რეზო შატაკიშვილი ლევან ხურციას თავგადასავალზე

გარეგნობა – იმპოზანტური.

სიმაღლე – იმ სიმაღლე, რა სიმაღლეც „ენბეაზე“ არანაკლებ რომ უყვარს რუსთაველის თეატრის დიდ სცენას.

ხმა – მათთვისაც ნაცნობი, ვინც ქუდის შეგდების შემთხვევაშიც არ შედის თეატრში – რადიო „ფორტუნადან“ და ქართულად გახმოვანებული სერიალებიდან თუ ფილმებიდან.

ლევან ხურცია.

დაიბადა სოხუმში. 11 წლის იყო მტერმა სოხუმი რომ დაატოვებინა. 17 წლისას კი ზუგდიდი დაატოვებინა – მაგრამ უკვე სიყვარულმა, თეატრის.

11 წელია თბილისშია. 6 წელია რაც რუსთაველის თეატრის არტისტია.

უყვარს ქალები და უყვართ ქალებს – პოპულარულია მდედრობით მაყურებელშიც და ქალ არტისტებშიც…

ის რაც დღემდე არ ავიწყდება

11 წლის იყო სოხუმი რომ დატოვა, სოხუმის დაცემამდე 2 დღით ადრე.

„ ბავშვობაში ჩემი თვალით მაქვს ნანახი ის საშინელი კადრები, რომელსაც ტელევიზორში ვუყურებთ ყველა… 25 სექტემბერს წამოგვიყვანა მამამ მე და ჩემი და. დედაჩემი უკვე ზუგდიდში იყო ბებიასთან.  20 კილომეტრი ვიარეთ ფეხით,

უცბად შეკრებილ ხალხის ჯგუფთან ერთად მოვდიოდით რომ სამშვიდობოს გამოგვეღწია, ოჩამჩირესთან უკვე შეიძლებოდა მანქანა გაგეჩერებინა… სანაპირო ზოლს მოვუყვებოდით, ჰაერიდან დაბომბვა დაიწყო. გავჩერდით, ერთ ჯგიფად შევიკარით, უცებ ერთმა დაიძახა, სამხედრო გემები მოდიანო და ახლა ზღვიდან ატყდა სროლა. აქეთ გამოვიქეცით, ზღვას რომ მოვშორებოდით და ხმელეთიდანაც ატყდა  სროლა… მახსოვს გავიქეცი, სად გავრბოდი არ ვიცოდი, მაგრამ გავრბოდი, მამა გამომეკიდა, მახსოვს დიდ ხესთან მიგვიყვანა, ამ ხეს მიმაყენა, უკან ჩემი და დამიყენა და ზღვის მხრიდან გადაგვეფარა… ანუ ხმელეთიდან ხე გვიცავდა, ზემოდან ამ ხის ტოტები, ზღვის მხრიდან თვითონ – ტანით… ზღვიდან თუ მოხვდებოდა, პირველი მას მოხვდებოდა ტყვია… ასევ ვიდექით სადღაც ხუთი წუთი, მერე რომ მიწყნარდა, გამოვუყევით ისევ გზას…  ეს მომენტრი დაუვიწყარი ემოციური მომენტი აღმოჩნდა, დღემდე მაქვს ჩარჩენილი ემოციურ მეხსიერებაში“.

„ეს რუსთაველის თეატრია შვილო…“

სკოლა ზუგდიდში დაამთავრა. მსახიობობაზე სულაც არ ოცნებობდა, სულ სხვაგვარად იყო – უყვარდა ქართული ლიტერატურა, მათემატიკა და უფრო ეკონომიკური განათლების მისაღებად ემზადებოდა. არ უყვარდა – ქიმია, ბიოლოგია და მერე სასკოლო წარმოდგენებში დაიწყო თამაში ამ გაკვეთილების გასაცდენად… არასასურველ რეალობას თამაშით აღწევდა თავს და მერე ამ თამაშ–თამაშში ხალისიც გაჩნდა, ინტერესიც, პირველი სექტემბრის დაწყებასაც უკვე მოუთმენლად ელოდა, იმიტომ რომ როლებს ელოდა, მაგრამ მე–11 კლასში მიხვდა რომ მალე ამ ყველაფერთან გამომშვიდობება მოუწევდა, მალე ავანსადაც ენატრებოდა სცენა, მაგრამ აზრადაც არ მოსდიოდა თეატრალურში ჩაბარება მანამ, სანამ ზუგდიდის თეატრის მსახიობმა, მერაბ კაკალიამ არ ჰკითხა – არ გინდა თეატრალურში სცადო? ლევანმა თქვა კი. სახლში უთხრეს – ხომ არ გაგიჟდი?  ლევანი თბილისში წამოვიდა – კონსულტაციებზე.

„ ჩემი და ჩემზე უფროსია, სოხუმიდან პირდაპირ თბილისში წამოვიდა, უკვე აქ ცხოვრობდა. ჩამოვედი ჩემს დასთან. იმ დილით არ ეცალა და კონსულტაციებზე მარტო წავედი. ქალაქს არ ვიცნობდი და გინდა გითხრა, თეატრალურის ნაცვლად რას მივადექი, კონსულტაციები სად მინდოდა გამევლო? რუსთაველის თეატრს.  რუსთაველის თეატრის ფანჯარას მოვაკაკუნე, კონსულტაციებზე მოვედი, შემომიშვით–მეთქი. მითხრეს, „ეს რუსთაველის თეატრია, შვილო, ინსტიტუტი გვერდითაა…“

დარცხვენილი ლევანი კონსულტაციაზე მივიდა. იქ დახვდა კაცი, რომელსაც შემდეგ „ბაბუს“  ეძახდა – ანზორ ქუთათელაძე, მისგან გაიგო საგამოცდოდ რა უნდა მოემზადებინა. მოემზადა და გახდა კიდეც მისი სტუდენტი.

ჩაირცხა და ახლა თეატრალურ ინსტიტუტს მიადგა უჩვეულოდ:

„პირველ დღეს ინსტიტუტში მივედი კოსტუმით… ვიყავი ძალიან წითელი კვერცხივით, ყველა მოვიდა დახეული ჯინსებით, მე შარვალ–კოსტუმით, პერანგით, ერთი ჰალსტუხი არ მეკეთა, იმიტომ რომ ვერ ვიტან, თორემ ალბათ იმასაც გავიკეთებდი, იმიტომ რომ ჩავთვლიდი რომ ეს საჭიროა, იმიტომ რომ  პირველი დღეა და მივდივარ ინსტიტუტში… ჩემთვის ახალი და უცხო იყო ყველაფერი, ცამოსული ვიყავი, იქ სხვანაირი ცხოვრება იყო, სხვა ურთიერთობები, სხვა რიტმი, აქ, თბილისში – სხვა, თეატრალური ინსტიტუტი კიდე საერთოდ სხვა სამყაროა და ავიჭერი, ვერ მივხვდი სად ვიყავი, რა ხდებოდა… პირველ წელს ძალიან გამიჭირდა,  ადაპტაციისთვის  ერთი წელი დამჭირდა ამ ფერხულში რომ ჩავმბულიყავი. თან არც მეგობარი მყავდა თავიდან, მარტო ვიყავი და მყავდა ეს ხალხი, ინსტიტუტში გაცნობილები, მერე და მერე ნელ–ნელა აეწყო ყველაფერი, მე მართლა მადლობელი ვარ განგების, არ ვწუწუნებ, მე ბედნიერი კაცი ვარ“.

სტარტი

ჯერ იყო 15 ლარიანი სტიპენდიები და სტუდენტური ქეიფები სტიპენდიის აღებისას – „აუდიტორიაში ხდებოდა საოცრება“. მერე გამდიდრდნენ – ანზორ ქუთათელაძემ ლევან ხურცია და მისი ორი ჯგუფელი მსახიობის სახლთან არსებულ თეატრში წაიყვანა და ხელფასები დაუნიშნა – 70–70 ლარი. „უცებ აღმოჩნდა რომ ვმუშაობთ, თან ჩვენ საყვარელ საქმეს ვაკეთებთ და თან ფულს ვიღებთ ამაში. ცხოვრება დავიწყეთ ამ ყველაფრით. ეს იყო სტიმული. მერე ბატონი ანზორი „სისხლიან ქორწილს“ დგამდა, ლეონარდო  ვიყავი, მაშინ დაეწყო ავადმყოფობა… და დაიღუპა როდესაც „ხიწცს“ დგამდა, მე, მარინა ჯანაშია და აჩიკო სოლოღაშვილი ვთამაშობდით… ძალიან დიდი ტკივილი იყო, ბაბუ გარდაგვეცვალა 14 ბავშვს ვინც მისი სტუდენტები ვიყავით… ამ კაცმა გაცნობის დღიდანვე დატოვა უდიდესი სითბო, რაც შემდეგ დიდ სიყვარულში გადაიზარდა, მას უკვე „ბაბუს“ ვეძახდით. მესამე კურსზე გადავდიოდით რომ გარდაიცვალა…“

მესამე კურსიდან თავისუფალი დრო აღარც ჰქონია. ჯგუფის რეპეტიციებს, სხვა რეპეტიციები ენაცვლებოდა – გოგი მარგველაშვილმა „ჯულიეტა და რომეოში“ დააკავა, მერე „მზე“ გაიხსნა, მანანა ბერიკაშვილმა გახმოვანებაზე წაიყვანა.

მეოთხე კურსიდან რადიო „ფორტუნაში“ დაიწყო მუშაობა მუსიკალურ წამყვანა და უკვე სხვა გემოს ატანდა ინსტიტუტში შირმებზე  ძილს.

„ 22 წლისას თავისუფალი დრო აღარც მქონდა, „დავიღალეს“ მომენტი არ მესმოდა, მსახიობი უნდა იყოს ჯანმრთელი. დღეს გახმოვანება შეიძლება უკვე რუტინაა ჩემთვის, მაგრამ მაშინ იქაც ვეძებდი რაღაცას, იქაც ვიძენდი. რადიოში 6 წელი ვიმუშავე, მერე უკვე არჩევანის წინაშე დავდექი. დროში ვეღარ ვეტეოდი და რადიოს თავი დავანებე“.

რუსთაველის თეატრში

ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, რუსთაველის თეატრში, სპექტაკლის დამთავრების შემდეგ რომ დარჩა, მიიპარა სცენასთან და ჩუმად მარჯვენა ფეხი დადგა.

„რაღაც სისულელე გავაკეთე, მაგრამ გახარებული გამოვედი თეატრიდან რომ მე სცენაზე ფეხი დავდგი“.

ხურციამ „არალეგალი“ ფეხი, მალე ლეგალურად დადგა რუსთაველის თეატრის სცენაზე.

ლევან ხურცია: „ 2004 წელი იყო, „რუსთავი–2“–ში ვმუსაობდი გახმოვანებაზე, ნინო თარხან– მოურავმა რომ რობიკო ატარებდა კასტინგს. მე ვთქვი რომ სტურუასთან ვერ მივიდოდი კასტინგზე, გამორიცხული იყო. უარის მეშინოდა, მე რომ მივსულიყავი და უარი ეთქვა, ძალიან მერტკინებოდა, შემეშინდა ამ ტკივილის. იმ უარის თქმით, იკეტებოდა ჩემთვის რუსთაველის თეატრის კარი… მოტყუებით მიმიყვანეს კასტინგზე. დიმა ღვთისიაშვილმა დამირეკა, საბურავი დამეშვა, დანგრატი მჭირდება და რუსთაველის თეატრთან მოდი ერთი წამითო. რომ მივედი, გამოვიდა ქეთინო კანტიძე, ტექნიკური რეჟისორი, შემოდი, შემოდი რობიკოსთან ხარ დაბარებულიო. მოტყუებით შემიყვანა, თურმე დაბარებული კი არა, ჩვეულებრივ კასტინგს გავდივარ… გავედი ასე გაიპარსავი, გაბურძგნული, აღმოვჩნდი რობიკოს პირისპირ, პირველად ვხედავდი სტურუას ცოცხლად. რობიკომ სურათი გადამიღო თვითონ, ფოტო აპარატი ეჭირა, სად შევმძვრალიყავი არ ვიცოდი, ხმას არ ვიღებდი, ნერვიულობისგან იქიათ აგრესია დამეწყო, მიხვდა რომ დიდ მღელვარებაში ვიყავი, ჰამომიშვა“.

მერე დაეწყო ნერვიულობის ახალი ტალღა – პასუხის მოლოდინში.  რომ უთხრეს, სტურუა დაინტერესდა შენითო, ვეღარ იგებდა მართლა ასე იყო, თუ მას აწყნარებდნენ უბრალოდ. მეორედაც დაიბარეს. მივიდა.

„შევედი. ბატონი რობერტი მეკითხება, ლექსი, პროზა მომაზდებული გაქვს? თურმე უნდა წამეკითხა ლექსი, პროზა, არადა მე არავის გავუფრთხილებივარ… რაღაცეები კი ვიცი, მაგრამ ასე ვერ–მეთქი… რას აკეთებო, სპექტაკლი მაქვს დღეს საღამოს სარდაფში–მეთქი. მოვალო. უცბად მეუბნება რობიკო, მოვალ შენს სპექტაკლზეო, ბატონო მეთქი? რა იყო მოვალ, ოღონდ ორი სკამი შემინახეო. დარბაზს შევინახავ ვიფიქრე… სარდაფში ვთამაშობდით ლალი როსებას „პრემიერას“, დიმა ღვთისიაშვიმა დადგა. სტურუა მართლაც მოვიდა, უყურა სპექტაკლს, წავიდა… არსაიდან ხმა, არსით ძახილი.. 2 კვირა სიჩუმე იყო. მე უკვე შევეგუე იმ აზრს რომ დამთავრდა ეგ ამბავი, ძალიან მტკივნეული იყო… შემოდგომა იყო, ერთ დღეს გათიშული მივედი სახლში რეპეტიციების და გახმოვანებების მერე, ვჭამ, რეკავს ტელეფონი. ვიღებ, მითიშავს, ისევ რეკავს, ბოლოს მოვასწარი და შევაგინე. უცებ მესმის, რას მაგინებ, ქეთინო ვარ კანტიძე დამირეკეო. ვაიმე… დავრეკე, დავიწყე ბოდიშების მოხდა, ახსნა და მაჩერებს, მოიცა ნუ იხარჯები, მოკლედ გეტყვი, ხვალ თეატრში მოდი, კონტრაქტს ხელი მოაწერე, სტურუამ აგიყვანაო, კარგად იყავიო და გათიშა. გავშტერდი. ჩემი და, დედაჩემი მეკითხებიან, რა ხდებაო. მე ხმას ვერ ვიღებ, ვზივარ და ვფიქრობ, ეხლა ეს მართლა მოხდა თუ გავრეკე? არადა მოხდა… ასე და ასე რუსთაველის თეატრში ამიყვანეს მეთქი. მახსოვს ჩამოვედი, სანაპიროზე ფოთლები რომ ყრია, დიღმის სანაპიროდან ორთაჭალამდე ჩავედი ფეხით… სხვას ვერ ვაკეთებდი ვერაფერს, მოვდიოდი და ეს ყველაფერი მართლა ხდება თუ მეჩვენება მეთქი, ვფიქრობდი, უცებ ჩემს ცხოვრებაში მოხდა ის, რაც მე ძალიან მინდოდა..“

მივიდა თეატრში. გაანაწილეს „12 განრისხებულ მამაკაცში“ და ბუღაძის 2 პიესაში.

დაიწყო რეპეტიციები.

„ერთ–ერთ რეპეტიციაზე  შემოდაინ და მეუბნებიან, „მეთორმეტე ღამეში“ იოსები შენ უნდა ითამაშოო. როდის? ზეგ. პატარა როლია არ ინერვიულოო. ვითამაშე ეს იოსები. მოვკვდი ოღონდ, „მეთორმეტე ღამეში“ ვთამაშობ, სპექტაკლზე რომელზეც ვამბოდებდი… შემდეგ სტურუამ გადააკეთა, იოსების და მღვდლის როლი გააერთიანა და მღვდლის თამაშიც მე მომიწია. „12 განრისხებულის“ რეპეტიციები გრძელდებოდა, შემოდის ისევ ქეთინო კანტიძე და მეუბნება, სამ დღეში „მეთორმეტე ღამეა“, მაგრამ შენ მღვდელს და იოსებს კი არ თამაშობ, შენ უნდა ითამაშო, ჰერცოგი ორსინი… სამი დღე…. მომცეს ტექსტი, დღისით რეპეტიციებს გავდიოდი, ღამე ტექსტს ვსწავლობდი, გავათენე სამი ღამე და ვისწავლე, ტექსტი მართლა არ შემშლია, მაგრამ რა ვითამაშე კაცმა არ იცის, მაგრამ ვითამაშე… სხვა სპექტაკლების წინაც ვღელავ, მაგრამ დღემდე, როცა „მეთორმეტე ღამეს“ ვთამაშობთ, სცენაზე სანამ გავალ, ვკვდები და ისე გავდივარ, ის შიში და ემოცია ვერ მოვიშორე… ეს იყო ძალიან დიდი ნდობა და პასუხისმგებლობა”.

ყბადაღებული მითი ხურციას ყბაზე

თეატრალურ ინსტიტუტში, დღესაც „მითივით“ უყვებიან ახალბედა სტუდენტებს იმას, თუ როგორ გაისწორა თეატრის გულისთვის ლევან ხურციამ ყბა.

„პირველ კურსზე რომ ვიყავი მაშინ გავისწორე კბილები, არასწორი თანკბილვა იყო და გავისწორე, სამედიცინო ენაზე ესეც ყბის ოპერაციაა, მაგრამ ეს არ იყო პლასტიკური ოპერაცია. უბრალოდ, არასწორი ტანკბილვა იყო, არაფერს არ უშლიდა ხელს, მაგრამ მეტყველების სრულყოფისთვის სასურველი იყო გამესწორებინა და გავისწორე…“

ქალებზე და მექალთანეობაზე

„მე ხმამაღლა ვამბობ, ქალი არსება მიყვარს, ეს თუ მექალთანეობაა, ვიყო მექალთანე… რატომ მთვლიან ასე? ურთიერთობები მქონდა ბევრი… რაღაც იყო, არ გამოვიდა, დაიწყო ახალი… ისევ არ გამოვიდა, დაიწყო ახალი… მაგრამ ეს ტყუილის ფონზე არასოდეს ყოფილა… სიტყვას „მიყვარხარ“, ვამბობ ძალიან იშვიათად. სულ სამი ქალისთვის მაქვს ნათქვამი. ერთი იყო ბავშვობაში, როცა მეგონა რომ მიყვარდა, ბავშვური სიყვარული აღმოჩნდა და დამთავრდა, მეორედ ინსტიტუტის პერიოდში ვიყავი უზომოდ შეყვარებული, დამთავრდა წელიწადნახევარში ის ურთიერთობა, მაშინ ვამბობდი მიყვარხარ, და ახლა ვამბობ..“

– ანუ შეყვარებული ხარ?

– ასე მგონია… და რატომ ვარ ახლა მექალთანე? ქალთან რომ მიდიხარ და ეტყვი, მომწონხარ და მინდიხარო და ის გეუბნება კარგიო, ეს მექალთანეობაა? ვერ ვიტან კაცს, რომელიც რაღაცას ამოეფარება, თუნდაც სიყვარულს და ატყუებს ქალს. ყველასთან კი არ გამომდიოდა და გამომდის, ისე კი არაა, გავაწკაპუნებ ხელს და მომდევენ… ხან გამომდიოდა, ხან არა, მეც მიწევდა მიდგომა, მოდგომა, მაგრამ ამას თავისი პეწი ჰქონდა.

– და ეს თეატრალ მანდილოსნებში?

– არა მარტო… საჯაროდ პირადი ურთიერთობების დაკონკრეტებას ვერ ვიტან. ის კი არა, ძმაკაცებთანაც კი ვერიდები ამას, პირადი იმიტომ ჰქვია რომ პირადია. შეიძლება  ქალები ერთმანეთს უყვებიან რაღაცეებს, მაგრამ ჩვენ ამაზე არ ვლაპარაკობთ ვისთან ვიყავი, რატომ ვიყავი, როგორ ვიყავი, ეს არ არის კაცების გასარჩევი თემა…

„მიყვარს“

„რაც კი საბურავზე დადის ყველაფერი მიყვარს, ვგიჟდები, მოტოციკლიც მყავს, მანქანაც, ველოსპიედიც. ველოსიპედსაც ძალიან დიდი მუღამი აქვს, თუ ღამით თავისუფალი დრო მაქვს, გავიკეთებ ყურთსასმენებს, ჩავრთავ მუსიკას და დავკატაობ ველოსიპედით. თან სხვა ემოცია მოაქვს, თან ჯანსაღი ცხოვრებაა. მოტოციკლი ტან ძალიან მიყვარს, საერთოდ ექსტრიმი მიყვარს ძალიან და თან ძალიან მადგება, სულ გადარბენები მაქვს და მანქანით ნამდვილად ვერ მოვასწრებდი ამდენ საქმეს, თან ეკონომიურია. არ ვუწუნებ, მაგრამ არც თავზე გადამდის. ჩვეულებრივად ვცხოვრობ…“

თავისუფალი დრო არ აქვს, მაგრამ მაინც აქვს – ძილს აკვნიტავს ამ დროს.

ასე მაგალითად, ადგება და ღამე წავა სათევზაოდ.

„თევზაობაზე ვგიჟდები, ღამე მივდივარ, დილით მოვდივარ ხოლმე. დავიჭერ, ან არ დავიჭერ, მაგრამ მაინც… მაინტერესებს იარაღები, ნადირობაც მიყვარს, ვერ ვიტყვი რომ დიდი მონადირე ვარ, მომიკლავს კურდღელი, ფრინვეკები, დათვზე სანადიროდ არც ვყოფილვარ… ვარჯიში მიყვარს, ვვარჯიშობდი კიდეც თეატრში ტრენაჟორებზე, სხვა არ ვარჯიშობს? მე ვვარჯიშობ, რა პრობლემაა, ამოვიცვამდი შორტებს და დავდიოდი გიჟივით… უბრალოდ ახლა ვეღარ ვახერხებ დროის გამო, თან სიგარეტიც მიშლის ხელს. დილით სირბილი მიყვარს, მაგრამ შუაღამისას რომ მიხვალ სახლში, დილაუთენია როგორრა ადგები და ირბენ? არ გამომდის გრაფიკის გამო..”

ნატვრა

„მინდა ადამიანები უფრო ლმობიერები, უფრო ღიმილიანები ვიყოთ და ელემენტარულად შევეცადოთ, რასც ვიტყვით ის გავაკეთოთ, არ მინდა რომ კაცის სიტყვამ ფასი დაკარგოს…“

დაიბეჭდა “პრაიმ თაიმში”

Advertisements
Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

კომენტარები

  • inga  On ოქტომბერი 23, 2010 at 4:57 PM

    zalian magaria levani! albat imitom rom soxumelia, albat imitom rom amdeni gamoara da dges carmatebuli adamiania, imitom rom imsaxurebs! bevri unda gamoiaro rom sulierad mdidari adamiani iko!

    Like

  • mari  On აგვისტო 14, 2012 at 4:14 AM

    au magaria levani. vgijdebi masze dzalian minda misi gacnobaaaaaaaaaaaaa

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: