაშა…“ – ამბობდა ჩემთან ინტერვიუში…

მოკლედ, „ჭრიჭინა“ კინოვარსკვლავის გარეშე გადაიღეს, მაგრამ სწორედ „ჭრიჭინაში“ აელვარდა ახალი ვარსკვლავი – ლეილა აბაშიძე.  როგორც უკვე აღვნიშნე, ამერიკელებმა მას კინოვარსკვლავის ტიტული სწორედ „ჭრიჭინას“ გამო უბოძეს. 

1954 წელს, ამერიკაში საბჭოთა ფილმების კვირეულის ფარგლებში, „ჭრიჭინას“ ნახვის შემდეგ „დეილი უორკში“ კინოკრიტიკოსი წერდა „ახლა საბჭოელებს თავისი ეკრანის ვარსკვლავი, თავისი მერი პიკფორდი ჰყავთ“.

ინტერვიუში ეს ფაქტი რომ შევახსენე, 40-ზე მეტი წლის წინანდელმა აღიარებამ თავიდან ააელვარა:

„დიახ, ეს ჩემთვის მეტად სასიხარულო და საპასუხისმგებლოა. იყო ვარსკვლავი არ ნიშნავს იბეჭდებოდე დიდი შრიფტით,შენი სახელით აჭრელებული იყოს პრესა, ან გამუდმებით ჩანდე ტელეეკრანზე. ვარსკვლავი მაშინ ხარ, როდესაც ადამიანის გულებს დაიპყრობ. ეს ჩემი კი არა, დევიდ გიფიტის სიტყვებია. რამდენად მოვახერხე ამ მძიმე ტვირთის ზიდვა, ვერ გეტყვით, მაგრამ ხალხის უსაზღვრო სიყვარულს კი ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ. ალბათ ეს მაცოცხლებს და მასულდგმულებს.“

ლეილა აბაშიძე – ქართველი სექსბომბა

მას არც მაყურებლის სიყვარული და თაყვანისცემა აკლდა, როგორც  კინოვარსკვლავს, და არც  მამაკაცთა თაყვანისცემა – როგორც ქალს.

მისი თანაკურსელი დიანა კესნერი იხსენებდა რომ მოსკოვის მეცხრე საერთაშორისო კინოსფესტივალზე, 1975 წელს, ჩალმამოხვეული ლეილა აბაშიძე „ათას ერთი ღამის“ პრინცესას გავდა და მამაკაცთა ყურადღების ცენტრში იყო, არადა იმ წელს მოსკოვს სტუმრობდნენ სოფი ლორენი, ლიზ ტეილორი, ჯინა ლოლობრიჯიდა, მარინა ვლადი… ძლიერ სქესის ღირსებას  კი იცავდნენ რიჩარდ ბარტონი, მარჩელო მასტროიანი, დინ რიდი, დანიელ ოლბრეხტი… როგორც დიანა კესნერი იხსენებს, ამ ფესტივალმა ლეილას დიდების გარდა, სიურპრიზიც მოუტანა, სასიამოვნო, მაგრამ მეტიმსტად საჩოთირო…

ლეილა აბაშიძეს ხელი ორმა ფინანსურმა მაგნატმა, ორმა მულტიმილიონერმა სთხოვა – ეგვპიტელმა და მექსიკელმა. ეგვიპტელი პირდებოდა საკუთარ კინოსტუდიის გახსნას, სადაც ლეილა იმოღვაწევობდა როგორც კინორეჟისორი, პროდიუსერი, მსახიობი, სრული ბატონ-პატრონი იქნებოდა იმ კინოსტუდიის, სანაცვლოდ კი სარეცელი უნდა გაეზიარებინა იმ ეგვიპტელის ორ ცოლთან ერთად.

მექსიკელი  მსახიობი და რეჟისორი, სიმპატიური (თუმც კი 70-ს მიტანებული) ემილიო ფერნანდესი  კი მას თავსა და მილიონებს სთავაზობდა.

ლეილა აბაშიძემ რომ ამ შეთავაზებაზე უარი თქვა ეს ფაქტია.

ეს იქ მოსკოვში, აქ, თბილისში კი ამბობენ რომ მას არც აქ აკლდა მსგავსი წინადადებები. თბილისში დღესაც ახსოვთ, რომ ის რეზო ჩხეიძეს უყვარდა, უყვარდა და ცოლობასაც სთხოვდა. მაგრამ რატომღაც ლეილამ უარი თქვა…

ლეილა აბაშიძე და რეზო ჩხეიძე

თბილისში დღესაც იხსენებენ სხვა ტრფობის ისტორიებსაც… ამ ყოველივეს ხელს უწყობდა  ლეილა აბაშიძის ბორგნეული ხასიათიც, ქალური ხიბლიც და სითამამეც. სექსუალურობაც და ელეგენატურობაც. დიახ, ლეილა აბაშიძე, ალბათ ერთ-ერთი პირველი ქართველი მსახიობი ქალი იყო, რომელიც სექსბომბის ტიტულითაც სარგებლობდა მაყურებელშიც და ქალაქშიც.

და რაც პარადოქსია, ეს ხდებოდა „ბიჭურობის“ პარალელურად…

ეს პარადქოსი კი მხოლოდ მისი დიდი არტისტული დიაპაზონით აიხსენება –

ის იყო ქალაქელი სექსუალური ქალიც, მძღოლიც, სოფლელი გოგონაც, ახტაჯანაც, ქალაბიჭაც, გმირი ქალიც…  ქართულმა კინომ, ასე თუ ისე გამოიყენა მისი მრავალგვარობა. მისი ბიჭური ხასიათი ქართულმა კინომ გამოიყენა ფილმში „მაია წყნეთელი“.

მაია წყნეთელი მსახიობის უსაყვარლესი როლი იყო…

ლეილა აბაშიძე: „მე პირველი შვილი ვიყავი, მამაჩემი კი თურმე ბიჭის შეძენაზე ოცნებოდა, ამიტომ სანამ ჩემი მომდევნო ძმა გაჩნდებოდა, ბიჭურადაც კი მაცმევდნენ. სადღაც მაქვს შემონახული ფოტო, ფაფახიც კი მახურავს. მამას ნადირობა უყვარდა და მახსოვს სულ მპირდებოდა, სანადიროდ წაგიყვანო… ალბათ, ამანაც განაპირობა ასე ადვილად რომ შევძელი მაია წყნეთელად გარდასახვა, ქალაბიჭას როლის თამაში. სხვათა შორის, ბავშვობაში, მამისაგან ნასწავლი მთიულურის რამდენიმე ილეთი ფილმშიც გამომადგა. ილიკო სუხიშვილს, როდესაც ცეკვაში მამეცადინებდა, გაუკვირდა კიდეც ილეთები პირველივე რეპეტიციებზე რომ ავითვისე.

/ჩემი ინტერვიუდან/

“მე თვითონ მიკვირს ის გარდასახვა, რომელიც ჩემში მოხდა. ზოგიერთ კადრში მართლა პირწავარდნილი ბიჭი ვარ… ეს კი არც ისე ადვილი იყო. ყოველდღე, დილის ხუთ საათზე ვდგებოდი, ვატარებდი 12-კილოგრამიან ტვირთს – აბჯარს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ დილიდან საღამომდე ცხენზე ვიჯექი. მაგრამ რადგანაც გმირი ქალის როლს ვთამაშობდი, შინაგანად მეც გავკაჟდი და საოცარი ძალა მომეცა. ცხენით სიარული სპეციალურად ამ როლისთვის ვისწავლე. მე ხომ აბაშიძის ქალი ვარ. ჩემს ოჯახში დღემდე შემონახულია ბებიაჩემის ქალური უნაგირი, ბებია – ბარათაშვილის ქალი, შესანიშნავი მხედარი იყო. თურმე არაერთ ასპარეზობაში მონაწილეობდა. ცხენზე ამხედრებული ვარ სხვა ფილმებშიც – „შეხვედრა მთაში“,  „მოლოდინი“.

“მაია ჩემი უსაყვარლესი როლია. იგი მანამდე ნათამაშევ როლებზე ამაღლდა იმით, რომ ჰეროიკული და ღრმად ეროვნულია. უზომოდ მახარებს ის, რომ ამ ფილმის შემდეგ ძალიან გავრცელდა სახელი მაია… მაშინ ბევრი, მივიწყებული გმირი ქალის საპატივსაცემოდ არქმევდნენ ამ სახელს…“ – იხსენებდა ლეილა აბაშიძე ჩემთან ინტერვიუში…

კადრი ფილმიდან “მაია წყნეთელი”

„აბეზარა“ – 2 წვეთი ბენზინი

ლეილა აბაშიძე ქართულ კინოში მარტო ცხენოსანი არ ყოფილა. ის პირველი ქალია, ვინც ქართველ კინომაყურებელს საჭესთან გამოეცხადა – მძღოლი გოგონას როლი ითამაშა „აბეზარაში“, თუმცა ქალბატონი ლეილა აღიარებდა, რომ უკეთესი ცხენოსანი იყო, ვიდრე მძღოლი – „როცა „აბეზარას“ ვიღებდით, ორი-სამი ქალი იჯდა საჭესთან. მოძრაობა ისეთი იშვიათი იყო, ძალიანაც რომ მდომოდა, ვერავის დავეჯახებოდი. ახლა კი ძალიან გამიჭირდება საჭესთან…“

საინტერესო შტრიხი: ლეილა აბაშიძეს, „აბეზარას“ ყოველი გადაღების წინ, „შოფრულ“ სულს რომ ღრმად ჩასწდომოდა, ჩვევად ჰქონდა, რამდენიმე წვეთ ბენზინს სუნამოსავით იპკურებდა და გადასაღებ მოედანზე ისე გადიოდა…

ფრაგმენტი ინტერვიუდან

/გაზეთი “ფიქრები”, 1996 წელი, № 2/

__ ქალბატონო ლეილა, რა დამოკიდებულება გქონდათ თეატრთან?

_ თეატრი ბედნიერებაა, ყოველდღიური ტრენაჟია და კიდევ მხატვრულ სახეზე დაუსრულებლად მუშაობის და დახვეწის საშუალება. კინოში ეს შესაძლებლობა არ გვაქვს – ერთხელ ნათამაშევი და განცდილი სამუდამოდ რჩება. რაც დრო გადის, მით უფრო მეტად ვგრძნობ თეატრში მუშაობის აუცილებლობას, მაგრამ ეს უფლება რატომრაც წაგვართვეს. საოცარია – არსებობდეს კინომსახიობთა თეატრი და ჩვენ (ვგულისხმობჩემს მეგობრებს და კოლეგებს, რომელთაც ფასდაუდებელი ღვაწილი დასდეს ქართულ კინოს), ჯერ კიდევ კარგ აქტიორულ ფორმაში მყოფნი, თეატრის კარს მიღმა ვიყოთ! მათ შორის მეც!

 ბატონი მიხეილ თუმანიშვილი პირადად ჩემი პედაგოგია და დღესაც ამაყობს მის მიერ დადგმული ჩვენი სადიპლომო სპექტაკლით „ერთი თვე სპფლად“(ტურგენევი), სადაც მე ვთამაშობდი ნატალი პეტროვნას. ამ სპექტაკლის შემდეგ ახალინსტიტუტდამთავრებულები:მე, რამაზ ჩხიკვაძე და გურამ საღარაძე დაგვტოვეს თეატრში, რუსთაველის თეატრში! ხომ წარმოგიდგენიათ რა იმედებს ამყარებდნენ ჩვენზე. რამაზმა და გურამმა როგორც ხედავთ გაამართლეს და მერე როგორ? მეამაყება რომ ჩვენ კურსელები ვართ, მაგრამ მე?

ბევრი მეკითხება, თეატრში რატომ არ ხართო და ვერც წარმოუდგენიათ, როგორი სურვილი მაქვს ვიყო თეატრში. ნუთუ კინომსახიობთა თეატრსი მაინც არ არის ჩვენი ადგილი?

მე დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი ჩემს საყვარელ პედაგოგ მიხეილ თუმანიშვილთან, მან ხომ თეატრალურ ხელოვნებას მაზიარა…

_როგორი გრძნობა გიჩნდებათ, როცა გადაღება მთავრდება და თქვენს გმირს ემშვიდობებით?

_როცა გადაღება მთავრდება, საშინელი. ასე მგონია უსაყვარლესი ადამიანი დავკარგე. დაობლებული დავდივარ. როცა ახალი სამუსაო გამოჩნდება, კვლავ ბედნიერი და ხალისიანი ვხდები.

_ ქალბატონო ლეილა, თქვენ კარგა ხანია არ ჩანხართ ეკრანზე, რატომ?

_ისევე როგორც თქვენთვის, მიზეზი ჩემთვისაც გაუგებარია, მე ვცდილობ, მუდამ კარგ აქტიორულ ფორმაში ვიყო და მუდამ ველი სამუშაოს.

_ რატომ არ იბრძვით მისაღწევად?

_მე ძალიან მიყვარს რომენ როლანის გამონათქვამი: ცხოვრება ბრძოლაა, ბრძოლა კი სიამოვნება. მაგრამ მე თავად მებრძოლი არ გახლავართ. მხოლოდ ეკრანზე ვიქნევდი ხმალს.იცით რა, ის რაც ჩემს ადამიანურ ღირსებას შელახავს, მიუღებლად მიმაჩნია. მე ყოველთვის ცხოვრებისეული მოკრძალება და სიამაყე მჯაბნიდა. ალბათ ეს ჩემი ნაკლია, რომელმაც წლები დამაკარგინა…

ლეილა აბაშიძე – სცენარის ავტორი და რეჟისორი

მოგვიანებით როგორც სცენარისტმა და რეჟისორმაც სცადა ბედი. ამისკენ ალბათ ისევ და ისევ პაუზებმა და იმან უბიძგა, რომ რეჟისორებს სხვისკენ გაურბოდათ თვალი, სცენარისტებიც აღარ თხზავდნენ მისთვის…

ფილმში „პარიზი-თბილისი-პარიზი“ სამ ამპლუაში მოგვევლინა – სცენარის ავტორი, რეჟისორი და მთავარი როლის შემსურლებელი.

მისი სცენარითაა გადაღებული „მოლოდინი“, სადაც მთავარ როლს თამაშობს.

 დიანა კესნერის მტკიცებით, თენგიზ აბულაძემ „სხვისი შვილებიც“, ლეილას სცენარის ვარიანტის მიხედვით გადაიღო.

როგორც კესნერი ამტკიცებდა, ლეილას ეს ისტორია გაზეთში წაუკითხავს, აღელვებულა და აზარტულად უმუშავია, მისი დაწერილი სცენარი კინოსტუდიას შეუძენია და ავანსად 10 ათასი მანეთიც გადაუხდია. ამ სცენარით თენგიზ აბულაძე დაინტერესებულა, ამ დროს რეზო ჩხეიძეს ლეილასთვის მაია წყნეთელის როლი შეუთავაზებია, ლეილასაც ყველაფერი მიუტოვებია და გადაღებებზე წასულა. აბულაძე იძულებული გამხდარა სხვა სცენარისტი აეყვანა, რადგან სცენარისტის როლი არ მთავრდება ტექსტის დაწერით, ის როგორც წესი აქტიურად მონაწილეობს კინოწარმოებაში და სცენარიც იცვლება გზადა გზა პირვანდელი ვარიანტისგან გასხვავებითო… კესნერის მტკიცებით იგივე ბედი ეწია ლეილას მეორე სცენარსაც. ხანგრძლივი პაუზის დროს, ლეილა აბაშიძეს გიკ-ში, სასცენარო ფაკულტეტზე, ჩუხრაის სახელოსნოში ჩაუბარებია, მის ხელში კვლავ მოხვედრილა ნარკვევი, სადაც ნაამბობი იყო დეზერტირ ჯარისკაცის და დედამისის დრამატულ ბედზე – დედა იძულებულია შვილი დამალოს სხვენში. ლეილამ მოქმედება გადმოიტანა სვანეთში და დედის როლი შეთხზა თავისთვის. ჩუხრაი აღფრთოვანებულა ლეილას ნაწერით. ლეილასთვის შეუთავაზებია ერთად ემუშავათ ფილმზე – ერთი პირობით, სიუჟეტი უნდა „გაერუსებინათ“ და დედის როლიც რუს მსახიობს უნდა ეთამაშა. ლეილამ უარი თქვა. ჩუხრაი იწვევს ვიქტორ მერეჟკოს და იქმნება ახალი სცენარი და როლი – ნონა მორდიუკოვასთვის. ნონა მმორდიუკოვა დედის როლით სსრკ პრემიის ლაურეატი გახდა….

როლების მოლოდინში გალეული წუთისოფელი

ლეილა კი, ცხოვრობდა საკუთარ ჩრდილქვეშ, წერდა ლექსებს, უვლიდა ყვავილებს, ოცნებობდა ისევ კინოზე და გადასაღები მოედნის ნაცვლად სამზარეულოში ტრიალებდა. მაყურებლის ნაცვლად, სტუმრებს უმასპინძლდებოდა….

„ვგონებ, უკეთესი დიასახლისი ვარ, ვიდრე მსახიობი. ჩვენს დუხჭირ დროში საოცარი იმპროვიზაციის ნიჭი აღმომაჩნდა. ზოგჯერ არაფრისგან ვქმნი რაღაცას. გურმანი არა ვარ. მიყვარს სტუმრების პატივისცემა. თავად კი შემიძლია, ფინჯან ყავაზე გადავიარო. მე იმ ასაკში ვარ, როდესაც ვამჯობინებ, ვჭამო ის, რაც სასარგებლოა და არა ის, რაც გემრიელია. აი, ეს იქნება ჩემი რეცეპტი ყველა ქალისთვის“.

როლების ლოდინში გაირბინა მისმა ცხოვრებამ…

როგორც გითხარით იგი ამბობდა -„დაუოკებელი სურვილი მქონდა ბედნიერი ვყოფილიყავი, ეს წყურვილი დღესაც მკლავს“

ის მოკლეს მწყურვალი ბედნიერების…

როლი, რომელიც მას ასცდა და ჩაუარა, არადა უნდოდა – ფუფალა „ნატვრის ხეში“… ხმამაღლა ვერც ამბობდა ამ თავის ნატვრას, „ნატვრის ხის“ ეკრანებზე გამოსვლიდან 20 წლის მერეც… 

რეზო შატაკიშვილი

თბილისი, 6 აგვისტო, 2022 წელი

ბავშვი არტისტები ქართულ კინოში

ჭჭჭჭჭჭჭჭჭჭჭჭჭჭჭჭჭჭჭ

ალბათ არ არსებობს ბავშვი, ჩუმად თავისთვის რომ მაინც არ ეოცნებოს კინოში გადაღებაზე. გიამბობთ მათზე – ვისაც ეს ოცნება აუხდა…. ბევრმა ამ ოცნების ახდენის შემდეგ მსახიობობა პროფესიად აირჩია, ბევრმა – არა და მაინც იღებდნენ კინოში, ბევრი ერთი როლის ამარა დარჩა…

ლეილა აბაშიძე

კინოსტუდია „ქაჯანას“ იღებდა და პატარა გოგონებს არჩევდა ქაჯანას დის – კატოს როლზე. მამით ობოლი პატარა ლეილა აბაშიძე (მამა 1937 წელს გადაუსახლეს და დაუხვრიტეს) კინოსტუდიაში „კასტინგზე“ მარტო წავიდა.

იქ კი ასობით პატრონიანი გოგონა დახვდა, კულულებით, დიდი ბაფთებით.

რეჟისორის ასისტენტებმა პატარა ლეილა „დაბრაკეს“ – უარით გამოისტუმრეს. პატარა ლეილა დახვეულ კიბეს ბიჭურად მოახტა და მეოთხე სართულიდან ძირს დაეშვა, დაეშვა და ერთი მამაკაცი კინაღამ ამოაყირავა. პატარა ლეილამ წაბორძიკებულ მამაკაცს, დავარდნილი ქუდი მიაწოდა.

– აქ რა გინდოდა გოგონა? – ჰკითხა მამაკაცმა.

– მე კინოში მინდოდა გადაღება, მაგრამ უარი მითხრეს – უპასუხა ლეილამ.

– ძალიან გინდა გადაღება?

– ძალიან, ძალიან. – გამოუტყდა გულდაწყვეტილი ლეილა.

– აბა წამოდი! – უთხრა მამაკაცმა… ის კინაღამ ამოყირავებული მამაკაცი ფილმის რეჟისორი კონსტანტინე პიპინაშვილი აღმოჩნდა…

პატარა ლეილა ნატა ვაჩნაძის, ვერიკო ანჯაფარიძისა და სპარტაკ ბაღაშვილის გვერდით აღმოჩნდა. დედის როლს ნატა ვაჩნაძე თამაშობდა და პატარა ლეილამაც დედასავით შეიყვარა ნატა ვაჩნაძე. ნატა ვაჩნაძე პატარა მსახიობს არც გადაღებების დამთავრების შემდეგ აკლებდა მზრუნველობას, საჩუქრებით ხელდამშვენებული ხშირად აკითხავდა ღარიბულ ბინაში… სხვათაშორის, ბინა პატარა ლეილამ სწორედ „ქაჯანაში“ აღებული ჰონორარით შეიძინა – 12 კვადრატულ მეტრიანი პატარა ოთახი ვერის ბაღთან, იმიტომ რომ მამის დამაპტიმრების შემდეგ ოჯახს კონფისკაცია გაუკეთეს და უსახლკაროდ იყვნენ…

როგორც ჩანს, კონსტანტინე პიპინაშვილი თავისი არჩევანით კმაყოფილი დარჩა, რადგან შემდეგ 15 წლის ლეილა „ოქროს ბილიკშიც“ გადაიღო, შემდეგ „აკაკის აკვანშიც“ – ნაზიბროლას როლში. მოგვიანებით კი უკვე აღიარებული კინოვარსკვლავი მთავარ როლში გადაიღო ფილმში „სად არის შენი ბედნიერება, მზია“…

ლეილა აბაშიძემ რომ თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა, უკვე გამოცდილი მსახიობი იყო – სამ ფილმში გადაღებული….

ლიანა ასათიანი

ლიანა ასათიანი მსახიობობაზე მას შემდეგ ოცნებობდა, რაც 6 წლისა ოპერაში წაიყვანეს…. ბედნიერმა შემთხვევამ კი მოგვიანებით ნატვრა აუსულა – 15-იოდე წლისას შემთხვევით ქუჩაში გადააწყდნენ და კინოში გადასაღებად მიიწვიეს – „გიორგი სააკაძეში“ თეკლას როლზე დაამტკიცეს.

პატარა გოგონა უცებ ტიტანების გარემოცვაში აღმოჩნდა

„აკაკი ხორავა, სპარტაკ ბაღაშვილი, ჟორა შავგულიძე, აკაკი ვასაძე, ვერიკო ანჯაფარიძეზე ხომ აღარაფერს ვამბობ – გვაბოდებდა, ფეხდაფეხ დავყვებოდით ბავშვობაშიც და მერეც, ეტყობა ადამიანის წრაფად ეჩევა ყველაფერს, ამ პატარა კურკა გოგომ ისე მივიღე ეს ყველაფერი – თითქოს ასეც უნდა მომხდარიყო“ – იხსენებს ლიანა ასათიანი.

მაგრამ… ვერც კამერამ, ვერც დიდებულმა გარემოცვამ და ვერც მოსალოდნელმა წარმატებამ თავბრუ ვერ დაახვია ლიანა ასათიანს. ვერ დაახვია, რადგან იცოდა რომ ვერასოდეს მივიდოდა ვერავისთან და ვერ სთხოვდა კინოში გადამიღეთ, მიჭირსო… არადა ამ თხოვნით მიხეილ ჭიაურელთან მისული არაერთი მსახიობი ნახა… ის მსახიობები, ვის სურათებსაც დიდი რუდუნებით აგროვებდა… ამიტომ მყარი და შეუდავებელი პროფესია ამჯობინა – სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარა…

„როდესაც „გიორგი სააკაძე“ ეკრანზე გამოვიდა, მეორე კუსრზე გადავდიოდი სამედიცინო ინსტიტუტში, ხალხს რომ ხშირად არ შევჩეხებოდი აკადემიური ავიღე, სულ ვფქირობდი, აი სახურავებით სიარული რომ შეიძლებოდეს – აკადემიურს არ ავიღებდი და წელს არ დავკარგავდი მეთქი. ახლა აღარავინ აქცევს ყურადღებას, თორემ მაშინ ნიშა ძაღლივით ყველა გვცნობდა, ჯერ ამდენი არ მესმოდა, მაგრამ ქვეშეცნეულად ვგრძნობდი, რომ სულ არენაზე ვიყავი ცხოვრებაში და გამუდმებით ფორმაში უნდა ვყოფილიყავი… შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ იმ სახელის ღირსად არ ვთვლიდი თავს, რაც მე ამ ფილმებმა მომცა გარეგნობის თვალსაზრისით და არ მინდოდა რომ ასე ვიზუალურად შევხვედროდი მაყურებელს…“ – ამბობს ლიანა ასათიანი.

ლიანა ასათიანი თვალის ექიმი გახდა, მაგრამ კინო მაინც დარჩა მისი ცხოვრების ნაწილად – მეტიც კინოვარსკვლავი გახდა.

ნანული სარაჯიშვილი

10 წლის იყო ნანული სარაჯიშვილი ეკრანებზე რომ „მანანა“ გამოვიდა და უცებ სუპერ-პოპულარული გოგო გახდა საქართველოში. აგერ უკვე ლამის ნახევარი საუკუნეც გავიდა „მანანას“ გადაღებიდან და ნანული სარაჯიშვილს დღემდე ისევ მანანად იცნობენ, მიუხედავად იმისა რომ მას შემდეგ ოცამდე ფილმში გადაიღეს.

პატარა ნანული კინოში რეზო ჩხეიძის წყალობით მოხვდა – რეზო ჩხეიძემ ერთ-ერთ ოჯახში სუფრაზე ნახა და ცალკე მშობლებს ურჩია ბავშვის კინოსინჯებზე მიყვანა, ცალკე კიდევ რეჟისორებს – ამ როლისთვის ზედგამოჭრილი იქნებაო.

ნანული 1500 პოტენციურ მანანას შორის აარჩიეს. აარჩიეს და პატარა გოგომ თავი ზღაპარში ამოყო – სესილია თაყაიშვილის, სანდრო ჟორჟოლიანის, მედეა ჩახავას, იპოლიტე ხვიჩიას გვერდით. სწორედ სესილიას დაჟინებული რჩევით ჩააბარა ნანული სარაჯიშვილმა თეატრალურ ინსტიტუტში. „ნივკოემ სლუჩი“, შენ სხვაგან არ უნდა ჩააბარო – უთქვამს სესილიას თავის ეკრანული „შვილიშვილისთვის“. ნანული სარაჯიშვილს „მანანას“ შემდეგ სრული 15 წლიანი პაუზა ჰქონდა, მერე კი… ახტაჯანა მანანა ახტა და პირდაპირ „ბოზობაზე“ გადახტა – გიორგი შენგელაიამ „ვერის უბნის მელოდიებში“ ტურფა ათამაშა…

ზურაბ ყიფშიძე

აი, ზურა ყიფშიძეს კი არც მეტი არც ნაკლები კინოში საქმე ცხენმა „ჩაუწყო“. პატარა ზურა მთელ დღეებს იპოდრომზე ატარებდა და ასაკის კვალობაზე საკმაოდ კარგად დაჯირითობდა. იმ ხანად გიორგი შენგელაია „მაცი ხვიტიას“ იღებდა და სწორედ ისეთ ბიჭუნას ეძებდა, ვინც ცხენს დააქროლებდა. პატარა ზურა იპოდრომზე იპოვეს და პატარა კოჭოიას როლზე აიყვანეს.

„მაცი ხვიტია“ რომ ეკრანებზე გამოვიდა ზურა უკვე 13 წლის იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა, მაგრამ გამოაგდეს, ბოჰემური ცხოვრებისა და ბევრი გაცდენების გამო – შოთა და ნოდარ მანაგაძეები „წუთისოფელში“ იღებდნენ, კომკავშირელი აფრასიონის როლში. მაშინ თეატრალური ინსტიტუტის რეაქტორი კაგებეს პოლკოვნიკი თავაძე იყო, დაიბარა ზურა და ზურას დედა – ქალბატონი ელენე ყიფშიძე. როგორც ზურა იხსენებს, თავაძეს შეურაცხყოფაც მიუყენებია ლენასთვის. ზურას ვერ მოუთმენია და სამელნე უსვრია რექტორისთვის. ჰოდა, გამოაგდეს. მეორე წელს თავიდან ჩააბარა, მიშა თუმანიშვილმა აიყვანა, მაგრამ ისევ კინო „აუძღვა“ – ამჯერად უკვე ლანა ღოღობერიძე იღებდა „როცა აყვავდა ნუშში“ – თან მთავარ როლში და ისევ აცდენდა და აცდენდა ინსტიტუტს და ისევ მოუწია ინსტიტუტის დატოვება. მესამედ უკვე მოსკოვის კინოინსტიტუტში ჩააბარა გერასიმოვთან, მალე კი ეკრანებზე „როცა აყვავდა ნუში“ გამოვიდა და ზურა ყიფშიძე 19 წლის ასაკში ნამდვილი კონოვარსკვლავი გახდა. ამ ეტაპისთვის მას ვარსკვლავობის 38 წლიანი სტაჟი აქვს…

ნანი ჩიქვინიძე და მიხო ბორაშვილი

„მაგდანას ლურჯა“ რომ ეკრანებზე გამოვიდა, ნანი ჩიქვინიძე სულ 5 წლის იყო, მიხო ბორაშვილი – 7 წლის. ფილმის გადაღება რომ დაიწყეს – მიხო ახალი მისული იყო სკოლაში, ნანი კი ჯერ ოთხიწლინახევრის იყო.

კატოს როლის შემსრულებელს თენგიზ აბულაძე და რეზო ჩხეიძე საბავშვო ბაღებში დაეძებდნენ. ასე მოხვდნენ ერთ-ერთ ბაღში, სადაც ნანის ნათესავი მუშაობდა. რეჟისორებმა იმ ბაღში ნანახი გოგოები დაიწუნეს, ნანის ნათესავმა რეჟისორებს შებედა, ჩემი ნათესავი ნახეთო. შებედვით კი შებედა, მაგრამ მისამართი შეცდომით მისცა და რეჟისორებმა ნანის ვერ მიაგნეს… ნანის დედამ ეს ამბავი ერთი თვის დაგვიანებით გაიგო. დაინტერესდა და მხატვარ რეზო თარხან-მოურავს კინოსტუდიაში გაატანა. როლზე უკვე სხვა გოგონა იყო დამტკიცებული, მაგრამ დიდად კმაყოფილები არ იყვნენ, ნანიც გასინჯეს – ამღერეს, ლექსი ათქმევინეს და შინ გაუშვეს. შინ მისულმა ნანიმ დაიტრაბახა – იქ ჩემზე ასე თქვეს – რა შედარებააო. ერთ საათში მიაკითხეს, პატარა ნანი წაიყვანეს და როლზე დაამტკიცეს. გადაღებები დაიწყო, თენგიზ აბულაძემ და რეზო ჩხეიძემ ნანი და მიხო „გაინაწილეს“ –  ნანი აბულაძეს აეწეპა, მიხო – რეზო ჩხეიძეს.

პატარა არტისტები იღლებოდნენ მაგრამ მუშაობა საოცრად სიამოვნებდათ.

არავის ეგონა რომ პატარა ნანი და პატრა მიხო თავად შესძლებდნენ გახმოვანებას და გახმოვანებისთვის მოზარდმაყურებლთა თეატრიდან მიიყვანეს მსახიობები. მერე ბავშვები სინჯეს და აღარავინ დაასჭირდათ, პატარა მსახიობები პირველივე ცდაზე სვამდნენ ტექსტს. ერთადერთხელ გაწვალდნენ – პატარა მიხოს ვერ ატირებდნენ, მერე რაღაც უთხრეს მშობლებზე და აატირეს… პატარა ნანის კი ერთხელაც რომ უთხრეს ეს წინადადება გაიმეორეო, „მსახიობმა“ იკითხა – ამას ვფიქრობ თუ ვამბობ?..

პატარა ნანის და მიხოს არტისტობით რომ ნამდვილად მოიხიბლნენ თენგიზ აბულაძე და რეზო ჩხეიძე, ეს შემდგომი ფილმებიდანაც ჩანს.

თენგიზ აბულაძეს საერთოდ ნანის და მიხოს მონაწილეობით უნდოდა ახალი ფილმის გადაღება და გადაიღო კიდეც – „სხვისი შვილები“, ფილმისთვის სიუჟეტს „კომსომპლასკაია პრავდაში“ გადააწყდა. „სხვისი შვილების“ გადაღების დროს ნანი უკვე 7 წლის გოგონა იყო, მიხო ბორაშვილი – 9 წლის.

„სხვისი შვილების“ გადაღებამდე ნანი რეზო ჩხეიძემ „ჩვენს ეზოში“ გადაიღო.

თენგიზ აბულაძემ თავისი არტისტი ნანი არც შემდეგ დაივიწყა „მე, ბებია ილიკო და ილარიონს“ რომ იღებდა და 13 წლის ნანის მოწაფის როლი ათამაშა. აბულაძემ არც მიხო ბორაშვილი დაივიწყა და რომული ათამაშა.

მიხო ბორაშვილი არც რეზო ჩხეიძემ დაივიწყა – „ღიმილის ბიჭების“ გადაღებისას. 21 წლის მიხო ბორაშვილს თავიდან თემურის როლზე სინჯავდნენ, მერე კახა ქორიძე იპოვეს, მიხოსთვის რომ გული არ დაეწყვიტა, ბაადურის როლი მისცა…

ნანი ჩიქვინიძემ სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტს მიაშურა. თუმანიშვილის სტუდენტი გახდა, შემდეგ თუმანიშვილის ასისტენტის – თემურ ჩხეიძის ცოლი და რაც მთავარია ქართული თეატრის წამყვანი მსახიობი… მიხო ბორაშვილი დოკუმენტური კინოს რეჟისორი – გადაღებული აქვს ათზე მეტი დოკუმენტური ფილმი…

ლევან აბაშიძე და ნუცა ალექსი-მესხიშვილი

ლევან აბაშიძე 15 წლის იყო, როდესაც ეკრანებზე გამოვიდა ლანა ღოღობერიძის ფილმი „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, სადაც ლევანი სოფიკო ჭიაურელის გმირის შვილს ანსახიერებდა.

ვინ აღმოაჩინა ლევან აბაშიძე? ქართული კინო მის აღმოჩენას ლანა ღოღობერიძის უმცროს ქალიშვილს ნუცა ალექსი-მესხიშვილს უნდა უმადლოდეს – ლევანზე სამი წლით უმცროსმა ნუცამ დედას პირდაპირ ულტიმატუმი წაუყენა – თუ ლევანს არ გადაიღებ, ნურც მე გადამიღებო.

ამ დროს, ნუცა უკვე „გამოცდილი“ მსახიობი იყო – გივი ვეფხვაძეს უკვე გადაღებული ჰყავდა მოკლემეტრაჟიანი ფილმ „ბავშვებში“, სადაც ის პარტნიორობას უწევდა ეროსი მანჯგალაძეს. მოკლედ, ლევან აბაშიძეს დაქალმა „ჩაუწყო“ საქმე კინოში.

„გადასაღებ მოედანზე პირველად მეშვიდეკლასელი მოვხვდი, როგორც ამბობენ „ნაცნობობით“, ვმეგობრობდი ლანა ღოღობერიძის ქალიშვილთან, ნუცა ალექსი-მესხიშვილთან. ქალბატონი ლანა იღებდა ფილმს „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“. ჰოდა, აი ამ ფილმში, მე შევასრულლე მთავარი გმირის შვილის როლი…“ – მოგვიანებით იხსენებდა ლევან აბაშიძე.

რიგორც დედამისი, მანანა ხიდაშელი იხსენებს, გადაღების წინა რამე ლევანს თეთრად გაუთენებია ფანჯარასთან. თურმე იცით რატომ? ეშინოდა ამინდი არ გაფუჭებულიყო…

ლევან აბაშიძე შემდეგ დევი აბაშიძემ გადაიღო ფილმში „ყველა კომეტა როდი ქრება“, იქ უკვე თენგიზ არჩვაძის ვაჟს თამაშობდა, შემდეგ „სკაპენის ოინებში“ გადაიღეს, შემდეგ „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობაში“ გიორგი შენდეგალაიამ მთავარი როლი მიანდო. იმ დროს ლევანი უკვე თეატრალურ ინსტიტუტში მიხეილ თუმანიშვილის სტუდენტი იყო და მეორეკურსელი უკვე კინომსახიობთა თეატრში თამაშობდა „ჩვენს პატარა ქალაქში“. ლევან აბაშიძე ქართული კინოს კაშკაშა ვარსკვლავი გახდა – აფხაზეთის ომში ტრაგიკულად დაღუპვამდე 14 ფილმში გადაიღეს…. კინოში გამოჩნდა 15 წლის, დაიღუპა 29 წლის…

ნუცა მესხიშვილი დედამ – ლანა ღოღობერიძემ „ორომტრიალშიც“ გადაიღო, მაგრამ იმ დროს ნუცა უკვე სამხატვრო აკადემიის სტუდენტი იყო. ქალბატონმა ლანამ რომ „ვალსი პეჩორაზე“ გადაიღო, ნუცა ფილმის მხატვრის ამპლუაში იყო. შემდეგ კი მთლად კინოს დაუკავშირა ბედი – პარიზში მიიღო კინოსარეჟისორო განათლება და სულ ახლახანს მისმა გადაღებულმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა „ბედნიერებამ“ სპეციალური პრიზიც დაიმსახურა ვენეციის ფესტივალზე.

სერგო ორჯონიკიძე და მანანა აბაზაძე

ზურიკელას როლის შემსრულებელს (ფილმისთვის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“) დიდხანს ეძებდა თენგიზ აბულაძე. ბოლოს მას უნივერისტეტის „ბირჟაზე“ მიაკვლიეს. 14 წლის სერგო ორჯონიკიძე უნივერსიტეტის წინ იდგა და ფიქრობდა, სკოლაში წასულიყო თუ უნივერსიტეტში შესულიყო და ევარჯიშა? _ ტანაშოტილი ბიჭი იყო უკვე – 183 სანტიმეტრი და კალათბურთში ვარჯიშობდა. სწორედ ამ დროს მივიდნენ მასთან თენგიზ აბულაძის ასისტენტი თამაზ გომელაური და თანაშემწე ალიკა რონდელი, კინოში გადაღება შესთავაზეს და კინოსტუდიაში დაიბარეს. სერგოს ერთი მეზობელი კინოში ჰყოლიათ მიწვეული და სერგოც იმ წამს იმასთან გავარნილა, გამოუკითხავს, იქ რა ხდება ხოლმეო? მეზობელს უთქვამს, ლექსს წაგაკითხებენო და სერგოც სახლში გაქცეულა, გადაუმეორებია გურამიშვილის „ისმინე სწავლის მძებნელო“ და კინოსტუდიაში გავარდნილა… გავარდა და წაუკითხა გადამღებ ჯგუფს ლექსი. იცინოდნენ. მერე ფილმის მხატვარმა დამწვარი ასანთით ულვაშები მიახატა, სურათები გადაუღეს. მეორე დღისთვის დაიბარეს, თან გააფრთხილეს ჯერ სახლში ნურაფერს იტყვიო. სერგომ გაიგო რომ მთავარ გმირს ეძებდნენ „მე, ბებია, ილიკო და ილარიონისთვის“ და ყურები ჩამოყარა, აბა მე ვინ გადამიღებსო. მას სხვანაირად წარმოედგინა – სადმე კადრში გაირბენდა და მერე ძმაკაცებში იტრაბახებდა – აი მე ვარო… აქ კი მთავარი როლი… მეორე დღეს მისულს მაგიდაზე უამრავი „ზურიკელას“ ფოტო დახვდა… მაგრამ მოხდა მისთვის სასწაული – თენგიზ აბულაძემ მისი ფოტო გულის ჯიბიდან ამოიღო… სახლში სცენარიც გამოატანეს – ზურიკელას ეგზემპლარი… სერგო სახლში გაფრინდა, მაგრამ ჯერ წინ სინჯები იყო.

გადაიღეს რამდენიმე სცენაში, იღებდნენ სხვებსაც. ბოლოს სამხატვრო საბჭოზე სერგოს და გოგი ქავთარაძის სინჯები გაიტანეს. გოგი ქავთარაძე უკვე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო და ბევრად გამოცდილიც, მაგრამ აბულაძემ სერგო ორჯონიკიძე აირჩია… მაისის თვეში გადაღებაზე ლეჩხუმის სოფელ ლაილაშში გავიდნენ. სერგო-ზურიკელამ გაილაღა. აბულაძე განწყობის შესაქმნელად პატარა ბიჭს ანეგდოტებს უყვებოდა. გადაღების დაწყებისას კი ახსენებდა ის ანეგდოტი ხომ გახსოვსო… ერთხელ სერგო-ზურიკელას კადრში დროზე ვერ გაურბენია და აბულაძეს საჯაროდ დაუძახია – „ზურიკელა დურაკ“. რასაც პატარა არტისტზე ისე უმოქმედია, გაქცეულა და ტირილი დაუწყია…

ფილმს კი იღებდნენ, მაგრამ მერი ისევ არ ჰყავდათ… ლამის თბილისში ვინც კი გოგო იყო 12 წლიდან 20 წლამდე ყველა მივიდა და ყველა დაიწუნეს. თავიდან თინიკო მგალობლიშვილს სინჯავდნენ, მაგრამ ეკრანზე სამხრეთამაერიკელს გავდა, როლზე ლია სიხარულიძე დაამტკიცეს, მაგრამ უკმაყოფილო იყვნენ, ბოლოს მერის – მანანა აბაზაძეს ბიჭვინთაში გადასაღებ მოედანზე მიაგნეს. რუსი რეჟისორი ფილმ „შავ თოლიას“ იღებდა კუბის რევოლუციაზე, 12 წლის მანანა აბაზაძე კუბელ გოგონას თამაშობდა. გამოკითხეს გვარი, სახელი, მისამართი, სურათი გადაუღეს და მაშინვე შესთავაზეს ჩვენთან წამოდი გადაღებაზეო. მანანამ „კინოზვეზდასავით“ იუარა, არა, ჯერ ეს ფილმი უნდა დავამთავროო… მაგრამ აბულაძე მანანას მშობლებს მოელაპარაკა და მანანა ბუზღუნ-ბუძღუნით წამოიყვანეს ბიჭვინთიდან… მანანა აბაზაძე დედით რუსია, 9 წლამდე რუსეთში ცხოვრობდა და ქართულიც არ იცოდა, აბულაძემ მასთან რუსულად დალაპარაკება ყველას სასტიკად აუკრძალა და 2 წელიწადში მანანა ქართულად ალაპარაკდა…

მანანა აბაზაძემ სერგო ორჯონიკიძე რომ ნახა – არ მოეწონა, როგორც თავად გაიხსენებს ძაღლი და კატასავით იყვნენ. აბულაძე კი მათ ცოლ-ქმრობისთვის ამზადებდა. სერგოს ეუბნებოდა – შენ მანანას მოიყვან ცოლად! მანანას ეუბნებოდა – ზურიკელას გაჰყვები ცოლად!

თენგიზ აბულაძე სერგოს არასოდეს ეძახდა სერგოს, მუდამ ზურიკელას ეძახდა და ტიტრებშიც ასე ჩაუწერა… იმ დროს ეს რასაც ნიშნავდა, ხვდებით ალბათ…

ზურიკელასთვის ყველაზე რთული ფილმის ბოლო სცენები იყო, სადაც ზურიკელა უკვე სტუდენტია. ამ სირთულის დაძლევაში მას თენგიზ აბულაძე დაეხმარა – ფილმს ქრონოლოგიური პრინციპით იღებდა და სერგოც ზურიკელასთან ერთად იზრდებოდა… აბულაძე „ზურიკელას“ და „მერის“ გვერდიდან არ იშორებდა და ყველას აცნობდა, ესენი ჩემი გმირები არიან, მომავალი ცოლ-ქმარი არიანო. არადა, ბავშვები არაფერს აპირებდნენ – მანანას სხვა ბიჭები მოსწონდა.

მანანა აბაზაძეს ზურიკელა მაშინღა მოეწონა როცა ეკრანზე ნახა, მაშინღა უფიქრია უი რა კარგი ბიჭიაო, ატირებულა და ჩახვევიან ერთმანეთს „ზურიკელა“ და „მერი“… და საბოლოოდ შესრულდა კიდეც აბულაძის ვერდიქტი – ისინი დაქორწინდნენ…

აბულაძე თავის ზურიკელას და მერისთვის ფილმის გადაღებას აპირებდა, როგორც თავის დროზე გადაიღო ნანი ჩიქვინიძისთვის და მიხო ბორაშვილისთვის „სხვისი შვილები“… ზურიკელას კინორეჟისორობისთვისაც ამზადებდა… მაგრამ ზურიკელამ საბოლოოდ ექიმის პროფესია აირჩია… მანანა აბაზაძე მოცეკვავე გახდა… აბულაძე თავის ნაპოვნ მსახიობებს სხვა რეჟისორებისთვის ვერ იმეტებდა და არ უშვებდა რომ სხვასთან გადაეღოთ. 4 წლის შემდეგ მანანა აბაზაძე გიორგი შენგეალაისთან წავიდა – „მაცი ხვიტიაში“ ეკა ითამაშა, რამაც ბზარი გააჩინა მათ ურთიერთობაში…

ლიკა ქავჟარაძე და სოსო ჯაჭვლიანი

ლიკა ქავჟარაძე 12 წლის იყო, საშა მაიოროვმა რომ შენიშნა ქუჩაში და კინოში გადასაღებად დაიბარა. პირველად ლიკა ქავჟარაძე მოკლემეტრაჟიან ფილმ „შადრევანში“ იხილა მაყურებელმა. შემდეგ ლანა ღოღობერიძის ფილმში „როცა აყვავდა ნუშშიც“ გაიელვა თაიგულით ხელში. 13 წლის ლიკა ლიანა ელიავამ კომედია „მშვენიერ კოსტუმში“ გადაიღო ელისოს როლში, შემდეგ მუსიკალურ ფილმში „სიყვარული ივერია და…“ – გადაიღეს, შემდეგ „ნატვრის ხეში“ გადაიღო აბულაძემ და… 16-იოდე წლის ლიკა ქავჟარაძე იქცა ხატებად – თაობების ნატვრის ქალად…

ლიკა ქავჟარაძის მარიტაზე შეყვარებულ გედიას მისი თანატოლი სოსო ჯაჭვლიანი თამაშობდა. სხვათაშორის, სოსო ჯაჭვლიანი და ლიკა ქავჟარაძე შემდეგ „კავკასიურ რომანსშიც“ გადაიღეს (ეს ფილმი „ნატვრის ხეზე“ ადრე გამოვიდა ეკრანებზე), სოსო ჯაჭვლიანის გმირი იაქც უგონოდაა შეყვარებული ლიკა ქავჟარაძის გმირზე, ერთხელ მოიტაცებს, წაართმევენ, მეორედაც მოიტაცებს, მაგრამ ხელში შეყვარებულის ნაცვლად ბებიამისი შერჩება… ჯაჭვლიანის გმირი თავის მოკვლას გადაწყვეტს, მაგრამ ისევ სატრფო იხსნის – „ბაბუშკას“ გაკოჭავს და შეყვარებულთან ერთად გაიპარება…

სოსო ჯაჭვლიანი გადასაღებ მოედანზე 15-16 წლის მოხვდა, შემდეგ თეატრალური ინსტიტიტი დაამთავრა, დღემდე 20-ზე მეტ ფილმშია გადაღებული, 21-ე საუკუნეში კინორეჟისორობასაც მოჰკიდა ხელი, ბოლოს „სვანი“ გადაიღო.

ლიკა ქავჟარაძეს კი წარმატებული კინოკარიერის მიუხედავად, არ ჩაუბარებია თეატრალურ ინსტიტუტში – ნიჭიერთა ათწლედის დასრულების შემდეგ კონსევატორია დაამთავრა. მუსიკას ასწავლიდა და თავად იყო ქალი – მუსიკა… გადაღებულია 20-ზე მეტ ფილმში.

გელა ჭიჭინაძე – სოსოსია

გელა ჭიჭინაძე გია ფერაძესთან მეგობრობდა, გიამ პიონერთა სასახლეში დრამწრეში წაიყვანა. მთავარი როლი მისცეს, მერე რეჟისორმა ანზორ ქუთათელაძემ მარჯანიშვილის თეატრში მიიწვია – „ჯარისკაცის ქვრივში“ ზურიას თამაშობდა – დოდო ჭიჭინაძის სცენური შვილი იყო წელიწადზე მეტხანს და აი, მის კარზე კინომაც დააკაკუნა.

სკოლაში ლანა ღოღობერიძის ასისტენტი მივიდა, „სოსოიას“ ეძებდა – „მე ვხედავ მზისთვის“. ასისტენტს გელაზე მიასწავლეს – არტისტობსო. 15 წლის გელა კინოსტუდიაში სინჯებზე დაიბარეს, უღეს და უღეს სინჯები, ხან რა გრიმს უკეთებდნენ, ხან რა გრიმს, ხან რას აცმევდნენ, ხან რას, ხან რის გაკეთებას ავალებდნენ, ხან რისას, ისიც გულმოდგინედ აკეთებდა – კინოში მოხვედრის დიდი სურვილით. 2 თვე არაფერი იცოდა, მერე დაურეკეს და უთხრეს დამტკიცებული ხარ როლზეო. ბრახ და გადასაღებ მოედანზე აღმოჩნდა და… და დაატყვევა ეკრანული „მამიდის“ – ლია ელიავას სილამაზემ. ფილმში მთელი ქართული კინოს ელიტა იყო დაკავებული – სესილია თაყაიშვილი, თენგიზ არჩვაძე, სპარტაკ ბაღაშვილი, იპოლიტე ხვიჩია, კაკო კვანტალიანი, ელენე ყიფშიძე, დუდუხანა წეროძე, სანდრო ჟორჟოლიანი, გოგი გეგეჭკორი…

გადასაღებ მოედანზე აღარავის არც მსახიობებს და რეჟისორს და აღარც თავად გელას აღარ ახსოვდათ რომ გელა ერქვა, ყველა სოსოიას ეძახდა.

პირველად არაყიც გადასაღებ მოედანზე „ახუხინეს“ –  თევზაობის სცენას სოხუმთან იღებდნენ, წყალი გაყინული იყო და პატარა ბიჭს სციოდა, თენგიზ არჩვაძის და „სოსოსიას რუსის“ – რუსი მსახიობ გლებ სტრიჟენოვის მოთხოვნით გელას არაყი დაალევინეს…

ხატიას როლის შემსრულებელი ლეილა ყიფიანი ჯერ კიდევ სინჯებისას გაიცნო და დანახვისთანავე შეუყვარდა, ახალციხეში გადაღებების დროს სიყვარულიც აუხსნა, ლეილამ სიტყვა ბანზე აუგდო – სიცილში „გაუტარა“… ნახევარი ფილმი ისე გადაიღეს „სოსოია“ და „ხატია“ ერთმანეთს ხმას არ სცემდნენ… მხოლოდ მოსკოვის ფესტივალზე, ფილმის პრემიერის დროს შერიგდნენ…

„სოსოიას“ მერეც იწვევდნენ ფილმებში, მაგრამ უარს ამბობდა – სოსოიად დარჩა და აღარც მსახიობობა გააგრძელა – სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტი დაამთავრა. მთელი ახალგაზრდობა თბილისის ხატვას შეალია…

ღიმილის ბიჭები

კახა ქორიძე პირველად კინოში რეზო ესაძემ გადაიღო, მაგრამ ის ფილმი  („ერთხელ“), ანტიეროვნულ ნამუშევრად გამოაცხადეს და კადრიც კი არ დატოვეს მისგან. მაშინ კახა ქორიძე ათიოზე წლის ბიჭუნა იყო. მერე კი, რეზო ჩხეიძემ „ღიმილის ბიჭებში“ – თემურის როლზე…

ამ ერთი ფილმით შევიდა ის ქართულ კინოში. მიუხედავად იმისა რომ მას ხშირად იწვევდნენ კინოში… შემდეგ კინოში ორი ფილმის დამდგმელი მხატვარი იყო, კინომსახიობთა თეატრშიც მოღვაწეობდა გარკვეული პერიოდი მხატვრად…

„ჭკუისკოლოფა“ – ნუგზარ ბაგრატიონი თეატრალურ ინსტიტუტში აბარებდა რეზო ჩხეიძემ რომ როლზე აიყვანა. ეს როლი მისი ერთადერთი კინოროლი აღმოჩნდა – მიუხედავად იმისა რომ სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ნუგზარ ბაგრატიონმა სარეჯისოროზე განაგრძო სწავლა და თეატრის რეჟისორი გახდა.

მის ცხოვრებაში „ღიმილის ბიჭები“ გადამწყვეტი აღმოჩნდა – სწორედ მაშინ შეუყვადათ ერთმანეთი ლეილა ყიფინას და ნუგზარ ბარგატიონს… თუმცა, ნუგზარ ბაგრატიონი ჯერ კიდევ 51-ე სკოლაში სწავლობდა, იქვე მცხოვრებ ლეილა ყიფიანი რომ შეამჩნია, მერე ლეილა ყიფიანი ლანა ღოღობერიძემ „მე ვხედავ მზეში“ გადაიღო, მერე ერთ ფილმში აღმოჩნდნენ… ნუგზარ ბაგრატიონს თვალი მამამისმა პეტრე გრუზინსკიმ აუხილა – ნახე რა ლამაზი გოგოა, ყურადღებას რატომ არ აქცევო… მერეც პეტრე გრუზინსკიმ გამოიტანა ვერდიქტი – ეს გოგო ჩემი რძალი უნდა გახდეს! გახდა კიდეც – „ღიმილის ბიჭების“ გამოსვლიდან 2 წელიწადში, ლეილა ყიფიანმა და ნუგზარ ბაგრატიონმა ჯვარი დაიწერეს სვეტიცხოველში…

ბიძინა ჩხეიძე 16 წლისაც არ იყო, მამამ – რეზო ჩხეიძემ ბეთხოვენას როლზე რომ დაამტკიცა „ღიმილის ბიჭებში“… თუმცა, ბიძინა ჩხეიძის გადაღება მამის ინიციატივა არ ყოფილა – სცენარის ავტორმა სულიკო ჟღენტმა უთხრა რეზო ჩხეიძეს – ბეთხოვენა ასეთად წარმომიდგენიაო. მსახიობი მოგვიანებით იტყვის, რომ მამა ძალიან დაეხმარა როლის შექმნაში – უხსნიდა, აჩვენებდა, როგორ უნდა ებღავლა… ბიძინა ჩხეიძე კინოს მსახიობი და რეჯისორი გახდა. გადაღებულია ათზე მეტ ფილმში, გადაღებული აქვს ათი ფილმი…

გოჩა ლომია კინოში ჭიჭყინმა მოახვედრა. იდგა და კალათბურთის მოედანზე ჭიჭყინებდა როცა „ღიმილის ბიჭების“ გადამღები ჯგუფის წევრებმა შეამჩნიეს.

უკითხავთ რა უნდა გამოხვიდეო და 14 წლის ბიჭს სხარტად უპასუხნია – მე? კონტრრაზვეტკა!

გოჩა ლომიას გამოჩენამდე ბოლოკას როლისთვის თაზო თოლორაიას ამზადებდნენ. ლომია რომ გამოჩნდა, თაზო თოლორაია ლევანის როლზე დაამტკიცეს. თაზო თოლორაიას რეზო ჩხეიძე ბავშვობიდან იცნობდა და ამ ნაცნობობით მოხვდა კინოში. ფილმის გადაღება რომ დაიწყო თაზო თოლორაია მეცხრე კლასში იყო და ბოლო ორი წელი სკოლაში არც უვლია – სულ გადაღებებზე იყო… „ღიმილის ბიჭებამდე“ თაზო თოლორაია გუგული მგელაძემ „ცისკრის ზარებში“ გადაიღო, „ღიმილის ბიჭების“ გამოსვლამდე ეკრანებზე „ბზიანეთი“ გამოვიდა, სადაც თაზო თოლორაია თამაშობდა…

„ღიმილის ბიჭების“ ეკრანებზე გამოსვლიდან მალე კი ეკრანებზე გამოვიდა „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“. თაზო თოლორაია თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი გახდა, 20-ზე მეტ ფილმშია გადაღებული და დაღუპვამდე საყვარელ საქმეს მისდევდა… გოჩა ლომია კი რამდენიმე ფილმში კიდევ გადაიღეს, შემდეგ იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა და კინოს ჩამოშორდა…

ლეგენდა ლენაზე (ზურა ყიფშიძისა და ელენე ყიფშიძის დედაშვილობის ამბავი)

რეზო შატაკიშვილი

2004 წელია. პაპანაქება ზაფხულია – 31 ივლისი უნდა გათენდეს. შუაღამეა – ღამის 4-ის ნახევარია. მოხუცი, 80 წელს მიტანებული, უკურნებელი სენისგან განაწამები დედა სიკვდილს ებრძვის. მასთან მხოლოდ მისი ერთადერთი ვაჟია. დედა შვილის მკლავებში ამთავრებს სიცოცხლეს. შვილი არავის ეძახის, მარტო რჩება დედასთან. შვილი ტირის დიდხანს, ებოდიშება გარდაცვლილ, ჯერაც ისევ თბილ დედას… ყველაფერს ფასი აქვს დაკარგული – სასოწარკვეთასაც, იმედსაც, ქმედებასაც, უმოქმედობასაც, ბატონობს ტრაგიზმი, რომლის ფონზე ყველაფერი უფერულია.
დედის ტანჯვისგან დაღლილი შვილი დედის ცხედარს უწვება გვერდით და ძილ-ბურანში ჩაკარგული ელის განთიადს, პირველ მზის ამოსვლას დედის გარეშე.
დაე მუდამ იყოს მზე, დაე მუდამ იყოს დედა… არავინ იცის ახსენდება თუ არა საკუთარ ბავშვობაში პოპულარული საბავშვო ჰიტი, მაგრამ ყველამ ვიცით რომ მუდამ მხოლოდ მზე იქნება და მუდამ ვერ გვეყოლება დედები. ვიცით მაგრამ არ გვჯერა, უფრო სწორად არ გვინდა დავიჯეროთ…

ამოდის მზე. შვილი დედის მეზობლებს აგებინებს დედის დაღუპვის ამბავს.

მიუხედავად იმისა რომ მოხუცი ქალიც დიდი არტისტია და შვილიც, ეს არც სცენაზე ხდება და არც გადასაღებ მოედანზე, მათ წინ არც პარტერია და არც კამერა. აქ ყველაფერი ნამდვილი და ტრაგიკულია.

მიუხედავად იმისა რომ დედა ელენე ყიფშიძეა, ქალი-ლეგენდა, ის ნამდვილად კვდება და შვილი – ზურა ყიშიძე, რომელსაც არაერთხელ ჰყავს ატირებული მაყურებელი, თავად ტირის ნამდვილი და არა გლიცერინის ცრემლებით.

ისინი არასოდეს მდგარან სცენაზე ერთად, ისინი მხოლოდ ცხოვრებაში იდგნენ ერთად.

ელენე ყიშშიძე – ჩემი თაობისთვის ზურას დედა, დღევანდელი თინეიჯერებისთვის “ყიფშოს” – გიორგი ყიფშიძის ბებია. თუმცა იყო დრო ზურა იყო “ლენას ბიჭი”.

ელენე ყიფშიძე – სცენაზე ფეხის ადგმის დღიდან მითიური არტისტი.

იყო მითიური და იქით ამსხვერვდა მითებს, მითს იმაზედ რომ პოპულარობა მხოლოდ კინოს მოაქვს, რომ თეატრი უძლურია დიდი პოპულარობისთვის. ის არ გააკარეს ქართულ კინოს, სულ რამდენიმე ეპიზუდური როლი ითამაშა კინოში, მაგრამ იყო პოპულარული, ისე პოპულარული რომ ამ დონის პოპულარობა ბევრ კინოვარსკვლავს არც დასიზმრებია. ის იყო არტისტი რომლის გულისთვისაც დადიოდნენ თეატრში, იყო ქალი, რომლის მჩქეფარე პირადი ცხოვრება აღელვებდა ყველას, მასზე თხზავნდნენ მითებს, ჭორისა და სინამდვილის კოქტეილს, სახელად “ლენას” სვამდა ყველა, მას მთელი ცხოვრება თან სდევდა მითიური შლეიფი, რომელიც თან ჩაიტანა სამარეში. დასრულდა მისი სცენიური და ამქვეყნიური სიცოცხლე, მაგრამ არ დასრულდა ლეგენდა ლენაზე.

ზურადალენა1111

ზურას ხნის მითი

1925 წელს, ილია ჭავჭავაძის მარჯვენა ხელისა და თანამებრძოლის გრიგოლ ყიფშიძის ვაჟს – ვასილ ყიფშიძეს ნაბოლარა ქალიშვილი შეეძინება. ელენე მეხუთე შვილია. მაგრამ ლენაჩკას შინ ორი და – ნინა, ქეთო და ერთი ძმა გიგა ხვდებიან. უფროსი ძმა – ზურიკო უკვე დაღუპულია.

პატარა ლენა ბავშვობიდან სცენაზეა, ბალეტითაა გატაცებული.

ზურა ყიფშიძე: “კოტე მახარაძე და დედაჩემი “შჩელკუნჩიკში”ცეკვავდნენ სოლოს, ერთ-ერთ დიდ პარტიას, მოსკოვშიც იყვნენ გასტროლებზე, ლენა დიდ თეატრშია ნაცეკვი, ბებიაჩემი ყოფილა მეცხრე ცაზე – “ნაშა ლენაჩკა ტანცუეტ ბალშომ ტეატრე… “

ყველას ჰგონია რომ ლენა ბალერინა გახდება, მაგრამ ის ბავშვობასთან ერთად ემშვიდობება ბალეტს და მსახიობი ხდება, 1948 წელს თეატრალურ ინსტიტუტს ამთავრებს და მარჯანიშვილის თეატრში იწყებს მოღვაწობას. აღიარებას მალევე იხვეჭს, “ხარატანთ კერაში” მისი განსახიერებული ნუცკია ქართული თეატრის ისტორიაში ინაღდებს ადგილს.

ლენა ყიფშიძე 2

სცენაზე იმარჯვებს, ცხოვრებაში მარცხდება – პირველი ქორწინება დაშორებით სრულდება.

ზურა: “დედას პირველი მეუღლე იყო ეროსი მანჯგალაძე, სტუდენტობისას ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დაქორწინდნენ, მაგრამ ვერ აეწყო მათი ურთიერთობა, დაშორდნენ, ეროსის ცოლი აღარც მოუყვანია. ის კი არა, მახსოვს, ეროსის დამ დაწერა გაზეთში, სიცოცხლის ბოლომდე ლენა უყვარდა ეროსისო”.

მალე სრულიად ახალგაზრდა, 27 წლის ლენა ცხოვრებაში მთავარი როლის თამაშს იწყებს – დედა ხდება. შვილს უმამოდ აჩენს, ბიჭს ზურას არქმევენ, უდროოდ დაღუპული ბიძის სახელს. პატარა ზურას გვარს და მამის სახელს ბაბუა აძლევს. ამ თამამი (იმ დროისათვის მითუმეტეს) ნაბიჯის გადადგმას ლენას ოჯახში არ უშლიან, არ ეწინააღმდეგებიან.

ზურა: “ბავშვის მოშორებაზე მე მგონი არც ყოფილა საუბარი, არ ვიცი შეიძლება მე არ მეუბნებიან, მაგრამ მე ეს არასოდეს მიგვრძნია მათგან. პირიქით ბაბუის სახელი მიწერია მამის სახელად. საერთოდ, ისეთი ოჯახი იყო არა მგონია ბავშვის მოშორებაზე ყოფილიყო ლაპარაკი”.

დაიბადა ზურა და მასთან ერთად დაიბადა მითიც – რომ ზურა ეროსის ბიჭია. ამ მითის თვითონ ზურასაც სჯერა კარგა ხანს. უფრო სწორად არ იცის ვინაა მამა, მართლა ეროსი? თუ სხვა? იზრდება ქალების – დედის, ბებიის, დეიდების გარემოცვაში.

ბიძას, გიგა ყიფშიძეს, პოლიტკურზე იჭერენ და აციმბირებენ.

ზურა: “გიგა 24 წლის ასაკში უკვე სევასტოპოლის მთავარი არქიტექტორი იყო. რესტორანში, მთვრალმა დანით ხრუშოვის სურათი დახია, ისევ ქართველებმა “ჩაუშვეს” და გაუშვეს ციმბირში, სადაც ჭაბუა ამირეჯიბი იჯდა. მოსკოვში ოლიმპიადა იყო, ლენა თამაშობდა იქ და ხშრუშოვის ბანკეტზე დაპატიჟეს, ხრუშოვის ხელმოწერილი მოსწავევით კი ლენა ძმასთან წავიდა კოლონიაში, კოლონიის უფროსი გაგიჟდა – გრიშკა ხრუშოვის სურათის დახევის გამო ზის და იმის დას ხრუშოვი საქეიფოდ პატიჟებსო…”

Giorgi_Javaxishvili-141

ზურიკო კი იზრდება. ლენამ არ იცის, რომ ქართველები მის ბიჭსაც “ჩაუშვებენ” მომავალში, “ჩაშვება” ჯერ ადრეა, ზურიკო ჯერ უნდა გაიზარდოს, მოსკოვში წავიდეს სასწავლად…

ზურა: “დედაჩემს გაუთავებლად სპექტაკლები, რეპეტიციები, გასტროლები ჰქონდა… პირადი ცხოვრება – არეულ-დარეული, ძირითადად დეიდები მივლიდნენ, ასე მეუბნებოდნენ – სამი დედა გყავსო. ისინიც მუშაობდნენ, ერთი უნივერსიტეტში ფიზიკას ასწავლიდა, მეორე ინგლისურს სკოლაში. მეტწილად ბებიასთან ვიყავი და სკოლაში რომ წავედი ქართული არ ვიცოდი საერთოდ, ბებია ნახევრად პოლონელი, ნახევრად “კაზაჩკა” რუსი იყო. ყველაზე ნაკლებად დედაჩემს მიუძღოდა ჩემს გაზრდაში წვლილი, მაგრამ მე მაინც ყველაზე მეტად დედა მიყვარდა. ეს აღიზიანებდათ “ზოგ-ზოგიერთებს”, იყო ერთი ეჭვიანობა…”

ელენე ყიფშიძე1

ბიჭს უყვარს დედა სიგიჟემდე, ყველაფერი თითქოს კარგადაა, მაგრამ განიცდის უმამობას, ნაცნობ-უცნობების ალმაცერ მზერას და დამოკიდებულებას. პატარა ხელებით იმკის დედის თამამი ნაბიჯის შედეგს. საზოგადოებას ჯერც სისხლში აქვს გამჯდარი რომ ბავშვი “ზაქსში” ხელმოწერერის შემდეგ უნდა გაჩნდეს.

 

 

ზურა: “სასწაული პრესი იყო, ფაქტიურად ნაბიჭვრად მთვლიდნენ და ასე შემდეგ… განვიცდიდი ამას ჩემებურად, მაგრამ რატომღაც შინაგანად ვიცოდი და მჯეროდა, ინტიუციით ვგრძნობდი რომ დედაჩემი მართალი იყო თავის ცხოვრებაში, სწორად ცხოვრობდა. მე მაღიზიანებდა და კონფლიქტი მქონდა საზოგადოებასთან და არა დედაჩემთან… რამდენიმე წელი მის მეუღლესთან, ბონდო მაჭავარიანთან ერთად ვცხოვრობდი, რახან დედას ეს უნდოდა…”

Cinaparta_Mica_007

მითი ეროსის ბიჭობაზე გარდატეხის ასაკში იმსხვრევა. ბიჭი მამას პოულობს და ის სულაც არაა ეროსი მანჯგალაძე.

ავთო ვერულეიშვილი – ზურა ყიფშიძის მამა

 
ზურა: “მახსოვს სოფელში ვიყავი, ასე წარმადგინეს, გაიცანით, ესაო, ეროსის ბიჭიაო. გავგიჟდი მეთქი ვინ ეროსის ბიჭი ვარ, დავიწყე ყვირილი, ბოლო-ბოლო გამაგებინეთ ვინ ვარ, რა ვარ, ვისი შვილი ვარ…  13-14 წლის ვიყავი, როცა გავიგე ვინ იყო ბოლო-ბოლო მამაჩემი _ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ავთო ვერულეიშვილი. აღმოჩნდა რომ ძმაც მყავს თურმე უფროსი, ისიც ზურიკო. ძალიან კარგი ხალხი არმოჩნდა, მიმიღეს და მეც მივიღე. ჩემს ძმასთან დღემდე ვმეგობრობ, მამაჩემიც დაიღუპა და მისი გადასარევი მეუღლეც. ( ზურაბ ყიფშიძის ძმა – ზურა ვერულეიშვილი გასულ წელს გარდაიცვალა – რ.შ. ) ისიც ძალიან ნორმალურად შეხვდა ყველაფერს და ძალიან ახლოს ვიყავი მასთანაც, ხშირად მ
ან ბევრად მეტი იცოდა ჩემს შესახებ, ვიდრე ლენამ. 
მამაჩემი ძაან კარგი ტიპი იყო, რაღაც უცბად გაიარა მთელმა ცხოვრებამ, თითქოს გუშინ იყო ეს ყველაფერი. მამაჩემი მაინც დამნაშავედ თვლიდა თავს, მიუხედავად იმსა რომ დედაჩემს არაფერი მოუთხოვია მისგან, არც თავიდან არც შემდეგ. არ უთხრა, გინდა თუ არა ოჯახი დაანგრიე და მე წამიყვანე…
ყველაფერი შედარებით “ლაითად” მოხდა, სხვაგან მოყვებოდა რაღაც საშინელება… დედაჩემი და მამაჩემი სიცოცხლის ბოლომდე მეგობრებად დარჩნენ, ჩემი გულისთვსიაც და საერთოდაც. ერთ თეატრში თამაშობდნენ და იყო ერთი კურიოზები. მახსოვს მამას ხშირად ავიწყდებოდა ტექსტი. დედა თამაშობდა კინტოს. ერთ-ერთ სცენაში ლენა ცეკვავდა, ავთო უნდა შემოსულიყო და ეკითხა “საით მიდიხარ”? ლენა კიდე მთელი მონოლოგით პასუხობდა ამ კითხვას. ერთხელაც მამაჩემს დაავიწყდა ტექსტი, და “ნნნ” იძახის. ლენა ცეკვავს თან ხმადაბლა ეუბნება, რა “ნნნ”, თქვი ბიჭო. თან ცეკვას აგრძელებს – მეორე “კრუგზ” წავიდა. მამაჩემმა ბოლოს ჰკითხა – “სადა მუშაობ”? სად უნდა მუშაობდეს კინტო? ლენამაც გასცა რა პასუხი – “ლიხაჩოვის ქარხანაში, შენი დედა ვატირე”…
 
zurikos-mshoblebi

 

ავთო ვერულეიშვილი და გიორგი ყიფშიძე

 

მოკლედ ზურა გადასარევად იღებს დედასაც, მამასაც და იმ “ძიასაც”, რომლის ბიჭობასაც აბრალებდნენ.
ზურა: “ისე მოხდა რომ ეროსი ჩემი თეატრის დირექტორიც იყო და პარტნიორიც, ძალიან ვახლობლობდით. ღომ დაიღუპა იმ საღამოსაც მასთან ვიყავი სახლში, ბიჭები ვიყავით ასულები, მიდიოდა ნარდის თამაში, სუფრა უნდა გაშლილიყო, მე ვერ დავრჩი, ლელა ფეხმძიმედ იყო, წამოვედი, გამოვედი ოთახიდან და დავარდა კაცი…”
Cinaparta_Mica_072
მითი იმსხვრევა, (ყოველ შემთხვევაში ზურასთვის), მის ადგილს სინამდვილე იკავებს. თუმცა, ზურა მანამდეც და შემდეგაც თავისი სისხლსავსე, ბავშური ცხოვრებით ცხოვრობს. დედას თავისი ცხოვრება აქვს _ სცენაზეც და სცენის მიღმაც. დეიდები, რომლებსაც უყვართ ლენა, სადღაც მაინც ვერ ჰგუობენ იმას რომ პირადი ცხოვრება არეული აქვს და უნდათ ზურა მაინც იყოს “ყველანაირად დადებითი”. პატარა ზურა კი საშინლად მოუსვენარია.
ზურა: “ბავშვობაში ავლიპ ზურაბაშვილს ბაბუაჩემი ასწავლიდა ფიზიკას, დეიდაჩემებმა პატარა რომ ვიყავი წამიყვანეს ავლიპასთან, სერიოზულად წამიყვანეს, გიჟიაო. ამაზე უარესი ვიყავი, მოუსვენარი”.
(ამბობს ზურა და გენეტიკურ “მტკიცებულებაზე” – შვილიშვილზე, 4 წლის ნიკუშაზე მითითებს, რომელიც ჩვენი საუბრის დროს ყირას ჭიმავს ოთახში).
 
ავლიპ ზურაბაშვილი დეიდებს ამშვიდებს, ბავშვი უბრალოდ მოუსვენარია! ახლა დეიდები არ ისვენებენ, აღრიცხვაზე აიყვანეთო. არ ისვენებენ, უფრო სწორად წინ იხედებიან, ჩვენ ზურიკოს ჯარში რომ გაიძახებენ, რა იცი რაში დაგვჭირდესო. ზურიკო აღრიცხვაზე აჰყავთ. არადა, რა ჯარი, ბიჭი სულ 9 წლისაა. დაიმახსოვრეთ, დეიდები ამ დოკუმენტს საჭირო დროს ააფრიალებენ.
ზურას კი გული ცხენებისკენ უწევს. იპოდრომზე იწყებს სიარულს. ცხენებს უმეგობრდება და იმ რუბიკონს, რომელიც დედას ეღობება და ვერ ხვდება კინოში, პატარა ზურა ცხენით ახტება – კინოსტუდია “მაცი ხვიტიასთვის”პატარა ცხენოსან ბიჭს ეძებს. ზურას კინოში იღებენ. დედას არ სწყალობს კინო. არც მანამდე და არც შემდეგ.
ეს ამბავი “მაცი ხვიტიამდე” ხდება:
თეატრში “მაია წყნეთელი” იდგმება, ელენე ყიფშიძე მაია წყნეთელს თამაშობს. “მაია წყნეთელი” ანშლაგების რეკორდს ხსნის, სამასჯერ ნათამშევი სპექტაკლიდან 200 ანშლაგია. ელენე ყიფშიძეს იწვევენ ერევანში. ლენა სომხურ ენაზე თამაშობს მაია წყნეთელს. წარმატება თავბრუდამხვევია, მაგრამ თეატრალურ გამარჯვებას კინოში მარცხი ენაცვლება. იღებენ “მაია წყნეთელს”, რეზო ჩხეიძე ლენას ატყუებს რომ მაია მან უნდა ითამაშოს…
ელენე ყიფშიძე – მაია წყნეთელი

 

 
ზურა: “მახსოვს, ლენა ეუბნებოდა რეზო ჩხეიძეს, მითხარი, ნუ დამიმალავ თუ მე არ გადამიღებო. რეზო ეუბნებოდა შენ გიღებო. ბოლოს ოპერატორმა შეამზადა ლენა, როლზე ლეილა აბაშიძეა დამტკიცებული, უკვე ცხენზეც დადისო. ლენა მივიდა რეზოსთან, ის ისევ ეუბნებოდა შენ გიღებო. ოჯახებით ახლოს ვიყავით და ალბათ ვერ ეუბნებოდა სიმართლეს. ლენამ უთხრა, აბა ბიძო (ბიძინა ჩხეიძე _ რეზო ჩხეიძის ბიჭი – რ.შ.) დაიფიცე რომ მე მიღებო. რეზომ გეფიცებიო და გააქანა დედაჩემმა და წყვიტა სახეში, ამ მხრივ ცოტა ისეთი კი იყო ლენა, გიჟური, ფეთქებადი ხასიათის, მაგრამ მოთმენის დიდი უნარი ჰქონდა, მაგრამ ბოლოს თუ ამოუვიდოდა ამოუვიდოდა… “
გაურკვეველია რა ვერ აპატია ელენე ყიფშიძემ რეზო ჩხეიძეს, როლის სხვისთვის მიცემა, მისთვის მოტყუება თუ შვილის ტყუილად დაფიცება.
ამ ქალბატონს უცნაური ბედი დაჰყვა – ყველა ერთხმად აღიარებდა მის ნიჭს, ცეცხლოვან ტემპერამენტს, მაგრამ თუ არ ჩავთვლით რამნდენიმე ეპიზოდურ (მაგრამ მაინც შთამბეჭდავ) როლს, მას საერთოდ გვერდი აუარა ქართულმა კინომ. არადა, ძალიან უნდოდა კინოში გადაღება.
ზურა: “იმდენად უნდოდა კინოში გადაღება რომ ცხვირიც კი მოიჭრა ამისთვის. მახსოვს 12-13 წლის ვიყავი და ძალიან განვიცდიდი ამას, არ ველაპარაკებოდი კაი ხანი, მეთქი როგორ მოიჭერი ჩემი საყვარელი ცხვირი… წოპემ გაუკეთა ოპერაცია და სხვათაშორის თავიდან არ გაუკეთებია სტანდარტული ცხვირი, კეხი დაუტოვა, ისე დაუპატარავა ცხვირი. მაგრამ მერე საშინელ ავარიაში მოჰყვა, საერთოდ დაელეწა ცხვირი და მეორე ოპერაცია დასჭირდა”.
elene kipshize1
გავა წლები და თავად ელენე ყიფშიძე, თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ასე გაიხსენებს საკუთარ ცხვირისა და კინოს ურთიერთობას.
“ქართული კეხიანი ცხვირი მქნდა და თეატრალურ ინსტიტუტში სწავლის დროიდან მოყოლებული, სულ მთავარ როლებს მთავაზობდნენ კინოში. თან ისეთი რეჟისორები, როგორებიც იყვნენ თენგიზ აბულაძე, რეზო ჩხეიძე, შოთა მანაგაძე… გადამიღებდნენ კინოსინჯებს და მერე შეიცხადებდნენ – “უი ცხვირიო”. ასე მთავრდებოდა ჩემი ურთიერთობა კინოსთან, სულ რამდენიმე ეპიზოდური როლი ვითამაშე ფილმებში. მერე წოპემ – ჩემი ძმის ახლო მეგობარმა, მირჩია, ხომ ხედავ, ცხვირი ხელს გიშლის, მოდი, ცხვირი მოიჭერი, კინოშიც გადაგიღებენ და ისეც უფრო ლამაზი იქნები, ცხვირის გრიმით გაზრდა კი ყოველთვის შეიძლებაო. მოკლედ, გავიკეთე ოპერაცია, თეატრში ალე ომიაძე და ვასო გოძიაშვილი გადაირივნენ, ეს რა ჩაიდინე, რას დაამსგავსე ქართული ცხვირიო. ახლა, დამიძახეს როლზე კინოსტუდიაში, რეჟისორ გუგული მგელაძესთან. დარწმუნებული ვიყავი, იმიტომ მიმიწვიეს, ცხვირი რომ შევიკრიჭე-მეთქი. ფრთხილად შევაღე ბატონი გუგულის კაბინეტის კარი, ვხედავ – არანაირი საპასუხო რეაქცია… მივხვდი, ვერ მიცნო. “გამარჯობათ, ბატონო გუგული, ელენე ვარ ყიფშიძე”, _ ვეუბნები, უნდა გენახათ, როგორი მიყვირა – რა უყავი შენი ქართული ცხვირი, ქართული ცხვირი მჭირდებოდაო… ისე გავმწარდი, გულში გვარიანად შევუკურთხე წოპეს. ამით დამთავრდა ჩემი და კინოს ურთიერთობა…”
(51)
ელენე ყიფშიძეს არ გაუმართლა ბედმა კინოში და ჩაიქნია ხელი. შეეგუა ბედს.
ზურა: “მე კარგად მახსოვს ის პერიოდი როცა დედაჩემი საშინლად განიცდიდა, რომ ბედმა არ გაუმართლა კინოში. მაშინ აქტიურად იღებდნენ ფილმებს და ლენას გვერდს უვლიდა ეს ყველაფერი. ამას ემატებოდა ისიც რომ ხშირად მისთვის მიუღებელი იყო კინოს სპეციფიკა, სულ მაგას ვუხსნიდი, ნუ მიიტან ასე ახლოს გულთან, კინოს სხვა სპეციფიკა აქვს, ეკრანი მგძნობიარეა, ზუსტად უნდა იცოდე რა წერტილიდან გიღებენ, ვინ არის ოპერატორი, რას აკეთებს, როგორც კი ოდნავ გადააჭარბებ, საშინლად თეატრალურად ჩანს მეთქი. მედავებოდა, როგორ თუ ნაღდად, გულწრფელად თამშობ, სხვანაირად როგორ გამოჩნდეაბაო. მერე მახსოვს, რაღაცა ნახა თავისი და საშინლად არ მოეწონა, გაგიჟდა ეს რა არისო. მეუბნებოდა, აუ, ბიჭო მეო მეგონა რაღაცას ვაკეთებ ზუსტად, კარგად, ნამდვილად შიგნიდან ვგრძნობო და ეს რა გამოვიდაო. მც ვუხნიდი, აი ლენა ხომ გეუბნებოდი კამარას ცოტა სხვა სპეციფიკა აქვს მეთქი. არ ესმოდა, შინაგანი პროტესტი უჩნდებოდა და ერთი პერიოდი ვერ იტანდა კინოს. ამბობდა, მე არაფერი არ მესმის და მეზიზღება ეს კინოო, მაგრამ ამას იმიტომ კი არ ამბობდა რომ თვითონ არ იღებდნენ, თვითონ სპეციფიკა არ ესმოდა და აღიზიანებდა, გაკეთებულად თვლიდა, ხშირად ამბობდა, გულით კი არ თამაშობს, ძალიან, ძალიან შინაგანად, თავით აკეთებს როლსო”.
tripolski_020
კინოსგან გასხვავებით, ვერ ვიტყვით რომ ელენე ყიფშიძეს თეატრში არ უმართლებს ბედი. მაგრამ ბობოქარი ტემპერამენტისა და დიდი არტისტული გაქანების არტისტს დიდად არც თეატრში ანებივრებენ როლებით, თეატრშიც აქვს პაუზები, გაუთავებლად ცდილობენ მის ლოკალიზებას მხოლოდ სახასაიათო კომედიურ ამპლუაში. არ ანებივრებენ როლებით, მაგრამ როცა აძლევენ მაშინვე ფეთქდება მისი არტისტიზმი. ლენა ყიფშიძის ნიჭთან ომში უძლურნი არიან და მის წინააღმდეგ ხშირად იყენებენ მის პირად ცხოვრებას.
კინოს მსგავსად, მას არც პირად ცხოვრებაში სწყალობდა ბედი და იქაც შეეგუა განგებას, საბოლოოდ მარტოსულის ცხოვრება არჩია. ეროსი მანჯგალაძის შემდეგ, მხატვარ რეზიკო თარხანმოურავის ცოლი იყო, შემდეგ ჯონდო მაჭავარიანის.
Untitledკკკკ
ზურა: “სულ მეუბნებოდა მე არასოდეს მიღალატია არავისთვის და ტყუილს ვერ ვიტანო. ვერ პატიობდა ბევრ რამეს, ვეუბნებოდი რატომპატიება ერთერთი მნიშვნელოვანი რამეა მეთქი, მაგრამ არ მეთანხმებოდა, არის რაღაცეები რასაც ვერ ვპატიობ ადამიანსო. ეტყობა მაქსიმუმს ითხოვდა თავისი პარტნიორისგან შეყვარებულისგან, ახლო ადამიანისგან, ქმრისგან, რაც გინდათ ის დაარქვით, ეტყობა ის ვერ აძლევდა და ეს ვერ პატიობდა… ბოლოს 7-8 წელი ცხოვრობდა ჯონდო მაჭავარიანთან. მათათან ერთად მეც ვცხოვრობდი, გადავლახე და გადავიტანე მთელი ეს უბედურება, ჩხუბებიც გვქონდა… ძნელია პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი, თან საკუთარი დედის, ახლა მისმენს ალბათ საიდანღაც და ალბათ მიწყრება, იმიტომ რომ არ უყვარდა მაგას ყველაფრის თქმა… ბოლოს, სანამ მე ინსტიტუტში ჩავაბარებდი, დაშორდა ჯონდოს და გადაწყვიტა რომ მარტოსული ყოფილიყო. გადაწყვიტა არ გამომივიდაო მე პირადი ცხოვრებაო და მარტო ცხოვრობდა”.
მისი პირადი ცხოვრება კი ისევ აღელვებს თბილისს. ისევ  დაფინავს ჭორები მასზე.
ზურა: “დედა ჭორებზე ბრაზდებოდა, მაგრამ ეტყობა ამაზე ცოტა ზემოთ იდგა და ეშვებოდა, პერიოდები იყო როცა მეც და ლენაც განვიცდიდით, საშინელ პრესს, ყველა მხრიდან, ნუ არ არის კვამლი უცეცხლოდ, მაგრამ ჩვენ მაინც ძალიან ბევრი ჭორები ვიცით ქართველებმა…”
 
ისევ ზურას ბავშვობა –  ქუჩა, ჰიპობა, მანეკენობა
ბობოქარი დედის შვილის ცხოვრებაც ბობოქარია. სავსეა სხვადასხვა პერიოდებით. ქუჩის ბიჭობას ჰიპობა ენაცვლება, ჰიპობას მანეკენობა.
ზურას ძიების პროცესი ექსტრავაგანტულ სახეს იღებს. ნერვიულობენ დეიდებიც, ნერვიულობს ლენაც. არც გაემტყუენება, მას ესმის რა არის ქეიფი, იცის რომ ბიჭმა შეიძლება ქუჩაშიც იჩხუბოს და რესტორანშიც, იცის სხვებისგან და იცის ზურას გადამკიდემაც. მაგრამ უცებ თვითონ ზურა იცვლება, ლენა იბნევა, ვერ ხვდება საით “უბერავს” ზურა.
ზურა: “მე და თემურ ჩიხლაძე ნამდვილი ჰიპები ვიყავით. ახლა ძაან ნამდვილი როგორ ვიქნებოდით, მაგრამ ვცდილობდით რომ გარეგნულადაც და შინაგანადაც ასე გვეცხოვრა. რაღაცა სიმყუდროვისა და თავისუფლებისთვის მიგვეღწია. ლენა საშინლად მტკივნეულად ხვდებოდა ამ ამბავს. დაიბნა, ქუჩის ბიჭი ვიყავი და უცებ შევიცვალე – მოშვებული თმები, მეორე ლოყის მიშვერა, რაღაც ბეჭდები, საყურე არა, მაგრამ რაღაც ჯინჯილები, გაცვეთილი ჯინსები, ჩუმი ლაპარაკი, სულ სხვა მუსიკა… ქალი გადაირია, რაღაც საშინელებაშია ჩემი შვილი, რაღაც სექტანტი ხდება… ლენას ბრალი იყო მილიციაში რომ მოვხვდით. ლენამ, ჩემმა “ტიოტკებმა”, ბიძაჩემმაც, მოილაპარაკეს რომ მოდით რაღაც გავაგებოინოთ სახელმწიფოს მოხელეებს და სამართალდამცავებს… მოგვადგა “ვარონკა”, ყველა გაიქცა და მე და თემურ ჩიხლაძე შევრჩით ხელში. თემურიმ იქ ისეთები მოარტყა, ესაო, ისაო, პროტესტიო, მელიციის უფროსი გაგიჟდა ოღონდ არ იყოს ბუნტი!!! რის წინააღმდეგ გამოდიხართო, გვკითხა, თემურმა უთხრა, ამერიკის აგრესიის წინააღმდეგ ვიეტნამშიო. რაღაც სისულელეები მოთხარა, დაახეთქა, პირველ მაისს პრასპარანტებით ვაპირებდით გამოსვლასო. არადა რა ტრანსპარანტები, რის ტრანსპარანტები, მილიციის უფროსი მთლად გადაირია, თქვენ ვიღაც გმართავთ ზემოდან, ანტისავბჭოთა ელემენტიო. მილიციიდან ისევ ლენამ გამოგვიყვანა, მე მივხედავო. მილიციის უფროსმა გამოგვიშვა და ლენას თემურზე აფრთხილებდა, ამას არ გააკაროთ თქვენი შვილიო”.
Cinaparta_Mica_012
მალე ჩაჯაჯული ჰიპი ზურა ხელს აიღებს ჰიპობაზე და პოდიუმზე გამოდის. ალი-კვალი ლენას ბიჭია, უყვარს თამამი ნაბიჯები და აკეთებს იმას რაც უნდა. უნდა ჰიპია და უნდა მანეკენი. მთელ საბჭოეთში თუ არა ზურა ყიფშიძე პირველი მოდელი მამაკაცია საქართველოში.
ზურა: “პირველი მანეკენი ვიყავი თუ არა არ ვიცი, მაგრამ მაშინ არ იყო მიღებული რომ კაცი გამოვიდეს და ქალებთან ერთად აჩვენოს მოდა. სურათებია შემორჩენილი ძალინ სასაცილო, სად არის ვერ ვპოულობ, პოზებში რომ ვდგევარ. სკოლის მოსწავლე ვიყავი მანეკენობა რომ დავიწყე. დამიძახეს მოდელების ჩვენებაზე და მეც დავდიოდი ვილნიუსში, მინსკში, კიევში, მოსკოვში, რა ვიცი, სად აღარ, აზრზე ხარ, მთელი საბჭოთა კავშირიდან ჩამოდიოდნენ იმ ჩვენებებზე ლამაზი ქალები, მანეკენშიცები, ეს რა კარგი იყო იცი? მერე, ტრამვის გამო ჩამოვშორდი პოდიუმს, მაგრამ ინსტიტუტი რომ დავამთავრე ისევ მივუბრუნდი პოდიუმს. უკვე ცოლიც მყავდა, შვილიც. მე, ჩემი ცოლი, ქეთი ქობულია, ნანა კობერიძე დავდიოდით მოდელების სახლში გიზო ბერაძესთან. მოდელები კეთდებოდა საფრანგეთისთვის, თურქეთისთვის, ავსტრიისთვის, მართალია მანდ არსად არ წამიყვანეს, მაგრამ მოსკოვში ძალიან ბევრს ვუმშაობდი, ნატვრის ხე უკრავდა და ჩვენ ვაჩვენებდი მოდელებს, ასე რომ ჩემს მანეკენურ “კარიერაში” ორი პერიოდი იყო, ერთი ბავშვობაში, მერე დიდობაში…”
ზურას მოუსვენრობის ბრალი იქნება ის ტრამვაც, რომლის გამოც პოდიუმს ჩამოშორდება და საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება სიარულიც.
Cinaparta_Mica_030
ზურა: “ჩხუბში მოვყევი, ფანჯარაში მომიხვდა ფეხი და გადამეჭრა აქილევსის მყესი. ედიშერ მაღალაშვილმა გადამარჩინა, გამაქანა პოლიკნინიკაში, სადაც მთვრალი მორიგე დაგვხვდა, კინაღამ მოკლა ედიშერმა, მერე გამაქანა ტრამვატიოლოგიურში და იქ ბედად დამხვდა ახალგაზრდა ექიმი ბიჭი, რომელსაც ნამუშევარი ჰქონდა აქილევსის მყესზე. იმან გადამარჩინა, თორემ სერიოზულად იყო საქმე, წელიწადნახევარი სახლში ვიყავი, ჩირქი მდიოდა, ჭრილობის გარშემო ტროფიული წყლული მქონდა, ყავარჯნებით დავდიოდი, საერთოდ ეგონათ რომ მოსაჭრელი გამიხდებოდა ფეხი… მაგრამ იმ ბიჭმა გადამარჩინა. სხვათაშორის ის ბიჭი მერე მოსკოვში ვნახე, თვითონ მიცნო, მიღიმოდა, გამიკვირდა, რა იყო მეთქი, მეო თქვენს ფეხზე დისერტაცია მაქცვს დაცულიო…”
ზურაც გადარჩა და მისი ფეხიც. ზურამ ამ ფეხით შეაბიჯა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტშიც და კინოშიც. სწალობს დოდო ალექსიძესთან, პარალელურად პირველ კომკავშირელის როლს თამაშობს შოთა მანაგაძის “წუთისოფელში”, აცდენს ლექციებს, ისედაც მოუსვენარი ვინმეა ისევ. ამას ემატება ის რომ ლენას ბიჭია. არტისტების შვილებს თეატრალურ ინტიტუტში კარტბლანში ჰქონდათ და აქვთ, ზურასთვის ყველაფერი პირიქითაა, მტრობენ დედამისთან ერთად. თეატრალურ ინსტიტუტის რექტორი დედა-შვილს იბარებს.
elene yifshidze
ზურა: “ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი პირიქთ იყო, თვითონ ლენას ფაქტორი აღიზიანებდათ, თვლიდნენ რომ ლენას უნდოდა რომ მე მსახიობი გამოვსულიყავი, ამ დროს არავის არაფერი არ უნდოდა, მე მინდოდა, ყველაფერი ბუნებრივად ხდებოდა, თავისთავად. თავაძე იყო მაშინ რექტორი, კაგებეს პოლკოვნიკი, გვეჩხუბა,  შეურაცხყოფაც კი მიაყენა ლენას, რას აკეთებს კაცმა არ იცის, დაანებოს თავი ინსტიტუტს, წაგიყვანოს სოფელში და თოხი გარაკუნებინოს და დაგადგეს თავზეო, მახსოვს ცრემლები წამსკდა და სამელნე თუ რაღაც ვესროლე. გამომაგდეს ინსტიტუტიდან. არ ვიცი, ჩემი ბრალიც იყო, მოსუვენარი ვიყავი, ვაცდენდი ლექციებს, არც ვიცოდი რა არის ეს საქმე. მეორე წელს ისევ თავიდან ჩავაბარე თეატრალუ ინსტიტუტში, მოვხვდი მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში და კარდინალურად შევიცვალე. მივხვდი რომ თეატრალურში სწავლა არც დიპლომის აღება იყო, და არც უბრალოდ კინოში გადაღება, გაიხედე მარცხნივ, გაიხედე მარჯვნივ… გარდატეხა მოხდა ჩემში, მივხვდი რომ ეს მთელი მეცნიერება იყო. რომ არა ისევ კინო, “როცა აყვავდა ნუშის”გადაღებები, ისევ გაცდენები და კონფლიქტები, ალბათ არც წავიდოდი მოსკოვში, მიხეილ ივანიჩთან ძალიან კარგად ვიყავი.”

 

 
რექტორატმა ზურა მეორედაც გამოაგდო ინსტიტუტიდან, სამაგიეროდ ლანა ღოღობერიძემ გადაიღო ფილმში “როცა აყვავდა ნუში”. დედა რომელსაც გზა გადაუკეტეს კინოში, ვერ ეუბნევა შვილს – კინო არ გინდა, ლექციებზე იარეო. მეტიც, სადღაც გულის სიღმეში უხარია კიდეც რომ მისი ბიჭისთვის მაინც არის ღია კინოს კარი. მერე რა რომ მეორედ გამოახურინეს თეატრალური ინსტიტუტის კარი. დედა გრძნობს – შვილს წინ დიდება და პოპულარობა ელის. გრძნობს შვილც.
Roca_Ayvavda_Nushi-03
ზურა: “მეორედაც რომ გამომაგდეს თეატრალურიდან, ნუგზარ ბაგრატუიონმა მითხრა, კინოს გულისთვსი გაგრიცხეს და ბარემ მოსკოვში კინოს ინსტიტუტში ჩააბარე, გერასიმოვს აჰყავს ჯგუფიო. მართლაც, წავედი მოსკოვში, “გიკში” ჩასაბარებლად. ჩემ მოსკოვურ საგამოცდო ციებცხელებაზე, ჩემმა ძმაკაცმა შოთიკო მშვენიერაძემ დაწერა პოემა “ზურალენასტყაოსანი”… არსად დაბეჭდილა დღემდე…”
 
ფრაგმენტები პოემიდან
“იყო სახალხო არტისტი ლენა ვასილის ასული
ერთი ძე ჰყავდა ზურაბი, ბიჭი სიმაღლედ წასული,
დედას რომ შვილი უყვარდეს, არ არის გასაკვირველი,
მაგრამ მიჰყევით ამბავს, მოხდება გასაკვირველი.
დავიწყებთ ამბავს თავიდან, თუმც არა, რათა თავიდან,
როცა ზურიკო მოსკოვში სწავლას შეუდგა თავიდან.
მოაჯდნენ ზურა და ლენა თვითმფრინავს ცაში მფრინავსა,
სულ ორ საათში ჩაფრინდნენ, “ტუ” ჰგავდა ცხენსა მფრინავსა.
… ინსტიტუტში შესვლისთანვე ლენას გაჰყვა დიდი ჯარი
იქვე ატყდა მითქმა-მოთქმა, ქალებს ჰქონდათ თურმე ჯავრი,
კონკურენტად მოგვევლინა საქართველოდანო ქალი,
ულამაზესი ვინმეა, სახელად ერქმევა დალი.
ანაზდად ლენამ გახედა, რუსაპეტებს მიაბოლა.
ნეტა მართლა ვაბარებდე, მიაყარა მათ ქოქოლა.
გერასიმოვამდე მისვლა არ ჩათვალოთ თქვენ ადვილად.
სერგეი პრივეტ ია ზდეს, ლენამ ჩაურთო რუსულად.
შეფმა ახედა, უყურა, მოეწონა მას ნამდვილად
თქვენი ბიჭი გამოდგება, უპასუხა მან ქართულად”.
Krosvordis_Amoxsnis_027
ზურას ძმაკაცის პოემაში გარითმულად, იუმორითაა აღწერილი გამოცდებისა და გამოცდებშუა ქეიფების ამბებიც და პროზაული ფინალიც – ისტორიის გამოცდაში ჩაჭრა. ზურა ბოლო გამოცდაზე – ისტორიის გამოცდაზე ფლავდება.
ზურა: “ბოლო გამოცდაში ჩავიჭერით 4 კაცი. მარჯანიშვილის თეატრს გასტროლები ჰქონდა ლენინგრადში, ავდექი და გავყევი დედაჩემს. მე, ირაკლი ტრიპოლსკი, გია ლაფერაძე, ივიკო მახარაძე დავქრივართ, არის ერთი ამბავი. უცებ, ლენინგრადში, ვერიკო ანჯაფარიძეს დაურეკა თამარა მაკაროვამ, აუხსნა მდგომარეობა, 4 კაციო, რომელიც მოგვწონდა უცბად ჩაჭრესო, ჯგუფს ვერ ვკრავთ, ერთ-ერთი ჩაჭრილი ქართველი ბიჭია გვარად ყიფშიძე, დედა მსახიობი ჰყავსო. ვერიკომ უთხრა, კი, ლენას ბიჭია, აქ არის ჩვენთან ლენინგრადშიო. მაკაროვამ სთხოვა, შენი ჭირიმე, გადაეცი, ჩამოვიდეს 1 სექტემბერს, “კარტოშკაზე” უნდა წავიდესო. მოკლედ, ოთხივეს რაღაც პერიოდი მოგვცეს გამოცდის ჩასაბარებლად, რარაცეები ძალათ წაგვაკითხეს და ჩაგვაბარებინეს, მანამდე კი პოდმოსკოვიეში კარტოშკაზე გვამუშავეს ერთი თვე”.

Imedis_Mwvane_Kundzuli-33

 
ზურა გიკის სტუდენტი ხდება, თბილისურ ორიანებს მოსკოვური ხუთიანები ცვლის, ლენა, რომელსაც შვილთან ერთად სათოხარში წასვლას ურჩევდნენ ამაყადაა – მისი ზურიკო წარმატებული, გერასიმოვის საყვარელი სტუდენტია. თბილისურ თეატრალურ ელიტაში კი ქირქილებენ, რომ ლენას თავქარიან ბიჭს  მალე იქიდანაც გამოაგდებენ. ზურას კი არავინ არ აგდებს, პირიქთ გერასიმოვი თავის ფილმში იღებს, წარმატებით გადადის მეორე კურსზე.
თბილისში კი ბოღმისგან სკდებიან და სამარცხვინო იერიშზე გადადიან.
ზურა: “მაშინ რაღაც კონფლიქტი მოუვიდა აქ დედაჩემს, არ ვიცი, არ ჩავაცივდი რა და როგორ იყო, მაგრამ ვიცი რომ რაღაც კონფლიქტი იყო, გაღიზიანებულებმა გადაწყვიტეს ჩვენი გამწარება და თბილისის თეატრალური ინსტიტუტის რექტორატმა მოსკოვში ქაღალდი გამოაგზავნა, რატომ სწავლობს თქვენთან, ჩვენ ორჯერ გამოვაგდეთ, რატომ არ არის ჯარშიო. კომისარიატში დამიბარეს, აზრზე არ ვიყავი რა ხდებოდა, იქ ვნახე თბილისიდან გამოგზავნილი წერილი, თავზე ეწერა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი… რა აღარ ეწერა იქ, რომ ვარ საშინელი, ასეთი და ასეთი კაცი, ჩვენ 2-ჯერ გავირიცხეთ, წესით უნდა იყოს ჯარში და რატომ არ არის ჯარში… წამართვეს პასპორტი, ჯარში მიპირებდნენ წაყვანას. გერასიომოვი დამეხმარა, ფილმის გადაღებების გამო 6 თვით გამათავისუფლა. მერე საგიჟეთშიც მომიწია წოლა, ჯარში რომ არ წავეყვანე. დეიდები მყავდნენ მხეცები, არქივიდან ამოწიეს გაყვითლებული საქმე, ბავშვობაში ავლიპ ზურაბიშვილთან რომ ვიყავი აღრიცხვაზე, გამოგზავნეს მოსკოვში და იქ გამოკვლევაზე დამაწვინეს საგიჟეთში. ერთი ის მოვახერხე, დედაჩემს და “ტიოტკებს” რომ არ ენერვიულათ, მოვატყუე, საგიჟეთში სექტემბერში მაწვენენ მეთქი და ზაფხულში დავწექი, მათ რომ გაიგეს უკვე მიშვებდნენ. ჩამოქანდნენ გაგიჟებულები. საერთოდ სამივე გადმომყვნენ თან, მახსოვს ერთხელ დედაჩემი იყო ჩამოსული, გამოვაცილე, ჩამოვიდა თბილისში და მეორე დილით უკან დამადგა, ცუდი სიზმარი ვნახეო, მე 40 მქონდა სიცხე… დედა კი იყო, მაგრამ უფრო დაქალი იყო, ყველაფერი ჩემი იცოდა, მე მაგისი ვიცოდი, ეჰ…  დიპლომზე რომ ვმუშაობდი, დეიდაჩემმა ქეთომ უხელფასო შვებულება აიღო და ჩემთან ჩამოვიდა რომ მოევლო, ახლა მე ყოველთვის მივლიდნენ იქ, მაგრამ დეიდაჩემმა ასე გადადო ყველაფერი და ჩამოვიდა… მოკლედ გადამყვნენ დეიდები, შეეწირნენ ჩემს გადარეულ ახალგაზრდობას. ახლა არიან მოფანფალებულები, სახლიდან ვერ გამოდიან, ვაკითხავ ხოლმე, გაგიჟებულები არიან რომ ყველაზე უმცროსი და პირველი წავიდა ამ ქვეყნიდან…”
Cinaparta_Mica_011
ქართული თეატრალური ელიტის ამ ნაწილს მხოლოდ ზურას მოსკოვური წარმატებები არ აცოფებთ. წარმატება აქცაა თბილისში, ზურა თბილისში არაა, მაგრამ თბილისშია მისი ეკრანული გმირი. ეკრანებზე გამოდის და ფურორს ახდენს ლანა ღოღობერიძის ფილმი “როცა აყვავდა ნუში”, ზურა ყიფშიძე უკვე მასიურად იბუდებს ქართველი გოგოშკების სიზმრებსა და ოცნებებში, ყველაზე პოპულარული ბიჭი ხდება საქართველოში.
Cinaparta_Mica_008
ზურა ყიფშიძე: “იმ 50-60 ფილმიდან რომელშიცვ გადამიღეს, ყურადსაღები და საინტერესო შეიძლება იყოს სადღაც ათი ფილმი, მაგრამ აქ საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც “როცა აყვავდა ნუში” აღმოჩნდა. ალბათ იმიტომ რომ პირველი ფილმი იყო, რომელიც ახალგაზრდობის მტკივნეულ პრობლემას ეხებოდა. ამ დროს ნერვებს მიშლის ის გაპრანჭული გატყლარჭული ბიჭი, ბაკენბარდებით. ახლახანს ვუყურე და გამაღიზიანა, სულ ვფიქრობდი, მეთქი ერთ მართალ სიტყვას იტყვი შენი დედა ვატირე? თავის დროზე მე თვითონ ვერ ვიტანდი ეგეთ ტიპებს. ვინც მიცნობდა შეიძლება ეფიქრა ზუსტად ზურაზეა ეს ფილმიო, ამ დროს არ იყო ასე, სხვათაშორის გოგა ფიფია გაცილებით თავქარიანი იყო ვიდრე მე, მანქანის ატრებაც არ ვიცოდი მაშინ, იყო დუბლიორები და ერთი ამბავი”.
ფილმში გოგა ფიფიას გმირმა არ იცის მანქანის ტარება, ცხოვრებაში ზურა ყიფშიძემ. ზურა ტარებას მოგვიანებით სწავლობს ძმაკაცების მანქანაზე, მაგრამ ცოლის მარადიულ დაცინვას მაინც ინაღდებს.
ზურა: “ლელა დღემდე დამცინის, ჩვენ რომ ვიპარებოდით თუ რაღაცა, მამამისის მანქანით ვიყავით, ძაან მაგარი მანქანა ჰყავდა, “ნოლტრი” გადაკეთებული, მაგარი მატორი ჰქონდა. საჭესთან მე ვიჯექი, მაგრამ ერთგან ყინული იყო და ვერ ავედი, ლელამ მითხრა, დამსვიო, მე ვიციო ამ მანქანის ამბებიო, იმან წამიყვანა, რა, გამოვიდა რომ იმან მომიპარა”.
ზურა ყიფშიძე
მარტოხელა მონადირე
ზურა ბოლო-ბოლო იპყრობს საჭეს, ლენასთვის კი მანქანით სიარული ისეთივე ეპიზოდური ხდება, როგორც კინოში გაელვება. თუმცა კინოში გადაღების სურვილისგან განსხვაებით, ლენას საკმაოდ გვიან უჩნდება მანქანის მართვის სურვილი. დადის კიდეც მასწავლებელთან, შინაც ბევრს “ვარჯიშობს”.
მოგვიანებით ზურა “გაუბაზრებს” როგორ ვარჯიშობდა სახლში ლენა – როგორ
აწვებოდა წარმოსახვაში გაზს, “ტორმუზს”, როგორ თიშავდა “ცეპლენიეს”, როგორ ქოქავდა და როგორ ახმოვანებდა ამ ყველაფერს.
ლენა აიღებს მართვის მოწმობას, საჭესთან დაჯდომას მაინც ვერ გაბედავს…
ლენა ვერც ზურასთან თამაშს ბედავს – “ვაიმე რას ამბობთ მე ხომ ზურასთან თამაშის შემეშინდება?” ამას იტყვის ცოტა მოგვიანებით, როცა ზურა მხოლოდ პოპულარული კი არა აღიარებული არტისტი იქნება. მანამდე კი მოსკოვიდან დაბრუნებული ზურიკო იმედებს გაუცრუებს მშობლებს და მარჯანიშვილის თეატრს, მიხაილ ივანიჩის ახლადგახსნილ თეატრს ამჯობინებს. მშობლებს ჰგონიათ რომ ზურიკომ აღიარებულ დიდ თეატრში უნდა იმუშაოს, მაგრამ მალე დარწმუნდებიან რომ აღიარებულ თეატრში მუშაობას დიდ რეჟისორთან მუშაობა სჯობს, სად არ უნდა იყოს ის. დედა-შვილი მერეც ხშირად იკამათებენ ამ თემაზეც, რეჟისორების საჭიროებაზეც და როლის კეთების ხელოვნებაზეც.
ზურა ყიფშიძე1
 
ზურა: “სულ ვკამათობდით, ელენე ამბობდა, გარედან თუ არ დავინახე გმირი, ისე როლს ვერ გავაკეთებო, მე პირიქით მასწავლეს, ჯერ შიგნით უნდა ვიგრძნო და მერე გარედან შევალამაზო. სხვადასხვა სკოლის არტისტები ვიყავით, მაგრამ მისი ბევრი ნამუშევარი მომწონდა, როდესაც არტისტი მოქმედებს, გავიწყდება რა სკოლაა, არც იმას აქვს მნიშვნელობა რა სახის სპექტაკლს თამაშობს. ძალიან მომწონდა როსებას “პრემიერაში”, უცბად ძალიან ისეთი იყო, მიხაილ ივანიჩმაც კი მითხრა როგორ არ გამოიყენეს ლენაო… ის ყოველთვის ითვლებოდა ნიჭიერ ქალად, მაგრამ სერიოზულ რეპერტუარს მის გარეშე ქმნიდნენ…შეიძლება იმდენად ნიჭიერი იყო, რომ თავს არ იწუხებდნენ მისი ნიჭის მოსარჯულებლად… ერთი პერიოდი ნაფტალინის თეატრს ვეძახდი მაგათ თეატრს და ამაზე გიჟდებოდა, სულ ვეუბნებოდი, გადასარევი მსახიობები ხართ, მაგრამ რეჟისურა ისეთი მაინც არა გაქვთ მეთქი. მეუბნებოდა – არც გვჭირდება! მეთქი როგორ არ გჭირდებათ, რეჟისორი ყველას სჭირდება. არადა, თვითონ სულ იხენებდა ყუშიტაშვილს და ჩხარტიშვილს. ძალიან განიცდიდა, მიხაილ ივანიჩის სიკვდილის შემდეგ რომ პაუზა მქონდა. მიხვდა რომ მე ვერ ვიპოვე ჩემი რეჟისორი და ვერც რეჟსორმა ვერ მიპოვა. ძალიან გაუხარდა, თითქოს ახალგაზრდობა დაუბრუნდა, თემურ ჩხეიძესტან რომ დავიწყე მუშაობა, ძალიან მოწონდა “არტი” და “მამა”, თავიდან ღელავდა, მერე ამაყად იყო, გამოგივიდაო, მე ბურანში ვიყავი არც ვიცოდი, რა გამომივიდა რა არ გამომივიდა… გიორგი მოეწონა ძალიან “რომეო და ჯულიეტაში”, გახარებული იყო, რაღაცით კი გგავს, ხელით, პლასტიკით, მაგრამ რა კარგია რომ არ გბაძავსო. ვეხუმრებოდი, შვილი ან დედას დაემსგავსება, ან მამას, საბედნიეროდ მეზობლებს არ გვანან მეთქი. მოწონდა გიორგი და სულ უნდოდა მას გამოსვლოდა, რაც დავუშვათ მე არ გამომივიდა. არადა, მე არაფერს არ ვნანობ, რაც გამოვიდა გამოვიდა, რაც არ იყო გამოსასვლელი, ეტყობა არ უნდა გამოსულიყო. ლენას პლასტიკასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ჩემგან და გიორგისგან განსხვავებით – სიმღერასთანაც. მე და ჩემი შვილიც ვცდილობთ რაღაცას, სპექტაკლებში კი არა ფილმებში  მიმღერია მე თვითონ, მაგრამ ლენასნაირი სმენა და ხმა არავის არ გვაქვს, ამ მხრივ მრავალმხრივად დაჯილდოვებული იყო, პლასტიკის მხრივაც მუსიკალურობის მხრივაც”.
ზურა ყიფშიძე3ა
წლები მიდის, ლენა მარტო ცხოვრებას არჩევს, უფრო სწორად საინტერესო ფორმულას პოულობს – ყველა ერთად და ცალცალკე. უნდოდა, ერთ სადარბაზოში, ერთ სართულზე, ცალცალკე ბინებში ეცხოვრათ. ორაოთახიანში – ზურას თავის ცოლ-შვილთან, ერთ ერთპთახიანში თვითონ, მმეორეში – დებს.
მოკლედ, ლენა დიდი ბინის “დახურდავებას” აპირებს. ამ თხოვნით შევარდნაძესთან მიდის.
ზურა: “არასოდეს არავისთვის არაფერი უთხოვია, შევარდნაძე ეუბნებოდა სამი ოჯახი ხართ და სამ ბინას მოგცემთო, ლენა ეუბნებოდა – არ მინდა, ჩემი დიდი ბინა დამიხურდავეთო. შევარდნაძე ვერ მიხვდა რა უნდოდა ლენას, რა დახურდავებაზე ელაპარაკებოდა, ისევ უმეორებდა სამ დიდ ბინას მოგცემთო. ლენა ისევ თავისას “აწვებოდა” – არ მინდა! რაც არ მეკუთვნის არ მინდა, ჩემი დიდი ბინა დამიხურდავეთო. გაგიჟდა შევარდნაძე, რომელი მაკლერი ის იყო… მაინც დაახურდავებინა და საბურთალოზე “შანხაისთან” ერთ სართულზე მოგვცეს მოგვცეს ბინები. თავიდან ერთად ვიყავით, მერე გავიქეც-გამოვიქეცით, დეიდები საირმეზე გადავიდნენ, მეც დიდ დიღომში გადავცვალე ის ბინა, ფული მჭირდებოდა გიორგი რომ კვიპროსზე გამეშვა და დარჩა დედაჩემი მარტო, ამაშიც არ ჰქონდა, რა ბედი… სულ მაგას მეუბნებოდა, თქვენ თუ მაგას აპირებდით, მე სხვა ადგილას ავიღებდი ბინასო. საშინლად არ უყვარდა ის ადგილი, სულ მკვლელობები და ქურდობები ხდებოდა, ორჯერ ლენაც გაქურდეს, ინდირა განდის ნაჩუქარი სამკაული მოპარეს… ძალიან ვუყვარდით ყველა, მაგრამ მარტო ცხოვრება ერჩია, სულ მაგას ამბობდა მე მარტოსული ვარ, ასე მირჩევნია, შორიდან დაგეხმარებივთო. ასეც იყო, გვეხმარებოდა, მოდიოდა, მიდიოდა, ახალ წელს ჩვენთან ხვდებოდა. სადღაც მართალიც იყო, ახალგაზრდები მარტო, დამოუკიდებლად უნდა ცხოვრობდნენ. საერთოდ, ლენამ უდიდესი როლი ითამაშა ჩემს პიროვნულად ჩამოყალიბებაში, მაგრამ ჩემს შვილებს არ გადაჰყოლია, მათ გულისთვის არ მიუნებებია თავი სცენისთვის, ან რატომ უნდა მიენებებინა? საცოდაობა იქნებოდა”.

ზურაბ ყიფშიძე2

ხანშიშესული ლენა მარტო ცხოვრობს… ჩავლილია ახალგაზრდობა როცა ის ძველ ვოდევილებში თამაშობდა, ახალგაზრდობა აღარ ბრუნდება მაგრამ ბრუნდება ვოდევილები, რეჟისორი გოგი თოდაძე “ისევ ვოდევილებს” დგამს და ლენას არც მეტი არც ნაკლები კაცის – კარაპეტა დამბაღოვის როლს აძლევს, ლენა გრიმით ცხვირს იგრძელებს, ხმას იბოხებს და სომეხი ვაჭრარი ხდება, სცენაზე ფურორია, ამ ფურორამდე შოკია, შოკი – სამეზობლოში.
“როცა გოგი თოდაძემ ამ როლზე დამნიშნა, მის არჩევანს თეატრში თურმე დიდი შეხლა-შემოხლა მოჰყვა – რა გაჭირვებაა, ლენამ რატომ უნდა ითამაშოს კარაპეტას როლი, თეატრში ამდენი კაციაო. მაგრამ გოგიმ თავისი გაიტანა, ლენას ყველა როლის თამაში შეუძლიაო. მან ერთგვარი ექსპერიმენტი დააყენა. რომ მითხრა, კარაპეტა უნდა ითამაშოო, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. თან შედეგის შემეშინდა. დავიწყე მუშაობა. მარტო ვცხოვრობ, ჩავიკეტებოდი სახლში და სარკესთან რეპეტიციებს გავდიოდი, კარაპეტას ბოხი ხმით ვლაპარაკობდი და სომხური აქცენტით ვმღეროდი: “ვახ, ფულებო, ფულებო, ლამაზებო, კარგებო”… თურმე ერთი ჩემი მეზობელი ქალი ჩასაფრებულია და აინტერესებს, ერთი სული აქვს ნახოს, ვინ დადის ყოველდღე ჩემთან. ჩემი საყვარელი ჰგონია. ერთხელაც მორიგ რეპეტიციას გავდივარ, ეშხში შევედი და უცებ, მისი აივნის კარის ჭრიალი გავიგონე. ვეღარ მოვითმინე, თავი გავყავი და გავძახე, არ გადმოვარდეთ, ქალბატონო, ესეც მე ვარ, ისიც მე ვარ-მეთქი…” _ ასე იხსენებდა იმ შოკს თვითონ ელენე ყიფშიძე.
elene kipshidze kara
ზურა ყიფშიძე: “ჰო, ის ძაან მაზალო ქალია, თან სახლიც ისეთია ყველაფერი ისმის, სამზარეულოში რომ დაჯდე გაიგონებ მეცხრე სართულზე ვინ ვის ეჩხუბება. კარაპეტაზე მუშაობის დროს, ლენამ მართლა გადარია მეზობლები, ეგონათ რომ ვიღაცაა მაგასთან, თან ისეთ რაღაცეებს ლაპარაკობენ, ფული, ფული… რა ფული? ვინ არის ეს სომეხი კაცი? რა ხდება? გაგიჟდნენ”.
დიდი არტისტი ასაკში შედის, მაგრამ ასაკი დიდ ვერაფერს აკლებს. ის დიხანს “იპარავს” ასაკს – ახალგაზრდულად გამოიყურება, ამჯერად უკვე მის მარადიულ ახალგაზრდობაზე შენდება მითები.
ზურა: “სულ უყურებდნენ  შრამები ხომ არ აქვს, სახეს ხომ არ იჭიმავსო, არაფერს არ იჭიმავდა… სულ ეკითხებოდნენ ლენა რას ხმარობ ეგეთს რომ ეგეთი სახე, კანი გაქვს? არაფერს არ ისვამდა განსაკუთრებულს, არ დადიოდა არავისთან და “მასკებს” არ იკეთებდა. რამეს ივამდა კი არა, წამლის ხმარება არ იცოდა და ერთხელ ისე იხმარა კინაღამ გადაყვა. მახსოვს, რაღაც ფერიმჭამელა ამოუვიდა, წამალი მისცეს მოისვიო, ლენამ მთელ სახეზე წაისვა, სახე გაუხდა მუხის ქერქივით…”
ყველას ლენას რეცეპტები აინტერესებს, ლენას კი ერთადერთი რეცეპტი აქვს და მას ყველას უზიარებს:
“მე ბოღმიკა არა ვარ! შემიძლია გულწრფელად შევნატრო ადამიანს, ნიჭიერს – მით უმეტეს. მტერიც რომ იყოს, შემიძლია, მისი უპირატესობისა და ღირსების დანახვა და შეფასება. მაგალითად, ვერავის ვეტყვი, უი, რა ცუდად გამოიყურები-მეთქი. რატომ უნდა ვატკინო გული სხვას? ერთი რამ გახსოვდეთ: როცა ვინმეს გულს სტკენთ, მისი გშურთ ან იბოღმებით, მაშინ ჩნდება ნაოჭები და ბერდები”!
ზურა: “ვერც წარმოიდგენ ისე უხაროდა სხვების წარმატება, აღფრთოვანებული იყო ოთარ მეღვინეთხუცესით, რუსთავში რომ “დონ კიხოტი” დადგეს, გაგიჟდა ისე მოსწონდა და უხაროდა, საერთოდ ოთარი უყვარდა ძალიან, რას არ ეძახდა “პროფესიონალი”, “გიჟი”, “გადარეული”. ჩვენთან, თეატრში ძალიან მოწონდა რუსიკო ბოლქვაძე და ნინელი ჭანკვეტაძე. რუსიკოს სესილია თაყაიშვილს გადმოძახილს ეძახდა, სულ იმას ამბობდა, ეგ რომ ამერიკაში ყოფილიყო ბარბარა სტერიზანდი იქნებოდაო. ბოლოს, “ვენეციელი ვაჭარი” ვნახეთ ერთად ვაკის სარდაფში, აღფრთოვანდა მერაბ ნინიძით. ეს მომენტი სულ ჰქონდა და ვერ იტანდა დაუნახავ ხალხს, სხვათაშორის ეს მეც გამომყვა მისგან, ვერც მე ვიტან დაუნახავ ხალხს”.
მას არ შურს სხვების ბედნიერების, მაგრამ მისი შურთ, მას სულ ბრძოლა უწევს თავის ბედნიერებისთვის, ის იბრძვის, მაგრამ ბოღმას არ იტოვებს გულში, ახალგაზრდობას ინარჩუნებს. წლებს მაინც თავისი მიაქვს, შეიძლება ქუჩასა და ფოიეში ოდნავ წელში მოხრილსაც კი მოჰკრათ თვალი, მაგრამ ვერ ნახავთ ასეთს სცენაზე. სცენაზე ასვლისთანავე ისევ ახალგაზრდაა, წელში ისე იშლება მაკედონელს შეშურდება, ისეთი პლასტიკური ხდება, აისედორა დუნკანი და მაია პლისეცკაია რომ დაიბოღმებოდნენ. ამ ფაქტს კი აი, ასე ხსნიდა ელენე ყიფშიძე: “როცა სცენაზე ავდივარ, რაღაც ახალი ენერგიის წყარო მეხსნება, აი, “მეცხრე ტალღას” რომ ეძახიან, სცენაზე ყველა ტკივილი და წყენა მავიწყდება…”
 
70 წელს გადააბიჯებს და ბოროტ ანგელოზს ითამაშებს ლალი როსებას “სახლის ანგელოზებში”, ამარცხებს დროს და სცენაზე გამოჩენისთანავე აზრს კარგავს ცნება “ასაკი”.
2001 წელს მიუკაკუნებს ლამის 80-ს, კინომსახიობთა თეატრში 20 წლის გეიშის როლზე მიიწვევენ და შოკში ჩააგდებს გრიმიორს – ანუკა მურვანიძეს, დიდი გრიმი არც სჭირდებაო…  სპეკტაკლი ვერ შედგება, უფრო სწორად გადაიდება, მაგრამ თუ შედგება, შედგება ელენე ყიფშიძის გარეშე
“სახლის ანგელოზებში” მიიღებს ერთ-ერთ იმ ტრავმავს, რომელიც საბედისწერო გახდება მისთვის.
Kipshidze_Zurab-12
ზურა ყიფშიძე: “ასაკში იყო, მაგრამ არ ეტყობდა რაღაც გოგოშკასავით იყო, ეს  ავადმყოფობა რომ არ შეჰყროდა… იმდენი უძახეს ვაიმე ლენა რა ახალგზრდუყლად გამოიყურები, რა ახალგაზრდულად გამოიყურები…
რაც დაემართა, არასწორი პროთეზის გამო დაემართა, არ მიაქცია ყურადღება, სულ გადარბენაზე იყო, სულ კონცერტებზე, სულ უკვირდათ ამ ხნის ქალი ასე როგორ ცეკვავს, მღერის, დახტის იქით აქეთ, ჰყვება სასაცილო ისტორიებს… სულ არ მცალია არ მცალიას იძახდა, კბილის ექიმთან არ მივიდა, ენაზე იკბინა ერთხელ, ორჯერ, ათჯერ… ერთხელ “სახლის ანგელოზებში”, იატაკიდან რომ ამოდიოდა და იმსიმძიმე სარქველი მოხვდა თავში, ენაზე იკბინა, ერთ-ერთი კბენა ეგ იყო… არ აქცევდა ყურადღებას და ჩამოყალიბდა სიმსივნე. მერე როგორც იქნა მივიდა კბილის ექიმთან, მიშა გომიაშვილის მეუღლე იყო ნანა ღლონტი, ნანა მიხვდა რომ ცუდად იყო საქმე, გავაქანეთ და დადგინდა ყველაფერი… 7 წელი ებრძოდა ამ სენს. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მკურნალობას დაექვემდებარა, გარდაცვალებამდე 4 თვით ადრე ნახა მისმა ექიმმა კოტე მარდალეიშვილმა და პირდაპირ უთხრა – სიცოცხლე გინდათ? ქალი კინაღამ მოკვდა, მიყურებს, მე გაშტერებული ვიყავი. ერთი კვირა მოგვცა მოსაფიქრებლად, ოპერაცია უნდა გავაკეთოთო, ენის ერთი მესამედი უნდა მოეჭრათო. ლენამ უარი თქვა ოპერაციაზე, მაინც ასაკში ვარ, ან თქნ რაზე გაწვალოთ, ან მე რაზე ვიწვალო, ან როგორ ვჭამო, ან როგორ ვილაპრაკოო, გაგიჟდა ქალი, მეც გავგიჟდი, ენა როგორ მოვაჭრა დედაჩემს მეთქი… ვერ წარმოედგინა რომ ესეთი ტანჯვა ექნებოდა ბოლოს, თორემ შეიძლება დაგვთანხმებოდა. ბოლო სამი თვე ვერაფერს ჭამდა, ტკივილი არ უყუჩდებოდა, სიტყვა მორფი რომ გაიგო არ მინდაო, ბოლოს რამდენჯერმე მაინც გავუკეთეთ. ბოლოს არავის არ უშვებდა თავისთან, მაშინ ხშირად მქონდა “მზეზე” ჩაწერები, ვაჩერებდი ჩაწერას, მივრბოდი, ნემსს ვუკეთებდი, მოვრბოდი, ბოლოს როგორც იქნა დავითანხმე ახალგაზრდა გოგოზე, ისიც ლენაჩკა იყო. წვეთოვანიც დიდი ხვეწნით დავუდგით. საკვებს რომ არ იღებდა ძალიან დასუსტებული იყო, წვეთოვანმა ცოტა მოამაგრა, გაუხარდა, სიკვდილის წინ გამოიხედა და… საშინლად მწყდება გული, სულ მგონია რომ რაღაც დავაკელი, რაღაც ვერ გავუკეთ, ეს ტრამვა თორემ, რამდენჯერმე რომ გასინჯეს გაოგნებულები იყვნენ, ვერ იჯერებდნენ რომ ამ ასაკის იყო, ახალგაზრდა ორგანიზმი ჰქონდა…”
ზურა1
თენდება. კომპიუტერს ვუკაკუნებ, მიჭირს წერტილის დასმა. მე ვწერდი ლეგენდაზე რომელსაც განგებამაც ვერ დაუსვა წერტილი. წერტილი მხოლოდ ელენე ყიფშიძის ამ ქვეყნად ყოფნას დაესვა. ლეგენდების სასვენი ნიშანი მრავალწერტილია…
დაიბეჭდა წლის გამოცემაში “სახე(ლ)ები -2004”

 

Continue reading