ვარსკვლავი, რომელიც სწორუპოვრად ასახიერებს როლს – “ლიანა ასათიანი”

რეზო შატაკიშვილი

20 მაისს კინო “რუსთაველის” წინ ვარსკვლავი გაუხსნეს ქართული კინოს განუმეორებელ ვარსკვლავს – ლიანა ასათიანს.
ლიანა ასათიანის განმეორება რომ შეიძლებოდეს, ეს განმეორება ნამდვილად არ იქნებოდა შემოქმედების მოსისხლე მტერი, მაგრამ მისი განმეორება შეუძლებელია.
ლიანა ასათიანი 16 წლის იყო თეკლეს როლზე რომ აიყვანეს “გიორგი სააკაძეში”. მას შემდეგ თითქმის 70 წელი გავიდა და ის არასოდეს პირისპირ არ შეხვედრია მაყურებელს.
ასე რომ 20 მაისს ის პირველად შეხვდა თავის მაყურებელს – 85 წლის ასაკში.
ის ეთაყვანება გრეტა გარბოს, გარბოს, რომელიც გაურბოდა მაყურებელს…

“როდესაც “გიორგი სააკაძე” ეკრანზე გამოვიდა, მეორე კუსრზე გადავდიოდი სამედიცინო ინსტიტუტში, ხალხს რომ ხშირად არ შევჩეხებოდი აკადემიური ავიღე, სულ ვფქირიობდი, აი სახურავებით სიარული რომ შეიძლებოდეს –აკადემიურს არ ავიღებდი და წელს არ დავკარგავდი მეთქი. ახლა აღარავინ აქცევს ყურადღებას, თორემ მაშინ ნიშა ძაღლივით ყველა გვცნობდა. ჯერ ამდენი არ მესმოდა, მაგრამ ქვეშეცნეულად ვგრძნობდი, რომ სულ არენაზე ვიყავი ცხოვრებაში და გამუდმებით ფორმაში უნდა ვყოფილიყავი, ასაკის მიუხაედავად ეს პასუხისმგებლობა უკვე მქონდა. შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ გარეგნობის თვალსაზრისით, იმ სახელის ღირსად არ ვთვლიდი თავს, რაც კინომ მომცა და არ მინდოდა პირისპირ შევჩეხებოდი მაყურებელს…” –  ამბობდა ლიანა ასათიანი და მას თავისი კერპის გარბოს დარად, არც ერთი ფანის წერილზე არ უპასუხია. “არავითარ წერილზე პასუხი არ გამიცია. ქება ერთ ყურში რომ შედის, მეორეში გადის. ქება და კომპლიმენტი არასოდეს დამიფიქსირებია. და სერიოზულად არ ჩამითვლია. ამას ყოველთვის თავაზიანობად და ზრდილობის ერთ-ერთ ატრიბუტად აღვიქვამდი. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ აღფრთოვანებული, აღტაცების პიროვნება არ ვარ, პირიქით უფრო ნიჰილისტი ვარ. თვითკრიტიკა საოცრად ჭარბობს ჩემში.” (ლიანა ასათიანი).

ის არაა აღფრთოვანებული პიროვნება, მაგრამ მნახველს აღაფრთოვანებს. 

თუ თქვენ ერთხელ მაინც გინახავთ ლიანა ასათიანი, შეგიძლიათ იამაყოთ – თქვენ ნანახი გყავთ ნამდვილი დედოფალი. არა სისხლით. არამედ სულით. ცივი დედოფლური, ზვიადი სილამაზე. როგორც ლანა ღოღობერიძე იტყვის ლიანა ასათიანის სილამაზეში იყო ტრაგიკული, საბედისწერო რამ. სწორედ ეს ტრაგიკული, საბედისწერო რამ აქცევდა მას იმ სილამაზედ, იმ მშვენიერებად, რომლის სრულყოფილად ასახვა მხოლოდ ფრესკის შემოქმდთა პრეროგატივაა, ვინემ მხატვრების.

მის სილამაზეს ბოლო წლებამდე ვერას აკლებდა დრო… ბოლო სამი წელია ავადმყოფობს, მაგრამ მისი გარდასული სილამაზიდან მაინც შემორჩა ის არსებითი და მთავარი – მაღალი ღირსება. მაყურებლის წინ ისევ დედოფალი იჯდა –მხცოვანი, მაგრამ მაინც ამაყი დედოფალი.

მას ძნელია მიმართო “ქალბატონოს” გარეშე, მაშინაც კი როცა თავად გაძლევს ამის უფლებას…

12-13 წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჟურნალისტურ მოღვაწეობას ვიწყებდი, მასთან მისმა განუყრელმა მეგობარმა მედეა ჩახავამ მიშუამდგომლა ინტერვიუზე და დასძინა კიდეც – ლიანა ასათიანი სხვა ჯიშის ქალიაო…

მე შემდეგ მრავალგზის მქონდა ბედნიერება შევხვედროდი ამ მართლაც უიშვიათეს ქალბატონს, მეტიც – გავმხდარიყავი მისი უმცროსი მეგობარი. მაგრამ ახლა, როცა უკვე ვეუფლები რეჟისურის პროფესიას, გული მწყდება – მე არ მექნება ბედნიერება ურთიერთობა მქონდეს მასთან როგორც მსახიობთან. მაგრამ ღრმად მწამს, მისი ხატება არერთხელ გაიელვებს ჩემს სპექტაკლებში, ის ბევრჯერ გახდება პროტოტიპი ამა თუ იმ გმირის – ძლიერი ქალების, გმირების, დედოფალთა პროტოტიპი…

***

ეკრანზე, საგანგებოდ ამ დღისთვის, ელდარ შენგელაიას მიერ მომზადებული კოლაჟი გაუშვეს  – ლიანა ასათიანის ფოტოებით და იმ ფილმების ეპიზოდებით, სადაც სხვადასხვა როლებს ასახიერებდა კინოვარსკვლავი. თავად ლიანა ასათიანი გამოტყდება, რომ ადრეც უფიქრია ამგვარი კოლაჟის გაკეთება, მაგრამ არ გაუკეთებია – არ თვლიდა იმ როლებს თავის ბიოგრფაიაში შესატანად. ეს ერთგვარი, მხოლოდ ლიანა ასათიანისთვის დამახასიათებელი კომბინაციაა სიამაყის და თავმდაბლობის. რომელსაც დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება კვებავს. იცის რა შეეძლო და რისი გაკეთება დასცალდა. ის თამამად მხოლოდ თავადის ქალ მაიას აწერს ხელს, სადაც მიეცა გასაქანი შეექმნა მაღალმხატვრული სახე.

“როგორი ქებაც არ უნდა მოვისმინო, და როგორი რეცენზიაც არ უნდა წავიკითხო, მე მარტო ჩემი ორი ყურის და ორი თავლის მჯერა. იშვიათია თანხვედრა რეცენზიებისა ჩემს აზრთან. ჩემი აზრი, გათავდა და მორჩა

თითქმის არც ერთი ფილმი არ მომწონდა ჩემი. მართალი გითხრათ არც ვუყურებდი. ახლა რომ ვუყურებ, ვფიქრობ, თითქოს არა უშავს… ჩემს შემოქმედებაში ყვეალზე წარმატებული როლი თავადის ქალი მაიაა, უფრო მეტიც პირველად ვითამაშე როლი რასაც ჰქვია… მე ვთვლი რომ ლანა ღოღობერიძის ყველაზე კარგი სურათიც “თავადის ქალი მაიააა”.  თავიდან რომ გადაგვეღო “მაია” –სხვანაირად ვითამაშებდი. მე უფრო მეტს ვთხოვ საკუთარ თავს…” – ამბობდა წლების წინ ლიანა ასათიანი…

უყურებ კოლაჟს და სადღაც მართლაც გული გწყდება სად და რა ფილმებში უწევდა მას თამაში… არადა, თვალს ადევნებ მის მთელ შემოქმედებას და გხიბლავს მისი გამომსახველი საშუალებების სიძუნწე, ზომიერების გრძნობა, რომელიც მას იმ პრიმიტიულ ფილმებშიც არ ღალატობდა. მაგრამ უყურებ გიორგი შენგელაიას “მაცი ხვიტიას” და ხვდები რომ ლიანა ასათიანი ხანდახან აჭარბებს, მაგრამ აჭარბებს არა ეკრანზე, არამედ თავისი განსახიერებული როლების, საკუთარი ნაღვაწის შეფასებაში, ზედმეტად, ამ შემთხვევაში სრულიად უსაფუძვლოდ თვითკრიტიკულია. მის მიერ “მაცი ხვიტიაში”განსახიერებული სამეგრელოს ავზნიანი დედოფალი გურანდუხტი, მართლაც რომ საოცრად მაღალმხატვრული სახეა, ის ერთი ჟესტით ახერხებს ხასიათის გამოქანდაკებას – სწრაფად ზეაღმართული ხელის ნელი დაშვებით.

ზუსტი, გამომსახველი ჟესტის მიგნება და გამოყენება ლიანა ასათიანის ხელწერაა. “თავადის ქალ მაიაში” ის შალის უეცარი მოქნევით, გადაგდებით, გვამცნობს რომ თავადის ქალმა მაიამ მიიღო საბედისწერო გადაწყვეტილება.

ის გმირის განცდებს უზუსტესად გადმოგვცემს მსხვილი ხედის დროს, როდესაც ჩვენ მხოლოდ მის სახეს ვხედავთ, ან გნებავთ მხოლოდ თვალებს –მაგალითად ეპიზოდი ბონდოსთან, ჩაბნელებულ კარავში, როდესაც ჩვენ მხოლოდ მსახიობთა თვალებს ვხედავთ და… და ვხედავთ მთელ დრამას ამ თვალებში დატრიალებულს.

ის გმირის ხასიათს, განცდებს უზუსტესად გადმოგვცემს შორი ხედის დროსაც – როდესაც ის სივრცეში გადაადგილდება – მიდის. ეს სვლა სწრაფი იქნება თუ შენელებული, თუ ამ სიჩქარეების მონაცვლეობა, მთლიანად ცვლის გმირის ტემპორიტმს და დვრიტად ედება საერთოდ ეკრანულ ატმოსფეროს…

***
მსახიობობა ბავშვობიდან უნდოდა. იმ პერიოდიდან, როდესაც ბიძამ 6 წლისა ოპერის თეატრში წაიყვანა და სამტავრობო ლოჟაში წამოასკუპა. მას მერე ლიანას კვირა არ გამოუტოვრბია რომ თეატრში არ წასულიყო.
დანარჩენ დროს კი, როგორც კი შინ მარტო დარჩებოდა ბალიშის აბრეშუმის გადასაფარებელს ხდიდა, წაიკრავდა, თან მღეროდა, თან ცეკვავდა… ოცნება მალე აუხდა, და თანაც როგორ. ბედმა პირდაპირ ვერიკო ანჯაფარიძის, აკაკი ხორავას, აკაკი ვასაძეს, ჟორა შავგულიძეს, სპარტაკ ბაღაშვილს ამოუყენა გვერდში გადასაღებ მოედანზე – “გიორგი სააკაძეში”თეკლას როლზე აიყვანეს. ვისზეც გუშინ აბოდებდა, დღეს მის გვერდით იყო.
“ეტყობა ადამიანის წრაფად ეჩევა ყველაფერს, ამ პატარა კურკა გოგომ ისე მივიღე ეს ყველაფერი – თითქოს ასეც უნდა მომხდარიყო”.
იქ გადასაღებ მოედანზე ლიანა ასათიანი კიდევ ბევრ სხვა მსახიობს ნახავს, ვის სურათებსაც რუდუნებით აგროვებდა და ეთაყვანებოდა, მაგრამ ნახავს ცუდ მდგომარეობაში – მიხეილ ჭიაურელთან მისულებს  თხოვნით – “გადამიღეთ, მშია…”
უნდოდა მსახიობობა, მაგრამ იცოდა სიამაყეს ვერ ძლევდა და გრანდიოზული სტარტის მიუხედავად სამედიცინო ინსტიტუტს მიაშურა. მაგრამ კინო მაინც დარჩება მისი ცხოვრების ნაწილად.
თვალის ექიმი იყო – მკურნალობდა საკუთარი მაყურებლის თვალებს…
არ უყვარს და გულზე ეკლად ესობა, როცა მის სამედიცინო განათლებას უსვამენ ხაზს კინოსთან დაკავშირებით.
“არ ღირს ჩამოთვლა – თუნდაც ჯულიეტა მაზინა, მარჩელო მასტროიანი და აუარებელი, მსოფლიო კინოს სხვა ვარსკვლავები პროფესიონალებად იქცნენ დიდ საინტერესო რეჟისორებთან მუშაობაში. ისე რამდენი სტუდია და თეატრალური ისნტიტუტიც გინდა დაამთავრე და თავი პროფესიონალად ჩათვალე, მაშინ როცა ელემენტარულად არ გიმუშავია, კამერას არ გადაუღიხარ”.
არ მოსწონს – ელიზაბეთ ტეილორი და ალენ დელონი.
“ჩემთვის კაპიკის ფასი აქვს ელიზაბეტ ტეილორს, მე მას გამოვაკრავდი საპარიკმახეროს რეკლამაში, მაგასაც და ალენ დელონსაც”.
ეთაყვანება: გრეტა გარბოს, ჩარლზ ლოუტონს და ჟერარ ფილიპს.
“მამაკაცებიდან ყველაზე ძალიან მხიბლავს ჟერარ ფილიპი… ქალში მომწონს სექსი რომ იგრძნობა, მაგრამ თავშეკავებული, არა ისეთი ახლა რომ არიან ბარბებივით, ქალში იმდენად არა, რამდენადაც მამაკაცში სისუფთავეს ვეთაყვანები. ეს ყველაფერი უნდა იყოს შიგნით. როცა გარეგნობაში გადადის, ასეთი არც ფილმები და არც ადამიანები არ მომწონს. ჟერარ ფილიპი, მაშინაც კი როცა წვებოდა ლოგინში დანიელ დარიესთან (“წითელი და შავი”), იქაც სუფთა რჩებოდა – თითქოს არაფერი მომხდარაო…”
არ უყვარს ოცნება, არ უყვარს წუწუნი საერთოდ და მითუმეტეს იმაზედ რომ ქართულმა კინომ არ გამოიყენა.
“მე კი არა, არ მიყვარს როცა სხვები წუწუნებენ ამაზე. ამ დროს მე ვუყურებ თვალებში და ვფიქრობ, მიხვდი ახლა მარტო შენ ხომ არ ხარ, სხვებიც არიან ასე, მე ჩემს ახლობელებთანც არ მიუთქვამს ეს, ჩემს ტავთანაც არ მითქვამს, არამც თუ ერთს ვამბობ და მეორეს ვფიქრობ. მაღიზაინებს ეს გაუთავებელი პრეტენზიები, როგორ თუ არ მიღებენ… შენ კი არა ნატო ვაჩნაძე იყო გულდაწყვეტილი, არ გაუკეთეს იმდენი, რამდენიც შეიძლებოდა. ვის გაუკეთეს ანდა? საერთოდ ვინ იხარჯება იმდენს, რაც აქვს პოტენციალში. ეს პრეტენზიულობა მაინც პროვინციალიზმია. პროვინციალიზმი კი რასაც დაჰყვება საშინელებაა” – ამბობდა წლების წინ ლიანა ასათიანი, თუმცა ახლა, მაინც დასცდა სევდიანი და ამაყი საყვედური იმაზედ რომ ტყუილად ელოდა თავადის ქალი მაიას შემდეგ, მისთვის შესაფერის როლს…
მას არ უყვარს წუწუნი არც ცხოვრებაში: “ჩემს მეუღლესთან შეუღლება რომ გადავწყვიტე ის თავის ტოლებში გამორჩეული, ცნობილი, დაფასებული და უკვე ძლიერი პერსონა გახლდათ. ქალს გინდა არ გინდა ხიბლავს ნიჭიერი, ძლიერი მამაკაცი… წუწუნი გვძულდა და ხალხს ეგონა რძეში და კარაქში ვცურავდით. არადა გვიჭირდა, მაგრამ არანაირი წუწუნი. არანაირი თავის მოსაწყლება. შინაურ პრობლემებს შინ ჩვენთვის ვიტოვებდით, გარეთ კი გამოვდიოდით როგორც წესი იყო. შემოგვნატროდნენ და არც თუ უსაფუძვლოდ – ჩვენს სიყვარულს გონიერება, მყარი მდგომარეობა და თუნდაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ პრაგმატულობა უმაგრებდა ზურგს…. კარიერისთვის, შენი საქმისთვის, შვილებისსათვის, ოჯახის შენარჩუნებისათვის ბევრ რაღაცაზე უნდა წახვიდე, უკომპრომისოდ ცხოვრება არაა, ხლა თუ თავზე დაგასხეს ლაფი, შენ კი მოიწმინდე და თქვი, ეს ცის ნამიაო, ეს სისულელეა, ეს ჩემს ხასიათში არ არის… რამდენადაც შეუძლება წინ უნდა გაიხედო. შეიძლება სულ წინ იყურო, გინდოდეს სწორი ანალიზის გაკეთება და მაინც შეცდე, მაგრამ ვინც არ იყურება, ის ხომ მთლად განწირულია კისრის მოსატეხად?”

***

ასეთი ქალბატონები მუდამ განსაზღვრავენ ირგვლივ მყოფთა ბედს, არ აძლევენ მათ დინების მიყოლის საშუალებას. თავად მებრძოლნი, მუდამ საბრძოლო მზადყოფნისთვის მოუწოდებენ და იმარჯვებენ კიდეც.

გაიმარჯვა კიდეც – ფასდაუდებელია მისი ღვაწლი დავით და ლექსო თორაძეების წარმატებაში.

“შვილებში ჩადებული თავდაუზოგავი შრომა წაუგები ბიზნესიაო” –არაერთხელ უთქვამს ლიანა ასათიანს. არც წაუგია.

ამბობს რომ არც ერთი კინოგმირი – არც თავადის ქალი მაია და არც სხვა, მას არ ჰგავს. თავადის ქალ მაიას დრომ ძალაუფლება, სიყვარული გამოაცალა ხელიდან და დაანგრია. ლიანა?

“რაც არ უნდა გამომეცალოს ხელიდან და რაც გინდა ის მოხდეს –ერთი ჩემი შვილები იყვნენ კარგად – ესაა მთავარი, სხვა რა არის?”

ცხოვრებამ კი მას არ მოაკლო ქარტეხილები სწორედ ამ მხრივ…

80-იანი წლების დასაწყისში, გასტროლებზე წასული ლექსო შინ არ დაბრუნდა. საზღვაგარეთ დარჩა. ლიანა ასათიანი იყო პირველი დედა, რომელსაც “კაგებემ” ნება დართო მოენახულებინა შინარდაბრუნებული შვილი.

“ეს გადაწყდა უმაღლეს დონეზე, შულცის თბილისში ყოფნის დროს. 1988 წელს ჩავედი ამერიკაში და ვნახე 5 წლის უნახავი შვილი…”

ფაქტმა რომ საბჭოეთიდან ცნობილ პიანისტს დედა ჩამოსდიოდა, პრესის ინტერესი გააცხოველა და დედა-შვილს ფოტორეოპრტიორების, ტელეკამერების ალყაში მოუწიათ შეხვედრა – იძულებული გახდნენ შეეკავებინათ ემოციები, რამაც ერთგვარად გაუადვილა ლექსოს დაქვრივებულ დედასთან შეხვედრა. შემდეგ “ფიფლ მაგაზინი”დაწერს – “გამოვიდა ლექსოს დედა შავი თმით, კარდინალის იერით”.

20 მაისს ლიანა ასათიანი ბედნიერი იყო, გვერდს რომ საკუთარი შვილები უმშვენებდნენ – ლექსო და ნინო თორაძეები. ამ დღისათვის საგანგებოდ ჩამოსულნი შორეული ქვეყნებიდან.

წლების წინ ლიანა ასათიანი, ინტერვიუში მეუბნებოდა:

“ღმერთმა კარგად მიმყოფოს ლექსოც და ნინოც, მაგრამ ვერც ერთთან ვჩერდები დიდხანს. ისინი თავისი ცხოვრებით არიან დაკავებული, მე ან მათი შვილების ძიძად უნდა ვიქცე, ან სამზარეულოში გამოვიკეტო. მე არ შემიძლია გამოვემშვიდობო ყველაფერს ჩემს. თორემ მაგათ ცქერას რა მირჩევნია… ერთი რამ არ მომწონს ჩემი შვილების… მე მაგალითად ძალიან ფრთხილი, ფაქიზი ვარ მათთან ურთიერთობაში, მაგრამ მოვითხოვ რომ ისინიც ასევე იყვნენ ჩემდამი. თუ რაიმე შეცდომა დაუშვეს, ვპატიობ, მაგრამ არ მავიწყდება და თუ მიდგა ამაზე საქმე, შეიძლება დადგეს დრო რომ ყველაფერი გადმოვულაგო. რა საოცარი პიროვნება ვარ არა? რაღაცა ისე გელაპარაკები, აღსარებასავით. ეს ჩემს ხასიათშია, მე ან არ ვიტყვი, ან თუ ვიტყვი სიმართლეს ვირტყვი. გულახდილობაც ესაა და არა ის, დააღო პირი და ყველაფერი თქვა…”

ეს იყო წლების წინ, ახლა კი ლიანა ასათიანს მაინც დასცდა საყვედური რომ ის მარტოა, რომ მისთვის არ სცალიათ შვილებს…

თუმცა, იყო კი ეს საყვედური? მან იცის რომ ასე ხდება ამ ცხოვრებაში და არც ამტყუნებს შვილებს… იცის რომ მათ თავისი ცხოვრება აქვთ, თან დიდი, ტევადი, დაძაბული…

ლიანა ასათიანი – რომელიც თამაშობდა კოლმეურნეებს, გლეხის ქალებს, აზნაურის ქალს, რომელიც დედოფალი ხდებოდა, თავადის ქალ მაიას, ფხოვის ერისთავის მეუღლეს, ქართლ-კახეთის თუ სამეგრელოს დედოფალებს.. მაგრამ ის თავად არის უგვირგვინო დედოფალი.

ლიანა ასათიანი – ქალბატონი, რომელიც სწორუპოვრად ანსახიერებს როლს ცხოვრებაში, როლს – ლიანა ასათიანის.

დაიბეჭდა გაზეთში “დრონი.გე”

Advertisements
Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

კომენტარები

  • ირაკლი  On ოქტომბერი 28, 2013 at 2:45 PM

    შეცდომით გიდევთ ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონის ადგილას ბიძინა ჩხეიძის სურათი.

    Like

    • rezoshatakishvili  On ოქტომბერი 29, 2013 at 9:02 AM

      შეცდომით მე მგონ ი თქვენ აკომენტარებთ – ლაიანა ასათიანის სტატიაზე სულ სხვა სტატიისთვის განკუთვნილ კომენტარს 🙂 შეცდომა არც იქ არა, დამერწმუნეთ ერთმანეთისგან ვარჩევთ ბატონ ბიძინას და ბატონიშვილ ნუგზარს 🙂 თუ კარგად დააკვირდებით იქვეა ქვეთავი – ბიძინა ჩხეიძე. ასევე, ბიძინა ჩხეიძეზეა საუბარი და იქა გოჩა ლომიას ფოტო. მიზეზი მარტივია – ქვეთავია ”ღიმილის ბიჭები” და ასე მკაცრად გამიჯნული არაა ტექსტის და ფოტოს ურთიერთობა

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: