„მხოლოდ დედა-ენა არის ენა სულისა და გულისა, – ყველა უცხო ენანი კი არიან ენანი მეხსიერებისანი…“
რეზო შატაკიშვილი
(დაიბეჭდა გაზეთ „ქართულ უნივერსიტეტში“)
ქართული პედაგოგიკის კოლოსს იაკობ გოგებაშვილს ნამდვილად არ გაახარებდა ის ფაქტი, რომ დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა მის პრინციპულ შეხედულებებს განათლების ქართულ ენაზე მიღების აუცილებლობასა და უცხო ენების სწავლების შესახებ. იაკობ გოგებაშვილი ილია ჭავაჭავაძესთან ერთად დაუღალავად ცდილობდა რომ ქართველ ბავშვებს განათლება დაწყებით კლასებში მაინც მიეღოთ მშობლიურ ენაზე – ყვლა საგანი შეესწავლათ დედაენაზე. რაც სრულიადაც არ ეწინააღდეგებოდა რუსული და სხვა ევროპული ენების შესწავლას, პირიქით, მშობლიური ენის კარგად ცოდნა მას უცხო ენების უკეთ შესწავლის იარაღად ესახებოდა.
ცხადია, დღეს იაკობის ეპოქსგან განსხვავებით არავინ აძალებს ბავშვებს სხვა საგნები უცხო, მათთვის გაუგებარ ენაზე ისწავლონ, მაგრამ დღეს ეს ხდება მშობელთა თავისუფალი ნების „წყალობით“ – ერთობ პრესტიჟულია 6 წლის ბავშვი მიაბარო უცხოენოვან სკოლაში იმ იმედით რომ ის ბევრად საფუძვლიან განათლებას მიიღებს. რა ემართება ამ დროს მოზარდს და რატომ მიაჩნდა ეს დაუშველბლად იაკობ გოგებაშვილს? რატომ მიაჩნდა აქსიომად რომ სკოლებს ბავშვებისთვის უნდა ესწავლებინათ მშობლიურ ენაზე?
იაკობ გოგებაშვილს დედა-ენა მიაჩნდა ძვირფას იარაღად „რომელიც ბუნებას ზედ გამოუჭრია ადამიანის სულსა და ხორცზედ, მის ფსიქოლოგიურს და ფიზიოლოგიურს აგებულებაზედ… დედა-ენა გარეგნობით როდია ადამიანის არსებასთან დაკავშირებული, იგი როდის ჰგავს ტანისამოსს, რომლის გამოცვლა ადვილად და უვლებლად შეიძლება… ბავშვის ყოველ აზრს, წარმოდგენას, გრძნობას და სულის მოძრაობას მხოლოდ დედა-ენა ჰხატავს სინამდვილით და სისრულით… ყოველ ადამიანს დაბადებიდან ჰყვება მიდრეკილება და ნიჭი დედა-ენის ადვილად და ღრმად შესწავლისა და სწორედ იმ გვარად, როგორც ბულბულს ჰყვება დაბადებიდგანვე ბულბულის გალობის ნიჭი, იადონს იადონურის გალობის ნიჭი და სხვა“. მაგრამ რა ემართება იადონს როცა მას ბულბულის ენაზედ აწყებინებენ გალობას?
პირველ რიგში, ის წყვეტს თავის კავშირს სამშობლოსთან და „უკარგავენ თავის ქვეყანასა მამულიშვილებს“. ამიტომაც აცხადებდა რომ დედა-ენაზე აღზრდას მოითხოვდა „დიდი ნაციონალური ინტერესი“. მაგრამ იაკობის, ასევე ილას პრინციპულობა ამ საკითხში არ იყო ნაკარნახევი მხოლოდ ნაციონალური ინტერესით, ან დედა-ენის სიყვარვარულით, ილია ბრძანებდა: „უდედაენოდ გონების გახსნა ბავშვისა ყოვლად შეუძლებალია“.
გოგებაშვილის ღრმა რწმენით, სწავლების უცხო ენაზე წარმოება და დედა-ენის უარყოფა აფერხებს ბავშვის გონებრივ განვითარებას და მოსდევს – „დიდი დაქვეითება ადამიანისა ყოველ მხრივ… არა ბუნებრივი ენის ხმარება სასტიკად ეწინააღმდეგება ხალხის ბუნებას, აგებულობას, უხშობს მას შემოქმედებით ძალასა, თავისებურებას ნიჭისასა და მეტად აბრკოლებს ცოდნის მოფენას ხალხში…
ბავშვი დაბადებიდანვე მოკლებული დედა-ენის გამაცხოვლებელ გავლენას, ისე ძნელად ისწავლის ჯეროვან აზროვნებას და ისეთივე უხეირო ჭკუის პატრონი გამოვა, როგორც უხეირო მემუსიკედ შეიქმნება ადამიანი მესკრიპკედ დაბადებული და მეფორტეპიანედ ძალად გაზრდილი…
გაუგებარ ენაზე სწავლებამ ბავშვთა უნარი მოაჩლუნგა, უაღრესად გაართულა მათ სასკოლო მეცადინეობა და იგი ბავშვთა წვალებად აქცია… როდესაც რომელიმე მშობელი თავის შვილს დედა-ენას აშორებს და უცხო ენას ასწავლის, იგი ხელიდან ართმევს თავის შვილს ერთ-ერთს ძლიერს ღონისძიებას გონების სწორე გახსნისთვის…“
იაკობის აზრით, სასწავლო საგნების შეგნება და შეთვისება, სწორედ განვითარება, გონების გაფურჩქვნა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა ბავშვს ესმის ენა, რომელზედაც სწარმოებს სწავლა: „გაუგებარი ენა როგორ გააგებინებს ხალხს გასაგებს, ასახსნელს, განსამარტებელს საგნებსა.“
იაკობს ღრმად სწამდა რომ „მარტოოდენ დედა-ენას შეუძლიან გაუწიოს ბავშვის ბუნებას დალოცვილი გუთნის სამსახური, მხოლოდ მას ძალუძს ღრმად შესძრას იგი, მოხნას, შეამუშაოს და ავარჯიშოს ძირ-ფესვიანად…“ ის კი, „ვინც დედა-ენის მაგივრად ჰხმარობს უცხო ენას, ამ სუსტ ამჩიჩქნავს კავს, იგი აუცილებლად აღზრდის თავის შვილებში ზედაპირობას და სისუსტეს ხასიათისას…“ ხასიათის სისუსტეს იწვევდა არა რომელიმე ენა თავისთავად, არამედ ის რომ „უცხო ენა ვერას დროს ვერ ჩაატანს ღრმად კაცის ბუნებაში, როგორც მისთვის შეუსაბამო ნადაგში“.
„განთქმული მეცნიერის კარლე ფოხტის აზრით, თუ ხალხი თავის დედა-ენას ცვლის სხვა ენაზე და ამ უკანასკნელზე იღებს განათლებას, იგი ვერ აიცილებს თავისი გონების დაჩაგვრას, დამდაბლებასა და მეტნაკლებობით დაჰკარგავს შემოქმედებით ნიჭსა“ – წერდა იაკობი და ელზასის მაგალითს იშველიებდა. როდესაც ელზასი გერმანიას ეკუთვნოდა და „განათლების იარაღად ხმარობდა თავის დედა-ენას, მსოფლიო ასპარეზზე გამოჰყავდა განთქმული მოღვაწენი“, მაგრამ მას მერე რაც ელზასი საფრანგეთმა გერმანიას წაართვა და იქ ფრანგული გაამეფა „ვეღარც ერთი მსოფლიო ნიჭის პატრონი ვეღარ აჩუქა ელზასმა კაცობრიობას“-ო.
ასევე წერდა რომ „არც ერთ მწერალს რომელსაც კი უცხო ენაზედ უწყია წერა, არ შეუქმნია თავისებური სტილი და მეტ-ნაკლებობით ყოფილა უფხო და ღარიბი ენის პატრონი“.
იაკობი ასევე ეყრდნობოდა რუსული პედაგოგიური აზროვნების მამამთავრის კ. უშინსკის შეხედულებას: „ყრმა რომელიც დედა-ენას შეისწავლის, ცხოვრებაში განუზომელი ძალით შედის, მშობლიურ ენას რომ სწავლობს, არა მარტო პირობით ბგერებს სწავლობს ბავშვი, არამედ დედა-ენის მშობლიური ძუძუდან იწოვს სულიერ ცხოვრებას და ძალას…
წაართვით ხალხს ყველაფერი და მას შეუძლია კვლავ დაიბრუნოს იგი, მაგრამ წაართვით ხალხს ენა და ვერასოდეს ვერ შექმნის მას. ხალხს შეუძლია თვით ახალი სამშობლოს შექმნა, მაგრამ ენისა კი – არასოდეს. მოკვდა ენა ხალხის ბაგეზე და მოკვდა ხალხიც“.
„წარმოიდგინეთ რომ უცხო ენაზედ უბნობს და დედა-ენა დავიწყებია არა კერძო პირსა, არამედ მთელს ხალხსა, რას ემგვანება იგი? არსებათა ხროვას, რომელნიც მხოლოდ ნახევრობით არიან მეტყველნი და სრულ ადამიანებად არ ჩაითვლებიან“ – დაურიდებლად წერდა იაკობ გოგებაშვილი და აცხადებდა რომ „დედა-ენა უნდა მეფობდეს ქართულს ოჯახებში სრულიად და სავსებით და ყოველი პატარა ქართველი მხოლოდ მის ზეგავლენის ქვეშ უნდა იზრდებოდეს… დიაღ, მხოლოდ დედა-ენა არის ენა სულისა და გულისა, – ყველა უცხო ენანი კი არიან ენანი მეხსიერებისანი… ენა სულია ხალხისა, ენის წართმევა სულის ხდაა…“
იაკობის აზრით, მშობელმა ბავშვი ყოველდღიურად უნა ავარჯიშოს დედა-ენაში უკვე მესამე-მეოთხე წლიდან, 6 წლის შესრულების შემდეგ კი ბავშვს უკვე წერა-კითხვის შესწავლა უნდა დააწყებინონ და „პირველი ექვსი თვის განმავლობაში ქართულის მეტს არა საგანს არ უნდა ჰქონდეს ადგილი სკოლაში“. გოგებაშვილი კატეგორიული წინააღდეგი იყო დაწყებით კლასებში ბავშვების ზედმეტი საგნებით გადატვირთვის: „განა შვიდი-რვა წლის ბავშვს შეუძლია დედა-ენას გულისყური საკმოად დაუდოს, როდესაც ამავე დროს ხუთ სხვა საგანს სტენენ გონებაში და ყოველ ნაბიჯზედ აგრძნობინებენ რომ ეს საგნები არიან უმთავრესნი და საჭირონი და დედა-ენა კი მარქაფაა, რომელიც ბავშვმა შეიძლება სრულიადაც არ იცოდეს?.. ისე არაფერი უთხელებს ბავშვს ტვინსა, უსუსტებს გონებასა და უუძლურებს აზროვნებასა, როგორც საგნების კენწეროების ტიტინი და მეტადრე მრავალი საგნებისა…“
იაკობის ყოველი ეს შეხედულება სრულიადაც არ ეწინააღდეგება უცხო ენათა სწავლების საჭიროებას. პირიქით: „ევროპულ ენათა შესწავლას და ცოდნას ისეთი დიდი მნიშვნელობა აქვს ყველასთვის და განსაკუთრებით ჩვენთვის, რომ ამ მნიშვნელობის გაზვიადება შეუძლებელია… ყოველმა მოკეთემ ქართველებისამ დაჟინებით უნდა ურჩიოს მათ: ისწავლეთ რაც შეიძლება ღრმად და ზედმიწევნით ევროპული ენები და სვით ევროპიული მეცნიერება ხარბად და გაუმაძღრად.“
როდის უნდა დავაწყებინოთ ბავშვს უცხო ენის შესწავლა?
„პედაგოგიაში აქსიომად არის აღიარებული, რომ ბავშვმა მას უკან იწყოს უცხო ენის შესწავლა, როცა უკვე კარგად აქვს შეთვისებული თავისი დედა-ენა“ – წერდა გოგებაშვილი და მას დედა-ენის ცოდნა ესახებოდა უცხო ენათა გონივრული შეთვისების საძირკვლად, მიაჩნდა რომ „მხოლოდ დედა-ენა ხსნის ყოველ ადამიანში ერთს განსაკუთრებულ ნიჭსა, ეს ნიჭი გახლავთ ალღო ენისა“ და „არც ერთ უცხო ენას არ შეუძლია ავარჯიშოს ალღო ენისა“. მიაჩნდა რომ „თუ ბავშვი ააცდინეს თავის ღვიძლს მეტყველებას, ვერასოდეს ვერ შეითვისებს უცხო ენის მარჯვედ ხმარებასა… გამართვა ქართულ მეტყველებაში ძლიერ შველის შეთვისებას უცხო ენისას“.
იაკობს მიაჩნდა რომ ქართული წერა-კითხვის ცოდნა მოსწავლეებს უადვილბდა რუსული (ანალოგიურად სხვა უცხო ენების) წერა-კითხვის შეთვისებასაც და რომ ქართული წიგნების კითხვის შემდეგ სრულიად ადვილად გადადიან ყმწვილები რუსული წიგნების კითხვაზე.
რა ხდება წინააღდეგ შემთხვევაში? „როცა ქართველს ბავშვს გადაახტუნებენ ქართულს წიგნსა და პირდაპირ მიაჩეჩებენ ხელში რუსულს ანბანს, იგი დიდ დაბრკოლებას ხედავს და ხეირიანად ვერ ერევა ამ სიძნელეს. თუ პირველშივე ბავშვს გაუჭირდა შეგნება და შეთვისება უცხო სიტყვათა და გამოთქმათა, მალე შიშიც შეიპყრობს და ბავშვი ადვილად გააზვიადებს რუსულის ენის შესწავლის სიძნელეს“.
და მაინც რატომ ითხოვდა ასე პრინციპულად გოგებაშვილი ჯერ ქართულის, შემდეგ კი უცხო ენის სწავლებას? მას მიაჩნდა რომ „ცნობილი ენა უნდა უკაფავდეს, უნათებდეს გზას უცხო ენასა“. ამ პრინციპის ამოსავალი წერტილად კი ისაა რომ რუსული (და საერთოდ უცხო ენის) შესასწავლად საჭიროა შედარების მეთოდი: „რუსული ენის თვისებებისა და აგებულების შედარება ქართული ენის თვისებასთან და აგებულებასთან. ეს მეთოდი მაშინ არის გამოსაყენებელი, როდესაც ერთი შესასადარებელი საგანი მაინც ბავშვისგან კარგად ცნობილია. თუ ორივე საგანი უცნობია, ბავშვი ვერ დასძლევს სიძნელეს და ეს ჩინებული მეთოდი ფუჭად ჩაივლის. ისე მოაწყეთ საქმე რომ დედა-ენის გრამატიკის სწავლება უცხო ენის გრამატიკის სწავლებას წინ უსწრებდეს… ბავშვმა უცხო ენიდგან ჯერ უნდა შეისწავლოს ის ფორმები, რომელნიც მის დედა ენასაცა აქვს და მერე შეუდგეს იმ ფორმების შეთვისებასაც, რომელნიც შეადგენებნ განსაკუთრებულ თვისებას უცხო ენისას…“
სწორედ ამიტომ გოგებაშვილს, დაუშვებლად მიაჩნდა რუსული ენის (ანალოგიურად ნებისმიერი სხვა ენის) სწავლების დაწყება სწავლების მესამე წლამდე: „ქართული სკოლის შეგირდებს მხოლოდ მაშინ შეუძლიათ რუსული ენის სწავლის დაწყება, როდესაც გონება საკმაოდ გაეხსნებათ, და ორს წელიწადზე ადრე კი ეს შეუძლებალია…“. იაკობს საერთოდ მიაჩნდა რომ „ყოველი ენის შეთვისება დამოკიდებულია გონების განვითარებასა და სიფხიზლეზედ“. გონების გამხსნელ საშუალებად კი ის სწორედ დედა-ენას სახავდა და იგი სულაც არ იგონებდა თვაიდან ველოსპედს – იაკობ გოგებაშვილი ზედმიწევნით იცნობდა მსოფლიო პედაგოგიკის კლასიკოსის იან ამოს კომენსკის პედაგოგიკურ თეორიას და ბრწყინვალედ იყენებდა მას პრაქტიკაში.
კომესნკი თავის „დიდ დიდაქტიკაში“ წერდა: „უკუღმართად იქცევიან ისინი, რომლებიც უცნობ ენას ასწავლიან იმდენადვე უცნობის მეშვეობით. როდესაც იმათ, ვინც სწავლობს ლათინურ ენას, წესებს ლათინურ ენაზევე აცნობენ“. ასევე მიუღებლად მიაჩნდა მოსწავლისთვის უცხოელი პედაგოგის აყვანა, რომელმაც არ იცოდა მოსწავლის მშობლიური ენა, როდესაც ლათინური ენის გრამატიკას ერთნაირად ასწავლიდნენ სხვადასხვა ხალხებს და არ ითვალისწინებდნენ ამ ხალხის ენსბის დამოკიდებულებას ლათინური ენისადმი. „სწორედ ეს დამოკიდებულება უნდა ცხადვყოთ, თუ გვინდა ადვილად გავაგებინოთ მოსწავლეებს ლათინური ენის ძირითადი თვისებები.“ – წერდა კომენსკი. კომენსკისა და გოგებაშვილის დოქტრინების ნათესაობიდანაც კარგად ჩანს, რომ იაკობ გოგებაშვილი მუდამჟამს იზიარებდა პროგრესულ გამოცდილებას და ამავე ძალით ებრძოდა ბრმა მიმბაძველობას: „დიდებულ ფრანგს გამბეტას ცალი თვალი გამოთხრილი ჰქონდა; მოდით ჩვენა თითო თვალი გამოვითხაროთ და დავემსგავსოთ გამბეტასა… ევროპიდან უნდა გადმოვიტანოთ ღირსებანი და არა ნაკლოვანებანი“. ამდენად არგუმენტები რომ უცხოეთში უცხოურ ენაზე ეწაფებიან განათლებას არგუმენტად ვერც ახლა გამოდგება, თორემ წინააღდეგ შემთხვევაში ჩვენ მართლაც დავემგსვსებით იმ ქართველ დეკანოზს, რომელმაც აქაოდა ახალ ექსარხოსს წინა კბილი აკლიაო, გაქანდა და კბილის ექიმს „ამოაგლეჯინა სრულიად საღი წინა კბილი, რათა დამსგავსებოდა ექსარხოსს“.